You are on page 1of 3

მხატვრული ტექსტის ანალიზი

“ვეფხისტყაოსნის” ტარიელისაგან ხატაელებთან ომის


ეპიზოდი ძალზედ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა იმ მხრივ,
რომ მოცემულ მონაკვეთში ყურადღება გამახვილებულია
ღალატის შედეგზე, მიმტევებლობასა და მთავარი პერსონაჟის
რაინდულ ღირსებებზე.
ბრძოლის სცენა საოცარი ოსტატობითაა დახატული.
მოქმედებას, რათქმაუნდა ბრძოლის ჟინით შეპყრობილი
ტარიელი იწყებს: “შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ მუზარადის
დასარქმელად”. ავტორს შესანიშნავად აქვს გათავისებული ომის
ხელოვნება და ქვეყნის გეოგრაფიულ ერუდიციასთან ერთად
კარგად ფლობს სამხედრო ხელოვნებას: “ერთსა წავსწყდი
უტევანსა, წავგრძელდი და წავე გრძელად. მათ ურიცხვი რაზმი
ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად”.
დიდი ყურადღება აქვს დათმობილი არა მხოლოდ ბრძოლის
გეოგრაფიული გარემოს აღწერას, არამედ მისასვლელ გზებს:
“რა ეცნა, წამოსრულიყვნეს, ღამე-წამორთვით ეარა. ვერ
დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა”. ავტორს
ზედმიწევნით ზუსტად აქვს ასახული გარემო პირობები, რაც
დიდ გავლენას ახდენს ბრძოლის ტაქტიკისა და სტრატეგიის
სწორად წარმართვაში. მცირე რაზმი, მხედართმთავრითურთ,
მთავარ იერიშს ახორციელებს მტრის წინააღმდეგ და როცა
საბოლოო დარტყმის დრო დგება, საოცარი სიზუსტით ჩნდება
მთავარი რაზმიც. ოპერაციის ამგვარი მომზადება, ჯარის
ჭკვიანურად განაწილება, გარემოს ზედმიწევნით შესწავლა და
რეზერვის გონივრულად და დროზე გამოყენება გახდა
გამარჯვების მომტანი, რაც ტარიელის ბრძოლაში
დემონსტრირებულმა საოცარმა ოსტატობამ განაპირობა.
ამირბარი არამარტო ვაჟკაცურად შეება მუხანათურად
დამხვდურ ხატაელებს, შესანიშნავი მხედართმთავრული ნიჭიც
გამოავლინა: “იგი ნახეს, გაექცევად გაემართნეს, შევჰყივლენით.
ველნი, ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავვლენით”. ტიტანური
ძალ-ღონით გამორჩეული, ლომისებური სიმამაცითა და
ბრძოლის ჟინით სავსე ტარიელმა კაცი კაცსა შემოსტყორცნა,
ცხენ-კაცისა დადგა გორი. საითაც წავიდოდა გარბოდნენ და
ერიდებოდნენ მისი შიშით. “ნუღარა სდგათ, წაედითო, კვლა
მოგვხედნა რისხვით ცამან” - ეს სტროფი კარგად გამოხატავს იმ
თავზარდამცემას ხატაელი გუშაგის შეძახილში, რაც
მტრისმრავალრიცხოვანი ჯარის გამოჩენამ გამოიწვია.
ტარიელის მეთაურობით წარმოებულ ბრძოლაში, მთელი
ბრწყინვალებით გამოჩნდა რაინდის სიბრძნე და სამხედრო
ხელოვნება. საოცარი კაცთმოყვარეობა და ლმობიერება
გამოიჩინა დამარცხებული მტრის მიმართ, როგორც ჭეშმარიტ
რაინდს შეშვენის: “მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით, არ
მოვკლენით”. გასაკვირი არ არის, რომ უთვალავი სამხედრო
ნადავლის აღების შემდეგ, უბადლო მხედართმთავარი
უბრძოლველად იღებს ქალაქებს და დამარცხებული რამაზ
მეფეც ყველაფერს ტარიელს ჩაითვლის. ერთ ადამიანს
ნამდვილად ეყოფოდა ის სახელი და დიდება, რომელიც მან
მოიპოვა: “რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი ამიტირდეს,
ჩემგან ხრმლითა განაკვეთნი ნახნეს, მეტად გაუკვირდეს”. მისი
წინდახედულობით, გკნიერებითა და ბრძოლაში ნაჩვენები
ოსტატობით გაოცებული მეომრები : “ვერ იტყვიან, ვერ
მიმხვდარან ქებასაცა მოხსენებად”.
ხატაეთის ომში რუსთაველი გვიხატავს ტარიელის
უმაგალითო გმირობას, მის შეუდარებელ ფიზიკურ
სიძლიერესა და ბრძოლის თვალნათლივ აღსაქმელ სცენებს,
მხატვრული ოსტატობითა და ტროპული მეტყველების
საშუალებების გამოყენებით შთამბეჭდავად ახერხებს სიუჟეტის
გადმოცემას. ეპითეტით ( მტერი საშინელი, უფროსი ჯარი),
შედარებით ( “ შიგან ადრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა
ქორი”), ჰიპერბოლითა ( “ჩემგან ხრმლითა განაკვეთნი ნახნეს,
მეტად გაუკვირდეს”) და სხვა მხატვრული საშუალებით ( კაცი,
ჩემგან განატყორცი, ბრუნავს, ვითა ტანაჯორი”) უფრო მძაფრად
გვიჩვენებს პერსონაჟთა სულიერი მდგომარეობას, უკეთ აღწერს
მოქმედებათა დინამიურობას და ბრძოლის ეპიზოდებს.
მხატვრული საშუალებების სიმრავლე ტექტს უფრო
მრავალფეროვანსა და მდიდარს ხდის, ნათლად და მკაფიოდ
გადმოგვცემს პერსონაჟების ხასიათსა და მათი მოქმედებების
სიმძაფრეს, რაც ერთი ორად აადვილებს ტექსტთან მუშაობას.

You might also like