You are on page 1of 4

თურქეთი

თურქეთს უკავია უნიკალური გეოგრაფიული პოზიცია ევროპის, აზიისა და ახლო


აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე, მისი ადგილმდებარეობა შეიძლება ითქვას რომ
არის საკვანძო მნიშვნელობის რადგან გადაჭიმულია ორ კონტინენტზე და
ესაზღვრება რვა ქვეყანას, ესენია, აღმოსავლეთით ირანი, აზერბაიჯანი და
სომხეთი, სამხრეთით სირია და ერაყი, ჩრდილო-დასავლეთით საბერძნეთი და
ბულგარეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი საქართველო. თურქეთს თავისი
მდებარეობიდან გამომდინარე აქვს წვდომა საკვანძო წყლებზე, ბოსფორისა და
დარდანელის სრუტეებზე, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს შავ ზღვასა და
ხმელთაშუა ზღვას შორის საზღვაო ვაჭრობაში. თურქეთი ერთგვარი
დამაკავშირებელია ევროპას და აზიას შორის, მასზე გადის უმნიშვნელოვანესი
სავაჭრო გზები სადაც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და დასავლეთიდან
აღმოსავლეთისკენ გადაადგილდება სავაჭრო ტვირთი.

თურქეთის გეოგრაფიულ მდებარეობას რამდენიმე მიმართულებით აქვს გავლენა


მის გეოპოლიტიკურ ინტერესებზე. პირველ რიგში, თურქეთის მიერ ბოსფორსა და
და დარდანელეზე არსებული კონტროლი მისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია
საზღვაო ტვირთის მოძრაობისა და ვაჭრობის რეგულირებისთვის, ასევე შავი
ზღვის რეგიონში დომინანტობის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, თურქეთის
სიახლოვე ახლო აღმოსავლეთთან და კავკასიასთან გავლენას ახდენს მის
ჩართვაზე რეგიონულ კონფლიქტებში და სტაბილურობის შენარჩუნების
მცდელობებზე. უფრო მეტიც, თურქეთის, როგორც ნატოს წევრის პოზიცია და
მისი სწრაფვა რეგიონული ლიდერობისკენ, გავლენას ახდენს მის სტრატეგიულ
გათვლებსა და ალიანსებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობაზე.

თურქეთი ესაზღვრება რამდენიმე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურად აქტიურ


რეგიონს, თურქეთის ჩრდილოეთით მდებარეობს შავი ზღვის რეგიონი, რომელმაც
განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
თურქეთს სამხრეთით ესაზღვრება ყველაზე არასტაბილური და კონფლიქტური
რეგიონი სირიისა და ერაყის სახით, რაც თავისთავად გავლენას ახდენს
თურქეთის უსაფრთხოებაზე და საგარეო პოლიტიკაზე. საზღვარზე
სტაბილურობის შესანარჩუნებლად თურქეთს საჭიროების შემთხვევაში
კონფლიქტში ჩარევაც კი უწევს. რაც შეეხება ხმელთაშუაზღვის მიმართულებას,
თურქეთს დაძაბული ურთიერთობა აქვს საბერძნეთსა და კვიპროსთან.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს სამხრეთ კავკასია, სადაც თურქეთს


მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს აზერბაიჯანის სახით, ასევე
შენარჩუნებული აქვს პარტნიორული ურთიერთობები საქართველოსთან და
მიმდინარე ეტაპზე ცდილობს დაალაგოს ურთიერთობა სომხეთთან. გარდა ამისა,
სამხრეთ კავკასიაში გადის აზიიდან მომავალი მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები.
თურქეთის ურთიერთობები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, მათ შორის
სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან, მრავალმხრივია. თურქეთს
აქვს მჭიდრო კულტურული და ისტორიული კავშირები აზერბაიჯანთან და
საქართველოსთან, რაც ხელს უწყობს ძლიერ ეკონომიკურ და სტრატეგიულ
პარტნიორობას. რაც შეეხება სომხეთს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა
განსაკუთრებით დაიძაბა სომხების გენოციდთან და მთიანი ყარაბაღის
კონფლიქტთან მიმართებაში. თუმცა, ბოლოდროინდელი დიპლომატიური
მცდელობები მიუთითებს ურთიერთობების პოტენციურ დათბობაზე. თურქეთი
აქტიურად მონაწილეობს რეგიონულ ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს
მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას.

მეოცე საუკუნეში, საბჭოთა კავშირის ექსპანსიური ინტერესებიდან გამომდინარე,


თურქეთი რეგიონში დასავლური ინტერესებისა და პარტნიორული
შესაძლებლობების კუთხით მნიშვნელოვან სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა
საფრთხის გასანეიტრალებლად დაიწყო მისი ინტეგრაციის პროცესი
დასავლეთში, თურქეთი გახდა ნატოს წევრი. მიუხედავად ამისა, ცივი ომის
პერიოდში თურქეთი ცდილობდა მოსაზღვრე რეგიონებში საკუთარი პოზიციები
გაემყარებინა. თურქეთი ყოველთვის ცდილობდა საკუთარი ინდივიდუალური და
ეროვნული ინტერესების წინ წამოწევას და საკუთარი საგარეო პოლიტიკის
წარმოებას. მიუხედავად თურქეთის ნატოს წევრობისა და ევროკავშირში
ინტეგრაციის სურვილისა, მას გარკვეული დიპლომატიური ურთიერთობები
მაინც აქვს შენარჩუნებული რუსეთთან, რაც ხშირად პრაგმატული
მოსაზრებებითა და განსხვავებული სტრატეგიული მიზნებით არის
ჩამოყალიბებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ქვეყანა ისტორიულად
განიხილებიან როგორც მოწინააღმდეგეები, თურქეთმა და რუსეთმა იპოვეს
საერთო ენა გარკვეულ საკითხებზე, კერძოდ ენერგეტიკული თანამშრომლობის
მიმართულებითა და სირიის კონფლიქტის საერთო ძალისხმევით მოგვარების
კუთხით. თუმცა, რუსეთისთვის კვლავ პრობლემად რჩება თურქეთის ნატოს
წევრობა, თურქეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა და მის რეგიონული
მისწრაფებები შავ ზღვასა და კავკასიაში. დროდადრო დაძაბულობის
მიუხედავად, ორივე ქვეყანა ინარჩუნებს დიპლომატიურ არხებს უთანხმოების
მართვისა და ორმხრივი ინტერესის სფეროებში თანამშრომლობისთვის.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებისა და თურქეთის ურთიერთობას,


მიუხედავად იმისა რომ ათწლეულების განმავლობაში თურქეთი და ამერიკა
სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნეოდნენ, ბოლო პერიოდში მათ შორის
ურთიერთობა დაძაბულია. ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია 2019 წელს
თურქეთის მხრიდან რუსეთისგან სარაკეტო სისტემების შესყიდვამ, რის
საპასუხოდაც აშშ-მ სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვის სექტორს. ამავე
წელს გამოიკვეთა თურქეთისა და აშშ-ს განსხვავებული პოზიციები სირიის
კონფლიქტთან მიმართებაში. ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესები და საგარეო
პოლიტიკის მიმართულებები ერთმანეთისაგან ძირითად საკითხებში
განსხვავებულია, თუმცა საერთაშორისო და რეგიონულ უსაფრთხოებაში ორი
ქვეყნის კონტრიბუცია ძალიან მნიშვნელოვანია. თურქეთი გადამწყვეტ როლს
თამაშობს რეგიონული უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით ტერორიზმის
წინააღმდეგ ბრძოლაში და სირიასა და ერაყში კონფლიქტების შედეგების
მართვაში. მიუხედავად გამოწვევებისა, ორივე ქვეყანა აგრძელებს დიალოგს
საერთო ინტერესებისა და პრობლემების გადასაჭრელად.

აუცილებელია შევეხოთ ირანისა და თურქეთის ურთიერთობას, რადგან ორივე


ქვეყანას აქვს ამბიცია იყოს დომინანტი სახელმწიფო რეგიონში. თურქეთსა და
ირანს აქვთ კომპლექსური ურთიერთობა. ორივე ქვეყანას აქვს სურვილი იყოს
წამყვანი სახელმწიფო ენერგეტიკის, ვაჭრობისა და რეგიონში უსაფრთხოების
შენარჩუნების მიმართულებით, თუმცა, მათი მიდგომების განსხვავებულობამ
რეგიონალურ საკითხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სირიასა და ერაყთან
დაკავშირებით, გარკვეულ დაძაბულობას ჩაუყარა საფუძველი. ამის მიუხედავად,
ეკონომიკური კავშირებს კვლავ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ორ ქვეყანას შორის და
ორმხრივი ვაჭრობაც მნიშვნელოვნად ვითარდება.

დასასრულისთვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკა


მჭიდროდაა დაკავშირებული მის გეგრაფიულ მდებარეობასთან, ისტორიულ
წარსულთან და რეგიონის უსაფთხოების დინამიკასთან. თურქეთი ცდილობს
დაიცვას ეროვნული ინტერესები, საკუთარი როლი ითამაშოს რეგიონული
სტაბილურობის შენარჩუნებაში და პარალელურად შეინარჩუნოს სტრატეგიული
ურთიერთობები მისი ეკონომიკისა და დასავლური ინტეგრაციის მიზნებისთვის
მნიშვნელოვან სახელმწიფოებთან. მიუხედავად იმისა რომ თურქეთი არ არის
საერთაშორისო ასპარეზზსე უძლიერესი სახელმწიფო მას აქვს საშუალება და
რესური არ მოექცეს მასზე დიდი მოთამაშეების გავლენის ქვეშ და შეინარჩუნოს
საკუთარი პოლიტიკური ინტერესები.

You might also like