You are on page 1of 13

საქართველო ლევან ლაბაძის წინააღმდეგ

საქმის გარემოებები:
ამჟამად უმუშევარს და წარსულში შპს “დიპლომატი”-ს მძღოლ-ექსპედიტორს ლევან
ლაბაძეს, ბრალად ედება განზრახ მკვლელობა ჩადენილი წინასწარი შეცნობით უმწეო
მდგომარეობაში მყოფისა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.
ბრალდების მხარის ვერსიით: ლევან ლაბაძე 2017 წლის 20 აგვისტოს, დილის 07 საათზე
გადაადგილდებოდა რა თავისი სამსახურებრივი ავტომანქანით, მეტრო “რუსთაველი”-ს
მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მაღაზია “ლელა”-ში მიიტანა პროდუქტები, რა დროსაც
მაღაზიასთან შენიშნა მისი ყოფილი მეზობელი და მასთან კონფლიქტში მყოფი მძინარე
გიორგი აბურჯანია. ვინაიდან შორიახლოს არავინ იმყოფებოდა ისარგებლა მისი უმწეო
მდგომარეობით და თან ნაქონი დანით მიაყენა ერთი ჭრილობა, რის შედეგადაც გიორგი
აბურჯანია ადგილზე გარდაიცვალა.
დაცვის მხარის ვერსიით: ლევან ლაბაძე, 2017 წლის 20 აგვისტოს, დილის 07 საათზე,
მართლაც იმყოფებოდა მეტრო “რუსთაველი”-ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მაღაზია
“ლელა”-სთან, თუმცა მისი მისვლის დროისათვის გიორგი აბურჯანია უკვე გარდაცვლილი
იყო და მისთვის ლევან ლაბაძეს ჭრილობა არ მიუყენებია.

მოწმეები:
1. გიორგი ხმალაძე - ბრალდების მოწმე;
2. ნანა ლომაია - ბრალდების მოწმე;
3. მანანა ხერხაძე - დაცვის მოწმე;
4. ლევან ლაბაძე - დაცვის მოწმე;

სამართლებრივი შეფასება:
მუხლი 10: განზრახი დანაშაული
1. განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან
არაპირდაპირი განზრახვით.
2. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა
თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო
შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა
ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
3. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა
თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო
შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად
უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას

მუხლი 109. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში:


2. განზრახ მკვლელობა:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო მდგომარეობაში
მყოფისა;
გ) ხულიგნური ქვენა გრძნობით;
დ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
ე) ჯგუფურად, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.

საქმეში არსებული დოკუმენტაცია:


1. პოლიციის თანამშრომელ გიორგი ხმალაძის მიერ შედგენილი ოქმი;
2. ნანა ლომაიას მიერ პოლიციისათვის მიცემული ჩვენება
3. მანანა ხერხაძის მიერ პოლიციისათვის მიცემული ჩვენება;
4. ლევან ლაბაძის მიერ პოლიციისათვის მიცემული ჩვენება
5. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა;
6. კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა;
7. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა;

საქმეში არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:


1. მაღაზია “ლელა”-ს სქემა;
2. “ვიქტორინოქსი”-ს დანა;
3. გიორგი აბურჯანიას ჭრილობის მიმართულება და მდებარეობა.

შეთანხმებული ფაქტები:
1. დანა, რომელიც ერთვის საქმეს ეკუთვნის ლევან ლაბაძეს;
2. დანაზე არსებული თითის კვლები ეკუთვნის ლევან ლაბაძეს;
3. ლევან ლაბაძის ტანსაცმელზე არსებული სისხლი ეკუთვნის გიორგი აბურჯანიას;
4. ლევან ლაბაძე ნამდვილად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, 2017 წლის 20
აგვისტოს;
5. გიორგი აბურჯანიას სისხლში არსებული ალკოჰოლის კვალი აჭარბებს დასაშვებ
ზომას;
6. ლევან ლაბაძესა და გიორგი აბურჯანიას შორის მართლაც არსებობდა კონფლიქტი
შემთხვევამდე 2 წლით ადრე.
7. გიორგი აბურჯანია ლევან ლაბაძეზე ფიზიკურად ძლიერი იყო.
პოლიციის თანამშრომელ გიორგი ხმალაძის მიერ შედგენილი ოქმი

1. ინციდენტი - N10/2015
2. ოფიცერი: გიორგი ხმალაძე
3. თარიღი: 27.08.2017
4. ბრალდებული: ლევან ლაბაძე, დაბადებული 1977 წელს;
5. დაზარალებული: გიორგი აბურჯანია, დაბადებული 1975 წელს.

უკვე 3 წელია ვმუშაობ თბილისის პოლიციის სამმართველოში მკვლელობების


გამომძიებლად. მანამდე 7 წელი ვიმუშავე იმავე სამმართველოში ქურდობების
გამომძიებლად და ძალიან ბევრი საქმე მქონდა.
2017 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით 07:15 საათზე 112-ში შევიდა შეტყობინება ჩემს
სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე მაღაზია "ლელა"-დან. 112-ის მორიგემ დამირეკა და
მთხოვა გავსულიყავი შემთხვევის ადგილზე, მითხრა, რომ პოლიციაში დარეკა ქალბატონმა,
როგორც მოგვიანებით გავიგე მანანა ხერხაძემ. მანვე მითხრა, რომ ადგილზე იმყოფებოდა
დაჭრილი და უკვე შეატყობინა სასწრაფო სამედიცინო დახმარებასაც.
მე დაუყოვნებლივ გავემართე შემთხვევის ადგილზე. ადგილზე მისვლისას დავინახე, რომ
მაღაზია “ლელა”-ს მყიდველებისთვის განკუთვნილი კარი იყო დაკეტილი, ხოლო უკანა
შესასვლელი კარი, რომლითაც ძირითადად თანამშრომლები სარგებლობდნენ იყო ღია.
კარებში შესვლისას დავინახე ერთი მცირე ზომის ოთახი, სადაც კედელზე მიდგმულ ტახტზე
იწვა მამაკაცი, როგორც მოგვიანებით გაირკვა გიორგი აბურჯანია, რომლის ტანსაცმელიც
მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი. მე მაშინვე გავუსინჯე პულსი მამაკაცს და აღმოჩნდა,
რომ იგი უკვე გარდაცვილი იყო. გვამის მდგომარეობიდან გამომდინარე დამრჩა
შთაბეჭდილება, რომ ის მძინარე იქნა მოკლული.
იქვე კართან იდგა ჩემთვის მაშინ უცნობი მეორე მამაკაცი, ლევან ლაბაძე, რომლის
ტანსაცმელიც ასევე სისხლში იყო დასვრილი და თავიდანვე გამიჩნდა რა ეჭვი, რომ
მკვლელობა მისი ჩადენილი იყო, მე იგი ადგილზე დავაკავე. დაკავების შემდგომ იქვე
გავესაუბრე ლევან ლაბაძეს, რომელმაც განმიცხადა, რომ გარდაცვლილს არ იცნობდა,
მაღაზიაში პროდუქტები მოიტანა და ოთახში დაჭრილი ადამიანი იპოვნა. ჯერ თვითონ
სცადა მისი დახმარება, თუმცა მოგვიანებით ხმამაღალი ყვირილით საშველად მოუხმო
ხალხს და მისი დაძახების შემდგომ მანანა ხერხაძემ დარეკა 112-ში.
დაკავებულის ავტომანქანაში ჩასმის შემდგომ მე მოვძებნე მანანა ხერხაძე, რომელმაც
განმიცხადა, რომ ცხოვრობს მაღაზიის გვერდით და იცნობს ლევან ლაბაძეს. მაღაზიის
მხრიდან შემოესმა ყვირილი, ვიღაც დახმარებას ითხოვდა, მაშინვე გამოვიდა ეზოში, შევიდა
მაღაზიაში და ნახა მისი მეგობრის შვილი ლევან ლაბაძე, რომელიც სისხლში იყო
ამოსვრილი. ლევან ლაბაძემ სთხოვა მას 112-ში დაერეკა, რაც შეასრულა კიდეც, თუმცა ლევან
ლაბაძისთვის არაფერი უკითხავს.
მოწმე მანანა ხერხაძესთან გასაუბრების შემდგომ დავათვალიერე შემთხვევის ადგილი.
ოთახი, სადაც გარდაცვილი იყო, მდებარეობს მაღაზიის უკან. მასში დგას ერთი ტახტი,
მაგიდა და მაგიდაზე განთავსებულია ტელევიზორი. გარდაცვლილი ესვენა ტახტზე, ხოლო
ტახტის გვერდით ეგდო “ვენგერი”-ს ფირმის სისხლიანი დანა, რომელიც მე ამოვიღე, ავიღე
მასზე არსებული თითის კვალი და შევფუთე, მასზე ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდგომ დავადგინე გარდაცვილის ვინაობა. ის
აღმოჩნდა 1975 წელს დაბადებული გიორგი აბურჯანია, მცხოვრები, თბილისი, რუსთაველის
მეორე ჩიხი N20. მე გავესაუბრე მის დედას ნანა ლომაიას, რომელმაც განმიცხადა, რომ ლევან
ლაბაძე არის მისი მეზობელი და მისმა შვილმა ორი წლის წინ სამეზობლო კონფლიქტის
ნიადაგზე ცემა იგი. გარდაცვლილის დედა დარწმუნებული იყო, რომ ლევან ლაბაძემ
სწორედ ამის გამო მოკლა გიორგი.
საქმის მოწმეების გამოკითხვის შემდგომ დავნიშნე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის
დასკვნა, რომლის თანახმადაც, დადგინდა, რომ გიორგი აბურჯანიას აღენიშნება მჭრელი
საგნით მიყენებული ჭრილობა მარჯვენა გულმკერდის არეში, რომლის ზომებია: სიგანე -
0,5სმ; სიგრძე - 2სმ; სიღრმე - 8სმ.
შემთხვევიდან მეორე დღეს ლევან ლაბაძის ტანსაცმელზე დავნიშნე ბიოლოგიური
ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმადაც, დადგინდა, რომ ლევან ლაბაძის ტანსაცმელზე
არსებული სისხლი განეკუთვნება გიორგი აბურჯანიას სისხლს, ხოლო ამოღებულ დანაზე
სისხლის კვალი არ აღმოჩნდა.
საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად, ასევე, ექსპერტიზა ჩავატარე ამოღებულ დანაზე,
რომლის დასკვნის თანახმადაც, დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა
დამზადებულია ქარხნული წესით, მჩხვლეტავ-მჭრელია და წარმოადგენს ცივი იარაღის
კატეგორიას, ხოლო მისი საერთო სიგრძე გაშლილ მდგომარეობაში არის 205მმ, ლესილი
პირის სიგრძეა 95მმ, პირის მაქსიმალური სისქეა 3მმ, პირის მაქსიმალური სიგანეა 26მმ.
ვინაიდან ლევან ლაბაძე არ აღიარებდა მკვლელობის ჩადენას, 2017 წლის 26 აგვისტოს
მივედი მაღაზია “ლელა”-ში, რათა ამომეღო შიდა პერიმეტრის ვიდეო კამერის ჩანაწერები,
თუმცა მისი ამოღება ვერ შევძელი, რადგან მესაკუთრემ მითხრა, რომ მხოლოდ 5 დღეს
ინახავდა.
ვერ ვიტან დისტრიბუტორებს. 7 წელი ვიმუშავე ქურდობების გამომძიებლად და ყველაზე
ხშირად ეგენი იპარავდნენ. ასევე, მათი უმრავლესობა არ თანამშრომლობს გამოძიებასთან.
სწორედ ამიტომ არ მჯერა ლევან ლაბაძის.
ნანა ლომაიას მიერ პოლიციისათვის მიცემული ჩვენება

ვარ 60 წლის, დიასახლისი, მყავს მეუღლე და ახლა უკვე ერთი შვილი. ჩემს ოჯახთან ერთად
ვცხოვრობ თბილისში, რუსთაველის მეორე ჩიხი N20-ში. ჩემმა გარდაცვლილმა შვილმა,
ერთი წლის წინ გადაწყვიტა ჩვენი ჩიხის დასაწყისში სასურსათო მაღაზიის გაკეთება და
ვინაიდან ბევრი ხალხის დაქირავების საშუალება არ ჰქონდა, თვითონაც იქ მუშაობდა.
დღისით სალაროსთან, ხოლო ღამე ხშირად რჩებოდა ხოლმე, რომ თან მაღაზიისთვის
ეყარაულა და თან მაღაზიის დახურვის შემდგომ იქაურობა მოეწესრიგებინა.
ჩვენს ეზოში წლების მანძლზე ცხოვრობდნენ ასევე ლაბაძეების ოჯახი. ლევანთან ჩემს შვილს
ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ 2-3 წლის წინ მათ შორის კონფლიქტი
მოხდა. ჩემი შვილი ამ კონფლიქტზე არასოდეს საუბრობდა, თუმცა მეზობლებისაგან
ჭორაობის დონეზე ვიცი, რომ ამის მიზეზი ერთი ქალბატონი იყო, რომელთანაც გიორგის
საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ამ კონფლიქტის მერე ლევანის ოჯახი სხვაგან
გადავიდა საცხოვრებლად და ამის შემდეგ მე არცერთი არ მინახავს.
2017 წლის 19 აგვისტოს ჩემი შვილი მაღაზიაში მუშაობდა, საღამოს დამირეკა და მითხრა,
რომ იქვე დაიძინებდა, ვინაიდან დილას ახალი დისტრიბუტორი უნდა მოსულიყო და
პროდუქციისათვის ადგილის განთავისუფლება სჭირდებოდა. მეორე დილას იქნებოდა
დაახლოებით 8 საათი, როცა ჩემთან პოლიციის თანამშრომელი მოვიდა, მითხრა, რომ ჩემს
შვილს რაღაც შეემთხვა და მაღაზიაში გაყოლა მთხოვა. ადგილზე რომ მივედი, ჩემი შვილი
იმ ტახტზე ესვენა, რომელზეც იძინებდა ხოლმე და მაისური სისხლიანი ჰქონდა. ამავე
პოლიციელმა მითხრა, რომ ეს მკვლელობა ლევან ლაბაძემ ჩაიდინა, რომელიც უკვე
დაკავებული ჰყავდათ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი ლევანმა მოკლა. დღესაც არ ვიცი რაზე მოხდა მათ
შორის კონფლიქტი და ამის შემდეგ ჰქონდათ თუ არა ურთიერობა, მაგრამ ჩემს შვილს მაგის
მეტი მტერი არ ჰყავდა. გადმოცემით ვიცი, რომ ერთხელ მეზობლებში უთქვამს თუ თავს არ
დამანებებს მოვკლავო.
მანანა ხერხაძის მიერ პოლიციისათვის მიცემული ჩვენება

ვარ 65 წლის, ვმუშაობ ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექტორად. ვცხოვრობ რუსთაველის


გამზირის N65-ში, მეორე სართულზე. ზუსტად ჩემი სახლის გვერდით არის რუსთაველის
მეორე ჩიხის შესასვლელი და მაღაზია “ლელა”, რომელიც N2-ში მდებარეობს.
კარგად ვიცნობდი როგორც გარდაცვლილ გიორგი აბურჯანიას, ასევე ვიცნობ
ბრალდებულის სკამზე მჯდომ ლევან ლაბაძეს. ორივე მათგანი ამავე ჩიხში ცხოვრობდნენ
N20-ში და ჩემს თვალწინ გაიზარდნენ. დაახლოებით 2-3 წლის წინ მათ ოჯახებს შორის
კონფლიქტი მოხდა და მაშინ ლევან ლაბაძის ოჯახმა გადაწყვიტა სხვაგან გადასულიყო
საცხოვრებლად. ამის შემდგომ მე ლევანი არ მინახავს, მაგრამ მის დედასთან დღემდე
მეგობრული ურთიერობა მაქვს. ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ გიორგი აბურჯანიამ
დაახლოებით 1 წლის წინ გახსნა მაღაზია “ლელა” და თვითანაც იქ მუშაობს. მაღაზია დილის
7 საათზე იხსნება და ღამის 10 საათამდე მუშაობს ხოლმე.
2017 წლის 20 აგვისტოს, დილას ადრე გამეღვიძა. ამ დროს ქუჩაში სიწყნარეა ხოლმე და მე
ხშირად გამოვდივარ აივანზე ყავის დასალევად. იმ დღესაც აივანზე ვიჯექი, იქნებოდა
დაახლოებით დილის 7 საათი, როცა მაღაზიის მხრიდან მამაკაცის განწირული ყვირილი
შემომესმა მიშველეთო. მე დაუყოვნებლივ ჩავედი ეზოში და წავედი მაღაზიისაკენ, რომ
გამერკვია რა ხდებოდა. მაღაზიის უკანა კართან დავინახე ლევან ლაბაძე, რომელსაც მაისური
სისხლში ჰქონდა დასვრილი და დახმარებას ითხოვდა. როცა ვკითხე თუ რა მოხდა, მან
ოთახისკენ მიმითითა და მითხრა, რომ იქ გიორგი აბურჯანია იყო დაჭრილი. ლევანმა ასევე
მომიყვა, რომ უკვე სცადა მისი დახმარება, მაგრამ ვერ შეძლო და მთხოვა სასწრაფოში და
პოლიციაში დამერეკა. მე შევედი ოთახში, დავინახე, რომ ტახტზე იწვა გიორგი და მაისური
სისხლიანი ჰქონდა, ხოლო იქვე ტახტთან იატაკზე ეგდო სისხლიანი დანა.
მას შემდეგ რაც მიხვდი, რომ მე პირადად მისი დახმარება არ შემეძლო, ჩემი მობილური
ტელეფონით დავრეკე 112-ში და ვთხოვე გამოეგზავნათ როგორც სასწრაფო დახმარება, ასევე
პოლიცია. როგორც მახსოვს პოლიცია მალე მოვიდა, ხოლო სასწრაფო დახმარების
ავტომანქანა მე არ შემინიშნავს, ვინაიდან მალე დავტოვე იქაურობა.
მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი ლევანს არ მოუკლავს. ამის საშუალება მას მანამდეც
ჰქონდა, თუმცა ჩემი თანდასწრებით არასოდეს არც კი დამუქრებია.
ლევან ლაბაძის მიერ პოლიციისათვის მიცემული ჩვენება

ვარ 40 წლის, მყავს მეუღლე და ერთი წლის შვილი. ამჟამად ვარ უმუშევარი. უკვე ორი წელია
ვცხოვრობ ნუცუბიძის ქუჩა N180-ში, მეუღლესთან, შვილთან და მშობლებთან ერთად.
მანამდე მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი რუსთაველის მეორე ჩიხი N20-ში, თუმცა გიორგი
აბურჯანიასთან კონფლიქტური სიტუაციის გამო, ასევე იმის გამო, რომ ბევრი ვალები
მქონდა, მე და ჩემმა მშობლებმა გადავწყვიტეთ სახლის გაყიდვა და ჩვენს მეორე ბინაში
საცხოვრებლად გადასვლა.
ჩემსა და გიორგის შორის კონფლიქტის მიზეზი იყო ჩემი მეუღლე ნათია ლორთქიფანიძე.
მაშინ შეყვარებულები ვიყავით და ერთ დღეს როცა ერთად ვქეიფობდით გიორგიმ ნათია
ცუდად მოიხსენია. მე მეწყინა და ვთხოვე ბოდიში მოეხადა, თუმცა ბოდიშის ნაცვლად აქეთ
მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ვინაიდან ვიცოდი, რომ ამ კაცთან ვეღარ ვიმეგობრებდი
და მის გვერდით ცხოვრება არ შემეძლო, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე საცხოვრებლის
შეცვლა. თან მეშინოდა, რომ ნათიასთვის, რომლის ცოლად მოყვანა უკვე გადაწყვეტილი
მქონდა, კიდევ არ მიეყენებინა შეურაცხყოფა, თუმცა, სულ მახსოვდა მისი ნათქვამი
სიტყვები და ერთხელ დავემუქრე კიდეც, რომ მოვკლავდი.
წლების მანძილზე უმუშევარი ვიყავი, ორი თვის წინ ჩემი მეგობრის დახმარებით მუშაობა
დავიწყე დისტრიბუტორად. ჩემს მოვალეობაში შედიოდა რუსთაველის გამზირზე მდებარე
რამდენიმე მაღაზიაში სხვადასხვა დასახელების პროდუქტის მიტანა. როგორც წესი ერთსა
და იმავე მაღაზიაში დავდიოდი ხოლმე, მაგრამ ხანდახან ჩემი უფროსის მითითებით,
შეიძლება პროდუქტი სხვა მაღაზიაშიც მიმეტანა.
2017 წლის 19 აგვისტოს, საღამოს დამირეკა ჩემმა უფროსმა და მითხრა, რომ დამატებით
მივსულიყავი რუსთაველის მეორე ჩიხში მდებარე მაღაზია “ლელა”-ში. სიმართლე გითხრათ,
გამიხარდა, მთელი ბავშვობა იქ მქონდა გატარებული და ვიფიქრე, რომ ჩემს სახლს კიდევ
ერთხელ შევხედავდი, თან გადმოცემით ვიცოდი, რომ საკმაოდ კარგი მაღაზია გააკეთეს და
მისი ნახვაც მინდოდა. უფროსმა გამაფრთხილა, რომ მაღაზია 7 საათზე იხსნებოდა და არ
დამეგვიანა.
ადგილზე დროულად მივედი და ვნახე, რომ მაღაზიის კარი დაკეტილი იყო, ვცადე სხვა
შესასვლელის მოძებნა, ვინაიდან ხშირად მაღაზიებს პროდუქტების შესატანად სხვა კარები
აქვს ხოლმე, შენობას უკნიდან შემოვუარე და პატარა კარი ვიპოვნე, რომელიც ღია იყო. მე
მაშინვე შიგნით შევედი და დავიძახე, რომ ყურადღება მიმეპყრო, თუმცა არავინ
გამომეპასუხა. იქვე ოთახის კარი იყო, რომელიც გავაღე და მაშინვე დავინახე, რომ ტახტზე
მამაკაცი იწვა, რომელსაც მაისური სისხლიანი ჰქონდა. როცა კარგად დავაკვირდი მასში ჩემი
ძველი მეგობარი გიორგი აბურჯანია ამოვიცანი, რომელსაც ალკოჰოლის სუნი ასდიოდა და
მკერდიდან სისხლი სდიოდა. უცებ დამავიწყდა ყველა წყენა, რომელიც მის მიმართ გამაჩნდა
და მაშინვე ვცადე მისი დახმარება. ავიყვანე და მკერდში ჩავიხუტე, რომ დახმარება გამეწია,
მაგრამ ვერაფერს გავხდი. მერე ჯიბიდან ჩემი დანა ამოვიღე, რომელსაც პროდუქციის
დასახარისხებლად ვიყენებ ხოლმე და ვცადე მაისურის გაჭრა, რომ ჭრილობაზე ხელი
დამეჭირა და სისხლდენა შემეჩერებინა, მაგრამ ნერვიულობისგან დანა ხელიდან გამივარდა.
მას შემდეგ რაც მივხვდი, რომ გიორგის მარტო ვერ დავეხმარებოდი ყვირილი დავიწყე და
ხალხს ვუხმობდი საშველად. დედაჩემის მეგობარი ქალბატონი მანანაც მოვიდა, რომელსაც
პოლიციაში და სასწრაფოში დარეკვა ვთხოვე.
მოგვიანებით პოლიცია მოვიდა და ყველაფერი ავუხსენი, თუმცა მაინც დამაკავეს და ბრალი
წარმიდგინეს მკვლელობაში, რომელიც მე არ ჩამიდენია.
პოლიციას იმიტომ ვუთხარი რომ გიორგის არ ვიცნობდი, რომ შემეშინდა ჩემთვის არ
დაებრალებინათ მისი მკვლელობა.
გიორგის საკმაოდ ცუდი სიმთვრალე ჰქონდა და ხშირად აღმოჩნდებოდა ხოლმე
კონფლიქტურ სიტუაციაში. დარწმუნებული ვარ მას ბევრი მტერი ეყოლებოდა. ჩემი
მეზობლებისაგან ხშირად მესმოდა, რომ ხშირად სვამდა ხოლმე, მათ შორის მაღაზიაშიც.
თუმცა, არ ვიცოდი რომ თვითონაც იქ მუშაობდა.
გიორგი აბურჯანიას სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა

საქმის დასახელება: გიორგი აბურჯანიას საქმე


ექსპერტი: ირაკლი გელენიძე
ექსპერტიზის ჩატარების თარიღი: 2017 წლის 21 აგვისტო
კლინიკური მონაცემები:
2017 წლის 20 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში, სასწრაფო სამედიცინო
ბრიგადის მიერ მოყვანილი იქნა მამრობითი სქესის გვამი.
სხეულზე ექსპერტიზის ჩატარება დაიწყო 21 აგვისტოს, დილის 10 საათზე. ჭრილობის
გასუფთავებისა და სამედიცინო წესით დამუშავების შემდეგ, მე დავადგინე მისი
მდებარეობა, მიმართულება, ზომები, ასევე გიორგი აბურჯანიას სიკვდილის მიზეზი და
მოვამზადე აღნიშნული დასკვნა.

დასკვნა:

1. გიორგი აბურჯანიას აღენიშნება მჭრელი საგნით მიყენებული ჭრილობა მარჯვენა


გულმკერდის არეში;
2. გიორგი აბურჯანიას სხეულზე არსებული ჭრილობის ზომებია: სიგანე - 0,5სმ; სიგრძე -
2სმ; სიღრმე - 8სმ.
3. გიორგი აბურჯანიას სხეულზე არსებული ჭრილობა წარმოადგენს სიცოცხლისათვის
სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას;
4. გიორგი აბურჯანიას სიკვდილი გამოწვეულია მწვავე სისხლნაკლებობით, რაც, თავის
მხრივ, გამოწვეულია გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობით.
კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა

საქმის დასახელება: გიორგი აბურჯანიას საქმე


ექსპერტი: ლევან მაისურაძე
გამოსაკვლევი ობიექტი: დანა
ექსპერტიზის ჩატარების თარიღი: 2017 წლის 23 აგვისტო

დასკვნა:

1. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი დანა დამზადებულია ქარხნული


წესით, არის “ვიქტორინოქსი”-ს ფირმის, მჩხვლეტავ-მჭრელი და წარმოადგენს ცივი
იარაღის კატეგორიას;
2. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი დანის საერთო სიგრძე გაშლილ
მდგომარეობაში არის 205მმ, ლესილი პირის სიგრძეა 95მმ, პირის მაქსიმალური სისქეა
3მმ, პირის მაქსიმალური სიგანეა 26მმ.

ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა

საქმის დასახელება: გიორგი აბურჯანიას საქმე


ექსპერტი: ლევან ხვედელიძე
გამოსაკვლევი ობიექტი: ლევან ლაბაძის ტანსაცმელი
ექსპერტიზის ჩატარების თარიღი: 2017 წლის 23 აგვისტო
გამოსაკვლევად წარმოდგენილი მასალა:
1. გიორგი აბურჯანიას სისხლის ნიმუში;
2. ლევან ლაბაძის მაისური და შარვალი;
3. დანა

დასკვნა:

1. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი გიორგი აბურჯანიას სისხლის ნიმუში


არის სისხლი და განეკუთვნება მეორე დადებით ჯგუფს;
2. ლევან ლაბაძის ტანსაცმელზე არსებული სისხლი განეკუთვნება მეორე დადებით
ჯგუფს.
3. დანაზე სისხლის კვალი არ აღმოჩნდა;
ნივთიერი მტკიცებულება N1
ნივთიერი მტკიცებულება N2
ნივთიერი მტკიცებულება N3

You might also like