You are on page 1of 2

1

რეფლექსია #3

რთული სათქმელია, მეცნიერული, ან ცხოვრების შესახებ ცოდნის მიღების ამ სამი


გზიდან (ემპირიზმი, რაციონალიზმი და პოზიტივიზმი), რომელია საუკეთესო
მიდგომა და რომელი უზრუნველყოფს ჭეშმარიტების შემეცნებას. არა მხოლოდ
რთული, არამედ შეუძლებელიც კია ამის თქმა, რადგან სამივეს აქვს უნიკალურად
ძლიერი და, ამავდროს, საკმაოდ სუსტი მხარეები. ემპირიზმი საუკეთესო მიდგომაა
დაკვირვებადი, ფიზიკური გარემოს შესახებ ცოდნის მისაღებად, ჰიპოთეზების
შესამოწმებლად და პროგნოზებისთვის, მაგრამ რადგან ის მხოლოდ ჩვენი
შეგრძნებებით შემოიფარგლება, ვერაფერს მოუხერხებს ჩვენსავე სუბიექტურობას,
სტერეოტიპებს, ან ისეთ მოვლენებს, რომელსაც უბრალოდ ვერ დავაკვირდებით და
ვერ შევიძენთ გამოცდილებაში. სწორედ აქ ავსებს მას რაციონალიზმი,
რომლისთვისაც ჩვეულებრივი ამბავია აბსტრაქტული ცნებების და იდეების შესახებ
ცოდნის გენერირება, თუნდაც მათ შესახებ გამოცდილების არსებობის გარეშე;
მთავარია, ვიცოდეთ ცოდნის მიზეზი. მაგრამ გაურკვეველი რჩება ლოგიკურ
მსჯელობაში დაშვებული შეცდომების, ყალბი იდეების და ილუზიების ბედი და
გავლენები. კონტი კიდევ უფრო შორს წავიდა იუმის და დეკარტეს შემდეგ და
მეცნიერების შესახებ პოზიტივისტურ მოძღვრებაში თქვა, რომ არანაირი
გამოცდილება და გამოუცდელობა, ჭეშმარიტი ცოდნა მხოლოდ მეცნიერული
მეთოდით უნდა მიიღებოდეს (ექსპერიმენტი, დაკვირვება) და რაც ასე არ მიიღება,
მეტაფიზიკაა და სხვა არაფერიო. ერთი შეხედვით ხომ ძალიან რადიკალური, მაგრამ
კარგად დასაბუთებული მოსაზრებაა, რომელიც დღემდე ბატონობს მეცნიერულ
ფილოსოფიაში, მათ შორის, ფსიქოლოგიაში და ვფიქრობ, სწორედ ეს არის, რამაც
თანამედროვე ფსიქოლოგიას დააკარგვინა ადამიანი, გახადა ის სტატისტიკურ
დადასტურებაზე, განზოგადებასა და ექსპერიმენტზე ფოკუსირებული დისციპლინა.
თუმცა უახლესი მიდგომები მაინც უფრო ჰოლისტურია და აბრუნებს ადამიანს,
როგორც ცალკეულს, ფსიქოლოგიის ცენტრში, ხოლო ყველა მეთოდიდან იღებს
საუკეთესოს და ავსებს ერთმანეთით.

ვ. კორძაია
2

შეკითხვები:

1. თუ პოზიტივიზმი მხოლოდ მეცნიერულ მეთოდებს, დაკვირვებას და


ექსპერიმენტს აღიარებს ცოდნის მიღების ერთადერთ გზად, როგორ არის
შესაძლებელი პოზიტივისტური ხედვით ისეთ კომპლექსური სოციალური
ფენომენების შესწავლა, როგორიცაა, მაგალითად, რასიზმი და სექსიზმი?
2. ცოდნის მიღების რომელ მიმართულებას უფრო მიეკუთვნება დ. უზნაძე, თუ ის
ამბობს, რომ ადმიანის გონება არ არის შთაბეჭდილებების პასიური მიმღები,
არამედ აღქმადი სამყაროს აქტიური კონსტრუქტორი?

ვ. კორძაია

You might also like