You are on page 1of 5

ლაო ძი

ტაოიზმის ფუძემდებლად ითვლება ლეგენდარული პიროვნება სახელად ლაო დან, ან ლაო ძი,
რომელიც კონფუცის უფროსი თანამედროვე უნდა ყოფილიყო. ლეგენდის თანახმად, დედა მას 72 წელი
ატარებდა მუცლით. ახალშობილს ჭაღარა თმა ჰქონდა, რის გამოც მას შეარქვეს „ძი“, რაც ითარგმნება
ერთდროულად როგორც „ბავშვი“ და „მოხუცებული“.

ერთ დროს მას აქრივის მცველის თანამდებობა ეკავა ჭოუს დინასტიის კარზე, ლუს პროვინციაში, თუმცა
შემდეგ გული აიცრუა სახელმწიფო სამსახურზე და განმარტოებით ცხოვრებას გაჰყვა. ლაო ძის
მოღვაწეობის პერიოდი ემთხვევა ქვეყნის დაქუცმაცების, სამთავროთა შორის ბრძოლის და
პოლიტიკური კატაკლიზმების პერიოდს. ეს იყო დრო, როდესაც ინგრეოდა ძველი და ისახებოდა ახალი,
ფეოდალური, წყობილება. ამ ფონზე ლაო ძი ორივე წყობილებას აკრიტიკებდა: მისთვის ერთნაირად
მიუღებელი იყო, როგორც ძველი „მმართველობა ეტიკეტის საფუძველზე“, ასევე ახალი „მმართველობა
კანონის საფუძველზე“. ასევე იგი აკრიტიკებდა დაპყრობით ომებს და თვით „მმართველობას
ბრძენკაცთა პატივისცემის საფუძველზეც“ კი. ყველა უბედურების საწყისი, მისი აზრით, ცოდნაში და
სურვილებში მდგომარეობს, ვინაიდან ვნებები და გონება აღძრული სასურველის შეძენით, იმღვრევა და
ადამინები კარგავენ თავიანთ „ბუნებრივ“ მდგომარეობას. ცოდნის და სურვილების დაძლევის გზა
მდგომარეობს იმაში, რომ ხალხმა აღარ სცეს პატივი სწავლულთ და აღარ უყვარდეს იშვიათი და
ძვირფასი ნივთები. ამგვარად, ისინი გახდებიან „მიამიტნი“ და ბუნებრივი მოთხოვნილებებით
იცხოვრებენ. ასეთივე უნდა ყოფილიყო თავად ხელმწიფეც. ფაქტობრივად, ლაო ძის მიერ
შემუშავებული ბედნიერი სახელმწიფოს მოდელი წარმოადგენდა იდეალიზირებულ თემურ
საზოგადოებას. ასეთი სახელმწიფო, მისი აზრით, უნდა ყოფილიყო პატარა, მცირე მოსახლეობით, სადაც
არ იქნებოდა გამოყენებული ცივილიზაციის ისეთი ნაყოფი, როგორიც არის რთული იარაღები,
სამეურნეო თუ საბრძოლო, გადაადგილების ახალი საშუალებები და ა.შ. ადამიანები არ უნდა
გადადიოდნენ ადგილიდან ადგილზე და დაბადებიდან სიკვდილამდე ერთ მიდამოში ეცხოვრათ.
როდესაც მეზობელი სახელმწიფოებიც ამგავარად იქნებოდნენ მოწყობილი, შეწყდებოდა დაპყობითი
ომები და თავდაცვაც აღარ გახდებოდა საჭირო.

ლაო ძის შეხედულებები ჩვენთვის ცნობილია ძეგლიდან, რომელსაც ეწოდება „ტაო დე ძინი“ (წიგნი
ტაოსა და დეს შესახებ). ლაო ძის ფილოსოფიის უმაღლესი კატეგორია არის ტაო. იეროგლიფი „ტაო“ ორი
ნაწილისაგან შედგება: “შოუ”, რაც ნიშნავს თავს და “წოუ”, რაც ნიშნავს სვლას, სიარულს. ამიტომ
ტერმინის თავდაპირველი მნიშვნელობა არის გზა, რომლითაც მიდის ადამიანი. მაგრამ მოგვიანებით
ტერმინმა გადატანითი მნიშვნელობა მიიღო და აღნიშნავდა „კანონზომიერებას“ ან „სამყაროულ კანონს“.
ლაო ძიმ ამ ტერმინს, გარდა საყოველთაო კანონის მნიშვნელობისა, ყოველივეს წარმომშობელი არსის,
ანუ პირველსაწყისის მნიშვნელობაც შემატა. კოსმოგონიის პროცესს იგი ასე აღწერს: ერთი წარმოშობს
ორს, ორი – სამს, ხოლო სამი – ყოველივე არსებულს. აქ „ერთი“ არის ქაოსი, ანუ ის მდგომარეობა,
როდესაც ინი და იანი არეული არიან ერთმანეთში, „ორი“ არის ეტაპი, როდესაც ინი და იანი
გამოიყოფიან ერთმანეთისგან 1, ხოლო „სამი“ არის: ინი, იანი და ჰარმონია, ანუ ინისა და იანის
ჰარმონიით წარმოქმნილი ერთიანი სხეული (რაც უკვე არსებულის საფეხურია: სამი (ინი, იანი და მათი
ჰარმონიული გაერთიანება) წარმოადგენს არსებულ საგნებსა და მოვლენებს). მაგრამ ტაო უსწრებს ამ
„ერთს“, ანუ ქაოსს, ამგვარად იგი პირველსაწყისია, რომელშიც იღებს დასაბამს ყოველივე არსებული,
თუმცა თავად იგი იმდენად შეუცნობელია, რომ მისი რიცხობრივი წარმოდგენაც კი (ერთი)
შეუძლებელი ხდება: იგი იქამდეა, სანამ რიცხი გაჩნდებოდეს.

ლაო ძის ფილოსოფიაში დიდი ადგილი უკავია სიცარიელის ცნებასაც. იგი, როგორც არარსი
დაპირისპირებულია არსს და მიუხედავად იმისა, რომ რაც კი არსებობს ყველაფერი არსისა და არარსის

1
ძველი ჩინური მითოლოგიის მიხედვით, იანი, როგორც მსუბუქი ელემენტი, ზეაიწევა და წარმოშობს
ცას, ხოლო ინი, როგორც მძიმე და ინერტული სხეული, იწევს დაბლა და წარმოქმნის მიწას.
კომბინაციებია, დომინირებადი არის არარსი, სიცარიელე: ყველაფერი ამქვეყნად წარმოიშობა
არსებულში, მაგრამ არსებული წარმოიშობა არარსებულში. არარსებული (უფრო სწორედ კი ის, რაც
არსებულს უსწრებს წინ), სიცარიელე ანუ ტაო, ყოველივე არსებულის ერთგვარი მეტაფიზიკური
საფუძველია. „ტაო დე ძინში“ ტაო დახასითებულია, როგორც „გუშენ“, ანუ სიცარიელე ხეობაში: „ხეობას,
რომელიც ცარიელია გააჩნია ფორმა, მაგრამ სიცარიელეს ხეობაში არ გააჩნია ფორმა“. ასევეა ცარიელი
დოქის, სახლის და სხვა საგნების შემთხვევაშიც, ყველა ისინი „შედგებიან“ ფორმისა და სიცარიელისაგან,
ამასთან ეს უკანასკნელი მათ ფუნქციურობას, ანუ მათ არსს განსაზღვრას: დოქის გამოყენება
შესაძლებელი ხდება, ვინიადან მის შიგნით სიცარიელეა, სახლი ხდება გამოსადეგი, ვინაიდან მასში
ცარიელი სივრცეა და ა.შ. ვერც ერთი საგანი ვერ იარსებებს ამ სიცარიელის გარეშე და ეს სიცარიელე
სამყაროს საფუძველია, ტაოა, რომელიც არსად არაა კონკრეტული ფორმით, მაგრამ ამასთანავე ყველგან
და ყველაფერშია.

ტაოს შეცნობა შეუძლებელია, იგი ვლინდება სამყაროში ერთგვარი უზენაესი კანონის, მოვლენათა
ბუნებრივი სვლის, სახით. ამ სამყაროში არაფერია, რაც მისით არ შექმნილიყოს, თუმცა ის არაფერს
ქმნის, არაფერია ისეთი, რასაც იგი არ მართავდეს, თუმცა იგი უმოქმედოა, სისუსტე მისი ძალაა, ხოლო
უმოქმედობა – მისი მოქმედებაა. ტაოს მოძრაობა კი საპირისპიროში გადასვლაა. სწორედ გამომდინარე
იქიდან, რომ საგნებს და მოვლენებს საპირისპიროში გადასვლის ტენდენცია ახასიათებთ, ლაო ძი
ემხრობა „ოქროს შუალედის“ პრინციპს. ნებისმიერ საგანში ჩადებულია თვითუარყოფა, როდესაც
გარკვეული თვისებების ზღვრამდე გაზრდა ხდება, ისინი აუცილებლად გადავა თავის საპირისპირო
თვისებებში. ასეთია ზოგადი კანონი და ის, პირველ რიგში, შეეხება ისეთ საპირისპირო კატეგორიებს,
როგორიც არის სიკეთე და ბოროტება, ბედნიერება და უბედურება, სილამაზე და სიმახინჯე... სიკეთის
და ბედნიერების შენარჩუნების გზა ზომიერების დაცვაში მდგომარეობს, სხვა შემთხვევაში
ზღვარდაგასული სიკეთე აუცილებლად გარდაიქცევა ბოროტებად და ა.შ.

ტაოს გზის განხორციელება ნიშნავს იცხოვრო ტაოს შესაბამისად, ანუ მიყვე ცხოვრების მდინარეს,
წინააღმდეგობის გაწევის გარეშე მისი კანონებისადმი (ტაოს მოქმედება ხომ უმოქმედობაში
მდგომარეობს!). ნებისმიერ მოძრაობას წინ უსწრებს უძრაობა, მოქმედებას – უმოქმედობა. ასეთივეა
ტაოც: თავად აბსოლუტურად უძრავი და ცარიელი, იგი წინ უსწრებს ყოველგვარ მოქმედებას, პროცესს
თუ არსს. ამ მხრივ, იგი სრული ბუნებრიობაა, პირველადი მდგომარეობა, რომელიც ყველაფერზე
უწინარეს არსებობს. ამიტომ, ტაოისტის საბოლოო მიზანია ტაოსთან შერწყმა, იმგვარი მდგომარეობის
მიღწევა, რომელშიც ადამიანი შეიცნობს სამყაროს კანონზომიერებას, უცვლელ და მარადიულ ტაოს. ამ
სრულყოფილ მდგომარეობას ეწოდება „მინ“ და მისი მიღწევის საშუალება, როგორც ვთქვით, არის
უმოქმედობის პრინციპის (უვეი), ან, უკეთესი იქნება ვთქვათ, არა-წინააღმდეგობის პრინციპის,
განხორციელება.

ტაოს დახასიათებისას მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ის არ არის წარმოდგენილი შემოქმედის


სახით. ტაო არაფერს ქმნის, სამყარო წარმოიქმნება მისგან, თუმცა თავად ტაო რჩება უმოძრაო და
ინდიფერენტული ქმნადობის პროცესისამდი, ვინაიდან ის უპიროვნოა. „ტაო დე ძინში“ წერია: „ცა და
მიწა არ ფლობს კაცთმოყვარეობას. ერთია მათთვის ყოველი არსი თუ ჩალის ძაღლი“. ეს კი იმას ნიშნავს,
რომ ტაო არ განარჩევს ცოცხალს და არა ცოცხალს, კეთილს და ბოროტს, ბუნებაში არც ერთი საგანი და
მოვლენა არ არის მეორეზე დიდი ან მნიშვნელოვანი. ყველა ისინი ტაოს კანონის გამოვლინებანია.
დაფარული და შეუცნობელი ტაო ცნაურდება დეს მეშვეობით, რომელიც გამოხატავს ტაოს კანონს და
შეიძლება იქნას ამოკითხული ბუნების მოვლენებში და ბუნებრივ კანონზომიერებაში. ამიტომ უვეის
პრინციპის მიყოლით შესაძლებელია ტაოსთან მიახლოება. ლაო ძის აზრი ასე გრძელდება:
„ყოვლადბრძენი არ ფლობს კაცთმოყვარეობას. ერთია მისთვის კაცი, ქალი თუ ჩალის ძაღლი“. ესვეა
მიზეზი იმისა, რომ ფილოსოფიურმა ტაოიზმმა არ შეიმუშავა არავითარი ეთიკური სწავლება: ეთიკა
ემყარება კეთილის და ბოროტის გარჩევას, მაგრამ ტაო არ განარჩევს ერთ საგანს მეორისგან, ტაო
ცნაურდება ბუნებრიობაში. ადამიანმა უნდა შეიმეცნოს არა თავისი „უკეთესი თავი“ (როგორც ამას
რელიგიათა უმეტესობა გვასწავლის - ადამიანის სრულყოფას), არამედ თავისი „ბუნებრივი თავი“,
ისეთი, როგორადაც გაჩნდა: მიამიტი, უანგარო, დაუფიქრებელი, ბუნებრივ მოთხოვნილებებს
მიყოლილი. ადამიანის გარყვნა, ლაო ძის აზრით, სწორედ მაშინ იწყება, როდესაც იგი ცდილობს
შეიძინოს იმაზე მეტი, ვიდრე ბუნება აძლევს, იცოდეს იმაზე მეტი, ვიდრე ეფექტური ქმედებისთვის
სჭირდება. თუმცა, ეთიკური ნორმების არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ლაო ძი ამორალობას
ქადაგებდა ან დაშვებულად მიაჩნდა: ნებისმიერი ამორალური ქმედების საწყისი ძალადობაში იღებს
თავის დასაბამს, ძალადობა კი ეწინააღმდეგება უვეის პრინციპს - ადამიანი უნდა მიყვებოდეს
მოვლენათა ბუნებრივ სვლას მათთვის წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ამგვარად არ დაირღვევა
საყმაროს ჰარმონია და ადამიანი მიაღწევს ბუნებრივი მორალურობის მდგომარეობას. სწორედ ამ
მდგომარეობას ეწოდება მინ.

ჭუან ძი
ტაოიზმის მეორე დიდი წარმომადგენელია პიროვნება სახელად ჭოუ და გვარად ჭუან, იგივე ჭუან ძი
(369–286 წწ.), რომელიც ერთ ხანს, როგორც ჩანს, წვრილი მოხელე იყო, ხოლო შემდეგ განმატროებით
ცხოვრება არჩია. მისი შეხედულებები ჩვენთვის ცნობილია წიგნიდან „ჭუან–ძი“, რომლის პირველი 7
თავის ავტორი თავად ჭუან ძი უნდა იყოს, ხოლო დანარჩენი თავები მის მოწაფეებს ეკუთვნის.

ყველა სკოლის ქიშპობის პერიოდში, ცხადია, დიდი ყურადღება ეთმობოდა ჭეშმარიტისა და მცდარის
კატეგორიების განსაზღვრის პრობლემას. თუმცა ჭუან ძი სუბიექტური იდეალიზმის პოზიციებზე იდგა
და უარყოფდა ასეთი კატეგორიების არსებობის შესაძლებლობას. მართლაც, შესაძლებელია თუ არა
ჭეშმარიტების კრიტერიუმის დადგენა? თუ ერთი მხარე კამათში აჯობებს მეორეს, ნიშნავს თუ არა ეს,
რომ გამარჯვებული მხარე ავრომატურად ჭეშმარიტი უნდა იყოს? ჭეშმარიტი ან მცდარი, ყოველ
კონკრეტულ შემთხევაში, დამოკიდებულია სუბიექტის გამოცდილებაზე. ჭეშმარიტების ობიექტური
კრიტერიუმის პოვნა შეუძლებელია, ის ყოველთვის სუბიექტური დარჩება. ბუ ჭამს თაგვს, ადამიანი –
ძროხას, ღორს და თინაკს, დათვი კი – თევზს. მაშინ რა არის ყველაზე გემრიელი? ერთი ამბობს, რომ ის
არის მართალი, მეორე – რომ ის. ჭუან ძი კი ამბობს, რომ ორივე მხარეს არის, როგორც ჭეშმარიტება,
ასევე მცადარობაც (თაგვი არის გემრიელიც და უგემურიც: გემრიელია ის ბუსთვის, მაგრამ უგემური -
ადამიანისთვის). ამგვარად, უარყოფს რა ჭუან ძი ჭეშმარიტების ობიექტურ კრიტერიუმს,
ერთდროულად ღებულობს ჭეშმარიტსაც და მცდარსაც, რადგანაც განსხვავება მათ შორის მხოლოდ
სუბიექტურია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებულია მიღებულ ნორმებზე ან სუბიექტის
პირად გამოცდილებაზე და არავითარ შემთხვევაში არ არის ობიექტური, ანუ არსობრივად
დამახასიათებელი ამა თუ იმ მოვლენისა თუ მსჯელობისათვის. ნაბისმიერი საგანი ამქვეყნად არის
შეფარდებითი, ანუ ხასიათდება მიმართებით სხვა საგანთან, „არ არის საგანი, რომელიც არ ყოფილიყოს
ეს და არ არის საგანი, რომელიც არ ყოფილიყოს ის“, იმიტომ რომ „ის“ და „ეს“ ასეთები არიან ერთი
მეორესთან მიმართებაში. შესაბამისად, იშლება ყოველგვარი საზღვრები საგნების თვისობრივ
მახასიათებლებს შორის, რის საფუძველზეც ჭუან ძი აკეთებს დაკსვნას, რომ ყველა საგანი ერთნაირია.
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ჭუან ძი მივიდა დასკვანამდე სამყაროს შეფარდებითობის შესახებ და ამ
საფუძველზე უარყო ნებისმიერი აბსოლუტური კატეგორია. ყველა საგანი არის „ასეთი“ „ისეთის“
მიმართ (დიდი მცირეს მიმართ, ლამაზი მახინჯის მიმართ და ა.შ.) და პირიქით.

„ჭუან ძიში“ წერია: “<...> ამბობენ: „ ის წარმოიშობა ამისგან, ხოლო ეს - იმისგან“. ასეთია სწავლება იმის
შესახებ, რომ ის და ეს ერთი მეორეს წარმოშობენ. ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ მაშინ, როდესაც
არსებობს სიცოცხლე, არსებობს სიკვდილიც; მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს სიკვდილი, არსებობს
სიცოცხლეც; მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს შესაძლებელი, არსებობს შეუძლებელიც; მხოლოდ
მაშინ, როდესაც არსებობს შეუძლებელი, არსებობს შესაძლებელიც”.

„ეს და ის – არის მოძღვრება ურთიერდაბადების შესახებ“. სიცოცხლე არსებობს მაშინ, როდესაც


არსებობს სიკვდილი, როდესაც არსებობს შეუძლებელი, არსებობს შესაძლებელიც და ა.შ. საგანთა
არსებობა, მისი თქმით, არის სწრაფი რბოლა 2, არ არსებობს ისეთი მომენტი და მოძრაობა, რომელმაც
ცვლილებები არ გამოიწვიოს. საგნებს ვახასიათებთ თვისებების მეშვეობით, მაგრამ ბუნება იმგვარადაა
მოწყობილი, რომ საგნებს არ გააჩნიათ თვისობრივი მდგრადობა: ყლორტი არის ღია ფერის, მწვანე,
ელასტიური, რბილი... დროთა მანძილზე ის იცვლის შეფერილობას, ხდება უფრო მუქი, უფრო მაგარი
და ბოლოს - მტვრევადი. ამას გარდა, ყოველ კონკრეტულ მომენტში საგნის აღწერისას უნდა
გავითვალისწინოთ სუბიეტური ფაქტორების მთელი რიგი: ვინ უყურებს საგანს, რა სიშორიდან,
როგორი განათებისას, რომელ მეორე საგანთან ერთად და ა.შ. ამიტომ ჭუან ძი საგანთა ობიეტურ
არსებობას კი არა, საგანთა ობიექტური აღწერის შესაძლებლობას უარყოფს. საგნების არსებობას არ
გააჩნია თვისობრივი მდგრადობა, ყველა საგანი წარმოიშობა და ისპობა, მაგრამ მთელ სამყაროს და
თითეულ საგანს აქვს ერთი წყარო, ეს ერთი ცნაურდება სამყაროში მიმდინარე პროცესებში და
მიუხედავად იმისა, რომ ისაა ცვლილებათა საფუძველი, თავად ის უცვლელია. ყველა საგანი წამის წინ
წარმოიშვა ერთისგან და ამ ერთშივე დაბრუნდება შემდეგ მომენტში. ერთი, რომელზეც საუბრობს ჭუან
ძი, არის ტაო. და თუ ტაო უპირისპირდება ამ სამყაროს, მაშინ ეს ერთი უნდა იყოს სრული ტოლფასობა,
სადაც აღარ არის დაპირისპირებული მხარეები (წყვილები) და აღარც შეფარდებითი კატეგორიები. ტაო
არის აბსოლუტური თვითინედტურობა.

„ჭუან ძის“ მეორე თავში წერია: „სიხარული და რისხვა, სევდა და მხიარულება, აღელვება და დარდი,
მუდმივობდა და ცვალებადობა, თავქარიანობა და ხელგაშლილობა, ვნება და გარყვნილება, გავს
მუსიკას, რომელიც იბადება ინსტრუმენტების სიცარიელიდან 3, გავს სოკოს, რომელიც წარმოიქმნება
აორთქლების შედეგად, დღედაღამ ცვლიან ერთმანეთს 4 და გაუგებარია, საიდან ჩნდებიან! მაგრამ
საკმარისია ამაზე! ოდესამე შევიცნობთ ამ ჭეშმარიტებას, რომელიც მათი წყაროა.“ სიხარული და
რისხვა და ა.შ. არის წყვილები, თვისებები, რომელიც თავის თავად კი არა, არამედ ერთი მეორესთან
მიმართებაში არსებობს. ისინი გვანან ბგერებს, რომელსაც ფლეიტა გამოსცემს: ბგერები განსხვავებულია
და მათი კონსტრასტით იქმნება მელოდია, მაგრამ ყველა ბგერა წარმოიშობა ფლეიტაში არსებული
სიცარიელიდან, სიცარიელე კი - ტაოა. ამიტომ ამბობს ჭუან ძი: „ოდესმე შევიცნობთ იმ ჭეშმარიტებას,
რომელიც მათი წყაროა“ - ეს ჭეშმარიტება განსაზღვრებისამბერ ერთია (სრული თვითინედტურობაა),
ვინაიდან წყვილი მას განწონიდა და გააბათილებდა.

ტაოსთან შერწყმას იგი ახასიათებს როგორც აბსოლუტური თავისუფლების მდგომარეობას,


„თავისუფლად ხეტიალს“. სრულყოფილი ადამიანი არის ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია სამი რამ (ან
სამი არ–ქონა ახასიათებს): ეს არის ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი „მე“, ბრძენი, რომელსაც არ
გააჩნია დიდება და წმინდანი, რომლსაც არ გააჩნია დამსახურებანი. ამასთან, ჭუან ძისათვის არ
არსებობს ობიექტური თავისუფლება. ვინაიდან ობიექტურ სამყაროში ყველაფერი განსაზღვრულია
ობიექტური კანონებით, სამყაროში, სადაც დაპირისპირებული მხარეები არსებობს, არსებობს
დაბრკოლებებიც. ამიტომ აქაც იგი სუბიექტური იდეალიზმის პოზიციებზე დგება და ამბობს, რომ „ცა
და მიწა დაიბადა ჩემთან ერთად. ყველა საგანი და „მე“ ერთ მთლიანს წარმოვადგენთ“. და მიუხედავად
იმისა, რომ „მეს“, სუბიექტს, მის ფილოსოფიაში, ცენტრალური ადგილი უკავია, სრული თავისუფლების
მდგომარეობა მიიღწევა „საკუთარი თავის დავიწყებით“. საკუთარი თავის დავიწყება, როგორც ჩანს,
მედიტაციის სპეციფიური ფორმა უნდა იყოს, რომელშიც ადამიანი განეშორება შეგრძნების ორგანოებს,
ერთგვარ აბსტრაგირებას ახდებს ფორმისაგან და შეერწყმის ტაოს, ანუ იმგვარ მდგომარეობას აღწევს,
სადაც აღარ არის განსხვავებანი, არ არის დაპირისპირებული საწყისები, შესაბამისად სულს აღარაფერი

2
ადამიანის სიცოხლეს იგი ადარებს ნახტომს უფსკრულის თავზე: წამიერი მომენტი ერთი ნაპირიდან
მეორეზე გადასასვლელად.
3
იქამდე პერსონაჟი, ნან-გო, საუბრობდა ფლეიტის მაგალითის მოშველიებით, ამიტომ აქ
იგულისხმება საკრავი ინსტრუმენტების შიგნით არსებული სიცარიელე, რომელიც ბგერის აკუსტიკას
უზრუნველყოფს.

4
სიხარული და რისხვა და ა.შ.
აბრკოლებს და იგი თავისუფლებას აღწევს. „ჭუან ძის“ მეორე თავი ასეთი დიალოგით იწყება:
მაგიდასთან მჯდომ ნან-გო ძი-ცისთან მივიდა იან ჩენ ძი-იუ და უთხრა: „ეს როგორაა? ნუთუ მართლა
შესაძლებელია ადამიანის სხეული დაემსაგვსოს გამხმარ ხეს , ხოლო გული - გაციებულ ფერფლს? თქვენ
ხომ, დღეს რომ ეყრდნობით ამ მაგიდას, იგივე არ ხართ, ვინც ამ მაგიდას გუშინ ეყრდნობოდით?“ „იან,
შენ ძალიან კარგად იკითხე ამის შესახებ, იცი თუ არა, რომ ახლახანს მე უარი ვთქვი საკუთარ „მე“-ზე?“.
ეს ეპიზოდი მიუთითებს იმაზე, რომ ჭუან ძისთვის, ადამიანის მეც ისეთივე არამდგრადია, როგორც სხვა
საგნები. ადამიანი, რომელიც თავისუფალია „წყვილებისგან“, საკუთარ მეზე (რომელიც „წყვილების“
ტყვეა, ვინაიდან ამგვარი სახით არსებობს მხოლოდ სხვასთან მიმართებაში) უარის თქმით აღწევს
თავისი ჭეშმარიტი არსის წვდომას. ამ მდგომარეობაში, სამყარო შეიმეცნება თავის
თვითიდენტურობაში, აღარ არსებობს მართალი და მცდარი, მცირე და დიდი... არამედ მიიღწევა
მდგომარეობა, რომელშიც „მე და ყველა საგანი ერთ მთლიანს წარმოადგენენ“, სადაც „სიცოცხლე და
სიკვდილი ერთი ჯოხის ორი ბოლოა, შესაძლებელი და შეუძლებელი მონეტის ორი მხარეა“.

იგივე იდეების საფუძველზე იცვლება უვეის პრინციპიც: თუკი ლაო ძისთვის ეს ნიშნავდა მხოლოდ
ბუნების კანონების შესაბამის, ტაოსთან არაწინააღმდეგობრივ ქმედებას, ჭუან ძისთან ძლიერდება
ასკექტური იდეალები. საზოგადოებაში არ არსებობს თავისუფლება, ვინაიდან საზოგადოება
მოწესრიგებულია წყვილების მეშვეობით. თითეული ნორმა გამოხატავს შეუსაბამო და შესაბამის
ქცევებს. სანამ ცნობიერება დამოკიდებულია ამ წყვილებზე, ანუ აზროვნებს შესაბამისობის და
შეუსაბამობის კატეგორიებში, სრული თავისუფლება, რომელიც ბუნებრიობასთან დაბრუნებას ნიშნავს,
ვერ მიიღწევა. ერთიანობა ტაოსთან მიიღწევა განდეგილი ცხოვრებით, სადაც ადამიანის სულს შეუძლია
„თავისუფლად ხეტიალი“, სოციალური და კულტურული ნორმების პირობითობისგან
განთავისუფლება.

ჭუან ძის სუბიექტურ იდეალიზმის საუკეთესო მაგალითია შემდეგი ეპიზოდი: ერთხელ ჭუან ჭოუს
დაესიზმრა, რომ იყო პეპელა და თავისუფლად დაფარფატებდა. ამ დროს მას არ ახსოვდა, რომ იყო ჭოუ,
რომელიც სიზმარს ხედავს. როდესაც ჭოუმ გაიღვიძა, იგი დაფიქრდა: იქნებ მე პეპელა ვარ, რომელსაც
ესიზმრება, რომ ის არის ჭოუ?

You might also like