You are on page 1of 14

ბიზნესის ორგანიზების ფორმები

1. ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის


სწორედ შერჩევას. ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ პირადი სურვილი, საქმიანობის სფერო,
ფინანსური საშუალებები, პასუხისმგებლობა, კონტროლის დონე, ბიზნესის მასშტაბები, გადასახადების
მოცულობა და ზოგირთი სხვა ფაქტორი.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საწარმოთა ორგანიზაციულ სამართლებრივი
ფორმებია:
- ინდივიდუალური საწარმო (ის), საქართველოში ამ ფირმებზე მოდის რეგისტრირებული
საწარმოების 52,7%;
- სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს) - 0,19%;
- კომანდიტური საზოგადოება (კს) - 0.13%;
- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) - 32,5%;
- სააქციო საზოგადოება (სს) - 2,4%;
- კოოპერატივი (კ) - 0,9%.
ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში თავის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს,
როგორც ფიზიკური პირი, ხოლო დანარჩენები, რომლებსაც კანონი მეწარმეთა შესახებ საზოგადოების
ცნების ქვეშ აერთიანებს, იურიდიულ პირებს მიეკუთვნებიან.
ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი დაბადებისთანავე, გამონაკლისია
მემკვიდრედ ყოფნის უფლება, რაც ჩასახვისთანავე წარმოიშობა. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა
წყდება მისი გარდაცვალებით. არ შეიძლება ფიზიკურ პირს წაერთვას უფლებაუნარიანობა. ფიზიკური
პირის ქმედუნარიანობა წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევის თანავე. სრულწლოვანია 18 წლის ასაკს
მიღწეული პირი. 7 წლამდე ასაკის პირი წარმოადგენს მცირეწლოვანს, 7-18 წლამდე ასაკის ფიზიკური
პირი კი წარმოადგენს შეზღუდულად ქმედუნარიან პირს. სრულწლოვან ფიზიკურ პირს შეიძლება
შეეზღუდოს ქმედუნარიანობა ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენების
გამო, თუ ის თავის ოჯახს ამის გამო მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს. ამ შემთხვევაში მას
უწესდება მზრუნველობა. ქმედუუნაროა ფიზიკური პირი, თუ ის ჭკუასუსტობის ან სულით
ავადმყოფობის გამო ასეთად იქნება სასამართლოს მიერ აღიარებული. ქმედუუნარო პირის უფლებებს
ახორციელებს მეურვე. ქმედუნარიანად ითვლება არასრულწლოვანი ფიზიკური პირი, თუ იგი 18 წლის
ასაკამდე იქორწინებს ან თუ მას მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი კანონით დადგენილი წესით
მიანიჭებს საწარმოს გაძღოლის უფლებამოსილებას. ფიზიკურ პირს გააჩნია როგორც ქონებრივი, ისე არა
ქონებრივი უფლებები და მოვალეობები.
ურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი საკუთარი ქონების მქონე
ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და
საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში
გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
იურიდიული პირი შეიძლება იყოს საჯარო სამართლის და კერძო სამართლის:
საჯარო სამართლის იურიდიულ პირი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ კანონში ან
სადამფუძნებლო დოკუმენტებში გათვალისწინებული მიზნების შესაბამისი საქმიანობა. საჯარო
სამართლის იურიდიული პირებია: სახელმწიფო, თვითმართველობები, სახელმწიფოს მიერ
კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი სახელმწიფო დაწესებულებები
და ფონდები, რომლებიც არ არიან ჩამოყალიბებული სამოქალაქო კოდექსის ან მეწარმეთა შესახებ
კანონით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით; საჯარო მიზნების მისაღწევად
კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი არასახელმწიფოებრივი ორგანიზაციები (პოლიტიკური
პარტიები და სხვა).

1
კერძო სამართლის იურიდიულ პირებს უფლება აქვთ განახორციელონ კანონით აუკრძალავი
ნებისმიერი საქმიანობა, იმის მიუხედავად არის თუ არა ეს საქმიანობა გათვალისწინებული მის
წესდებით. მათ მიეკუთვნება: კავშირი, ფონდი, სპს, კს, შპს, სს, კოოპერატივი.
კერძო სამართლის იურიდიული პირები თავის მხრივ იყოფა კომერციულ და არაკომერციულ
იურიდიულ პირებად:
კერძო სამართლის არაკომერციული იურიდიული პირებია: კავშირი და ფონდი.
კერძო სამართლის კომერციული იურიდიული პირებია: სპს, კს, შპს, სს, კოოპერატივი.
იურიდიული პირის უფლებამოსილება წარმოიშვება მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება
მისი ლიკვიდაციის დამთავრების შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციის მომენტიდან.
ფირმა, როგორც კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა და მოვალეობების სუბიექტი,
წარმოიშობა მხოლოდ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

2. საწარმოს რეგისტრაცია, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

საწარმოთა რეგისტრაცია. მეწარმე-სუბიექტად დარეგისტრირება არის აუცილებელი პროცედურა


ბიზნესის (სამეწარმეო საქმიანობის) დასაწყებად. საქართველოში მეწარმესუბიექტად რეგისტრაცია
დაკავშირებულია მარტივ პროცედურებთან და ამისთვის მხოლოდ ერთი დღეა საჭირო. მეწარმე
სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
მეწარმე სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება
ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე საგადასახადო რეგისტრაციას.
მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ძალაში შედის მხარისათვის
ოფიციალურად გაცნობისთანავე ან გამოქვეყნებისთანავე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ითვლება
მისი მარეგისტრირებელი ორგანოს ვებგვერდზე განთავსება.
მეწარმე სუბიექტი რეგისტრირდება მის მიერ განცხადებული მისამართის მიხედვით.
დაინტერესებულმა პირმა იურიდიულ მისამართად უნდა მიუთითოს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით განსაზღვრული მისამართი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება წერილობითი
შეტყობინების (კორესპონდენციის) გაგზავნა. რეგისტრირებულ მისამართზე გაგზავნის შემდეგ
წერილობითი შეტყობინება (კორესპონდენცია) ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი
უფლებამოსილია ჰქონდეს რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის
მისამართი, რომელზედაც/რომლებზედაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა.
რეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილი
ელექტრონული შეტყობინება ითვლება შესაბამისი პირისათვის ოფიციალურად ჩაბარებულ
შეტყობინებად.
საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს
საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო
განაცხადი, რომელიც იმავდროულად არის პარტნიორთა შეთანხმების ნაწილი და რომელშიც უნდა
მიეთითოს:
ა) საწარმოს სახელწოდება/საფირმო სახელწოდება;
ბ) საწარმოს სამართლებრივი ფორმა;
გ) საწარმოს იურიდიული მისამართი;
დ) საწარმოს პარტნიორის (პარტნიორების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი
და პირადი ნომერი, ხოლო თუ პარტნიორი იურიდიული პირია – მისი საფირმო სახელწოდება,

2
ამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი
და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ;
ე) საწარმოს მმართველობის ორგანო, გადაწყვეტილების მიღების წესი, ხოლო შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – მონაცემები
პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და
კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილები გამოხატული უნდა იყოს წილადი
რიცხვებით/პროცენტებში და მათი ჯამი უნდა შეადგენდეს 1 მთელს;
ვ) კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – რომელი პარტნიორია შეზღუდული და
რომელი – სრული;
ზ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში
– პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებები;
თ) საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების)
სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ასევე უფლებამოსილების
ვადა;
ი) თუ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი რამდენიმე პირი ჰყავს – ისინი ერთად
წარმოადგენენ საწარმოს თუ ცალ-ცალკე;
კ) სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ფიზიკური პირის
შემთხვევაში – სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო თუ
სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი იურიდიული პირია, –
მისი საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის
თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ;
ლ) ელექტრონული ფოსტის მისამართი და ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
იურიდიული მისამართისგან განსხვავებული მისამართი, რომლებზე მიღებული გზავნილიც
ჩაბარებულად ჩაითვლება.
რეორგანიზაცია არის საწარმოს გარდაქმნა მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის,
სხვა საწარმოსთან შერწყმის ან ერთი ან რამდენიმე საწარმოს გაყოფის მეშვეობით.
პარტნიორებს შეუძლიათ ერთი სამართლებრივი ფორმის საწარმო გარდაქმნან სხვა სამართლებრივი
ფორმის საწარმოდ. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილებით პარტნიორთა უფლებამოსილებები
უნდა გადანაწილდეს ხელახლა, ამ სამართლებრივი ფორმისათვის დადგენილი შეზღუდვების
გათვალისწინებით. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააქციო საზოგადოების შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნის და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების
სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის
უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%. ყველა სხვა შემთხვევაში აღნიშნული
გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად.
საწარმოები შეიძლება შეერწყან ერთმანეთს. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააქციო
საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კოოპერატივში შერწყმის შესახებ
გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა)
ხმების 75%. ყველა სხვა შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად. შერწყმის შესახებ
გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს, ერთი საწარმო უერთდება მეორეს (მიერთება) თუ ორი საწარმო
ერთიანდება ერთ ახალ საწარმოდ (გაერთიანება). შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებით უნდა
განისაზღვროს პარტნიორთა უფლება-მოვალეობანი, თუ ისინი არ ხელმძღვანელობენ კაპიტალში მათი
წილის პროპორციულობის პრინციპით. საწარმო, რომელმაც საწარმო მიიერთა, ან გაერთიანების
შედეგად წარმოქმნილი საწარმო არის თავდაპირველი საწარმოს/საწარმოების სამართალმემკვიდრე.
საწარმო შეიძლება გაიყოს ორ ან ორზე მეტ საწარმოდ და მათ საქმიანობა გააგრძელონ, როგორც
დამოუკიდებელმა საწარმოებმა, საკუთარი სამართლებრივი ფორმით. გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება
შეიძლება ითვალისწინებდეს გაყოფის შედეგად წარმოქმნილ საწარმოში ადრინდელი პარტნიორების
წილობრივი მონაწილეობის შეცვლას. გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები სოლიდარულად
აგებენ პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებული ვალდებულებებისათვის, ხოლო
3
თავდაპირველი საწარმოს უფლებამონაცვლე საწარმო განისაზღვრება გაყოფის შესახებ
გადაწყვეტილებით.
ლიკვიდაცია არის საწარმოს საქმიანობის შეწყვეტა. მეწარმე იურიდიული პირის პარტნიორებს
შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ. პარტნიორებს, ასევე
წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ან დირექტორს
(დირექტორებს) შეუძლიათ განსაზღვრონ ის პირები, რომლებიც ახორციელებენ საწარმოს ლიკვიდაციას
(ლიკვიდატორები). პარტნიორები საერთო კრებაზე იღებენ გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის
პროცესის დაწყების შესახებ, რის შემდეგაც იწყება კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესი.
პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა
დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

3. ინდივიდუალური საწარმო

ინდივიდუალური საწარმო არის ბიზნესის ორგანიზაციის უმარტივესი ფორმა - პირდაპირი


გაგებით საქმის დამოუკიდებელი წარმოებაა საკუთარი ინტერესებისათვის. ინდივიდუალური მეწარმე,
როგორც ინდივიდუალური საწარმოს მფლობელი, არის ფიზიკური პირი, რომლის სამეწარმეო
საქმიანობისათვის აუცილებელია სამეწარმეო წესით მოწყობილი ორგანიზაცია, მოწესრიგებული საკასო
და საბუღალტრო საქმე. სამართლებრივ ურთიერთობებში ის გამოდის თავის სახელით. მფლობელს
გააჩნია მატერიალური რესურსები და კაპიტალური მოწყობილობები, რომელიც საჭიროა სამეწარმეო
საქმიანობისათვის, ან იძენს მათ და ასევე პირადად აკონტროლებს საწარმოს საქმიანობას. ასეთ
საწარმოში დაქირავებული მუშა-მოსამსახურეებიც შეიძლება მუშაობდნენ, მაგრამ მის
სიცოცხლისუნარიანობაზე მხოლოდ მფლობელი აგებს პასუხს.
ინდივიდუალური მეწარმე საფირმო სახელწოდებად იყენებს თავის სახელსა და გვარს. საფირმო
სახელწოდებას არ უნდა ერთვოდეს რაიმე ისეთი დამატება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს
მესამე პირი ან გამოიწვიოს გაუგებრობა საწარმოს ფორმისა თუ საქმიანობის მოცულობის ანდა
პარტნოირთან ურთიერთობების გამო. საფირმო სახელწოდებას დაერთვება დამატებები თუ ეს საჭიროა
სხვა ფირმებისაგან განსასხვავებლად.
იდივიდუალურ საწარმოთა გავრცელების სფეროებია: საცალო ვაჭრობა (მცირე ზომის მაღაზია),
სანტექნიკური მომსახურება, მცირე მოცულობის სატრანსპორტო გადაზიდვები და მრავალი სხვა.
ინდივიდუალური საწარმოს ბევრი უპირატესობა გააჩნია.
- მცირე ფორმალობა საქმიანობის დასაწყებად. ინდივიდუალური საწარმოს უპირატესობაა
რეგისტრაციის მცირე დრო და დანახარჯები.
- სრული დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მოქმედების ოპერატიულობა. მფლობელი თითონ
შეიმუშავებს საწარმოს პოლიტიკას, ვინაიდან იურიდიულად მასთან არავინ არის დაკავშირებული; ის
შედარებით ოპერატიულად იღებს გადაწყვეტილებებს ვიდრე ამას შესძლებდა რამდენიმე პარტნიორი
ერთად. ამიტომ, ინდივივიდუალური საწარმო გაცილებით მოსახერხებელია მკაფიოდ გამოვლენილი
პიროვნული თვისებების მქონე ადამიანებისათვის.
- საგადასახადო შეღავათები. ინდივიდუალური საწარმო არ იბეგრება მოგების გადასახადით. ასევე
საქართველოში საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლებულია იმ მეწარმე ფიზიკურ პირთა
შემოსავალი რომელიც ფლობს მიკრობიზნესის სტატუსს. არსებითი შეღავათებია დაწესებული მცირე
ბიზნესის სტატუსის მქონე ინდმეწარმეზეც.
- სრულყოფილი მოტივაცია. ვინაიდან საწარმოს მთლიანი მოგება ერთ მფლობელს ეკუთვნის, იგი
დაინტერესებულია გულმოდგინე შრომით, საქმიანობაზე სრული კონტროლით, მოზომილი
გადაწყვეტილებების მიღებით და საქმიანი ოპერაციების მაქსიმალური ზრდით.

4
- კონფიდენციალობა. ბიზნესის ზოგიერთ სახეობაში საწარმოს ძირითად უპირატესობას
წარმოადგენს საწარმოო პროცესების ტექნოლოგიური საიდუმლოებანი. ასეთ შემთხვევაში
ინდივიდუალური საწარმო საუკეთესო ვარიანტია საიდუმლოს შესანახად.
მიუხედავად აღნიშნულისა, ბიზნესის ამ ორგანიზაციულ ფორმას ერთობ მნიშვნელოვანი
ნაკლოვანებები გააჩნია.
- ბიზნესის გაფართოების შეზღუდული შესაძლებლობები. იშვიათი გამონაკლისის გარდა
მფლობელის ფინანსური რესურსები საკმარისი არ არის ბიზნესის გაფართოებისათვის. კერძოდ,
ფინანსური რესურსები ჩვეულებრივ შეზღუდულია მეწარმის საბანკო ანგარიშებზე არსებული
თანხით, და იმ თანხით, რომლის სესხებაც მას შეუძლია. რამდენადაც ინდმეწარმეთა შორის
გაკოტრების ალბათობა მაღალია, კომერციული ბანკები ხალისით როდი აძლევენ მათ კრედიტს.
- ბიზნესის მართვაში სპეციალიზაციის უპირატესობის არარსებობა. ბიზნესზე სრული
კონტროლის განხორციელებით მფლობელმა უნდა შეასრულოს მართვის ყველა ფუნქცია. მან უნდა
მიიღოს ყველა ძირითადი გადაწყვეტილება, მაგალითად, ყიდვის, გაყიდვის, პერსონალის მოზიდვის
თაობაზე; უყურადღებოდ არ დატოვოს ტექნიკური ასპექტები, რომელიც შეიძლება წარმოიშვას
წარმოების, განაწილების და რეკლამის სფეროში. ამასთან, გაუთვალისწინებელმა ავარიამ, ან
ავადმყოფობამ შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ბიზნესს. მფლობელის სიკვდილის შემთხვევაში კი
ბიზნესი იურიდიულად წყვეტს არსებობას.
- შეუზღუდავი პასუხისმგებლობა. ინდმეწარმეები რისკავენ არა მარტო საწარმოს აქტივებით,
არამედ თავისი პირადი აქტივებითაც. თუ საწარმოს აქტივები არ ყოფნის კრედიტორების
მოთხოვნების დაკმაყოფილებას, უკანასკნელთ შეუძლიათ პრეტენზია განაცხადონ მფლობელის
პირად საკუთრებაზე.
ინდივიდუალური საწარმოს უპირატესობებისა და ნაკლოვანებების ანალიზით შეიძლება
დავასკვნათ, რომ ეს ორგანიზაციული ფორმა მისაღებია, თუ ბიზნესს არ სჭირდება დიდი კაპიტალი და
იმდენად მარტივია, რომ ის შეიძლება მართოს ერთმა პიროვნებამ ან ოჯახმა. ეს ფორმა განსაკუთრებით
მიმზიდველია ბიზნესის საწყის ეტაპზე, როდესაც ძალზედ მნიშვნელოვანია მოქნილობა,
ოპერატიულობა, გულმოდგინე შრომა და საქმისადმი მუდმივი ყურადღება. შემდგომში, თუ მეწარმე
დააპირებს საქმიანობის გაფართოებას, ალბათ უფრო მიზანშეწონილია ბიზნესის სხვა, უფრო რთულ
ორგანიზაციულ ფორმაზე გადასვლა.

4. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და კომანდიტური საზოგადოება

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, როგორც ბიზნესის ორგანიზაციის ფორმა,


მეტნაკლებად ინდივიდუალური საწარმოს ბუნებრივ განვითარებას წარმოადგენს. თვით დასახელება
გვიხსნის ამ ფორმის არსს: საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე ფიზიკური პირი ერთობლივად,
ერთიანი საფირმო სახელწოდებით, ეწევა არაერთჯერად და დამოუკიდებელ მეწარმეობას.
პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ როგორც
სოლიდარული მოვალეები _ უშუალოდ, პირდაპირ, მთელ ვალდებულებებზე, შეუზღუდავად მთელი
თავისი ქონებით. ამასთან, პარტნიორები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ფიზიკური პირები. ჩვეულებრივ
ისინი აერთიანებენ ფინანსურ რესურსებს და საქმის წარმართვის გამოცდილებას, ინაწილებენ რისკს და
ასევე მოგებას ან ზარალს, რომელიც შეიძლება წილად შეხვდეს თითოეულ მათგანს. საზოგადოების
საფირმო სახელწოდება უნდა მოიცავდეს მითითებას მის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე და
ერთ-ერთი პარტნიორის სახელსა და გვარს მაინც.
ყველა პარტნიორი უფლებამოსილია გაუძღვეს საზოგადოების საქმეებს, თუ საზოგადოების
წესდებით სხვა რამ არ იქნება განსაზღვრული. გადაწყვეტილებები იმ საკითხებზე, რომელთა
მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, მიიღება ყველა
პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების მიერ.

5
პარტნიორთა კრების მოწვევის უფლება აქვს ყველა პარტნიორს. კრების მოწვევა უნდა მოხდეს
ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით, რომელიც უნდა შეიცავდეს დღის
წესრიგის პროექტს. პარტნიორებს დღის წესრიგის პროექტში დამატებების შეტანა შეუძლიათ
პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ წერილის მიღებიდან სამი დღის ვადაში. კრება
გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება პარტნიორთა უმრავლესობა. თუ პარტნიორთა კრება
გადაწყვეტილებაუუნაროა, მაშინ მის მომწვევ პარტნიორს უფლება აქვს იმდაგვარადვე და იმავე დღის
წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. ამ შემთხვევაში კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, იმის
მიუხედავად, მასზე გამოცხადდება თუ არა პარტნიორთა უმრავლესობა. კრების თავჯდომარედ
შეიძლება არჩეულ იქნეს კრების ნებისმიერი მონაწილე ხმების უბრალო უმრავლესობით. კრებაზე
ყოველ პარტნიორს აქვს თითო ხმა. პარტნიორი არ სარგებლობს ხმის უფლებით, თუ გადაწყვეტილება
შეეხება საზოგადოებასა და მას შორის დავას.
პარტნიორს შეუძლია გაასხვისოს თავისი წილი კაპიტალი, თუ ყველა დანარჩენი პარტნიორი
წინასწარ წერილობით განაცხადებს თანხმობას აღნიშნულზე ან თუ საზოგადოების წესდებით
დაშვებულია გასხვისება.
კომანდიტურ საზოგადოებაში რამდენიმე პირი ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით
ეწევა არაერთჯერად და დამოუკიდებელ მეწარმეობას. სოლიდარული პასუხისმგებლობის
საზოგადოებისაგან განსხვავებით, კომანდიტურ საზოგადოებაში ერთი ან რამდენიმე პარტნიორის
პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე განსაზღვრული საგარანტიო თანხის გადახდით
შემოიფარგლება (კომანდიტები), ხოლო სხვა პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდული არ არის
(კომპლემენტარები). მისი საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს მინიმუმ ერთი კომპლემენტარის
სახელსა და გვარს, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით. კომანდიტურ საზოგადოებას
უნდა ჰყავდეს მინიმუმ ორი პარტნიორი, ერთი კომანდიტი და ერთიც კომპლემენტარი. ერთი და იგივე
პირი არ შეიძლება იყოს კომანდიტიც და კომპლემენტარიც.
კომანდიტებს ხშირად „მძინარე პარტნიორებსაც“ უწოდებენ, რადგან ისინი საზოგადოების
მართვაში აქტიურ მონაწილეობას არ იღებენ, მათ არ შეუძლიათ გამოვიდნენ ჩვეულებრივი საწარმოო
საქმიანობის ფარგლებში კომპლემენტარების მიერ განხორციელებული მოქმედების წინააღმდეგ.
კომანდიტი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. მას უფლება აქვს
განახორციელოს კონტროლი საზოგადოების საქმიანობაზე, გაასხვისოს ან მემკვიდრეობით გადასცეს
თავისი წილი სხვა პარტნიორების თანხმობის გარეშე, გარდა წესდებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა. კომანდიტს აქვს მხოლოდ კუთვნილი მოგების მიღების მოთხოვნის უფლება და
ზარალის მონაწილეა მხოლოდ თავისი წილი კაპიტალის ფარგლებში.
ჩვენში არსებული სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და კომანდიტური
საზოგადოება შეიძლება გავაერთიანოთ პარტნიორობის ცნების ქვეშ. თანამედროვე პირობებში ბევრი
პროფესიონალური საქმიანობა პარტნიორობის ფორმას იღებს. მაგალითად, ბუღალტრები,
აუდიტორები, ნოტარიუსები, იურისტები... ხშირად თავიანთ საქმიანობას პარტნიორობის პრინციპებზე
აგებენ.
რა უპირატესობები გააჩნია პარტნიორობას?
- საქმის მართვის განაწილება. ინდივიდუალური საწარმოსაგან განსხვავებით პარტნიორობაში
შესაძლებელია მის წევრებს შორის შრომის დანაწილება და თოთოეული პარტნიორის ცოდნისა და
გამოცდილების გამოყენება. თუ ინდივიდუალური საწარმოს პირობებში ყველა საქმის შესრულება
უხდება ერთ პირს, პარტნიორობის პირობებში ცალკეული პარტნიორი საერთო საქმის იმ ნაწილს
ასრულებს, რომელიც მას ყველაზე უკეთ ეხერხება. გარდა აღნიშნულისა, ერთ პარტნიორს შეუძლია
შეენაცვლოს მეორეს, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს რაიმე სერიოზულ შეფერხებებს საწარმოს
საქმიანობაში. ამავე მიზეზის გამო პარტნიორობის წევრები ნაკლებად არიან `მიჯაჭვულნი~ საქმეზე
და საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დროის საკუთარი მიზნებისათვის გამოყენება.
- გაზრდილი ფინანსური შესაძლებლობები. რამდენიმე მონაწილის გაერთიანების წყალობით
პარტნიორების ფინანსური შესაძლებლობები ნაკლებად შეზღუდულია, ვიდრე ინდივიდუალური

6
საწარმოსი. შესაბამისად, ბანკირების თვალში პარტნიორობა უფრო სოლიდურად გამოიყურება და
მეტი კაპიტალის მოზიდვაა შესაძლებელი.
- გადაწყვეტილებების დემოკრატიულად მიღების შესაძლებლობა.
მიუხედავად აღნიშნული უპირატესობებისა, პარტნიორობა უფრო უძლური შეიძლება აღმოჩდეს
ინდივიდუალური საწარმოს ნაკლოვენებათა დაძლევაში, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით
მოგვეჩვენოს. მართლაც წარმოიშვება ზოგიერთი ახალი პრობლემა, რომელიც დამახასიათებელი არ იყო
ინდივიდუალური საწარმოსათვის.
- მართვის მოუქნელობა. ძალაუფლების დანაწილებამ პარტნიორებს შორის შეიძლება გამოიწვიოს
ინტერესთა შეუთავსებლობა, შეუთანხმებელი პოლიტიკა, მაშინ, როდესაც საჭიროა გადამჭრელი
ქმედებები. კიდევ უფრო უარესია, თუ პარტნიორების ინტერესები მთავარ საკითხებში სცილდება
ერთმანეთს.
- ფინანსური რესურსების შეზღუდულობა. საწარმოს ფინანსები ჯერ კიდევ შეზღუდულია, თუმცა
მნიშვნელოვნად მეტია ინდივიდუალური საწარმოს შესაძლებლობებზე. პარტნიორების რესურსები
შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს, ან ისეთი იყოს, რომ მკვეთრად შეზღუდოს მომგებინი საქმის
გაფართოება.
- შეუზღუდავი პასუხისმგებლობა. ფაქტიურად ყველა პარტნიორი (კომანდიტების გარდა)
პასუხისმგებელია საწარმოს ყველა წარუმატებლობაზე _ არა მხოლოდ საკუთარი მმართველობითი
გადაწყვეტილების შედეგისათვის, არამედ ასევე ნებისმიერი სხვა პარტნიორის მოქმედების
შედეგისთვისაც. წარმატებულ პარტნიორს ასევე უწევს უფრო ნაკლებფხიანი მონაწილის
კეთილგონიერებასა და მომჭირნეობაზე დაყრდნობაც.

5. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი თავისი


ქონებით, ხოლო პარტნიორის პასუხისმგებლობა საწარმოს კაპიტალში მისი წილის ოდენობით, არის
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. მისი დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც.
საზოგადოების ბუღალტრულ ჩანაწერებში თანხა აღინიშნება ეროვნული ვალუტით. შესატანი
შეიძლება წარმოდგენილ იქნეს აგრეთვე სხვა ქონებრივი და არაქონებრივი ობიექტების სახით, რომელიც
უნდა შეაფასოს დამოუკიდებელმა ექსპერტმა (აუდიტორმა). შესატანის ოდენობა თითოეული
პარტნიორისათვის შეიძლება განსხვავებულად განისაზღვროს. პარტნიორს შეუძლია წილის გასხვისება
და მემკვიდრეობით გადაცემა.
შპს-ს მართვისათვის იქმნება სამ რგოლიანი და ორ რგოლიანი მართვის ორგანოები. სამ რგოლიან
სისტემაში შედის პარტნიორთა კრება, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორები, ორ რგოლიანში _
პარტნიორთა კრება და დირექტორები. სამრგოლიან სისტემაში, როგორც წესი, პარტნიორთა კრებასა და
სამეთვალყურეო საბჭოს არ გააჩნია გარე ურთიერთობებში წარმომადგენლობის უფლება. ამ ფუნქციას
ასრულებენ აღმასრულებელი ორგანოს წევრები (დირექტორები).
შპს-ს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრებათ დირექტორებს. მათ დაკისრებული
ამოცანები უნდა შეასრულონ ჩვეულებრივი კომერსანტის გულისხმიერებითა და
კეთილსინდისიერებით, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და
ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით,
რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. დირექტორი კანონითა და
წესდებით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისათვის პასუხს აგებს პირადად,
სრულად, შეუზღუდავად, მთელი თავისი ქონებით. საზოგედოების წესდება შეიძლება
ითვალისწინებდეს დირექტორის მიერ ერთპიროვნული მართვის უფლებამოსილებას, მაგრამ აგრეთვე
აწესებდეს, რომ ორი დირექტორი მხოლოდ ერთობლივად შეიძლება გაუძღვეს საზოგადოებას, ანდა
ყველა დირექტორი ვალდებული იყოს ერთად გასწიოს ხელმძღვანელობა. საზოგადოების

7
დირექტორების უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს სამეთვალყურეო საბჭოს ან საზოგადოების
კრების აუცილებელი თანხმობის დაწესებით.
შპს-ს უმაღლესი მმართველი ორგანოა პარტნიორთა კრება. იგი გადაწყვეტილებებს იღებს
საზოგადოების საქმიანობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. საერთო კრება შეიძლება იყოს მორიგი და
რიგგარეშე. მორიგი საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც და იღებს გადაწყვეტილებას
წლიური შედეგების შესახებ. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლოა კრება მოწვეულ
იქნას დაუყოვნებლივ ან იგი საერთოდ არ იქნეს მოწვეული თუ ყველა პარტნიორი წერილობით
ეთანხმება განსახილველ საკითხს. დირექტორმა უნდა მოიწვიოს საზოგადოების კრება, თუ
საზოგადოების ინტერესები ამას მოითხოვს. ამასთან, საზოგადოების წესდების შეცვლა შესაძლებელია
მხოლოდ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით. თუ საზოგადოების წესდება სხვა წესებს არ შეიცავს,
მაშინ პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სამეურნეო
პოლიტიკის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა; წილთა შეძენა და გასხვისება, ასევე, საწარმოთა შეძენა,
გასხვისება და ლიკვიდაცია; წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა
ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია; უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ინვესტიციების შესახებ, რომელთა ღირებულება ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება ბოლო წლის
საბალანსო თანხის ათ პროცენტს; სესხის აღება, რომელიც აღემატება პარტნიორთა კრების მიერ
დადგენილ ოდენობას; იმ სესხის უზრუნველყოფა, რომელიც არ მიეკუთვნება ჩვეულებრივ საწარმოო
საქმიანობას; ხელმძღვანელ მუშაკთათვის მოგებასა და საერთო შემოსავალში მონაწილეობისა და
პენსიის მიცემის პრინციპების განსაზღვრა; იმ დამატებითი უფლებების გამოყენება, რომელიც
საზოგადოებას აქვს დაფუძნებიდან ან საზოგადოების მართვიდან გამომდინარე დირექტორის ანდა
პარტნიორის მიმართ, ასევე საზოგადოების წარმომადგენლობა იმ პროცესებში, რომელთაც იგი
დირექტორის წინააღმდეგ წარმართავს; წლიური შედეგების დამტკიცება და შედეგების გამოყენება;
შესატანების გადახდის მოთხოვნა; დამატებითი შესატანების უკან დაბრუნება; დირექტორების დანიშვნა
და გამოწვევა, მათთან შრომითი ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშის
დამტკიცება; აუდიტორის და სპეციალური კონტროლიორის არჩევა.
შპს-ს წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს სამეთვალყურეო საბჭოს შექმნასაც. ამ შემთხვევაში
სამეთვალყურეო საბჭო ასრულებს იგივე ფუნქციებს და მის მიმართ გამოიყენება იგივე წესები, რაც
სააქციო საზოგადოებაში, რომელსაც ჩვენ შემდეგ პარაგრაფში განვიხილავთ.
შპს-ს უპირატესობებია:
- საქმიანობის წარუმატებლობის შემთხვევაში, მფლობელების პირადი ქონების დაცულობა;
- მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების დაქირავების შესაძლებლობა;
- საფირმო სახელწოდების შერჩევის თავისუფლება. შპს-ს საფირმო სახელწოდება შეიძლება შეირჩეს
მისი საქმიანობის მიხედვით, ან ეს სახელწოდება შეიძლება იყოს ფანტაზიის ნაყოფი. მაგარმ ყველა
შემთხვევაში უნდა შეიცავდეს აღნიშვნას „შპს“.
იმის გამო, რომ პასუხისმგებლობა შეზღუდულია, საკმაოდ რთულია პატარა ორგანიზაციისათვის
სასურველი რაოდენობის სესხის მიღება, რადგან საქმიანობის წარუმატებლობის შემთხვევაში ბანკები და
სხვა ფინანსური დაწესებულებები ვერ მოახერხებენ თავისი ფონდების დაბრუნებას. ამიტომ
შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები შპს-ს ძირითად ნაკლოვანებად უნდა ჩაითვალოს.

6. სააქციო საზოგადოება

ბიზნესის ორგანიზაციის განსაკუთრებული ფორმაა სააქციო საზოგადოება. სააქციო საზოგადოების


საკუთარი კაპიტალი დაყოფილია ერთი და იმავე ნომინალური ღირებულების მქონე აქციებად,
რომელიც შეიძლება გაიყიდოს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე. სააქციო საზოგადოების
პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. აქციონერი პასუხს არ

8
აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებზე. ისინი მხოლოდ თავისი კუთვნილი წილი აქციების
ღირებულების ფარგლებში ეწევიან რისკს სააქციო საზოგადოების საქმიანობისათვის.
აქცია არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს
პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში. კანონის
შესაბამისად აქციონერს უნდა მიეცეს აქციათა სერთიფიკატი ან ამონაწერი საზოგადოების აქციათა
რეესტრიდან, ანდა კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი. ერთი ჩვეულებრივი აქცია
უზრუნველყოფს ერთი ხმის უფლებას აქციონერთა კრებაზე.
სააქციო საზოგადოების მართვისათვის იქმნება სამრგოლიანი მართვის ორგანოები: აქციონერთა
კრება, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორები.
აქციონერთა კრება, როგორც სააქციო საზოგადოების უმაღლესი მმართველი ორგანო
უფლებამოსილია: შეცვალოს საზოგადოების წესდება; მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის, გაყოფის ან
გარდაქმნის შესახებ; მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს აქციონერის მიერ აქციების უპირატესი
შესყიდვის უფლება საწესდებო კაპიტალის მომატების დროს; მიიღოს ან უარყოს სამეთვალყურეო
საბჭოს ან დირექტორის წინადადება მოგების გამოყენების შესახებ ან, როცა ეს ორგანოები ვერ იძლევიან
ერთიან წინადადებას, მიიღოს გადაწყვეტილება წმინდა მოგების განაწილების შესახებ; აირჩიოს
აქციონერთა წარმომადგენლები სამეთვალყურეო საბჭოში ან გამოიწვიოს იქიდან; დაამტკიცოს
დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიში; გადაწყვიტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა
შრომის ანაზღაურების საკითხი; დაამტკიცოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილი წესით
შემუშავებული საკითხები; აირჩიოს აუდიტორი და სპეციალური კონტროლიორი; მიიღოს
გადაწყვეტილებები სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორების წინააღმდეგ სასამართლო პროცესში
მონაწილეობის შესახებ, ამ პროცესისათვის წარმომადგენლის დანიშვნის ჩათვლით; მიიღოს
გადაწყვეტილებები საზოგადოების ქონების შეძენის, გასხვისების, გაცვლის (ან ერთმანეთთან
დაკავშირებული ასეთი გარიგებების) ან სხვაგვარად დატვირთვის შესახებ, რომელთა ღირებულება
შეადგენს საზოგადოების აქტივების ღირებულების ნახევარზე მეტს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის
განსაზღვრული, გარდა ისეთი გარიგებებისა, რომლებიც წარმოადგენენ ჩვეულებრივ საწარმოო
საქმიანობას.
ყველა სხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებენ სამეთვალყურეო საბჭო, ან დირექტორები.
საერთო კრება შეიძლება იყოს მორიგი და რიგგარეშე. მორიგი საერთო კრება ტარდება
ყოველწლიურად, წლიური ბალანსის შედგენიდან ორი თვის ვადაში. მორიგ საერთო კრებაზე
განიხილება წლიური შედეგები და დღისწესრიგის სხვა შესაძლო საკითხები. რიგგარეშე საერთო კრების
მოწვევის უფლება აქვთ დირექტორებს, სამეთვალყურეო საბჭოს, საწესდებო კაპიტალის 50%-ის
მფლობელ აქციონერებს, საწარმოს ინტერესების შესაბამისად საწესდებო კაპიტალის 5%-ის მფლობელ
აქციონერებს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით. კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, თუ
საწესდებო კაპიტალის 75%-ის მფლობელი აქციონერი მიიღებს გადაწყვეტილებას განსახილველ
საკითხებთან დაკავშირებით. საერთო კრება მოიწვევა დირექტორების მიერ ბეჭვდით ორგანოში
გამოცხადებით ან აქციონერებისათვის მოსაწვევის გაგზავნით. საერთო კრების მუშაობას
ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე, მისი არყოფნისას მოადგილე, ხოლო ორივეს
არყოფნისას დირექტორი. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია ხმის
უფლების მქონე საწესდებო კაპიტალის ნახევარის მფლობელები მაინც, განმეორებით მოწვევის
შემთხვევაში კი არანაკლებ 25%-ის მფლობელებისა. კრებაზე გადაწყვეტილებები თავისი
მნიშვნელობიდან გამომდინარე მიიღება ხმის უფლების მქონე დამსწრე კაპიტალის 3/4-ზე (მაგ.
საზოგადოების შერწყმა), 2/3-ზე (მაგ. საფირმო სახელწოდება, საწესდებო კაპიტალის შეცვლა) და 1/2-ზე
(მაგ. სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორების ანგარიშის დამტკიცება) მეტი შესაბამისი აქციების
მფლობელების მიერ.
სამეთვალყურეო საბჭო შედგება არანაკლებ სამი და არაუმეტეს ოცდაერთი წევრისაგან.
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს დირექტორი ან საზოგადოების
პასუხისმგებელი აღმასრულებელი პირი. სამეთვალყურეო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს
თავჯდომარეს და მოადგილეს. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა ტარდება კვარტალში ერთხელ მაინც.
9
მას იწვევს და სხდომის დღისწესრიგს განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე. საბჭო
გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება წევრთა სულ მცირე ნახევარი, განმეორებით მოწვევისას კი
25%-ზე მეტი.
სამეთვალყურეო საბჭოს ამოცანებსა და კომპეტენციას წარმოადგენს: სამეთვალყურეო საბჭო
კონტროლს უწევს დირექტორების საქმიანობას; სამეთვალყურეო საბჭოს ნებისმიერ დროს შეუძლია
მოითხოვოს დირექტორებისაგან საზოგადოების საქმიანობის ანგარიში, მეკავშირე საწარმოებთან
ურთიერთობის ჩათვლით; სამეთვალყურეო საბჭოს შეუძლია გააკონტროლოს და შეამოწმოს
საზოგადოების წიგნები, ასევე ქონებრივი ობიექტები, კერძოდ, საზოგადოების სალარო, ფასიანი
ქაღალდებისა და საქონლის მდგომარეობა, მას შეუძლია ეს დაავალოს ცალკეულ წევრებს ან
განსაზღვრულ ექსპერტებს; სამეთვალყურეო საბჭო იწვევს საერთო კრებას, თუ ამას საზოგადოების
აუცილებლობა მოითხოვს; სამეთვალყურეო საბჭო ამოწმებს წლიურ ანგარიშებს, მოგების განაწილების
წინადადებასა და ინფორმაციას მდგომარეობის შესახებ, რის თაობაზეც მოახსენებს საერთო კრებას;
ცნობაში სამეთვალყურეო საბჭომ უნდა მიუთითოს თუ როგორ და რა მოცულობით შეამოწმა
საზოგადოების ხელმძღვანელობა გასული სამეურნეო წლის განმავლობაში, წლიური ანგარიშისა და
საქმიანობის ანგარიშის რა ნაწილი შეამოწმა და გამოიწვია თუ არა ამ შემოწმებებმა საბოლოო შედეგების
არსებითი ცვლილებები; დირექტორების დანიშვნა და ნებისმიერ დროს გამოწვევა, ასევე მათთან
ხელშეკრულების დადება და შეწყვეტა; სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, დირექტორებთან
გარიგებების შესრულებისას წარმოადგინოს საზოგადოება, აგრეთვე, საერთო კრების გადაწყვეტილებით
საზოგადოების სახელით მათ წინააღმდეგ წარმართოს სამართლებრივი დავა. სამეთვალყურეო საბჭოს
შეუძლია თუ საკითხი შეეხება მისი წევრის პასუხისმგებლობას, აქციონერთა საერთო კრების
გადაწყვეტილების გარეშე დირექტორების წინააღმდეგ შეიტანოს სარჩელი სასამართლოში.
მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს შემდეგი საქმიანობა:
საწარმოთა 50%-ზე მეტი წილის შეძენა და გასხვისება; ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია; წლიური
ბიუჯეტისა და გრძელვადიანი ვალდებულებების მიღება; სესხებისა და კრედიტების აღება, რომელიც
აღემატება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილ ოდენობას; სესხებისა და კრედიტების
უზრუნველყოფა, თუ ისინი არ მიეკუთვნება ჩვეულებრივ სამეურნეო საქმიანობას; ამასთან, ამგვარი
უზრუნველყოფა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორების მიმართ დაუშვებელია; ახალი
სახის ეკონომიკური საქმიანობის დაწყება ან არსებული სახის საქმიანობის შეწყვეტა; სამეურნეო
პოლიტიკის ზოგადი პრინციპების დადგენა; სავაჭრო წარმომადგენლების (პროკურისტების) დანიშვნა
და გამოწვევა; გადაწყვეტილების მიღება საზოგადოების აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების
ბირჟაზე სავაჭროდ დაშვების შესახებ; ხელმძღვანელ მუშაკთათვის მოგებასა და მსგავს
ურთიერთობებში მონაწილეობის განსაზღვრა, მათი საპენსიო უზრუნველყოფის პრინციპების დადგენა;
გადაწყვეტილების მიღება იმ საკითხებზე, რომელიც კანონით არ განეკუთვნება საერთო კრებისა და
დირექტორის კომპეტენციას.
საზოგადოების ხელმძღვანელობა და მისი წარმომადგენლობა ევალებათ დირექტორებს, რომელთა
უფლებამოსილებები განისაზღვრება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილი შინაგანაწესით.
დირექტორი ვალდებულია გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული
ამოცანები. იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა რამდენიმე დირექტორი და წესდება სხვა რამეს არ
ითვალისწინებს, დირექტორები ერთობლივად დებენ გარიგებას და ასრულებენ ხელმოწერებს.
ცალკეულ დირექტორს შეიძლება მიენიჭოს ზოგი გარიგების დადების ან განსაზღვრული საქმიანობის
გაძღოლის უფლებამოსილება. წესდება შეიძლება აგრეთვე ითვალისწინებდეს, რომ ერთ რომელიმე
დირექტორს მიენიჭოს საზოგადოების წარმომადგენლობის უფლება.
სააქციო საზოგადოებას რიგი უპირატესობა გააჩნია.
- აქციონერების შეზღუდული პასუხისმგებლობა. აქციონერები საზოგადოების მესაკუთრენი კი
არიან, მაგრამ მათ ქონებრივი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ.
- ფინანსური რესურსების მიზიდვის ფართო შესაძლებლობები. სააქციო საზოგადოებაში
გამოიყენება დაფინანსების უნიკალური ხერხი, რომელიც ითვალისწინებს ფულის მოზიდვას
აქციებისა და ობლიგაციების გაყიდვის გზით. ფასიანი ქარალდების ბაზრის მეშვეობით სააქციო
10
საზოგადოებებს შეუძლიათ საერთო ფონდში გააერთიანონ დიდი რაოდენობის ცალკეულ პირთა
ფინანსური რესურსები. უფრო მეტიც, სააქციო საზოგადოებებს, ბიზნესის ორგანიზაციის სხვა
ფორმებთან შედარებით, უფრო ადვილად მიუწვდებათ ხელი საბანკო კრედიტებზე.
- დიდი მასშტაბებით საქმიანობის შესაძლებლობა. ფულადი სახსრების მიზიდვაში თავის
პრივილეგიათა წყალობით სააქციო საზოგადოება უფრო იოლად ადიდებს ოპერაციათა მოცულობას და
აფართოებს მის მასშტაბებს. სააქციო საზოგადოებას შეუძლია უპირატესობა მოიპოვოს მასობრივი
წარმოების ტექნოლოგიებში.
- სპეციალიზაციის ფართო შესაძლებლობები ადამიანისეული რესურსების გამოყენებაში. მაშინ,
როდესაც ინდივიდუალური მეწარმე იძულებულია თავისი დრო გაანაწილოს წარმოებას,
საბუღალტრო აღრიცხვასა და ბაზარზე მოღვაწეობას შორის, სააქციო საზოგადოებას შეუძლია
მიიზიდოს სპეციალიზებული კადრები ყოველი ამ სფეროდან და დიდ ეფექტს მიაღწიოს.
- საფირმო სახელწოდების შერჩევის თავისუფლება. სააქციო საზოგადოების საფირმო
სახელწოდება შეიძლება შეირჩეს მისი საქმიანობის მიხედვით, ან ეს სახელწოდება შეიძლება იყოს
ფანტაზიის ნაყოფი. მაგარმ ყველა შემთხვევაში უნდა შეიცავდეს აღნიშვნას `სს~.
სააქციო საზოგადოების უპირატესობები დიდია და ჩვეულებრივ ნაკლოვანებებს აჭარბებს. მაგრამ
მაინც უნდა აღინიშნოს ბიზნესის ორგანიზაციის ამ ფორმის ნაკლოვანებები.
- საზოგადოების დაარსებისათვის მნიშვნელოვანი იურიდიული პროცედურების და ხარჯების
არსებობა.
- ანგარიშგების საჯაროობა. სააქციო საზოგადოება ხშირად ვალდებულია გამოაქვეყნოს საბალანსო
მონაცემები, კაპიტალის ცვლილებები და დირექტორატის შემადგენლობაში გადაადგილების შესახებ
ინფორმაცია.
- ორმაგი დაბეგვრა. სააქციო საზოგადოების შემოსავლის ის ნაწილი, რომელსაც დივიდენდის
სახით უხდიან აქციონერებს, გადასახადით ორჯერ იბეგრება პირველად, როგორც საზოგადოების
მოგების ნაწილი და მეორედ, როგორც აქციის მფლობელთა შემოსავლის ნაწილი.
- საკუთრებისა და კონტროლის ფუნქციის გაყოფა. მსხვილ სააქციო საზოგადოებაში, რომლის
აქციები ფართოდაა დაქსაქსული ათასობით მფლობელს შორის, წარმოიშვება მნიშვნელოვანი
დაშორება საკუთრებისა და კონტროლის ფუნქციებს შორის. ამის მიზეზია აქციის ტიპიური
მფლობელის უმოქმედობა. აქციის მფლობელთა დიდი ნაწილი არ იყენებს ხმის მიცემაში
მონაწილეობის უფლებას, ან თუ იყენებს საზოგადოების თანამდებობის პირისადმი რწმუნების
მიცემით. ეს კი იწვევს იმას, რომ უკანასკნელნი შესაძლებლობას ღებულობენ თავად განსაზღვრონ
თავიანთი ბედი. საკუთრებისა და კონტროლის უფლების გაყოფა არ იწვევს არსებით შედეგებს იმ
შემთხვევაში, თუ მართვის ფუნქციის განმახორციელებელი ჯგუფის ინტერესები და ქმედებანი
ემთხვევა აქციონერების სურვილებს. უბედურება ისაა, რომ ამ ორი ჯგუფის ინტერესები ყოველთვის
როდი ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, მმართველებმა, ცდილობენ რა ძლიერებისა და პრესტიჟის
მიღწევას, რომელიც თან ახლავს მსხვილი საწარმოს კონტროლს, შეიძლება უპირატესობა მიანიჭონ
საზოგადოების ოპერაციების არახელსაყრელ გაფართოებას. ინტერესთა დაპირისპირება შეიძლება
ასევე მოხდეს დივიდენდების გადახდის პოლიტიკაში. საქმე ეხება იმას, თუ საზოგადოების მოგების რა
ნაწილი განაწილდება დივიდენდების სახით და რა ნაწილი შეინახება გაუნაწილებელი მოგების სახით.
მსგავსმა წინააღმდეგობებმა კი შესაძლებელია გაართულოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და
შეამციროს სააქციო საზოგადოების ეფექტიანობა.
რაზეა დამოკიდებული საწარმოს გადაწყვეტილება - მიიღებს თუ არა იგი სააქციო საზოგადოების
ფორმას?
სააქციო საზოგადოების, როგორც ბიზნესის ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმის ანალიზიდან
გამომდინარეობს, რომ ამ საქმეში გადამწყვეტი ფაქტორია ბიზნესის მასშტაბები და აქედან გამომდინარე
მოთხოვნა ფინანსურ საშუალებებზე. ფულადი სახსრები, რომელიც საჭიროა საპარიკმახეროს,
ფეხსაცმლის გასაწმენდი პუნქტის ან საჩუქრების პატარა მაღაზიის გახსნისას და მისი საქმიანობისათვის,
იმდენად დიდი როდია, რომ საჭირო იყოს სააქციო საზოგადოების შექმნა. ამის საწინააღმდეგოდ, თუ
საქმე ეხება მოწინავე ტექნოლოგიებს და დიდ ფულად სახსრებს ბიზნესისათვის, მაშინ საჭირბოროტო
11
საკითხი სააქციო საზოგადოების შექმნა ხდება. მაგალითად, გადამამუშავებელი მრეწველობის უმეტეს
ნაწილში - საავტომობილოში, ფოლადჩამომსხმელში და ა.შ. წარმოებაში - ერთობ მნიშვნელოვანია
მოთხოვნა ფინანსურ რესურსებზე ინვესტირებისათვის ძირითად და საბრუნავ ფონდებში. ამ
გარემოებების დროს სხვა არჩევანი არ არსებობს, აუცილებელია სააქციო საზოგადოების ორგანიზება.

7. კოოპერატივი

ისტორიულად პირველი კოოპერატივები XIX საუკუნის პირველ ნახევარში დიდ ბრიტანეთში


წარმოიშვა. მათი აღმოცენების ძირითად მოტივს თვითდახმარება წარმოადგენდა, ე.ი. იყო ბიზნესის
ორგანიზაციის ისეთი ფორმა, რომლის ძირითად მიზანს წევრების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება
წარმოადგენდა. კოოპერატივის დაარსების საბაზო პრინციპი იმაში მდგომარეობდა, რომ საქმიანობის
შედეგები განაწილებულიყო არა უბრალოდ აქციონერთა შორის, რომელთა მონაწილეობა მხოლოდ
შესრულებული ფულადი ან ქონებრივი შენატანით შემოიფარგლებოდა, არამედ მომუშავეებსა და
მყიდველთა შორის, რომლებიც პირადი შრომით ან პროდუქციის შეძენით იღებდნენ მონაწილეობას
კოოპერატივის საქმიანობაში.
კოოპერატივი იმით არის გამორჩეული სხვა ფორმის საწარმოებისაგან, რომ იგი ერთდროულად
შეიძლება განვიხილოთ როგორც ქონებაზე, ისე წევრობაზე დაფუძნებულ საზოგადოებად: ქონებაზე _
რამდენადაც კოოპერატივს გააჩნია საკუთარი კაპიტალი, ხოლო წევრობაზე _ რამდენადაც მისი წევრები
(მეპაიეები) საკუთარი შრომის საფუძველზე უზრუნველყოფენ ერთმანეთის ინტერესების
დაკმაყოფილებას და კოოპერატივის მიზნების მიღწევას. კოოპერატივს არაკომერციული იურიდიული
პირის ნიშნებიც ახასიათებს, თუმცა, მთლიანობაში, ეს ნიშნები მისი კომერციული ბუნების
მაიგნორირებელი მაინც არაა. ის ფაქტი, რომ საქმიანობის უპირატეს მიზანს მოგების მიღება კი არა,
წევრთა სამეურნეო ინტერესების დაკმაყოფილება, ერთმანეთისათვის ხელშეწყობა წარმოადგენს, ისე არ
უნდა გავიგოთ, რომ კოოპერატივისათვის მოგებაზე ზრუნვა უჩვეულოა.
საქართველოს კანონმდებლობით კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული
ან წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლის გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება,
რომლის ამოცანაა წევრთა ინტერესების დაკმაყოფილება და იგი მიმართული არ არის უპირატესად
მოგების მიღებაზე. კოოპერატივი თავისი ვალდებულებების გამო კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს
მთელი თავისი ქონებით ისე, რომ კოოპერატივის წევრები ამ ვალდებულებებზე პასუხს არ აგებენ.
კოოპერატივის საფირმო სახელწოდება შეიძლება შეირჩეს მისი საქმიანობის მიხედვით, ან შეიძლება
იყოს ფანტაზიის ნაყოფი. მაგარმ ყველა შემთხვევაში უნდა შეიცავდეს მითითებას მისი ორგანიზაციულ-
სამართლებრივი ფორმის შესახებ.
კოოპერატივის წევრის შენატანს კაპიტალში პაი ეწოდება. მისი მინიმალური ოდენობა
განისაზღვრება დამფუძნებლების მიერ. პაი განსაზღვრავს კოოპერატივის წევრის უფლება-მოვალეობებს
კოოპერატივის მიმართ. პაი შეიძლება შეტანილ იქნეს ფულადი ან არაფულადი ქონების სახით.
მეპაიეებად შეიძლება მოგვევლინონ ფიზიკური და იურიდიული პირები. კოოპერატივის წევრი
შეიძლება იყოს რამდენიმე პაის მფლობელი. კანონით და წესდებით დადგენილი წესებით ყოველ წევრს
აქვს კოოპერატივიდან გასვლის ან პაის სხვა ნებისმიერი პირისათვის გადაცემის უფლება. კოოპერატივის
წევრის გარდაცვალებისას კი წევრობა გადადის მის მემკვიდრეზე.
კოოპერატივის სახეებია:
ა. ნედლეულის მომპოვებელი კოოპერატივები, რომლებიც ამ ფორმით ნედლეულს
მოპოვებენსაკუთარი წევრებისათვის;
ბ. სასოფლო-სამეურნეო ან სარეწაო პროდუქციის ერთობლივი გასაღების კოოპერატივები:
გ. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი და სხვადასხვა საგნების დამამზადებელი და
ერთობლივი ხარჯებით მათი რეალიზაციის კოოპერატივები (სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო
კოოპერატივები);

12
დ. მასობრივი მოხმარების საქონლის საბითუმო წესით შემძენი და საცალო ვაჭრობით მათი
სარეალიზაციო კოოპერატივები;
ე. სასოფლო-სამეურნეო წარმოების ან სარეწებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური
რესურსების შეძენა-წარმოებისა და მათი ერთობლივი გამოყენების კოოპერატივები;
ვ. სასოფლო-საკრედიტო კოოპერატივები;
თ. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები.
ზ. სამომხმარებლო (მრავალდარგოვანი) კოოპერატივები, რომელთა სამართლებრივი, ეკონომიკური
და სოციალური საფუძვლები რეგულირდება "სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ" კანონით.
კოოპერატივის წევრები თავის უფლებამოსილებას ახორციელებენ საერთო კრებაზე, რომელიც
მოწვეულ უნდა იქნეს წელიწადში ერთხელ მაინც. საერთო კრება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული,
თუ წევრთა მეათედი, მათ მიერ ხელმოწერილ განცხადებაში, კონკრეტული მიზნების მითითებით,
მოითხოვს კრების მოწვევას. საერთო კრება: ამტკიცებს კოოპერატივის წლიურ ბალანსს, იღებს
გადაწყვეტილებას წესდებაში ცვლილებების შეტანის, წლიური მოგების გამოყენების, ან დანაკლისის
დაფარვის თაობაზე, აგრეთვე გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცების შესახებ.
საერთო კრებაზე კოოპერატივის ყოველ წევრს აქვს თითო ხმა. კოოპერატივის წევრს შეიძლება მიეცეს
რამდენიმე ხმის უფლება, თუ აღნიშნული გათვალისწინებული იქნება წესდებაში.
კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭო შედგება არანაკლებ 3 და არა უმეტეს 15 წევრისაგან.
სამეთვალყურეო საბჭოს არჩევა ხდება კოოპერატივის საერთო კრების მიერ დამსწრეთა ხმების უბრალო
უმრავლესობით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს უფლება არა აქვთ იმადროულად იყვნენ გამგეობის
წევრები, მათი მოადგილეები ან სხვაგვარად წარმართონ კოოპერატივის საქმეები. კოოპერატივის
სამეთვალყურეო საბჭო კონტროლს უწევს გამგეობას მართვის ყველა დარგში და ამ მიზნით: იღებს
ინფორმაციას კოოპერატივის საქმეების მიმდინარეობის შესახებ; შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს
გამგეობისაგან ანგარიში და უშუალოდ ან მის მიერ განსაზღვრული პირების მეშვეობით შეამოწმოს
საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები, აგრეთვე ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის მდგომარეობა;
შეუძლია წარმოადგინოს კოოპერატივი გამგეობასთან ერთად მესამე პირთან ხელშეკრულების
დადებისას; შეუძლია წარმართოს პროცესები კოოპერატივის წევრების წინააღმდეგ, თუ ამას დაადგენს
საერთო კრება; შეუძლია მოიწვიოს კოოპერატივის წევრთა საერთო კრება.
კოოპერატივის მიმდინარე საქმიანობას უძღვება გამგეობა. მის წევრებს შეადგენენ დირექტორები,
რომელთა რაოდენობა ორზე ნაკლები არ უნდა იყოს. დირექტორებს ირჩევენ 4 წლის ვადით (თუ
წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს).
კოოპერატივის უპირატესობებია:
- ადამიანთა ცალკეული ჯგუფების კაპიტალის და გამოცდილების გაერთიანების შესაძლებლობა;
- წევრების აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობა;
- გადაწყვეტილებების მიღების დემოკრატიული მექანიზმი;
- შეზღუდული პასუხისმგებლობა;
- საფირმო სახელწოდების შერჩევის თავისუფლება.
უარყოფითი მხარეებია:
- იმის გამო, რომ კოოპერატივი არ არის ორიენტირებული უპირატესად მოგების მიღებაზე, მას
ინვესტიციების მოზიდვისა და სწრაფი გაფართოებისათვის ნაკლები შესაძლებლობები ეძლევა;
- გადაწყვეტილების მიღების დემოკრატიულმა გზებმა შეიძლება გამოიწვიოს ხანგძლივი
დისკუსიები და შეაფერხოს მართვის ოპერატიულობა.

დავალება
1) დავუშვათ, თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც ყოველთვის ოცნებობდა საკუთარ ბიზნესზე, მაგრამ არასდროს
ჰქონია ფული ამისთვის. მას შემდეგ, რაც რეცეპტის წაკითხვა შეძელით, დედა სამზარეულოში დახმარების
უფლებას გრთავდათ. თქვენ ყველაზე მეტად ტორტების გამოცხობა და გაფორმება გიყვარდათ, მოგწონდათ
განსაკუთრებული შემთხვევებისათვის ტორტების მოსართავად ფანტაზიის გამოყენება. უმაღლეს
სასწავლებელში რომ ჩააბარეთ, უკვე აცხობდით და ყიდდით საქორწინო ტორტებს. ამასთან, დავუშვათ,

13
რომ უმაღლესის დამთვრების შემდეგ მუშაობა დაიწყეთ შემფასებლად სადაზღვევო კომპანიაში სრულ
განაკვეთზე. თქვენი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, ახლა ცოტა დრო გრჩებათ ტორტების
გამოსაცხობად და გასაფორმებლად. და ბოლოს, დავუშვათ, რომ მემკვიდრეობით მიიღეთ 250, 000 აშშ
დოლარი და რომ სამსახურში მიმდინარე ცვლილებებმა თქვენს ცხოვრებაში სტრესი შემოიტანა. რას
გააკეთებდით? განიხილეთ შემდეგი საკითხები:
ა. რა კარიერული არჩევანია თქვენთვის ხელმისაწვდომი?
ბ. თუ თქვენ გადაწყვეტთ საკუთარი ბიზნესის დაწყებას, ბიზნესის ორგანიზების რომელი ფორმა იქნება
თქვენთვის საუკეთესო?
გ. რა უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია თქვენ მიერ არჩეული ბიზნესის ორგანიზაციულ ფორმას?
მოამზადეთ ორგვერდიანი ანგარიში, რომელშიც მოკლედ იქნება აღწერილი თქვენი დასკვნები.

2) წინა სავარჯიშოში აღწერილი სცენარის გათვალისწინებით, დავუშვათ, გადაწყვიტეთ, თავი დაანებოთ


სამსახურს სადაზღვევო კომპანიაში და გახსნათ საცხობი. ახლა თქვენი ბიზნესი იზრდებაა და თქვენ
გადაწყვიტეთ დაამატოთ ქეითერინგის (ფურშეტის) სრული მომსახურების ხაზი. ეს კი მეტ სამუშაოს და
პასუხისმგებლობას ნიშნავს. დაგჭირდებათ ვინმე, ვინც დაგეხმარებათ, მაგრამ ჯერ ვერ გადაგიწყვეტიათ
რა გააკეთოთ – თანამშრომელი უნდა დაიქირავოთ თუ პარტნიორი იპოვოთ? თუ თქვენ პარტნიორის
ყოლას გადაწყვეტთ, რა სახის გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო პარტნიორობის ხელშეკრულების
ჩამოსაყალიბებლად? განიხილეთ შემდეგი კითხვები 5 სტუდენტისაგან შემდგარ ჯგუფებში:
ა. რა არის პარტნიორის ყოლის უპირატესობები და ნაკლოვანებები თანამშრომლის დაქირავებასთან
შედარებით?
ბ. დავუშვათ, გადაწყვიტეთ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ჩამოყალიბება. რა
პუნქტები უნდა გათვალისწინოთ მისი რეგისტრაციისას?
გ. როგორ მოძებნიდით პარტნიორს?
შეაჯერეთ თქვენი ჯგუფის პასუხები ამ კითხვებზე და წარუდგინეთ ისინი აუდიტორიას.

3) ბევრი ადამიანი მთელ ცხოვრებას ატარებს ისეთ სამსახურში, რომლებიც მათ არ მოსწონთ. რატომ ხდება
ასე? ხშირად ეს ასე ხდება იმიტომ, რომ ისინი დათანხმდნენ პირველივე შემოთავაზებულ სამსახურს ისე,
რომ ამაზე ბევრი არ უფიქრიათ. როგორ შეიძლება თავიდან აიცილოთ მსგავსი შემთხვევა? პირველი,
თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეების, სასურველი და არასასურველი საქმიანობის იდენტიფიცირებისა და
ანალიზის საშუალებით, უნდა განსაზღვროთ თქვენი „პერსონალური პროფილი“. მეორე, უნდა
დაადგინოთ, რა სახის სამსახური შეესაბამება თქვენს პროფილს. მესამე, უნდა გამოიკვლიოთ და
დაადგინოთ, თუ რომელი კომპანიები სთავაზობენ მსგავს სამსახურებს.
დავალება
ა. აიღეთ ორი ფურცელი და ჩამოუსვით ხაზი შუაში ორივე მათგანზე – თითოეულ გვერდზე მიიღებთ ორ
სვეტს. პირველი სვეტის სათაურად დაწერეთ „რის გაკეთება მსიამოვნებს ან მომწონს“, ხოლო მეორე
სვეტის სათაურად – რისი გაკეთება არ მსიამოვნებს, მესამე სვეტის – ჩემი ძლიერი მხარეები, ხოლო
მეოთხის – ჩემი სუსტი მხარეები.
ბ. გააკეთეთ სვეტებში ჩანაწერები სულ მცირე ერთი კვირის მანძილზე. შესაძლოა, დაგეხმაროთ მეგობრის
ან ნათესავის მოსაზრებები.
გ. შეაჯამეთ მონაცემები და დაწერეთ თქვენი პროფილი.
ე. გამოიკვლიეთ ის კომპანიები, რომელთა მიერ შემოთავაზებული სამუშაო თქვენს პროფილს შეესაბამება.
ვ. დაწერეთ მოხსენება თქვენი დასკვნების შესახებ.

14

You might also like