You are on page 1of 4

უცხოური პრესა

23 ივლისი, 2021 წელი


«Новое время» (აზერბაიჯანი): „ნატო-საქართველო: მეგობრები და არა მოკავშირეები“;
«Euronews» (საფრანგეთი): „საქართველო ჯერ კიდევ შორს დგას ევროკავშირის
ფასეულობებისადმი ერთგულებისაგან“;
«Труд» (ბულგარეთი): „ალექსი წერეთელი - ბულგარეთის თავისუფლებისათვის
მებრძოლი დავიწყებული გმირი“.
------------------------------------
„ნატო მზადაა საქართველო თავის რიგებში მიიღოს, მაგრამ ეს არც ისე მალე
მოხდება, როგორც ეს თბილისს სურს. საქართველო და ნატო შესაძლოა მეგობრები
არიან, მაგრამ მოკავშირეები ჯერ არ გამხდარან. არადა, საქართველოსთვის ალიანსის
წევრობა დიდი ხანია პრიორიტეტული ამოცანა გახდა და ამისათვის ქართული სამხედრო
მოსამსახურეები, ნატოს ძალებთან ერთად, ავღანეთშიც კი იბრძოდნენ“, - ნათქვამია
აზერბაიჯანული გაზეთის „ენი ზამან“-ის რუსულენოვან ვერსიაში - „ნოვოე ვრემია“-ში
(«Новое время») გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ნატო-საქართველო: მეგობრები
და არა მოკავშირეები“ (ავტორი - ზაურ რასულზადე).
„დიახ, იბრძოდნენ, მაგრამ იმედგაცრუება თანდათან გამოიკვეთა - ქართველები
მიხვდნენ, რომ ნატოს არ აქვს საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის არც უნარი და
არც შესაძლებლობა. თბილისში სულ უფრო პოპულარული ხდებიან ის ძალები,
რომლებიც „უფრო დაბალანსებული“ საგარეო პოლიტიკის მხარდამჭერებად გამოდიან .
ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ ქართული პოლიტიკური ელიტისათვის ქვეყნის ნატოში
მიღება რარაც იდეა-ფიქსად იქცა - ამიტომაც თბილისი ვაშინგტონის ყოველ მითითებას
მტკიცედ პასუხობს: „დიახ“. საქართველო ბოლო წლებში მრავალ სამხედრო წრთვნებში
იღებს მონაწილეობას, სადაც აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებიც არიან ჩართულნი . აი ,
ახლაც, 26 ივლისიდან 6 აგვისტომდე, ქვეყნის ტერიტორიაზე საერთაშორისო Agile Spirit
2021 უნდა გაიმართოს...
რასაკვირველია, ყველა ხედავს, რომ საქართველოს გზა ნატოსაკენ საკმაოდ
გრძელი აღმოჩნდა, ამიტომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ახალი
საკრალური ფორმულა მოიფიქრა, რომელიც მოწოდებულია განამტკიცოს
ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა პროდასავლურ ქართულ საზოგადოებაში .
ლოზუნგი მაინცდამაინც ყურში სასიამოვნოდ არ ისმის, მაგრამ მას ქართული
„აგიტპროპი“ სრული სახით იყენებს - „მეტი ნატო საქართველოში, მეტი საქართველო
ნატოში“. აქცენტი გაკეთებულია ერთგვარ გეოპოლიტიკურ დიფუზიაზე, ანუ
ურთიერთშეღწევაზე. ამგვარი პროპაგანდისტული აბდაუბდა ისევე ჟღერს, როგორც
მაგალითად, საბჭოთა პერიოდში ჟღერდა ცნობილი ლოზუნგი - „ჩვენ მზე არ გვჭირდება,
ჩვენ მზის ნაცვლად პარტია გვინათებს“. ამ ორივე პროპგანდისტული სლოგანის ავტორთა
აზროვნება თითქმის ერთმანეთის დონეზეა, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ , რომ „მეოცნებეები “
ამ საკითხში უფრო წინ წავიდნენ, ვიდრე პროდასავლელი მიხეილ სააკაშვილის პარტიის
მომხრეები.
საერთოდ, ქართული პუბლიკა ნატოსაგან მეტ კონკრეტულ დაპირებას და ნაბიჯის
გადადგმას ელოდებოდა, რითაც ქვეყნის მრავალწლიანი სწრფვა იქნებოდა
დაფასებული. ამას წინათ სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლები კითხვას
სვამდნენ - როგორ მოახერხა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თავის დროზე
ბალტიისპირა რესპუბლიკების ნატოში მიღება, რომელთა არმიები საერთოდ არ
ეწერებოდნენ ნატოს სტანდარტებში...
ნატოს მაღალჩინოსნების ბაგეთაგან გაჟღერებული განცხადებები
საქართველოსთვის უკვე იმ სტაფილოს ჰგავს, რომელიც წლების განმავლობაში დაჭკნა
და გამოშრა. ამერიკა და მისი ნატოელი მოკავშირეები ყველანაირად სარგებლობენ
საქართველოს მდებარეობით და მას სამხრეთ კავკასიაში თავიანთი გავლენის
გაძლიერებისათვის იყენებენ. ამასთან, ვაშინგტონი და ბრიუსელი მკაფიოდ
აცნობიერებენ იმ ზღურბლს, ცნობილ ე.წ. „წითელ ხაზს“, რომლის იქით თუ გადააბიჯებენ,
რუსეთთან მათ მკვეთრი კონფრონტაციის პერსპექტივა ელოდებათ. ამიტომაც
დასავლეთი, სამხედრო რიტორიკის მიუხედავად, მაინც ცდილობს „ხაზი“ არ დაარღვიოს.
დღეისათვის რეგიონის გეოპოლიტიკაში ამგვარი „წითელი ხაზი“ საქართველოს ნატოში
მიღება წარმოადგენს. ამერიკელები და მისი ევროპელი მოკავშირეები , ცდილობენ რა
საქართველოს ალიანსში მიღების გაჭიანურებას, იმავდროულად ქვეყნის
მოსახლეობისათვის ახალ-ახალ დაპირებებს იგონებენ, რომ მათ ოპტიმიზმი
შეუნარჩუნონ. ქართველებს ძალიან სურთ პირველ ეტაპზე „მაპ“-ი იქნებ მაინც მიიღონ .
ნატოელი ჩინოვნიკები ამაზეც ბუნდოვნად პასუხობენ, თუმცა ზოგჯერ რიტორიკა ზოგჯერ
სიმართლის მარცვალს შეიცავს. ამას წინათ ნატოს წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ
ქართველებს პირდაპირ უთხრა: „არ გინდათ „მაპ“-ის გაფეტიშება და მისი გადაქცევა
პოლიტიკური დისკუსიის თემად. წარმოიდგინეთ, როგორ სიტუაციაში ჩავარდებით , რომ
იღებთ „მაპ“-ს, მაგრამ ნატომ არ იცის, როდის გახდებით სრულუფლებიანი წევრი “.
ყველასათვის ცნობილია, რომ დღეისათვის საქართველო თავის მოწინააღმდეგედ
რუსეთს მიიჩნევს. ასევე ყველამ იცის, რომ ნატოს წევრები საქართველოს ნაცვლად
ხელსაც არ გაანძრევენ. ეს ფუნქცია თვითონ ქართველების შესასრულებელია “, -
ნათქვამია სტატიის დასასრულს.
წყარო: https://www.novoye-vremya.com/posts/nato-gruziya-vrode-druzya-no-ne-soyuzniki-
2021-07-22-195610
---------------------
ფრანგული ტელეარხის „ევრონიუს“-ის («Euronews») ვებ-გვერდზე
გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო ჯერ კიდევ შორსაა ევროკავშირის
ფასეულობებისადმი ერთგულებისაგან“, რომელშიც „ლგბტ“-საზოგადოებასთან
დაკავშირებით ივლისის თვეში მომხდარი მოვლენებია განხილული. სტატიის ავტორია
მერი ჰანიბოლი, ევროპარლამენტის ყოფილი წევრი დიდი ბრიტანეთიდან .
როგორც ბრიტანელი პოლიტიკოსი ქალი აღნიშნავს, ამას წინათ ევროკომისიაში
განიხილეს მოხსენება, რომელშიც ევროკავშირის 27 წევრ -ქვეყანაში არსებული
სიტუაციაა განხილული - მართლმსაჯულებისა და მასმედიის თავისუფლების
თვალსაზრისით. მასში განსაკუთრებით ღრმადაა შესწავლილი და გადმოცემული
უნგრეთის მდგომარეობა, რომლის ხელისუფლებამ „ლგბტ“-საზოგადოების
წარმომადგენელთა უფლებები მნიშვნელოვნად შეზღუდა. ასევე გაკრიტიკებულია
პოლონეთის მმართველი პარტიის საქმიანობაც აღნიშნული მიმართულებებით .
„მაგრამ, ალბათ, გონივრული იქნებოდა, რომ მოხსენებაში საქართველოში
შექმნილი სიტუაციაც ასახულიყო - იმ ქვეყნისა, რომელსაც პრეტენზია აქვს 2024
წლისათვის ევროკავშირის წევრი გახდეს“, - წერს ბრიტანელი ქალი-პოლიტიკოსი მერი
ჰანიბოლი, რომელიც, აღნიშნავს რა კავკასიური ქვეყნის დიდი ხნის სწრაფვას
ევროკავშირისა და ნატოს წევრობისაკენ, იქვე მიუთითებს , რომ „თბილისში მომხდარი
ამასწინანდელი ძალადობა „გეი-აღლუმის“ ჩატარების მხარდამჭერებისა და
ჟურნალისტების წინააღმდეგ იმას აჩვენებს, თუ რაოდენ შორს დგას საქართველო
დასავლური ფასეულობების, მათ შორის ბრიტანული ფასეულობების გათავისებისაგან “.
„მართალია, საქართველო, კავკასიის რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან
შედარებით, ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე წინ არის წასული დემოკრატიის
თვალსაზრისით, მაგრამ მას, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ უჭირს ძველ ტრადიციებსა და
ჩვეულებებზე უარის თქმა“, - ხაზს უსვამს ავტორი. სტატიაში ჩამოთვლილია ის
დარღვევები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლება უშვებს ოპოზიციური მასმედიის
მიმართ - მათზე პოლიტიკური ზეწოლის სახით.
„ქართველების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ
სწრაფვას, ევროკავშირის წევრობას, მაგრამ ამ მიზნის რეალიზებას ხელს უშლის
მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია, რომელსაც რეაქციული შეხედულებები აქვს და
ქვეყნის დასავლური კურსის წინააღმდეგ გამოდის. ქართული მართლმადიდებელი
ეკლესია მჭიდროდაა დაკავშირებული თავის რუს „კოლეგასთან“ - რუსეთის
მართლმადიდებელ ეკლესიასთან. რუსული ეკლესია და რუსული სახელმწიფო დევნიან
ჰომოსექსუალისტებს, რომლებიც ფაქტიურად კანონგარეშედ არიან გამოცხადებულნი .
საერთოდ, რუსეთის გავლენა დღევანდელი საქართველოსთვის მუდმივ პრობლემად
რჩება“, - აღნიშნავს ავტორი.
„ქართული პოლიტიკური ინსტიტუტებისა და დემოკრატიული სტრუქტურების
მიმართ ნდობა ძალიან დაბალი რჩება, რელიგიური დაწესებულებები კი მაღალი
მხარდაჭერით (84%) სარგებლობენ. საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა უნდა შეძლოს
ამ ისტორიული გადმონაშთის გადალახვა, თუ მას ევროპასთან უფრო მჭიდრო
ურთიერთობა სურს. პოლიტიკურმა კლასი უნდა გაემიჯნოს ეკლესიის რეაქციულ
შეხედულებებს და აჩვენოს მეტი ერთგულება როგორც დამოუკიდებელი სასამართლოს
სისტემის შექმნისადმი, ასევე სხვა დემოკრატიული სტრუქტურების მიმართ “, - ასეთ
რეკომენდაციებს იძლევა მერი ჰანიბოლი.
„მართალია, დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ის მაინც
რჩება ნატოსა და ევროპის საბჭოს წევრად. შესაბამისად, ლონდონი შეეცდება თავისი
განსაზღვრული როლი შეასრულოს [საქართველოში] აუცილებელი რეფორმების
განხორციელებაში“, - წერს ავტორი პუბლიკაციის დასასრულს.
წყარო: https://www.euronews.com/2021/07/22/georgia-is-still-a-long-way-off-showing-it-
adheres-to-eu-values-view
-----------------------
ბულგარულ გაზეთ „ტრუდ“-ში («Труд») გამოქვეყნებული პუბლიკაცია სათაურით
„ალექსი წერეთელი - ბულგარეთის თავისუფლებისათვის მებრძოლი დავიწყებული
გმირი“ (ავტორი - ემილ სპახისკი) ისტორიულ თემას - 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის
ომს ეხება და მასში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი სხვადასხვა ხალხების
წარმომადგენლების, კერძოდ, ერთ-ერთი ქართველი წარმომავლობის მქონე
სახელმწიფო მოღვაწის - თავად ალექსი წერეთლის ცხოვრებაა გადმოცემული,
რომელმაც თავისი სიცოცხლე, შეიძლება ითქვას, ბულგარეთს
შესწირა.
„რუსეთ-თურქეთის ომში, კერძოდ, შიპკის ბრძოლაში ბევრი
ადამიანი იბრძოდა, რომლებმაც ბულგარეთს თავისუფლება
მოუტანეს, მაგრამ ჩვენ მათ კარგად არ ვიცნობთ. იმ ჯარისკაცებს და
ოფიცრებს რუსეთის ქვეშევრდომებად ვთვლით, რადგან ისინი
რუსეთში ცხოვრობდნენ, მაგრამ ვინ არიან ისინი ეროვნებით?
როგორია მათი ეთნიკური წარმომავლობა? იმ პერიოდში - 1877
წელს - რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში უამრავი ხალხი და ერი
ცხოვრობდა. ჩვენ მეტ-ნაკლებად ვიცნობთ თვითონ რუსებს,
ფინელებს, მათ პატივს ვცემთ, მაგრამ განა სხვები არ ღვრიდნენ
სისხლს ჩვენი თავისუფლებისათვის? რაც დრო გადის, მათი
სახელები სულ უფრო ბუნდოვანი ხდება...“, - ნათქვამია სტატიაში.
„ათასობით ქართველი განისვენებს ჩვენს მიწაზე და მათ „რუს ჯარისკაცებად “
ვთვლით. მათ შორის ბევრი თავად-აზნაური იყო. ისინი იბრძოდნენ, რადგან მათი
სამშობლოს ბედი ჩვენი ქვეყნის ბედს ჰგავს. ისინი იბრძოდნენ იმიტომაც , რომ ჩვენ
მონათესავე სული გვაქვს, ჩვენ შავი ზღვის ტყუპები ვართ.
ჩვენს გამათავისუფლებლებს შორის არიან მეომარი ქართველები და არიან
ისინიც, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებით
ბულგარეთის ბედში მნიშვნელოვანი როლი
შეასრულეს არა მხოლოდ სამხედრო
თვალსაზრისით. ასეთია ერთ-ერთი
დავიწყებული გმირი - თავადი ალექსი
წერეთელი (წერეთელევი).
ახლახან, ივლისის დასაწყისში,
თითქმის 150 წლის შემდეგ, ჩვენს მიწაზე
ალექსი წერეთლის საქმიანობის მადლიერმა
ბულგარელებმა ქართველ თავადს
ბარელიეფი დაუდგეს, რომლის გახსნაში მონაწილეობა საქართველოს ელჩმა
ბულგარეთის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილმაც მიიღო. დღეს, ვინც კი ქალაქ
სვეტივლასში არსებულ „ხალხთა ხეივანში“ დასეირნობს, შეუძლია დაინტერესდეს და
„გუგლით“ გაიგოს, თუ ვინ იყო ალექსი წერეთელი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა
ბულგარეთის ისტორიაში“’, - წერს სტატიის ავტორი და ფაზეთის მკითხველებს ქართველი
თავადის ბიოგრაფიას აცნობს.
„ალექსი წერეთელი 1848 წელს დაიბადა, პენზის გუბერნიაში. დაამთავრა მოსკოვის
უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი სტუდენტობის დროს დაინტერესებული იყო იმ
ხალხების პრობლემების შესწავლით, რომლებიც ჯერ კიდევ თურქეთის ოკუპაციის ქვეშ
იყვნენ. მოგვიანებით მან სწავლა გააგრძელა ლოზანაში (შვეიცარიაში). რუსეთში
დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიურ
დეპარტამენტში და განაგებდა სამხრეთ სლავთა საქმეებს. მალე იგი ბელგრადში
გადაიყვანეს რუსეთის გენერალური საკონსულოს მდივნად, ხოლო 1873 წლის დამდეგს
კონსტანტინოპოლში დაინიშნა რუსეთის საელჩოს მეორე მდივნად.
თავადი წერეთელი ბულგარეთს ჯერ კიდევ 1876 წლიდან იცავდა: თურქების მიერ
აპრილის აჯანყების ჩახშობის შემდეგ იგი იმ დიპლომატიური მისიის წევრი გახდა ,
რომელსაც ოსმალების მიერ ჩადენილი მხეცობის გამოძიება დაევალა. ერთ-ერთ თავის
მოხსენებაში ალექსი წერეთელი გრაფ ნიკოლაი იგნატიევს - რუსეთის იმპერიის
წარმომადგენელს ოსმალეთთან დიპლომატიურ მოლაპარაკებაში - ატყობინებდა , თუ
როგორ საშინლად იყო ბულგარელთა სოფლები აოხრებულ-გაძარცული თურქების მიერ ,
რამდენი ბულგარელი გაჟლიტეს...
ხოლო როცა ომი უშუალოდ დაიწყო, ქართველი თავადი მოხალისედ ჩაეწერა
რუმინეთში დისლოცირებულ გენერალ მიხეილ სკობელევის არმიაში , მონაწილეობა
მიიღო ჯერ დუნაის ფორსირებაში, შემდეგ კი ველიკო-ტირნოვოსთან გამართულ
ბრძოლაში, შიპკის აღებაში გენერალ იოსებ გურკოს ორდინარეცის სახით . ალექსი
წერეთელმა კარგად იცოდა ტოპოგრაფიაც და ამიტომ დიდი დახმარება გაუწია
გენერალს შეტევის ორგანიზებაში.
ქართული ფესვების მქონე თავადი წერეთელმა მონაწილეობა მიიღო სან-
სტეფანოს ხელშეკრულების პროექტის შემუშავებაში, რითაც დიდი როლი შეასრულა
ოსმალეთის იმპერიის მიერ მიტაცებული ქართული მიწების ისტორიული
სამშობლოსათვის დაბრუნებაში (საქართველო იმ დროს რუსეთის შემადგენლობაში იყო ).
იგი ასევე ნაყოფიერად მუშაობდა ბულგარეთის ავტონომიის სტატუსის შემუსავებაშიც ,
ამერიკელ დიპლომატ იუჯინ სკაილერთან ერთად.
თურქეთთან დაზავების შემდეგ ალექსი წერეთელი რუსეთის საგარეო საქმეთა
სამინისტროში დაბრუნდა. 1878 წლის 24 აგვისტოს იგი პლოვდივში რუსეთის იმპერიის
გენერალურ კონსულად დაინიშნა, სადაც 1882 წლამდე მუშაობდა.
ალექსი წერეთელი მძიმედ დაავადდა, ამიტომ მან გენსკონსულის პოსტი დატოვა
და რუსეთში დაბრუნდა. იგი ერთობ ახალგაზრდა ასაკში - 35 წლისა გარდაიცვალა 1883
წლის 16 მაისს ტამბოვის ოლქის სოფელ ლიპიაგში. „გარდაიცვალა ჩვენი დროის ერთ-
ერთი ბრწყინვალე მოღვაწე... მისი ნაადრევი სიკვდილი ბულგარელი ხალხისთვის დიდ
დარტყმაა“, - წერდა იმდროინდელი ბულგარული პრესა.
ბულგარელმა ხალხმა ქართველი თავადის დამსახურების პატივსაცემად
პლოვდივის ოლქის ერთ-ერთ სოფელს „წერეთელევო“ უწოდა“, - ნათქვამია გაზეთ
„ტრდის“ სტატიაში.
წყარო: https://inosmi.ru/social/20210723/250173809.html

You might also like