You are on page 1of 6

ააიპ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების

მიგნებები და რეკომენდაციები საქართველოსა და ყაზახეთს შორის


ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების


მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც დაფუძნებულია თიბისი კაპიტალის მიერ
მომზადებულ კვლევასა და გაერთიანებაში თავმოყრილ ინფორმაციაზე. დოკუმენტი მიზნად
ისახავს სტატისტიკური მონაცემებით გამყარებული ინფორმაციის მიწოდებას ყველა
მხარისთვის, რომელსაც ხელეწიფება დასმულ საკითხებზე რეაგირება და ქმედითი
გადაწყვეტილებების მიღება ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის
გაღრმავებისა და ურთიერთობების გამყარებისთვის ყველა პრიორიტეტულ სფეროში,
არსებული კავშირების გაძლიერებისა და ახალი პერსპექტივების ჩამოყალიბების მიზნით, რაც
საბოლოოდ დადებითად იმოქმედებს ორივე ქვეყნის ეკონომიკებზე და ხელს შეუწყობს ორი
ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

1. ვაჭრობა

1.1. მიგნებები ვაჭრობაში

• ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვა ხასიათდება არასტაბილურობით, რაც პირდაპირი


ხელშემშლელი ფაქტორია ლოგისტიკური ჯაჭვის გამართული ფუნქციონირებისთვის.
გაუმართავი ლოგისტიკური ჯაჭვიდან გამომდინარე, ტრანსპორტის ხარჯები და ვადები
არაკონკურენტუნარიანს ხდის ცალკეულ პროდუქტებს შესაბამის ბაზრებზე;
• საქართველო და ყაზახეთი, ღირებულება დამატებული საექსპორტო პროდუქციის
მცირე მოცულობიდან გამომდინარე, ძირითადად ნედლეულის ექსპორტს
ახორციელებენ. სტაბილური ვაჭრობით საქართველოდან მხოლოდ ღვინო და
არაალკოჰოლური სასმელები, ხოლო ყაზახეთიდან - მადნეული ხასიათდება, რაც სხვა
პროდუქტების დაბალი კონკურენტუნარიანობის ან არასაკმარისად გააზრებული
სავაჭრო მოდელის პირდაპირი მაჩვენებელია;
• საქართველოს გავლით არ ხორციელდება ყაზახეთის არც ერთი ძირითადი
საექსპორტო კატეგორიის სტაბილური ექსპორტი;
• 2021 წელს საქართველოს ექსპორტმა ცენტრალურ აზიაში, მთლიანი ქართული
ექსპორტის დაახლოებით 6% შეადგინა. ამასთან, მოცემული ექსპორტის 41%
ყაზახეთში განხორციელდა;
• ყაზახეთი წარმოადგენს საქართველოს მთავარ საექსპორტო პარტნიორს ცენტრალურ
აზიაში 2021 წელს, თუმცა 2015-2021 წლების პერიოდისთვის, ცენტრალური აზიის
ექსპორტის უფრო დიდი წილი ყაზახეთთან შედარებით (საშუალოდ 31%) მოდის
უზბეკეთზე (საშუალოდ 42%);
• 2020 წლიდან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ოპტიკური აპარატურის რე-ექსპორტი
საქართველოდან ცენტრალური აზიის ქვეყნებში, თუმცა აღნიშნული პროდუქტის რე-
ექსპორტის ზრდა არ შეინიშნება ყაზახეთის მიმართულებით;
• საქართველოში ყაზახეთის ექსპორტის სტრუქტურა გარკვეულწილად შეიცვალა 2020
წელს, რადგან განხორციელდა დიდი მოცულობით ალუმინის ექსპორტი, როდესაც
აღნიშნული პროდუქტის ექსპორტი ნულოვან მაჩვენებელზე იდგა წინა წლების
განმავლობაში. ამასთან, შემცირდა საკვებ-პროდუქტების, განსაკუთრებით კი
ხორბლის ექსპორტი;
• საკვები პროდუქტები კვლავ წარმოადგენს საქართველოდან ყაზახეთში
ექსპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფს. 2021 წელს ქართული მინერალური
წყალი შეადგენს ყაზახეთის მიერ იმპორტირებული მინერალური წლის 75%-ზე მეტს.

1.2. დასკვნები და რეკომენდაციები ვაჭრობის მიმართულებით

ორმხრივი ვაჭრობის სტაბილური ზრდისთვის აუცილებელია, მინიმუმ ცალკეულ


პროდუქტებთან მიმართებაში, მიღწეულ იქნას სტაბილური ორმხრივი ტვირთბრუნვა, რაც
უზრუნველყოფს ლოგისტიკური ჯაჭვის განვითარება-დახვეწას. ამისათვის რეკომენდირებულია
შემუშავდეს ორ ქვეყანას შორის და მათი გავლით ვაჭრობის ხელშეწყობის სტრატეგია და
შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ
საკითხებსაც:
• ორმხრივი ან სატრანზიტო ვაჭრობის პოტენციალის მქონე პროდუქტებს, აღნიშნული
პროდუქტების თანმდევ გამოწვევებს ვაჭრობაში და მათთან გამკლავების გზებს;
• საქართველოს როლის პერსპექტივას, როგორც დასავლური ბაზრებისთვის
განკუთვნილი ყაზახური საექსპორტო პროდუქციის სავაჭრო-ლოგისტიკური ჰაბის,
სადაც მოხდება საექსპორტო პროდუქციის აკუმულირება შემდგომი გადამუშავებისა და
რეალიზაციის მიზნით;
• ყაზახეთის როლის პერსპექტივას, როგორც შუა აზიის ბაზრებისთვის განკუთვნილი
საქართველოს საექსპორტო პროდუქციის სავაჭრო ლოგისტიკური ჰაბის, სადაც
მოხდება პროდუქციის აკუმულირება შემდგომში რეალიზაციის მიზნით.

2. ტურიზმი

2.1. მიგნებები ტურიზმში

• საქართველოს შემომსვლელი ტურიზმის ზრდის დინამიკით, ისრაელის შემდეგ,


ყაზახეთი მოწინავე ადგილზეა და აღნიშნული ზრდის მაჩვენებელი პირდაპირ
კავშირშია ყაზახური ავიაკომპანია Air Astana-ს მიერ 2011 წელს პირდაპირი ფრენების
შესრულების დაწყებასთან. 2011 წლიდან 2019 წლამდე ყაზახი ტურისტების
შემოდინება თითქმის 7-ჯერ გაიზარდა და მიაღწია 103’000 ვიზიტორის ნიშნულს,
თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი ყაზახეთიდან გამსვლელი ვიზიტორების მხოლოდ
1%-ის ფარგლებში მერყეობს;
• 2021 წელს ყაზახეთიდან ფრენა დაიწყო ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ
Fly Arystan, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ახორციელებს ფრენებს ყაზახეთის 4
ქალაქიდან. შედეგად, მიმდინარე პერიოდში ყაზახეთის 5 ქალაქიდან 3 ავიაკომპანიის
მიერ სრულდება ყველა საფასო კატეგორიის პირდაპირი ფრენები, რაც ყაზახი
ტურისტების მოზიდვის პოტენციალს უპრეცედენტოდ ზრდის;
• ყაზახეთიდან ვიზიტორების 66% შემოდის ტურისტული მიზნებისთვის და ევროპულ
ქვეყნებს შორისაა როგორც ვიზიტის ხანგრძლივობის (8-14 დღე), ისე საქართველოში
ვიზიტისას საშუალო დანახარჯების მიხედვით (1’818 ლარი);
• ტურიზმის მიმართულებით ყაზახეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე
გამორჩეული პოტენციალის მქონე ბაზარია თავისი მდებარეობის გამო. ყაზახეთს,
საქართველოში შემომსვლელი ტურიზმის მიხედვით სხვა ტოპ ქვეყნებისგან (გერმანია,
პოლონეთი, ისრაელი) განსხვავებით, არ გააჩნია საქართველოზე უკეთესი ტურისტული
ალტერნატივა 3-საათიანი ფრენის რადიუსში, რაც შემდეგი კრიტერიუმებით იზომება:
ფინანსური ხელმისაწვდომობა, ენობრივი ბარიერი, მრავალფეროვანი ლანდშაფტი,
პირდაპირი ფრენები 5 ქალაქიდან, უვიზო რეჟიმი;
• ყაზახებისთვის ძირითად ტურისტულ ინტერესს წარმოადგენს ზღვის, მთის და
გამაჯანსაღებელი კურორტები, რადგან ყაზახეთი წიაღისეულის მომპოვებელი
ქვეყანაა და საქართველო მათთვის, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული,
მიიჩნევა გამაჯანსაღებელი ტურიზმის ადგილმდებარეობად;
• საქართველო ყაზახეთში სარგებლობს მაღალი ცნობადობით და პოზიტიური
განწყობებით, რაც დარგის განვითარებისთვის დამატებით სტიმულად განიხილება;
• ყაზახი ტურისტები საქართველოში მოგზაურობისას ხშირად განიცდიან
დისკომფორტს აეროპორტებში არასათანადო მოპყრობის შედეგად. ამასთან,
უკმაყოფილება იზრდება ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო, მათ
შორის, ბალნეოლოგიური კურორტების და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის
(ქალაქებს შორის პირდაპირი სატრანსპორტო კავშირი, ტრანსპორტისა და
მომსახურების ხარისხი).

2.2. დასკვნები და რეკომენდაციები ტურიზმის მიმართულებით

ზემოაღნიშნული მიგნებებიდან გამომდინარე, საქართველოს გააჩნია ყაზახური ტურისტული


ნაკადის სტაბილური ზრდის პოტენციალი და რეალისტურია, რომ არსებული ავიამიმოსვლის
დინამიკით, უახლოეს 3 წელიწადში მოხდეს ყაზახეთის გამსვლელი ტურიზმის 5%-ის ათვისება.
ამასთან, სხვა ტურისტული სეგმენტებისგან განსხვავებით, გვაქვს შესაძლებლობა გაცილებით
ნაკლებ დროში ვაქციოთ ყაზახი ვიზიტორები საქართველოს ეკონომიკის მრავლჯერად
კონტრიბუტორებად, რომლებიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გახდებიან სავაჭრო
სივრცეებში, რესტორნებსა თუ პერიოდულ ღონისძიებებზე წარმოდგენილი ქართული
ნაწარმისა და კულტურის პროდუქტის აქტიური მომხმარებლები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, რეკომენდირებულია:

• მომზადდეს ყაზახი ტურისტების თვისობრივი კვლევა, რომელიც მოიცავს


ინფორმაციას მათ ინტერესებზე, მოთხოვნებსა და საჭიროებებზე;
• კვლევის საფუძველზე შემუშავდეს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ყველა საჭირო
მიმართულებით, უახლოეს წლებში ტურისტების რაოდენობის მაქსიმიზაციისა და
მიღწეული მაჩვენებლების დონის ყოველწლიურად შენარჩუნების უზრუნველყოფის
მიზნით.

3. ინვესტიციები

3.1. მიგნებები ინვესტიციებში

• საქართელოში ძირითადი ინვესტიციები ყაზახეთიდან განხორციელდა 2008 წლის


ჩათვლით პერიოდში, ყაზახური ნაციონალური კომპანიების მიერ;
• ყაზახური ინვესტიციების სტრატეგია შეცვალა რუსეთის 2008 წლის აგრესიამ და 2009
წლის მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, რაც გამოიხატა ინვესტირების პროცესის
პასიურ რეჟიმში გადასვლით;
• კერძო ინვესტიციების შემოდინების დაწყება ემთხვევა ავიაკომპანია Air Astana-ს მიერ
2011 წელს დაწყებულ პირდაპირ ფრენებს;
• არსებული სტატისტიკით, საქართველოსთვის ყაზახეთი არის დსთ-ს ქვეყნებს შორის
უმსხვილესი არა-მოსაზღვრე ინვესტორი ქვეყანა, რაც ადასტურებს ყაზახეთისთვის
საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას;
• შუა აზიდან განხორციელებული ინვესტიციების 94% მოდის ყაზახეთზე და 2021
საანგარიშგებო წლის საინვესტიციო ნაშთი შეადგენს 268 მილიონ აშშ დოლარს;
• განხორციელებული ინვესტიციებიდან 10-ზე მეტია შემთხვევა, რომელიც მხარეთა
დაუდევრობის გამო წარუმატებელ საქმიანობად გადაიქცა და გადასულია დავის
რეჟიმში;
• ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, საქართველოში აკუმულირებული ყაზახური
ბიზნესის წარმომადგენლების ჯამური კმაყოფილება საქართველოს საინვესტიციო
გარემოთი ხასიათდება არადამაკმაყოფილებლად;
• რაოდენობრივად, ბოლო წლებში განხორციელებული კერძო ყაზახური ინვესტიციების
უმეტესი ნაწილი უძრავ ქონებასა და ფინანსურ სექტორზე მოდის, რაც ცხადყოფს
ყაზახი ინვესტორების ინტერესს პასიური შემოსავლის მქონე დაბალრისკიანი
საინვესტიციო პროექტების მიმართ და კაპიტალის დივერსიფიცირების მოთხოვნიდან
მომდინარეობს.

3.2. დასკვნები და რეკომენდაციები ინვესტიციების მიმართულებით

ყაზახეთისთვის საქართველო საინვესტიციოდ საინტერესოა სტრატეგიული პროექტების


განხორციელებისა და კაპიტალის დივერსიფიცირების თვალსაზრისით; საქართველოსთვის
ყაზახეთი საინვესტიციოდ საინტერესოა შუა აზიის ბაზარზე სავაჭროდ ლოგისტიკური ჰაბის
შექმნის კუთხით, საქართველოს გადამამუშავებელი სექტორის ნედლეულით უზრუნველყოფის
მიზნებისა (მაგალითად ხორბალი, მადნეული და სხვა მსგავსი წიაღისეული) და წარმოების
მასშტაბების გაზრდის მიზნით.

ინვესტიციების სტიმულირებისთვის რეკომენდირებულია:

• საქართველოს საჯარო და კერძო სექტორების მხრიდან ცხადად ჩამოყალიბდეს


საინვესტიციო საჭიროებები სექტორების - ტურისტული, სატრანსპორტო და
ინფრასტრუქტურული, ასევე, რეგიონების მიხედვით;
• უზრუნველყოფილ იქნას რაც შეიძლება მეტი სრულად დამუშავებული საინვესტიციო
პროექტი, დასრულებული წინა მოსამზადებელი ეტაპებით და მხოლოდ ფინანსური
ინვესტიციის საჭიროებით;
• სტრატეგიული პროექტების შემთხვევაში (ვაჭრობა და სატრანსპორტო
ინფრასტრუქტურა), სამუშაო ეტაპზე უზრუნველყოფილ იქნას ორივე მხარის
ჩართულობა - როგორც ქართული, ისე ყაზახური.
• ყაზახი ინვესტორების საქართველოს საინვესტიციო გარემოთი კმაყოფილების დონის
ამაღლების მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან შეიქმნას მექანიზმი, რომელიც
მიზანმიმართულად იმუშავებს განხორციელებული ინვესტიციების
წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციაზე და მონიტორინგს გაუწევს მათი
საქმიანობის ხელშემშლელი ბარიერების დროულ აღმოფხვრას, მათ შორის,
საგამოძიებო სტრუქტურებსა და სასამართლოებში მიმდინარე საქმეებზე;
• უზრუნველყოფილ იქნას დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის ზრდა, მაგალითად, ინფორმაციის განთავსება საჯარო უწყებების
ვებ და სოციალურ სივრცეებში საერთაშორისო უცხო ენებზე, რაც განაპირობებს
სახელმწიფოს მიერ დასახულ გეგმებზე და უახლოესი წლების პრიორიტეტულ
მიმართულებებზე ცნობიერების ამაღლებას და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს
კონკრეტული მეწარმე სუბიექტების გადაწყვეტილებებზე.

4. დასკვნითი ნაწილი

ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებისთვის და განვითარებისთვის,


მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის სიღრმისეული თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ
ერთიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ფოკუსირებული იქნება ზემოაღნიშნულ
კონკრეტულ მიმართულებებზე და მოიცავს დაკავშირებულ სფეროებთან თანაკვეთებს,
მაგალითად: ვაჭრობა - ტრანსპორტი, ვაჭრობა - ტურიზმი, ინვესტიციები - ვაჭრობა,
ინვესტიციები - ტრანსპორტი, ტურიზმი - ინვესტიციები და ა.შ.

ერთიანი სტრატეგიის შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე ორმხრივი შეთანხმების


მიღწევის შემდგომ, მაქსიმალური ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია
აღსრულების მონიტორინგი მოხდეს ორ ქვეყანას შორის სამთავრობოთაშორისი კომისიის
ფორმატში.
პატივისცემით,

გიორგი ჯახუტაშვილი
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე

ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული

You might also like