You are on page 1of 9

თემა #5.

(ლექცია 1 სთ, პრაქტიკული 2 სთ)


ლექცია:
 სწავლების ფორმები - დამოუკიდებელი, კონკურენტული და
თანამშრომლობითი სწავლება.
 თანამშრომლობითი სწავლების მეთოდები - გონებრივი იერიში, დისკუსია,
როლური თამაში.
 თითოეული მეთოდი მოსწავლეებში რა უნარების გასავითარებლად
გამოიყენება, მათი დადებით და უარყოფით მხარეები. როგორ ავიცილოთ
ხიფათები, რომლებსაც შეიძლება წავაწყდეთ მათი გამოყენებისას.
გაკვეთილების განხილვა. გეგმების შეფასება. ანალიზი.
აქტივობა პრაქტიკულ მეცადინეობაზე
დისკუსია/დებატები
აქტივობების განხილვა და მეთოდების გამოყენებით გაკვეთილის დაგეგმვა -
დისკუსია ახსნილი მასალის ირგვლივ

სწავლების ფორმები - დამოუკიდებელი, კონკურენტული და


თანამშრომლობითი სწავლება.

მოსწავლეები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავიანთი შესაძლებლობებით,


ბიოგრაფიით, მზაობით, გახსნილობით, სწავლისა და აღქმის ტემპით, სწავლის
სტილით. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ აუცილებლობას წარმოადგენს
სასწავლო პრაქტიკის მრავალფეროვნება, განსხვავებული ხერხების, მეთოდების,
საშუალებების დანერგვა. აუცილებელია თითოეული მოსწავლის ჩართვა
მრავალფეროვან აქტივობებში და ეს მრავალფეროვნება მათ პედაგოგმა უნდა
შესთავაზოს. შესაძლოა ზოგი მოსწავლისთვის დამოუკიდებელი სწავლება იყოს
ყველაზე ნაყოფიერი, ზოგს თანამშრომლობით სწავლა უფრო ეადვილებოდეს,
სხვისთვის კი კონკურენციის პირობები იყოს უფრო ეფექტიანი. აქედან
გამომდინარე, ყველა მოსწავლესთან სწავლების სამივე სახის გამოყენებისას,
მოსწავლეებს შეიძლება გაუჭირდეთ გარკვეული სიძნელეების დაძლევა, მაგრამ
დროთა განმავლობაში უნარ-ჩვევები ვითარდება, მათ მეტი შესაძლებლობები
გამოუმუშავდებათ და ცოდნის მიღების პროცესიც ბევრად უფრო მრავალფეროვანი
გახდება.
მოსწავლე ყველაზე უკეთ მაშინ სწავლობს, როდესაც იგი აქტიური და ქმედითია,
და არა მაშინ, როდესაც მხოლოდ აქტიურ და ქმედით მასწავლებელს უყურებს . ამ
თვალსაზრისით, სალექციო ტიპის გაკვეთილები და მასწავლებლის მიერ ახალი
მასალის მოყოლით ახსნა ნაკლებად სასურველია.

დამოუკიდებელი, კონკურენტული და თანამშრომლობითი სწავლების გზით


მოსწავლეთა ინტერაქციის ორგანიზება, მათი მიზანმიმართული ვარირებით
სასწავლო პროცესის დაგეგმვა განაპირობებს მოტივაციის ამაღლებას, ცოდნის
ათვისების ეფექტიანობას და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას. ამასთან
ერთად, სასწავლო პროცესის დაგეგმვაც უფრო მრავალფეროვნად, სახალისოდ,
საინტერესოდ და მრავლისმომცველად შეიძლება.

დამოუკიდებელი სწავლება
მასწავლებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად თითოეული მოსწავლე
დამოუკიდებლად მუშაობს, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთი მოსწავლის მიღწევა
სრულებით არ არის დამოკიდებული სხვა მოსწავლეების წარმატება-
წარუმატებლობაზე. მოსწავლეები კონკრენტული მიზნის მიღწევის პროცესში არ
თანამშრომლობენ. ამ დროს ერთი მოსწავლის მიზანი არ არის დაკავშირებული
თანაკლასელის მიზანთან, სამუშაოს შემსრულებელი პასუხისმგებელია მხოლოდ
საკუთარ თავთან და პედაგოგთან.

კონკურენტული სწავლება
აქ მოსწავლე აცნობიერებს, რომ მასწავლებლის მიერ დასახულ მიზანს იგი
წარმატებით მიაღწევს და გაიმარჯვებს მხოლოდდამხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი
იგი სხვა მოსწავლეებზე უკეთ შეძლებს ამოცანის გადაჭრას და თუ სხვა
მოსწავლეები მასთან კონკურენციაში დამარცხდებიან, რაც ნიშნავს, რომ
თითოეული მოსწავლე დაინტერესებულია სხვა მოსწავლეზე უკეთ შეასრულოს
დავალება. ასეთი მუშაობისას ერთის წარმატება მეორეს წარუმატებლობაშია, მისი
წარმატების საფუძველი სამუშაოს სხვაზე უკეთესად და მასზე სწრაფად
შესრულებაა, მას არ ადარდებს თანაკლასელის ინტერესები და
კონცენტრირებულია მხოლოდ საკუთარ თავზე.

თანამშრომლობითი სწავლება
თანამშრომლობითი სწავლების შემთხვევაში თითოეული მოსწავლე აცნობიერებს,
რომ მასწავლებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა
თანაკლასელებთან თანამშრომლობაა. ერთის გამარჯვება ნიშნავს ყველას
გამარჯვებას, რაც გულისხმობს გუნდური პასუხისმგებლობის გრძნობის
გამძაფრებას და, ამავდროულად, ხელს უწყობს ნაკლებად სტრესული, უფრო
ჯანსაღი, თანამშრომლობაზე ორიენტირებული სასწავლო ატმოსფეროს
ჩამოყალიბებას. აქ მოსწავლე აღწევს დასახულ მიზანს მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუკი მისი თანაგუნდელიც მასავით წარმატებულია, რადგანაც გუნდის/ჯგუფის
წარმატება მისი თითოეული წევრის წარმატებას გულისხმობს. ჯგუფის წევრები
არამხოლოდ უშუალოდ უკავშირდებიან ერთმანეთს, არამედ დამოკიდებულნიც
არიან ერთმანეთზე.

დამოუკიდებელი, კონკურენტული და თანამშრომლობითი სწავლების დანერგვა


ხელს შეუწყობს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურ
გამოვლენას. მათი სისტემური და მიზანმიმართული გამოყენება მასწავლებელს
სასურველი შედეგის მიღწევაში დაეხმარება.

თანამშრომლობითი სწავლების მეთოდები - გონებრივი იერიში, დისკუსია,


როლური თამაში.

გონებრივი იერიში

გონებრივი იერიში არის ახალი იდეების ძიების ერთ-ერთი მოხერხებული მეთოდი.


ის, მოსწავლის შემოქმედებითი უნარების სტიმულირების გზით ქმნის პრობლემის ან
კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტის საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი
პირველად არასაგანმანათლებლო სივრცეში გამოიკვეთა, იგი აქტიურად გამოიყენება
სწავლა-სწავლების პროცესში. გონებრივი იერიშის დროს მოსწავლეები თამამად,
წინაპირობების გარეშე გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს, რომელთა თავმოყრა
ყოველგვარი კრიტიკის გარეშე ხდება. ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია
მოსწავლეთა აქტიურობის ამაღლება და მაქსიმალური ჩართულობის მიღწევა. ამასთან ეს
არის გარკვეული ვარჯიში საკუთარი აზრის მოკლედ და სწრაფად ფორმულირებაში.
მეთოდი ხელს უწყობს მოსწავლეთა შესაძლებლობების ჯგუფებში გაერთიანებას,
შეკრებილი იდეების ერთობლივ განსჯასა და განვითარებას.

გონებრივი იერიში წარმოადგენს კრიტიკული აზროვნების ერთ-ერთ მეთოდს,


რომელიც მიმართულია მოსწავლეთა კოგნიტური და შემოქმედებითი
გააქტიურებისკენ. ის მოხერხებულია სკოლის ნებისმიერ საფეხურზე
გამოყენებისთვის, რადგან შეგვიძლია, ასაკობრივი შესაძლებლობების
გათვალისწინებით დავგეგმოთ გონებრივი იერიშის ამოცანა და კითხვები, და
კრიტიკული აზროვნების გამჭოლ კომპეტენციის განვითარებაზე ნაბიჯ-ნაბიჯ
ვიზრუნოთ.
სამზადისი

თავდაპირველად უნდა განვსაზღვროთ გაკვეთილის თემა და მიზანი,


დავაკონკრეტოთ სასწავლო ამოცანები. შემდეგ იგეგმება თავად აქტივობა,
თითოეული ეტაპისათვის გათვალისწინებული დრო. მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ
კითხვები გონებრივი იერიშის წარმართვისთვის და ასევე, დავამუშაოთ
კრიტერიუმები საუკეთესო წინადადებების შესაფასებლად და შესარჩევად.

წარმართვის წესები

გაკვეთილზე სამუშაო პროცესის ორგანიზების ერთი ვარიანტი შეიძლება კლასის 2


ჯგუფად გაყოფა იყოს. ერთი ჯგუფი აყალიბებს იდეებსა და ვარაუდებს, ანუ ქმნის
იდეების ბანკს. მეორე ჯგუფი ახდენს ამ იდეების ანალიზს, ავსებს და ავითარებს
შერჩეულ იდეებს. შესაბამისად, ჯგუფები თანმიმდევრულად მუშაობენ.

შესაძლოა მივმართოთ გონებრივი იერიშის ორგანიზების სხვა ფორმას, როცა მთელი


კლასი ჯერ იდეების გენერირებაშია ჩართული და შემდეგ მათ განხილვაშიც ყველა
მონაწილეობს.

არსებობს ოდნავ განსხვავებული პრაქტიკაც, როცა მოსწავლეები ბარათებზე


აფიქსირებენ თავიანთ იდეებს და მერე ხდება განხილვა, ან ეს ბარათები მოძრაობს
ჯგუფებში და ხდება მათი ანალიზი, შევსება;

გონებრივი იერიშის წარმართვის ეტაპები

გონებრივი იერიშის ნებისმიერი ფორმა ანალოგიურ ეტაპებს მოიცავს.

იდეების ბანკის შექმნა, რასაც დაახლოებით 10 წუთი დაეთმობა. ამ ეტაპზე ხდება


შესაძლო გადაწყვეტილებების მოკრება. რაც მეტი და მრავალფეროვანი იქნება ეს
ჩამონათვალი, მით უკეთესი. მთავარია, მოსწავლეები გახსნილად გამოთქვამდნენ
თავიანთ იდეებს, თუნდაც ისინი არარეალისტურად გამოიყურებოდეს. ამ ეტაპზე
კრიტიკა და კომენტარები დაუშვებელია. ყველა წინადადების დატანა ხდება დაფაზე
თუ ფლიპჩარტზე. მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ თითოეულ მათგანს
შეუძლია წვლილის შეტანა იდეების ბანკში.

იდეების ანალიზი. ამ ეტაპს გაკვეთილის დიდი ნაწილი დაეთმობა. ხდება ყველა


მოსაზრების ერთობლივი განხილვა, ანალიზი, კრიტიკა. სასურველია, ყველას
წინადადებაში ვიპოვოთ რაიმე მნიშვნელოვანი, განვიხილოთ მისი გამოყენების
შესაძლებლობა განსხვავებულ სიტუაციაში. შესაძლებელია ამისათვის საჭირო
გახდეს მისი კორექტირება, სრულყოფა.

შემდეგი შედეგების დამუშავებაა. ეს ეტაპი შეიძლება სხვა გაკვეთილზეც


წარიმართოს. ყველა წინადადებიდან და იდეიდან ხდება ყველაზე საინტერესოს და
პრაქტიკულის შერჩევა და ჩვენი თავდაპირველი პრობლემისა თუ ამოცანის
გადასაწყვეტად გამთლიანება.

რეკომენდაციები

გონებრივი იერიშის გამოყენებისთვის აუცილებელია შეირჩეს თემა და ამოცანები,


რომელიც დააინტერესებს მოსწავლეებს და განავითარებს მათ კვლევით
პოტენციალს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პრობლემას, ამოცანას ჰქონდეს
გადაჭრის მრავალგვარი შესაძლებლობა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დაწყებით საფეხურზე ამ მეთოდის გამოყენების


დროს ბავშვები ხშირად ერთმანეთის იდეებს სხვადასხვა ფორმულირებით
იმეორებენ. საჭიროა ეს თავიდან ავირიდოთ და პროცესი სწორ კალაპოტში
მოვაქციოთ, მივუთითოთ მათ, რომ რაიმე განსხვავებული შემოგვთავაზონ.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეები პასიურობენ, შეიძლება პირადად ჩავეკითხოთ,


სასურველია, უფრო აქტიური მოსწავლის შერჩევა.

გონებრივი იერიშის მეთოდის წარუმატებლობის მიზეზი შეიძლება იყოს უინტერესო


თემა, როცა ის ბავშვებს არ აღუძრავს ინტერესს და ან ის, რომ მათ არ აქვთ იდეების
თავისუფლად გამოთქმის გამოცდილება. ამ მეთოდთან გაშინაურების შემდეგ ის
მოსწავლეების ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა ხდება.

ძლიერი და სუსტი მხარეები

გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებას თავისი უპირატესობები აქვს. ის ხელს


უწყობს:

 შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას;


 კომუნიკაციის უნარების განვითარებას. მოსწავლეები არამარტო თავიანთი
მოსაზრებების ზუსტად და მკაფიოდ გამოთქმას სწავლობენ, არამედ
სწავლობენ თანაკლასელთა მოსმენას, არ აწყვეტინებენ მათ აზრს და
ცდილობენ მაქსიმალურად ჩაწვდნენ მათი იდეების არსს.
 ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარების გაძლიერებას;
 პოზიტიური, ადეკვატური კრიტიკის მიმღებლობას;

კიდევ ერთ დადებით მხარეს წარმოადგენს ის, რომ არ დგას მოსწავლეთა წინასწარ
მომზადების საჭიროება.

მეთოდის სუსტ მხარედ მიჩნეულია ის, რომ მისი გამოყენება არ არის


მიზანშეწონილი რთულ სადისკუსიო საკითხებზე მსჯელობისას. პროცესის მართვა
საკმაოდ რთულია და წესების ცოდნასა და დაცვას მოითხოვს.

გამოყენების საზღვრები

ეს მეთოდი შესაძლებელია გამოვიყენოთ ნებისმიერ სფეროში. გაკვეთილზე მისი


გამოყენება ნებისმიერ ფაზაზე შეიძლება. ასევე არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა, არა
თუ სკოლის ყველა საფეხურზე, არამედ საბავშვო ბაღსა და უმაღლესშიც წარმატებით
გამოიყენება. მასწავლებელს შეუძლია შეარჩიოს ნებისმიერი თემა, როგორც
კონკრეტული საგნის ფარგლებში, ასევე არასაკლასო პროგრამიდან.

გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენება შესაძლებლობას იძლევა, რომ


მოსწავლეებთან მოვახდინოთ იმის დემონსტრირება, რომ ერთსა და იმავე ამოცანას
შეიძლება გადაწყვეტის რამდენიმე გზა მოვუძებნოთ და თითოეული მათგანი იყოს
სწორი და შედეგიანი. უბრალოდ ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ
მოცემულობაზე. ეს მეთოდები ხელს უწყობს სტერეოტიპების მსხვრევას, სრულიად
ახალი, თამამი იდეების გენერირებას; ყველას თანაბრად ეძლევა ჩართულობისა და
გამოხატვის შესაძლებლობა.

დისკუსია

დისკუსია ინტერაქტიული სწავლების ერთ–ერთი ყველაზე გავცელებული მეთოდია.

1. საკლასო დისკუსიიის გამოყენება ზრდის მოსწავლეთ ჩართულობას სასწავლო


პროცესში , ხელს უწყობს მათი სოციალური და ინტერპერსონალური უნარების
განვითარებას

2. საკლასო დისკუსია შეიძლება მოეწყოს მასწავლებელსა და კლასს ან თავად


მოსწავლეთა ჯგუფებს შორის.

3. საკლასო დისკუსიის მოწყობა ემსახურება რამდენიმე მიზანს ერთდროულად:

 მოსწავლეთა გააქტიურებას;
 მოსწავლეთა გააქტიურებას;

 მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას

 სასწავლო მასალის ათვისების ხელისშეწყობას;

 მოსწავლეთა კომუნიკაციის უნარის განვითარებას

4. დისკუსია შეიძლება ეფუძნებოდეს როგორც განვლილ, ისე ახალ მასალას.

5. სასურველია, თუ გამოვიყენებთ პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც


შემოგვთავაზა მოსწავლემ ან მასწავლებელმა.

6. დისკუსიის სწორად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია კლასში მერხების


განლაგება. სასურველია მერხებისწრიული ან ოთხკუთხა განლაგება.

7. დისკუსიის წარმართვისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:

 დისკუსია ფოკუსირებული უნდა იყოს კონკრეტულ მიზანსა და სფეროზე –


მასწავლებელმა ნათლად უნდა განმარტოს და ჩამოწეროს დაფაზე დისკუსიის
მიზნები.

 უნდა შევიმუშაოთ დისკუსიის წესები (ერთმანეთის მოსმენა, დროის


განაწილება,რეგლამენტი).

 გზადაგზა უნდა მოვახდინოთ რეაგირება მოსწავლეთა გამონათქვამებსა და


იდეებზე, ეს დაეხმარება ბავშვს საკუთარი ნათქვამის გააზრებასა და აღქმაში.

 წარმატებული დისკუსიისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები


ერთმანეთის აზრს პატივს სცემდნენ.

 დისკუსიის ბოლოს აუცილებელია მოეწყოს ერთგვარი შეჯამება, გაანალიზება,


საკითხების ჩამოთვლა, რომელიც დისკუსიის დროს წინ წამოიწია, პროცესის
შეფასება, რა გაკეთდა და როგორ გაკეთდა. აუცილებელია იმის აღნიშვნა, რა არის
შემდეგისთვის გამოსასწორებელი

როლური თამაშები და სიმულაცია

8. სიმულაციისა და როლური თამაშების გამოყენება ახალისებს სასწავლო პროცესს


და უფრო საინტერესოს ხდის მას მოსწავლისათვის.

სიმულაცია გულისხმობს ხელოვნური სიტუაციის შექმნას, რომელიც რეალობის


მსგავსია.
სიმულაცია არის მოდელი იმისა, რაც არსებობს ან შეიძლება, არსებობდეს. ერთი
სიტყვით, სიმულაცია რეალობის გათამაშებაა.

სიმულაცია შეიძლება, გათამაშდეს ადამიანის მონაწილეობით და კომპიუტერის


მეშვეობით

სიმულაციას ადამიანის მონაწილეობით როლური თამაში ეწოდება.

სასურველია, ეს სტრატეგია გამოვიყენოთ რთული თემის დამუშავებისას.


თამაშისაგან განსხვავებით, სიმულაციას არ სჭირდება გამარჯვებული.

როლური თამაში 3 ძირითადი ნაწილისგან შედგება:

 სიტუაცია;
 როლური თამაში;
 საკლასო დისკუსია.
9. როლური თამაშები ხელს უწყობს:

 საკითხის ღრმა წვდომას;


 მის ემოციურ დონეზე გათავისებას (როლური თამაშით მოსწავლე ხდება სხვა
ინდივიდი, უკეთესად წვდება იმ ადამიანის ხასაითსა და მოტივაციას, ვის
როლსაც განასახიერებს);
 საკითხის ხანგრძლივი დროით დამახსოვრებას;
 ინფორმაციის შეფასებასა და ორგანიზებას;
 სასწავლო პროცესში მაქსიმალურად ჩართვას და მოტივაციის ამაღლებას;
 მოსწავლის კომუნიკაციის დონის ამაღლებას;
 ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
 ემპათიის (თანაგანცდის) განვითარებას.
10. სიმულაციის ორგანიზებისთვის საჭიროა, მასწავლებელმა:

 წაახალისოს მოსწავლეები იმპროვიზაციისთვის;


 მოამზადებინოს მოსწავლეებს სცენარი ან რამე მარტივი მონახაზი
მოქმედებისა;
 გადაანაწილოს როლები;
 დადგმის არსი და მიზანი ჩამოაყალიბოს (სასურველია, წერილობით)
 შეძლებისდაგვარად, დაამზადებინოს მოსწავლეებს მარტივი დეკორაციები,
თვითნაკეთი რესურსები, მარტივი კოსტიუმები.
11. გარდა დადებითი ეფექტებისა, გასათვალისწინებელია
რამდენიმე სირთულე, რომელიც როლური თამაშების გამართვის შემთხვევაში
წარმოიშობა:

 როლური თამაშები მოსწავლისა და მასწავლებლის მხრიდან კარგად


განვითარებულ წარმოსახვის უნარს მოითხოვს!
 როლური თამაშების დროს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის
შესაძლებელია, ჩამოყალიბდეს ზედმეტად არაფორმალური
დამოკიდებულება, რაც შემდგომში გაკვეთილის მართვის პროცესს ხელს
შეუშლის.
12. როლური თამაშების დასრულების შემდეგ ეტაპზე , სასურველია, მოხდეს
ჩატარებული სამუშაოს განხილვა და შეფასება. ამისთვის კი
მიზანშეწონილია საკლასო დისკუსიისგამოყენება.

გაეცანით ასევე:

https://digitallibrary.tsu.ge/book/2020/apr/books/interatiuri-metodebi.pdf

გვ:5-24

You might also like