You are on page 1of 1

პლევრის ღრუს

პუნქცია
პლევრული პუნქციის მიზანია პლევრის ღრუდან სითხის მიღება და მისი
თვისებების შესწავლა. პუნქციისთვის იყენებენ სტერილურ (20 მლ-იან) შპრიცს და
მასზე წამოგებულ 2 მმ დიამეტრის სანათურიან მოგრძო ნემსს. გულმკერდზე
მიღებულ მაქსიმალური პერკუსიული მოყრუების ადგილს, ისევე როგორც ექიმის
ხელებს, ქირურგიულად ამუშავებენ. იღლიის უკანა ან ბეჭის ხაზზე, VII-VIII ნეკნებს
შორის არსებულ სივრცეში, ნეკნის ზედა კიდის გასწვრივ (ისე, რომ არ დაზიანდეს
ნეკნთაშუა არტერია) ქსოვილს სწრაფად ჩხვლეტენ (პლევრის ღრუში მოხვედრა
სიცარიელეში ჩავარდნასავით შეიგრძნობა). შპრიცის დგუშის ნელი ამოწევით
ამოქაჩავენ 20-30 მლ სითხეს (თუ საჭიროა, ამავე ნემსით შეჰყავთ წამალი), ამოიღებენ
ნემსს და ნაჩხვლეტს კოლოდიუმიან ბამბას ადებენ. პუნქტატს ლაბორატორიაში
გზავნიან. სამკურნალო მიზნით სითხის ევაკუაცია პოტენის ასპირატორის
მეშვეობით ხდება. ასპირატორი წარმოადგენს გრადუირებულ ბოთლს ყელში
ჩადგმული რეზინის საცობით, რომელშიც ონკანიანი ორი მილი გადის. ერთი
მათგანი საცობის ქვედა ბოლოსთან მთავრდება, მეორე ბოთლის ძირამდე აღწევს.
მოკლე მილს გარედან რეზინის მილით უერთდება ამომწოვი ტუმბო, გრძელს კი -
პლევრაში ჩადგმული ნემსი. ონკანების რეგულაციითა და ტუმბოთი ბოთლში
წინასწარ შექმნილი უარყოფითი წნევის ქვეშ ნელა აგროვებენ სითხეს. ფილტვის
შეშუპების თავიდან ასაცილებლად ერთ ჯერზე 1,5 ლ-ზე მეტ სითხეს არ იღებენ.
პლევრული სითხის
გამოკვლევა
პლევრის პუნქციისა და სითხის ევაკუაციის გზით მიღებულ პუნქტატს ფიზიკურად,
ქიმიურად და მიკროსკოპიულად იკვლევენ. პლევრული სითხის უფერულობა
ექინოკოკის ბუშტის სითხის თვისებად შეიძლება მივიჩნიოთ. მოყვითალო ფერი
ახასიათებს როგორც ტრანსუდატს (არაანთებით გამონაჟონს), ისეექსუდატს
(ანთებით გამონაჟონს). კუთრი წონის გასაზომად სითხეს მინის ცილინდრში
ათავსებენ და ურომეტრის საშუალებით ზომავენ. 1018-ზე მეტი კუთრი წონა
ექსუდატზე მიუთითებს, 1015-ზე ნაკლები - ტრანსუდატზე. გარდა ამისა, იკვლევენ
სითხეში ცილების ოდენობასაც. ექსუდატში ცილა 2,5%-ზე მეტია, ტრანსუდატში -
2,0%-ზე ნაკლები. ციტოდიაგნოსტიკისთვის (ბერძნულად ციტოს - უჯრედი)
საცენტრიფუგო ჭურჭელში მოქცეული გამოსაკვლევი სითხის ნაწილი
ცენტრიფუგით დაილექება. ნალექზედა სითხეს გადაასხამენ, ნალექის წვეთს სასაგნე
მინაზე გადაიტანენ, მთელ ზედაპირზე გაშლიან, ჰაერზე აშრობენ, შემდეგ კი ღებავენ
რომანოვსკ-გიმზას საღებავით. შეღებილ პრეპარატში, ითვლიან და გამოიყვანენ
ნეირტროფილური ლეიკოციტებისა და ლიმფოციტების პროცენტულ მაჩვენებელს.
ნეიტროფილების მკვეთრი სიჭარბე პლევრის მწვავე ანთებით პროცესზე მიუთითებს,
ლიმფოციტების სიჭარბე კი - ქრონიკულ (მაგალითად ტუბერკულოზურ) პროცესზე.

You might also like