You are on page 1of 4

რწმენის ტრაგედია ილია

ჭავჭავაძის ,,განდეგილის“მიხედვით

რწმენა კაცობრიობის ისტორიაში


უმნიშვნელოვანესია.ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი
ადამიანი თვითონ ქმნიდა მითებს ამა თუ იმ
მოვლენაზე,ყველაფერს ღმერთად სახავდა.ადამიანს ეს
რწმენა აცოცხლებდა.ქართულ წარმართულ პანთონშიც
არაერთი ღმერთია.ეს იყო სამყაროსი და თავის
შეცნობის გზა.
ქრისტიანული რწმენის გავრცელებისთანავე იგი
ქართველთა ცნობიერებას შეერწყა.რწმენა ქვიტკირივით
ადუღაბებდა ქართულ სახელმწიფოს.ილია
ჭავჭავაძემ,რომელიც სანთლით დაეძებდა ყოველ
მამულიშვილში სამშობლოს ცეცხლის ნაპერწკალს,ეს
საკითხი წინა პლანზე წამოსწია პოემა,,განდეგილში“.
ილიას განდეგილი ის ბერია,რომელსაც ისევე უნდა
ეწინამძღვრა ,,მამულისა ჩუელებისაებრ
სვლისთვის“,როგორც გრიგოლ
ხანძთელს,რომელმაც ,როგორც ვიცით,დაიწყო ის
უდიდესი საქმე,დავით აღმაშენებელმა რომ
განასრულა.ამიტომაც დასვა საკითხი ილიამ ასე:ხსნის
გზა მხოლოდ ეკლესიაშია?-რადგანაც მან დაგვიხატა რა
განდეგილი,უფალთან მიახლოვებული,ოღონდ,ჯერ
კიდევ გამოსაცდელი.როგორც ბრძმედში გამოიცდებაო
რკინა,ასევე უნდა გამობრძმედილიყო ილიას ბერიც,რომ
მერე წასძღოლოდა ,,წინა ერსა“.ქვეყნის სულიერ მამასა
და ,,საქართველოს თანმდევ სულს“ხომ ადამიანი
მხოლოდ სამშობლოს კუთვნილებად მიაჩნდა.ერსაც და
ბერსაც მაგალითი უნდა მიეცა ყველასთვის.ილიას
განდეგილს ,რომელიც სხივზე დაყრდნობით ამოწმებდა
თავის მოწოდებას,უფლის რწმენას,ეს არ ძალუძდა.იგი
იყო ნაკლებმორწმუნე.ბიბლიაში ვკითხულობთ,რომ
მცირედმორწმუნე ერი ეძიებს სასწაულს ,რომელსაც ის
არ მიეცემა.თავიდანვე ბერის რწმენა არ იყო
სრულყოფილი.ყოველ დღე ამოწმებდა მის ხარისხს
ლოცვანის სხივზე დაყრდნობით.ქალი მას
ისევე,როგორც იუაკიო მიშიმას მოთხრობაში ,,საგას
ტაძრის წმინდა ბერის სიყვარული“მაცდურად
ევლინება,რაც პირველქმნილ ცოდვას
შეგვახსენებს.პარალელების ჩამოთვლა მრავლად
შეიძლება:ლევ ტოლსტოის ,,მამა სერგი“;გუსტავ
ფლობერის ,,წმინდა ანტონის ცდუნება“;ანატოლ
ფრანსის ,,სილვესტერ ბონარის ცდუნება“ და სხვ.
გამოთქმულია მოსაზრება ,რომ ქალის სახით
შეიძლებოდა ბერს ანგელოზი გამოსცხადებოდა.ქალი
სხვადასხვა კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ,თუნდაც
მწყემსობა,რომელიც მდედრის პროფესია როდია.იგი
მოხსენიებულია ,,მამის ურჩად“,რაც ბიბლიური ,,უძღები
შვილის იგავიდან“უნდა მომდინარეობდეს.მის სახეში
ამქვეყნიურობა ეტმასნება ბერს.თვალწარმტაცი და
წუნდაუდებელია მისი სილამაზე.გოლეულივით ტკბილი
ენით საუბრობს,აკი ,,გველსა ხვრელით
ამოიყვანსო“,აღუწერს რა ლამაზია
სამყარო,ეკითხება:ვინც ქვეყნადაა,ყველა წარწყმდება?-
პირველი ბზარი სწორედ აქ უჩნდება ბერის
რწმენას.პირველივე განსაცდელი მას დაუმსხვრევს
წლობით ნაგებ ციხესიმაგრეს:
,,გზა ყველგან არის,ხოლო გზა ხსნისა
ასეთი მერგო მე.. უბედურსა...“,-საშინელება
წამოაცდევინა ქალმა მეუდაბნოეს.აქ დაიმსხვრა მისი
ოცნება უფალთან მიახლებისა,აქ შეერყა
რწმენა.რწმენაშესუსტებული ადამიანი კი ცდუნებას ვერ
გაუმკლავდება.მის ქვეცნობიერში იდო ეს შიში და ხშირ
შემთხვევაში ქვეცნობიერი გვიქმნის რეალობას შემდგომ
.ზოგი ამას ბედს ან ,,კარმას“უწოდებს,თუმცა,ეს მხოლოდ
ჩვენივე ფიქრის შედეგია.ამიტომაც ვერ გაუძლო
ცდუნებას განდეგილმა,როგორც მოსალოდნელი
იყო,რადგან ის ვნებებზე ამაღლებული როდი გახლდათ,
სულიერ ჭიდილში პირველივე ცდაზე ჩაიძირა და დაეცა
იგი სულიერად.რა გასაკვირია,რომ როდესაც ლოცვანი
სხივმა ვერ დაიჭირა(ისევ სასწაულს ეძებს რწმენაში
ფაიფურის ჭურჭელივით დამსხვრეული ბერი,რაც
ჩემთვის გამაოგნებელია),მან სული
განუტევა.წარმოუდგენელია,რომ ეს გრიგოლ ხანძთელს
დაჰმართოდა!აქ გურამიშვილის სიტყვები
მახსენდება:,,ვინცა ქმნა თიხა ჭურჭელად,რას უძღვნის
საფასადაო,ვით რემა ხნაცვს არ ჩავარდეს ულაგმო და
უსადაო?’ასე ხნაცვს ჩავარდნილი რწმენა აღმოცენდდა
მის გულში,რომელიც განწირული იყო დასაღუპად.
ილია ჭავჭავაძის მიერ ,,განდეგილში“დასმული რწმენის
ტრაგედიის საკითხი აქტუალური არასდროს ისე არ
ყოფილა,როგორც დღეს.ვხედავთ,როგორ კარგავს
ეკლესია მრევლს,რადგან მოძღვარი უნდა იყოს
მისაბაძი.მცირედმორწმუნე ბერი ერს ვერ წარუძღვება.
ამრიგად,რწმენა განმსაზღვრელია ადამიანის
ცხოვრებისა.ამდენად,არ შეიძლება ნახევრად ვაკეთოთ
რამე და არა მთელი გულით.რწმენის ტრაგედიას
საკუთარ გრძნობებში გაურკვევლობა იწვევს,სულიერ
ჭიდილში რამდენად ხარ თავისუფალი და ამაღლებული
ამქვეყნიურობაზე,თუ ყოფიერება გმართავს და
მიგაჭენებს უფსკრულისაკენ.თავისუფლებაც ხომ თავის
ფლობაა,რაც განმარტოვებულ მეუდაბნოეს მხოლოდ
იქამდე შეძლო,ვიდრე საცდური არ ეწვია.ის მყარი რომ
ყოფილიყო თავის თავში,ასეთ მარცხს არ
განიცდიდა.საუბედუროდ,ასეთია რწმენაშერყეული
ადამიანის ბედი,განწირულია იგი დასაღუპად.

You might also like