You are on page 1of 11

საოჯახო ბიზნესის არსი და დეფინიციები

საოჯახო ბიზნესის არსში გასარკვევად აუცილებელია გვესმოდეს სიტყვა „ბიზნესის“ მნიშვნელობა.


ბიზნესი წარმოადგენს რისკის პირობებში მოგების ან სხვა რაიმე შემოსავლის მისაღებად
განხორციელებულ მართლზომიერ, არაერთჯერად საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს
საოჯახო ბიზნესის ერთიანი, საყოველთა განმარტება, ყველაზე ზოგადი ფორმით ის შეიძლება ასე
განიმარტოს: „საწარმო, რომელიც კონტროლდება ერთი კონკრეტული ოჯახის წევრების მიერ“.
ავსტრალიაში ბიზნესის კვლევამ საოჯახო ბიზნესის შესახებ რამდენიმე მახასიათებელი გამოყო,
რომელთაგან სამ ძირითადს წარმოადგენს მემკვიდრეობითობა, ოჯახის წევრების დასაქმება და მართვის
პასუხისმგებლობის გაზიარება ოჯახის წევრებს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ დიდ საწარმოებს შეუძლიათ მსხვილი გარიგებების წარმოება და


მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზება, მცირე საოჯახო ბიზნესი მაინც რჩება
მომსახურების სფეროს საყრდენად. ეს ძირითადად იმითაა განპირობებული, რომ ყველა ადამიანში დევს
დამოუკიდებლობის სურვილი და მათ ურჩევნიათ იყვნენ თავიანთი თავის უფროსები და არ მუშაობდნენ
ვინმეს დაქვემდებარებაში. საყურადღებოა ისიც, რომ ხშირად დასაქმების ერთადერთი გზა
თვითდასაქმება და საოჯახო ბიზნესია. მიუხედავად ამისა, საოჯახო ბიზნესის მნიშვნელობის შეფასება
რთულია საზომი ერთეულების არაერთგვაროვნების გამო. ამასთან, ბევრ ქვეყანაში საოჯახო ბიზნესთან
დაკავშირებული სტატისტიკა ან არ არსებობს, ან ძალიან მწირია, რაც იმითაა განპირობებული, რომ არ
არსებობს მკვეთრი დაყოფა თვითდასაქმებას, საოჯახო საკუთრებასა და ნაწილობრივ საკუთრებას შორის.

არსებობს მრავალი თვალსაზრისი იმასთან დაკავშირებით, რომ საოჯახო ბიზნესი ეკონომიკურ


განვითარებას ვერ უწყობს ხელს, რადგან მფლობელები არ არიან ბიზნესის გაფართოებით
დაინტერესებულნი; თუმცა, პრაქტიკა საპირისპიროს აჩვენებს, რადგან მრავალი ბიზნესი გასცდა
საოჯახოს ფარგლებს და სხვა ადამიანებიც დაასაქმა. კიდევ ერთი მიზეზი ნეგატიური
დამოკიდებულებისა არის ინოვაციის ნაკლებობა - უმეტესობა მხოლოდ შეუმჩნევლად ცვლის ან
ანვითარებს საკუთარ ადგილს, ხოლო ვინც მომსახურებას უზრუნველყოფს, დიდად არ ფიქრობს, რომ
სერვისი იყოს განსხვავებული.

საოჯახო ბიზნესში მესაკუთრეთა მოტივები, მიზნები და ბიზნეს ქმედებები განსხვავებულია სხვა


ბიზნესებისგან. მათი მიზანი მხოლოდ ბიზნესის ზრდა და შემოსავლის მიღება არაა - აქ ოჯახის საკითხი
ბიზნესის ყველა ასპექტზე მოქმედებს. განსაკუთრებით საყურადღებოა სეზონურობა, რომელიც
მტკივნეულად ეხება ოჯახს - „მკვდარ სეზონზე“ შემოსავალი ფაქტიურად აღარაა, ხოლო „ცხელ სეზონზე“
იმდენი საქმეა, რომ ოჯახის წევრებს ხშირად ერთმანეთისთვის არც რჩებათ დრო. ოჯახი საზოგადოების
გულია და შესაბამისად, თუკი ოჯახს საკუთარი ბიზნესი აქვს, ის ხელს უწყობს საზოგადოების
სიცოცხლისუნარიანობის გაზრდასა და სარგებლის მიღებას, თუმცა ამასთანავე, აკისრია
პასუხისმგებლობაც. პერიფერიებსა და სოფლებში განსაკუთრებით კარგად ჩანს თუ რა დიდი
მნიშვნელობა აქვს საოჯახო ბიზნესის არსებობას. იმ შემთხვევაში, როცა საოჯახო ბიზნესი წყვეტს
არსებობას და ოჯახი გადადის სხვაგან, საზოგადოების დანაკარგი თვალშისაცემია, რადგან ის კარგავს
არამხოლოდ საკუთარ ნაწილს, არამედ საფრთხე ექმნება მომავალსაც - ოჯახს თან მიჰყვებიან ბავშვები.
აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ საოჯახო ბიზნესს ასევე დიდი როლი აკისრია პერიფერიებში
მოსახლეობის შენარჩუნებაშიც.
საოჯახო ბიზნესის სასიცოცხლო ციკლის მოდელი

საოჯახო ბიზნესის სასიცოცხლო ციკლის კვლევაში გამოიყენება სამგანზომილებიანი მოდელი. ის


აკავშირებს სამ მთავარ ღერძს - საკუთრებას, ბიზნესს და ოჯახს.

ბიზნესის ღერძის განვითარება სამ ეტაპს მოიცავს - ბიზნესის წამოწყებას, გაფართოებას და სიმწიფეს,
თუმცა, საოჯახო ბიზნესი, როგორც წესი, გაფართოების ეტაპს ვერ სცდება. ოჯახები მიღებული
დამატებითი შემოსავლით კმაყოფილები არიან და აღარ უნდათ გარისკვა. პერსონალის დაქირავება დიდ
ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ მათი დაქირავება მხოლოდ „ცხელ სეზონებზე“ ხდება, დანარჩენ
პერიოდში კი სამუშაოს ოჯახის წევრები ინაწილებენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მომსახურების
ხარისხია - მარკეტინგის სამსახურის არარსებობის გამო ხშირად არ ხდება ბაზრის სეგმენტაცია და
მომხმარებლის კმაყოფილების მინიმალური დანახარჯებით გაზრდა. საოჯახო ბიზნესში ფინანსური
მართვა ქალებს აქვთ აღებული, დროდადრო გადიან ტრენინგებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
არაპროფესიონალიზმი კი ხშირად ქმნის პრობლემებს.

საკუთრება იწყება დამფუძნებლიდან, გადადის პარტნიორობაში და შემდეგ კონსორციუმში. საკუთრების


ღერძში არის რამდენიმე პრობლემური საკითხი - რა საკუთრების ფორმაა გამოყენებული? ვინ არის
ჩართული? როგორ ხორციელდება მფლობელობა? საკუთრების ღერძი გვიჩვენებს, რომ ფირმის დაარსება
ხდება დამფუძნებლის მიერ, შემდეგ საკუთრებაში გადადის შვილებზე და შემდეგ ნათესავებზე. ბიზნესის
გაგრძელებაზე ზრუნვა მემკვიდრეებში აუცილებელია ბავშვობის ასაკიდან, რათა მოხდეს მათზე
მონაწილეობის სურვილის და პასუხისმგებლობის გადაცემა და ისინი გულგრილნი არ იყვნენ ოჯახის
ბიზნესის მიმართ.

ოჯახის ღერძის განვითარება ოთხეტაპიანია: ახალგაზრდა საოჯახო ბიზნესი; ბავშვები, რომლებიც


ჩაერთვნენ საოჯახო ბიზნესში; ერთობლივი საოჯახო ბიზნესი (მამებისა და შვილების); მემკვიდრეობითი
(თაობიდან თაობაზე გადაცემული). კვლევებმა ცხადყო, რომ საოჯახო ბიზნესის დამფუძნებელთა
უმეტესობას ამოძრავებდა პირადი ოჯახური ინტერესები - მოსწონდათ საცხოვრებელი ადგილი,
ბავშვებისთვის უკეთესი იყო ის ჰაერი, ან უბრალოდ უნდოდათ ისეთი საქმიანობით დაკავება, რაც
მათთვის ჰობიც იყო. აღმოჩნდა, რომ მაშინ, როცა ბიზნესის ინტერესები ოჯახისთვის სასიამოვნო საქმეცაა,
ბიზნესი უფრო წარმატებულია. ოჯახის სასიცოცხლო ციკლს პოტენციურად დიდი გავლენის მოხდენა
შეუძლია ბიზნესზე. შვილების ჩართვა ბიზნესში ცვლის საკუთრებისა და კონტროლის ფორმას. იმ
შემთხვევაში, თუ შვილებმა არ მოინდომეს ბიზნესის გაგრძელება, საჭირო ხდება მისი გაყიდვა. საოჯახო
ბიზნესზე ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ოჯახის წევრების სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა. აქ,
როგორც წესი, ყველაზე მძიმე სამუშაოს ქალები ასრულებენ და რადგან მემკვიდრეობა გადადის
ვაჟიშვილებზე, ქალიშვილები ნაკლებად არიან მოტივირებულნი საოჯახო ბიზნესის ტვირთის
გაზიარებით. სირთულეს ასევე ქმნის ფინანსური მხარდაჭერა - ხშირად, ოჯახის ყველა წევრი არაა მზად
საკუთარი მოთხოვნების შეკვეცის ხარჯზე იზრუნოს ბიზნესის ზრდაზე. სირთულე შეიძლება შექმნას
განსხვავებულმა კულტურულმა ღირებულებებმაც. დაბოლოს, სირთულეს წარმოადგენს
გადაწყვეტილების მიღების პროცესიც, რადგან ხშირად ოჯახის ყველა წევრს განსხვავებული აზრი აქვს,
არადა მათ თანაბარმნიშვნელოვანი როლი აქვთ მინიჭებული საოჯახო ბიზნესის მართვის პროცესში.
საოჯახო ბიზნესის სწავლების ძირითადი საკითხები

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ბევრ ქვეყანაში ტურიზმისა და მასპინძლობის ბიზნესში დომინირებს


საოჯახო ბიზნესი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი ლიტერატურული მასალა ტურიზმისა და
მასპინძლობის, ასევე საოჯახო და მცირე ბიზნესების შესახებ, საოჯახო ბიზნესს ტურიზმში ჯერ მაინც
ნაკლები ადგილი ეთმობა.

საოჯახო ბიზნესის სწავლების ძირითადი საკითხებია: განმარტებები, საოჯახო ბიზნესის უნიკალურობა,


დამფუძნებლები, სასიცოცხლო ციკლი, მართვა, მემკვიდრეობა, ოჯახის გავლენა, კულტურა და
ეთნიკურობა, პროფესიონალიზმი. საოჯახო ბიზნესის კვლევის საკითხები ტურიზმისა და მასპინძლობის
ჭრილში შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ: გარემოს მოდიფიკატორები - დისტანციური, სოფლის,
საკურორტო, ურბანული, ეკონომიკის განვითარების დონე, კულტურა; ოჯახის გადმოსახედი -
საკუთრება, ოჯახი, ბიზნესი; დარგობრივი მოდიფიკატორები - სერვისის ბუნება, სტუმარ-მასპინძლის
ურთიერთობები, ციკლური მოთხოვნა, უნიკალური ბიზნესის შექმნის შესაძლებლობა. მოკლედ
განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

ტურიზმსა და მასპინძლობის ბიზნესში რთულია რაიმე პროდუქტი იყოს ერთადერთი და


განუმეორებელი. როგორც წესი, ყოველ მათგანს აქვს ანალოგი ან იმდენად მიმსგავსებული პროდუქტი,
რომ მისი ჩანაცვლება მარტივად ხდება. ამიტომ, კონკურენციისას აქცენტების გაკეთება დეტალებზე უნდა
მოხდეს, რაც საოჯახო ბიზნესის პირობებში დიდ შრომას, გამოცდილებას და პროფესიონალიზმს
მოითხოვს.

სტუმარ-მასპინძლის ურთიერთობებში დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნულ ფაქტორებს - ღიაობას,


მეგობრულობას, კეთილგანწყობას. ხშირად, მომსახურების ხარისხის აღქმაში დიდ როლს თამაშობს
თვითონ ოჯახი, მათი ყოფა, ერთმანეთთან ურთიერთობა და ეს ტურისტისთვის მიმზიდველ სანახაობას
წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ოჯახის ბრენდირების თემა საკმაოდ მნიშვნელოვანია.

დიდ გავლენას ახდენს სეზონურობა და ციკლური მოთხოვნა: „ცხელ სეზონზე“, როდესაც მუშაობა პიკს
აღწევს, შემოსავლები იზრდება; მას კი მოსდევს პასიური სეზონი, რომელიც შემოსავლებზე ცუდად
მოქმედებს, მაგრამ ოჯახის ძალების აღდგენისთვისაა აუცილებელი. კურორტებზე, რომლებიც მხოლოდ
ადგილობრივი ოჯახების ბიზნესზეა დამოკიდებული და არა ინვესტიციებზე, განსაკუთრებით
მტკივნეულად მოქმედებს აქტიური და პასიური სეზონების ციკლი, ამიტომ თავდაპირველად ამ არეალის
მცხოვრებლები დადებითად არ ხვდებიან სხვა მცირე საოჯახო ბიზნესის წამოწყებას და ჰგონიათ, რომ ეს
მათ მომხმარებელს მოსტაცებს. თუმცა, დროთა განმავლობაში აანალიზებენ, რომ არეალის განვითარებასა
და მისი შესაძლებლობების ზრდაზე ეს დადებითად მოქმედებს.
მცირე ფირმების არსი

მიუხედავად იმისა, რომ დიდ საწარმოებს შეუძლიათ მსხვილი გარიგებების წარმოება და


მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზება, მცირე საოჯახო ბიზნესი მაინც რჩება
მომსახურების სფეროს საყრდენად. ეს ძირითადად იმითაა განპირობებული, რომ ყველა ადამიანში დევს
დამოუკიდებლობის სურვილი და მათ ურჩევნიათ იყვნენ თავიანთი თავის უფროსები და არ მუშაობდნენ
ვინმეს დაქვემდებარებაში. საყურადღებოა ისიც, რომ ხშირად დასაქმების ერთადერთი გზა
თვითდასაქმება და საოჯახო ბიზნესია. მიუხედავად ამისა, საოჯახო ბიზნესის მნიშვნელობის შეფასება
რთულია საზომი ერთეულების არაერთგვაროვნების გამო. ამასთან, ბევრ ქვეყანაში საოჯახო ბიზნესთან
დაკავშირებული სტატისტიკა ან არ არსებობს, ან ძალიან მწირია, რაც იმითაა განპირობებული, რომ არ
არსებობს მკვეთრი დაყოფა თვითდასაქმებას, საოჯახო საკუთრებასა და ნაწილობრივ საკუთრებას შორის.

მცირე ფირმების არსს სხვადასხვა ავტორები განსხვავებულად განმარტავენ. ერთ-ერთი განსაზღვრების


თანახმად, მცირე ფირმები არიან დამოუკიდებელი ერთეულები, რომელსაც მართავენ მესაკუთრეები ან
ნაწილობრივ მესაკუთრეები და აქვთ პატარა ბაზარი. სხვა განსაზღვრებით, მცირე ფირმად ჩაითვლება ის,
რომელიც თავის სფეროში არ არის დომინანტი, ფუნქციონირებს დამოუკიდებლად და იმართება
მესაკუთრის მიერ. მიკრო, მცირე და საშუალო ფირმების განსხვავება ხდება ბრუნვის, ბალანსის და
დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, თუმცა, ყველაზე პრაქტიკულია მათი განსხვავება დასაქმებულთა
რაოდენობის შესაბამისად. ამასთან, ამ რიცხვითი მონაცემების ფარგლები განსხვავებულია ქვეყნების
მიხედვით.

მცირე ფირმების დასახასიათებლად შეგვიძლია თვისობრივი მონაცემების გამოყენება.

როგორც წესი, აქ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ნაკლებადაა უფროსსა და დაქვემდებარებულს


შორის არსებული ურთიერთობის ტიპი და მათ შორის ურთიერთობა პიროვნულ ხასიათს ატარებს. ეს
ბუნებრივია, რადგან როცა თანამშრომელთა მცირე რაოდენობა გყავს, მათი გაცნობის და დაახლოების
მეტი შანსია.

კიდევ ერთი მახასიათებელია ფინანსების დეფიციტი. როგორც წესი, დამფუძნებლები საქმეში დებენ
საკუთარ დანაზოგს ან ოჯახისა და მეგობრების შემოწირულობებს. ფინანსების სიმცირის ახსნა ასევე
შესაძლებელია რეალური გაყიდვების მოკლე პერიოდით, რასაც სეზონურობა იწვევს. მაგ.: ზღვისპირა
სასტუმროს უწევს ბანკიდან აღებული ვალის გადახდა მთელი წლის განმავლობაში ყოველთვიურად
მაშინ, როცა შემოსავალი მხოლოდ 3-4 თვის განმავლობაში აქვს და ამ თანხის განაწილება უწევს მთელ
წელზე. ამ დროს ერთი ჯავშნის მოხსნამაც კი შეიძლება მთელი წლის გეგმები ჩაშალოს მაშინ, როცა დიდ
სასტუმროებზე ეს არანაირ სერიოზულ გავლენას არ მოახდენს.

ამდენად, მცირე ფირმების ზოგად მახასიათებლებს მიეკუთვნება შემდეგი: ერთი ან ორი მესაკუთრის
არსებობა; დამფინანსებლების როლში გამოდიან მესაკუთრეები, მათი ახლობლები და მეგობრები; საწყის
ეტაპზე მოგების დაბალი დონე; ფასებზე ზეგავლენის მოხდენის შეუძლებლობა; გადაწყვეტილების
მიღებისთვის დროის მცირე მონაკვეთი; მოკლე, სეზონური ბიზნესციკლი; ერთი ადგილმდებარეობა.
ლიდერობის ადრეული და თანამედროვე თეორიები

მეწარმის წარმატება დამოკიდებულია სფეროს ცოდნაზე, ბაზრის შესწავლაზე, კონკურენტების ქცევასა


და იღბალზე. მაგრამ, მხოლოდ ერთი ადამიანი წარმატებას ვერ მიაღწევს, ამიტომ საჭიროა გუნდური
მუშაობა და ერთობლივი ძალისხმევა. ამ გუნდის შეკვრას და მართვას კი სჭირდება ლიდერი. ლიდერს
უნდა ჰქონდეს უნარი, გამოხატოს ფირმის მთავარი ხედვა და იდეა და ჯგუფის წევრებს გააგებინოს, თუ
რა გამოწვევების წინაშეა ფირმა. მან უნდა ჩამოაყალიბოს გრძელვადიანი სტრატეგია ისე, რომ ბიზნესმა ამ
გეგმის მეშვეობით მიაღწიოს დასახულ მიზანს. ლიდერობა არის სრულყოფილი ურთიერთობების
დამყარება მეწარმეებსა და მათ ქვეშევრდომებს შორის იმგვარად, რომ მათი განზრახვა იყოს ფირმის
წარმატების მიღწევა დასახული მიზნის განსახორციელებლად. ლიდერობის ამ თანამედროვე
განსაზღვრებას არაფერი აქვს საერთო ადრეულ განმარტებებთან, რომლებიც გულისხმობდა
ერთპიროვნულ მმართველობას, რომლის დროსაც დაქვემდებარებულები უფროსს უსიტყვოდ
ემორჩილებოდნენ და მას მიიჩნევდნენ შეუმცდარ ადამიანად, რომელმაც ყველაფერი იცოდა. განვიხილოთ
ლიდერობის ადრეული თეორიები:

1900-1950-იან წლებში გავრცელებული იყო „დიდებული კაცის“ თეორია, რომლის თანახმადაც ლიდერი უნდა
ყოფილიყო აუცილებლად მამრობითი სქესის, საკუთარ თავში უზომოდ დაჯერებული, გადაწყვეტილებები უნდა
მიეღო ერთპიროვნულად.

1940 წლიდან დღემდე მიღებულია „თვისებების თეორია“. ეს თეორია აქცენტს აკეთებს პიროვნების იმ თვისებებზე,
რომლებიც უნდა ჰქონდეს ლიდერს. ამ თეორიიდან ბევრი თვისება თუ ხასიათის შტრიხი დღესაც შესულია იმ
აუცილებელ თვისებათა ნუსხაში, რომლებიც უნდა გააჩნდეს კარგ ლიდერს (კომუნიკაცია, შემოქმედებითობა,
ენთუზიაზმი, გარისკვა, მრავალფეროვანი ხედვა და ა.შ.).

1940-1950 წლებიდან დღემდე არსებობს „ბიჰევიორისტული თეორია“, რომელიც ლიდერებს განასხვავებს მათი
ქცევების მიხედვით - არსებობენ ავტოკრატული და დემოკრატული ლიდერები, რომელთა ქცევები რადიკალურად
განსხვავდება ერთმანეთისგან.

ოჰაიოს შტატის შრომების მიხედვით არსებობს ლიდერთა ორი კატეგორია: პირველი ორიენტირებულია
მომუშავეებზე, მათ ემოციებზე და მეორე, რომელიც ორიენტირებულია საქმეზე, მიზნის მიღწევაზე. ასევე,
მიჩიგანის უნივესტიტეტის შრომების მიხედვით არსებობენ თანამშრომლებზე ორიენტირებული ლიდერები და
შედეგზე ორიენტირებული ლიდერები.

ინდივიდუალიზმის თეორია გულისხმობს ლიდერის არა ერთი რაიმე თვისებით ლიდერობას, არამედ მის უნარს,
ინდივიდუალურად მიუდგეს დაქვემდებარებულებს.

გაუთვალისწინებელი სიტუაციების თეორია გულისხმობს, რომ არ არსებობს ერთი, უნივერსალური მიდგომა;


ყველაფერი დამოკიდებულია ფაქტორებზე, რომლებიც ქმნიან კონკრეტულ სიტუაციას. ერთადერთი, რაც ყველა
ლიდერისთვის ნებისმიერ სიტუაციაშია აუცილებელი, ესაა სიტუაციის ადეკვატური შეფასებისა და შესაბამისი
მოქცევის უნარი.

გავლენის თეორია ემყარება ლიდერის ქარიზმატულობას და უნარს, მართოს ნებისმიერი მოვლენა და პრობლემა
აღმოფხვრას გაჩენისთანავე.

ურთიერთობების თეოორიის მიხედვით წარმატებული ლიდერობისთვის მთავარია ურთიერთობები ლიდერსა და


დაქვემდებარებულებს შორის, ასევე, ურთიერთობები თვითონ დაქვემდებარებულებს შორის, რაზეც
პასუხისმგებელია ლიდერი.
გუნდი და ორგანიზაციული კულტურა

გუნდი და ჯგუფი ერთმანეთისგან განსხვავდება ინდივიდების დამოუკიდებულობის და დაკისრებული


მოვალეობის შესრულების ხალისის მიხედვით. ჯგუფის წევრები, როგორც წესი, ცალკე,
ინდივიდუალურად ასრულებენ სამუშაოს, გუნდის წევრები კი ერთი საქმისთვის ინაწილებენ
მოვალეობებს. ერთ-ერთი განსაზღვრების თანახმად, გუნდი არის ორი და მეტი ადამიანის ერთობა,
რომლებიც გაერთიანებულნი არიან ერთი მიზნის ქვეშ და თითოეულს აქვს საკუთარი წილი
პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება.

იმისთვის, რომ ლიდერმა ჩამოაყალიბოს ეფექტური გუნდი, საჭიროა კომუნიკაცია და გამჭვირვალობა,


სამუშაოსთვის კარგი ატმოსფეროს შექმნა, გუნდისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება,
შემოქმედებითობა და რისკის წახალისება, კონფლიქტების დროული იდენტიფიცირება და გაჩენისთანავე
ოპერატიული ქმედება.

მასპინძლობის ბიზნესში მენეჯერებს უწევთ ისეთი როლების მორგება, როგორებიცაა თავისი საქმის
გულმოდგინე შემსრულებელი, რეალური საქმის შემსრულებელი, გუნდური თანამშრომელი,
განმახორციელებელი, რესურსების მომძიებელი, კოორდინატორი, შემფასებელი, სპეციალისტი, საქმის
დროულად შემსრულებელი. სწორედ ამიტომ, გუნდის თითოეული წევრი უნდა შეირჩეს დიდი
სიფრთხილით ისე, რომ მათ უნარების ერთობლიობა მაქსიმალურად შეეფერებოდეს მიზნის
მიღწევისთვის საჭირო ძალისხმევას.

საუკეთესო შემთხვევაშიც კი გუნდური მუშაობა ვერ იქნება შედეგიანი, თუკი ფირმაში არ იქნა
ორგანიზაციული კულტურა. ორგანიზაციის კულტურა გულისხმობს ქცევის იმ ნორმებს, რომლებიც
არეგულირებენ ადამიანების ქცევებს ორგანიზაციაში. ორგანიზაციული კულტურა ეფუძნება შემდეგ
მახასიათებლებს: ინოვაციურობა და რისკის მიმღებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, შედეგებზე
ორიენტირებულობა, თანამშრომლებზე ორიენტირებულობა, გუნდზე ორიენტირებულობა,
სტაბილურობა.

მანამ, სანამ ჩამოაყალიბებს ორგანიზაციულ კულტურას, მეწარმემ უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე


ფაქტორი: ამ სექტორში მოდის არაკვალიფიციური მუშახელი; სამსახური არის დროებითი, სეზონური;
მუშახელი პროფკავშირებში და მსგავს გაერთიანებებში იშვიათადაა გაერთიანებული; საქმისადმი ხშირად
არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ, რადგან მას აღიქვამენ დროებით სამსახურად, ან ფიქრობენ, რომ
დასვენება და მუშაობა აქ ერთდროულად ხდება. სწორედ ამ და სხვა წარმოდგენების გამო თანამშრომლები
ხშირად იცვლებიან. აღნიშნულის გაუთვალისწინებლად კი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბების
ნებისმიერი მცდელობა ფუჭი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუკი ლიდერი ვერ შექმნის საერთო ორგანიზაციულ კულტურას, თანამშრომლები


შეეცდებიან თავიანთი კულტურის შექმნას. ეს პრობლემას არ ქმნის პატარა ფირმებში, სადაც ძირითადად
დამფუძნებლის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან დასაქმებულნი და მათი შინაგანი კულტურა
ახლოსაა ერთმანეთთან. მაგრამ, რაც უფრო იზრდება ფირმა, მით უფრო იკარგება პირდაპირი კონტაქტი
მეწარმესა და თანამშრომლებს შორის და თუკი არ იარსებებს ორგანიზაციული კულტურა, მრავალი
გაურკვეველი მოვლენა იჩენს თავს. ორგანიზაციული კულტურის არსებობას ადასტურებს დრეს კოდის,
„კომპანიის ენის“ და იდეის ფიზიკური გამოხატულების (მაგ, შენობის ფორმა) არსებობა.
მეწარმეობა. საოჯახო მეწარმეობის მოდელები

სამეწარმეო პროცესი მიმდინარეობს მრავალფეროვანი, დინამიური ფაქტორებისა და გარემოებების


კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების შედეგად. ეს ფაქტორები წარმოიშობა ცალკეული
მეწარმეებისგან და იცვლება მათი ბიზნესის წამოწყების მოტივაციის, გენეტის, სოციოკულტურის და მათი
მასპინძელი საზოგადოების კულტურის შესაბამისად. არსებობს მეწარმეობის სხვადასხვაგვარი
განმარტება. ერთ-ერთის თანახმად, მეწარმეობა არის ფაქტიურად, არაფრისგან რაღაც ახლის წამოწყება,
რაც, საბოლოო ჯამში, ქმნის რაიმე ღირებულს. სხვა განსაზღვრების თანახმად, მეწარმეობა არის ახალი
ბიზნესის, მცირე და საოჯახო ბიზნესის შექმნა და მართვა. ავტორთა უმეტესობა მეწარმეობის
განმარტებისას აქცენტს აკეთებს მოგებისა და ზრდის სურვილზე, რაც ეკონომიკურ ფაქტორებს
მიეკუთვნება. თუმცა, არსებობს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორები: იდეოლოგია, სოციალური
მობილობა, ფსიქოლოგიური ფაქტორები. ყველა ადამიანს აქვს პოტენციალი, გახდეს მეწარმე და მას ბიძგი
შეიძლება შემდეგმა ფაქტორებმა მისცეს: საკუთარი თავისთვის ან ოჯახის წევრებისთვის სამუშაოს გაჩენის
სურვილი, ეკონომიკური აუცილებლობა, უკეთესი ცხოვრებისკენ სწრაფვა, სიდუხჭირისგან თავის
დაღწევა, ალტერნატიული შემოსავლის ძიება, დამოუკიდებლობის მიღწევა და სხვა.

სამეწარმეო ქცევაზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები: კულტურა (არამხოლოდ იმ საზოგადოების,


საიდანაცაა მეწარმე, არამედ იმ საზოგადოებისაც, სადაც ის მოღვაწეობს); სქესი (მასპინძლობის ბიზნესში
ქალები უფრო მეტს შრომობენ); პოლიტიკა (მაგ., რუსეთში კერძო მეწარმეობის კულტურა არ იყო 1991
წლამდე და კანონიც კი არ არსებობდა მცირე ბიზნესის შესახებ); ეკონომიკა (მაგ., ტაჯიკეთში ეკონომიკა
ისეა მოწყობილი, რომ მეწარმეობას განვითარების საშუალება არ აქვს, ბევრი ეკონომიკური ქმედება
არალეგალურად მიიჩნევა, რის გამოც სამეწარმეო საქმიანობა იატაკვეშა სახეს იღებს); რელიგია (მაგ.,
კენიაში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა მორწმუნეა, ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობა აღიქმება
როგორც მხოლოდ საკუთარ გამდიდრებაზე ფიქრი. შესაბამისად, საზოგადოება მნიშვნელოვნად ზღუდავს
სამეწარმეო ქცევას).

საოჯახო მეწარმეობის მოდელები არ შეიძლება ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული, სტატიკური


იყვნენ. განასხვავებენ საოჯახო მეწარმეობის 10 მოდელს: ცოლ-ქმრული ბიზნეს პარტნიორობა (ოჯახური
და ბიზნეს ვალდებულებების განაწილება); ოჯახური (ბიზნესში ერთი ოჯახის რამდენიმე თაობის
ჩართულობა, რაც უზრუნველყოფს როგორც დასაქმებას, ისე ოჯახის სიმტკიცეს); მემკვიდრეობითი
(ოჯახის წევრის მიერ მართული ბიზნესი, ოღონდ არა დამფუძნებლის, არამედ მისი მომდევნო თაობის
წარმომადგენლის მიერ); მდედრობითი სქესის (ქალები, რომლებიც ბიზნესს მეტი მოქნილობისთვის
იყენებენ, რაც აძლევთ საშუალებას, თან საქმე აკეთონ და თან ოჯახს მიხედონ); ეთნიკური (რომელიმე
ეთნიკური ჯგუფის მეწარმეები, რომლებსაც შესაძლოა ბაზარზე ეთნიკური ნიშაც ჰქონდეთ); ცხოვრების
სტილიდან გამომდინარე (ბიზნესი, რომლის წამოწყება განაპირობა საცხოვრებლად კომფორტული
გარემოს ძიებამ); მიკრო, მცირე (სადაც დასაქმებულია ათ ადამიანზე ნაკლები); პორტფოლიო
(პარალელურად რამდენიმე ბიზნეს მიმართულების მართვა); სერიული წარმოება (როდესაც ერთ მეწარმეს
აქვს რამდენიმე ბიზნესი არა პარალელურად, არამედ ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად);
სოციალური (როცა მეწარმე კომერციულ და სოციალურ მიზნებს ერთმანეთს უთანხმებს).
ორგანიზაციული ქცევა და მასზე მოქმედი ფაქტორები

როგორც წესი, საოჯახო ბიზნესი იწყება ერთი პირისგან, რომელიც არის დამფუძნებელი. მას არამხოლოდ
ბიზნესის იდეა და კონცეფცია აქვს, არამედ სურვილი და უნარი, ბოლომდე მიიყვანოს ჩანაფიქრი.
მოგვიანებით, საქმეში ერთვებიან ოჯახის წევრებიც, ძირითადად მეუღლეები, შემდეგ კი მონაწილეთა
რაოდენობაც იზრდება.

საოჯახო ბიზნესი ჩვეულებრივი ბიზნესისგან ორგანიზაციული სტრუქტურით გამოირჩევა. აქ ოჯახის და


ბიზნეს ვალდებულებების განცალკევება შეუძლებელია, რადგან თუ ეს მაინც მოხდა, მნიშვნელოვნად
იმოქმედებს ოჯახის ღირებულებებზე, ემოციურ მდგომარეობაზე და სამეწარმეო პროცესზე. ამასთან,
საოჯახო ბიზნესის განსაკუთრებულობა მხოლოდ მის ფლობასა და საქმეში მონაწილეობაში კი არ არის,
არამედ ზომაშიც - როგორც წესი, ტურიზმსა და მასპინძლობის სფეროში ძირითადად წარმოდგენილია
პატარ-პატარა ფირმები, რომლებიც იშვიათად იზრდებიან. მკვლევრები წლებია დაინტერესებულნი არიან
იმით, თუ რატომ არ ხდება ამ მცირე ფირმების ზრდა. ძირითადი გამომწვევი მიზეზები გულისხმობს:
ბიზნესის ადგილისადმი ემოციურ მიჯაჭვულობას; იმის დაკარგვის შიშს, რაც უკვე აქვთ; ზრდის შიშს,
რადგან ეს მოითხოვს დამატებით რესურსებს; ფინანსების სიმცირეს.

ორგანიზაციული ქცევის მახასიათებლების მიხედვით საოჯახო ბიზნესი წარმოადგენს საწარმოს, სადაც


მიმართულებას იძლევიან ოჯახის წევრები და ინაწილებენ უფლებებსა და მოვალეობებს. თუმცა, საოჯახო
ბიზნესის ორგანიზაციული ქცევის განზოგადება არ უნდა მოხდეს, რადგან ის დამოკიდებულია
სტრუქტურაზე, სასიცოცხლო ციკლის ეტაპსა და კულტურაზე.

საოჯახო ბიზნესში ყველა რესურსი ოჯახურია, რადგან ის მიიღება ოჯახის ერთიანი ქმედების შედეგად.
თუმცა, თუ ვისაუბრებთ ოჯახის წევრების როლზე, უნდა აღვნიშნოთ, რომ წამყვანი როლი ქალებს
აკისრიათ. რესურსების ოჯახურობას შეიძლება ქონდეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა:
სამუშაო გარემო უფრო მოქნილია, ოჯახის წევრები არიან უფრო მონდომებულები, მათი კომუნიკაცია
უფრო მაღალეფექტურია, შემცირებულია ტრანზაქიული დანახარჯები და ა.შ. მნიშვნელოვანი რესურსია
ნებაყოფლობითი, უხელფასო დასაქმება, რაც ოჯახის წევრების მხრიდან საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებიც
მცირე სასტუმროებში, სადაც ისინი მხოლოდ ოჯახის მოგებას სჯერდებიან. დაბოლოს, არ უნდა
გამოგვრჩეს ეთნიკური მხარდაჭერა, როგორც რესურსი ემიგრანტების მხრიდან. მაგ., ჩინელი მეწარმეები
ერთმანეთს მუდმივად ეხმარებიან ფინანსებით, ბიზნეს რჩევებით და ა.შ.
მასპინძლობის კულტურული ასპექტები

მასპინძლობის ბიზნესის აღსაწერად მხოლოდ სასტუმროების, ბარების, რესტორნების საქმიანობის


შესწავლა საკმარისი არ არის. მასპინძლობა მოიცავს გაცილებით მეტს, ვიდრე მომსახურების სანაცვლოდ
გადახდილ თანხას. მას მჭიდრო კავშირი აქვს კულტურასთან და გულისხმობს გულღია დახვედრას და
ყველაფრის გაკეთებას იმისთვის, რომ სტუმარმა თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს.

ბევრი ავტორი მასპინძლობას განიხილავს სოციალური მეცნიერებების ჭრილში და სწავლობს სტუმრისა


და მასპინძლის ურთიერთობას როგორც კომერციულ, ისე არაკომერციულ ასპექტში. სოციალურ
მეცნიერებებში ტერმინი „მასპინძლობა“ გამოყენებულია, როგორც მასპინძელი საზოგადოებისა და
სტუმრის ურთიერთობა. მასპინძლობა მცირე ფირმების ჭრილში აღიქმება, როგორც ფულის შოვნის
საშუალება, რომელსაც არ სჭირდება განსაკუთრებული უნარები; უმეტესობა თვლის, რომ საჭმლის,
სასმლის და ღამის გასათევის მომზადებას განსაკუთრებული ცოდნა არ სჭირდება, რადგან ამას ისედაც
აკეთებენ ყოველდღიურ ყოფაში. თუმცა, ამ ბიზნესში სწორედ ესაა ერთ-ერთი მწვავე საკითხი .

ერთ-ერთი ფრანგი ფილოსოფოსის თანახმად, არსებობს არამხოლოდ მასპინძლობის კულტურა, არამედ


არარსებობს კულტურა, რომელიც არ მოიცავს მასპინძლობას. ყველა კულტურა ცდილობს ერთმანეთს
გაეჯიბროს მასპინძლობაში და სწორედ ამიტომ, მასპინძლობა თვითონაა კულტურა.

გასულ პერიოდში უცხოს მასპინძლობა საყოველთაო კულტურულ და რელიგიურ პარამეტრს


წარმოადგენდა; უცხოსთვის თავშესაფრის, საკვების, სასმლის, უსაფრთხოების შეთავაზება კარგი
აღზრდის მაჩვენებელი იყო; ეს ვალდებულებები ვრცელდებოდა ყველაზე, მიუხედავად მათი სტატუსისა
და წარმომავლობისა, რასაც საფუძვლად ედო რელიგიური შეხედულება, რომ ნებისმიერ დროს
შეიძლებოდა კარზე მგზავრად შენიღბული მაცხოვარი მომდგარიყო, რათა შეემოწმებინა ჩვენი
კაცთმოყვარეობა; ამასთან, მიიჩნეოდა, რომ თუკი მასპინძელი გულით არ მიიღებდა სტუმარს, მას
ყველანაირი ამქვეყნიური სიკეთე წაერთმეოდა. ქრისტიანული გადმოსახედიდან, მასპინძლობა უნდა იყოს
თავისუფალი და მეგობრული, რადგან უცნობი განიხილება, როგორც პოტენციური მეგობარი; სტუმარი
ყველანაირად უნდა იყოს დაცული; მასპინძელი უნდა მოექცეს პატივისცემით და მოეკიდოს
თანაგრძნობით და ა.შ. მე-20 ს-შიც აქტიურად იყო მასპინძლობისკენ მოწოდებები, განსაკუთრებით,
ქრისტიანულ სამყაროში, სადაც უანგარო მასპინძლობა ითვლებოდა სიკეთედ; 1930-იან წლებში აშშ-ში
მუშათა კლასი გამოვიდა მოთხოვნით, დაბრუნებულიყო ტრადიციები, რაც შეამსუბუქებდა უსახლკაროდ
და უმუშევრად დარჩენილი ადამიანების ყოფას.

ცხადია, რომ თანამედროვე საზოგადოებას არ აქვს უცნობების მასპინძლობის ისეთივე კულტურული და


რელიგიური ვალდებულება, როგორიც ეს ადრე იყო, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამედროვე
სამყაროში მასპინძლობა დაკნინებულია.
მასპინძლობის აქტივობების მიმზიდველობა. კომერციული სახლები

მასპინძლობის სექტორში ყველა სფეროს განსაკუთრებული აქტივობა ახასიათებს მომხმარებელთა


მისაზიდად. საუკეთესო მაგალითია პაბები ინგლისში, სადაც სამუშაოდ აჰყავთ ირლანდიელები, რადგან
ისინი ასოცირდებიან სასმლის მაღალ ხარისხთან; პატარა სასტუმრო სახლებში სტუმარს ხვდებიან
მანდილოსნები, რათა შეიქმნას მყუდრო და ოჯახური გარემო; რესტორნებში დიდი მნიშვნელობა აქვს
გარემოსა და მომსახურე პერსონალის კეთილგანწყობას - რესტორნის მომხმარებლებმა გამოკითხვისას
აღნიშნეს, რომ გემრიელი საკვებისგან მიღებული სიამოვნება ასოცირდება არამარტო კერძის ხარისხთან,
არამედ გარემოსთან, სადაც ისინი მიირთმევენ.

კომერციული სახლები იყოფა ორ ტიპად: პირველი, ესაა ჩვეულებრივი სახლი, სადაც სტუმრებსა და
მასპინძელს საერთო სივრცე აქვთ, ხოლო მეორე ტიპის სახლი მთლიანად მორგებულია სტუმრებზე.

განასხვავებენ კომერციული სახლების შემდეგ კატეგორიებს: ტრადიციული კომერციული სახლი,


ვირტუალური რეალობის კომერციული სახლი და თემატიკის მქონე სასტუმრო.

ზოგი ავტორი კომერციული სახლის მოწყობას უკავშირებს სტუმრისა და მასპინძლის ურთიერთობას და


გამოყოფს სამ სახეს: პირველი, ესაა კომერციული სახლი, სადაც საძინებლები სტუმრებისა და ოჯახის
წევრებისთვის ერთნაირადაა მოწყობილი და იმდენად შინაურული გარემოა, რომ შესაძლოა სტუმრის
საძინებელში იყოს მასპინძლის ოჯახის ფოტოები და ეს არ ქმნის პრობლემას, პირიქით, ჩნდება ოჯახური
გარემოს შეგრძნება. სასტუმრო და სასადილო ოთახიც საერთოა, სამზარეულო და აბაზანა კი ყველას
საკუთარი აქვს. მეორე ტიპის კომერციულ სახლებში ნაკლები საერთო სივრცეა და სტუმრებისთვის
განკუთვნილი სივრცე სპეციალურადაა მოწყობილი; მასპინძლის ოჯახის არანაირი კვალი არაა და
ყველაფერი სტუმარზეა მორგებული. მესამე ტიპის კომერციული სახლებს თვითმომსახურებასაც
უწოდებენ. ამ შემთხვევაში მასპინძლები არ ცხოვრობენ იმ სახლში, რომელშიც სტუმრეს იღებენ. ამ
შემთხვევაში სტუმარი მხოლოდ თანხას იხდის და მასპინძელი არც საკვებს სთავაზობს და არც
მომსახურებას, თუმცა, ყველაფერი შეთანხმებაზეა დამოკიდებული.

კომერციული სახლების მესაკუთრეების გამოკითხვამ ცხადყო, რომ მათ უმეტესობას ბიზნესის


წამოწყებისას ამოძრავებდა ეკონომიკური მოტივი და თანაც, სიამოვნებდათ ამ სფეროში ყოფნა.
კომერციული სახლების ფლობას და გაძღოლას, რა თქმა უნდა, ახასიათებს გარკვეული უპირატესობები
და ნაკლოვანებები. ამ ტიპის ბიზნესის წარმოწყების ბარიერები ძალიან დაბალია, რადგან კომერციული
სახლისთვის ფართის შეძენა ხელსაყრელ ფასადაა შესაძლებელი. თუმცა, ეს ფაქტი ცალკეული
რეგიონებისთვის სულაც არაა დადებითი, რადგან საქმეს ბევრი იწყებს, თუმცა სტუმრებს ვერ სთავაზობს
მომსახურების შესაბამის ხარისხს, რაც მთლიანად უფუჭებს სახელს დანიშნულების ადგილს.
საოჯახო ბიზნესის დაწყების მოტივაცია
ბიზნესი დაწყების მიზნები

საოჯახო ბიზნესის წამოწყების მოტივები და მიზანი სხვა ბიზნესებისგან განსხვავებულია. ამასთან,


განსხვავებები თავად საოჯახო ბიზნესის შიგნითაცაა - ნაწილისთვის ოჯახი ბიზნესზე მთავარია და
ბიზნესი არის ამ ოჯახის ცხოვრების საშუალება, ხოლო ნაწილისთვის მთავარი ბიზნესია და ის
განაპირობებს ოჯახის ცხოვრების წესს.

ეკონომიკური თეორიის მიხედვით, ბიზნესის წამოწყებისას უნდა ვიფიქროთ ალტერნატიულ ვარიანტში


რას შევძლებდით, ანუ იმ დროში, რასაც მასზე ვხარჯავთ, რამდენს გადაგვიხდიდნენ სხვაგან. თუმცა,
საოჯახო ბიზნესის წამოწყებისას ამაზე არავინ ფიქრობს. აქ მთავარია საკუთარი თავისა და ოჯახის
წევრების დასაქმება, საკუთარი თავის უფროსობა, დამოუკიდებლობა. კვლევების თანახმად, საოჯახო
ბიზნესის წამოწყებას სხვადასხვა მოტივი განაპირობებს, მათ შორის კი ძირითადია ეკონომიკური,
სოციალური და პირადი მოტივები. გამოკითხულთა უმეტესობამ ხაზი გაუსვა ისეთ მიზეზებს,
როგორებიცაა თვითდასაქმება, პირადი და ოჯახური მიზეზები, უკმაყოფილება წინა სამსახურით,
უმუშევრობის დაძლევა, საცოხვრებლად ახალ ადგილას გადასვლა, არსებული ცხოვრების სტილისგან
თავის დაღწევა, მეტი ფულის შოვნა, კარიერული წინსვლა, სასურველი საქმის კეთების სურვილი.
ამდენად, ძირითადად განასხვავებენ ეკონომიკურ და არაეკონომიკურ მოტივებს. ეკონომიკური მოიცავს
თვითდასაქმებას, სამუშაო ადგილის შექმნას ოჯახის წევრებისთვის, დამატებითი შემოსავლის მიღებას;
არაეკონომიკური კი ჰობის განხორციელებას, სასურველი საქმის წამოწყებას, ახალი ხალხის გაცნობას,
ცოდნის გაღრმავებას და სხვას.

არაერთი კვლევა ჩატარდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზნები განაპირობებს საოჯახო ბიზნესის


წამოწყებას. ძირითადი პასუხებია: ცხოვრების სტილის შეცვლა, სახლის მოვლა და შენახვა, თანხის
შეგროვება პენსიისთვის, ახალი ხალხის გაცნობა და სხვა. აღმოჩნდა, რომ რესპოდენტებისთვის ცხოვრების
სტილის შეცვლა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. კვლევების შედეგების საფუძველზე ასევე
გამოიკვეთა ერთი საინტერესო ფაქტი - ბავშვებს, რომლებიც საოჯახო ბიზნესის გარემოში აღიზარდნენ,
ზრდასრულობაში უჩნდებათ საკუთარი ბიზნესის წამოწყების იდეა. ამასთან, საყურადღებოა მიგრაციის
გავლენა. აღმოჩნდა, რომ ეკონომიკური სიტუაცია ერთ-ერთი მთავარი ბიძგია ბიზნესის წამოსაწყებად.
სწორედ ამიტომ, დიდ ბრიტანეთში აზიელი მიგრანტები, რომლებსაც დასაქმება ეძნელებათ, იწყებენ
ბიზნესს. ასევე გამოიკვეთა, რომ განვითარებად ქვეყნებში ბიზნესის წამომწყებნი ხშირად არიან
დაბრუნებული მიგრანტები, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში ჩამოაქვთ არამარტო ფულადი სახსრები,
არამედ ცოდნა და გამოცდილება, რაც საუკეთესო ინვესტიცია აღმოჩნდება-ხოლმე. თუმცა, სამწუხაროდ,
ადამიანები, რომლებიც წარმატებას აღწევენ უცხო ქვეყანაში, ნაკლებად ბრუნდებიან სამშობლოში.

კვლევების საფუძველზე გამოვლინდა, რომ ყოველი სამიდან, ერთი ახალი ბიზნესი პირველივე წელს
განიცდის მარცხს, ხოლო ორი - მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ამის მიზეზად, ძირითადად, ბიზნეს
გეგმის არარსებობა სახელდება. სტანდარტული ბიზნეს გეგმის მთავარი კომპონენტებია: ბიზნესის
კონცეფცია, მიზნები, მფლობელებისა და მონაწილეების პროფაილები, კაპიტალი ინვესტიციისთვის,
ქონების არსებობა, ბაზრის შეფასება, განვითარების გეგმა, მარკეტინგული გეგმა, შესაბამისი დასკვნები.
ბიზნეს გეგმა აუცილებელია ნებისმიერი ბიზნესის წამოსაწყებად. თავაპირველად, ეს შეიძლება იყოს
უბრალო მონახაზი, რომელიც დროთა განმავლობაში გადაიქცევა გრძელვადიან სტრატეგიად.

You might also like