You are on page 1of 3

,,ცრუ და მუხთალი სოფელი“ ისეა მოწყობილი, რომ უფლის თითოეულ

ხატს ,,ამა ქვეყანასა ზედა“ საკუთარი, მკვეთრად განსაზღვრული ფუნქცია აკისრია .


მხოლოდ რჩეულთა მხრებს ეკიდება ღვთაებრივი ჭაპანი, დაიცვას
საზოგადოებრივი ხუხულა და შეადუღაბოს, შეამკოს იგი. სამწუხაროდ, ნებსით თუ
უნებლიეთ, ადამის მოდგმას ხშირად ავიწყდება მოვალეობათა სემანტიკა, ამიტომ
ქალღმერთი ათენა ევტერპეს ხელით კალთიდან მარცვალს იცლის და
შემოქმედთა კალმებში აღვივებს, რათა შეახსენოს საზოგადოებას ის, ვინც
,,საფირხვნოს თავში დაჯდების“ და კისრულობს მისტერიულ მისიას, იყოს თავკაცი,
იყოს ოსტატი.
ფაქტია, ლადო სულაბერიძის შემოქმედებაშიც გაღვივდა ოლიმპოელის
თესლი, რომელმაც ქორფა ნაყოფი გამოიტანა ლექსში ,,თავკაცი და ოსტატი.“
ნაკალმო თითქოს მოგზაურობას მოგვაგონებს, რომლისთვისაც პოეტმა ფაეტონი
ჯერ კიდევ მგლოვიარე არჩილს სთხოვა. უგზოუკვლოდ არ მოგზაურობს პოეტის
მელანი, ის აღწერს სოფლის მდგომარეობას და პირველი, რასაც მისი გონება
გზად აწყდება, მოსე წინასწარმეტყველის ხატებაა. ,,უთავკაცობით რამდენჯერ
დაგვიქცევია სოფელი...“ - ამბობს დანანებით პოეტი, რამეთუ ღრმად სწამს, რომ
თავკაცი აფრთხობს სოფლის თავზე მფრინავ შავ ყორანს, რომლის შიშით
მერცხალი ვერ ნახულობს სამზეოს. მერცხალი, რომელიც, თუ აკაკის დავუჯერებთ,
გაზაფხულს მოყავს, ცვლილებისა და განახლების ჟამს. ავტორის შემოქმედების
ეტლი აწ უკვე ტაძართან ჩერდება. იქ, სადაც ,,ლექსი და ფრესკა უზადო არის
ჭირთ-ჭირთა-გამძლები.“ ლადო სულაბერიძე გამონაკლისი არ არის, საღვრთო
სავანე ყოველ კალმოსანს ახსენებს საკუთარ ქნარს და იმ მოვალეობას , რომელიც
საპყარს ქვეყნის ფორმირების პროცესში გააჩნია. პოეტს გაუსიგრძეგანებია , რომ
ამ მიწაზე მილეულ თითოეულ პოეტს სისხლით ეწერა ლექსები, რადგან
,,აწვალებდა მას სიკვილამდე, ქართული მზე და ქართული მიწა.“ ავტორისთვის ეს
არის მგოსნობის ფასი, მაგრამ თვითმკვლელობას არ აპირებს და გლეხთა
სამყოფისკენ მიმართავს სადავეებს. ხარისა და გუთნის სავანე ავტორის ფიქრთა
რბენის საბოლოო გაჩერებაა. სოფელი უგლეხოდ და გლეხი უსოფლოდ
ოქსიმორონია, რადგან მშრომელთ მიწაზე აქვთ ფრთები აშლილი. იცის ავტორმა,
იცის, რომ ეს რგოლები ერთი ჯაჭვის ნაწილია. მაშასადამე, სწორედ ამ ჯაჭვის
წარმოჩენას უნდა ემსახურებოდეს ლექსი- სოფელი მაშინაა ძლიერი, თუ თავკაცი
თავკაცობს, გლეხი გლეხობს და ოსტატი ოსტატობს.
სოფლის შენებისთვის თქმა რომ საკმარისი არ არის, პოეტმა ბრწყინვალედ
უწყის. რა სჭირდება სოფელს სიძლიერისთვის?- დაკვირვებული მკითხველის
მთავარი კითხვაა, რომელსაც გულთმისანი პოეტი ლილეს უხუნებს და არც
ამომწურავ პასუხს არ აყოვნებს. პირველ ყოვლისა, ქვეყანამ ძლიერი პარციფალი
უნდა გამოზარდოს, რადგან თემი ისე ,,ძნა არის დაშლილი,“ რომლის შეკონებით
გული ფოლადად იქცევა და ,,ღრუბელთა ხათქათუქთიც“ შავი ყორნის გზას
ადგება. ავტორი სამართლიანად შენიშნავს, რომ ,,მეფეც არის და მეფეცა“:
ციციკორეს სახება სოფელს კიდევ უფრო დაამუნათებს, დააქეციანებს წარსულის
ძახილს მერმისსაც გადააწვდენს.
სოფელს ოსტატიც სჭირდება,ვისაც ყველაზე მეტი მტერი ჰყავს, ვინც
ალიზით დახურულ ქვეყანას შეაბათქაშებს და კირით გაამყარებს. ლექსი
მეომრებს ძალას მატებს : ,,სიმღერა საუკუნეების სოფლის ფრთით გადაუფრენსო.“
დანაშაულია, ოსტატში მხოლოდ საღვრთო აღმწერნი და საბანისძის სულიერი
შვილები მოვიაზროთ. უმნიშვნელოვანესია ციხე-მონასტერთა აგებაც , რომელიც
სოფელს აძლიერებს და მტერს სულს უბზარავს, ფლეთს, აზანზარებს
ჩამოღვრილი მირონით. ამიტომ აელვებს ავტორი კალამს ოსტატებზე , ამიტომ
უმღერს დითირამბებს თავკაცებს, ამიტომ გამოკვეთს გლეხობის ძალის
მნიშვნელობას, რომელთა ოფლით ირწყვება ქვეყნის ყვავილი- ,,გუთნის დედა“
ხალისობს, ახალისებს ქვეყანას. პოეტი ღაღადებს, ევედრება ოსტატთა
საჭრეთელს, მეომართა ხმალს, გლეხთა ბარს, რომ შეინარჩუნოს მოძრაობა,
რომელიც ილიას თქმით, ქვეყნისთვის ძალის მიმცემია. ძალის, რომელიც შობს
ერთიანობას, პოეტის შემოქმედების ალგორითმს.
რასაკვირველია, ლექსის გრაფიკული სისადავე შინაარსობრივ ერისიონს
სიმეტრიულად ვერ შეერწყმებოდა, რომ არა პოეტის ინდივიდუალური მანერა და
ტროპთა მრავალფეროვანი ასორტიმენტი. ავტორი მარტივი ენით, ცვალებადი
რითმებით წერს, მკითხველის ყოველ შეკითხვას უშუალოდ პასუხობს, რის გამოც
უფრო მარტივად იმორჩილებს ზემოხსენებულის ცნობიერს და სასურველი
მიმართულებით მიაპყრობს. ლადო სულაბერიძე არცერთხელ არ ახსენებს
სიტყვა ,,ქვეყანას.“ უფრო მცირე სივრცეში აზოგადებს ლოგიკურ სათქმელს,
მეტაფორულად აპატარავებს მონუმენტურ სივრცეს, რათა მკითხველის გულის
ფიცარზე ღრმად ამობეჭდოს იგი. ,,უთავო სოფლის ზეცაზე ღრუბელთა
ხათქახუთქია“- რა ძლიერი მეტაფორაა, როგორ ხატოვნად და ზედმიწევნით
გამოხატავს ამორფულ რეალობას, რომელიც აძლიერებს სათქმელს და შემდგომი
ტაეპებისკენ მიგვერეკება. ლექსში ვხვდებით გაჩუმების მაგალითსაც . თითქოს
ავტორს სურს ხალხის სიბრძნესთან შევჩერდეთ, ჩვენვე ვივარაუდოთ, თუ რას
გულისხმობს და მხოლოდ ამის შემდეგ ვეზიაროთ წმინდა ემბაზით ავტორის
მთავარ სათქმელს. უღიმღამო სოფლის აღწერისას პოეტი ხლართავს უეცარ
ალუზიას: ,,ჰო, ზოგს მარჯვენა მოჰკვეთეს...“ სხვა ვინ, თუ არა კოსტანტინე არსაკიძე
იქნებოდა ხუროთა აპოთეოზური გამოვლინება-ის თამასა, რომელსაც ყოველი
ოსტატი უნდა ელტვოდეს.
ლექსი არ არის უამრავის ერთობა, ის ერთის უამრავობაა. ეს ხდის მას
განსაკუთრებულად განსხვავებულსა და განსხვავებულად განსაკუთრებულს . ტაეპ -
ტაეპ გამოზრდილი იდეა, გაუნაზებელი და კონტურშეუცვლელი მსჯელობა- ეს
ყოფილა ლადო სულაბერიძის შემოქმედებითი კრედო.

You might also like