You are on page 1of 13

ძველბერძნული დრამატურგია

(A Guide to Ancient Greek Drama-ს მიხედვით, I.C. Storey &, A. Allan, Blackwell Publishing)

ძირითადი ინფორმაცია
ტერმინი დრამატურგია მომდინარეობს ძველბერძნული სიტყვიდან δραματουργός. სიტყვა
δρᾶμα პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს ნამოქმედარს, მოქმედებას. ამიტომაც
არისტოტელე ამბობდა, რომ დრამატურგები „აღწერენ ადამიანებს მოქმედებაში“, რაც
განსხვავდება ავტორისეული ნარატივის ან შერეული ნარატივისგან, როგორიც ჰომეროსის
ეპოსებში გვხვდება.

პლატონს და არისტოტელეს თეატრალური წარმოდგენები მიმესისი-„იმიტაცია“,


„მიმსგავსება“ მიაჩნდათ. პლატონისთვის ეს უარყოფითი იყო-მისი აზრით, რადგანაც
მიმესისი გულისხმობს ერთი ადამიანის მიერ სხვისი როლის მორგებას, იგი მორალურად
გაუმართლებელი საქციელია. არისტოტელეს მიმესისი არამარტო ბუნებრივ, არამედ
ადამიანის შემეცნებითი პროცესისთვის მნიშვნელოვან მოვლენად მიაჩნდა.

დრამატურგია ხელს უწყობს ისტორიული მოვლენების უკვდავყოფას, მაგრამ შეიძლება


გააჩნდეს სხვა დანიშნულებებიც: რელიგიური, რიტუალური და მეცნიერულიც კი (ნავაჰოს
ცეკვები აღწერენ სამყაროს შექმნასა და განკურნვის სხვადასხვა რიტუალებს). ანტიკური
ბერძნული დრამატურგიის შემთხვევაში მკითხველს საქმე აქვს ისტორიისა და ფიქციის
ერთიანობასთან. პიესათა დიდი ნაწილი შთაგონებულია ბერძნული გმირთა ხანიდან,
რომელიც ანტიკურ პერიოდამდე დაახლოებით ათასი წლის წინ მიმდინარეობდა.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტერმინი ამ საკითხის განხილვისას არის თეატრი, რომლის


ფუძეა თეა-, რაც „ყურებას“ ნიშნავს. არსებითი სახელი თეატრონი აღნიშნავდა პიესის
დადგმის ადგილსაც და მის მაყურებელ საზოგადოებასაც. თანამედროვეობაში არსებობს
დრამატურგიის ორნაირი შესწავლის მეთოდიკა: თეატრალური და ლიტერატურული.
ლიტერატურულ ჭრილში დანახული დრამატურგია არის უბრალო ტექსტი, რომელსაც, სხვა
ლიტერატურული ნაწარმოებების მსგავსად, გააჩნია მხატვრული ღირებულებები. მაგრამ
თუკი პიესას თეატრალური ხედვით შევისწავლით, მაშინ მხატვრული ღირებულებების
გარდა საჭირო იქნება ყურადღება პიესის დადგმასთან დაკავშირებულ დეტალებზეც
გადავიტანოთ.

ძველბერძნული დრამატურგიის ისტორია იწყება ათენში, მეექვსე საუკუნის შუა


პერიოდში. დღესდღეობით მოღწეულ ძველბერძნულ პიესათა უმეტესობა დაწერილია
მეხუთე საუკუნეში, ხოლო მთლიანობაში ბერძნული დრამატურგიული ნაწარმოებები
იწერებოდა ძვ.წ. VI-III საუკუნეებში. ძველბერძნულ პიესებს სამ ჟანრად ჰყოფენ: ტრაგედია,
კომედია და სატირული პიესა.
ხელოვნება დრამატურგიამდე
ანტიკური დრამატურგიის უმნიშვნელოვანესი შთაგონების წყარო ჰომეროსი იყო. დღემდე
შემორჩენილი ოცდაცამეტი ტრაგედიიდან მხოლოდ ორი ეკვეთება შინაარსობრივად
„ილიადასა“ და „ოდისეას“, მაგრამ ცნობილია, რომ მრავალი დაკარგული პიესა
ჰომეროსისეულ შინაარსებს იყენებდა. ჰომეროსიცა და ტრაგიკოსებიც აღწერდნენ შორეულ
წარსულში მომხდარ მოვლენებსა და ძველ გმირებს ნაცვლად თანამედროვეობისა.

ძვ.წ. VII-VI საუკუნეებში გმირულ-ეპიკური პოეზია ლირიკულმა ჩაანაცვლა. ლირიკულ


პოეზიას ლირის დაკვრისას მღეროდნენ. ნაწარმოებები მოკლე მითოლოგიური
შინაარსებისაგან შედგებოდა. ამ ფორმის გამორჩეული პოეტები იყვნენ სტესიქოროსი,
ბაკქილიდესი და პინდაროსი. სტესიქოროსის პოემების მხოლოდ ნაწყვეტებიღაა
შემორჩენილი, რომელთაგან გამორჩეულია თებეს მითი, ტრაგედიის ერთ-ერთი რჩეული
თემა; ორესტეია (რომელსაც ესქილეს ორესტეიასთან აქვს მსგავსებები) და ელენეს მითი,
რომელიც ევრიპიდემ თავისი „ელენეს“ შთაგონების წყაროდ გამოიყენა.

- ათენი ძვ.წ VI-V


მეექვსე საუკუნეში ათენი არ ყოფილა წამყვანი პოლისი, როგორიც იგი უმეტესობას
წარმოუდგენია. ათენზე გაცილებით უფრო განვითარებული პოლისები იყვნენ სპარტა,
კორინთო, სიკიონი და სამოსი. ათენი მდებარეობდა ატიკაში, რომელიც არ გამოირჩეოდა
ნაყოფიერი მიწებით და არც საძოვრებად გამოსადეგარი ბალახებით. მაგრამ მეექვსე
საუკუნის გვიან პერიოდში ათენში ეკონომიკური აღმავლობა დაიწყო, რაც განაპირობა
ათენის სამმა უმნიშვნელოვანესმა პროდუქტმა: ზეთი და ზეთისხილი, რომლის ხარისხიც
საუკეთესო იყო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში; თიხა და თიხის ნაკეთობები,
რომლებმაც მალე კორინთული ნაკეთობები დაჯაბნა; და ლავრეიონის მაღაროებში
მოპოვებული ვერცხლი, რომლისგან ნაწარმოები ათენური ბუ (სურათი) საბერძნეთის ერთ-
ერთი ფართოდ გავრცელებული ვალუტა გახდა.

მეექვსე და მეხუთე საუკუნის ნაწილში ათენის


მმართველობა ტირანიული იყო, რის გამოც
მოგვიანებით უკვე დემოკრატიული ათენელები მას
უარყოფითად მოიხსენიებდნენ. ამ შეხედულებათა
მიუხედავად, ათენის ტირანებს მრავალი
მნიშვნელოვანი რეფორმა თუ ინოვაცია ეკუთვნით.
მეხუთე საუკუნეში ათენის მოხვეჭილი დიდება
ნაწილობრივ ტირანიის დამსახურებაა. ტირანებმა ათენური ბუ
პოლისში მოიწვიეს პოეტები, განავითარეს
ინფრასტრუქტურა, ჩამოაყალიბეს პანთენაიასა და
დიონისიას დღესასწაულები. ასევე ტირანების
ინიციატივით ტარდებოდა ჰომერული პოეზიის
თხრობის კონკურსები, რომელთა საფუძველზე ჰომეროსის პირველი „ოფიციალური“ ტექსტი
ჩამოყალიბდა. დრამატურგიისთვის ამ რეფორმებს შორის უმნიშვნელოვანესი დიონისიის
შექმნა იყო.

სწორედ ამ ვითარებაში იწყებს დრამატურგია განვითარებას, რომლის დასაწყისიც ძვ.წ.


534 წელი ითვლება. თავიდან განვითარდა ტრაგედია, შემდეგ სატირული პიესა და ბოლოს
კომედია. დღესაც არ არის ზუსტად ცნობილი სწორედ ათენში რატომ დაიწყო
დრამატურგიის განვითარება და არა სხვა, უფრო მდიდარ პოლისში.

დრამატურგიის წარმოშობა
დრამატურგიის განვითარებაზე უდიდესი გავლენა იქონია დითირამბებმა, დიონისეს
პატივსაცემმა ჰიმნებმა. დითირამბებს ქოროსები მღეროდნენ, რომლებიც ორმოცდაათამდე
კაცისაგან შეიძლებოდა შემდგარიყო. ვარაუდობენ, რომ დითირამბის შესრულებისას ქოროსი
დიონისესთან დაკავშირებულ მითებს გაითამაშებდნენ ხოლმე. მითოლოგიის თანახმად
დითირამბი არიონმა, პოსეიდონისა და ინოს ვაჟმა გამოიგონა.

ტრადიციული წყაროების თანახმად, დრამატურგია ძვ.წ 534 წელს იწყებს განვითარებას.


არისტოტელეს მიხედვით ეს პროცესი უკავშირდება თესპისის სახელს, რომელიც ქოროს
გამოეყო და თვითონ დაიწყო სიმღერის შინაარსის შესრულება. თესპისი ნიღბებს იყენებდა
სხვადასხვა პერსონაჟის როლის შესასრულებლად. ამ პერიოდში თეატრალური დადგმა ჯერ
კიდევ ერთი მსახიობისაგან შედგებოდა.

ათენის აღმავლობის პერიოდის (479–404) დროს დაწერილი პიესები ჩვენთვის ყველაზე


კარგად არის ცნობილი. ამ პერიოდიდან ჩვენამდე მოაღწია ოცდაათმა ტრაგედიამ, ერთმა
სატირულმა პიესამ, ერთმა ნახევრადსატირულმა პიესამ და ცხრა კომედიამ.

ტრაგედიის ზუსტ წარმომავლობაზე მეცნიერები ვერ თანხმდებიან. ზოგის აზრით ეს


ჟანრი წარმოიშვა ლირიკული პოეზიისგან (როგორც ზემოთ იყო აღნიშნული). სატირულმა
ჟანრმა დაახლოებით 501 წელს დაიწყო ტრაგედიისგან გამოყოფა. ფესტივალებზე ისინი
ტრაგედიებთან ერთად იდგმებოდა, ხოლო უკვე 340 წელს სრულიად გამოეყო ტრაგედიებს
და მხოლოდ ერთხელ იდგმებოდა დრამატურგიული ფესტივალის დასაწყისში. მეოთხე
საუკუნეში უკვე სატირული დრამა დამოუკიდებელი ჟანრი გახდა.

კომედია გაცილებით გვიან, 486 წელს ჩამოყალიბდა. მეცნიერები კომედიის სამ პერიოდს
გამოყოფენ: ძველი კომედია (486-385), შუა კომედია (385-325, არისტოფანესა მენანდროსის
შორის არსებული პერიოდი) და ახალი კომედია (325 წლიდან). დღემდე შემორჩენილია
ძველი და ახალი კომედიის ნიმუშები.

რელიგიური ფესტივალები
ათენში პიესები ორი რელიგიური დღესასწაულისთვის იწერებოდა: ლენაია და ქალაქის
დიონისია. დიონისიის იდეა სავარაუდოდ ეკუთვნის ათენის ტირან პესისტრატოსს,
რომელმაც დიონისეს სათაყვანო დღესასწაული განავრცო. ამ გზით ტირანი პოლისის
ერთიანობის გაძლიერებას და ხალხის ცენტრალიზაციას ცდილობდა. ქალაქის დიონისიის
გარდა არსებობდა სოფლის დიონისიაც, თუმცა დრამატურგიული დადგმები მხოლოდ
ქალაქის დიონისიის მახასიათებელი იყო.

- ქალაქის დიონისია

ქალაქის დიონისია ხუთ დღეს მოიცავდა ათენურ ჰელაფებოლიონის (ნადირობა ირემზე)


თვეში, რაც თანამედროვე კალენდრის გვიანი მარტისა და ადრეული აპრილის პერიოდს
შეესაბამება. ამ ფესტივალზე ტარდებოდა შეჯიბრება დრამატურგიასა და დითირამბში.
ყველა მოქალაქე თავისუფლდებოდა სამსახურისგან, ეკლესია (მოქალაქეთა სამმართველო
ყრილობა) არ იკრიბებოდა, ჩერდებოდა იურიდიული პროცედურები და პატიმრები
დროებით თავისუფლდებოდნენ.

8 ჰელაფებოლიონი პროაგონი
9 ჰელაფებოლიონი დიონისეს წარდგენა
10 ჰელაფებოლიონი პარადი და შეჯიბრი დითირამბში
11 ჰელაფებოლიონი კომიკოსთა შეჯიბრი (5 პოეტი თითო პიესით)
12 ჰელაფებოლიონი პირველი ტრაგიკოსი (3 ტრაგედია, 1 სატირული პიესა)
13 ჰელაფებოლიონი მეორე ტრაგიკოსი (3 ტრაგედია, 1 სატირული პიესა)
14 ჰელაფებოლიონი მესამე ტრაგიკოსი (3 ტრაგედია, 1 სატირული პიესა)
ძვ.წ. 430 წლის დიონისიის განრიგი

დიონისიის ხუთდღიან ფესტივალამდე ორი დღით ადრე ხდებოდა პროაგონი-წინასწარი


შეჯიბრება, რომლის დროსაც დრამატურგები და მსახიობები მინიშნებებს იძლეოდნენ
თავიანთი პიესების შინაარსებზე. დიონისიის წინა დღეს მიმდინარეობდა დიონისეს
„წარდგენა“-პროცესია, რომლის დროსაც ღმერთის ქანდაკებას ტაძრიდან აკადემიისკენ
მიაბრძანებდნენ. ფესტივალის შემდეგ ეკლესია თეატრში იკრიბებოდა პნიქსის ნაცვლად,
რათა განეხილათ იმ წლის ფესტივალთან დაკავშირებული საკითხები. ძვ.წ. 386 წელს
დიონისიას დაემატა „ძველი ტრაგედია“, ხოლო 340 წელს სატირულ პიესათა რაოდენობა
ერთამდე შემცირდა და ფესტივალის დასაწყისში იდგმებოდა. 339 წელს ფესტივალს „ძველი
კომედიაც“ შეემატა.

ატიკის სხვადასხვა კუთხეში სოფლის დიონისიის აღნიშვნისას ასევე იდგმებოდა


დითირამბები და დრამატურგიული პიესები. სხვადასხვა მცირე დემოსში (ატიკის
რეგიონალური დანაყოფები) იდგმებოდა ცნობილ დრამატურგთა ნაწარმოებები. სხვადასხვა
დემოსს გარკვეული ჟანრები მოსწონდა-ზოგი ტრაგედიას ანიჭებდა უპირატესობას, ზოგი კი
კომედიას.

- ლენაია

ლენაია მიმდინარეობდა ათენური გამელიონის (ქორწილის) თვეში, რაც გრეგორიანული


კალენდრით იანვრის მეორე ნაწილს შეესაბამება. იგი იონიელი ბერძნების ერთ-ერთი
უძველესი დღესასწაული იყო. უცნობია ლენაიას აღნიშვნისა და მასთან დაკავშირებული
რიტუალების მიზეზი. ზოგის ვარაუდით დღესასწაულის მისტიკური ელემენტები დიონისეს
შობასთან არის დაკავშირებული.

ლენაია თავიდან აგორაზე აღინიშნებოდა, მაგრამ დროთა მანძილზე იგი თეატრის


მიმდებარე ტერიტორიაზე გადავიდა. ლენაიას ხელმძღვანელობდა არქონ ბასილევსი,
რომელიც ძველი მონარქიისდროინდელ რელიგიური დატვირთვის ტრადიციებზე იყო
პასუხისმგებეილი. დიონისიას განაგებდა ეპონიმოს არქონი, რომელიც სამოქალაქო
საკითხებზე იყო პასუხისმგებელი.

დრამატურგიული შეჯიბრებები ლენაიაზე დაახლოებით 440 წლიდან დაიწყო.


სავარაუდოდ ლენაია დიონისიაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ფესტივალი იყო და მასში
ახალბედა დრამატურგები იღებდნენ მონაწილეობას კარიერის დასაწყებად. ასევე ლენაიას
ფესტივალს მხოლოდ ათენელები ესწრებოდნენ, ხოლო დიონისიისას პოლისში
ჩამოდიოდნენ უცხოელი ელჩები და მოკავშირეები. ამის გამო ლენაიას უფრო
არაფორმალური სტატუსი შეიძლება ჰქონოდა. უცნობია ტარდებოდა თუ არა დითირამბი ან
სატირული პიესა ლენაიაზე-წყაროებიდან თუ დავასკვნით, სრულდებოდა მხოლოდ
ტრაგედია და კომედია, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცით პიესათა რაოდენობა.

- მზადება ფესტივალისთვის

ფესტივალისთვის მზადება რამდენიმე თვით ადრე იწყებოდა. პიესის დადგმის მსურველი


დრამატურგები მიმართავდნენ ფესტივალის მეთაურებს (ეპონიმოს არქონს დიონისიას და
არქონ ბასილევსს ლენაიას შემთხვევაში). ეს მეთაურები ათენის სამუშაო წლის დასაწყისში
(ივლისის პირველი ნახევარი) იწყებდნენ მუშაობას და იმთავითვე ფესტივალის საკითხებს
აგვარებდნენ. ზუსტად უცნობია რამდენ პიესას წარადგენდნენ დრამატურგები, მაგრამ
წარმატებული ტრაგიკოსი ორ წელში ერთხელ დგამდა თავის ნაწარმოებებს სცენაზე.
არქონთა მოვალეობაში შედიოდა ასევე ქორეგოსების შეკრებაც. ქორეგოსი (ქოროს მომყვანი)
იყო მდიდარი ათენელი, რომლის დანიშნულებაც ქოროს შეკრება, მათთვის მწვრთნელისა და
სავარჯიშო სივრცის გამონახვა და ნიღბებისა და კოსტუმების მოძიება იყო. ისინი ერთგვარი
სპონსორები იყვნენ. ქორეგოსობას ბერძნულად ქორეგია ეწოდება. ქორეგია ათენში
მოქალაქეობრივი ვალდებულება იყო და უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ასევე ეს პოზიცია
მდიდარ ათენელებს ავტორიტეტს სძენდა და მათ დემოკრატიის გულშემატკივრებად
წარმოაჩენდა. ასევე მისი სახელი მოხსენიებული იყო გამარჯვებულთა სიაში, დადგმის
ავტორამდე.

თუკი პიროვნება თავს არ მიიჩნევდა ქორეგიის ღირსად (ან უბრალოდ არ უნდოდა


ქორეგოსობა), მაშინ იგი ანტიდოსისს მიმართავდა-უარს ამბობდა ქორეგიაზე და მას უფრო
მდიდარ ათენელს გადააბარებდა. როგორც ცნობილია, ტრაგედიის ქორეგია ყველაზე
პრესტიჟულად მიიჩნეოდა. მაგრამ თუ გვიანდელ წყაროებს დავუჯერებთ, დითირამბის
დადგმა უფრო დიდ ხარჯთან იყო დაკავშირებული.

ზუსტად ცნობილი არ არის თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ ქორეგოსებს თავად


დრამატურგებთან და იზიარებდნენ თუ არა პიესის სათქმელს. ფრინიქოსის ქორეგოსი
„ფინიკიელი ქალების“ დადგმისას იყო თემისტოკლე. თემისტოკლე უმნიშვნელოვანესი
ფიგურა იყო სპარსელთა დამარცხებაში ბერძენთა მიერ, ხოლო ფრინიქოსის ეს პიესა იყო
სპარსელთა დამარცხების დრამატიზება. ოთხი წლის შემდეგ ამ პიესით შთაგონებულმა
ესქილემ დადგა „სპარსელები“, ხოლო მისი ქორეგოსი ახალგაზრდა პერიკლე, თემისტოკლეს
პოლიტიკის მემკვიდრე იყო.

თავად დრამატურგებს ძველ საბერძნეთში დიდასკალოსებს უწოდებდნენ. ბერძნული


სიტყვა διδάσκαλος ითარგმნება, როგორც „მასწავლებელი“. ეს სახელი მიანიშნებს მათ
პირვანდელ ფუნქციაზე: თავიდან დიდასკალოსებს მხოლოდ ქოროსის გაწვრთნა
ევალებოდათ, თუმცა როდესაც დადგმებს მსახიობებიც დაემატნენ, მათ იკისრეს პიესების
წერაც. ანტიკური დრამატურგი თანამედროვე გაგებით რეჟისორიც იყო, რადგან მას
ევალებოდა არა მარტო პიესის დაწერა, არამედ ქოროსის მომზადება, ქორეოგრაფიის
ზედამხედველობა და საჭირო რესურსების მოპოვებაც.

- შეჯიბრება და ჟიური

თეატრალური დადგმები წარმოადგენდა


შეჯიბრებას. ეს ფენომენი საკმაოდ
გავრცელებული იყო ძველ საბერძნეთში:
ბერძნები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სპორტში,
მუსიკაში, პოეზიასა და ხელოვნების სხვა
დარგებში. ანტიკურ საბერძნეთში
გავრცელებული იყო ოთხი პანელინური
თამაშები: ოლიმპიური, პითიური, ნემეური და
ისთმიური. პითიური თამაშები ტარდებოდა
ქალაქ დელფოსში ღმერთ აპოლონის
საპატივცემულოდ. თავიდან იგი პოეზიისა და
მუსიკის შეჯიბრება იყო (რაც ბუნებრივია, რადგან აპოლონი მუსიკისა და პოეზიის ღმერთი
იყო), შემდეგ კი სპორტულ თამაშებში გადაიზარდა. ოთხ წელში ერთხელ ათენში ასევე
ტარდებოდა პანათენაია, რომლის დროსაც სპორტულ თამაშებთან ერთად ტარდებოდა
მუსიკისა და ჰომეროსის ნაწარმოებების კითხვაში შეჯიბრებები.

მეექვსე საუკუნის ბოლოს ათენის საზოგადოება ათ ტომად იყო დაყოფილი, რომლებიც


ერთმანეთს დითირამბებში ეჯიბრებოდნენ. თითოეული ტომიდან არჩევდნენ ერთ ჟიურის
წევრს. ჟიურის წევრები კენჭისყრით წყვეტდნენ ვინ გაიმარჯვებდა და ხმას აძლევდნენ
სასურველ კანდიდატს. ათი ხმიდან შემთხვევითად ამოირჩეოდა ხუთი ხმა (შემთვევითობა
განპირობებული იყო მოსყიდვის ალბათობის შესამცირებლად) და სწორედ ამის მიხედვით
ცხადდებოდა გამარჯვებული. ეს, რა თქმა უნდა, არ არის კარგი სისტემა და ხშირად იწვევდა
უთანხმოებას მოსახლეობაში. კომიკოსები ჟიურის წევრებს პირდაპირ მიმართავდნენ ქოროს
მეშვეობით და უმტკიცებდნენ თუ რატომ უნდა მოეგო თავიანთ პიესას (როგორც
არისტოფანეს „ფრინველების“ მონაკვეთშია).

გამარჯვებული პიესის ავტორი და ქორეგოსი ჯილდოვდებოდა დაფნის, პიტნის ან


ვარდების გვირგვინებით (ძვ.ბერძ.στέφανος). მათი სახელები გამოფენილი იყო თეატრის
ახლოს მდებარე ქუჩაზე აღმართულ მონუმენტებზე. პოეტები (ანუ დრამატურგები)
სახელმწიფოსგან იღებდნენ ხელფასს (μισθός).

თეატრი, თეატრალური სივრცე


თანამედროვეობაში ყველაზე კარგად შემორჩენილი ბერძნული თეატრი ეპიდავროსში
მდებარეობს. იგი მეოთხე საუკუნეში აშენდა, ამიტომაც არ ჰგავს იმ თეატრებს, რომლებსაც
კლასიკური ბერძენი დრამატურგები იყენებდნენ ათენში ერთი საუკუნით ადრე.
ეპიდავროსის თეატრი გაცილებით უფრო გრანდიოზული ნაგებობა იყო. ამ აგებულების
თეატრი პირველად აშენდა ათენში 320 წელს, როდესაც ლიკურგოსმა აღადგინა ათენის
თეატრი. იგი მდებარეობდა აკროპოლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ გორაზე, აგორას
საპირისპირო მხარეს. აღსანიშნავია, რომ თავიდან პიესებს (განსაკუთრებით კომედიებს)
აგორაზეც დგამდნენ, განსაკუთრებით ლენაიაზე, თუმცა მალევე მათ თეატრში
გადაინაცვლეს. ზოგი მკვლევარის აზრით, აგორაზე მაინც გრძელდებოდა დადგმების
წარმოება მეხუთე საუკუნეში.

თეატრი განლაგებული იყო გორაზე,


რომელიც გადმოჰყურებდა მოსწორებულ
წრიულ სივრცეს. ამ ბრტყელ სივრცეს ერქვა
ორქესტრა (ძვ.ბერძ. ὀρχήστρα), სადაც
მიმდინარეობდა თავად პიესა. ორქესტრას
გადმოჰყურებდა თეატრონი, რომელზეც
მაყურებლები სხდებოდნენ. თავიდან
თეატრალური სივრცე მხოლოდ ამ ორ
ელემენტს მოიცავდა. მსახიობებისთვის
შემოსასვლელები იყო გაკეთებული
ორქესტრას ორ მხარეში, თუმცა თავიდან მას
არ ჰქონდა იმდენად ფორმალური სახე.
მსახიობებსა და ქოროს ერთი სივრცე უნდა გაეყოთ-არ არსებობდა დადგენილი წესები მათ
განლაგებაზე.

ძვ.წ. 458 წელს თეატრს დაემატა მესამე მნიშვნელოვანი ელემენტი-სკენე, რომელიც


ორქესტრას უკან მდებარეობდა. სწორედ ამ ტერმინიდან მომდინარეობს თანამედროვე
„სცენა“. სკენე ორქესტრას მესამე შესასვლელს სძენდა. ამან უდიდესი გავლენა იქონია
დრამატურგიაზე, რაც ჩანს ესქილეს „ორესტეიაში“, რომლისთვისაც სკენეს შესასვლელი
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია და დრამატულ ეფექტის ზრდას უწყობს ხელს.
თავად სიტყვა სკენე „კარავს“ ნიშნავს და წესით თავიდან არ უნდა ყოფილიყო მუდმივი
ნაგებობა, რაზეც მისი სახელი მეტყველებს. თუმცა დროთა მანძილზე იგი თეატრალური
სივრცის მუდმივ ნაწილად იქცა. მეხუთე საუკუნეში სკენეს ხისგან აკეთებდნენ, რადგან იგი
დროებით სტრუქტურად იყო ჩაფიქრებული. თუმცა ელინისზმისა და რომაული პერიოდის
თეატრებს ქვის დიდი, მრავალსართულიანი სკენეები გააჩნდათ.
სკენე შეიძლებოდა ყოფილიყო ტაძარი, სასახლე, სახლი, გამოქვაბული და მრავალი სხვა.
თეატრს ჰქონდა სამი გასასვლელი: სკენეს კარები და ორი პაროდოსი/ეისოდოსი. სკენეს
კარებს სხვადასხვა პიესაში ჰქონდა განსხვავებული დატვირთვა, რომელიც დამოკიდებულია
ჟანრსა და დრამატურგზე. ესქილე ორესტეაში სკენეს იყენებს პერსონაჟთა სიკვდილის
ადგილად, რომელსაც მაყურებელი ვერ ხედავს. სკენეს კართა რაოდენობა იცვლებოდა
საუკუნეების მანძილზე: მეხუთე საუკუნეში მხოლოდ ერთი კარი იყო, მაგრამ მენანდროსის
დროს მას სამი კარი გააჩნდა. თუმცა დაზუსტებით მაინც არაა ცნობილი თუ რამდენი კარი
გააჩნდა სკენეს. შესაძლოა ტრაგედიები ერთკარიანი სკენეთი იდგმებოდა, ხოლო კომედიები-
სამით.

როგორც არისტოტელე ამბობს, სოფოკლეს ეკუთვნის სკენოგრაფია (სკენეს მოხატვა).


მეცნიერთა აზრით ეს უნდა ყოფილიყო მოხატული დაფები, რომელთა გადაადგილება
შეიძლებოდა გარემოს ცვლილების ეფექტისთვის. დიდი ალბათობით სკენებს ფანჯრებიც
ჰქონდა. სკენეს სახურავს თეოლოგეიონი (ღმერთის სასაუბრო) ეწოდებოდა.

ძველბერძნულ თეატრს ასევე გააჩნდა ორი


თეატრალური მექანიზმი: ეკიკლემა და მექანე. ეკიკლემა
(კიკლოს ნიშნავს ბორბალს) გამოიყენებოდა სკენეს
შიგნით მიმდინარე მოვლენების მაყურებლისათვის
საჩვენებლად. უცნობია როდის დაიწყო ეკიკლემას
გამოყენება თეატრში, მაგრამ აშკარაა, რომ იგი სკენეს
ნაწილი უნდა ყოფილიყო. კომედიაში ეკიკლემა ხშირად
გამოიყენებოდა-მას ვხვდებით არისტოფანეს
„აქარნელებში“.

მექანე (მანქანა), რომელსაც ასევე ეძახდნენ გერანოსსა (ამწე) და კრადეს


(ტოტი), მდებარეობდა სკენეს უკან და ფრენის ეფექტის შექმნას
ემსახურებოდა. მისგან მომდინარეობს ცნობილი ლათინური ფრაზა deus
ex machina (ღმერთი მანქანიდან), რომელიც მოულოდნელ ხსნას
აღნიშნავს. ეს იყო ამწეს მაგვარი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც
პერსონაჟები ან „დაფრინავდენ“, ან ციდან ეშვებოდნენ სცენაზე. მექანე
უფრო გვიანდელი ინოვაცია უნდა ყოფილიყო-ჩვენამდე მოღწეულ
პიესებს შორის იგი პირველად ევრიპიდეს „მედეაში“ ჩანს.

პიესის დადგმა
- მაყურებლები

თეატრონზე დაახლოებით 15000-მდე მაყურებელს შეეძლო ჯდომა. ქვედა ადგილები


განკუთვნილი იყო შეძლებული მოქალაქეებისათვის: ბულეს წევრებისათვის,
არქონებისათვის, ჯარისკაცებისა და მოსამართლეებისათვის. განსაკუთრებული ადგილები
ჰქონდათ დიონისეს ქურუმებს, რაც ჩანს არისტოფანეს „ბაყაყებში“. ანტიკური პერიოდის
თეატრების წინა რიგებში ნაპოვნია სპეციალურად გამოკვეთილი ქვის ტახტები, რომელთაც
აქვთ კონკრეტული წარწერები (‘ამა და ამ ქურუმის ადგილი’).
მაყურებელთა მასის უდიდეს ნაწილს მამაკაცები წარმოადგენდნენ. უცნობია შეეძლოთ
თუ არა ქალებს თეატრალურ დადგმებზე დასწრება. ზოგის აზრით ქალები ბოლო რიგებს
იკავებენ, რასაც ამტკიცებენ არისტოფანეს „მშვიდობის“ ერთ-ერთი ეპიზოდით (ტრიგევსი
ავალებს მონას ქერის მარცვლები ესროლოს მაყურებლებს). არსებობს ასევე ვერსია, რომ
ქალთა მხოლოდ მცირე რაოდენობას შეეძლო დასწრება. გავრცელებულია ის აზრიც, რომ
ქალები საერთოდ ვერ ესწრებოდნენ პიესების დადგმებს. ათენში ქალები არ ერთვებოდნენ
პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ აქტიურად მონაწილეობდნენ ვაჭრობასა და რელიგიურ
საკითხებში. ამიტომაც შესაძლებელია, რომ ქალები დიონისიის რელიგიურ დღესასწაულზე
დასწრებოდნენ თეატრალურ დადგმას.

მეოთხე საუკუნეში გაჩნდა სპეციალური ფონდი, რომელიც ღარიბ ათენელებს პიესების


ნახვაში უწყობდა ხელს. მათ ორი ობოლი ეკისრებოდათ გადასახადად. ეს თანხა საკმაოდ
დიდი იყო, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ თეატრი ძირითადად ელიტისთვის იყო
განკუთვნილი.

- ქოროსი

სიტყვა ქოროსის ზუსტი წარმოშობა უცნობია, თუმცა მისგან მომდინარეობს ზმნა χορεύω
„ვცეკვავ“. ანტიკური თეატრი უფრო აქტიური და დინამიკური იყო ვიდრე
თანამედროვეობაში წარმოგვიდგენია. სიმღერა და ცეკვა დრამატურგიის მნიშვნელოვანი
ნაწილი უნდა ყოფილიყო. ამ მხრივ ქოროსი უმთავრეს როლს თამაშობს. უმეტეს შემთხვევაში
ქოროსი მთავარ მოქმედებას მოწყვეტილი ჩანს, თუმცა ზოგ პიესაში აშკარაა მისი
ჩართულობა შინაარსის განვითარებაში („ოიდიპოსი კოლონოსში“ და „ევმენიდები“).
კომედიებში ქოროსი ხშირად ანტაგონისტურ როლს თამაშობს. არისტოფანეს კომედიებში
ხშირიად აგონის შემდეგ ქოროსი იაზრებს მთავარი პერსონაჟის სიმართლეს და მისი მომხრე
ხდება.

ქოროსის წევრები მხოლოდ ათენელი კაცები იყვნენ. ლენაიას ფესტივალზე


უცხოპოლისელებს ჰქონდათ უფლება ქოროსის წევრები გამხდარიყვნენ. რეპეტიციის
პერიოდის მანძილზე ქოროსის წევრი მამაკაცები თავისუფლდებოდნენ სამხედრო
სამსახურისაგან. თუკი ყველა ტრაგედიის, კომედიისა და დითირამბის მონაწილე ქოროსებს
შევკრებთ ჯამში დაახლოებით 1100 მონაწილე გამოდის დიონისიას ფესტივალზე.

ტრაგედიებში თავიდან თორმეტკაციანი ქოროსი გვხვდება (ესქილეს


„აგამემნონი“), თუმცა სოფოკლემ ქორეოგრაფთა რაოდენობა 15-მდე
გაზარდა. კომედიაში ოცდაოთხკაციანი ქოროსები გვხვდება. ქოროსს
ასევე ახლდა ავლეტესი, ავლოსის დამკვრელი. ავლოსი ერთგვარი
ჩასაბერი ინსტრუმენტი იყო, რომელსაც ორი ტოტი გააჩნდა. ავლეტებს
სპეციალური თასმები ჰქონდათ პირსა და თავზე, რომელთა მეშვეობითაც
ისინი უფრო მარტივად იჭერდნენ ავლოსს.
ქოროსი ატიკურ დიალექტზე მეტყველებდა და ანაპესტური მეტრით მღეროდა [ ˘ ˘ ¯].
თუმცა სტასიმონისა თუ კომოსის სიმღერისას ქოროსი ნახევრად-დორიულ მეტყველებას
იყენებდა. ეს გამოწვეული იყო ქოროსული სიმღერის დორიული წარმომავლობით.
დორიული დიალექტური ფორმების გამოყენებას კომედიაში განსხვავებული ფუნქცია
ჰქონდა: კომედიაში დორიული მეტყველება გამოიყენებოდა მაღალი ხელოვნების სახის
შესაძენად და უგემური კომედიისგან გამოსაყოფად. ზოგჯერ მას პაროდიული დატვირთვა
აქვს, როგორც არისტოფანეს „ფრინველებშია“.

- მსახიობები

ბერძნულად მსახიობს ὑποκριτής, ანუ მოპასუხე ეწოდებოდა. ანტიკურ დრამაში სამი


მოსაუბრე მსახიობი იყო. ესქილეს ადრეული პიესების შესრულება ორ მსახიობსაც შეუძლია.
მსახიობებს ემოსათ ნიღბები და თავიანთი პერსონაჟების შესაბამისი ტანსაცმელი.
ქოროსისგან განსხვავებით, მსახიობები იამბური მეტრით მეტყველებდნენ [˘ ¯], რომელიც
ბერძნებისთვის უბრალო ლაპარაკთან ყველაზე ახლო იყო.

მსახიობის გარეგნობის შესახებ ცოდნის


უმეტესობა ლარნაკების მოხატულობებისგან
მომდინარეობს. რადგანაც ტრაგედია უფრო
სერიოზული ჟანრი იყო, ლარნაკზე მისი
გამოსახულებები აღბეჭდავენ მდიდრულ
ტანსაცმლიან მსახიობებს, რომელთა ნიღბებიც
ძალიან დახვეწილი და რეალისტური იყო.
სატირულ დრამაში სატირებს მახინჯი ნიღბები და
საცვლები ეცვათ, ხოლო სხვა მსახიობებს
ტრაგედიისათვის დამახასიათებელი სერიოზული ჩაცმულობა ჰქონდათ. კომედიაში საქმე
სრულიად სხვანაირადაა: კომედიის პერსონაჟთა ნიღბები გროტესკული და სასაცილო იყო;
მსახიობთა ტანსაცმელი მათ უფრო გამხდარად წარმოადგენდათ და ხშირად მათ დიდი
ფალოსები ეკეთათ კომიკური ეფექტის გასაზრდელად.

მთავარი მსახიობი დიონისიის შემდეგ განსაკუთრებით პოპულარული ხდებოდა. მეხუთე


საუკუნეში მსახიობი მხოლოდ ერთი დრამატურგის სამსახურში იყო, მაგრამ მოგვიანებით
უკვე დიდასკალოსები იზიარებდნენ მსახიობებს. ტრაგედიასა და კომედიებში ასევე
გამოიყენებოდნენ „უსიტყვო მსახიობები“ (კოფა პროსოპა, ანუ ჩუმი სახეები), რომელთაც არ
გააჩნდათ რაიმე დიალოგი. თუკი მათ ექნებოდათ სათქმელი, მაშინ მთავარ მსახიობთაგან
ერთ-ერთი იტყოდა მის მაგივრად. რადგანაც ყველა მსახიობს ნიღაბი ეკეთა, არ
გამოჩნდებოდა რეალურად ვინ ამბობდა სიტყვას.
ტრაგედია
- წარმოშობა

ძველბერძნულად სიტყვა τραγῳδία-ს ორი ფუძე სიტყვა აქვს: τράγος (თხა) და ἀοιδός
(მომღერალი). მრავალი თეორია არსებობს ტრაგედიასა და თხას შორის კავშირის შესახებ.
ყველაზე გავრცელებული მოსაზრებებია:

1) თხა იყო ტრაგედიების შეჯიბრების მთავარი ჯილდო;


2) დიონისეს მიმდევარი სატირების, ნახევრად თხების საპატივცემულოდ ამ ჟანრს
ტრაგედია დაერქვა;
3) ტრაგედიული ჟანრი თავიდან განვითარდა თხის მსხვერპლშეწირვის დროს
შესრულებული სიმღერებისგან;
4) ქოროსი შედგებოდა მოზარდი ვაჟებისაგან, ეფებოსებისგან, რომელთაც ჟარგონულად
„თხებს“ ეძახდნენ

დღეს ყველაზე მისაღებად მსხვერპლშეწირვის რიტუალის თეორია მიიჩნევა, რადგან სხვებს


კონკრეტული ხარვეზები აქვს.

უძველეს ცნობას ტრაგედიების შესახებ გვაწვდის ჰეროდოტე თავის „ისტორიებში“,


რომლის თანახმადაც ტრაგიკული ქოროსები მღეროდნენ ადრასტოსის (სიკიონის მეფის)
ტანჯვის შესახებ. ჰეროდოტე ასევე წერს, რომ კლისთენე სიკიონელმა ეს ტრაგიკული
სიმღერები დიონისეს კულტში გადაიტანა. ცნობილია, რომ კლისთენე მეექვსე საუკუნის
პირველ ნახევარში მოღვაწეობდა. ეს ათენში ტრაგედიის გავრცელებამდე რამდენიმე
ათწლეულით ადრეა. „ისტორიებში“ ასევე ნახსენებია არიონის ნახევრად მითიური პერსონა,
რომელსაც ჰეროდოტე დითირამბის დამხვეწად აღიარებს. სოლონის თანახმად არიონმა
პირველმა შექმნა ტრაგიკული დრამა.

უმნიშვნელოვანესი წყარო ტრაგედიის წარმომავლობის კვლევაში არისტოტელეს


„პოეტიკა“ არის. სწორედ აქედან ვიღებთ ინფორმაციას, რომ ტრაგედია მომდინარეობს
დითირამბული დადგმებისგან. თავიდან ეს ჟანრი მოიცავდა მხოლოდ ქოროსულ სიმღერას,
მოგვიანებით კი მას დაემატა მოძრაობა, დინამიურობა და თანამედროვე დრამატურგიის
ატრიბუტები. ეს ცვლილება დაახლოებით მეექვსე საუკუნეში მოხდა. ნიღბების გამოყენება
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინოვაციაა, რადგან ნიღაბი გამოიყენებოდა დიონისესთან
დაკავშირებულ რიტუალებში და არა პოეზიურ წარმოდგენებზე.

თეორიულად ტრაგედიის განვითარება ასე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: თავიდან


არსებობდა ქოროსული სიმღერები, რომლის დროსაც ქოროსის მეთაური და გუნდი ყვებოდა
რაიმე მითს; შემდეგ ეს სიმღერა გადაიზარდა ქოროსის მეთაურსა და ქოროსის შორის
წარმართულ დიალოგში, მოგვიანებით კი ქოროსის მეთაური გამოეყო ქოროს და გახდა
პირველი მსახიობი. თესპისის იდუმალი ფიგურა დაკავშირებულია მსახიობის ქოროსაგან
გამოყოფის პროცესთან, თუმცა უცნობია რამდენად რეალური იყო იგი. უძველესი წყაროების
მიხედვით ტრაგედია ჩამოყალიბდა 535-534 წლებში, რაც ემთხვევა ათენში „ტირანიის“
ეპოქას. ზოგი ამ თარიღს არ მიიჩნევს ზუსტად და ასახელებს 502-501 წლებს. ამის მთავარ
არგუმენტად მათ ჩანაწერების არარსებობა მოჰყავთ, რადგან 502/1 წლამდე დრამატურგიული
შეჯიბრებების ჩანაწერები არ მოიძებნება. სხვები ასევე გვთავაზობენ 507 წელს იმიტომ, რომ
სწორედ ამ წელს იშვა ათენში დემოკრატია. ამ თეორიის არგუმენტად მოყვანილია დიონისე
ელევთეროსის (განმანთავისუფლებელი) კულტი. მას ორი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს:
1) ელევთერაის ატიკასთან შეერთებისა და დიონისეს კულტის ათენში გადმოტანა; 2)
დიონისეს, როგორც განმანთავისუფლებელი ღმერთის, დემოკრატიის მფარველის
თაყვანისცემა.

- ტრაგედიის სტრუქტურა

ტრაგედიაში შეიძლება ორი ტიპის სიმღერა გამოვყოთ: ქოროსული და უბრალო.


ქოროსულ სიმღერას ახასიათებს კონკრეტული სტრუქტურა, რომელიც მუდამ არის დაცული.
ქორო შემოსვლის შემდეგ ორქესტრას არ ტოვებს ექსოდოსამდე. ტრაგედია შედგება ხუთი
ნაწილისაგან:

1) პროლოგოსი (წინასიტყვაობა)

ესაა მონოლოგი ან დიალოგი, რომელიც სრულდება მსახიობების ქოროს ორქესტრაზე


შემოსვლამდე. პროლოგოსი მაყურებლებს აცნობს პიესის შინაარსსა და პერსონაჟებს.

2) პაროდოსი (შესავალი სიმღერა)

პაროდოსი არის ქოროს შემოსვლის სიმღერა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ანაპესტური


ტეტრამეტრით სრულდებოდა.

3) ეპისოდიონი (რამდენიმე)

ტრაგიკულ პიესაში ძირითადად 3-5 ეპისოდიონია. ამ მონაკვეთში ერთი ან ორი მსახიობი


ურთიერთქმედებს ქოროსთან უბრალო ლაპარაკით ან ნაწილობრივ სიმღერით. მეტყველება
ძირითადად იამბური ჰექსამეტრით მიმდინარეობს, თუმცა ანაპესტური რითმიც ხშირია.

4) სტასიმონი

თითოეულ ეპისოდიონს მოჰყვება სტასიმონი, ანუ „სტატიკური“ სიმღერა. ამ სიმღერის დროს


ქოროსი აჩვენებს მაყურებელს თავის რეაქციას ეპისოდიონში განვითარებული მოვლენების
მიმართ.

5) ექსოდოსი (გასასვლელი სიმღერა)

ბოლო ეპისოდიონის შემდგომი სიმღერა, რომლითაც ქოროსი ტოვებს ორქესტრას.

ქოროსის სიმღერა შედგება სამი კომპონენტისაგან: 1) სტროფი (მოხვევა), რომლის დროსაც


ქოროსი ერთდროულად მიემართება სამლოცველოსკენ; 2) ანტისტროფი (გამოხვევა),
რომელიც გულისხმობს სტროფის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას; 3) ეპოდოსი
(შემდგომი სიმღერა) ესაა ნაწილი, რომელსაც ქორო უძრავად მღერის. ხშირად ეპოდოსი
გამოტოვებულია და გვხვდება მხოლოდ სტროფისა და ანტისტროფის წყვილები.
ტრაგედიაში ასევე შეიძლება იყოს კომოსი (κομμός, დარტყმა ან გლოვისას მკერდზე
ხელის რტყმა), რომელიც სამგლოვიარო სიმღერაა და გამოიყენება ტრაგიკული ეფექტის
გასაზრდელად.

You might also like