You are on page 1of 6

ტაოიზმის განვითარება

ტაოიზმი წარმოიშვა როგორც ფილოსოფიური, ან რელიგიურ–ფილოსოფიური მიმართულება, მაგრამ


ნელ–ნელა იგი სულ უფრო მეტად უახლოვდებოდა ხალხურ რელიგიურ წარმოდგენებს, რასაც შედეგად
მოყვა ტაოიზმის, როგორც რელიგიის ჩამოყალიბება. ეს მოვლენა დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვის
დასაწყისში უნდა მომხდარიყო. ტაოიზმმა თავის თავში გააერთიანა სხვდასხვა ღვთაებათა და სულთა
რწმენა, მაგიური რიტუალები და მედიტაციური პრაქტიკები. ნელ–ნელა მასში სხვადსხვა
მიმართულებებიც გამოიყო, რომელნიც ლაო ძისა და ჭუან ძის იდეების თავისებურ ინტერპრეტირებას
ახდენდნენ. 165 წელს ჩინეთში პირველად აღინიშნა ტაოისტური დღესასწაული ოფიციალურ დონეზე,
რაც ნიშნავდა იმას, რომ იგი ფაქტობრივად იქნა აღიარებული ერთ–ერთ სახელმწიფო რელიგიად.
ამასთან ტაოიზმი სულ უფრო მეტად იძენდა ხალხური რწმენა–წარმოდგენებისთვის დამახასიათებელ
ნიშან-თვისებებს. ამ დროისათვის ლაო ძი უკვე გაღმერთებულია და სხვა უძველეს ჩინურ ღვთაებებთან
თუ გაღმერთებულ ადამიანებთან ერთად ტაოისტური პანთეონის თავში ექცევა 1. ამ პანთეონის ერთ–
ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია უკვდავთა კლასი, ანუ „სიანი“. სიანი არიან დიდი ტაოისტი
წმინდანები, რომელნიც აღწევენ უკვდავებას სულიერი სხეულის დონეზე.

ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ რელიგიური ტაოიზმის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი


ითამაშა ფილოსოფიური ტაოიზმის იდეების შერწყმამ სამხრეთ ჩინეთში გავრცელებულ შამანურ
ტრადიციებთან2. შამანური ტრადიციის მიხედვით, ბუნების კანონის შეცნობით ადამიანი იძენს ძალას ამ
ბუნებისაგან, ამიტომ შამანს აქვს უნარი წინასწარმეტყველების, შეუძლია სიზმრებისა და მინიშნებების
ინტერპრეტირება, აქვს კავშირი სულიერ სამყაროსთან. ასეთი არიან ტაოიზმის მოღვაწეები ჰანის მეორე
დინასტიის და შემდეგომ პერიოდებში.

ტაოისტური სკოლებიდან პირველია ჭენ ი ტაო. მის დამაარსებლად ითვლება ბრძენი ჭან ტაოლინი,
რომელმაც 142 ან 146 წელს სიზმრად მიიღო დარიგება ლაო ძისგან ექადაგა მისი მოზღვრება. ლაო
ძისგანვე მიუღია ჭან ტაოლინს განკურნების ნიჭი და „თეინ ში ტაოს“–ს ტიტული, რაც ნიშნავს ზეციურ
დამრიგებელს. ეს ტიტული ჭანის გვარში მემკვიდრეობით გადადის და დღესაც ზეციური
დამრიგებელნი ჭანის გვარში კუნძულ ტაივანზე ცხოვრობენ. ეს არის პირველი ჩვენთის ცნობილი
ტაოისტური სკოლა, რომელიც დღემდე არსებობს. ამ სკოლის მიმდევრები გამოირჩევიან მკაცრი
დისციპლინით და სიყვარულით საბრძოლო ხელოვნებისადმი. სწორედ ამ მიმართულებამ ჩაუყარა
საფუძველი 184 წლის აჯანყებას, რომელიც ისტორიაში ცნობილია „ყვითელ–თავსაფრიანთა“ აჯანყების
სახელით.
1
უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი ჩინურ წარმოდგენაში არ ასოცირდება „შემოქმედთან“. ზღვარი
ღმერთსა და სულს შორის აქ ისეთივე მყიფეა, როგორც შინოისტურ წარმოდგენებში: გამორჩეული
ადამიანის სული გარდაცვალების შემდეგ იძნეს უკვდავებას და მას ვუწოდებთ ღმერთს ან სულს.
ღმერთი ან სული ასევე შეიძლება ეწოდოს სხვადასხვა ძალებს: ამგვარი ხერხით ხდება კონკრეტული
ძალის პერსონიფიცირება.
2
ლაო ძიც და ჭუან ძიც ჩუს სამეფოდან იყვნენ. ჩუს სამეფო მდებარეობდა უკიდურეს სამხრეთ
აღმოსავლეთში ჭოუს იმპერიისა და ცენტრალური სამეფოების თვალში ასოცირდებოდა
„ბარბაროსულ პერიფერიასთან“.
ჭან ტაოლინმა კონფუციანური განათლება მიიღო, თუმცა, ამის შემდეგ გაიარა სწავლება შამანთან.
შამანებმა ამ პერიოდში უკვე მნიშვნელოვანი ფენა შეადგინეს: ფან ში - მკურნალი, წინასწარმეტყველი,
ტაოისტურ პრაქტიკებში დახელოვნებული ბერძენკაცი. ზეციერ დამრიგებელთა სკოლამ ჭან
ტაოილინისაგან იანდერძა თილისმური მაგიის წრმენა და მასზე დაფუძნებული პრაქტიკები. ჭენ ი ტაოს
სკოლას სხვაგვარად მოიხსენიებენ როგორც ბრინჯის ხუთი საზომის სკოლასაც, ვინაიდან ეს იყო
საფასური, რომელსაც ნეოფიტი იხდიდა სკოლაში შესასვლელად. ჭენ ი ტაო მნიშვნელოვანია იმითაც,
რომ სწორედ ამ სკოლის ტრადიციაში დაიწერა ტაოისტური ტექსტი „ტაი პინ ძინი“, რომელიც ითვლება
პირველ გამოცხადებით წიგნად ტაოიზმში: „ტაი პინ ძინის“ ავტორობა მიეწერება ტაოს მფარველ
ღვათაბებს და არა ისტორიულ ადამიანს, რომელიც შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ როგორც ჩამწერი.
ტექსტის ჩაწერა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ამ პერიოდიდან რელიგიური ტაოიზმი იწყებს თავისი
ლიტერატურის შექმნას. მომდევნო პერიოდებში თიენ ში ტაოს პოპულარობა იზრდება: სამი სამეფოს
პერიოდში ვეიმ ოფიცილურად გამოაცხადა ჭენ ი ტაო ერთადერთ ჭეშმარიტ ტეოისტურ სკოლად.
მეხუთე საუკუნეში კი ჭენ ი ტაოს ჩრდილეოთის მიმართულების დამაარსებელმა, კოუ ციანჭიმ,
მოახდინა ტაოისტური პრაქტიკების და ეთიკური ნორმების სისტემატიზაცია. აქ შედიოდა უარის თქმა
ალკოჰოლის, ხორცის, ჰალუცინოგენური ნივთიერებების მიღებაზე და უზნეო სექსუალურ აქტებზე
(ორგიები). პარალელურად სამხრეთის მიმართულებაში მიმდინარეობს მუშაობა ტაოისტური
ლიტერატურის სისტემატიზაციაზე. 471 წელს ლუ სიუძინმა შეკრიბა ამ დროისათვის არსებული
ტაოისტური ლიტერატურული ძეგლები და გააერთიანა ერთ კრებულში, რომელიც შვიდი ნაწილისაგან
შედგებოდა. სანიმუშოდ ლუ სიუძინმა გამოიყენა ბუდჰისტური ტიპიტაკას სტრუქტურა. ამ ძეგლში
ერთად მოიყარა თავი რამდენიმე ტაოისტური სკოლის ლიტერატურამ: ალქიმიური ტექსტები, თიენ ში
ტაოს ტრადიციის ლიტერატურა და შანცინის სკოლების ლიტერატურა.

შანცინის ტრადიციის დაარსება მიეწერება ქალს სახელად ვეი ხუაცუნი, რომელსაც 288 წელს ჰქონია
გამოცხადება. აღსანიშნავი ისიც, რომ ვეი ხუაცუნს არ ჰყოლია პირდაპირი მემკვიდრე. გარდაცვალების
შემდეგ მან შეიძინა უკვდავება და ამგვარად, სულის სახით, გამოცხადა იან სის, რომელიც ხდება მისი
იდეების გამავრცელებელი. შანცინის ტრადიცია ორიენტირებულია ორ ძირითად დებულებაზე,
რომელიც შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ, როგორც „ერთის შენარჩუნება“ და „სხეულის მფარველი
სულების რწმენა“. დღეგრძელობის და ჯანმრთელობის იდეები პოპულარული იყო ჭენ ი ტაოს
სკოლაშიც, თუმცა აქ ამ იდეებმა არ მოიპოვეს დოქტრინალური გამოხატულება: ჯანმრთელობის
გაუმჯობესება და სხვა მსგავსი მიიღწეოდა შამანური რიტუალების და თილისმების მეშვეობით.
შანცინის სკოლაში კი შეიქმნა მთელი სისტემა, რომელიც ადამიანის სხეულში მყოფ სულებს და ბუნების
სულებს აღწერდა, ხოლო თილისმები ამ ძალების ვიზუალიზაციისათვის გამოიყენობოდა. ამ
მოძღვრების სისტემატიზაცია მოხდა მეხუთე საუკუნეში ტაო ხუნძინის (456-536წწ.) მიერ. ტაო ხუნძინი
მაოშანის მთებში დასახლდა, სადაც ააშენა თავისი ალქიმიური ლაბორატორია და პირველი ტაოისტური
სასწავლებელიც3, ამიტომ მის მიერ რესტავრირებულ შანცინს ხანდახან მაოშანის სკოლადაც
მოიხსენიებენ. პანთეონის სათავეში ტაო ხუნძინმა მოაქცია „სან იუან“ - სამი უმაღლესი - ღვთაებები,
რომლებიც ტაოს ემანაციების სახით არის წამოდგენილი. თითეული მათგანი გამოხატავს კონკრეტულ
ენერგიას. ადამიანის სხეულში ეს ენერგიები წარმოდგენილია წარმომშობელი (გამრავლებაზე

3
ეს სასწავლებელი არსებობდა თითქმის მთელი შემდგომი ისტორიის მანძილზე: სუნის, იუანის,
მინის და ცინის იმპერიაშიც კი.
პასუხისმგებელი, ადგილი: წერტილი ჭიპის ქვემოთ), სასიცოცხლო (პასუხისმგებელია სუნთქვაზე,
ლოკალიზებული გულში) და სულიერი (მართავს გონებას და ტაოს უმაღლეს გამოვლინებას
წარმოადგენს. ლოკალიზებული თავის არეში, თვალებს შუა) ენერგიების სახით. სამყაროში კი სამი
უმაღლესი გამოვლენილია მზის, მთვარის და ვარსკვლავების სხეულებში. სამ უმაღლესს მოყვება
ძირითად ორგანოთა შენ (სულები): გულის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ფილტვების და თირკმელების.
თუმცა, ადამიანის სხეულში მხოლოდ დადებითი (მფარველი) ენერგიები როდია: სულიერი და
ფიზიკური დაბინძურება იწვევს უარყოფითი ძალების კონცენტრირებას, რომლებიც კეტავენ გზებს სამი
უმაღლესი ორგანოს ფუნქციონირებისაკენ. ამიტომ მარხვა და სულიერი განწმენდა აუცილებელია, რათა
ენერგია ორგანოებს შორის ცირკულირებდეს შეფერხების გარეშე. ყველა ეს სული (შენ), დადებითი და
უარყოფითი, უნდა გავიგოთ, როგორც იანური და ინური თვისებების ენერგიები. თითეული მათგანი
წარმოადგენს სამყაროს ენერგიის ნაწილს, რომელიც წარმოდგენილია ყველა სხეულში (ბუნებაშიც და
ადამიანშიც). ამიტომ შანცინის მიმდევრის მიზანია მიაღწიოს გარეგანი ტაოს და შინაგანი ტაოს
ერთიანობას, რაც ასევე ნიშანვს ადამიანის გარემომცველი სამყაროს და მის (ადამიანის) შიგნით
მიმდინარე პროცესების სინქრონიზებას. ამას უწოდებნენ ისინი „ერთის შენარჩუნება“ - როდესაც
ერთიანობა ტაოსთან მიღწეულია, ადამიანი ხდება უკვდავი.

შანცინის პრაქტიკებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ვიზუალიზაციის მეთოდი, რომელიც


გამოიყენება როგორც შინაგან ძალთა ვიზუალიზაციისათვის, ასევე გარე სამყაროს ობიექტებთან
კავშირის დამყარებისათვის. მაგ., სხეულში ბინადარი კეთილი და ავი სულების ვიზუალიზაცია კათელი
ძალის გაძლიერებას, ხოლო ავის - დასუსტებას ისახავს მიზნად, რაც მიიღწევა, თუკი ადამიანის
შინაგანი თვალი ხედავს ამ სულებს მათი ჭეშმარიტი ფორმით: ზიანისმომტან ძალებს მახინჯ და
უძლურ არსებებად, ხოლო ჯანმრთელობისა და სასიხოხცლო ძალებს - ბრწყინვალებით მოცულ
მშვენიერ არსებებად. ვიზუალიზაციის დახმარებითვე ხდება მზისა და მთვარის (შესაბამისად, იანური
და ინური) ნათების „ჩაყლაპვა“. ვინაიდან ციური სხეულები ტაოს უმაღლესი გამოვლინებანია, მათი
ნათება ტაოს ენერგიის ემანაციას წარმოადგენს. ამ ენერგიის აკუმულირება ადამიანის შიგნით შანცინის
ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრაკქტიკას წარმოადგენდა. გარდა ვიზუალიზაციის მეთოდისა ეს პრაქტიკა
ბევრ სხვა ელემენტსაც ითვალისწინებდა (რიტუალისთვის განკუთვნილ წელიწადისა და დღე-ღამის
დროს დადგენას, განმარტოებას უკაცრიელ ადგილებში, თილისური მაგიის მეშვეობით თავის დაცვას
გარე ძალებისაგან, სპეციალურ მედიტაციურ და სუნთქვით პრაქტიკებს და ა.შ.). შანცინის ყველა
(გარეგანი თუ შინაგანი) პრაქტიკის მიზანია ადამიანში ე.წ. უკვდავების ჩანასახის განვითარება.
ჩანასახის ფორმირების შემდეგ, ადეპტი შეიძენს უკვდავ სხეულს და გარდაცვალების შემდგომ
ამაღლდება ცაში, სადაც შეუერთდება ციურ სხეულებს, ანუ უმაღლესი სიწმინდის სფეროს - შანცინ.
სწორედ აქედან მოდის სკოლის დასახელებაც.

შანცინმა, როგორც დამოუკიდებელმა სკოლამ, შეწყვიტა არსებობა სუნის ეპოქის ბოლოს, მაგრამ მისმა
სწავლებამ გავლენა მოახდინა სხვა მრავალ მიმართულებაზე, ტაო ხუნძინის მიერ მაოშანზე
დაარსებული ცენტრი კი არსებობას კიდევ მრავალი საუკუნის მანძილზე განაგრძობდა.

დღემდე არსებულ ტაოისტურ სკოლათა შორის აღსანიშნავია სუნის ეპოქის დასაწყისში დაარსებული
ციუან ჭენ ტაო. შანდუნის პროვინციაში ცხოვრობდა ბრძენი სახელად ვან ჩუნიანი, რომელიც ტყეში
პატარა ქოხში დასახლებულა და დაურქმევია თავისი ქოხისთვის „ციუანჭენ“, ანუ ჭეშმარიტების
სისავსე. აქედანვე წამოვიდა სკოლის დასახელებაც. ვან ჩუნიანის მოძღვრების სპეციფიკას წარმოადგენს
ბუდჰიზმისა და ტაოიზმის სინკრეტიზმი. მისი თქმით, ტაოიზმი და ბუდჰიზმი ერთ დროს ერთ
მოძღვრებას წარმოადგენდნენ, რომელიც მხოლოდ დროთა განმავლობაში გაიყო ორ სხვდასხვა
რელიგიად. ვან ჩუნიანი ტაოისტური შინაგანი ალქიმიითაც ყოფილა გატაცებული. ბუდჰიზმის და
კონფუციელობის გავლენით, იგი უარყოფდა შინაგანი ალქიმიის ისეთ ფორმებს, რომელიც სექსუალურ
პრაქტიკებს უკავშირდებოდა (ეს პრაქტიკები ტაოისტურ ალქიმიაში გამოიყენებოდა როგორც იანური
ენერგიის დაგროვების საშუალება). მას სწამდა ადამიანის კეთილი ბუნების (კონფუციელობის
გავლენით) და ასევე ქადაგებდა, რომ თითეულ ადამიანში არის „ტაოს ნაპერწკალი“, ერთგვარი
თავდაპირველი სული (იუან შენ), რომელიც დაფარულია გრძნობადი ვნებებით და გონებრივი
დაბინძურებებით. ტაოს ნაპერწკალის გამოვლენა უნდა მოხდეს გულისა და გონების განწმენდის
მეშვეობით. აქ ნათლად ჩანს ბუდჰიზმის ზოგადად და კონკრეტულად, ჩან-ბუდჰიზმის გავლენა ვან
ჩუნიანის იდეებზე4. ტაო ყველგან და ყველაფერშია, მთელი სამყარო მისგან იღებს დასაბამს, ამიტომ
ლოგიკურია, რომ ტაო ადამიანის ბუნებაშიც უნდა გამოვლინდეს რაიმე ფორმით. სწორედ ამ, ადამიანის
ტაოსთან წილნაყარ ელემენტს უწოდებს ვან ჩუნიანი ტაოს ნაპერწკალს. დაშორებით ტაოსგან ადამიანში
ეს ნაპერწკალი სუსტდება და ქრება, მაგრამ სპეციალური პრაქტიკით შესაძლებელია მისი გაღვივება.
საინტერესოა, რომ ვან ჩუნიანის ნააზრევში ბუდჰისტური გასხივოსნების იდეის გავლენა თავისებურად
წარმოჩინდა: აქ, გასხვავებით ბუდჰიზმისაგან, გასხივოსნება დაუკავშირდა სულს. ტაოს ნაპერწკალის
გაღვივებით შესაძლებელია თავდაპირველი სულის გამოღვიძება, ეს კი, თავის მხრივ, უკვდავების
მიღწევას ნიშნავს. სრულყოფილი ჭეშმარიტება (ციუანჭენ), მისი აზრით, ეს არის ჭეშმარიტი,
სრულყოფილი ცოდნა, რომელიც მიიღება კონფუციანური იდეალების (ერთგულება, კაცთმოყვარეობა,
გულწრფელობა და ა.შ.), ტაოისტური სხეულზე ზრუნვის და ბუდჰისტური ცნობიერებაზე ზრუნვის
პრაქტიკების გაერთიანებით. ტაოს შეცნობა შესაძლებელია თავდაპირველი, დაუბინძურებელი
ცნობიერებით, რომელიც თავისუფალია რაციონალური ფიქრისაგან და აფექტური დაბინძურებებისაგან.
ეს თავდაპირველი გონი თითეულ ადამიანშია და მისი განწმენდით კვლავ შესაძლებელია ტაოსთან
ერთიანობის მიღწევა. ამასთან ეთიკური იდეალების არსებობა მიუთითებს ამ თავდაპირველი სულის
კეთილ ბუნაბაზე. სიკეთისა და ზნეობრივი ცხოვრების კულტივირებით, ხდება მისი განწმენდა და
პირვანდელი სახის დაბრუნება/გამოვლინება.

ვან ჩუნიანის სკოლა ითვლება ტაოიზმის ერთ-ერთი ყველაზე ორგინალურ სკოლად და ამასთანავე
საუკეთესოდ აჩვენებს, რამდენად ორგანულად შეერწყა ერთმანეთს ბუდჰიზმისა და ტაოიზმის იდეები
ჩინეთში.

უკვე ვან ჩუნიანის მოწაფეების პერიოდში, მისი სკოლა გაიყო ორ შტოდ: ვან ჩუნიანის საყვარელი
მოწაფის, ციუ ჩანჩუნის მიერ დაარსებულ ჩრდილოეთის მიმართულებას დაერქვა ლუნმენი, ხოლო
სამხრეთისამ გაანრძელა შერწყმა ბუდჰისტურ და ტაოისტურ ხალხურ წარმოდგენებთან. სამხრეთის
სკოლის დამაარსებელია ვან ჩუნიანის მეორე მოწაფე სახელად ჭან ბოდუანი. ძირითადი სხვაობა ამ
სკოლებს შორის მდგომარეობს სხეულისა და გონებრივი პრაქტიკებისთვის მინიჭებულ მნიშვნელობაში:
თუკი ვან ჩუნიანისთვის უპირველესია ცნობიერების დამშვიდება და შესაბამისი შინაგანი პრაქტიკები,
ჭან ბოდუანმა სხეულის ტრანსფორმაციის პრაქტიკებს მიანიჭა მეტი მნიშვნელობა. სამხრეთის ცუან ჭენ

4
შედრ. ტაოის ნაპერწკალი – ბუდჰას ჩანასახი, იუან შენ - თავდაპირველი გასხივოსნება.
ტაოსათვის მთავარი გახდა მორალური ცხოვრება, ვინაიდან მათ სრულად მიიღეს ბუდჰისტური
წარმოდგენები კარმას შესახებ, თუმცა თავისებური, ტაოისტური ფორმით. მაგალითად, ჭან
ბოდუანისთვის სხეულის სრულყოფის ისეთი ძველი ტაოისტური ფორმაა მისაღები, როგორიცაა
სექსუალური იოგა, რასაც ვან ჩუნიანი და მის მოძღვრებაზე დამყარებული ტაოიზმის მონასტრული
ფორმა უარყოფს.

სუნისშემდგომ პერიოდში ჩრდილოეთში ლუნმენის სკოლამ გააგრძელა გაძლიერება და მალევე


ჩამოყალიბდა ორგანიზებული ფორმით, თავისი მიწებითა და სამონასტრო კომპლექსებით. სამხრეთში
სუნის დინასტიის შევიწროებასთან ერთად, სამხრეთის მიმართულებაც ნელ-ნელა სუსტდებოდა და
ადგილს უთმობდა ტაოიზმის მეტად ხალხურ ფორმებს. აქ უკვდავთა კლასში მოიაზრებოდნენ
არამარტო ტაოისტი წმინდანები, არამედ ბუდჰისტური ბოდჰისატვებიც და კონფუციანელი
მოღვაწეებიც, მოხდა რეინკარნაციის და კარმას წრმენის შერწყმა ტაოიზმთან, რამაც სათავე დაუდო
ხალხური რელიგიის ისეთ ფორმას, როგორიცაა მოქმედების და მიზღვევის სკოლა, სადაც ძირითადი
აქცენტი საერო ზნეობრივ ცხოვრებაზე კეთდება.

ტაოიზმთანვეა დაკავშირებული ჩინეთში ალქიმიის წამოშობაც: ძვ.წ. III ს.–დან ლაო ძის მოძღვრებამ
„ოქროს შუალლედის“ შესახებ, ანუ იმის შეასხებ, რომ საპირისპიროთა შორის ბალანსის დაცვით
შესაძლებელია მათი ერთი მეორეში გადასვლა იქნას აცილებული, გამოიწვია წარმოშობა ისეთი
იდეების, როგორიც არის სრულყოფილი ჯანმრთელობის, ყოველგვარი სენისგან განკურნების და
უკვდავების მიღწევის შესაძლებლობა. მაგ., თუ საპირისპირო მხარეებად განვიხილავთ სიჭაბუკესა და
სიბერეს, მათ შორის ბალანსის დაცვით შესაძლებელი უნდა იყოს მარადიული სიცოცხლის მიღწევა.
რაოდენ პარადოქსალურადაც არ უნდა ჟღერდეს, უკვდავების ძიება ისტორიული ფაქტია არა მარტო
ჩინეთის, არამედ დასავლეთის ქვეყნებისთვისაც. ტაოისტურ ალქიმიაში ჩამოყალიბდა ორი, შინაგანი და
გარეგანი, ალქიმიის სკოლები, თუმცა ორივე მათგანი განსხვავებული ხერხებით, მაგრამ ერთი და იგივე
მიზნის მიღწევაზე იყო ორინეტირებული – უკვდავების მოპოვება. დროთა განმავლობაში, ფიზიკური
უკვდავების ძიება ჩაანაცვლა სულიერი უკვდავების ძიებებმა და დღესაც ითვლება, რომ დიდი ტაოისტი
წმინდანები „გვამის დატოვების“ (ანუ გარდაცვალების) შემდეგ გარდაისახებიან უთხელესი
მატერიისგან შემდგარ უკვდავ სხეულში, ანუ იძენენ უკვდავებას სულიერ დონეზე.

ჩინეთში, ისევე როგორც რეგიონის უმრავლეს ქვეყანაში, სულის იმგვარი თეორია, რომელიც
ქრისტიანობაში გამოვლინდა, არასოდეს ყოფილა: უკვდავი სული არ არის ადამიანის ბუნებითი
მახასიათებელი. ამიტომ ტაოისტურმა ალქიმიამ დაიწყო ძიება იმ გარეგანი და შინაგანი მეთოდებისა,
რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა „უკვდავების ჩანასახის“ კულტივირება ადამიანის სხეულში.
თავდაპირველად გარეგანი და შენაგანი ალქიმია არ იყო ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული, რაც
კარგად ჩანს პირველ ალქიმიურ ტრაქტატებში (მაგ., ჰანის ეპოქაში მოღვაწე ვეი ბოიანის „ტრიადის
გაერთიანებაში“). მეთოდებიც ხშირ შემთხვევაში საერთო იყო. გარეგანი ალქიმია (ვაი დან) იყენებდა
მძიმე მეტალებს - ვერცხლის წყალს როგორც იანური ენერგიის სიმბოლოს, ხოლო ტყვიას როგორც
ინური ენერგიის სიმბოლოს, - და მინერალებს. ამ ნივთიერებათა კომბინირებით ცდილობდნენ
უკვდავების ელექსირის ან აბის მოპოვებას. თუმცა, იყინებდნენ შინაგანი ალქიმიის (ნეი დან)
მეთოდებსაც: გონების დამშვიდების პრაკტიკებს და ვნებებისგან გათავისუფლებას. ვინაიდან მძიმე
მეტალები მომწამვლელია, ხდებოდა მათი მცირე დოზებით მიღება, მიუხედავად ამისა ლეტალური
შედეგი მაინც ხშირი იყო. სწორედ ამან განაპირობა გარეგანი ალქიმიის დისკრედიტირება და იგი,
როგორც დამოუკიდებელი მიმართულება, ფაქტობრივად აღარ გვხვდება მეცამეტე საუკუნის შემდეგ.
სამაგიეროდ შინაგანი ალქიმია იმდენად ორგანულად შეერწყა ტაოისტური სკოლების მოძღვრებას, რომ
მის გაქრობაზე საუბარი რთულდება: გარკვეულწილად ის არსებობს დღესაც, შინაგანი ალქიმიის იდეები
და მრავალი პრაქტიკა ტაოისტური რელიგიის განუყოფელი ნაწილი გახდა. აქ, ისევე როგორც გარეგან
ალქიმიაში, ძირითადი ტრანსმუტაციის საშუალებებია იანური და ინური ენერგიები (სიმბოლურად
ისინი გამოხატულია დრაკონის და ვეფხვის სახით), თუმცა გარეგანი ალქიმიისაგან გასხვავებით,
ალქიმიურ ლაბორატორიას წარმოადგენს ადამიანის სხეული, რომელშიც უკვე არის ყველა ის
საშუალება, რომელიც უკვდავების ჩანასახის კულტივირებისთვისაა საჭირო. ადამიანი ერთგვარი
მიკროკოსმოსია, რომელშიც მიმდინარეობს იგივე პროცესები, რაც სამყაროში, ადამიანის სხეულში
არსებული ნივთიერებანი იგივე თვისებების მატარებელია, როგორც გარე სამყაროში არსებული
მინერალები და მეტალები, საბოლოო ჯამში, ორივე იანური და ინური ენერგიების კომბინაციებია.

ტაოისტურ მოძღვრებას უკავშირდება ისეთი თეორიების წარმოშობაც, როგორიც არის „შუან შენ“, ანუ
წყვილად დაბადების კანონი. ამ თეორიის მიხედვით, სამყაროში არსებობს მარადიული ბალანსი
საპირისპირო ენერგიებისა. როდესაც ადამიანი ჩადის რაიმე ქმედებას, სულ ერთია კარგს თუ ავს, იგი
გამოიღებს საპირისპირო შედეგს: მაგ., როგორც კი სადღაც გაჩნდა სიკეთე, ამავე მომენტში სადღაც
სხვაგან უნდა გაჩნდეს ბოროტება. ამგვარად ნებისმიერი რამ წარმოიშობა თავის „წყვილთან“ ანუ
საპირისპირო საწყისთან ერთად. სწორედ ამ თეორიის მიმდევარნი არიან რადიკალური ასკეტები,
რომელნიც სრული უმექმედობის პრინციპს ახორცილიელებენ: ვინაიდან სულ ერთია ჩაიდენენ კეთილ
თუ ბოროტ საქმეს, ბალანსი სიკეთესა და ბოროტებას შორის არ შეიცვლება, ამიტომ ისინი ამჯობინებენ
საერთოდ არაფერი მოიქმედონ და ამგვარად ფორმალურად მაინც ხელი აღარ შეუწყონ ბოროტების
წარმოშობას. ასეთი ტაოისტი ასკეტები განდეგილად ცხოროვობენ ტყეში და ერიდებიან ყოველგვარ
ჩარევას ბუნებრივ პროცესებში.

ტაოიზმის მკვლევართა შორის დამკვიდრებულია ასეთი გამოთქმა: „ტაოიზმში არ არსებობს ერესები, აქ


მხოლოდ სკოლებია“, რაც საუკეთესოდ გამოხატავს არამარტო ტაოისტური სკოლების ერთი მეორესთან
დამოკიდებულებას, არამედ ჩინეთში მრავალფეროვანი რელიგიური ტრადიციების თანაარსებობის
ზოგად ხასიათსაც.

You might also like