You are on page 1of 8

ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები

დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოების ფასეულობათა სისტემა დაფუძნებულია


ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პრიორიტეტსა და პატივისცემაზე. შედეგად,
უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს
არსებობის უმთავრესი პირობა და პრინციპია.
ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარება უკავშირდება 1776 წ ამერიკაში ვირჯინიის
უფლებათა ბილსა და 1789 წ ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციას.
თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოების კონსტიტუციები ყურადღებას ამახვილებენ
ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე, როგორც უზენაეს ადამიანურ ღირებულებებზე. ეს უფლებები
ადამიანის თანმდევია და გააჩნია იმიტომ, რომ ის ადამიანია. მათ გარეშე ადამიანი ვერ იქნება
სახელმწიფოს არსებობის მიზანი.
მაშასადამე, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო შებოჭილია ვალდებულებით,
ცნოს და დაიცვას ძირითადი უფლებები, შექმნას ყველა საჭირო ბერკეტი მათ დასაცავად.
დემოკრატიის პრინციპს უკავშირდება ძირითადი უფლებების აღიარება, როგორც მოქმედი
სამართალი. ეს გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლების განხორციელებისას სახელმწიფო
აუცილებლად შეზღუდულია უფლებებითა და თავისუფლებებით. რასაც არ უნდა აკეთებდეს
ხელისუფლება, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს მისი მიზნები, მისი სამივე შტო
უპირობოდაა შებოჭილი ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით. არ არსებობს მიზანი,
რომლის მისაღწევადაც ხელისუფლებას შეუძლია ადამიანის უფლებების დარღვევა და არ
არსებობს ინტერესი, რომლითაც სახელმწიფო თავს იმართლებს ადამიანის უფლებების
დარღვევისას.
ადამიანი არის უმაღლესი ფასეულობა, რისი რეალურად მიღწევა შესაძლებელია სწორედ
ფუნდამენტური უფლებების ხელშეუხებლობით. ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს
ადამიანის თავისუფლების ხელშეუხებლობა, უფლებებით სრულყოფილად სარგებლობის
შესაძლებლობა და მათი დარღვევისგან დაცვა. ამ პროცესში უმთავრესი მოთხოვნაა, რომ
ხელისუფლებამ თავად არ დაარღვიოს ადამიანის უფლებები, ამიტომ ის ვალდებულია, დაასაბუთოს
ნებისმიერი ჩარევა ადამიანის ამა თუ იმ უფლებაში.
ძირითადი უფლებები, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართალი, სავალდებულო ნორმებია და
მათი უზრუნველყოფა სასამართლო კონტროლით შეიძლება განხორციელდეს.

ძირითადი უფლებების ფუნქციები და სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულებები


ძირითადი უფლებების ცნების 4 ელემენტის გამოყოფა შეიძლება:
1.ისინი ინდივიდის კონსტიტუციურად უზრუნველყოფილი უფლებებია;
2.ისინი უშუალოდ მოქმედი სამართალია;
3.ისინი წინარესახელმწიფოებრივი უფლებებია, რომელთა შეზღუდვის შემთხვევაში სახელმწიფო
ვალდებულია, თავი გაიმართლოს;
4.ისინი სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული უფლებებია და არა კერძო პირის
წინააღმდეგ.
სახელმწიფოს ზოგადი ვალდებულებებია, რომ აღიაროს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები,
შექმნას უფლებებით სარგებლობის საკმარისი გარანტიები და სრულყოფილად დაიცვას ისინი.
ძირითადი უფლებების შინაარსი და ფუნქციები განაპირობებს სახელმწიფოს პოზიტიურ და
ნეგატიურ ვალდებულებას.
უფლებათა თავდაცვითი ფუნქცია მოითხოვს სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას, რაც
იმას ნიშნავს, რომ ის არ უნდა ჩაერიოს ადამიანის ამ თავისუფლებაში, ხელი არ შეუშალოს
უფლებით სარგებლობის პროცესში. სახელმწიფო ამ შემთხვევაში უფრო პასიური გამოდის. მან არ
უნდა შეზღუდოს ადამიანი ან აუკრძალოს, მიიღოს ან გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები ნებისმიერ
თემაზე, აირჩიოს მისთვის სასურველი რელიგია, რწმენა, ცხოვრების წესი, სახელმწიფომ არ უნდა
გააკონტროლოს ადამიანის პირადი ცხოვრება. ესაა ადამიანების უფლება, ჰქონდეთ თავისუფალი
კომუნიკაცია, ურთიერთობა სასურველ პირთა წრესთან და ის ანონიმური უნდა დარჩეს ნებისმიერი
სხვა პირისგან, სახელმწიფოს ჩათვლით. თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოება მოითხოვს
ადამიანის პირადი ავტონომიის პატივისცემასაც, მასში სახელმწიფოსა და კერძო პირების ჩარევის
მინიმუმამდე შემცირებას.
იმავდროულად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობა და განვითარება წარმოუდგენელია
ინფორმაციის თავისუფლების, აზრთა გაცვლისა და თავისუფალი კომუნიკაციის გარანტირებული
შესაძლებლობების გარეშე.
უფლებათა მფარველობითი ფუნქცია კი განაპირობებს სახელმწიფოს პოზიტიურ
ვალდებულებას, რაც მის მეტ აქტიურობას, ჩართულობასა და უზრუნველმყოფელი გარანტიების
შექმნის აუცილებლობას გულისხმობს. ამ ფუნქციის უპირველესი მიზანია ის, რომ ადამიანს
სახელმწიფოს მხრიდან ჰქონდეს ამა თუ იმ უფლებებით სარგებლობის ხელშეწყობა და გარანტია.
ისევ ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობას რომ მივუბრუნდეთ, მას უზრუნველყოფს სწორედ
სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულება: ერთი მხრივ, არსებობს პოზიტიური ვალდებულება,
უზრუნველყოს პირადი ცხოვრების პატივისცემა და ამ უფლებით ეფექტიანი სარგებლობა. მეორე
მხრივ, სახელმწიფოს აქვს ნეგატიური ვალდებულება, არ ჩაერიოს პირადი ცხოვრებით
სარგებლობაში და, შესაბამისად, უზრუნველყოს პიროვნების დაცვა. ერთ შემთხვევაში ადამიანის
უფლებების დაცვა მიიღწევა სახელმწიფოს დავალდებულებით, არ იყოს იქ, სადაც ადამიანმა უნდა
იმოქმედოს, ხოლო მეორე შემთხვევაში - პირიქით, აქტიური ქმედებით შექმნას სათანადო
პირობები უფლებით სრულყოფილად სარგებლობისთვის.
არის მთელი რიგი უფლებებისა, რომელთა რეალიზაციისთვის ერთდროულად და თანაბრად
აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ვალდებულებების
შესრულება(მაგალითად, საარჩევნო უფლებით სარგებლობისთვი

ძირითადი უფლებების სუბიექტიები


ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ერთობლიობა განაპირობებს ადამიანის
თავისუფლებას, მის თავისუფალ განვითარებას. ბუნებრივია, რომ ის თითოეული ადამიანის
თანმდევი სიკეთეა. თავად სახელწოდებაც „ადამიანის ძირითადი უფლებები და
თავისუფლებები“ მიუთითებს იმაზე, რომ მათი სუბიექტი ყველა ადამიანია. ამასთანავე, ადამიანის
არსის იმანენტური მოთხოვნილებაა, რომ ყველა ინდივიდს ერთნაირად მიუწვდებოდეს ხელი
თავისუფლებაზე, ანუ ესა თუ ის უფლება არ იყოს მხოლოდ გარკვეულ პირთა წრის პრივილეგია,
უპირატესობა.
ცალკეულ შემთხვევებში ვაწყდებით ერთგვარ „შეზღუდვებსაც“, რაც შეიძლება გულისხმობდეს
კონკრეტულ შემთხვევაში უფლებით სარგებლობის შეუძლებლობას. მსგავსი შემთხვევა კავშირშია
პირის მოქალაქეობრივი კუთვნილების საკითხთან. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას, როგორც
ადამიანს, კონკრეტული უფლება არ აქვს. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამ უფლებით ადამიანი
ისარგებლებს იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც არის, ამიტომ ამ უფლებებს მოქალაქის
უფლებებს უწოდებენ ხოლმე. ამ უფლებათა კატეგორიას განეკუთვნება ძირითადად პოლიტიკური
უფლებები, თუმცა არაა აუცილებელი, ყველა პოლიტიკური უფლება დაექვემდებაროს ასეთ
შეზღუდვას. ეს სახელმწიფოზეა დამოკიდებული.
ხშირ შემთხვევაში, საარჩევნო უფლებები უცხოელებისთვის იმიტომაა „შეზღუდული“, რომ უცხო
ქვეყნის მოქალაქეებმა შეიძლება ამ გზით გავლენა მოახდინონ ხელისუფლებაში იმ პოლიტიკური
ძალების დაწინაურებაზე, რომლებიც ქვეყანას საფრთხეს უქმნის. შეიძლება, პირიქით, ეს სულაც არ
იყოს მიმართული ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დარღვევისკენ და უცხო ქვეყნის
მოქალაქეებს გულწრფელად სურდეთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, წინსვლა. ასეთი
შეზღუდვა არ არის აბსოლუტური. მაგალითად, ზოგიერთ სახელმწიფოში არჩევნებში (ადგილობრივ
დონეზე) უცხოელებს მონაწილეობის უფლება აქვთ არა მხოლოდ აქტიური, არამედ პასიური
საარჩევნო უფლებითაც.
ძირითადი უფლებები არაა დაკავშირებული ასაკთან, თუმცა უფლებით სარგებლობის შეზღუდვა
შეიძლება მოხდეს სწორედ ასაკთან კავშირში(მაგ., საარჩევნო უფლება). მეტიც, უფლებები აქვს
ჩანასახსაც და ზოგიერთი უფლება არსებობას აგრძელებს პირის გარდაცვალების შემდეგაც.
ძირითადი უფლებების სუბიექტი ასევე შეიძლება იყოს იურიდიული პირი. მას შეიძლება
ჰქონდეს ისეთი უფლებები, როგორებიცაა საკუთრება, სამეწარმეო საქმიანობა, გამოხატვისა თუ
ინტელექტუალური საქმიანობის თავისუფლება, თუმცა, ცხადია, მას ვერ ექნება ოჯახის შექმნის
უფლება.
უნდა აღვნიშნოთ, რომ არასწორია საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოაზრება
ძირითადი უფლებების სუბიექტებად. ისინი ხომ სახელმწიფო ხელისუფლებას წარმოადგენენ და
თავად არიან ადამიანის უფლებებით შეზღუდულნი, თუმცა არსებობს გამონაკლისიც(მისი
დანიშნულებიდან გამომდინარე). ასეთი გამონაკლისია, მაგალითად, საზოგადოებრივი
მაუწყებელი, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არის საჯარო
დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე
ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ასეთი სუბიექტი შეიძლება მოვიაზროთ
ისეთი ფუნდამენტური უფლების მატარებლად, როგორიცაა, მაგალითად, გამოხატვის თავისუფლება.

უფლებათა კოლიზია
თითოეული უფლება განუმეორებელი და შეუცვლელია ადამიანისთვის. იმავდროულად,
თითოეული მათგანი აუცილებელია ადამიანის თვითრეალიზაციისა და განვითარებისათვის.
პრინციპულად არასწორია უფლებათა კლასიფიცირება მათი მნიშვნელობის ნიშნით, რომელიმე
მათგანისთვის უპირატესობის მინიჭება და სხვა უფლებებთან მიმართებით მათი უპირატესობის
მტკიცება.
მიუხედავად ამისა, არსებობს უფლებები, რომლებსაც არ აქვს თანაბარი ეკვივალენტი. ასეთია,
მაგალითად, თავისუფლება - არ არსებობს ფასი, რომელი აწონის ან სრულად ჩაანაცვლებს მას.
თუმცა, ეს თავისთავად არავითარ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ თავისუფლების უფლება სხვა
უფლებაზე უპირატესი ძალის მქონეა და რომ უფლებებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში ამ
უკანასკნელს ავტომატურად უნდა მიენიჭოს უპირატესობა.
ამავდროულად, აბსოლუტური უფლებები დაცულია აბსოლუტურად, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ
სხვა უფლებასთან კოლიზიისას აბსოლუტური უფლებები უპირატესობით სარგებლობს. უფლებათა
აბსოლუტური ბუნება მხოლოდ იმის ხაზგასმას ახდენს, რომ ამ უფლებების თუნდაც მცირე
ინტენსივობით შეზღუდვა მათ დარღვევას თავისთავად გულისხმობს. მაგალითად, ყველა
დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციით აკრძალულია ადამიანის წამება, არაჰუმანური,
სასტიკი, ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელების გამოყენება. კონსტიტუციები უპირობოდ
გამორიცხავს ადამიანის აბსოლუტურ უფლებებში ჩარევას. არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი,
დაუძლეველი ინტერესი, რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის
გამართლება.
ცხადია, ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისგან, დაიცვას
მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები,
თუმცა ვერც ერთი სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებასა და არაჰუმანურ
მოპყრობას. დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი და მიზანი ხომ სწორედ თავისუფალი
ადამიანია.
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ უფლებათა კოლიზიისას აბსოლუტური უფლებებისთვის
უპირატესობის მინიჭება არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ შესაძლებელია აბსოლუტურ
უფლებასთან კოლიზიაში მყოფი უფლების დარღვევა. ეს გამორიცხულია.
ომბუდსმენი და მისი სახეები
ომბუდსმენის ინსტიტუტი პირველად სკანდინავიის ქვეყნებში შეიქმნა - შვედეთში, ფინეთში,
დანიასა და ნორვეგიაში. შემდეგ ის გავრცელდა ანგლო-საქსურ ქვეყნებში. აფრიკის კონტინენტზე
მისი შემოღება უკავშირდება ქვეყნების დამოუკიდებლობის მოპოვებას და სათავეს იღებს
ტანზანიიდან. ანალოგიური სურათია აზიის ქვეყნებშიც. პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ომბუდსმენის
ინსტიტუტის გავრცელება 1990-იან წლებში იწყება, ასევე დამოუკიდებლობის მოპოვებასთან
დაკავშირებული პროცესების შედეგად. ომბუდსმენის ინსტიტუტის აუცილებლობასა და მზარდ
ინტერესზე მიუთითებს მისი გავრცელების სწრაფი ტენდენცია. დღეისთვის, ომბუდსმენის
თანამდებობა ფუნქციონირებს 140 ქვეყანაში, ეროვნულ დონეზე - 120 ქვეყანაში. ევროკავშირის
მხოლოდ ორ ქვეყანას ( გერმანიასა და იტალიას) არ ჰყავს ომბუდსმენი ეროვნულ დონეზე. 1995
წელს ომბუდსმენის ინსტიტუტი შექმნა ევროკავშირმაც.
ომბუდსმენის ინსტიტუტი სხვადასხვა სახელწოდებით შეიძლება შეგვხვდეს: „ადამიანის
უფლებათა კომისარი“, „სახალხო დამცველი“, „მედიატორი“(თუ შესაბამის ფუნქციას ასრულებს),
„ადმინისტრაციის საპარლამენტო კომისარი“(შრი-ლანკა), „იუსტიციის კანცლერი“(ესტონეთი,
ფინეთი), „იუსტიციის პროვედორი“(ანგოლა) და სხვა.
ომბუდსმენები რამდენიმე სახედ შეიძლება დავყოთ:
1)საერთო, რეგიონული და ადგილობრივი - მათი უფლებამოსილება ეროვნული ინსტიტუტების
მსგავსია, თუმცა სამოქმედო არეალი კონკრეტული ტერიტორიითაა შეზღუდული. ადგილობრივ
ომბუდსმენებს ვხვდებით, მაგალითად, აშშ-ში, სადაც წარმოდგენილნი არიან შტატების
ომბუდსმენები, თუმცა ფედერაციული ტერიტორიული მოწყობა არ გულისხმობს აუცილებლად
ფედერალური ერთეულების ომბუდსმენის არსებობასაც. რეგიონული ომბუდსმენის ინსტიტუტი
გვხვდება უნიტარულ სახელმწიფოებშიც, მაგალითად, ბულგარეთში.
2)საერთო კომპეტენციის მქონე და სპეციალიზებული - სპეციალიზებული ომბუდსმენის
უფლებამოსილების განხორციელების პროცედურა და გარანტიები ისეთივეა, როგორც საერთო
უფლებამოსილების ომბუდსმენისა, მხოლოდ შეზღუდული და დაკონკრეტებულია ის სფეროები,
რომლებსაც ისინი ზედამხედველობენ. ცალკეულ ქვეყნებში მისი არსებობა დაკავშირებულია
ტრადიციებთან, საჭიროებასა და გამოცდილებასთან. სპეციალიზებული ომბუდსმენები იქმნება იმ
სფეროებზე, სადაც ადამიანის უფლებები მეტ დაცვასა და ყურადღებას საჭიროებს. მაგალითად, ეს
შეიძლება შეეხებოდეს განათლებას, გარემოს დაცვას, ჯანმრთელობას, ბავშვთა და ქალთა
უფლებებს და ა.შ.. ქვეყნების უმეტესობაში, სადაც დამკვიდრებულია საერთო უფლებამოსილების
ომბუდსმენის ინსტიტუტი, ადამიანის უფლებების დაცვა კონკრეტულ სფეროებში გადანაწილებულია
მის მოადგილეებზე და, შესაბამისად, არ არსებობს სპეციალიზებული ომბუდსმენების შექმნის
საჭიროება.
3)დამოუკიდებელ თანამდებობის პირად მოქმედი და კოლეგიური ორგანოს სახით არსებული -
ზოგიერთი ქვეყანა ომბუდსმენის უფლებამოსილებას არა ერთ პიროვნებას, არამედ კოლეგიურ
ორგანოს ანიჭებს, რომელსაც, მართალია, ჰყავს ხელმძღვანელი, მაგრამ ფუნქციები და
პასუხისმგებლობა გადანაწილებულია ერთი და იგივე წესით არჩეულ რამდენიმე პიროვნებაზე(მაგ.,
ავსტრიაში, ლიტვაში, იაპონიაში).

ომბუდსმენის არჩევის ფორმა


ომბუდსმენის არჩევის წესი და ფორმა დამოკიდებულია მის როლზე, დანიშნულებასა და
სახეობაზე, თუ რომელ მოდელთან გვაქვს საქმე. მისი არჩევის წესი და მოთხოვნები, პირველ რიგში,
განაპირობებს ინსტიტუტის დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას, კვალიფიციურობასა და
ავტორიტეტს.
ომბუდსმენი, როგორც წესი, აირჩევა საკანონმდებლო ორგანოს მიერ. ამ შემთხვევაში სახეზეა
ომბუდსმენის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, ვინაიდან ის ყველაზე უფრო მიუკერძოებელი
მაშინაა, როცა მის თანამდებობაზე განწესებაში მეტადაა წარმოდგენილი სახალხო მანდატი და
ნაკლებად ერევა აღმასრულებელი ხელისუფლება. ომბუდსმენი, რომელიც მიიღებს არა მხოლოდ
საპარლამენტო უმრავლესობის, არამედ ოპოზიციური ფრაქციების ხმებს და ფართო მხარდაჭერით
სარგებლობს, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისგან დაცვის
უფრო მყარ გარანტიებს წარმოადგენს.
ზოგიერთ ქვეყანაში ომბუდსმენის შერჩევა და დანიშვნა სრულად აღმასრულებელი
ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული. ეს იმ დროს ხდება, როცა სახეზეა ე.წ. მედიატორის
ფუნქციის მქონე ომბუდსმენი ან როცა ომბუდსმენის ინსტიტუტის რეალური გაძლიერება არ შედის
კანონმდებლის ინტერესში და ის აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენის ქვეშაა.
გვხვდება შერეული მოდელებიც, როცა მის თანამდებობაზე განწესებაში პარლამენტთან ერთად
მონაწილეობს სხვა ხელისუფლების შტოც. ეს წესები განსხვავებულია ცალკეულ ქვეყნებში.
მაგალითად, ბრიტანეთში ომბუდსმენი ინიშნება დედოფლის მიერ მთავრობის წარდგინებით,
თუმცა ფაქტობრივად მას სჭირდება საპარლამენტო ფრაქციების თანხმობა.
არჩევის ვადა: ომბუდსმენის უფლებამოსილების ვადა უმეტეს ქვეყნებში 4-6 წელს შეადგენს.
მისი ხალგრძლივი ვადით არჩევა განაპირობებს ინსტიტუტის დამოუკიდებლობას. ასევე
აუცილებელია, რომ მისი არჩევის ვადა არ ემთხვეოდეს პოლიტიკური ორგანოების არჩევის ვადას.
გვხვდება ომბუდსმენის არჩევის საგამონაკლისო ვადებიც, მაგალითად, 2 წელი, 3 წელი, 7, 8 წელი
და სხვა. დანიაში კი ომბუდსმენის არჩევის ვადა ემთხვევა პარლამენტის ვადას. მანდატის
ხანგრძლივობასთან ერთად, ინსტიტუტის დამოუკიდებლობის აუცილებელი ელემენტია არჩევის
ჯერადობა. როგორც წესი, ევროპის ქვეყნებში კანონმდებლობა კრძალავს ამ თანამდებობის
დაკავებას რამდენიმე ვადით. განსხვავებით მათგან, რუსეთსა და ყირგიზეთში შესაძლებელია მისი
არჩევა ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
კანდიდატის კვალიფიკაცია: ომბუდსმენობის კანდიდატისთვის შეიძლება გათვალისწინებული
იყოს გარკვეული მოთხოვნები, რამაც უნდა განაპირობოს მომავალში მისი კომპეტენტურობა და
მიუკერძოებლობა. ეს შეიძლება იყოს მოქალაქეობა, ასაკი, განათლება, გამოცდილება, მაღალი
რეპუტაცია და მორალური თვისებები. პრაქტიკის ანალიზი გვაჩვენებს, რომ ომბუდსმენის
ინსტიტუტის ეფექტურად მუშაობისთვის აუცილებელია იურიდიული განათლების ქონა. საკმაოდ
მაღალი მოთხოვნებია დაწესებული უნგრეთში, სადაც ომბუდსმენობის კანდიდატი უნდა იყოს
სამართალში დოქტორის ხარისხის მქონე, მინიმუმ 35 წლის, აკმაყოფილებდეს პარლამენტის
წევრობისთვის დადგენილ მოთხოვნებს. ხშირად კი ომბუდსმენისთვის სპეციალური მოთხოვნები
არაა განსაზღვრული და ვინ აირჩევა ამ თანამდებობაზე, სრულად პარლამენტის გადასაწყვეტია.
ხელშეუხებლობა: საქმიანობის დამოუკიდებლად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით
ომბუდსმენები სარგებლობენ იმუნიტეტით, რაც იმას გულისხმობს, რომ შეზღუდულია მათ მიმართ
გარკვეული სისხლის სამართლის პროცედურების განხორციელება და ამაზე თანხმობა
საკანონმდებლო ორგანომ უნდა გასცეს. ასევე ომბუდსმენი არ აგებს პასუხს მოსაზრებებისა და
მოქმედებისთვის, რომელსაც ის ახორციელებს კანონის შესაბამისად. იშვიათად, მაგრამ მაინც
გვხვდება ქვეყნები(რუსეთი, ლატვია, სომხეთი), სადაც ომბუდსმენის მიმართ ადმინისტრაციული
სანქციების გამოყენებაც კი პარლამენტის თანხმობას საჭიროებს. ქვეყნებში კი, სადაც საკმაოდ
დაკნინებულია ომბუდსმენის ინსტიტუტი(ყაზახეთი), მას არც იმუნიტეტი გააჩნია.

ომბუდსმენის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და მისი უფლებამოსილებები


ომბუდსმენი შეიძლება გათავისუფლდეს შემდეგ შემთხვევებში:
1)პირადი განცხადებით;
2)გარდაცვალებისას;
3)მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობისას;
4)ქმედუნარიანობის დაკარგვისას;
5)შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებისას;
6)უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას;
7)იმ მოთხოვნების აღმოფხვრისას, რაც მოეთხოვებოდა ომბუდსმენობის კანდიდატს(მაგ.,
მოქალაქეობის დაკარგვა).
ომბუდსმენის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკანონმდებლო
ორგანო - პარლამენტი.
ომბუდსმენის საქმიანობის უმთავრეს გარანტიას წარმოადგენს თანამდებობაზე არჩევამდე
დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა ან მის ტოლფას სამსახურში ჩაყენება. ეს ომბუდსმენს ხელს
უწყობს, იყოს დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში, მიუკერძოებლად განახორციელოს საქმიანობა,
თავისუფლად გააკრიტიკოს და დაუპირისპირდეს კანონის დამრღვევ საჯარო თანამდებობის
პირებს.
რაც შეეხება ომბუდსმენის უფლებამოსილებას, მსოფლიოში ყველაზე ფართო
უფლებამოსილებით სარგებლობენ შვედეთისა და ფინეთის ომბუდსმენები, სკანდინავიის სხვა
ქვეყნებში კი მათი უფლებები უფრო შეზღუდულია. შვედეთის ომბუდსმენი აკონტროლებს არა
მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას,
არამედ საასამართლოების, ადგილობრივი ორგანოების, შეიარაღებული ძალებისა და სახელმწიფო
საწარმოთა საქმიანობას. მას აქვს ყველა დოკუმენტზე დაშვების უფლება, საკანონმდებლო
ინიციატივის უფლება, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწყებისა და სანქციების გამოყენების
უფლება და სხვა.
ომბუდსმენს არ აქვს სახელმწიფო ორგანოებისთვის ბრძანებების მიცემის უფლება, მისი
საქმიანობა შემოიფარგლება მხოლოდ წინადადების, მითითებისა და გაფრთხილების მიცემით.
მხოლოდ შვედურ და ფინურ ომბუდსმენებს აქვთ საქმის გამოძიების დაწყების უფლება.
ზოგიერთ ქვეყანაში მკაცრადაა გაწერილი სახელმწიფო ორგანოები და ის ურთიერთობები,
რაზეც არ ვრცელდება ომბუდსმენის უფლებამოსილება. ასეთია, მაგალითად, პრეზიდენტის,
პარლამენტის წევრთა და მოსამართლეთა საქმიანობის გამოძიება. ის შეიძლება არ განიხილავდეს
იმ საქმეებს, რომლებიც უკვე იხილება სასამართლოს მიერ ან რომელიც აჩერებს დაწყებული საქმის
განხილვას.
სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპიდან გამომდინარე, ომბუდსმენის
ზედამხედველობისგან დამოუკიდებელია სასამართლოთა საქმიანობა. გამონაკლის ქვეყნებს
შორის ერთ-ერთია შვედეთი, სადაც ომბუდსმენი იცავს და ზედამხედველობს პროცედურებისა და
ვადების დაცვას, თუმცა არ აქვს უფლება, ჩაერიოს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების
მიღებაში. ის მხოლოდ და მხოლოდ თვალყურს ადევნებს მას წმინდა ადმინისტრაციული
თვალსაზრისით - დადგენილი ვადების დაცვის კუთხით, მაგალითად.
ომბუდსმენის საქმიანობის უპირატესობებად შეიძლება განვიხილოთ: მოქნილობა(არ მოქმედებს
მკაცრად დადგენილი პროცედურული წესებით), არაფორმალურობა(მარტივია მისთვის მიმართვის
წესი), სისწრაფე(საჩივართა განხილვისა და გადაწყვეტის ვადები საკმაოდ მცირეა), თავისუფალი
ინიციატივა(უმეტესად არაა შეზღუდული ინიციატივის მქონე პირები და მისთვის მიმართვის
უფლება აქვს ქვეყნის ყველა მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირებსაც).

მოქალაქეობა(არსი, მიღება, შეწყვეტა)


თანამედროვე სახელმწიფოში პიროვნების სამართლებრივი მდგომარეობის ფარგლებს
დიდწილად განსაზღვრავს მოქალაქეობა. სწორედ მოქალაქეობის მინიჭებით აღიარებს ქვეყანა მას
ადამიანთა სრულფასოვან სუბიექტად.
მოქალაქეობის ინსტიტუტის ძირითად მახასიათებლებად ითვლება: დროში სიმყარე(მისი
მოქმედება დაბადებიდან გარდაცვალებამდე), სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის ორმხრივი
კავშირი(ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობები), მდგრადობა სივრცეში(სახელმწიფოსა და
ადამიანს შორის ურთიერთთანამშრომლობა და პასუხისმგებლობა), ფორმალურად იურიდიულად
გაფორმებული ინდივიდუალური დოკუმენტით დადასტურება(პასტორტი, პირადობა).
მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეობა, როგორც სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის კავშირი,
მთლიანად ემყარება ორმხრივი ნების გამოვლინებას და ყოველგვარი ძალდატანება პირდაპირ
იწვევს ამ ურთიერთობის ბათილობას. მოქალაქეობა არის არა მოვალეობა, არამედ უფლება,
რომელიც, თავის მხრივ, წარმოშობს როგორც უფლებებს, ისე მოვალეობებს.
მოქალაქეობის ძირითადი პრინციპები, როგორც წესი, დადგენილია კონსტიტუციებით,
დეტალურად კი რეგულირდება მიმდინარე კანონმდებლობით.
ტერმინი „მოქალაქე“ ლათინურიდან მოდის, მოქალაქეობაც და სახელმწიფოც
„ცივიტად“ იწოდება. ახსნა ლოგიკურია. ძველი ქვეყნები ქალაქის სახით იყო წარმოდგენილი. რომი
არა მხოლოდ ქალაქი, არამედ სახელმწიფოც იყო. მოქალაქეობაც სწორედ სახელმწიფოსთანაა
დაკავშირებული. მაშასადამე, მოქალაქე ოდითგანვე არის ადამიანი, რომელსაც მჭიდრო
ურთიერთობა აქვს ქვეყანასთან, ის არის სახელმწიფოს ნაწილი.
მოქალაქეობის მიღების ყველაზე გავრცელებულ საშუალებად დაბადება და ნატურალიზაცია
ითვლება.
დაბადებით მოქალაქეობის მიღება (ფილიაცია) უფრო მარტივი გზაა და დაკავშირებული არაა
პირის ნების გამოვლენასთან. ფილიაციით მოქალაქეობის მიღების ორი პრინციპია ცნობილი:
სისხლისა და ნიადაგის. „სისხლის პრინციპის“ მიხედვით მოქალაქეობა განისაზღვრება
მშობლების მოქალაქეობის შესაბამისად, დაბადების ადგილის მიუხედავად. „ნიადაგის
პრინციპის“ თანახმად კი, მოქალაქეობა მიიღება დაბადების ადგილის შესაბამისად, განურჩევლად
იმისა, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან მშობლები.
ნატურალიზაცია განიმარტება, როგორც უცხოელის მიღება და მისი შემოსვა ეროვნული
მოქალაქის პრივილეგიებით. ნატურალიზაცია გულისხმობს დაინტერესებული პირის მიმართვის
საფუძველზე (რომელიც ფაქტობრივად ცხოვრობს ქვეყნის ტერიტორიაზე) შესაბამისი სახელმწიფოს
კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭებას. თითოეული ქვეყნის
კანონმდებლობა დამოუკიდებლად განსაზღვრავს კონკრეტულ პირობებს, რომელთა
დაკმაყოფილებაც ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭების საფუძველია(ტერიტორიაზე
ფაქტობრივად ცხოვრების გარკვეული პერიოდი, სახელმწიფო ენის ცოდნა...). დაბადებით და
ნატურალიზაციით მოქალაქეობის მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა, როგორც წესი,
ერთნაირია.
არსებობს მოქალაქეობის „არჩევანით“ მიღების წესი, ე.წ. ოპტაცია, როცა ერთი სახელმწიფოდან
მეორე სახელმწიფოს მფლობელობაში გადასულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს უფლება აქვთ,
გააკეთონ არჩევანი - მიიღონ ახალი მოქალაქეობა ან შეინარჩუნონ ძველი. პრაქტიკა იცნობს
მოქალაქეობის აღდგენის ცნებასაც, რაც გულისხმობს იმ პირისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას,
რომელსაც წასულში ჰქონდა ის და რაიმე მიზეზით დაკარგა.
მოქალაქეობის ინსტიტუტის ფარგლებში გავრცელებულია ისეთი რეგულაციები, რომლებიც
უშვებენ მოქალაქეობის შეწყვეტის შესაძლებლობას. ერთ შემთხვევაში, ის ხორციელდება
ნებაყოფლობით, მოქალაქის მიერ გამოხატული ნების საფუძველზე და მას მოქალაქეობიდან
გასვლას უწოდებენ. მეორე შემთხვევაში, მოქალაქეობის შეწყვეტას სანქციის ფორმა აქვს და
წარმოადგენს მოქალაქის მიერ განხორციელებული, კანონმდებლობით აკრძალული ქმედების
შედეგს, რაც მოქალაქეობის დაკარგვად იწოდება.
ორმოქალაქეობა, სუპრანაციონალური მოქალაქეობა და უცხოელთა სტატუსი
ორმაგი მოქალაქეობა - ბიპატრიზმი ის შემთხვევაა, როდესაც პირს დოკუმენტურად
უდასტურდება ორი ქვეყნის მოქალაქეობა. არსებობს ორზე მეტი მოქალაქეობის შემთხვევებიც.
როგორც წესი, ორმაგ მოქალაქეობას იწვევს ადამიანთა მიგრაციის, სახელმწიფოთა ტერიტორიისა
და საზღვრების ცვლილებებისა და შერეული ქორწინების რეალობა. ორმაგი მოქალაქეობის მქონე
პირი ორივე სახელმწიფოში აღჭურვილია უფლება-თავისუფლებათა სრული პაკეტით, სარგებლობს
ამ ქვეყნების მფარველობით, პრივილეგიებითა და შეღავათებით.
ორმაგი მოქალაქეობა გარკვეულ სირთულეებს ქმნის, თუ ორივე ქვეყანა ვალდებულების
შესრულებას ითხოვს. ბიპატრიზმის პრობლემა საერთაშორისო პრაქტიკაში ხშირად წამოჭრის
„აქტიური“ და „ეფექტური“ მოქალაქეობის თაობაზე დავას. პრობლემის მოსაწესრიგებლად
გავრცელებული ერთ-ერთი გზაა შეთანხმების დადება მეორე სახელმწიფოსთან, რომლის
საფუძველზეც განისაზღვრება მასში მონაწილე მხარე სახელმწიფოებში მცხოვრები ორმაგი
მოქალაქეობის მქონე პრების „ცხოვრების რეჟიმი“. სახელმწიფოებს შორის ორმაგ
მოქალაქეობასთან დაკავშირებული შეთანხმება გულისხმობს ერთი სახელმწიფოს ვალდებულებას,
არ მოითხოვოს პირისაგან ისეთი მოვალეობის შესრულება, რომელიც უკვე აღასრულა
ხელშემკვრელ სახელმწიფოში(მაგ., სამხედრო ვალდებულება).
რთულ სახელმწიფოში არსებობს ორმაგი მოქალაქეობის თავისებური ფორმა. უნიტარულ
სახელმწიფოებში მოქმედებს ერთიანი, ხოლო ფედერაციულში - ორმაგი მოქალაქეობა(ყველა პირი
ერთდროულად წარმოადგენს როგორც ფედერაციის სუბიექტის, ისე ერთიანი ქვეყნის მოქალაქეს).
თანამედროვე ეპოქის სიახლეა ევროპული კავშირის მოქალაქეობა, რომლითაც სარგებლობს
ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლებიც ევროპული კავშირის წევრია. ევროპის მოქალაქეობა
სუპრანაციონალური მოქალაქეობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ერთი საფეხურით მაღლა დგას.
ამასთან, ის არ ცვლის ეროვნული მოქალაქეობის პრიორიტეტს. მიუხედავად მისი პოზიტიური
შინაარსისა, განიხილება მისი უარყოფითი მხარეებიც. კერძოდ, მიიჩნევა, რომ ადამიანის
უმრავლესობას ემოციური მიჯაჭვულობა აქვს სამშობლოსთან, რაც გარკვეულწილად ზღუდავს
ევროპის მოქალაქეობის იდეას. ამასთანავე, ეს მოქალაქეობა ძირითადად საბაზრო
ურთიერთობებს ემყარება, ანუ ეკონომიკური მოქალაქეობაა და, შესაბამისად, პოლიტიკური
სარგებელიც შეზღუდულია.
რაც შეეხება უცხოელთა სტატუსს, უცხოელი შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე -
უცხოელი მოქალაქე ან აპატრიდი - მოქალაქეობის არმქონე პირი. როგორც წესი, ქვეყანაში
კანონიერად მცხოვრებ უცხოელზე მოქმედებს ე.წ. ეროვნული რეჟიმი, რაც გულისხმობს მათ
დაქვემდებარებას იმ ქვეყნის კანონმდებლობისადმი, რომელშიც ცხოვრობენ. მათ უფლებებთან
ერთად მოვალეობებიც გააჩნიათ, რომ დაიცვან იმ სახელმწიფოს ინტერესები, რომელშიც
ცხოვრობენ. უცხოელები კანონის წინაშე თანასწორნი არიან, განურჩევლად მათი ნებისმიერი
მახასიათებლისა. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში, როგორც წესი, უცხოელების
სამართლებრივი მდგომარეობა გათანაბრებულია მოქალაქეებთან(გამონაკლისია, მაგ., საარჩევნო
უფლება, საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება).
უცხოელთა სტატუსთანაა დაკავშირებული ე.წ. თავშესაფრის უფლება, რაც გულისხმობს ქვეყნის
ტერიტორიაზე ცხოვრების უფლების მიცემასა და არსებობის პირობების შექმნას იმ პირისთვის,
რომელსაც თავისი სახელმწიფოდან სდევნიან, მაგალითად, პოლიტიკური შეხედულებისთვის ან
რელიგიური, სამეცნიერო და სხვა მოტივებით.
მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციები არა მხოლოდ საკუთარი
მოქალაქეების, არამედ მათ ქვეყანაში კანონიერად მცხოვრები უცხოელი მოქალაქეების მიმართაც
კრძალავენ გაძევებას და მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში უშვებენ გადაცემას სხვა სახელმწიფოსთვის.

You might also like