You are on page 1of 13

კრიზისის დროს კომუნიკაცია

შესავალი
თანამედროვე მსოფლიოში, კრიზისული სიტუაციების დროს, ეფექტიან და დროულ
კომუნიკაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ბოლო ათწლეულების განმავლობაში,
კრიზისული სიტუაციები მედია პლატფორმების ინტერესთა ორბიტაზე სულ უფრო ხშირად
ხვდება.
აღსანიშნავია, 2020 წელს მსოფლიო მასშტაბით პანდემიის (COVID-19) გავრცელება, რომლის
შედეგადაც მილიონობით ადამიანი გარდაიცვალა და დაინფიცირდა. ახალმა კორონავირუსმა
საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე მოახდინა გავლენა და მკაფიოდ გამოკვეთა
ეფექტური საინფორმაციო კამპანიების წარმოების მნიშვნელობა როგორც ეროვნულ, ასევე
რეგიონულ და გლობალურ დონეებზე. ასევე, განსაკუთრებით საყურადღებოა, 2022 წელს
რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო
აგრესია, რომლის დროსაც აქტიურად მიმდინარეობდა საინფორმაციო ომი. საომარმა
მდგომარეობამ ერთი მხრივ, ნათლად გამოავლინა სტრატეგიული კომუნიკაციების როლი და
მნიშვნელობა, ხოლო მეორე მხრივ, ჰიბრიდული ომის წარმოების პროცესში, დეზინფორმაციის
ინსტრუმენტები და სამიზნე აუდიტორიები გამოკვეთა.
ტექნოლოგიური განვითარების შედეგად, კრიზისული სიტუაციების მიმდინარეობა,
თავისებურებები და შედეგები ნათლად გამოვლინდა და ყველა არსებული გამოწვევა/
პრობლემა მთელი სიმძაფრით გამოიკვეთა. კრიზისულ სიტუაციებში განსაკუთრებული
ყურადღება სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტურ, დროულ და რაციონალურ წარმოებას
ეთმობა, ვინაიდან საგრძნობლად იმატებს ზოგადი დაძაბულობის ფონი, ისევე როგორც
შეცდომების დაშვების ალბათობა.

რა არის კრიზისი?

კრიზისის უნივერსალურად აღიარებული განმარტება არ არსებობს. ყველა ქვეყანას თუ


ორგანიზაციას კრიზისისადმი ინდივიდუალური მიდგომა აქვს, თუმცა, ზოგადი ხედვის
გათვალისწინებით, ნებისმიერი მოვლენა, რომელიც საფრთხეს უქმნის
ქვეყნის/ორგანიზაციის სტაბილურობას, მის რეპუტაციას და სამომავლო პერსპექტივებს
შეიძლება კრიზისად ჩაითვალოს.

გავრცელებული განმარტების მიხედვით, „კრიზისი (ორგანიზაციის დონეზე) არის


სპეციფიკური, მოულოდნელი და არარუტინული მოვლენის ან მოვლენათა ერთობლიობა,
რომელიც იწვევს გაურკვევლობის მაღალ დონეს და ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებს
საფრთხეს უქმნის (ან აღქმულია საფრთხის შემცველად)“. 1

რობერტ ჰეტის მოსაზრებით, „კრიზისი არის რისკის მანიფესტაცია“2 და თითოეული


ორგანიზაცია რისკ მენეჯმენტის მიხედვით ფასდება, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ
ინსტიტუტს კრიზისის თავიდან აცილება არ შეუძლია, მინიმუმ მისი მასშტაბის შეფასება და
შესაბამისად მომზადება მაინც უნდა შეეძლოს.
კრიზისის განმარტებასთან ერთად, მკვლევრები აქტიურად განიხილავენ იმ კრიტერიუმებს,
რომლებსაც კრიზისი უნდა აკმაყოფილებდეს. ტიმოტი კომბსი კრიზისის შემდეგ ოთხ
კრიტერიუმს გამოყოფს3: 1. განუჭვრეტელობა; 2. გადაწყვეტილების მიმღები პირების
სამომავლო გეგმებისთვის საფრთხის შექმნა; 3. ორგანიზაციის ფუნქციონირებაზე ზეგავლენა;
4. პოტენციური ნეგატიური შედეგი.

1 Jesper Falkheimer and Mats Heide, Strategic Communication, An Introduction, London and New York, Routledge, 2018;
Chapter 6-Change and Crisis Communication, pg.-111
2 Timothy Coombs and Sherry J. Holladay; Handbooks in Communication and Media; Blackwell Publishing, 2010;

Introduction, Do We have a Commonly Shared Definition of Crisis? pg.3


3 Timothy Coombs and Sherry J. Holladay; Handbooks in Communication and Media; Blackwell Publishing, 2010;

Organizational Networks in Disaster Response; pg.97

1
ქვეყანა/ორგანიზაცია შესაძლებელია, კრიზისულ/საგანგებო სიტუაციაში, ბუნებრივი და
ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების ან/და სხვა მოვლენების შედეგად აღმოჩნდეს:
მაგალითად, როგორებიცაა:4 მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, ქარიშხალი, გვალვა,
ეპიდემია, პანდემია, ადამიანების მოშხამვა, სატრანსპორტო ავარიები, ქიმიურად საშიში
ნივთიერებების გაჟონვა და ა.შ. ასევე, კრიზისი შეიძლება წარმოიქმნას სახელმწიფოს
სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელყოფის, სამხედრო აგრესიის განხორციელების,
ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ან ფინანსური გამოწვევების შედეგად. ამდენად,
კრიზისი სამი სახის გამოწვევასთან არის დაკავშირებული: საზოგადოებრივი უსაფრთხოება,
ფინანსური დანაკარგი და რეპუტაციული ზიანი.5
კრიზისული სიტუაციები შესაძლებელია შემდეგი ტიპოლოგიის მიხედვით დაჯგუფდეს:
ბუნებრივი (მაგალითად, COVID-19), წინასწარ განზრახული (მაგალითად, საკუთრების
განადგურება, მასობრივი მოწამვლა) და შემთხვევითი (აფეთქება, ხანძარი და ა.შ.).

ზოგადად, კრიზისი ემოციური მოვლენაა. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია იმ


ჯგუფების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რომლებიც უშუალოდ დაზარალდნენ კრიზისის
შედეგად. ამდენად, კრიზისულ სიტუაციასთან ეფექტურად გამკლავების პროცესში,
გასათვალისწინებელია არა მხოლოდ რაციონალური მიდგომა და იმის დაშვება, რომ სამიზნე
ჯგუფები ჩვეულებრივ მდგომარეობაში იღებენ ინფორმაციას, არამედ მომატებული ემოციური
ფონი, გაღიზიანებადობის მაღალი მაჩვენებელი და უარეს შემთხვევაში, საზოგადოების
ფართო მასებში პანიკის ალბათობა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, შესაძლებელია,
მოვლენები არასასურველი მიმართულებით განვითარდეს და კრიზისი უფრო მეტად
გამძაფრდეს.
კრიზისული სიტუაცია თითოეული ორგანიზაციისთვის/სახელმწიფოსთვის ინდივიდუალურია
და ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია მათი ინდიკატორების წინასწარი განჭვრეტა და
შესაბამისად, მომზადება. მაგალითად, ყოველი რეგიონი წინასწარ უნდა
მოემზადოს (შესაძლებლობების ფარგლებში) ნებისმიერი ბუნებრივი ხასიათის
კატასტროფისთვის, რომელიც ზიანს მიაყენებს მოსახლეობის სასოფლო-
სამეურნეო კაპიტალს; ყველა ფინანსური კომპანია მზად უნდა იყოს ფინანსური
კრიზისისთვის და ჰქონდეს შესაბამისი რეზერვები..

კრიზისული სიტუაციის გავრცელების მასშტაბების მიხედვით, კრიზისმა შესაძლებელია თავი


იჩინოს ლოკალურ, ეროვნულ, რეგიონულ ან გლობალურ დონეებზე. კრიზისულ სიტუაციაში
შესაძლებელია აღმოჩნდნენ, როგორც სახელმწიფო სტრუქტურები ან გარკვეული
ძალაუფლების მქონე პირთა ჯგუფი, ისე კერძო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება.
აღსანიშნავია, რომ კრიზისის ანატომიიდან გამომდინარე, არც ერთი კრიზისული სიტუაცია არ
ჰგავს ერთმანეთს. კრიზისი შესაძლებელია განვითარდეს სწრაფად ან ნელა, განსაზღვრული
წესი ან დადგენილი ნორმა არ არსებობს.6 ორგანიზაციას/სახელმწიფოს, სწორი
საკომუნიკაციო სტრატეგიის გამოყენებით, შეუძლია, გავლენა მოახდინოს მოვლენების
განვითარებასა და გაშუქებაზე.
კრიზისული სიტუაციის დროს არსებობს ძალიან დიდი რისკი რეპუტაციის როგორც შელახვა-
დაკარგვის, ასევე მოპოვების. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯონ კენედიმ განაცხადა, ჩინურ
ენაზე სიტყვა „კრიზისი“ ორი სიმბოლოსგან შედგება: ერთი მათგანი აღნიშნავს საფრთხეს,
ხოლო მეორე – შესაძლებლობებს. შესაბამისად, კრიზისულ სიტუაციაში შესაძლებლობების
ფანჯარაც იხსნება, რომელიც, გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ, დროულად და
რაციონალურად უნდა იყოს გამოყენებული.

„რეპუტაციის ასაშენებლად, 20 წელია საჭირო, ხოლო მის გასანადგურებლად, მხოლოდ 5


წუთი“ – უორენ ბაფეტი

4 https://matsne.gov.ge/ka/document/view/8014?publication=0, retrieved on 15.11.2021


5 https://instituteforpr.org/crisis-management-and-communications/ retrieved on 16.11.2021
6 Tom Mschane, Lecture on “Crisis Communication”, Georgian Center for Security and Development, Tbilisi, 2019

2
კრიზისულ სიტუაციაში მენეჯმენტისა და კომუნიკატორების მიერ განხორციელებული
აქტივობები უნდა ემყარებოდეს შემდეგ ძირითად პრინციპებს: სისწრაფე, სანდოობა და
ფოკუსი (სტრატეგიული მიზნების შესრულებაზე).7

კრიზისის დროს კომუნიკაციისა და კოორდინაციის მნიშვნელობა

კრიზისების დროს სწორ, ეფექტიან კომუნიკაციას და კოორდინაციას გადამწყვეტი როლი


ენიჭება. მას შეუძლია დადებითად იმოქმედოს სიტუაციის სწრაფ მოგვარებაზე და
მდგომარეობის გაუარესება თავიდან იქნეს აცილებული.

თავად თუ არ მოყვებით თქვენს ამბავს, ამას თქვენს ნაცვლად სხვა გააკეთებს 8

კრიზისების დროს კომუნიკაცია, სამიზნე ჯგუფებთან შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის


დამყარების მიზნით, სახელმწიფოს/ინსტიტუციის ძალისხმევის მობილიზება და
საკომუნიკაციო არხების სინქრონიზებაა, რაც, კრიზისულ სიტუაციაში, შეიძლება ნეგატიურად
აისახოს მის რეპუტაციაზე.
კრიზისების დროს კოორდინაცია კი მრავალგანზომილებიან და კომპლექსურ მიდგომას
გულისხმობს, რაც, კრიზისის აღმოფხვრის მიზნით, ყველა აქტორს შორის, როგორც
ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ დონეებზე, დროულ და მჭიდრო თანამშრომლობას
მოიცავს. ასევე, კრიზისულ სიტუაციაში სასურველია დროული კოორდინაცია პოტენციურ
აქტორებთანაც, რომლებსაც შეუძლიათ, დადებითი როლი ითამაშონ (ფინანსური,
ეკონომიკური, სამხედრო, ფსიქოლოგიური და ა.შ.) კრიზისული სიტუაციის დაძლევაში.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია ყველა იმ გამოწვევის განსაზღვრა, რომელთა წინაშეც
ნებისმიერი ორგანიზაცია/სახელმწიფო კრიზისისთვის მოუმზადებლობის შემთხვევაში
დადგება. კერძოდ, შესაძლებელია, დაინტერესებულ მხარეებს და საზოგადოებას შეექმნას
ნეგატიური დამოკიდებულება; გამძაფრდეს საერთო ფსიქო-ემოციური ფონი ან მასშტაბური
კრიზისის შემთხვევაში, მოსახლეობის ფართო მასები პანიკამ მოიცვას; გადაწყვეტილების
მიღების პროცესი გახანგრძლივდეს და კრიზისი გამწვავდეს; გამოვლინდეს ინსტიტუციის
სუსტი მხარეები და შეილახოს მისი რეპუტაცია.
ზემოხსენებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია, ყველა ორგანიზაციას
ჰქონდეს შემუშავებული კრიზისის მართვის სტრატეგია, რომელიც შემდეგ სამ ფაზას
აერთიანებს:9 კრიზისის წინა პერიოდი (პრევენცია, მომზადება, დაგეგმვა, კომუნიკაციის
გეგმის შემუშავება); კრიზისზე რეაგირება (კრიზისების შეფასება, კრიზისის მასშტაბის
განსაზღვრა და გზავნილების შემუშავება-გავრცელება); პოსტ-კრიზისული ვითარება
(მიღებული გამოცდილების ანალიზი, კრიზისის ზეგავლენის მასშტაბისა და ეფექტის
შეფასება, საკომუნიკაციო გეგმის განახლება და აღებული ვალდებულებების შესრულება).

კრიზისის ფაზები:
§ კრიზისის წინა პერიოდი

კრიზისისთვის ეფექტურად მომზადების მიზნით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება


ქვეყნის/ორგანიზაციის მიერ უკვე ცნობილი ან მოსალოდნელი რისკების დროულად
იდენტიფიცირებას, სათანადოდ შეფასებას, ინდიკატორების დადგენას, მათი
პრევენციისთვის მზადებას და ეფექტიანი საკომუნიკაციო კამპანიის შემუშავებას. ასევე,
სასურველია, გაანალიზდეს ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე კრიზისის ზეგავლენის

7 Albany Academy, Comprehensive Communication Training for Development, Diplomacy, and Defence, Crisis
Communication Course, pg.-4
8 https://www.thesecuritiesedge.com/2020/05/aristotle-was-right-or-tell-your-story-or-someone-else-will/ retrieved on

4.10.2021
9 https://instituteforpr.org/crisis-management-and-communications/ retrieved on 01.10.2021

3
მასშტაბი და ხანგრძლივობა. მიზანშეწონილია, ორგანიზაციას კრიზისამდე ჰქონდეს
შემუშავებული საკომუნიკაციო სტრატეგია, რომელიც შემდეგ კომპონენტებს აერთიანებს:10

● კრიზისის მართვის გეგმა, რომელიც მინიმუმ ყოველწლიურად განახლდება;


● შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებისგან დაკომპლექტებული
კრიზისის მართვის გუნდი;
● სპიკერის შერჩევა და მისი მომზადება;
● ყოველწლიური (მინიმუმ) ტრენინგი, კრიზისის მართვის გეგმისა და მართვის
გუნდის რელევანტურობისა და მზადყოფნის დონის დასადგენად;
● გზავნილების გაწერა (სხვადასხვა სცენარისთვის), მათ შორის, კრიზისული
სიტუაციისთვის განცხადებების ნიმუშების შემუშავება და შესაბამისი სტრუქტურული
ერთეულების მიერ მათი განხილვა;
● საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და დატესტვა;
● შეტყობინებების და მონიტორინგის სისტემის შექმნა;
● კრიზისების კომუნიკაციის გეგმის პრაქტიკაში გამოყენება.

ანტიკრიზისული გეგმის შემუშავების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა, ანტიკრიზისულ


გუნდს, სამიზნე ჯგუფებსა და რისკების განსაზღვრას ენიჭება.
ანტიკრიზისული გუნდის დაკომპლექტების დროს, მკაფიოდ უნდა განისაზღვროს: კრიზისის
დროს პასუხისმგებელი პირი, კრიზისის ესკალაციის პროცედურები და ფაქტორები, მთავარი
საკონტაქტო პირის მონაცემები და სპიკერები, რომლებიც საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში
მიაწოდებენ ინფორმაციას.
სამიზნე აუდიტორიების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია იდენტიფიცირებულ იქნას
კონკრეტული კრიზისის დროს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები და საჭიროების შემთხვევაში,
თითოეულ ჯგუფზე პასუხისმგებელი პირი. ასევე, ობიექტურად უნდა შეფასდეს ნაკლებად
მოწყვლადი ჯგუფებიც, რომლებზეც შესაძლებელია, მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში
კრიზისის ნეგატიური ზეგავლენა გავრცელდეს.
კრიზისული სიტუაციებისთვის ეფექტურად მომზადების პროცესში, დიდი მნიშვნელობა
ენიჭება ორგანიზაციისთვის/ინსტიტუციისთვის უკვე ცნობილი ან მოსალოდნელი რისკების
სათანადოდ შეფასებას, ინდიკატორების დადგენას და მათი პრევენციისთვის მზადებას.
ასევე, უნდა განისაზღვროს ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე რისკების ზეგავლენის
ეფექტი, ვადები და მასშტაბი.

§ კრიზისზე რეაგირება

ექსპერტთა მოსაზრებით, ქვეყანამ/ორგანიზაციამ კრიზისის დაწყებისთანავე უნდა


გამოიყენოს ხუთეტაპიანი მიდგომა: მობილიზება, შეფასება, საპასუხო ღონისძიებები,
აღდგენა და დეესკალაცია.11 კრიზისის ეფექტიანად დაძლევის მიზნით, კრიზისის მართვის
გეგმა უნდა ამოქმედდეს და შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდეს:12

● კრიზისის მართვის გუნდის წევრების მყისიერად მობილიზება;


● კრიზისის სახეობისა და მასშტაბის იდენტიფიცირება;
● კრიზისის სპეციფიკიდან გამომდინარე, გეგმის ადაპტაცია;
● შესაბამისი გზავნილების დროულად შემუშავება და გავრცელება (აქცენტები, პასუხების
არსებობა არასასურველ კითხვებზე);
● შიდა და გარე აუდიტორიასთან ორმხრივი კომუნიკაცია;
● ტრადიციული და სოციალური მედიის პლატფორმების ჩართულობის უზრუნველყოფა;

10 Ibid
11 Crisis Communication Course, Albany Academy, Comprehensive Communication Training for Diplomacy, Training and
Defence, Crisis Response, pg. 9
12 https://instituteforpr.org/crisis-management-and-communications/ retrieved on 01.10.2021

4
● კრიზისის დროს განსაზღვრული სპიკერ(ებ)ის მობილიზება;
● კრიზისის დროს ნათქვამსა და განხორციელებულ ქმედებას შორის კოორდინაციისა და
შესაბამისობის უზრუნველყოფა;
● საერთო მხარდაჭერის მოპოვება.

კრიზისის დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფორმალური და არაფორმალური შიდა


კომუნიკაციების გამიჯვნა და ინფორმაციის კონტროლი, არამედ, შესაბამისი გზავნილებით,
საინფორმაციო ველის მაქსიმალურად შევსება. კრიზისის საწყის ეტაპზე, თავად
ორგანიზაციის შიგნითაც არსებობს სპეკულაციების მზარდი ტენდენცია და თუ მენეჯმენტის
მხრიდან მყისიერად არ მოხდება მათზე შესაბამისი რეაგირება, დიდი ალბათობით, ის
მოკლევადიან პერიოდში შეუქცევად პრობლემად გარდაიქმნება. სპეკულაციების,
დამახინჯებული და ემოციურად მოტივირებული ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლებელია,
გამოიწვიოს პანიკა, მასობრივი არეულობა და ხელი შეუშალოს კრიზისის რაციონალურად და
დროულად გადაჭრას. სუსტი და არაადეკვატური საკომუნიკაციო სტრატეგიის პირობებში,
ორგანიზაციის რეპუტაცია ილახება. შესაბამისად, თუ ორგანიზაცია კრიზისისთვის არ
მოემზადება, მიყენებული ზიანის მასშტაბი უფრო დიდი იქნება.13

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია კრიზისის დროს


ინტეგრირებული და კოორდინირებული პასუხის შემუშავება, რომელიც 3 მიმართულებას
აერთიანებს: მენეჯერული, ოპერატიული და საკომუნიკაციო.14 ანტიკრიზისული გეგმის
განხორციელების პროცესში, კრიზისის ადეკვატურად შეფასებისა და ძირითადი სტრატეგიული
მიზნების განსაზღვრისას, მენეჯერულ რგოლს დიდი მნიშვნელობა ენიჭება; ოპერატიული
მიმართულება, უშუალოდ ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებაზე და კრიზისის უმოკლეს
პერიოდში დასრულებაზე, ხოლო საკომუნიკაციო ჯგუფი საინფორმაციო კამპანიის დროულად
წარმოებასა და ყველა აქტორის ჩართულობა-მხარდაჭერის უზრუნველყოფაზეა
პასუხისმგებელი.

ოპერატიული
ოპერატიული

მენჯერული საკომუნიკაციო

მენჯერული საკომუნიკაციო

13 Strategy Map for The Crisis Communication; Jaroslava Kádárová, Bohuslava Mihalčová, Gabriel Kádár, Marek Vida;
2nd Global Conference on Business, Economics, Management and Tourism, 30-31 October 2014, Prague, Czech
Republic; pg, 4.
14 Ibid

5
კრიზისების დროს, კომუნიკაციის რამდენიმე პრინციპი არსებობს, რომელთა დაცვა ყველა
ეტაპზე მნიშვნელოვანია და რომლებიც კრიზისის სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრის
შესაძლებლობას ზრდიან. სწორედ ამ პრინციპების დაცვა უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ
გადადგმული ნაბიჯების, მომზადებული განცხადებებისა და სპიკერების გამოსვლების
წარმატებას. აღნიშნული პრინციპებია: სისწრაფე, თანმიმდევრულობა და ღიაობა.15

სისწრაფე: ორგანიზაციამ, დროის უმოკლეს ვადებში, უნდა მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა


წყაროსგან და გაავრცელოს შესაბამისი არხების გამოყენებით. აღნიშნულის მიზანია, რომ
ერთი მხრივ, კრიზისის დროს არ წარმოიქმნას საინფორმაციო ვაკუუმი და მეორე მხრივ, სხვა
აქტორმა არ შეავსოს საინფორმაციო ველი ე.წ. ჭორებისა და სპეკულაციების გამოყენებით.
ზოგადად, მსგავს სიტუაციებში იზრდება კონსპირაციული თეორიების გავრცელების ალბათობა
ან ამბების „თავისებური“ ინტერპრეტაცია, რაც შესაძლებელია, რეალობას არ
შეესაბამებოდეს. კრიზისული სიტუაციის დროს აუცილებელია, მედია მონიტორინგი 24
საათიან რეჟიმში მიმდინარეობდეს.

თანმიმდევრულობა: ორგანიზაციის მიერ გავრცელებული მესიჯები ერთმანეთთან


წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინსტიტუციის სხვადასხვა
წარმომადგენელი კრიზისის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, მათი გზავნილები სრულ
შესაბამისობაში უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდია ალბათობა, რომ ინსტიტუციის
იმიჯი შეილახოს, რომლის აღდგენასაც დიდი დრო და რესურსი დასჭირდება.

ღიაობა: მნიშვნელოვანია, ანტიკრიზისულმა გუნდმა იცოდეს მედიის მოლოდინები და


გაითვალისწინოს, რომ კრიზისულ სიტუაციაში ქცევის საუკეთესო გზა გულახდილობა და
მედიის „დახმარებაა“. ნებისმიერ შემთხვევაში, მიზანშეწონილია, ჟურნალისტებისთვის
ინფორმაციის მუდმივ რეჟიმში მიწოდება. თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ ღიაობა არ
გულისხმობს ორგანიზაციის მიერ დაინტერესებული მხარეებისთვის ყველა მის ხელთ
არსებული ინფორმაციის გაზიარებას. ამ შემთხვევაში, ბალანსი უნდა იყოს დაცული ღიაობასა
და ორგანიზაციის/ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს/სტრატეგიულ მიზნებს შორის.

კრიზისულ სიტუაციაში ანტიკრიზისული გუნდის მიერ პროაქტიულობის შენარჩუნება


მნიშვნელოვანი ფაქტორია ორგანიზაციის იმიჯისა და რეპუტაციის შესანარჩუნებლად, თუმცა,
ასევე გასათვალისწინებელია თუ რა ტიპის ინფორმაცია არ უნდა გაჟღერდეს სპიკერის მიერ
საჯაროდ:16 ინფორმაცია, რომლის ავთენტურობაში არ არის 100%-ით დარწმუნებული და
სპეკულაციებისთვის საფუძველს შექმნის; საკითხები, რომლებიც ორგანიზაციის ფარგლებში
არ იყო განხილული; გრძელვადიან პერსპექტივაში ორგანიზაციისთვის ზიანის მომტანი
ასპექტები; დაპირება, რომლის შესრულებაც არარეალისტურია; საკითხები, რომელთა
კომუნიკაცია დისკომფორტს ანიჭებს და შესაბამისი დამაჯერებლობა არ ფიქსირდება.
ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ მედია ყოველთვის არ არის „ჩასაფრებულ“
პოზიციაში; მას სჭირდება კარგი ციტატა ახალი ამბებისთვის, სწრაფი რეაგირება და ამბის
განვითარება.

კრიზისის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა განცხადებების მომზადების პროცესს ენიჭება,


ვინაიდან საზოგადოების/სამიზნე ჯგუფების დიდ ნაწილში ემოციური ფონი მომატებულია და
შესაბამისად, ერთმა არასწორად წარმოთქმულმა ფრაზამ შესაძლებელია, ორგანიზაციისა და
სპიკერის რეპუტაციას დიდი ზიანი მიაყენოს. ამდენად, განცხადების მომზადების დროს
გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:17

● სენსიტიურობა - ფიქსირდება ჰუმანური და ემოციური ტონი;


● სერიოზულობა - კონტექსტის გათვალისწინებით, შერჩეულია სერიოზულობის
სათანადო დონე;

15 Jesper Falkheimer and Mats Heide, Strategic Communication, An Introduction; Chapter 6-Change and Crisis
Communication, pg.-112
16 Crisis Communication Course, Albany Academy, Comprehensive Communication Training for Diplomacy, Training and

Defence, Media Interviews, pg-17;


17 Tom Mschane, Lecture on “Crisis Communication”, Georgian Center for Security and Development, Tbilisi, 2019

6
● მოქმედებისკენ მოწოდება – მკაფიოდ განსაზღვრულია, თუ რა ტიპის
მოლოდინები არსებობს კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებთან ან ზოგადად,
საზოგადოებასთან მიმართებაში;
● ლაკონიურობა, კონკრეტიკა – მესიჯები არის მკაფიოდ და მარტივად
ჩამოყალიბებული და განცხადების მოცულობა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არ
აღემატება ერთ გვერდს.

2017 წელს ლონდონში ტერორისტული აქტის დროს ქალაქის მერის, სადიქ ხანის მიერ
გაკეთებული განცხადება წარმოადგენს კრიზისულ სიტუაციაში ეფექტური კომუნიკაციის
მაგალითს და კარგად ასახავს განცხადების მომზადების პროცესში გასათვალისწინებელ
ფაქტორებს:

ლონდონის მერი, სადიქ ხანი - ლონდონის ხიდი, 2017 წ18

„ენით აუწერელია ის მწუხარება და ბრაზი, რომელსაც ჩვენი ქალაქი ამ დილას განიცდის. ამ


საშინელი თავდასხმის შედეგად, მოკლულია 6 და დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი.
ზოგიერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. შოკირებული და განრისხებული ვარ იმ
ფაქტით, რომ ამ თავზეხელაღებულმა და მხდალმა ტერორისტებმა განზრახ ამოიღეს მიზანში
ჩვენი ქალაქის უდანაშაულო მოსახლეობა და სტუმრები, რომლებიც შაბათს საღამოს
გასართობად იყვნენ გამოსულები.

სასტიკად ვგმობ ამ ტერორისტებს. ისინი ბარბაროსი ლაჩრები არიან და მათ ბოროტ და


უპატიებელ ქმედებებს აბსოლუტურად არანაირი გამართლება არ აქვს. ჩემი ფიქრები
მიმართულია მსხვერპლთა ოჯახებისა და მეგობრებისკენ და ყველა იმ ადამიანისკენ, ვისაც
შეეხო ეს საზარელი თავდასხმა.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საგანგებო სიტუაციების სამსახურებს, რომლებიც
გმირულად შეებრძოლნენ ტერორისტებს და დახმარება გაუწიეს დაშავებულებს. მთელი ღამის
განმავლობაში მჭიდრო კომუნიკაცია მქონდა ქალაქის პოლიციის კომისართან და უფროს
ოფიცრებთან. დღეს დავესწრები მთავრობის მინისტრთა კაბინეტის შეხვედრას
უსაფრთხოების საკითხებზე.

მოვუწოდებ ყველა ლონდონელს, შეინარჩუნოს სიმშვიდე და ფხიზლად იყოს დღეს და კიდევ


რამდენიმე დღის განმავლობაში. დღეს ყველანი შოკირებულები და გაბრაზებულები ვართ,
მაგრამ ეს ჩვენი ქალაქია – არასოდეს მივცემთ ამ ლაჩრებს გამარჯვების უფლებას და
ტერორიზმი ვერასოდეს შეგვაშინებს".

შესაბამისად, განცხადებაში მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს:19 წუხილი – შეიძლება იყოს


მობოდიშება, თუმცა ნათლად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, თუ ვისთან დაკავშირებით და
რაზეა სპიკერი შეწუხებული; ქმედება – უნდა ჩანდეს, რომ ხელმძღვანელობა შესაბამის
გადაწყვეტილებებს იღებს, ხოლო პასუხისმგებელი სტრუქტურები დროულად და ეფექტიანად
ახორციელებენ ქმედებებს. კრიზისის საწყის ეტაპზე შესაძლებელია, მანევრირების არეალი
შეზღუდული იყოს, თუმცა, საჭიროა იმის დემონსტრირება, რომ ინციდენტის/კრიზისის
მოგვარებაში შესაბამისი სტრატეგიული დონის წარმომადგენლები არიან ჩართულნი;
დამშვიდება – მომხდარი შეიძლება საკმაოდ უჩვეულო ან მოულოდნელი იყოს ყველასთვის,
თუმცა სწორი მენეჯმენტის წყალობით, მისი დაძლევა შესაძლებელი იქნება.
კრიზის დროს საყურადღებოა არა მხოლოდ კრიზისის მასშტაბი და სხვა ფაქტობრივი
მონაცემები, არამედ მოსახლეობის მიერ ამ კონკრეტული მოვლენის აღქმა. ამდენად, ჯერ

18 https://www.london.gov.uk/about-us/mayor-london/mayor-london-statements-london-bridge-attack; retrieved on
16.10.2021
19 Tom Mschane, Lecture on “Crisis Communication”, Georgian Center for Security and Development, Tbilisi, 2019

7
კიდევ ორი ათწლეულის წინ მიქაელ ბლანდის მოსაზრებით, „კრიზისი არ არის ის, რაც მოხდა,
კრიზისი არის ის რაც ხალხს ჰგონია, რომ მოხდა“.20

§ კრიზისის შემდგომი პერიოდი

პოსტ კრიზისულ პერიოდში, მთავარი ფოკუსი კრიზისის მართვაზე აღარ არის გადატანილი,
თუმცა, კრიზისის ეფექტის/ზეგავლენის მართვა კვლავ აქტუალურია. პოსტ კრიზისული
კომუნიკაცია კრიზისთან გამკლავების პროცესის გაგრძელება და ეფექტიანი საკომუნიკაციო
სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. კრიზისის შემდგომ ყველა ჩართულ აქტორსა და სამიზნე
ჯგუფს სურს, გაიგოს უფრო მეტი კრიზისის წარმოქმნის მიზეზების, მიმდინარეობისა და
სამომავლო გეგმების შესახებ.

პოსტ კრიზისულ პერიოდში, ორგანიზაციის/სახელმწიფოს მიერ, კრიზისის მიმდინარეობისას


გაცემული ყველა დაპირებული ინფორმაციის მიწოდების დრო დგება, რათა მან არ დაკარგოს
ნდობა და არ შეელახოს რეპუტაცია. იმ შემთხვევაში, თუ კრიზისის დროს ორგანიზაციის
რეპუტაცია უკვე შეილახა, პოსტ კრიზისულ ფაზაში აქტიურად იწყება რეპუტაციის აღდგენაზე
მუშაობა, რასაც, რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია წლები დასჭირდეს. ამასთანავე,
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ პერიოდში ემოციური ფონი იკლებს, ხალხი
ნორმალური ცხოვრების სტილს ეტაპობრივად უბრუნდება და ბევრი კითხვა უჩნდება, რაზეც
ელოდება დროულ და ადეკვატურ პასუხებს.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, კრიზისული სიტუაციის დასრულების შემდეგ


აუცილებელია, კრიზისის დეტალური ანალიზი და მიღებული გამოცდილების ფურცელზე
გადმოტანა, რათა ორგანიზაცია უფრო მომზადებული იყოს სამომავლო გამოწვევებისთვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კრიზისის შემდგომ მიზანშეწონილია:21

● კრიზისის მიმდინარეობის ანალიზი (რა, როგორ და რატომ გაკეთდა რაციონალურად,


დროულად, ეფექტიანად და რა მიმართულებით დაფიქსირდა ყველაზე მეტი პრობლემა
და გამოწვევა);
● კრიზისის გამომწვევი მიზეზის, მიმდინარეობის და შედეგების სრული ციკლის შეფასება;
● კრიზისზე გარე ფაქტორების (მათ შორის დამოუკიდებელი) ზეგავლენის შედეგების
ანალიზი;
● მიღებული გამოცდილების საფუძველზე, კრიზისის მართვის გეგმის განახლება;
● შემდგომი კრიზისისთვის უკეთესად მომზადება და კრიზისული სიტუაციის დროს აღებული
ვალდებულებების შესრულება.

კრიზისული სიტუაცია, შემდგომი ანალიზისა და გამოცდილების მიღებისთვის, თავისთავად


მრავალფეროვან და საინტერესო ფაქტებს წარმოშობს. თუმცა, პოსტ კრიზისული პერიოდის
ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, ორგანიზაციების გარკვეული ნაწილის დაბალი
ინტერესი წარმოადგენს, ხელი შეუწყოს კრიზისის დაწყების, განვითარებისა და დასრულების
მიუკერძოებელ და დეტალურ კვლევას.22 მსგავს შემთხვევებში ინდივიდები და ჯგუფები უფრო
მეტად თავდაცვით პოზიციაში გადადიან, რაც პროცესის გამჭვირვალედ და პროდუქტიულად
წარმართვის ალბათობას ამცირებს. შესაბამისად, ადეკვატური გამოცდილების მიღების
მიზნით, ხელმძღვანელი რგოლის მიერ პოსტ კრიზისულ პერიოდში შედეგზე ორიენტირებული,
ობიექტური და გამჭვირვალე კლიმატის შექმნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, სადაც
მიღებული გამოცდილება დეტალურად გაანალიზდება და ორგანიზაციის მიერ სამომავლო
გეგმების განსაზღვრის პროცესში გათვალისწინებული იქნება.

20 Jesper Falkheimer and Mats Heide, Strategic Communication, An Introduction, London and New York, Routledge,
2018; Chapter 6-Change and Crisis Communication, pg.-111
21 https://instituteforpr.org/crisis-management-and-communications/ retrieved on 01.10.2021
22 Timothy Coombs and Sherry J. Holladay; Handbooks in Communication and Media; Blackwell Publishing, 2010; Post

Crisis Communication, pg. 45

8
კრიზისის ნეგატიური ზეგავლენის მიუხედავად, პოსტ კრიზისული პერიოდი თითოეულ
ორგანიზაციას/სახელმწიფოს განახლების ციკლის დაწყების შესაძლებლობას სთავაზობს.
განსაკუთრებით მასშტაბური კრიზისის შემთხვევაში, დიდია ალბათობა, რომ ორგანიზაცია
ვერ დაუბრუნდეს კრიზისამდე არსებულ სიტუაციას, თუმცა უნდა შეძლოს, რომ განსხვავებული
და განახლებული მიდგომებით გააგრძელოს სტრატეგიული მიზნების განხორციელება.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი მასშტაბისა და სახეობის კრიზისის დროს
და მის ყველა ეტაპზე (კრიზისამდე, კრიზისის დროს და პოსტკრიზისულ პერიოდში)
მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაციის წარმოება, კერძოდ: სპიკერების იდენტიფიცირება,
მათი ტრენინგი და სწორ დროსა და ადგილზე მობილიზება; ინფორმაციის სწრაფ რეჟიმში
მიღება-გადამუშავება; არსებული რეალობის გათვალისწინებით, შესაბამისი გზავნილების
შემუშავება-განახლება-გავრცელება; სამიზნე აუდიტორიების განსაზღვრა და მათი
დამოკიდებულებების ცოდნა; სანდოობის მოპოვება; პარტნიორების ჩართულობის
უზრუნველყოფა; რესურსების დროულად მობილიზება და საკომუნიკაციო არხების
სინქრონული და ორგანიზებული გამოყენება, რათა კრიზისის შედეგად რაც შეიძლება
ნაკლებად დაზარალდეს ორგანიზაცია და არ შეილახოს მისი რეპუტაცია. ამდენად,
გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად მომზადებული დახვდება
ორგანიზაცია/სახელმწიფო კონკრეტულ გამოწვევას, ვინაიდან „კრიზისი კი არ ქმნის ხასიათს,
არამედ მხოლოდ ააშკარავებს მას“.23

23 https://www.ndc.com/blog/posts/2020/04/01/crisis-doesnt-build-character-it-reveals-it; retrieved on 20.05.2022

9
დანართი #1 - უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა უკრაინელი
ხალხისადმი რუსეთის ფედერაციის მიერ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის
განხორციელებამდე რამდენიმე დღით ადრე, როგორც კრიზისის წინა პერიოდში ეფექტიანი
კომუნიკაციის მაგალითი

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა უკრაინელი ხალხისადმი -14.02.2022

„დიდებული ქვეყნის დიდებულო ხალხო! მოგმართავთ ამ დაძაბულ მომენტში!


ჩვენი სახელმწიფო სერიოზული საგარეო და საშინაო გამოწვევების წინაშეა, რომლებიც ყველა
ჩვენგანისაგან, მათ შორის ჩემგანაც, პასუხისმგებლიანობას, ნდობასა და კონკრეტულ
მოქმედებებს მოითხოვს. ჩვენ გვაშინებენ დიდი ომით და კვლავაც ასახელებენ სამხედრო
შემოსევის თარიღს. ეს პირველად არ ხდება.
ჩვენს წინააღმდეგ ომი სისტემატურად მიმდინარეობს ყველა ფრონტზე. სამხედრო ფრონტზე,
ისინი ჩვენი საზღვრების გარშემო კონტინგენტს ზრდიან. დიპლომატიურ ასპარეზზე ისინი
ცდილობენ წაგვართვან უფლება, თავად გადავწყვიტოთ საგარეო პოლიტიკური კურსი.
ენერგეტიკულ ფრონტზე ცდილობენ შეგვიზღუდონ ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და
ქვანახშირი. საინფორმაციო კუთხით კი, ისინი ცდილობენ მედიით დათესონ პანიკა
მოქალაქეებსა და ინვესტორებში.
მაგრამ დღეს ჩვენი სახელმწიფო ისე ძლიერია, როგორც არასდროს.

ეს არაა პირველი საშიშროება, რომელიც დაგვმუქრებია. ორი წლის წინ, ჩვენც, ისე, როგორც
დანარჩენი მსოფლიო, დაბნეულნი ვუყურებდით პანდემიას. თუმცა ჩვენ გავერთიანდით და
მკვეთრი,სისტემური ნაბიჯებით პრაქტიკულად დავამარცხეთ იგი. ამ რთულ ჟამს, ძლიერმა
უკრაინელმა ხალხმა თავისი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინა - ერთიანობა და ნება
გამარჯვების.
განსხვავებით ორი წლის წინ დაწყებული პანდემიისა, დღეს კარგად ვიაზრებთ ყველა
გამოწვევას, რომლის წინაშეც ვდგავართ და იმას, როგორ უნდა ვუპასუხოთ მათ. ჩვენ ვართ
თავდაჯერებულნი, მაგრამ არ ვართ თვითდაჯერებულნი. ვიაზრებთ ყველა რისკს. ჩვენ
განუწყვეტლივ ვაკვირდებით სიტუაციას, ვმუშაობთ სხვადასხვა სცენარზე, ვამზადებთ
ღირსეულ პასუხს ყველა შესაძლო აგრესიულ ქმედებაზე.
ჩვენ ზუსტად ვიცით, სად არის უცხო ჯარი ჩვენს საზღვრებთან, ვიცით მათი რიცხვი,
მდებარეობა, მათი შეიარაღება და მათი გეგმები. ჩვენ ვიცით როგორ ვუპასუხოთ მათ. ჩვენ
მშვენიერი არმია გვყავს. ჩვენს ბიჭებს უნიკალური საბრძოლო გამოცდილება და თანამედროვე
იარაღი აქვთ. ეს ჯარი ბევრად უფრო ძლიერია იმაზე, რაც რვა წლის წინ გვყავდა.
არმიასთან ერთად, უკრაინული დიპლომატია ფრონტის წინა ხაზზეა ჩვენს ინტერესთა
დასაცავად. ჩვენ მოვახერხეთ, მოგვეპოვებინა დიპლომატიური მხარდაჭერა ცივილიზებული
მსოფლიოს თითქმის ყველა ლიდერისაგან. მათი უმეტესობა ან უკვე ეწვია უკრაინას და მხარი
დაუჭირა მას ან უახლოეს მომავალში იზამს ამას. დღეს ყველა აცნობიერებს, რომ ევროპისა და
მთელი კონტინენტის უსაფრთხოება უკრაინასა და მის არმიაზეა დამოკიდებული.
ჩვენ გვინდა მშვიდობა და ყველა საკითხის ექსკლუზიურად მოლაპარაკებების გზით
გადაწყვეტა. დონბასიც და ყირიმიც დაუბრუნდება უკრაინას. მხოლოდ და მხოლოდ
დიპლომატიის გზით. ჩვენ სხვას იმაში არ შევეცილებით, რაც ჩვენი არაა, მაგრამ არ დავთმობთ
ჩვენს მიწას.
ჩვენ გვჯერა ჩვენი სამხედრო ძალების, თუმცა ჩვენმა მხედრობამ უნდა იგრძნოს ჩვენი
მხარდაჭერა, ჩვენი შეკრულობა, ჩვენი ერთობა. ჩვენი არმიის მთავარი საყრდენი საკუთარი
ხალხის ნდობა და ძლიერი ეკონომიკაა.
ჩვენ შევქმენით საჭირო რეზერვები, რათა გრივნას გაცვლით კურსსა და ფინანსურ სისტემაზე
დარტყმები მოვიგერიოთ. ჩვენ არ დავივიწყებთ არცერთ დარგს, რომელსაც მთავრობის
დახმარება დასჭირდება. ისევე, როგორც ავიაკომპანიების შემთხვევაში მოხდა წინა დღეებში.
ამის მოწმე გრივნას მყარი გაცვლითი კურსი და კვლავაც გახსნილი საჰაერო სივრცეა.

10
თავდაცვის მნიშვნელოვანი ფრონტი შინაურ მედიასაშუალებათა მიერ ვითარების ობიექტურად
გაშუქებაზე გადის. და ახლა მინდა, უკრაინელ ჟურნალისტებს მივმართო. ზოგიერთ თქვენგანს
ზოგჯერ თქვენი მედიის მფლობელთა დავალებების შესრულება გიწევთ. მათი უმეტესობა უკვე
გაიქცა საკუთარი ქვეყნიდან.
იშრომეთ უკრაინისათვის და არა იმათთვის — ვინც გაიქცა. ქვეყნის ბედი დღეს თქვენს
პატიოსან პოზიციაზე ჰკიდია.
ახლა კი მივმართო მინდა არა იმათ, რომლებიც უკრაინაში და უკრაინის გვერდით დარჩნენ,
არამედ მათ, ვინც ამ გადამწყვეტ დროს გაიქცნენ. თქვენი სიძლიერე არა ფული და
თვითმფრინავები, არამედ თქვენი ის სამოქალაქო პოზიციაა, რომლის ჩვენებაც შეგიძლიათ.
დაუბრუნდით საკუთარ ქვეყანასა და ხალხს, რომელთა წყალობითაც ფლობთ მაგ ქარხნებსა
და სიმდიდრეს. დღეს ყველა აბარებს ტესტს უკრაინის მოქალაქეობისა. ღირსეულად უნდა
ჩააბაროთ იგი. დაე ყველამ გაიგოს, ვისთვისაა უკრაინა სამშობლო ჭეშმარიტად და ვისთვისაა
იგი მხოლოდ ფულის საჭრელი მანქანა.
ცალკე მივმართავ სახელმწიფო აპარატის წარმომადგენელთ: საჯარო მოხელეებს, დეპუტატებს
ყველა დონეზე, რომელნიც უკვე გაიქცნენ ქვეყნიდან ან ამისი გეგმა აქვთ. უკრაინელი ხალხი
გენდოთ არამხოლოდ იმისათვის, რომ სახელმწიფო გემართათ, არამედ იმისათვისაც, რომ
დაგეცვათ იგი. ამ ვითარებაში, თქვენი პირდაპირი მოვალეობაა ჩვენთან ერთად იყოთ,
უკრაინელ ხალხთან ერთად. დაჟინებით მოგიწოდებთ, უახლოესი 24 საათის განმავლობაში
დაუბრუნდეთ სამშობლოს და დაუდგეთ გვერდით უკრაინულ არმიას, დიპლომატიასა და
ხალხს!
ჩვენ გვეუბნებიან, რომ თებერვლის 16 თავდასხმის დღე იქნება. ჩვენ ამ დღეს ერთობის დღედ
ვაქცევთ. შესაბამისი ბრძანება უკვე ხელმოწერილია. ამ დღეს, ჩვენ გამოვფენთ ეროვნულ
ალმებს, გავიკეთებთ ლურჯ-ყვითელ ლენტებს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ ჩვენს
ერთიანობას.
ჩვენ ერთი დიდებული ევროპული მისწრაფება გვაქვს. ჩვენ თავისუფლება გვწადია და მზად
ვართ ვიბრძოლოთ მისთვის. ამ ომს შეწირული 14 000 სამხედრო და სამოქალაქო პირი
დაგვცქერის ზეციდან. ჩვენ მათ ხსოვნას არ ვუღალატებთ.
ჩვენ გვსურს ბედნიერად ვიცხოვროთ, ბედნიერებას კი ძლიერები უყვარს. ჩვენ არასდროს
გვცოდნია რა იყო დანებება და არც მომავალში გავიგებთ რა არის იგი.
დღეს უბრალოდ ვალენტინობის დღე არაა. ესაა დღე მათი, რომელთაც უკრაინა უყვართ. ჩვენ
გვჯერა საკუთარი სიძლიერისა და კვლავაც გავაგრძელებთ საერთო მომავლის შენებას. ჩვენ
უკრაინის სიყვარული გვაერთიანებს, უკრაინის, ერთიანისა და განუმეორებლის. და სიყვარული
გაიმარჯვებს. დიახ, ახლა შეიძლება ფიქრობდეთ, რომ წყვდიადია გარშემო. მაგრამ გათენდება
ხვალ და მზე კვლავაც იბრწყინებს ჩვენს მშვიდობიან ცაზე.

გიყვარდეთ უკრაინა!

ჩვენ მშვიდად ვართ! ჩვენ ძლიერები ვართ! ჩვენ ერთად ვართ!

დიდებული ქვეყნის დიდებული ხალხი!“

11
დამატებითი მასალები:
● Jesper Falkheimer and Mats Heide; Strategic Communications, An Introduction, Routledge, London
and New York, 2018;
● Jaroslava Kádárová, Bohuslava Mihalčová, Gabriel Kádár, Marek Vida; Strategy Map for The Crisis
Communication; Elsevier B.V. 2015;
● Timothy Coombs and Sherry J. Holladay; Handbooks in Communication and Media; Blackwell
Publishing, 2010;
https://www.unisabana.edu.co/fileadmin/Archivos_de_usuario/Imagenes/Imagenes_Programas/Imag
enes_Posgrados/Facultad_de_Educacion/Maestria_Dir_Gestion_Inst_Educativas/The_Handbook_of_
Crisis_Communication.Coombs_y_Holladay.pdf;
● https://www.bizcommunity.com/Article/196/18/189985.html
● https://www.bernsteincrisismanagement.com/the-10-steps-of-crisis-communications/
● https://www.forbes.com/sites/forbescommunicationscouncil/2019/04/24/10-effective-strategies-for-
handling-an-impending-pr-disaster/#454b242c115a
● https://audralawson.com/wp-
content/uploads/2019/05/DiersLawsonCrisisCommunicationOxfordUniversityPress.pdf
● https://www.europarc.org/communication
skills/pdf/10%20Steps%20of%20Crisis%20Communications.pdf
● https://www.academia.edu/11032998/THE_ROLE_OF_COMMUNICATION_IN_CRISIS_MANAGEMEN
T_AN_ORGANIZATIONAL_PRESPECTIVE_

12

You might also like