You are on page 1of 2

გალაკტიონ ტაბიძის ლექს „მე და ღამის“ ლირიკული გმირი მარტოობასა და სულიერ

ობლობას განიცდის. პოეტს ფიქრებისგან თავი ვერ დაუღწევია, მოსვენება დაუკარგავს, ვერ
იძინებს: ,,ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება.“ მას, ადამიანებისაგან
გარიყულს, ბუნება ეგულება ნუგეშად: „სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.“
გალაკტიონი წერდა: „განა შუაღამეს არ აქვს თავისი განსაკუთრებული სილამაზე, როგორც,
მაგალითად, მზის ამოსვლას?“ შუაღამე ფერადოვნებისაგან დაცლილი მხოლოდ ერთი
შეხედვითაა. მთვარით დაფენილ სხივებში ხომ საგნები განსაკუთრებული მშვენიერებით
მოჩანს: „არე-მარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს.“ ამიტომ პოეტი თავის საიდუმლო სატკივარს
მხოლოდ ამ თეთრად გათენებულ ღამეს ანდობს. მარტო მან იცის მისი წამებისა და ტანჯვის,
სულიერი კრიზისის შესახებ. აქ მახსენდება ბარათაშვილის სტრიქონები: „მხოლოდ
ვარსკვლავთა თანამავალთა ვამცნო გულის მე საიდუმლო.“ „მე და ღამის“ ფიქრის ნაკადი კი იმ
ფარული ისტორიისაკენ მიედინება, რომელსაც ლირიკული გმირი ვერავის გაუმხელს, ვერავინ
გაამჟღავნებინებს: ვერც საყვარელი ქალი, ვერც უამესი წუთები... თითქოს ცარიელდება მთელი
სამყარო და ერთმანეთის პირისპირ პოეტი და ღამე რჩებიან.

„მე და ღამეში“ წარმოჩენილია უანგარო „მეგობრობა“ მარტოსული ადამიანისა და


ბუნებისა. ის მარადის ერთგულია, უღალატოა და არაფერს მოითხოვს მისგან: „ჩვენ ორნი ვართ
ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!“ ადამიანებისადმი უნდობლობა კი გალაკტიონის პოეზიაში
არაერთხელ გამოხატულა: „ოჰ, ჩემი გული ბევრს დაიმონებს, მეგობრები კი არ მეყვარება“ („შენ
ერთი მაინც“). ამგვარ დამოკიდებულებას განაპირობებდა რეალური ცხოვრება, სავსე
მლიქვნელობით, პირფერობით, შურით, სიხარბითა და ღალატით. მაგალითად, გალაკტიონის
მიერ იოსებ გრიშაშვილისთვის გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: „ვით სიკვდილით
დასჯილი სახრჩობელას წინ, თვალით დავეძებ მონათესავე სულს.“ იგივე ტკივილი და
მარტოსულობის სიძნელეა გამოხატული ბარათაშვილის „სული ობოლში“. იქაცაა უნუგეშობა,
ადამიანთა უნდობლობა და გაუტანლობა. განსხვავებით ამ ნაწარმოებებისაგან, ილია ჭავჭავაძე
„მგზავრის წერილებში“ არ გვიხატავს ღამეს, როგორც შემოქმედებისა და აღმაფრენის დროს.
ილიასეული განცდით, ის გახლავთ უმოძრაობისა და ბოროტების სიმბოლო: „შენ ხარ ხელის
შემწყობი იმ ხელობისა, რომელსაც თვალთმაქცობას ეძახიან და ადამიანების დამფრთხალ
გონებას უბედურობას ბედნიერებად აჩვენებს.“ გალაკტიონისთვის მისი უძილო ღამე
შეუცვლელი მესაიდუმლეა, ხოლო მეგობრებმა „არ იციან, თუ რა ნაღველს იტევს გული.“ პოეტი
იმდენად მარტოსული, განსაკუთრებული და თავისებური გახდა, რომ მასთან დაახლოება,
გაშინაურება, თუნდაც შეცნობა შეუძლებელი იყო. მხოლოდ ღამემ, „სარკმელში მოკამკამემ“,
იცოდა მისი უძილობისა თუ ობლობის ყოველი მიზეზი.

გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „მე და ღამე“ სტროფებადაა დაყოფილი. გამოყენებულია


ჯვარედინი და მოსაზღვრე რითმა. ავტორი მოიხმობს ტროპული მეტყველების ნიმუშებს, რათა
სათქმელი გადმოგვცეს მეტად ექსპრესიულად და გამძაფრებული ემოციით. პოეტი მეტაფორით
წარმოაჩენს გარემოს: „შუაღამე იწვის, დნება.“ ის ერთმანეთთან აკავშირებს თავის ლექსსა და
ზეცას. ორივე გრძნობებითაა სავსე და ამას შედარებით გამოხატავს: „ისე არის სავსე გრძნობით,
ვით რითმებით ეს წერილი.“ გვხვდება გაპიროვნება ბუნებისა: „სარკმლით მონაქროლი სიო“
ლირიკულ გმირს „ველთა ზღაპარს ეუბნება.“ ვკითხულობთ ეპითეტებს, როდესაც ავტორი
თავის გაუმხელელ ზრახვებზე იწყებს საუბარს: „ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი
წუთზე უამესი.“

You might also like