You are on page 1of 448

1 მკითხველთა ლიგა

ჯეინ ოსტინი

grZnoba da goneba

ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ

1 მკითხველთა ლიგა
ჯეინ ოსტინი (1775-1817)

ბრიტანულ ლიტერატურაში რეალიზმის წინამორბედად მიჩნეული


მწერალი ქალის, ჯეინ ოსტინის ნაწარმოებები სიუჟეტის სიმარტივით,
პერსონაჟების სულიერ სამყაროში ღრმა ფსიქოლოგიური წვდომითა
და ირონიული, რბილი, ჭეშმარიტად “ინგლისური” იუმორით
გამოირჩევა. ისინი დიდი ბრიტანეთის კოლეჯებისა და
უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამის განუყოფელი ნაწილია და
უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ბევრი ქვეყნის მკითხველთა
ფართო წრეებში, მათ შორის, საქართველოშიც.
მწერალი ძველი კენტური ოჯახის შვილის, სამრევლო მღვდლის,
ჯორჯ ოსტინის ოჯახში, ჰემპშირის საგრაფოს პატარა ქალაქ
სტივენტონში დაიბადა. რვაშვილიან ოჯახში ბოლოდან მეორე იყო; 6
ძმა და ერთი და – კასანდრა ჰყავდა.
ძმებთან კარგი ურთიერთობის მიუხედავად, ჯეინს
განსაკუთრებული მეგობრობა დასთან აკავშირებდა. მშობლებმა
ისინი სასწავლებლადაც ერთად გაამწესეს და დებმა 1783-დან 1786
წლამდე პერიოდი ოქსფორდში, საუთჰემპტონსა და რედინგში
გაატარეს, მაგრამ სკოლებზე უკეთესი განათლება მაინც ოჯახში,
მამის მეთვალყურეობით მიიღეს. ჯორჯ ოსტინი შვილებს საკითხავ
ლიტერატურას ურჩევდა და კარგი გემოვნება ჩამოუყალიბა.
უცნაურია, მაგრამ ცნობები მწერალი ქალის ბიოგრაფიის შესახებ
ძალზე მწირია. ცნობილია, რომ ცხოვრების უმეტესი ნაწილი მან
პროვინციაში გაატარა, ლონდონში იშვიათად ჩადიოდა, მაგრამ
ბუნებრივია, გულგრილი არ დარჩენილა მშფოთვარე დროის
მოვლენების – ნაპოლეონის ომების, ჩრდილოეთ ამერიკაში
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, ინგლისში მიმდინარე
სამრეწველო რევოლუციის მიმართ. ჯეინ ოსტინს აქტიური მიმოწერა
ჰქონდა ძმებთან და რძლებთან, ნათესავებთან, რომლებიც

2
ისტორიული კატაკლიზმების მონაწილენიც იყვნენ. მისი ძმები,
ჩარლზი და ფრენსისი საფრანგეთთან ომში მონაწილეობდნენ,
რძლის – ჰენრის ცოლის, ფრანგი ელიზა დე ფეიდის ცხოვრებაზე
დიდი გავლენა იქონია საფრანგეთის რევოლუციამ, ხოლო კასანდრას
საქმრო, ახალგაზრდა მღვდელი თომას ფაული უესტ-ინდოეთში ე.წ.
ყვითელმა ციებამ იმსხვერპლა...
და მაინც, თუმცა ნათესავებთან მიმოწერა ჯეინს
შემოქმედებისთვის მდიდარ მასალას აწვდიდა, მის რომანებში ვერ
შეხვდებით საომარი მოქმედებების აღწერასა თუ რევოლუციური
მოვლენების ასახვას, უფრო მეტიც – მოქმედება ინგლისის ფარგლებს
არასდროს სცილდება.
ჯეინსაც და კასანდრასაც პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა.
კასანდრას საქმრო შორეულ მხარეს იმ იმედით გაემგზავრა, რომ
დასაქორწინებლად საჭირო ფულს იშოვიდა, მაგრამ ვერაგმა სენმა
მოუსწრაფა სიცოცხლე, და საცოლეს, რომელიც მაშინ 24 წლის იყო,
ვეღარ დაუბრუნდა. ჯეინს კი 20 წლის ასაკში ჰქონდა რომანი
მეზობელთან, სტუდენტ-იურისტ თომას ლეფროისთან, რომელიც
შემდგომში, ირლანდიის უზენაესი ლორდი-მოსამართლე გახდა,
მაგრამ მათი ქორწინება ვერ შედგა: ორივეს ოჯახი შედარებით
ხელმოკლე იყო, იმ დროს კი შვილების ქორწინება მატერიალური
მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთ რეალურ საშუალებად
ითვლებოდა.
ჯორჯ ოსტინის გარდაცვალების შემდეგ ოჯახს კიდევ უფრო
გაუჭირდა. ჯეინი მთელი ოჯახისთვის სამოსს კერავდა და დედას
საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა.
1817 წლის ზაფხულში უინჩესტერში, ადისონის დაავადებისგან
სამკურნალოდ გაემგზავრა და 18 ივლისს იქვე გარდაიცვალა.
უკანასკნელი რომანი – “სენდიტონი” (თავდაპირველი სახელწოდება
– “ძმები”) დაუსრულებელი დარჩა. დაკრძალულია უინჩესტერის
ტაძარში.

3
თავი 1

დეშვუდების ოჯახი მიეკუთვნებოდა უძველეს გვარს, რომელიც


სასექსში დიდ მამულს, სახელად ნორლენდ-პარკს ფლობდა. ამ
ოჯახის მრავალი თაობა დარბაისლურად ცხოვრობდა მათი
კუთვნილი მიწების შუაგულში მდებარე დიდ სახლში და მეზობლებს
შორის კარგი რეპუტაციით სარგებლობდა. მამულის უკანასკნელი
მფლობელი გახლდათ მარტოხელა ჯენტლმენი, რომელმაც ძალიან
დიდხანს იცოცხლა და თავისი ცხოვრების მრავალი წლის
განმავლობაში მუდმივ მრჩევლად და მეგობრად თავისი და ჰყავდა.
ქალი საოჯახო საქმეებს უძღვებოდა, მაგრამ ის ძმაზე ათი წლით ადრე
გარდაიცვალა და ამას სახლში დიდი ცვლილებები მოჰყვა. მარტო
დარჩენილმა ჯენტლმენმა, დანაკლისის შესავსებად, სახლში თავისი
ძმისშვილი – მისტერ ჰენრი დეშვუდი – მამულის ერთადერთი
კანონიერი მემკვიდრე მიიწვია ოჯახთან ერთად. სწორედ მისთვის
აპირებდა, ქონება ეანდერძებინა. ძმისშვილის, მისი ცოლისა და
შვილების გარემოცვაში მოხუცი ჯენტლმენის დღეები სასიამოვნოდ
მიედინებოდა და ნათესავების მიმართ მისი სიყვარული სულ უფრო
იზრდებოდა. მისტერ და მისის დეშვუდები ზრუნვასა და ყურადღებას
არ აკლებდნენ და ყველა სურვილს უსრულებდნენ. ამას ისინი არა
იმდენად ანგარების გამო, არამედ უფრო თავიანთი გულკეთილობით
აკეთებდნენ. ბავშვების მხიარულება კიდევ უფრო ახალისებდა და
ართობდა მოხუცს.
მისტერ ჰენრი დეშვუდს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟიშვილი,
მეორე ცოლისგან კი სამი ქალიშვილი ჰყავდა. ვაჟი სოლიდური
ახალგაზრდა კაცი გახლდათ, გვარიანად მდიდარი, რადგან
ოცდაერთი წლის ასაკში განსვენებული დედის ქონების ნახევარი
ერგო. ამის შემდეგ მალე ის დაქორწინდა, რის შედეგადაც კიდევ
უფრო მდიდარი გახდა. ამიტომ ნორლენდის მამულის შემდგომი ბედი

4
მისთვის უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მისი
დებისათვის, რომელთა ქონება საკმაოდ მცირე იქნებოდა, თუ მათი
მამა ამ მემკვიდრეობას ვერ მიიღებდა. მათ დედას საკუთარი ქონება
არ გააჩნდა, მამას კი მხოლოდ შვიდი ათასი გირვანქა სტერლინგი
ჰქონდა, რამდენადაც მისი პირველი ცოლისგან დატოვებული
მემკვიდრეობის ნაწილი ასევე ვაჟიშვილს ეკუთვნოდა, ის კი მხოლოდ
პროცენტებს იღებდა ამ კაპიტალიდან მთელი ცხოვრების
განმავლობაში.
მოხუცი ჯენტლმენი გარდაიცვალა. მისი ანდერძი წაიკითხეს და
როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ამას სიხარულიც მოჰყვა და
იმედგაცრუებაც. აწ განსვენებული არც იმდენად უსამართლო იყო და
არც იმდენად უმადური, რომ თავისი ძმისშვილისთვის არაფერი
დაეტოვებინა. თუმცა, მემკვიდრეს მამული ისეთი პირობით
გადაეცემოდა, რომ მისი ღირებულება სანახევროდ უფასურდებოდა.
მემკვიდრეობის მიღება ჰენრი დეშვუდს საკუთარი თავისა ან
ვაჟისათვის კი არ სურდა, არამედ ცოლისა და ქალიშვილებისათვის,
არადა, მოხუცმა თავისი ქონება სწორედ მის ვაჟს და მისი ვაჟის
პატარა, ოთხი წლის ბიჭს დაუტოვა. ბიძამ ძმისშვილს ხელ-ფეხი
შეუკრა სხვადასხვა შეზღუდვით, რომლებიც მას საშუალებას
ართმევდა, უზრუნველეყო ისინი, ვინც განსაკუთრებით უყვარდა და
ვისაც ფული განსაკუთრებით სჭირდებოდა. ანდერძი კრძალავდა
მამულის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენებას, ტყის გაყიდვას.
ყველაფერი ისე იყო გაკეთებული, რომ დროთა განმავლობაში
მთელი ქონება ხელუხლებლად გადასულიყო ჰენრის შვილიშვილის
ხელში. პატარა ბიჭმა, რომელიც მშობლებთან ერთად ნორლენდს
დროდადრო სტუმრობდა, მოახერხა, თავისი დიდი ბაბუის ძმისათვის
თავი იმდენად შეეყვარებინა ორი-სამი წლის ბავშვებისათვის ისეთი,
არცთუ უცნაური რამეებით, როგორიცაა ბავშვური ტიტინი,
შეუპოვრობა საკუთარი ჟინის გატანისას და სხვადასხვა ეშმაკური
ხრიკი, რომ მათ თავისუფლად გადაწონეს მთელი ის მზრუნველობა
და ყურადღება, რომლითაც მოხუცი ჰენრის ცოლისა და
5
ქალიშვილებისგან იყო გარემოცული. თუმცა, განსვენებულს არც
მათი განაწყენება უფიქრია და კეთილგანწყობის ნიშნად თითოეულს
ათასი გირვანქა სტერლინგი დაუტოვა.
თავიდან ჰენრი დეშვუდი ლამის სასოწარკვეთილებაში ჩავარდა,
მაგრამ შემდეგ მან, ბუნებით ოპტიმისტმა და მხიარულმა კაცმა,
გადაწყვიტა, რომ წინ ბევრი დრო ჰქონდა და თუ ეკონომიურად
იცხოვრებდა, შეძლებდა გადაედო გარკვეული თანხა მამულის
შემოსავლებიდან, რომელიც უკვე საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ
გარკვეული ცვლილებების შეტანით მისი კიდევ უფრო გაზრდის იმედი
ჰქონდა. თუმცა ქონება ძალიან გვიან გადავიდა მის ხელში და,
როგორც აღმოჩნდა, – მხოლოდ ერთი წლით. სწორედ ამდენ ხანს
იცოცხლა მან ბიძის სიკვდილის შემდეგ და მის ქვრივსა და
ქალიშვილებს მემკვიდრეობით სულ ათი ათასი გირვანქა სტერლინგი
დარჩათ იმ სამი ათასის ჩათვლით, რომელიც ქალიშვილებს ბაბუის
ძმამ დაუტოვა. როგორც კი ნათელი გახდა, რომ მისტერ დეშვუდის
ავადმყოფობა ძალზე სერიოზული იყო, ამის შესახებ მის ვაჟიშვილს
შეატყობინეს. მთელი ძალითა და მონდომებით, რაც კი ასეთ მძიმე
მდგომარეობაში მყოფმა შეძლო, ჰენრიმ თავის ვაჟს მიანდო დებსა და
დედინაცვალზე ზრუნვა.
მისტერ ჯონ დეშვუდი, თავისი ოჯახის დანარჩენი წევრებისაგან
განსხვავებით, განსაკუთრებით ძლიერი გრძნობით არ გამოირჩეოდა,
მაგრამ მომაკვდავი მამის თხოვნამ გაჭრა და პირობა დადო, რომ
მათი კეთილდღეობისათვის ყველაფერს გააკეთებდა, რაც კი
შეეძლო.
ამან მომაკვდავს უკანასკნელი წუთები შეუმსუბუქა, მისტერ ჯონს
კი დრო მისცა, კარგად აეწონ-დაეწონა, თუ რისი გაკეთება შეეძლო
ისე, რომ გონივრულობის ფარგლებს არ გასცდენოდა.
ის უგულო ადამიანი არ გახლდათ, თუ, რა თქმა უნდა,
გულცივობას და ეგოისტობას უგულობად არ ჩავთვლით. ეს ფრიად
პატივცემული ახალგაზრდა კაცი ჩვეულებრივ სიტუაციებში სავსებით
წესიერად იქცეოდა. უფრო კეთილი გულის ქალზე რომ
6
დაქორწინებულიყო, შეიძლებოდა, თვითონაც კიდევ უფრო წესიერი
და იქნებ კიდევ უფრო კეთილი ადამიანიც კი გამხდარიყო. ის ხომ
ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა დაქორწინდა და ცოლი ძალიან
უყვარდა. მაგრამ მისის ჯონ დეშვუდი თავისი ქმრის მსგავსი
აღმოჩნდა – მისი გაუარესებული კარიკატურა, მასზე უფრო
გონებაშეზღუდული და ეგოისტი.
როცა მამას პირობას აძლევდა, ფიქრობდა, თითოეული დის
ქონებას ათას გირვანქა სტერლინგს დავამატებო. მაშინ
დარწმუნებული იყო, რომ ამის გაკეთება არ გაუჭირდებოდა.
წელიწადში ოთხი ათასი გირვანქა სტერლინგის მიღების
პერსპექტივა, დედის მემკვიდრეობის მეორე ნახევარზე რომ არაფერი
ვთქვათ, გულზე სალბუნად ედებოდა და ხელგაშლილობისკენ
უბიძგებდა. ჰო, სამი ათას გირვანქა სტერლინგს აჩუქებს მათ და ეს
გულუხვობის ჟესტი იქნება მისი მხრიდან. ეს ფული საკმარისი იქნება
მათთვის კარგი ცხოვრების უზრუნველსაყოფად. სამი ათასი გირვანქა
სტერლინგი! მას შეუძლია, ასეთი დიდი თანხა გასცეს ისე, რომ ეს
მისთვის დიდი არაფერი ზარალი იქნება. მთელი დღეების
განმავლობაში ამაზე ფიქრობდა და არ ნანობდა, რომ ასეთი
გადაწყვეტილება მიიღო.
მამამთილის დაკრძალვიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ მისის
ჯონ დეშვუდი, ისე, რომ თავისი დედამთილი არც გაუფრთხილებია,
ნორლენდში ჩავიდა ბავშვთან და მსახურებთან ერთად. ამის სრული
უფლება ჰქონდა, ვერავინ შეედავებოდა და ვერავინ გაკიცხავდა.
სახლი ხომ მის ქმარს ეკუთვნოდა, იმ წუთიდან მოყოლებული,
როგორც კი მამამისი გარდაიცვალა. მაგრამ ეს გარემოება კიდევ
უფრო აშკარად წარმოაჩენდა მისი ამ საქციელის
არადელიკატურობას, რაც მსგავს სიტუაციაში მტკივნეული იქნებოდა
ისეთი ქალისთვისაც კი, რომელიც განსაკუთრებით ფაქიზი ბუნებით
არ გამოირჩეოდა. მისის დეშვუდს კი ისეთი მაღალი წარმოდგენა
ჰქონდა ღირსებაზე და ისეთი რომანტიკული – კეთილშობილებაზე,
რომ ასეთი საქციელი მასში მხოლოდ ზიზღს გამოიწვევდა. მისის ჯონ
7
დეშვუდი თავისი ქმრის ნათესავების განსაკუთრებული სიყვარულითა
და პატივისცემით არასოდეს სარგებლობდა, მაგრამ აქამდე მას
შემთხვევა არ მისცემია ეჩვენებინა, რამდენად აგდებული
დამოკიდებულება შეიძლებოდა ჰქონოდა ადამიანების მიმართ, როცა
ეს მისთვის ხელსაყრელი იყო.
რძლისგან ასეთი უპატივცემულობა მისის დეშვუდის აღშფოთებას
იწვევდა და ის იმდენად ეზიზღებოდა, რომ მისი ჩამოსვლისთანავე
მზად იყო, სახლი სამუდამოდ დაეტოვებინა, რომ არა მისი უფროსი
ქალიშვილის რჩევები. შვილის არგუმენტებმა ის აიძულა
დაფიქრებულიყო, რამდენად მართებული იქნებოდა წასვლა ასეთ
სიტუაციაში. ბოლოს, თავისი გოგონების მიმართ ძლიერმა
სიყვარულმა გადააწყვეტინა, დარჩენილიყო და მათ ძმასთან
ურთიერთობა არ გაეწყვიტა.
ელინორს, დებს შორის უფროსს, რომლის რჩევა ასეთი ეფექტიანი
აღმოჩნდა, ცოცხალი გონება და საღი განსჯის უნარი ჰქონდა, რამაც
მას საშუალება მისცა, ცხრამეტი წლის ასაკში დედის მრჩეველი
გამხდარიყო. ხშირად სწორედ ელინორი აკავებდა იმპულსურ მისის
დეშვუდს რაიმე წინდაუხედავი საქციელისაგან. მას კეთილი გული
ჰქონდა, გრძნობები კი – ძალიან ძლიერი, მაგრამ მათი მართვა
შეეძლო. ასეთი უნარი დედამისს არ გააჩნდა, ერთ-ერთმა დამ კი
მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ის არც არასოდეს დასჭირდებოდა.
მარიანა თავისი შესაძლებლობებით ელინორს ბევრ რამეში არ
ჩამოუვარდებოდა, მასავით გონიერი და მგრძნობიარე იყო, მაგრამ
ბევრად უფრო დაუდეგარი და მოუთმენელი ყველაფერში,
მწუხარებასა თუ სიხარულში საზღვარი არ იცოდა. დიდსულოვანი,
კეთილი, საინტერესო – ყველაფერი, ოღონდ არა კეთილგონიერი –
საოცრად ჰგავდა დედამისს.
ელინორს აშფოთებდა ის, რომ მისი და მეტისმეტად მგრძნობიარე
იყო, მისის დეშვუდი კი მის ამ თვისებას ძალიან აფასებდა და
ელოლიავებოდა. ახლა ის და მარიანა ერთმანეთში ტკივილის კიდევ
უფრო გაძლიერებას უწყობდნენ ხელს. მწუხარება აუტანელი
8
დანაკარგის გამო, რამაც მაშინ მათი გულები აავსო, ახლა მათივე
ნებით კვლავ და კვლავ უბრუნდებოდა. გლოვამ მთლიანად მოიცვა
მათი არსება. ისინი მტკიცედ უარყოფდნენ იმის შესაძლებლობასაც
კი, რომ შეიძლებოდა ოდესმე, თუნდაც ძალზე შორეულ მომავალში,
ნუგეშცემულნი ყოფილიყვნენ. ელინორიც მთელი გულით
გლოვობდა, მაგრამ საკუთარ თავს ებრძოდა და ცხოვრებას
განაგრძობდა. მას შეეძლო ესაუბრა თავის ძმასთან, შეეძლო
შეხვედროდა მის ცოლს და სათანადო ყურადღება გამოეჩინა მის
მიმართ. ცდილობდა, მსგავსი დამოკიდებულება დედამისსაც
გასჩენოდა ცხოვრების მიმართ, უნდოდა ესწავლებინა მისთვის
ცხოვრების ისეთად მიღება, როგორიც ის არის.
მარგარეტს, მესამე დას, იუმორის შესანიშნავი გრძნობა და
კეთილი გული ჰქონდა. მან უკვე მოასწრო შეესისხლხორცებინა
საკმაოდ დიდი წილი მარიანას რომანტიკულობისა, თუმცა ჭკუა-
გონებით მას ჩამორჩებოდა და, საერთოდ, ცამეტი წლის ასაკში
უფროს დებს ვერ უტოლდებოდა.

9
თავი 2

მისის ჯონ დეშვუდმა ნორლენდის დიასახლისად საკუთარი თავი


ოფიციალურად გამოაცხადა, მისი ქმრის დედინაცვალი კი თავის
ქალიშვილებთან ერთად სტუმრებად იქცნენ. თუმცა დიასახლისის
რანგშიც ის მათ ცივი თავაზიანობით ექცეოდა, მისი ქმარი კი –
კეთილად, რაც კი შეეძლო, როცა საქმე მას და მის ოჯახს არ ეხებოდა.
დაჟინებით და სრულიად გულწრფელად სთხოვდა მათ, ნორლენდი
საკუთარ სახლად ჩაეთვალათ. და მისი წინადადება მიღებულ იქნა,
სულ ცოტა, მანამდე მაინც, სანამ მისის დეშვუდი სადმე ახლომახლო
სახლს არ იპოვიდა თავისი ოჯახისათვის.
ყოფნა იქ, სადაც ყველაფერი წარსულ ბედნიერ ცხოვრებას
მოაგონებდა – აი, რას მოითხოვდა მისი ბუნება. თავისი ცხოვრების
უღრუბლო ხანაში ის ყველაზე მხიარული იყო და ყოველთვის
მომავალი ბედნიერების იმედი ჰქონდა, რაც უკვე თავისთავად არის
ბედნიერება. მწუხარებასაც ასევე ბოლომდე ეძლეოდა და
მანუგეშებელი სიტყვებიც კი არ სურდა არავისგან ისე, როგორც
არავის აძლევდა უფლებას, მისი სიხარული რაიმეთი დაეჩრდილა.
მისის ჯონ დეშვუდი სულაც არ იწონებდა ქმრის გადაწყვეტილებას
თავისი დების დახმარების შესახებ. როგორ? სამი ათასი გირვანქა
სტერლინგი უნდა წაერთმიათ თავიანთი ძვირფასი პატარა,
ერთადერთი ბიჭუნასთვის? ეს ხომ უზარმაზარი ზარალი იქნებოდა. ის
ქმარს სთხოვდა, გონს მოსულიყო. რა გამართლება შეიძლებოდა
ჰქონოდა საკუთარი ვაჟის ასე უმოწყალოდ გაძარცვას? და როგორ
შეეძლოთ დეშვუდის დებს, ამოდენა თანხის მიღების იმედი
ჰქონოდათ, ისინი ხომ ნახევრად დები იყვნენ, ამას კი ის ნათესაობად
არც კი თვლიდა. რატომ უნდა მოეკლოთ ფული საკუთარი
ოჯახისათვის, თავიანთი პატარა, საწყალი ჰარისათვის და რატომ
უნდა მიეცა ის თავისი ნახევარდებისთვის?

10
– სასიკვდილო სარეცელზე მამაჩემის უკანასკნელი თხოვნა იყო, –
უპასუხა ქმარმა, – მის ცოლსა და ქალიშვილებს დავხმარებოდი.
– მან არც კი იცოდა, რას ლაპარაკობდა. ათს ჩამოვალ ერთის
წინააღმდეგ, რომ ის იმ დროს ბოდავდა. სრულ ჭკუაზე რომ
ყოფილიყო, აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ საკუთარი
ვაჟიშვილისთვის ქონების ნახევარი წაერთმია.
– მას ზუსტი თანხა არ დაუსახელებია, ჩემო ძვირფასო ფანი.
მხოლოდ ის მთხოვა, მათ დავხმარებოდი და უფრო კომფორტული
ცხოვრება შემექმნა მათთვის, ვიდრე მან შეძლო. ამას მაინც
გავაკეთებდი, მას სულაც რომ არ ეთხოვა. ნუთუ ფიქრობდა, რომ მათ
ბედის ანაბარა დავტოვებდი? მაგრამ რადგან მთხოვა, დამპირდიო, მე
არ შემეძლო უარი მეთქვა. ყოველ შემთხვევაში, იმ დროს ასე
ვფიქრობდი. როგორც არ უნდა იყოს, პირობა მივეცი და ის უნდა
შესრულდეს. რაღაც უნდა გავაკეთო მათთვის, როცა ნორლენდს
დატოვებენ და ახალ სახლში გადავლენ.
– ჰოდა, რაღაც გააკეთე, მაგრამ ეს “რაღაც” სამი ათასი გირვანქა
სტერლინგი რატომ უნდა იყოს? აბა, იფიქრე, – დასძინა მან, – თუ
ფული შენგან გავა, მას უკან ვეღარასოდეს დაიბრუნებ. შენი დები
გათხოვდებიან და ფული სამუდამოდ დაიკარგება. რა თქმა უნდა, ის
რომ ოდესმე მაინც ჩვენს პატარა, საწყალ ბიჭს უბრუნდებოდეს ...
– ჰო, რა თქმა უნდა, – ძალიან სერიოზულად უპასუხა ქმარმა, – ეს
უკვე სულ სხვა რამე იქნებოდა. შეიძლება დადგეს დრო, როცა ჰარი
ინანებს, რომ ასეთი დიდი თანხა გავეცით. მაგალითად, იმ
შემთხვევაში, თუ მას ბევრი ბავშვი ეყოლება, ეს ფული სწორედ რომ
მისწრება იქნება.
– რა თქმა უნდა.
– ჰოდა, მაშინ ყველასთვის უკეთესი იქნება, თუ ამ თანხას
გავანახევრებთ. ხუთასი გირვანქა სტერლინგიც ხომ მათ ქონებას
მნიშვნელოვნად გაზრდის.

11
– ძალიან მნიშვნელოვნად. ან რომელ ძმას მიუცია ასეთი თანხა
თავისი დებისათვის, თუნდაც ნამდვილი დებისათვის. ესენი კი
ნახევრად დები არიან. შენ ბუნებით ხარ ასეთი გულუხვი.
– არ მინდა, სიძუნწე გამოვიჩინო, – უპასუხა ქმარმა, – ასეთ
შემთხვევაში ყოველთვის ჯობია მეტი მისცე, ვიდრე დააკლო. ვერავინ
უნდა თქვას, რომ მათთვის არ გავაკეთე, რაც საჭირო იყო. თვითონ
ისინიც არა მგონია, მეტს მოელოდნენ.
– ისინი რას მოელიან, ჩვენ არ ვიცით, – უპასუხა ცოლმა, – მაგრამ
მათ არავინ ეკითხება. საქმე ისაა, შენ რისი საშუალება გაქვს.
– რა თქმა უნდა. და მე ვფიქრობ, რომ შემიძლია თითოეულ
მათგანს ხუთასი გირვანქა სტერლინგი მივცე. თუმცა ამ დანამატის
გარეშეც ხომ ისინი დედის გარდაცვალების შემდეგ სამი ათას
გირვანქა სტერლინგს მიიღებენ. საკმაოდ დიდი თანხაა ახალგაზრდა
გოგონასათვის.
– დიდი თანხაა, აბა, რა! და ახლა უცებ თავში მომივიდა, რომ
არავითარი დამატება არ სჭირდებათ შენგან. მათ ხომ ათი ათასი
გირვანქა სტერლინგი უნდა გაიყონ. თუ გათხოვდებიან, ეჭვი არ არის,
მდიდრებს გაჰყვებიან. და თუ არა და, ათი ათასი გირვანქა
სტერლინგის პროცენტებით მშვენივრად იცხოვრებენ.
– სავსებით მართალი ხარ. და, ვფიქრობ, თუ ყველაფერს
გავითვალისწინებთ, უფრო გონივრული იქნება, მათთვის კი არა,
მათი დედისთვის გავაკეთოთ რამე, სანამ ცოცხალია. მე ვგულისხმობ,
წლიური მუდმივი თანხა რომ დავუნიშნოთ. ეს ჩემი დებისთვისაც
ისევე კარგი იქნება, როგორც თვითონ მისთვის. წელიწადში ასი
გირვანქა სტერლინგით სავსებით უზრუნველყოფილი ცხოვრება
ექნებათ.
მაგრამ ცოლი შეყოყმანდა. ამ გეგმის მოწონებას არ ჩქარობდა.
– რა თქმა უნდა, ეს უკეთესია, ვიდრე თითოეულს ხუთასი
გირვანქა სტერლინგი ერთბაშად გადავუხადოთ, მაგრამ თუ მისის
დეშვუდი კიდევ თხუთმეტ წელს იცოცხლებს, ჩვენ ზუსტად იმავე
თანხას ვიზარალებთ.
12
– თხუთმეტი წელი! ჩემო ძვირფასო ფანი, ის ხომ ამის ნახევარსაც
ვერ იცოცხლებს.
– უდავოდ ასეა, მაგრამ შენ ალბათ შეგიმჩნევია, რომ ადამიანები,
რომლებიც პენსიას იღებენ, არ კვდებიან. სხვათა შორის,
ჯანმრთელობას საერთოდ არ უჩივის და ორმოცი წელი სულ ახლახან
შეუსრულდა. წარმოიდგინე, ყოველწლიური პენსია! სერიოზულ
თანხასთან გვექნება საქმე. წლიდან წლამდე მოგიწევს გადახდა და
უკვე ვეღარაფერს შეცვლი. შენ აზრზე არა ხარ, რას აკეთებ. ჩემზე
კარგად ვინ იცის მაგ პენსიების საქმე. დედაჩემს სამი პენსიის
გადახდა უწევდა მას შემდეგ, რაც მამამ, თავისი კეთილი გულის გამო,
სამ მოხუც მსახურს დაუნიშნა ანდერძით. ვერც კი წარმოიდგენ, ამის
გამო რა დღეში იყო ჩავარდნილი. წელიწადში ორჯერ, გინდა თუ არ
გინდა, გადაიხადე და თანაც მის გაგზავნაზე იზრუნე. შემდეგ თქვეს,
რომ ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, ცოტა ხნის შემდეგ კი
გაირკვა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. საწყალი დედაჩემი
საშინლად გაიტანჯა. ჩემი შემოსავალი სინამდვილეში მე არ
მეკუთვნისო, ამბობდა. მისი ნაწილი ხომ დედაჩემის გვერდის ავლით
სხვის ჯიბეში მიდიოდა. ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ შეიძლებოდა,
მამა ასეთი უგულო ყოფილიყო. ეს პენსიები რომ არა, დედაჩემი ხომ
უდანაკარგოდ მიიღებდა თავის შემოსავალს. ამან პენსია ისე
შემაზიზღა, რომ ასეთი ვალდებულებით თავის შეზღუდვას არაფრით
დავთანხმდები.
– რა თქმა უნდა, – უპასუხა მისტერ დეშვუდმა, – შენი
შემოსავლიდან ასეთი ყოველწლიური გადარიცხვები ფრიად
უსიამოვნო რამეა. საკუთარი ქონება, როგორც დედაშენმა
სამართლიანად შენიშნა, თითქოს შენ აღარ გეკუთვნის. ეს თავიდან
უნდა ავირიდოთ. ნებაყოფლობით იმის ვალდებულების აღება, რომ
ყოველ ნახევარ წელიწადში ასეთი მსხვილი თანხა გადაიხადო,
დამოუკიდებლობის დაკარგვას ნიშნავს.
– ეჭვიც არ შეგეპაროს. და თანაც, ამისთვის მადლობასაც კი
არავინ გეტყვის. ისინი თავს უზრუნველყოფილად გრძნობენ. ის,
13
რასაც უკეთებ, თითქოს თავისთავად ასეც უნდა იყოს და შენი
მადლიერებიც კი არ არიან. მე რომ შენს ადგილზე ვიყო, მხოლოდ
მაშინ გავაკეთებდი მათთვის რაღაცას, როცა ამას საჭიროდ
ჩავთვლიდი. ყოველწლიური გადახდებით თავს არ
დავივალდებულებდი. ჩვენ ხომ წინასწარ არ ვიცით, რა მოხდება.
იქნებ ამა თუ იმ წელიწადს ისე გაგვიჭირდეს, რომ ასი კი არა,
ორმოცდაათი გირვანქა სტერლინგის გადახდაც ვერ შევძლოთ.
– ჩემო სიყვარულო, შენ სავსებით მართალი ხარ! სულ არ არის
სავალდებულო მუდმივი პენსიის დანიშვნა. ის თანხა, რომელსაც მათ
დროდადრო გამოვუყოფ, უფრო დიდი დახმარება იქნება მათთვის,
ვიდრე ყოველწლიური გადარიცხვები. თუ მუდმივი შემოსავლის
იმედი ექნებათ, უფრო ხელგაშლილად იცხოვრებენ და, შედეგად,
ოდნავადაც კი არ გახდებიან უფრო მდიდრები. ბევრად უფრო
გონივრული იქნება, თუ მათ დროდადრო ორმოცდაათ გირვანქა
სტერლინგს გავუგზავნი საჩუქრად. გაჭირვებაშიც არ იქნებიან და მეც
მამისადმი მიცემულ პირობას შევასრულებ.
– ჰო, რა თქმა უნდა. და სიმართლე ითქვას, დარწმუნებული ვარ,
მამაშენს არც უფიქრია, რომ შენი დებისათვის ფული უნდა
გეჩუქებინა. ის სხვა სახის დახმარებას გულისხმობდა. მაგალითად,
პატარა, მყუდრო სახლის მოძებნას მათთვის და იქ გადასვლაში და
ნივთების გადატანაში დახმარებას, თევზის, ნანადირევის და
სხვადასხვა რამეების გაგზავნას, წლის დროების მიხედვით. თავს
დავდებ, რომ სხვა არც არაფერი ჰქონია აზრად. ძალიან უცნაური და
არაგონივრული იქნებოდა, სხვა რამ ეგულისხმა. წარმოიდგინე, რა
მშვენივრად შეუძლიათ იცხოვრონ შენმა დედინაცვალმა და მისმა
ქალიშვილებმა შვიდი ათასი გირვანქა სტერლინგის პროცენტებით.
გარდა ამისა, თითოეულ გოგოს თავისი ათასი გირვანქა სტერლინგი
აქვს, რაც წლიურად ორმოცდაათ გირვანქა სტერლინგს შემატებთ. რა
თქმა უნდა, ისინი ამ თანხიდან დედას კვების ფულს გადაუხდიან. თუ
ვიანგარიშებთ, გამოდის, რომ მათ ხუთასი გირვანქა სტერლინგი
ექნებათ წელიწადში და ერთი მითხარი, რად უნდა ოთხ ქალს ამაზე
14
მეტი! ამდენი არც სჭირდებათ. მეურნეობის გაძღოლა ხარჯებს
საერთოდ არ მოითხოვს. ან რა გასავალი ექნებათ – არც ეტლები, არც
ცხენები, მსახურებიც თითქმის არ ეყოლებათ. სტუმრების მიღება
მაგათ არ დასჭირდებათ და არც თვითონ გავლენ საზოგადოებაში.
რაზე დაეხარჯებათ ფული? წარმოიდგინე, როგორი უზრუნველი
ცხოვრება ექნებათ. ხუთასი გირვანქა სტერლინგი წელიწადში!
დარწმუნებული ვარ, ამ თანხის ნახევრის დახარჯვაც კი გაუჭირდებათ.
ამიტომ, ხომ ხვდები, აბსურდია იმაზე ფიქრი, მათ კიდევ ფული აჩუქო.
პირიქით, მათთვის უფრო ადვილი იქნება, შენ მოგცენ რაღაც
თავიანთი შემოსავლიდან.
– შენ სავსებით მართალი ხარ, – თქვა მისტერ დეშვუდმა, –
მამაჩემი, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმას გულისხმობდა, რაც შენ თქვი.
ახლა ეს ჩემთვის სრულიად ნათელია და ისღა დამრჩენია, ზუსტად
შევასრულო ჩემ მიერ მიცემული პირობა და აღმოვუჩინო მათ ის
დახმარება, რომლის შესახებაც შენ მეუბნებოდი. როცა დედაჩემი
ჩვენგან წასვლას დააპირებს, სხვა სახლში გადასვლასთან
დაკავშირებულ ყველა პრობლემას მე მივხედავ. ალბათ, ზედმეტი არ
იქნება, თუ მაშინ რაღაც ავეჯსაც ვაჩუქებ.
– ჰო, რა თქმა უნდა, – გამოეპასუხა მისის ჯონ დეშვუდი, – მაგრამ
ერთი რამეა გასათვალისწინებელი: როცა დედაშენი და მამაშენი
ნორლენდში გადავიდნენ, სტენჰილის ავეჯი გაყიდეს, მაგრამ
ფაიფური, თეფშები, დანა-ჩანგალი და თეთრეული დარჩა და,
ანდერძის თანახმად, დედაშენის ხელში გადადის. ამიტომ, როგორც
კი გადავლენ, სახლისთვის თითქმის ყველაფერი ექნებათ.
– ეს მართლა ძალიან საყურადღებო მოსაზრებაა. მართლა
ღირებულ მემკვიდრეობას იღებენ! არადა, სულაც არ იქნებოდა
ზედმეტი, იმ ჭურჭლისთვის, რაც ჩვენ აქ გვაქვს, ცოტაოდენი
ვერცხლეულობა დაგვემატებინა.
– ჰო. და უნდა ითქვას, რომ ჩაის სერვიზი, სხვათა შორის, ჩვენსაზე
ბევრად უკეთესია. ასეთი ფუფუნება, ცოტა არ იყოს, ზედმეტიც კი
იქნება მათ ახალ საცხოვრებელში, სადაც ისინი გადავლენ... მაგრამ
15
რაც არის, არის. მამაშენი მხოლოდ მაგათზე ფიქრობდა. და არ
გეწყინოს, მაგრამ ერთი რამ უნდა გითხრა: შენ სულაც არ ხარ
ვალდებული, მის მიმართ რაიმე განსაკუთრებული მადლიერების
გრძნობა გქონდეს ან მისი უკანასკნელი ნება გინდა თუ არა,
აღასრულო. ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, მას რომ შესძლებოდა,
ყველაფერს, თითქმის ყველაფერს მათ დაუტოვებდა და ჩვენთვის
სულ ცოტა რაიმეს თუ გამოიმეტებდა.
ეს უკანასკნელი არგუმენტი მისტერ დეშვუდს განსაკუთრებით
მნიშვნელოვნად მოეჩვენა. საყოყმანო აღარაფერი ჰქონდა. მას ახლა
მტკიცედ სჯეროდა, რომ მამამისის ქვრივისა და ქალიშვილებისათვის
რაიმეს შეთავაზება, გარდა მეზობლური დახმარებისა, რაზეც მისმა
ცოლმა ელაპარაკა, არა მხოლოდ სრულიად ზედმეტი, არამედ
ერთგვარად უხამსობაც კი იქნებოდა.

16
თავი 3

მისის დეშვუდი ნორლენდში კიდევ რამდენიმე თვე დარჩა, მაგრამ


არა იმიტომ, რომ ფეხს ითრევდა და გადასვლა არ უნდოდა.
მშობლიური გარემო მასში ისეთ ძლიერ გრძნობებს აღარ იწვევდა,
როგორც ადრე. მისმა სულმა გამოცოცხლება დაიწყო და მისი გონება
განუწყვეტლივ აღარ იტანჯებოდა წარსულის მტკივნეული
მოგონებებით. ვეღარ ითმენდა, ისე უნდოდა გადასვლა. დაუღალავად
ეძებდა შესაფერის სახლს ნორლენდთან ახლოს, რადგან მაინც
უჭირდა შორს წასვლა იმ ადგილიდან, სადაც ამდენი ბედნიერი წელი
ჰქონდა გატარებული. მაგრამ ვერაფრით მოახერხა ისეთი სახლის
პოვნა, რომელიც კომფორტსა და მყუდროებაზე მის წარმოდგენას
შეესაბამებოდა და რომელსაც მოიწონებდა მისი კეთილგონიერი
უფროსი ქალიშვილიც, ვისმა საღმა მსჯელობამაც უარი ათქმევინა
რამდენიმე სახლზე, უკვე შეჩერებული რომ ჰქონდა არჩევანი, მაგრამ
ელინორმა მეტისმეტად დიდებად ჩათვალა მათი შეზღუდული
შემოსავლისათვის.
მისის დეშვუდმა ქმრისგან იცოდა მისი ვაჟიშვილის საზეიმო
აღთქმის შესახებ – ეზრუნა მათ კეთილდღეობაზე, რამაც მომაკვდავს
სიცოცხლის უკანასკნელი წუთები შეუმსუბუქა. მას, ისევე როგორც აწ
განსვენებულს, ეჭვიც არ შეჰპარვია ამ დაპირების გულწრფელობაში
და სიხარულით ფიქრობდა თავისი ქალიშვილების მომავალზე.
პირადად ის შვიდი ათას გირვანქა სტერლინგზე გაცილებით ნაკლები
თანხითაც მშვენივრად იცხოვრებდა. საკუთარ თავს საყვედურობდა,
რომ ადრე უსამართლო იყო თავისი გერის მიმართ და არ სჯეროდა,
რომ მას შეეძლო კეთილშობილური საქციელი ჩაედინა. ყურადღებამ,
რომელსაც ის იჩენდა თავისი დებისა და პირადად მის მიმართ, მისის
დეშვუდი დაარწმუნა იმაში, რომ მათი ბედი მისთვის სულერთი არ იყო
და მას უკვე დიდი ხანია თავისი გერის ხელგაშლილობის იმედი

17
ჰქონდა. რძლის მიმართ კი მათი ნაცნობობის პირველივე დღეებიდან
ზიზღით განიმსჭვალა, და ეს გრძნობა მით უფრო ღრმავდებოდა, რაც
უფრო უკეთ ეცნობოდა მას. ამისი საშუალება კი ნამდვილად ჰქონდა,
რადგან ქალები უკვე ნახევარი წელი იყო, ერთად ცხოვრობდნენ.
ხალხის თანდასწრებით ისინი ცდილობდნენ შთაბეჭდილება
შეექმნათ, რომ ერთმანეთთან ნათესაური დამოკიდებულება
ჰქონდათ; სინამდვილეში კი უკვე დიდი ხნის წინ მიიღებდნენ
გადაწყვეტილებას, რომ მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელი იყო,
რომ არა ერთი გარემოება, რომელიც, მისის დეშვუდის აზრით, მის
ქალიშვილებს აიძულებდა, ნორლენდში დარჩენილიყვნენ.
ეს გარემოება გახლდათ სულ უფრო მზარდი სიახლოვე მის უფროს
ქალიშვილსა და მისის ჯონ დეშვუდის ძმას, ძალიან სასიამოვნო
ახალგაზრდა კაცს შორის, რომელიც ძალიან მალე გამოჩნდა ოჯახში
მისი დის ნორლენდში დასახლებიდან და მას შემდეგ თავისი
თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს იქ ატარებდა.
ზოგიერთ დედას მერკანტილური მოსაზრებებით შეიძლებოდა
ახალგაზრდების დაახლოება წაეხალისებინა – ედვარდ ფერარსი ხომ
უფროსი ვაჟიშვილი იყო მდიდარი ჯენტლმენისა, რომელიც ცოტა ხნის
წინ გარდაიცვალა. მეორე მხრივ, სხვებს შეიძლებოდა
კეთილგონიერება გამოეჩინათ და წინ აღდგომოდნენ ამას, რადგან,
თუ რაღაც მცირეოდენ ქონებას არ ჩავთვლით, ახალგაზრდა კაცს
საკუთარი არაფერი გააჩნდა და მისი კეთილდღეობა მთლიანად
დედამისის ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული. მაგრამ მისის
დეშვუდზე ეს გარემოებები გავლენას ვერ ახდენდა. მისთვის ისიც
კმაროდა, რომ ახალგაზრდა კაცი თავაზიანი იყო, მისი ქალიშვილი
უყვარდა და ელინორიც ასეთივე გრძნობით პასუხობდა. მას ვერც კი
წარმოედგინა, რომ განსხვავებული ფინანსური მდგომარეობა
შეიძლებოდა დაბრკოლებად ქცეულიყო ახალგაზრდებისათვის,
რომელთაც ერთმანეთი უყვარდათ. მისი აზრით, ყველა, ვინც კი
ელინორს იცნობდა, დააფასებდა იმ ღირსებებს, რომელიც მის
ქალიშვილს უდავოდ ჰქონდა.
18
ედვარდ ფერარსი განსაკუთრებული გარეგნული მონაცემებით არ
გამოირჩეოდა. მაინცდამაინც ლამაზი არ იყო და მისი მანერებიც
მხოლოდ უფრო ახლოს გაცნობისას იძენდა მომხიბვლელობას.
მორცხვობა ხელს უშლიდა, საკუთარი თავი საუკეთესო მხრიდან
წარმოედგინა, მაგრამ როცა თანდაყოლილი მორიდებულობის
დაძლევას ახერხებდა, ნათელი ხდებოდა, რომ ღია და კეთილშობილი
გული ჰქონდა. საკმაოდ გონიერი იყო და კარგი განათლებაც ჰქონდა
მიღებული. მაგრამ მას არც უნარები გააჩნდა და არც მიდრეკილებები
საიმისოდ, რომ ცნობილი პიროვნება გამხდარიყო (როგორც ეს
დედამისსა და მის დებს სურდათ), თუნდაც ისეთი, როგორიც არის...
აი, ვისი მსგავსი, ეს კი აღარ იცოდნენ. მათ უნდოდათ, ედვარდს
საზოგადოებაში საუკეთესო მდგომარეობა დაეკავებინა, გამორჩეული
ყოფილიყო ამა თუ იმ სფეროში. დედამისს ერჩია, ის პოლიტიკაში
წასულიყო და პარლამენტის წევრი გამხდარიყო, რათა
თანამედროვეობის ყველაზე დიდ ადამიანებთან ჰქონოდა
ურთიერთობა. მისის ჯონ დეშვუდსაც არანაკლები ამბიციები ჰქონდა,
მაგრამ დიადი მიზნების ხორცშესხმის პროცესში, სულ ცოტა, ის მაინც
სურდა ენახა, მას ლანდო როგორ მიჰყავდა. მაგრამ ედვარდს არც
დიდკაცობა აინტერესებდა და არც ლანდოს წაყვანა. ყველაფერი,
რისკენაც ის ილტვოდა, ოჯახური კომფორტი და მშვიდი ცხოვრება
გახლდათ. საბედნიეროდ, მას ჰყავდა უმცროსი ძმა, რომელიც
გაცილებით პერსპექტიული ჩანდა.
ედვარდმა სახლში რამდენიმე კვირა გაატარა, სანამ მისის
დეშვუდის ყურადღებას მიიქცევდა. იმ დროს ქალი იმდენად იყო
ჩაფლული თავის განცდებში, რომ თავის გარშემო მყოფ ადამიანებს
დიდ ყურადღებას არ აქცევდა. ადრე მხოლოდ იმას ამჩნევდა, რომ
ედვარდი წყნარი და მორიდებული ახალგაზრდა იყო (ხედავდა რა,
რომ ქალი გლოვობდა, მასთან საუბრის გაბმას არ ცდილობდა) და
უკვე ამის გამო მოსწონდა. პირველად მაშინ ჩაფიქრდა მასზე
სერიოზულად, როცა ელინორმა თქვა, ედვარდი თავის დას საერთოდ
არ ჰგავსო. ეს მისის დეშვუდისათვის საუკეთესო რეკომენდაცია იყო.
19
– ის, რომ ფანის არ ჰგავს, – თქვა მან, – უკვე საკმარისია. ეს
ძალიან კარგი დახასიათებაა. თუნდაც მხოლოდ ამის გამო, უკვე
მიყვარს.
– მე მგონი, შენ ის მართლა მოგეწონება, როცა უკეთესად
გაიცნობ, – თქვა ელინორმა.
– მომეწონება! – ღიმილით უპასუხა დედამ, – ჩემთვის მოწონება
სიყვარულს ნიშნავს. მე არ შემიძლია უფრო ნაკლები გრძნობა
მქონდეს.
– შენ მას დააფასებ და პატივისცემით განეწყობი.
– ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება სიყვარული და
პატივისცემა ერთმანეთისგან განაცალკევო.
მისის დეშვუდი შეეცადა, ედვარდი უფრო ახლოს გაეცნო. თავისი
სასიამოვნო მანერების წყალობით, მალე მიაღწია იმას, რომ
ახალგაზრდა კაცი ფრთხილი და ჩაკეტილი აღარ ყოფილიყო. და
მაშინვე ჩასწვდა კიდეც მის ღირსებებს. შეიძლება, იმის შეგრძნებამ,
რომ ედვარდს ელინორი უყვარდა, უფრო გამჭრიახი გახადა. ეჭვი
აღარ ეპარებოდა, რომ საქმე ჰქონდა ღირსეულ ადამიანთან, კარგი
ხასიათითა და მხურვალე გულით.
როგორც კი ელინორის მიმართ ედვარდის დამოკიდებულებაში
სიყვარულის ნიშნები დაინახა, ჩათვალა, რომ ახალგაზრდებს
ერთმანეთის მიმართ ძლიერი ლტოლვა ჰქონდათ და მოახლოებულ
ქორწილზე დაიწყო ფიქრი.
– რამდენიმე თვეში, ჩემო ძვირფასო მარიანა, – თქვა მან, –
როგორც ჩანს, ელინორი კარგ ოჯახში იცხოვრებს. ჩვენ, მართალია,
მას მოვისაკლისებთ, მაგრამ მთავარია, რომ ის ბედნიერი იქნება.
– დედა, როგორ უნდა ვიცხოვროთ მის გარეშე?
– ჩემო საყვარელო, ეს განშორება არც კი იქნება. ჩვენ სულ
რამდენიმე მილში ვიცხოვრებთ მისგან და ერთმანეთს ყოველდღე
ვნახავთ. შენ კი ძმა გეყოლება, ნამდვილი ძმა, რომელსაც ეყვარები.
მე ძალიან მაღალი აზრის ვარ ედვარდზე, კეთილშობილ

20
ახალგაზრდაზე. მოღუშული ჩანხარ, მარიანა. დის არჩევანს არ
იწონებ?
– მე, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული ვარ, – უპასუხა მარიანამ. –
ედვარდი მართლა ძალიან კეთილი ადამიანია და მიყვარს კიდევაც.
და მაინც... ის არ არის... მას თითქოს რაღაც აკლია. ჩვეულებრივი
გარეგნობა აქვს და მანერები არც ისეთი დახვეწილი, როგორსაც ჩემი
დის რჩეულისათვის ვისურვებდი. მის თვალებში არ გიზგიზებს
ცეცხლი, რომელიც სიკეთესა და ღირსებაზე მეტყველებს. და გარდა
ამისა, დედა, ვშიშობ, რომ მას გემოვნებაც არ უვარგა. მუსიკა
თითქმის არ აინტერესებს და თუმცა ელინორის ნახატები ძალიან
მოსწონს, მაგრამ ეს არ არის აღტაცება ჭეშმარიტი შემფასებლისა,
რომელსაც შეუძლია ჩაწვდეს, რა არის მართლა კარგი. თუმცა
ხშირად ტრიალებს ელინორის გარშემო, როცა ის ხატავს, მაგრამ
აშკარაა, რომ ფერწერაში ბევრი არაფერი ესმის. ის ელინორის,
როგორც ქალის, ღირსებებითაა აღფრთოვანებული და არა მისი
ნახატებით. მე კი ვთვლი, რომ აუცილებელია კაცში ერთიც იყოს და
მეორეც. მე ვერ ვიქნებოდი ბედნიერი ადამიანთან, რომლის
გემოვნება ჩემსას არ ემთხვევა. ის ყველა ჩემს გრძნობას უნდა
იზიარებდეს. ერთი და იგივე წიგნები, ერთი და იგივე მუსიკა უნდა
მოგვწონდეს. როგორი მოსაწყენი და უღიმღამო ხმით გვიკითხავდა
ედვარდი გუშინ საღამოს. ძალიან შემეცოდა ჩემი და. მოთმინებით
იტანდა მის კითხვას, თითქოს ვერაფერს ამჩნევდა. მე კი ერთ
ადგილას ვეღარ ვჩერდებოდი. უბრალოდ, შეუძლებელი იყო იმის
მოსმენა, როგორი ცივი უშფოთველობითა და შიშისმომგვრელი
გულგრილობით წარმოთქვამდა იმ ჯადოსნურ სტრიქონებს,
რომელსაც ხშირად აღვუფრთოვანებივარ.
– როგორც ჩანს, ის უბრალო და ელეგანტურ პროზას ამჯობინებს.
კაუპერი [უილიამ კაუპერი (1731-1800) – ინგლისელი პოეტი
სენტიმენტალისტი. ბუნების და სოფლის ცხოვრების სურათები
კაუპერის პოეზიაში ოჯახური ცხოვრების ინტიმურ სურათებს
ერწყმის.] უნდა მიგეცათ მისთვის.
21
– არა, დედა, მასში კაუპერიც ვერ შეაღწევს. თუმცა ყველას აქვს
უფლება თავისი გემოვნება ჰქონდეს. ელინორს, ეტყობა,
განსხვავებული აღქმა აქვს და ამიტომ შეუძლია, ამას
განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქციოს და მასთან ბედნიერი
იყოს. მე კი გული გამისკდებოდა, ის რომ მყვარებოდა და მომესმინა,
როგორ უგრძნობლად კითხულობს. რაც უფრო მეტად ვეცნობი
სამყაროს, დედა, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ვერასდროს შევხვდები
ადამიანს, რომელსაც ნამდვილად შევიყვარებ. მე მეტისმეტად ბევრს
ვითხოვ. მას ედვარდის ყველა ღირსება უნდა ჰქონდეს და თან
მომხიბლავი და მგრძნობიარეც იყოს.
– გახსოვდეს, ჩემო სიყვარულო, შენ ჯერ ჩვიდმეტი წლისაც არა
ხარ და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა ძალიან ადრეა. რატომ არ
შეიძლება, შენც ისეთივე ბედნიერება გხვდეს წილად, როგორც
დედაშენს? მხოლოდ ერთ რამეში, მარიანა. დაე, შენი ბედი
განსხვავებული ყოფილიყოს მისი ბედისგან.

22
თავი 4

– რა სამწუხაროა, ელინორ, – თქვა მარიანამ, – რომ ედვარდს


მხატვრობის არაფერი გაეგება.
– მხატვრობის არაფერი გაეგება? – წამოიძახა ელინორმა, –
რატომ გგონია ასე? მართალია, თვითონ არ ხატავს, მაგრამ სხვისი
ნახატები დიდ სიამოვნებას ანიჭებს. გარწმუნებ, გემოვნება აქვს,
უბრალოდ, მისი განვითარების შესაძლებლობა არ ჰქონდა. რომ
ესწავლა, დამიჯერე, მშვენივრად დახატავდა. ასეთ რამეებში
საკუთარი თავის რწმენა აკლია და ამიტომ ნახატებთან დაკავშირებით
აზრის გამოთქმას ყოველთვის თავს არიდებს. მაგრამ მას გემოვნების
თანდაყოლილი შეგრძნება აქვს, რაც სწორი მიმართულებით
მოძრაობის საშუალებას აძლევს.
მარიანა შიშობდა, და არ გაენაწყენებინა, ამიტომ ამ საკითხზე
აღარაფერი თქვა. ედვარდის მიერ სხვისი სურათების ისე მოწონება,
როგორც ამას ელინორი აღწერდა, სულაც არ ჰგავდა ზეაღმტაც
ტკბობას, რაც, მისი აზრით, ნამდვილი გემოვნების უტყუარი
მაჩვენებელი იყო. და თუმცა ამ დაბნეულობაზე თავისთვის
ეცინებოდა, პატივისცემის გრძნობით იყო გამსჭვალული ელინორის
მიმართ, რომელიც მისთვის უჩვეულო შეუპოვრობას იჩენდა,
მიუხედავად იმისა, რომ ცდებოდა.
– იმედი მაქვს, მარიანა, – განაგრძო ელინორმა, – რომ შენ
ედვარდს მთლად უგემოვნო ადამიანად არ თვლი. ვფიქრობ, ასე არ
არის, თორემ მის მიმართ ასეთი თავაზიანი არ იქნებოდი.
მარიანამ არ იცოდა, ამაზე რა ეპასუხა. დისთვის ტკივილის
მიყენება არ უნდოდა და არც ტყუილის თქმა შეეძლო.
– ნუ გაბრაზდები, ელინორ, თუ მას ისე არ ვაქებ, როგორც შენი
აზრით იმსახურებს, – თქვა მან ბოლოს, – მე იმდენი შესაძლებლობა
არ მქონია, რამდენიც შენ გქონდა, რათა მისი გონება,

23
მიდრეკილებები და გემოვნება შემეფასებინა. თუმცა ძალიან მაღალი
აზრის ვარ მის ადამიანურ თვისებებსა და გონიერებაზე. მე ის
ღირსეულ და ძალიან სასიამოვნო ადამიანად მიმაჩნია.
– დარწმუნებული ვარ, – ღიმილით უპასუხა ელინორმა, – ასეთი
რეკომენდაცია მის ყველაზე ახლო მეგობრებსაც კი მოეწონებოდა.
არც კი ვიცი, ამაზე მეტი რაღა შეიძლება თქვა.
მარიანას გაუხარდა, რომ ასე ადვილად შეძლო, დისთვის
ესიამოვნებინა.
– რაც შეეხება მის გონიერებასა და ადამიანურ თვისებებს, –
განაგრძო ელინორმა, – ამაში ეჭვი არავის შეეპარება, ვინც მას
თუნდაც ცოტა ხანია იცნობს და ვისაც მასთან გულითადი საუბარი
ჰქონია. მორიდებულობის გამო ხშირად დუმს და ამიტომ შეიძლება
მაშინვე ვერ შეამჩნიო მისი ცოცხალი გონება და მაღალი ზნეობრივი
თვისებები. შენ მას საკმაოდ ახლოს იცნობ და ამიტომ შეძელი მისი
ღირსებების დანახვა. რაც შეეხება მის მიდრეკილებებსა და
გემოვნებას, რაზეც ახლა ლაპარაკობდი, შენ, გარემოებათა გამო, არ
გქონია შესაძლებლობა, მათ ისე ახლოს გასცნობოდი, როგორც მე.
ჩვენ ხშირად ვატარებდით დროს ერთად, მაშინ, როცა დედას შენი
მზრუნველი ყურადღება სჭირდებოდა. მე კარგად შევისწავლე მისი
ბუნება, ვუსმენდი მის მოსაზრებებს ლიტერატურასა და სხვა
საკითხებზე, ამიტომ თავს ნებას მივცემ ვამტკიცო, რომ ის კარგად
განვითარებულია, წიგნს ღრმად სწვდება, ცოცხალი წარმოსახვა,
დაკვირვებისა და დანახვის კარგი უნარი და დახვეწილი, უზადო
გემოვნება აქვს. რაც უფრო უახლოვდები, გრძნობ, რომ მისი უნარები
სულ უფრო სრულყოფილი ხდება. და მის მანერებზეც იგივე შეიძლება
ითქვას. თვალში მოსახვედრი გარეგნობა არა აქვს და ლამაზიაო, ვერ
იტყვი, მაგრამ, როცა უფრო ახლოს ეცნობი, არ შეიძლება არ
შეამჩნიო მისი საოცრად მეტყველი თვალები და სიკეთე, რომელსაც
ასხივებს. მე მას უკვე ძალიან კარგად ვიცნობ და მართლა ლამაზად
მიმაჩნია. ყოველ შემთხვევაში, თითქმის ასეა. შენ რას იტყოდი,
მარიანა?
24
– თუ ახლა არა, ძალიან მალე მეც ლამაზად ჩავთვლი მას,
ელინორ, მაშინ, როცა მთხოვ შევიყვარო ის, როგორც ძმა და ვეღარ
შევამჩნევ მისი გარეგნობის ნაკლოვანებებს, ისე, როგორც ახლა მისი
ხასიათის ნაკლოვანებებს ვერ ვამჩნევ.
ელინორი დის ამ განცხადებამ შეაკრთო და ინანა, რომ ასეთი
მგზნებარე სიტყვებით დაიცვა ედვარდი. რა თქმა უნდა, მასზე ძალიან
მაღალი აზრის გახლდათ და სჯეროდა, რომ ეს პატივისცემა
ორმხრივი იყო, მაგრამ მარიანას დასარწმუნებლად რაღაც უფრო
მეტი იყო
საჭირო, რათა მისთვის მათი ურთიერთობა უფრო მისაღები
გამხდარიყო. კარგად იცოდა, რომ მარიანასთვის ისევე, როგორც
დედამისისთვის უბრალო ვარაუდი მაშინვე ურყევ რწმენად იქცეოდა.
მათთვის რაიმეს სურვილი იმას ნიშნავდა, რომ იმედი ჰქონოდათ,
იმედის ქონა კი იმას, რომ ის დაუყოვნებლივ აუსრულდებოდათ. ის
შეეცადა თავისი დისთვის აეხსნა, სინამდვილეში რა ხდებოდა.
– არ უარვყოფ, – თქვა მან, – რომ ამ კაცზე მაღალი აზრის ვარ,
რომ ძალიან ვაფასებ და მომწონს ის.
მარიანას რისხვა ნაპირებს გადმოსკდა.
– აფასებ მას! მოგწონს! პირდაპირ ქვის გული გაქვს, ელინორ!
არა, კიდევ უფრო უარესი. შენ შეგრცხვებოდა კიდეც, რომ სხვანაირი
გული გქონდეს. კიდევ ერთხელ გაიმეორე ეს სიტყვები და მაშინვე
გავალ ამ ოთახიდან.
ელინორმა თავი ვეღარ შეიკავა და გაიღიმა.
– მაპატიე, – თქვა მან, – შენთვის შეურაცხყოფის მოყენება
აზრადაც არ მომსვლია, როცა ჩემს გრძნობებს ასე მშვიდად
აღვწერდი. დამიჯერე, რომ ისინი გაცილებით უფრო მხურვალეა,
ვიდრე მე გამოვხატე. მოკლედ რომ ვთქვა, მისი ღირსებების
თანაზომადია და ვარაუდის... ანუ იმედის, რომ მე მისთვის სულერთი
არ ვარ. და სულ ეს არის. ხანდახან ეჭვი მეპარება, აქვს თუ არა
სიმპათია ჩემ მიმართ. და სანამ მის გრძნობებში დარწმუნებული არ
ვარ, ჩემგან ერთგვარი თავშეკავება გასაკვირი არ არის. არ მინდა
25
ნაადრევად დავიჯერო და სახელი დავარქვა იმას, რაც ჯერ
გარკვეული არ არის. მართალია, გულის სიღრმეში მე მჯერა...
თითქმის ბოლომდე მჯერა, რომ ის ჩემკენ ილტვის, მაგრამ მისი
გრძნობების გარდა, სხვა რამეზეც ხომ უნდა ვიფიქრო. ის
დამოუკიდებელი ნამდვილად არ არის და ჩვენ არ ვიცით, დედამისი
რას წარმოადგენს. თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რაც ფანისგან
გამიგონია მისი ქცევებისა და მოსაზრებების შესახებ, მისი
მეგობრული განწყობილების იმედი დიდად არ უნდა გვექნეს.
ვფიქრობ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ედვარდს მშვენივრად ესმის,
როგორი განსაცდელი ელის, თუ იმ ქალზე დაქორწინებას
მოინდომებს, რომელსაც არც დიდი ქონება აქვს და არც ტიტულები.
მარიანას გაუკვირდა, როცა გაიგო, მისი და დედამისის
წარმოსახვას მოვლენებისთვის როგორ გაესწრო.
– ესე იგი, შენ მასზე დანიშნული არა ხარ, – თქვა მან, – მაგრამ
ცხადია, ეს მალე მოხდება. თანაც ამ გადავადებას ორი დადებითი
მხარე აქვს: პირველი ის, რომ მე შენ ასე მალე არ დაგკარგავ; მეორეც
ის, რომ ედვარდს შესაძლებლობა ექნება, თანდაყოლილი გემოვნება
განივითაროს, რათა კარგად ჩასწვდეს და დააფასოს შენი საყვარელი
საქმიანობა. მე ვფიქრობ, რომ ეს მომავალში თქვენი ბედნიერების
აუცილებელი პირობაა. აჰ, რა მშვენიერი იქნება, თუ შენი ნიჭი და
წარმატებები სტიმულს მისცემს მას, თვითონაც ხატვა დაიწყოს!
ელინორმა დას ის უთხრა, რასაც მართლა ფიქრობდა. ის
ნამდვილად არ თვლიდა, რომ მისი და ედვარდის ორთიერთობა ისე
შორს იყო წასული, როგორც ეს მარიანას ეგონა. ედვარდი ხანდახან
თავშეკავებული ხდებოდა, რაც, თუ სრულ გულგრილობას არა, კარგს
არაფერს ნიშნავდა მომავლისთვის. ეჭვს, ჰქონდა თუ არა ქალს რაიმე
გრძნობა მის მიმართ, თუკი ედვარდს ასეთი რამ საერთოდ აწუხებდა,
მასში შფოთვა და მღელვარება უნდა გამოეწვია და არა ის ნაღვლიანი
განწყობილება, რომელიც ხშირად იპყრობდა. რა თქმა უნდა, ამის
მიზეზი შეიძლებოდა ის ყოფილიყო, რომ დედაზე იყო დამოკიდებული,
რაც მას გრძნობების გამოვლენის საშუალებას არ აძლევდა.
26
რამდენადაც ელინორმა იცოდა, დედა ედვარდს არასოდეს აძლევდა
საშუალებას, სახლში თავი კომფორტულად ეგრძნო და არც იმას
წაახალისებდა, მის ვაჟიშვილს მომავალში საკუთარი კერა შეექმნა,
თუ ის უდრტვინველად არ დაემორჩილებოდა დედის ნებას და, მისი
კარნახით, ბრწყინვალე კარიერაზე არ იზრუნებდა. იცოდა რა ეს
ყველაფერი, ელინორს განსაკუთრებული იმედები არ ჰქონდა.
ყურადღებას, ედვარდი რომ იჩენდა მის მიმართ, დიდ მნიშვნელობას
არ ანიჭებდა და, დედამისისა და დისგან განსხვავებით, არ ფიქრობდა,
რომ მისი გათხოვება უკვე გადაწყვეტილი საქმე იყო. უფრო მეტიც,
რაც უფრო დიდხანს გრძელდებოდა მათი ნაცნობობა, მით უფრო
საეჭვო ჩანდა, რომ ედვარდს მის მიმართ რაიმე გრძობა ჰქონდა.
ხანდახან, მძიმე წუთებში, ის მზად იყო დაეჯერებინა, რომ მათ
ერთმანეთთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდათ.
მაგრამ, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ეს გრძნობა, ის არ
შეიძლებოდა შეუმჩნეველი დარჩენოდა ედვარდის დას, რომელიც
ამან ძალიან შეაშფოთა და (რაც საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე)
თავაზიანობა დაავიწყა. მან ეს საბაბად გამოიყენა და პირველსავე
ხელსაყრელ შემთხვევაში თავის დედამთილს შეურაცხყოფა მიაყენა.
ის ისე მგზნებარედ აღწერდა ბრწყინვალე მომავალს, მის ძმას რომ
ელოდა, შესაშურ სარძლოებს, რომლებიც თავისი
ვაჟიშვილებისათვის ჰყავდა შეგულებული მისის ფერარსს და იმ
რისხვას, იმ ქალებს რომ
დაატყდებოდათ თავზე, რომლებიც მისი ვაჟიშვილების თავგზის
არევას შეეცდებოდნენ, რომ მისის დეშვუდმა ვერც ის შეძლო, მისი
ბინძური ქარაგმები ერთ ყურში შეეშვა და მეორედან გამოეშვა და
ვერც ის, რომ მშვიდად დარჩენილიყო. მან ზიზღით უპასუხა და
მაშინვე გავიდა ოთახიდან. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი,
არაფრად ჩაეგდო სიძნელეები და სასწრაფოდ გადასვლასთან
დაკავშირებული დამატებითი ხარჯები, ოღონდ კი ელინორი რაც
შეიძლება მალე განერიდებინა ასეთი შეურაცხმყოფელი
გამოხტომებისგან.
27
აღელვებას ჯერ კიდევ არ გაევლო, როცა ფოსტით მისული
წერილი მიუტანეს, რომლითაც სთავაზობდნენ წინადადებას, სწორედ
ახლა რომ იყო დროული მისთვის. ერთ-ერთი მისი ნათესავი,
დევონშირელი მდიდარი ჯენტლმენი მზად იყო, მისი კუთვნილი
პატარა სახლი ძალიან ხელსაყრელი პირობებით მიექირავებინა.
წერილი თვითონ ჯენტლმენის ხელით იყო დაწერილი და მასში
მეგობრული განწყობა აშკარად იგრძნობოდა. მას შეუტყვია, რომ
მისის დეშვუდის ოჯახს საცხოვრებელი სჭირდებოდა და თუმცა
მათთვის მხოლოდ უბრალო სოფლური სახლის შეთავაზება შეეძლო,
თუ მისი ადგილმდებარეობა მოეწონებოდათ, განაახლებდა მას და
ისე მოაწყობდა, როგორც მისის დეშვუდი ჩათვლიდა საჭიროდ. ის
დაწვრილებით აღწერდა თავის სახლსა და ბაღს და თავაზიანი
დაჟინებით სთხოვდა მისის დეშვუდს, ქალიშვილებთან ერთად
მათთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს სწვეოდა ბარტონ-პარკს, მის
მამულს, რათა თვითონ გადაეწყვიტა, რამდენად მისაღები იქნებოდა
მისთვის ბარტონის კოტეჯი და რა ცვლილებების შეტანა იქნებოდა
საჭირო, სანამ მასში ცხოვრებას შესაძლებლად ჩათვლიდნენ.
წერილის ტონის მიხედვით, ნათესავს გულწრფელად სურდა, ისინი
კომფორტულად დაბინავებულიყვნენ, რამაც მისი კუზინა ძალიან
გაახარა; მით უმეტეს, რომ ეს იმ დროს მოხდა, როცა მისის დეშვუდი
უფრო ახლო ნათესავების მხრიდან მისდამი ცივი და უსულგულო
დამოკიდებულების გამო იტანჯებოდა. მას ბევრი არ უფიქრია და არც
გაკითხვ-გამოკითხვა დაუწყია. როცა წერილი ბოლომდე ჩაიკითხა,
გადაწყვეტილება თითქმის უკვე მიღებული ჰქონდა. თუ სულ რაღაც
ერთი საათის წინ ის გარემოება, რომ ბარტონი სასექსიდან იმდენად
დაშორებულ საგრაფოში მდებარეობდა, როგორც დევონშირი, ისეთი
დაბრკოლება იქნებოდა, რომელიც მის თვალში ასეთი გეგმის ყველა
უპირატესობას გადაწონიდა, ახლა ეს მთავარი არგუმენტი იყო მის
სასარგებლოდ. ნორლენდისგან შორს დასახლების აუცილებლობა
რაიმე დიდ უბედურებად უკვე აღარ აღიქმებოდა. პირიქით, მისის
დეშვუდს ყველაფერზე მეტად ახლა სწორედ ეს უნდოდა. მის
28
რძალთან ერთად ასეთ უბადრუკ ცხოვრებასთან შედარებით, წასვლა
ნეტარება იქნებოდა. სამუდამოდ მიტოვება იმ ადგილისა, რომელიც
ძალიან უყვარდა, მაინც ნაკლებად მტანჯველი იყო, ვიდრე იქ
ცხოვრება და თუნდაც სტუმრად მისვლა, სანამ დიასახლისად ასეთი
ქალი რჩებოდა. მან მაშინვე მისწერა ჯონ მიდლტონს, რომ გულის
სიღრმემდე შეძრა მისმა სიკეთემ და დიდი სიამოვნებით იღებდა
მისგან დიდსულოვან შეთავაზებას, შემდეგ კი სასწრაფოდ აჩვენა
ორივე წერილი თავის ქალიშვილებს, რათა მათი თანხმობა მიეღო,
სანამ პასუხს გაგზავნიდა.
ელინორი ყოველთვის თვლიდა, რომ მათი მხრიდან
კეთილგონივრული საქციელი იქნებოდა, თუ ნორლენდიდან და მათი
ახლანდელი ნაცნობებიდან შორს დასახლდებოდნენ. ამიტომ,
საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს, როცა დედამ დევონშირში
გადასვლის სურვილი გამოთქვა. ამასთან ერთად, სახლი, რომელსაც
მათ სერ ჯონი აღუწერდა, იმდენად უბრალო იყო, ქირა კი იმდენად
დაბალი, რომ უარის თქმის არავითარი საფუძველი არ ჰქონდა. აი
ამიტომ, თუმცა დედის გეგმა დიდად არ ახარებდა და ნორლენდიდან
ასე შორს გადასვლა სულაც არ სურდა, მას არ უცდია მისის დეშვუდის
გადარწმუნება თანხმობის წერილის დაუყოვნებლივ გაგზავნის
თაობაზე.

29
თავი 5

როგორც კი წერილი გაიგზავნა, მისის დეშვუდმა საკუთარ თავს არ


მოაკლო სიამოვნება, თავისი გერისა და რძლისათვის განეცხადებინა,
რომ სახლი უკვე ჰქონდა და როგორც კი მას საცხოვრებლად
შესაფერის მდგომარეობაში მოიყვანდნენ, მათ იქ ყოფნით აღარ
შეაწუხებდა. მას გაკვირვებით უსმენდნენ. მისის ჯონ დეშვუდს ხმა არ
ამოუღია, მისტერ დეშვუდმა კი გამოთქვა იმედი, რომ სახლი
ნორლენდისგან შორს არ იყო. მისის დეშვუდმა მაშინვე, დიდი
სიამოვნებით მიახალა, დევონშირში გადავდივართო. ამის
გაგონებაზე ედვარდი სწრაფად შებრუნდა მისკენ და დაბნეული და
შეწუხებული ხმით (რისი მიზეზის ახსნაც მისის დეშვუდს არ
გასჭირვებია), ჩაეკითხა:
– დევონშირში? მართლა იქ მიდიხართ? ასე შორს აქედან?
კერძოდ, სად?
მან აუხსნა, რომ სახლი ექსეტერიდან ჩრდილოეთით ოთხ მილში
მდებარეობდა.
– ეს მხოლოდ კოტეჯია, – განაგრძო მისის დეშვუდმა, – მაგრამ
იმედი მაქვს, იქ ბევრ ჩემს მეგობარს ვნახავ. ერთი ან ორი ოთახის
მიშენება დიდი სიძნელე არ იქნება და თუ ჩემი მეგობრები გრძელ
გზას არ შეუშინდებიან და ჩემს ნახვას გადაწყვეტენ, შეუძლიათ
დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ მიღებას მოვახერხებ.
ბოლოს მან მისტერ და მისის ჯონ დეშვუდები ძალიან თავაზიანად
მიიწვია ბარტონში და კიდევ უფრო ალერსიანად მიიპატიჟა იქ
ედვარდი. თუმცა რძალთან ცოტა ხნის წინანდელი საუბრის შემდეგ
მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ნორლენდი რაც შეიძლებოდა მალე
დაეტოვებინა, მას არავითარი სურვილი არ ჰქონდა, ხელი შეეწყო
იმისთვის, რაც ფანის ასე ძალიან უნდოდა. სულაც არ აპირებდა,
ედვარდი და ელინორი ერთმანეთისთვის დაეშორებინა. მან ედვარდი

30
ასე საგანგებოდ იმიტომ მიიწვია, რომ მისის ჯონ დეშვუდისთვის
ეჩვენებინა, რა ცოტას ნიშნავდა მისთვის, იწონებდა თუ არა ის
ედვარდისა და ელინორის ქორწინებას.
მისტერ ჯონ დეშვუდი დაუსრულებლად იმეორებდა, თუ როგორ
წუხდა იმას, რომ მისმა დედინაცვალმა ნორლენდიდან ასე შორს
არჩია ცხოვრება და რომ ვეღარ შეძლებდა, მას ბარგის გადატანაში
დახმარებოდა. მას მართლაც სწყინდა, რომ მამისთვის მიცემულ
პირობას ვეღარ შეასრულებდა იმ ფარგლებში, რომელიც თვითონ
დაუდგინა საკუთარ თავს. ნივთები წყლის ტრანსპორტით გაიგზავნა,
ბარგი – მარიანას შესანიშნავი ფორტეპიანოს გარდა – ძირითადად,
სხვადასხვა თეთრეულის, მაგიდის ვერცხლეულის, ფაიფურისა და
წიგნებისაგან შედგებოდა. მისის ჯონ დეშვუდმა ფუთებს გახედა და
ამოიოხრა: ის ფაქტი, რომ მისის დეშვუდი, რომლის შემოსავალი მის
საკუთართან შედარებით უმნიშვნელო იყო, ასეთი მშვენიერი
სერვისებისა და ავეჯის დიასახლისად რჩებოდა, მას დიდ ტკივილს
აყენებდა.
მისის დეშვუდმა კოტეჯი ერთი წლით დაიქირავა. ავეჯით
გაწყობილი სახლი ახალი მცხოვრებლების მისაღებად მზად იყო.
ფორმალობებს არავითარი პრობლემები არ შეუქმნია არც ერთი და
არც მეორე მხარისათვის და მისის დეშვუდს დასავლეთში
გამგზავრებამდე მხოლოდ იმ ქონების განკარგვაზე სჭირდებოდა
ზრუნვა, რომელიც ნორლენდში რჩებოდა; ასევე, უნდა გადაეწყვიტა,
ახალ სახლში რამდენი მოსამსახურე დასჭირდებოდა. და რადგანაც
ჩვევად არ ჰქონდა დაყოვნება, როცა მისთვის სასურველ რამეს
აკეთებდა, ყველა საქმე მალე დაამთავრა. ცხენები, რომლებიც
განსვენებულმა მეუღლემ დაუტოვა, მისი სიკვდილის შემდეგ მალე
გაყიდა და ახლა, უფროსი ქალიშვილის დაჟინებით, კარეტის
გაყიდვაზეც დათანხმდა, რადგან ხელსაყრელი შემთხვევა ჩაუვარდა.
მხოლოდ თავისი სურვილის მიხედვით რომ ემოქმედა, კარეტას
თავისი ქალიშვილებისათვის შეინარჩუნებდა, მაგრამ ელინორის
კეთილგონივრულ რჩევას ყური ათხოვა. ასევე ელინორის წყალობით,
31
მოსამსახურეების რიცხვი სამამდე შეამცირა, დატოვა მხოლოდ ორი
მოახლე და ლაქია, რომლებიც სწრაფად შეარჩიეს ნორლენდელ
მსახურებს შორის.
ლაქია და ერთ-ერთი მოახლე ქალი მაშინვე დევონშირში
გაგზავნეს, რათა დიასახლისის ჩასვლამდე სახლში ყველაფერი
მოეწესრიგებინათ. მისის დეშვუდი ლედი მიდლტონს არ იცნობდა,
ამიტომ გადაწყვიტა, ბარონ-პარკს კი არ სტუმრებოდა, არამედ
პირდაპირ თავის კოტეჯში დასახლებულიყო ყოველგვარი წინასწარი
დათვალიერების გარეშე, რადგან სახლის სერ მიდლტონისეულ
აღწერას ბოლომდე ენდობოდა. ნორლენდის რაც შეიძლება მალე
დატოვების სურვილი მასში სულ უფრო იზრდებოდა და მტკიცდებოდა,
როცა ხედავდა იმ აშკარა სიხარულს, რომლითაც მისი რძალი მათი
სწრაფად გადასვლის ცნობას შეხვდა. მან დედამთილს მხოლოდ
ერთხელ და ისიც ცივად უთხრა, ხომ არ აჯობებდა, გამგზავრება
გადაგედოთო. დადგა ყველაზე შესაფერისი დრო, რათა მის გერს
მომაკვდავი მამისთვის მიცემული დაპირება შეესრულებინა. რადგან
ეს მაშინ არ გააკეთა, როცა ქონება მის ხელში გადავიდა, ახლა
მათთან განშორება საკმარის საფუძველს აძლევდა იმისთვის, რომ
სათანადოდ მოქცეულიყო. მაგრამ მისის დეშვუდი მალე მიხვდა, რომ
მისი იმედი არ უნდა ჰქონოდა. მრავალჯერ წამოცდენილი
ფრაზებიდან და ქარაგმული მინიშნებებიდან ჩანდა, რომ მისი გერის
აზრით, მან უკვე საკმარისი დახმარება აღმოუჩინა დედინაცვლის
ოჯახს, უზრუნველყო რა ისინი ჭერითა და საკვებით ნორლენდში
თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში. ის განუწყვეტლივ
ბუზღუნებდა, რომ სახლის შენახვა სულ უფრო და უფრო მეტი
უჯდებოდა და რომ ადამიანი, რომელსაც საზოგადოებაში, ასე თუ ისე,
რაღაც ადგილი უჭირავს, განწირულია საიმისოდ, რომ უამრავი ფული
დახარჯოს. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ თვითონ ის გაჭირვებას
ებრძოდა და იმის საშუალებაც არ ჰქონდა, თავისი შემოსავლის
თუნდაც მცირეოდენი ნაწილი ვინმესთვის მიეცა.

32
რამდენიმე კვირაც არ იყო გასული სერ ჯონ მიდლტონის პირველი
წერილის მიღების შემდეგ, რომ მისის დეშვუდისა და მისი
ქალიშვილების მომავალი საცხოვრებელი უკვე სავსებით მზად
გახლდათ მათ მისაღებად. მხოლოდ ისღა დარჩენოდათ, იქ
გამგზავრებულიყვნენ.
ბევრი ცრემლი დაღვარეს იმ ადგილთან გამოთხოვებისას,
რომელიც ასე ძალიან უყვარდათ.
– ჩემი ძვირფასი, ძვირფასი ნორლენდი, – იმეორებდა მარიანა
წასვლის წინასაღამოს და სახლის წინ მარტო მიდი-მოდიოდა, – ნეტავ
თუ დადგება დრო, რომ აღარ მომენატრები და სადმე, სხვა სახლში
თავს შინაურად ვიგრძნობ. ო, ჩემო ბედნიერო სამყოფელო, შენ რომ
შეგეძლოს გაგება, როგორ ვიტანჯები, როცა იმ ადგილიდან გიცქერ,
საიდანაც შესაძლოა, შენთვის მზერის შევლებამ არასოდეს მომიწიოს.
და თქვენ, ჩემთვის კარგად ნაცნობო ხეებო! მაგრამ თქვენ ისეთივე
დარჩებით, როგორიც ხართ. ერთი ფოთოლიც კი არ ჩამოგცვივათ
იმის გამო, რომ ჩვენ აქ აღარ ვიქნებით. არც ერთი ტოტი არ
გაგიხმებათ, თუმცა ჩვენ ვეღარ შევძლებთ მათით დავტკბეთ. არა,
თქვენ ოდნავაც არ შეიცვლებით, არაფერი გეცოდინებათ სიხარულსა
და მწუხარებაზე, რომელსაც თქვენ იწვევდით თქვენ გვერდით მყოფ
ადამიანებში. უგრძნობი დარჩებით ცვლილებების მიმართ მათში,
ვინც ახლა თქვენს ჩრდილში დასეირნობს. მაგრამ ვინ დარჩება აქ,
რომ თქვენით აღფრთოვანდეს?

33
თავი 6

მწუხარება და სევდა გზად მიმავლისთვის საუკეთესო


თანამგზავრები არ გახლავთ, ამიტომ მოგზაურობის პირველი ნაწილი
მათ მეტისმეტად მოსაწყენად და დამღლელად მოეჩვენათ. თუმცა,
როცა დანიშნულების ადგილს მიუახლოვდნენ, ინტერესმა იმ მხარის
მიმართ, სადაც ამიერიდან ცხოვრება მოუწევდათ, მოწყენილობა
რამდენადმე გაფანტა, მათ თვალწინ გადაშლილმა ბარტონის ველმა
კი, თვალს ხშირი ჭალებითა და მობიბინე მდელოებით რომ
ახარებდა, სულის სიმხნევე ჩაუნერგა. და აი, ბოლოს, დაკლაკნილ
გზაზე ერთ მილზე მეტის გავლის შემდეგ ისინი თავიანთ ახალ
სახლთან აღმოჩნდნენ, რომლის წინ მდებარე არცთუ დიდ მწვანე
ეზოში ჭიშკრის გავლით შევიდნენ.
ბარტონის კოტეჯი, როგორც სახლი, თუმცა კი საკმაოდ პატარა,
მაგრამ მოსახერხებელი და მყუდრო იყო; თუმცა, როგორც სოფლის
კოტეჯი, ის ბევრს არაფერს წარმოადგენდა. სტანდარტული შენობა
კრამიტის სახურავით. არც დარაბები ჰქონდა შეღებილი მწვანედ და
არც კედლები ცხრატყავათი დაფარული. ვიწრო კორიდორი
მიემართებოდა პირდაპირ უკანა კარისკენ, რომელიც ბაღში
გადიოდა. შესასვლელის ორივე მხარეს სასტუმრო ოთახი იყო
განლაგებული, თითოეული დაახლოებით თექვსმეტი კვადრატული
ფუტი ფართის, მის უკან კი სამზარეულო, საკუჭნაო და სხვა
სათავსოები და კიბე. მეორე სართულზე ოთხი საწოლი ოთახი
მდებარეობდა, მათ ზემოთ კი – ორი განიერი სხვენი. კოტეჯი არც ისე
ძველი აშენებული ჩანდა და კარგად გამოიყურებოდა. ნორლენდთან
შედარებით ეს, რა თქმა უნდა, ღარიბული და ვიწრო საცხოვრებელი
გახლდათ, მაგრამ მწარე მოგონებებით გამოწვეული ცრემლები,
ზღურბლზე გადაბიჯებისთანავე რომ წამოუვიდათ, მალე დაუშრათ.
მსახურები სიხარულით დახვდნენ და ამან მათ ერთგვარი შვება

34
აგრძნობინა. გარდა ამისა, თითოეულმა ქალმა გადაწყვიტა,
დანარჩენი სამის გულისთვის საჭიროა ბედნიერი გამომეტყველება
მექნესო. სექტემბერი ის-ის იყო დაიწყო, მშვენიერი ამინდი იდგა და
მზის სხივებში ირგვლივ ყველაფერი სასიამოვნო შთაბეჭდილებას
ტოვებდა. მათ უკვე ეჭვიც კი არ ეპარებოდათ, რომ აქ გადმოსვლას არ
ინანებდნენ.
სახლისთვის ძალიან კარგი ადგილმდებარეობა შეერჩიათ. მის
უკან, მარჯვნივ და მარცხნივ, ნახევარწრედ მაღალი ბორცვები იყო
წამომართული, ზოგი მათგანი დამრეცი და ბალახმოდებული, ზოგი კი
ტყით დაფარული. ერთ-ერთის ფერდობზე სოფელი ბარტონი იყო
გალაგებული და კოტეჯის უკანა ფანჯრებიდან წარმტაცი ხედი
იშლებოდა. კოტეჯის ფასადი კი ველისკენ იყო მიმართული და ვრცელ
არეალს გადაჰყურებდა. ბორცვები, კოტეჯს რკალად რომ ერტყა, ამ
ბოლოდან ველს კეტავდა, მაგრამ ორ ყველაზე დამრეც ფერდობს
შორის ვიწრო გასასვლელის შემდეგ ის კვლავ გრძელდებოდა, თუმცა
უკვე სხვა სახელი ერქვა.
კოტეჯის ზომებითა და ავეჯით მისის დეშვუდი მეტ-ნაკლებად
კმაყოფილი დარჩა. თუმცა ბევრი რამ, რასაც ის, უკეთეს ცხოვრებას
მიჩვეული, სრულიად აუცილებლად თვლიდა, აქ არ იყო. მაგრამ მას
რაღაცების გაუმჯობესება და დამატება ყოველთვის უყვარდა, მით
უმეტეს, რომ ახლა მის განკარგულებაში საკმაოდ ბევრი ფული
აღმოჩნდა, რაც საშუალებას აძლევდა ეფიქრა, მათი ახალი
საცხოვრებელი უფრო პეწიანად როგორ მოეწყო.
– სახლი ჩვენი ოჯახისთვის, რა თქმა უნდა, პატარაა, – ამბობდა
ის, – მაგრამ ჯერჯერობით მოვითმენთ, რადგან ზამთარი ახლოვდება
და უკვე რაიმეს წამოწყება გვიანაა. მაგრამ გაზაფხულზე, თუ რაღაც
თანხა მექნება, და წესით, უნდა მქონდეს, შეიძლება მიშენება-
მოშენებაზე ვიფიქროთ. ქვედა ორი ოთახი მეტისმეტად პატარაა
საიმისოდ, რომ ჩვენი მეგობრები მივიღოთ. იმედი მაქვს, მათ აქ
ხშირად ვნახავ. ერთ-ერთი ოთახისთვის კორიდორი რომ
მიგვაერთებინა, და ალბათ მეორის ნაწილიც, (დანარჩენი ნაწილი
35
განიერ წინკარად დარჩებოდა), ჩვენს ახალ სადარბაზოსთან,
რომლის დამატება ადვილად შეიძლება, კიდევ ერთ საწოლ ოთახთან
და მის ზემოთ მანსარდასთან ერთად, ძალიან მყუდრო პატარა სახლი
გვექნებოდა. რა თქმა უნდა, კიბე უფრო ლამაზი აჯობებდა, მაგრამ
ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. თუმცა, კაცმა რომ
თქვას, მის გაფართოებაზე ფიქრიც შეიძლება. გაზაფხულზე უფრო
ზუსტად მეცოდინება, რისი საშუალება მექნება და მაშინ
გადავწყვიტოთ, რა და როგორ შევცვალოთ.
სახლის გადაკეთება უნდა მომხდარიყო თანხით, რომელიც
ხუთასი გირვანქა სტერლინგი წლიური შემოსავლიდან უნდა
გადაენახა ქალს, თავის ცხოვრებაში ეკონომია რომ არ გაუკეთებია.
ჯერჯერობით კი, უკეთესობისკენ ცვლილებების მოლოდინში, ოჯახი
კეთილგონივრულად დაკმაყოფილდა კოტეჯით ისეთი სახით,
როგორიც ის იყო. თითოეული თავისი ოთახის მოწყობას შეუდგა.
დაალაგეს წიგნები და სამშვენისები, რათა თავი საკუთარ სახლში
ეგრძნოთ. მარიანას შეფუთული ფორტეპიანო გახსნეს და ფრთხილად
მიიტანეს მისთვის განკუთვნილ ადგილზე, ელინორის სურათებით კი
სადარბაზოს კედლები დაამშვენეს.
მეორე დილითაც ჩაფლულნი იყვნენ ასეთსავე საქმიანობაში,
სანამ საუზმის დამთავრებისთანავე, კოტეჯის მეპატრონის მისვლამ
არ შეაწყვეტინა, რომელმაც სიხარული გამოხატა ბარტონში მათი
ჩასვლის გამო და დაინტერესდა, ხომ არაფერი სჭირდებოდათ: მისი
სახლი და ბაღი მათ განკარგულებაში იყო. სერ ჯონ მიდლტონი
წარმოსადეგი გარეგნობის ორმოციოდე წლის კაცი აღმოჩნდა. ის
სტენჰილში ადრე სტუმრად ყოფილა, მაგრამ იმდენად დიდი ხნის წინ,
რომ მის ახალგაზრდა ნათესავებს აღარაფერი ახსოვდათ. სახე
მხიარული და კეთილი ჰქონდა, მანერები კი – მისი წერილებივით
გულითადი. სერ ჯონ მიდლტონს, როგორც ჩანდა, გულწრფელად
ახარებდა ნათესავების ჩასვლა და სულით და გულით ცდილობდა მათ
დახმარებას, რათა ისინი რაც შეიძლებოდა კომფორტულად
მოწყობილიყვნენ. მრავალჯერ გამოთქვა მხურვალე იმედი, რომ მათ
36
ოჯახებს შორის ძალიან ახლომეგობრული ურთიერთობა
დამყარდებოდა. ისე დაჟინებით ეპატიჟებოდა ახალჩასულებს
ყოველდღე ბარტონ პარკში სადილად, როცა ისინი ახალ სახლში ჯერ
კიდევ არ მილაგებულიყვნენ, რომ არა მისი გულთბილი ტონი, კაცს
შეიძლებოდა, მომაბეზრებლად მოსჩვენებოდა. მისი კეთილგანწყობა
მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლებოდა. სულ რაღაც ერთი საათი
იქნებოდა გასული მისი წასვლის შემდეგ, როცა კოტეჯში ლაქია
მივიდა ბოსტნეულითა და ხილით სავსე კალათით, საღამოს კი ამას
ნანადირევი მოჰყვა. გარდა ამისა, თუმცა ქალებმა ბევრი იუარეს, მათ
ფოსტიდან წერილების მოტანას და მათი წერილების ფოსტით
გაგზავნას დაჰპირდა, და კიდევ თავისი გაზეთის გაგზავნას
ყოველდღე. ამ სიამოვნებას ნუ მომაკლებთო, დასძინა.
მან მისის დეშვუდს ლედი მიდლტონის წერილი გადასცა,
რომელშიც ქალი ძალიან თავაზიანი ტონით ატყობინებდა, რომ
სურდა სტუმრად სწვეოდა მათთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს.
პასუხად ასევე თავაზიანი მიპატიჟება მიიღო და უკვე მეორე დღეს
ისინი ერთმანეთს შეხვდნენ.
რა თქმა უნდა, მისის დეშვუდი და მისი ქალიშვილები
მოუთმენლად ელოდნენ იმ პიროვნების ნახვას, რომელზეც
დიდწილად იყო დამოკიდებული, თუ რამდენად სასიამოვნო იქნებოდა
მათი ცხოვრება ბარტონში. ლედი მიდლტონის გარეგნობამ მათზე
ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ოცდაექვს-ოცდაშვიდ
წელზე მეტის არ იქნებოდა. ლამაზი ნაკვთები, მაღალი, წარმოსადეგი
ფიგურა და ელეგანტური მიხრა-მოხრა – ყველაფერი გიზიდავდა
მასში. დახვეწილი მანერები ჰქონდა, რაც ასე აკლდა მის ქმარს,
თუმცა კარგი იქნებოდა, ქმრის მსგავსად, ცოტა უფრო გულწრფელი
და გულითადი ყოფილიყო. მისი ვიზიტი საკმაოდ ხანგრძლივი
აღმოჩნდა საიმისოდ, რომ მასპინძლების პირველი აღფრთოვანება
გაფერმკრთალებულიყო. მართალია, უზადოდ აღზრდილი გახლდათ,
მეტისმეტად ჩაკეტილი და ცივი იყო, მისი საუბარი კი ჩვეულებრივ

37
მიღებული შეკითხვებისა და ბანალური შენიშვნების ნაზავს
წარმოადგენდა.
თუმცა საუბრისას უხერხული სიჩუმე არ ჩამოვარდნილა. სერ ჯონს
საერთოდ ბევრი ლაპარაკი ახასიათებდა, ლედი მიდლტონი კი
გონივრულად მოიქცა და თავისი უფროსი ვაჟიშვილი იახლა –
მშვენიერი პატარა ბიჭი, რომელიც დაახლოებით ექვსი წლის
იქნებოდა. ამიტომ, მცირეოდენი შეფერხების შემთხვევაშიც კი მათ
ამოუწურავი სალაპარაკო თემა ჰქონდათ. ახალჩასულებს შეეძლოთ
გამოეკითხათ, რა ერქვა ბიჭს და რამდენი წლის იყო,
აღფრთოვანებულიყვნენ მისი სილამაზით; ასევე, დაესვათ
შეკითხვები, რომლებზეც დედამისი პასუხობდა, სანამ ბავშვი
მობუზული ეკვროდა მას. ლედი მიდლტონს ძალიან აკვირვებდა, რომ
ბიჭი ასეთი დარცხვენილი იყო საზოგადოებაში, მაშინ, როცა შინ
ყველაფერი აკლებული ჰქონდა. მართლაც, ასეთი ოფიციალური
ვიზიტებისას ბავშვი აუცილებელია, რათა სალაპარაკო თემა არ
ამოიწუროს. ამჯერადაც სულ ცოტა ათი წუთი მაინც დასჭირდა იმის
გარკვევას, ბიჭი ვის უფრო ჰგავდა – დედიკოს თუ მამიკოს, და ეს
მსგავსება კერძოდ რაში გამოიხატებოდა. რა თქმა უნდა,
დამსწრეების აზრი გაიყო და თითოეულ იქ მყოფს უკვირდა,
დანარჩენები როგორი ბრმები არიანო.
მისის დეშვუდს და მის ქალიშვილებს მალე მიეცათ
შესაძლებლობა, უმცროსი ბავშვების განსაკუთრებულ ღირსებებშიც
დარწმუნებულიყვნენ, რადგან სერ ჯონი მანამ არ დაწყნარდა, სანამ
მათ პირობა არ ჩამოართვა, რომ მეორე დღეს ყველანი ბარტონ-
პარკში ეწვეოდნენ სადილად.

38
თავი 7

ბარტონ პარკი კოტეჯიდან დაახლოებით ნახევარი მილით იყო


დაშორებული და ქალებმა მას გვერდით ჩაუარეს, როცა ველისკენ
დაეშვნენ. მაგრამ მისის დეშვუდის ახალი საცხოვრებლიდან პარკი არ
ჩანდა, რადგან მას ბორცვის ფერდობი ფარავდა. სახლი დიდი და
ლამაზი აღმოჩნდა, რაც განსაკუთრებით კარგად შეესაბამებოდა
მიდლტონების ცხოვრების სტუმართმოყვრულ და ელეგანტურ სტილს.
პირველი სერ ჯონის მიდრეკილებებს პასუხობდა, მეორე კი – მისი
მეუღლისას. თითქმის ყოველთვის სტუმრები ჰყავდათ, ნაცნობები თუ
მეგობრები, და მათ ჭერქვეშ მუდამ ჭრელი საზოგადოება
იკრიბებოდა, ისე როგორც არსად ახლო-მახლო სამეზობლოში.
მხოლოდ ასე შეეძლო ცოლ-ქმარს, ბედნიერი ყოფილიყო, რამეთუ
თუმცა ხასიათი და ქცევის მანერები ერთმანეთისგან სრულიად
განსხვავებული ჰქონდათ, ისინი ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს იმაში,
რომ არცერთს არ ჰქონდა ნიჭი ან რაიმე სერიოზული ინტერესები და
ამიტომ სხვა არაფრით შეეძლოთ თავი გაერთოთ, გარდა იმისა,
რასაც მაღალი საზოგადოება სთავაზობდა. სერ ჯონს ნადირობა
უყვარდა, ლედი მიდლტონი დედა იყო. ქმარი ნადირობდა, ცოლი კი
ბავშვებს უვლიდა. ეს გახლდათ მთელი მათი საქმიანობა. ლედი
მიდლტონს ქმართან შედარებით ის უპირატესობა ჰქონდა, რომ
შეეძლო ბავშვებზე ყოველდღე ეზრუნა მთელი წლის განმავლობაში,
სერ ჯონს კი თავისი საყვარელი საქმიანობისთვის მხოლოდ ამის
ნახევარი შეეძლო დაეთმო. თუმცა წვეულებებზე გამუდმებით
სიარული და საკუთარ სახლში ხშირი სტუმრიანობა ავსებდა ბუნებით
და აღზრდით დატოვებულ სიცარიელეს, ამხიარულებდა სერ ჯონს და
საშუალებას აძლევდა მის ცოლს, უზადო მანერებით ებრწყინა
საზოგადოებაში.

39
ლედი მიდლტონი ამაყობდა, რომ სუფრის ელეგანტურად გაწყობა
შეეძლო და იმითაც, თუ როგორ იყო მათი სახლი მოწყობილი. მათი
ცხოვრების ღია სტილი მის პატივმოყვარეობას აკმაყოფილებდა. სერ
ჯონს კი საზოგადოება მართლა უყვარდა. ახალგაზრდების კომპანიას
აღმერთებდა და მათ უფრო დიდი რაოდენობითაც კი იწვევდა, ვიდრე
მის სახლს შეეძლო დაეტია. და რაც უფრო მეტ ხმაურს ტეხდნენ ისინი,
უფრო მეტად სიამოვნებდა. მეზობლად მცხოვრები
ახალგაზრდებისათვის ის ნამდვილი კეთილისმყოფელი გახლდათ:
ზაფხულობით გამუდმებით იწვევდა ყველას პიკნიკზე, სუფთა ჰაერზე
ცივი შაშხისა და ქათმის ხორცის საჭმელად, ზამთრობით კი ცეკვების
იმდენ საღამოს აწყობდა, რომ მხოლოდ ცეკვა-თამაშით გაუმაძღარ
თხუთმეტი წლის გოგონებს შეეძლოთ უფრო მეტი ენატრათ.
მათ მხარეში ნებისმიერი ახალი ოჯახის გამოჩენა ყოველთვის სერ
მიდლტონის აღტაცებას იწვევდა, ბარტონის კოტეჯის ახალმა
მცხოვრებლებმა კი მისი მოლოდინი ყველა თვალსაზრისით
გაამართლეს. გოგონები ძალიან ახალგაზრდები და ლამაზები იყვნენ
და თავი ბუნებრივად ეჭირათ. მისი აზრით ეს საკმარისი იყო და
გოგონებს მეტი არც არაფერი მოეთხოვებოდათ. ბუნებრიობა ხიბლს
სძენდა არა მარტო მათ გარეგნობას, არამედ გონებასაც. ბუნებით
კეთილი, თავს ბედნიერად გრძნობდა იმის გამო, რომ თავშესაფარი
შესთავაზა მათ, ვისაც უბედობამ ადრინდელი კეთილდღეობა
დააკარგვინა. და ამიტომ თავისი შორეული ნათესავებისათვის
დახმარების აღმოჩენით მან საკუთარ, სიკეთით სავსე გულს მიანიჭა
სიამოვნება. დაასახლა რა კოტეჯში ოჯახი, რომელიც მხოლოდ
მშვენიერთა სქესის წარმომადგენლებისაგან შედგებოდა, მან
მონადირის კმაყოფილება იგრძნო, რამეთუ მონადირე თუმცა იმ
მამაკაცებს ცემს პატივს, რომლებიც მის გატაცებას იზიარებენ, მაინც
არ მოინდომებს ისინი თავის მამულში დაასახლოს, რადგან მაშინ
მათთვის ნანადირევის გაყოფა მოუწევს.
სერ ჯონი მისის დეშვუდს და მის ქალიშვილებს სახლის ზღურბლზე
მიეგება და გულწრფელად მიესალმა მათ ბარტონ-პარკში ჩასვლას,
40
შემდეგ კი, როცა სასტუმრო ოთახისკენ მიდიოდნენ, ჯავრობდა, რომ
გოგონებს ახალგაზრდა, თავაზიან კავალრებს ვერ გააცნობდა. ჩემ
გარდა, მხოლოდ ერთი ჯენტლმენის საზოგადოებაში მოგიწევთ
ყოფნაო, ამბობდა. გულისხმობდა თავის საუკეთესო მეგობარს,
რომელიც ახლა ბარტონ-პარკში იმყოფებოდა სტუმრად. მაგრამ ის
არც მთლად ახალგაზრდა ყოფილა და არც მხიარულება ჰყვარებია
დიდად. მან იმედი გამოთქვა, რომ ქალები აპატიებდნენ ასეთ
მოკრძალებულ მიღებას და ეჭვი არ შეეპარებოდათ, რომ მომავალში
ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. დილით მას რამდენიმე მეზობელი
მოუნახულებია და უცდია, უფრო მეტი საზოგადოება შეეკრიბა, მაგრამ
ახლა ხომ მთვარიანი საღამოები იყო და ყველას სადღაც იწვევდნენ
საღამოზე. საბედნიეროდ, სულ რაღაც ერთი საათის წინ ბარტონში
ლედი მიდლტონის დედა ჩასულა სტუმრად, ძალიან სასიამოვნო და
ხალისიანი ადამიანი და ის ალბათ გოგონებს არ მოაწყენდა.
მისის დეშვუდმა და მისმა ქალიშვილებმა დაარწმუნეს თავაზიანი
მასპინძელი, რომ ორი ადამიანის გაცნობა მათთვის სავსებით
საკმარისი იქნებოდა და სხვა არაფერი სურდათ.
მისის ჯენინგსი, ლედი მიდლტონის დედა კარგი ხასიათის,
მხიარული, მსუქანი, უკვე ასაკში შესული ქალი იყო. ის ყველაფრით
ბედნიერი ჩანდა და, ცოტა არ იყოს, ვულგარულად გამოიყურებოდა,
განუწყვეტლივ ხუმრობდა და იცინოდა და ჯერ კიდევ სადილის
დამთავრებამდე მოასწრო ბევრი მახვილგონივრული რამის თქმა
თაყვანისმცემლებსა და სასიძოებზე; იმედს გამოთქვამდა, რომ
გოგონების გული სასექსში არ დარჩა. ვხედავ, ვხედავ როგორ
გაწითლდითო, ამბობდა, თუმცა ეს სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.
მარიანა თავისი დის გამო განიცდიდა და მას ისეთი შეშფოთებული
უყურებდა, რომ ელინორისთვის მისი თანაგრძნობით სავსე მზერა
გაცილებით უფრო შემაწუხებელი იყო, ვიდრე მისის ჯენინგსის ეს
უკბილო ხუმრობები.
პოლკოვნიკი ბრენდონი სერ ჯონისგან ისე მკვეთრად
განსხვავდებოდა, რომ მისი მეგობრის როლისათვის ისეთივე
41
შეუფერებელი ჩანდა, როგორც ლედი მიდლტონი მისი ცოლის
როლისათვის. ჩუმი და სერიოზული კაცი გახლდათ. ცუდი
გარეგნობის არ იყო, თუმცა მარიანამ და მარგარეტმა ის მოსაწყენ,
გადაბერებულ კაცად ჩათვალეს. პოლკოვნიკი ხომ ოცდათხუთმეტზე
ნაკლების არ იქნებოდა! და თუმცა სახე არცთუ ლამაზი ჰქონდა,
ეტყობოდა, რომ მგრძნობიარე ადამიანი იყო და თავი ისე ეჭირა,
როგორც ნამდვილ ჯენტლმენს შეეფერებოდა.
ამ საზოგადოებაში მისის დეშვუდს და მის ქალიშვილებს არავის
მიმართ არ გასჩენიათ მომავალი საინტერესო ნაცნობობის იმედი,
მაგრამ ლედი მიდლტონის ცივი უსიცოცხლობა გულს იმდენად
ურევდათ, რომ მასთან შედარებით პოლკოვნიკ ბრენდონის
სერიოზულობა და სერ ჯონისა და მისი სიდედრის თავაწყვეტილი
მხიარულებაც კი საინტერესო ჩანდა.
საღამოს, როცა გაირკვა, რომ მარიანა ფორტეპიანოზე კარგად
უკრავდა, მას სთხოვეს, დაეკრა. ინსტრუმენტი გააღეს, სტუმრები
მოსასმენად მოემზადნენ და მარიანამ, რომელიც კარგად მღეროდა,
მათი თხოვნით რომანსები შეასრულა. ეს ნაწარმოებები ლედი
მიდლტონს ჩამოეტანა ბარტონ-პარკში ქორწილის შემდეგ, მთელი ამ
ხნის განმავლობაში ფორტეპიანოზე იდო და არავინ შეხებია, რამეთუ
მისმა მოწყალებამ, ქალბატონმა თავისი დაოჯახება იმით აღნიშნა,
რომ საბოლოოდ მიატოვა მუსიკა, თუმცა დედამისის თქმით,
შესანიშნავად უკრავდა, მისივე საკუთარი სიტყვებით კი, დაკვრა
ძალიან უყვარდა. მარიანას შესრულებას აღფრთოვანებული
აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ყოველი სიმღერის შემდეგ სერ ჯონი
ხმამაღლა გამოხატავდა აღტაცებას, არანაკლებ ხმამაღლა, ვიდრე
რაღაცებს უყვებოდა თავის დანარჩენ სტუმრებს, სანამ მარიანა
მღეროდა. ლედი მიდლტონი მეუღლეს ხშირად მოუწოდებდა
წესრიგისაკენ, უკვირდა, როგორ შეიძლება მუსიკიდან თუნდაც
წამიერად ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოო და მარიანას
სთხოვდა, აუცილებლად, აუცილებლად ემღერა მისი საყვარელი
რომანსი, სწორედ ის, რომელიც მან ის-ის იყო დაასრულა. მხოლოდ
42
პოლკოვნიკი ბრენდონი არ გამოხატავდა აღტაცებას ხმამაღლა,
თუმცა ისეთი ყურადღებით უსმენდა, რომ ეს საუკეთესო კომპლიმენტი
გახლდათ. და მარიანამ მისდამი ერთგვარი პატივისცემა იგრძნო,
გამოარჩია რა ის სხვა მსმნელებისგან, რომლებიც ყოველგვარი
უხერხულობის გარეშე ამჟღავნებდნენ, რომ გემოვნების ნატამალი არ
გააჩნდათ. სიამოვნება, რომელსაც პოლკოვნიკს მუსიკა ანიჭებდა, რა
თქმა უნდა, არ შეედრებოდა იმ აღტაცების ექსტაზს, რომელშიც თვით
მარიანა იმყოფებოდა, თუმცა დანარჩენების გულისამრევ
უგრძნობლობას ბევრად სჯობდა. გარდა ამისა, მარიანას კარგად
ესმოდა, რომ ოცდათხუთმეტ წელს გადაცილებულმა კაცმა შეიძლება
დაკარგოს მძაფრი აღქმისა და ტკბობის უნარი. ამიტომ მზად იყო
მიეტევებინა ხანში შესული პოლკოვნიკისათვის, როგორც ამას
გულმოწყალების კანონები მოითხოვდა.

43
თავი 8

მისის ჯენინგსი მდიდარი ქვრივი იყო და მას ორი ქალიშვილი


ჰყავდა. ორივე მათგანი იღბლიანად გათხოვდა და ახლა მას სხვა
არაფერი ჰქონდა საზრუნავი, გარდა იმისა, თუ როგორ
დაექორწინებინა ერთმანეთზე მთელი დანარჩენი სამყარო. ამ
საქმეში კი დაღლა არ იცოდა და რამდენადაც ძალა ჰყოფნიდა, ერთ
შემთხვევასაც არ უშვებდა ხელიდან, მისი ნაცნობი ახალგაზრდა
კაცები და ქალები მაჭანკლობით გაერიგებინა ერთმანეთისათვის.
საოცრად სწრაფად აღმოაჩენდა ხოლმე გულის წადილებს და მაშინვე
ქარაგმულად გადაუკრავდა ამის შესახებ ნორჩ ლედის და მის
ლოყებზე სიწითლეს იწვევდა; შემდეგ კი უყვებოდა მას, თუ რა
ძალაუფლება ჰქონდა ამა თუ იმ კავალრის გულზე, რითიც მასში
პატივმოყვარეობას აღვიძებდა. ასეთი ტიპის გამჭრიახობამ ბარტონში
ჩასვლიდან მალევე მას საშუალება მისცა განეცხადებინა, რომ
პოლკოვნიკი ბრენდონი ყურებამდე იყო შეყვარებული მარიანა
დეშვუდზე. მას ასეთი ეჭვი მათი ერთად ყოფნის პირველსავე საღამოს
გასჩენოდა, მაშინ, როცა შეამჩნია, ის გოგონას შესრულებას როგორი
ყურადღებით უსმენდა. იმის შემდეგ კი, რაც მიდლტონებმა საპასუხო
ვიზიტით კოტეჯში ისადილეს, აღარავითარი ეჭვი აღარ შეიძლებოდა
დარჩენილიყო – პოლკოვნიკი ხომ მარიანას სიმღერას კვლავ
ყურადღებით უსმენდა. ჰო, ნამდვილად ასე იყო და მისის ჯენინგსი
ამაში სრულიად დარწმუნებული გახლდათ. და რა მშვენიერი წყვილი
იქნებოდა: კაცი – მდიდარი, ქალი – ლამაზი. მისის ჯენინგსი
პოლკოვნიკ ბრენდონის კარგად დაქორწინებაზე მას შემდეგ
ოცნებობდა, რაც სერ ჯონმა ის პირველად გააცნო, ყოველი ლამაზი
გოგოს დანახვისას ხომ მისთვის გონებაში კარგ საქმროს ეძებდა.
შექმნილი მდგომარეობიდან მან სარგებლის მიღება სწრაფად
დაიწყო და ამიტომ არც ერთი მხარის მიმართ ხუმრობებს არ

44
იშურებდა. ბარტონ პარკში ის პოლკოვნიკ ბრენდონს ეხუმრებოდა ამ
თემაზე, კოტეჯში კი – მარიანას. და თუ პირველს მისი დაცინვები
საერთოდ არ აწუხებდა, რადგანაც მხოლოდ მას ეხებოდა, მეორეს,
თავიდან უბრალოდ არ ესმოდა, რა ხდებოდა, შემდეგ კი, როცა
მიხვდა, უბრალოდ არ იცოდა ამ სისულელეზე გაეღიმა თუ
აღშფოთებულიყო ასეთ თავხედობაზე, რადგან ის პოლკოვნიკის
ხანდაზმულობის და ხანში შესული მარტოხელა კაცის უღიმღამო
ცხოვრების დაცინვად ჩათვალა.
მისის დეშვუდი, რომელსაც მიაჩნდა, რომ მასზე ხუთი წლით
უმცროსი კაცი არცთუ ისე ახლოა მიხრწნილებასთან, როგორც ეს
მისი ქალიშვილის ნორჩ წარმოსახვას ეხატებოდა, შეეცადა, მისის
ჯენინგსი ჭარმაგი ასაკის გამო ადამიანის დაცინვის ბრალდებისგან
დაეცვა.
– მაგრამ, დედა, შენ, სულ ცოტა, ალბათ ასეთი ბრალდების
უაზრობას მაინც არ უარყოფ, თუ თვლი, რომ მას ბოროტი განზრახვა
არ ჰქონია. პოლკოვნიკი ბრენდონი, რა თქმა უნდა, მისის ჯენინგსზე
უმცროსია, მაგრამ მე მამად შემეფერება. და თუ მას ოდესღაც
საკმარისად მგზნებარე გული ჰქონდა საიმისოდ, რომ ჰყვარებოდა,
დიდი ხანია ეს უნარი დაკარგა. და თუ ჭარმაგი ასაკი და უძლურება არ
კმარა, რომ კაცს ასეთი უადგილო მინიშნებების უფლება წაართვას,
ამაზე მეტი სხვა რაღა უნდა იყოს?
– უძლურება?! – წამოიძახა ელინორმა, – შენ ბრენდონს უძლური
უწოდე? მე შემიძლია ვივარაუდო, რომ შენ ის გაცილებით ასაკოვან
ადამიანად გეჩვენება, ვიდრე დედაჩემს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში
ის ჯანმრთელად გამოიყურება და ფეხზე მყარად დგას.
– შენ რა, არ გაგიგია, რევმატიზმს რომ უჩიოდა? ეს სიბერისა და
უძლურების ნიშანი არ არის?
– ჩემო ძვირფასო გოგო, – თქვა დედამ სიცილით, – თუ ასეა, შენ
უნდა ცხოვრობდე შიშით იმის გამო, რომ მე მალე მოვკვდები. ალბათ
სასწაულად გეჩვენება, რომ ამდენი ვიცოცხლე – ორმოცამდე
მივაღწიე.
45
– დედა, შენ უსამართლო ხარ ჩემ მიმართ. მე ძალიან კარგად
ვიცი, რომ პოლკოვნიკი ბრენდონი ჯერ კიდევ არ არის იმ ასაკის,
როცა მეგობრები მის ბუნებრივი მიზეზებით სიკვდილს უნდა
ელოდნენ. მან თავისუფლად შეიძლება კიდევ, სულ ცოტა, ოც
წელიწადს იცოცხლოს, მაგრამ ოცდათხუთმეტი წელი ის ასაკი არ
არის, როცა კაცი ცოლის შერთვაზე უნდა ფიქრობდეს.
– ალბათ, როცა კაცი ოცდათხუთმეტი წლის არის, ქალი კი
ჩვიდმეტის, ჯობია მათ ერთმანეთთან შეუღლებაზე არ იფიქრონ.
მაგრამ თუ, ვთქვათ, ისე მოხდება, რომ პოლკოვნიკი ბრენდონი
ოცდაშვიდი წლის გაუთხოვარ ქალს გადაეყრება, მე ჩავთვლიდი, რომ
ოცდათხუთმეტი წლის პოლკოვნიკს თავისუფლად შეეძლო მისთვის
ცოლობა ეთხოვა.
– ოცდაშვიდი წლის ქალს, – თქვა მარიანამ ხანმოკლე პაუზის
შემდეგ, – იმედიც კი არ უნდა ჰქონდეს, რომ თვითონ განიცდის ან
შეძლებს სხვას განაცდევინოს მხურვალე გრძნობა. და თუ
არაკომფორტულ სახლში ცხოვრობს, ან ძალიან მცირე ქონების
პატრონია, მას შეუძლია დათანხმდეს, საკუთარ თავზე აიღოს სახლის
დიასახლისისა და მომვლელი ქალის მოვალეობა იმ
უზრუნველყოფილი ცხოვრებისა და დაცულობის გამო, რაც მის
ქორწინებას მოჰყვება. აი, ამიტომ დაქორწინება ასეთ ქალზე
სავსებით მისაღებია. ის ორივე მხარის კეთილდღეობას ემსახურება
და საზოგადოებაც მასში განსასჯელს ვერაფერს დაინახავს. ჩემს
თვალში ეს ქორწინებაც კი არ არის, არამედ ეს უფრო სავაჭრო
გარიგებაა, რომლის შედეგად ორივე მხარე სარგებელს იღებს
მეორის ხარჯზე.
– ვიცი, შეუძლებელი იქნება შენი დარწმუნება, – უპასუხა
ელინორმა, – რომ სრულიად მოსალოდნელია, ოცდაშვიდი წლის
ქალს ოცდათხუთმეტი წლის მამაკაცი ნამდვილად უყვარდეს და
მხოლოდ ამის გამო დათანხმდეს, გახდეს მისი ცხოვრების
თანამგზავრი. მაგრამ ჩემთვის სრულიად მიუღებელია ის, რომ შენ
პოლკოვნიკი ბრენდონი და მისი მეუღლე უკვე ავადმყოფობის
46
სარეცელს სამუდამოდ მიაჯაჭვე მხოლოდ იმიტომ, რომ გუშინ
სასხვათაშორისოდ დაიჩივლა (თუ გახსოვს, ცივი და ნესტიანი დღე
იყო), მხარი რევმატიზმის გამო ოდნავ მჩხვლეტსო.
– მაგრამ მან ფლანელის ჟილეტი ახსენა, – თქვა მარიანამ, –
ჩემთვის კი ფლანელის ჟილეტი განუყრელად არის დაკავშირებული
ძვლებში მტვრევასთან, ნერვულ კრუნჩხვებთან, რევმატიზმთან და
მოხუცებულობისთვის დამახასიათებელ სხვა დაავადებებთან.
– ციებ-ცხელებით რომ ყოფილიყო ჩაწოლილი, მაშინ ნაკლებად
შეგეზიზღებოდა. აბა, ახლა აღიარე, მარიანა, რომ წამოწითლბული
სახე, დაბინდული მზერა და აჩქარებული მაჯისცემა გაცილებით უფრო
საინტერესოა შენთვის. ხომ ასეა?
ამ სიტყვებით ელინორმა ოთახი დატოვა, მარიანა კი მაშინვე
დედას მიუბრუნდა.
– დედა, – თქვა მან, – არ დაგიმალავ და სულ ავადმყოფობაზე
ვფიქრობ. ეჭვიც არ მეპარება, რომ ედვარდ ფერარსი ავადაა. უკვე
მეორე კვირაა აქ ვართ, ის კი არ ჩამოდის. ასეთი ხანგრძლივი
შეყოვნების მიზეზი მხოლოდ სერიოზული დაავადება შეიძლება იყოს.
სხვა რა დააკავებდა ნორლენდში?
– შენ გეგონა, ასე მალე ჩამოვიდოდა? – თქვა მისის დეშვუდმა. –
მე ასე არ ვფიქრობ. საერთოდ, სხვა რამე უფრო მაწუხებს. ჩვენი
გამომგზავრების წინ, როცა იმის შესახებ ვლაპარაკობდი, რომ
ედვარდი ბარტონში გვეწვეოდა სტუმრად, მისთვის არც
განსაკუთრებული სიხარული შემიმჩნევია და ვერც ის გავიგე, მიიღო
თუ არა ჩემი წინადადება. ელინორი ფიქრობს, რომ ის აქამდე უნდა
ჩამოსულიყო?
– მისთვის არ მიკითხავს, მაგრამ ალბათ ასეა.
– მე მგონი, შენ ცდები. გუშინ, როცა ვახსენე, რომ სასტუმრო
ოთახში ბუხრის ცხაურის გამოცვლაა საჭირო, მან მიპასუხა, საჩქარო
არაფერია, ახლო მომავალში ეს ოთახი არ დაგვჭირდებაო.
– რა უცნაურია. ეს რას უნდა ნიშნავდეს? გაუგებარია მთელი მათი
დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. როგორ ცივად,
47
თავშეკავებულად დაემშვიდობნენ ერთმანეთს. რა უშფოთველად
საუბრობდნენ ნორლენდში ერთად ყოფნის ბოლო საღამოს! ედვარდი
ელინორს ზუსტად ისე გამოემშვიდობა, როგორც მე. ასე მოყვარული
ძმა ემშვიდობება დებს. უკანასკნელ დილით მე ორჯერ განგებ
დავტოვე ისინი მარტო და ორივეჯერ, გაუგებარი მიზეზების გამო,
ედვარდი მაშინვე უკან გამომყვა. და ელინორსაც, როცა ნორლენდსა
და ედვარდს ეთხოვებოდა, ჩემდენიც არ უტირია. ახლაც კარგად ჰყავს
თავი ხელში აყვანილი – არც მწუხარება, არც მელანქოლია! და არც
საზოგადოებისთვის თავის არიდებას ცდილობს, განმარტოებას არ
ეძებს და არც მოუსვენრობითაა შეპყრობილი.

48
თავი 9

დეშვუდები ბარტონში უკვე საკმაოდ კომფორტულად მოეწყვნენ.


ისინი სულ უფრო ეჩვეოდნენ სახლს, ბაღს და ყველაფერს, რაც მათ
გარშემო იყო. კვლავ მიუბრუნდნენ თავიანთ საყვარელ საქმიანობას,
რაც ნორლენდში ცხოვრების ხიბლის ნახევარს შეადგენდა და მას
ახლა კიდევ უფრო მეტი სიხარული მოჰქონდა, ვიდრე ნორლენდში
მამის გარდაცვალების შემდეგ. სერ ჯონ მიდლტონი, რომელიც მათ
პირველი ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე სტუმრობდა და
თავის სახლში არაფერს მსგავსს მიჩვეული არ იყო, გაკვირვებას ვერ
მალავდა, როცა მათ რაღაც საქმით დაკავებულებს ხედავდა.
და თუ ბარტონის მცხოვრებლებს არ ჩავთვლით, მათთან
იშვიათად თუ მიდიოდა ვინმე სტუმრად. სერ ჯონი დაჟინებით
სთხოვდა, ახლოს გასცნობოდნენ მის მეგობრებს, და მუდმივად
შეახსენებდა, რომ მისი კარეტა, როცა მოისურვებდნენ, მათ
განკარგულებაში იყო. მიუხედავად ამისა, მისის დეშვუდში
დამოუკიდებლობის სული მისი გოგონების საზოგადოებაში ხილვის
სურვილს სძლევდა და ის კატეგორიულ უარს აცხადებდა
მეზობლებთან ვიზიტზე, მათ გარდა, ვინც იმდენად ახლოს
ცხოვრობდა, რომ ფეხითაც შეიძლებოდა მისვლა. ასეთები კი ცოტანი
იყვნენ და მათგან სტუმრებს ყველა არ იღებდა. კოტეჯიდან ერთ-
ნახევარ მილში, ალენჰემის ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ ხეობაში,
რომელიც, როგორც ადრე იყო ნახსენები, ბარტონის გაგრძელებას
წარმოადგენდა, გოგონები ერთ-ერთი გასეირნების დროს კარგა ხნის
წინ აშენებულ, რესპექტაბელური შესახედაობის ცალკე მდგომ სახლს
გადააწყდნენ, რომელმაც მათ ნორლენდი მოაგონა. წარმოსახვამ
საინტერესო სურათები დაუხატა და სურვილი გაუჩნდათ, მეტი
შეეტყოთ სახლის შესახებ. მაგრამ როცა გაიკითხ-გამოიკითხეს,
შეიტყვეს, რომ მისი პატრონი იყო ხნიერი ლედი, ძალიან კარგი

49
ხასიათის, მაგრამ საუბედუროდ, დაუძლურებული, რომელიც თავის
სახლში არავის იღებდა და თვითონაც საზოგადოებაში არ ჩნდებოდა.
კოტეჯის მიდამოებში ძალიან ლამაზი სასეირნო ადგილები იყო.
მაღალი ბორცვები, კოტეჯის ყველა ფანჯრიდან რომ ატკბობდნენ
თვალს, თავიანთი მწვერვალებზე იწვევდნენ, სადაც უჩვეულოდ
სუფთა ჰაერი იყო. და აი, ერთ ღირსშესანიშნავ დილას მარიანა და
მარგარეტი სწორედ ასეთი ბორცვისკენ გაემართნენ. გოგონები მზის
სხივებმა აცდუნა, დროდადრო ღრუბლის ქულებს შორის რომ
აღწევდა. წინა ორი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ წვიმდა და
იძულებით ოთხ კედელში იყვნენ გამოკეტილნი. მისის დეშვუდი და
ელინორი ღრუბლიან, არასაიმედო ამინდში სეირნობის
პერსპექტივით არ მოიხიბლნენ და კითხვა და ხატვა ამჯობინეს, ყურად
არ იღეს რა მარიანას სიტყვებიც, რომელიც ამტკიცებდა, მალე მზე
გამოანათებს და ბორცვების თავზე ერთი ფთილა ღრუბელიც აღარ
დარჩებაო. ამიტომ უმცროსმა გოგონებმა გადაწყვიტეს, სანადიროდ
ორნი წასულიყვნენ.
მხიარულად აუყვნენ ფერდობს, სიამოვნებდათ მათ თავს ზემოთ
ცის კაბადონზე სილურჯის თითოეული გაკრთომა, როგორც მათი
სიმართლის დადასტურება. აღტაცებით უშვერდნენ გახურებულ
სახეებს სამხრეთ-დსავლეთიდან მონაქროლ ქარს და ნანობდნენ,
რომ დედამ და ელინორმა გაუმართლებელი სიფრთხილე გამოიჩინეს
და ასეთი ზეაღმტაცი სიამოვნება მოაკლეს საკუთარ თავს.
– ამაზე კარგს ნამდვილად ვერაფერს მოვიფიქრებდით, – თქვა
მარიანამ, – მარგარეტ, ჩვენ აქ ორ საათს მაინც უნდა ვისეირნოთ.
მარგარეტი დათანხმდა და გოგონები მხიარული სიცილით ქარის
საწინააღმდეგო მიმართულებით დაიძრნენ. დაახლოებით ოც წუთს
იარეს, როცა მოულოდნელად მათ თავს ზემოთ ღრუბლები შექუჩდა
და წვიმის ცივი წვეთების ირიბი ნაკადი წამოვიდა. გულნატკენები და
გაკვირვებულები, იძულებული გახდნენ, შინისკენ გასდგომოდნენ
გზას, რადგან მათ სახლზე ახლოს თავშესაფარი არსად ჩანდა. თუმცა
მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაშიც გოგონებმა ერთი
50
ნუგეში იპოვეს. მათ ჩათვალეს, რომ ამინდის ასეთი ჭირვეულობის
გამო შეეძლოთ, კარგი მანერები დროებით დაევიწყებინათ და
თავქუდმოგლეჯით ერბინათ ფერდობზე, რომელიც პირდაპირ მათ
ჭიშკართან მთავრდებოდა.
და ისინი გაიქცნენ. მარიანა თავიდან დას ასწრებდა, მაგრამ
წაიფორხილა და დაეცა. მარგარეტმა, რომელიც ისეთი ინერციით
მიქროდა, რომ ვერ შეძლო შეჩერებულიყო და დას დახმარებოდა,
ფერდობი მშვიდობიანად ჩაირბინა.
მათკენ ვიღაც ჯენტლმენი მიემართებოდა სანადირო თოფითა და
ორი პოინტერით. წაქცეული მარიანასგან მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი
აშორებდა. მან თოფი ბალახზე დადო და მაშინვე გოგონას მივარდა.
მარიანა დაუხმარებლად წამოდგა, მაგრამ ძლივს მოახერხა ფეხზე
გაჩერება, რადგან, როგორც აღმოჩნდა, წაქცევისას კოჭი ეღრძო.
ჯენტლმენმა დახმარება შესთავაზა, რაზეც დარცხვენილმა მარიანამ
უარით უპასუხა. მაგრამ კაცმა შეატყო, რომ გოგონას დახმარება
აუცილებლად სჭირდებოდა და ასეთ შემთხვევაში მისი ქალიშვილური
მორიდებულობის უგულებელყოფა შეიძლებოდა. მარიანა უსიტყვოდ,
მაშინვე აიყვანა ხელში და ფერდობზე დაეშვა. მარგარეტმა ჭიშკარი
მათთვის ღია დატოვა. ბაღი გაიარეს და მარგარეტი კაცს შინ შეუძღვა.
მან მარიანა სახლში შეიყვანა და სავარძელში ფრთხილად ჩასვა.
ელინორი და მისის დეშვუდი უცნაური პროცესიის გამოჩენისას
დაბნეულები წამოდგნენ, კაცს აშკარად გაკვირვებითა და იდუმალი
აღტაცებით შეხედეს, რასაც მისი გარეგნობა ნებით თუ უნებლიეთ
იწვევდა. ჯენტლმენმა თავისი მოულოდნელი შემოჭრისათვის ბოდიში
მოიხადა და მიზეზი ისე უბრალოდ და ელეგანტურად ახსნა, რომ მისმა
უდავო სილამაზემ დამატებითი ხიბლი შეიძინა არაჩვეულებრივი
ხმისა და დახვეწილი მეტყველების წყალობით. კაცი რომ მოხუცი,
შეუხედავი და ვულგარული ყოფილიყო, მისის დეშვუდი მისი
ქალიშვილისადმი აღმოჩენილი დახმარების გამო ისეთივე
მადლიერების გრძნობით აღივსებოდა, მაგრამ ახალგაზრდობამ,

51
კეთილშობილმა გარეგნობამ და ელეგანტურობამ ჯენტლმენის
საქციელი მის თვალში განსაკუთრებით საინტერესო გახადა.
მისის დეშვუდმა უცნობს რამდენჯერმე გადაუხადა მადლობა,
შემდეგ კი მისთვის დამახასიათებელი თავაზიანი ტონით სთხოვა,
დამჯდარიყო, მაგრამ მან უარი თქვა, რადგან ტანსაცმელი მთლიანად
დასველებოდა და დასვროდა; როცა ჰკითხა, ვისთან ჰქონდა პატივი
ესაუბრა, ჯენტლმენმა უპასუხა, რომ მისი გვარი იყო უილობი და ახლა
ალენჰემში სტუმრად იმყოფებოდა. შემდეგ თავაზიანად დასძინა, რომ
თუ ნებას დართავდნენ, მეორე დილით ეწვეოდა მათ, რათა მის
დეშვუდის ჯანმრთელობის შესახებ ეკითხა. მას ნება დართეს, თანაც
დიდი სიამოვნებით, და ის თავსხმა წვიმაში გარეთ გავიდა, რითიც
ქალების თვალში კიდევ უფრო საინტერესო გახდა.
ახალი ნაცნობის ვაჟკაცური სილამაზე და დახვეწილი მანერები
საყოველთაო აღტაცების საგნად იქცა. მხსნელის გარეგნულმა
მიმზიდველობამ მარიანას ამ პატარა თავგადასავალს
განსაკუთრებული მიმზიდველობა შესძინა. თვითონ მარიანას,
დედამისისა და დებისაგან განსხვავებით, მისთვის თითქმის არც
შეუხედავს. როცა კაცმა ხელში აიყვანა, სახეზე ალმური მოედო და
სახლში შესვლის შემდეგაც გამბედაობა არ ეყო, მისკენ გაეხედა.
მაგრამ ის, რისი შემჩნევაც მოახერხა, საკმარისი იყო, რათა სხვების
საერთო აღტაცებას შეერთებოდა მისთვის დამახასიათებელი
წრეგადასული ქებით. მისი გარეგნობა და მანერები ზუსტად ისეთი
იყო, როგორიც მარიანას წარმოსახვაში მისი საყვარელი რომანის
გმირებს ჰქონდათ, ის კი, კაცმა ზედმეტი ცერემონიების გარეშე რომ
მიიყვანა სახლში, ჯენტლმენის სულის სიმტკიცეზე მეტყველებდა და,
მისი აზრით, ასეთ სითამამეს სავსებით ამართლებდა. ყველაფერმა,
რაც ახალ ნაცნობს უკავშირდებოდა, განსაკუთრებული აზრი შეიძინა.
ის კარგი გვარის კაცი გახლდათ და იქვე მდებარე ულამაზეს
სოფელში ცხოვრობდა. მონადირის ქურთუკიც ძალიან უხდებოდა. ეს
ხომ საუკეთესო ჩაცმულობა იყო ვაჟკაცური ახალგაზრდა ბიჭისთვის.
მარიანას ფანტაზია განუწყვეტლივ მუშაობდა, ერთიმეორეზე უფრო
52
სასიამოვნო აზრები მოსდიოდა და უკვე კოჭის ტკივილიც აღარ
ახსოვდა.
როცა სერ ჯონი ეწვიათ, ჯერ კიდევ დილა იყო. ისევ გამოიდარა და
მას საშუალება მიეცა, სახლიდან გამოსულიყო. სერ ჯონს მაშინვე
მოუყვნენ, თუ რა გადახდა თავს მარიანას და აღელვებით ჰკითხეს,
ხომ არაფერი იცოდა ალენჰემელი ჯეტლმენის, გვარად უილობის
შესახებ.
– უილობი? – დაიყვირა სერ ჯონმა, – როგორ, ის ჩამოვიდა? რა
შესანიშნავი ახალი ამბავია. ხვალვე წავალ ალენჰემში და მას
ხუთშაბათისთვის სადილად მივიწვევ.
– ესე იგი, თქვენ მას იცნობთ, – თქვა მისის დეშვუდმა.
– ვიცნობ? რა თქმა უნდა. ის ხომ აქ ყოველ წელიწადს ჩამოდის.
– და როგორი ადამიანია?
– უკეთესს რომ ვერ ნახავთ, გარწმუნებთ. მშვენივრად ისვრის და
მთელს ინგლისში საუკეთესო მხედარია.
– და სულ ესა, რაც მის შესახებ შეგიძლიათ თქვათ? – წამოიძახა
აღშფოთებულმა მარიანამ, – როგორ იქცევა ის საზოგადოებაში? რას
საქმიანობს? რა აინტერესებს? რა მიდრეკილებები აქვს?
სერ ჯონი, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული ჩანდა.
– დამიჯერეთ, – თქვა მან, – მე ამის შესახებ არაფერი ვიცი,
მაგრამ ის კი შემიძლია გითხრათ, რომ კეთილი და სასიამოვნო
ახალგაზრდაა. მის დედალ ძაღლზე უკეთესი პოინტერი კი ჩემს
სიცოცხლეში არ მინახავს. დღესაც თან ჰყავდა?
მაგრამ მარიანას ძაღლის აღწერა ოდნავადაც არ შეეძლო იმაზე
უკეთ, ვიდრე სერ ჯონს – მისი პატრონის სულიერი თვისებებისა.
– მაგრამ, ვინ არის ის? – ჰკითხა ელინორმა, – საიდან არის?
ალენჰემში საკუთარი სახლი აქვს?
ასეთ რამეებში სერ ჯონი უკეთ გარკვეული აღმოჩნდა. მან თქვა,
რომ მათ მხარეში მისტერ უილობის არავითარი საკუთარი სახლი არ
ჰქონდა, სტუმრად კი ის ალენჰემ-კორტის მოხუც დიასახლისთან
ჩამოდიოდა, რადგან მისი ნათესავი და მემკვიდრე იყო.
53
– დიახ, დიახ, – განაგრძო სერ ჯონმა, – მისი ხელში ჩაგდება
მართლა ღირს, მისს დეშვუდ, დამიჯერეთ – მშვენიერი პატარა
მამული აქვს სომერსეტშირში. თქვენს ადგილზე რომ ვიყო, მას
უმცროსი დისთვის არ ვიფიქრებდი, რამდენჯერაც არ უნდა
წაქცეულიყო ის ბორცვის ფერდობზე. რა, ყველა კავალერი მის
მარიანას უნდა დარჩეს? თუ ფრთხილად არ იქნება, იცოდეს, რომ
ბრენდონი იეჭვიანებს.
– მე მგონი, – თქვა მისის დეშვუდმა, – მისტერ უილობის შეუძლია,
არ ინერვიულოს. ჩემი გოგონები არ შეეცდებიან, თქვენი სიტყვებით
რომ ვთქვათ, მის ხელში ჩაგდებას. ისინი სხვანაირად არიან
აღზრდილი. კაცებს ჩვენთან არაფერი ემუქრებათ, მათ შორის,
ყველაზე მდიდრებსაც. თუმცა კი, ძალიან გამახარა თქვენმა
სიტყვებმა, რომ ის კეთილშობილი ახალგაზრდა კაცი გახლავთ,
ისეთი, რომლის გაცნობაც სასურველი იქნება.
– მართლა ძალიან კარგი ბიჭია, უკეთესს რომ ვერ ნახავ, ისეთი, –
გაიმეორა სერ ჯონმა, – მახსოვს, გასულ შობას პარკში პატარა
საღამო გვქონდა და მან ღამის რვა საათიდან დილის ოთხამდე
იცეკვა, ისე, რომ ერთხელაც არ ჩამომჯდარა დასასვენებლად.
– ნუთუ მართლა? – წამოიყვირა მარიანამ და თვალები
გაუბრწყინდა. – და, რა თქმა უნდა, გრაციოზულად, თავდავიწყებით.
– სწორედ. რვა საათზე კი უკვე ფეხზე იყო, რომ სანადიროდ
წასულიყო.
– ეს ძალიან მომწონს. ახალგაზრდა კაცი სწორედ ასეთი უნდა
იყოს. ყველაფერს, რასაც ხელს მოჰკიდებს, გულანთებული უნდა
აკეთებდეს, ზომა და დაღლა რა არის, არ უნდა იცოდეს.
– მესმის, მესმის. ვხედავ, საით მიდის საქმე, – თქვა სერ ჯონმა, –
თქვენ ახლა მასზე დაიწყებთ ნადირობას, საწყალ ბრენდონს კი
საერთოდ მიივიწყებთ.
– ასეთ გამოთქმებს ვერ ვიტან, – შეეპასუხა მარიანა, – ვერ ვიტან
ვულგარულ ფრაზებს, რომელსაც რატომღაც მახვილგონივრულად
თვლიან. “კაცზე ნადირობა” და “გულის დაპყრობა” კი მათ შორის
54
ყველაზე უსიამოვნოა. ძალიან უხეში და უგემოვნო გამოთქმებია და
თუ ისინი ოდესმე ვინმეს ორიგინალურად ეჩვენებოდა, ამ დრომ დიდი
ხანია ჩაიარა.
სერ ჯონმა ამ საყვედურის ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ ისე
გულიანად გადაიხარხარა, თითქოს რაღაც ძალიან სასაცილო
მოისმინა, და თქვა:
– დაპყრობასთან დაკავშირებით ხომ თქვენ პრობლემები არ
გექნებათ მარჯვნივ თუ მარცხნივ. საწყალი ბრენდონი! რამდენი ხანია,
თქვენზე ყურებამდე შეყვარებულია. მასზე ნადირობა ნამდვილად
ღირს. მიუხედავად მთელი თქვენი დაცემებისა და კოჭების ღრძობისა.

55
თავი 10

მარიანას მხსნელი, როგორც უილობის მარგარეტმა ლამაზად,


მაგრამ არცთუ მთლად ზუსტად დაარქვა, მეორე დილით მივიდა
კოტეჯში, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეკითხა.
მისის დეშვუდმა ის არა მხოლოდ თავაზიანად, არამედ თბილად
მიიღო, რაც ერთი მხრივ მისდამი მადლიერების გრძნობამ, მეორე
მხრივ კი სერ ჯონის მონათხრობმა განაპირობა. ამ ვიზიტს უნდა
დაერწმუნებინა ახალგაზრდა კაცი, რომ ოჯახი, რომელშიც ის
შემთხვევის წყალობით აღმოჩნდა, წესიერი და კეთილშობილი იყო და
მასში ურთიერთსიყვარული და ჰარმონია სუფევდა. იმას კი, რომ
ოჯახის წევრები განსაკუთრებული ხიბლით გამოირჩეოდნენ,
მტკიცება არ სჭირდებოდა.
მისს ელინორ დეშვუდს სახის ძალიან ნაზი ფერი, სწორი ნაკვთები
და შესანიშნავი ფიგურა ჰქონდა. მარიანა კიდევ უფრო ლამაზი იყო.
შეიძლება, აღნაგობით თავის დას ჩამოუვარდებოდა, მაგრამ
სიმაღლე მის სხეულს გრაციოზულობას სძენდა. ისეთი სანდომიანი და
მომხიბლავი სახით დაეჯილდოებინა ბუნებას, რომ ის, ვინც ლამაზად
თვლიდა, სიმართლის წინაშე ნაკლებად ცოდავდა, ვიდრე ეს,
ჩვეულებრივ, ქალის ქებისას ხდება. მის მუქ კანს გამჭვირვალობა
საოცარ ელვარებას სძენდა. დახვეწილი ნაკვთები და მომნუსხველი
ღიმილი ჰქონდა, შავი თვალები კი ისეთი ცოცხალი და
შთაგონებული, რომ აღტაცებას იწვევდა ყველაში, ვინც მათ მზერას
დაიჭერდა. მათი ბრწყინვალება უილობისგან იმ დარცხვენამ დამალა,
რომელიც დახმარების შესახებ მარიანას მოგონებით იყო
გამოწვეული. მაგრამ როცა შეცბუნებამ გაიარა, როცა გოგონამ
შეძლო თავი ხელში აეყვანა, მან შეამჩნია, რომ ახალგაზრდა კაცის
უზადო მანერები ღია და მხიარულ ხასიათთან იყო შერწყმული;
შემდეგ კი, როცა უილობიმ განაცხადა, რომ მუსიკა და ცეკვა

56
გაგიჟებით უყვარდა, მარიანამ ის მოწონების ისეთი მზერით
დააჯილდოვა, რომ სტუმარი ვიზიტის ბოლომდე თითქმის მხოლოდ
მას მიმართავდა.
მარიანას საუბარში ჩასათრევად საკმარისი იყო, მისთვის
საყვარელი რამე საქმიანობა გეხსენებინა. ასეთ შემთხვევაში მას არ
შეეძლო გაჩუმება, მორცხვობა და მორიდებულობა ავიწყდებოდა და
მსჯელობაში მგზნებარედ ერთვებოდა. ახალგაზრდებმა სწრაფად
აღმოაჩინეს, რომ მუსიკა და ცეკვები ერთნაირ სიამოვნებას
ანიჭებდათ და ამის მიზეზი მათი მსგავსი მიდრეკილებები და
შეხედულებები იყო. მარიანას მაშინვე მოუნდა გაეგო უილობის
აზრები სხვა რამეებზე და წიგნების შესახებ დაიწყო ლაპარაკი, თავისი
საყვარელი ავტორები ჩამოთვალა და მათ ღირსებებზე ისეთი
აღფრთოვანებით ილაპარაკა, ოცდახუთი წლის ახალგაზრდა კაცი
სრულიად უგრძნობი უნდა ყოფილიყო, რომ მათ მგზნებარე
თაყვანისმცემლად არ ქცეულიყო, თუნდაც მათი ერთი სტრიქონიც არ
ჰქონოდა წაკითხული. გემოვნება ამ საკითხშიც მსგავსი აღმოჩნდა.
მათ აღფრთოვანებას ერთი და იგივე წიგნები, ერთი და იგივე
ავტორები იწვევდა. როცა რაიმეში აზრთა სხვადასხვაობა იჩენდა
თავს, მარიანა თავის შეხედულებას ისე მგზნებარედ იცავდა, რომ
თანამოსაუბრე მზად იყო, მისი არგუმენტებისა და მოელვარე
თვალებისთვის დაეთმო და უკან დაეხია. ის მაშინვე ეთანხმებოდა
მარიანას გადაწყვეტილებებს, იზიარებდა მის ენთუზიაზმს, და ვიზიტის
დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე ისინი ძველი
ნაცნობებივით თავისუფლად და ღიად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს.
– აბა, რას იტყვი, მარიანა? – თქვა ელინორმა, როცა სტუმარმა ის-
ის იყო კარი გაიხურა. – ერთი დილისთვის შენ ძალიან ბევრი
მოასწარი. უკვე იცი მისტერ უილობის აზრი ყველა მეტ-ნაკლებად
მნიშვნელოვან საკითხზე. იცი, რას ფიქრობს ის კუპერსა თუ სკოტზე;
დარწმუნდი, რომ მათ ღირსებებს ისე აფასებს, როგორც ისინი
იმსახურებენ. შენ მიიღე ყველა მტკიცებულება იმისა, რომ ის პოუპით
[ალექსანდრე პოუპი – (1688-1744) ინგლისელი პოეტი, ესეისტი,
57
განმანათლებლური კლასიციზმის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა
წარმომადგენელი.] სწორედ იმდენადაა აღფრთოვანებული,
რამდენადაც ეს გამართლებული იქნებოდა. მაგრამ თუ მომავალშიც
ასეთი საოცარი სისწრაფით აპირებ ყველაფრის განხილვას, როგორ
გინდა, თქვენი ურთიერთობა თუნდაც მეტ-ნაკლებად დიდხანს
გაგრძელდეს? მალე ყველა საინტერესო თემა ამოიწურება! მომდევნო
შეხვედრაზე ის თავის აზრებს გაგაცნობს პეიზაჟის სილამაზისა და
მეორე ქორწინების შესახებ და შენ სხვა აღარაფერი გექნება
შესაკითხი.
– ელინორ! – წამოიძახა მარიანამ. – განა ეს სწორია? განა ეს
სამართლიანია? ნუთუ მე ასეთუ უბადრუკი ინტერესები მაქვს? მაგრამ
მგონი მიგიხვდი, რას გულისხმობდი. მე მეტისმეტად ღია, მეტისმეტად
ბედნიერი, მეტისმეტად გულწრფელი ვიყავი. საზოგადოებაში
მიღებული კარგი ქცევის წესები უგულებელვყავი – ღია და
გულწრფელი ვიყავი იქ, სადაც თავშეკავებული, უსულგულო,
მოსაწყენი და პირფერი უნდა ვყოფილიყავი. ამინდზე და ცუდ გზებზე
რომ მელაპარაკა და ხმა ყოველ ათ წუთში ერთხელ ამომეღო, მაშინ
ამ საყვედურის მოსმენაც არ მომიხდებოდა.
– ჩემო საყვარელო, – სწრაფად ჩაერია მისის დეშვუდი, – შენ
ელინორზე არ უნდა გაბრაზდე. მან ხომ უბრალოდ იხუმრა. მე მას, რა
თქმა უნდა, მკაცრად მოვკითხავდი პასუხს, მართლა რომ
ცდილობდეს იმ სიხარულისთვის დაგძრახოს, რაც ჩვენს ახალ
მეგობართან საუბარმა მოგანიჭა.
მარიანას მაშინვე გული მოულბა.
უილობი, თავის მხრივ, მთელი თავისი გამომეტყველებით
აჩვენებდა, რა საიამოვნო იყო მისთვის მათი გაცნობა და როგორ
უნდოდა მისი გაგრძელება. ის მათთან ყოველდღე დადიოდა. ამის
საბაბი ჯერ მარიანას ჯანმრთელობის მოკითხვა იყო, მაგრამ მას სულ
უფრო და უფრო ალერსიანად იღებდნენ და მალე, ჯერ კიდევ დიდი
ხნით ადრე, სანამ მარიანა სრულად გამოჯანმრთელდებოდა, მისი
აუცილებლობა გაქრა. მარიანა რამდენიმე დღის განმავლობაში
58
სახლიდან ვერ გადიოდა, მაგრამ ეს უნებური შინაპატიმრობა ასეთი
სასიამოვნო არასოდეს ყოფილა. უილობი უნარიანი ახალგაზრდა
გახლდათ, ცოცხალი წარმოსახვითა და იუმორის კარგი გრძნობით.
ბუნებით გულწრფელს და უშუალოს, თავი ყოველთვის მეგობრულად
ეჭირა. ის თითქოს იმისთვის იყო შექმნილი, რომ მარიანას გული
დაეპყრო, რადგან ყველაფერს ზემოჩამოთვლილს არა მხოლოდ
შესანიშნავი გარეგნობა, არამედ მაძიებელი და ცნობისმოყვარე
გონებაც ემატებოდა, თანაც უნდა ითქვას, ამ თვისებებს მარიანა
თავისი ენერგიითვე კვებავდა და თვითონვე მოდიოდა მათგან
აღტაცებაში. ახალგაზრდა კაცის კომპანია მას თანდათან სულ უფრო
მეტ სიამოვნებას ანიჭებდა. ისინი საუბრობდნენ, ერთად
კითხულობდნენ, დუეტში მღეროდნენ. ის არაჩვეულებრივად
ცეკვავდა და მღეროდა, კითხვით კი გრძნობით და გამოთქმით
კითხულობდა, რაც, სამწუხაროდ, ედვარდს აკლდა.
მისის დეშვუდი მარიანაზე ნაკლებად არ იყო აღტაცებული და ვერც
ელინორი უსაყვედურებდა მას ვერაფერს, გარდა ერთი
მიდრეკილებისა, რომლითაც მისტერ უილობი მის დას ძალიან
ჰგავდა (და ამიტომ მისი ეს თვისება მარიანას განსაკუთრებით
აღაფრთოვანებდა) – ეს იყო სურვილი, ნებისმიერ შემთხვევაში
საკუთარი აზრი გამოეთქვა, ისე, რომ არავისა და არაფრისთვის
ანგარიში არ გაეწია. ჩვევა, ნაჩქარევად ჩამოეყალიბებინა და ყველას
გასაგონად გამოეთქვა აზრი ადამიანების შესახებ, ქედმაღლურად
უგულებელეყო საზოგადოებაში მიღებული წესები და ქცევის ნორმები
თავისი რაღაც კაპრიზების გამო, ერთგვარი ქარაფშუტული
უდარდელობის ნიშანი გახლდათ, რაც ელინორს არ შეეძლო
მოეწონებინა მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ეთქვათ მის დასაცავად
მარიანას და მის კავალერს.
ახლა მარიანა თანდათან რწმუნდებოდა, რომ
სასოწარკვეთილება, რომელმაც ის თექვსმეტ-ნახევარი წლის ასაკში
მოიცვა იმის გამო, რომ თავის იდეალს აქამდე ვერ შეხვდა, ცოტა არ
იყოს, ნაჩქარევი ყოფილა. უილობი მისთვის ყველა იმ თვისებას
59
განასახიერებდა, რომელსაც იმ ძნელბედობის ჟამს, ისევე, როგორც
მისი ცხოვრების უფრო ნათელ პერიოდებშიც, თავის ოცნებებში მისი
მომავალი რჩეულისთვის აუცილებლად თვლიდა. ქცევები კი ისეთი
ჰქონდა, რომ მისი განზრახვის სერიოზულობაში ეჭვს ისევე ვერ
შეიტანდი, როგორც მის სრულყოფილებაში.
ჯერ ერთი კვირაც არ იყო გასული, და მისის დეშვუდი მათ
ქორწინებას უკვე იმედით და მოუთმენლად ელოდა, თუმცა
ახალგაზრდა კაცის სიმდიდრეზე სულაც არ ეჭირა თვალი და ეს
მისთვის არავითარ როლს არ თამაშობდა. გუნებაში ის უკვე
ულოცავდა საკუთარ თავს ორ ისეთ სიძეს, როგორებიც უილობი და
ედვარდი იყვნენ.
პოლკოვნიკ ბრენდონის მეგობრებს, რომლებმაც ძალიან ადრე
შენიშნეს მისი გრძნობა მარიანას მიმართ, უკვე დავიწყებული
ჰქონდათ ამის შესახებ, როცა ელინორმა ზოგიერთი ნიშნის მიხედვით
დაიწყო იმის შემჩნევა, რაც ბოლოს და ბოლოს, მართლა მოხდა. ამ
დროისთვის მათი ყურადღებისა და ენამახვილობის საგანი მისი
უფრო იღბლიანი მოწინააღმდეგე გახლდათ და ხუმრობები,
რომლითაც პოლკოვნიკს კენწლავდნენ, სანამ მისი გული
დაპყრობილი არ იყო, სწორედ მაშინ შეწყდა, როგორც კი რეალური
საფუძველი გაჩნდა დაცინვისათვის, მხურვალე გრძნობას ხშირად
რომ ახლავს თან. ელინორი, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ,
იძულებული იყო დაეჯერებინა, რომ პოლკონიკს მართლა ჰქონდა ის
გრძნობა მისი დის მიმართ, რასაც მისის ჯენინგსი მიაწერდა თავის
გართობის მიზნით. გემოვნების მსგავსებამ ფრთები შეასხა უილობის,
მაგრამ ამასთან ერთად, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული
გემოვნება დაბრკოლება არ აღმოჩნდა პოლკოვნიკ ბრენდონისათვის.
ელინორს ეს აწუხებდა. რა შანსი შეიძლებოდა ჰქონოდა
ოცდათხუთმეტი წლის მდუმარე კაცს ოცდახუთი წლის ენერგიულ,
სიცოცხლით სავსე ახალგაზრდასთან? ვინაიდან მას წარმატებას ვერ
უსურვებდა, ამიტომ ერჩია, გულგრილი ყოფილიყო. ელინორს
პოლკოვნიკი ბრენდონი მოსწონდა. მისი სიტყვაძვირობა და
60
თავშეკავებულობა მასში ინტერესსაც კი იწვევდა. კაცი, მართალია,
სერიოზული იყო, მაგრამ რბილი მანერები ჰქონდა, მისი
თავშეკავებულობა კი შეიძლება სულიერი ტრავმის შედეგი
ყოფილიყო და არა ბუნებრივად პირქუში ხასიათის გამოხატულება.
სერ ჯონი ხშირად ქარაგმულად ახსენებდა ხოლმე წარსულში
პოლკოვნიკის მიერ გადატანილ ტკივილებსა და იმედგაცრუებებს,
რაც ადასტურებდა მის აზრს, რომ კაცი უბედური იყო; ეს კი მის
მიმართ პატივისცემასა და თანაგრძნობას უჩენდა.
შეიძლება, იმიტომაც ეცოდებოდა და აფასებდა მას, რომ ასე
უგულებელყოფილი იყო მარიანასა და უილობისაგან; მათ
პოლკოვნიკისთვის ვერ ეპატიებინათ, რომ ის არც ახალგაზრდა
გახლდათ და არც მხიარული. ისინი მის ღირსებებს, უბრალოდ, ვერ
აფასებდნენ.
– ბრენდონი იმ ტიპის ადამიანია, – განაცხადა ერთხელ უილობიმ,
როცა სიტყვა პოლკოვნიკზე ჩამოვარდა, – რომელზეც ყველა კარგს
ლაპარაკობს და რომელთანაც ურთიერთობა არავის უნდა; ვისი
დანახვაც ყველას უხარია და ვისაც სალაპარაკოდ არავინ უჩერდება.
– მეც სწორედ ასეთი აზრი მაქვს მის შესახებ, – წამოიძახა
მარიანამ.
– ვერაფერი სატრაბახოა, რომ ეგ აზრი გაქვს, – თქვა ელინორმა,
– თქვენ ორივენი არასამართლიანი ხართ მის მიმართ. ბარტონ
პარკში მას ყველა აფასებს და მეც ყოველთვის მოხარული ვარ მასთან
გამოლაპარაკების.
– თქვენი მისდამი ასეთი მფარველობა, – უპასუხა უილობიმ, – რა
თქმა უნდა, მის სასარგებლოდ მეტყველებს. რაც შეეხება მეზობლების
პატივისცემას მის მიმართ, ეს მას პატივს სულაც არ სდებს. ნეტავ ვინ
იქნება ისეთი, რომ ლედი მიდლტონის და მისის ჯენინგსის მსგავსი
ქალების დამამცირებელი მოწონება ამჯობინოს დანარჩენი
საზოგადოების გულგრილ განურჩევლობას?
– მაგრამ იქნებ თქვენი და მარიანას მსგავსი ადამიანების
ლანძღვა ლედი მიდლტონისა და დედამისის მის მიმართ
61
კეთილგანწყობის გამოსყიდვაა? თუ მათი ქება ლანძღვის ტოლფასია,
თქვენი ლანძღვა – ქებაა. ისინი იმაზე მეტად განურჩევლები არ
არიან, ვიდრე თქვენ – მიკერძოებული და უსამართლო.
– თქვენი პროტეჟეს დაცვისას გესლიანიც კი ხდებით.
– ჩემი პროტეჟე, როგორც თქვენ მას უწოდებთ, ჭკვიანი კაცია, მე
კი ჭკუას ყოველთვის ვაფასებ. დიახ, დიახ, მარიანა, მათშიც კი, ვინც
ოცდაათ წელს არის გადაცილებული. მას ბევრი რამ უნახავს
ამქვეყნად, საზღვარგარეთაც არის ნამყოფი, ნაკითხია და კარგად
აზროვნებს. მისგან ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიღება
შეიძლება სხვადასხვა თემებზე და ჩემს შეკითხვებსაც ყოველთვის
თავაზიანად და სიამოვნებით პასუხობს.
– ჰო, აბა რა, – წამოიძახა მარიანამ ზიზღით, – მან ხომ შენ
მოგიყვა, რომ აღმოსავლეთ ინდოეთში ძალიან ცხელი კლიმატია და
ბევრი კოღოა.
– ეჭვიც არ მეპარება, მომიყვებოდა, ამის შესახებ რომ მეკითხა,
მაგრამ ეს ხომ ისედაც ვიცოდი.
– იქნებ, – თქვა უილობიმ, – ის იმდენად დაკვირვებულიც კია, რომ
იქ ნაბობებისა [ნაბობი – ურდუს ენაზე “ნაიბი”, წარმოადგენდა
მმართველთა ტიტულს აღმოსავლეთ ინდოეთის პროვინციებისა,
რომლებიც, თავის მხრივ, შედიოდნენ დიდ მოგოლთა იმპერიის
შემადგენლობაში.] და პალანკინების [პალანკინი – აზიის, აფრიკისა
და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში: მხრებზე დასადგმელი
ტახტრევანი დიდებულთა სატარებლად.] არსებობაც კი შეამჩნია.
– გავბედავ და ვიტყვი, რომ მისი დაკვირვებულობა უფრო შორს
სწვდება, ვიდრე ეგ თქვენი გამქირდავი სიტყვები მის მიმართ. მაინც
რატომ გძულთ ის ასე ძალიან?
– სრულებითაც არ მძულს. მე მას ძალიან პატივსაცემ ადამიანად
ვთვლი, რომლის საქებრად ყველა მზად არის და რომელსაც ვერავინ
ამჩნევს. და რომელსაც იმდენი ფული აქვს, არ იცის, რაზე დახარჯოს
და იმდენი თავისუფალი დრო, რომ არ იცის, როგორ გამოიყენოს. და
კიდევ ორი ახალი კოსტიუმი ყოველ წელიწადს.
62
– და ამ ყველაფერს დაუმატეთ, – წამოიყვირა მარიანამ, – რომ
მას არც ნიჭი აქვს, არც გემოვნება და არც მტკიცე ხასიათი. და რომ
არც გონებრივად ბრწყინავს და არც მგზნებარე გრძნობებით. მისი ხმა
ხომ საერთოდ მოკლებულია გამომხატველობას.
– თქვენ მას იმდენ ნაკლს მიაწერთ, – შეეპასუხა ელინორი, – და
ეს ძირითადად საკუთარ წარმოსახვაზე დაყრდნობით, რომ მათთან
შედარებით ჩემი ქება ცივი და არაფრისმთქმელი ჩანს. მე მხოლოდ ის
შემიძლია განვაცხადო, რომ პოლკოვნიკი გონიერი, კარგად
აღზრდილი, განათლებული ადამიანია სასიამოვნო მანერებითა და,
ვფიქრობ, კეთილი გულით.
– მისს დეშვუდ, – წამოიყვირა უილობიმ, – ვფიქრობ, თქვენ მე
სასტიკად მექცევით! თქვენ ცდილობთ განმაიარაღოთ არგუმენტებით
და ძალით გადამარწმუნოთ. მაგრამ ამას ვერ მიაღწევთ. დავის
წარმართვის თქვენეულ ხელოვნებას მე შემიძლია მისი ტოლფარდი
სიჯიუტე დავუპირისპირო. მე სამი საფუძვლიანი მიზეზი მაქვს, მისტერ
ბრენდონი არ მიყვარდეს: ის წვიმით დამემუქრა, როცა მე კარგი
ამინდის იმედი მქონდა, მას არ მოეწონა საჯდომი ჩემს ეტლში და
მესამე ის არის, რომ ვერაფრით ვაიძულე, ჩემი წაბლა ფაშატი
იყიდოს. მაგრამ თუ თქვენ სიამოვნებას მოგანიჭებთ იმის მოსმენა,
რომ ყველა სხვა თვალსაზრისით მისი რეპუტაცია უზადოდ მიმაჩნია,
მე მზად ვარ, ეს ახლავე ვაღიარო. თქვენ კი პასუხად ამ აღიარებისა,
რომელიც ჩემთვის საკმაოდ ძნელი იყო, უნდა დამიტოვოთ იმის
უფლება, რომ ის ისევე არ მიყვარდეს, როგორც აქამდე არ მიყვარდა.

63
თავი 11

როცა დევონშირში გადავიდნენ მისის დეშვუდს და მის


ქალიშვილებს აზრადაც არ მოსვლიათ, რომ მათი განმარტოებული
ცხოვრება მალე დამთავრდებოდა და მუდმივი მიწვევები და მუდმივი
სტუმრები მათ თითქმის არ დაუტოვებდა დროს სერიოზული
საქმიანობისათვის. მაგრამ სწორედ ასე მოხდა. როცა მარიანა
გამოკეთდა, სერ ჯონმა სახლში და სუფთა ჰაერზე გართობის
საკუთარი გეგმის სისრულეში მოყვანა დაიწყო. ბარტონ-პარკში
ცეკვის საღამოები დაიწყო, წყალზე ნავით გასეირნების საღამოები კი
იმდენად ხშირად იმართებოდა, რამდენადაც ამის საშუალებას
ოქტომბრის წვიმები აძლევდათ. უილობი ასეთ გართობების მუდმივი
მონაწილე გახლდათ. სიმსუბუქე და ფამილიარობა, რაც ამ
წვეულებებს თან ახლდა, ხელს უწყობდა დეშვუდებთან მის შემდგომ
დაახლოებას და მას საშუალებას აძლევდა, თვალნათლივ
დარწმუნებულიყო მარიანას საოცარ ღირსებებში, აღტაცება
გამოეხატა მის მიმართ, გოგონას ქცევაში კი მისდამი გამორჩეული
სინაზის ნიშნები ეძებნა.
ელინორს მათი ერთმანეთისკენ სწრაფვა არ აკვირვებდა, თუმცა
ის კი უნდოდა, რომ მათ ეს ასე აშკარად არ გამოეხატათ და ორჯერ
შეეცადა დაერწმუნებინა მარიანა, რომ ცოტა მეტი თავშეკავებულობა
ზედმეტი არ იქნებოდა. მაგრამ მარიანას ერჩია, გულწრფელად
გამოეხატა თავისი დამოკიდებულება, რადგან თვლიდა, რომ
საჩუმათო არაფერი ჰქონდა: იმ გრძნობების დათრგუნვას, რომელშიც
დასაძრახი არაფერი იყო, არა მხოლოდ ზედმეტი ძალისხმევა
სჭირდებოდა, არამედ უხამსობაც კი იყო, მცდარი
წარმოდგენებისთვის ხარკი გადაგეხადა. უილობი მის აზრებს
იზიარებდა და მათი საქციელი ყოველთვის მათივე შეხედულებების
ნათელი დადასტურება გახლდათ.

64
როცა უილობი მასთან იყო, მარიანა სხვას ვეღარავის ხედავდა.
ყველაფერი, რასაც უილობი აკეთებდა, სწორი და მართებული იყო;
ყველაფერი, რასაც ის ამბობდა – ჭკვიანური. თუ ბარტონ პარკში
საღამო ბანქოს თამაშით მთავრდებოდა, მაშინ ის ყველაფერს
აკეთებდა, რომ მარიანას მოეგო, თუნდაც ამისთვის საკუთარი თავის
და ყველა მოთამაშის მოტყუება ყოფილიყო საჭირო. როცა საღამოს
მთავარი გართობა ცეკვები იყო, ისინი ერთად ცეკვავდნენ, დანარჩენი
დროის განმავლობაში კი იდგნენ და ერთმანეთის გარდა, თითქმის
არავის ელაპარაკებოდნენ. რა თქმა უნდა, მათი ასეთი საქციელი
საყოველთაო სიცილს იწვევდა, მაგრამ წყვილს ეს დიდად არ
ანაღვლებდა. ისე ჩანდა, თითქოს ვერც ამჩნევდნენ ამას.
მისის დეშვუდი იმდენად კეთილად იყო განწყობილი მათ მიმართ,
რომ აზრადაც არ მოსდიოდა, მათი გრძნობების ასეთი
თავშეუკავებელი გამოხატვის შეზღუდვა ეცადა. მისთვის ეს გახლდათ
ბუნებრივი შედეგი მგზნებარე ნორჩი გულების ლტოლვისა.
მარიანას ბედნიერი ხანა დაუდგა. მისი გული ეკუთვნოდა
უილობის, რომლის სტუმრობა მათ ახალ სახლს ისეთი ხიბლით
ავსებდა, რომ მისი მეხსიერებიდან თანდათან მთლიანად გაქრა ნაზი
გრძნობები სასექსის მიმართ, რაც მას ადრე წარმოუდგენლად
მიაჩნდა.
ელინორი კი თავს ასე ბედნიერად არ გრძნობდა. გული საკმაოდ
დამძიმებული ჰქონდა და გართობაც დიდ სიამოვნებას არ ანიჭებდა.
იმის შეცვლა, რაც წარსულში დარჩა, გართობას არ შეეძლო, ისევე,
როგორც არ შეეძლო შეემსუბუქებინა ნორლენდთან განშორებით
გამოწვეული სევდა. ვერც ლედი მიდლტონის და ვერც მისის
ჯენინგსის სახით ვერ იპოვა თანამოსაუბრე, რომელიც მის
დაინტერესებას შეძლებდა, თუმცა ეს უკანასკნელი განუწყვეტლივ
ლაპარაკობდა, პირველი შეხვედრიდანვე ელინორის მიმართ
განსაკუთრებული კეთილგანწყობა გაუჩნდა და ამიტომ უმეტესად მას
მიმართავდა. ელინორს მისი ცხოვრების ისტორია უკვე სამჯერ თუ
ოთხჯერ ჰქონდა მოსმენილი და მონათხრობის სათანადოდ
65
დამახსოვრება რომ შესძლებოდა, უკვე მათი გაცნობის ადრეულ
ეტაპზე მისტერ ჯენინგსის უკანასკნელი ავადმყოფობის ყველა
დეტალი ზეპირად ეცოდინებოდა, ისევე, როგორც ის სიტყვები,
რომლითაც მან ცოლს მიმართა რამდენიმე წუთით ადრე, სანამ
მოკვდებოდა. ლედი მიდლტონი დედამისთან შედარებით უფრო
ასატანი იმით იყო, რომ ბევრს არ ლაპარაკობდა, ელინორს
განსაკუთრებული დაკვირვება არ დასჭირვებია იმაში
დასარწმუნებლად, რომ ეს თავშეკავებულობა მისი უსიცოცხლო
ნატურის შედეგი იყო და არა მისი გონების მაჩვენებელი. ქმართან და
დედასთან ის ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც სტუმრებთან, ამიტომ
მასთან მეგობრული სიახლოვის არც ძებნა გჭირდებოდა და არც
სურვილი გიჩნდებოდა. დღეს მას მხოლოდ ის შეეძლო გაემეორებინა,
რაც გუშინ თქვა და ყოველი მისი სიტყვა მოსაწყენი იყო,
განწყობილებაც კი არასოდეს ეცვლებოდა. თუმცა საწინააღმდეგო
არაფერი ჰქონდა იმ წვეულებებისა, რომელსაც მისი ქმარი აწყობდა,
მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ კარგი ტონის წესები უზადოდ
იქნებოდა დაცული და ორი მისი უფროსი ვაჟიშვილი მასთან
დარჩებოდა. ასეთი საღამოები მას უფრო მეტ სიამოვნებას არ
ანიჭებდა, ვიდრე სახლში მარტო ჯდომა. საუბარში იმდენად იშვიათად
მონაწილეობდა, რომ სტუმრებს მისი არსებობა მხოლოდ მაშინ
ახსენდებოდათ, როცა ის თავისი ცელქი ბიჭების დაწყნარებას
იწყებდა.
თავისი ახალი ნაცნობებიდან ელინორმა მხოლოდ პოლკოვნიკ
ბრენდონის სახით იპოვა ადამიანი, რომელიც საკმაოდ ნიჭიერი იყო,
შეეძლო მეგობრული ინტერესი გამოეწვია და საინტერესო
თანამოსაუბრე ყოფილიყო. უილობის საკითხი არც იდგა. ის მასში
აღტაცებასა და კეთილგანწყობას – დისთვის დამახასიათებელ თბილ
გრძნობებს იწვევდა, მაგრამ ის შეყვარებული იყო და მთელი
ყურადღება მარიანაზე ჰქონდა გადატანილი; ამიტომ სხვებს ისღა
დარჩენოდათ, მასზე თუნდაც გაცილებით ნაკლებად სასიამოვნო
ადამიანებთან ჰქონოდათ ურთიერთობა. პოლკოვნიკ ბრენდონს,
66
თავისდა საუბედუროდ, არავითარი სტიმული არ გააჩნდა, მისი
გონება მხოლოდ მარიანათი ყოფილიყო დაკავებული და ელინორთან
საუბარში ერთგვარ ნუგეშს პოულობდა მისი დის სრული
გულგრილობის საპირწონედ.
ელინორის თანაგრძნობა მის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა მას
შემდეგ, რაც ეჭვი გაუჩნდა, რომ პოლკოვნიკ ბრენდონს
გაუზიარებელი სიყვარულის მტანჯველი ტკივილები ადრეც ჰქონდა
გადატანილი. ეს ეჭვი შემთხვევით წამოცდენილმა სიტყვებმა
წარმოშვა, როცა ბარტონ-პარკში, ერთ-ერთ საღამოზე მათ
ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტეს, მორიგი ცეკვა
გამოეტოვებინათ, დასხდნენ და სხვებს უყურებდნენ. პოლკოვნიკი
რამდენიმე წუთის განმავლობაში თვალს არ აშორებდა მარიანას,
შემდეგ კი სიჩუმე დაარღვია და მსუბუქი ღიმილით თქვა:
– თქვენი და, რამდენადაც მე ვხვდები, არ იწონებს მეორე
სიყვარულს.
– არა, – უპასუხა ელინორმა, – ის ხომ ძალიან რომანტიკულია.
– უფრო ზუსტად, თუ არ ვცდები, მას უბრალოდ არ სჯერა, რომ ეს
შესაძლებელია.
– მაგრამ როგორ შეუძლია მას, ეს რწმენა შეათავსოს იმასთან,
რომ მამამისი ორჯერ იყო დაქორწინებული, ჩემთვის გაუგებარია.
თუმცა, სულ რაღაც რამდენიმე წლის შემდეგ, ის უფრო მეტად
დაეყრდნობა საღ აზრს და დაკვირვებას დასკვნების გამოტანისას. და
მაშინ ისინი ნათელი და გამართლებული გახდება, თანაც არა
მხოლოდ მისთვის, არამედ მისი გარშემო მყოფებისთვისაც.
– ალბათ ასეც მოხდება, – თქვა პოლკოვნიკმა, – და მაინც,
ახალგაზრდა გონების შეცდომებში არის ერთგვარი აუხსნელი
მშვენიერება და უნებურად სინანული გიპყრობს, როცა მათ ადგილს
საყოველთაოდ მიღებული აზრები იკავებს.
– ამაში კი ვერ დაგეთანხმებით, – შეეპასუხა ელინორი, – ისეთ
გრძნობებს, მარიანას რომ აქვს, გარკვეული საფრთხეები ახლავს და
მათ გულწრფელობის ვერანაირი ხიბლი, გულუბრყვილო
67
გამოუცდელობა ვერ გადაწონის. მას ქცევის ყველანაირი წესების
უგულებელყოფის უკუღმართი მიდრეკილება აქვს და საზოგადოების
უკეთ გაცნობა, რასაც მომავლისთვის ველოდები, მას მხოლოდ
სარგებლობას მოუტანს.
ხანმოკლე პაუზის შემდეგ პოლკოვნიკი მათი საუბრის თემას
დაუბრუნდა. მან ჰკითხა:
– ცნობს თუ არა თქვენი და რაიმე შემამსუბუქებელ გარემოებას,
როცა მეორე სიყვარულს ასე განსჯის? თუ ის ყველასთვის თანაბრად
დანაშაულებრივად მიაჩნია და ისინი, ვისაც პირველ არჩევანში
იმედები გაუცრუვდა თავისი სიყვარულის ობიექტის ორგულობის ან
ბედის ჭირვეულობის გამო, ვალდებულნი არიან, გულგრილნი
დარჩნენ თავიანთი სიცოცხლის ბოლო დღემდე?
– გულახდილად რომ ვთქვა, მისი პრინციპების ყველა
წვრილმანში ვერ ვერკვევი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ერთხელაც არ
გამიგონია, მეორედ სიყვარულის რაიმე მიზეზი მას
გამამართლებლად ჩაეთვალოს.
– ეს არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, – თქვა პოლკოვნიკმა
ბრენდონმა, – მაგრამ ცვლილება, აზრის სრული ცვლილება... არა,
არა, ამის სურვილი ნუ გექნებათ, რადგან ხშირად, როცა ახალგაზრდა
გონება იძულებული ხდება უარი თქვას ამაღლებულ რომანტიზმზე,
მის ადგილს მეტისმეტად გავრცელებული და სახიფათო აზრები
იკავებს. მე ჩემი საკუთარი გამოცდილებით გელაპარაკებით.
ოდესღაც ერთ გოგონას ვიცნობდი, რომელიც ტემპერამენტითაც და
აზროვნების ყაიდითაც ძალიან ჰგავდა თქვენს დას, მასავით
ფიქრობდა და განსჯიდა მსგავსი რამეების შესახებ, მაგრამ შემდეგ
იძულებითი ცვლილების გამო... გარემოებები ისე ცუდად
გადაეხლართა ერთმანეთს, რომ... – აქ მან ერთბაშად შეწყვიტა
სათქმელი. როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ ისედაც ზედმეტი წამოსცდა.
სწორედ ამან გაუჩინა მისის დეშვუდს ის ეჭვი, რომელიც ალბათ სხვა
შემთხვევაში არ დაებადებოდა. ის ამ სიტყვებს უყურადღებოდ
დატოვებდა, რომ არ შეემჩნია, როგორ ნანობდა პოლკოვნიკი, მისმა
68
ბაგეეებმა ასეთი რამ რომ ამოთქვეს. დიდი გამჭრიახობა არ
სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ ასეთი მღელვარება წარსულის
სევდიან მოგონებასთან იქნებოდა დაკავშირებული. ელინორი ამ
დასკვნის იქით არ წასულა, თუმცა მარიანა მის ადგილზე ასეთი
მცირედით არ დაკმაყოფილდებოდა. მგზნებარე წარმოსახვა მას
მაშინვე სამწუხარო მოვლენების მთელ წყებას დაუხატავდა
ტრაგიკული სიყვარულის შესახებ.

69
თავი 12

მომდევნო დილით ერთად გასეირნებისას მარიანამ ელინორს


ისეთი ახალი ამბავი შეატყობინა, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ
დიდი ხანია იცოდა მარიანას წინდაუხედაობისა და დაუფიქრებლობის
შესახებ, ორივე ამ თვისების ერთობლივი მოულოდნელი
დადასტურებით განაცვიფრა. დამ უდიდესი აღტაცებით ახარა, რომ
უილობიმ აჩუქა ცხენი, რომელიც თვითონ ჰყავდა გაზრდილი
სომერსეტშირის მამულში და რომელსაც სპეციალურად ქალებისთვის
გაკეთებული უნაგირი ედგა. ერთი წამითაც არ დაფიქრებულა რა
იმაზე, რომ დედამისი სულაც არ აპირებდა, სახლში ცხენი ჰყოლოდა
და თუ ამ საჩუქრის გამო იძულებული იქნებოდა ეს გაეკეთებინა, მას
ლაქიის დაქირავება და მისთვის ცხენის ყიდვა მოუწევდა, შემდეგ კი
საჯინიბოს აშენება ორი ცხენისათვის. მარიანამ ასეთი საჩუქარი
ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიიღო და თავის დას აღფრთოვანებით
მოუყვა ამის შესახებ.
– ის აპირებს, დღესვე გამოგზავნოს თავისი მეჯინიბე
სომერსეტშირში, – დასძინა მან, – და შემდეგ ჩვენ ყოველდღე ერთად
ვისეირნებთ. რა თქმა უნდა, ჩემი ცხენი შენს განკარგულებაშიც
იქნება, ელინორ. არა, შენ მხოლოდ წარმოიდგინე, როგორი
სიამოვნებაა ამ ბორცვებზე ცხენის ჭენება.
მას არაფრით არ სურდა ნეტარი ოცნებებიდან
გამოფხიზლებულიყო და ეღიარებინა უსიამოვნო ჭეშმარიტებები,
რომლებიც ამ განზრახვის სისრულეში მოყვანასთან იყო
დაკავშირებული. თავიდან არაფრის გაგონება არ უნდოდა. კიდევ
ერთი მსახური? ეს ხომ წვრილმანი ხარჯია! და დედასაც
საწინააღმდეგო არაფერი ექნება. ლაქიასთვის კი ჯაგლაგი ცხენიც
გამოდგება. თანაც მისი ყიდვა აუცილებელი არც არის, ყოველთვის
შეიძლება ბარტონ-პარკში ცხენის შოვნა. რაც შეეხება საჯინიბოს,

70
ამისთვის უბრალო ფარდულიც საკმარისი იქნება. როცა ელინორმა
გაბედა და ეჭვი გამოთქვა, რამდენად მართებული იყო ასეთი
საჩუქრის მიღება ადამიანისაგან, რომელსაც ის ასე ნაკლებად...
ყოველ შემთხვევაში... ასე ცოტა ხნის განმავლობაში იცნობდა,
მარიანამ ჩათვალა, რომ ეს მეტისმეტი გახლდათ:
– შენ ცდები, ელინორ, – თქვა გაცხარებულმა, – როცა გგონია,
რომ მე უილობის კარგად არ ვიცნობ! მართალია, დიდი ხანი არ არის
მას შემდეგ, რაც ის გავიცანი, მაგრამ ამქვეყნად შენსა და დედაჩემს
გარდა არავინ მეგულება ისეთი, ვისაც მასზე უკეთ ვიცნობ. დრო და
შემთხვევა კი არ ქმნიან სიახლოვეს ადამიანებს შორის, არამედ
ხასიათების მსგავსება. შეიძლება შვიდი წელი იცნობდე, მაგრამ
ერთმანეთს საერთოდ ვერ უგებდეთ, სხვასთან კი ამისთვის შეიძლება
შვიდი დღეც საკმარისი აღმოჩნდეს. მე უფრო დამნაშავედ ჩავთვლიდი
თავს, ცხენი თუნდაც ჩემი ძმისგან რომ მიმეღო საჩუქრად და არა
უილობისგან. ჯონს ძალიან ცუდად ვიცნობ, მიუხედავად იმისა, რომ
მრავალი წლის განმავლობაში გვერდიგვერდ ვცხოვრობდით,
უილობის შესახებ კი აზრი უკვე დიდი ხანია შექმნილი მაქვს.
ელინორმა, იცოდა რა თავისი დის ხასიათი, ამჯობინა, ამ თემაზე
საუბარი აღარ გაეგრძელებინა. ასეთ დელიკატურ საკითხზე
შეპასუხება მარიანას საკუთარ სიმართლეში კიდევ უფრო
დაარწმუნებდა. მაგრამ მოწოდებამ, რომ მისი, როგორც შვილის,
მოვალეობაა, დედას ანგარიში გაუწიოს, ჩამოთვლამ ყველა იმ
საზრუნავისა, რასაც ოჯახის მოყვარული დედა დაიტეხდა თავს, თუ,
როგორც მოსალოდნელი იყო, მათი ოჯახური მეურნეობის ასეთ
გაზრდას დათანხმდებოდა, მარიანას უკან დაახევინა. ის დაჰპირდა,
რომ შეთავაზებული საჩუქრის შესახებ დედას (რომელიც, თავისი
კეთილი გულის გამო საღი აზრის საპირისპიროდ მოიქცეოდა)
არაფერს გააგებინებდა და პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში
ეტყოდა უილობის, რომ მისი მიღება არ შეუძლია.
მან სიტყვა შეასრულა და იმავე დღეს, როცა უილობი ეწვიათ,
ელინორმა გაიგონა, მისი და როგორ გამოხატავდა ღრმა სინანულს
71
იმის გამო, რომ საჩუქრის მიღება არ შეეძლო. შემდეგ მან თავისი
გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი ახსნა, რითიც კავალერს
დაჟინების და თხოვნის შესაძლებლობა აღუკვეთა. მაგრამ უილობის
თავისი იმედგაცრუება არ დაუფარავს. მან თავისი წყენა გამოხატა და
წყნარი ხმით დასძინა:
– მაგრამ მარიანა, ცხენი ხომ ისევ თქვენ გეკუთვნით, მიუხედავად
იმისა, რომ ახლა მისი ტარება არ შეგიძლიათ. ის მანამ დარჩება
ჩემთან, სანამ თქვენ მომთხოვთ. სანამ ბარტონს არ დატოვებთ და
საკუთარ სახლში არ იცხოვრებთ, დედოფალი მები [დედოფალი მები
– მები ან მაბი, ფერიების დედოფალი კელტურ ფოლკლორში.
გავრცელებული სახე და პერსონაჟი რომანტიკულ ლიტერატურაში.
შესაძლოა მწერალი განგებ არქმევს უილობის ცხენს ამ სახელს,
გამოხატავს რა ამ საშუალებით თავის დამოკიდებულებას
რომანტიკული ესთეტიკისა და რომანტიკული გმირებისადმი.] თქვენს
მოლოდინში იქნება.
აი, რა გაიგონა მისს დეშვუდმა. და ეს სიტყვები და ტონი,
რომლითაც ისინი იქნა წარმოთქმული და უილობის მიმართვა
მარიანასადმი “მის”-ის გარეშე არაორაზროვნად მიანიშნებდა ამ ორი
ადამიანის განსაკუთრებულ სიახლოვეზე. და ამ წუთიდან ელინორს
ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ისინი დანიშნულები იყვნენ. ამ აღმოჩენას
ოდნავადაც არ გაუკვირვებია, თუმცა ის კი უკვირდა, ასეთმა გულღია
ადამიანებმა რატომ მიანდეს შემთხვევას და რატომ პირდაპირ არ
უთხრეს მას და დანარჩენ მათ მეგობრებს ამის შესახებ.
მეორე დღეს მარგარეტმა მას მოუყვა რაღაც ისეთი, რამაც
ელინორი კიდევ უფრო დაარწმუნა, რომ მისი დასკვნა სწორი იყო.
უილობიმ წინადღით მთელი საღამო მათთან გაატარა. მარგარეტი
კარგა ხნის განმავლობაში მათთან ერთად იმყოფებოდა სასტუმრო
ოთახში და დაკვირვების საშუალება ჰქონდა. და სწორედ იქ შეამჩნია
ისეთი რამ, რაც მეორე დილით ძალიან სერიოზული სახით უამბო
უფროს დას.

72
– ოჰ, ელინორ! – წამოიძახა მან. – ისეთი საიდუმლო მაქვს
შენთვის სათქმელი მარიანას შესახებ! მე ვიცი, რომ ის ძალიან მალე
გაჰყვება ცოლად მისტერ უილობის.
– შენ ამას თითქმის ყოველდღე ამბობ, – უპასუხა ელინორმა, –
მას შემდეგ, რაც მათ ეკლესიის ბორცვზე გაიცნეს ერთმანეთი. და მას
შემდეგ ერთი კვირაც არ იყო გასული, როცა შენ აცხადებდი, რომ
მარიანას ყელზე მედალიონი ეკიდა უილობის პორტრეტით. თუმცა
როცა დავინტერესდით, აღმოჩნდა, რომ ის ბიძაჩვენის მამის
მინიატიურული პორტრეტი ყოფილა.
– მაგრამ ახლა სულ სხვა რამეა. ეჭვიც არ მეპარება, რომ ისინი
მალე დაქორწინდებიან. ახლა ხომ უილობის მისი კულული აქვს.
– ფრთხილად, მარგარეტ! შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეგ კულული
ბაბუამისის ძმას ეკუთვნის.
– არა, ელინორ, ზუსტად ვიცი, რომ ის მარიანასია. როგორ
შეიძლება ვცდებოდე, მე ხომ საკუთარი თვალით დავინახე, როგორ
შეაჭრა ის უილობიმ. გუშინ საღამოს, ჩაის შემდეგ, როცა შენ და დედა
ოთახიდან გახვედით, მათ ჩურჩული დაიწყეს, საშინლად სწრაფად. ის
მარიანას თითქოს რაღაცას სთხოვდა, შემდეგ მისი მაკრატელი აიღო
და გრძელი დალალი შეაჭრა, მას ხომ თმა მხრებამდე ჰქონდა
ჩამოშვებული. შემდეგ იმ დალალს აკოცა, თეთრ ფურცელში გაახვია
და საფულეში შეინახა.
ასეთი თვითდაჯერებით ჩამოთვლილ დეტალებს არ შეიძლებოდა
ელინორი არ დაერწმუნებინა, მით უმეტეს, რომ ეს კიდევ ერთი
დადასტურება იყო იმისა, რაც საკუთარი თვალით ნახა და მოისმინა.
მაგრამ მარგარეტის გამჭრიახობა უფროსი დისთვის დროდადრო
არცთუ უწყინარი შედეგით მთავრდებოდა. როცა მისის ჯენინგსმა
ბარტონ-პარკში ყოფნისას, საღამოს მას როგორღაც დაჟინებით
მოსთხოვა დაესახელებინა ახალგაზრდა კაცი, რომლის მიმართ
ელინორი განსაკუთრებულ კეთილგანწყობას იჩენდა (მისის ჯენინგსს
უკვე დიდი ხანი იყო ამის გაგების წყურვილი კლავდა), მარგარეტმა
უფროს დას გადახედა და უპასუხა:
73
– მე ეს არ უნდა ვთქვა, ხომ ასეა, ელინორ?
რა თქმა უნდა, ყველას გაეცინა და ელინორმაც თავი აიძულა
გაეღიმა, თუმცა კი, ცოტა არ იყოს, გაუჭირდა ამის გაკეთება. მას
ეჭვიც არ ეპარებოდა, მარგარეტი ვის გულისხმობდა და გრძნობდა,
რომ ვერ აიტანდა, ის მისის ჯენინგსის მომაბეზრებელი ხუმრობების
საგანი გამხდარიყო.
მარიანა დას მთელ გულით თანაუგრძნობდა, მაგრამ სიტუაცია
კიდევ უფრო გააუარესა, როცა გაწითლდა და გაბრაზებულმა
მარგარეტს მიმართა:
– გახსოვდეს, რომ როგორი ვარაუდებიც არ უნდა გქონდეს, შენ
მათი ხმამაღლა თქმის არავითარი უფლება არ გაქვს.
– მე არანაირი ვარაუდები არა მაქვს, – უპასუხა მარგარეტმა, –
შენ ხომ თვითონ მითხარი.
კომპანია გამოცოცხლდა და მარგარეტს დაჟინებით სთხოვდნენ
კითხვებზე პასუხს.
– ოჰ! ღვთის გულისათვის, მისს მარგარეტ, ყველაფერი
მოგვიყევით, – თავისას არ იშლიდა მისის ჯენინგსი, – რა ჰქვია
ჯენტლმენს?
– მე ეს არ უნდა ვთქვა, მადამ, თუმცა ძალიან კარგად ვიცი მისი
სახელი და ისიც ვიცი, სად ცხოვრობს.
– დიახ, დიახ. სად ცხოვრობს, ჩვენ ვხვდებით. საკუთარ სახლში,
ნორლენდში. მე გავბედავდი და ვიტყოდი, რომ ის საეკლესიო
მრევლის მღვდლის თანაშემწეა.
– არა, ეს ნამდვილად არ შეეფერება სიმართლეს. მას არავითარი
პროფესია არა აქვს.
– მარგარეტ, – თქვა გაცხარებულმა მარიანამ, – შენ ძალიან
კარგად იცი, რომ ეს ყველაფერი შენი გამოგონებაა და ასეთი
ადამიანი საერთოდ არ არსებობს.
– მაშინ გამოდის, რომ ის უდროოდ გარდაცვლილა, მარიანა,
რადგან მე ზუსტად ვიცი, რომ ასეთი კაცი ნამდვილად არსებობდა და
მისი გვარი ასო “ფ”-ზე იწყება.
74
ამ დროს მისის მიდლტონმა შენიშნა, რომ “ძალიან მაგრად წვიმს”
და ელინორმა მის მიმართ დიდი მადლიერება იგრძნო, თუმცა
მშვენივრად ესმოდა, რომ მისი უქალბატონოესობა საუბარში მისდამი
ყურადღების გამო კი არ ჩართულა, არამედ იმიტომ, რომ ვერ იტანდა
დაცინვებს, რომელიც მაღალი საზოგადოებისთვის არ იყო
დამახასიათებელი და ასე უყვარდათ მის დედას და მეუღლეს, და
პოლკოვნიკი ბრენდონი, რომელიც ყოველთვის დელიკატური იყო
სხვისი გრძნობების მიმართ, ჩვეული ტაქტით დაუყოვნებლივ ჩაერთო
ამინდზე საუბარში. შემდეგ უილობიმ ფორტეპიანოს თავი ახადა და
მარიანას სთხოვა დაეკრა. რამდენიმე ადამიანის მცდელობა
ლაპარაკის თემის შეცვლისა წარმატებით დაგვირგვინდა და
უსიამოვნო თემა მივიწყებულ იქნა, თუმცა ელინორს კიდევ კარგა
ხანი დასჭირდა იმ მღელვარების დასაძლევად, ამ საუბრისას რომ
დაეუფლა.
იმავე საღამოს დათქვეს, რომ მეორე დღეს მსურველები
ბარტონიდან თორმეტ მილში მდებარე შესანიშნავი მამულის
დასათვალიერებლად გაემართებოდნენ. ის პოლკოვნიკ ბრენდონის
ნათესავს ეკუთვნოდა და პოლკოვნიკის გარეშე ექსკურსია ვერ
შედგებოდა, რადგან მისი ნათესავი საზღვარგარეთ იყო და უმკაცრესი
განკარგულება ჰქონდა გაცემული, სახლში არავინ შეეშვათ. იქაური
ბაღები სილამაზით იყო განთქმული და სერ ჯონი, რომელიც მათ
დიდი მონდომებით და დაუღალავად აქებდა, შეიძლებოდა საიმედო
შემფასებლად ჩათვლილიყო, რადგან უკვე ათი წელი იყო, თავისი
სტუმრები მის დასათვალიერებლად დაჰყავდა, ყოველ ზაფხულს, სულ
ცოტა, ორჯერ. პარკში დიდი ტბა იყო და დილით შეიძლებოდა ნავებით
ესეირნათ. ცივ პროდუქტებს წაიღებდნენ და ღია ეტლებით
წავიდოდნენ. და საერთოდ, ყველაფერს გააკეთებდნენ, რათა პიკნიკი
მართლა კარგი გამოსულიყო.
დამსწრეთაგან ზოგიერთმა ეჭვი გამოთქვა, ეს გეგმა წლის ამ
დროისთვის მეტისმეტად გაბედული ხომ არ არისო, მით უმეტეს, რომ
უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ერთ დღესაც არ ჩაუვლია
75
წვიმის გარეშე. და ელინორმა მისის დეშვუდს, რომელიც ცოტათი
ისედაც გაციებული იყო, პიკნიკზე წასვლა გადაათქმევინა.

76
თავი 13

უაიტველში დაგეგმილმა ექსკურსიამ ელინორს იმედები


გაუმტყუნა. ის მზად იყო გალუმპულიყო, დაღლილიყო, შეშინებოდა,
მაგრამ მოხდა კიდევ უფრო უარესი: ისინი საერთოდ არსად წავიდნენ.
ათი საათისათვის მთელი კომპანია ბარტონ-პარკში შეიკრიბა,
სადაც მათ უნდა ესაუზმათ. მთელი ღამე წვიმდა, მაგრამ დილამ
ერთგვარი იმედი ჩაუსახათ, რადგან ღრუბელი გაიფანტა და
დროდადრო, საკმაოდ ხშირად, მზე იჭვრიტებოდა. ყველანი კარგ
ხასიათზე იყვნენ, ამაღლებული განწყობა ჰქონდათ და გადაწყვიტეს,
მიუხედავად შესაძლო გაჭირვებისა და მოსალოდნელი
უსიამოვნებებისა, სულის სიმხნევე შეენარჩუნებინათ.
ჯერ კიდევ მაგიდას უსხდნენ, როცა ფოსტა მოიტანეს. წერილებს
შორის ერთ-ერთი ბრენდონის მისამართით იყო გამოგზავნილი. მან
ის აიღო, წარწერას დახედა, სახე შეეცვალა და მაშინვე გავიდა
ოთახიდან.
– რა დაემართა ბრენდონს? – იკითხა სერ ჯონმა.
პასუხი ვერავინ გასცა.
– იმედი მაქვს, ცუდი ამბავი არ შეუტყვია, – თქვა ლედი
მიდლტონმა, – თუ პოლკოვნიკი ბრენდონი მაგიდიდან წამოდგა და
ისე წავიდა, რომ ბოდიშიც კი არ მომიხადა, ეს იმას ნიშნავს, რომ
რაღაც ექსტრაორდინარული მოხდა.
დაახლოებით ხუთ წუთში პოლკოვნიკი უკან დაბრუნდა.
– იმედი მაქვს, ცუდს არაფერს გატყობინებენ, პოლკოვნიკო, –
თქვა მისის ჯენინგსმა.
– სრულიადაც არა, მადამ, დიდ მადლობას მოგახსენებთ.
– ავინონიდან გწერენ? იმედი მაქვს, თქვენი დის მდგომარეობა არ
გაუარესებულა.

77
– არა, მადამ. ლონდონიდან არის, ჩვეულებრივი საქმიანი
წერილია.
– და მაშინ რამ აგაღელვათ ასე ძალიან, თუ საქმიანი და
ჩვეულებრივია. არა, არა, პოლკოვნიკო, ჩვენ ასე ადვილად არ
მოვტყუვდებით. სიმართლის თქმა მოგიწევთ.
– ჩემო ძვირფასო მადამ, – თქვა ლედი მიდლტონმა, –
დაფიქრდით, რას ლაპარაკობთ.
– ან იქნებ გწერენ, რომ თქვენი კუზინა ფანი დაქორწინდა? –
განაგრძო მისის ჯენინგსმა ისე, რომ თავისი ქალიშვილის
საყვედურისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
– არა, მსგავსი არაფერი მომხდარა.
– თუ ასეა, მაშინ მე ვიცი, ის ვისგანაც არის, პოლკოვნიკო. და
იმედი მაქვს, რომ ის ჯანმრთელადაა.
– ვის გულისხმობთ, მადამ? – ჰკითხა პოლკოვნიკმა და ოდნავ
გაწითლდა.
– ოჰ! თქვენ ძალიან კარგად იცით, ვისაც ვგულისხმობ.
– უკიდურესად ვწუხვარ, მადამ, – მიმართა ლედი მიდლტონს
პოლკოვნიკმა, – რომ ეს წერილი სწორედ დღეს მივიღე, რადგან ის
დაკავშირებულია საქმესთან, რომელიც ქალაქში ჩემს ყოფნას
მოითხოვს.
– ქალაქში! – წამოიძახა მისის ჯენინგსმა. – მაგრამ რა უნდა
გააკეთოთ იქ წლის ამ დროს?
– ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, – განაგრძო პოლკოვნიკმა, –
რომ იძულებული ვარ დაგტოვოთ და ასეთ სასიამოვნო კომპანიასთან
ერთად ექსკურსიაზე უარი ვთქვა, მით უმეტეს, რომ უაიტველში თქვენ
ჩემ გარეშე არ შეგიშვებენ.
ეს ყველასთვის დიდი დარტყმა იყო.
– მაგრამ თქვენი ეკონომისთვის რომ მიგეწერათ, მისტერ
ბრენდონ, – თქვა აღგზნებულმა მარიანამ, – ნუთუ ეს საკმარისი არ
იქნება?
პოლკოვნიკმა თავი გადააქნია.
78
– ჩვენ უნდა წავიდეთ, – თქვა სერ ჯონმა, – ამის გადადება როგორ
იქნება ახლა, როცა ყველაფერი მზადაა. ხვალ წახვალთ ქალაქში,
ბრენდონ, და ის იქნება.
– ნეტავ ასე ადვილად შეიძლებოდეს ამ საკითხის მოგვარება.
ჩემზე არ არის დამოკიდებული. ერთი დღითაც კი არ შემიძლია
დაყოვნება.
– რომ აგვიხსნიდეთ მაინც, რა ხდება, – თქვა მისის ჯენინგსმა, –
ჩვენ შევძლებდით გადაგვეწყვიტა, შეიძლება თუ არა წასვლის
გადადება.
– თქვენ მხოლოდ ექვსი საათით მოგიწევთ დაყოვნება, – თქვა
უილობიმ, – თუ წასვლას ჩვენს დაბრუნებამდე გადადებთ.
– ერთი საათის დაკარგვის უფლებასაც კი ვერ მივცემ საკუთარ
თავს.
ელინორმა გაიგონა, რომ უილობიმ მარიანას ხმადაბლა უთხრა:
– არიან ადამიანები, რომლებიც პიკნიკებს ვერ იტანენ და
ბრენდონიც მათ რიცხვს ეკუთვნის. მას შეეშინდა, არ გავცივდეო და ეს
ამბავი შეთხზა, რათა ის თავიდან აერიდებინა. ორმოცდაათ გინეას
ვდებ, რომ ეს წერილი თვითონ მისი დაწერილი იქნება.
– ამაში ეჭვი ოდნავაც არ მეპარება, – უპასუხა მარიანამ.
– დიდი ხანია ვიცი, ბრენდონ, – თქვა სერ ჯონმა, – რომ თუ თქვენ
რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, მას ვეღარავინ შეგაცვლევინებთ.
და მაინც, იმედი მაქვს, რომ კიდევ იფიქრებთ ამაზე. აბა,
წარმოიდგინეთ – მისს კერი ნიუტონიდან ჩამოვიდა დასთან ერთად,
სამმა მისს დეშვუდმა ფეხით გამოიარა მთელი გზა კოტეჯიდან,
მისტერ უილობი კი ჩვეულებრივზე ორი საათით ადრე ადგა. და ყველა
იმისთვის გაისარჯა, რომ უაიტველში პიკნიკზე წასულიყვნენ.
პოლკოვნიკმა ბრენდონმა ისევ ღრმა სინანული გამოხატა იმის
გამო, რომ მათ უნებლიეთ იმედები გაუცრუა, მაგრამ სამწუხაროდ,
სხვა არჩევანი არ ჰქონდა.
– და უკან დაბრუნებას როდის აპირებთ?

79
– იმედი გვაქვს, ბარტონში გნახავთ, – დასძინა მისმა
უქალბატონოესობამ, – უაიტველში წასვლას კი თქვენს ჩამოსვლამდე
გადავდებთ.
– დიდი სიკეთეა თქვენი მხრიდან, მაგრამ ჯერჯერობით სრულიად
გურკვეველია, როდის შევძლებ უკან დაბრუნებას და ამიტომ არ
შემიძლია, რაიმეს შეგპირდეთ.
– ოჰ, ის უნდა დაბრუნდეს და აუცილებლად დაბრუნდება კიდეც! –
წამოიძახა სერ ჯონმა, – და თუ კვირის ბოლოსთვის არ დაბრუნდება,
მაშინ მე წავალ მასთან.
– აუცილებლად ასე მოიქეცით, სერ ჯონ! – დაიყვირა მისის
ჯენინგსმა. – იქნებ შეიტყოთ, რა საქმე აქვს იქ ისეთი და რას
გვიმალავს.
– მე სხვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა არ მიყვარს, მაგრამ
ვფიქრობ, ისეთი რამ უნდა იყოს, რისი გამხელაც რცხვენია.
ამ დროს პოლკოვნიკ ბრენდონს მოახსენეს, რომ ცხენები
მოჰგვარეს.
– თქვენ ალბათ ქალაქში ცხენით წასვლას არ აპირებთ, ხომ ასეა?
– თქვა სერ ჯონმა.
– არა, მხოლოდ ჰონიტონამდე, იქიდან კი საფოსტო კარეტაში
გადავჯდები.
– რადგან თქვენსას არ იშლით და მიდიხართ, ბედნიერ
მგზავრობას გისურვებთ. ისე, მაინც უკეთესი იქნება, რომ
გადაიფიქრებდეთ.
– გარწმუნებთ, ეს ჩემს შესაძლებლობებს აღემატება.
პოლკოვნიკმა გამომშვიდობება დაიწყო.
– არის შანსი, მისს დეშვუდ, რომ თქვენ და თქვენი დები ამ
ზამთარს დედაქალაქში გიხილოთ?
– ვშიშობ, არავითარი.
– მაშინ იძულებული ვარ, უფრო დიდი ხნით გამოგემშვიდობოთ,
ვიდრე ვისურვებდი.
მარიანას მან უხმოდ დაუკრა თავი, ისე, რომ არაფერი უთქვამს.
80
– აჰ, პოლკოვნიკო, – თქვა მისის ჯენინგსმა, – სანამ წახვალთ,
ახლა მაინც გვითხარით, რატომ მიემგზავრებით?
პასუხად პოლკოვნიკმა ქალს კარგი დილა უსურვა და სერ ჯონის
თანხლებით ოთახიდან გავიდა.
ახლა, როცა თავაზიანობის გამო თავის შეკავება აღარ
უხდებოდათ, სინანულისა და სიბრაზის გამომხატველი წამოძახილები
ნიაღვრად წამოვიდა ყველა მხრიდან. ყველა კვლავ და კვლავ
თანხმდებოდა იმაზე, თუ როგორი საწყენი იყო ასეთი იმედგაცრუება.
– მე ვხვდები, ეს რა საქმეც არის, – საზეიმოდ განაცხადა უცებ
მისის ჯენინგსმა.
– მაინც რა საქმეა, მადამ? – თითქმის ყველამ ერთად ჰკითხა.
– დარწმუნებული ვარ, ის მისის უილიამსს ეხება.
– და მისის უილიამსი ვინ არის? – იკითხა მარიანამ.
– როგორ! მისის უილიამსი არ იცით, ვინ არის? არა,
შეუძლებელია, რაღაც მაინც გექნებათ გაგონილი მასზე. ის
პოლკოვნიკის ნათესავია, ჩემო ძვირფასო, ძალიან ახლო ნათესავი.
ჩვენ ვერ ვიტყვით, რამდენად ახლო, რადგან არ გვინდა, აქ მყოფი
ახალგაზრდა გოგონები შოკში ჩავარდნენ... – შემდეგ მან ხმას
დაუწია და ელინორს უთხრა: – ის პოლკოვნიკის არაკანონიერი
შვილია.
– მართლა?
– დიახ, დიახ. და მას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს. დაიმახსოვრეთ
ჩემი სიტყვა, პოლკოვნიკი მთელ თავის ქონებას მას დაუტოვებს.
როგორც კი უკან დაბრუნდა, სერ ჯონი მაშინვე შეუერთდა საერთო
წუხილს მოვლენების ასე განვითარების გამო, მაგრამ ბოლოს თქვა,
რომ რადგან შეკრებილი იყვნენ, რაღაც უნდა მოეფიქრებინათ, რათა
დრო სასიამოვნოდ გაეტარებინათ. ხანმოკლე განსჯის შემდეგ
ყველანი შეთანხმდნენ, რომ თუმცა ბედნიერება მხოლოდ უაიტველში
წასვლა იქნებოდა, ეკიპაჟებით გასეირნება შეიძლებოდა ერთგვარი
ნუგეში ყოფილიყო მათთვის. უილობის კაბრიოლეტი პირველი
მოვიდა და მარიანა არასდროს არ ყოფილა სიხარულით ისე
81
გაცისკროვნებული, როგორც იმ წუთს, როცა მასში შეფრთხიალდა.
უილობიმ ცხენებს მათრახი გადაჰკრა და მალე ისინი პარკის ხეებში
ჩაიკარგნენ; საზოგადოებამ მათი ხელახლა ხილვა მხოლოდ მაშინ
შეძლო, როცა ისინი ბარტონ-პარკში დაბრუნდნენ, თანაც
დანარჩენებზე ბევრად გვიან. სეირნობით ორივე ძალიან
ნასიამოვნები ჩანდა, თუმცა მხოლოდ იმის თქმა ჩათვალეს საჭიროდ,
რომ ბილიკებზე იხეტიალეს და სხვებივით ბორცვებისკენ არ წასულან.
შემდეგ შეთანხმდნენ, რომ საღამოს ცეკვები გაემართათ, დღე კი,
რაც შეიძლებოდა, მხიარულად გაეტარებინათ. სადილად კერის
ოჯახის სხვა წევრებიც მოვიდნენ და სერ ჯონმა დიდი სიამოვნებით
შენიშნა, რომ მაგიდას თითქმის ოცი ადამიანი მიუსხდა. უილობიმ
თავისი ჩვეული ადგილი დაიკავა ორ უფროს მისს დეშვუდს შორის.
მისის ჯენინგსი ელინორის გვერდით დაჯდა და ჯერ კიდევ პირველი
კერძი არ ჰქონდათ შემოტანილი, როცა მარიანასკენ გადაიხარა
ელინორისა და უილობის ზურგს უკან და საკმაოდ ხმამაღლა
საიმისოდ, რომ მათაც გაეგონათ, უთხრა:
– მე კი ყველაფერი გავიგე, მიუხედავად თქვენი ეშმაკობისა. ვიცი,
დილა სადაც გაატარეთ.
მარიანა წამოწითლდა და სწრაფად ჰკითხა:
– მაინც სად?
– თქვენ რა, არ იცოდით, – ჩერია უილობი, – რომ ჩვენ ჩემი
კაბრიოლეტით ვსეირნობდით?
– როგორ არ ვიცოდი, მისტერ უსირცხვილოვ, ძალიან კარგადაც
ვიცოდი და სწორედ მაგიტომ შევიწუხე თავი იმის გასაგებად, თუ სად
სეირნობდით. იმედი მაქვს, მისს მარიანა, თქვენი სახლი მოგწონთ. მე
ვიცი, რომ ის ძალიან დიდია და იმ დროისთვის, როცა თქვენს
მოსანახულებლად მოვალ, ის ახლებურად გექნებათ ავეჯით
მოწყობილი. ექვსი წლის წინ ვიყავი იქ უკანასკნელად და ავეჯის
გამოცვლა უკვე მაშინ სჭირდებოდა.
დარცხვენილი მარიანა შეტრიალდა. მისის ჯენინგსმა მხიარულად
გაიცინა და ელინორს მოუწია იმის მოსმენა, რომ მტკიცედ
82
გადაწყვიტა რა, გაეგო მათი ადგილსამყოფელი, მისის ჯენინგსმა
თავისი მოახლე გაგზავნა მისტერ უილობის მეჯინიბესთან და ასე
დაადგინა, რომ ისინი ალენჰემში ყოფილან და იქ ბაღში სეირნობასა
და სახლის თვალიერებაში საკმაოდ დიდი დრო გაუტარებიათ.
ელინორი ყურებს არ უჯერებდა. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ
უილობის შეიძლებოდა მარიანა შინ მიეწვია, ის კი დათანხმებულიყო
და შესულიყო მისის სმიტის სახლში, რომელსაც ის არც კი იცნობდა
და რომელიც იმ დროს სახლში იმყოფებოდა.
როგორც კი სასადილო ოთახიდან გავიდნენ, ელინორმა ამის
შესახებ მარიანას ჰკითხა და სახტად დარჩა, როცა გაიგო, რომ მისის
ჯენინგსის მონათხრობის ყველა დეტალი სიმართლეს შეესაბამებოდა.
მარიანა ამ ეჭვების გამო მასზე გაბრაზდა კიდეც.
– რატომ ფიქრობ, ელინორ, რომ ჩვენ არ შეგვეძლო იქ
წავსულიყავით და სახლი დაგვეთვალიერებინა? შენც ხომ
არაერთხელ გამოგითქვამს ამის სურვილი?
– ჰო, მარიანა, მაგრამ მე ამ სახლის ზღურბლს არასოდეს
გადავაბიჯებდი, თუ ამის შესახებ მისის სმიტს არ ეცოდინებოდა, და
თანაც მხოლოდ მისტერ უილობის კომპანიაში.
– მაგრამ მისტერ უილობი ხომ ერთადერთი ადამიანია,
რომელსაც აქვს უფლება, ეს სახლი გაჩვენოს და რადგან
კაბრიოლეტით წავედით, სხვა ჩვენთან ერთად არ შეიძლებოდა
ყოფილიყო. ასე სასიამოვნოდ დილა არასოდეს გამიტარებია.
– ვშიშობ, – უპასუხა ელინორმა, – რომ სასიამოვნო მართებულს
ჯერ კიდევ არ ნიშნავს.
– პირიქით, ელინორ, მართებულობის უფრო დიდი მტკიცებულება
არ არსებობს. მე რომ კარგი ქცევის წესები მართლა დამერღვია, ამას
ვიგრძნობდი. ჩვენ ხომ ყოველთვის ვაცნობიერებთ, როცა რაღაცას
არასწორად ვაკეთებთ. ასეთ შემთხვევაში სიამოვნებას ვერ
მივიღებდი.

83
– მაგრამ, ჩემო ძვირფასო მარიანა, როცა შენ იმ თავხედური
გადაკრული სიტყვების მოსმენა მოგიწია, ნუთუ მაშინაც ვერ
დარწმუნდი, რომ წინდაუხედავად მოიქეცი?
– თუ მისის ჯენინგსის თავხედურ გადაკრულ სიტყვებს ქცევის
წესების დარღვევის მტკიცებულებად ჩავთვლით, ჩვენ ყველანი ჩვენი
ცხოვრების ყოველ წამს სწორედ ამას ვაკეთებთ. მისი არც გაკიცხვა
მაწუხებს და არც ქება მაინტერესებს. ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ
იმაში, რომ მისის სმიტის ბაღში ვისეირნე და მისი სახლი
დავათვალიერე. ერთ დღეს ეს ყველაფერი მისტერ უილობის
საკუთრებაში გადავა და...
– ერთ დღეს ისინი შენი საკუთრებაც რომ გახდეს, მარიანა, შენს
საქციელს გამართლება მაინც არ აქვს.
ამ სიტყვებზე მარიანა წამოწითლდა, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ
ეს სიამოვნების სიწითლე იყო. ათი წუთი ფიქრის შემდეგ ის დასთან
მივიდა და ხალისიანი ტონით უთხრა:
– ელინორ, ალენჰემში ალბათ მართლაც არ უნდა წავსულიყავი,
მაგრამ მისტერ უილობის ისე ძალიან უნდოდა, ჩემთვის ის კარ-
მიდამო ეჩვენებინა! მართლაც შესანიშნავი სახლია, დამიჯერე. ზედა
სართულზე არაჩვეულებრივი სასტუმრო ოთახია, სწორედ იმ ზომის,
რომელიც განსაკუთრებით მოსახერხებელია ყოველდღიური
სარგებლობისათვის. თანამედროვე კარგი ავეჯით რომ იყოს
გაწყობილი, მაგაზე უკეთესს ვერაფერს ნახავდი. ის კუთხის ოთახია
და ფანჯრები ორ მხარეს აქვს. ერთ მხარეს ბოულინგის სათამაშო
მინდორია, რომელიც ტყემდე აღწევს, მეორე მხარეს კი ეკლესია და
სოფლები ჩანს, და კიდევ მაღალი ბორცვები, ასე ხშირად რომ იწვევენ
ჩვენს აღტაცებას. თუმცა სასტუმრო ოთახში იმდენად საშინელი ავეჯი
დგას, რომ აღარ მოგეწონება. აი, ახალი ავეჯით რომ მოაწყო...
უილობი ამბობს, სულ ორასი ფუტი იქნება საკმარისი იმისთვის, რომ
ის ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბლავ საზაფხულო სასტუმრო
ოთახად აქციოო.

84
სხვებს რომ არ შეეშალათ ხელი, ელინორს სახლის ყველა ოთახის
ასეთივე აღტაცებით აღწერის მოსმენა მოუწევდა.

85
თავი 14

პოლკოვნიკ ბრენდონის მოულოდნელი წასვლა და მისი


შეუპოვარი სურვილი, ამის მიზეზი დაემალა, მისის ჯენინგს კიდევ
ორი-სამი დღე გაჰყვა საფიქრალად. ვარაუდების დიდოსტატი იყო,
ისევე, როგორც ყველა ცნობისმოყვარე, რომელსაც უსაზღვროდ
აინტერესებს, თუ რატომ მიდიან და მოდიან მისი ნაცნობები.
დაუღალავად ანგარიშობდა, რა ახსნა შეიძლებოდა ჰქონოდა ამას.
დარწმუნებული იყო, რომ პოლკოვნიკს რაღაც ცუდი ამბავი
შეატყობინეს და ფიქრობდა ათასნაირ უბედურებაზე, რომელიც
შეიძლებოდა მას თავს დასტყდომოდა. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ
ყველა მათგანს პოლკოვნიკი ვერ აირიდებდა.
– რა თქმა უნდა, რაღაც ძალიან სამწუხარო მოხდა, – მსჯელობდა
ის, – მის სახეზე წავიკითხე. საცოდავი! ვშიშობ, რომ ძალიან ცუდ
დღეშია ჩავარდნილი. დელაფორდის მამულს, როგორც ამბობენ,
წელიწადში ორი ათასზე მეტი არასოდეს შემოჰქონდა, მისმა ძმამ კი
ყველაფერი ცუდ დღეში დატოვა. ჰოდა, ვფიქრობ, სწორედ ფულთან
დაკავშირებული პრობლემების გამო გამოიძახეს სასწრაფოდ. აბა,
სხვა რა უნდა იყოს? მართლა ასეა, ვითომ? რას არ მივცემდი, ოღონდ
კი სიმართლე გამეგო. ან იქნებ მაინც მისს უილიამსი? იმიტომ, რომ
ცოტა არ იყოს, დაიბნა, როცა მისი სახელი ვახსენე. ავად ხომ არ
გახდა? დიდი შანსია, ასე იყოს. ხშირად გამიგონია, რომ კარგი
ჯანმრთელობით არ გამოირჩევა. ნაძლევს დავდებ, მისს უილიამსს
შეემთხვა რაღაც. ნაკლებად, რომ პოლკოვნიკს ფულთან
დაკავშირებული პრობლემები ჰქონდეს, იმიტომ, რომ ის კარგი
მეურნეა და მამულის ვალები ალბათ მოშორებული ექნება. არა, მაინც
რა შეიძლება იყოს? მისი და ხომ არ გახდა ცუდად ავინონში და ძმას
შეატყობინა, ჩამოდიო? იმიტომ, რომ ძალიან ჩქარობდა. ასეა თუ ისე,

86
მთელი სულით და გულით ვუსურვებ, ამ გასაჭირიდან თავი დაეღწიოს
და თანაც კარგი ცოლი მოეყვანოს.
ასე ფიქრობდა და ასე განსჯიდა მისის ჯენინგსი. აზრი ეცვლებოდა
ყოველი ახალი ვარაუდის შემდეგ, რომლებიც თანაბრად
დამაჯერებლად ეჩვენებოდა. ელინორი, რომელსაც პოლკოვნიკ
ბრენდონის საქმეები მართლა მიჰქონდა გულთან, მისი ასეთი
მოულოდნელი გამგზავრების გამო თავს არ იმტვრევდა, თუმცა მისის
ჯენინგს ძალიან სურდა, ასე ყოფილიყო. ელინორის აზრით, ეს
გარემოება ასეთ ყურადღებას, გაკვირვებას და მრავალრიცხოვან
ვარაუდებს არ იმსახურებდა. მისი ფიქრები სხვა, გაუგებარი
საიდუმლოებით გახლდათ მოცული. მას აოგნებდა მისი დისა და
უილობის უცნაური დუმილი იმის თაობაზე, რაც განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისათვის და ეს მათ კარგად
იცოდნენ. ეს სიჩუმე ყოველი დღის გასვლასთან ერთად სულ უფრო
აუხსნელი და ორივე მათგანის ბუნებასთან შეუთავსებელი ხდებოდა.
ელინორს ვერ გაეგო, თუ რატომ არ უცხადებდნენ ღიად მისის
დეშვუდს და მას იმის შესახებ, რაც, მათი ერთმანეთისადმი
დამოკიდებულების მიხედვით, უკვე მოხდა.
მას ესმოდა, რომ შესაძლოა ქორწილის გადაწევა უწევდათ,
რადგან, თუმცა უილობი საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნებოდა,
არავითარი საფუძველი არ არსებობდა დაგეჯერებინა, რომ ის
მდიდარი იყო. სერ ჯონის გათვლით, მის მამულს წელიწადში შვიდასი-
რვაასი გირვანქა სტერლინგი შემოჰქონდა, ის კი გაცილებით მეტს
ხარჯავდა, ვიდრე ეს შემოსავალი აუვიდოდა და ამიტომ თვითონაც
ხშირად უჩიოდა უფულობას. საიდუმლოებით მოცული საბურველი,
რომელშიც მათ თავიანთი ნიშნობა გახვიეს, სინამდვილეში არაფერს
მალავდა. ელინორი ახსნას ვერ პოულობდა. და ასეთი საქციელი
იმდენად შეუსაბამო იყო მათი შეხედულებისა და ცხოვრების
წესისათვის, რომ ხანდახან ეჭვი ეპარებოდა, მართლა მისცეს თუ არა
მათ ერთმანეთს სიტყვა და ეს ეჭვი ხელს უშლიდა, მარიანას
შეჰკითხვოდა.
87
უილობის ქცევა საუკეთესო მტკიცებულება გახლდათ მისი
განსაკუთრებული დამოკიდებულებისა მთელი ოჯახის მიმართ.
მარიანას ისეთი სინაზით ექცეოდა, როგორც ეს მხოლოდ
შეყვარებულ გულს ძალუძს, დედამისსა და მის დებს კი – ისე,
როგორც ყურადღებიან, მოყვარულ შვილს და ძმას შეეფერება.
კოტეჯი მისთვის თითქოს მეორე სახლად იქცა და იქ გაცილებით
უფრო მეტ დროს ატარებდა, ვიდრე ალენჰემში, და თუ ყველანი
ბარტონ-პარკში არ იყვნენ მიწვეულნი, დილის სეირნობა თითქმის
ყოველთვის იქ იმართებოდა, სადაც ის მთელ დანარჩენ დროს
მარიანასთან ერთად ატარებდა, მისი საყვარელი ძაღლი კი მარიანას
ფეხებთან იწვა.
ერთ საღამოს, პოლკოვნიკის გამგზავრებიდან ერთი კვირის
შემდეგ, მან თავის გულს თითქოს თავისუფლება მისცა,
ჩვეულებრივზე უფრო მოყვარული ყოფილიყო ყველაფრის მიმართ,
რაც მის გარშემო იყო. მისის დეშვუდი ალაპარაკდა თავის
განზრახვაზე – ზაფხულში კოტეჯის გადაკეთების შესახებ და მისტერ
უილობი გაცხარებით შეეწინააღმდეგა ყოველგვარი ცვლილების
შეტანას სახლში, რომელიც მას სრულყოფილების ნიმუშად მიაჩნდა.
– რაა! – წამოიძახა მან, – თქვენ ამ მშვენიერი კოტეჯის
გადაკეთებას აპირებთ? არა! მე ამაზე არასოდეს დაგეთანხმებით. თუ
ჩემს გრძნობებს აქ ოდნავ მაინც უწევენ ანგარიშს, მის კედლებს ერთი
ქვაც კი არ დაემატება, მის სიმაღლეს კი ერთი დუიმიც.
– ნუ ღელავთ, – თქვა მისს დეშვუდმა, – მსგავსი არაფერი
მოხდება. დედაჩემს იმდენი ფული არასოდეს ექნება, ამ კოტეჯის
გადაკეთება დაიწყოს.
– მთელი გულით და სულით მიხარია, რომ ეს მესმის! – დაიყვირა
მან. – დაე, მუდამ ღარიბი იყოს, თუ თავისი ფულის უკეთ გამოყენებას
ვერ ახერხებს.
– გმადლობთ, უილობი, მაგრამ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ,
რომ კოტეჯის გაუმჯობესების ვერანაირი სურვილი ვერ მაცდუნებს
მსხვერპლად შევწირო მას ის გრძნობები, რომელიც თქვენ ან სხვებს,
88
ვინც მე მიყვარს, გაგაჩნიათ მის მიმართ. დამიჯერეთ, რა დამატებითი
თანხაც არ უნდა გაჩნდეს ჩემს განკარგულებაში, გაზაფხულზე
ანგარიშების წესრიგში მოყვანის შემდეგ, მას უმალ საერთოდ არ
გამოვიყენებ, ვიდრე ისეთ რამეზე დავხარჯავ, რაც თქვენ გულს
გატკენთ. ნუთუ ეს სახლი ისე მოგწონთ, რომ მასში ვერავითარ ნაკლს
ვერ ხედავთ?
– დიახ, ასეა, – წამოიძახა მან, – ჩემს თვალში ის თვით
სრულყოფილებაა. უფრო მეტიც, ჩემი აზრით, ბედნიერება მხოლოდ
ასეთ კოტეჯშია შესაძლებელი და საკმარისად მდიდარი რომ ვიყო,
აუცილებლად დავანგრევდი კომბე-მაგნას და მის ადგილას ზუსტად
თქვენი კოტეჯის მსგავს შენობას ავაშენებდი.
– ალბათ ჩაბნელებული, ვიწრო კიბით და გაკვამლული
სამზარეულოთი, ხომ ასეა? – ჰკითხა ელინორმა.
– დიახ! დიახ! – წამოიძახა მან გაცხარებული ტონით. – მათთან
ერთად და საერთოდ ყველაფერთან ერთად, რაც მასშია, თავისი
ნაკლითა და უპირატესობებით, ისეთს, ოდნავაც რომ არ
განსხვავდებოდეს ამ კოტეჯისგან. მხოლოდ მაშინ, მხოლოდ ასეთი
ჭერის ქვეშ შემიძლია ბედნიერი ვიყო კომბეში ისე, როგორც
ბარტონში ვიყავი ბედნიერი.
– თავს ნებას მივცემ ვივარაუდო, – თქვა ელინორმა, – რომ
მიუხედავად ისეთი ნაკლოვანებებისა, როგორიცაა უფრო დიდი
ოთახები და განიერი კიბეები, თქვენ აღმოაჩენთ, რომ თქვენი სახლი
ისეთივე სრულყოფილია, როგორც ჩემი.
– რა თქმა უნდა, არის რაღაც გარემოებები, – თქვა მისტერ
უილობიმ, – რის გამოც ის სახლი ჩემთვის ძვირფასია, მაგრამ თქვენი
კოტეჯისადმი მე მუდამ განსაკუთრებული დამოკიდებულება მექნება.
გახარებულმა მისის დეშვუდმა გადახედა მარიანას, რომლის
მშვენიერი თვალები უილობის ისეთი გამომეტყველებით
მისჩერებოდნენ, რომ ოდნავ ეჭვსაც არ ტოვებდნენ, თუ რა კარგად
ესმოდათ მისი.

89
– როცა ერთი წლის წინ ალენჰემში ვიყავი, – განაგრძო უილობიმ,
– ხშირად მიოცნებია, ნეტავ ბარტონის კოტეჯი ცარიელი არ იყოს-
მეთქი. როცა გვერდით ჩავუვლიდი, ყოველთვის ვტკბებოდი მისი
თვალწარმტაცი ადგილმდებარეობით და მწყინდა, რომ მასში არავინ
ცხოვრობდა. თავში აზრადაც არ მომსვლია, რომ, როცა მომდევნო
წელს ჩამოვიდოდი, პირველი სიახლე, რასაც მისის სმიტისგან
მოვისმენდი, ის იქნებოდა, რომ ბარტონის კოტეჯი დაიქირავეს. ამ
ახალმა ამბავმა ისეთი სიხარული და ინტერესი გამოიწვია ჩემში,
რომელიც ახლა შემიძლია ბედნიერების იმ წინათგრძნობით ავხსნა,
რაც თურმე მომავალში მელოდა. ასე არ არის, მარიანა? – დასძინა
მან დაბალი ხმით და შემდეგ ჩვეულებრივი ტონით განაგრძო: – და
ახლა თქვენ გინდათ ეს მშვენიერი სახლი დაამახინჯოთ, მისის
დეშვუდ. თქვენ გსურთ მას უბრალოება წაართვათ რაღაც
წარმოსახვითი გაუმჯობესებისათვის? ამ მშვენიერ სასტუმრო ოთახს,
სადაც ჩვენ ერთმანეთი გავიცანით და რომელშიც ამდენი ბედნიერი
საათი გაგვიტარებია ერთად, თქვენ ჩვეულებრივ წინკარად აქცევთ და
ყველა გულგრილად გაივლის ოთახს, რომელიც აქამდე უფრო
მშვენიერი, მყუდრო და მოსახერხებელი იყო, ვიდრე მსოფლიოს
ყველაზე დიადი აპარტამენტები.
მისის დეშვუდმა ის ისევ დაარწმუნა, რომ მსგავს ცვლილებებზე
ლაპარაკი აღარ იქნებოდა.
– თქვენ კარგი ქალი ხართ, – თბილად უთხრა მას უილობიმ, –
თქვენმა დაპირებამ დამამშვიდა. კიდევ ერთი რამეც დაუმატეთ და
მთლად ბედნიერი ვიქნები: დამპირდით, რომ არა მხოლოდ სახლი
დარჩება ძველებურად, არამედ თქვენც, თქვენი ოჯახიც. რომ თქვენი
დამოკიდებულება ჩემ მიმართ თბილი და კეთილი იქნება. სწორედ
თქვენი სიკეთე აქცევს ჩემთვის ძვირფასად ყველაფერს, რაც
თქვენთანაა დაკავშირებული.
უილობიმ დაპირება მაშინვე მიიღო და მთელი საღამოს
განმავლობაში ის სიყვარულს და ბედნიერებას ასხივებდა.

90
– ხვალ ჩვენთან ისადილებთ? – ჰკითხა მისის დეშვუდმა, როცა მან
დამშვიდობება დააპირა. – დილით ვერ გეპატიჟებით, რადგან ლედი
მიდლტონთან ვაპირებთ სტუმრად წასვლას.
უილობი დაჰპირდა, ოთხ საათზე თქვენთან ვიქნებიო.

91
თავი 15

მომდევნო დილით მისის დეშვუდი ლედი მიდლტონთან


გაემგზავრა თავის ორ ქალიშვილთან ერთად. მარიანამ შინ დარჩენა
ამჯობინა რაღაც არცთუ დამაჯერებელი საბაბით. და მისის დეშვუდი,
რომელსაც ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ მარიანამ უილობი უფრო ადრე,
იმ დროისთვის მიიპატიჟა, როცა ისინი შინ არ იქნებოდნენ, სრულიად
კმაყოფილი დარჩა მისი სახლში დატოვებით.
როცა ბარტონ-პარკიდან დაბრუნდნენ, თავიანთი კოტეჯის წინ
უილობის კაბრიოლეტი და მისი მსახური დაინახეს და მისის დეშვუდი
თავისი ვარაუდის სისწორეში დარწმუნდა. სულ ეს იყო, რაც მან
წინასწარ განჭვრიტა, რადგან სახლში შესვლისას რაღაც ისეთი
იხილა, რის შესახებაც წინათგრძნობას ნამდვილად არ
გაუფრთხილებია. როგორც კი დერეფანში შევიდნენ, სასტუმრო
ოთახიდან ძლიერ აღელვებული მარიანა გამოვარდა თვალებზე
მიკრული ცხვირსახოცით. კიბეები ისე აირბინა, რომ ისინი არც
შეუმჩნევია. გაკვირვებულები და შეშფოთებულები, იმ ოთახისკენ
გაემართნენ, რომელიც მარიანამ ის-ის იყო დატოვა და იქ დაინახეს
მხოლოდ უილობი, მათკენ ზურგშექცევით მდგარი და ბუხრის თაროს
მიყრდნობილი. მათი ნაბიჯების ხმაზე ის შემობრუნდა. მისი სახე
მეტყველებდა, რომ იმავე ემოციებით იყო შეპყრობილი, რითიც
მარიანა.
– რა დაემართა? – წამოიძახა მისის დეშვუდმა, – ავად გახდა?
– იმედი მაქვს, რომ არა, – უპასუხა უილობიმ. ცდილობდა,
მხიარული გამომეტყველება ჰქონოდა. და ნაძალადევი ღიმილით
დასძინა: – ავად მე უნდა ვიყო, რადგან ახლა ვიტანჯები იმის გამო,
რომ საშინლად გამიცრუვდა იმედები.
– იმედები გაგიცრუვდათ?

92
– დიახ, რადგან იძულებული ვარ, უარი ვთქვა თქვენს
მიპატიჟებაზე. ამ დილით მისის სმიტმა ისარგებლა ძალაუფლებით,
რომელიც მდიდრებს ღარიბ, მათზე დამოკიდებულ ნათესავებზე აქვთ
და დამავალა, დაუყოვნებლივ ლონდონში წავიდე რაღაც საქმეზე.
ალენჰემს დავემშვიდობე და გზას ვადგავარ. ჰოდა, ნუგეშისთვის
თქვენთან გამოსამშვიდობებლად შემოვიარე.
– ლონდონში მიემგზავრებით? ამ დილით?
– დიახ, აი სწორედ ახლა.
– რა სამწუხაროა. მაგრამ მისის სმიტს უარს ხომ არ ეტყოდით.
იმედი მაქვს, ეს საქმე ლონდონში დიდხანს არ დაგაყოვნებთ.
როცა პასუხობდა, უილობი გაწითლდა:
– თქვენ ძალიან კეთილი ბრძანდებით, მაგრამ დევონშირში მალე
დაბრუნებას ვერ შევძლებ. მისის სმიტს წელიწადში მხოლოდ
ერთხელ ვსტუმრობ ხოლმე.
– და მისის სმიტის გარდა, თქვენ აქ მეგობრები არ გყავთ?
ალენჰემი განა ერთადერთი სახლია ამ სამეზობლოში, სადაც თქვენ
სიამოვნებით მიგიღებენ? გრცხვენოდეთ, უილობი! ნუთუ თქვენ აქ
განსაკუთრებული მოწვევა გჭირდებათ?
მას სიწითლე კიდევ უფრო მოეძალა და იატაკზე
თვალგაშტერებულმა მხოლოდ ეს თქვა: – თქვენ ძალიან კეთილი...
მისის დეშვუდმა გაკვირვებით გადახედა ელინორს, რომელიც
ასევე გაოცებული ჩანდა. ცოტა ხანს ხმა არავის ამოუღია, შემდეგ
მისის დეშვუდმა სიჩუმე დაარღვია:
– მე მხოლოდ ის შემიძლია დავამატო, ძვირფასო უილობი, რომ
ბარტონის კოტეჯში თქვენ ყოველთვის სიამოვნებით მიგიღებენ. არ
გაძალებთ აქ დაუყოვნებლივ ჩამოსვლას, რადგან მხოლოდ თქვენ
შეგიძლიათ განსაჯოთ, მისის სმიტი ამას როგორი თვალით შეხედავს.
მე არც თქვენი განსჯის სისწორეში შემაქვს ეჭვი და არც თქვენს
ზრახვებში.
– ჩემი მოვალეობები ახლა... – ჩაიბურტყუნა დაბნეულმა
უილობიმ, – ისეთი სახისაა... რომ... თავს ვერ მოვიტყუებ და...
93
მან ლაპარაკი შეწყვიტა. მისის დეშვუდი იმდენად გაოგნებული
იყო, რომ ხმას ვერ იღებდა. ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ამჯერად
პირველი უილობი ალაპარაკდა.
– ახლა დაყოვნება სწორი არ იქნება, – თქვა მან და ოდნავ
გაიღიმა, – მეტად აღარ დავიტანჯავ თავს იმ მეგობრებს შორის
ყოფნით, რომელთა საზოგადოებით ამიერიდან ვეღარ დავტკბები.
შემდეგ მათ ნაჩქარევად დაემშვიდობა და ოთახიდან გავიდა.
დაინახეს, როგორ შეხტა ის კაბრიოლეტში, რომელიც ერთი წუთის
შემდეგ მოსახვევთან თვალს მიეფარა.
მისის დეშვუდს ლაპარაკი აღარ შეეძლო და მაშინვე თავის ოთახში
წავიდა, რათა მარტო მყოფს გადაეტანა ის მღელვარება და შფოთვა,
რაც უილობის ამ მოულოდნელმა გამგზავრებამ გამოიწვია.
ელინორი დედამისზე არანაკლებ იყო აფორიაქებული, თუ მეტად
არა. შეწუხებული და დაეჭვებული ფიქრობდა იმაზე, რაც ის-ის იყო,
მოხდა. უილობის ქცევამ მათთან დამშვიდობებისას, მისმა
დაბნეულობამ და თვალთმაქცურმა ხუმრობებმა, და რაც მთავარია,
იმან, რომ დედამისის მიწვევა საერთოდ შეყვარებულისთვის და
პირადად მისთვის შეუფერებლად უხალისოდ მოისმინა, მის გულში
შიში გააჩინა. შეშფოთებული ფიქრობდა, იქნებ უილობის სერიოზული
ზრახვები არც არასდროს ჰქონიაო. ხანაც იმ აზრამდე მიდიოდა, რომ
მან და მარიანამ მაგრად იჩხუბეს. ალბათ სწორედ ამიტომ გამოვარდა
ის ოთახიდან ასე ანერვიულებული. მაგრამ, მეორე მხრივ, მარიანას
სიყვარული უილობის მიმართ ისეთი იყო, რომ მათ შორის თუნდაც
უბრალო ჩხუბიც კი თითქმის შეუძლებელი ჩანდა.
მაგრამ როგორიც არ უნდა ყოფილიყო განშორების მიზეზები,
არავითარ ეჭვს არ იწვევდა ის, რომ მარიანასთვის ეს დიდი
უბედურება იქნებოდა და ელინორი ნაზი თანაგრძნობით ფიქრობდა
ღრმა მწუხარებაზე, მის დას რომ მოიცავდა და მარიანა არამცთუ მის
შემსუბუქებას არ შეეცდებოდა, არამედ ხელს შეუწყობდა მას, კიდევ
უფრო გაღრმავებულიყო.

94
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მისის დეშვუდი
აწითლებული თვალებით დაბრუნდა, მაგრამ სახეზე მწუხარება აღარ
ეწერა.
– ჩვენი ძვირფასი უილობი ახლა რამდენიმე მილში იქნება
ბარტონიდან, ელინორ, – თქვა მან და ხელსაქმეს მიუჯდა, – ალბათ
როგორ დამძიმებული ექნება გული.
– ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია. ასეთი მოულოდნელი
გამგზავრება! უცებ მიღებულ გადაწყვეტილებას ჰგავს. ჯერ კიდევ
გუშინ ასეთი ბედნიერი, ასეთი მხიარული, ასეთი მოყვარული ჩანდა,
როცა ჩვენ გვერდით იყო. დღეს კი სულ რაღაც ათ წუთს გველაპარაკა
და... წავიდა, ისე, რომ დაბრუნებას არც აპირებს! ეტყობა, რაღაც
მოხდა, რაღაც ისეთი, რის შესახებაც არაფერი გვითხრა. ის საკუთარ
თავს არ ჰგავდა არც თავისი ლაპარაკით და არც ქცევით. თქვენც, რა
თქმა უნდა, ამას შეამჩნევდით. რა შეიძლება იყოს მიზეზი? ხომ არ
წაიჩხუბნენ? აბა, რატომ უნდა ეთქვა უარი ჩვენს მიწვევაზე?
– ყოველ შემთხვევაში არა იმიტომ, რომ მისი მიღების სურვილი
არ ჰქონდა, ელინორ. ეს თვალნათლივ ჩანდა. მას, უბრალოდ, არ
შეეძლო. დამიჯერე, მე ყველაფერი კარგად გავიაზრე და შემიძლია
იმის ახსნა, რაც თავიდან ისევე უცნაურად მომეჩვენა, როგორც შენ.
– მართლა?
– ჰო. ყველაფერს ისეთი ახსნა მოვუძებნე, რაც პირადად მე
სრულიად დამაჯერებლად მეჩვენება. მაგრამ შენ, ელინორ,
ყოველთვის მზად ხარ ყველაფერში ეჭვი შეიტანო და წინასწარ ვიცი,
რომ შენს დარწმუნებას ვერ შევძლებ. მაგრამ ვერ მაიძულებ, აზრი
შევიცვალო. ეჭვიც
არ მეპარება, მისის სმიტმა იცის მარიანას მიმართ მისი გრძნობის
შესახებ და არ იწონებს მას (შესაძლოა იმიტომ, რომ ამასთან
დაკავშირებით სხვა მოსაზრებები აქვს). ამიტომ სურს მისი აქედან
წასვლა. ის ვითომდა საქმე კი იმისთვის იქნა მოფიქრებული, რომ
მისი წასვლა გაემართლებინათ. მე მჯერა, რომ სწორედ ეს არის, რაც
მოხდა. უილობი ხვდება, მისის სმიტი მის არჩევანს არ იწონებს და ვერ
95
ბედავს იმის აღიარებას, რომ დანიშნულია მარიანაზე. და რადგანაც
თავის ნათესავზეა დამოკიდებული, იძულებულია, ანგარიში გაუწიოს
მას და ცოტა ხნით დევონშირიდან წავიდეს. შენ, რა თქმა უნდა,
მიპასუხებ: ეს შეიძლება ასეც არის, მაგრამ შეიძლება არც იყოსო.
მაგრამ მე მანამ არ მოგისმენ, სანამ სხვა, ასეთივე დამაჯერებელ
ახსნას არ მოძებნი. აბა, რას იტყვი ელინორ?
– არაფერს. თქვენ წინასწარ განჭვრიტეთ ჩემი პასუხი.
– ანუ შენი აზრით, ეს შეიძლება ასე იყოს და შეიძლება არც იყოს?
ოჰ, ელინორ, შენს გრძნობებს ხომ ადამიანი ვერ ჩასწვდება. კარგის
დაჯერება ყოველთვის უფრო გიჭირს, ვიდრე ცუდის. შენ გირჩევნია,
მარიანა უბედური იყოს, საწყალი უილობი კი – დამნაშავე, იმის
ნაცვლად, რომ გაამართლო ის! რადაც არ უნდა დაგიჯდეს, გინდა, მას
რაღაც საშინელებაში დასდო ბრალი, მხოლოდ იმიტომ, რომ
ძველებურად გულითადად არ დაგვემშვიდობა. არ გინდა
გაითვალისწინო, რომ ის დაბნეული და დათრგუნვილი იყო ასეთი
დარტყმის შემდეგ. წარმოიდგინე, რა დღეში იქნებოდა და მიხვდები
მისი დაუდევრობის მიზეზს. რატომ არ უნდა მივიღოთ ძალიან
დამაჯერებელი არგუმენტები და უგულებელვყოთ ისინი მხოლოდ
იმიტომ, რომ მათი დამტკიცება არ შეგვიძლია? ნუთუ ადამიანი,
რომლის სიყვარულისთვის ჩვენ ამდენი მიზეზი გვაქვს და რომელსაც
არასდროს არავითარი საფუძველი არ მოუცია საიმისოდ, რომ ეჭვი
შევიტანოთ მის კეთილშობილებაში, ასეთი დამოკიდებულების
ღირსია? რატომღაც გვავიწყდება, რომ შესაძლოა ასეთ საქციელს
ჰქონდეს სერიოზული მიზეზები, რომლებიც გარკვეული ხნის
მანძილზე საიდუმლოდ უნდა დარჩეს. და, კაცმა რომ თქვას, ბოლოს
და ბოლოს, რაში ადანაშაულებ მას?
– ამაზე პასუხის გაცემა გამიძნელდება. თუმცა ასეთი
მოულოდნელი ცვლილება ადამიანში უნებურად უსიამოვნო ეჭვებს
აღძრავს. მაგრამ სრული სიმართლეა ისიც, რომ მისთვის, როგორც
თქვენ იჟინებთ, შეიძლება გამონაკლისი გავაკეთოთ, მე კი ვცდილობ,
ყველა სამართლიანად განვსაჯო. უდავოა, რომ უილობის მართლაც
96
შეიძლება ჰქონოდა საფუძვლიანი მიზეზები იმისათვის, რომ ასე
მოქცეულიყო, მაგრამ განა უფრო ბუნებრივი არ იქნებოდა, ამის
შესახებ მაშინვე განეცხადებინა? ხანდახან შეიძლება საიდუმლოს
დაცვა აუცილებელი იყოს, მაგრამ მისი ასეთი თავშეკავებულობა
მაინც მაკვირვებს.
– ჰოდა, მით უმეტეს, დანაშაულად ნუ უთვლი მას საკუთარ
ბუნებაზე ძალადობას, მაშინ, როცა ამას აუცილებლობა მოითხოვდა.
მაგრამ შენ აღიარებ სამართლიანობას იმისას, რაც მის დასაცავად
ვთქვი? მე ძალიან ბედნიერი ვარ, ის კი გამართლებულია.
– მთლიანად არა. შესაძლოა, მათი ნიშნობა (თუკი ისინი
დანიშნულები არიან) მისის სმიტისგან დაფარული უნდა ყოფილიყო
და ასეთ შემთხვევაში უილობისთვის გონივრული საქციელი
იქნებოდა, გარკვეული ხნის მანძილზე დევონშირში არ
დაბრუნებულიყო. მაგრამ ეს არ ამართლებს იმას, რომ ნიშნობის
ამბავი ჩვენც დაგვიმალეს.
– ჩვენ დაგვიმალეს? ჩემო საყვარელო, შენ უილობის და მარიანას
რაიმეს დამალვაში ადანაშაულებ? ეს მართლაც რომ უცნაურია! შენი
თვალები ხომ მათ ყოველდღე გაუფრთხილებლობას
საყვედურობდნენ.
– მე მათი ერთმანეთისადმი გრძნობის მტკიცებულება კი არ
მჭირდება, – თქვა ელინორმა, – არამედ იმისა, რომ ისინი
დანიშნულები არიან.
– მე ერთშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და მეორეშიც.
– მაგრამ არც ერთს და არც მეორეს ერთი სიტყვაც არ
დასცდენიათ შენთან ამის შესახებ.
– მე არ მჭირდება სიტყვები, როცა ქცევა გაცილებით ნათლად
მეტყველებს ამაზე. განა მისი ქცევა მარიანასა და ყველა ჩვენგანის
მიმართ, სულ ცოტა, ბოლო ნახევარი თვის განმავლობაში არ
ამტკიცებს, რომ მას უყვარს ის და მომავალ ცოლს ხედავს მასში, ჩვენ
კი ისე ვუყვარვართ, როგორც უახლოესი ნათესავები? ჩვენ ხომ
ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებდით. განა მისი მზერა, თავდაჭერა,
97
ყურადღება და პატივისცემა ჩვენ მიმართ ჩემს თანხმობას არ
ელოდნენ ყოველდღე და ყოველ საათს? ჩემო ელინორ, განა
შეიძლება ეჭვის შეტანა იმაში, რომ ისინი დანიშნულები არიან?
საიდან მოგივიდა ასეთი აზრი? სრულიად წარმოუდგენელია
ვივარაუდოთ, რომ უილობი, უეჭველად იცოდა რა შენი დის მისდამი
სიყვარულის შესახებ, ისე დაემშვიდობებოდა მას ალბათ მრავალი
თვით, რომ თავის სიყვარულზე არაფერს ეტყოდა და რომ
განშორებამდე ისინი ერთმანეთს სამარადისო ერთგულებას არ
შეჰფიცავდნენ?
– ვაღიარებ, – თქვა ელინორმა, – ყველა გარემოება, გარდა
ერთისა, იმაზე მეტყველებს, რომ ისინი დანიშნულები არიან. მაგრამ
ეს ერთი მათი დუმილია და ის ყველა დანარჩენს, ერთად აღებულს,
თითქმის გადაწონის.
– რა უცნაურია! შენ ალბათ მართლა ძალიან დაბალი აზრის ხარ
უილობიზე, თუ იმის შემდეგ, რაც ისინი მუდმივად და ღიად ეძებდნენ
ერთმანეთის საზოგადოებას, ეჭვი შეგაქვს მის გულწრფელობაში.
ფიქრობ, რომ ის მთელი ამ ხნის განმავლობაში თვალთმაქცობდა?
რომ ის გულგრილია შენი დის მიმართ?
– არა, ამის თქმა არ შემიძლია. მას ის უნდა უყვარდეს და
დარწმუნებული ვარ, რომ უყვარს კიდეც.
– მაგრამ მაშინ ეს რაღაც უცნაური სიყვარული ყოფილა, თუ მან
შენი და, როგორც შენ თვლი, ასე უგულოდ და გულგრილად მიატოვა
და მისი მომავალი აღარ აინტერესებს.
– ნუ დაგავიწყდება, ჩემო ძვირფასო დედიკო, მე არასდროს
მიმაჩნდა, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია. ვაღიარებ, რომ
ეჭვები მქონდა, მაგრამ ისინი სულ უფრო შესუსტდა და მალე ალბათ
სულ გაიფანტება. თუ შევიტყობთ, რომ ისინი ერთმანეთს წერილებს
სწერენ, ჩემი ყველა შიში გაქარწყლდება.
– აჰ! მართლა დიდი დათმობაა შენი მხრიდან. თუ დაინახავ, რომ
ისინი ეკლესიაში მღვდლის წინ დგანან, დაიჯერებ, რომ
დაქორწინებას აპირებენ. დიდი ჯიუტი ვინმე ხარ. მე კი ასეთი
98
მტკიცებულება არ მჭირდება. ჩემი აზრით, ისეთი არაფერი მომხდარა,
რომ ასეთი უნდობლობა გაამართლოს. არავის უცდია, რამე
გაესაიდუმლოებინა. ყველაფერი ღიად და გახსნილად ხდებოდა. შენი
დის გრძნობებში ეჭვს ვერ შეიტან, გამოდის, რომ უილობი არ
მიგაჩნია საიმედოდ. მაგრამ რატომ? ის ხომ კეთილშობილი და
მგრძნობიარე ადამიანია. იყო მის ქცევაში ისეთი რამ, რამაც
შეგაშფოთა? შეიძლება, მასში ვერაგი მატყუარა დაინახო?
– იმედი მაქვს, არა! ვფიქრობ, რომ არა! – დაიყვირა ელინორმა. –
უილობი მე მომწონს, გულწრფელად მომწონს და მის პატიოსნებაში
ეჭვის შეტანა ჩემთვისაც ისევე მტკივნეული იქნებოდა, როგორც
თქვენთვის. ეჭვი უნებურად გამიჩნდა და შევეცდები, ის თავიდან
მოვიშორო. ვაღიარებ, რომ შემეშინდა, ამ დილით ისე იყო
შეცვლილი. მისი ასეთი ლაპარაკი არასოდეს მსმენია და, გარდა
ამისა, თქვენმა სიკეთემ მასში მადლიერების გრძნობა არ აღძრა.
მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება იმ სიტუაციით აიხსნას, რომელშიც
ახლა ის იმყოფება. ის-ის იყო ჩემს დას დაემშვიდობა და დაინახა,
როგორ დამწუხრებული მიდიოდა მარიანა, მაგრამ შიშობდა რა,
მისის სმიტის უკმაყოფილება არ გამოეწვია, იძულებული იყო, აქ
დაუყოვნებლივ დაბრუნების ცდუნება დაეძლია. თუმცა ისიც ესმოდა,
რომ თქვენს მიწვევაზე უარის თქმა და მომავლის გაურკვეველი
გეგმებით ამის ახსნა, მას ჩვენს თვალში ძალიან არასასურველი
კუთხით წარმოაჩენდა და სწორედ ამის გამო შეიძლებოდა
დარცხვენილი და შეწუხებული ყოფილიყო. და მაინც, მე მიმაჩნია,
რომ ღიად, პატიოსნად ლაპარაკი იმ დაბრკოლებებზე, რომლებიც მას
შეექმნა, უილობის მეტ ღირსებას შესძენდა და მის ხასიათსაც უფრო
შეეფერებოდა. თუმცა ჩემს თავს უფლებას არ მივცემ, განვსაჯო სხვისი
საქციელი მხოლოდ იმიტომ, რომ ის მთლიანად არ შეესაბამება ჩემს
წარმოდგენებს, იმას, რაც მე სიმართლედ მიმაჩნია.
– სწორად მსჯელობ. უილობი, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს იმას,
რომ მასში ეჭვი შეიტანონ. თუმცა, არცთუ ისე დიდი ხანია, რაც ჩვენ
მას ვიცნობთ, მაგრამ ამ ახლო-მახლოში ის უცხო არ არის. და
99
გაგიგონია, ოდესმე მასზე ვინმეს ცუდი ეთქვას? მას რომ საშუალება
ჰქონოდა, თავისი შეხედულებისამებრ ემოქმედა და ქორწინება არ
გადაედო, მაშინ მართლა უცნაური იქნებოდა, თუ ისე
გამოგვემშვიდობებოდა, რომ თავისი ზრახვების შესახებ არაფერს
გვეტყოდა. მაგრამ საქმე ხომ სხვაგვარად არის. გარემოებები ხელს
არ უწყობს მათ ნიშნობას, რადგან გაურკვეველია, როდის შეიძლება
მათი ქორწილი შედგეს. და ამიტომ, ჯერჯერობით იქნებ სასურველიც
იყოს, ეს საიდუმლოდ დარჩეს, რამდენადაც მოხერხდება.
მარგარეტი შემოვიდა და მათ საუბარი შეწყვიტეს. ელინორს ისღა
დარჩენოდა, მოცალეობისას დედის ყველა არგუმენტზე ეფიქრა,
ბევრი მათგანის სიმართლე ეღიარებინა და გულით და სულით
ესურვა, რომ ყველა სწორი აღმოჩენილიყო.
მარიანა მათ მხოლოდ სადილობისას ნახეს, როცა ის სასადილო
ოთახში შევიდა და ხმის ამოუღებლად დაჯდა თავის ადგილზე.
თვალები აწითლებული და დასივებული ჰქონდა და ისე ჩანდა,
თითქოს ცრემლებს ძლივს იკავებდა; მზერას არიდებდა მათ და არც
ჭამა შეეძლო, არც ლაპარაკი. როცა რამდენიმე წუთის შემდეგ დედამ
თანაგრძნობის ნიშნად უსიტყვოდ ხელი ხელზე გადაუსვა, მან თავის
შეკავება ვეღარ შეძლო, აქვითინდა და ოთახიდან გავარდა.
მთელი საღამო ასე აღგზნებული და დათრგუნვილი იყო. ძალა
მთლად გამოცლილი ჰქონდა და საკუთარი თავის ხელში აყვანის
ოდნავ სურვილსაც არ ამჟღავნებდა. ყველაფერი, რაც ასე თუ ისე
უილობის ეხებოდა, მასში მძაფრ გრძნობებს იწვევდა და როგორ არ
ცდილობდნენ დედა და და, მისი ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანათ,
ამას ვერაფრით ახერხებდნენ. რაზეც არ უნდა წამოეწყოთ საუბარი,
მარიანას ყველაფერი პირდაპირ თუ ირიბად უილობის აგონებდა.

100
თავი 16

მარიანა საკუთარ თავს ვერ აპატიებდა, უილობისთან განშორების


პირველ ღამეს დაძინება რომ მოეხერხებინა. მას დედისა და დისთვის
თვალებში შეხედვის შერცხვებოდა, მომდევნო დილით ლოგინიდან
კიდევ უფრო გადაქანცული რომ არ წამომდგარიყო, ვიდრე წინა
ღამით დაწვა. მაგრამ გრძნობებმა, რომელთაც წამიერი შვებაც კი
ღალატად წარმოუდგებოდათ, ის ასეთი სირცხვილის საფრთხისაგან
იხსნეს. მან უძილო ღამე გაატარა და თითქმის დილამდე ტიროდა.
როცა ადგა, ლაპარაკი არ შეეძლო და პირში ლუკმას ვერ იკარებდა.
ყოველ წუთს ტკივილს აყენებდა დედას და დებს და მათგან
ნუგეშისცემის ყველა მცდელობას ეწინააღმდეგებოდა. მის
მგრძნობელობას მართლაც საზღვარი არ ჰქონდა.
როცა საუზმე დამთავრდა, ის მარტო წავიდა სასეირნოდ და
სოფელ ალენჰემის მიდამოებში იხეტიალა. წარსულის ბედნიერი
დღეების მოგონებები ტანჯავდა და თითქმის მთელი დილა
მწუხარების ცრემლებს ღვრიდა.
მთელი საღამოც ასევე დანაღვლიანებული იყო. იმღერა ყველა ის
საყვარელი სიმღერა, რომელსაც უილობის უმღეროდა, ყველა დუეტი,
რომელშიც ხშირად ერწყმოდა მათი ხმები. ინსტრუმენტს უჯდა და
ჩასცქეროდა ნოტის ყოველ სტრიქონს, რომელსაც უილობი მისთვის
იწერდა, სანამ გული ისე არ დაუმძიმდა, რომ ერთ წვეთ ნაღველსაც
ვეღარ დაიმატებდა. და ასეთ საკვებს მისი მწუხარება ყოველდღიურად
იღებდა. საათობით უჯდა ფორტეპიანოს და ხან მღეროდა და ხან
ქვითინებდა. ხანდახან ცრემლები ხმას საერთოდ უხშობდა. წიგნებში,
ისევე, როგორც მუსიკაში, ის ეძებდა ტანჯვას, რომელსაც ბედნიერი
წარსულის შედარება იწვევს მწარე ახლანდელ დღესთან. არაფერს
კითხულობდა ისეთს, რაც უილობისთან ერთად არ ჰქონდა
წაკითხული.

101
ასეთი დიდი მწუხარება, რა თქმა უნდა, დიდხანს ვერ
გაგრძელდებოდა და რამდენიმე დღის შემდეგ ის წყნარ
მელანქოლიაში გადავიდა. მაგრამ კვლავინდებურად ყოველდღე
მარტო დასეირნობდა და დროდადრო მძიმე ფიქრები მასში ისევ
სასოწარკვეთილებამდე მისულ მძაფრ განცდებს იწვევდა.
უილობისგან წერილები არ მოსდიოდა, თუმცა მარიანა მათ,
როგორც ჩანდა, არც ელოდა. დედამისი გაკვირვებული იყო.
ელინორი ისევ მოუსვენრობამ შეიპყრო. მაგრამ მისის დეშვუდი
ყოველთვის ახერხებდა, რაღაც ახსნა მოეძებნა, ყოველ შემთხვევაში
მაშინ მაინც, როცა სურდა.
– გაიხსენე, ელინორ, – ამბობდა ის, – სერ ჯონს რა ხშირად მიაქვს
და მოაქვს წერილები ფოსტიდან. ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ
საიდუმლოს შენახვა აუცილებელია და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს
შეუძლებელი იქნებოდა, თუ წერილები სერ ჯონის ხელში გაივლიდა.
ამ მოსაზრების სამართლიანობის უარყოფა ელინორს არ შეეძლო
და შეეცადა დაეჯერებინა, რომ მათი დუმილისთვის ეს საკმარისი
მიზეზი იყო. მაგრამ არსებობდა ერთი უბრალო და ძალიან ეფექტური
საშუალება სიმართლის გასაგებად, ყველა ეჭვის გასაფანტავად და
თანაც, მისი აზრით, იმდენად კარგი, რომ აღარ დააყოვნა და დედას
ურჩია, იმ საშუალებისთვის მიემართა.
– რატომ პირდაპირ არ ჰკითხავთ მარიანას – თქვა მან, –
დანიშნულია თუ არა ის უილობიზე. ასეთი შეკითხვა, დედისგან
დასმული, და თანაც ისეთი კეთილი, გულმოწყალე დედისგან,
როგორიც თქვენ ხართ, მას არ უნდა ეწყინოს და არ უნდა გაბრაზდეს.
ეს ხომ გულწრფელი, ბუნებრივი გამოხატულება იქნება მისდამი
თქვენი სიყვარულისა. ის საკუთარ თავში ჩაკეტილი არასოდეს
ყოფილა, მით უმეტეს, თქვენთან ურთიერთობისას.
– ასეთ შეკითხვას არავითარ შემთხვევაში არ დავუსვამ. ვთქვათ
და, თუმცა კი ძალიან ძნელი დასაჯერებელია, ისინი დანიშნულები არ
არიან. წარმოიდგინე, როგორი მტკივნეული იქნება პასუხის გაცემა
მისთვის. როგორც არ უნდა იყოს საქმე, ეს უსულგულო შეკითხვაა. თუ
102
ვაიძულებ აღიაროს ის, რაზეც ახლა არ სურს ილაპარაკოს, მე
სამუდამოდ და დამსახურებულად დავკარგავ მის ნდობას. მარიანას
გულს კარგად ვიცნობ და ვიცი, როგორ ნაზად ვუყვარვარ და ვიცი,
უკანასკნელი არ ვიქნები, ვინც მისი ნიშნობის ამბავს გაიგებს, როცა
გარემოებები საშუალებას მისცემს, ამის შესახებ განაცხადოს. მე არ
შემიძლია ვინმე, და მით უმეტეს საკუთარი ქალიშვილი ვაიძულო,
გულახდილი იყოს ჩემთან, თუნდაც იმიტომ, რომ მოვალეობის
გრძნობა ხელს შეუშლის თავი აარიდოს შეკითხვებს, როგორც არ
უნდა უნდოდეს ამის გაკეთება.
ელინორის აზრით, ასეთი დელიკატურობა ამგვარ საქმეში
ზედმეტი იყო, მით უმეტეს, მარიანას ასაკის გათვალისწინებით. მან
თავისი რჩევა ისევ გაიმეორა, მაგრამ ამაოდ: ჯანსაღი აზრი, ჯანსაღი
სიფრთხილე, ჯანსაღი დედობრივი შფოთვა – ყველაფერი უძლური
აღმოჩნდა მისის დეშვუდის რომანტიკული დელიკატურობის წინაშე.
რამდენიმე დღე გავიდა, სანამ მარიანას ახლობლები
გადაწყვეტდნენ, მისი თანდასწრებით უილობის სახელი ეხსენებინათ.
სერ ჯონი და მისის ჯენინგსი ტაქტით არ გამოირჩეოდნენ და მათი
ხუმრობები ამ უსიხარულო ჟამს კიდევ უფრო ამძიმებდა. მაგრამ ერთ
საღამოს მისის დეშვუდმა ხელში შემთხვევით შექსპირის ტომი აიღო
და წამოიძახა:
– ჩვენ ხომ “ჰამლეტი” არ დაგვიმთავრებია, მარიანა! ჩვენი
ძვირფასი უილობი უფრო ადრე წავიდა, სანამ უკანასკნელ
მოქმედებამდე მივაღწევდით. მაგრამ წიგნი გვერდით გადავდოთ მის
დაბრუნებამდე... თუმცა შეიძლება ლოდინმა თვეობით მოგვიწიოს...
– თვეობით? – წამოიძახა გაოცებულმა მარიანამ, – არა, მხოლოდ
რამდენიმე კვირით.
მისის დეშვუდი საკუთარ თავს გაუბრაზდა, ეს რამ მათქმევინაო,
თუმცა ელინორს ძალიან გაუხარდა. მარიანას სიტყვები ხომ იმას
ნიშნავდა, რომ ის უილობიში დარწმუნებული იყო და მისი ზრახვების
შესახებ იცოდა.

103
ერთხელ, დილით, უილობის წასვლიდან ერთი კვირის შემდეგ,
მარიანა თავისი დების ნებას დაჰყვა და სასეირნოდ მათთან ერთად
წავიდა ნაცვლად იმისა, რომ მარტოს ეხეტიალა. აქამდე მათთვის
კომპანიის გაწევას ყოველთვის თავს არიდებდა. თუ დები
ბორცვებისკენ დააპირებდნენ წასვლას, ის სოფლის გზების
ლაბირინთებს ირჩევდა სასეირნოდ და თუ ისინი ველებზე
გასეირნებას გადაწყვეტდნენ, თვითონ რომელიღაც ბორცვს
შეაფარებდა თავს სახლიდან მათ გასვლამდე. მაგრამ, ბოლოს და
ბოლოს, ელინორმა, რომელსაც განმარტოებისკენ დის ეს
გამუდმებული სწრაფვა ძალიან არ მოსწონდა, მარიანას დაუჟინა,
მათთან ერთად დარჩენილიყო. ველს მიუყვებოდნენ და უმეტესად
დუმდნენ, რადგან მარიანა საკუთარ თავს ძლივს აკონტროლებდა,
ელინორი კი თავისი გამარჯვებით კმაყოფილი იყო და ფრთხილობდა,
ზედმეტი არ მოსვლოდა. ველის ვიწრო გასასვლელს მიაღწიეს, სადაც
ბორცვები ასევე ნაყოფიერ, მაგრამ ნაკლებად თვალწარმტაც
დაბლობს უთმობდა ადგილს და მათ წინ გამოჩნდა გზა, რომლითაც
ისინი ბარტონში ჩამოვიდნენ. ასე შორს ამ მიმართულებით ადრე
არასდროს წასულან და ახლა შეჩერდნენ, რათა თვალი შეევლოთ
ხედისთვის, რომლის ხილვის საშუალება კოტეჯის ფანჯრებიდან არ
ჰქონდათ.
მალე ლანდშაფტის ფონზე მოძრავი ფიგურა შეამჩნიეს. ცხენზე
ამხედრებული კაცი მათკენ მიაჭენებდა. რამდენიმე წუთში შეძლეს
გარჩევა, რომ ის ჯენტლმენი იყო და არა ფერმერი, მომდევნო წამს კი
მარიანამ აღტაცებით წამოიძახა:
– ის არის! ნამდვილად ის არის, ვიცი! – და მის შესახვედრად
გაექანა.
– მარიანა, შენ ცდები, ეს უილობი არ არის! – მიაძახა ელინორმა,
– ეს ჯენტლმენი მასავით მაღალი არ არის და სხვანაირი ფიგურა აქვს.
– არა, არა! – დაიყვირა მარიანამ, – რა თქმა უნდა, ის არის. მისი
ფიგურა, მისი მოსასხამი, მისი ცხენი. ვიცოდი, ვიცოდი, რომ მალე
დაბრუნდებოდა.
104
მარიანამ ნაბიჯს აუჩქარა და ელინორი, რომელსაც თითქმის ეჭვი
არ ეპარებოდა, რომ მათ წინ უილობი არ იყო, შეეცადა, დას
წამოსწეოდა და ის უხერხული მდგომარეობიდან ეხსნა. ახლა მათ
მხედრისგან მხოლოდ ოცდაათიოდე იარდი აშორებდათ. მარიანამ
კიდევ ერთხელ გაიხედა მისკენ და გული შეეკუმშა, სწრაფად
შებრუნდა და თითქმის სირბილით წავიდა უკან; მაშინვე ორივე დის
ხმა გაიგონა, რომელსაც მალე მესამე ხმაც შეუერთდა, ლამის ისევე
ნაცნობი, როგორც უილობის ხმა: ყველანი სთხოვდნენ
შეჩერებულიყო. ის დაემორჩილა, გაკვირვებული შებრუნდა და თავის
წინ ედვარდ ფერარსი დაინახა.
ამქვეყნად მხოლოდ მას თუ აპატიებდა, რომ უილობი არ
აღმოჩნდა. მხოლოდ მისთვის შეეძლო ახლა მისალმების ნიშნად
გაეღიმა. და მან გაიღიმა, ცრემლნარევი ღიმილით, დის ბედნიერების
დანახვამ საკუთარი სასოწარკვეთილი მდგომარეობა დაავიწყა.
ედვარდი ჩამოქვეითდა, ცხენი მსახურს დაუტოვა და მათთან
ერთად ბარტონისკენ გაემართა, სადაც ისედაც მიდიოდა მათ
მოსანახულებლად.
სამივე და მას ძალიან გულთბილად მიესალმა, მაგრამ
განსაკუთრებული ყურადღება და პატივისცემა მარიანამ გამოავლინა,
რომელმაც ელინორსაც კი გადააჭარბა. მის დასთან ედვარდის
შეხვედრისას მარიანამ ისევ იგრძნო ის აუხსნელი სიცივე, რომელსაც
ნორლენდში ორივე მათგანის ქცევაში ამჩნევდა. განსაკუთრებით
ედვარდმა გააკვირვა, რომელიც ისე არ გამოიყურებოდა და
ლაპარაკობდა, როგორც შეყვარებულებს მოეთხოვებათ ასეთ
შემთხვევაში. ის დარცხვენილი ჩანდა და თითქოს არც კი გახარებია
მათი დანახვა. სახეზე აღტაცება კი არა, უბრალო სიამოვნებაც არ
დასტყობია. თვითონ თითქმის არ ლაპარაკობდა და მხოლოდ
შეკითხვებზე პასუხობდა. ელინორის მიმართ განსაკუთრებული
ყურადღება არ გამოუჩენია. მარიანა მას სულ უფრო გაკვირვებით
უყურებდა და უსმენდა. ერთგვარი ზიზღის გრძნობაც კი გაუჩნდა მის
მიმართ. და ამიტომ, თუმცა კაცმა რომ თქვას, ეს ყველა შემთხვევაში
105
აუცილებლად ასე მოხდებოდა, მისი ფიქრები კვლავ უილობის
მიუბრუნდა, ვისი მანერებიც ასე მკვეთრად განსხვავდებოდა მისი
სავარაუდო სიძის მანერებისაგან.
ხანმოკლე დუმილის შემდეგ, რომელიც მისალმების პირველ
შეძახილებს მოჰყვა, მარიანამ ედვარდს ჰკითხა, პირდაპირ
ლონდონიდან ხომ არ მოდიხარო. არა, აღმოჩნდა, რომ ის უკვე ორი
კვირა იყო, დევონშირში იმყოფებოდა.
– ორი კვირა! – გაიმეორა მან გაოგნებულმა იმით, რომ ამდენი
ხნის განმავლობაში ის თურმე ელინორთან ახლოს ცხოვრობდა და
დრო ვერ გამონახა მის სანახავად.
ის, ცოტა არ იყოს, დარცხვენილად გამოიყურებოდა, როცა
დასძინა, რომ მეგობრებთან იყო სტუმრად პლიმუტთან ახლოს.
– და სასექსში თუ იყავით ამ ბოლო ხანებში? – ჰკითხა ელინორმა.
– დაახლოებით ერთი თვის წინ ნორლენდში ვიყავი.
– როგორ გამოიყურება ჩვენი საყვარელი, საყვარელი
ნორლენდი? – წამოიძახა მარიანამ.
– საყვარელი, საყვარელი ნორლენდი, – თქვა ელინორმა –
ალბათ ისევე გამოიყურება, როგორც ყოველთვის წლის ამ დროს.
ტყეები და ბილიკები სქლადაა მოფენილი დაცვენილი ფოთლებით.
– ოჰ, – წამოიძახა მარიანამ, – როგორი აღტაცებული
მივჩერებოდი ხოლმე მათ ნარნარ დაშვებას მიწაზე, როგორ
ვტკბებოდი, როცა სეირნობისას ქარი ფოთლებს შემომაყრიდა და ჩემ
გარშემო ფარფატებდნენ! როგორ გრძნობებს აღმიძრავდნენ ხოლმე
ისინიც და შემოდგომაც და თვით ჰაერიც! ახლა კი ის ფოთლები
არავის ატკბობს. მათში მხოლოდ რაღაც უსიამოვნოს ხედავენ,
ზედმეტ ნაგავს, და ცდილობენ რაც შეიძლება მალე გახვეტონ და
შორს გადამალონ, რომ ადამიანების მზერა არ მისწვდეს.
– მაგრამ, – თქვა ელინორმა, – ყველა ხომ არ იზიარებს შენს ამ
აღტაცებას დამჭკნარი ფოთლების მიმართ.
– ჰო, ჩემს გრძნობებს იშვიათად იზიარებენ, იშვიათად სწვდებიან.
მაგრამ ხანდახან... – ის ფიქრებში წავიდა, მაგრამ მალე გამოერკვა
106
და განაგრძო: – შეხედეთ, ედვარდ, – თქვა მან და მათ წინ გადაშლილ
ხედზე მიანიშნა, – აი, ბარტონის ველი. შეხედეთ მას და შეინარჩუნეთ
სიმშვიდე, თუ, რა თქმა უნდა, შეძლებთ! შეხედეთ ამ ბორცვებს!
გინახავთ ოდესმე რაიმე მათი ტოლფასი? მარცხნივ კი ბარტონ-
პარკია ტყეებსა და პლანტაციებს შორის. აქედან სახლის ერთი
ბოლოს დანახვა შეიძლება. იქ კი, ყველაზე შორეული ბორცვის ძირას,
ჩვენი კოტეჯი დგას.
– ეს ძალიან ლამაზი სოფელია, – უპასუხა ედვარდმა, – მაგრამ
ზამთარში გზები ალბათ ტალახშია ჩაფლული.
– როგორ შეგიძლიათ ტალახზე იფიქროთ, როცა გარშემო ასეთ
მშვენიერებას ხედავთ!
– საქმე ის არის, რომ, – უპასუხა მან ღიმილით, – ჩემ წინ ძალიან
ტალახიან ბილიკს ვხედავ.
– არ მესმის... – თქვა მარიანამ თითქოს თავისთვის.
– და აქაური სამეზობლო როგორ მოგწონთ? მიდლტონები
სასიამოვნო ხალხია?
– სრულიადაც არა, – უპასუხა მარიანამ, – ამაზე უარეს დღეში
ვერც ჩავვარდებოდით.
– მარიანა, – წამოიძახა მისმა დამ, – როგორ შეგიძლია ასე
ილაპარაკო? ესენი ძალიან ღირსეული ხალხია, მისტერ ფერარს. და
ძალიან მეგობრულად არიან განწყობილი ჩვენ მიმართ. დაგავიწყდა,
მარიანა, რამდენი სასიამოვნო დღე გაგვიტარებია მათი წყალობით?
– არა, არ დამვიწყნია, – თქვა მარიანამ ხმადაბლა, – ისევე,
როგორც მტანჯველი წუთები.
ელინორმა მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია და შეეცადა,
ედვარდი მათი ახალი სამყოფლისა და მისი ადგილმდებარეობის
შესახებ საუბრით გაერთო. დროდადრო ახერხებდა, მისგან თავაზიანი
შეკითხვები და შენიშვნები გამოეძალა. მისი სიცივე და
თავშეკავებულობა გულს ძალიან სტკენდა, გაბრაზებული და
გაღიზიანებულიც კი იყო, მაგრამ გადაწყვიტა ისე ემოქმედა, როგორც
მათ წარსულ ურთიერთობას შეეფერებოდა და არა ახლანდელს, და
107
თავისი გრძნობები არაფრით გამოუხატავს. ისე ექცეოდა მას,
როგორც, მისი აზრით, მათი ახლო ოჯახური ურთიერთობები
მოითხოვდა.

108
თავი 17

მისის დეშვუდის გაკვირვება მხოლოდ რამდენიმე წამს


გაგრძელდა. როგორც თვითონ მიაჩნდა, ბარტონში ედვარდ
ფერარსის ჩამოსვლაზე ბუნებრივი არაფერი იყო და ამიტომ
სიხარულისა და მისალმების წამოძახილები არ დაუშურებია. ასეთ
ალერსიან მიღებას წინ ვერავითარი დარცხვენა, სიცივე და
თავშეკავებულობა ვერ დაუდგებოდა, თუმცა ისინი ჯერ კიდევ
ედვარდის კოტეჯში შესვლამდე შესუსტდა, ზოგიერთი მათგანი კი
მისის დეშვუდის გულთბილმა მიღებამ საერთოდ გააქრო. მართლაც,
კაცს, რომელიც მის ერთ-ერთ ქალიშვილზე იყო შეყვარებული, არ
შეეძლო თავისი გრძნობის ნაწილი თვით მასზეც არ გადაეტანა და
ელინორმა შვებით ამოისუნთქა, როცა შენიშნა, რომ ედვარდი ისევ
საკუთარ თავს დაემსგავსა. მისი გრძნობები ყველა მათგანის მიმართ
თითქოს ხელახლა გაცოცხლდა და მისი ინტერესიც მათი
კეთილდღეობის მიმართ სრულიად გულწრფელი ჩანდა. და მაინც
რაღაც ხასიათზე ვერ იყო. ის აქებდა მათ სახლს, აღტაცებას
გამოხატავდა ფანჯრებიდან გადაშლილი ხედების გამო, ყურადღებას
და კეთილგანწყობას იჩენდა ყველას მიმართ... და მიუხედავად ამისა,
ეტყობოდა, რომ უგუნებოდ იყო. ეს მთელმა ოჯახმა შეამჩნია. მისის
დეშვუდმა მისი უხასიათობა დედამისის ახალ მოთხოვნებს მიაწერა
და მაგიდას ყველა პატივმოყვარე და ეგოისტ მშობელზე
განრისხებული მიუჯდა.
– ახლა რა გეგმები აქვს მისის ფერარსს თქვენთან დაკავშირებით,
ედვარდ, – თქვა მან, როცა სადილის შემდეგ ყველანი ბუხართან
მოკალათდნენ, – კვლავ ელის, რომ თქვენი სურვილის
საწინააღმდეგოდ, დიდი ორატორი უნდა გახდეთ?

109
– არა, იმედი მაქვს, დედაჩემი ახლა უკვე დარწმუნებულია, რომ
საზოგადოებრივი საქმიანობისთვის არც ნიჭი მაქვს და არც
მიდრეკილება.
– მაგრამ, მაშინ დიდებას როგორღა მიაღწევთ? ნაკლებით ხომ
თქვენი ახლობლები არ დაკმაყოფილდებიან. თუ მზად არ იქნებით არ
შეუშინდეთ ხარჯებს, არ გექნებათ სწრაფვა, მოხიბლოთ უცნობი
ადამიანები, არ გექნებათ პროფესია და საკუთარი თავის რწმენა,
მაშინ ამის მიღწევა ძალიან გაგიჭირდებათ.
– არც კი შევეცდები. არავითარი სურვილი არა მაქვს,
სახელგანთქმული ვიყო და ყოველგვარი საფუძველი მაქვს, იმედი
მქონდეს, რომ არც არასოდეს გავხდები. მადლობა ღმერთს, ნიჭითა
და მჭერმეტყველების უნარით ძალით ვერავინ დამაჯილდოებს.
– ჰო, ვიცი, რომ პატივმოყვარე არა ხართ და ზომიერი სურვილები
გაქვთ.
– მე მგონია, ისეთივე ზომიერი, როგორც სხვებს. როგორც ყველა
ადამიანს, მეც მინდა ბედნიერი ვიყო, მაგრამ, როგორც ყველას, მეც
მინდა ბედნიერი ვიყო ისე, როგორც ეს მე მესმის. დიდება მე
ბედნიერს არ გამხდის.
– ჰო, რა თქმა უნდა! – წამოიძახა მარიანამ. – სიმდიდრეს და
დიდებას ბედნიერებასთან რა კავშირი აქვს.
– დიდებას შეიძლება ბევრი არაფერი, – თქვა ელინორმა, –
მაგრამ სიმდიდრეს სწორედაც რომ აქვს.
– გრცხვენოდეს, ელინორ, – თქვა მარიანამ, – ფულს
ბედნიერების მოტანა მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ ადამიანს სხვა
არაფერი აინტერესებს. სხვა შემთხვევაში კი, მათ, ვისაც მცირეოდენი
ქონება აქვთ, სიმდიდრე ნამდვილ სიხარულს ვერ მიანიჭებს.
– შეიძლება, – თქვა ელინორმა ღიმილით, – ჩვენ შეიძლება
ერთსა და იმავე რამეზე ვლაპარაკობთ. მე ვიტყოდი, რომ განსხვავება
შენს “მცირეოდენ ქონებასა” და ჩემს “სიმდიდრეს” შორის თითქმის
არაფერია. და მათ გარეშე, დღევანდელ პირობებში, მე მგონი არც
ერთი ჩვენგანი არ დაიწყებს იმის უარყოფას, რომ მუდმივი გაჭირვება
110
ცხოვრებას ძალიან მძიმეს გახდიდა. შენი აზრები, უბრალოდ, ჩემსაზე
უფრო კეთილშობილურად ჟღერს. აბა მითხარი, რას ეძახი შენ
“მცირეოდენ ქონებას”?
– დაახლოებით ათას რვაასი ან ორი ათასი გირვანქა სტერლინგი
წელიწადში, მეტი არა!
– ორი ათასი გირვანქა სტერლინგი წელიწადში! – გაიცინა
ელინორმა, – მე კი ათას გირვანქა სტერლინგსაც სიმდიდრეს ვეძახი.
ასეც ვფიქრობდი.
– და მაინც, წელიწადში ორი ათასი საკმაოდ მოკრძალებული
შემოსავალია, – თქვა მარიანამ, – უფრო ნაკლები ოჯახს ნორმალური
ცხოვრებისთვის არ ეყოფა. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ
ზომიერი მოთხოვნილებები მაქვს. იმისთვის, რომ საკმარისი
მსახურები გყავდეს, ერთი-ორი ეკიპაჟი და სანადირო ცხენები,
ნაკლები თანხა არ გეყოფა.
ელინორს ისევ გაეღიმა იმაზე, რომ მის დას ასე ზუსტად ჰქონდა
დაანგარიშებული მომავალში კომბე-მაგნას შენახვის ხარჯები.
– სანადირო ცხენები, – გაიმეორა ედვარდმა, – მაგრამ სანადირო
ცხენები რა აუცილებელია, ყველა ხომ არ ნადირობს?
– ყველა არა, მაგრამ ძალიან ბევრი... – უპასუხა
წამოწითლებულმა მარიანამ.
– აჰ, რა კარგი იქნებოდა, – წამოიძახა ახალი აზრით
გაოგნებულმა მარგარეტმა, – რომ ვინმეს თითოეული
ჩვენგანისათვის დიდი ქონება ეჩუქებინა.
– ოჰ, მართლა კარგი იქნებოდა, – დაეთანხმა მარიანა, თვალები
სიხარულისგან გაუბრწყინდა და ლოყებზე სიამოვნებისაგან ალმური
მოედო, როცა ასეთი ბედნიერება წარმოიდგინა.
– ამ სურვილში ჩვენ ალბათ ყველანი ერთსულოვანნი ვიქნებით, –
თქვა ელინორმა, – მიუხედავად იმისა, რომ სიმდიდრე ყველაფერს არ
ნიშნავს.
– როგორი ბედნიერი ვიქნებოდი! – წამოიძახა მარგარეტმა, –
მაგრამ მაინტერესებს, რას გავაკეთებდი ამ ფულით.
111
მარიანას გამომეტყველების მიხედვით მისთვის ეს სიძნელეს არ
წარმოადგენდა.
– მეც არ ვიცი, დიდ სიმდიდრეს როგორ გამოვიყენებდი, – თქვა
მისის დეშვუდმა, – თუ, რა თქმა უნდა, ჩემი გოგონებიც ასევე
მდიდრები იქნებოდნენ და ჩემი დახმარება არ დასჭირდებოდათ.
– სახლის გადაკეთებას დაიწყებდით, – თქვა ელინორმა, – და
თავსამტვრევიც აღარ გექნებოდათ.
– წარმომიდგენია, რა შესანიშნავი შეკვეთები გაიგზავნებოდა
აქედან ლონდონში, – თქვა ედვარდმა, – თუ თქვენი ოცნებები
რეალობად გადაიქცეოდა. რა ბედნიერი დღე დაუდგებოდათ ნოტების
გამყიდვლებს, წიგნებით მოვაჭრეებს და სტამბებს! თქვენ, მისის
დეშვუდ, ყველა ახალ გრავიურას გამოაგზავნინებდით თქვენთვის.
მარიანა კი, მე ხომ ვიცი მისი კეთილშობილი სული – მთელი
ლონდონის ნოტებიც არ იქნებოდა საკმარისი მისთვის. და წიგნები!?
ტომსონი [ტომსონ ჯეიმსი – (1700-1748) ინგლისელი პოეტი-
სენტიმენტალისტი. მისი ნაწარმოებებიდან ყველაზე ცნობილია
,,წლის დროები” (1726-1730), რომელშიც ბუნების სურათები
დამხმარე ელემენტიდან მთავარი გახდა.], კუპერი, სკოტი. კვლავ და
კვლავ შეიძენდა მათ დაუღალავად. ყველა ეგზემპლარს შეისყიდდა,
რომ ისინი უღირსი ადამიანების ხელში არ მოხვედრილიყო. არ
გამოტოვებდა ერთ ტომსაც კი, რომელსაც შეეძლო ესწავლებინა
მისთვის, როგორ უნდა დატკბეს ბებერი, დაკორძილი ხით. ასე არ
არის, მარიანა? მაპატიე, რომ ასე გავკადნიერდი, მაგრამ მინდოდა
მეჩვენებინა შენთვის, რომ ჩვენი ძველი დავები არ დამვიწყნია.
– მე მიყვარს, როცა წარსულს შემახსენებენ, ედვარდ, გინდ
სევდიან ამბებს, გინდ მხიარულს. ამიტომ შეგიძლიათ არ
ინერვიულოთ, წარსულზე ლაპარაკით ვერ მაწყენინებთ. თქვენ
სავსებით სწორად ივარაუდეთ, თუ რაში დავხარჯავდი ფულს, ყოველ
შემთხვევაში მის ნაწილს. თავისუფალი ფულით, რა თქმა უნდა, ჩემი
ნოტებისა და წიგნების კოლექციას შევავსებდი.

112
– და ძირითად კაპიტალს კი თქვენ ავტორებისა და მათი
მემკვიდრეების სამუდამო რენტისთვის გადაანაწილებდით?
– არა, ედვარდ, მას სხვა რამეში გამოვიყენებდი.
– იქნებ მას ჯილდოდ აღუთქვამდით ადამიანს, რომელიც
შეძლებდა დაეწერა ბრწყინვალე აპოლოგია თქვენს საყვარელ
გამოთქმაზე, რომ ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარული მხოლოდ
ერთხელ გვეძლევა. ალბათ ამის შესახებ აზრი არ შეგიცვლიათ.
– რა თქმა უნდა, არა. ჩემს ასაკში აზრებს ასე ხშირად არ იცვლიან.
საეჭვოა, რამე ისეთი ვნახო და მოვისმინო ცხოვრებაში, რომ ამის
საწინააღმდეგოში დამარწმუნოს.
– მარიანა, როგორც ხედავთ, ისეთივე მტკიცეა, როგორც
ყოველთვის, – თქვა ელინორმა, – ის ოდნავაც არ შეცვლილა.
– მხოლოდ ეს არის, რომ ცოტათი უფრო სერიოზული გახდა,
ვიდრე ადრე იყო.
– არა, ედვარდ, – თქვა მარიანამ, – თქვენ არ უნდა
მსაყვედურობდეთ ამას. თქვენ თვითონაც არ ხართ მხიარული.
– რატომ გგონიათ ასე? – ჰკითხა მან და ამოიოხრა. – მე ხომ
დიდად მხიარული არასოდეს ვყოფილვარ.
– ისევე, როგორც მარიანა, – თქვა ელინორმა, – მე მას მხიარულს
ვერ დავარქმევდი. ძალიან სერიოზულია, ძალიან მონდომებული
ყველაფერში, რასაც აკეთებს. ხანდახან ბევრს ლაპარაკობს და დიდი
გატაცებით, მაგრამ მართლა მხიარული ძალიან იშვიათადაა.
– თქვენ ალბათ მართალი ხართ, – უპასუხა ედვარდმა, – და მაინც,
მე მას ყოველთვის ცოცხალ, მხიარულ გოგონად ვთვლიდი.
– მე ხშირად დამიჭერია საკუთარი თავი ისეთ შეცდომებზე, –
განაგრძო ელინორმა, – როცა ხასიათის ამა თუ იმ თვისებას არასწორ
ახსნას ვუძებნიდი. წარმომედგინა, რომ ადამიანები ბევრად უფრო
მხიარულები ან სერიოზულები, მახვილგონიერები ან შტერები იყვნენ,
ვიდრე ისინი სინამდვილეში აღმოჩნდებოდნენ. ვერც კი ამიხსნია,
რითი იყო გამოწვეული ასეთი გაუგებრობა. ხანდახან ალბათ იმის
მიხედვით აფასებ, რასაც ადამიანები საკუთარ თავზე ამბობენ,
113
გაცილებით უფრო ხშირად კი იმის მიხედვით, რასაც მათზე სხვები
ლაპარაკობენ. და საკუთარ თავს დროს აღარ აძლევ, თვითონ
იფიქროს და განსაჯოს.
– მაგრამ მე სწორად მიმაჩნდა, ელინორ, – თქვა მარიანამ, –
სხვების აზრებით მეხელმძღვანელა. მეგონა, განსჯის უნარი იმისთვის
მოგვეცა, რომ ის ჩვენი ახლობლების განსჯას დავუქვემდებაროთ.
განა ყოველთვის ამას არ ქადაგებდი?
– არა, მარიანა, არასოდეს. მე არასოდეს მიქადაგია საკუთარი
აზრების სხვებისთვის დაქვემდებარება. დარწმუნების საშუალებით
ვცდილობდი, მათ ქცევაზე გავლენა მომეხდინა. ნუ მომაწერ იმას, რაც
არ შეიძლებოდა მეთქვა. ვაღიარებ, დამნაშავე ვარ იმაში, რომ
ხშირად სურვილი მქონდა, შენ საერთოდ უფრო დიდი ყურადღება
გამოგეჩინა ჩვენი ნაცნობების მიმართ, მაგრამ როდის მირჩევია
შენთვის, მათი გრძნობები გაგეზიარებინა ან მათი აზრები
სახელმძღვანელოდ გაგეხადა მნიშვნელოვან საკითხებში?
– ესე იგი, თქვენ ვერ მოახერხეთ დაგერწმუნებინათ თქვენი და,
ყველას მიმართ თანაბრად თავაზიანი ყოფილიყო? – ჰკითხა
ედვარდმა ელინორს? – საერთოდ, ვერაფერს მიაღწიეთ მასთან ამ
მხრივ?
– პირიქით, – თქვა ელინორმა და დას მეტყველი მზერა შეავლო.
– მე თქვენს აზრს ვემხრობი, – თქვა ედვარდმა, – მაგრამ ვშიშობ,
რომ ქცევით თქვენი დისკენ უფრო ვიხრები. არასდროს მიფიქრია,
ვინმესთვის მეწყენინებინა, მაგრამ იმდენად სულელურად მორცხვი
ვარ, რომ ხანდახან ქედმაღალი და დაუდევარი ვჩანვარ, თუმცა
ყველაფრის მიზეზი ჩემი თანდაყოლილი გაუბედაობა და
მოუხერხებლობაა. მაღალი წრის უცნობებ ადამიანებს შორის თავს
იმდენად შებორკილად ვგრძნობ, რომ ხშირად მომსვლია აზრად, ჩემი
ადგილი ბუნებით ალბათ დაბალ საზოგადოებაშია-მეთქი.
– მარიანა ბუნებით მორცხვი არ არის, ამიტომ მის
არათავაზიანობას ასეთი გამართლება არა აქვს.

114
– მან მეტისმეტად კარგად იცის საკუთარი თავის ფასი საიმისოდ,
რომ ყალბი დარცხვენის გრძნობას შეაწუხებინოს თავი. დარცხვენა
ხომ მაინც, ასე თუ ისე, არასრულფასოვნების შეგრძნებიდან მოდის.
მე რომ საკუთარი თავის დარწმუნება შემეძლოს იმაში, რომ
სასიამოვნო და დახვეწილი მანერები მაქვს, მორცხვი და გაუბედავი
აღარ ვიქნებოდი.
– მაგრამ საკუთარ თავში ჩაკეტილი მაინც დარჩებოდით, – თქვა
მარიანამ, – ეს კი უარესია.
– საკუთარ თავში ჩაკეტილი? – გაკვირვებით გაიმეორა ედვარდმა.
– განა მე საკუთარ თავში ჩაკეტილი ვარ, მარიანა?
– ჰო, და ძალიანაც.
– თქვენი არ მესმის, – თქვა მან და გაწითლდა, – საკუთარ თავში
ჩაკეტილი! როგორ? რას გულისხმობთ? რა დაგიმალეთ? რის
გამხელას ელით ჩემგან?
ელინორი მისმა გაცხარებამ გააკვირვა, მაგრამ შეეცადა,
ყველაფერი ხუმრობაში გაეტარებინა და თქვა:
– თქვენ რა, ჩემს დას ისე ცუდად იცნობთ, რომ ვერ ხვდებით, რას
გულისხმობს? ნუთუ არ იცით, რომ ის საკუთარ თავში ჩაკეტილს
უწოდებს ყველას, ვინც მასავით სწრაფად არ ლაპარაკობს და ვისაც
მასავით ძლიერ არ ხიბლავს ის, რაც მას აღაფრთოვანებს.
ედვარდმა არაფერი უპასუხა. ისევ თავის უსიხარულო ფიქრებში
ჩაეფლო და კარგა ხნის მანძილზე უსიტყვოდ, გაქვავებული სახით
იჯდა.

115
თავი 18

ელინორს მისი მეგობრის პირქუში განწყობილება დიდად


აშფოთებდა. მისი ჩამოსვლის სიხარული იმან ჩაუშხამა, რომ თვითონ
ედვარდი აქ ყოფნის გამო დიდ სიხარულს არ ამჟღავნებდა. აშკარად
ეტყობოდა, რომ თავს უბედურად გრძნობდა. ელინორს კი სურდა,
რომ ასეთივე აშკარა ყოფილიყო ის გრძნობა, რომელიც, როგორც
მას ადრე ეჩვენებოდა, ედვარდს მის მიმართ ჰქონდა. ახლა მას ეს
ძალიან ეეჭვებოდა. თუ კაცის მზერაში სინაზე დროდადრო
გაიელვებდა კიდეც, რამდენიმე წამში ეს შთაბეჭდილება ქრებოდა და
ის კვლავ თავშეკავებული ხდებოდა.
მომდევნო დილით ედვარდი ელინორს და მარიანას შეუერთდა
საუზმის წინ, სანამ დანარჩენები ქვემოთ იყვნენ, და მარიანამ,
რომელიც ყოველთვის მზად იყო, მათი ბედნიერებისთვის ხელი
შეეწყო, სასწრაფოდ რაღაც მოიმიზეზა და ისინი მარტო დატოვა.
მაგრამ რამდენიმე საფეხურის ავლაც ვერ მოასწრო, რომ კარის
გაღების ჭრიალი გაიგონა და როცა უკან მოიხედა, თავისდა
გასაკვირად, დერეფანში გამოსული ედვარდი დაინახა.
– სოფელში წავალ, რომ ჩემს ცხენებს დავხედო, – თქვა მან, –
თქვენ ჯერაც არ გისაუზმიათ, მე კი მალე დავბრუნდები.
...
სოფლიდან დაბრუნებული ედვარდი აღტაცებული ჩანდა.
გარემომცველ პეიზაჟს კიდევ ერთხელ მოეხიბლა. გზაზე მიმავალმა
მრავალი საოცარი ადგილი იხილა, თვითონ სოფლიდან კი, რომელიც
კოტეჯის ზემოთ მდებარეობდა, ფართო ხედი გადაეშალა თვალწინ,
რომელიც განსაკუთრებით მოეწონა. მარიანა, რომლისთვისაც ეს
საყვარელი თემა იყო, რა თქმა უნდა, სულგანაბული უსმენდა. შემდეგ
თვითონ დაიწყო აღტაცების გამოხატვა ამ ხედებით და დაწვრილებით

116
გამოჰკითხა, განსაკუთრებით რამ განგაცვიფრაო, მაგრამ ამ დროს
ედვარდმა შეაწყვეტინა:
– მარიანა, ამდენ შეკითხვას ნუ მისვამთ. გახსოვდეთ, რომ მე
ნაკლებად ვერკვევი ბუნების მშვენიერების ნიუანსებში და თუ
დეტალებზე გადავალთ, შეიძლება უბრალოდ შეურაცხვყო თქვენი
სმენა ჩემი უმეცრებითა და ცუდი გემოვნებით. მე ბორცვს
მოვიხსენიებ, როგორც ციცაბოს და არა როგორც ამაყად მდგარს,
ფერდობს – როგორც უსწორმასწოროს და ხორკლიანს, და არა
როგორც თითქმის მიუდგომელს. ვიტყვი, რომ ველის შორეული
ბოლო აღარ ჩანს, და არა ნისლოვან სილურჯეში ინთქმება.
დაკმაყოფილდით უბრალო ქებით, იმით, რაც მე შემიძლია. ჩემთვის
ეს არის მშვენიერი სოფელი, ციცაბო ბორცვები, ველიც ძალიან
ლამაზად გამოიყურება. ნოყიერი მდელოები და აქეთ-იქით
მიმოფანტული რამდენიმე კოხტა ფერმა. მე სწორედ ისეთ პეიზაჟს
ვუწოდებ შესანიშნავს, სადაც ლამაზი სასარგებლოსთანაა
შერწყმული და ვთვლი, რომ ის წარმტაცია, რადგან თქვენი
აღფრთოვანება დაიმსახურა. სიამოვნებით დავიჯერებ, რომ აქაურობა
სავსეა კლდეებითა და კონცხებით, მაგრამ ჩემზე ისინი
შთაბეჭდილებას არ ახდენს. ამ მშვენიერების შესახებ მე არაფერი
ვიცი.
– ვშიშობ, რომ თქვენ ბევრს არაფერს აჭარბებთ, – თქვა მარიანამ,
– მაგრამ თავის საქებიც რა არის ამაში?
– მე მგონი, – ჩაერია ელინორი, – ედვარდი, ცდილობს რა, ერთ
უკიდურესობას თავი დააღწიოს, მეორეში ვარდება. იმის გამო, რომ
მისი აზრით მრავალი ადამიანი სხვების გასაგონად აღფრთოვანებას
გამოხატავს ბუნების მშვენიერებისადმი, მაშინ როცა სინამდვილეში
გულგრილია მის მიმართ და ეს თვალთმაქცობა მას ეზიზღება, ის
განურჩევლობის ნიღაბს ირგებს. თუმცა სილამაზე მასზე გაცილებით
ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს, ვიდრე მზადაა, აღიაროს.
– სრული სიმართლეა, – თქვა მარიანამ, – რომ პეიზაჟით
აღტაცება ბანალური სიტყვების რახარუხად იქცა. ყველა ისე აჩვენებს
117
თავს, თითქოს გრძნობს ბუნებას და მისი აღწერისას ცდილობს მათ
მიჰბაძოს, ვინც პირველმა აღმოაჩინა და ელეგანტურად და
გემოვნებით აღწერა ეს მშვენიერება. არ მიყვარს ჟარგონებით
ლაპარაკი და ხანდახან ვცდილობ, ჩემი გრძნობები ჩემთვის
შევინახო, იმიტომ, რომ მათ გამოსახატავად შესაფერის სიტყვებს ვერ
ვპოულობ, გაცვეთილმა, ტრივიალურმა შედარებებმა კი დიდი ხანია
აზრი დაკარგა.
– დარწმუნებული ვარ, – თქვა ედვარდმა, – მშვენიერი პეიზაჟი
მართლა იწვევს თქვენში იმ აღტაცებას, რომელსაც აღწერთ, მაგრამ
ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენმა დამ უნდა მომაწეროს გრძნობები,
რომელსაც არ განვიცდი. ლამაზი ხედი ძალიან მომწონს, მაგრამ არა
იმიტომ, რომ ის თვალწარმტაცია. კორძიანი, დაბრეცილი, დამეხილი
ხეები ჩემში აღფრთოვანებას არ იწვევს. მე სწორ, მაღალ, აყვავებულ
ხეებს ვამჯობინებ. არ მიყვარს ძველი, დანგრევის პირას მყოფი
ქოხები. არ მიყვარს ჭინჭარი, ბრტყელეკალა და უსარგებლო
შამბნარი. ფერმერების წყნარ სახლებს ვამჯობინებ სათვალთვალო
კოშკებს და ცხოვრებით კმაყოფილი და მხიარული სოფლელების
კომპანია უფრო ახლოა ჩემს გულთან, ვიდრე მსოფლიოში საუკეთესო
იტალიელი ბანდიტები.
მარიანამ ედვარდს გაკვირვებით შეხედა, შემდეგ კი თავის დას
თანაგრძნობის გამომხატველი მზერა ესროლა, მაგრამ ელინორმა
გაიღიმა მხოლოდ.
ამით საუბარი შეწყდა და მარიანა ფიქრიან მდუმარებაში ჩაიძირა,
მანამ, სანამ მისი ყურადღება სრულიად ახალმა საგანმა არ მიიპყრო.
ის ედვარდის გვერდით იჯდა და როცა ხელი გაიშვირა ფინჯანი
ჩაისკენ, რომელიც მისის დეშვუდმა დაუსხა, შეამჩნია ბეჭედი,
რომელიც ედვარდს თითზე ეკეთა – ბეჭედს ცენტრში თმის დალალი
ჰქონდა ჩატანებული.
– თქვენს ხელზე ბეჭედი არასოდეს მინახავს, ედვარდ! –
წამოიძახა მან. – ეს ფანის თმაა? მახსოვს, ის დაგპირდათ კულულს.
მაგრამ მას თითქოს უფრო მუქი თმა აქვს.
118
მარიანამ თქვა ის, რაც ენაზე მოადგა, მაგრამ, როცა დაინახა მისი
სიტყვები ედვარდს როგორ ეწყინა, საკუთარ თავს გაუბრაზდა.
ედვარდი გაწითლდა, ელინორს სწრაფად შეხედა და თქვა:
– ჰო, ეს ჩემი დის თმაა. ბუდეში ცოტა სხვა ფერი ჩანს.
ელინორმა მისი მზერა დაიჭირა და დარცხვენილმა მაშინვე თვალი
მოაცილა. მან, ისევე როგორც მარიანამ, გადაწყვიტა, რომ ეს მისი
თმა იყო, მაგრამ თუ მარიანას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ედვარდმა ის
მისი დისგან მიიღო საჩუქრად, ელინორს ვერ გაეგო, საიდან
შეიძლებოდა ის ედვარდთან აღმოჩენილიყო. თუნდაც მისთვის
მოეპარა, ელინორი ამას შეურაცხყოფად არ ჩაუთვლიდა. და მან
ისეთი სახე მიიღო, თითქოს ვერაფერი შეამჩნია და საუბარი სხვა
რამეზე გადაიტანა. თავისთვის კი გადაწყვიტა, რომ როგორც კი
შემთხვევა მიეცემოდა, დარწმუნებულიყო, იყო თუ არა ის თმა ზუსტად
მისი თმის ფერის.
ედვარდის უხერხული მდგომარეობა კარგა ხანს გაგრძელდა,
შემდეგ კი უფრო მეტი დაბნეულობით შეიცვალა. მთელი დილის
განმავლობაში ის კიდევ უფრო პირქუშად გამოიყურებოდა, ვიდრე
წინადღით და მარიანა მკაცრად საყვედურობდა საკუთარ თავს
გაუფრთხილებლობისათვის. თუმცა ამაზე დარდს დიდი ხნის წინ
შეწყვეტდა, რომ სცოდნოდა – მის დას ეს დიდად არ მიუტანია
გულთან.
შუადღემდე ისინი სერ ჯონმა და მისის ჯენინგსმა მოინახულეს,
რომლებმაც, შეიტყვეს რა კოტეჯში სტუმრის ყოფნა, მივიდნენ, რათა
ის საკუთარი თვალით ეხილათ. სიდედრის დახმარებით ჯონი მალე
მიხვდა, რომ ფერარსის გვარი ასო “ფ”-თი იწყებოდა და მაშინვე
გაჩნდა საშუალება დაცინვისათვის, რასაც ხელი იმან შეუშალა, რომ
ედვარდი ახალგაცნობილი ჰყავდათ. ჯერჯერობით კი მხოლოდ მათმა
მრავალმნიშვნელოვანმა გამოხედვამ მიახვედრა ელინორი,
მარგარეტისგან მიღებული ცნობების საფუძველზე როგორი შორს
მიმავალი და ნაუცბათევი დასკვნები გამოიტანეს.

119
სერ ჯონი კოტეჯში არასოდეს მისულა ისე, რომ ისინი მეორე დღეს
სადილად ბარტონ-პარკში არ მიეწვია ან იმავე საღამოს მათთან
ერთად ჩაი არ დაელია. ამჯერად, სტუმრის უკეთ გასართობად, რაშიც,
როგორც მას მიაჩნდა, წვლილი უნდა შეეტანა, სერ ჯონმა ორივე ეს
მიწვევა გააერთიანა:
– თქვენ აუცილებლად უნდა დალიოთ ჩაი ამ საღამოს ჩვენთან
ერთად, – თქვა მან. – ჩვენ გარდა, იქ არავინ იქნება; ხვალ კი ერთად
უნდა ვისადილოთ, დიდ კომპანიასთან ერთად.
მისის ჯენინგსმა დაადასტურა, რომ უარზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო.
– და ვინ იცის, – დასძინა მან, – საღამო იქნებ ცეკვებით
დამთავრდეს, ეს კი ალბათ ძალიან მოგეწონებათ, მარიანა.
– ცეკვები? – წამოიძახა მარიანამ. – შეუძლებელია! და ვინ
იცეკვებს?
– როგორ თუ ვინ? ჩვენ თვითონ და უიტეკერი, და კერი... თქვენ
გეგონათ, არავინ იცეკვებდა მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაც, ვისაც
ახლა არ დავასახელებთ, ადგა და წავიდა?
– მთელი სულითა და გულით ვისურვებდი, – თქვა სერ ჯონმა, –
რომ უილობი ახლა ჩვენ გვერდით იყოს.
ამ სიტყვებზე მარიანა წამოწითლდა და ედვარდს მოულოდნელად
ეჭვი გაუჩნდა.
– და უილობი ვინ არის? – ხმადაბლა ჰკითხა მან მისის დეშვუდს,
რომელიც მის გვერდით იჯდა.
მან ძალიან მოკლედ უპასუხა, მაგრამ მარიანას სახე გაცილებით
მეტს ამბობდა. ედვარდმა საკმარისზე მეტი დაინახა საიმისოდ, რომ
არა მხოლოდ სტუმრების ქარაგმებს ჩასწვდომოდა, არამედ მარიანას
ხასიათის ახალ შტრიხებსაც, რომლებიც აქამდე ცოტა არ იყოს,
აოცებდა. და როცა სერ ჯონი და მისის ჯენინგსი წავიდნენ, ის მაშინვე
მარიანასთან მივიდა და ჩურჩულით უთხრა:
– მე მგონი, რაღაცას ვხვდები. გითხრათ, რას?
– რას გულისხმობთ?
– ესე იგი, გითხრათ?
120
– რა თქმა უნდა.
– კარგი მაშინ. მე ვხვდები, რომ მისტერ უილობის ნადირობა
უყვარს.
მარიანას გაუკვირდა და ცოტა არ იყოს დაიბნა, მაგრამ შემდეგ
თავი ვეღარ შეიკავა და მის შემპარავ, ონავრულ კილოზე გაეცინა.
ცოტა ხნის დუმილის შემდეგ მან თქვა:
– აჰ, ედვარდ! როგორ შეგიძლიათ!... მაგრამ იმედი მაქვს,
დადგება დრო... დარწმუნებული ვარ, თქვენ ის მოგეწონებათ.
– ეჭვიც არ მეპარება, – უპასუხა მან, რამდენადმე გაკვირვებულმა
იმ სერიოზული და მგზნებარე ტონით, რომლითაც მარიანამ ეს
სიტყვები წარმოთქვა. ედვარდი ხომ არავითარ შემთხვევაში არ
მისცემდა საკუთარ თავს ნებას, აწ უკვე წასული სტუმრების გადაკრულ
სიტყვებს მიჰბრუნებოდა. უბრალოდ, ის ჩვეულებრივ, მიღებულ
ხუმრობად ჩათვალა ნაცნობებს შორის, ხუმრობად, რომლისთვისაც
თუ მარიანამ და მისტერ უილობიმ მისცეს კიდეც საბაბი, მხოლოდ
ძალიან უმნიშვნელო.

121
თავი 19

კოტეჯში ედვარდის სტუმრობა ერთ კვირას გაგრძელდა, თუმცა


მისის დეშვუდი დაჟინებით სთხოვდა, კიდევ დარჩენილიყო. მაგრამ
ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს მას თვითგვემა ჰქონდა
მიზნად, თითქოს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, სწორედ მაშინ
წასულიყო, როცა მეგობრებთან ურთიერთობა განსაკუთრებით
სასიამოვნო გახდა მისთვის. თუმცა დროდადრო მკვეთრად
იცვლებოდა, ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში მისი
განწყობილება შესამჩნევად გაუმჯობესდა. სახლი და მისი
შემოგარენი სულ უფრო და უფრო მოსწონდა. განშორებაზე აშკარა
სინანულით ლაპარაკობდა, თუმცა ახსენებდა, რომ სრულიად
თავისუფალია და არც კი იცის, მათგან საით წავიდეს და რომ მისი
წასვლა მაინც აუცილებელია. კვირამ საოცრად სწრაფად გაირბინა,
არც კი სჯეროდა, რომ უკვე გავიდა. ამას კვლავ და კვლავ იმეორებდა.
ბევრ სხვა რამესაც ამბობდა, რაც მის გრძნობებს წარმოაჩენდა, მის
ქცევებს კი სრულიად გაუგებარს ხდიდა. ნორლენდში ყოფნა არ
სიამოვნებდა, ლონდონს ვერ იტანდა, მაგრამ ან ნორლენდში უნდა
წასულიყო, ან ლონდონში. მათ სიკეთეს ყველაზე მეტად აფასებდა,
მათთან ყოფნა უდიდესი ბედნიერება იყო მისთვის. და მაინც, კვირის
ბოლოს მათ უნდა გამოთხოვებოდა, მიუხედავად იმისა, რომ არც
თვითონ სურდა წასულიყო და არც მის მასპინძლებს, და დროც
არაფრით ჰქონდა შეზღუდული.
ელინორი ედვარდის საქციელის ასეთ უცნაურობას მისი დედის
თავისებურებით ხსნიდა, რომელსაც, საბედნიეროდ, ისე
ზედაპირულად იცნობდა, რომ მისი ვაჟიშვილის ყოველი უცნაური
საქციელის მიზეზი შეეძლო მასში ეპოვა. მაგრამ მიუხედავად
იმედგაცრუებისა, წყენისა და ხანდახან გაღიზიანებისა, რაც ედვარდის
მისდამი გაურკვეველი საქციელით იყო გამოწვეული, ის ყოველთვის

122
ახერხებდა, ყველაფრის გონივრული ახსნა და დიდსულოვანი
გამართლება ეპოვა, ისეთის, როგორიც დედამისმა გაჭირვებით
მოახერხა, უილობისათვის მოეძებნა მასთან საუბრისას. ედვარდის
უხასიათობა, საკუთარ თავში ჩაკეტილობა და ხანდახან
არათანმიმდევრულობა მის დამოკიდებულ მდგომარეობას
მიეწერებოდა და კიდევ იმას, რომ დედამისის მიდრეკილებებისა და
ზრახვების შესახებ მან ყველაზე უკეთ იცოდა. მისი ხანმოკლე ვიზიტი
და დანიშნულ დროს წასვლის დაჟინებული სურვილი სწორედ მისი
უუფლებობით და იმ აუცილებლობით აიხსნებოდა, რომ დედის
ახირებებს უნდა დამორჩილებოდა. მიზეზი გახლდათ მარადიული
დაპირისპირება მოვალეობისა და საკუთარი ნებისა, მშობლებისა და
შვილებისა. ელინორს ძალიან უნდოდა სცოდნოდა, როდის
მოხერხდებოდა ამ სიძნელეების გადალახვა, როდის შეიცვლებოდა
მისის ფერარსი იმდენად, რომ თავისი ვაჟიშვილისთვის უფლება
მიეცა, ბედნიერი ყოფილიყო. მაგრამ ესმოდა რა ამაოება ასეთი
იმედებისა, ის იძულებული იყო, ნუგეში ედვარდის მის მიმართ
გრძნობების რწმენაში ეძებნა, გაეხსენებინა მზერით თუ სიტყვებით
სინაზის გამოხატვის ყველა შემთხვევა, რომელსაც ბარტონში მისი
სტუმრობისას ამჩნევდა. მისდამი გრძნობის მთავარი, სასიამოვნო
მტკიცებულება კი ედვარდს გამუდმებით თითზე ეკეთა.
– ჩემი აზრით, ედვარდ, – თქვა მისის დეშვუდმა საუზმობისას,
სტუმრის გამგზავრების დღეს, – თქვენ ბევრად უფრო ბედნიერი
იქნებოდით, რომ აირჩევდეთ პროფესიას, რომელიც დიდ დროს
დაიკავებდა თქვენს ცხოვრებაში, თქვენი მომავლის გეგმები უფრო
საინტერესო გახდებოდა. თუმცა ეს ერთგვარად თქვენი მეგობრების
საზიანოდ მოხდებოდა, რადგან მათთვის ნაკლები თავისუფალი დრო
დაგრჩებოდათ. მაგრამ, – ღიმილით განაგრძო მან, – ამას ერთი
უპირატესობა მაინც ექნებოდა – ყოველთვის გეცოდინებოდათ, სად
მიდიხართ, როცა მათ დაშორდებოდით.
– დამიჯერეთ, – თქვა ედვარდმა, – მეც ბევრი მიფიქრია იმაზე,
რაც ახლა თქვენ მითხარით და თქვენს აზრს ვიზიარებ. ჩემთვის იყო
123
და ალბათ ყოველთვის დიდი უბედურება იქნება, რომ არ მაქვს
აუცილებელი საქმე, რომლითაც დაკავებული ვიქნებოდი, რამე
პროფესია, რომელიც საშუალებას მომცემდა, თუნდაც რამდენადმე
მაინც დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. მაგრამ, საუბედუროდ, ჩემმა
და ჩემი ახლობლების მეტისმეტმა მორიდებულობამ მაქცია იმად, რაც
დღეს ვარ – უბადრუკ უსაქმურად, უმწეო არსებად. ჩვენ ვერ
შევთანხმდით, რომელი პროფესია უნდა ამერჩია. მე ვამჯობინებდი და
ვამჯობინებ ეკლესიას, მაგრამ ჩემს ოჯახს ეს სარბიელი
არასაკმარისად ბრწყინვალედ ეჩვენება ჩემთვის. ისინი სამხედრო
სამსახურს მირჩევდნენ, მაგრამ ეს, ჩემი აზრით მეტისმეტად
ბრწყინვალე კარიერაა. იურისპრუდენცია კეთილშობილ საქმიანობად
ითვლება. ახალგაზრდა კაცები, რომლებიც ტემპლში [ტემპლი –
დასახელება ლონდონის ოთხიდან ორი “სასამართლო
კორპორაციისა”.] მუშაობენ, მაღალ საზოგადოებაში არიან მიღებული
და ლონდონში კაბრიოლეტებით დასეირნობენ. მაგრამ,
საუბედუროდ, სამართალმცოდნეობა არასოდეს მიზიდავდა, მისი
ყველაზე პრაქტიკული მხარეც კი, რომელსაც ჩემი ახლობლები
მოიწონებდნენ. ფლოტში სამსახური? ჰო, ახლა ეს მოდაშია, მაგრამ,
როცა მასზე პირველად ალაპარაკდნენ, მე უკვე იმ ასაკის ვიყავი, რომ
ამაზე ვეღარ ვიფიქრებდი. და, ბოლოს და ბოლოს, იმის საჭიროებაც
არ იყო, რომ მე პროფესია აუცილებლად მქონოდა. შემეძლო
ბრწყინვალე ცხოვრებით მეცხოვრა, არა მხოლოდ წითელ მუნდირში
[წითელ მუნდირში – მე-18 საუკუნეში ინგლისის რეგულარული ჯარის
ოფიცრების და ჯარისკაცების მუნდირები წითელი ფერის იყო.],
არამედ მის გარეშეც. უსაქმურობა ზოგადად მიიჩნეოდა თუ
უპირატესობად არა, ფრიად ღირსეულ და პატივსაცემ რამედ
კეთილშობილი ახალგაზრდა კაცისათვის. თვრამეტი წლის ასაკში
იშვიათად რომ ვინმეს ჰქონდეს მიდრეკილება სერიოზული
საქმიანობისაკენ და ძნელია არ დაჰყვე დაჟინებულ თხოვნას
ახლობლებისა, რომელთაც სურთ, რომ საერთოდ არაფერი არ

124
გააკეთო. ამიტომ ოქსფორდში მოვეწყვე და მას შემდეგ სრულიად
ჩვეულებრივი უსაქმური ვარ.
– მაგრამ, თუ უსაქმურობამ ბედნიერი არ გაგხადათ, – თქვა მისის
დეშვუდმა, – ვფიქრობ, თქვენს ვაჟიშვილებს ისეთ აღზრდას მისცემთ,
რომელიც მოამზადებს მათ იმდენივე საქმიანობის, პროფესიის,
სამსახურისა და ხელობისათვის, რამდენიც კოლუმელას [კოლუმელა
– „კოლუმელა ანუ ტანჯული ანარქისტი“ – ინგლისელი მწერლის,
რიჩარდ გრეივზის (1715-1804) რომანი (1779). ჯეინ ოსტინს ალბათ
მხედველობაში აქვს ის თავები, რომლებშიც ნათქვამია, კოლუმელამ
თავის ვაჟიშვილებს პროფესიები როგორ აურჩია.] შვილებს ჰქონდათ.
– ისინი ისეთ განათლებას მიიღებენ, – უპასუხა ედვარდმა
სერიოზულად, – რომ რამდენადაც კი შესაძლებელია, იმდენად
განსხვავებული იყვნენ ჩემგან. გრძნობებით, ქმედებებით, მიზნებით –
ყველაფრით.
– კარგი რა, ედვარდ, თქვენ ახლა უბრალოდ ცუდ ხასიათზე ხართ
და სულ ეს არის. მელანქოლიამ დაგრიათ ხელი და წარმოიდგინეთ,
თითქოს ყველა, ვინც თქვენ არ გგავთ, ბედნიერია. ნუ
დაგავიწყდებათ, რომ ნებისმიერი ადამიანი, როგორი განათლება და
საზოგადოებრივი მდგომარეობაც არ უნდა ჰქონდეს მას, დროდადრო
ტკივილს განიცდის მეგობრებთან განშორების გამო. იფიქრეთ
თქვენს უპირატესობებზე. თქვენ ხომ მხოლოდ მოთმინება
გჭირდებათ... ან, თუ გნებავთ, უფრო მომხიბლავი სახელი
გამოვიყენოთ – იმედი ვუწოდოთ. დროთა განმავლობაში
დედათქვენი უზრუნველგყოფთ იმ დამოუკიდებლობით, რომელზეც
ასე ნაღვლობთ. მისი მოვალეობაა ხელი შეგიშალოთ იმაში, რომ
მომავალშიც ასე უაზროდ გაფლანგოთ ახალგაზრდობა და
დამიჯერეთ, ამას სიამოვნებით გააკეთებს. რამდენი რამ შეიძლება
მოხდეს სულ რაღაც რამდენიმე თვის განმავლობაში.
– ვშიშობ, – უპასუხა ედვარდმა, – რომ ასი თვეც კარგს არაფერს
მომიტანს.

125
ასეთმა გულგატეხილობამ, თუმცა კი ის მისის დეშვუდს არ
გადასდებია, კიდევ უფრო სევდიანი გახადა მათი გამომშვიდობება,
რომელიც საუბარს მალევე მოჰყვა. რაც შეეხება ელინორს,
გამოთხოვებამ მასზე იმდენად მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა, რომ
კარგა ხანი და საკმაო ძალისხმევა დასჭირდა მის დასაძლევად.
მაგრამ მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, არ დასტყობოდა, რომ
ედვარდის წასვლამ უფრო მეტად დაამწუხრა, ვიდრე მისი დედა და
დები. ამიტომ არ მიუმართავს იმ საშუალებისთვის, რომელიც მსგავს
შემთხვევაში გონივრულად აირჩია მარიანამ, რათა კიდევ უფრო
გაეღრმავებინა და გაეძლიერებინა თავისი მწუხარება. არ უცდია
მდუმარებაში, მარტოობასა და უსაქმობაში გაეტარებინა საათები.
მათი საშუალებები ისევე განსხვავებული იყო, როგორც მათი მიზნები
და თანაბრად გამოსადეგი შედეგის მისაღწევად.
როგორც კი ედვარდი კარიდან გავიდა, ელინორი მაგიდას მიუჯდა
და ხატვა დაიწყო. მთელი დღის განმავლობაში რაღაცით ისაქმებდა
თავს, არც ეძებდა და არც გაურბოდა შემთხვევას მისი სახელი
ეხსენებინა, ცდილობდა დედასთან და დებთან ისე მოქცეულიყო,
როგორც ყოველთვის და თუ ასეთი ქცევით მწუხარება ვერ
შეიმსუბუქა, ყოველ შემთხვევაში ზედმეტად არ გაუღრმავებია ის და
ამით თავის ახლობლებს, რამდენადაც შეეძლო, შფოთვა და წუხილი
აარიდა.
ასეთი საქციელი, მისი ქცევის სრულიად საპირისპირო, არ
შეიძლებოდა მოსწონებოდა მარიანას, ისევე, როგორც არც ის
მოსვლია თავში, რომ საკუთარი თავისთვის ესაყვედურა. საკუთარი
თავის ფლობის საკითხს ის ყოველთვის მარტივად წყვეტდა: ძლიერ
გრძნობებს მაინც ვერ მოერევი და სუსტს ხომ გამკლავება არც
სჭირდება. მისი დის გრძნობები კი, როგორც დარცხვენილს მოუწია
ეღიარებინა, რაც უნდა საწყენი ყოფილიყო ეს მისთვის, სრულიად
მშვიდი იყო. მაგრამ, ამავე დროს, მარიანას მიაჩნდა, რომ
ბრწყინვალედ დაამტკიცა თავისი გრძნობების სიძლიერე – მას ხომ

126
კვლავაც უყვარდა და პატივს ცემდა თავის დას, მიუხედავად ასეთი
უცნაური ქცევისა.
თუმცა თავის ოთახში არ ჩაკეტილა ახლობლებისაგან
გასანაპირებლად, განმარტოებით არ უსეირნია მათგან თავის
დასაღწევად და არც თავზე დასთენებია მწარე ფიქრებში, ელინორი
ყოველდღე პოულობდა დროს, ეფიქრა ედვარდზე და მის საქციელზე
ყველა შესაძლო გრძნობით, რომელსაც მისი სული სხვადასხვა
მდგომარეობაში, სხვადასხვა დროს ავლენდა: სინაზით, შეცოდებით,
მოწონებით, საყვედურით და ეჭვებით. ის არ თვლიდა საჭიროდ,
განმარტოება ეძებნა, რადგან, მაშინაც კი, როცა ყველანი ერთად
ისხდნენ ოთახში, იყო ისეთი წუთები, როცა თითოეული მათგანი
თავისი საქმით იყო დაკავებული და ელინორს ხელს არაფერი
უშლიდა, მთელი ყურადღება თავის საფიქრალზე ჰქონოდა
გადატანილი. მისი გონება და წარმოსახვა ხან წარსულს
დასტრიალებდა და ხან იმის გაგებას ცდილობდა, მომავალი რას
უქადდა.
ერთხელ, დილით, ედვარდის წასვლიდან რამდენიმე დღის
შემდეგ, სახატავ მაგიდასთან მჯდარი, ასეთი ფიქრებიდან ხმაურმა
გამოარკვია. სასტუმრო ოთახში მარტო იჯდა. სახლის წინ, მწვანე
ეზოს ჭიშკრის დახურვის ხმა გაიგონა, ფანჯრიდან გადაიხედა და
დაინახა, რომ შესასვლელი კარისკენ მიემართებოდა საკმაოდ
მრავალრიცხოვანი კომპანია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ სერ
ჯონი, ლედი მიდლტონი, მისის ჯენინგსი და ვიღაც უცნობი ჯენტლმენი
ქალბატონთან ერთად. სერ ჯონმა ფანჯარაში ელინორი შეამჩნია,
კარზე დაკაკუნება სხვებს მიანდო, როგორც ამას თავაზიანობის
წესები მოითხოვდა, თვითონ კი უცერემონიოდ გაემართა მისკენ
პირდაპირ გაზონის გავლით. ელინორს ფანჯრის გაღება მოუწია. სერ
ჯონმა მას მაშინვე საუბარი გაუბა, თუმცა კარიდან ისე ახლოს
იმყოფებოდა, რომ მათ ლაპარაკს მხოლოდ ყრუ ვერ გაიგონებდა.
– იცით, რა, – განაცხადა სერ ჯონმა, – ჩვენ უცნობები მოგიყვანეთ.
როგორ მოგწონთ ისინი?
127
– ჩუმად, თქვენს ლაპარაკს გაიგონებენ.
– დიდი ამბავი, თუ გაიგონებენ. ესენი ხომ პალმერები არიან.
შარლოტა მართლა ძალიან ლამაზია, დამიჯერეთ. თავი გამოყავით
და თავად დარწმუნდებით.
მაგრამ ელინორმა იცოდა, რომ უცნობებს ორი-სამი წუთის შემდეგ
ისედაც ნახავდა, ამიტომ სერ ჯონის რჩევას არ დაჰყვა.
– და მარიანა სად არის? იმის გამო ხომ არ გაიქცა, რომ ჩვენ
მოვედით. ვხედავ, მისი ინსტრუმენტი ღიაა.
– თუ არ ვცდები, სასეირნოდ არის წასული.
ამ დროს სერ ჯონს მისის ჯენინგსი შეუერთდა, რომელსაც
მოთმინება არ ეყო, ხმის ამოუღებლად ეცადა, სანამ კარს გააღებდნენ
და ფანჯრისკენ სალამ-ქალამით და მოკითხვებით გაემართა.
– ხომ კარგად ხართ, ჩემო საყვარელო, მისის დეშვუდი რასა იქმს?
და თქვენი დები სად არიან? როგორ, სულ მარტო დაგტოვეს? ჰოდა,
ძალიანაც კარგი! კომპანიასთან ერთად უფრო გამხიარულდებით.
ჩემი მეორე ქალიშვილი და მისი მეუღლე მოვიყვანე, რომ გაგაცნოთ.
წარმოიდგინეთ, გაუფრთხილებლად მეწვივნენ. გუშინ საღამოს
ვსხედვართ, ჩაის მივირთმევთ და მესმის, კარეტა მოგრიალდა. ვერც
კი წარმოვიდგენდი, რომ ისინი იქნებოდნენ. ვიფიქრე, რომ
პოლკოვნიკი ბრენდონი დაბრუნდა. ჰოდა, სერ ჯონს ვეუბნები,
კარეტის ხმა გავიგონე და პოლკოვნიკი ბრენდონი ჩამოვიდოდა-
მეთქი.
ამ დროს ელინორი იძულებული გახდა, მისთვის ზურგი შეექცია,
რომ სტუმრებს შეხვედროდა. ლედი მიდლტონმა მას
ახალჩამოსულები წარუდგინა. ამ დროს ზედა სართულიდან მისის
დეშვუდი და მარგარეტი ჩამოვიდნენ. ყველანი დასხდნენ და
ერთმანეთის თვალიერება დაიწყეს, სანამ მისის ჯენინგსი სერ ჯონთან
ერთად დერეფნის გავლით მათკენ მიემართებოდა და თავისი ამბის
მოყოლას განაგრძობდა.
მისის პალმერი ლედი მიდლტონზე რამდენიმე წლით ახალგაზრდა
იყო და მისგან ყოველმხრივ განსხვავდებოდა. დაბალი, ჩასუქებული
128
ქალი სანდომიანი სახით და ისეთი სასიამოვნო და თბილი
გამომეტყველებით, როგორიც კი შეიძლება წარმოიდგინო. მანერები
თავის დასავით დახვეწილი არა, მაგრამ ბევრად უფრო სასიამოვნო
ჰქონდა. ის ღიმილით შემოვიდა და მთელი ვიზიტის განმავლობაში
იღიმებოდა, იმ წუთების გარდა, როცა იცინოდა. მისი ქმარი,
ოცდახუთი-ოცდაექვსი წლის სერიოზული ახალგაზრდა კაცი, ცოლზე
უფრო მოდურად და დარბაისლურად გამოიყურებოდა, მაგრამ
გახალისებისა და სხვებისთვის სიხარულის მინიჭების ნაკლები
მიდრეკილება ჰქონდა. ის სასტუმრო ოთახში ქედმაღლური
გამომეტყველებით შევიდა, დიასახლისებს თავი ოდნავ დაუკრა,
ოთახიც და მასპინძლებიც ხმის ამოუღებლად შეათვალიერა,
მაგიდიდან გაზეთი აიღო და მის კითხვას მანამ აგრძელებდა, სანამ
გამომშვიდობების დრო არ დადგა.
ბუნებით უფრო თბილმა და ხალისიანმა მისის პალმერმა კი,
პირიქით, დამჯდარიც არ იყო, როცა აღტაცების გამოხატვა დაიწყო
სასტუმრო ოთახით და ყველაფრით, რასაც მისი თვალი მისწვდა.
– აჰ, რა შესანიშნავი ოთახია! ასეთი მომხიბლავი არაფერი
მინახავს! წარმოგიდგენია, დედა, როგორ გამშვენიერებულა მას
შემდეგ, რაც უკანასკნელად ვნახე. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის
ძალიან ლამაზი იყო, მადამ (მან მისის დეშვუდს მიმართა), მაგრამ
თქვენ ის პირდაპირ საოცრებად გიქცევიათ. ერთი შეხედე, ჩემო დაო,
როგორ წარმტაცად გამოიყურება ყველაფერი! როგორ მინდა ასეთ
სახლში ვცხოვრობდე! და თქვენ რას იტყოდით, მისტერ პალმერ?
მისტერ პალმერმა არაფერი უპასუხა. თვალიც კი არ მოუწყვეტია
გაზეთისათვის.
– მისტერ პალმერს ჩემი არ ესმის, – წამოიძახა მისმა ცოლმა
სიცილით, – ხანდახან მთლად დაყრუვდება ხოლმე. რა სასაცილოა!
მისის დეშვუდისთვის ეს რაღაც ახალი იყო. ის ვერაფერ
გონებამახვილურს ვერ ხედავდა უყურადღებობაში, ვისგანაც არ უნდა
ყოფილიყო ის და მან ახლა ორივეს ერთგვარი გაკვირვებით შეხედა.

129
მისის ჯენინგსი, ამასობაში რაც შეეძლო, ხმამაღლა განაგრძობდა
თავისი გაკვირვების აღწერას, როცა წინასაღამოს კარი გააღო და
სიძე და ქალიშვილი დაინახა. მხოლოდ მაშინ შეწყვიტა, როცა
დეტალურად ჩამოარაკრაკა ყველაფერი. მისის პალმერი გულიანად
იცინოდა, როცა მათ გაოგნებულ სახეებს იხსენებდა და ყველა იქ
მყოფი შეთანხმდა – სულ ცოტა, სამჯერ – რომ ეს ძალიან სასიამოვნო
სიურპრიზი იყო.
– თქვენ მიხვდებით, როგორ გაგვიხარდა მათი დანახვა, –
დასძინა მისის ჯენინგსმა, ელინორისკენ გადაიხარა და ხმას ოდნავ
დაუდაბლა, თითქოს მხოლოდ მას მიმართავდა, თუმცა ისინი ოთახის
მოპირდაპირე კუთხეებში ისხდნენ, – მაგრამ მე, რა თქმა უნდა,
ვამჯობინებდი, ასე სწრაფად არ ევლოთ და ასე შორი გზა არ აერჩიათ.
ისინი ხომ ლონდონის გავლით ჩამოვიდნენ, იმიტომ, რომ იქ რაღაც
საქმე ჰქონდათ. ხომ ხვდებით (მან თავის აქნევით
მრავალმნიშვნელოვნად მიანიშნა თავის ქალიშვილზე), ეს
სახიფათოა მის მდგომარეობაში მყოფი ქალისათვის. მინდოდა,
დილით სახლიდან არსად გასულიყო და დაესვენა, მაგრამ მას
არაფრის გაგონება არ სურდა. ვერ ითმენდა, ისე ჩქარობდა ყველა
თქვენგანის გაცნობას.
მისის პალმერმა გაიცინა და თქვა, ეს ოდნავაც არაფერს მავნებსო.
– ის თებერვალში ელოდება, – განაგრძობდა მისის ჯენინგსი.
ლედი მიდლტონს ასეთი საუბრის გაძლება აღარ შეეძლო, ამიტომ
საკუთარი თავი აიძულა მისტერ პალმერისთვის ეკითხა, გაზეთში
რაიმე ახალი ამბავი ხომ არ არისო.
– არა, არაფერი, – უპასუხა მან და კითხვა განაგრძო.
– და აი, მარიანაც, – დაიყვირა სერ ჯონმა, – თქვენ ახლა გულის
წამღებ მშვენიერებას იხილავთ.
სერ ჯონი მაშინვე შემოსასვლელში გავიდა, კარი გამოაღო და მას
სასტუმრო ოთახში შეუძღვა. მარიანამ კარის ზღურბლზე გადაბიჯება
ძლივს მოასწრო, რომ ჯენინგსმა ჰკითხა, ალენჰემში ხომ არ
ყოფილხარო. მისის პალმერმა ამ შეკითხვაზე გულიანად გაიცინა,
130
რათა ეჩვენებინა, ვხვდები, რისი თქმაც გინდაო. მისტერ პალმერმა
მარიანას გამოჩენისას თავი ასწია, ცოტა ხანს უყურა მას და ისევ
თავის გაზეთს მიუბრუნდა. ამ დროს მისის პალმერის მზერა კედელზე
ჩამოკიდებულ ნახატებზე შეჩერდა. ფეხზე წამოდგა, რათა ისინი
ახლოდან დაეთვალიერებინა.
– ოჰ, ღმერთო ჩემო, რა ლამაზებია! პირდაპირ საოცრებაა. დედა,
ერთი შეხედეთ, შეხედეთ ამ მომაჯადოებელ მშვენებას. შემიძლია,
მთელი ცხოვრება თვალმოუშორებლად ვუყურო! – შემდეგ ის დაჯდა
და მალე საერთოდ მიავიწყდა ნახატების არსებობა.
როცა ლედი მიდლტონი წამოდგა და გამომშვიდობება დაიწყო,
მისტერ პალმერიც ადგა, გაზეთი მაგიდაზე დადო, გაიზმორა და იქ
მყოფთ თვალი მოავლო.
– ჩემო სიყვარული, თქვენ მგონი გეძინათ, – გაიცინა მისმა
ცოლმა.
მან არაფერი უპასუხა, ისევ ირგვლივ მიმოიხედა და თქვა, ოთახი
დაბალია, ჭერი კი მრუდეო. შემდეგ მასპინძლებს თავი დაუკრა და
დანარჩენებთან ერთად წავიდა.
სერ ჯონი დაჟინებით მოითხოვდა, რომ მეორე დღე ყველას ერთად
ბარტონ-პარკში გაეტარებინა. მისის დეშვუდმა, რომელიც
ამჯობინებდა მათთან უფრო ხშირად არ ესადილა, ვიდრე ისინი
კოტეჯში სადილობდნენ, უპასუხა, რომ მისი მიწვევის მიღება არ
შეეძლო, ქალიშვილებს კი ნება ჰქონდათ, როგორც სურდათ,
გადაეწყვიტათ. მაგრამ არც ელინორს და მარიანას ჰკლავდათ
ცნობისმოყვარეობა ენახათ, მისტერ და მისის პალმერები სადილს
როგორ მიირთმევდნენ, და საერთოდ, მათ საზოგადოებაში არავითარ
სიამოვნებას არ ელოდნენ, ამიტომ ისინიც შეეცადნენ უარისთვის
რაიმე მოემიზეზებინათ: ცუდი ამინდი იყო და გამოკეთების პირიც არ
უჩანდა. მაგრამ სერ ჯონს არაფრის მოსმენა არ სურდა – კარეტას
გამოგიგზავნით და აუცილებლად უნდა მოხვიდეთო, თქვა. ლედი
მიდლტონს მისის დეშვუდის უარზე არაფერი უთქვამს, მის
ქალიშვილებს კი დაჟინებით სთხოვდა, სწვეოდნენ. მის თხოვნას
131
მისის ჯენინგსი და მისის პალმერიც შეუერთდნენ – ეტყობოდა, არც
ერთ მათგანს არ სურდა, ვიწრო ოჯახურ წრეში ესადილა – და
გოგონებს აღარაფერი დარჩენოდათ, გარდა იმისა, რომ
დასთანხმებოდნენ.
– და ჩვენ რატომ გვიწვევენ? – თქვა მარიანამ, როგორც კი
სტუმრები წავიდნენ. – ითვლება, რომ კოტეჯის გადასახადი ძალიან
მცირეა, მაგრამ ჩვენ ის მაინც ძალიან მძიმე პირობებით გვაქვს
აღებული, თუკი ვალდებული ვართ ბარტონ-პარკში ვისადილოთ
ყოველთვის, როცა მათ ან ჩვენ სტუმრები გვეწვევა.
– ისინი ახლაც ისევე თავაზიანები და კეთილები არიან ჩვენ
მიმართ, როგორც რამდენიმე კვირის წინ, – თქვა ელინორმა, – და თუ
მათი წვეულებები ჩვენთვის მოსაწყენად და გაუსაძლისად იქცა, ეს
არა იმიტომ, რომ ისინი შეიცვალნენ. ამის მიზეზი სხვაგან უნდა
ვეძებოთ.

132
თავი 20

როგორც კი დები დეშვუდები ბარტონ პარკის სასტუმრო ოთახის


ერთ კარში შევიდნენ, მეორეში მისის პალმერი შევარდა ისევე
გამოცოცხლებული და მხიარული, როგორც წინადღით. ის ორივეს
გულითადად მიესალმა ხელის ჩამორთმევით და დიდი აღტაცება
გამოხატა იმის გამო, რომ მათ კვლავ ხედავდა.
– ისეთი მოხარული ვარ თქვენი ხილვის, – თქვა მან და ელინორსა
და მარიანას შორის ჩაჯდა. ვშიშობდი, რომ ასეთ ცუდ ამინდში
შეიძლებოდა ვერ მოსულიყავით, ეს კი საშინელება იქნებოდა! ჩვენ
ხომ ხვალ მივემგზავრებით. უნდა წავიდეთ, იმიტომ, რომ მომდევნო
კვირაში უესტონებს ველოდებით. ჩვენ ხომ აქ ასე მოულოდნელად
ჩამოვედით! მე არაფერი ვიცოდი, სანამ კარეტა არ მოგვადგა კარს და
მისტერ პალმერმა მკითხა, ბარტონში ხომ არ წამოხვალო. ის ისეთი
შერეკილია. არასდროს არაფრის შესახებ წინასწარ არ მეუბნება.
ძალიან ვწუხვარ, რომ უფრო მეტხანს დარჩენა არ შეგვიძლია, თუმცა
იმედი მაქვს, ლონდონში ისევ შევხვდებით ერთმანეთს.
მათ მოუწიათ, მისი ეს იმედი გაეცრუებინათ.
– როგორ! ლონდონში არ ჩამოხვალთ? – წამოიძახა მისის
პალმერმა სიცილით. – იცოდეთ, ძალიან მეწყინება. მე შემიძლია
შესანიშნავი სახლი ვიპოვო თქვენთვის ჩვენთან სულ ახლოს,
ჰანოვერ-სკვერში. არა, თქვენ აუცილებლად, აუცილებლად უნდა
ჩამოხვიდეთ! თუკი მისის დეშვუდი არ მოისურვებს საზოგადოებაში
გამოჩენას, მაშინ მზად ვარ, მე ვიყო თქვენი მხლებელი, სანამ ჩემი
მშობიარობის დრო არ დამდგარა.
მათ მადლობა გადაუხადეს, მაგრამ აზრი არ შეუცვლიათ.
– აჰ, ჩემო სიყვარულო, – მიმართა მისის პალმერმა ქმარს,
რომელიც ის-ის იყო ოთახში შევიდა, – დამეხმარე, დავარწმუნო მისს
დეშვუდები, რომ ამ ზამთარს აუცილებელია ლონდონში ჩამოვიდნენ.

133
“მისი სიყვარული” არ გამოეხმაურა. მან სტუმრებს ოდნავ დაუკრა
თავი და ამინდის ლანძღვა დაიწყო.
– რა საშინელებაა, – თქვა მან, – ასეთ ამინდში ყველა და
ყველაფერი საზიზღრად გეჩვენება. წვიმის გამო სახლშიც მოწყენილი
ხარ და გარეთაც. ნაცნობი სახეების დანახვაც აღარ გინდა. ეს რა
ჯანდაბაა! სერ ჯონმა ერთი ბილიარდის დადგმა როგორ ვერ
მოახერხა სახლში. ცოტა ვინმემ თუ იცის, ეს რა არაჩვეულებრივი
გასართობია. სერ ჯონი ისეთივე სულელია, როგორც ეს ამინდი.
მათ მალე დანარჩენებიც შემოუერთდნენ.
– ვშიშობ, მისს მარიანა, – თქვა სერ ჯონმა, – რომ დღეს თქვენ
ვერ შეძელით ჩვეულებისამებრ გაგესეირნათ ალენჰემში.
მარიანა მოიღუშა და არაფერი უპასუხა.
– ოჰ, ნუ თვალთმაქცობთ! – წამოიძახა მისის პალმერმა, – ეს უკვე
ყველამ ვიცით, გარწმუნებთ. და აღტაცებული ვარ თქვენი
გემოვნებით, რადგან ის მართლაც საოცრად ლამაზია. და იცით,
სოფელში ჩვენ თითქმის მეზობლები ვართ. ჩვენი სახლიდან მის
მამულებამდე ათ მილზე მეტი არ იქნება.
– ოცდაათი მილი მაინც იქნება, – თქვა მისმა ქმარმა.
– ოჰ, კარგი ერთი! რა დიდი განსხვავებაა. მის სახლში არასოდეს
ვყოფილვარ, მაგრამ ამბობენ, კოხტად და მშვენივრადაა
მოწყობილიო.
– მასზე საშინელი რამ ცხოვრებაში არ მინახავს, – თქვა მისტერ
პალმერმა.
მარიანას ხმა არ ამოუღია, თუმცა სახეზე ეტყობოდა, რომ
ინტერესით უსმენდა.
– ნუთუ მართლა ამდენად უსახურია? – განაგრძო მისის
პალმერმა, – გამოდის, რომ კოხტააო, სხვა სახლზე მითხრეს.
როცა სასადილო ოთახში მაგიდას მიუსხდნენ, სერ ჯონმა
სინანულით აღნიშნა, რომ სულ რვანი იყვნენ.

134
– ჩემო საყვარელო, – მიუბრუნდა ის თავის მეუღლეს, – რა
საწყენია, რომ ასე ცოტანი ვართ. გილბერტები რატომ არ მოიწვიე
ჩვენთან დღეისთვის?
– სერ ჯონ, როცა ამის შესახებ მითხარით, მე აგიხსენით, რომ ეგ
შეუძლებელია. ბოლოს ხომ ჩვენთან მათ ისადილეს.
– მე და თქვენ, სერ ჯონ, ასეთ ცერემონიებზე არც ვიფიქრებდით, –
თქვა მისის ჯენინგსმა.
– და ამით იმას აჩვენებდით, რომ ცუდად ხართ აღზრდილი, – თქვა
მისტერ პალმერმა.
– ჩემო საყვარელო, – თქვა მისის პალმერმა თავისი ჩვეული
სიცილით, – თქვენ ყველას ნათქვამს ეწინააღმდეგებით. იცით თუ
არა, რომ უხეშად იქცევით?
– არ ვიცი, ვის ნათქვამს შევეწინააღმდეგე იმის აღნიშვნით, რომ
დედათქვენი ცუდად აღზრდილია.
– ოჰ, შეგიძლიათ იმდენი მლანძღოთ, რამდენიც თქვენს გულსა და
სულს ეამება, – თქვა გულკეთილმა მოხუცმა ლედიმ, – თქვენ
შარლოტასგან გამათავისუფლეთ და მას უკან აღარ დავიბრუნებ. ასე
რომ, ამაში აშკარა უპირატესობა ჩემს მხარეზეა.
შარლოტა გულიანად გააცინა იმ აზრმა, რომ მის ქმარს არ
შეუძლია, მას თავი დააღწიოს. მან საზეიმოდ განაცხადა, დაე,
რამდენიც უნდა გამებუტოს, ცხოვრებით მაინც ერთად ვიცხოვრებთო.
მისის პალმერზე უფრო გულთბილი და მხიარული ბუნების ადამიანი
ძნელად წარმოსადგენი იყო. მისი ქმრის გულგრილობა, უხეშობა და
ყველაფრით უკმაყოფილება ოდნავაც არ აწუხებდა და მხიარულად
იცინოდა, როცა ის ლანძღავდა და შეურაცხყოფას აყენებდა.
– მისტერ პალმერი ისეთი სასაცილოა, – ჩურჩულით უთხრა მან
ელინორს, – ის ყოველთვის ცუდ ხასიათზეა.
მაგრამ ცოტა დაკვირვების შემდეგ ელინორს აღარ სჯეროდა, რომ
ის მართლა ისეთი გაუზრდელი და ცუდი ხასიათის ადამიანი იყო,
როგორიც სურდა გამოჩენილიყო. შეიძლება, ხასიათი ასეთი მჟავე
მას შემდეგ გაუხდა, როცა აღმოაჩინა, რომ, ბევრი სხვა კაცის
135
მსგავსად, სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, უპირატესობა
მიანიჭა რა სილამაზეს, სულელი ქალის ქმარი აღმოჩნდა. მაგრამ
ელინორმა იცოდა, რომ ასეთი უხეში შეცდომა საკმაოდ
გავრცელებულია და გონიერი ადამიანი მალე ურიგდება თავის ბედს.
მან დაასკვნა, რომ ეს ზიზღით სავსე დამოკიდებულება ყველას
მიმართ და ყველაფრის ძაგება იყო შედეგი მისი სურვილისა,
გამორჩეულიყო, ეჩვენებინა თავისი უპირატესობა სხვა ადამიანებთან
შედარებით. თავისთავად, ამ სურვილში გასაკვირი და იშვიათი
არაფერი იყო, მაგრამ მისი მიღწევის საშუალებები, თუმცა კი
წარმატებით ახდენდა მისი უდავო უპირატესობის დემონსტრირებას
უხეშობასა და უზრდელობაში, მისი ცოლის გარდა, არავის თვალში
მას მომხიბვლელობას არ სძენდა.
– ოჰ, ძვირფასო მისს დეშვუდ, – თქვა რამდენიმე წუთის შემდეგ
მისის პალმერმა, – მინდოდა, თქვენთვის და თქვენი დისთვის ერთი
რამ მეთხოვა. საშობაოდ კლივლენდში ხომ არ გვესტუმრებოდით?
ძალიან გთხოვთ. და მანამ ჩამოდით, სანამ უესტონები იქნებიან
ჩვენთან სტუმრად. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერება
იქნება ეს ჩემთვის! ჩემო სიყვარულო, – მიუბრუნდა ის ქმარს, – ჩვენ
ხომ ძალიან გვინდა, რომ მისს ელინორი და მისს მარიანა
კლივლენდში ჩამოვიდნენ?
– რა თქმა უნდა, – უპასუხა მან დამცინავად, – სწორედ ამისთვის
არ ჩამოვედი დევონშირში?
– აი, ხომ ხედავთ, – თქვა მისის პალმერმა, – როგორც ხედავთ,
მისტერ პალმერი გეპატიჟებათ და თქვენ უარის თქმის უფლება არ
გაქვთ.
მაგრამ მათ მიპატიჟებაზე საჩქაროდ მტკიცე უარი თქვეს.
– არავითარ შემთხვევაში! თქვენ აუცილებლად უნდა მოხვიდეთ
და მოხვალთ კიდეც. მე ვიცი, რომ ჩვენთან ძალიან მოგეწონებათ. და
უესტონებიც ჩამოვლენ. ყველაფერი არაჩვეულებრივად იქნება. ვერც
კი წარმოიდგენთ, კლივლენდი რა მშვენიერი ადგილია. და ჩვენ ახლა
მხიარულად ვატარებთ დროს, რადგან მისტერ პალმერი სულ
136
საგრაფოში დადის, რათა საპარლამენტო არჩევნებისთვის
მხარდამჭერები შეაგროვოს. და ჩვენთან იმდენი ხალხი მოდის
სადილად, რომ... ბევრად მეტი, ვიდრე ადრე. რა შესანიშნავია!
მაგრამ საწყალი ჩემი ქმარი! საშინლად იღლება! მან ხომ ყველას
უნდა მოაწონოს თავი.
ელინორმა ღიმილი ძლივს შეიკავა, როცა დაეთანხმა და
განაცხადა, ეს მართლა ძნელი საქმეაო.
– რა შესანიშნავი იქნება, – განაგრძო შარლოტამ, – მისი
პარლამენტში მოხვედრა. ასე არ არის? რამდენს ვიცინებ! რა სეირი
იქნება, რომ მის წერილებს პ.წ. ეწერება. მაგრამ, იცით რა? ის ამბობს,
რომ არასდროს ჩემი წერილების გაგზავნის ხარჯებს არ იკისრებს.
არავითარ შემთხვევაში, ამბობს ის. ასე არ არის, მისტერ პალმერ?
მისტერ პალმერს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
– იცით, რა? – განაგრძობდა ქალი, – მას წერა ჭირის დღესავით
ეჯავრება. ამბობს, ეს უბრალოდ საშინელებააო.
– არა, – თქვა მისმა ქმარმა, – მე ასეთი უაზრობა არასოდეს
მითქვამს. ხატოვან თქმებში ვარჯიშის შედეგებს მე ნუ მომაწერთ.
– აი, ხომ ხედავთ როგორი ოხუნჯია? და რომ იცოდეთ, მუდამ ასეა!
ხანდახან ნახევარი დღე არ მელაპარაკება, შემდეგ კი რაღაც ისეთ
სასაცილოს იტყვის! ნებისმიერ რამეზე ამქვეყნად.
– რა თქმა უნდა, – თქვა ელინორმა, – ის ისეთი თავაზიანია.
– ჰოდა... მე დიდად მოხარული ვარ. ვიცოდი, რომ შეამჩნევდით.
ის ხომ ასეთი სასიამოვნო ადამიანია! და მისტერ პალმერსაც თქვენ
ძალიან მოსწონხართ, ისევე, როგორც თქვენი და, დამიჯერეთ. ვერც
კი წარმოიდგენთ, როგორ ეწყინება მას, თუ კლივლენდში არ
ჩამოხვალთ. მე ვერც ვხვდები, უარს რატომ ამბობთ.
ელინორი იძულებული იყო, კიდევ ერთხელ ეთქვა უარი მის
მიპატიჟებაზე და მან საუბრის თემა შეცვალა, რომ მისი დაყოლიება
აღარ ეცადათ. აზრად მოუვიდა, რომ მისის პალმერი, როგორც
უილობის მეზობელი, მისი ხასიათისა და რეპუტაციის შესახებ უკეთ
იქნებოდა გათვითცნობიერებული, ვიდრე მიდლტონები, რომლებიც
137
მას ძალიან ახლოს არც კი იცნობდნენ. მას ძალიან უნდოდა,
უილობის ღირსებების დადასტურება მოესმინა, რათა მარიანაზე აღარ
ენერვიულა. იქიდან დაიწყო, რომ ჰკითხა, უილობი კლივლენდში
თქვენთან ხშირად თუ მოდის და კარგად იცნობთ თუ არა
ერთმანეთსო.
– აჰ! რა თქმა უნდა! ისე კარგად, მეტი რომ აღარ შეიძლება, –
თქვა მისის პალმერმა, – თუმცა მე მასთან არასოდეს მილაპარაკია.
მაგრამ ლონდონში ხშირად დამინახავს. როგორღაც ისე მოხდა, რომ
ბარტონში არასოდეს ჩავსულვარ, როდესაც ის ალენჰემს
სტუმრობდა. დედამ ის ერთხელ ნახა აქ, მაგრამ მე იმ დროს უეიმუტში
ვიყავი ბიძიასთან. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჩვენ მას ალბათ ხშირად
შევხვდებოდით სომერსეტშირში, იქ სამწუხაროდ სხვადასხვა დროს
რომ არ გვევლო. თუ არ ვცდები, ის კომბში იშვიათად ცხოვრობს. სხვა
შემთხვევაში მისტერ პალმერი, ვფიქრობ, არც ჩავიდოდა მასთან, ის
ხომ, მოგეხსენებათ, ოპოზიციაშია და გარდა ამისა, მანძილიც
საკმაოდ დიდია. ვიცი, ვიცი, რატომაც მეკითხებით მის შესახებ.
თქვენი და მიჰყვება მას ცოლად და უსაზღვროდ მიხარია. ასეთ
შემთხვევაში ხომ ის ჩემი მეზობელი გახდება.
– აი, თურმე რა! – უპასუხა ელინორმა, – თქვენ ჩემზე გაცილებით
მეტი გცოდნიათ, თუ საფუძველი გაქვთ, ამ ქორწილს ელოდოთ.
– თავს ნუ იკატუნებთ და ნუ უარყოფთ. ხომ იცით, ახლა ყველა
ამაზე ლაპარაკობს. ამის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ გავიგე, როცა
ლონდონში ვიყავი გავლით.
– ჩემო ძვირფასო მისის პალმერ!
– პატიოსან სიტყვას გაძლევთ, მართლა ასე იყო. ორშაბათ
დილით პოლკოვნიკ ბრენდონს შევხვდი ბონდ-სტრიტზე, როცა უკვე
ლონდონიდან წამოსვლას ვაპირებდით და მან შემატყობინა
ყველაფერი.
– თქვენ მე ძალიან გამაკვირვეთ. პოლკოვნიკმა ბრენდონმა
გითხრათ ამის შესახებ? არა, რაღაც გეშლებათ. ვერც კი
წარმომიდგენია, მაშინაც კი, ეს ამბავი მართალი რომ იყოს, მის
138
შესახებ მოუყვე ქალს, რომლისთვისაც ის ინტერესის საგანს
საერთოდ არ წარმოადგენს.
– და მაინც, გარწმუნებთ, ყველაფერი სწორედ ასე იყო.
დაწვრილებით მოგიყვებით, ეს როგორ მოხდა. როცა მას შევხვდით,
შემობრუნდა და გამოგვაცილა. ჩემს დაზე და სიძეზე ჩამოვარდა
სიტყვა, შემდეგ კიდევ იქითურ-აქეთურზე და მე ვუთხარი:
“პოლკოვნიკო, გავიგე, რომ ბარტონის კოტეჯში სერ ჯონის
ნათესავები დასახლებულან. დედა მწერს, ძალიან ლამაზი გოგონები
არიანო და რომ ერთ-ერთი მათგანი ცოლად მიჰყვება მისტერ
უილობის, კომბე-მაგნადან. მითხარით, ეს სიმართლეა? რა თქმა
უნდა, თქვენ გეცოდინებათ, დევონშირში ხომ ახლახან იყავით”.
– და პოლკოვნიკმა რა გიპასუხათ?
– ოჰ, მას თითქმის არაფერი უთქვამს, მაგრამ სახეზე ეტყობოდა,
რომ ეს სიმართლეა. რა არის აქ საეჭვო? უნდა გითხრათ, რომ მე
აღტაცებული ვარ. ქორწილი როდის არის?
– იმედი მაქვს, მისტერ ბრენდონი კარგად ბრძანდება.
– ოჰ, ძალიან კარგად. და ისე აღტაცებულია თქვენით! სულ
თქვენს ქებაში იყო.
– დიდად მსიამოვნებს მისი ასეთი განწყობა ჩვენ მიმართ. ის
შესანიშნავი ადამიანი ჩანს. ჩემი აზრით, ყოველმხრივ სასიამოვნო
კაცია.
– მეც ასე ვფიქრობ. საოცრად მომხიბლავი ადამიანია და რა
სამწუხაროა, რომ ასეთი სერიოზული და ასეთი მოსაწყენია. დედა
ამბობს, რომ ისიც თქვენს დაზეა შეყვარებული. ეს თქვენს დას პატივს
დებს, იმიტომ, რომ მას იშვიათად თუ შეუყვარდება ვინმე.
– მისტერ უილობის სომერსეტშირის თქვენს ნაწილში კარგად
იცნობენ? – ჰკითხა ელინორმა.
– ოჰ, რა თქმა უნდა. ძალიან, ძალიან კარგად. ანუ, იმის თქმა
მინდა, რომ მას ცოტა ვინმე თუ იცნობს, იმიტომ, რომ კომბე-მაგნა
ხომ ძალიან შორსაა. მაგრამ გარწმუნებთ, მას ყველა მომხიბლავ
ახალგაზრდად თვლის. სადაც კი გამოჩნდება, ყველგან ყველაზე
139
მეტად სწორედ მისტერ უილობი მოსწონთ. ასეც გადაეცით თქვენს
დას. მართლა ბედი ჰქონია, რომ ასეთ კაცს მიჰყვება ცოლად. რა თქმა
უნდა, მისტერ უილობისაც არანაკლები ბედი ჰქონია, თქვენი და ხომ
ძალიან ლამაზია, თან ძალიან საყვარელი, და ვისაც მოინდომებდა
ქმრად, იმას გაჰყვებოდა. ისე, რომ იცოდეთ, არც თქვენ
ჩამოუვარდებით სილამაზით. ვფიქრობ, თქვენ ორივენი მეტისმეტად
ლამაზები ხართ. დარწმუნებული ვარ, მისტერ პალმერიც ამ აზრისაა,
თუმცა გუშინ საღამოს მისგან ამის აღიარებას ვერ მივაღწიეთ.
მისის პალმერს მისტერ უილობისთან დაკავშირებით ბევრი
არაფერი უთქვამს, მაგრამ თუნდაც ცოტა, მის სასარგებლოდ
ნათქვამი, ელინორისთვის ძალიან სასიამოვნო იყო.
– მოხარული ვარ, რომ ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, ერთმანეთი
გავიცანით, – განაგრძო შარლოტამ, – იმედი მაქვს, ყოველთვის კარგ
მეგობრებად დავრჩებით. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ვნატრობდი
თქვენს ნახვას. რა ბედნიერებაა, რომ კოტეჯში დასახლდით. ამაზე
კარგი რაღა შეიძლება იყოს. და ისიც ძალიან მიხარია, რომ თქვენი
და ასეთ კაცს მიჰყვება. იმედი მაქვს, კომბე-მაგნას ხშირად
ესტუმრებით. ყველა ამბობს, რომ ის შესანიშნავი ადგილია.
– თქვენ პოლკოვნიკ ბრენდონს დიდი ხანია იცნობთ, ხომ ასეა?
– ჰო, საკმაოდ დიდი ხანია. მას შემდეგ, რაც ჩემი და გათხოვდა. ის
სერ ჯონის ახლო მეგობარია. მე მგონი, – ხმადაბლა დასძინა მან, – ის
მოხარული იქნებოდა, ჩემთვის ხელი ეთხოვა. სერ ჯონს და ლედი
მიდლტონს ეს ძალიან უნდოდათ, მაგრამ დედამ გადაწყვიტა, რომ მე
შეიძლებოდა უკეთესი პარტია მეპოვა. ეს რომ არა, სერ ჯონს
საკმარისი იყო სიტყვა გადაეკრა პოლკოვნიკ ბრენდონისათვის და
ჩვენ მაშინვე დავქორწინდებოდით.
– მაგრამ განა პოლკოვნიკმა ბრენდონმა წინასწარ არ იცოდა,
რომ სერ ჯონს გაზრახული ჰქონდა, დედათქვენს მისი სახელით
მოლაპარაკებოდა? და თქვენ თავის გრძნობებში არასდროს
გამოგტყდომიათ?

140
– ოჰ, არა, არა. მაგრამ დედა წინააღმდეგი რომ არ ყოფილიყო, ის,
რა თქმა უნდა, სიხარულისგან მეცხრე ცაზე იქნებოდა. პოლკოვნიკ
ბრენდონს სულ ორჯერ ვყავდი ნანახი. მაშინ მე ჯერ კიდევ პანსიონში
ვსწავლობდი. თუმცა, ახლა რომ ვარ, ამაზე ბედნიერი, მაინც ვერ
ვიქნებოდი. მისტერ პალმერი სწორედ ისეთი კაცია, როგორიც მე
მომწონს.

141
თავი 21

პალმერები მეორე დღეს კლივლენდში გაემგზავრნენ და


ბარტონის ორი ოჯახი ისევ მარტო დარჩა ერთმანეთის კომპანიაში.
მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ელინორმა ჯერ კიდევ ვერ
მოასწრო, უკანასკნელი ნაცნობები ამოეგდო თავიდან, ჯერ კიდევ
უკვირდა, რომ შარლოტა ასეთი ბედნიერი იყო სრულიად უმიზეზოდ,
მისტერ პალმერი კი, რომელსაც ნიჭი თითქოს არ აკლდა, ასე
უცერემონიოდ იქცეოდა; ფიქრობდა უცნაურ შეუთავსებლობაზე,
ცოლსა და ქმარს შორის ხშირად რომ იჩენდა თავს და ამ დროს სერ
ჯონისა და მისის ჯენინგსის გულმოდგინებამ და მაღალი
საზოგადოებისაკენსწრაფვამ მას დაკვირვებებისა და
შენიშვნებისათვის ახალი საგანი გაუჩინა.
ერთხელ, დილით სერ ჯონი და მისის ჯენინგსი ექსეტერში
წავიდნენ სასეირნოდ და იქ ორ ახალგაზრდა ლედის შეხვდნენ,
რომლებიც, მისის ჯენინგსის გასახარად, მისი შორეული ნათესავები
აღმოჩნდნენ. ეს საკმარისი იყო, რომ სერ ჯონს ისინი ბარტონში
მიეწვია სტუმრად, როგორც კი ექსეტერში მათი ვიზიტი მეგობრებთან
დამთავრდებოდა. ამ მიწვევის შემდეგ, მაშინვე გაირკვა, რომ მათ
ექსეტერში არაფერი აკავებდათ. როცა სერ ჯონმა სახლში
დაბრუნებისთანავე მეუღლეს აცნობა, რომ მოუწევდა მასპინძლობა
გაეწია ორი გოგონასათვის, რომლებიც ადრე არასოდეს ენახა და
რომელთა არისტოკრატულობა ან თუნდაც კარგი აღზრდა კითხვის
ნიშნის ქვეშ იყო, ლედი მიდლტონი ცოტა არ იყოს შეშფოთდა, რამეთუ
მისი ქმრისა და დედის არგუმენტები ასეთ შემთხვევაში არაფერს
ნიშნავდა. მათ შორის ნათესაური კავშირი ცეცხლზე ნავთს ასხამდა
მხოლოდ და მისის ჯენინგსმა, რომელიც თავისი ქალიშვილის
დამშვიდებას ცდილობდა, სამწუხაროდ, არცთუ საუკეთესო სანუგეშო
სიტყვები იპოვა. მან ქალიშვილს ურჩია, ყურადღება არ მიექცია

142
ახალგაზრდა გოგონების მოკრძალებული საზოგადოებრივი
მდგომარეობისათვის, რადგან ისინი ნათესავები იყვნენ და აქ
ვერაფერს გააწყობდი! მათი ვიზიტისთვის ხელის შეშლა ახლა
შეუძლებელი ჩანდა და მისის მიდლტონი, როგორც ნამდვილად
მაღალი წრის ქალბატონი, ფილოსოფიურად შეეგუა გარდაუვალს და
მხოლოდ მსუბუქად საყვედურობდა ხოლმე ქმარს, დღეში არაუმეტეს
ხუთი-ექვსჯერ.
ბოლოს ახალგაზრდა გოგონები ჩამოვიდნენ და აღმოჩნდა, რომ
ისინი სულაც არ იყვნენ მწყრალად მაღალი წრის მანერებთან.
ძალიან მოდური კაბები ეცვათ და ნატიფი მიხრა-მოხრა ჰქონდათ.
სახლითა და ავეჯით აღტაცებაში მოვიდნენ და ისე ნაზად
გამოხატავდნენ სიყვარულს ბავშვების მიმართ, რომ ჯერ კიდევ ერთი
საათიც არ იქნებოდა გასული სტუმრების მოსვლიდან, და ლედი
მიდლტონი მათზე უკვე საუკეთესო აზრის იყო. ძალიან სასიამოვნო
გოგონები არიანო, განაცხადა. მის ბაგეთაგან გადმოსული ეს
სიტყვები კი ისეთ ქებას ნიშნავდა, რომ სერ ჯონი კიდევ უფრო დიდი
რწმენით განიმსჭვალა ადამიანების შეცნობის თავისი შეუმცდარი
ალღოს მიმართ; იგი მაშინვე კოტეჯში გაემგზავრა, რათა მისს
დეშვუდისა და მისი დებისათვის განეცხადებინა მისს სტილის დასთან
ერთად ჩამოსვლის შესახებ და დაერწმუნებინა ისინი, ეს გოგონები
მსოფლიოში საუკეთესონი არიანო. თუმცა ასეთი რეკომენდაცია
ბევრს არაფერს ნიშნავდა. ელინორმა მშვენივრად იცოდა, რომ
ინგლისის ყველა კუთხე სავსეა სახით, ხასიათითა და ჭკუით
ერთმანეთისგან საოცრად განსხვავებული, მსოფლიოში საუკეთესო
გოგონებით. სერ ჯონი მოითხოვდა, რომ ისინი სასწრაფოდ, ოჯახის
მთელი შემადგენლობით მისულიყვნენ ბარტონ-პარკში და მისი
სტუმრები გაეცნოთ. გულუხვი კაცი, ფილანტროპი! შორეული
ნათესავების საზოგადოებაც კი არ სურდა მხოლოდ თავისთვის,
აუცილებლად სხვებისთვისაც უნდა გაეზიარებინა.
– ჰოდა, წავედით, – ამბობდა ის, – გთხოვთ, წავიდეთ. თქვენ უნდა
წამოხვიდეთ. გეუბნებით, რომ აუცილებელია თქვენი წამოსვლა. ვერც
143
კი წარმოიდგენთ, როგორ მოგეწონებათ ისინი. ლიუსი
თავზარდამცემი მშვენიერებაა და ისეთი მხიარული, ისეთი
სასიამოვნო. ბავშვები უკვე ერთი ნაბიჯით არ შორდებიან, გეგონება,
მთელი ცხოვრება იცნობენო. და ორივე მოუთმენლობისგან იწვის, ისე
უნდათ თქვენი ნახვა. ექსეტერში სმენიათ, რომ თქვენ უბადლო
მზეთუნახავები ხართ. მე, ჩემი მხრივ, დავარწმუნე ისინი, რომ ასეც
არის, მაგრამ კიდევ უფრო ლამაზები არიან-მეთქი. ეჭვიც არ
მეპარება, მათი ნახვით აღფრთოვანებული დარჩებით. მთელი კარეტა
საჩუქრები ჩამოიტანეს ბავშვებისათვის. ნუთუ სინდისი არ
შეგაწუხებთ, რომ არ წამოხვიდეთ? ისინი ხომ თითქმის ნათესავებად
გეკუთვნიან. თქვენ ჩემი ნათესავები ხართ, ისინი – ჩემი ცოლის. ესე
იგი, თქვენ შორისაც არის გარკვეული ნათესაური კავშირი.
მაგრამ სერ ჯონს, დიდი მცდელობის მიუხედავად, არაფერი
გამოუვიდა. მხოლოდ დაპირების მიღება შეძლო დეშვუდებისგან, რომ
ისინი რამდენიმე დღეში ბარტონ-პარკში ესტუმრებოდნენ. და ასეთი
გულგრილობით გაოგნებული შინისკენ გაემართა, რათა ახლა
პირიქით, დებ სტილებთან ექო დები დეშვუდები.
როცა სიტყვა შეასრულეს, ბარტონ-პარკში მივიდნენ და ახალი
სტუმრები გაიცნეს, დეშვუდებმა უფროსი მისს სტილის გარეგნობაში
აღსაფრთოვანებელი ვერაფერი იპოვეს. ის ოცდაათიოდე წლის
იქნებოდა და ძალიან უბრალო, არცთუ გონიერი სახე ჰქონდა, თუმცა
მისი უმცროსი და – ოცდაორი-ოცდასამი წლის გოგო საკმაოდ
ლამაზი გახლდათ. სახის სანდომიანი ნაკვთები, ცოცხალი, სწრაფი
გამოხედვა, მოქნილი მანერები, მართალია, ჭეშმარიტ
კეთილშობილებასა და სინატიფეს ვერ შეცვლიდა, მაგრამ მის
გარეგნობას გარკვეულ ღირსებებს სძენდა. თავი ორივეს ენით
აუწერლად თავაზიანად ეჭირა და ელინორს, რომელიც აკვირდებოდა,
როგორ გულმოდგინედ ცდილობდნენ ისინი ლედი მიდლტონის
კეთილგანწყობის მოპოვებას, მოუწია თავისთვის ეღიარებინა, რომ
მათ ქმედებაში ერთგვარი საღი აზრი და ცხოვრებისეული
გამოცდილება იგრძნობოდა. ლედი მიდლტონის ბავშვებთან თაფლად
144
იღვრებოდნენ, ხოტბას ასხამდნენ მათ სილამაზეს, ცდილობდნენ
გაერთოთ ისინი, მათ ყველა ახირებას ასრულებდნენ; იმ წუთებში კი,
როცა ასეთი მნიშვნელოვანი, თავაზიანობისგან დაკისრებული
საზრუნავისგან თავისუფლდებოდნენ, ექსტაზი იპყრობდათ
ყველაფერი იმისგან, რასაც ლედი მიდლტონი აკეთებდა (თუ იმ
წუთებში რაიმეს აკეთებდა), ან იღებდნენ თარგს ახალი ელეგანტური
კაბისა, რომელიც დიასახლისს წინადღით ეცვა და მათი
თავშეუკავებელი აღტაცება გამოიწვია. ლაქუცითა და დედობრივ
სისუსტეებზე თამაშით კეთილგანწყობის მოპოვება საკმაოდ ადვილია.
როცა მისი ბავშვების ქებაზე მიდგება საქმე, მოსიყვარულე დედა არა
მხოლოდ სიხარბით სჭარბობს ყველა ცოცხალ არსებას, არამედ
გულუბრყვილობითა და დამჯერობით; მისი მოთხოვნები
განუზომელია, სამაგიეროდ, სიამოვნებით ყლაპავს ნებისმიერ,
ყველაზე უხეშ პირფერობასაც კი. და ლედი მიდლტონი ყოველგვარი
გაკვირვებისა და ეჭვის გარეშე ადევნებდა თვალს უკიდეგანო
სიყვარულს, ორივე მისს სტილი რომ აფრქვევდა მის ბავშვებს, და
დების მართლაც საოცარ მოთმინებას. დედობრივი სიამაყითა და
თვითკმაყოფილებით უმზერდა მისი შვილების თავხედურ
გამოხტომებსა და ბოროტ ხრიკებს, რასაც მისი ნათესავები
მორჩილად იტანდნენ. უყურებდა, როგორ იხსნებოდა მათი შარფები,
როგორ იწეწებოდა მათი თმები, როგორ იჩხრიკებოდა მათი ჩანთები,
როგორ ართმევდნენ მათ დანებსა და მაკრატლებს და ეჭვიც არ
ეპარებოდა, რომ ამით ორივეს სიამოვნებას ანიჭებდნენ. ის მხოლოდ
ელინორისა და მარიანას გულგრილობამ გააკვირვა, რომლებიც
მშვიდად ისხდნენ და მონაწილეობის არავითარ სურვილს არ
გამოხატავდნენ იმაში, რაც ხდებოდა.
– ჯონი დღეს ცელქობის ხასიათზეა, – თქვა მან, როცა მისმა
ვაჟიშვილმა მისს სტილის ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და
ფანჯრიდან გადააგდო. – პირდაპირ გიჟდება ასეთ ოინებზე.
და შემდეგ, როცა მისმა მეორე ბიჭმა ერთ-ერთ ლედის თითებზე
ჩქმეტა დაუწყო რაც შეეძლო მაგრად, მან ალერსიანად შენიშნა:
145
– როგორ უყვარს თამაში უილიამს.
– ეს ჩემი ანამარია ხომ მთლად სიცოცხლეა, – დასძინა მან. ნაზად
ეფერებოდა თავის სამი წლის გოგონას, რომელმაც უკვე მთელი ორი
წუთი იქნებოდა, რაც სირბილი და ყვირილი შეწყვიტა. – ყოველთვის
დამჯერე და წყნარია. თავისთვის არის და არ გაწუხებს.
საუბედუროდ, როცა ბავშვისკენ კიდევ ერთხელ გადაიხარა
საკოცნელად, მისი თავსაბურავის ქინძისთავმა გოგონას ლოყა ოდნავ
გაუკაწრა. შედეგად, მორჩილების და სიმშვიდის ამ ნიმუშმა ისეთი
ყურთწამღები წივილი ატეხა, რომ ალბათ ამქვეყნად ყველაზე
ხმაურიან არსებას გაეჯიბრებოდა. დედამისის სასოწარკვეთას
საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა დებმა სტილებმაც არანაკლები
შეშფოთება გამოხატეს და სამივე მათგანი შეეცადა, ამ კრიტიკულ
სიტუაციაში ყველა ღონე ეხმარა, ყველაფერი გაეკეთებინა, რასაც
სიყვარული კარნახობდათ, რათა ამ პატარა ტანჯულის ტკივილი
დაეცხროთ. გოგონა დედის მუხლებზე დასვეს, კოცნით კინაღამ
დაახრჩვეს. ერთ-ერთი მისს სტილი, მის წინ მუხლმოყრილი,
ლავანდის წყლით ბანდა განაკაწრს, მეორე კი მოღრიალე პირში
დაშაქრულ ქლიავს ატენიდა. იღებდა რა ასეთ ჯილდოს თავისი
ცრემლების საზღაურად, ბრძენი ბავშვი არც კი ფიქრობდა ტირილის
შეწყვეტას. ის კვლავ ღრიალებდა და ქვითინებდა, წიხლებით
უმაპინძლდებოდა ძმებს, როგორც კი ოდნავ შეეხებოდნენ და მთელი
მათი გაერთიანებული მცდელობა ამაო რჩებოდა, სანამ
საბედნიეროდ ლედი მიდლტონს არ გაახსენდა რომ წინა კვირაში,
ასეთივე ტრაგიკულ სიტუაციაში ნატკენი შუბლის მორჩენა გარგარის
მარმელადით მოხერხდა და იმავე მაკურნებელი საშუალების
გამოყენების წინადადება წამოაყენა ამ საძაგელი განაკაწრის
წინააღმდეგ. მცირეოდენი პაუზები პატარა ქალბატონის წივილში
იმედს იძლეოდა, რომ ეს საშუალება უარყოფილი არ იქნებოდა და
დედამისმა ის ხელში აყვანილი მეორე ოთახში გაიყვანა წამლის
მოსაძიებლად. ორივე ბიჭი გაეკიდა, მიუხედავად დედის
შეგონებებისა, იქ დარჩენილიყვნენ; და ოთხი ახალგაზრდა ლედი,
146
მრავალი საათის განმავლობაში პირველად, ჩამოვარდნილ სიჩუმეში
აღმოჩნდა.
– საწყალი ბავშვი! – თქვა მისს სტილმა, როგორც კი მარტო
დარჩნენ, – ეს ხომ ძალიან საშიში შეიძლება იყოს.
– რა არის აქ საშიში, – წამოიძახა მარიანამ, – ეს ხომ უბრალო
განაკაწრია. როცა სადარდებელი არაფერი აქვთ, ყოველთვის
რაღაცას გამოძებნიან ხოლმე და აზვიადებენ.
– როგორი მომხიბლავი ქალბატონია მისის მიდლტონი, – თქვა
ლიუსი სტილმა.
მარიანას ხმა არ ამოუღია. მას არ შეეძლო ეთქვა ის, რასაც არ
გრძნობდა, თუნდაც ასეთ ტრივიალურ საუბარში. ამიტომ, სიცრუის
თქმის ვალდებულება, როცა ამას თავაზიანობა მოითხოვდა,
ელინორზე გადადიოდა. ეს ვალდებულება მან ახლაც შეასრულა,
როცა ლედი მიდლტონზე რამდენიმე თბილი სიტყვა თქვა გულგარეთ,
თუმცა მისს ლუისივით არ გამოუდვია თავი.
– და სერ ჯონიც, ასევე! – წამოიყვირა უფროსმა დამ. – მართლა
რომ გადასარევი კაცია.
და ამჯერადაც მისს დეშვუდმა პატივი მიაგო თავის ნათესავს,
თუმცა განსაკუთრებული აღფრთოვანება არ გამოუხატავს, უბრალოდ
აღნიშნა, კეთილი და კარგი ხასიათის კაციაო.
– შვილები ხომ საერთოდ ანგელოზები ჰყავთ. მაგათზე მშვენიერი
არაფერი მინახავს. საერთოდ, ბავშვებზე ჭკუას ვკარგავ.
– ამის მიხვედრა ძნელი არ არის, – გაიღიმა ელინორმა, – იმის
მიხედვით, რასაც აქ შევესწარით.
– მე მგონი, – თქვა ლიუსიმ, – თქვენ თვლით, რომ პატარა
მიდლტონებს მეტისმეტად ანებივრებენ. იქნებ მათ მართლაც ცოტა
ზედმეტის ნებას რთავენ, მაგრამ ლედი მიდლტონი ისეთი
თავგადადებული დედაა, რომ ეს ადვილად შეიძლება ეპატიოს.რა
ვიცი, მე ძალიან მომწონს სიცოცხლით სავსე, ცელქი ბავშვები.
წყნარებს და მორჩილებს ვერ ვიტან.

147
– უნდა ვაღიარო, – თქვა ელინორმა, – რომ როცა ბარტონ პარკში
ვიმყოფები, დინჯ და წყნარ ბავშვებზე ფიქრი ჩემში ზიზღს სულაც არ
იწვევს.
ამ სიტყვებს ხანმოკლე პაუზა მოჰყვა, რომელიც მისს სტილმა
დაარღვია. ეტყობოდა, რომ ლაპარაკის საღერღელი ჰქონდა
აშლილი.
– და დევონშირი თუ მოგწონთ, მისს დეშვუდ? სასექსიდან წასვლა
ალბათ არ გინდოდათ.
ელინორი ცოტა არ იყოს გააკვირვა ფამილარულმა შეკითხვამ და
ასევე ტონმა, რომლითაც ის იყო დასმული. ჰო, ასე იყოო, უპასუხა.
– ნორლენდი საოცრად ლამაზი ადგილია, არა? – დასძინა მისს
სტილმა.
– სერ ჯონი აქებს და თანაც როგორ, – თქვა ლიუსიმ, რომელიც
შეეცადა, დის უცერემონიობა გამოესწორებინა.
– ვისაც კი ნორლენდი უნახავს, – თქვა ელინორმა, – არ შეიძლება
არ მოსწონდეს. თუმცა მის სილამაზეს ყველა ისე ვერ აფასებს,
როგორც ჩვენ.
– და კავალრები თუ გყავდათ იქ? ამ მხარეში ისინი არ არიან,
არადა, მათ გარეშე საზოგადოება რა საზოგადოებაა.
– მაგრამ რატომ გადაწყვიტე, – შეაწყვეტინა მას ლიუსიმ,
რომელიც თავისი დის გამო დარცხვენილი ჩანდა, – რომ დევონშირში
ნაკლებად არიან კეთილშობილი ახალგაზრდა კაცები, ვიდრე
სასექსში?
– არა, ჩემო ძვირფასო, მე იმას კი არ ვამბობ, რომ ისინი აქ
საერთოდ არ არიან. დარწმუნებული ვარ, ექსეტერში უამრავი
კავალერია. მაგრამ ნორლენდში როგორი კავალრები იყვნენ, საიდან
უნდა ვიცოდე. უბრალოდ ვიფიქრე, რომ მისს დეშვუდებს ბარტონში
მოსწყინებოდათ, თუ აქ იმდენი კავალერი არ ჰყავთ, რამდენსაც
მიჩვეულები არიან. მაგრამ თქვენ, ახალგაზრდა ქალბატონებო, ისინი
სულაც არ გჭირდებათ და მათ გარეშეც მხიარულად ცხოვრობთ.
პირადად მე კი მათი საზოგადოება ძალიან მომწონს, რა თქმა უნდა,
148
თუ კარგად არიან ჩაცმული და სიტყვა-პასუხი უვარგათ. მაგრამ თუ
ჭუჭყიანები და ხეპრეები არიან, მათკენ გახედვაც არ მინდა. აი,
მაგალითად, მისტერ როუზი ექსეტერში, ისეთი მოხდენილი მამაკაცია
და კარგი კავალერი. მისტერ სიმპსონთან მუშაობს კლერკად. მაგრამ,
მიუხედავად ამისა, ჯობია, დილით არ შეხვდე. თქვენი ძმა კი, მისს
დეშვუდ – აი, ვინ იყო შეუდარებელი კავალერი, სანამ არ
დაქორწინდა. თან ფულიც ბევრი ჰქონდა.
– არც კი ვიცი, რა გიპასუხოთ, – თქვა ელინორმა, – ამ სიტყვის
მნიშვნელობა მთლად კარგად არც მესმის. ყოველ შემთხვევაში, თუ
დაქორწინებამდე შეუდარებელი კავალერი იყო, ახლაც ასეთი იქნება.
პირადად მე მასში არავითარი ცვლილება არ შემინიშნავს.
– აჰ, ჩემო ძვირფასო, დაქორწინებული კაცი რაღა კავალერი
იქნება. მათ სხვა საქმეც ბევრი აქვთ.
– ღმერთო ჩემო, ანა, – წამოიძახა მისმა დამ, – კავალრების
გარდა, სხვა სალაპარაკო ვერაფერი ნახე? მისს დეშვუდი იფიქრებს,
სხვა არაფერი აინტერესებსო. – და საუბრის თემა რომ შეეცვალა, იგი
სახლითა და ავეჯით აღტაცების გამოხატვას შეუდგა.
ორივე მისს სტილმა საკმაოდ გამოავლინა საკუთარი თავი.
უფროსი დის ვულგარული სითამამე და სიბრიყვე მას მთლად
უიმედოს ხდიდა, უმცროსის სილამაზესა და ერთგვარ გამჭრიახობას
კი ხელი არ შეუშლია მისს ელინორისთვის შეემჩნია, რომ მასში არ
იყო ნამდვილი ელეგანტურობა და სიწრფელე; და როცა სახლი
დატოვა, ოდნავი სურვილიც არ ჰქონდა, მათთან ურთიერთობა
გაეგრძელებინა.
მაგრამ მისს სტილი და ლიუსი სხვა აზრის იყვნენ. ისინი
ექსეტერიდან აღტაცების დიდი მარაგით ჩამოვიდნენ, რომლითაც სერ
ჯონ მიდლტონი, მისი მეუღლე და ბავშვები და ოჯახის ყველა
ახლობელი უნდა დაესაჩუქრებინათ, ამიტომ ქება-დიდება სერ ჯონის
მშვენიერი ბიძაშვილებისთვის არ დანანებიათ. მათი სიტყვებით,
ისინი ასეთ ლამაზ, ნატიფ, განათლებულ და მომაჯადოებელ
გოგონებს არასდროს შეხვედროდნენ და მათთან უფრო დაახლოების
149
სურვილით იწვოდნენ. და, როგორც ელინორმა მალე აღმოაჩინა, ის
და მისი დები ამ სამწუხარო ხვედრს ვერაფრით აიცილებდნენ,
რადგან სერ ჯონი ცალსახად მისს სტილების მხარეზე იყო, ასეთ
მოკავშირესთან წინააღმდეგობას კი აზრი არ ჰქონდა და დეშვუდებს
ყოველდღე ერთი თუ ორი საათი ახალმოვლენილი კუზინების
საზოგადოებაში უწევდათ ყოფნა. უფრო მეტის გაკეთება სერ ჯონს არ
შეეძლო, თუმცა მან არც კი იცოდა, უფრო მეტი რაღა შეიძლებოდა
ყოფილიყო. ის გულწრფელად ფიქრობდა, რომ დროის ერთად
გატარება და მეგობრობა ერთი და იგივეა და სანამ მის ძალისხმევას,
გოგონები ერთ ჭერქვეშ შეეკრიბა, შედეგი მოჰქონდა, მას ეჭვიც კი არ
ეპარებოდა, რომ მათ ერთმანეთთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა.
მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ყველა ღონეს ხმარობდა, რათა
მათ შორის ნდობა გაჩენილიყო. მისს სტილებს თავისი ნათესავების
ცხოვრების ყველაზე დელიკატურ დეტალებს აცნობდა, რაც კი მან
იცოდა, ან ეგონა, ვიციო. და ლამის მათი ერთმანეთთან შეხვედრის
მეორე დღეს მისს სტილმა ელინორს მიულოცა, რომ მარიანამ თურმე
ჩამოსვლა ძლივს მოასწრო, რომ უბადლო კავალერი გაახვია ბადეში.
– იმაზე უკეთესი რაღა იქნება, – აღტაცებას ვერ მალავდა ის, – თუ
მარიანა ასეთი ახალგაზრდა გათხოვდება. გამიგონია, რომ ის
შესანიშნავი კავალერი და ულამაზესი კაცია. თქვენც იმავეს
გისურვებთ მთელი გულით, და რაც შეიძლება მალე. ან თქვენ უკვე
შეიძლება გყავთ კიდეც სადმე გადამალული ახლო მეგობარი.
ელინორს არავითარი საფუძველი არ ჰქონდა ეფიქრა, რომ სერ
ჯონი, რომელმაც მარიანა არ დაინდო, რატომღაც მას დაინდობდა და
მისი და ედვარდის შესახებ თავის ეჭვებზე არ მოაღებდა პირს. მით
უმეტეს, რომ ამ ბოლო დროს მისი გამოჯავრება ძალიან მოსწონდა.
ამას სიახლის ელფერი დაჰკრავდა და უფრო ფართო
შესაძლებლობას იძლეოდა ვარაუდებისათვის. ედვარდის წასვლის
შემდეგ ყოველთვის, როცა ერთად სადილობდნენ, სერ ჯონი
ელინორის ყველაზე საუკეთესო გრძნობების სადღეგრძელოს სვამდა
მრავალმნიშვნელოვანი გამომეტყველებით, თვალის ჩაკვრით და
150
თავის დაქნევით, ისე რომ, ყველას ყურადღებას მისკენ მიმართავდა.
ყოველთვის ახსენებდა ასო “ფ”-ს, რომელსაც შემდეგ იმდენი
ხუმრობა მოჰყვებოდა, რომ ელინორი უკვე დიდი ხანია იძულებული
იყო, ის ალფაბეტის ყველაზე გონებამახვილურ ასოდ ჩაეთვალა.
მისი მოლოდინის შესაბამისად, ახლა ამ ხუმრობებით დები
სტილები ტკბებოდნენ. უფროს დაში ისინი დაუძლეველ სურვილს
აღძრავდნენ, გაეგო სახელი ახალგაზრდა კაცისა, რომელზეც
ლაპარაკი იყო. ამ სურვილს ის ხშირად გამოთქვამდა და საკმაოდ
თავხედურადაც, რაც არაფრით არ ეწინააღმდეგებოდა მის მუდმივ
სწრაფვას, რაც შეიძლებოდა მეტი შეეტყო დეშვუდების ოჯახის
შესახებ. და სერ ჯონმაც არ დააყოვნა დაკმაყოფილება მისი
ცნობისმოყვარეობისა, რომლის გაღვივება ასეთ სიამოვნებას
ანიჭებდა. მით უმეტეს, სახელის გამოცხადება მისთვის არანაკლები
ცდუნება იყო, ვიდრე მისს სტილისთვის – მოსმენა.
– მისი გვარია ფერარსი, – ხმამაღლა წასჩურჩულა მან, – მაგრამ
გთხოვთ, არავისთან წამოგცდეთ. ეს დიდი საიდუმლოა.
– ფერარსი! – გაიმეორა მისს სტილმა. – მისტერ ფერარსი
მართლაც ბედნიერი კაცი ყოფილა. ასე არ არის? რა? ის თქვენი
რძლის ძმაა, მისს დეშვუდ? ძალიან საყვარელი ახალგაზრდა კაცი. მე
მას შესანიშნავად ვიცნობ.
– ანა, როგორ შეგიძლია ამის თქმა, – წამოიძახა ლიუსიმ,
რომელსაც მისი დის ლამის ყველა ნათქვამში შესწორება შეჰქონდა,
– თუკი ის ჩვენ ვნახეთ კიდეც ერთი-ორჯერ ბიძიასთან, ეს იმას ხომ არ
ნიშნავს, რომ შეგვიძლია ახლო ნაცნობად ჩავთვალოთ.
ელინორი მათ ყურადღებით და გაკვირვებით უსმენდა. ვინ იყო ის
ბიძია? სად ცხოვრობდა? როგორ გაიცნეს ერთმანეთი? მთელი
სულითა და გულით სურდა, რომ ეს საუბარი გაგრძელებულიყო,
თუმცა ამჯობინა, თვითონ მასში მონაწილეობა არ მიეღო. მაგრამ ამ
თემაზე აღარაფერი თქმულა და მან გაიფიქრა, რომ ალბათ
პირველად თავის ცხოვრებაში მისის ჯენინგსმა ან ინტერესი დაკარგა
წვრილმანი ჭორებისადმი, ან მოისურვა თავისთვის შეენახა ის, რაც
151
იცოდა. ტონმა, რომლითაც მისს სტილი ლაპარაკობდა, მისი
ცნობისმოყვარეობა გააძლიერა. მასში თითქოს რაღაც ღვარძლი იყო
ჩაქსოვილი, თითქოს ამ გოგომ იცოდა, თუ ეგონა, რომ იცოდა რაღაც
ისეთი, რაც მისტერ ფერარსს პატივს არ სდებდა. მაგრამ, ასე იყო თუ
ისე, მისი ცნობისმოყვარეობა დაუკმაყოფილებელი დარჩა –
მიუხედავად იმისა, რომ სერ ჯონი მისტერ ფერარსის შესახებ
გადაკვრით ლაპარაკობდა და ხანდახან პირდაპირაც მოიხსენიებდა
მას, მისს სტილი ამას თითქოს ვერც ამჩნევდა და ყურადღებას არ
აქცევდა.

152
თავი 22

მარიანა ვერ იტანდა თავხედობას, ვულგარულობას, უზრდელობას


და განსხვავებულ გემოვნებასაც კი. გარდა ამისა, მთელი ამ დღეების
განმავლობაში განსაკუთრებით ცუდ ხასიათზე იყო და ასეთი გუნება-
განწყობილებით ხომ საერთოდ შეუძლებელი იყო, მისს სტილები
მოსწონებოდა. ამიტომ მათ ყველა მცდელობას, მას
დაახლოებოდნენ, უგულებელყოფდა. სწორედ დების მიმართ
მარიანას ცივი დამოკიდებულებით ახსნა ელინორმა ის უპირატესობა,
რომელიც ახალმა სტუმრებმა მალე მას მიანიჭეს, განსაკუთრებით
ლიუსიმ, რომელიც შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, მასთან
საუბარი გაება და უშუალობით და გულწრფელობით მისი
კეთილგანწყობა მოეპოვებინა.
ლიუსი თანდაყოლილი გონებამახვილობით გამოირჩეოდა, მისი
დაკვირვებები ხშირად ზუსტი და საკმაოდ საინტერესო იყო, ამიტომ
ხანდახან ნახევარი საათის განმავლობაში ის ელინორისთვის
სასიამოვნო მოსაუბრე გახლდათ. მაგრამ მას სათანადო განათლება
არ ჰქონდა მიღებული, უმეცარი იყო და არასდროს უცდია, თავისი
გონება წიგნებით გამოეკვება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან
ცდილობდა საკუთარი თავი რაც შეიძლებოდა უკეთესი კუთხით
ეჩვენებინა, ვერ ახერხებდა დაემალა თავისი გაუნათლებლობა,
გაუთვითცნობიერებლობა თითქოსდა სავსებით ჩვეულებრივ
რამეებში. ელინორი ხედავდა, რომ სწავლას შეიძლებოდა
განევითარებინა და გაეკეთილშობილებინა უნარები, რომლებიც
ჩანასახის მდგომარეობაში დარჩა და ეცოდებოდა ლიუსი; მაგრამ
იმასაც ხედავდა, რაც მასში შეცოდების გრძნობას არ იწვევდა:
სულიერი სიფაქიზის, ზნეობრივი საყრდენებისა და საკუთარი თავის
მიმართ პატივისცემის არქონას.ეს ყველაფერი ბარტონ-პარკის
ბინადრებისადმი მის მონურ ქედის მოდრეკაში, პირფერობასა და

153
ფეხქვეშ გაგებაში ყოველ წუთს მჟღავნებოდა. ამიტომ მას არ
სიამოვნებდა ხანგრძლივი ურთიერთობა ადამიანთან, რომელშიც
სიყალბე და უმეცრება ერთმანეთთან იყო შერწყმული, ვისაც
გაუნათლებლობა ხელს უშლიდა, მასთან თანაბრად ესაუბრა და ვისი
დანარჩენებთან ქცევაც სრულიად აუფასურებდა მის მიერ
ელინორისადმი გამოჩენილ ყურადღებას და პატივისცემას.
– თქვენ შეიძლება ჩემი შეკითხვა ცოტა უცნაურად კი მოგეჩვენოთ,
– თქვა ერთხელ ლიუსიმ, როცა ბარტონ-პარკიდან კოტეჯში
მიდიოდნენ, – მაგრამ გთხოვთ მიპასუხოთ, იცნობთ თუ არა თქვენი
რძლის, მისის ფერარსის დედას?
ელინორმა ასეთი შეკითხვა მართლაც რომ უცნაურად ჩათვალა და
ეს გამომეტყველებაზეც დაეტყო, როცა უპასუხა, რომ მისის ფერარსი
არასოდეს ენახა.
– მართლა? – წამოიძახა ლიუსიმ, – რა უცნაურია. მეგონა, ის
ნორლენდში გეყოლებოდათ ნანახი. გამოდის, რომ არ შეგიძლიათ
მითხრათ, როგორი ქალია ის.
– ჰო, ასეა, – უპასუხა ელინორმა. ფრთხილობდა ედვარდის დედის
შესახებ თავისი აზრის გამოთქმისას და არავითარი სურვილი არ
ჰქონდა დაეკმაყოფილებინა, როგორც თვითონ მიაჩნდა,
ვულგარული ცნობისმოყვარეობა. – მე მის შესახებ არაფერი ვიცი.
– დარწმუნებული ვარ, უცნაურად მოგეჩვენათ, ასეთი გზით რომ
ვაგროვებ ცნობებს მის შესახებ, – თქვა ლიუსიმ. ელინორის სახეს
ყურადღებით ათვალიერებდა. – მაგრამ იქნებ ამისთვის გარკვეული
მიზეზები მაქვს. მე რომ გავბედავდე... იმედი მაქვს დამიჯერებთ, რომ
ეს უსაქმური და მოურიდებელი ცნობისმოყვარეობა არ არის.
ელინორმა უპასუხა, რომ ასეთი რამ აზრადაც არ მოსვლია და
რამდენიმე წუთის განმავლობაში ისინი უხმოდ განაგრძობდნენ გზას.
სიჩუმე ლიუსიმ დაარღვია, რომელიც წინა თემას მიუბრუნდა და
მორიდებული ხმით თქვა:
– ჩემთვის აუტანელია იმაზე ფიქრი, რომ თქვენ ვულგარულ
ცნობისმოყვარედ ჩამთვალეთ. მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, რაც
154
შემიძლია, ოღონდ კი ასეთად არ გამოვიყურებოდე იმ ადამიანის
თვალში, ვისი აზრიც ასე ძვირფასია ჩემთვის. დარწმუნებული ვარ,
შემიძლია გენდოთ ისე, რომ არაფრის შიში არ მქონდეს. ჩემთვის
ფასდაუდებელი იქნებოდა თქვენი რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ
მოვიქცე ასეთ უხერხულ მდგომარეობაში, რომელშიც აღმოვჩნდი.
თუმცა არ მინდა თავი შეგაწყინოთ. სამწუხაროა, რომ მისის ფერარსს
არ იცნობთ.
– ჩემთვისაც სამწუხაროა, – თქვა გაოცებულმა ელინორმა, – თუ
ჩემს აზრს შეეძლო, რაიმე სამსახური გაეწია თქვენთვის. მაგრამ
წარმოდგენა არ მქონდა, რომ თქვენ ამ ოჯახს იცნობთ. და ამიტომ,
ვაღიარებ, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, რომ ასეთი შეკითხვა
დამისვით მისი ხასიათის შესახებ.
– ოჰ, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. კარგად მესმის თქვენი. მაგრამ
ყველაფრის მოყოლა რომ გამაბედვინა, ეს აღარ გაგიკვირდებოდათ.
ჯერჯერობით მისის ფერარსი ჩემთვის არავინ არ არის, მაგრამ
შეიძლება დადგეს დრო... – და ეს მასზეა დამოკიდებული – რომ ჩვენ
ახლო ნათესავები აღმოვჩნდეთ.
ამის თქმაზე მან მორცხვად დახარა თავი და მხოლოდ სწრაფი
მზერა შეავლო თავის თანამგზავრს, რათა დაენახა, რა
შთაბეჭდილება მოახდინეს მისმა სიტყვებმა მოსაუბრეზე.
– ღმერთო ჩემო, – წამოიძახა ელინორმა, – რას გულისხმობთ?
თქვენ მისტერ რობერტ ფერარსს იცნობთ? ნუთუ მართლა? – მას
სულაც არ გახარებია, რომ შეიძლებოდა ასეთი ქალი მისი ნათესავი
ყოფილიყო.
– არა, მისტერ რობერტ ფერარსს არა, – უპასუხა ლიუსიმ, ისე,
რომ სახელს და გვარს ხაზი გაუსვა, – ის არასოდეს მინახავს,
მაგრამ... – დასძინა მან და ელინორს დაჟინებული მზერა მიაპყრო, –
მის უფროს ძმას – კი.
რა იგრძნო ელინორმა ამწამს? გაოცება, რომელიც ისეთივე
მტკივნეული იქნებოდა, როგორც ძლიერი, მაშინვე უნდობლობით
რომ არ გამსჭვალულიყო. შეცბუნებული უხმოდ მიბრუნდა
155
ლიუსისკენ, ასეთი აღიარების მიზეზი და მიზანი ვერ გაეგო და თუმცა
სახეზე ფერი შეეცვალა, უნდობლობის გრძნობა კიდევ უფრო
გაუძლიერდა და იმის შიში არ გასჩენია, რომ ატირდებოდა ან
გონებას დაკარგავდა.
– ჰო, ალბათ ძალიან გაგიკვირდათ, – განაგრძო ლიუსიმ, – ან
საიდან უნდა გცოდნოდათ. ვფიქრობ, მას ერთი სიტყვაც არ
დასცდენია არც თქვენთან და არც თქვენს ნათესავებთან. იმიტომ,
რომ ეს ჩვენს საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო. და დღემდე ამ
საიდუმლოს ვინახავდი. ჩემი ნათესავებიდან, ანას გარდა, არავინ
იცის და თქვენთანაც არასდროს დავძრავდი კრინტს, თქვენი
თავშეკავებულობის იმედი რომ არ მქონდეს. ვიფიქრე, რომ ჩემი
კითხვები მისის ფერარსის შესახებ შეიძლებოდა უცნაურად
მოგჩვენებოდათ და ამიტომ გადავწყვიტე, მათი მიზეზი ამეხსნა. არ
მგონია, მისტერ ფერარსს ეწყინოს, თქვენ რომ გენდეთ. მე ხომ ვიცი,
როგორ აფასებს ის თქვენს ოჯახს, და თქვენ და დანარჩენ მისს
დეშვუდებს ისე გიყურებთ, როგორც საკუთარ დებს. – მან პაუზა
გააკეთა.
ელინორი გაგონილმა ისე განაცვიფრა, რომ ცოტა ხანს ხმა არ
ამოუღია, მაგრამ შემდეგ საკუთარი თავი აიძულა,
ალაპარაკებულიყო. სიტყვები გულმოდგინედ შეარჩია და მოახერხა,
შეკითხვა იმდენად წყნარად დაესვა, რომ თავისი გაოცება და წუხილი
დაეფარა.
– შეიძლება გკითხოთ, რამდენი ხანია, რაც დანიშნულები ხართ?
– აგერ უკვე ოთხი წელია.
– ოთხი!
ელინორი თუმცა თავზარდაცემული იყო, მაინც ვერ იჯერებდა.
– მე მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ თქვენ საერთოდ
იცნობთ ერთმანეთს.
– არადა, ჩვენი ნაცნობობა მრავალ წელს მოითვლის. ის საკმაოდ
დიდი ხნის განმავლობაში ჩემი ბიძის მზრუნველობის ქვეშ იყო.
– თქვენი ბიძის?
156
– ჰო, მისტერ პრეტის. მას რა, მისტერ პრეტი არასოდეს
უხსენებია?
– მგონი, რაღაც ახსენა, – უპასუხა ელინორმა, დიდი
თავშეკავებით, რომელიც მით უფრო უძლიერდებოდა, რაც მეტს
ნერვიულობდა.
– ის ოთხ წელიწადს ცხოვრობდა ბაბუასთან ლონგსტეიპლში,
პლიმუტთან ახლოს. მაშინ დაიწყო ჩვენი ნაცნობობა. მე და ჩემი და
ხომ ბაბუას ხშირად ვსტუმრობთ. ჩვენი ნიშნობაც იქ შედგა. ერთი
წლის შემდეგ მისი მოსწავლეობის პერიოდი დამთავრდა,მაგრამ ის
მაინც განაგრძობდა ჩვენთან სიარულს. როგორც ადვილად
შეგიძლიათ მიხვდეთ, მე არ მინდოდა ფარულად მემოქმედა,
დედამისის თანხმობის გარეშე, მაგრამ მეტისმეტად ახალგაზრდა
ვიყავი, მეტისმეტად მხურვალედ მიყვარდა ის და ვერ გამოვიჩინე ის
კეთილგონიერება, რომელიც მომეთხოვებოდა, რადგან... მისს
დეშვუდ, თუმცა თქვენ ჩემსავით კარგად არ იცნობთ მას, ალბათ
იმდენს კი შეამჩნევდით, რომ ქალის გულის მოგება ადვილად
შეუძლია.
– რა თქმა უნდა... – უპასუხა ელინორმა. თვითონაც არ იცოდა,
რას ამბობდა. თუმცა ერთი წუთის ფიქრის შემდეგ, ედვარდის
ღირსებისა და მისდამი სიყვარულის ძველებური რწმენით, დაარწმუნა
რა საკუთარი თავი თანამოსაუბრის თვალთმაქცობაში, დასძინა: –
თქვენ დანიშნული ხართ ედვარდ ფერარსზე! ვაღიარებ, რომ თქვენმა
სიტყვებმა გამაკვირვა. მე მგონია... აქ რაღაც გაუგებრობაა.
შეუძლებელია, ჩვენ ერთსა და იმავე ადამიანს ვგულისხმობდეთ. აქ
ალბათ ან სახელშია შეცდომა, ან ვიღაც სხვა მისტერ ფერარსი
არსებობს.
– არა, რა შეცდომა, – წამოიძახა ლიუსიმ ღიმილით, – მე მისტერ
ედვარდ ფერარსზე ვლაპარაკობ, უფროს ვაჟიშვილზე მისის
ფერარსისა, რომელიც პარკ-სტრიტზე ცხოვრობს. თქვენი რძლის,
მისის დეშვუდის ძმაზე. დამეთანხმეთ, რომ არ შეიძლება შემეშალოს
იმ ადამიანის სახელი, რომელზეც ჩემი ბედნიერებაა დამოკიდებული.
157
– უცნაურია, – თქვა მტანჯველი გრძნობისგან დაზაფრულმა
ელინორმა, – ერთხელაც კი არ გამიგონია, მას თქვენი სახელი
ეხსენებინოს.
– არა, თუ ჩვენს მდგომარეობას გავითვალისწინებთ, გასაკვირი
არაფერია. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ეს ამბავი
საიდუმლოდ შეგვენახა. თქვენ არაფერი იცით არც ჩემზე და არც ჩემს
ოჯახზე, ამიტომ მას არავითარი მიზეზი არ ჰქონდა, თქვენთან
საუბარში ჩემი სახელი ეხსენიებინა. ყოველთვის იმას უფრთხოდა
განსაკუთრებით, რომ მისი და არაფერს მიმხვდარიყო და მხოლოდ ეს
ერთი რამეც კი საკმარისია, რომ ჩემი სახელის ხსენებას
მორიდებოდა.
ლიუსი გაჩუმდა. ელინორის რწმენა ძლიერად შეირყა, მაგრამ არა
მისი თავდაჭერის უნარი.
– თქვენ ოთხი წელია, რაც დანიშნულები ხართ, – თქვა მან მტკიცე
ხმით.
– ჰო, და მხოლოდ ღმერთმა იცის, კიდევ რამდენის მოცდა
მოგვიწევს. საწყალი ედვარდი! ეს მასზე ძლიერ მოქმედებს. – მან
ჯიბიდან მინიატიურა ამოიღო და დასძინა: – და მაინც, შეცდომა რომ
გამოვრიცხოთ, თუ არ შეწუხდებით, ამ პორტრეტს დახედეთ. ნახატი,
რა თქმა უნდა, მის სილამაზეს სრულად ვერ წარმოაჩენს, თუმცა
მგონია, რომ ის, თუ ვინაა მასზე გამოსახული, სულ მცირეოდენ
ეჭვსაც არ ტოვებს. მე მას უკვე სამ წელზე მეტია ვინახავ.
ამ სიტყვებით ხელში მინიატიურა ჩაუდო და ელინორს, როგორც
კი პორტრეტს დახედა, თუკი ეჭვები ისევ ჰკარნახობდა, განაჩენის
გამოტანა არ ეჩქარა და სურვილი ჰქონდა ლიუსი სიცრუეში
გამოეჭირა, უკვე აღარ შეეძლო იმის უარყოფა, რომ მის წინ
ედვარდის სახე იყო. მან მინიატიურა მაშინვე უკან დააბრუნა და
აღნიშნა, რომ მსგავსება ძალიან კარგად იყო დაჭერილი.
– მე კი, ჩემდა სამწუხაროდ, ვერა და ვერ შევძელი, სამაგიეროდ
ჩემი პორტრეტი მეჩუქებინა, – განაგრძო ლიუსიმ, – არადა, ძალიან

158
უნდა. გადაწყვეტილი მაქვს, პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში
თხოვნა შევუსრულო.
– ეს თქვენი უფლებაა, – წყნარად უპასუხა ელინორმა და შემდეგ
რამდენიმე ნაბიჯი უხმოდ იარეს. სიჩუმე ლიუსიმ დაარღვია.
– დარწმუნებული ვარ, – თქვა მან, – ოდნავაც არ მეპარება ეჭვი,
რომ თქვენ არაფერი წამოგცდებათ. რა თქმა უნდა, ხვდებით,
რამდენად მნიშვნელოვანია, ამ ამბავმა დედამისის ყურამდე არ
მიაღწიოს. ვშიშობ, ის არასდროს დათანხმდება. მე მზითევი არ მაქვს,
ის კი, როგორც ვხვდები, ძალიან ამაყი ქალბატონია.
– მე ხომ არ მითხოვია, ჩემთვის საიდუმლო გაგენდოთ, – უპასუხა
ელინორმა, – მაგრამ თქვენ, რა თქმა უნდა, არ აჭარბებთ, როცა
თვლით, რომ შეგიძლიათ მენდოთ. თქვენს საიდუმლოს არაფერი
ემუქრება. მაგრამ მაპატიეთ და ცოტა არ იყოს გაკვირვებული ვარ
თქვენი ასეთი გულახდილობით, რაც აუცილებელი სულაც არ იყო.
როცა თქვენს საიდუმლოს მიმხელდით, ალბათ ხვდებოდით, რომ
ყოველ შემთხვევაში ეს მის შენახვას ხელს ვერ შეუწყობდა.
როცა ამ სიტყვებს ამბობდა, მან ლიუსის დაჟინებით შეხედა იმ
იმედით, რომ მის სახეზე რაიმეს აღმოაჩენდა. მისი აღიარების დიდი
ნაწილი ხომ შეიძლებოდა ტყუილი ყოფილიყო. მაგრამ ლიუსის
გამომეტყველება არ შეცვლილა.
– ვშიშობ, თქვენ ფიქრობთ, რომ მეტისმეტი სითამამე გამოვიჩინე,
– თქვა მან, – როცა ჩემი საიდუმლო გაგიმჟღავნეთ. რა თქმა უნდა,
დიდი ხანი არ არის, რაც ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ, ყოველ
შემთხვევაში – პირადად, მაგრამ აღწერით თქვენი და თქვენი ოჯახის
შესახებ დიდი ხანია ვიცი. ამიტომ, როგორც კი დაგინახეთ, თქვენთან
თავი ისე ვიგრძენი, როგორც ძველ ნაცნობთან. გარდა ამისა, ახლა
ვიფიქრე, რომ განმარტება უნდა გამეკეთებინა მას შემდეგ, რაც ასეთი
შეკითხვა დაგისვით ედვარდის დედის შესახებ; მით უმეტეს, რომ
საუბედუროდ, არავინ მყავს ისეთი, ვისაც შეიძლება რჩევა ვკითხო.
ჩვენ შესახებ მხოლოდ ანამ იცის, მაგრამ მისი გონიერების იმედი არ
მაქვს. მისგან ცუდს უფრო ველი, ვიდრე რაიმე სასარგებლოს, რადგან
159
სულ მეშინია, არ გაგვცეს. ენაზე კბილის დაჭერა არ შეუძლია,
როგორც თქვენც უეჭველად შეამჩნევდით და როცა ამას წინათ, სერ
ჯონმა მისი სახელი ახსენა, შიშისგან გული კინაღამ ამომივარდა;
ვიფიქრე, ახლავე ყველაფერს მოჰყვება-მეთქი. თქვენ ვერც კი
წარმოიდგენთ, როგორ მტანჯველ სულიერ ტკივილებს ვითმენ.
მიკვირს, კიდევ ცოცხალი რომ ვარ იმის შემდეგ, რაც ედვარდის გამო
გადავიტანე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. და ყველაფერი
გაურკვეველია, იმედები კი – ასეთი ბუნდოვანი. ჩვენ ხომ თითქმის
ვერ ვნახულობთ ერთმანეთს, დიდი-დიდი წელიწადში ორჯერ.
მართალი გითხრათ, მიკვირს, გული აქამდეც რომ არ გამისკდა.
ამ დროს მან ცხვირსახოცი ამოიღო, მაგრამ ელინორს მის მიმართ
განსაკუთრებული თანაგრძნობა არ გასჩენია.
– ხანდახან, – განაგრძო ლიუსიმ მას შემდეგ, რაც თვალები
მოიწმინდა, – იმასაც კი ვფიქრობ, ჩვენთვის, ორივესთვის უკეთესი
ხომ არ იქნებოდა, ერთმანეთისთვის მიცემული პირობა დაგვერღვია-
მეთქი, – ამ დროს მან თანამოსაუბრეს პირდაპირ სახეში შეხედა, –
მაგრამ ამის გამბედაობაც არ მყოფნის. ჩემთვის აუტანელია ფიქრი
იმის შესახებ, თუ როგორ ცუდ დღეში ჩააგდებს მას განშორების
მხოლოდ ხსენებაც კი. და თვითონ მეც... ის ჩემთვის იმდენად
ძვირფასია, რომ ვერც მე შევძლებ მასთან განშორებას. რას
მირჩევდით, მისს დეშვუდ? თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს
ადგილას?
– მაპატიეთ, – უპასუხა ელინორმა, რომელიც ამ შეკითხვამ
შეაკრთო, – მაგრამ ასეთ შემთხვევაში თქვენთვის არანაირი რჩევის
მოცემა არ შემიძლია. ისე უნდა მოიქცეთ, როგორც თქვენი გონება
გიკარნახებთ.
– რა თქმა უნდა, – განაგრძო ლიუსიმ რამდენიმე წუთის ორმხრივი
დუმილის შემდეგ, – დედამისი, ადრე თუ გვიან, მას ასე თუ ისე,
უზრუნველყოფს, მაგრამ ჯერჯერობით ედვარდი ისე
ყურებჩამოყრილია. ვერ შეატყვეთ, როგორ დადარდიანებული იყო
ბარტონში სტუმრობისას? როცა ლონგსტეიპლში დაგვემშვიდობა
160
თქვენთან გამომგზავრების წინ, ისე საცოდავად გამოიყურებოდა,
შემეშინდა, არ იფიქრონ, ავად არის-მეთქი.
– ესე იგი, ის ჩვენთან ბიძათქვენის სახლიდან წამოვიდა?
– ჰო, ორი კვირა იყო ჩვენთან. თქვენ გეგონათ, პირდაპირ
ქალაქიდან გეწვიათ?
– არა, – უპასუხა ელინორმა. სულ უფრო რწმუნდებოდა, რომ
ლიუსი არ ცრუობდა. – მახსოვს, გვითხრა, ორი კვირა მეგობართან
გავატარე პლიმუტთან ახლოსო. გაახსენდა, როგორ გაუკვირდა
მაშინ, რომ ედვარდმა იმ მეგობრების შესახებ სხვა არაფერი თქვა და
მათი სახელიც კი არ უხსენებია.
– შეამჩნიეთ ხომ, როგორი დასევდიანებული იყო?
– ჰო, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით, პირველ დღეებში.
– ვევედრებოდი, საკუთარი თავი დაეძლია. ვშიშობდი, რომ თქვენ
მიზეზს მიხვდებოდით. მაგრამ ისეთ მელანქოლიაში ჩავარდა, რომ
ჩვენთან ორ კვირაზე მეტის გატარება ვერ შეძლო და ხედავდა, მე
როგორ ვიტანჯებოდი. საწყალი! ვშიშობ, რომ ისევ ისეა, როგორც
იყო. ისეთ დამწუხრებულ წერილებს მწერს. ეს მაშინ მივიღე, როცა
ექსეტერიდან მივემგზავრებოდით. – მან ჯიბიდან წერილი ამოიღო და
ელინორს მიმღების მისამართი დაუდევრად აჩვენა. – მე მგონი, მის
კალიგრაფიას იცნობთ. შეუდარებელი ხელი აქვს, თუმცა ეს ნაწერი
მთლად ისე კარგი არ არის, როგორც საერთოდ სჩვევია. ალბათ
დაიღალა, რადგან მთელი ფურცელი რაც შეიძლება მჭიდროდ აქვს
სიტყვებით შევსებული.
ელინორმა დაინახა, რომ ეს მართლაც მისი ნაწერი იყო და ახლა
უკვე არაფრის ეჭვი აღარ შეიძლებოდა ჰქონოდა. აქამდე თავს
იიმედებდა, რომ მინიატიურა ლიუსისთან შემთხვევით შეიძლებოდა
მოხვედრილიყო და ედვარდის ნაჩუქარი სულაც არ ყოფილიყო,
მაგრამ თუ ისინი ერთმანეთს სწერდნენ, მაშინ მართლა დანიშნულები
ყოფილან. ასეთ უფლებას ხომ მათ მხოლოდ ნიშნობა აძლევდა. და
რამდენიმე წამის განმავლობაში საკუთარ თავზე თითქმის
კონტროლი დაკარგა, გული შეეკუმშა, ფეხები მოეკეცა. მაგრამ
161
რადაც არ უნდა დასჯდომოდა, აუცილებელი იყო, მღელვარებას
გამკლავებოდა. და მან მოახერხა, ბობოქარი გრძნობები დაეძლია,
და საუბრის დამთავრებამდე სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
– მიმოწერაში, – თქვა ლიუსიმ და წერილი ჯიბეში ჩამალა, – ჩვენ
ერთადერთ ნუგეშს ვპოულობთ ცალ-ცალკე ყოფნის ხანგრძლივი
თვეების განმავლობაში. ჰო, მართალია, გარდა ამისა მისი
პორტრეტიც მაქვს, მაგრამ საწყალი ედვარდი ამასაც კი
მოკლებულია. შენი პორტრეტი მაინც რომ მქონდეს, შედარებით
იოლად გადავიტანდიო, ამბობს. როცა ლონგსტეიპლში
უკანასკნელად იყო, ჩემი კულული ვაჩუქე ბეჭედში ჩასმული. ესეც
შვებაა ჩემთვისო, იფიცება, მაგრამ პორტრეტი, რა თქმა უნდა,
უკეთესი ნუგეში იქნებოდა. ალბათ შეამჩნიეთ ბეჭედი მის თითზე,
როცა თქვენთან იყო.
– ჰო, შევამჩნიე, – უპასუხა ელინორმა მშვიდი, მტკიცე ხმით,
რომელიც ისეთ სულიერ ტკივილს და მწუხარებას ფარავდა, რომლის
მსგავსიც ადრე არასოდეს განუცდია. ის თავზარდაცემული,
გაოგნებული, განადგურებული იყო.
მისდა საბედნიეროდ, უკვე კოტეჯს მიუახლოვდნენ და საუბარი
შეწყდა. მათთან სულ რამდენიმე წუთი დაჰყვეს და შემდეგ ლიუსი და
მისი და უკან, ბარტონ პარკისკენ გაემგზავრნენ. ელინორს ახლა
ბევრი დრო ჰქონდა საფიქრელად და სატანჯველად.

162
თავი 23

თუმცა ლიუსის დიდად არ ენდობოდა, ამჯერად, როცა ყველაფერი


კარგად განსაჯა, ელინორმა მის ნათქვამში დასაეჭვებლად საბაბი ვერ
იპოვა. ვერავითარი ცდუნება ვერ აიძულებდა მისს სტილს, ასეთი
სულელური რამ მოეგონებინა. და მას უკვე აღარ შეეძლო ეჭვი
შეეტანა ლიუსის სიტყვებში, რომელთა სიმართლე უამრავი ფაქტით
და მტკიცებულებით იყო გამაგრებული, უარყოფილი კი – მხოლოდ
მისი უსაფუძვლო იმედით. რა თქმა უნდა, ედვარდს ლიუსი
შეიძლებოდა მისტერ პრეტის სახლში გაეცნო, და ეს ყველაფერ
დანარჩენს დამაჯერებელს და აუტანლად მტკივნეულს ხდიდა. ის, რომ
ედვარდი მართლა იყო სტუმრად სადღაც, პლიმუტის ახლოს, მისი
მელანქოლია და უკმაყოფილება, როცა თავის მომავალზე
ლაპარაკობდა, უცნაური ქცევა პირადად მის მიმართ, დაწვრილებითი
ცნობები ნორლენდსა და მთელ მათ ოჯახზე, რითიც მისს სტილებმა
არაერთხელ გააკვირვეს, მინიატიურა, წერილი – ყველაფერი ერთად
ისეთ მტკიცებულებად იკვრებოდა, რომელიც ყოველგვარ საფუძველს
აცლიდა ფიქრს, ედვარდს უსამართლოდ ხომ არ ვადანაშაულებო.
პირიქით, ეს ფაქტები ულმობლად ამტკიცებდნენ, რა ცუდად მოექცა
ედვარდი მას. სხვა ახსნას ვერ მოძებნიდა, რაც უნდა მოენდომებინა.
აღშფოთება იმის გამო, რომ ასე უგულოდ და უპიროდ მოექცნენ და
მრისხანება იმის გამო, რომ ასეთ შეცდომაში შეიყვანეს, თავიდან
ხელს უშლიდა, რაიმე დაენახა საკუთარი წყენის გარდა. თუმცა მალე
ისინი ახალმა ვარაუდებმა შეცვალა. განგებ ატყუებდა მას ედვარდი?
თავს ისე აჩვენებდა, რომ მის მიმართ ჰქონდა გრძნობა, რომელსაც
სინამდვილეში სულაც არ განიცდიდა? თავისი გულის კარნახით
დაინიშნა კი ლიუსიზე? არა! რაც არ უნდა მომხდარიყო ადრე, ახლა
მისი გული მხოლოდ მას ეკუთვნოდა. ამაში ნამდვილად არ ცდებოდა.
ნორლენდში დედამისი, მისი დები, ფანი, გამუდმებით ამჩნევდნენ

163
ედვარდის ყურადღებას მის მიმართ. არა, ეს არ იყო ილუზია. მასში
პატივმოყვარეობა არ ლაპარაკობდა. ედვარდს ის ნამდვილად
უყვარდა. აჰ, როგორ მალე დაუამა გული ამ აზრმა. ცდუნება გაუჩნდა,
მაშინვე ეპატიებინა. ჰო, რა თქმა უნდა, ის დამნაშავე იყო, ძალიან
დამნაშავეც, რომ ნორლენდში დარჩა მას შემდეგ, რაც დაიწყო
მიხვედრა, როგორ გავლენას იძენდა თანდათან ელინორი მასზე.
ამაში მას არავითარი გამართლება არ ჰქონდა, მაგრამ თუკი მას
ტკივილი მიაყენა, საკუთარი თავი ხომ კიდევ უფრო მეტი ტანჯვისთვის
გასწირა. თუ ელინორის მდგომარეობა მძიმეა, მისი ხომ საერთოდ
უიმედოა. თავისი წინდაუხედაობით მან ქალი საცოდავ
მდგომარეობაში ჩააგდო, მაგრამ მხოლოდ დროებით, საკუთარ თავს
კი სამუდამოდ მოუსპო შანსი, ოდესმე კარგად იყოს. ელინორი
შეიძლება ოდესმე კარგად იქნეს, მაგრამ თვით ის? რა ელოდება მას
მომავალში? იპოვის თუ არა ლიუსი სტილთან რამეს, ბედნიერებასთან
თუნდაც მიმსგავსებულს? შეძლებს კი ის, კაცი, რომელსაც აშკარად
ნაზი გრძნობები აქვს ელინორის მიმართ, კეთილშობილი,
დელიკატური და განათლებულია, იყოს ბედნიერი ისეთ ცოლთან,
როგორიც არის ლიუსი – გაუნათლებელი, ყალბი და ეგოისტი.
ცხრამეტი წლის ასაკში სიჭაბუკისთვის დამახასიათებელმა
მგზნებარე გატაცებამ მას მზერა დაუბინდა. ქალში მხოლოდ მის
სილამაზეს და ხალისიან ნატურას ხედავდა. მაგრამ მას შემდეგ ოთხი
წელი გავიდა, ცხოვრების იმ პერიოდის ოთხი წელიწადი, რომელსაც,
თუ აზრიანად გაატარებს, ადამიანი უფრო გონიერი ხდება. და წესით,
ედვარდს თვალები უნდა ახელოდა ლიუსის აღზრდის
ნაკლოვანებებზე; მაშინ, როცა მისმა დანიშნულმა, გაატარა რა ეს
წლები დაბალ საზოგადოებაში, რაღაც სულელურ საქმიანობებში,
ალბათ დაკარგა ის სისადავე და უბრალოება, რომელიც ერთ დროს
მის სილამაზეს შესაძლოა განსაკუთრებულ მომხიბვლელობას
სძენდა.
ვარაუდობდა რა, რომ ედვარდი მისი ხელის თხოვას აპირებდა,
ელინორმა წინდაწინვე იცოდა, მას ასეთ ქორწინებაზე დედის
164
თანხმობის მიღება როგორ გაუჭირდებოდა. მაგრამ წარმოიდგინეთ,
როგორ დაბრკოლებებს შექმნიდა ის, თუ მისი ვაჟიშვილის მიერ
არჩეული სარძლო ელინორს არა მხოლოდ წარმოშობით, არამედ,
როგორც ჩანს, შეძლებითაც ჩამოუვარდებოდა. თუმცა ეს
სიძნელეები, თუ ლიუსის მიმართ გული გაუცივდა, ედვარდისთვის
ალბათ დიდად დამთრგუნველიც აღარ იყო. მაგრამ რა სამწუხაროა
ხვედრი ადამიანისა, თუკი აზრს, რომ მას ახლობლების საყვედურები
და უკმაყოფილება ელის, შვება მოაქვს მისთვის.
სანამ ეს ვარაუდები მძიმედ და მტკივნეულად ენაცვლებოდა
ერთმანეთს, ელინორი უკვე საკუთარ თავზე მეტად ედვარდის გამო
ტიროდა. გაძლიერებული რწმენით, რომ არაფრით დაუმსახურებია
თავსდამტყდარი უბედურება, ნუგეშცემული თვითდაჯერებით, რომ
ედვარდს არც ერთი არაკეთილშობილური საქციელი არ ჩაუდენია და
ადრინდებულად ღირსია მისი პატივისცემისა, მან საშინელი
დარტყმის მიღებიდან პირველივე წუთებშიც კი საკუთარ თავში
მონახა ძალა, თავი მშვიდად დაეჭირა და დედისა და დების ეჭვი
არაფრით გამოეწვია. იმდენად კარგად შეძლო ამ ამოცანისთვის
თავის გართმევა, რომ სადილობისას, სულ რაღაც ორ საათში მას
შემდეგ, რაც თავის ყველაზე სანუკვარ იმედებზე მოუწია უარის თქმა,
მისი დების გამომეტყველების მიხედვით ვერავინ ივარაუდებდა, რომ
ელინორი მალულად დასტიროდა საკუთარ ბედს, რომელმაც იგი
თავის სატრფოს გაჰყარა; მარიანა კი გონებაში ჩამოთვლიდა
ღირსებებს ადამიანისა, რომლის გული მთლიანად თავისად მიაჩნდა
და რომლის სახის დანახვას ელოდა ყოველ ეკიპაჟში, რომელიც კი
კოტეჯს მიუახლოვდებოდა.
იმის აუცილებლობა, რომ დედისა და მარიანასგან დაემალა
საიდუმლო, რომლის შენახვაც მას მიანდეს, ელინორისგან დიდ
სიფრთხილეს კი მოითხოვდა, მაგრამ მის მწუხარებას უფრო მეტად არ
ამძიმებდა. პირიქით, ის გარკვეულ შვებას პოულობდა იმაში, რომ
ზოგავდა მათ, გულსატკენი, უსიხარულო ამბის მოსმენას არიდებდა;
რომ არ უწევდა ედვარდისთვის გამოტანილი მრისხანე განაჩენის
165
მოსმენა, რომელსაც მათ უეჭველად უკარნახებდა ელინორისადმი
სიყვარული, და რისი ატანაც არ შეეძლო.
მან იცოდა, რომ ახლობლების რჩევები და ნუგეში ვერაფერში
დაეხმარებოდა, სინაზე და თანაგრძნობა კი კიდევ უფრო
გააძლიერებდა მის ტანჯვას. ისინი ხელს ვერ შეუწყობდნენ ელინორის
მტკიცე გადაწყვეტილების შესრულებას – საკუთარ თავზე კონტროლი
არ დაეკარგა. მოთმენა მარტოს უფრო ეადვილებოდა, საკუთარი საღი
აზრი კი ისეთი ძლიერი საყრდენი იყო მისთვის, რომ მთელი თავისი
სიმტკიცე შეინარჩუნა და იმდენად მხნედ და ხალისიანად
გამოიყურებოდა, რის საშუალებასაც ახალი და მოუშუშებელი იარა
აძლევდა.
თუმცა ლიუსისთან საუბარი მისთვის მეტისმეტად მტკივნეული
იყო, ელინორი მალე მისი განახლების ძლიერმა სურვილმა შეიპყრო
და ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. სურდა კვლავ მოესმინა მათი
ნიშნობის დეტალები, კარგად გაეგო, სინამდვილეში რა გრძნობები
ჰქონდა ლიუსის ედვარდის მიმართ, იყო თუ არა მის სიტყვებში
მცირეოდენი გულწრფელობა მაინც, როცა ის ედვარდისადმი თავის
ნაზ გრძნობებზე ლაპარაკობდა; და რაც მთავარია, სურდა
დაერწმუნებინა ლიუსი თავის მზადყოფნაში, ამ თემას დაჰბრუნებოდა
და რომ ინტერესი, რომელსაც ის იჩენდა, მხოლოდ მეგობრული იყო.
მას სიმშვიდის შენარჩუნება უნდა მოეხერხებინა, რადგან შიშობდა,
რომ დილის საუბრისას უნებური მღელვარებით შესაძლოა ერთგვარი
ეჭვი აღძრა. ის, რომ ლიუსი მზად იყო მასზე ეეჭვიანა, სრულიად
შესაძლებლად მიაჩნდა. ედვარდი ხომ, რა თქმა უნდა, მას
ყოველთვის ქებით მოიხსენიებდა, რაც არა მხოლოდ ლიუსის
სიტყვებიდან ჩანდა, არამედ იქიდანაც, თუ როგორ იჩქარა მან და
ძალიან ხანმოკლე ნაცნობობის შემდეგ გადაწყვიტა, გაენდო მისთვის
საიდუმლო, რომელიც თვითონაც, და სრულიად სამართლიანადაც,
ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნდა. შეიძლება, სერ ჯონის
ხუმრობანარევმა ქარაგმებმაც ითამაშა თავისი როლი. მაგრამ
ელინორი გულის სიღრმეში ახლაც აბსოლუტურად დარწმუნებული
166
იყო, რომ ედვარდს მართლა უყვარდა და, ამდენად, ლიუსი მასზე
უდავოდ იეჭვიანებდა. და ეს თავდაჯერებულობა მისთვის საკმარისი
მტკიცებულება გახლდათ ედვარდის მისდამი სიყვარულისა. აბა, სხვა
რა მიზეზის გამო გაანდეს მას ეს მნიშვნელოვანი საიდუმლო, თუ არა
იმისთვის, რომ ედვარდზე ლუსის უფლებების შესახებ ემცნოთ და
მიენიშნებინათ, რომ მომავალში მისთვის თავი აერიდებინა. მეტოქის
ასეთი ზრახვების გამოცნობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. და
თუმცა ელინორს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ღირსებასა და
წესიერებაზე თავისი წარმოდგენების შესაბამისად, ედვარდისადმი
თავისი გრძნობა დაეძლია და იმდენად იშვიათად შეხვედროდა,
რამდენადაც კი მასზე იქნებოდა დამოკიდებული, მას არ შეეძლო
საკუთარი თავისთვის უარი ეთქვა მცირეოდენ ნუგეშზე და არ ეცადა
დაერწმუნებინა ლიუსი, რომ მისი გული დაჭრილი არ იყო. ოდნავაც
არ ეეჭვებოდა, რომ შეძლებდა კიდევ ერთხელ, სრული სიმშვიდით
მოესმინა დეტალები: დარტყმა ხომ უკვე მიაყენეს და ამაზე უარესის
გაკეთებას ლიუსი ვეღარ შეძლებდა.
მაგრამ ამ განზრახვის სისრულეში მოყვანის შესაძლებლობა
მაშინვე არ მიეცა, მიუხედავად იმისა, რომ ლიუსის მასზე არანაკლებ
სურდა მათი საუბარი გაგრძელებულიყო, რათა მისგან რაც შეიძლება
მეტი სარგებელი მიეღო. ამინდები არ იძლეოდა სეირნობის
საშუალებას, რომლის დროსაც უფრო ადვილია საზოგადოებისგან
განმარტოება და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყოველ მეორე
საღამოს მაინც ხვდებოდნენ ერთმანეთს ხან კოტეჯში, უფრო ხშირად
კი ბარტონ-პარკში, საუბრის საშუალება არც ერთხელ არ მიეცათ. არც
სერ ჯონს და არც ლედი მიდლტონს აზრად არ მოუვიდოდათ მათი
მარტო დატოვება. სუფრასთან საუბარსაც კი მცირე დრო ეთმობოდა.
ისინი იკრიბებოდნენ, რათა ერთად ეჭამათ, ესვათ და
გართობილიყვნენ, კარტი ან რაღაც ხმაურიანი თამაშები ეთამაშათ.
ორი თუ სამი ასეთი საღამოს შემდეგ, როცა ელინორმა
ლიუსისთან დალაპარაკებაც ვერ მოახერხა, ერთ დილით კოტეჯში
სერ ჯონი გამოცხადდა. მან თქვა, რომ იძულებული იყო ექსეტერის
167
კლუბში წასულიყო და ლამის მუხლის მოდრეკით სთხოვა მათ, იმ
დღეს აუცილებლად ლედი მიდლტონთან ერთად ესადილათ;
წინააღმდეგ შემთხვევაში ლედის სრულიად მარტოს მოუწევს
სუფრასთან ჯდომა, თუ დედამისს, მისს სტილს და ლიუსის არ
ჩავთვლითო, დასძინა. ელინორმა ივარაუდა, რომ მეტი საშუალება
ექნებოდა თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად. მან ჩათვალა,
რომ კარგად აღზრდილი ლედი მიდლტონი მათ მეტ თავისუფლებას
მისცემდა. სერ ჯონის არყოფნისას ის არ შეეცდებოდა სტუმრები
თავის გარშემო შეეკრიბა და ხმაურიანი გართობები მოეხვია მათთვის
თავს. ამიტომ შეთავაზებაზე მაშინვე თანხმობა განაცხადა.
მარგარეტმა, დედის ნებართვით, დის მაგალითს სიამოვნებით
მიჰბაძა და მარიანაც კი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა ასეთი
შეხვედრებისთვის თავი აერიდებინა, დედის დაჟინებულ თხოვნას
დაჰყვა და დათანხმდა. მისის დეშვუდს ძალიან აწუხებდა, რომ ის
გართობებს ასე ჯიუტად გაურბოდა.
დებმა დაპირება შეასრულეს და ლედი მიდლტონი გადაურჩა შიშის
მომგვრელ მარტოობას, რომელიც მას ემუქრებოდა. საღამო სწორედ
ისე მოსაწყენად მიდიოდა, როგორც ელინორმა ივარაუდა. არავის
არაფერი უთქვამს რამდენადმე მაინც ახალი. და საერთოდ, ადამიანი
ძნელად თუ მოიფიქრებდა რაიმეს უფრო უინტერესოს, ვიდრე ის
საუბარი იყო, მაგიდასთან რომ დაიწყო და სასტუმრო ოთახში
გაგრძელდა. მოგვიანებით მათ ბავშვებიც შეუერთდნენ და სანამ
ისინი იქ იყვნენ, ელინორს არც კი უცდია ლიუსის ყურადღება
მიეპყრო, იცოდა რა, რომ ეს სრულიად უსარგებლო მცდელობა
იქნებოდა. ბავშვები მხოლოდ მაშინ გაიყვანეს, როცა ჩაის სმა
დამთავრდა. მაშინვე კარტის სათამაშო მაგიდა მოიტანეს და
ელინორს თავისი გულუბრყვილობა გაუკვირდა. როგორ შეეძლო მას
თუნდაც წამით ეფიქრა, რომ ბარტონ-პარკში მოახერხებდა დროის
გამონახვას ასეთი საუბრისათვის. ყველანი წამოდგნენ და კარტის
სათამაშოდ მოემზადნენ.

168
– მოხარული ვარ, – უთხრა ლედი მიდლტონმა ლიუსის, – რომ ამ
საღამოს არ აპირებთ დაამთავროთ კალათის დაწვნა საცოდავი
ანამარიასათვის. სანთლის შუქზე მუშაობით თვალები
გადაგეღლებათ! ხვალ რაღაცას მოვიფიქრებთ ჩვენი საყვარელი
ცუგრუმელას სანუგეშებლად და იმედი მაქვს, წყენა მალე
დაავიწყდება.
ეს მინიშნება საკმარისი იყო. ლიუსი მაშინვე გამოერკვა და
უპასუხა:
– აჰ, ლედი მიდლტონ, თქვენ ძალიან ცდებით. მე მხოლოდ
ველოდებოდი გამეგო, შეგიძლიათ თუ არა თამაში ჩემ გარეშე. ეს
რომ არა, უკვე ჩემს ხელსაქმეს დავუბრუნდებოდი. არაფრის
გულისთვის ამქვეყნად თქვენს ანგელოზს არ ვაწყენინებ. და თუკი
ახლა კარტის მაგიდასთან გჭირდებით, კალათს ვახშმობის შემდეგ
დავამთავრებ.
– ძალიან კეთილი ხართ. იმედი მაქვს, ეს თქვენს თვალებს არ
ავნებს. ზარს ხომ არ დარეკავთ, რომ მუშაობისთვის სანთლები
მოგიტანონ? ვიცი, რომ ჩემი პატარა, საწყალი გოგონა
გაგვინაწყენდება, თუ კალათი ხვალ დილისთვის მზად არ იქნება.
თუმცა მე გავაფრთხილე, ეს შეუძლებელია-მეთქი, მას მაინც იმედი
აქვს.
ლიუსიმ პატარა სამუშაო მაგიდა მაშინვე თავისკენ მიიწია. ეს ისე
სწრაფად და მხიარულად გააკეთა, თითქოს განებივრებული
ბავშვებისთვის კალათების დაწვნაზე უფრო დიდი სიამოვნება მისთვის
არ არსებობსო. დანარჩენებს ლედი მიდლტონმა რობერის პარტია
შესთავაზა. ყველა დათანხმდა მარიანას გარდა, რომელმაც
თავაზიანობის წესების მოთხოვნები უგულებელყო, როგორც ამას
ჩვეულებრივ აკეთებდა, და უპასუხა:
– გთხოვთ მომიტევოთ, თქვენო კეთილშობილებავ. იცით რა? მე
კარტს ვერ ვიტან. თქვენის ნებართვით ფორტეპიანოს მივუჯდები. რაც
ააწყვეს, მას შემდეგ ერთხელაც არ მიცდია დაკვრა.

169
და ყოველგვარი ზედმეტი ცერემონიების გარეშე შებრუნდა და
ინსტრუმენტისკენ გაემართა.
ლედი მიდლტონს სახეზე დაეტყო, ღმერთს მადლობა შესწირა,
რომ არასოდეს არავისთვის თავის ცხოვრებაში ასე უხეშად არ
უპასუხია.
– მადამ, თქვენ ხომ იცით, რომ შეუძლებელია მარიანა დიდი ხნით
მოაცილოთ თქვენს ფორტეპიანოს, – თქვა ელინორმა, რომელიც
ცდილობდა უხერხულობა გაეფანტა. – და ეს არც არის გასაკვირი,
იმიტომ, რომ ასეთი შესანიშნავი ჟღერადობა მე არავისთან
მომისმენია.
დანარჩენმა ხუთმა კარტების ამოღება დაიწყო, რასაც უნდა
გადაეწყვიტა, როგორი თანმიმდევრობით დამსხდარიყვნენ
სათამაშოდ.
– შეიძლება, – განაგრძო ელინორმა, – თუ პარტიის გამოტოვება
მომიწევს, მე დავეხმარო მისს ლიუსი სტილს კალათის წნელების
დახვევაში. მგონი, თუ მარტო იმუშავებს, ამ საღამოს დამთავრებას
ვერ მოასწრებს. ჯერ კიდევ ბევრი აქვს დარჩენილი. სიამოვნებით
შევეშველები, თუ ნებას დამრთავს.
– აჰ, დიდად დაგიმადლებდით დახმარებას, – მაშინვე
გამოეხმაურა ლიუსი, – საქმე, როგორც ვხედავ, მართლაც
გაცილებით მეტია, ვიდრე თავიდან მომეჩვენა. და მაინც, საშინელება
იქნება, ჩვენს საყვარელ ანამარიას გული რომ დავწყვიტოთ.
– ჰო, ეს მართლაც საშინელება იქნება, – თქვა მისს სტილმა, –
ჩემი პატარა საყვარელი გოგო! რომ იცოდეთ, როგორ შემაყვარა
თავი.
– თქვენ ძალიან კეთილი ხართ, – უთხრა ლედი მიდლტონმა
ელინორს, – და რადგან ეს სამუშაო მოგწონთ, შეიძლება ამჯობინოთ
ეს დარიგება გამოტოვოთ, თუ მაინც გირჩევნიათ ბედს დაენდოთ და
კარტი აიღოთ?
ელინორმა სიხარულით მიიღო პირველი შეთავაზება და ამ
თავაზიანი ხრიკის საშუალებით, რომლითაც მარიანა არაფრის
170
გულისთვის არ ისარგებლებდა, არა მხოლოდ საკუთარ მიზანს
მიაღწია, არამედ ლედი მიდლტონსაც ასიამოვნა. ლიუსი ჩაიწია
მისთვის ადგილის დასათმობად და ორი მშვენიერი მეტოქე, ერთ
მაგიდასთან მჯდარი, ერთმანეთთან სრული თანხმობით შეება ერთ
ხელსაქმეს. მარიანას, რომელიც ფორტეპიანოსთან იჯდა თავის
მუსიკაში და თავის ფიქრებში ჩაფლული, უკვე დაავიწყდა, რომ მის
გარდა ოთახში კიდევ ვინმე იმყოფებოდა. ამიტომ ელინორმა
ჩათვალა, რომ ინსტრუმენტის ხმასა და კარტის მოთამაშეთა
ლაპარაკში შეიძლებოდა, მისთვის საინტერესო თემაზე ისე ესაუბრა,
რომ არ შეშინებოდა, გაიგონებენო.

171
თავი 24

მტკიცე ტონით, მაგრამ ხმადაბლა ელინორმა ასე დაიწყო:


– მე არ ვიქნებოდი ღირსი იმ ნდობისა, რომელიც თქვენ ჩემ
მიმართ გამოავლინეთ, რომ არ გამჩენოდა სურვილი, კვლავაც
მესარგებლა თქვენი ნდობით და ცნობისმოყვარეობას არ შევეპყარი,
მეტი გამეგო. ამიტომ მობოდიშებას არ დავიწყებ იმის გამო, რომ
ჩვენს ადრინდელ საუბარს ვუბრუნდები.
– დიდად გმადლობთ, – წამოიძახა ლიუსიმ მხურვალედ, – რომ
ყინული დაძარით. თქვენ ჩემს გულს შვება აგრძნობინეთ! რატომღაც
მთელი ამ დროის განმავლობაში მეშინოდა, რომ ჩემი აღიარებით იმ
ორშაბათს შეურაცხყოფა მოგაყენეთ.
– შეურაცხყოფა მომაყენეთ? როგორ შეგეძლოთ ეს გეფიქრათ!
დამიჯერეთ, – განაგრძო ელინორმა სრულიად გულწრფელად, –
არავითარი განზრახვა არ მქონია, თქვენთვის ეს აზრი
შთამეგონებინა. სხვა რა მოტივი უნდა გქონოდათ ჩემდამი ნდობისა,
თუ არა ისეთი, რაც მე პატივს მდებს და ღირსებას მძენს?
– და მაინც, გარწმუნებთ, – უპასუხა ლიუსიმ და თანამოსაუბრეს
თავისი პატარა, გამჭრიახი თვალებით მრავალმნიშვნელოვნად
შეხედა, – როცა გისმენდით, მომეჩვენა, თითქოს თქვენგან სიცივე და
უკმაყოფილება ვიგრძენი, რაც ჩემთვის ძალიან უსიამოვნო იყო.
ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ჩემზე ბრაზობდით და მას შემდეგ მთელი
ამ დროის განმავლობაში საკუთარ თავს ვლანძღავდი იმის გამო, რომ
მოურიდებლობა გამოვიჩინე და ჩემი საქმეებით შეგაწუხეთ. მაგრამ
ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ჩემი ფანტაზია ყოფილა და
სინამდვილეში არ მიწყრებით. რომ იცოდეთ, როგორი ნუგეში იყო
ჩემთვის, რომ გული გადაგიშალეთ, გაგანდეთ ის, რითიც ჩემი გონება
გამუდმებით არის დაკავებული. თანაგრძნობის უნარი, რომელიც

172
თქვენ გაგაჩნიათ, დაგეხმარათ იმაში, რომ მთავარი გაგეგოთ და
ყველაფერი დანარჩენი დაგევიწყებინათ.
– ჰო, რა თქმა უნდა, არ მიჭირს იმის დაჯერება, რომ თქვენთვის
დიდი შვება იყო, საიდუმლო რომ გამიზიარეთ. ეჭვიც არ შეგეპაროთ,
არასოდეს გექნებათ მიზეზი, ეს ინანოთ. თქვენი მდგომარეობა
ძალიან მძიმეა – ყოველი მხრიდან სერიოზული დაბრკოლებები
გაკრავთ გარს და თქვენი ურთიერთსიყვარულის მთელი ძალა
დაგჭირდებათ მათ გადასალახავად. მისტერ ფერარსი, რამდენადაც
ვიცი, მთლიანად დედამისზეა დამოკიდებული.
– თავისი საკუთარი მას მხოლოდ ორი ათასი გირვანქა
სტერლინგი აქვს და სიგიჟე იქნებოდა, ამ თანხით
დაქორწინებულიყო. თუმცა მე, ჩემი მხრივ, უფრო მეტი შემოსავლის
ყოველგვარ იმედს ადვილად შეველეოდი. ხელგაშლილ ცხოვრებას
არ ვარ მიჩვეული და მისი გულისთვის ყოველგვარ გაჭირვებას
უდრტვინველად გადავიტანდი. მაგრამ ის ისე მიყვარს, რომ საკუთარ
თავს ნებას ვერ მივცემ, ჩემი ეგოიზმის გამო დავაკარგვინო
ყველაფერი, რაც შეიძლება მას დედამ მისცეს, თუ მისი სურვილის
მიხედვით დაქორწინდება. ჩვენ უნდა ველოდოთ და შეიძლება,
ლოდინი დიდხანს მოგვიწიოს. სხვა კაცზე რომ იყოს ლაპარაკი,
ნებისმიერზე, ედვარდის გარდა, ეს აუტანელი იქნებოდა, მაგრამ ვიცი,
რომ ედვარდის სინაზესა და სიყვარულს ვერავინ წამართმევს.
– ასეთი რწმენა ფასდაუდებელი დასაყრდენი იქნება თქვენთვის
და ეჭვი არ არის, მასაც თქვენი ასეთი რწმენა აძლიერებს. თქვენი
ორმხრივი სიყვარული რომ შესუსტებულიყო, რაც სხვადასხვა
გარემოებების გავლენით ბევრ ადამიანს შეიძლებოდა დამართოდა
ნიშნობიდან მთელი ოთხი წლის განმავლობაში, თქვენი
მდგომარეობა გაცილებით უარესი იქნებოდა.
ლიუსიმ მას ყურადღებით შეხედა, მაგრამ ელინორი შეეცადა,
ისეთი გამომეტყველება ჰქონოდა, რომ მის სიტყვებს არანაირი ეჭვი
არ აღეძრა.

173
– ედვარდის ჩემდამი სიყვარულმა, – თქვა ლიუსიმ, – ძალიან
მკაცრ განსაცდელს გაუძლო ჩვენი ხანგრძლივი, ძალიან ხანგრძლივი
განშორების შემდეგ, მას მერე, რაც ჩვენ ერთმანეთს სიტყვა მივეცით.
და მან ეს ისე ღირსეულად გადაიტანა, რომ ჩემთვის მიუტევებელი
შეცდომა იქნებოდა, ახლა შემეტანა ეჭვი მასში. შემიძლია უყოყმანოდ
გითხრათ, რომ ამ მხრივ, სულ თავიდან მოყოლებული დღემდე,
ედვარდს ჩემთვის შეშფოთების ოდნავი საბაბიც არ მოუცია.
ელინორმა არ იცოდა, ამ სიტყვებზე გაეცინა თუ ამოეოხრა. ლიუსი
კი განაგრძობდა:
– ბუნებით საკმაოდ ეჭვიანი ვარ და იმან, რომ მისი ტოლი არ ვარ,
რომ ის ჩემზე ხშირად ტრიალებს მაღალ საზოგადოებაში და, ასევე,
ჩვენმა მუდმივმა განშორებებმა ძალიან დაკვირვებული გამხადა.
თვალის დახამხამებაში მივხვდებოდი სიმართლეს, მისი
დამოკიდებულება ჩემ მიმართ ჩვენი შეხვედრების დროს ოდნავაც
რომ შეცვლილიყო, ვთქვათ, დათრგუნვილობა შემემჩნია ან
რომელიმე ქალი სხვებზე ხშირად ეხსენებინა, ან ლონგსტეიპლში
თავი როგორღაც ისე ბედნიერად ვერ ეგრძნო, როგორც ადრე. მე
იმის თქმა სულაც არ მინდა, რომ შეუცდომელი ვარ და ჩემს თვალს
არაფერი გამოეპარება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არ შევცდებოდი.
“ეს ყველაფერი ძალიან კარგია, – ფიქრობდა ელინორი, – მაგრამ
ვერც ერთ ჩვენგანს ვერ მოატყუებს”.
– და მაინც, – თქვა მან ხანმოკლე სიჩუმის შემდეგ, – რა გეგმები
გაქვთ? იქნებ უბრალოდ აპირებთ, მისის ფერარსის სიკვდილს
დაელოდოთ, სამწუხარო ამბავს, რომელზე ფიქრიც კი
გაუმართლებელია? ნუთუ მისი შვილი თანახმაა, შეეგუოს ასეთ
მდგომარეობას და საკუთარი თავი მრავალი წლის განმავლობაში
გაურკვეველ სიტუაციაში ყოფნისთვის გაწიროს? უფრო ადვილი ხომ
არ იქნებოდა, რისკი გაგეწიათ, მისის ფერარსის უკმაყოფილების
გამოწვევის შიში დაგეძლიათ და ყველაფერში გამოტყდომოდით?
– ჩვენ რომ დარწმუნებული ვიყოთ, ეს ცოტა ხანი გაგრძელდება!
მაგრამ ის ძალიან ამაყი და ჯიუტი ქალია და მიჩვეულია, ყველაფერში
174
თავისი გაიტანოს. როცა სიმართლეს შეიტყობს, გაბრაზებულ გულზე
შეიძლება, მაშინვე ყველაფერი რობერტს მისცეს და ამიტომ,
ედვარდის გამო იძულებული ვარ, არ ვიჩქარო.
– და საკუთარი კეთილდღეობის გამოც. თუ თქვენი უანგარობა
კეთილგონიერების საზღვრებს არ სცდება.
ლიუსიმ ისევ შეხედა ელინორს, მაგრამ ხმა არ ამოუღია.
– და მისტერ რობერტ ფერარსს თუ იცნობთ? – ჰკითხა ელინორმა.
– არა, ის არასოდეს მინახავს, მაგრამ, როგორც გამიგონია, თავის
ძმას სრულებით არ ჰგავს. ერთი მოსულელო, პრანჭია კაცია.
– პრანჭია კაცი, – გაიმეორა მისს სტილმა, რომლის სმენამ ამ
სიტყვების გარჩევა შეძლო, რადგან მარიანამ ამ დროს კლავიშებიდან
თითები აიღო, – აჰა! ესე იგი, ესენი თავიანთ კავალრებზე საუბრობენ.
– არა, ჩემო დაო, – დაიყვირა ლიუსიმ, – შენ ცდები. ჩვენი
კავალრები სულაც არ არიან პრანჭიები.
– ყოველ შემთხვევაში, მისს დეშვუდის კავალერზე თავს დავდებ, –
გულიანად გაიცინა მისის ჯენინგსმა, – მასავით მოკრძალებულ და
კარგად აღზრდილ ახალგაზრდა კაცს იშვიათად შეხვდები, მაგრამ
რაც შეეხება ლიუსის, ის ისეთი პატარა ჩუმჩუმელა და ქვეშქვეშაა,
რომ ვერაფრით გაიგებ, ვინ მოსწონს.
– ოჰ, – წამოიძახა მისს სტილმა და მრავალმნიშვნელოვნად
გადახედა გარშემომყოფებს, – გავბედავ და ვიტყვი, რომ ლიუსის
კავალერი ზუსტად ისევე მოკრძალებულია, როგორც მისს დეშვუდის.
ელინორი უნებურად გაწითლდა, ლიუსიმ ტუჩი მოიკვნიტა და
თავის დას გაბრაზებით შეხედა. ერთხანს სრული სიჩუმე ჩამოვარდა,
მარიანამ შესანიშნავი მუსიკის დაკვრა დაიწყო, თითქოს სურს,
გოგონებს საიდუმლო საუბრის გაგრძელებაში დაეხმაროსო და
ლიუსი დაბალი ხმით ალაპარაკდა:
– მე თქვენ გულახდილად გაგანდობთ გეგმას, რომელიც ამ ბოლო
ხანს მომივიდა თავში. უბრალოდ ვალდებული ვარ, ეს გითხრათ,
რადგან თქვენ დაინტერესებული მხარე ხართ. დიდი ხანია ედვარდს
იცნობთ და გეცოდინებათ, რომ ის ყველა სხვა პროფესიას ეკლესიას
175
ამჯობინებს. ახლა ჩემი გეგმა ის არის, რომ მან რაც შეიძლება
მალე უნდა მიიღოს სასულიერო წოდება. შემდეგ კი, თქვენ
დახმარების იმედი მაქვს (დარწმუნებული ვარ, სიკეთეს გამოიჩენთ და
თქვენი ამდენი ხნის მეგობრობისა და, იმედია, ჩემდამი ცოტაოდენი
სიმპათიის გამოც, ამაზე უარს არ მეტყვით), შეძლებთ დაარწმუნოთ
თქვენი ძმა, მას ნორლენდის მრევლი გადასცეს. ეს ძალიან კარგი
იქნებოდა. გამიგონია, რომ ახლანდელი მღვდელი ცუდადაა და
დიდხანს ვერ გაძლებს. ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ
შევუღლდეთ, დანარჩენს კი ბედს მივანდობთ.
– მე ყოველთვის მოხარული ვიქნები, საქმით დავუმტკიცო ჩემი
მეგობრობა და პატივისცემა მისტერ ფერარსს, მაგრამ ხომ არ
გეჩვენებათ, რომ აქ ჩემი დახმარება საერთოდ არ არის საჭირო? ის
მისის ჯონ დეშვუდის ძმაა, ეს კი საუკეთესო რეკომენდაცია იქნება
მისი ქმრისათვის.
– მაგრამ მისის ჯონ დეშვუდმა შეიძლება არ მოისურვოს, რომ
ედვარდმა სასულიერო კარიერა აირჩიოს.
– ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, ჩემს დახმარებასაც აზრი არ
ექნება.
ისინი ისევ გაჩუმდნენ რამდენიმე წუთით, შემდეგ ლიუსიმ მძიმედ
ამოიოხრა და წამოიძახა:
– ალბათ ყველაზე გონივრული საქციელი იქნებოდა, ახლავე
გაგვეუქმებინა ეს ნიშნობა. ჩვენ გარშემო ხომ იმდენი გადაულახავი
დაბრკოლებაა. მძიმე პერიოდის გადატანა მოგვიწევს და დიდხანს
უბედურები ვიქნებით, მაგრამ დროთა განმავლობაში თანდათან
სულიერი სიმშვიდე დაგვიბრუნდება. თქვენ ხომ არ მირჩევდით
რაიმეს, მისს დეშვუდ?
– არა, – უპასუხა ელინორმა ღიმილით, რომლითაც შეეცადა,
აფორიაქებული გრძნობები დაეფარა, – ასეთ საქმეში ნამდვილად
ვერა. და მშვენივრად იცით, რომ ჩემს აზრს თქვენთვის არავითარი
მნიშვნელობა არ ექნება, თუ არ დაემთხვევა იმას, რაც თქვენ თვითონ
გსურთ.
176
– უნდა გითხრათ, რომ თქვენ ძალიან უსამართლო ხართ ჩემ
მიმართ, – თქვა ლიუსიმ ძალიან სერიოზულად, – არავის აზრს ისე არ
ვაფასებ, როგორც თქვენსას. და მე მართლა ვფიქრობ, რომ თუ თქვენ
მეტყოდით: “ჰო, მე გირჩევთ გააუქმოთ თქვენი ნიშნობა მისტერ
ფერარსთან, ეს თქვენ ორივეს ბედნიერს გაგხდით”, მე მაშინვე ასე
მოვიქცეოდი.
ელინორი ედვარდის მომავალი ცოლის ამ ყალბ სიტყვებზე
გაწითლდა და თქვა:
– ასეთი ქათინაურის შემდეგ ვერ გავბედავდი ჩემი აზრი
გამომეთქვა, კიდეც რომ მქონდეს ის. ჩემი გავლენა არ შეიძლება ასე
დიდი იყოს. უცხო ადამიანს არ უნდა ხელეწიფებოდეს ერთმანეთთან
ნაზი გრძნობით დაკავშირებული ორი ადამიანის განშორება.
– მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ თქვენ უცხო ადამიანი ხართ, –
ერთგვარი ღვარძლით თქვა ლიუსიმ ისე, რომ თითოეულ სიტყვას
მკვეთრად გაუსვა ხაზი, – თქვენი აზრი ჩემთვის ასეთ წონას იძენს. ამა
თუ იმ მიზეზის გამო მიკერძოებული რომ იყოთ, თქვენი აზრი ჩემთვის
არაფრად ეღირებოდა.
ელინორმა ჩათვალა, რომ გონივრული იქნებოდა, თუ ამაზე არ
უპასუხებდა. ფრთხილობდა და არ სურდა, ერთმანეთისთვის
მეტისმეტი გულახდილობისა და თავშეუკავებლობისთვის
ებიძგებინათ, და თითქმის გადაწყვიტა, რომ ამ თემაზე საუბარი
საერთოდ შეეწყვიტათ. ამას მოჰყვა ხანგრძლივი პაუზა, რომელიც ათ
წუთს მაინც გაგრძელდა. პირველი ისევ ლიუსი ალაპარაკდა.
– ამ ზამთარს ლონდონში იქნებით, მისს დეშვუდ? – ჰკითხა მან
მისთვის ჩვეული უცერემონიობით.
– რა თქმა უნდა, არა.
– რა სამწუხაროა!.. – თქვა ლიუსიმ, მაგრამ თვალები სიხარულით
გაუბრწყინდა. – მე ისეთ სიამოვნებას მომანიჭებდა დედაქალაქში
თქვენთან შეხვედრა... მაგრამ თქვენ ალბათ იქ მაინც წახვალთ.
დარწმუნებული ვარ, თქვენი ძმა და მისი ცოლი სტუმრად მიგიწვევენ.
– მე ვერ შევძლებ მათი მიწვევის მიღებას.
177
– აჰ! რა სამწუხაროა, მე კი როგორი იმედი მქონდა, რომ
ლონდონში გნახავდით. მე და ანა იანვრის ბოლოს მივდივართ იქ
ერთ ჩვენს ნათესავთან. უკვე რამდენიმე წელია გვიწვევენ. მაგრამ მე
მხოლოდ ედვარდის გამო მივდივარ. ის იქ თებერვალში იქნება. ისე
კი ლონდონი საერთოდ არ მიზიდავს. ახლა მაგის განწყობა არ მაქვს.
მალე პირველი რობერი დამთავრდა. ელინორს კარტის
მაგიდასთან უხმეს და ორი ლედის კონფიდენციალური საუბარი ამით
დასრულდა. ეს გარემოება არც ერთ მათგანს არ სწყენია, რამდენადაც
მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ შორის ერთი სიტყვაც კი არ
თქმულა ისეთი, რომელსაც შეიძლებოდა მათი ორმხრივი
სიძულვილი შეემცირებინა. ელინორი კარტის მაგიდას
მელანქოლიური განწყობით მიუჯდა, დარწმუნებული, რომ ედვარდს
არამცთუ არავითარი გრძნობა არ ჰქონდა მისი მომავალი ცოლის
მიმართ, არამედ იმის შანსიც კი არ ჰქონდა, ის მცირეოდენი
ბედნიერება მაინც ეპოვა ქორწინებაში, რომელსაც ლიუსის მისდამი
გულწრფელი სიყვარული მოუტანდა. მხოლოდ ანგარებასა და
ეგოიზმს შეეძლო ეიძულებინა ქალი, არ დაერღვია ნიშნობა
მამაკაცთან, რომელსაც, და ეს მან, ეტყობა, მშვენივრად იცოდა, ის
დიდი ხანია აღარ აინტერესებდა.
ამ საღამოს შემდეგ ელინორი მათი საუბრის თემას აღარ შეხებია.
თუმცა ლიუსი იშვიათად თუ გაუშვებდა შემთხვევას, მას მიბრუნებოდა
და როცა ედვარდისგან წერილს მიიღებდა, არასდროს ავიწყდებოდა,
თავისი ბედნიერება მეტოქისთვის გაეზიარებინა. მაგრამ ელინორი
მას წყნარად და ფრთხილად პასუხობდა, საუბარს წყვეტდა, როგორც
კი თავაზიანობა ამის შესაძლებლობას ოდნავ მაინც მისცემდა,
რადგან არ უნდოდა ლიუსისთვის დაუმსახურებელი სიამოვნება
მიენიჭებინა, საკუთარი თავისთვის კი ერთგვარი საფრთხე შეექმნა.
მისს სტილებმა ბარტონ-პარკში გაცილებით მეტი ხანი დაჰყვეს,
ვიდრე მათი მიწვევისას ითვლებოდა, რომ უნდა დარჩენილიყვნენ.
ისინი ახლა უფრო დიდ პატივში ჰყავდათ. მათ გარეშე ვერ ძლებდნენ.
სერ ჯონს მათ წასვლაზე სიტყვის გაგონებაც არ სურდა. მიუხედავად
178
წარსულში მიცემული მრავალრიცხოვანი დაპირებებისა და
ექსეტერში სასწრაფოდ წასვლის გადაუდებელი აუცილებლობისა,
რათა შესრულებულიყო პირობა, რომელსაც ვადა ყოველი კვირის
ბოლოს გასდიოდა, ისინი მასპინძლების თხოვნით რჩებოდნენ და
ბარტონში თითქმის ორი თვე დაჰყვეს. ჯეროვან მონაწილეობას
იღებდნენ იმ დღესასწაულისთვის მზადებაში, რომლისთვისაც, მისი
განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, ჩვეულებრივზე მეტი
მეჯლისებისა და დიდი წვეულებების გამართვაა საჭირო.

179
თავი 25

თუმცა მისის ჯენინგსს ჩვევად ჰქონდა, წლის უმეტესი ნაწილი


თავის ქალიშვილებთან და მეგობრებთან გაეტარებინა, ეს იმას არ
ნიშნავდა, რომ მას საკუთარი საცხოვრებელი არ ჰქონდა. ქმრის
სიკვდილის შემდეგ, რომელიც სარფიანად ვაჭრობდა ქალაქის არცთუ
არისტოკრატულ უბანში, ზამთარში ის პორტმენ-სკვერთან ახლოს
მდებარე თავის სახლში ბრუნდებოდა. და იანვრის მოახლოებასთან
ერთად, მისი ფიქრები სულ უფრო ხშირად დასტრიალებდა ამ სახლს,
რომელშიც მან ერთ მშვენიერ დღეს, ყველასათვის სრულიად
მოულოდნელად, უფროსი მისს დეშვუდები მიიწვია. ელინორმა,
რომელმაც ვერ შენიშნა, როგორ წამოენთო და მაშინვე გაუფერულდა
მისი დის სახე და ვერც სიხარულის ნაპერწკლის გაელვება დაინახა
მის თვალებში, მიპატიჟების გამო მადლიერების თავაზიანი
გამოხატვის შემდეგ, მტკიცედ და გადაჭრით თქვა უარი ორივეს
სახელით, სრულიად დარწმუნებულმა, რომ მარიანაც იმავე აზრის
იყო. მიზეზად ის დაასახელა, რომ წლის ამ დროს დედას მარტოს ვერ
მიატოვებდნენ. მისის ჯენინგსმა მისი ნათქვამი გაკვირვებით
მოისმინა და მიწვევა მაშინვე გაიმეორა.
– ღმერთო ჩემო, დარწმუნებული ვარ, დედათქვენი საკუთარ თავს
მშვენივრად მიხედავს, დამიჯერეთ. მე კი სულით და გულით გთხოვთ
კომპანია გამიწიოთ და იცოდეთ, არაფრის გაგონება არ მინდა. არ
იფიქროთ, რომ რამე საუხერხულო იყოს. მე თქვენ ოდნავაც არ
შემაწუხებთ. ბეტის საფოსტო კარეტით გავგზავნი. იმედი მაქვს, ეს არ
გამიჭირდება. ჩემს საგზაო ეკიპაჟში სამნი მშვენივრად
მოვთავსდებით. და თუ ლონდონში იქ წასვლა არ მოგინდებათ, სადაც
მე წავალ, ძალიანაც კარგი, ყოველთვის შეგეძლებათ, ჩემს ერთ-ერთ
ქალიშვილთან ერთად წახვიდეთ. ვიცი, რომ დედათქვენი
წინააღმდეგი არ იქნება, მე ხომ ისე კარგად მოვახერხე ჩემი

180
ქალიშვილებისთვის ბუდის მიჩენა, ის სწორედ შესაფერის
პიროვნებად ჩამთვლის საიმისოდ, რომ თქვენი თავი მე მომანდოს.
და თუ ერთი თქვენგანის გათხოვებასაც ვერ შევძლებ, იცოდეთ, რომ
ჩემი ბრალი ოდნავაც არ იქნება. შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ,
რომ ყველა ახალგაზრდა კაცს მოვუყვები თქვენი ღირსებების
შესახებ.
– მე როგორც ვატყობ, – თქვა სერ ჯონმა, – მისს მარიანას ამ
გეგმის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუ მისი უფროსი და
დათანხმდება. არ იქნებოდა სამართლიანი, მას ეს პატარა სიამოვნება
მოვაკლოთ მხოლოდ იმიტომ, რომ მისს დეშვუდი გაჯიუტდა. და
ამიტომ, მე თქვენ, ორივეს გირჩევთ, წყნარად წახვიდეთ ქალაქში,
როცა ბარტონი მოგწყინდებათ, ისე, რომ მისს დეშვუდს სიტყვაც არ
უთხრათ.
– მშვენიერია! – წამოიძახა მისს ჯენინგსმა. – მე მარიანას
კომპანიის დიდად მოხარული ვიქნები, მიუხედავად იმისა, წამოვა თუ
არა ჩვენთან ერთად მისს დეშვუდი. უბრალოდ, რაც უფრო მეტი
ვიქნებოდით, მით მეტად ვიხალისებდით. და ვფიქრობდი, რომ
მათთვის უფრო სასიამოვნო ერთად წამოსვლა იქნებოდა, რადგან,
როგორც კი ჩემთან ურთიერთობა მოსწყინდებოდათ, შეეძლებოდათ
ერთმანეთში ესაუბრათ და ზურგს უკან ჩემი ბებრული ჩვევებისთვის
დაეცინათ. მაგრამ თუ ორივე არა, ერთ-ერთი მათგანი მაინც უნდა
წავიყვანო. ღმერთმა დამიფაროს და, წარმოიდგინეთ, რა უნდა
ვაკეთო ლონდონში მარტომ. ამ ზამთრამდე მე ხომ ყოველთვის
შარლოტა მყავდა გვერდით. აბა, მარიანა, ხელი ხელს დავკრათ
შეთანხმების ნიშნად და თუ მისს დეშვუდი გადაიფიქრებს და
შემოგვიერთდება, ამას რაღა აჯობებს.
– გმადლობთ, მადამ, დიდ მადლობას გიხდით, – თქვა მარიანამ
გულთბილად, – ამ მიწვევისთვის მე თქვენი სამუდამოდ მადლიერი
ვიქნები. და ჩემთვის ბედნიერება იქნებოდა, დიდი ბედნიერება
იქნებოდა, მისი მიღება რომ შემეძლოს. მაგრამ ჩემი დედა, ჩემი
უძვირფასესი და უგულკეთილესი დედა... ელინორი მართალია, თუ
181
ჩვენი წასვლა მას ტკივილს მიაყენებს, სულიერ სიმშვიდეს
დაურღვევს... არა, მაშინ მე ვერაფერი მაიძულებს მის მიტოვებას.
ამაზე ლაპარაკიც არ ღირს.
მისის ჯენინგსმა კვლავ განაგრძო მათი დარწმუნება. მისის
დეშვუდი მშვენივრად გაძლებს თქვენ გარეშეო, გაიმეორა და
ელინორს, რომელიც ახლა თავის დას მიუხვდა, რომ უილობის ნახვის
სურვილი მას ყველაფრის მიმართ განურჩეველს ხდიდა,
წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. მხოლოდ ის თქვა, ამას დედა
გადაწყვეტსო, თუმცა იმედი არ ჰქონდა, რომ დედის სახით
მოკავშირეს იპოვიდა თავის მცდელობაში, თავიდან აერიდებინა
ლონდონში გამგზავრება. იქ ყოფნას არც მარიანასთვის იწონებდა,
თვითონ კი საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა, სიფრთხილე გამოეჩინა. რა
თქმა უნდა, დედა მარიანას ყოველ სურვილს მხარს დაუჭერდა.
როგორ უნდა ჩაეგონებინა დედისთვის, რომ ამ დელიკატურ საქმეში
წინდახედულების გამოჩენა მართებდა, ის ხომ მის რჩევებს
თავიდანვე არ აქცევდა ყურადღებას. იმის ახსნას კი, თვითონ რატომ
არ სურდა ლონდონში წასვლა, ელინორი ვერ ბედავდა. თუ აზიზი
მარიანა, რომელსაც მისის ჯენინგსის უხეში მანერები გულს ურევდა,
თანახმა იყო, თავისი მიზნის მისაღწევად შეგუებოდა მათ და ბევრ
სხვა რაიმეს, რაც მისი მგრძნობიარე ბუნებისთვის ძნელი ასატანი
იქნებოდა, ეს უდავოდ ამტკიცებდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო
მისთვის ეს მიზანი. ასეთი მტკიცებულება ელინორისთვის,
მიუხედავად ყველაფრისა, რაც კი მას ადრეც შეუმჩნევია, სრული
მოულოდნელობა გახლდათ.
როცა დედას უთხრა ამ მიწვევის შესახებ, მისის დეშვუდმა,
დარწმუნებულმა, რომ მისი ქალიშვილები ლონდონში დროს
მხიარულად გაატარებდნენ და შეამჩნია რა, როგორ ძლიერ უნდოდა
წასვლა მარიანას, გაგონებაც არ მოისურვა, რომ მიწვევაზე
შეიძლებოდა უარი ეთქვათ. მან დაჟინებით მოითხოვა, მისის
ჯენიგსისთვის დაუყოვნებლივ შეეტყობინებინათ, რომ თანახმა

182
იყვნენ; შემდეგ კი ხალისით, როგორც სჩვეოდა, ჩამოთვალა ყველა
სარგებელი, რასაც ეს დროებითი განშორება ყველას მოუტანდა.
– მე ამ გეგმით აღტაცებული ვარ, – წამოიძახა მან, – მასში არის
ყველაფერი, რაც შეიძლებოდა მესურვა. მე და მარგარეტი თქვენზე
არანაკლებ მოგებულები დავრჩებით. მას შემდეგ, რაც თქვენ და
მიდლტონები გაემგზავრებით, ჩვენ წყნარად და სასიამოვნოდ
გავატარებთ დროს წიგნების კითხვასა და მუსიკის მოსმენაში. როცა
უკან დაბრუნდებით, მარგარეტის წინსვლას აუცილებლად შეამჩნევთ.
გარდა ამისა, დიდი ხანია ვფიქრობ, თქვენს საწოლ ოთახებში
რაღაცები შევცვალო და ახლა ამის გაკეთება ისე შეიძლება, რომ
თქვენ ოდნავი დისკომფორტიც არ შეგექმნებათ. ლონდონი კი, ჩემი
აზრით, თქვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება. საერთოდ, თქვენი
წრის ქალიშვილებისათვის აუცილებელია, დედაქალაქის წეს-
ჩვეულებებსა და გართობებში ერკვეოდნენ. თქვენ საუკეთესო ქალის
მეურვეობის ქვეშ იქნებით, რომლის კეთილგანწყობაში თქვენ
მიმართ ეჭვი არ მეპარება. დიდი შანსია, რომ იქ თქვენს ძმას შეხვდეთ
და რამდენი ნაკლიც არ უნდა ჰქონდეთ მას და მის ცოლს, არ
შემიძლია დავივიწყო, ვისი ვაჟიშვილია ის და ჩემთვის აუტანელია
გაფიქრებაც კი, რომ თქვენ შეიძლება ერთმანეთისაგან მთლად
გაუცხოვდეთ.
– თქვენ, როგორც ყოველთვის, მხოლოდ ჩვენს ბედნიერებაზე
ფიქრობთ, დედა, – თქვა ელინორმა, – და გვერდს უვლით ყველა იმ
დაბრკოლებას, რამაც შეიძლება ამ გეგმის შესრულებას ხელი
შეუშალოს. და მაინც, რჩება ერთი დაბრკოლება, რომლის
უგულებელყოფა, ჩემი აზრით, არაფრით არ შეიძლება.
მარიანას სახე მოეღუშა.
– რის შესახებ სურს ჩემს საყვარელ, გონიერ ელინორს, რომ
გამაფრთხილოს? – თქვა მისის დეშვუდმა. – რომელია ეს
გადაულახავი დაბრკოლება, რომლის დასახელებაც სურს? ოღონდ
ხარჯებზე არაფერი მითხრა!

183
– აი, ეს არის: მე ძალიან მაღალი აზრის ვარ მისის ჯენინგსის
გულზე და მაინც, იგი ის ქალი არ არის, რომლის კომპანია ჩვენთვის
სასიამოვნოა, მფარველობა კი – კარგი რეკომენდაცია მაღალი
საზოგადოებისათვის.
– ეს სრული სიმართლეა, – უპასუხა დედამ, – მაგრამ მასთან
მარტო დარჩენა თქვენ თითქმის არ მოგიწევთ, ხალხში კი უმეტესად
ლედი მიდლტონის თანხლებით გამოჩნდებით.
– თუ ელინორი მზად არის უარი თქვას იმიტომ, რომ მისის
ჯენინგსს ვერ იტანს, – თქვა მარიანამ, – ყოველ შემთხვევაში, ამან მე
ხელი არ უნდა შემიშალოს, მისი მიწვევა მივიღო. მე ასეთი წუნია არ
ვარ და ვფიქრობ, შემიძლია, ასეთ უსიამოვნებებს განსაკუთრებული
ძალისხმევის გარეშე შევეგუო.
ელინორს უნებურად გაეღიმა ასეთ განურჩევლობაზე იმ ქალის
მანერების მიმართ, რომელთანაც მარიანა ძლივს ახერხებდა
თავაზიანი ყოფილიყო, და ისიც მას შემდეგ, როცა უფროსი და
მრავალი თხოვნის შემდეგ გაჭირვებით დაიყოლიებდა. და ელინორმა
თავის გულში გადაწყვიტა, რომ თუ მარიანა წასვლას დაიჟინებდა,
ისიც თან წაჰყოლოდა, რადგან უმცროსი დის საკუთარი თავის ამარად
დატოვება გამართლებულად არ მიაჩნდა, ისევე როგორც ის, რომ
მისის ჯენინგსი საკუთარ სასტუმრო ოთახში მარტო ყოფნისთვის
გაეწირა მოცალეობის საათებში მხოლოდ მარიანას საზოგადოებაში.
წასვლის აუცილებლობას კიდევ უფრო მეტად მაშინ შეეგუა, როცა
გაახსენდა, რომ ედვარდ ფერარსი, ლიუსის სიტყვებით, ლონდონში
თებერვლამდე არ აპირებდა ჩასვლას, იმ დროისთვის კი მათი ვიზიტი
ზედმეტი აჩქარების გარეშე შეიძლებოდა დასრულებულიყო.
– არა, რა თქმა უნდა, – განაცხადა მისის დეშვუდმა, – თქვენ
ორივენი წახვალთ. ყველა ეს დაბრკოლება უბრალოდ სისულელეა.
ლონდონში ცხოვრება დიდ სიხარულს მოგიტანთ, განსაკუთრებით
იმიტომ, რომ ერთად იქნებით. და თუ ელინორი შემწყნარებლობას
გამოიჩენს და გარდა დაბრკოლებებისა, სიამოვნებასაც დაინახავს, ის

184
უეჭველად აღმოაჩენს, რომ მისი წყარო სხვადასხვა შეიძლება იყოს.
მაგალითად, რატომ არ უნდა გაიცნოს ახლოს მისი რძლის ოჯახი?
ელინორი ხშირად ეძებდა ხელსაყრელ შემთხვევას, შეესუსტებინა
დედამისის რწმენა, რომ ედვარდს და მას ორმხრივი სიყვარული
აკავშირებდათ. ეს რამდენადმე შეარბილებდა დარტყმას, რომელსაც
ის მიიღებდა, როცა სიმართლე გაირკვეოდა. და აი, ახლა ამ
ქარაგმულ მინიშნებაზე მან, თუმცა კი თვლიდა, რომ წარმატების
თითქმის არავითარი იმედი არ ჰქონდა, საკუთარი თავი აიძულა,
განზრახვის სისრულეში მოყვანას შესდგომოდა.
– მე ედვარდ ფერარსი ძალიან მომწონს და ყოველთვის
მოხარული ვიქნები მისი ნახვის, – თქვა მან, – მაგრამ მისი ოჯახის
დანარჩენი წევრები საერთოდ არ მაინტერესებს. და ჩემთვის
სულერთია, გავიცნობ მათ თუ არა.
მისის დეშვუდმა გაიღიმა და არაფერი უპასუხა. მარიანამ
გაკვირვებით აღაპყრო თვალები და ელინორი მიხვდა, რომ ასეთივე
წარმატებით შეეძლო საერთოდ არაფერი ეთქვა.
ამით დავა დამთავრდა და მალე ისინი საბოლოოდ შეთანხმდნენ
იმაზე, რომ მიწვევა მიღებული იქნებოდა უდავოდ და
ერთმნიშვნელოვნად. როცა ამის შესახებ შეიტყო, მისის ჯენინგსს
ძალიან გაუხარდა და არ დაუშურებია დაპირებები, გოგონებს
ზრუნვასა და გართობას არ მოვაკლებო. მაგრამ ის ერთადერთი არ
გახლდათ, ვინც დები დეშვუდების თანხმობამ გაახარა. სერ ჯონიც
ძალიან კმაყოფილი იყო. ადამიანისთვის, რომელსაც ყველაზე მეტად
მარტოობაში თუნდაც ერთი დღის გატარების ეშინოდა, მისი
ლონდონის წრისთვის ორი წევრის დამატება საკმაოდ ბევრს
ნიშნავდა. ლედი მიდლტონმაც კი თავს ძალა დაატანა და სიხარული
გამოხატა, რაც მისთვის სრულიად უჩვეულო იყო. მისს სტილი და
განსაკუთრებით ლიუსი კი ცხოვრებაში ასეთი ბედნიერები არასოდეს
ყოფილან, როგორც იმ წუთს, როცა ესოდენ სასიამოვნო ახალი
ამბავი შეიტყვეს.

185
თუმცა კი თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, მაგრამ მაინც,
ელინორი არცთუ ისე უხალისოდ დათანხმდა, როგორც ელოდა.
მისთვის არსებითად სულერთი იყო, ლონდონში წავიდოდა თუ არა,
მაგრამ ხედავდა რა, როგორი კმაყოფილი იყო დედა და როგორი
აღტაცებული – მარიანა, რომლის სახემ, ხმამ და მანერებმა
ადრინდელი სიცოცხლე და კიდეც უფრო მეტი მხიარულება შეიძინა,
ელინორს უბრალოდ არ შეეძლო უკმაყოფილება გამოეხატა და
საკუთარ თავს უფლებას ვერ მისცემდა, შესაძლო შედეგების გამო
შეშინებულიყო.
მარიანას სიხარული უფრო ექსტაზს ჰგავდა, ისე დიდი იყო მისი
მღელვარება და სურვილი, გზას რაც შეიძლება მალე დასდგომოდნენ.
მხოლოდ დედასთან მოახლოებული განშორება აოკებდა მას და
დამშვიდობების წინ მის მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა. დედამისიც
არანაკლებ განიცდიდა და ამ სამეულიდან, როგორც ჩანდა, მხოლოდ
ელინორს ახსოვდა, რომ ისინი ერთმანეთს სულაც არ შორდებოდნენ
სამუდამოდ.
ისინი იანვრის პირველ კვირაში გაემგზავრნენ. მიდლტონები მათ
კვალს დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ უნდა დასდგომოდნენ.
დებმა სტილებმა ბოლომდე შეინარჩუნეს თავიანთი პოზიციები
ბარტონ-პარკში და ახლა ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად უნდა
გამგზავრებულიყვნენ.

186
თავი 26

ელინორს, რომელიც ლონდონისკენ მიმავალ მისის ჯენინგსის


კარეტაში აღმოჩნდა როგორც ამ ქალბატონის მფარველობის ქვეშ
მყოფი და როგორც მისი სტუმარი, ცოტა არ იყოს, თავისი
მდგომარეობა აკვირვებდა. იმდენად ხანმოკლე იყო მათი ნაცნობობა,
იმდენად განსხვავებულები იყვნენ ისინი ერთმანეთისაგან როგორც
ასაკით, ასევე მიდრეკილებებით და იმდენად ეწინააღმდეგებოდა ის
ამ ვიზიტს სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ. მაგრამ ეს ყველაფერი
უგულებელყოფილი და დაძლეული იქნა ისეთი ახალგაზრდული
მგზნებარებით, რომელიც მარიანასა და დედამისისთვის თანაბრად
იყო დამახასიათებელი. და ელინორს, თუმცა უილობის ერთგულება
ხანდახან მასში ეჭვს იწვევდა, როცა უცქერდა დის აღტაცებულ
მოლოდინს, რომლითაც სული ჰქონდა სავსე და თვალები
უბრწყინავდა, არ შეეძლო არ ეგრძნო, როგორი უიმედო იყო თვით
მისი მომავალი. არც აწმყო ახარებდა რაიმეთი და რომ შესძლებოდა,
საკუთარი თავისთვისაც იმ გაურკვევლობას არჩევდა, რომლითაც
მარიანა იყო მოცული. ოღონდ კი წინ სანუკვარი მიზანი ყოფილიყო,
ოღონდ კი მასაც ჰქონოდა ოცნების უფლება და იმედი. ცოტა, ძალიან
ცოტა ხანში უნდა გარკვეულიყო, რა ზრახვები ჰქონდა უილობის. ის
ახლა ალბათ უკვე დედაქალაქში იმყოფებოდა. მარიანას
მოუთმენელი სურვილი იქ სწრაფად ჩაღწევისა, აჩვენებდა, რომ
უილობი იქ ეგულებოდა. გარდა ამისა, ელინორი აპირებდა, მისი
ხასიათი იმდენად დეტალურად შეესწავლა, რამდენადაც ამის
შესაძლებლობას თავისი დაკვირვების უნარი და სხვების ნათქვამი
მისცემდა; და ამასთან ერთად, დიდი ყურადღებით ედევნებინა თვალი
მარიანას მიმართ მისი ქცევებისათვის, რათა მათი პირველივე
შეხვედრისთანავე მიმხვდარიყო, ვინ იყო უილობი სინამდვილეში და
რა უნდოდა. თუკი მისი დაკვირვების შედეგი არასახარბიელო

187
იქნებოდა, ის ყოველ შემთხვევაში, შეეცდებოდა მაინც, თავისი
დისთვის თვალები აეხილა. და თუ პირიქით, მაშინ იგივე ძალისხმევა
იმისკენ უნდა მიემართა, რომ ეგოისტური შედარებებისთვის თავი
აერიდებინა და განედევნა ყოველგვარი წუხილი, რასაც შეეძლო
მარიანას სიხარულის გაზიარებაში ხელი შეეშალა.
მგზავრობა სამ დღეს გაგრძელდა და მარიანას ქცევა შესანიშნავი
ნიმუში აღმოჩნდა იმისა, თუ როგორი ყურადღებისა და თავაზიანობის
მოლოდინი შეიძლებოდა ჰქონოდა მისგან მისის ჯენინგსს. მთელი
გზის განმავლობაში ის თავის ფიქრებში ჩაფლული დუმდა, საუბარში
არ ერთვებოდა, თუ არ ჩავთვლით აღტაცებულ წამოძახილებს ამა თუ
იმ გულის წამღები პეიზაჟის დანახვისას, თუმცა მაშინაც მხოლოდ
ელინორს მიმართავდა. უხერხულობა რომ გაეფანტა, ელინორმა
თავაზიანი სტუმრის როლი საკუთარ თავზე აიღო და დიდ ყურადღებას
იჩენდა მისის ჯენინგსის მიმართ, ესაუბრებოდა, იცინოდა მასთან
ერთად, უსმენდა მის ლაპარაკს, როგორც შეეძლო. და მისის
ჯენინგსიც ორივე მათგანს ძალიან თბილად ექცეოდა, მუდმივად
ზრუნავდა მათზე, ცდილობდა, რაც შეიძლებოდა კომფორტულად
მოეწყო ისინი, რომ მგზავრობის სიძნელეები შემსუბუქებოდათ.
მხოლოდ იმის გამო იტანჯებოდა, რომ დები სასტუმროში სადილის
თვითონ შეკვეთაზე უარს ამბობდნენ და არ სურდათ ეღიარებინათ,
ორაგული ერჩიათ თუ ვირთევზა, მოხარშული დედალი თუ ხბოს
ხორცის კატლეტები. დედაქალაქში მესამე დღეს შევიდნენ, სამ
საათზე. უხაროდათ, რომ ვიწრო კარეტას ტოვებდნენ და დანთებულ
ბუხართან დასვენების ნეტარება ედოთ წინ.
სახლი ძალიან ლამაზი და შესანიშნავად მორთული იყო. მარიანა
და ელინორი მაშინვე განიერ, მყუდრო ოთახში დააბინავეს. ადრე ის
შარლოტას ოთახი იყო და ბუხრის თაროს ზემოთ ჯერ კიდევ ეკიდა მის
მიერ ფერადი აბრეშუმით ნაქარგი პეიზაჟი, რომელიც ამტკიცებდა,
რომ მას შვიდი წელი დედაქალაქის სახელგანთქმულ პანსიონში
ამაოდ არ გაუტარებია.

188
სადილი ორი საათის შემდეგ უწევდათ და ელინორმა გადაწყვიტა,
ეს დრო დედისთვის წერილის მისაწერად გამოეყენებინა. რამდენიმე
წუთის შემდეგ მარიანამაც კალამს მოჰკიდა ხელი.
– სახლში გასაგზავნ წერილს ვწერ, მარიანა, – თქვა ელინორმა, –
ხომ არ აჯობებს, შენ ორიოდე დღის შემდეგ მისწერო?
– მე დედისთვის მიწერას არ ვაპირებ, – უპასუხა მარიანამ
აჩქარებით, თითქოს უნდოდა, შემდგომი კითხვებისთვის თავი
დაეღწია.
ელინორი გაჩუმდა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მისი და
უილობის წერდა. და პირველ დასკვნას მაშინვე მეორე მოჰყვა:
როგორც არ უნდა ეცადათ საიდუმლოდ შეენახათ, ისინი უდავოდ
დანიშნულები იყვნენ. ასეთმა დასკვნამ, თუმცა კი ის ადგილს
ტოვებდა შეშფოთებისათვის, ელინორი ძალიან გაახარა და წერილის
წერა ხალისით განაგრძო. მარიანამ ორიოდ წუთის შემდეგ კალამს
ხელი გაუშვა, ეტყობა, მოკლე მინაწერით დაკმაყოფილდა, რომელიც
შემდეგ დაკეცა, დალუქა და მისამართი დააწერა. ელინორს მოეჩვენა,
რომ ადრესატის გვარი “უ” ასოთი იწყებოდა, თუმცა ამას
დაბეჯითებით ვერ იტყოდა. მარიანამ მაშინვე ზარი დარეკა და ოთახში
შემოსულ ლაქიას დაავალა, წერილი ორპენსიანი ფოსტით გაეგზავნა
[ჯეინ ოსტინის დროს საფოსტო გზავნილების თანხას იხდიდა არა
გამგზავნი, არამედ ადრესატი. გადახდის სისტემა საკმაოდ რთული
იყო და არა მხოლოდ მანძილზე, არამედ ფურცლების რაოდენობაზეც
იყო დამოკიდებული. შიდა საქალაქო წერილების გადახდა
უნიფიცირებულ იქნა მე-17 საუკუნეში. მე-18 საუკუნის ბოლოს მისი
ღირებულება ორ პენსს შეადგენდა.], რაც შესრულებულ იქნა.
მარიანა ჯერ კიდევ ძალიან მხიარულ განწყობაზე იყო, მაგრამ ეს
მხიარულება მალავდა აღგზნებას, რაც ელინორს ძალიან არ
მოსწონდა. საღამოს მოახლოებასთან ერთად აღგზნება სულ უფრო
და უფრო ძლიერდებოდა.

189
სადილზე მას ხელი თითქმის არაფრისთვის დაუკარებია, შემდეგ
კი, როცა სასტუმრო ოთახში მოიყარეს თავი, მარიანა აღელვებისაგან
კრთოდა, როცა მოახლოებული ეკიპაჟის ხმას გაიგონებდა.
ელინორისთვის დიდი შვება იყო, რომ მისის ჯენინგსი თავის
ოთახს ალაგებდა და საშუალება არ ჰქონდა თვალყური ედევნებინა,
რაც ხდებოდა. სანამ ჩაის შემოიტანდნენ, მარიანას არაერთი
იმედგაცრუების გადატანა მოუწია, რადგან ყოველთვის სხვის კარზე
აკაკუნებდნენ. მაგრამ უცებ ხმამაღალი კაკუნი გაისმა, რაც სტუმრის
მოსვლას მოასწავებდა. ელინორი დარწმუნებული იყო, რომ საცაა
ზღურბლზე უილობი გამოჩნდებოდა, მარიანა კი წამოხტა და კარისკენ
გაემართა. სიჩუმე ჩამოვარდა და როცა ვეღარ გაუძლო ლოდინს,
რომელიც უკვე რამდენიმე წამი გრძელდებოდა, მან კარი გააღო,
კიბისკენ ნაბიჯი გადადგა, დაახლოებით ნახევარი წუთით მიაყურადა
და ოთახში უკიდურესად აღელვებული დაბრუნდა, რაც ადვილად
აიხსნებოდა: მას უილობის ხმა მოესმა. უგონო ექსტაზში მარიანამ
თავი ვერ შეიკავა და წამოიძახა:
– აჰ, ელინორ, ეს უილობია. ის არის, ის!
და თითქოს უკვე მზად იყო, მას მკლავებში ჩავარდნოდა, როცა
ოთახში პოლკოვნიკი ბრენდონი შემოვიდა.
ეს მეტისმეტად დიდი შოკი გახლდათ საიმისოდ, რომ მისი
მშვიდად გადატანა მოეხერხებინა და მარიანა მაშინვე ოთახიდან
გავიდა. ელინორსაც იმედი გაუცრუვდა, თუმცა პოლკოვნიკ
ბრენდონის დანახვამ გულწრფელად გაახარა, მაგრამ შეწუხდა იმის
გაფიქრებაზე, რომ კაცი, რომელიც ასეთი ერთგული იყო მისი დის
მიმართ, შეამჩნევდა, როგორ აწყენინა და იმედები გაუცრუა მარიანას
თავისი მოსვლით. და ელინორი მაშინვე დარწმუნდა, რომ
პოლკოვნიკის გამჭრიახ თვალს ეს არ გამოჰპარვია. მან მარიანა
ისეთი დაბნეული და სევდიანი მზერით გააცილა, რომ დაავიწყდა,
მეორე დას ჩვეული თავაზიანობით მისალმებოდა და მას პირდაპირ
შეკითხვა დაუსვა:
– თქვენი და ავად ხომ არ არის?
190
ცოტა არ იყოს დაბნეულმა ელინორმა უპასუხა, თავს შეუძლოდ
გრძნობსო და მაშინვე თავის ტკივილზე, მგზავრობისგან გადაღლაზე,
გაღიზიანებულ ნერვებსა და იმ ყველაფერზე ალაპარაკდა, რითაც
მისი დის არცთუ თავაზიანი საქციელის ახსნა შეიძლებოდა.
პოლკოვნიკი მას ძალიან ყურადღებით უსმენდა, მაგრამ, როგორც
ჩანს, უკვე მოასწრო, საკუთარი თავი ხელში აეყვანა და ამ თემას უკან
აღარ მიჰბრუნებია. მხოლოდ ის თქვა, რომ ძალიან ბედნიერი იყო
მათი ლონდონში ხილვით და ბოლოს იკითხა, როგორ იმგზავრეთ და
ჩვენი საერთო ნაცნობები როგორ არიანო.
და ასე წყნარად განაგრძეს საუბარი თემებზე, რომელიც არც ერთ
მათგანს დიდად არ აინტერესებდა, ორივე უხასიათოდ იყო, ორივე
სხვა რამეზე ფიქრობდა. ელინორს უნდოდა ეკითხა, უილობი
ლონდონში იყო თუ არა, მაგრამ ეშინოდა, რომ მისი მეტოქის
ხსენებით ტკივილს მიაყენებდა. ბოლოს და ბოლოს, როცა უკვე აღარ
იცოდა, რაზე ელაპარაკა, ჰკითხა: მთელი ეს დრო, ჩვენი უკანასკნელი
შეხვედრის შემდეგ ლონდონში გაატარეთო?
– ჰო, – უპასუხა მან ერთგვარი ყოყმანით, – თითქმის. ორჯერ,
რამდენიმე დღით, დელაფორდში წავედი. ბარტონში დაბრუნება კი
ვერაფრით მოვახერხე.
მისმა სიტყვებმა და ტონმა ელინორს მაშინვე შეახსენა
პოლკოვნიკის ბარტონიდან გამგზავრების ყველა გარემოება და ასევე
მისის ჯენინგსის მომაბეზრებელი შეკითხვები და ეჭვები, და შეეშინდა
თვით მისი შეკითხვები არ გამოჩენილიყო ცნობისმოყვარეობად,
რომელიც მას არც მაშინ და არც ახლა არ აწუხებდა.
სასტუმრო ოთახში მისის ჯენინგსი შემოვიდა.
– აჰ, პოლკოვნიკო, – თქვა მან მისთვის ჩვეული ხმაურიან-
მხიარული ტონით. – საშინლად მოხარული ვარ, რომ თქვენ გხედავთ.
ბოდიში, რომ უფრო ადრე მოსვლა ვერ შევძელი... უმორჩილესად
გთხოვთ მაპატიოთ, მაგრამ იძულებული ვიყავი, სახლში რაღაც
საქმეებისთვის მიმეხედა. შინ დიდი ხანია არ ვყოფილვარ და ხომ
იცით, რამდენი წვრილმანი იყრის თავს, როცა სახლი ასე
191
ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიტოვებული გაქვს. და კიდევ,
კარტრაიტი ხომ უნდა გადამეხადა. ღმერთო მიშველე და, სადილის
შემდეგ ერთი წუთი არ დამისვენია. მაგრამ, პოლკოვნიკო, მითხარით,
როგორ მიხვდით, რომ ჩამოვედი?
– მქონდა ბედნიერება, ამის შესახებ პალმერებთან გამეგონა,
სადაც სადილად ვიყავი.
– აბა უყურე! და როგორ ცხოვრობენ ისინი? და შარლოტა? ახლა
კარგა დიდი მუცელი ექნება.
– მისის პალმერი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურება და
დამავალა გადმომეცა თქვენთვის, რომ ხვალ აქ მოსვლას აპირებს.
– დიახ, დიახ, ასეც ვფიქრობდი. მაგრამ, პოლკოვნიკო, როგორც
ხედავთ, ორი ახალგაზრდა ლედი ჩამოვიდა ჩემთან ერთად. ანუ
თქვენ ახლა მხოლოდ ერთს ხედავთ, მაგრამ სადღაც, ახლო-მახლოში
მეორეც არის. და ვიღაც კი არა, არამედ თქვენი მეგობარი მისს
მარიანა, რისი მოსმენაც თქვენთვის, რა თქმა უნდა, სასიამოვნო
იქნება. მაგრამ არ ვიცი, თქვენი და უილობის საქმე როგორ იქნება
მასთან დაკავშირებით. რა მშვენიერია, იყო ახალგაზრდა და ლამაზი!
ახალგაზრდა მეც ვიყავი ერთ დროს, თუმცა არც ისე ლამაზი, ჩემდა
საუბედუროდ. მაგრამ შესანიშნავ კაცს გავყევი და ძალიან ლამაზიც
რომ ვყოფილიყავი, სხვას რას ვიზამდი? საცოდავი! უკვე რვა წელია
გარდაიცვალა, და მეტიც. აბა, პოლკოვნიკო, სად იყავით მას შემდეგ,
რაც უკანასკნელად გნახეთ? როგორ მიდის თქვენი საქმე?
გვითხარით. მეგობრებს შორის ხომ საიდუმლო არ უნდა იყოს.
პოლკოვნიკმა ყველა შეკითხვას მისთვის დამახასიათებელი
რბილი ტონით უპასუხა, მაგრამ ისე, რომ მისის ჯენინგსმა თავისი
ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება ვერ შეძლო. ელინორი ჩაის
მოდუღებას შეუდგა და მარიანა იძულებული იყო, კვლავ
გამოჩენილიყო.
მისი გამოჩენისთანავე პოლკოვნიკი ბრენდონი კიდევ უფრო
სერიოზული და სიტყვაძვირი გახდა, ვიდრე მანამდე იყო. შემდეგ კი

192
გამოემშვიდობა მათ და წავიდა, მიუხედავად მისის ჯენინგსის
თხოვნისა, ცოტა ხნით მაინც დარჩენილიყო.
მომდევნო დილით მარიანას შესანიშნავ ხასიათზე გაეღვიძა.
მთელი არსებით სიხარულს ასხივებდა. გასული საღამოს
იმედგაცრუება დავიწყებული იყო ახალი დღით ტკბობის მოლოდინში.
საუზმე ახალი დამთავრებული ჰქონდათ, როცა კართან მისის
პალმერის კარეტა შეჩერდა და ერთი წუთის შემდეგ ახალმოსული
სიცილით შევიდა სასტუმრო ოთახში და ისეთი სიამოვნებით
მიესალმა ყველას, რომ ძნელი სათქმელი იყო, ვისი ნახვა უფრო
გაუხარდა – საკუთარი დედის თუ ბარტონელი ნაცნობების.
გაკვირვება გამოხატა მათი ჩამოსვლით, თუმცა თქვა, რომ სწორედ
ამას ელოდა. დებს უსაყვედურა, რომ დედამისის მიწვევა მიიღეს, მას
შემდეგ, რაც მას უარი უთხრეს. ამავე დროს, ისიც დასძინა,
ვერასოდეს გაპატიებდით, რომ არ ჩამოსულიყავითო.
– მისტერ პალმერი მოხარული იქნება თქვენი ხილვის, –
განაგრძობდა ის, – აბა, თუ მიხვდებით, რა თქვა, როცა გაიგო, რომ
თქვენ დედასთან ერთად მოდიოდით? მართალი გითხრათ, აღარ
მახსოვს, რა თქვა, მაგრამ რაღაც ძალიან სასაცილო კი იყო.
ერთი თუ ორი საათი საუბარში გაატარეს, რასაც მისის ჯენინგსი
ენის მოფხანას ეძახდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის დანარჩენებს
უამრავ შეკითხვებს აყრიდა ყველა მათი ნაცნობის შესახებ, მისის
პალმერი კი ამ დროს სრულიად უმიზეზოდ იცინოდა; შემდეგ ამ
უკანასკნელმა ყველას მაღაზიებში წასვლა შესთავაზა, სადაც მას
თურმე იმ დილით საქმეები ჰქონდა. მისის ჯენინგსი და ელინორი
მაშინვე დათანხმდნენ, რადგან მათაც სურდათ რაღაცების შეძენა,
მარიანამ კი თავიდან უარი განაცხადა, თუმცა ბოლოს მათ თხოვნას
დაჰყვა.
მაგრამ, სადაც კი შედიოდნენ, მარიანა ყველგან ფრთხილად იყო,
განსაკუთრებით ბონდ სტრიტზე, სადაც მათ დროის მნიშვნელოვანი
ნაწილი გაატარეს, ის გამუდმებით აქეთ-იქით იყურებოდა. რომელ
მაღაზიაშიც არ უნდა ყოფილიყვნენ, დაბნეულობისგან ვერ არჩევდა,
193
რას აჩვენებდნენ, ოდნავაც არ იზიარებდა თავისი თანამგზავრების
ინტერესებს. მოღუშული იყო, ადგილს ვერ პოულობდა და მისი და
ამაოდ ეკითხებოდა აზრს, მაშინაც კი, როცა არჩევანი ორივეს
თანაბრად ეხებოდა. არაფერი არ ანიჭებდა სიამოვნებას, ვეღარ
ითმენდა, ისე უნდოდა სახლში დაბრუნება; ძლივს ახერხებდა,
გაბრაზება არ გამოეხატა, როცა ხედავდა, როგორ ზოზინობდა მისის
პალმერი, რომლის მზერას ყველა ლამაზი, ძვირფასი და ახალი ნივთი
იპყრობდა; რომელსაც გაგიჟებით სურდა ყველაფერი ეყიდა, მაგრამ
ერთის არჩევასაც ვერ ახერხებდა და დროს აღტაცების გამოხატვასა
და მერყეობაში ფლანგავდა.
სახლში შუადღისას დაბრუნდნენ და როგორც კი ზღურბლზე
გადააბიჯეს, მარიანამ კიბეები ელვის სისწრაფით აირბინა. ელინორი
უკან გაჰყვა და როცა მიუახლოვდა, მარიანა მისკენ შებრუნდა,
მწუხარე სახით, უსიტყვოდ აგრძნობინა, რომ უილობის ვიზიტი არ
შედგა.
– ჩემს სახელზე წერილი ხომ არ დაუტოვებიათ, სანამ გასული
ვიყავი? – ჰკითხა მან ლაქიას, რომელიც ოთახში რაღაც პაკეტებით
შევიდა. არა, წერილი დატოვებული არ იყო.
– და თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ მსახურს ან პორტიეს
რაიმე წერილი ან ბარათი არ მოუტანია?
ლაქიამ უპასუხა, არავინ მოსულა.
“მართლაც უცნაურია, – ფიქრობდა ელინორი და დას
შეშფოთებული მისჩერებოდა, – მან, როგორც ჩანს, ზუსტად იცოდა,
რომ უილობი ლონდონშია, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ქალაქის
მისამართზე კი არა, არამედ კომბე-მაგნაში მისწერდა. და თუ ის აქ
არის, რა უცნაურია, რომ არც მოვიდა და არც მოიწერა. ოჰ, ჩემო
ძვირფასო დედიკო, თქვენ ეტყობა შეცდით, როცა თანხმობა მიეცით
თქვენი ასე ახალგაზრდა ქალიშვილისა და იმ კაცის ნიშნობას,
რომელსაც თითქმის არ ვიცნობთ. და უფლება მიეცით, რომ
ყველაფერი ასეთი გაურკვეველი და იდუმალებით მოცული

194
დარჩენილიყო. ძალიან მინდა რაღაცები ვკითხო, მაგრამ ვიცი, რომ
ჩემი ჩარევა აუტანელი იქნება მისთვის”.
მან ცოტა ხანს იფიქრა და გადაწყვიტა, რომ თუ ასეთი მძიმე
მდგომარეობა გაგრძელდებოდა, შეეცდებოდა, მისის დეშვუდი ამ
საქმესთან დაკავშირებით სერიოზული გაკითხვა-გამოკითხვის
აუცილებლობაში დაერწმუნებინა.
იმ დღეს მათთან ერთად, მისის პალმერის გარდა, კიდევ ორმა
ხნიერმა ქალბატონმა ისადილა, მისის ჯენინგსის მეგობრებმა,
რომლებიც მან დილით მიიწვია, როცა ბონდ-სტრიტზე შეხვდნენ
ერთმანეთს. ერთ-ერთი მათგანი ჩაის შემდეგ მალე წავიდა, რადგან
საღამოს წვეულებაზე მიეჩქარებოდა და ელინორს ვისტის თამაშში
ჩაბმა მოუწია, იმიტომ, რომ მეოთხე მოთამაშე არ ჰყავდათ. მარიანა
ასეთ შემთხვევებში არ გამოადგებოდათ – მან თამაში არ იცოდა.
თუმცა საღამომ, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი იყო და
შეეძლო, რაც სურდა ის ეკეთებინა, მისთვისაც ისევე უსიამოვნოდ
ჩაიარა, როგორც ელინორისთვის, რადგან მოლოდინის ციებ-
ცხელებას გამუდმებით იმედგაცრუების ტკივილი ცვლიდა.
რამდენჯერმე შეეცადა წაეკითხა, მაგრამ წიგნს ყოველთვის გვერდზე
გადადებდა ხოლმე და უფრო საინტერესო საქმიანობას
უბრუნდებოდა: ოთახში აქეთ-იქით მიდი-მოდიოდა, წამიერად
ფანჯარასთან ჩერდებოდა, იმის იმედად, რომ ამდენი ხნის ნანატრ
კაკუნს გაიგონებდა.

195
თავი 27

– თუ კვლავაც ასეთი მზიანი ამინდი შენარჩუნდება, – თქვა მისის


ჯენინგსმა, როცა მეორე დილით ერთად საუზმობდნენ, – სერ ჯონმა
საეჭვოა, რომ ბარტონიდან წასვლა იმ კვირაშიც მოისურვოს. მასავით
თავგადაკლული მონადირისთვის თუნდაც ერთი ასეთი მშვენიერი
დღის გაცდენა დიდი დანაკლისია. საწყლები! მე ყოველთვის
მეცოდება ისინი, როცა დღე უცდებათ. ძალიან ჯავრობენ.
– ეს მართალია! – მხიარულად წამოიძახა მარიანამ, ფანჯარასთან
მივიდა და ქუჩაში გადაიხედა. – ამაზე რატომღაც არ მიფიქრია. ასეთი
ამინდი ხომ ბევრ მონადირეს გადაათქმევინებს სოფლიდან წასვლას.
მისის ჯენინგსის სიტყვები სწორედ რომ დროული აღმოჩნდა და
მარიანას ხალისიანი გუნება-განწყობილება დაუბრუნდა.
– ჰო, მათ ახლა მშვენიერი ამინდი უდგათ, – განაგრძო მან და
ბედნიერი გამომეტყველებით ისევ მაგიდას მიუჯდა, – ალბათ როგორ
უხარიათ, მაგრამ (სახე ცოტათი მოეღრუბლა) ასე ხომ დიდხანს არ
გაგრძელდება. წლის ამ დროს და ასეთი ხანგრძლივი წვიმების
შემდეგ ამინდის შეცვლაა მოსალოდნელი. მალე აცივდება და ალბათ
ძალიან მაგრადაც. დიდი-დიდი კიდევ ერთი-ორი დღე, ასეთმა სითბომ
საეჭვოა მეტხანს გასტანოს. ამაღამაც არ არის ყინვა გამორიცხული.
– ყოველ შემთხვევაში, – თქვა ელინორმა, რომელიც შიშობდა,
მისის ჯენინგსს მარიანას აზრები ისევე იოლად არ წაეკითხა, როგორც
ამას თვითონ აკეთებდა, – სერ ჯონს და ლედი მიდლტონს ჩვენ
არაუგვიანეს მომავალი კვირის ბოლოს ვნახავთ.
– ჰო, ჩემო ძვირფასო, ამის გარანტიას გაძლევთ. მერი
ყოველთვის ახერხებს, თავისი გაიტანოს.
“ახლა კი, – დაასკვნა თავისთვის ელინორმა, – ის კომბში
მისწერს, რომ პირველივე ფოსტით მოასწროს გაგზავნა”.

196
მაგრამ თუ მარიანა ასე მოიქცა კიდეც, წერილი ისე მალულად
დაიწერა და გაიგზავნა, რომ ელინორს ამის შესახებ არაფერი
შეუტყვია, თუმცა კი დას თვალს ადევნებდა. ასე იყო თუ ისე, ელინორს
არ შეეძლო, თავი მშვიდად ეგრძნო. და მაინც, როცა მარიანას
ხელახლა გახალისებულს ხედავდა, თვლიდა, რომ შეშფოთების
საბაბიც დიდად არ ჰქონდა. მარიანა კი ძალიან მხიარულობდა,
უხაროდა თბილი ამინდი, და კიდევ უფრო მეტად – აცივება, რასაც
მოუთმენლად ელოდა.
დილა ძირითადად მისის ჯენინგსის ნაცნობების სახლების
შემოვლას მოანდომეს. სავიზიტო ბარათებს ტოვებდნენ, რათა
ეუწყებინათ მათთვის ქალაქში მისი დაბრუნების შესახებ და მთელი ამ
დროის განმავლობაში მარიანა ფხიზლად ადევნებდა თვალს ქარის
მიმართულებას, ცაში მიმდინარე ცვლილებებს აკვირდებოდა და
ფიქრობდა, როგორ აისახებოდა ეს ჰაერის ტემპერატურაზე.
– არ გეჩვენება, ელინორ, რომ დილანდელთან შედარებით
აცივდა? ნუთუ ვერ გრძნობ? მუფთაშიც [მუფთა – ხელების სათბური.]
კი ხელები მეყინება. მე მგონი, გუშინ მეტი სითბო იყო. და ღრუბლებიც
თითქოს იფანტება. საცაა მზე გამოანათებს და, ვფიქრობ, ნაშუადღევს
მოიწმინდება.
ელინორს მისი სიტყვები ხან ართობდა და ხან ტკივილს აყენებდა.
მაგრამ მარიანა ჯიუტობდა და ყოველ ღამე ცეცხლის სიკაშკაშეში და
ყოველ დილას ცის ფერისცვალებაში მოახლოებული ყინვების
უეჭველ სიმპტომებს ხედავდა.
დებ დეშვუდებს არ ჰქონდათ მიზეზი, მისის ჯენინგსის და მისი წრის
ცხოვრების სტილით უკმაყოფილო ყოფილიყვნენ, ისევე როგორც
მისი დამოკიდებულების გამო მათ მიმართ; ის ყოველთვის
ალერსიანი და მზრუნველი იყო გოგონებისადმი. მის სახლში თავს
შეზღუდულად არაფრით იგრძნობდი. თუ გამოვრიცხავთ მის
რამდენიმე ძველ ქალაქელ მეგობარს, რომლებთან ურთიერთობის
გაწყვეტას ის, ლედი მიდლტონისთვის სამწუხაროდ, არ აპირებდა, იმ
ხალხს შორის, ვისთანაც მას მისვლა-მოსვლა ჰქონდა, არავინ
197
გახლდათ ისეთი, რომლის ნაცნობობა ახალგაზრდა სტუმრებისათვის
არასასურველი იქნებოდა. იმით გახარებული, რომ მისი შიში
უსაფუძვლო აღმოჩნდა, ელინორი მოთმინებით იტანდა მოსაწყენ
საღამოს წვეულებებს მისის ჯენინგსისა თუ მისი მეგობრების
სახლებში, სადაც ერთადერთი გასართობი იყო კარტი, მას რომ
ოდნავაც არ იზიდავდა.
პოლკოვნიკი ბრენდონი, რომელსაც მისის ჯენინგსის ოჯახში
მიწვევა არ სჭირდებოდა, თითქმის ყოველდღე მათთან ერთად იყო. ის
მოდიოდა, რათა ენახა მარიანა და ესაუბრა ელინორთან, რომელსაც
ეს საუბარი ხშირად უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებდა, ვიდრე
ყველაფერი დანარჩენი, რაც დღის განმავლობაში ხდებოდა. მაგრამ,
ამავე დროს, შეშფოთებული რწმუნდებოდა პოლკოვნიკის
გრძნობების უცვლელობაში მარიანას მიმართ და შიშობდა, რომ ის
სულ უფრო მეტად ძლიერდებოდა. მისთვის მძიმე სანახავი იყო,
როგორი სევდიანი თვალებით უყურებდა ის მარიანას და აშკარად
ეტყობოდა, რომ ახლა ბევრად უფრო ნაღვლიანად გამოიყურებოდა,
ვიდრე ბარტონში.
მათი ჩამოსვლიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ
არავითარი ეჭვი აღარ დარჩა იმისა, რომ უილობიც დედაქალაქში
იმყოფებოდა. როცა დილის გასეირნებიდან ეკიპაჟით დაბრუნდნენ,
მაგიდაზე მისი ბარათი იდო.
– ღმერთო ჩემო! – წამოიძახა მარიანამ. – ის აქ ყოფილა, სანამ
ჩვენ გასული ვიყავით.
ელინორმა, დაწყნარებულმა იმით, რომ უილობი ყოველ
შემთხვევაში ლონდონში იმყოფებოდა, გაბედა და თქვა:
– როგორც ჩანს, ის ხვალ დილით შემოივლის.
მაგრამ მარიანას, ეტყობა, მისი ნათქვამი არც ესმოდა და მისის
ჯენინგსის შემოსვლისთანავე თავის ძვირფას ბარათთან ერთად
გაუჩინარდა.
ამ ამბავმა ელინორს სულის სიმხნევე შესძინა, მარიანა კი
ადრინდელზე კიდევ უფრო მეტად ააღელვა. ამ წუთიდან
198
მოყოლებული, მას სხვა არაფერზე აღარ შეეძლო ეფიქრა, ყოველ
საათს მის ნახვას ელოდა და სხვა არაფრის გაკეთება არ შეეძლო.
მომდევნო დილით დაიჟინა, სახლში დავრჩებიო.
ელინორი მისის ჯენინგსთან ერთად წავიდა, მაგრამ მისი ფიქრები
განუწყვეტლივ იმას დასტრიალებდნენ, თუ რა ხდებოდა ბერკლი-
სტრიტზე მდებარე სახლში მისი არყოფნის დროს. თუმცა, როცა
დაბრუნდა, ერთი თვალის შევლება აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის,
რომ მიმხვდარიყო: უილობი კვლავ არ გამოჩენილა. სწორედ ამ
დროს წერილი შემოიტანეს და მაგიდაზე დადეს.
– ეს ჩემთვის, – წამოიძახა მარიანამ და ნაბიჯი საჩქაროდ წინ
გადადგა.
– არა, მისს. ქალბატონის მისამართითაა.
მაგრამ მარიანამ წერილს მაინც დაავლო ხელი.
– ჰო, მართალია. მისის ჯენინგსის ყოფილა. რა სამწუხაროა!
– ესე იგი, შენ წერილს ელოდები? – თავის შეკავება ვეღარ შეძლო
ელინორმა.
– ჰო, რაღაც პატარა... დიდი არაფერი.
– შენ მე არ მენდობი, მარიანა, – თქვა ელინორმა ხანმოკლე
პაუზის შემდეგ.
– აჰ, ელინორ, ასეთი საყვედური და თანაც შენგან! შენ ხომ
საერთოდ არავის ენდობი.
– მე? – ელინორი ცოტა არ იყოს დაიბნა, – მაგრამ მარიანა, მე ხომ
სათქმელი არაფერი მაქვს.
– მეც არაფერი მაქვს, – ენერგიულად შეეპასუხა მარიანა, – ასე
რომ, ჩვენ ერთნაირ მდგომარეობაში ვართ. არც ერთს არაფერი
გვაქვს სათქმელი: შენ იმიტომ, რომ დუმხარ, მე კი იმიტომ, რომ
არაფერს ვმალავ.
ელინორი განაწყენდა, რომ უსაყვედურეს გულჩახვეულობის გამო,
რისი უარყოფის უფლებაც არ ჰქონდა. მან არ იცოდა, ასეთ
გარემოებებში მარიანასგან მეტი გულახდილობისთვის როგორ
მიეღწია.
199
მაგრამ ამ დროს ოთახში მისის ჯენინგსი შემოვიდა და როცა
წერილი მიაწოდეს, ის ხმამაღლა წაიკითხა. ლედი მიდლტონი
იტყობინებოდა, რომ ისინი წინაღამით თავიანთ სახლში ჩავიდნენ
კონდუიტ-სტრიტზე და დედას და ბიძაშვილებს საღამოს სტუმრად
იწვევდა. სერ ჯონის საქმეებმა და ლედი მიდლტონის ძლიერმა
გაციებამ თვით მათ საშუალება არ მისცა, ბერკლი-სტრიტზე
შეევლოთ. მიპატიჟება მიღებულ იქნა. მაგრამ როცა დათქმული საათი
მოახლოვდა, თუმცა უბრალო თავაზიანობა მოითხოვდა, რომ ისინი
მისის ჯენინგსს თან ხლებოდნენ, ელინორმა არცთუ მცირე
ძალისხმევის შედეგად მიაღწია, რომ მისი დაც მათთან ერთად
წასულიყო. მარიანა, რომელმაც უილობი აქამდე ვერ ნახა, არა
მხოლოდ გასართობს არ ეძებდა სახლის გარეთ, არამედ იმისაც
ეშინოდა, რომ ის კვლავ მისი არყოფნისას შემოივლიდა.
როცა საღამო დასასრულს მიუახლოვდა, ელინორი საბოლოოდ
დარწმუნდა, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ადამიანის
ხასიათზე არსებით გავლენას ვერ ახდენს. როგორც კი ჩამოვიდა, სერ
ჯონმა მალე მოასწრო თავის გარშემო ოცამდე ახალგაზრდის
შემოკრება და მათ გასართობად პატარა მეჯლისის მოწყობა. მაგრამ
ლედი მიდლტონმა ეს არ მოიწონა. სოფელში ცეკვების მოწყობა
დასაშვებია ყოველთვის, როცა კი მოისურვებ, მაგრამ ლონდონში,
სადაც ელეგანტურობის რეპუტაცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანია
და საკმაოდ ძნელად მიიღწევა, არ შეიძლებოდა მისი სასწორზე
შეგდება რამდენიმე გოგონას გართობისათვის. შეიძლებოდა,
გავრცელებულიყო ხმები, რომ ლედი მიდლტონთან სულ რაღაც რვა
თუ ცხრა წყვილი ცეკვავდა ორი ვიოლინოს აკომპანემენტით და ცივი
ბუფეტით ვახშმის ნაცვლად.
დამსწრეებს შორის მისტერ და მისის პალმერებიც იყვნენ.
პირველი მათგანი დედაქალაქში ჩამოსვლის შემდეგ მათ ჯერ კიდევ
არ ენახათ, რადგან ის გულმოდგინედ ცდილობდა, სიდედრისადმი
მცირეოდენი ყურადღებაც არ გამოეჩინა და ამიტომ მას არასოდეს
სტუმრობდა. დები დეშვუდები მისტერ პალმერმა, როგორც ჩანს, ვერ
200
იცნო და მხოლოდ თვალი შეავლო მათ, თითქოს საკუთარ თავს
ეკითხებოდა, ნეტავ ვინ არიანო, მისის ჯენინგსს კი თავი ოდნავ
დაუქნია ოთახის მოპირდაპირე კუთხიდან. მარიანამ ოთახს თვალი
მოავლო და ეს საკმარისი აღმოჩნდა – უილობი სტუმრებს შორის არ
იყო. ის მაშინვე განცალკევებით დაჯდა. აღარც გართობის სურვილი
ჰქონდა და აღარც ვინმეს გაცნობას აპირებდა. დაახლოებით ერთი
საათის შემდეგ მისტერ პალმერი მაინც მივიდა დებთან და გაკვირვება
გამოხატა იმის გამო, რომ მათ ქალაქში ხედავდა, თუმცა
პოლკოვნიკმა ბრენდონმა მათი ჩამოსვლის ამბავი სწორედ მის
სახლში გაიგო, თვითონ მან კი, როცა თავისთან სადილობისას
შეიტყო მათი განზრახვის შესახებ, ქალაქში ჩამოსულიყვნენ, რაღაც
საშინლად სასაცილო თქვა.
– მე მეგონა, თქვენ ორივენი დევონშირში იყავით, – თქვა მან.
– მართლა? – ჰკითხა ელინორმა.
– და უკან როდის აპირებთ წასვლას?
– ჯერჯერობით არ ვიცით.
ამით მათი საუბარი დამთავრდა.
მარიანას თავის ცხოვრებაში არასდროს უცეკვია ისე უხალისოდ,
როგორც ამჯერად და არასდროს ასე ძალიან არ დაღლილა. ამის
გამო წაიბუზღუნა, როცა სახლში ბრუნდებოდნენ.
– ჰო, ჰო, – თქვა მისის ჯენინგსმა, – და ჩვენ ძალიან კარგად
ვიცით, რატომაც. იქ რომ ერთი კავალერი ყოფილიყო, რომლის
სახელს არ ვიტყვი, თქვენ ოდნავაც არ დაიღლებოდით. და,
სიმართლე რომ ითქვას, ის მთლად კარგად ვერ მოიქცა, თქვენს
სანახავად რომ არ მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ მიწვეული იყო.
– როგორ თუ მიწვეული? – დაიყვირა მარიანამ.
– ჩემმა ქალიშვილმა, მიდლტონმა მითხრა ამის შესახებ. სერ ჯონი
შეხვედრია უილობის სადღაც ამ დილით.
მარიანას აღარაფერი უთქვამს. სახეზე საშინელი ტკივილი
გამოეხატა. ელინორმა, რომელიც ვეღარ ითმენდა, ისე ძლიერ
უნდოდა თავისი დისთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინა, გადაწყვიტა
201
დედისთვის მიეწერა იმის იმედით, რომ მარიანას მდგომარეობით
შეშფოთებული, ის ბოლოს და ბოლოს, მიაღწევდა მისგან გარკვეულ
პასუხს. ეს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდა სცოდნოდათ. დილით ეს
აზრი კიდევ უფრო განუმტკიცდა, როცა დაინახა, რომ მარიანა
უილობის სწერდა (ადრესატი მხოლოდ ის შეიძლებოდა ყოფილიყო.
ახლა რომ სხვას არავის მისწერდა, ელინორს ამაში ეჭვი ოდნავაც არ
ეპარებოდა).
დღისით მისის ჯენინგსი თავის საქმეებზე წავიდა სადღაც მარტო
და ელინორი წერილის დასაწერად დაჯდა; მარიანა კი, მეტისმეტად
აღელვებული საიმისოდ, რომ რაიმე საქმისთვის გული დაედო, და
ზედმეტად განაწყენებული საიმისოდ, რომ საუბრით შეექცია თავი,
სასტუმრო ოთახში მიდი-მოდიოდა ფანჯრიდან ფანჯრამდე, ხანაც
სავარძელში ჩაეშვებოდა ბუხრის წინ მელანქოლიურ ფიქრებში
ჩანთქმული. ელინორმა დაუფარავად მისწერა დედას ყველა დეტალი,
არ დაუმალავს, რომ ეჭვი ეპარებოდა უილობის ერთგულებაში და
სთხოვა მას, დედობრივი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით
ეცადა, მარიანასგან აღიარებისათვის მიეღწია იმასთან
დაკავშირებით, თუ რა დამოკიდებულება იყო სინამდვილეში მათ
შორის.
კალმის გვერდზე გადადებაც ვერ მოასწრო, რომ კარზე კაკუნმა
სტუმრის მოსვლა აუწყათ და ლაქიამ პოლკოვნიკ ბრენდონის
მოსვლის შესახებ მოახსენა. მაგრამ მარიანას ახლა არავისთან
ურთიერთობის თავი არ ჰქონდა, მომსვლელი ჯერ კიდევ ფანჯრიდან
დაინახა და ოთახი მანამ დატოვა, სანამ ის შემოვიდოდა.
პოლკოვნიკი ჩვეულებრივზე უფრო სერიოზულადაც კი
გამოიყურებოდა და კმაყოფილება გამოხატა იმით, რომ მისს
დეშვუდი მარტო შეისწრო, თითქოს განზრახვა ჰქონდა, რაღაც
კონფიდენციალურად შეეტყობინებინა მისთვის. კარგა ხანს ხმის
ამოუღებლად იჯდა. ელინორი, დარწმუნებული, რომ მის დასთან
დაკავშირებით ეტყოდნენ რაღაცას, მოუთმენლად ელოდა, ის როდის
ალაპარაკდებოდა. ასეთი გრძნობა მას პირველად არ ჰქონდა. ადრე,
202
რამდენჯერმე, დაიწყო რა სიტყვებით “თქვენი და დღეს შეუძლოდ
გამოიყურება” ან “თქვენი და, როგორც ჩანს, ხასიათზე ვერ არის”
პოლკოვნიკი თითქოს მზად იყო, რაღაც მნიშვნელოვანი გაემხილა თუ
რაღაც შეკითხვები დაესვა მარიანასთან დაკავშირებით. რამდენიმე
წუთი გავიდა, სანამ მან სიჩუმე დაარღვია და ცოტა არ იყოს
აღელვებული ხმით იკითხა, ახალი ძმა როდის მოგილოცოთო. ასეთი
შეკითხვისთვის ელინორი მზად არ იყო, ერთბაშად ვერ გაიაზრა, რა
ეპასუხა და, ნებით თუ უნებლიეთ, თავდაცვის ყველაზე უბრალო და
ჩვეულებრივ ხერხს მიმართა – ჰკითხა, რას გულისხმობთო.
პოლკოვნიკი შეეცადა გაეღიმა და უპასუხა:
– თქვენი დის და უილობის ნიშნობის შესახებ ძალიან ბევრმა იცის.
– სრულიად შეუძლებელია, რომ ბევრმა იცოდეს, – უპასუხა
ელინორმა, – თუნდაც იმიტომ, რომ მარიანას ოჯახმაც კი არ იცის.
პოლკოვნიკს სახეზე დაეტყო, რომ გაუკვირდა.
– გთხოვთ მომიტევოთ. ვშიშობ, ძალიან უხეშად გამომივიდა,
მაგრამ არ მეგონა, რომ ეს ჯერ კიდევ საიდუმლოა. ისინი ხომ ღიად
სწერენ ერთმანეთს და ყველა მათ მოახლოებულ ქორწილზე
ლაპარაკობს.
– როგორ შეიძლება ასე იყოს? თქვენ ვისგან გაიგონეთ ამის
შესახებ?
– ბევრისგან. იმათგანაც, ვისაც თქვენ საერთოდ არ იცნობთ და
იმათგანაც, ვისთანაც ახლოს ხართ – მისის ჯენინგსისგან, მისის
პალმერისგან და მიდლტონებისგან. და მაინც, მე იქნებ ეს არც
დამეჯერებინა – ჩვენი გონება ხომ ყოველთვის ცდილობს, იპოვოს
არგუმენტები იმის წინააღმდეგ, რაშიც დიდად არ სურს დარწმუნდეს,
მაგრამ იმ მსახურის ხელში, რომელმაც კარი გამიღო, შემთხვევით
წერილი დავინახე მისტერ უილობის მისამართით და თქვენი დის
ხელწერა ვიცანი. მე ამის საკითხავად მოვედი, მაგრამ პასუხი უფრო
ადრე მივიღე, ვიდრე შეკითხვას დავსვამდი. ყველაფერი საბოლოოდ
გადაწყვეტილია? და შეუძლებელია... მაგრამ მე არავითარი უფლება
არა მაქვს... და არავითარი იმედი. გთხოვთ მომიტევოთ, მისს დეშვუდ.
203
მგონი, თავს ზედმეტის თქმის უფლება მივეცი, მაგრამ არ ვიცი,
როგორ მოვიქცე და ყოველთვის ძალიან ვაფასებდი თქვენს
კეთილგონიერებას. მითხარით, რომ ყველაფერი საბოლოოდ
გადაწყვეტილია, რომ ყოველი მცდელობა... მოკლედ, მე ისღა
დამრჩენია, რომ დავმალო, თუკი დამალვა კიდევ შესაძლებელია.
პოლკოვნიკის სიტყვებმა, რომელშიც ელინორმა მისი დის
სიყვარულის პირდაპირი აღიარება დაინახა, მასზე ძალიან იმოქმედა.
მან მაშინვე ვერ მონახა საკუთარ თავში ძალა, რაიმე ეთქვა და
მაშინაც კი, როცა შედარებით დამშვიდდა, კარგა ხანს იმაზე
ფიქრობდა, რა ეპასუხა. თვითონ მან იმდენად ცოტა რამ იცოდა,
სინამდვილეში როგორი დამოკიდებულება იყო მის დასა და უილობის
შორის, რომ თუ ამის ახსნას შეეცდებოდა, შეიძლებოდა მეტისმეტად
ბევრი ან მეტისმეტად ცოტა ეთქვა. თუმცა, მისი ღრმა რწმენით,
მარიანას გრძნობა უილობისადმი, როგორც არ უნდა
დამთავრებულიყო ის, პოლკოვნიკ ბრენდონს შანსს არ უტოვებდა.
იმის სურვილით, რომ თავისი დის საქციელი გაკიცხვისგან დაეცვა,
ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ უკეთესი იქნებოდა,
თუ უფრო მეტს იტყოდა, ვიდრე იცოდა ან ვარაუდობდა. ამიტომ მან
აღიარა, რომ თუმცა თვით მათგან უშუალოდ ნიშნობის შესახებ
არაფერი სმენოდა, ერთმანეთის მიმართ მათ გრძნობებში ეჭვი არ
ეპარებოდა და, ამდენად, მათ შორის მიწერ-მოწერას არ
გაუკვირვებია.
პოლკოვნიკი ხმის ამოუღებლად, ყურადღებით უსმენდა და როცა
ელინორმა ლაპარაკი დაასრულა, მაშინვე წამოდგა და აღელვებული
ხმით თქვა:
– თქვენს დას ყოველგვარ ბედნიერებას ვუსურვებ, უილობის კი
იმას, რომ შეეცადოს, მისი ღირსი იყოს.
ის ელინორს სწრაფად დაემშვიდობა და წავიდა.
ამ საუბარმა ელინორზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა და არა
მხოლოდ არ შეამცირა მისი შფოთვა და წუხილი, არამედ ახალი
საფიქრალიც დაუმატა. პოლკოვნიკ ბრენდონს მთელი სულით და
204
გულით თანაუგრძნობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ შეეძლო მისი
სულიერი ტკივილების შემსუბუქება ესურვა. პირიქით, მას ყველაზე
მეტად უნდოდა მომხდარიყო ამბავი, რომელიც პოლკოვნიკის
ტანჯვას კიდევ უფრო გააძლიერებდა.

205
თავი 28

მომდევნო სამი-ოთხი დღის განმავლობაში ისეთი არაფერი


მომხდარა, რაც ელინორში სინანულს გამოიწვევდა დედასთან
წერილის გაგზავნის გამო: უილობი არც გამოჩენილა და არც
მოუწერია. მალე მოვიდა საღამოს წვეულების დრო და დები
იძულებულნი იყვნენ, იქ ლედი მიდლტონთან ერთად წასულიყვნენ,
რადგან მისის ჯენინგსმა მარტო ვერ დატოვა თავისი უმცროსი
ქალიშვილი, რომელიც შეუძლოდ იყო. მარიანა მთლად ნირწამხდარი
ჩანდა, უგულოდ იცვამდა და საერთოდ არ აინტერესებდა, როგორ
გამოიყურებოდა, და არც ის, შინ დარჩებოდა თუ წავიდოდა. მის
სახეზე იმედისა და სიამოვნების სხივი ერთხელაც არ გამკრთალა.
ჩაის შემდეგ ლედი მიდლტონის მოლოდინში ბუხართან დაჯდა
სასტუმრო ოთახში და სკამიდან ერთხელაც არ წამომდგარა, პოზაც კი
არ შეუცვლია. თავის ფიქრებში იყო ჩანთქმული და დის არსებობას
ვერც კი ამჩნევდა. როცა ლაქიამ მათ მოახსენა, რომ ლედი
მიდლტონი კართან ელოდათ, ის შეკრთა, თითქოს მთლად
დავიწყებული ჰქონდა, იქ რისთვის იჯდა.
დანიშნულების ადგილას თავის დროზე მივიდნენ. როცა მათ წინ
პარმაღთან მდგარი ეკიპაჟები დაიძრა, კარეტიდან გადმოვიდნენ და
კიბეებს აუყვნენ. გაიგონეს, მათ სახელებს მჟღერი ხმა როგორ
იმეორებდა, და შევიდნენ შესანიშნავად განათებულ დარბაზში, სადაც
უამრავი სტუმარი იყო და აუტანლად ცხელოდა. როცა თავაზიანობის
ვალი მოიხადეს, დიასახლისს რევერანსით მიესალმნენ, მათ
საშუალება მიეცათ, დანარჩენ სტუმრებს შეერთებოდნენ და ეგემათ
თავიანთი წილი სიცხისა და სივიწროვისა, რაც მათმა შემოსვლამ,
ბუნებრივია, კიდევ უფრო გაზარდა. ერთხანს თითქმის გაუნძრევლად
იდგნენ და ძალიან ცოტას ლაპარაკობდნენ, შემდეგ ლედი მიდლტონი
კაზინოს მაგიდას მიუჯდა, ელინორს და მარიანას კი, რომელთაც

206
იოტისოდენა სურვილიც არ გამოუხატავთ დარბაზში გასეირნებისა,
გაუმართლათ და კარტის მაგიდასთან ახლოს თავისუფალი სკამები
იპოვეს.
რამდენიმე წუთიც არ გასულა, რომ ელინორმა დაინახა მათგან
სულ რამდენიმე ნაბიჯში მდგარი უილობი, რომელსაც
გაცხოველებული საუბარი გაეჩაღებინა ვიღაც ძალიან მოდურად
ჩაცმულ ქალთან. როცა მისი მზერა დაიჭირა, უილობიმ მაშინვე თავი
დაუკრა, მაგრამ არაფერი თქვა; მათთან არ მივიდა, თუმცა არ
შეეძლო მარიანა არ შეემჩნია, და თანამოსაუბრესთან ჩვეულებრივად
განაგრძო საუბარი. შეშფოთებული ელინორი უნებურად დისკენ
შებრუნდა, რათა მისი რეაქცია ენახა, თუმცა მარიანამ უილობი
სწორედ იმწამს დაინახა და აღტაცებული მაშინვე მისკენ
გაექანებოდა, დას რომ არ მოესწრო მისი შეჩერება.
– ღმერთო ჩემო! – წამოიძახა მან. – ის აქ არის! ის აქ არის! რატომ
არ მიყურებს? რატომ არ შემიძლია მას გამოველაპარაკო?
– ძალიან გთხოვ, დაწყნარდი, – უთხრა ელინორმა, – და ყველას
ნუ დაანახვებ, რასაც გრძნობ. შეიძლება, მან უბრალოდ ვერ
შეგამჩნია.
მაგრამ ეს თვითონაც არ სჯეროდა, მარიანას კი ასეთ მომენტში
დაწყნარება არამცთუ არ შეეძლო, არამედ არც სურდა. ის ისევ იჯდა,
შეპყრობილი მოუთმენლობით, რაც მის თითოეულ ნაკვთში
იკითხებოდა.
ბოლოს და ბოლოს, უილობი შებრუნდა და მათკენ მიიხედა.
მარიანა წამოდგა, ნაზად წარმოთქვა უილობის სახელი და ხელი
გაუწოდა. ის მათთან მივიდა და უფრო ელინორს მიმართა, ვიდრე
მარიანას, რომლის მზერას თითქოს თვალს არიდებდა. მან
ნაჩქარევად მოიკითხა მისის დეშვუდის ამბავი და შემდეგ, რამდენი
ხანია, რაც ლონდონში ხართო, ჰკითხა. ელინორი ისე დაიბნა, რომ რა
ეთქვა, არ იცოდა, მის დას კი გრძნობების შეკავება არც უცდია. სახეზე
ალმური მოედო და ძლიერ აღელვებულმა წამოიძახა:

207
– ღმერთო ჩემო! უილობი, ეს რას ნიშნავს? ნუთუ თქვენ ჩემი
წერილი არ მიგიღიათ? არ გინდათ, რომ ხელი ჩამომართვათ?
მას ისღა დარჩენოდა, რომ დამორჩილებოდა, მაგრამ მარიანას
შეხებამ თითქოს ტკივილი მიაყენა და მისი ხელი თავისაში ერთ
წამსაც არ დაუყოვნებია. თითქოს ცდილობდა, საკუთარ თავს
დაუფლებოდა. ელინორმა, რომელიც მას თვალს არ აცილებდა,
შენიშნა, რომ სახე თანდათან დაუმშვიდდა. წამიერი პაუზის შემდეგ
უილობიმ წყნარად თქვა:
– მე მქონდა სიამოვნება ბერკლი-სტრიტზე შემომევლო გასულ
სამშაბათს და ძალიან ვწუხვარ, რომ ვერც თქვენ და ვერც მისის
ჯენინგსი სახლში ვერ შეგისწარით. იმედი მაქვს, ჩემი ბარათი არ
დაკარგულა.
– მაგრამ ნუთუ თქვენ ჩემი წერილები არ მიგიღიათ? – წამოიძახა
უკიდურესად აღელვებულმა მარიანამ. – აქ რაღაც შეცდომაა, რაღაც
საშინელი შეცდომა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? მითხარით, უილობი,
რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
მან არ უპასუხა, თუმცა სახე შეეცვალა, ცოტა ხნის წინანდელი
დაბნეულობა დაუბრუნდა, მაგრამ იმ ახალგაზრდა ლედის მზერა
დაიჭირა, რომელსაც ის-ის იყო ესაუბრებოდა და იგრძნო, რომ
საკუთარი თავი დაუყოვნებლივ ხელში უნდა აეყვანა, რაც გაჭირვებით
ისევ მოახერხა და უპასუხა:
– დიახ, მე ბედნიერება მქონდა მიმეღო დედაქალაქში თქვენი
ჩამოსვლის შესახებ შეტყობინება, რომელიც თქვენ გულისხმიერება
გამოიჩინეთ და გამომიგზავნეთ.
ამის შემდეგ მათ თავი ოდნავ დაუკრა, სწრაფად შებრუნდა და
თავისი ნაცნობისკენ გაემართა.
მარიანა საშინლად გაფითრდა, მუხლები ეკეცებოდა, სკამზე
მოწყვეტით დაეშვა და ელინორი, რომელსაც ეშინოდა, საცაა
გრძნობას დაკარგავსო, შეეცადა, ის ცნობისმოყვარე მზერებისგან
დაეფარა, როცა სახეზე ლავანდის წყალს ასხურებდა.

208
– მასთან მიდი, ელინორ! – წამოიძახა მისმა დამ, როცა
მეტყველების უნარი დაუბრუნდა. – და აიძულე, ჩემთან მოვიდეს.
უთხარი, რომ კიდევ ერთხელ უნდა ვნახო და დაუყოვნებლივ
ველაპარაკო. არ შემიძლია... ვერ მოვისვენებ, სანამ ყველაფერი არ
გაირკვევა... რაღაც საშინელი გაუგებრობაა... ოჰ, წადი მასთან
ახლავე!
– არა, ასე არ შეიძლება. უნდა მოითმინო, ჩემო ძვირფასო
მარიანა. აქ ახსნა-განმარტებების ადგილი არ არის. მხოლოდ
ხვალამდე მოგიწევს მოცდა.
და მაინც, ელინორმა ძლივს მოახერხა შეეჩერებინა თავისი და,
რომელსაც თვითონ უნდოდა, უილობის მივარდნოდა. თუმცა
შეუძლებელი აღმოჩნდა მისი დარწმუნება, რომ მღელვარება
მოეთოკა, დალოდებოდა, გარეგნულად მაინც შეენარჩუნებინა
სიმშვიდე, სანამ საშუალება არ მიეცემოდა, მასთან განმარტოებით,
უფრო დალაგებულად ესაუბრა. მარიანა თავისი მწუხარების
გამოხატვას მძიმე ოხვრითა და ხმადაბალი წამოძახილებით
განაგრძობდა. მალე ელინორმა შეამჩნია, რომ უილობიმ სასტუმრო
ოთახი დატოვა და კიბისკენ გაემართა. ამის შესახებ მარიანას
შეატყობინა და ისევ სთხოვა დაწყნარებულიყო. ნერვიულობას აზრი
არ ჰქონდა, დღეს ხომ მაინც ვეღარ შეძლებდა მასთან
დალაპარაკებას. მარიანამ თავისი და მაშინვე ლედი მიდლტონთან
გაგზავნა თხოვნით, ისინი ახლავე სახლში წაეყვანა, რადგან თავს ისე
საშინლად გრძნობდა, რომ აქ გაჩერება ერთ წუთსაც აღარ შეეძლო.
ლედი მიდლტონი, თუმცა რობერის გახურებულ თამაშში იყო
ჩართული, მეტისმეტად კარგად აღზრდილი გახლდათ საიმისოდ,
რომ, შეიტყო რა მარიანას შეუძლოდ ყოფნის ამბავი,
შეწინააღმდეგებოდა მის სურვილს, სახლში წასულიყვნენ. მან თავისი
კარტი მეგობარ ქალს გადასცა და ისინი წავიდნენ, როგორც კი
კარეტა მიართვეს. ბერკლი-სტრიტისკენ მგზავრობამ სრულ
მდუმარებაში ჩაიარა. მარიანა ძლიერ იტანჯებოდა. ისე იყო
დათრგუნვილი, რომ ტირილიც კი აღარ შეეძლო. როცა სახლში
209
მივიდნენ, საბედნიეროდ, მისის ჯენინგსი ჯერ კიდევ არ იყო
დაბრუნებული და ისინი მაშინვე თავიანთ ოთახში ავიდნენ, სადაც
ელინორმა საყნოსავი მარილის დახმარებით შეძლო, თავისი და
რამდენადმე გრძნობაზე მოეყვანა. მარიანამ სწრაფად გაიხადა და
დაწვა. როგორც ეტყობოდა, მარტო დარჩენა უნდოდა, ამიტომ
ელინორი სასტუმრო ოთახში ჩავიდა, სადაც მისის ჯენინგსის
მოლოდინში საკმარისი დრო ჰქონდა იმისათვის, რათა იმ საღამოს
მოვლენები გაეაზრებინა.
ეჭვი არ ეპარებოდა, რომ უილობის და მარიანას ერთმანეთისთვის
სიტყვა ჰქონდათ მიცემული და ისიც ნათლად ჩანდა, რომ ეს პირობა
უილობისთვის ახლა დამამძიმებელი იყო. როგორც არ უნდა ეცადა
მარიანას, ყველაფრისთვის მისთვის სასურველი ახსნა მოეძებნა,
ელინორი ხედავდა, რომ ასეთი საქციელი არც შეცდომით და არც
გაუგებრობით არ შეიძლებოდა ახსნილიყო. ახსნა მხოლოდ
გრძნობების რადიკალურად შეცვლა შეიძლებოდა ყოფილიყო. მისი
რისხვა კიდევ უფრო ძლიერი იქნებოდა, უილობის საქციელში
ერთგვარი უხერხულობა და დაბნეულობა რომ არ ეგრძნო, რაც
თითქოს იმაზე მეტყველებდა, რომ ის გრძნობდა, როგორ
სულმდაბლად მოიქცა. სწორედ ამის გამო ვერ იჯერებდა, თითქოს
მისთვის მორალური პრინციპები იმდენად არაფერს ნიშნავდა, რომ
მისი დის გრძნობებით თამაშობდა მხოლოდ და თავიდანვე
უპატიოსნო ზრახვები ჰქონდა. განშორებამ შეიძლება მისი გრძნობა
გაანელა ან გარემოებებმა მოითხოვა მისი დათრგუნვა, მაგრამ იმას
კი ვერ დაიჯერებდა, რომ უილობის მისი და თავიდანვე არ ჰყვარებია.
ის მარიანაზე ფიქრობდა, ტკივილზე, რომელიც ამ უსიხარულო
შეხვედრამ მიაყენა და ტანჯვაზე, რომელსაც მომავალში უქადდა.
თავისი მდგომარეობა ბევრად უკეთესად წარმოუდგა. სანამ ის
ედვარდისადმი პატივისცემას ინარჩუნებდა, ყოველთვის ჰქონდა
საყრდენი, თუნდაც მომავალში ერთად არასოდეს ყოფილიყვნენ.
მარიანას მწუხარებას კი კიდევ უფრო აღრმავებდა ის ყველაფერი,

210
რასაც შეეძლო უფრო მეტად დაემძიმებინა ასეთი აუტანელი დარტყმა
– უილობის დაკარგვა, გარდაუვალი და სწრაფი განშორება მასთან.

211
თავი 29

მეორე დილით მოსამსახურე ქალმა ოთახში ბუხრის დანთებაც ვერ


მოასწრო, მზემ კი ძალების მოკრება ცივ, პირქუშ იანვრის დღეს, რომ
მარიანა, უკვე ნახევრად ჩაცმული, ფანჯარასთან მდგარ დივანზე,
სადაც მეტი სინათლე იყო, მუხლებით იდგა და იმდენად სწრაფად
წერდა, რამდენადაც ამის საშუალებას უწყვეტად მომდინარე
ცრემლები აძლევდა. მისი ოხვრისა და ქვითინისგან გაღვიძებული
ელინორი მას რამდენიმე წუთის განმავლობაში შეშფოთებით
ადევნებდა თვალს, შემდეგ კი რაც შეეძლო რბილად უთხრა:
– მარიანა, ნება მომეცი, გკითხო...
– არა, ელინორ, – უპასუხა მან, – ნურაფერს მკითხავ. მალე
ყველაფერს გაიგებ.
სასოწარკვეთილი სიმშვიდე, რომლითაც ეს სიტყვები იქნა
წარმოთქმული, მაშინვე გაქრა, როგორც კი მან წინადადება
დაასრულა და მისი ადგილი კვლავ უსაზღვრო მწუხარებამ დაიკავა.
რამდენიმე წუთი გავიდა, სანამ კვლავ კალმის ხელში აღებას
შეძლებდა და ხშირი ქვითინი, რომლის გამო დროდადრო
იძულებული იყო წერა შეეწყვიტა, ელინორს არწმუნებდა, რომ მისი
და უილობის უკანასკნელად სწერდა.
ის მარიანას რაც შეეძლო თბილად ექცეოდა. ცდილობდა,
მომაბეზრებელი არ ყოფილიყო. კიდევ უფრო მეტად შეეცდებოდა
მისი ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა და ენუგეშებინა, რომ არა
დის გაღიზიანებული თხოვნა, ნუ მელაპარაკებიო. ასეთ სიტუაციაში
ორივესთვის უმჯობესი იყო, ერთმანეთის საზოგადოებაში აღარ
დარჩენილიყვნენ. მტანჯველმა ეჭვებმა აიძულა მარიანა,
ჩაცმისთანავე ოთახიდან გასულიყო, შემდეგ კი, მარტოობის და
ადგილის გამოცვლის ძიებაში, საუზმემდე სახლში ეხეტიალა და
გულმოდგინედ ეცადა, ყველასთვის თავი აერიდებინა.

212
საუზმედ არაფერი უჭამია, არც უცდია ეჭამა. ელინორს არც ჭამა
დაუძალებია მისთვის, არც თანაგრძნობა გამოუხატავს და, საერთოდ,
არც კი გაუხედავს მისკენ. მისი ძალისხმევა მთლიანად იქითკენ იყო
მიმართული, რომ მისის ჯენინგსი გაერთო და მთელი მისი ყურადღება
საკუთარი თავისკენ მიემართა.
მისის ჯენინგსს საუზმე სადილსაც ერჩია და ვახშამსაც, ამიტომ ის
საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. და როცა ბოლოს და ბოლოს
დასრულდა, და ის-ის იყო საერთო სამუშაო მაგიდასთან მისხდომას
აპირებდნენ, მარიანას წერილი შემოუტანეს. მას სახეზე
მიტკლისფერი დაედო, მსახურს წერილი ხელიდან გამოსტაცა და
ოთახიდან გავარდა. მიუხედავად იმისა, რომ მისამართი არ
დაუნახავს, ელინორი მაშინვე მიხვდა – ის უილობისგან იყო, და გული
ტკივილისაგან მოეწურა. მან ძლივს აიძულა საკუთარი თავი,
გამართული მჯდარიყო. ვეღარ ახერხებდა კანკალის შეკავებას და
ეშინოდა, რომ ამას მისი ჯენინგსიც უეჭველად შეამჩნევდა, თუმცა
კეთილმა ლედიმ მხოლოდ ის დაინახა, რომ მარიანამ წერილი
უილობისგან მიიღო, ეს ძალიან სასაცილოდ ჩათვალა და მას დიდი
ბედნიერება უსურვა. ელინორის კანკალი არ შეუმჩნევია, რადგან
თავისი ნოხისთვის შალის ქსოვილის გაზომვით იყო დაკავებული და
აქეთ-იქით არ იყურებოდა. როგორც კი მარიანამ კარი გაიხურა, მან
განაგრძო:
– სიმართლე გითხრათ, ასე თავგადაკლული შეყვარებული გოგო
არასოდეს მინახავს. ჩემი გოგოები მაგას კოჭებამდეც ვერ
შესწვდებოდნენ, თუმცა სისულელეების კეთება არც მათთვის იყო
უცხო. მაგრამ მარიანა თითქოს საერთოდ სხვა პიროვნებად იქცა.
გულწრფელი იმედი მაქვს, რომ ის დიდხანს არ ალოდინებს. ლამის
გული მისკდება, მაგას რომ ასე ფერდაკარგულს და მიტოვებულს
ვუყურებ. მაინც, როდის აპირებენ დაქორწინებას?
ელინორმა, თუმცა ახლა ლაპარაკის არავითარი სურვილი არ
ჰქონდა, საკუთარი თავი ვალდებულად ჩათვალა, ასეთ გამოხტომაზე
ეპასუხა. მან ნაძალადევად გაიღიმა და თქვა:
213
– მადამ, ნუთუ საკუთარი თავი მართლა დაარწმუნეთ იმაში, რომ
ჩემი და მისტერ უილობიზეა დანიშნული? ყოველთვის ვფიქრობდი,
რომ თქვენ ხუმრობთ, მაგრამ ეს საამისოდ მეტისმეტად სერიოზული
საკითხია. ამიტომ გთხოვთ, ამით თავს ამიერიდან ნუღარ მოიტყუებთ.
გარწმუნებთ, ძალიან გამიკვირდებოდა, თუ გავიგებდი, რომ ისინი
დაქორწინებას აპირებენ.
– გრცხვენოდეთ, მის დეშვუდ! როგორ შეგიძლიათ, ასე
ილაპარაკოთ! განა ჩვენ ყველანი არ ვხედავდით, რომ საქმე
ქორწინებისკენ მიდიოდა? რომ ისინი პირველივე შეხვედრის შემდეგ
ყურებამდე იყვნენ შეყვარებული ერთმანეთზე? განა დევონშირში
ერთად არ ვხედავდი მათ ყოველდღე, დილიდან საღამომდე? და განა
მე არ ვიცოდი, რომ თქვენი და ჩემთან ერთად ლონდონში იმიტომ
წამოვიდა, რომ საქორწილო კაბა შეეკვეთა? არა, არა, თქვენ მე ვერ
მომატყუებთ. თქვენ თვითონ მიჩვეული ხართ თქვენი გრძნობების
დაფარვას და გგონიათ, რომ თქვენ გარშემო ვერავინ ვერაფერს
ხვდება. არა, ჩემო კარგო, დამიჯერეთ, მთელმა ქალაქმა იცის ამის
შესახებ. მე ყველას ველაპარაკები ამის თაობაზე და შარლოტაც ასე
იქცევა.
– გულწრფელად გეუბნებით, მადამ, – თქვა ელინორმა ძალიან
სერიოზულად, – თქვენ ცდებით და ძალიან ცუდად იქცევით, როცა
ასეთ ხმებს ავრცელებთ. მალე თვითონაც დარწმუნდებით, თუმცა
ახლა ჩემი არ გჯერათ.
მისის ჯენინგსმა პასუხად მხოლოდ გაიცინა, მაგრამ ელინორს
იმის ძალა აღარ შესწევდა, საუბარი განეგრძო; და გარდა ამისა,
სურდა მალე შეეტყო, რა მოიწერა უილობიმ, ამიტომ სწრაფად
გაემართა მათი ოთახისაკენ. როცა კარი გააღო დაინახა, რომ
მარიანა ლოგინზე იყო გაშხლართული და ქვითინისგან ლამის
იხრჩობოდა. ერთი წერილი ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული, ორი თუ სამი
კი იქვე ეგდო. ელინორი უხმოდ მიუახლოვდა, საწოლის კიდეზე
ჩამოჯდა, დის ხელი აიღო, რამდენჯერმე ალერსიანად აკოცა და
ცრემლები წასკდა, თავიდან თითქმის ისეთივე თავშეუკავებელი და
214
მძაფრი, როგორც მის დას. მარიანამ ერთი სიტყვის თქმაც ვერ
შეძლო, მაგრამ ეტყობოდა, რომ დის მადლობელი იყო
თანაგრძნობისათვის და იმის შემდეგ, რაც ერთხანს ერთად იტირეს,
ყველა წერილი ელინორს ჩაუდო ხელში, თვითონ კი სახე
ცხვირსახოცით დაიფარა და სასოწარკვეთილებისგან კინაღამ
აკივლდა. ელინორს ესმოდა, რომ ასეთ მწუხარებას, როგორც არ
უნდა მძიმე საყურებელი ყოფილიყო ის, დრო სჭირდებოდა, რომ
განელებულიყო. დისთვის თვალი არ მოუშორებია, სანამ მისმა ენით
აუწერელმა ტანჯვამ როგორღაც თავი ამოწურა და მაშინ, ნაჩქარევად
გაშალა უილობის წერილი და წაიკითხა:

“ბონდ-სტრიტი, იანვარი.
ჩემო ძვირფასო მადამ!
ეს-ეს არის, პატივი მქონდა მიმეღო თქვენი წერილი, რისთვისაც
გულწრფელ მადლობას გიხდით. ძალიან შევწუხდი, როცა შევიტყვე,
რომ ჩემმა საქციელმა გუშინ საღამოს თქვენი მოწონება ვერ
დაიმსახურა. და თუმცა ვერ მივხვდი, რითი გამოვიწვიე თქვენი
განაწყენება, უმორჩილესად გთხოვთ მომიტევოთ ის, რაც,
გარწმუნებთ, ჩემდა უნებურად მოხდა. ყოველთვის უდიდესი
სიამოვნებით გავიხსენებ ჩემს ნაცნობობას თქვენს ოჯახთან
დევონშირში და იმედს არ ვკარგავ, რომ მას ჩრდილს ვერ მიაყენებს
რაღაც შეცდომა თუ ჩემი საქციელის არასწორი ახსნა. მე უდიდესი
მოწიწების გრძნობით ვარ განმსჭვალული მთელი თქვენი ოჯახის
მიმართ, მაგრამ თუ რაღაც უკუღმართი შემთხვევითობის გამო
მოგეცით კიდეც საბაბი, გევარაუდათ უფრო მეტი, ვიდრე მე
ვგრძნობდი ან ვაპირებდი გამომეხატა, მე მხოლოდ ის შემიძლია,
საკუთარ თავს მწარედ ვუსაყვედურო იმისთვის, რომ უფრო
თავშეკავებული არ ვიყავი მოწიწების გამოხატვაში. და თქვენ ამაში
დამეთანხმებით, როცა შეიტყობთ, რომ ჩემი გული უკვე დიდი ხანია
სხვას ეკუთვნის და სულ რამდენიმე კვირაში ჩემი ყველაზე სანუკვარი
იმედები აღსრულდება. დიდი სინანულით ვემორჩილები თქვენს
215
მოთხოვნას და გიბრუნებთ წერილებს, რომლებიც, პატივი მქონდა,
თქვენგან მიმეღო და კიდევ კულულს, რომელიც თქვენ ისეთი
კეთილგანწყობით მისახსოვრეთ.
უღრმესი პატივისცემით, თქვენი მოკრძალებული და უმორჩილესი
მსახური
ჯონ უილობი“

ადვილი წარმოსადგენია, როგორი აღშფოთებით წაიკითხა მისს


დეშვუდმა ეს წერილი. აღიარება მისი ცვალებადი ბუნებისა,
მტკიცებულება, რომ ისინი ერთმანეთს სამუდამოდ დაშორდნენ –
ამას ელოდა ჯერ კიდევ მანამ, სანამ ფურცელს ხელში აიღებდა,
მაგრამ აზრადაც არ მოსვლია, რომ მსგავს შემთხვევაში ასეთი
ფრაზების გამოყენება შეიძლებოდა; ისევე, როგორც იმის
წარმოდგენა არ შეეძლო, რომ უილობისთვის იმდენად უცხო იყო
კეთილშობილი და ფაქიზი გრძნობები და ჯენტლმენის ჩვეულებრივი
წესიერებაც კი, რომ მას
შეეძლო გაეგზავნა წერილი, ასეთი ურცხვი და სასტიკი წერილი,
რომელშიც თავისუფლების მიღების სურვილს არათუ თან არ ახლდა
სათანადო სინანული, არამედ უარყოფდა ყოველგვარ სიტყვის
გატეხას, ყოველგვარ გრძნობას, წერილი, რომელშიც ყოველი
სტრიქონი შეურაცხყოფა იყო და რომლიდანაც ჩანდა, რომ ის
ჩამოყალიბებულმა არამზადამ დაწერა.
გაბრაზებულმა და გაკვირვებულმა ელინორმა ცოტა ხანს შეიცადა,
შემდეგ კი წერილი კიდევ რამდენჯერმე გადაიკითხა და ყოველ ჯერზე
მისი სიძულვილი ამ კაცის მიმართ სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.
ისეთმა რისხვამ მოიცვა, რომ ხმის ამოღებაც ვერ გადაეწყვიტა;
შიშობდა, მარიანას ტკივილები კიდევ უფრო არ გაეღრმავებინა იმის
თქმით,რომ ეს განშორება მისთვის დანაკარგი კი არა, პირიქით, ხსნა
იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურებისგან – უზნეო ადამიანთან
საქორწინო კავშირისგან, ნამდვილი ხსნა, ღვთის წყალობა.

216
როცა წერილის შინაარსზე ფიქრობდა, სიმდაბლეზე გონებისა,
რომელსაც შეეძლო მსგავსი რამ ეკარნახა და იქნებ კიდევ სულ სხვა
ადამიანზე, რომელიც ამწუთას გაახსენდა, რადგან მუდამ
ცოცხლობდა მის ფიქრებში, ელინორს დაავიწყდა დის უბედურება და
სამი წაუკითხავი წერილი, მუხლებზე რომ ედო. თავის ფიქრებში
ჩაფლული იჯდა და დროის დინებას ვერ ამჩნევდა, სანამ ქვევიდან
მოახლოებული ბორბლების რახრახი არ გაიგონა. ფანჯარასთან
მივიდა და გადაიხედა, რათა ენახა, ვინ მოვიდა დილით ასეთ უდროო
დროს და ძალიან გაუკვირდა, როცა იცნო მისის ჯენინგსის ეკიპაჟი,
რომელიც, როგორც მან იცოდა, პირველ საათზე უნდა მოსულიყო. არ
სურდა რა მარიანა მიეტოვებინა, თუმცა იმის იმედიც არ ჰქონდა, რომ
ჯერჯერობით შეძლებდა, ის რამდენადმე მაინც ენუგეშებინა,
ელინორმა სასწრაფოდ იპოვა მისის ჯენინგსი და მოუბოდიშა, რომ
მასთან ერთად წასვლას ვერ შეძლებდა, რადგან მისი და შეუძლოდ
იყო. მისის ჯენინგსმა ბოდიში ყოველგვარი წყენის გარეშე მიიღო და
გულთბილად გამოხატა თავისი წუხილი მისი მიზეზის გამო. მისის
ჯენინგსის გაცილების შემდეგ ელინორი დაბრუნდა თავის დასთან,
რომელიც იმ დროს ცდილობდა ლოგინიდან წამომდგარიყო და
ძლივს მოასწრო მისთვის ხელის ჩავლება, რომ ლოგინიდან არ
გადმოვარდნილიყო. დასვენებისა და საკვების გარეშე გატარებული
რამდენიმე დღის შემდეგ ის მთლად ღონემიხდილი იყო. მადა
საერთოდ არ ჰქონდა და ღამით თითქმის არ ეძინა. ახლა, როცა მისი
გონება მოლოდინის ციებ-ცხელებით აღარ იყო შეპყრობილი,
ხანგრძლივი შიმშილისა და უძილობის შედეგმა ერთბაშად იჩინა
თავი: თავი და მუცელი სტკიოდა და ნერვიულად გამოფიტული იყო.
ჭიქა ღვინომ, რომელიც ელინორმა მიუტანა, ოდნავ მოაღონიერა და
ძალა ეყო საიმისოდ, რომ ელინორის ზრუნვის მიმართ ერთგვარი
მადლიერება გამოეხატა.
– საწყალი ელინორი! როგორ გაგტანჯე!
– მე მხოლოდ ის მინდა, – უპასუხა დამ, – რომ ისეთი რამის
გაკეთება შევძლო, რაც ცოტათი მაინც განუგეშებდა.
217
ამის ატანა (ან თუნდაც სხვა რამე ყოფილიყო) მარიანას აღარ
შეეძლო. ის კვლავ აქვითინდა და მხოლოდ ის შეძლო, რომ
გამწარებულმა წამოიძახა:
– აჰ, ელინორ, როგორი უბედური ვარ!
ელინორს აღარ შეეძლო, ამ უსაზღვრო ტანჯვის უტყვი მოწმე
ყოფილიყო..
– ეცადე საკუთარი თავი ხელში აიყვანო, მარიანა! – უთხრა მან
მტკიცედ. – თუ არ გინდა თავი მოიკლა და მოკლა ყველა, ვისაც
უყვარხარ. იფიქრე დედაზე, იფიქრე, როგორი მტკივნეული იქნება
მისთვის შენი ტანჯვა. თუნდაც მისი გულისთვის უნდა დააძალო
საკუთარ თავს.
– არ შემიძლია! არ შემიძლია! – წამოიძახა მარიანამ. – წადი,
მარტო დამტოვე, თუ ასე გამძიმებს ჩემთან ურთიერთობა. წადი და
შემიძულე, დამივიწყე, ოღონდ კი ასე ნუ მტანჯავ. ოჰ, რა ადვილია
მათთვის, ვინც არ იცის, რა არის მწუხარება, სხვებს ურჩიოს,
დამშვიდდეს. ბედნიერი ელინორი, შენ ხომ წარმოდგენაც არა გაქვს,
მე როგორ ვიტანჯები.
– შენ მე ბედნიერი გგონივარ, მარიანა? აჰ! შენ რომ იცოდე...
როგორ შემიძლია ბედნიერი ვიყო, როცა ასე გატანჯულს გხედავ?
– მაპატიე, თუ შეგიძლია, მაპატიე, – თქვა მარიანამ და დას
კისერზე ხელები შემოხვია, – მე ხომ ვიცი, როგორ თანამიგრძნობ, მე
ხომ ვიცი შენი გულის ამბავი. და მაინც... შენ ბედნიერი უნდა იყო.
ედვარდს უყვარხარ. რას შეუძლია ბედნიერება ჩაგიშხამოს?
– ბევრ რამეს, ძალიან ბევრ რამეს, – სევდიანად უპასუხა
ელინორმა.
– არა, არა, არა! – გიჟივით წამოიძახა მარიანამ. – მას შენ
უყვარხარ, მხოლოდ შენ. რაღა შეიძლება გქონდეს საწუხარი?
– სანამ ასეთ მდგომარეობაში გხედავ, ბედნიერი ვერ ვიქნები.
– სხვანაირს შენ მე ვეღარასოდეს მნახავ. ჩემს ტკივილს
ვეღარაფერი განკურნავს.

218
– ნუ ლაპარაკობ ასე, მარიანა! ნუთუ ნუგეში არ არსებობს
შენთვის? მეგობრები არა გყავს? ნუთუ დანაკარგი იმდენად დიდია
შენთვის, რომ საერთოდ აუნაზღაურებელია? როგორიც არ უნდა იყოს
ახლა შენი ტანჯვა, წარმოიდგინე, რამდენად დიდი იქნებოდა ის, მისი
ნამდვილი სახე მოგვიანებით რომ გამოჩენილიყო, თქვენი ნიშნობა
კიდევ თვეობით გაგრძელებულიყო, სანამ ის გადაწყვეტდა, ბოლო
მოეღო მისთვის. ყოველი ზედმეტი დღე შენი ნეტარი არცოდნისა
დარტყმას კიდევ უფრო საშინელს გახდიდა.
– ნიშნობა? – გაიმეორა მარიანამ, – მაგრამ ჩვენ ხომ
დანიშნულები არ ვყოფილვართ.
– არ ყოფილხართ?
– არა, ის არც ისეთი უღირსი ადამიანია, როგორც შენ ფიქრობ. მას
ჩემთვის პირობა არ მოუცია.
– მაგრამ ის ხომ გითხრა, რომ უყვარხარ?
– ჰო... არა... ასე პირდაპირ არა. მთელი იმ დღეების
განმავლობაში ეს თითქოს თავისთავად იგულისხმებოდა, მაგრამ
პირდაპირ ის სიყვარულში არასოდეს გამომტყდომია. ხანდახან
მეჩვენებოდა, რომ აი, საცაა... მაგრამ ეს სიტყვები არასოდეს
წარმოუთქვამს.
– და მიუხედავად ამისა, მას მაინც სწერდი?
– ჰო. რა შეიძლებოდა ამაში ცუდი ყოფილიყო, მას შემდეგ, რაც
იყო? მაგრამ ლაპარაკის თავი არა მაქვს...
ელინორმა აღარაფერი თქვა. ისევ იმ სამ წერილს მიუბრუნდა,
ახლა უფრო მეტი ცნობისმოყვარეობით, ვიდრე ადრე. პირველი
მათგანი, რომელიც მარიანას აქ ჩამოსვლის დღეს ჰქონდა
გაგზავნილი, ასეთი შინაარსის იყო:

“ბერკლი-სტრიტი, იანვარი
როგორ გაგიკვირდებათ, უილობი, როცა ამ წერილს მიიღებთ, და
ვფიქრობ, გაკვირვებაზე რაღაც მეტსაც იგრძნობთ, როცა შეიტყობთ,
რომ მე ლონდონში ვარ. აქ ჩამოსვლის შესაძლებლობა, მისის
219
ჯენინგსის საზოგადოებაშიც კი, გახლდათ ცდუნება, რომელსაც ჩვენ
ვერ გავუძელით. ძალიან მინდა, ეს წერილი დროზე მიიღოთ, რომ
დღესვე მოასწროთ ჩვენთან მოსვლა, მაგრამ ამის იმედი დიდად არ
მაქვს. როგორც არ უნდა იყოს, ხვალისთვის გელოდებით. ახლა კი
ნახვამდის.
მ. დ”.

მეორე წერილი, რომელიც მიდლტონებთან ცეკვის მომდევნო


დილას იყო გაგზავნილი, ამბობდა:

„არ შემიძლია აღგიწეროთ ის სასოწარკვეთილება, რომელიც


დამეუფლა იმის გამო, რომ გუშინწინ საღამოს შინ ვერ შეგვისწარით
და გაკვირვება, იმის გამო, რომ არ უპასუხეთ ჩემს წერილს, რომელიც
თითქმის ერთი კვირაა, მოგწერეთ. ყოველდღე, ყოველ საათს
ველოდი, რომ პასუხს მივიღებდი თქვენგან და კიდევ უფრო მეტიც –
გნახავდით. გთხოვთ ისევ მოხვიდეთ, როგორც კი შეძლებთ და
ამიხსნათ მიზეზი, თუ რატომ მომიწია ამაოდ ლოდინი. უმჯობესი
იქნება, თუ სხვა დროს უფრო ადრე მოხვალთ, რადგან დაახლოებით
პირველ საათზე ჩვენ ჩვეულებრივ შინიდან გავდივართ. გუშინ
საღამოს ლედი მიდლტონს ვეწვიეთ და იქ ცეკვები გაიმართა. მე
მითხრეს, რომ თქვენ მიწვეული იყავით. მაგრამ ნუთუ ეს
შესაძლებელია? თქვენ, ეტყობა, ძალიან შეიცვალეთ მას შემდეგ, რაც
ჩვენ უკანასკნელად ვნახეთ ერთმანეთი, თუ გიწვევენ და არ
მიდიხართ. მაგრამ მე არც კი მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი რამ
შესაძლებელია და იმედი მაქვს, ძალიან მალე თქვენგანაც გავიგონებ,
რომ ეს ასე არ არის.
მ. დ.”

მესამე წერილი კი ასეთი იყო:

220
“როგორ უნდა გავიგო, უილობი, თქვენი გუშინდელი საქციელი?
ისევ ახსნა-განმარტებას ვითხოვ თქვენგან. მე მზად ვიყავი,
სიხარულით შეგხვედროდით, რაც ასე ხანგრძლივი განშორების
შემდეგ ბუნებრივი იქნებოდა, მეგობრული უბრალოებით, რასაც
ბარტონში ჩვენი სიახლოვე სავსებით ამართლებდა. და როგორ
უგულებელმყვეს! ღამე საშინლად გავატარე, ვეძებდი ახსნას
საქციელისა, რომელსაც ალბათ სხვას ვერაფერს უწოდებ, თუ არა
შეურაცხყმყოფელს. და თუმცა ვერ შევძელი მეპოვა თქვენი
საქციელის თუნდაც რამდენადმე გონივრული ახსნა, მაინც მზად ვარ,
თქვენი განმარტებები მოვისმინო. იქნებ შეცდომაში შეგიყვანეს ან
შეგნებულად მოგატყუეს რაღაც ისეთთან დაკავშირებით, რაც მე
მეხება და ამან თქვენს თვალში ღირსება შემილახა. მითხარით, რა
მოხდა. გამაგებინეთ, რა იყო მიზეზი თქვენი ასეთი ქცევისა და მე
მივიღებ თქვენს თავის მართლებას და მეც გავმართლდები თქვენ
წინაშე. არ შემიძლია თქვენზე ცუდად ვიფიქრო, მაგრამ თუ ასე
მოხდება, თუკი გავიგებ, რომ ისეთი ადამიანი არა ხართ, როგორადაც
ჩვენ გთვლიდით, რომ თქვენი კეთილი გრძნობები ჩვენ მიმართ
მხოლოდ თვალთმაქცობა იყო, რომ თქვენი განზრახვა თავიდანვე
ჩემი მოტყუება იყო, დაე, ეს რაც შეიძლება მალე ითქვას. მე ახლა
გრძნობები საშინლად აფორიაქებული მაქვს. მინდა გაგამართლოთ,
მაგრამ სხვა შემთხვევაშიც ჩემი ტანჯვა ახლანდელთან შედარებით
შემსუბუქდება. თუ თქვენი გრძნობა ჩემ მიმართ შეიცვალა,
დამიბრუნეთ ჩემი წერილები და თმის კულული.
მ. დ.“

ელინორს, უილობისვე გამო, ერჩია არ დაეჯერებინა, რომ ასეთი


სინაზითა და ნდობით სავსე წერილებზე მას შეეძლო ასე ეპასუხა.
მაგრამ როგორც არ უნდა განესაჯა იგი, თვალს ვერ დახუჭავდა იმაზე,
რომ საერთოდ, ამ წერილების მიწერა უმართებულო იყო და
ელინორი ნანობდა მისი დის ასეთ წინდაუხედაობას, ასე უშურველად
რომ გაამჟღავნა გულში ნადები ნაზი გრძნობები, რომელიც არავის
221
სჭირდებოდა და რასაც არავითარი საფუძველი არ ჰქონდა. სწორედ
ამ გაუფრთხილებლობამ გამოიწვია მძიმე შედეგები. მაგრამ ამ დროს
მარიანამ, შეამჩნია რა გვერდზე გადადებული წერილი, თქვა, რომ
მსგავს გარემოებებში ვინც არ უნდა ყოფილიყო მის ადგილას, იმავეს
დაწერდა და რომ არაფერი ზედმეტი მათში არ იყო.
– მე ვგრძნობდი, – დასძინა მან, – რომ საზეიმოდ ვიყავი მასზე
დანიშნული, ისე, თითქოს ჩვენ ამქვეყნად უმკაცრესმა კანონიერმა
ხელშეკრულებამ დაგვაკავშირა ერთმანეთთან.
– ეს შემიძლია დავიჯერო, – უპასუხა ელინორმა, – მაგრამ,
საუბედუროდ, მას თურმე მსგავსი შეგრძნება არ ჰქონდა.
– არა, ელინორ. ისიც იმავეს გრძნობდა. მთელი კვირების
განმავლობაში იმავეს გრძნობდა. მე ეს ვიცი! რაც არ უნდა იყოს მასში
მომხდარი ცვლილების მიზეზი (და სხვა რა უნდა იყოს, თუ არა რაღაც
უბინძურესი ცილისწამება ჩემ მიმართ), მე ადრე მისთვის ძალიან
ძვირფასი ვიყავი, იმდენად ძვირფასი, რამდენადაც ეს ჩემს სულს
სურდა. იმდენი მევედრა, ის კულული მეჩუქებინა, ახლა რომ ასე
გულგრილად დამიბრუნა უკან! შენ რომ მისი სახე, მისი მზერა გენახა
იმწუთს და მისი ხმა მოგესმინა! ნუთუ დაგავიწყდა მასთან ერთად
ყოფნის ჩვენი ბოლო საღამო ბარტონში? და ჩვენი განშორების
დილა? როცა მითხრა, რომ შეიძლება თვეებს გაევლო, სანამ ისევ
შევხვდებოდით ერთმანეთს. მისი სასოწარკვეთილება... როგორ
დამავიწყდება მისი წუხილი!
ცოტა ხანს მან ხმის ამოღება ვეღარ შეძლო, მაგრამ როცა
აღელვებამ გაუარა, უფრო მტკიცე ტონით დასძინა:
– ელინორ, მე უმოწყალოდ მომექცნენ, მაგრამ არა უილობი.
– ჩემო ძვირფასო მარიანა, მაშ ვინ, თუ არა ის? ვის შეეძლო
მისთვის ამისკენ ებიძგებინა?
– მთელ სამყაროს, მაგრამ არა მის საკუთარ გულს! მე უმალ იმას
დავიჯერებ, რომ ყველამ, ვინც მიცნობს, პირი შეკრა, რათა მის
თვალში გავენადგურებინე, ვიდრე ვაღიარებ, რომ მას შეუძლია
სასტიკი იყოს. აი, იმ ქალმა, რომლის შესახებაც ის მწერს, ვინც არ
222
უნდა იყოს ის, ყველამ, ყველამ პირი შეკრა... მოკლედ რომ გითხრა,
შენ გარდა, ჩემო ძვირფასო დაიკო, და დედას და ედვარდის გარდა.
ყველა შეიძლებოდა ისეთი საზიზღარი ყოფილიყო, რომ ცილი
დაეწამებინა ჩემთვის. თქვენ სამის გარდა, მხოლოდ უილობიზე ვერ
შევიტან ეჭვს ბოროტ ზრახვებში, იმიტომ, რომ ძალიან კარგად
ვიცნობ მის გულს.
ელინორი აღარ შედავებია და მხოლოდ ეს თქვა:
– მაგრამ ვინც არ უნდა იყვნენ შენი საზიზღარი მტრები, ნუ მისცემ
მათ საშუალებას, გამარჯვება იდღესასწაულონ, ჩემო ძვირფასო დაო.
აჩვენე მათ, რომ მხნედ გრძნობ თავს, რადგან შინაგანი სისუფთავე და
კეთილი ზრახვები გაძლიერებს. სიამაყე, რომელიც ასეთ ღვარძლსა
და ბოღმას უპირისპირდება, კეთილშობილი და საქებია.
– არა, არა! – დაიყვირა მარიანამ, – ისეთი უბედურება, როგორიც
მე დამატყდა თავს, ყოველგვარ სიამაყესაა მოკლებული. ჩემთვის
სულერთია, ვის ეცოდინება, რა უბედური ვარ. და დაე, ვისაც სურს,
იდღესასწაულოს ჩემი დამცირება. ელინორ, ელინორ, მათ, ვინც
ძალიან არ იტანჯება, შეუძლიათ ამაყი და უდრეკი იყვნენ, თუ ასე
სურთ; შეუძლიათ არაფრად ჩააგდონ შეურაცხყოფა ან ზიზღით
გადაუხადონ სამაგიერო, მე კი არ შემიძლია. მე უნდა ვიტანჯო, მე
ცრემლები უნდა ვღვარო. დაე, მან იმხიარულოს, ვისაც შეუძლია.
– მაგრამ დედისა და ჩემი გულისათვის...
– თქვენთვის უფრო მეტს გავაკეთებდი, ვიდრე პირადად ჩემთვის,
მაგრამ მოვაჩვენო თავი მხიარულად, მაშინ, როდესაც ვიტანჯები...
ოჰ, ვის შეუძლია ეს მოითხოვოს ჩემგან.
ორივე ისევ გაჩუმდა. ელინორი ჩაფიქრებული მიდი-მოდიოდა
ბუხარსა და ფანჯარას შორის. ვერც ცეცხლის სითბოს ამჩნევდა და
ვერც იმას ხედავდა, მინის იქით რა ხდებოდა. მარიანამ კი, რომელიც
საწოლზე იჯდა და თავი მის ერთ-ერთ სვეტზე ჰქონდა მიყრდნობილი,
უილობის წერილი აიღო, ათრთოლებულმა ყოველი ფრაზა კიდევ
ერთხელ გადაიკითხა და შემდეგ წამოიძახა:

223
– არა, ეს მეტისმეტია! აჰ, უილობი, უილობი! ნუთუ ეს შენ დაწერე?!
ეს სისასტიკეა, სისასტიკე, და ამის გამართლების მოძებნა
შეუძლებელია. ჰო, ელინორ, შეუძლებელია. რაც არ უნდა ეთქვათ
მისთვის ჩემ შესახებ, ნუთუ არ შეეძლო ეჭვი შეეტანა და განაჩენის
გამოტანა გადაევადებინა? ხომ უნდა ეთქვა ჩემთვის, რათა საშუალება
მოეცა თავი გამემართლებინა? “თმის კულულს, რომელიც თქვენ მე
ასეთი კეთილგანწყობით მისახსოვრეთ...” – გაიმეორა მან წერილის
სიტყვები. – არა, ამის პატიება არ შეიძლება. უილობი, სად იყო შენი
გული, როცა ამ სიტყვებს წერდი? ელინორ, შეიძლება ამის
გამართლება?
– არა, მარიანა, ამას გამართლება არა აქვს.
– და მაინც, ის ქალი ვინ იცის, რაზეა წამსვლელი. და რამდენი
ხნის წინ იყო ეს ყველაფერი ჩაფიქრებული და მოწყობილი მის მიერ?
საერთოდ, ვინ არის? ვინ შეიძლება იყოს? ერთხელაც კი არ უხსენებია
ახალგაზრდა ლამაზმანი ჩემთან საუბარში. არასოდეს! მე მხოლოდ
ჩემზე მელაპარაკებოდა.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. მარიანა სულ უფრო და უფრო ღელავდა
და ბოლოს თავის შეკავება ვეღარ შეძლო.
– ელინორ, სახლში უნდა წავიდე. უნდა წავიდე და დედა ვანუგეშო.
ხვალვე ვერ მოვახერხებთ წასვლას?
– ხვალ, მარიანა?
– ჰო, აბა, აქ რისთვის უნდა დავრჩე. მე ხომ მხოლოდ უილობის
გამო ჩამოვედი და ახლა კი ვის ვჭირდები, ვის დაამწუხრებს ჩემი
აქედან წასვლა?
– ხვალ გამგზავრებას ვერაფრით ვერ შევძლებთ. ეს ხომ მხოლოდ
ზრდილობის საკითხია. მთლად ელემენტარული ზრდილობა
მოითხოვს, რომ ასე ნაჩქარევად არ ავიკრათ გუდა-ნაბადი.
– მაშინ კარგი, ზეგ ან მაზეგ იყოს, მაგრამ აქ დიდხანს გაჩერება
ნამდვილად არ შემიძლია. ამ ხალხის გამოკითხვებს და გადაკრულ
სიტყვებს ვერ გავუძლებ. მიდლტონები, პალმერები... სად შემიძლია

224
მათგან შეცოდების ატანა? შეცოდება ისეთი ქალისგან, როგორიც
ლედი მიდლტონია! აჰ, ნეტავ თვითონ ის რას იტყოდა ამაზე?
ელინორმა ურჩია მას, ისევ დაწოლილიყო. მარიანა დაემორჩილა,
მაგრამ ვერ ისვენებდა, სულიერი და ფიზიკური ტკივილები წამითაც
არ ეშვებოდა. ლოგინში ბორგავდა, ქვითინებდა და მალე უკვე
ისტერიკის ზღვარზე მივიდა. წამოდგომას ცდილობდა და ელინორს
სულ უფრო და უფრო უჭირდა მისი შეკავება, უკვე შიშით ფიქრობდა,
ვინმეს ხომ არ მოვუხმო მოსაშველებლადო. თუმცა ლავანდის
წვეთებმა, რომელიც დაჟინებული თხოვნის შემდეგ დალია, ცოტა
დააწყნარა და მისის ჯენინგსის დაბრუნებამდე თავისი ტანჯვის
სარეცელზე მშვიდად და გაუნძრევლად იწვა.

225
თავი 30

მისის ჯენინგსი დაბრუნებისთანავე მათ ოთახში შევიდა, ისე, რომ


კაკუნზე გამოპასუხებასაც არ დალოდებია. სახეზე გულწრფელი
შეშფოთება ეწერა.
– თავს როგორ გრძნობთ, ძვირფასო? – ჰკითხა მან მარიანას
ალერსიანი, თანაგრძნობით სავსე ხმით, მაგრამ მარიანამ სახე
მიაბრუნა და პასუხის გაცემა არც უცდია.
– როგორ არის ის, მისს დეშვუდ? საწყალი, ძალიან ცუდად
გამოიყურება. ან რა გასაკვირია. ყველაფერი სიმართლეა. მალე
აპირებს დაქორწინებას ის არამზადა. მისი სახელის ხსენებაც არ
მინდა. მისის ტეილორმა მითხრა ამის შესახებ ნახევარი საათის წინ,
მას კი თვით მისს გრეის ახლო მეგობარმა ქალმა შეატყობინა. ეს რომ
არა, მე არაფრით დავიჯერებდი. მუხლები მომეკეცა. ვუპასუხე,
მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ერთ ჩემს ნაცნობ ახალგაზრდა
ლედის საზიზღრად მოექცა და მთელი სულით და გულით ვუსურვებ,
ცოლმა გული გაუხეთქოს-მეთქი. და მე მუდამ ამას ვიტყვი, ჩემო
ძვირფასო, შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ. ვერ ვიტან, კაცი რომ
ასე ამჩატდება და თუ მას სადმე შევხვდები, ისეთ დღეს დავაყრი,
კარგა ხანს ვერ მოვა აზრზე. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ერთი ნუგეში
არსებობს, ჩემო ძვირფასო მისს მარიანა – ამქვეყნად, მის გარდა,
უამრავი ახალგაზრდა კაცია, მასზე ბევრად ღირსეულები და თქვენ,
ასეთი ლამაზი სახის პატრონს, თაყვანისმცემლების ნაკლებობა
არასოდეს გექნებათ. ოჰ, საწყალი გოგო, მეტად აღარ შევაწუხებ,
იმიტომ, რომ ახლა აჯობებს, ერთი კარგად გამოიტიროს და
ყველაფერი დამთავრდება. საბედნიეროდ, როგორც გახსოვთ,
საღამოს პერი და სენდერსონები აპირებენ მოსვლას და საშუალება
ექნება კარგად გაერთოს.

226
და ის ოთახიდან ფეხის წვერებზე გავიდა, თითქოს შიშობდა,
ოდნავმა ხმაურმაც კი მისი ახალგაზრდა მეგობრის ტანჯვა კიდევ
უფრო არ გააძლიეროსო.
მარიანამ ელინორი ძალიან გააკვირვა, როცა გადაწყვიტა, მათთან
ერთად ესადილა. მან შეწინააღმდეგებაც კი სცადა, მაგრამ პასუხად
მიიღო, რომ ის სასადილოში ჩავიდოდა, ყველაფერს მშვიდად
გადაიტანდა, ხმაური კი მის გარშემო ნაკლები იქნებოდა. ელინორი
გაახარა დის ასეთმა გადაწყვეტილებამ, თუმცა კი დიდად არ
ეიმედებოდა, რომ მისი ასეთი განწყობილება სადილის
დასრულებამდე გასტანდა. ამიტომ აღარაფერი უთქვამს. მარიანას
კაბა რამდენადაც შეძლო, წესრიგში მოიყვანა და ახლოს მიუჯდა, რომ
ლოგინიდან წამოდგომაში დახმარებოდა, როცა მათ სადილად
მიიწვევდნენ.
მაგიდასთან მარიანას თავი მშვიდად ეჭირა და უფრო მეტს ჭამდა,
ვიდრე მისი და ელოდა. მას რომ ეცადა, საუბარში ჩარეულიყო ან
შეემჩნია, მისის ჯენინგსი ძალიან კეთილი ზრახვებით, მაგრამ
სრულიად უადგილოდ, როგორ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ,
სიმშვიდეს დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა, მაგრამ მის ბაგეებს ერთი
სიტყვაც არ დასცდენია და, თავის ფიქრებში ჩანთქმული, გარშემო
საერთოდ ვერავის ამჩნევდა.
ელინორი, რომელიც სათანადოდ აფასებდა მისის ჯენინგსის
სიკეთეს, თუმცა კი ხშირად უცერემონიოდ და მახინჯი ფორმებით
გამოხატულს, მადლობას უხდიდა მას და თავაზიანად პასუხობდა მისი
დის ნაცვლად, რომელსაც ამის თავი არ ჰქონდა. მათი მზრუნველი
მასპინძელი ხედავდა, რომ მარიანა დანაღვლიანებული იყო და თავს
ვალდებულად თვლიდა, ყველაფერი გაეკეთებინა, რათა მისთვის
მდგომარეობა შეემსუბუქებინა. ისე ალერსიანად და თბილად
ეპყრობოდა, როგორც დედა ანებივრებს თავის საყვარელ შვილს
სასკოლო არდადეგების ბოლო დღეს. მარიანა ბუხართან, ყველაზე
საუკეთესო ადგილზე დასვეს და საუკეთესო ნუგბარეულსაც,
რომელიც კი სახლში მოიპოვებოდა, პირველად მას მიართმევდნენ.
227
უახლესი ჭორებითაც მას ართობდნენ. დის სევდიანი სახე ელინორს
მხიარულების ყოველგვარ სურვილს უკლავდა. ეს რომ არა, მას
უეჭველად სასაცილოდ მოეჩვენებოდა მისის ჯენინგსის მცდელობა,
სიყვარულით დაჭრილი გული სხვადასხვა ტკბილეულით,
ზეთისხილითა და ბუხართან საუკეთესო ადგილით განეკურნა.
მასპინძლის დაჟინებულმა ალერსიანობამ, თუმცა კი
მომაბეზრებელმა, მარიანა ბოლოს და ბოლოს, ღრმა ფიქრებიდან
გამოარკვია. მან რაღაც გაურკვევლად წაიბუტბუტა, თავის დას ანიშნა
არ გამომყვეო, მაშინვე ადგა და ოთახი სწრაფად დატოვა.
– საცოდავი! – წამოიძახა მისის ჯენინგსმა, როგორც კი ის თვალს
მიეფარა. – გული მისკდება, მაგას რომ ვუყურებ. აჰ, ღმერთო ჩემო,
ღვინოც კი არ დაულევია ბოლომდე. და ალუბლის ჩირსაც არ
მიჰკარებია! არაფერი უნდა, არაფერი ახარებს! რომ ვიცოდე, რას
გასინჯავდა სიამოვნებით, ქალაქის მეორე ბოლოდანაც რომ იყოს
მოსატანი, მაინც გავაგზავნიდი მსახურს. პირდაპირ გაოგნდები,
როგორ შეიძლება კაცი ასე ლამაზ ქალს ასე მოექცეს. მაგრამ როცა
ერთ მხარეს ბევრი ფულია დახვავებული, მეორე მხარეს კი –
არაფერი... ასეთ შემთხვევაში ისინი ბევრს არ ფიქრობენ.
– ის გოგონა... მგონი, მისს გრეი, ხომ... ძალიან მდიდარია?
– ორმოცდაათი ათასი გირვანქა სტერლინგი, ჩემო ძვირფასო.
თქვენ ის ოდესმე გინახავთ? ამბობენ, შნოიანი გოგოაო, მაგრამ
რაღაც განსაკუთრებით ლამაზი ნამდვილად არ არის. დეიდამისი
მახსოვს ძალიან კარგად, ბიდდი ჰენშოუ. მდიდარს გაჰყვა ცოლად.
თუმცა მაგათ სახლში მანამდეც ყველა მდიდარი იყო. ორმოცდაათი
ათასი გირვანქა სტერლინგი! თუ მითქმა-მოთქმას დავუჯერებთ, ეს
ფული სწორედ რომ დროზე მიუსწრებს. ამბობენ, რომ ის ბოლომდე
გაკოტრებულია. ან რა გასაკვირია: ყველაზე მოდური ეკიპაჟები,
წმინდა სისხლის საუკეთესო ცხენები. მაგრამ სულერთია, თუ
ახალგაზრდა კაცი, ვინც არ უნდა იყოს ის, ლამაზ გოგონას ეარშიყება
და ხელს და გულს ჰპირდება, მას არავითარი უფლება არა აქვს,
სიტყვა გატეხოს მხოლოდ იმიტომ, რომ გაღარიბდა და უცებ უფრო
228
მდიდარი გოგო გამოუჩნდა, რომელიც მზად არის, ცოლად გაჰყვეს.
ამდგარიყო და თავისი ცხენები გაეყიდა, სახლი გაექირავებინა,
მსახურები გაეშვა და თავისი საქმეები წესრიგში მოეყვანა. რა
უშლიდა? მისს მარიანა, ეჭვიც არ მეპარება, მოიცდიდა, სანამ
ყველაფერი დალაგდებოდა. მაგრამ ჩვენს დროში ამას ვინღა
აკეთებს. ახლანდელი ახალგაზრდობა მხოლოდ თავის სიამოვნებაზე
ფიქრობს.
– ხომ არ იცით, როგორი ხასიათი აქვს მისს გრეის? ამბობენ,
სასიამოვნო გოგოაო.
– მის შესახებ ცუდი არაფერი მსმენია. საერთოდაც, მასზე ადრე
არაფერი ვიცოდი. მხოლოდ ამ დილით მითხრა მისის ტეილორმა,
თითქოს მისს უოკერს გადაეკრას სიტყვა მისთვის, რომ მისტერ და
მისის ელისონებს არ ეწყინებათ, თუ მისს გრეის გაათხოვებენ,
რადგან ის და მისის ელისონი ვერასოდეს თანხმდებოდნენ...
– და ეს ელისონები ვინ არიან?
– მისი მეურვეები, ჩემო ძვირფასო. მაგრამ ის ახლა
სრულწლოვანია და თვითონ შეუძლია აირჩიოს. ჰოდა, მშვენიერი
არჩევანი გააკეთა, ვერაფერს იტყვი. და ახლა რა იქნება? – განაგრძო
მან პაუზის შემდეგ, – თქვენი და, მე მგონი, თავის ოთახში წავიდა,
რომ ტირილით გული იჯეროს. არის რამე, რითიც შეგვიძლია
ვანუგეშოთ? მისი ასე მარტო მიტოვება, უბრალოდ, უგულობა იქნება.
მალე ჩვენი მეგობრებიც მოვლენ და ეს მას ცოტათი გაართობს. რა
ვითამაშოთ? ვიცი, რომ ვისტს ვერ იტანს. და სხვა რამე ხომ არ
გვეცადა.
– მადლობელი ვართ ამ სიკეთისათვის, ძვირფასო მადამ, მაგრამ
ახლა თავის შეწუხება საჭირო არ არის. ვფიქრობ, მარიანა დღეს აღარ
მოისურვებს ოთახიდან გამოსვლას. ვეცდები დავიყოლიო, რომ ადრე
დაწვეს. მას დასვენება სჭირდება.
– ჰო, ეს ახლა ყველაზე უკეთესი იქნება მისთვის. მხოლოდ ის
თქვას, რა სურს ვახშმად და შემდეგ დაწვება. ღმერთო ჩემო,
გასაკვირი არ არის, რომ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში
229
ასე ფერდაკარგული და დამწუხრებული იყო! ალბათ მთელი ეს
პერიოდი გრძნობდა, საქმე საითაც მიდიოდა. დღეს მიღებულმა
წერილმა კი საერთოდ წერტილი დაუსვა ყველაფერს! საცოდავი
გოგო! ეს რომ მცოდნოდა, არაფრის გულისთვის არ ვიხუმრებდი
მასთან ამ თემაზე. მაგრამ, აბა ერთი მითხარით, ასეთ რამეს საიდან
უნდა მივმხვდარიყავი? ვიფიქრე, ეს ალბათ ჩეულებრივი
სასიყვარულო წერილია-მეთქი და ხომ იცით, ახალგაზრდებს უყვართ,
ასეთ რამეებზე რომ ეხუმრებიან. ღმერთო ჩემო, როგორ
გაბრაზდებიან სერ ჯონი და ჩემი ქალიშვილები, როცა გაიგებენ! ასე
რომ არ დავბნეულიყავი, კონდუიტ-სიტზე შევივლიდი, როცა ჩემი
სახლისკენ მივდიოდი და ვეტყოდი მათ ამის შესახებ. მაგრამ არა
უშავს, ხვალ წავალ იქ.
– ვფიქრობ, არავითარი აუცილებლობა არ არსებობს მისის
პალმერის და სერ ჯონის გაფრთხილებისა, რომ მათ მისტერ უილობის
სახელი არ ახსენონ ჩემი დის თანდასწრებით ან თუნდაც ირიბად არ
მიანიშნონ მომხდარზე. საკუთარმა კეთილმა გულმა უნდა უკარნახოს
მათ, რომ მათი მხრიდან სისასტიკე იქნება, გამოამჟღავნონ
ყველაფერი, რაც იციან. და რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებენ ამაზე
ჩემთან, მით უფრო დაზოგავენ ჩემს გრძნობებს, რასაც თქვენ,
ძვირფასო მადამ, ადვილად მიხვდებით.
– ღმერთო შემიწყალე! როგორ ვერ მივხვდები. თქვენთვის
საშინელებაა ამ თემაზე ლაპარაკის გაგონება. და რაც შეეხება თქვენს
დას, მე მასთან არაფრის გულისთვის ამქვეყნად ერთი
გაუფრთხილებელი სიტყვაც არ წამომცდება. ისევე, როგორც
დღევანდელ სადილზე არ წამომცდენია. თქვენ თვითონაც ხომ ნახეთ.
და სერ ჯონიც და ჩემი ქალიშვილებიც ასე მოიქცევიან. ისინი გონიერი
და დელიკატური ადამიანები არიან. მით უმეტეს, თუ მე გადავუკრავ
სიტყვას, ამას კი ნამდვილად არ დავიზარებ. მიმაჩნია, რომ რაც უფრო
ნაკლებს ილაპარაკებენ ასეთ დროს, მით უკეთესია, მით უფრო მალე
მიეცემა დავიწყებას ყველაფერი. და საერთოდ, რა აზრი აქვს ფუჭ
ლაპარაკს?
230
– აქ ეს მხოლოდ საზიანო შეიძლება იყოს და უფრო მეტადაც,
ვიდრე ჩვეულებრივ მსგავს შემთხვევებში. არის ისეთი გარემოებები,
რომლებიც მათ გამო, ვისაც ისინი ეხება, ჭორის საგნად არ უნდა
იქცეს. ერთ რამეში მისტერ უილობი მაინც უნდა გავამართლო. ის
ჩემს დაზე დანიშნული არ ყოფილა.
– არ გინდათ, რა, ჩემო ძვირფასო. თავს ისე ნუ აჩვენებთ, თითქოს
იცავთ მას. დანიშნული არ ყოფილა თურმე! მას შემდეგ, რაც
ალენჰემში წაიყვანა თავის სახლში და აჩვენა, რომელ ოთახებში
უნდა ეცხოვრათ!
ელინორმა თავისი დის გამო ამჯობინა, ამ თემაზე ლაპარაკი აღარ
გაეგრძელებინა. უილობისთვის დავა არ ღირდა. სიმართლის
დადგენა მას მაინც ვერაფერს არგებდა, მაშინ, როცა მარიანასათვის
ის შეიძლება დიდი ზიანის მომტანი გამომდგარიყო. ცოტა ხნით
ორივენი გაჩუმდნენ, მაგრამ შემდეგ დაუცხრომელი ენერგიის მქონე
მისის ჯენინგსმა ისევ განაგრძო:
– იცით, რა, ჩემო ძვირფასო? ტყუილად არ ამბობენ, ზოგი ჭირი
მარგებელიაო. სამაგიეროდ, პოლკოვნიკი ბრენდონი დარჩება ამით
მოგებული. ის ახლა უკვე ნამდვილად მიაღწევს თავისას. ამას წყალი
არ გაუვა. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, შუა ზაფხულში ისინი
დაქორწინდებიან. როგორ ჩაიცინებს, როცა ამ ამბავს გაიგებს. იმედი
მაქვს, ამ საღამოს მოვა. და რომ იცოდეთ, თქვენი დისთვის ის ბევრად
უკეთესი პარტიაა. ორი ათასი წელიწადში! არც ვალები და არც
ვალდებულებები... გარდა... ჰო, უკანონო შვილი ჰყავს, გოგო... სულ
დამავიწყდა. ის შეიძლება სასწავლებელში მიაბარონ და ბევრი
არაფერი დაუჯდებათ. და საზრუნავიც აღარაფერი ექნებათ.
დელაფორდი შესანიშნავი მამულია, დამიჯერეთ. და სახლიც
მშვენიერია, ძველებურ მოდაზე აშენებული, ყველანაირი
კომფორტით, ყველა მხრიდან გარშემორტყმული ბაღით, სადაც
ამქვეყნად საუკეთესო ხილის ხეები დგას. ერთ კუთხეში თუთის ხეა.
ღმერთო, რამდენი ვჭამეთ მე და შარლოტამ იმ ერთადერთხელ, როცა
იქ ვიყავით. ახლა სამტრედე! წყალსატევი თევზებით! და შესანიშნავი
231
არხი – მოკლედ, ყველაფერი, რაც სულსა და გულს მოესურვება.
მთავარი კი მაინც ისაა, რომ ეკლესია ხელის გაწვდენაზეა, სულ
რაღაც მეოთხედ მილში ფოსტის გზიდან. არ მოგწყინდება,
გასართობს ყოველთვის მოძებნი. შეგიძლია წახვიდე და ურთხმელის
ფანჩატურში ჩამოჯდე სახლის უკან, საიდანაც გამვლელ-
გამომვლელი კარეტები ჩანს! შეუდარებელი ადგილია! ყასაბი
სოფელში იქვეა და მღვდლის სახლამდე ხომ ათიოდე ნაბიჯია. ჩემი
გემოვნებით, ბარტონ-პარკზე ათასჯერ ლამაზი ადგილია. ბარტონ-
პარკში ხომ ხორცის ყიდვა სამი მილის იქით გიწევს და დედათქვენზე
ახლოს არც ერთი მეზობელი არ ცხოვრობს. მე პოლკოვნიკს
გავამხნევებ, როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა. როგორც
ამბობენ, რაღაცას კარგავ, რაღაცას პოულობ. მხოლოდ იმას უნდა
მივაღწიოთ როგორმე, რომ უილობი თავიდან ამოიგდოს.
– ამას რომ მოვახერხებდეთ, მადამ, – თქვა ელინორმა, – ჩვენ
პოლკოვნიკ ბრენდონის გარეშეც იოლად გავალთ.
ამ სიტყვების წარმოთქმისას წამოდგა და მარიანას სანახავად
გაემართა. როგორც მოსალოდნელი იყო, ის თავის ოთახში იჯდა
უხმო მწუხარებაში ჩანთქმული და მბჟუტავ ცეცხლს ჩასჩერებოდა.
სანთელიც კი არ აენთო.
– მარტო დამტოვე, – მხოლოდ ეს თქვა.
– დაგტოვებ, – უპასუხა ელინორმა, – თუ დაწვები.
მაგრამ მარიანა ერთბაშად ნერვულმა კანკალმა აიტანა და
თავიდან გადაჭრით უარი განაცხადა, მაგრამ შემდეგ დის დაჟინებულ,
მაგრამ ალერსიან თხოვნას დაჰყვა და ელინორი მხოლოდ მაშინ
წავიდა, როცა მარიანამ მტკივანი თავი ბალიშზე დადო და, როგორც
მას მოეჩვენა, მალე მადლიან ძილს მისცემდა თავს...
სასტუმრო ოთახში, სადაც ელინორი ჩავიდა, მალე მისის ჯენინგსი
შევიდა, პირთამდე სავსე ღვინის ჭიქით ხელში.
– ძვირფასო, – დაიწყო მან შესვლისთანავე, – მხოლოდ ახლა
გამახსენდა, რომ ცოტაოდენი შესანიშნავი ძველი ღვინო დამრჩა,
უკეთესი რომ არავის უგემნია, ისეთი. და თქვენს დას დავუსხი ერთი
232
ჭიქა. ჩემს საცოდავ ქმარს ძალიან უყვარდა და ნაღვლის ნიკრისს
ამით შველოდა. სულ მეუბნებოდა, ყველაზე უკეთესი წამალია
ამქვეყნადო. წაუღეთ თქვენს დას.
– ძვირფასო მადამ, – უპასუხა ელინორმა და გაიღიმა დაავადების
იმ უჩვეულოდ ფართო დიაპაზონის გამო, რომელსაც თურმე ეს
საშუალება არჩენდა. – თქვენ ძალიან კეთილი ბრძანდებით, მაგრამ
როცა მარიანა დავტოვე, ის უკვე იწვა და იმედი მაქვს, ახლა
ჩაძინებული იქნება. ვფიქრობ, ძილი ახლა მისთვის საუკეთესო
სამკურნალო საშუალებაა და ამიტომ, თქვენის ნებართვით, ამ
ღვინოს მე თვითონ დავლევ.
მისის ჯენინგსი თუმცა ძალიან ნანობდა, რომ ხუთი წუთით
დააგვიანა, მაგრამ ბოლოს სიტუაციიდან ასეთი გამოსავლის პოვნით
დაკმაყოფილდა, ელინორმა კი ნახევარი ჭიქის დალევის შემდეგ
გაიფიქრა, რომ ჯერჯერობით თვითონ ვერ გადაწყვეტდა, რამდენად
სასარგებლო იყო ეს ღვინო ნაღვლის ნიკრისისთვის, იმის გამოცდა
კი, სიყვარულით დაჭრილ გულს განკურნავდა თუ არა, მასზეც
არანაკლებ შეიძლებოდა, ვიდრე მის დაზე.
როცა ჩაი შემოიტანეს, პოლკოვნიკი ბრენდონი შემოვიდა და იმის
მიხედვით, თუ როგორ მოათვალიერა ოთახი, ელინორმა მაშინვე
დაასკვნა, რომ ის არც ელოდა და არც უნდოდა, აქ მარიანა ეხილა.
მოკლედ რომ ითქვას, მან უკვე იცოდა, რით აიხსნებოდა მისი
არყოფნა. მისის ჯენინგსს ეს აზრადაც არ მოსვლია და როცა მივიდა
ჩაის მაგიდასთან, რომელთანაც ელინორი დისახლისობდა, მას
ყურში ჩასჩურჩულა:
– პოლკოვნიკი ისევ ისე მოღუშულია. მან არაფერი იცის ამის
შესახებ. თქვენ უთხარით, ჩემო ძვირფასო.
მალე პოლკოვნიკმა თავისი სკამი მისკენ ახლოს მისწია, ისე
შეხედა, აგრძნობინა, რომ ყველაფერი იცოდა და ჰკითხა, შენი და
თავს როგორ გრძნობსო.
– მარიანა არ არის კარგად, – უპასუხა ელინორმა, – მთელი დღე
შეუძლოდ იყო. დავიყოლიეთ, რომ დაწოლილიყო.
233
– ესე იგი, გამოდის, რომ, – ყოყმანით თქვა მან, – რაც ამ დილით
მოვისმინე... შეიძლება უფრო ახლოს იყოს სიმართლესთან, ვიდრე
თავიდან ვივარაუდე, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო.
– მაინც რა მოისმინეთ?
– რომ ჯენტლმენი, რომელზეც მე საფუძველი მაქვს ვიფიქრო...
უფრო სწორად, ადამიანი, რომელსაც რამდენადაც ჩემთვის
ცნობილია, სიტყვა ჰქონდა მიცემული... არ ვიცი, როგორ გითხრათ,
მაგრამ თუ თქვენ იცით და ალბათ გეცოდინებათ კიდეც, მაშინ იქნებ
გადამარჩინოთ ამ...
– თქვენ გულისხმობთ, – უპასუხა ელინორმა ნაძალადევი
სიმშვიდით, – მისტერ უილობის დაქორწინებას მისს გრეიზე? ჩვენ, რა
თქმა უნდა, ყველაფერი ვიცით. ახლა ყველა ამ ახალ ამბავზე
ლაპარაკობს. დილით შევიტყვეთ პირველად ამის შესახებ. მისტერ
უილობი იდუმალებით მოცული ადამიანია. და თქვენ სად გაიგეთ?
– პელ-მელზე, წიგნის ფარდულში, სადაც საქმეზე შევიარე. ორი
ლედი ელოდა თავის კარეტას და ერთ-ერთი მათგანი მეორეს რაღაც
ქორწილის შესახებ უყვებოდა, თანაც ისე ხმამაღლა, რომ უნებურად
ყველაფერი მესმოდა. ჩემი ყურადღება ხშირად გამეორებულმა
სიტყვებმა – “უილობი”, “ჯონ უილობი” – მიიპყრო, რასაც მოჰყვა
კატეგორიული მტკიცება, რომ მისი ქორწინება მისს გრეიზე
გადაწყვეტილი საქმეა და მისი საიდუმლოდ შენახვა საჭირო აღარ
არის, და რომ ის რამდენიმე კვირის შემდეგ არის დანიშნული.
ბოლოს, ქორწილისთვის მზადების და კიდევ რაღაც საქმეების
შესახებ ილაპარაკეს. ერთი რამ განსაკუთრებით აღმებეჭდა
გონებაში, რადგან ამით საბოლოოდ დამტკიცდა, რომ ისინი ჩემთვის
ცნობილ კაცზე ლაპარაკობდნენ. ითქვა, რომ ქორწინების
ცერემონიალის დამთავრებისთანავე ახალშეუღლებულები კომბე-
მაგნაში, სიძის სომერსეტშირის მამულში გაემგზავრებოდნენ.
წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება! შეუძლებელია აღგიწეროთ, რასაც
ვგრძნობდი. მათი წასვლის შემდეგ მაღაზიაში დავრჩი და ვიკითხე, ეს
ქალბატონები ვინ არიან-მეთქი. მითხრეს, რომ ის სიტყვამრავალი
234
ლედი ვინმე მისის ელისონი გახლდათ, მოგვიანებით კი შევიტყვე,
რომ ის მისს გრეის მეურვე ყოფილა.
– სრული სიმართლეა. მაგრამ ისიც თუ ჩაგწვდათ ყურს, რომ მისს
გრეის ორმოცდაათი ათასი გირვანქა სტერლინგი აქვს? მე მგონი,
სწორედ ამით აიხსნება ყველაფერი.
– სავსებით შესაძლებელია. მაგრამ ვფიქრობ, უილობი იმაზე
წამსვლელია... ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია... – ის წუთით
შეჩერდა და თითქოს საკუთარ თავს ვერ ენდოო, თემა შეცვალა. – და
თქვენი და... მან როგორ გადაიტანა?
– ძალიან იტანჯება. მხოლოდ იმის იმედი შემიძლია ვიქონიო, რომ
ეს დიდხანს არ გასტანს. მას ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენეს. მე
მგონი, გუშინდელ დღემდე მის გრძნობებში ერთხელაც არ
დაეჭვებულა. და იქნებ ახლაც კი... მაგრამ მე თითქმის
დარწმუნებული ვარ, რომ სინამდვილეში მას ჩემი და არასოდეს
ჰყვარებია. ვერაგი მატყუარა! ბევრი რამ მოწმობს, რომ ერთი გულქვა
კაცია.
– ჰო, – თქვა პოლკოვნიკმა ბრენდონმა, – მართლაც ძალიან
ბევრი რამ, მაგრამ თქვენი და... თუ არ ვცდები, თქვენ თვლით, რომ ის
მთლად თქვენს აზრს არ იზიარებს.
– თქვენ ხომ იცნობთ მის ბუნებას და გესმით, როგორი
მონდომებით შეეცდებოდა მის გამართლებას, რომ შეეძლოს.
პოლკოვნიკმა არაფერი უპასუხა, შემდეგ ლანგარი ჩაის
ფინჯნებიანად წაიღეს, სტუმრები მაგიდას შემოუსხდნენ კარტის
სათამაშოდ და მათ საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. მისის
ჯენინგსი სიამოვნებით ადევნებდა თვალს მათ საუბარს, ელოდა, რომ
მისს დეშვუდთან ურთიერთობის შედეგად პოლკოვნიკის სახე
მოულოდნელი სიხარულით წამოენთებოდა, რაც ძალიან
დამშვენდებოდა საუკეთესო ახალგაზრდულ ასაკში მყოფ, იმედებითა
და ბედნიერებით სავსე კაცს. მაგრამ ძალიან უკვირდა, როცა
ხედავდა, რომ ის საღამოს ბოლომდე ჩვეულებრივზე უფრო
სერიოზული და ფიქრიანიც კი იყო.
235
თავი 31

თავისი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, მარიანას თითქმის მთელი


ღამის განმავლობაში კარგად ეძინა, მაგრამ დილით, როცა თვალები
გაახილა, მწუხარებამ ისევ მთელი მისი არსება მოიცვა.
ელინორი მას ყოველნაირად წააქეზებდა, რომ რაც შეიძლებოდა
მეტი ელაპარაკა იმაზე, რასაც გრძნობდა, ამოეთქვა თავისი ტკივილი
და გათავისუფლებულიყო მისგან. საუზმემდე მრავალჯერ
მიუბრუნდნენ ერთსა და იმავე თემას. ელინორი, საკუთარ თავში
დარწმუნებული, ალერსიანად, მაგრამ დაჟინებით სთხოვდა დას
დამშვიდებულიყო, მარიანა კი წინანდებურად ბობოქრობდა და ხან
ერთს ამბობდა და ხან მეორეს. ხანდახან ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ
უილობი მასავით უბედურია და არაფერში არ არის დამნაშავე, ხან კი,
უკიდურესი სასოწარკვეთილებით შეპყრობილი, მისთვის ვერავითარ
გამართლებას ვერ პოულობდა. უცებ სრულიად განურჩეველი
ხდებოდა საზოგადოების აზრის მიმართ, მეორე წამს კი მისგან
სამუდამოდ გაქცევას აპირებდა. იქვე განწყობილება ეცვლებოდა და
მზად იყო, მას დაპირისპირებოდა. ერთ რამეში კი სიმტკიცეს იჩენდა:
ყოველნაირად ცდილობდა, მისის ჯენინგსის საზოგადოება თავიდან
აერიდებინა, მაგრამ, როცა ეს შეუძლებელი ხდებოდა, ჯიუტად დუმდა.
მისთვის აუტანელი იყო აზრი, რომ მისის ჯენინგსი მას გულწრფელად
თანაუგრძნობდა.
– არა, არა და არა! ეს შეუძლებელია! – იძახდა ის. – მას არ
შეუძლია, რამე იგრძნოს, მისი სიკეთე თანაგრძნობა არ არის, მის
კარგ ხასიათს და კეთილგანწყობას არაფერი აქვს საერთო ნამდვილ
სიმპათიასთან. მას მხოლოდ ჭორები სჭირდება, მე კი მხოლოდ ისე
ვაინტერესებ, როგორც წყარო ამ ჭორებისთვის.
ელინორს არ სჭირდებოდა ახალი მტკიცებულებები, რათა კიდევ
ერთხელ დარწმუნებულიყო დის მიკერძოებულობასა და

236
არასამართლიანობაში სხვა ადამიანების მიმართ. მის აზრებს შობდა
სინატიფე მისივე გონებისა და ის განსაკუთრებული მნიშვნელობა,
რასაც ის ფაქიზ მგრძნობელობასა და უზადოდ დახვეწილ მანერებს
ანიჭებდა. მსოფლიოს კეთილი ნახევრის მსგავსად, თუ, რა თქმა უნდა,
მათ შორის ნახევარი მაინც მოიძებნება ჭკვიანი და წესიერი ადამიანი,
მარიანა მთელი თავისი ნიჭისა და საუკეთესო სულიერი თვისებების
მიუხედავად, ძალიან ხშირად არ იყო სამართლიანი და გონიერი. ის
სხვებისგან საკუთარის მსგავს შეხედულებებსა და გრძნობებს
მოითხოვდა და მათი ქცევის მოტივებზე იმით მსჯელობდა, თუ რა
შთაბეჭდილებას ახდენდნენ ისინი მასზე მოცემულ მომენტში. და
სანამ ის და ელინორი ოთახში ისხდნენ საუზმის შემდეგ, მისის
ჯენინგსი მის თვალში კიდევ უფრო დაბლა დაეშვა და ეს მხოლოდ
იმიტომ, რომ მარიანამ სისუსტის გამო, თავისი ტანჯვის ახალ წყაროდ
აქცია მასპინძლის გულწრფელი სურვილი, ცოტათი მაინც
ენუგეშებინა ის.
მისის ჯენინგსი მათთან წერილით შევიდა, რომელიც გაწვდილ
ხელში ეჭირა და სახეგაბადრულმა, ღიმილით, სრულიად
დარწმუნებულმა, რომ მარიანას სიხარულს მიანიჭებდა, თქვა:
– აბა, ჩემო ძვირფასო, ეს, რა თქმა უნდა, თქვენ გაგამხნევებთ.
მარიანას მეტი არც უნდოდა. მისმა წარმოსახვამ იმავ წამს
უილობის წერილი დაუხატა, სინაზითა და სინანულით სავსე წერილი,
რომელშიც ის ამომწურავად უხსნიდა ყველაფერს ისე, რომ თვით მის
პიროვნებას ჩრდილი არ ადგებოდა. და უკვე თავის წარმოსახვაში
ხედავდა, როგორ მორბოდა ის მისკენ, მუხლებში უვარდებოდა და
მრავლისმეტყველი მზერით ადასტურებდა წერილის ყოველ სიტყვას.
მაგრამ მომდევნო წამმა გაფანტა ოცნებები წინა წამით შობილი. მან
დედამისის კალიგრაფია იცნო და პირველად, მის დანახვას
არავითარი სიხარული არ მიუნიჭებია მისთვის; მწარე
იმედგაცრუებამ, რომელმაც ნეტარი იმედი ან, უფრო სწორად,
ექსტაზი შეცვალა, აგრძნობინა, რომ მხოლოდ ახლა მიხვდა,
ნამდვილი ტანჯვა რა იყო.
237
მარიანა საკმარისად მჭერმეტყველი არ გახლდათ საიმისოდ, რომ
მისის ჯენინგსის გაუგონარი სისასტიკის შესაფერისი სიტყვები
მოეძებნა და საყვედურის გამოხატვა მხოლოდ თვალებიდან
გადმომსკდარი ცრემლების ნიაღვრით შეძლო, თუმცა საყვედურმა
ადრესატამდე ვერ მიაღწია და მისის ჯენინგსი წავიდა, მას შემდეგ,
რაც თანაგრძნობა ყველაზე თბილი სიტყვებით გამოხატა და რჩევა
მისცა, დედის წერილი რაც შეიძლება მალე წაიკითხე, განუგეშებსო.
თუმცა წერილი, რომელიც მარიანამ მას შემდეგ გახსნა, როცა
შედარებით დამშვიდდა, მანუგეშებელი სულაც არ აღმოჩნდა. მისი
ყოველი სტრიქონი უილობით იყო სავსე. მისის დეშვუდი ჯერ კიდევ
დარწმუნებული იყო, რომ ისინი დანიშნულები იყვნენ და თბილი
სიტყვებით გამოხატავდა თავის ნდობას სასიძოს მიმართ. ელინორის
ჩაგონებით,ის სთხოვდა მარიანას, უფრო გულახდილი ყოფილიყო
დასთან და დედასთან, თანაც ამას ისეთი სიყვარულით აკეთებდა,
ისეთი სინაზით უილობისადმი და ისეთი გულწრფელი იმედით მათი
მომავალი ბედნიერებისადმი, რომ მარიანა კიდევ უფრო ხმამაღლა
აქვითინდა, როცა წერილი ჩაამთავრა.
ის კვლავ მოუთმენელმა სურვილმა შეიპყრო, სახლში რაც
შეიძლებოდა მალე დაბრუნებულიყო. დედა მისთვის კიდევ უფრო
ძვირფასი გახდა, ვიდრე ადრე, ძვირფასი მისი მეტისმეტი, თუმცა კი
სავსებით დაუმსახურებელი ნდობის გამო უილობის მიმართ. და მან
შეშლილივით დაიჟინა, რომ დაუყოვნებლივ, ახლავე დასდგომოდნენ
გზას. ელინორს, რომელსაც ვერ გადაეწყვიტა, რა იქნებოდა უკეთესი
მარიანასთვის – ლონდონში დარჩენა თუ ბარტონში დაბრუნება,
მისთვის რჩევების მიცემა აღარ დაუწყია, მხოლოდ სთხოვა: მოესმინა,
სანამ დედამისის აზრს არ გაიგებდნენ და, ბოლოს და ბოლოს, დისგან
ამ დათმობას მიაღწია.
მისის ჯენინგსმა ისინი ჩვეულებრივზე ადრე დატოვა. მანამ ვერ
მოისვენებდა, სანამ მიდლტონები და პალმერები მასავით არ
იქნებოდნენ შეწუხებული. კატეგორიული უარი თქვა ელინორის
შეთავაზებაზე, მას გაჰყოლოდა, და დებს შუადღემდე დაემშვიდობა.
238
ელინორი გულდამძიმებული მიუჯდა მაგიდას წერილის მისაწერად.
აწუხებდა იმის შეგრძნება, რომ დედისთვის მძიმე ტკივილი უნდა
მიეყენებინა. მან ხომ, თუ დედის მარიანასადმი მიწერილი წერილით
ვიმსჯელებდით, ვერ შეძლო მისი შემზადება ცუდი ამბისათვის. მაგრამ
მისის დეშვუდისთვის იმის შეტყობინება, თუ რა მოხდა და მისი აზრის
გაგება, მომავალში როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, აუცილებელი იყო,
და თან, რაც შეიძლებოდა სწრაფად. როგორც კი მისის ჯენინგსი
სახლიდან გავიდა, მარიანა სასტუმრო ოთახში ჩავიდა და იმ
მაგიდასთან დაჯდა, რომელზეც ელინორი წერილს წერდა. ის
ყურადღებით ადევნებდა თვალს კალმის მოძრაობას და თან
ხმამაღლა იცოდებდა ხან ელინორს, რომელსაც ბედმა ასეთი
უსიამოვნო მისია არგუნა, და ხან დედას, რომელსაც კიდევ უფრო
მძიმე დარტყმის გადატანა მოუწევდა.
ასე გრძელდებოდა დაახლოებით თხუთმეტი წუთის
განმავლობაში, როცა უცებ მარიანა, რომლის ნერვები ხმაურს ვერ
იტანდა, მოულოდნელად კარზე კაკუნმა შეაკრთო.
– ვინ შეიძლება იყოს? – წამოიძახა ელინორმა, – თანაც ასე ადრე.
მე კი მეგონა, რომ ჩვენ აქ უსაფრთხოდ ვიყავით.
მარიანა ფანჯარასთან მივიდა.
– პოლკოვნიკი ბრენდონი, – თქვა მან გაღიზიანებით, – მისგან
უსაფრთხოდ არასდროს ვართ.
– მაგრამ მისის ჯენინგსი შინ არ არის და ამიტომ ის არ შემოვა.
– მისგან ესეც არ არის გამორიცხული, – შეეპასუხა მარიანა და
თავისი ოთახისკენ წავიდა. – ადამიანს, რომელსაც დრო
თავზესაყრელად აქვს, სინდისი საიმისოდაც არ ჰყოფნის, რომ სხვისი
დრო დაზოგოს.
მისი დასკვნა სწორი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ის მცდარ
აზრს და უსამართლო ცრურწმენას ემყარებოდა. ასე იყო თუ ისე,
პოლკოვნიკი მართლა შემოვიდა და ელინორს ეჭვიც არ ეპარებოდა,
რომ ის აქ მარიანას გამო გულწრფელმა წუხილმა მოიყვანა, რაშიც
მისმა სევდიანმა, ტკივილიანმა გამომეტყველებამაც დაარწმუნა და
239
იმანაც, როგორ შეშფოთებულმა, თუმცა მოკლედ იკითხა მან
მარიანას ჯანმრთელობის ამბავი. ამიტომ არ შეეძლო დისთვის
მისდამი ასეთი უპატივცემულობა ეპატიებინა.
– მე მისის ჯენინგსს შევხვდი ბონდ სტრიტზე, – თქვა პოლკოვნიკმა
მისალმების შემდეგ, – და მან მთხოვა შემომევლო. დიდი თხოვნაც არ
დასჭირვებია, რადგან ვვარაუდობდი, რომ მარტოს შეგისწრებდით,
რაც ასე ძალიან მინდოდა. ჩემი მიზანი... ჩემი სურვილი...
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს მსურდა... მე მგონი... მე იმედი
მაქვს... ეს შეიძლება ნუგეში იყოს... არა, არა, რა ნუგეში? ნუგეშზე ჯერ
ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ზედმეტია... მაგრამ ალბათ არის მისი
დარწმუნების იმედი. ჩემი გრძნობა მის მიმართ, თქვენ მიმართ,
დედათქვენის მიმართ. თქვენის ნებართვით, მე რამდენიმე
მტკიცებულებას მოგცემთ, გაგიმხელთ რაღაც გარემოებებს, რასაც
არაფერი, გარდა გულწრფელი პატივისცემისა, გარდა მხურვალე
სურვილისა, რაღაც სასარგებლო გავაკეთო თქვენთვის... ვფიქრობ,
ჩემი ეს საქციელი გამართლებულია... თუმცა მრავალი საათი
დავკარგე საკუთარი თავისთვის იმის მტკიცებაში, რომ სწორად
ვიქცევი. მაგრამ ხომ შეიძლება ვცდებოდე? – ის გაჩუმდა.
– მესმის, – უპასუხა ელინორმა, – რომ თქვენ გსურთ, რაღაც
შემატყობინოთ უილობის შესახებ. რაღაც ისეთი, რაც კიდევ უფრო
ნათლად წარმოაჩენს მის ხასიათს და ამხელს მას. ეს, რა თქმა უნდა,
მეგობრული გრძნობის გამოხატულებაა მარიანას მიმართ.
მადლობელი ვიქნები ყველაფრისთვის, რასაც მოვისმენ და ასევე
იქნება ისიც... მაგრამ ამას დრო დასჭირდება. გთხოვთ, ძალიან
გთხოვთ, ყველაფერი მომიყვეთ.
– აუცილებლად. მოკლედ, როცა ოქტომბერში ბარტონიდან
წავედი... არა, ასე თქვენთვის ძნელი გასაგები იქნება... მე წარსულში
უნდა დავბრუნდე. ვშიშობ, მისს დეშვუდ, თქვენ ჩემი სახით ძალიან
ცუდი მთხრობელი გყავთ. არც ვიცი, საიდან დავიწყო. არა, საკუთარ
თავზე მოყოლას, სამწუხაროდ, გვერდს ვერ ავუვლი. მაგრამ ამ
ნაწილს რაც შეიძლება შევამოკლებ. ასეთი თემა, – დასძინა მან მძიმე
240
ოხვრით, – არ არის მაცდუნებელი საიმისოდ, რომ რაღაც წვრილმან
დეტალებზე ვილაპარაკო.
ის გაჩუმდა. აზრებს იკრებდა. მერე ისევ ამოიოხრა და განაგრძო:
– თქვენ ალბათ მთლად დაგავიწყდათ ის საუბარი... თქვენზე ხომ,
როგორც მე ვთვლი, მას არავითარი შთაბეჭდილების მოხდენა არ
შეეძლო... ჩვენი საუბარი, როგორღაც, ერთ საღამოს ბარტონ პარკში,
ცეკვების დროს, როცა მე ვახსენე, რომ თქვენი და მარიანა ცოტათი
ერთ ჩემს ძველ ნაცნობს მაგონებს.
– არა, არ დამვიწყნია, – უპასუხა ელინორმა, – ძალიან კარგად
მახსოვს.
პოლკოვნიკს თითქოს ესიამოვნა, რომ მას ახსოვდა.
– ჰოდა, თუ ჩემი, არცთუ საიმედო, მიკერძოებული მეხსიერება არ
მატყუებს, ისინი არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ ბუნებითაც
ჰგავდნენ ერთმანეთს. ერთნაირად მხურვალე გული, მგზნებარე
წარმოსახვა და ხასიათი. ის, ვისზეც მე ვლაპარაკობ, ჩემი ახლო
ნათესავი იყო, სულ პატარაობიდანვე ობოლი და მამაჩემის
მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდა. თითქმის ერთი ხნის ვიყავით და
ადრეული ბავშვობიდან მოყოლებული, სულ ერთად ვთამაშობდით და
ვმეგობრობდით. არ მახსოვს ისეთი დრო, როცა ელიზა არ მიყვარდა.
და როცა გავიზარდეთ, მე მის მიმართ ისეთი გრძნობით ვიყავი
შეპყრობილი, როგორიც, თქვენ ჩემი ახლანდელი პირქუში
გამომეტყველების შემხედვარემ, შეიძლება ჩათვალოთ, რომ მე არ
შეიძლება მქონდეს. და მისი გრძნობაც ჩემდამი არანაკლებ
მხურვალე იყო, ვიდრე ის, რასაც ახლა თქვენი და განიცდის მისტერ
უილობის მიმართ. და ისიც, თუმცა სხვა მიზეზის გამო, არანაკლებ
უიღბლო აღმოჩნდა. ჩვიდმეტი წლის ასაკში მე ის საბოლოოდ
დავკარგე – თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ჩემს ძმაზე
გაათხოვეს. თვითონ მდიდარი იყო, ჩვენი საგვარეულო მამული კი
ვალებით იყო დატვირთული. ვშიშობ, სწორედ ამით აიხსნებოდა
საქციელი იმ ადამიანისა, რომელიც მისი ბიძა და მეურვე გახლდათ.
ჩემი ძმა მისი ღირსი არ იყო, მას ელიზა არც კი უყვარდა. მე მაინც
241
იმედი მქონდა, რომ მისი გრძნობა ჩემ მიმართ ერთგვარი საყრდენი
იქნებოდა მისთვის ყველა უბედურებაში და გარკვეული ხნის
განმავლობაში ეს ასეც იყო. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, საშინელმა
მდგომარეობამ, რომელშიც ის იმყოფებოდა, მას ხომ ძალიან ცუდად
ეპყრობოდნენ, შეასუსტა მისი სიმტკიცე, და თუმცა მე დამპირდა, რომ
არაფერს... მაგრამ რა არეულ-დარეულად ვყვები! მე ხომ ისიც კი არ
მიხსენებია, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ჩვენ გადავწყვიტეთ,
შოტლანდიაში გავქცეულიყავით. სულ რამდენიმე საათი რჩებოდა,
როცა ჩემი კუზინას მოსამსახურე ქალმა ჩვენი საიდუმლო გასცა. არ
ვიცი, ეს თავისი ქარაფშუტობით მოუვიდა თუ მის ვერაგობას
მივაწერო. მე გამგზავნეს ნათესავთან, რომელიც ქვეყნის სულ სხვა
ნაწილში ცხოვრობდა, მას კი აღუკვეთეს თავისუფლება,
საზოგადოებაში ყოფნა, ყოველგვარი გართობა. აი, ასე შეძლო
მამაჩემმა, თავისი გაეტანა. მე მეტისმეტად დიდი იმედი მქონდა
ელიზას სიმტკიცისა, მაგრამ დარტყმა სასტიკი აღმოჩნდა. მისი
ქორწინება ბედნიერი რომ ყოფილიყო, მე, მაშინ ჯერ კიდევ მთლად
ნორჩი, შევეგუებოდი ამას და ყოველ შემთხვევაში, მომხდარს
დღემდე არ ვინანებდი. მაგრამ ის ბედნიერი არ აღმოჩნდა. ჩემს ძმას
მის მიმართ არავითარი გრძნობა არ გააჩნდა. მას მდაბალი
გრძნობები იტაცებდა და ცოლს სულ თავიდანვე ძალიან ცუდად
ექცეოდა. და ამ ყველაფრის შედეგი სრულიად ბუნებრივი გახლდათ
ისეთი ახალგაზრდა, ცოცხალი და გამოუცდელი ქალისათვის,
როგორიც მისის ბრენდონი იყო. თავიდან ის შეეგუა ასეთ უბადრუკ
ყოფას. უკეთესი იქნებოდა, არ განეცადა ის ტანჯვა, რასაც მასში ჩემზე
მოგონებები იწვევდა, მაგრამ რა გასაკვირია, რომ ისეთი ქმრის
ერთგულება შეუძლებელი იყო და, არ ჰყავდა რა მეგობარი,
რომელსაც შეეძლო კეთილი რჩევა მიეცა მისთვის ან შეეკავებინა
ამისგან (მამაჩემმა მათი ქორწილის შემდეგ სულ რამდენიმე თვე
იცოცხლა, მე კი ინდოეთში ვიმყოფებოდი ჩემს პოლკთან ერთად), ის
დაეცა. მე რომ ინგლისში დავრჩენილიყავი, იქნებ... მაგრამ მე ორივე
მათგანის საკეთილდღეოდ გადავწყვიტე, რომ ელიზა რამდენიმე
242
წელი არ მენახა და ამის გამო სხვა პოლკში გადავაყვანინე თავი.
მათმა ქორწინებამ ხომ თავზარი დამცა თავის დროზე... –
განაგრძობდა ის ძლიერ აღელვებული ხმით, – მაგრამ ეს არაფერი
იყო იმასთან შედარებით, რაც ვიგრძენი, როცა ორი წლის შემდეგ
ჩემამდე მოაღწია ცნობამ მათი განშორების შესახებ. აი, საიდან
მოდის ეს პირქუში ხასიათი... ახლაც კი იმ ტანჯვაზე ფიქრი...
მან აღარ განაგრძო. მაშინვე წამოდგა და რამდენიმე წუთის
განმავლობაში ოთახში მიდი-მოდიოდა. ელინორი, რომელიც შეძრა
მისმა მონათხრობმა და კიდევ უფრო მეტად მისმა მძიმე სულიერმა
მდგომარეობამ, ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა. პოლკოვნიკმა
თანამოსაუბრის თანაგრძნობით სავსე მზერა დაიჭირა, მასთან
მივიდა, მისი ხელი აიღო და მოწიწებითა და მადლიერების გრძნობით
ეამბორა. რამდენიმე წუთი გავიდა, ბოლოს მან საკუთარი თავის
ხელში აყვანა შეძლო და განაგრძო:
იმ საშინელი დღეებიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ დავბრუნდი
ინგლისში. როგორც კი ჩამოვედი, მაშინვე, რა თქმა უნდა, მის პოვნას
შევეცადე, მაგრამ ამ ძებნის შედეგები ისეთივე წარუმატებელი
აღმოჩნდა, როგორც სამწუხარო. მე მხოლოდ მის პირველ
მაცდუნებელს მივაგენი და ყველა საფუძველი მქონდა მევარაუდა,
რომ ამის შემდეგ ის ცოდვიან ცხოვრებაში კიდევ უფრო ღრმად
ჩაეფლო. სარჩო, რომელიც მას კანონის თანახმად ეძლეოდა,
სრულებით არ შეესაბამებოდა მის მზითევს და არსებობისთვის
საკმარისი არ იყო, ჩემი ძმისგან კი შევიტყვე, რომ რამდენიმე თვით
ადრე ჩემს ჩამოსვლამდე იმ ფულის აღების უფლება სხვა პირს
გადაეცა. ის ვარაუდობდა, და ამას სავსებით მშვიდად ამბობდა, რომ
ელიზას მფლანგველობამ და გაჭირვებამ, რაც ამას შედეგად მოჰყვა,
აიძულეს ის, უარი ეთქვა მცირეოდენ, მაგრამ მუდმივ შემოსავალზე
იმისთვის, რომ მოცემულ მომენტში მისთვის აუცილებელი თანხა
ერთჯერადად აეღო. ბოლოს და ბოლოს, მას შემდეგ, რაც ინგლისში
ნახევარი წელი გავატარე, მისი მოძებნა მაინც შევძელი.
თანაგრძნობამ ჩემი ყოფილი მსახურის მიმართ, რომელიც შავ დღეში
243
ჩავარდნილიყო, ციხის ზედამხედველის სახლში მიმიყვანა, სადაც ის
დამწყვდეული ჰყავდათ, როგორც გადახდისუუნარო მევალე. და
სწორედ იქ, ისეთსავე აუტანელ პირობებში ვნახე ჩემი უბედური
კუზინა. საშინლად შეცვლილი იყო, დამჭკნარი, ქანცგაწყვეტილი
ყველა ტანჯვისგან, რაც კი ამქვეყნად არსებობს. ვერც კი ვიჯერებდი,
რომ ეს მოტეხილი, ავადმყოფი ქალი, ჩემ წინ რომ იდგა, ოდესღაც
მშვენიერი, სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი გოგო იყო, რომელსაც მე
ვაღმერთებდი. რა გადავიტანე მისი დანახვისას... მაგრამ თქვენს
გრძნობებს დავზოგავ და აღწერით აღარ შეგაწუხებთ. ისედაც ხასიათი
გაგიფუჭეთ. და ის, რომ ჭლექის უკანასკნელი სტადია აღმოაჩნდა, ეს
ჩემთვის... ჰო, ეს ჩემთვის ერთადერთი ნუგეში იყო ასეთ
მდგომარეობაში. ცხოვრება მას უკვე ვეღარაფერს მისცემდა, გარდა
იმ შესაძლებლობისა, რომ ღირსეულად მომზადებულიყო
სიკვდილისათვის. და ეს შესაძლებლობა გაუჩნდა. კომფორტული
ბინა მოვუძებნე და მოვლის საუკეთესო პირობები შევუქმენი.
ყოველდღე ვნახულობდი მისი სიცოცხლის დარჩენილი დღეების
განმავლობაში. ბოლო წუთებშიც მასთან ვიყავი.
ის ისევ გაჩუმდა, რათა მღელვარება დაეძლია და აზრები
მოეკრიბა, და ელინორმა სიბრალულით სავსე წამოძახილით
გამოხატა თანაგრძნობა მისი საცოდავი კუზინას მიმართ.
– იმედი მაქვს, თქვენს დას არ შეურაცხყოფს, – თქვა მან შემდეგ,
– რომ ერთგვარი მსგავსება ვიპოვე მასსა და ჩემს უბედურ,
შერცხვენილ ნათესავს შორის. მათი ხვედრი, მათი ბედი არ შეიძლება
ერთნაირი იყოს. და ერთ-ერთის მოკრძალებულ და ნაზ ნატურას
საყრდენი უფრო ძლიერ სულში ან უფრო ბედნიერ ქორწინებაში რომ
ეპოვა, ის შეიძლებოდა ქცეულიყო ყველაფერ იმად, რაც, როგორც
თქვენ ნახავთ, დროთა განმავლობაში მეორე გახდება. მაგრამ საით
მივყავართ ამ ყველაფერს? მე მგონი, არავითარი აუცილებლობა არ
იყო, თქვენ შემეწუხებინეთ. აჰ, მისს დეშვუდ! მსგავსი მოგონებები,
მთელი თოთხმეტი წლის წინ დამარხული... მათთან მიბრუნება
სახიფათოა! ვეცდები, ათას რამეს არ მოვედო და მთავარ საკითხზე
244
გავამახვილო ყურადღება. მან თავისი ერთადერთი შვილი მომანდო,
მისი პირველი ცოდვის ნაყოფი, პატარა გოგონა, რომელიც მაშინ სამი
წლის იყო. ბავშვი ძალიან უყვარდა და ყოველთვის თავისთან ჰყავდა.
მისი ნდობა ჩემთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი იყო და
სიამოვნებით აღვასრულებდი გარდაცვლილის დანაბარებს
პირდაპირი მნიშვნელობით – უშუალოდ მივადევნებდი თვალს მის
აღზრდა-განათლებას; მაგრამ ჩემი მდგომარეობა ამის საშუალებას
არ მაძლევდა – მე ხომ არც ოჯახი მქონდა და არც სახლი. ამიტომ
პატარა ელიზა პანსიონში მივაბარე. იქ ვნახულობდი მას, როცა
ვახერხებდი, ჩემი ძმის სიკვდილის შემდეგ კი, დაახლოებით ხუთი
წლის წინ, როცა საგვარეულო მამული ჩემს სახელზე გადმოვიდა, ის
ხშირად მეწვეოდა ხოლმე დელაფორდეში. მას შორეულ ნათესავად
მოვიხსენიებდი, თუმცა კარგად ვიცი, ეჭვი ჰქონდათ, რომ ის ბევრად
უფრო ახლობელი იყო ჩემთვის. სამი წლის წინ, როცა ის-ის იყო
თოთხმეტი წელი შეუსრულდა, პანსიონიდან გამოვიყვანე და ერთი
ძალიან რესპექტაბელური ქალის ზრუნვას მივანდე. ეს ქალბატონი
დორსეტშირში ცხოვრობდა და კიდევ სამი თუ ოთხი დაახლოებით
იმავე ასაკის გოგონა ჰყავდა აყვანილი მოსავლელად. ორი წლის
განმავლობაში ყოველგვარი საფუძველი მქონდა, ელიზას იქ ყოფნით
კმაყოფილი ვყოფილიყავი. მაგრამ, თითქმის ერთი წლის წინ,
თებერვალში ის მოულოდნელად გაუჩინარდა, მას შემდეგ, რაც მისი
დაჟინებული თხოვნის გამო ნება დავრთე – როგორც შემდგომში
განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, გაუფრთხილებლად მოვიქეცი
– ბატეში წასულიყო სტუმრად მეგობარ გოგონასთან, რომელიც იქ
თავის ავადმყოფ მამას უვლიდა. იმ კაცს მე ვიცნობდი, როგორც
შესანიშნავ ადამიანს და მის გოგონაზე ძალიან კარგი აზრის ვიყავი –
როგორც აღმოჩნდა, უკეთესის, ვიდრე იმსახურებდა, რამდენადაც ის
უდრეკი და გაუგებარი სიჯიუტით დუმდა და უარს ამბობდა, თუნდაც
რაიმე ეთქვა მეგობრის შესახებ, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი
იცოდა. მამამისი, ძალიან წესიერი კაცი, მაგრამ არცთუ ძალიან
დაკვირვებული, მგონი მართლა არაფერს ეჭვობდა, რადგან
245
იშვიათად ტოვებდა სახლს, გოგონები კი ქალაქში მარტო
სეირნობდნენ და თავიანთი სურვილის მიხედვით ირჩევდნენ, ვინ
გაეცნოთ. ის ცდილობდა დავერწმუნებინე, ისევე ბოლომდე, როგორც
თვითონ იყო დარწმუნებული, რომ მისი გოგონა არაფერში არ იყო
გარეული. მოკლედ რომ ვთქვა, მხოლოდ იმის გაგება შევძელი, რომ
ელიზა სადღაც წავიდა, ყველაფერი დანარჩენის შესახებ კი მთელი
რვა თვის განმავლობაში მხოლოდ შემეძლო მევარაუდა, რა
შეიძლებოდა მომხდარიყო. თქვენ თვითონ შეგიძლიათ
წარმოიდგინოთ, რაზე ვფიქრობდი, როგორ მეშინოდა და როგორ
ვიტანჯებოდი.
– ღმერთო ჩემო! – წამოიძახა ელინორმა, – ნუთუ... ნუთუ
უილობი?
– პირველი ცნობა მის შესახებ, – განაგრძო პოლკოვნიკმა, –
გასულ ოქტომბერში მოვიდა. მისი წერილი დელაფორდიდან
გადმომიგზავნეს და ზუსტად იმ დილით მივიღე, როცა ჩვენ უაიტველის
მონახულებას ვაპირებდით. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი ბარტონიდან
ჩემი მოულოდნელი გამგზავრებისა, რაც იმ დროს, დარწმუნებული
ვარ, ყველას ძალიან უცნაურად მოეჩვენა, ბევრი კი, ვშიშობ,
გაანაწყენა კიდეც. ვფიქრობ, მისტერ უილობის ვერც კი წარმოედგინა,
როცა მისი ყოველი გამოხედვა პიკნიკის ჩაშლის გამო მკიცხავდა,
რომ მე მიხმობდნენ დავხმარებოდი იმას, ვინც მან გააღატაკა და
საშინელ მდგომარეობაში მიატოვა. მაგრამ თუნდაც სცოდნოდა, ამით
რა შეიცვლებოდა? ხალისი დაეკარგებოდა? თქვენი დის ღიმილი
სიხარულს აღარ მოჰგვრიდა? არა, მას ხომ უკვე ჩადენილი ჰქონდა
ის, რასაც არ ჩაიდენს არც ერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია სხვისი
ტკივილი გულთან მიიტანოს. მან მიატოვა გოგონა, ვისი სინორჩე და
უბიწოება ფეხქვეშ გათელა. და მიატოვა ის უკიდურესი გაჭირვების
ჟამს – უსახლკარო, უმწეო, მეგობრების გარეშე. თავისი მისამართიც
კი დაუმალა! ის წავიდა და შეჰპირდა, რომ დაბრუნდებოდა. მაგრამ
არ დაბრუნდა, არც მისწერა და საერთოდ, არ იზრუნა მასზე.
– ეს ყოველგვარ საზღვარს სცდება!.. – წამოიძახა ელინორმა.
246
– ახლა თქვენ მას იცნობთ – მფლანგველი, ქარაფშუტა და კიდევ
უფრო უარესი. მე კი, ვინც ეს ყველაფერი რამდენიმე თვეა ვიცი...
წარმოიდგინეთ, რა განვიცადე, როცა დავინახე, რომ თქვენი და
გატაცებულია მისით და გავიგე, რომ უახლოეს მომავალში უკვე
ქორწილსაც დანიშნავენ. ადგილს ვერ ვპოულობდი, თქვენზე
ვფიქრობდი. გასულ კვირაში, როცა მარტო შეგისწარით, მე იმისთვის
ვიყავი მოსული, რომ სიმართლე შემეტყო, თუმცა ჯერ კიდევ არ
მქონდა გადაწყვეტილი, ამის შემდეგ როგორ მოვიქცეოდი. ჩემი
საქციელი თქვენ მაშინ ალბათ, ცოტა არ იყოს, უცნაურად ჩათვალეთ,
მაგრამ ახლა მისი ახსნა არ გაგიჭირდებათ. არ შემეძლო ყურება, თუ
როგორ გატყუებდნენ, თქვენი და როგორ... მაგრამ რისი გაკეთება
შემეძლო? არ მქონდა იმედი, რომ ჩემი ჩარევა სასარგებლო
იქნებოდა თქვენთვის. ხანდახან ისიც კი მეჩვენებოდა, რომ თქვენი
დის გავლენით ის შეიძლებოდა გამოსწორებულიყო. მაგრამ ახლა,
ასეთი უღირსი საქციელის შემდეგ, ვინ იცის, როგორი იყო
სინამდვილეში მისი ზრახვები თქვენი დის მიმართ. მაგრამ, ყოველ
შემთხვევაში, მას შეუძლია, ახლაც და მომავალშიც ბედის
მადლობელი იყოს, როცა თავის ახლანდელ მდგომარეობას ჩემი
საცოდავი ელიზას ბედს შეადარებს. როცა ჩაფიქრდება მის უბადრუკ
და უიმედო ყოფაზე, როცა წარმოიდგენს, როგორ იტანჯება ეს
უბედური და უყვარს ის, კვლავინდებურად უყვარს ის მასზე
არანაკლებ. და რომ მას მთელი ცხოვრების მანძილზე გატანჯავს
სინანული. რა თქმა უნდა, ასეთი შედარება მისთვის სასარგებლო
იქნება. მიხვდება, რომ მისი ტანჯვა ბევრი არაფერია, რამდენადაც ის
მისი ბრალით არ არის გამოწვეული და ღირსებას არ შეუბღალავს.
პირიქით, ყველა მის მეგობარს კიდევ უფრო დააახლოებს მასთან.
მისი უბედურების თანაგრძნობა, პატივისცემა იმ სიმტკიცის გამო,
რომლითაც მას იტანს, გააძლიერებს ახლობლების გრძნობას მის
მიმართ. თუმცა თქვენ საკუთარი შეხედულებისამებრ უნდა
გადაწყვიტოთ, შეატყობინოთ თუ არა მას, რაც გითხარით. თქვენ უკეთ
უნდა იცოდეთ, როგორ შთაბეჭდილებას მოახდენს ეს მასზე. თუმცა, მე
247
რომ გულწრფელად, მთელი არსებით არ ვიყო დარწმუნებული, რომ
შემიძლია მას სამსახური გავუწიო, ტკივილები შევუმსუბუქო, არ
დაგღლიდით ჩემი ოჯახის უბედურებების შესახებ ამბების მოსმენით.
თანაც ისეთი ამბებით, რომლებიც შეიძლება გაგებულ იქნას,
როგორც სურვილი თქვენს თვალში თავის ამაღლებისა სხვისი
დაკნინების ხარჯზე.
ელინორმა მაშინვე მთელი სულითა და გულით გადაუხადა მას
მადლობა გულახდილობისა და ნდობისათვის, და დაარწმუნა, რომ
მარიანასთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ამის შესახებ ეცოდინებოდა.
– ყველაზე მეტად იმის მეშინია, – აღიარა მან, – რომ შეეცდება,
მას გამართლება მოუძებნოს. თუ მყარად დარწმუნდება, რომ ის
უღირსი ადამიანია, იმდენად აღარ დაიტანჯება. ახლა კი, თუმცა
თავიდან ეს მისთვის მტკივნეული იქნება, დარწმუნებული ვარ,
განკურნების ჟამი მალე დადგება. და თქვენ, – განაგრძო მან
ხანმოკლე პაუზის შემდეგ, – ნახეთ უილობი მას შემდეგ, რაც მას
ბარტონში დაშორდით?
– ჰო, – უპასუხა მან პირქუშად, – ერთხელ შევხვდით ერთმანეთს.
ეს გარდაუვალი იყო.
ელინორმა, რომელიც მისმა ტონმა გააკვირვა, შეშფოთებით
შეხედა მას და თქვა:
– როგორ? თქვენ მას იმისთვის შეხვდით, რომ...
– ჩვენს შეხვედრას სხვა მიზეზი არც შეიძლებოდა ჰქონოდა.
ელიზამ, თუმცა კი ძალიან უხალისოდ, თავისი შეყვარებულის სახელი
მითხრა და როცა უილობი ლონდონში ჩამოვიდა, ეს კი ჩემი
ჩამოსვლიდან ორი კვირის შემდეგ მოხდა, ჩვენ დანიშნულ ადგილზე
შევხვდით ერთმანეთს. ის იმისთვის მოვიდა, რომ თავი დაეცვა, მე კი
– მისი საქციელის განსასჯელად. ორივე უვნებელი დავრჩით. აი,
რატომ არ გახმაურდა ჩვენი შეხვედრა.
ელინორმა ამოიხვნეშა, როცა გაიფიქრა, რამდენად
წარმოსახვითი იყო ასეთი აუცილებლობა, მაგრამ თავი შეიკავა ამ

248
აზრების ხმამაღლა გამოთქმისგან თავის მოსაუბრესთან – კაცთან და
ჯარისკაცთან.
– რა საშინლად ჰგავს, – თქვა პოლკოვნიკმა პაუზის შემდეგ, –
დედისა და ქალიშვილის ბედი. და რა ცუდად შევასრულე მე ჩემს
თავზე აღებული ვალდებულება.
– და ის ჯერ კიდევ აქ არის?
– არა, როგორც კი გამოკეთდა მშობიარობის შემდეგ – მე ის დიდი
ხნით ადრე ვიპოვე, სანამ ეს მოხდებოდა – ბავშვთან ერთად,
სოფელში გავგზავნე და ახლაც იქ არიან.
პოლკოვნიკმა უცებ გაიაზრა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში
მარიანას მარტო უწევდა ყოფნა და სწრაფად დაემშვიდობა ელინორს,
რომელმაც, მისდამი თანაგრძნობით და პატივისცემით განწყობილმა,
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადა მას.

249
თავი 32

მისს დეშვუდმა თავის დას პოლკოვნიკთან საუბრის შინაარსი


დაუყოვნებლივ მოუყვა, თუმცა ამან მასზე ისეთი შთაბეჭდილება
სულაც არ მოახდინა, როგორც ელოდა. არა, მარიანას არ ეტყობოდა,
რომ რომელიმე დეტალის სიმართლე ეჭვქვეშ დააყენა. ყველაფერი
მორჩილად და ყურადღებით მოისმინა და ერთხელაც არ
შეუწყვეტინებია, არც შეპასუხებია და არც უილობის გამართლება
უცდია. მხოლოდ თავისი ცრემლებით თითქოს ამტკიცებდა, ეს
შეუძლებელიაო.
ელინორი დარწმუნებული იყო, რომ მარიანას უილობის
ბრალეულობაში ეჭვი აღარ ეპარებოდა. ის აღარ გაურბოდა
პოლკოვნიკ ბრენდონს, რომელიც დროდადრო ეწვეოდათ ხოლმე, და
ესაუბრებოდა მას თანაგრძნობითა და პატივისცემით. ელინორი
ხედავდა, რომ მისი დის სასოწარკვეთილება აღარც ისე უკიდეგანო
იყო, მაგრამ მისი სულიერი მდგომარეობა მაინც მძიმე რჩებოდა. მისი
გონება თითქოს დამშვიდდა, თუმცა პირქუშმა მელანქოლიამ მოიცვა.
უილობის უპატიოსნობამ მას უფრო მეტი სულიერი ტანჯვაც კი
მიაყენა, ვიდრე მაშინ გადაიტანა, როცა მისი გული დაკარგა. ფიქრები
იმის შესახებ, თუ როგორ აცდუნა და მიატოვა მან მისს უილიამსი,
უბედურ ხვედრზე ამ საცოდავი გოგონასი, ეჭვი იმასთან
დაკავშირებით, თვითონ მას რა ბედს უმზადებდა – ეს ყველაფერი ისე
თრგუნავდა, რომ იმის ძალაც კი არ ჰქონდა, თავის დასთან
ყოფილიყო გულახდილი და მწუხარებას მდუმარედ იტანდა, რაც
ელინორისთვის ძალიან მტკივნეული იყო. მას ერჩია, მარიანას ღიად
და ხშირად ელაპარაკა თავის ტკივილზე და ასე
გათავისუფლებულიყო მისგან.
აღწერა იმისა, თუ რა განიცადა მისის დეშვუდმა, როცა ელინორის
წერილი მიიღო და მის პასუხზე ფიქრობდა, იმის აღწერის ტოლფასი

250
იქნებოდა, რასაც მისი ქალიშვილები გრძნობდნენ და
ლაპარაკობდნენ. იმედების გაცრუება, მხოლოდ ოდნავ ნაკლებად
მწარე, ვიდრე ის, რაც მარიანამ განიცადა, აღშფოთება, უფრო მეტიც
კი, ვიდრე ელინორის. მისგან ერთიმეორის მიყოლებით მოდიოდა
გრძელი წერილები, რომლებშიც მისი ტანჯვა და ფიქრები იყო
აღწერილი. მათში გამოხატული იყო შფოთვა და თანაგრძნობა
მარიანასადმი, დედობრივი თხოვნა, რომ ეს უბედურება მტკიცედ
გადაეტანა. მართლა დიდი ყოფილა მწუხარება, თუ დედამ სიმტკიცეზე
დაიწყო ლაპარაკი! და შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი იყო ამ
უბედურების მიზეზი, რომელზეც ის ქალიშვილს სთხოვდა, გული არ
დაწყვეტოდა.
თავისი სურვილების საწინააღმდეგოდ, მისის დეშვუდმა
გადაწყვიტა, რომ მარიანა ჯერჯერობით არავითარ შემთხვევაში არ
უნდა დაბრუნებულიყო ბარტონში, სადაც ყველაფერი მძაფრად და
მტკივნეულად მოაგონებდა წარსულს, გამუდმებით აღუდგენდა
მეხსიერებაში უილობის, როგორსაც იქ ყოველდღე ხედავდა. ამიტომ
მან დაჟინებით სთხოვა ქალიშვილებს, მისის ჯენინგსთან
დარჩენილიყვნენ, არ შეემოკლებინათ ვიზიტი, რომელიც, თუმცა ვადა
ზუსტად არ იყო დასახელებული, სავარაუდოდ, ხუთ-ექვს კვირას მაინც
უნდა გაგრძელებულიყო. ბარტონში ისინი ვერ შეძლებდნენ ეპოვათ
ისეთი მრავალფეროვანი გასართობები, შთაბეჭდილებები და
საზოგადოება, რომელიც ლონდონში, დროდადრო მაინც, როგორც ის
მთელი სულით და გულით იმედოვნებდა, მის ქალიშვილს
ყურადღებას მწუხარებიდან სხვა რამეზე გადაატანინებდა და იქნებ
სიცოცხლის ინტერესიც გაეღვივებინა მასში, მიუხედავად იმისა, რომ
მარიანას ეს შეუძლებლად მიაჩნდა.
უილობისთან კიდევ ერთხელ შეხვედრის საფრთხე კი, მისის
დეშვუდის აზრით, დედაქალაქში ოდნავ უფრო მეტი თუ იყო, ვიდრე
სოფელში. ახლა ხომ ყველა, ვინც თავს მათ მეგობრად თვლიდა,
უილობისთან ყოველგვარ ურთიერთობას გაწყვეტდა. განგებ მათ
ერთად არავინ შეყრიდა. სადმე სტუმრად მოულოდნელი შეხვედრაც
251
გამორიცხული იყო. ლონდონის ქუჩებში შემთხვევითი შეხვედრის
შანსი არსებობდა, მაგრამ ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე ბარტონის
მშვიდ განმარტოებაში. ქორწინების შემდეგ ხომ
ახალდაქორწინებულები ალენჰემში ჩავიდოდნენ. ეს ამბავი მისის
დეშვუდს თავიდან ნაკლებ დამაჯერებლად მიაჩნდა, მაგრამ შემდეგ
საკუთარი თავი დაარწმუნა იმაში, რომ გარდაუვალად ასე
მოხდებოდა.
მას კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა ნდომოდა, რომ მისი
ქალიშვილები ლონდონში დარჩენილიყვნენ: გერმა წერილით
აცნობა, რომ მეუღლესთან ერთად აპირებდა დედაქალაქში ჩასვლას
თებერვლის მეორე ნახევარში, მას კი მიაჩნდა, რომ აუცილებელი
იყო, მის ქალიშვილებს ძმა ხანდახან ენახათ.

მარიანამ პირობა დადო, რომ დედის ნათქვამს არ გადავიდოდა და


ახლა მის გადაწყვეტილებებს უდრტვინველად ემორჩილებოდა,
თუმცა ისინი სრულიად საწინააღმდეგო იყო იმისა, რაც თვითონ
სურდა და რასაც ელოდა; გარდა ამისა, მთლიანად არასწორად,
მცდარ წანამძღვარზე დაფუძნებულად მიაჩნდა. ლონდონში მათი
ყოფნის გახანგრძლივებით ხომ დედა მას ერთადერთ შესაძლო
ნუგეშს, დედის ალერსიანი თანაგრძნობის საშუალებას უსპობდა და
მას ისეთი საზოგადოებისთვის და ისეთი მოვალეობებისთვის
წირავდა, რომლის შედეგად მოსვენება ერთი წუთითაც არ ექნებოდა.
მაგრამ მას შვება მოჰგვარა იმ აზრმა, რომ მისი უბედურება
შეიძლებოდა ელინორის ბედნიერებად ქცეულიყო. ეს უკანასკნელი კი
ფიქრობდა, რომ ედვარდთან შეხვედრის თავიდან აცილება მთლად
მასზე არ იყო დამოკიდებული; გარდა ამისა, მის დეშვუდი თავს იმით
იიმედებდა, რომ მათი ვიზიტის გაგრძელება, თუმცა კი პირადად მის
ბედნიერებას ხელს არ უწყობდა, მარიანასთვის შეიძლებოდა უფრო
სასარგებლო აღმოჩენილიყო, ვიდრე დევონშირში დაუყოვნებლივ
დაბრუნება.

252
ელინორის გულმოდგინე მცდელობა, მის დასთან უილობის
სახელი არ ეხსენებინათ, უშედეგოდ არ დამთავრებულა. მარიანა, ისე,
რომ ვერც კი ხვდებოდა, მის ნაყოფს იმკიდა. არც მისის ჯენინგსი, არც
სერ ჯონი და თვით მისის პალმერიც კი მარიანას თანდასწრებთ მასზე
არასოდეს ლაპარაკობდნენ. ელინორი, რა თქმა უნდა, ამჯობინებდა,
რომ ეს თავშეკავება უშუალოდ მასზეც გავრცელებულიყო და მისი
სახელი არც მასთან ეხსენებინათ, მაგრამ ამაზე ოცნებაც არ
შეიძლებოდა და ყოველდღე უილობის საქციელის მიმართ მათი
აღშფოთებული გამოსვლების მოსმენა უწევდა.
სერ ჯონი, უბრალოდ, არ დაიჯერებდა! იმ ადამიანზე, რომელზეც
ყოველგვარი საფუძველი ჰქონდა, ძალიან მაღალი აზრის ყოფილიყო!
თანაც ასეთი მხიარული! მას ყოველთვის მიაჩნდა, რომ ასეთი
მხედარი მთელ ქვეყანაში არ მოიძებნებოდა! არა, ეს სრულიად
გაუგებარი რამ იყო! ჰოდა, ჯანდაბამდე გზა ჰქონია! მთელი სულით და
გულით უსურვებს. ერთ სიტყვასაც არ ეტყვის მას, სადაც არ უნდა
შეხვდნენ ერთმანეთს. არაფრის გულისთვის ამქვეყნად! თუნდაც
ბარტონის ჭალაში იყვნენ ჩიტებს ჩასაფრებული და ორი საათი
მოუწიოთ გვერდი-გვერდ ყოფნა. როგორი არამზადა ყოფილა! ეშმაკი
ძაღლი! არადა, როცა უკანასკნელად შეხვდნენ ერთმანეთს, მან
ჯიშიანი ძაღლების ლეკვები შესთავაზა ასარჩევად. და აი, როგორ
დამთავრდა ყველაფერი.
მისის პალმერი თავისებურად, მაგრამ არანაკლებ მძვინვარებდა.
გადაწყვეტილი აქვს, რომ ახლავე გაწყვიტოს მასთან ყოველგვარი
ნაცნობობა. და ძალიან მოხარულია, რომ მას არც არასოდეს
იცნობდა. რა სამწუხაროა, რომ კომბე-მაგნა ასე ახლოა
კლივლენდთან, თუმცა კაცმა რომ თქვას, რა მნიშვნელობა აქვს. ის
ხომ ვიზიტებისთვის მაინც მეტისმეტად შორსაა. ისე ეზიზღება, რომ
ამიერიდან მის სახელსაც კი აღარასოდეს ახსენებს. და, რა თქმა
უნდა, ყველას ეტყვის, ვისაც კი შეხვდება, რა უსულგულო
ბედოვლათიცაა.

253
თავისი თანაგრძნობის ნარჩენებს მისის პალმერი იმაზე ხარჯავდა,
რომ მოახლოებული ქორწილის ყველა დეტალი შეეტყო და მერე
ელინორისთვის მოეყოლა. მან უკვე იცოდა, კარეტების რომელ
ოსტატს შეუკვეთეს ახალი ეკიპაჟი, რომელი მხატვარი ხატავდა
მისტერ უილობის პორტრეტს და რომელ მაღაზიაში შეიძლებოდა იმ
ტუალეტის ნახვა, რომელიც მისს გრეიმ შეიძინა.
ლედი მიდლტონის უშფოთველი, თავაზიანი განურჩევლობა
მალამოდ ედებოდა ელინორის გულს, რომელიც დანარჩენების
ხმაურიანი თანაგრძნობით იყო გატანჯული. მისთვის დიდი შვება
გახლდათ იმის შეგრძნება, რომ მისი მეგობრების წრეში არის ვიღაც,
ვისაც ის ოდნავაც არ აინტერესებს. დიდი ნუგეში იყო იმის ცოდნა,
რომ გვერდით არის ადამიანი, ვინც ცნობისმოყვარეობას არ იჩენს და
მისი დის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებას არ
გამოხატავს.
მომხდარის შესახებ მისის მიდლტონი თავის აზრს დღეში ერთხელ
გამოხატავდა, ან ორჯერ, თუ თემას მეტისმეტად ხშირად
უბრუნდებოდნენ და წარმოთქვამდა: “ოჰ, მართლაც რომ
საშინელებაა”. თანაგრძნობის ასეთი მუდმივი და ლაკონური
გამოხატვის წყალობით, ის თავიდანვე ახერხებდა, მისს დეშვუდებს
ყოველგვარი ემოციების გარეშე შეხვედროდა, მალე კი საერთოდ
შეწყვიტა ცოტა ხნის წინ მომხდარი ამბების გახსენება. ამით მან
საკუთარი სქესის ღირსება დაიცვა და გაკიცხა ყველაფერი ცუდი, რაც
საპირისპირო სქესში იყო, ახლა ის სინდისის ქენჯნის გარეშე
გადაეშვა იმაზე ზრუნვაში, რომ მისი საღამოები ნატიფი და
დახვეწილი ყოფილიყო. მან გადაწყვიტა, თუმცა კი სერ ჯონის ნების
საწინააღმდეგოდ, ქორწილის შემდეგ აუცილებლად სწვეოდა მისის
უილობის, ვისაც თავისი დიდი ქონება შესაშურ ადგილს
დაუმკვიდრებდა საზოგადოებაში და მისთვის სავიზიტო ბარათი
დაეტოვებინა.
პოლკოვნიკ ბრენდონის დელიკატური, არამომაბეზრებელი
კითხვები კი მისს დეშვუდს ოდნავაც არ აწუხებდა. მან, თავისი
254
გულმოდგინე მცდელობით მარიანას მდგომარეობა შეემსუბუქებინა,
ყველა სხვაზე მეტად დაიმსახურა უფლება, მისი დის ბედით
დაინტერესებულიყო. მთავარი ჯილდო, რომელიც მან მიიღო
გარდასულ ჭირთა და მისი სიამაყის შემლახველი ახლანდელი
გარემოებების გამო, გახლდათ ის თანამგრძნობი გამოხედვა,
რომლითაც მარიანა დროდადრო მას უმზერდა. და ალერსი ხმაში,
როცა (თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა) ის იძულებული იყო, ან
საკუთარ თავს აიძულებდა, მას გამოლაპარაკებოდა. და ასე
პოლკოვნიკი რწმუნდებოდა, რომ პასუხი მის თავგანწირვაზე მისდამი
მზარდი სიმპათია იყო, ელინორს კი იმედი გაუჩნდა, რომ ეს სიმპათია
მომავალშიც გაიზრდებოდა და განმტკიცდებოდა. თუმცა მისის
ჯენინგსმა, რომელიც მათ საიდუმლოს არ იყო ნაზიარები და მხოლოდ
ის იცოდა, რომ პოლკოვნიკი ადრინდებულად მოღუშულად
გამოიყურებოდა და ყურს არ ათხოვებდა მის რჩევას, ხელი ეთხოვა
მისს დეშვუდისათვის ან ამ მისიის შესრულება მისთვის დაეკისრებინა,
მეორე დღის ბოლოს მათი ქორწინება თავის გონებაში იოანე
ნათლისმცემლის დღიდან წმინდა მიქაელის დღემდე გადაიტანა
[“ქორწინება... იოანე ნათლისმცემლის დღიდან წმინდა მიქაელის
დღემდე გადაიტანა” – საეკლესიო კალენდრით იოანე
ნათლისმცემლის დღესასწაული 24 ივნისს უწევს და შუა ზაფხულს
აღინიშნება. წმინდა მიქაელის დღე კი – 29 სექტემბერი –
შემოდგომის დასაწყისად ითვლება. ინგლისში მნიშვნელოვან
მოვლენებს ხშირად ამ დღეებს ამთხვევენ.], კვირის ბოლოს კი უკვე
საერთოდ აღარ სჯეროდა, რომ ეს ქორწილი ოდესმე შედგებოდა.
პოლკოვნიკსა და მისს დეშვუდს შორის დაახლოება იმის
მომასწავებელი იქნებოდა, რომ თუთის ხე, არხი და ურთხელის ღობე
– ყველაფერი მას დარჩებოდა და მისის ჯენინგსს ამ ბოლო დროს
მისტერ ფერარსი საერთოდ დაავიწყდა.
თებერვლის დასაწყისში, უილობის წერილის მიღებიდან
დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, ელინორს წილად ხვდა მძიმე
მოვალეობა, დისთვის შეეტყობინებინა, რომ ის დაქორწინდა. მან
255
იზრუნა, რომ მარიანას ეს ამბავი მისგან გაეგო, როგორც კი
ცერემონიალი დასრულდებოდა. არ სურდა, ამის შესახებ მას
წაეკითხა გაზეთებში, რომელთაც ყოველ დილით დიდი ყურადღებით
ეცნობოდა.
მარიანამ მას თავშეკავებული სიმშვიდით მოუსმინა ისე, რომ ერთი
სიტყვაც არ უთქვამს; თავიდან ცრემლებიც არ გადმოსცვენია, მაგრამ
მალე ნიაღვარივით მოასკდა და დღის ბოლომდე ის თითქმის ისევე
იტანჯებოდა, როგორც იმ დღეს, როცა მისი ქორწინების
გარდუვალობა დაიჯერა.
ახალშეუღლებულებმა ლონდონი დაქორწინებისთანავე დატოვეს
და რადგან ახლა მათთან შეხვედრის საფრთხე არ არსებობდა,
ელინორს იმედი გაეღვიძა, რომ შეძლებდა დაერწმუნებინა თავისი
და, რომელიც იმ საბედისწერო დღის შემდეგ სახლიდან არ გადიოდა,
ნელ-ნელა კვლავ დაეწყო საზოგადოებაში გამოჩენა.
დაახლოებით იმ დროს ლონდონში დები სტილებიც ჩამოვიდნენ
და თავიანთი კუზინას სახლში – ჰოლბერნ ბარტლეტ ბილდინგში –
დაიდეს ბინა და მაშინვე უფრო დიდგვაროვან და მდიდარ ნათესავებს
ეწვივნენ კონდუიტ-სტრიტზე და ბერკლი-სტრიტზე, სადაც დიდი
სიამოვნებით იქნენ მიღებულნი.
მხოლოდ ელინორს არ უგრძნია არავითარი სიხარული. მათთან
ერთად ყოფნა მისთვის ყოველთვის უსიამოვნო იყო და არ იცოდა,
თავაზიანად როგორ გამოპასუხებოდა ლიუსის უსაზღვრო აღტაცებას
იმის გამო, რომ მათ ლონდონში ჩამოუსწრო.
– საშინლად მეწყინებოდა, თქვენ მაინც რომ ვერ შემესწარით აქ,
– იმეორებდა ის და სიტყვაზე “მაინც” მახვილს აკეთებდა. – მაგრამ
დარწმუნებული ვიყავი, გამიმართლებდა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ
ლონდონში ცოტა ხნით კიდევ დარჩებოდით, თუმცა, თუ გახსოვთ,
ბარტონში მითხარით, მხოლოდ ერთი თვით მივდივართო. მე მაშინვე
გავიფიქრე, რომ ალბათ გადაწყვეტილებას შეცვლიდით, როცა საქმე
საქმეზე მიდგებოდა. რა საცოდაობა იქნებოდა უფრო ადრე წასვლა,

256
სანამ თქვენი ძმა და რძალი ჩამოვიდოდნენ. ახლა კი ნამდვილად არ
იჩქარებთ წასვლას. საშინლად მიხარია, რომ სიტყვა არ შეასრულეთ.
ელინორმა ლიუსის მშვენივრად გაუგო და საკუთარი თავის ხელში
აყვანა დასჭირდა, რომ ეს არ გაემჟღავნებინა.
– როგორ იმგზავრეთ, ჩემო საყვარელო? – დაინტერესდა მისის
ჯენინგსი.
– ოღონდ დილიჟანსით არა, ეს კი დამიჯერეთ! – მაშინვე საზეიმოდ
განაცხადა მისს სტილმა. – მთელი გზა საფოსტო კარეტით ვიარეთ და
თანაც როგორ კავალერთან ერთად. ექიმი დევისი მოდიოდა
ლონდონში და ვთხოვეთ ნება მოეცა, მის კომპანიას შევერთებოდით.
საოცრად კეთილშობილურად ეჭირა თავი და ჩვენზე ათი თუ
თორმეტი შილინგით მეტი გადაიხადა.
– აა! – დაიყვირა მისის ჯენინგსმა. – მართლაც რომ შესანიშნავია.
და ეგ ექიმი უცოლო კაცია, თუ გინდათ, ნაძლევს ჩამოვალ.
– აი, თურმე რა! – წამოიძახა მისს სტილმა და თვალთმაქცურად
დაირცხვინა, – ყველა მაჯავრებს მაგ ექიმზე და ვერ გამიგია, რატომ.
ჩემი კუზინები ერთხმად მიმტკიცებენ, თაყვანისმცემელი შეიძინეო. მე
კი... მე აღარც კი მახსოვს. “აჰ, ნენსი, აი შენი კავალერიც მოდის”, –
მითხრა ამას წინათ კუზინამ, როცა დაინახა, როგორ გადმოდიოდა ის
ქუჩაზე. “ჩემი კავალერი? ვეკითხები. ექიმს ჩემს კავალრად სულაც არ
ვთვლი”.
– ჰო, ჰო, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ ასე, მაინც არ
დაგიჯერებთ. მე ხომ ვხედავ, რომ ექიმი გამოჭერილია.
– სრულიადაც არა, – განაცხადა მისმა კუზინამ მოჩვენებითი
გაცხარებით, – და თქვენც გთხოვთ, თუ სადმე ამაზე ლაპარაკი
ჩამოვარდება, პირდაპირ ასე თქვით.
მისის ჯენინგსს არ დაუშურებია სასიამოვნო დაპირება, რა თქმა
უნდა, ჩემს სიტყვებს არ გადავთქვამო, და მისს სტილის ბედნიერებას
უკვე აღარაფერი უკლდა.
– თქვენ ალბათ წახვალთ და ძმასთან და რძალთან დარჩებით,
მისს დეშვუდ, როცა ისინი ქალაქში ჩამოვლენ, – დაინტერესდა
257
ლიუსი, რომელიც მტრული ქარაგმული მინიშნებების დროებითი
შეწყვეტის შემდეგ ახალ შეტევაზე გადავიდა.
– არა, არ მგონია.
– როგორ თუ არა! როგორ შეიძლება!
ელინორმა გადაწყვიტა, შეპასუხებით მისთვის სიამოვნება არ
მიენიჭებინა და აღარაფერი თქვა.
– რა შესანიშნავია, რომ მისის დეშვუდმა თქვენ, ორივენი ასე
დიდი ხნით გამოგიშვათ სახლიდან.
– დიდი ხნით? – ჩაერია მისის ჯენინგსი. – რა დიდი ხანი კია. ისინი
ხომ ეს-ეს არის ჩამოვიდნენ.
ლიუსიმ ხმა ვეღარ ამოიღო.
– ძალიან ვწუხვართ, რომ თქვენი დის ნახვა არ შეგვიძლია, – თქვა
მისს სტილმა, – გვეწყინა, რომ შეუძლოდ არის (მარიანა მათ
შემოსვლამდე გავიდა ოთახიდან).
– ძალიან კეთილი ხართ. ჩემს დასაც ასევე ეწყინება, რომ თქვენი
ნახვის სიამოვნება არ ექნება. საქმე ის არის, რომ ამ ბოლო დროს
თავის ტკივილები ტანჯავს და საუბარი მეტისმეტად ღლის.
– რა სამწუხაროა! მაგრამ ისეთი ძველი მეგობრები, როგორიც მე
და ლიუსი ვართ... შეუძლია გვნახოს. ჩვენ მას არ გადავღლით. ერთ
სიტყვასაც კი არ ვიტყვით.
ელინორმა ძალიან თავაზიანი უარი თქვა მათ წინადადებაზე. მისი
და ალბათ ლოგინში იწვა, ან საშინაო კაბა ეცვა და სტუმრებთან
გასვლა არ შეეძლო.
– ოჰ, თუ სულ ეს არის მიზეზი, – წამოიძახა მისს სტილმა, – მაშინ
ჩვენ თვითონ ავალთ მასთან.
ელინორმა იგრძნო, რომ ამ მომაბეზრებელი უცერემონიობის
ატანა აღარ შეეძლო. რაღაც უნდა ეღონა და მისთვის ბოლო მოეღო,
მაგრამ ამ აუცილებლობისგან ის ლიუსის მკვეთრმა შენიშვნამ იხსნა,
რომელსაც, ისევე როგორც ადრეც მრავალჯერ მომხდარა,
მართალია, ერთი დის მანერები უკეთესი არ გაუხდია, მაგრამ მეორის
ვულგარულობას ლაგამი ამოსდო.
258
თავი 33

თავიდან მარიანა უარობდა, მაგრამ შემდეგ დის სურვილს დაჰყვა


და დათანხმდა, დილით მასთან და მისის ჯენინგსთან ერთად ნახევარი
საათით გაესეირნა, თუმცა აუცილებელ პირობად წამოაყენა, რომ
არავის ეწვეოდნენ და მხოლოდ გრეის მაღაზიაში შეივლი და მათთან
ერთად სეკვილ-სტრიტზე, სადაც ელინორს მოლაპარაკება ჰქონდა
დედამისის რამდენიმე ძველი სამკაულის გაცვლის შესახებ.
როცა იუველირის კართან შეჩერდნენ, მისის ჯენინგსს გაახსენდა,
რომ ქუჩის შორეულ კუთხეში ცხოვრობდა ერთი ქალბატონი,
რომელიც დიდი ხნის წინ უნდა მოენახულებინა. და რადგანაც მას
გრეისთან იმ დღეს არავითარი საქმე არ ჰქონდა, გადაწყდა, რომ
თავის ნაცნობთან წავიდოდა, სანამ მისი ახალგაზრდა მეგობრები
მაღაზიაში იქნებოდნენ დაკავებული, შემდეგ კი მათ შეუერთდებოდა.
როცა კიბეები აიარეს, ელინორი და მარიანა უამრავ ხალხს შორის
აღმოჩნდნენ. გრეის ყველა თანამშრომელი დაკავებული იყო და მათ
ისღა დარჩენოდათ, რიგს დალოდებოდნენ. ერთ-ერთი დახლი
აირჩიეს, რომელთანაც მხოლოდ ერთი ჯენტლმენი იდგა და იქვე
ჩამოსხდნენ. იმედი ჰქონდათ, რომ მას დიდი დრო არ დასჭირდებოდა
და, სხვა რომ არაფერი, ზრდილობა აიძულებდა, მალე მოელია საქმე.
მაგრამ მახვილი თვალი და წუნიაობა მასში კარგ აღზრდაზე უფრო
ძლიერი აღმოჩნდა. კბილის ჯაგრისის ბუდეს ეძებდა და სანამ
მაღაზიაში არსებული ყველა ბუდე ზედმიწევნით არ შეისწავლა
თხუთმეტი წუთის განმავლობაში, მანამდე თავისი ფანტაზიის
შესაფერისი, ყველაზე საუკეთესო ფორმის, ზომისა და მოხატულობის
ვერ ამოარჩია. მომლოდინე ახალგაზრდა გოგონების მიმართ მისი
ყურადღება ორი თუ სამი უცერემონიო მზერით შემოიფარგლა,
რომლებიც ელინორს დაეხმარა გონებაში აღებეჭდა მისი ფიგურა და
სახე, თანდაყოლილი, უდავო, სრული უბადრუკობით რომ

259
გამოირჩეოდა, მიუხედავად ახალი მოდის საშუალებებით მისი
შელამაზების აშკარა და უნაყოფო მცდელობისა.
მისი და კი გარშემო ვერაფერს ამჩნევდა, ამიტომ მასში ზიზღი არ
გამოუწვევია უცნობის თავხედურ გამოხედვას და მანჭვა-გრეხას,
რომლითაც ის ყველა შეთავაზებულ კბილის ჯაგრისის ბუდეს
იწუნებდა და მათ საშინელს ეძახდა. მარიანას შეეძლო, საკუთარ
აზრებში ჩაძირულიყო და გარშემო ვერაფერი დაენახა, და ამას
საკუთარ საწოლ ოთახში თუ მისტერ გრეის მაღაზიაში ერთნაირი
წარმატებით აკეთებდა.
ბოლოს და ბოლოს, საკითხი გადაწყვეტილ იქნა – ჯენტლმენმა
საკუთარი არჩევანი სპილოს ძვალზე, ოქროსა და მარგალიტზე
შეაჩერა და მიუთითა, როგორ უნდა შეეხამებინათ ისინი
ერთმანეთისათვის. მან დაასახელა უკანასკნელი დღე, სადამდეც
კბილის ჯაგრისის ბუდის გარეშე შეეძლო ეარსება, აუჩქარებლად
გაიკეთა ხელთათმანები, ელინორი და მარიანა კიდევ ერთი მზერით
ღირსჰყო, რომელიც აღტაცებას კი არ გამოხატავდა, არამედ
მოითხოვდა, მისით აღტაცებულიყვნენ, და ჭეშმარიტად
თვითკმაყოფილი და თვალთმაქცურად გულგრილი ადამიანის
ბედნიერი სახით დატოვა იქაურობა.
ელინორს დრო ამაოდ აღარ დაუკარგავს და თითქმის
დასრულებული ჰქონდა მოლაპარაკებები, როცა მის გვერდით კიდევ
ერთი ჯენტლმენი გაჩერდა. მან გახედა და, თავისდა გასაკვირად,
საკუთარი ძმა იცნო.
მათი თბილი გრძნობები ერთმანეთის მიმართ და სიხარული,
მოულოდნელი შეხვედრის გამო, სწორედ ისე იქნა გამოხატული,
როგორც ეს მისტერ გრეის მაღაზიის მედიდურ გარემოში იყო
დასაშვები. ჯონ დეშვუდს სულაც არ სწყენია, რომ დები ისევ ნახა. მან
სათანადო პატივისცემითა და ინტერესით გამოჰკითხა ელინორს და
მარიანას დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
დებმა შეიტყვეს, რომ ფანი უკვე ორი დღე იყო ლონდონში
იმყოფებოდა.
260
– ძალიან მინდოდა თქვენი მონახულება გუშინ საღამოს, – თქვა
ჯონ დეშვუდმა – მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ჰარის
წაყვანა მოგვიწია ექსეტერის ბირჟაზე მხეცების დასათვალიერებლად
[ექსეტერის ქუჩაზე გარეული ცხოველების დასათვალიერებლად –
ასეთი სანახაობა ექსეტერში მე-18 საუკუნის ბოლოს ეწყობოდა.
გარეული ცხოველების ჩვენება იქ 1828 წლამდე გაგრძელდა.]. დღის
დარჩენილი ნაწილი მისის ფერარსთან ერთად გავატარეთ. ჰარის
ძალიან მოეწონა. ამ დილით მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი
თქვენთან შემომევლო, თავისუფალი ნახევარი საათი თუ მაინც
მექნებოდა, მაგრამ აქ ჩამოსვლისას ყოველთვის იმდენი
გადაუდებელი საქმე გამოჩნდება ხოლმე. ახლა აქ იმიტომ
შემოვირბინე, რომ ფანისთვის ბეჭედი შემეკვეთა. ხვალ კი
აუცილებლად მოვახერხებ ბერკლი-სტრიტზე გეწვიოთ და გავიცნო
თქვენი მეგობარი მისის ჯენინგსი, როგორც ვიცი, საკმაოდ
შეძლებული ქალბატონი. და, რა თქმა უნდა, მიდლტონები. თქვენ
უნდა წარმადგინოთ მათთან. მოხარული ვიქნები, ყოველნაირი
პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ, ისინი ხომ ჩემი დედინაცვლის
ნათესავები არიან. როგორც ჩანს, მათი სახით კარგი მეზობლები
იპოვეთ.
– მართლაც არაჩვეულებრივები არიან! ჩვენს კომფორტზე
ზრუნავენ, მათი მეგობრული ყურადღება ყოველი წვრილმანის
მიმართ მართლაც ქების ღირსია.
– უსაზღვროდ მიხარია, ეს რომ მესმის. მართლა უსაზღვროდ
მიხარია. მაგრამ სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ისინი
ძალიან მდიდრები არიან, ნათესავებად გერგებიან და, ამდენად,
მხოლოდ ბუნებრივია მათი სურვილი, სამსახური გაგიწიონ და
კეთილგანწყობა გამოხატონ თქვენ მიმართ. ამრიგად, თქვენ
შესანიშნავად მოეწყვეთ თქვენს კოტეჯში და არაფერი არ გჭირდებათ.
ედვარდმა მომხიბლავ ფერებში აღმიწერა თქვენი ადგილი, ერთგვარი
საოცრება, როგორც მან თქვა და თქვენც თურმე ძალიან მოგწონთ

261
იქაურობა. გარწმუნებთ, ჩვენთვის ამის მოსმენა ძალიან სასიამოვნო
იყო.
ელინორს, ცოტა არ იყოს, შერცხვა თავისი ძმის გამო და ოდნავაც
არ უნანია, როცა საუბარი შეაწყვეტინა მისის ჯენინგსის ლაქიამ,
რომელიც იმის შესატყობინებლად მოვიდა, რომ მისი ქალბატონი მათ
ქვემოთ ელოდა.
მისტერ დეშვუდი, რომელმაც დები კიბეებზე ჩააცილა, მისის
ჯენიგსს კარეტის კართან წარუდგინეს. მან კიდევ ერთხელ გამოხატა
იმედი, რომ შეძლებდა მეორე დილით მათთან შეევლო, და ყველას
გამოემშვიდობა.
მეორე დილით დაპირებული ვიზიტი მართლაც შედგა. მისტერ
დეშვუდმა ბოდიში მოიხადა თავისი ცოლის გამო, რომელმაც მოსვლა
ვერ შეძლო. მაგრამ ის იმდენად დაკავებულია დედამისით, რომ
არსად წასვლის დრო აღარ აქვსო, დასძინა. თუმცა მისი ჯენინგსმა ის
მაშინვე დაარწმუნა, რომ მათ შორის ცერემონიები საჭირო არ იყო,
ისინი ხომ ყველანი ერთმანეთის ნათესავები იყვნენ, ან თითქმის
ნათესავები და ამიტომ ის დაუყოვნებლივ ეწვეოდა მას ელინორთან
და მარიანასთან ერთად. მისტერ დეშვუდი დებს ძალიან მშვიდად,
მაგრამ ალერსიანად ექცეოდა, მისის ჯენინგსის მიმართ კი
განსაკუთრებულ ყურადღებას და თავაზიანობას იჩენდა. პოლკოვნიკ
ბრენდონს, რომელიც მოგვიანებით მოვიდა, ცნობისმოყვარეობით
უყურებდა, თითქოს თავისი მზერით ამბობდა, მზად ვარ თქვენ
მიმართაც ასეთივე თავაზიანი ვიყო, თუ აღმოჩნდება, რომ მდიდარი
ხართო.
მას შემდეგ, რაც მათთან ნახევარი საათი დაჰყო, ელინორს
სთხოვა, კონდუიტ-სტრიტზე გავისეირნოთ ერთად და სერ ჯონთან და
ლედი მიდლტონთან წარმადგინეო. საოცრად კარგი ამინდი იდგა და
ელინორი უყოყმანოდ დათანხმდა. სახლიდან გასვლაც ვერ
მოასწრეს, რომ ჯონ დეშვუდმა ცნობების შეგროვება დაიწყო.
– ეს პოლკოვნიკი ბრენდონი ვინ არის? შეძლებული კაცია?
– ჰო, დორსეტშირში შესანიშნავი მამული აქვს.
262
– ძალიან მიხარია, რომ ეს მესმის. ის უკეთილშობილეს
ჯენტლმენად მომეჩვენა და ვფიქრობ, ელინორ, რომ შემიძლია
მოგილოცო შენი მომავლის დიდებულად მოწყობა.
– მე მომილოცოთ? რას გულისხმობთ, ძმაო?
– მას შენ მოსწონხარ. ყურადღებით ვადევნებდი თვალს და ამაში
მტკიცედ ვარ დარწმუნებული. როგორია მისი შემოსავალი?
– დაახლოებით, წელიწადში ორი ათასი, თუ არ ვცდები.
– წელიწადში ორი ათასი? – და მასში ერთბაშად გაღვიძებული
სულგრძელი გულუხვობით დასძინა: – ელინორ, მთელი სულითა და
გულით ვისურვებდი შენთვის, რომ ეს თანხა ორჯერ მეტი ყოფილიყო.
– ნამდვილად მჯერა თქვენი, – უპასუხა ელინორმა, – მაგრამ
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პოლკოვნიკ ბრენდონს ჩემზე
დაქორწინების იოტისოდენა სურვილიც არ აქვს.
– შენ ცდები, ელინორ, და ძალიანაც ცდები. საკმარისია ცოტა
მოინდომო და ის შენია. შეიძლება მას ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი
არ აქვს, შეიძლება შენი მოკრძალებული შემოსავლის გამო იკავებს
თავს, შეიძლება მეგობრები ურჩევენ, ეს ნაბიჯი არ გადადგას. მაგრამ
ყურადღების და წახალისების ის მცირეოდენი ნიშნები, რომელთა
ჩვენება გოგონასთვის ძნელი არ არის, მას ანკესზე წამოაგებს,
მიუხედავად იმისა, სურს თუ არა ეს. შენ კი არავითარი მიზეზი არა
გაქვს, არ სცადო. შეუძლებელია იმის ვარაუდი, რომ რომელიმე
ადრინდელი ურთიერთობა... მოკლედ რომ ითქვას, შენ ხომ იცი, რომ
იმ ურთიერთობის გაგრძელებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, რომ
წინააღმდეგობა გადაულახავია. შენ მეტისმეტად ჭკვიანი ხარ
საიმისოდ, რომ ამის დანახვა გაგიჭირდეს. შეაჩერე შენი არჩევანი
პოლკოვნიკ ბრენდონზე და ჩემი მხრიდან იმედი გქონდეს, რომ ცდას
არ დავაკლებ, ის კიდევ უფრო კარგად განეწყოს შენსა და შენი ოჯახის
მიმართ. ეს ქორწინება ყველას დააკმაყოფილებს. – მან ხმას
დაუდაბლა და შთამაგონებელ ჩურჩულზე გადავიდა: – ეს ძალიან
სასიამოვნო იქნება ყველა დაინტერესებული მხარისათვის. – მერე
გამოერკვა და საჩქაროდ დასძინა: – ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ
263
ყველა შენს მეგობარს მთელი სულით და გულით უნდა, კარგად
მოეწყო. და განსაკუთრებით, ფანის! მას შენი ამბები ძალიან მიაქვს
გულთან, გარწმუნებ. და დედამისსაც ასევე. მისის ფერარსი ძალიან
კეთილი ბუნების ქალია. დარწმუნებული ვარ, ეს მას დიდ სიამოვნებას
მიანიჭებს. თვითონ მითხრა ეს ამას წინათ.
ელინორმა მისი ეს სიტყვები პასუხის ღირსად არ ჩათვალა.
– მართლაც შესანიშნავი იქნებოდა, – განაგრძო მან, – და
ერთგვარად სასაცილოც, თუ ფანის ძმა და ჩემი და ერთ დღეს
დაქორწინდებოდნენ. და, კაცმა რომ თქვას, ასეთი დამთხვევა
დაუჯერებელიც არ არის.
– ანუ გამოდის, რომ, – თქვა ელინორმა მტკიცე ხმით, – მისტერ
ედვარდ ფერარსი დაქორწინებას აპირებს?
– ეს ჯერ კიდევ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ
გარკვეული მზადება უკვე მიმდინარეობს. მას არაჩვეულებრივი დედა
ჰყავს! მისის ფერარსი უსაზღვრო გულუხვობას გამოიჩენს და
ედვარდს ათასი გირვანქა სტერლინგი შემოსავალი გაუჩნდება, თუ ეს
ქორწინება შედგება. ლაპარაკია დიდგვაროვან მისს მორტონზე, აწ
განსვენებული ლორდი მორტონის ერთადერთ ქალიშვილზე,
ოცდაათი ათასი გირვანქა სტერლინგი მზითვით. ძალიან სასურველი
კავშირი იქნება ორივე მხარისთვის და ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს
ქორწინება შედგება. ათასი გირვანქა სტერლინგი წელიწადში – ეს ის
თანხაა, რომელსაც ადვილად ვერ შეელევი, მით უმეტეს სამუდამოდ,
მაგრამ მისის ფერარსი კეთილშობილი სულის ადამიანია. აი, კიდევ
ერთი მაგალითი მისი ხელგაშლილობისა: ამას წინათ, როგორც კი აქ
ჩამოვედით, მან ფანის ხელში ორასი გირვანქა სტერლინგის
ბანკნოტების დასტა ჩაუდო, რადგან იცოდა, რომ ფულის მხრივ
მდგომარეობა ახლა მთლად კარგად არ გვაქვს. სწორედ რომ
დროული იყო, რადგან აქ ყოფნისას იმდენი ხარჯები გამოგვიჩნდა...
ის გაჩუმდა და თანხმობას და თანაგრძნობის გამოხატვას ელოდა.
ელინორმა თავი აიძულა, ეთქვა:

264
– თქვენ ალბათ ქალაქშიც საკმაოდ დიდი ხარჯები გაქვთ და
სოფელშიც, მაგრამ შემოსავალიც ხომ დიდი გაქვთ?
– ოჰ, ისე დიდი სულაც არა, როგორც ბევრს ჰგონია. თუმცა ბედს
არ ვუჩივი, ცოტა მართლაც არ არის და იმედი მაქვს, რომ დროთა
განმავლობაში გაიზრდება. ახლა ნორლენდის საძოვარს ვღობავ და
ამას მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მიაქვს. და კიდევ, ნახევარი წლის
წინ ისტ კინგემის ფერმა შევიძინე. შენ ალბათ გახსოვს ის ადგილი,
სადაც მოხუცი გიბსონი ცხოვრობდა. დიდი ხანია მასზე თვალი
მქონდა დადგმული. ჩემს მამულს ესაზღვრებოდა და ამიტომ მისი
შეძენა ჩემი მოვალეობა იყო. საკუთარ თავს არასოდეს ვაპატიებდი,
ის რომ სხვის ხელში ჩავარდნილიყო. მაგრამ კომფორტისთვის უნდა
გადაიხადო კიდეც, და დიდი თანხის გადახდა მომიწია.
– რაც, თქვენი აზრით, ის არ ღირდა?
– არა, იმედი მაქვს, რომ ასე არ არის. მეორე დღესვე შემეძლო
უფრო ძვირად გამეყიდა, ვიდრე შევიძინე. მაგრამ ეს არის, რომ
ხელზე ფულის გადახდას შეიძლებოდა მძიმე მდგომარეობაში
ჩავეყენებინე, რადგან კურსი ძალიან დაბალია და ბანკში სათანადო
თანხა რომ არ აღმომჩენოდა, ფასიანი ქაღალდების გაყიდვა
მომიწევდა დიდი ზარალით.
ელინორმა მხოლოდ გაღიმება შეძლო.
– სხვა დიდი და გარდაუვალი ხარჯები მაშინ გველოდა, როცა
ნორლენდში ჩავედით. ჩვენმა ღრმად პატივცემულმა მამამ, როგორც
შენთვის ცნობილია, სტენჰილის მთელი ქონება, ყველაფერი, რაც
ნორლენდში დარჩა, დედაშენს დაუტოვა. ძალიან ძვირფასი და
ფასეული ნივთები. მე, რა თქმა უნდა, მისი საქციელის განსჯას არ
ვაპირებ. მას უდავოდ ჰქონდა უფლება, თავისი ქონება თავისი
შეხედულებისამებრ განეკარგა, მაგრამ ჩვენ ამის გამო იძულებული
გავხდით, ძალიან დიდი რაოდენობით შეგვეძინა მაგიდის
თეთრეული, ფაიფური და სხვადასხვა რამეები იმის სამაგიეროდ, რაც
წაიღეს. შენ არ გაგიჭირდება მიხვედრა, ასეთი დანახარჯების შემდეგ

265
რამდენად შეიძლება ჩვენ მართლა მდიდრებად ჩავითვალოთ,
ამიტომ მისის ფერარსის სიკეთემ სწორედ რომ სულზე მოგვისწრო.
– ჰო, რა თქმა უნდა, – თქვა ელინორმა, – და იმედი მაქვს, მისი
გულკეთილობის წყალობით თქვენ კომფორტულ გარემოში
იცხოვრებთ.
– მომდევნო ერთმა-ორმა წელმა დიდად უნდა შეუწყოს ხელი ამას,
– უპასუხა მან ძალიან სერიოზულად, – თუმცა გასაკეთებელი ჯერ
კიდევ ბევრია. ფანის ორანჟერეისთვის ფუნდამენტიც კი არ არის
ჩაყრილი, ყვავილების ბაღი კი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს გეგმის
სახით.
– და ორანჟერეა სად იქნება?
– პატარა გორაკზე, სახლის უკან. მისთვის ადგილის
გასათავისუფლებლად კაკლის ძველი ხეები ამოთხარეს. მისით
დატკბობა პარკის სხვადასხვა კუთხიდან შეიძლება, ყვავილების ბაღი
კი სწორედ მის წინ განლაგდება ფერდობზე და საოცრად ლამაზი
იქნება. ბორცვი უკვე გავწმინდეთ ასკილის და კუნელის ძველი
ბუჩქებისაგან.
ელინორმა თავისი წუხილი და აღშფოთება არ გამოამჟღავნა.
უხაროდა, რომ იქ არ იყო მარიანა, რომელიც, რა თქმა უნდა, თავს არ
შეიკავებდა.
საკმაოდ დაწვრილებით აღწერა რა, თუ რამდენად ღარიბი იყო და
მისტერ გრეისთან მომდევნო ვიზიტისას დებისთვის საჩუქრად
საყურეების ყიდვის აუცილებლობა თავიდან აირიდა, მისტერ
დეშვუდი გამხიარულდა და ელინორს მიულოცა ისეთი გავლენიანი
მეგობრის შეძენა, როგორიც მისის ჯენინგსი გახლდათ.
– მართლა ძალიან შეძლებული და პატივცემული ქალბატონი
ჩანს. მისი სახლი, მისი ცხოვრების სტილი – ყველაფერი იმაზე
მეტყველებს, რომ შესანიშნავი შემოსავალი აქვს და ეს ნაცნობობა
არა მხოლოდ უკვე აქამდე იყო გამოსადეგი თქვენთვის, არამედ
მომავალშიც დიდ სარგებელს გიქადით. ის ფაქტი, რომ მან
ლონდონში მიგიწვიათ, უდავოდ თქვენს სასარგებლოდ მეტყველებს.
266
როგორც ჩანს, ძალიან გაფასებთ და ეს იმას ნიშნავს, რომ როცა
მოკვდება, დიდი შანსია, ანდერძში თქვენც არ დაგივიწყოთ.
დასატოვებელი კი, ეტყობა, მართლა ბევრი აქვს.
– პირიქით, მე მგონი, არაფერიც არ აქვს. მას მხოლოდ იმის
უფლება აქვს, სიცოცხლის განმავლობაში ისარგებლოს იმ ქონების
შემოსავლით, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ მისი
ქალიშვილების ხელში გადავა.
– მაგრამ რატომ გგონია, რომ ის მთელ თავის შემოსავალს
ხარჯავს? გონიერი ადამიანები ასე არ იქცევიან. მთელი დანაზოგი
თანხა კი შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს.
– მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ უფრო მოსალოდნელია, მან ეს
თანხა თავის ქალიშვილებს დაუტოვოს, ვიდრე ჩვენ?
– მისი ორივე ქალიშვილი მდიდარ ოჯახში შევიდა, ამიტომ ვერ
ვხედავ, რა აუცილებელია მათზე ისევ იზრუნოს. გარდა ამისა, იმით,
რომ ასე ყურადღებით და კეთილად გეპყრობათ, მან თქვენ
გარკვეული უფლება მოგცათ, მომავალშიც იქონიოთ მისი იმედი.
გონიერ ქალს არ შეუძლია ეს არ აღიაროს. მისი კეთილგანწყობა
თქვენ მიმართ იმდენად დიდია, რომ ყოველგვარ საზღვრებს სცდება
და მას, რა თქმა უნდა, გაცნობიერებული აქვს, რა მოლოდინებს უჩენს
ადამიანებს.
– მაგრამ არა მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ეხება. მართალი
გითხრათ, ძმაო, თქვენს შფოთვას ჩვენი კეთილდღეობისა და
წინსვლისათვის მეტისმეტად შორს მიჰყავხართ.
– ჰო, რა თქმა უნდა, – თქვა მან, როგორც ეტყობოდა, გამოერკვა.
– ადამიანებს ხშირად უნდათ რაღაც გააკეთონ, მაგრამ არ შეუძლიათ.
მაგრამ, ჩემო ძვირფასო ელინორ, მარიანას რაღა აწუხებს? როგორც
ჩანს, შეუძლოდაა. ფერი დაუკარგავს და გამხდარია. ავად არის?
– ჰო, არ არის კარგად. უკვე რამდენიმე კვირაა, ნერვული
ჩივილები აქვს.
– ძალიან მწყინს. მის ასაკში ავადმყოფობა სილამაზის ულმობელი
მტერია. რა ცოტა ხანს გაგრძელდა მისი ყვავილობა! ჯერ კიდევ
267
სექტემბერში დავიფიცებდი, რომ მასავით ლამაზი და კაცის გულის
დატყვევების შემძლე ლამაზი ქალი იშვიათად მოიძებნებოდა. მის
სილამაზეში იყო რაღაც ისეთი, რაც ყველა კაცს მოხიბლავდა.
მახსოვს, ფანი ამბობდა, ის ელინორზე ადრე და უკეთესად
გათხოვდებაო. არა, არა, ფანის შენ ძალიან უყვარხარ, უბრალოდ, ასე
ფიქრობდა. მაგრამ უდავოდ შეცდა. ახლა ეჭვი მეპარება, რომ
მარიანამ ისეთი ქმარი იპოვოს, რომელსაც ხუთას, ექვსას გირვანქა
სტერლინგზე მეტი შემოსავალი შეიძლება ჰქონდეს წელიწადში, და
ესეც საუკეთესო შემთხვევაში, შენ კი, ეჭვიც არ მეპარება, რომ
ბევრად უკეთესი მომავალი გელის. დორსეტშირი! მაგ ადგილებს
ცუდად ვიცნობ, მაგრამ ახლა, ძვირფასო ელინორ, დიდი
სიამოვნებით გავიცნობ. იმედი მაქვს, ფანი და მე ყველაზე ადრე
გესტუმრებით და ყველაზე ბედნიერები ვიქნებით თქვენს სტუმრებს
შორის.
ელინორი დიდი მონდომებით შეეცადა დაერწმუნებინა ძმა, რომ
მისი და პოლკოვნიკის შეუღლების მოლოდინს არავითარი
საფუძველი არ ჰქონდა, მაგრამ თვითონ მისტერ დეშვუდისთვის
ასეთი ქორწინება იმდენად სასიამოვნო იქნებოდა, რომ არ შეეძლო
იმედი დაეკარგა და მან მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, როგორც კი
საშუალება მიეცემოდა, ახლოს გაეცნო ეს ჯენტლმენი და მის ხელთ
არსებული ყველა საშუალება ეხმარა, რათა ის შემდგარიყო.
ერთგვარი სინდისის ქენჯნა იმის გამო, რომ თვითონ მან არაფერი
გააკეთა დებისათვის, მხოლოდ კიდევ უფრო მეტად აღვივებდა მასში
შეუპოვარ სურვილს, რომ სხვა ადამიანებს მათთვის რაც
შეიძლებოდა მეტი გაეკეთებინათ და პოლკოვნიკ ბრენდონთან
დაქორწინება ან მისის ჯენინგსისგან მიღებული მემკვიდრეობა
ყველაზე ადვილი საშუალება იქნებოდა მის მიერ მოვალეობის
შეუსრულებლობის საკომპენსაციოდ.
ელინორს და მისტერ დეშვუდს გაუმართლათ, ლედი მიდლტონი
სახლში შეისწრეს და მათი ვიზიტის დასრულებამდე სერ ჯონიც
გამოჩნდა. თავაზიანობის გამომხატველი ფრაზები მრავლად
268
იფრქვეოდა ყველა მხრიდან. სერ ჯონი მზად იყო, კეთილგანწყობა
გამოეხატა ყოველი შემხვედრის მიმართ და თუმცა, როგორც ჩანდა,
მისტერ დეშვუდს ცხენებისა არაფერი ესმოდა, მას მალე ძალიან
კარგი ხასიათის კაცად თვლიდა, ლედი მიდლტონს კი ახალი სტუმრის
კარგი მანერები შეუმჩნეველი არ დარჩენია და დაასკვნა, მასთან
ურთიერთობა შეიძლებაო. მისტერ დეშვუდმა ორივე მათგანით
მოხიბლულმა დატოვა სახლი.
– შესანიშნავი ამბები მიმაქვს ფანისათვის, – უთხრა მან დას,
როცა უკან ბრუნდებოდნენ, – ლედი მიდლტონი მართლაც რომ
ელეგანტური ქალია. დარწმუნებული ვარ, ფანი მისი გაცნობის
მოხარული იქნება. და მისის ჯენინგსიც ძალიან კარგად აღზრდილი
ქალია, თუმცა კი დახვეწილობით თავის ქალიშვილს ჩამოუვარდება.
ჩემს ცოლს უყოყმანოდ შეუძლია მას ეწვიოს. სიმართლე რომ ითქვას,
ჩვენ ცოტა არ იყოს, ვორჭოფობდით და სავსებით ბუნებრივია: ჩვენ
ხომ მხოლოდ ის ვიცოდით, რომ მისის ჯენინგსი იმ ადამიანის ქვრივი
გახლავთ, რომელმაც ფული უღირსი გზით იშოვა და ამიტომ ფანი და
მისის ფერარსი თვლიდნენ, რომ არც ის და არც მისი ქალიშვილები
არ მიეკუთვნებოდნენ იმ ქალებს, ვისთან ერთად საზოგადოებაში
ყოფნა ფანისთვის მიუღებელი არ იყო. მაგრამ მე მას ახლა ბევრ კარგ
რამეს შევატყობინებ მისის ჯენინგსის შესახებ.

269
თავი 34

მისის ჯონ დეშვუდი თავისი ქმრის შეფასებებს იმდენად ენდობოდა,


რომ მისის ჯენინგსსა და მის უფროს ქალიშვილს მეორე დღესვე ეწვია.
და ეს ნდობა ამჯერადაც დაუფასდა, როცა დარწმუნდა, რომ ის ქალიც
კი, რომელსაც მისი მულები სტუმრობდნენ, სავსებით ღირსი
გახლდათ მისი ყურადღებისა. ლედი მიდლტონი ხომ ამქვეყნად
ყველაზე მომხიბლავი ქალი აღმოჩნდა.
ლედი მიდლტონიც არანაკლებ მოიხიბლა მისის დეშვუდით. ცივი
ეგოიზმი ორივეს ხასიათში ურთიერთმიმზიდველი აღმოჩნდა და ამან,
უგემოვნო მანერებთან და მწირ სულიერ სამყაროსთან ერთად, ხელი
შეუწყო მათ დაახლოებას.
თუმცა იგივე მანერები, რომლითაც მისის დეშვუდმა ლედი
მიდლტონის კეთილგანწყობა დაიმსახურა, მიუღებელი აღმოჩნდა
მისის ჯენინგსის გემოვნებისთვის, რომელმაც მასში დაინახა
მხოლოდ პატარა, ქედმაღლური გამომეტყველების, გულცივი ქალი,
თავისი ქმრის დებს სრულიად უგრძნობლად რომ მიესალმა, და
უბრალოდ არც იცოდა, მათთან რაზე ელაპარაკა. იმ თხუთმეტი
წუთიდან, რომელიც ბერკლი-სტრიტზე გაატარა, შვიდწუთ-ნახევარი
მაინც ის სრულ სიჩუმეში იჯდა.
ელინორს, თუმცა ამჯობინებდა, რომ ამის შესახებ არ ეკითხა,
ძალიან უნდოდა გაეგო, ქალაქში იყო თუ არა ედვარდი. ფანი თავისი
სურვილით ამის შესახებ მისი თანდასწრებით არაფრის გულისთვის
კრინტს არ დაძრავდა, სანამ შანსი არ გაუჩნდებოდა, თავისი
მულისთვის ედვარდის მისს მორტონზე ქორწინების დღე
შეეტყობინებინა; ან სანამ ის იმედები არ გამართლდებოდა,
რომელსაც მისი ქმარი პოლკოვნიკ ბრენდონზე ამყარებდა. მას
სჯეროდა, რომ მათ ძველებურად იზიდავდათ ერთმანეთი და საჭირო
იყო, ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში სიტყვით და საქმით ეს

270
მიზიდულობა შეესუსტებინა. თუმცა ის, რაც მან დამალა,
ელინორისთვის მალე სხვა წყაროდან გახდა ცნობილი. მოვიდა
ლიუსი, რომელსაც ელინორის თანაგრძნობა სჭირდებოდა: ის და
ედვარდი ვერ ახერხებდნენ ერთმანეთს შეხვედროდნენ, მიუხედავად
იმისა, რომ ის ქალაქში ჩამოვიდა მისტერ და მისის დეშვუდებთან
ერთად! მათ კუზინასთან შევლას ედვარდი არ მოისურვებდა, იმის
შიშით, რომ ყველაფერს ფარდა აეხდებოდა. და თუმცა ორმხრივი
სურვილი, რაც შეიძლებოდა სწრაფად შეხვედროდნენ ერთმანეთს,
მართლაც რომ ენით აუწერელი იყო, მათ ახლა არაფერი
დარჩენოდათ გარდა იმისა, რომ მიწერ-მოწერით
დაკმაყოფილებულიყვნენ.
შემდეგ ედვარდმა თვითონ შეატყობინა მათ, რომ ქალაქში იყო
ჩამოსული და ბერკლი-სტრიტს ორჯერ ეწვია. დილის ვიზიტებიდან
დაბრუნებულებმა მისი ბარათი ორჯერ იპოვეს მაგიდაზე. ელინორს
უხაროდა მისი ჩამოსვლა და კიდევ უფრო ის, რომ თვითონ იმ დროს
სახლში არ აღმოჩნდა.
მიდლტონებისგან აღფრთოვანებულმა დეშვუდებმა გადაწყვიტეს,
მათ პატივსაცემად სადილი მოეწყოთ, თუმცა ასეთ რამეებზე ხარჯების
გაწევა ჩვევად არ ჰქონდათ და გაცნობიდან რამდენიმე დღის შემდეგ
სერ ჯონი მეუღლესთან ერთად დაპატიჟეს სადილად ჰარლი-სტრიტზე,
სადაც სამი თვით შესანიშნავი სახლი ჰქონდათ დაქირავებული.
მიწვეული იყვნენ ასევე ელინორი, მარიანა და მისის ჯენინგსი. და,
გარდა ამისა, ჯონ დეშვუდმა იმაზეც იზრუნა, რომ მიეღო თანხმობა
პოლკოვნიკ ბრენდონისა, რომელმაც, თუმცა ყოველთვის მოხარული
იყო იქ ყოფნისა, სადაც მისს დეშვუდები იყვნენ, ეს მიწვევა და მისი
თანმხლები ქათინაურები ცოტა არ იყოს გაკვირვებით მიიღო. მათ
მოუწევდათ მისის ფერარსის გაცნობა, მაგრამ ელინორმა ვერაფრით
შეძლო გაერკვია, იქნებოდნენ თუ არა სადილზე ამ უკანასკნელის
ვაჟიშვილები. თუმცა თუნდაც მხოლოდ მისის ფერარსის იქ ყოფნა ამ
სადილს მის თვალში ინტერესს სძენდა. მას ახლა შეეძლო, ედვარდის
დედას ყოველგვარი მღელვარებისა და შფოთვის გარეშე
271
შეხვედროდა, რადგან საერთოდ აღარ აწუხებდა, რა აზრს შეიქმნიდა
ის მის შესახებ. თუმცა იმის სურვილი, რომ თავისი თვალით ენახა
მისის ფერარსი და გაეგო, როგორი იყო ის სინამდვილეში, ოდნავაც
არ განელებია.
ინტერესი, რომლითაც ელინორი მომავალ სადილს ელოდა, კიდევ
უფრო გაიზარდა, როცა მან შეიტყო, რომ სადილზე ორივე მისს სტილი
იქნებოდა, თუმცა ამას მისთვის სიამოვნება არ მიუნიჭებია.
მათ იმდენად მოიგეს ლედი მიდლტონის გული, იმდენად
ასიამოვნეს მას თავიანთი გულმოდგინებით, რომ მანაც, სერ ჯონზე
არანაკლები ენთუზიაზმით მიიწვია ისინი სტუმრად ერთი კვირით
კონდუიტ-სტრიტზე. და ეს მაშინ, როცა ლიუსი, რა თქმა უნდა,
ელეგანტური მანერებით არ გამოირჩეოდა, მის დას კი, უბრალოდ,
აღზრდა აკლდა. და როგორც კი მათ დეშვუდებისგან მიწვევის შესახებ
შეიტყვეს, აღმოჩნდა, რომ მათთვის უფრო მოსახერხებელი იყო,
ვიზიტი წვეულების დღემდე რამდენიმე დღით ადრე დაეწყოთ.
იმ გარემოებას, რომ ისინი იმ ჯენტლმენის დისშვილები იყვნენ,
რომელიც მისის ჯონ დეშვუდის ძმაზე ზრუნავდა რამდენიმე წლის
განმავლობაში, საეჭვოა, ხელი შეეწყო იმისთვის, რომ მის სტილები
მაგიდასთან აღმოჩენილიყვნენ, მაგრამ ისინი ლედი მიდლტონის
სტუმრები იყვნენ და ამას არ შეიძლებოდა მათთვის სახლის კარი არ
გაეღო. ლიუსიმ, რომელსაც დიდი ხანია სურდა, ედვარდის
ნათესავებთან წარედგინათ, რათა უშუალოდ გაეცნო ისინი და გაეგო,
რა სიძნელეები ელოდა წინ და ასევე ეცადა, მათთვის თავი
მოეწონებინა, თავისი ცხოვრების უბედნიერესი წუთები განიცადა,
როცა მისის დეშვუდისგან მისაწვევი ბარათი მიიღო.
ელინორზე ბარათმა სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილება
მოახდინა. მან მაშინვე გაიფიქრა, რომ ედვარდი დედასთან
ცხოვრობდა და, შესაბამისად, შეუძლებელი იყო, დედასთან ერთად
არ მიეწვიათ სადილზე, რომელსაც მისი და მართავდა. მაგრამ მისი
ნახვა ყოველივე იმის შემდეგ, რაც მოხდა, ლიუსის საზოგადოებაში!
არა, საეჭვოა, ჰყოფნოდა ძალა, მსგავსი განსაცდელი გადაეტანა.
272
ეს შიში შესაძლოა გონების არგუმენტებს დიდად არ ეყრდნობოდა
და, რა თქმა უნდა, არც იმ რეალობის ასახვას წარმოადგენდა, რაც მის
გარშემო შეიქმნა. თუმცა ელინორი მისგან საკუთარმა
კეთილგონიერებამ კი არა, ლიუსის კეთილმა გულმა იხსნა,
რომელმაც იმ განზრახვით, რომ სასოწარკვეთილებაში ჩაეგდო,
შეატყობინა მას, სამშაბათს ედვარდი სადილზე, რა თქმა უნდა, არ
იქნებაო; და მისთვის კიდევ უფრო მეტი ტკივილის მიყენების
სურვილით დასძინა, რომ მას ამაში ხელს მისდამი ძლიერი
სიყვარული უშლიდა, რადგან როცა თვითონ მის გვერდით იყო,
გრძნობებს ვერ მალავდა.
და აი, ღირსშესანიშნავი სამშაბათი დადგა – დღე, როცა ორი
ახალგაზრდა ლედი შიშის მომგვრელი სადედამთილოს წინაშე უნდა
წარმდგარიყო.
– შემიცოდეთ, ძვირფასო მისს დეშვუდ, – ჩასჩურჩულა მას
ლიუსმა, როცა კიბეებზე ერთად ადიოდნენ. მიდლტონები და მისის
ჯენინგსი თითქმის ერთდროულად მივიდნენ და ყველანი ერთად
ლაქიას მიჰყვებოდნენ. – აქ ხომ მხოლოდ თქვენ იცით, როგორ
მჭირდება თანაგრძნობა. ფეხზე ძლივს ვდგავარ, ღმერთო მიშველე.
ერთი წუთიც და ვნახავ ადამიანს, რომელზეც მთელი ჩემი
ბედნიერებაა დამოკიდებული... ქალს, რომელიც ჩემი დედა უნდა
გახდეს.
ელინორს შეეძლო, ის მაშინვე ენუგეშებინა, ეთქვა, რომ სავსებით
მოსალოდნელი იყო, ერთი წუთის შემდეგ მისს მორტონის დედა
ენახათ და არა ის, მაგრამ ეს არ გააკეთა და მხოლოდ ის უპასუხა:
ძალიან გულწრფელად, მთელი სულით და გულით მეცოდებითო. ამან
ძლიერ გააკვირვა ლიუსი, რომელიც თუმცა თავს მართლაც
არაკომფორტულად გრძნობდა, მაგრამ ის ანუგეშებდა, რომ
ელინორს მძაფრ შურს აღუძრავდა.
მისის ფერარსი პატარა, გამხდარი ქალი აღმოჩნდა, წელში ამაყად
გამართული, მეტისმეტად სერიოზული და მუდამ შეჭმუხნილი.
მოყვითალო კანი ჰქონდა, ხოლო პატარა ნაკვთები სილამაზეს და
273
გამომხატველობას იყო მოკლებული. მაგრამ ბუნებამ, ეტყობა,
გადაწყვიტა, ამ ქალის გარეგნობა მთლად უმნიშვნელო არ
ყოფილიყო და დააჯილდოვა შთამბეჭდავი წარბებით, რითიც იხსნა
მისი სახე სამარცხვინო უგემოვნობისგან, აღბეჭდა რა მასზე ძლიერი
ხასიათი და ავის მოსურნე გამომეტყველება. ის სიტყვაძუნწი იყო,
რადგან ადამიანების უმრავლესობისაგან განსხვავებით, ერთმანეთს
უფარდებდა სიტყვებისა და აზრების რაოდენობას; იმ ცოტა სიტყვიდან
კი, რომელიც აქა-იქ მაინც წამოსცდებოდა, არც ერთი არ იყო
მიმართული მისს დეშვუდისაკენ, მისი მზერისგან განსხვავებით,
რომელიც მეტყველებდა მის მტკიცე გადაწყვეტილებაზე, ყველა
შემთხვევაში მის მიმართ ზიზღით ყოფილიყო გამსჭვალული.
მაგრამ ახლა ელინორს მისი ასეთი საქციელი ოდნავაც არ
აწუხებდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ ძალიან მძიმე დღეში
ჩააგდებდა. დები სტილებისადმი სრულიად განსხვავებულმა
დამოკიდებულებამ, რომელიც ალბათ იმაზე იყო გათვლილი, რომ
ელინორს თავი კიდევ უფრო დამცირებულად ეგრძნო, ის მხოლოდ
გაართო. მას არ შეეძლო არ გაეღიმა, როცა ხედავდა, როგორ
თავაზიანად ესაუბრებოდნენ დედა და ქალიშვილი ლიუსის და
განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ჰყავდათ. ლიუსის შესახებ ის
რომ სცოდნოდათ, რაც მან იცოდა, მთელი ეს მოჩვენებითი
კეთილგანწყობა ერთ წამში გაქრებოდა. ელინორს კი, თუმცა
არაფრით შეეძლო მათთვის დარტყმა მიეყენებინა, არც ერთი მათგანი
განგებ არ ამჩნევდა. ეღიმებოდა რა ამ ამაოდ გახარჯული
თავაზიანობის დანახვისას, ელინორი უნებურად მის წარმომშობ
წვრილმან ღვარძლიანობაზე ფიქრობდა და როცა ხედავდა, როგორ
გულმოდგინედ ცდილობდნენ მისს სტილი და ლიუსი მის
დამსახურებას, არ შეეძლო ღრმა სიძულვილი არ ეგრძნო ოთხივე
მათგანის მიმართ.
ლიუსი მეშვიდე ცაზე იყო იმის გამო, რომ ასე გამოარჩიეს, მისს
სტილს კი სრულ ნეტარებამდე მისი და ექიმ დევისის მისამართით
ხუმრობები აკლდა.
274
სადილი შესანიშნავი იყო, მსახურები – მრავალრიცხოვანი და
ყველაფერი მეტყველებდა დიასახლისის სიყვარულზე, თავი
მოეწონებინა ფუფუნებით, და ქმრის უნარზე, დაჰყოლოდა მის
სურვილებს. მიუხედავად რაღაცების შეკეთებისა და ნორლენდში
ახალი მინაშენებისა, მიუხედავად იმისა, რომ მის მფლობელს ხელზე
რამდენიმე ათასი რომ არ ჰქონოდა, იძულებული იქნებოდა ფასიანი
ქაღალდები წამგებიანად გაეყიდა, უფულობა, რასაც ჯონ დეშვუდი
დასთან საუბრისას უჩიოდა, ოჯახს არაფერში ეტყობოდა, ისევე,
როგორც იმის აუცილებლობა, თავი რაიმეთი შეეზღუდათ. აქ
მხოლოდ საუბრის ნაკლებობა იგრძნობოდა, თანაც ისე, რომ ამის
არშემჩნევა სრულიად შეუძლებელი იყო. ჯონ დეშვუდი ვერ
ახერხებდა, რამე ისეთი ეთქვა, რაც მოსმენად ღირდა, მის ცოლს კი
კიდევ უფრო ნაკლები ჰქონდა სათქმელი. თუმცა ამაში მათი დიდად
დადანაშაულება არ ღირდა, რადგან თითქმის იმავე დღეში იყვნენ
სტუმრებიც, რომლებსაც იმისთვის, რომ სასიამოვნო მოსაუბრეები
ყოფილიყვნენ, ან ჭკუა არ ჰყოფნიდათ, როგორც თანდაყოლილი, ისე
განათლებით განვითარებული, ან ელეგანტურობა, ან ცოცხალი აზრი
და კეთილგანწყობა.
სასტუმრო ოთახში, სადაც ქალბატონები სადილის დამთავრების
შემდეგ გავიდნენ, უბადრუკობამ კიდევ უფრო აშკარად იჩინა თავი,
რადგან მამაკაცებს, ასე იყო თუ ისე, საუბარში ერთგვარი
მრავალფეროვნება შეჰქონდათ. ხან პოლიტიკაზე ლაპარაკობდნენ,
ხან მიწის ნაკვეთის შემოღობვაზე და ხან კიდევ – ცხენების გახედნაზე.
ქალები კი, სანამ ყავა არ შემოიტანეს, მხოლოდ ერთ საკითხს
განიხილავდნენ: გარი დეშვუდი უფრო მაღალი იყო თუ თითქმის მისი
თანატოლი უილიამი, ლედი მიდლტონის მეორე ვაჟიშვილი.
ორივე ბიჭი რომ იქ ყოფილიყო, საკითხი სწრაფად გაირკვეოდა –
მათ უბრალოდ გვერდიგვერდ დააყენებდნენ. მაგრამ ახლა მათ
განკარგულებაში მხოლოდ ჰარი იყო და ამიტომ ორივე მხრიდან
მხოლოდ ვარაუდები გამოითქმოდა. არავის ეკრძალებოდა, მყარად

275
მდგარიყო თავის აზრზე და კვლავ და კვლავ იგივე გაემეორებინა,
რამდენჯერაც სურდა.
დაპირისპირებული მხარეები ასე გადანაწილდნენ: ორივე დედა,
თუმცა არც ერთ მათგანს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ მისი ვაჟი უფრო
მაღალი იყო, ცალსახად აღიარებდა მეორე ბიჭის უპირატესობას ამ
მხრივ; თითოეული ბებია ისეთივე მგზნებარებით, მაგრამ უფრო მეტი
გულწრფელობით ამტკიცებდა, რომ მისი შვილიშვილი უდავოდ უფრო
მაღალი იყო.
ლიუსი, რომელიც ცდილობდა ორივე მხარისთვის თანაბრად
ესიამოვნებინა, თვლიდა, რომ ორივე ბიჭი თავისი ასაკისათვის
გასაკვირად მაღალი გახლდათ და ვერც კი წარმოედგინა, რომ
სიმაღლეში მათ შორის თუნდაც ძალიან მცირე განსხვავება
შეიძლებოდა ყოფილიყო, მისს სტილი კი გაცხარებით ამტკიცებდა,
ბიჭები ერთმანეთზე უფრო მაღლები არიანო.
ელინორმა მხოლოდ ერთხელ გამოთქვა თავისი აზრი უილიამის
სასარგებლოდ, რითიც მისის ფერარსი და ფანი საშინლად
გაანაწყენა, და ამის შემდეგ საჭიროდ აღარ ჩაუთვლია მისი დაცვა და
გამეორება, მარიანამ კი, როცა მას მიმართეს, ყველას შეურაცხყოფა
მიაყენა, განაცხადა რა, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდა, რადგან
ამაზე არასოდეს უფიქრია.
ნორლენდიდან გამგზავრების წინ ელინორმა საკმაოდ
ოსტატურად შესრულებული ორი ნახატი დაუტოვა რძალს. ისინი
ჩარჩოში ჩაესვათ, აქ დაედგათ და ახლა სასტუმრო ოთახს
ამშვენებდნენ. ჯონ დეშვუდის მზერა სწორედ მათზე შეჩერდა, როცა
მან ჯენტლმენები სასტუმრო ოთახში შეიყვანა და ნახატები მაშინვე
დიდი მოწიწებით გადაეცა პოლკოვნიკ ბრენდონს, რათა მას
შესაძლებლობა ჰქონოდა დამტკბარიყო.
– ეს ჩემი უფროსი დის ნახელავია, – თქვა მისტერ დეშვუდმა, – და
როგორც დახვეწილი გემოვნების ადამიანს, იმედი მაქვს,
მოგეწონებათ ის და სათანადოდ შეაფასებთ. არ ვიცი, აქამდეც

276
გქონიათ თუ არა საშუალება მისი ნახატები გენახათ, მაგრამ ჩემი
აზრით ისინი შეუდარებელია.
პოლკოვნიკმა თუმცა კი აღნიშნა, რომ დიდად ვერ ერკვეოდა ასეთ
რამეეებში, მაგრამ ნახატი გულწრფელად შეაქო, ისევე როგორც
შეაქებდა ყველაფერს, მისს დეშვუდების ხელიდან გამოსულს. ამან,
როგორც მოსალოდნელი იყო, ყველას ცნობისმოყვარეობა აღუძრა
და ნახატებმა ხელიდან ხელში გადასვლა დაიწყო. მისის ფერარსმა,
რომელმაც ვერ გაიგონა, რომ ეს ელინორის ნამუშევარი იყო,
მოინდომა, აუცილებლად დაეთვალიერებინა ისინი. და მას შემდეგ,
რაც ლედი მიდლტონის მოწონების ღირსი გახდა, ფანიმ ის დედამისს
გადასცა, თან წინდახედულად გააფრთხილა იგი, ნახატები მისს
დეშვუდის შესრულებულიაო.
– ჰმ, ძალიან ლამაზია, – თქვა მისის ფერარსმა, ისე, რომ არც
დაუხედავს მათთვის და თავის ქალიშვილს დაუბრუნა.
როგორც ჩანს, ფანიმ ჩათვალა, რომ დედამისის ასეთი უხეშობა
მეტისმეტი იყო. ის ცოტათი გაწითლდა და მაშინვე თქვა:
– ჰო, მართლაც რომ ძალიან ლამაზია... – მაგრამ აქ მას, ეტყობა,
შეეშინდა, რომ საკუთარ თავს ზედმეტი თავაზიანობის ნება მისცა, რაც
შეიძლებოდა მოწონებად ჩაეთვალათ და დასძინა: – ხომ არ
გგონიათ, რომ ისინი რაღაცით მისს მორტონის სტილს მოგვაგონებს?
აი, ვინ ხატავს მართლა დიდებულად! როგორი მომხიბლავია მისი
ბოლო პეიზაჟი!
– ჰო, მომხიბლავია. მაგრამ ის ხომ საერთოდ ყველაფერში
შეუდარებელია.
ამის ატანა მარიანამ ვეღარ შეძლო. მისის ფერარსი მას თავიდანვე
არ მოეწონა, სხვა მხატვრის უადგილო ქებამ კი ელინორის
უგულებელყოფის ხარჯზე, მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა, მის
უკან რა იმალებოდა, მას აიძულა გაცხარებით ეთქვა:
– რა დითირამბებს უმღერით ვიღაც მისს მორტონს? ვინ არის ის
ჩვენთვის? ვინ იცნობს ან ვინ დაეძებს მას საერთოდ? ჩვენ ახლა
ვფიქრობთ და ვსაუბრობთ ელინორზე.
277
ამ სიტყვებით მან ფანის ნახატები გამოართვა და აღტაცება
გამოხატა მათ მიმართ, რასაც ისინი მართლაც იმსახურებდა.
მისის ფერარსი განრისხებული ჩანდა. ის წელში კიდევ უფრო
გასწორდა, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელი იყო მისი აბსოლუტურად
სწორი ზურგისათვის და მწარე ტირადას ასე უპასუხა:
– მისს მორტონი ლორდი მორტონის ქალიშვილია!
ფანიც ძალიან გაბრაზებული გამოიყურებოდა და მის ქმარს
ეშინოდა, რამე თავხედური არ თქვასო. მარიანას ასეთი გაცხარება
ელინორს უფრო მეტად ეწყინა, ვიდრე მისი გამომწვევი მიზეზი,
მაგრამ მარიანასადმი მიმართული პოლკოვნიკ ბრენდონის მზერა
მოწმობდა, რომ ის მხოლოდ მის კეთილშობილებას ხედავდა,
მოყვარულ გულს, რომელმაც დის დამცირება ვერ აიტანა, თუნდაც
ასეთი უმნიშვნელო საბაბის გამო.
მაგრამ მარიანა ვერ დამშვიდდა. ცივი და ქედმაღლური
დამოკიდებულება, მისის ფერარსი თავიდანვე რომ იჩენდა მისი დის
მიმართ, ელინორს ტანჯვას და უბედურებას უქადდა, რაც მის ნატკენ
გულს ახლა განსაკუთრებით აშფოთებდა. ის მაშინვე თავის დასთან
მივიდა, კისერზე ხელი შემოხვია, ლოყით მის ლოყას მიეყრდნო და
წყნარი, მაგრამ მკაფიო ხმით წარმოთქვა:
– ძვირფასო, ძვირფასო ელინორ! ყურადღებას ნუ მიაქცევ მათ. ნუ
მისცემ მათ უფლებას, უბედური გაგხადონ.
მეტის თქმა ვერ შეძლო. საკუთარ თავს ვეღარ იმორჩილებდა, სახე
ელინორის მხარში ჩამალა და ცრემლები წასკდა. ყველა მისკენ
შებრუნდა და თითქმის ყველა გულწრფელად შეშფოთდა.
პოლკოვნიკი ბრენდონი წამოდგა და მათკენ გაემართა. თვითონაც არ
იცოდა, რის გაკეთებას აპირებდა. „ოჰ, საწყალი გოგო”, – თქვა მისის
ჯენინგსმა მრავალმნიშვნელოვნად და მას მაშინვე საყნოსი მარილი
მიაწოდა, სერ ჯონი კი იმდენად განრისხდა მასზე, ვინც ეს ნერვული
შოკი გამოიწვია, რომ მაშინვე ლიუსი სტილს მიუჯდა გვერდით და
მოკლედ, ჩურჩულით მოუყვა მას მთელი ის აღმაშფოთებელი
ისტორია.
278
მაგრამ მარიანა რამდენიმე წუთში ისე გამოკეთდა, რომ მის
მიმართ შემდგომ ზრუნვაზე უარი თქვა და თავის ძველ ადგილს
დაუბრუნდა, თუმცა მერეც, მთელი საღამოს განმავლობაში
დათრგუნვილად გამოიყურებოდა.
– საწყალი მარიანა! – უთხრა მისტერ დეშვუდმა პოლკოვნიკ
ბრენდონს ხმადაბლა, როგორც კი მისი ყურადღების მიპყრობა
შეძლო. – მას უფრო სუსტი ჯანმრთელობა აქვს, ვიდრე მის დას და
ძალიან ნერვიულია. სხეულის აგებულებითაც ჩამოუვარდება
ელინორს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, თუ რამდენად ძნელი
გადასატანია ახალგაზრდა გოგონასათვის სილამაზის დაკარგვა. სულ
რაღაც რამდენიმე თვის წინ ხომ მარიანა უმშვენიერესი ქალი იყო,
ელინორზე არანაკლები, ახლა კი თვითონაც ხედავთ, რაც დაემართა.

279
თავი 35

ელინორის ცნობისმოყვარეობა მთლიანად დაკმაყოფილდა – მან


მისის ფერარსი ნახა და აღმოაჩინა მასში ყველაფერი, რასაც მათი
ოჯახების დაახლოება შეიძლებოდა არასასურველი გაეხადა. მან
თავისი თვალით იხილა მისი ამპარტავნობა, სიმდაბლე და მყარად
ჩამოყალიბებული ცრურწმენა მის წინააღმდეგ. ახლა ადვილად
შეეძლო წარმოედგინა, რამდენი დაბრკოლება შეუშლიდა ხელს მათ
ნიშნობას და აიძულებდა ედვარდს, გადაედო ქორწინება, ის
თავისუფალი რომ ყოფილიყო. ერთგვარად ბედის მადლიერიც კი იყო
იმის გამო, რომ გზად გადაულახავი წინააღმდეგობა დახვდა, რისი
წყალობითაც თავი დააღწია აუცილებლობას, მისის ფერარსის უხეში
გამოხდომები ეთმინა, მის ახირებებზე ყოფილიყო დამოკიდებული და
ეცადა, მისი კეთილგანწყობა დაემსახურებინა. მას, რა თქმა უნდა, არ
ახარებდა ის, რომ ედვარდი და ლიუსი ერთმანეთთან
დაკავშირებული იყვნენ, მაგრამ მისი აზრით, ლიუსი უფრო
ღირსეული რომ ყოფილიყო, მას მართლა უნდა გახარებოდა.
ვერ ხვდებოდა, ლიუსი ასეთი აღფრთოვანებული რატომ უნდა
ყოფილიყო მისის ფერარსის ასეთი მოწყალე ყურადღების გამო.
როგორ შეიძლებოდა, ის ისე დაბრმავებულიყო ანგარებითა და
პატივმოყვარეობით, რომ გულწრფელ კეთილგანწყობად მიეღო
ყურადღების ნიშნები,რასაც მის მიმართ მხოლოდ იმიტომ
ამჟღავნებდნენ, რომ ის ელინორი არ არის; და იმედები გასჩენოდა,
თითქოს ის ამჯობინეს, რაც მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ არ
იცოდნენ, სინამდვილეში რა მდგომარეობა იყო. და მაინც ეს სწორედ
ასე გახლდათ, რასაც არა მხოლოდ ლიუსის მზერა ამტკიცებდა
სადილის დროს, არამედ ის აღტაცებაც, რაც მეორე დილით
გადმოაფრქვია, როცა ლედი მიდლტონს სთხოვა, ბერკლი-სტრიტზე
წამიყვანეო. იმედი ჰქონდა, ელინორს მარტო შევისწრებ და ჩემი

280
ბედნიერების შესახებ ვუამბობო. ბედმა გაუღიმა, შესვლაც ვერ
მოასწრო, რომ მისის ჯენინგსმა წერილი მიიღო მისის პალმერისგან
და მის სანახავად გაეშურა.
– ჩემო ძვირფასო მეგობარო! – წამოიძახა ლიუსიმ, როგორც კი
მარტონი დარჩნენ. – მე იმისთვის მოვედი, რომ ჩემი ბედნიერება
გაგიზიაროთ. განა შეიძლებოდა, რაიმე ისეთი საამო ყოფილიყო,
როგორც მისის ფერარსის გუშინდელი ქცევა ჩემ მიმართ? როგორი
ალერსიანი, როგორი თბილი! თქვენ ხომ იცით, მასთან შეხვედრაზე
ფიქრისაც კი მეშინოდა, მაგრამ როგორც კი მის წინაშე წარმადგინეს,
ისე მომეფერა, ისეთი გულისხმიერება გამოიჩინა ჩემ მიმართ, რომ
აშკარად ჩანდა, მოვეწონე. ხომ ასე იყო? თქვენც ხომ საკუთარი
თვალით ნახეთ? ალბათ გაგიკვირდათ კიდეც.
– ის, რა თქმა უნდა, თავაზიანი იყო თქვენ მიმართ.
– თავაზიანი? ნუთუ თქვენ თავაზიანობის გარდა ვერაფერი
დაინახეთ? არა, ეს უფრო მეტი იყო, ბევრად მეტი. ასეთი სიკეთე ჩემ
გარდა არავის მიმართ არ გამოუჩენია. არც სიამაყე, არც
ქედმაღლობა. და თქვენი რძალიც ასევე საოცრად კეთილად და
ყურადღებით მექცეოდა.
– რასაკვირველია, მათ რომ თქვენი ნიშნობის შესახებ
სცოდნოდათ, – თქვა ელინორმა, – თქვენდამი ასეთი
დამოკიდებულება მართლაც იმედის მომცემი იქნებოდა, მაგრამ
შექმნილ სიტუაციაში...
– ვხვდებოდი, რომ თქვენ ამას მეტყოდით, – სასწრაფოდ
შეაწყვეტინა ლიუსიმ, – მაგრამ რატომ უნდა მოეჩვენებინა მისის
ფერარსს თავი ისე, თითქოს მოვეწონე, თუ ეს ასე არ იყო? ჩემთვის კი
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, მას მოვწონდე. არა, თქვენ ვერ
შეძლებთ მე საწინააღმდეგოში დამარწმუნოთ. დარწმუნებული ვარ,
ყველაფერი კარგად დასრულდება და არავითარი დაბრკოლება არ
შემხვდება. მისის ფერარსი მომხიბლავი ქალბატონია, ისევე,
როგორც თქვენი რძალი. ორივე შეუდარებელია, მართლაც რომ

281
შეუდარებელი. მიკვირს, რატომ ერთხელაც არ მსმენია თქვენგან,
რომ მისის დეშვუდი ასეთი სასიამოვნო ქალბატონია.
ამაზე ელინორს პასუხი არ ჰქონდა და არც უცდია რაიმე ეთქვა.
– შეუძლოდ ხომ არ ხართ, მის დეშვუდ? ძალიან მოწყენილი
ჩანხართ. ცოტას ლაპარაკობთ. ხომ კარგად გრძნობთ თავს?
– ამაზე კარგად არასოდეს ვყოფილვარ.
– მთელი გულით და სულით მიხარია, რომ ეს მესმის, მაგრამ
ნამდვილად ავადმყოფურად გამოიყურებით. ძალიან მეწყინება,
თქვენ რომ ავად გახდეთ. თქვენ ხომ ჩემთვის ყველაზე დიდი ნუგეში
იყავით ამქვეყნად. ღმერთმა იცის, თქვენი მეგობრობის გარეშე
ძალიან გამიჭირდებოდა.
ელინორი შეეცადა თავაზიანად ეპასუხა, თუმცა დარწმუნებული არ
იყო, რომ ეს გამოუვიდა. მაგრამ ლიუსი, ეტყობა, პასუხით კმაყოფილი
დარჩა, რადგან მან მაშინვე თქვა:
– ჰო, რა თქმა უნდა, ოდნავაც არ მეპარება ეჭვი თქვენს
კეთილგანწყობაში ჩემ მიმართ და, ედვარდის სიყვარულს თუ არ
ჩავთვლით, ეს ჩემი ყველაზე დიდი ნუგეშია. საცოდავი ედვარდი! ჰო
მართლა, ერთი კარგი ამბავი უნდა გითხრათ: ჩვენ ახლა შეგვეძლება
ხშირად შევხვდეთ ერთმანეთს, რადგან ლედი მიდლტონი მისის
დეშვუდით აღფრთოვანებულია და ჩვენ ჰარლი სტრიტის მუდმივი
სტუმრები ვიქნებით, ედვარდი კი დროის ნახევარს დასთან ატარებს;
და გარდა ამისა, მისის ფერარსი და ლედი მიდლტონი ხშირად
ეწვევიან ვიზიტებით ერთმანეთს. მისის ფერარსმა და თქვენმა
რძალმა კი ისეთი სიკეთე გამოიჩინეს, რომ რამდენჯერმე გაიმეორეს,
თქვენი ნახვის ყოველთვის მოხარული ვიქნებითო. მართლაცდა
როგორი მომხიბლავი ქალები არიან! თუ ოდესმე თქვენი ძმის
მეუღლეს ეტყვით, რამდენად მაღალი აზრის ვარ მასზე, შეგიძლიათ
ყველაზე უფრო საქებარი სიტყვები გამოიყენოთ.
მაგრამ ელინორს არაფრით გამოუხატავს, რომ აპირებდა
რძლისთვის მისი ნათქვამი გადაეცა, და ლიუსიმ განაგრძო:

282
– დარწმუნებული ვარ, ერთ წამში შევამჩნევდი, მისის ფერარსს
რომ არ მოვწონებოდი. მაგალითად, ოდნავ რომ დაეკრა თავი
ჩემთვის სიტყვის უთქმელად, შემდეგ კი საერთოდ ვეღარ შევემჩნიე,
ჩემთვის ერთხელაც არ შეეხედა თბილი გამომეტყველებით...
ხვდებით ალბათ, რისი თქმაც მინდა... მე რომ ასე სასტიკად
მომქცეოდნენ, სასოწარკვეთას მივეცემოდი და ყოველგვარ იმედს
დავკარგავდი. ამას ნამდვილად ვერ გადავიტანდი, რადგან ვიცი, რომ
თუ მან ვინმე აითვალწუნა, ამას აღარაფერი ეშველება.
ამ გესლიან თავაზიანობაზე პასუხისაგან ელინორი კარის
მოულოდნელმა გაღებამ იხსნა. ლაქიამ მოახსენა, რომ მისტერ
ფერარსი მოვიდა, და მას ედვარდიც მაშინვე შემოჰყვა.
ძალიან უხერხული სიტუაცია შეიქმნა, რაც სამივე მათგანის სახეზე
აისახა. ძალიან სულელური გამომეტყველება ჰქონდათ და ედვარდს
თითქოს ერჩია, ახლა ოთახიდან გასულიყო, ვიდრე შემოსულიყო.
ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომელსაც თითოეული
ყოველნაირად გაურბოდა და თანაც გარემოებების ყველაზე
უსიამოვნო დამთხვევისას – არა მხოლოდ სამნი აღმოჩნდნენ ერთად,
არამედ ისიც, რომ მათ გარდა იქ არავინ იყო. პირველად
ახალგაზრდა გოგონები გამოერკვნენ. ლიუსი სტუმარი გახლდათ.
ვითომცდა აუცილებელი იყო საიდუმლოს შენახვა, ამიტომ ის ნაზი
მზერით შემოიფარგლა და მისალმების შემდეგ ხმა აღარ ამოუღია.
მაგრამ ელინორი ასე ადვილად ვერ გადარჩებოდა. მას
დიასახლისის როლი უნდა ეთამაშა და ედვარდის გულისთვის
უნდოდა, ეს როლი კარგად გამოსვლოდა. ხანმოკლე დაბნეულობის
შემდეგ მან თავი აიძულა, სტუმარს თავაზიანად და თითქმის
ბუნებრივად მისალმებოდა, კიდევ ერთი ძალისხმევის შემდეგ კი
საერთოდ მოახერხა თავი ხელში აეყვანა. არც ლიუსის იქ ყოფნას,
არც იმას, რომ ნაწყენი იყო, ხელი არ შეუშლია მისთვის ეთქვა,
როგორი მოხარული იყო მისი ნახვისა და როგორ წუხდა, რომ შინ არ
დახვდა, როცა ედვარდმა ბერკლი-სტრიტზე შემოიარა. და არც იმის
შეშინებია, ყურადღება და სითბო გამოეხატა მის მიმართ (ამის
283
უფლება კი ჰქონდა, როგორც ოჯახის მეგობარს და თითქმის
ნათესავს), მიუხედავად იმისა, რომ შეამჩნია, ლიუსი როგორი
დაჟინებით ადევნებდა თვალს მის ყოველ მოძრაობას.
მისმა სიმშვიდემ ედვარდი რამდენადმე გაამხნევა და მან
დაჯდომაც კი გაბედა, თუმცა ახლაც ახალგაზრდა ქალბატონებზე
უფრო დარცხვენილად გამოიყურებოდა. სიტუაციიდან გამომდინარე,
ეს გასაკვირი სულაც არ იყო, თუმცა კი საკმაოდ იშვიათი გახლდათ იმ
სქესისთვის, რომელსაც ის ეკუთვნოდა. მაგრამ ის ლიუსივით
გულგრილი არ იყო და არც ელინორივით სუფთა სინდისი ჰქონდა.
ლიუსი მორიდებულად, დარბაისლურად იჯდა. აშკარად არ სურდა
თავისი წვლილი შეეტანა იმაში, რომ სხვებს კომფორტულად
ეგრძნოთ თავი და ამიტომ ხმას არ იღებდა. თითქმის მხოლოდ
ელინორი ლაპარაკობდა. ისე, რომ შეკითხვასაც არ დალოდებია,
მოყვა: დედა როგორ გრძნობდა თავს, როგორ მოსწონდათ მათ
ლონდონი და ის ყველაფერი, რის შესახებაც ედვარდს უნდა ეკითხა,
მაგრამ არ ჰკითხა. უფრო მეტიც, მან საკუთარ თავში იმის ძალაც კი
იპოვა, რომ სტუმრები მარტო დაეტოვებინა. მიზეზად დაასახელა,
მარიანას უნდა დავუძახოო. და მართლაც ასე მოიქცა, თანაც ისე, რომ
დიდსულოვნება გამოიჩინა: რამდენიმე წუთით კიბეზე შეყოვნდა,
სანამ თავის დასთან შევიდოდა. ამის შემდეგ კი ედვარდს
გრძნობების გადმოსაღვრელად დიდი დრო აღარ დარჩა, რადგან
გახარებული მარიანა მაშინვე წამოხტა და სასტუმრო ოთახისკენ
გაიქცა. ეს სიხარული, ისევე, როგორც მისი ყველა გრძნობა, ძლიერი
იყო და ძალიან მძაფრად გამოხატული. მან ედვარდს ხელი გაუწოდა
და მოყვარული დის სინაზით წარმოთქვა:
– ძვირფასო ედვარდ! რა ბედნიერი წუთია! ის თითქმის ყველა
დანარჩენს გადაწონის.
ედვარდი შეეცადა, ასეთ გულწრფელობაზე სათანადოდ ეპასუხა,
მაგრამ ასეთი მოწმეების თვალწინ იმის ნახევრის თქმაც კი ვერ
გაბედა, რასაც სინამდვილეში გრძნობდა. ყველანი ისევ დასხდნენ და
ორი წუთით დუმდნენ. მარიანას მეტყველი, სინაზით სავსე მზერა
284
ედვარდიდან ელინორზე გადაჰქონდა და მხოლოდ იმას ნანობდა,
რომ მათი ერთმანეთთან ყოფნის ბედნიერებას ლიუსის იქ ყოფნა
არღვევდა. პირველად ედვარდი ალაპარაკდა. მარიანას ჰკითხა,
ვშიშობ, ჯანმრთელად არ გამოიყურებით, ლონდონის ჰაერი ხომ არ
გვნებთო.
– ოჰ, ჩემზე ნუ ფიქრობთ, – უპასუხა მარიანამ მგზნებარე ხმით,
თუმცა თვალები ცრემლებით აევსო, – ჩემს ჯანმრთელობაზე ნუ
ფიქრობთ. ელინორი ხომ ჯანმრთელია, როგორც ხედავთ. და ეს
ჩვენთვის, ორივესთვის საკმარისია.
ეს სიტყვები არ იყო იმაზე გათვლილი, რომ ედვარდის და
ელინორის მდგომარეობა შეემსუბუქებინა; და არც იმისთვის, რომ
მალამოდ დადებოდა გულზე ლიუსის, რომელმაც მარიანას არცთუ
კეთილგანწყობით შეხედა.
– ლონდონი როგორ მოგწონთ? – იკითხა ედვარდმა. თემის
შეცვლა უნდოდა და ეს იყო პირველი, რაც ენაზე მოადგა.
– სულაც არ მომწონს. მეგონა, აქ ბევრად მეტი სასიამოვნო რამ
იქნებოდა, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. ერთადერთი, რამაც აქ
გამახარა, შენი დანახვა იყო. და მადლობა ღმერთს! შენ ისეთი ხარ,
როგორც ყოველთვის იყავი.
ის გაჩუმდა, მაგრამ არავის არაფერი უთქვამს.
– მე ვფიქრობ, ელინორ, – განაგრძო მარიანამ, – ჩვენ ედვარდს
უნდა ვთხოვოთ იზრუნოს ჩვენზე, როცა უკან, ბარტონისკენ
დავადგებით გზას. ეს ალბათ ერთ-ორ კვირაში მოხდება და იმედი
მაქვს, ის ამ მოვალეობის საკუთარ თავზე აღებაზე უარს არ იტყვის.
საწყალმა ედვარდმა რაღაც ჩაიბუტბუტა თავისთვის, მაგრამ რა,
ვერავინ გაიგო, და მათ შორის ვერც თვითონ. თუმცა მარიანამ,
რომელმაც შენიშნა, მან როგორ დაიმორცხვა, ამას მაშინვე მისთვის
სასიამოვნო ახსნა მოუძებნა და, სავსებით კმაყოფილი, სხვა თემაზე
გადავიდა:
– იცით, როგორ გავატარეთ გუშინდელი დღე ჰარლი-სტრიტზე,
ედვარდ? მოსაწყენი დღე იყო, აუტანლად მოსაწყენი! მაგრამ ამაზე
285
თქვენთვის ბევრი რამ მაქვს სათქმელი ისეთი, რისი თქმაც ახლა არ
შემიძლია.
ასეთი საქები თავშეკავებულობით მან სათქმელი იმ დროისთვის
გადადო, როცა მარტონი იქნებოდნენ. ძალიან სურდა შეეტყობინებინა
ედვარდისთვის, რომ მათი საერთო ნათესავები კიდევ უფრო
უსიამოვნო ადამიანები აღმოჩნდნენ, ვიდრე ადრე ეგონა, დედამისი
კი საერთოდ რაღაც საშინელება ყოფილა.
– და თქვენ რატომ არ იყავით იქ, ედვარდ? რატომ არ მოხვედით?
– მე სხვა ადგილას ვიყავი დაპირებული, რომ მივიდოდი.
– დაპირებული იყავით! მაგრამ რას ნიშნავს ასეთი დაპირება,
როცა საქმე თქვენს უახლოეს მეგობრებს ეხებოდა?
– მისს მარიანა, – წამოიძახა ლიუსიმ, გახარებულმა, რომ
შემთხვევა ჩაუვარდა, მისთვის ანგარიში გაესწორებინა, – იქნებ
თქვენ თვლით, რომ ახალგაზრდა ჯენტლმენები არასდროს არ
ასრულებენ თავიანთ დაპირებას არც პატარა და არც დიდ საქმეში,
თუკი მათ ეს არ სურთ?
ელინორი ძალიან გაბრაზდა, მაგრამ მარიანამ ეტყობა ვერ
იგრძნო, რომ დანესტრეს, და ამიტომ სრულიად მშვიდად უპასუხა:
– არა, რა თქმა უნდა. თუ სერიოზულად ვილაპარაკებთ, მე
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ თავისი
კეთილსინდისიერების გამო ვერ შეძლო ედვარდმა, ჰარლი-სტრიტზე
მოსულიყო. მთელი ჩემი არსებით მჯერა, რომ მასზე პატიოსანი
ადამიანი ამქვეყნად არ არსებობს. ის ყოველთვის ზუსტად ასრულებს
ყველა თავის დაპირებას, რაც არ უნდა უმნიშვნელო იყოს ის და
როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მის საკუთარ ინტერესებს. მას
სინდისი ნებას არ აძლევს, აწყენინოს ადამიანებს, მოლოდინი
გაუცრუოს მათ. ჩემს ნაცნობებს შორის არავინ არის მასავით
მოკლებული ეგოიზმის გრძნობას. ჰო, ედვარდ, ასეა და მე არ ვაპირებ
გავჩუმდე. როგორ? ნუთუ თქვენ არასოდეს გსმენიათ, როგორ
გაქებენ? მაგრამ ასეთ შემთხვევაში თქვენ ჩემი მეგობარი არ
შეიძლება იყოთ. ყველა, ვისაც ჩემი სიყვარული და პატივისცემა
286
მოუპოვებია, უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ მე მათ ღირსებებს
ხმამაღლა მივაგებ პატივს.
თუმცა ამჯერად მისი მსმენელების ორი მესამედი ამჯობინებდა,
რომ მას სათანადო პატივი რაღაც სხვა ღირსებებისთვის მიეგო.
ედვარდზე ამ სიტყვებმა კარგად არ იმოქმედა. ის მალე წამოდგა და
წასასვლელად მოემზადა.
– როგორ, უკვე მიდიხართ? – წამოიძახა მარიანამ. – ძვირფასო
ედვარდ, მე თქვენ არ გაგიშვებთ.
და ის გვერდზე გაიყვანა და წასჩურჩულა, რომ ლიუსი, რა თქმა
უნდა, მალე წავაო. მაგრამ საქმეს ასეთმა დაპირებამაც ვერ უშველა
და ის მაინც წავიდა. ლიუსიმ, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ
მხოლოდ ედვარდის შემდეგ წავიდოდა, თუნდაც მისი ვიზიტი ორ
საათს გაგრძელებულიყო, ახლა აღარ დააყოვნა მის კვალს
მიჰყოლოდა.
– საინტერესოა, ასე რატომ მოუხშირა ჩვენთან სტუმრობას? –
თქვა მარიანამ მისი წასვლისთანავე, – ნუთუ ვერ მიხვდა, რომ აქ
სრულიად ზედმეტი იყო? როგორი უსიამოვნო იქნებოდა
ედვარდისათვის!
– მაგრამ რატომ? ჩვენ ხომ ყველანი მისი მეგობრები ვართ და
ლიუსის ბევრად უფრო დიდი ხანია იცნობს, ვიდრე ჩვენ. სრულიად
ბუნებრივია, რომ მისი დანახვაც ისე გაუხარდა, როგორც ჩვენი.
მარიანამ მას დაჟინებული მზერა მიაპყრო და თქვა:
– შენ ხომ იცი, ელინორ, რომ ვერ ვიტან, როცა ასე ლაპარაკობენ.
თუ, როგორც მე ვეჭვობ, შენ ეს სიტყვები მხოლოდ იმაზე გაქვს
გათვლილი, საწინააღმდეგო აზრი მოისმინო, უნდა გახსოვდეს, რომ
მე ამ საქმისთვის არ გამოვდგები. მე არასდროს არ დავეშვები იმ
დონეზე, რომ გამომტყუონ დარწმუნება, რომელიც სინამდვილეში
არავის სჭირდება.
ამ სიტყვებით ის ოთახიდან გავიდა და ელინორმა ვერ გაბედა უკან
გაჰყოლოდა საუბრის გასაგრძელებლად. ლიუსისთვის მიცემული
დაპირება მას უფლებას არ აძლევდა, მოეყვანა არგუმენტები,
287
რომლებიც მარიანას დაარწმუნებდა, და როგორი მძიმეც არ უნდა
ყოფილიყო მისთვის შედეგები დის ამ ჯიუტი დაბნეულობისა, ისღა
დარჩენოდა, მათ შერიგებოდა. მართალია, შეეძლო თავი
დაეიმედებინა, რომ ედვარდი შეეცდებოდა, რაც შეიძლებოდა
იშვიათად ჩაეგდო საფრთხეში ის და საკუთარი თავი, არ მიეცა რა
მარიანასთვის თბილი გრძნობების უადგილოდ გადმოღვრის
საშუალება და ეხსნა ისინი იმ ტანჯვათა გამეორებებისაგან, რომელიც
ორივე მათგანმა გადაიტანა მათი უკანასკნელი შეხვედრის დროს. და
მას ყველა საფუძველი გააჩნდა, ამის იმედი ჰქონოდა.

288
თავი 36

ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაზეთებმა მთელ


ქვეყანას ამცნეს, რომ ტომას პალმერი ესკვაირის მეუღლემ
მშვიდობიანად იმშობიარა და ვაჟიშვილი და მემკვიდრე შეეძინა.
ფრიად საინტერესო და სასიამოვნო ცნობა გახლდათ, ყოველ
შემთხვევაში ყველა მათი ახლობლისათვის, რომლებმაც უკვე
იცოდნენ ამ სასიხარულო მოვლენის შესახებ.
ამ ამბავმა, რომელიც ესოდენ საჭირო იყო მისის ჯენინგსის სრული
ბედნიერებისათვის, მაშინვე შეცვალა სახლში გამეფებული წესები და,
შესაბამისად, დღის განრიგი მისი სტუმარი ახალგაზრდა
მეგობრებისათვის. მისის ჯენინგსი, რომელსაც სურდა რაც
შეიძლებოდა დიდხანს დარჩენილიყო შარლოტასთან, დილაადრიან,
როგორც კი ჩაიცვამდა, მასთან მიდიოდა და შინ გვიან ღამით
ბრუნდებოდა. ელინორი და მარიანა, მიდლტონების დაჟინებული
მიწვევით, მთელ დღეს კონდუიტ-სტრიტზე ატარებდნენ. არჩევანი რომ
ჰქონოდათ, ამჯობინებდნენ ბერკლი-სტრიტი დილის გასვლამდე
მაინც არ დაეტოვებინათ, მაგრამ საყოველთაო მოთხოვნის
წინააღმდეგ წასვლა მათ, რა თქმა უნდა, არ შეეძლოთ. ამიტომ
იძულებულნი იყვნენ, მთელი დღის განმავლობაში ლედი
მიდლტონისა და ორივე მისს სტილისთვის გაეწიათ კომპანია, რაც
არც ერთ მათგანს არავითარ სიამოვნებას არ ანიჭებდა, თუმცა კი
ხმამაღლა საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ.
ლედი მიდლტონისათვის ისინი მეტისმეტად ჭკვიანები და
განათლებულები იყვნენ, მისს სტილი და ლიუსი კი მათში
უზურპატორებს ხედავდნენ, მათ სამფლობელოში შეჭრილებს და იმ
კეთილდღეობის ნაწილის მიმთვისებლებს, რასაც ისინი თავიანთ
საკუთრებად მიიჩნევდნენ. თუმცა ლედი მიდლტონი ყოველთვის
თავაზიანი გახლდათ ელინორისა და მარიანას მიმართ, ის მათ ვერ

289
იტანდა. ისინი არც მას და არც მის ბავშვებს არ ეპირფერებოდნენ,
ამიტომ მათ კეთილი ბუნების ადამიანებად არ თვლიდა. გარდა ამისა,
ორივე დეშვუდს კითხვა უყვარდა. ლედი მიდლტონს ეჭვი ჰქონდა,
სატირიკოსები ხომ არ არიანო, თუმცა სიტყვა სატირიკოსის
მნიშვნელობა მაინცდამაინც კარგად არც იცოდა. მაგრამ ღირდა კი
ასეთ უბრალო რამეზე ყურადღების მიქცევა? ეს სიტყვა ხომ მოდური
იყო და ყველას პირზე ეკერა.
დები დეშვუდების იქ ყოფნა განსაკუთრებით მას და ლიუსის
აწუხებდათ. მას უსაქმურობაში ეშლებოდა ხელი, ლიუსის კი იმაში,
რომ საქმით დაკავებულიყო. ლედი მიდლტონს რცხვენოდა მათ
წინაშე გულზე ხელებდაკრეფილი ჯდომა, ლიუსი კი, ეშინოდა რა მათი
ზიზღის, ვერ ბედავდა პირფერობას, რასაც ჩვეულებრივ ამაყად
აკეთებდა და ყოველთვის კარგად ჰქონდა მოფიქრებული. მეორე მისს
სტილს მათი იქ ყოფნა ამ სამეულიდან ყველაზე ნაკლებად სწყინდა.
მისს დეშვუდებს რომ მოენდომებინათ, ადვილად შეეძლოთ
დახმარებოდნენ, მათ იქ ყოფნას შეგუებოდა. ერთს ან მეორეს
მარიანას მისტერ უილობისთან ინტრიგების დეტალები რომ
მოეყოლა, ის ამას სრულ საფასურად ჩათვლიდა სადილის შემდეგ
საუკეთესო ადგილის დაკარგვისათვის ბუხართან, რაც სახლში მათ
გამოჩენას მოჰყვა. მაგრამ ნაბიჯი მის შემოსარიგებლად არ
გადადგმულა, თუმცა კი მისს სტილი ხშირად ეუბნებოდა ელინორს,
რომ ღრმად თანაუგრძნობდა მის დას, მარიანას კი ასევე ხშირად
გადაუკრავდა ხოლმე სიტყვას კავალრების არასაიმედოობაზე.
პირველი ამას სრული გულგრილობით ისმენდა, მეორე კი – სახეზე
ზიზღიანი გამომეტყველებით. მიუხედავად ამისა, მათ შეეძლოთ
განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე დამეგობრობოდნენ მას.
ამისთვის საკმარისი იქნებოდა ხანდახან ექიმზეც ეშაყირათ! მაგრამ
მათ, თითქმის ყველა სხვა დანარჩენის მსგავსად, ასეთი მცირეოდენი
რამის გაკეთებაც კი არ უნდოდათ მისთვის. როცა სერ ჯონი სახლში
არ სადილობდა, მისს სტილი ხანდახან ერთ ხუმრობასაც კი ვერ

290
ისმენდა მისი მისამართით, გარდა იმისა, რის თქმასაც თვითონ
ჩათვლიდა საჭიროდ საკუთარი თავის მიმართ.
თუმცა მთელი ეს შური, უკმაყოფილება, გაღიზიანება მისის
ჯენინგსისთვის უცნობი რჩებოდა. მას პირიქით, ეგონა, რომ
გოგონები ერთმანეთის საზოგადოებაში უფრო მხიარულად
გრძნობდნენ თავს, საღამოს არ ავიწყდებოდა ხმამაღლა მიელოცა
თავისი ახალგაზრდა მეგობრებისათვის, რომლებმაც ამდენი ხნის
განმავლობაში შეძლეს თავი დაეღწიათ სულელი მოხუცი ქალის
კომპანიისაგან. რამდენჯერმე სერ ჯონთან შეიარა, ხანდახან
გოგონებს სახლში ხვდებოდა, მაგრამ ყოველთვის შესანიშნავ
გუნებაზე იყო – ძალიან მხიარული, საკუთარი თავით ძალიან
კმაყოფილი, რადგან, თუ შარლოტა თავს კარგად გრძნობდა, რა თქმა
უნდა, მისი მზრუნველობის წყალობით. და სურვილით იწვოდა
შარლოტას ჯანმრთელობის შესახებ ამბები მოეყოლა ისეთი
სისრულით და ისეთი დეტალებით, რომ მხოლოდ მისს სტილის
დაინტერესებას თუ შეძლებდა. თუმცა ერთი რამ კი აშფოთებდა და
მასზე ყოველდღე ბუზღუნებდა: მისტერ პალმერს თავისი სქესისთვის
სრულიად ჩვეულებრივი, მაგრამ მისი, როგორც მამისთვის
არაბუნებრივი შეხედულება ჰქონდა იმის შესახებ, თითქოს ყველა
ჩვილი ერთმანეთს ჰგავს; და თუმცა ამ ჩვილში თვითონ მისის
ჯენინგსიც აშკარად ამჩნევდა საოცარ მსგავსებას ყველა მის
ნათესავთან ორივე მხრიდან, ჯიუტი მამის გადარწმუნებას ვერაფრით
ახერხებდა. ის მყარად იდგა თავის აზრზე, რომ მათი ჩვილი არაფრით
განსხვავდებოდა მისივე ასაკის სხვა ჩვილებისაგან და მისგან ვერ
ხერხდებოდა დასტურის მიღება თუნდაც იმ უბრალო და ეჭვმიუტანელ
ჭეშმარიტებაზე, რომ ის ყველაზე მშვენიერი ჩვილი გახლდათ
მსოფლიოში.
ახლა მე მომიწევს მოგიყვეთ იმ უბედურებაზე, რომელიც
დაახლოებით იმ დროს თავს დაატყდა მისის ჯონ დეშვუდს. როცა
მისმა დებმა მისის ჯენინგსთან ერთად პირველად მოინახულეს
ჰარლი-სტრიტზე მდებარე სახლი, იქ შემთხვევით მისი კიდევ ერთი
291
ნაცნობი აღმოჩნდა – გარემოება, რომელიც მას თითქოს არავითარ
საფრთხეს არ უქმნიდა. მაგრამ მანამ, სანამ ადამიანს სხვების
წარმოსახვა წააქეზებს, არასწორად ახსნან ჩვენი ქცევები და
დასკვნები უბადრუკ წვრილმანებზე დაყრდნობით გამოიტანონ, ჩვენი
ბედნიერება გარკვეულწილად ყოველთვის შემთხვევაზეა
დამოკიდებული. და აი, ამ ქალბატონმა, რომელიც ყველაზე ბოლოს
მოვიდა, თავის წარმოსახვას გასაქანი მისცა, იმდენად შორს წაეყვანა
ის რეალობისგან და უბრალოდ დამაჯერებელი ვარაუდებისგანაც კი,
რომ როგორც კი ორი მისს დეშვუდი გაიცნო, მას მისტერ დეშვუდის
დებად რომ წარუდგინეს, მაშინვე გადაწყვიტა, რომ ისინი იქ იყვნენ
სტუმრად შეჩერებული და, ამ გაუგებრობის შედეგად, ორი დღის
შემდეგ მათ მისტერ და მისის დეშვუდებთან ერთად მიწვევა გაუგზავნა
პატარა მუსიკალურ საღამოზე, რომელსაც თავის სახლში აწყობდა.
ამან მისის ჯონ დეშვუდი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. ის არა
მხოლოდ იძულებული გახდა, თავისი მულებისთვის კარეტა
გაეგზავნა, არამედ, რაც კიდევ უფრო უარესი იყო, მათ მიმართ
დაუმსახურებელი ყურადღების უსიამოვნო შედეგების ატანაც
მოუწევდა. ვინ იცის, იქნებ მათ ის ვალდებულად ჩაეთვალათ, სხვა
დროსაც წაეყვანა სადმე. მართალია, ამაზე ყოველთვის შეეძლო უარი
ეთქვა, მაგრამ მისთვის ეს საკმარისი არ იყო: როცა ადამიანებმა
იციან, რომ ცუდად იქცევიან, ისინი შეურაცხყოფილად გრძნობენ
თავს, თუ მათგან უფრო ღირსეულ საქციელს მოითხოვენ.
მარიანა ისე მიეჩვია ყოველდღე სადღაც გასვლას, რომ მალე
მისთვის სულერთი გახდა, წავიდოდა სადმე თუ შინ იჯდებოდა.
წყნარად და მექანიკურად ემზადებოდა ყოველი საღამოსათვის და
მისგან არავითარ სიამოვნებას არ ელოდა. ხანდახან ისიც კი არ
იცოდა, სად მიდიოდნენ.
თავისი ტუალეტისა და გარეგნობის მიმართ სრულიად გულგრილი
გახდა და მასზე თითქმის დროს არ ხარჯავდა. გაცილებით მეტ
ყურადღებას მარიანას ჩაცმულობის მიმართ მისს სტილი იჩენდა. მისი
შემფასებელი მზერა – ხარბი, ცნობისმოყვარე თვალი – პირველივე
292
ხუთ წუთში ამჩნევდა ყველა წვრილმანს, ის ხედავდა ყველაფერს,
ინტერესდებოდა ყველაფრით და ადგილს ვერ პოულობდა, სანამ
მარიანას ტუალეტის ყველა დეტალის ფასს არ გაიგებდა. მას შეეძლო
მარიანას კაბების რაოდენობა თვით მათ პატრონზე ზუსტად
დაესახელებინა და იმედი ჰქონდა, რომ სანამ ერთმანეთს
დაშორდებოდნენ, მისგან შეიტყობდა, რამდენი ჯდებოდა მათი
ყოველკვირეული რეცხვა და საერთოდ, რა თანხას ხარჯავდა ის
მთელი წლის განმავლობაში პირადად საკუთარ თავზე. ეს
უცერემონიო გამოკითხვები, ჩვეულებრივ, მთავრდებოდა
კომპლიმენტით, რომლის მიზანიც მართალია ის იყო, რომ მისთვის
ეამებინა, მაგრამ მარიანას ყველაზე დიდ თავხედობად სწორედ ეს
მიაჩნდა: იმის შემდეგ, რაც დასრულდებოდა დაკითხვა მისი კაბის
მოდელზე, ფეხსაცმელების ფერსა და თმის ვარცხნილობაზე,
მარიანას აუცილებლად განუცხადებდნენ, რომ ის “მართლაც რომ
ეშხიანია და მალე უამრავი თაყვანისმცემელი გაუჩნდება”.
ასეთი გამამხნევებელი სიტყვებით გააცილეს ის მაშინაც, როცა
მისტერ დეშვუდის კარეტა მოვიდა, რომელსაც ხუთი წუთიც კი არ
მოუწია ცდა. ასეთმა პუნქტუალობამ ძალიან გააღიზიანა მათი რძალი,
რომელიც იმედოვნებდა, რომ დები დაიგვიანებდნენ და ამით მას
აღშფოთების საბაბს მისცემდნენ.
საღამოს განმავლობაში არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა.
სტუმრებს შორის, როგორც ყოველთვის მუსიკალურ საღამოებზე,
იყვნენ ჭეშმარიტი შემფასებლები და (ბევრად უფრო მეტი) ისინი,
ვისაც მუსიკის საერთოდ არაფერი გაეგებოდა. მუსიკოსებმა კი,
ყოველ შემთხვევაში – თავიანთი აზრით და მათი უახლოესი
მეგობრების აზრით, კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ინგლისელ
მოყვარულებს შორის მათზე უკეთესი არავინ მოიძებნება.
ელინორი მუსიკალური არ იყო და არც თავს აჩვენებდა, ამიტომ არ
რცხვენოდა, მზერა ფორტეპიანოდან გადაეტანა. როცა ამის სურვილი
ჰქონდა, არ ეუხერხულებოდა სხვა ნივთები ეთვალიერებინა,
მიუხედავად იმისა, რომ ოთახში ქნარი და ვიოლონჩელო იყო. ასე
293
აღმოაჩინა მან ახალგაზრდა კაცების ჯგუფში სწორედ ის ჯენტლმენი,
რომელმაც გრეის მაღაზიაში ყოფნისას ლექცია წაიკითხა კბილის
ჯაგრისის ბუდის შესახებ. მალე შეამჩნია, რომ კაცი მას უყურებდა და
რაღაცას ფამილარულად ეუბნებოდა მის ძმას. ელინორმა
გადაწყვიტა, ამ უკანასკნელისთვის ეკითხა, ეს კაცი ვინ არისო,
მაგრამ ვერ მოასწრო. ისინი თვითონ მივიდნენ მასთან და მისტერ
დეშვუდმა მას მისტერ რობერტ ფერარსი წარუდგინა.
კაცმა უცერემონიო თავაზიანობით მიმართა და თავი კისერში
მოღუნა მისალმების ნიშნად. ამ ჟესტმა ელინორს ყველა სიტყვებზე
მეტად დაუდასტურა, რომ სწორედ იმ ქარაფშუტასთან ჰქონდა საქმე,
რომელიც მას ოდესღაც ლიუსიმ აღუწერა. ელინორისთვის ბევრად
უფრო ადვილი იქნებოდა, ედვარდის მიმართ მისი გრძნობები
თვითონ ედვარდის კი არა, მისი ნათესავების ღირსებებზე რომ
ყოფილიყო დამოკიდებული. მაშინ მისი ძმის ეს თავის დაკვრა
დაასრულებდა იმას, რასაც მისი დედის და დის ღვარძლიანმა
სისულელემ დაუდო სათავე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან
აკვირვებდა ასეთი მკვეთრი განსხვავება ძმებს შორის, მან იგრძნო,
რომ ერთ-ერთი მათგანის უსულგულობას და თვითკმაყოფილებას მის
თვალში ოდნავაც არ დაუმცირებია მეორის მოკრძალებულობა და
კეთილშობილი თვისებები. ასეთი დიდი განსხვავების მიზეზი მას
თვითონ რობერტმა აუხსნა მათი საუბრის თხუთმეტი წუთის
განმავლობაში. როცა თავის ძმაზე ლაპარაკობდა და უკმაყოფილებას
გამოთქვამდა ედვარდის მეტისმეტი Gaucherie-ს [Gaucherie (ფრ.) –
მოუხერხებლობა, უნიათობა.] გამო, რომელიც მის ძმას მაღალ
საზოგადოებაში ტრიალში ხელს უშლიდა, რობერტი ამას,
გულახდილად და სულგრძელად, არა რომელიმე ბუნებრივ ნაკლს,
არამედ ძმის უბედობას მიაწერდა. ედვარდს ხომ კერძო განათლება
ჰქონდა მიღებული, მაშინ, როცა რობერტს, რომელიც ძმას შესაძლოა
ბუნებრივი მონაცემებით არ აღემატებოდა, უპირატესობა ჰქონდა
განათლების მხრივ, რომელსაც ჩვენი საუკეთესო სკოლები იძლევა.

294
სწორედ ამის წყალობით იყო ის მიღებული ყველაზე რაფინირებულ
საზოგადოებაში, სადაც არავის ჩამოუვარდებოდა.
– პატიოსნებას გეფიცებით, ასეა, – დასძინა მან, – დარწმუნებული
ვარ, სულ ეს არის ჩვენ შორის განსხვავება. და სულ ამას ვუმტკიცებ
დედაჩემს, როცა წყენას გამოხატავს ამ საკითხთან დაკავშირებით.
“მადამ, – ვეუბნები მე, – არ ღირს თავის გატანჯვა ამის გამო.
გაფუჭებულს აღარაფერი ეშველება, ბრალი კი მხოლოდ თქვენია.
რატომ მიეცით საშუალება ბიძაჩემს, სერ რობერტს,თქვენივე ნების
წინააღმდეგ დაერწმუნებინეთ, რომ ედვარდი კერძო მასწავლებლის
ზრუნვისთვის მიგენდოთ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან
პერიოდში? მისტერ პრეტთან კი არა, ვესტმინსტერის სკოლაში
[ვესტმინსტერის სკოლა – ერთ-ერთი პრივილეგირებული კერძო
სკოლა დაარსდა 1560 წელს. მასში დაახლოებით 470 მოსწავლე
სწავლობდა.] უნდა გაგეგზავნათ, სადაც მე გამგზავნეთ და ახლა
წყენის საბაბი აღარ გექნებოდათ”. მე ასე ვთვლი და ახლა დედაც
ხვდება, რომ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა.
ელინორმა საჭიროდ არ ჩათვალა გამოპასუხებოდა, რადგან,
როგორი აზრიც არ უნდა ჰქონოდა მას ზოგადად სასკოლო
განათლებაზე, ედვარდის ყოფნას მისტერ პრეტის სახლში ვერ
მოიწონებდა.
– თუ არ ვცდები, თქვენ დევონშირში უნდა ცხოვრობდეთ, – ასეთი
გახლდათ მისი დაკვირვების შემდეგი შედეგი, – კოტეჯში, დოლიშთან
ახლოს.
ელინორმა ის ამ დაბნეულობისგან იხსნა, განუმარტა რა, სად
მდებარეობდა სინამდვილეში მათი სახლი. მისტერ რობერტსი
ძალიან გააკვირვა იმან, რომ თურმე შეიძლებოდა დევონშირში
გეცხოვრა და დოლიშთან ახლოს არ ყოფილიყავი. მაგრამ
სამაგიეროდ ძალიან მოიწონა მათ მიერ არჩეული საცხოვრებლის
ტიპი.
– მე, პირადად ჩემზე რომ ვთქვა, – განაცხადა მან, – კოტეჯებს
ვაღმერთებ. საცხოვრებლად მოსახერხებელიცაა და კოხტაც. ეჰ,
295
თავისუფალი ფული რომ მქონდეს, მიწის პატარა ნაკვეთს ვიყიდდი და
კოტეჯს ავაშენებდი სადმე, ლონდონთან ახლოს; და იქ კაბრიოლეტით
ვივლიდი, როცა მომესურვებოდა მეგობრები მომეწვია და
ცხოვრებით დავმტკბარიყავი. ყველას, ვინც აპირებს სახლი აიშენოს,
კოტეჯის აშენებას ვურჩევდი. ამას წინათ ჩემი მეგობარი ლორდი
კორტლენდი მეწვია, რათა ჩემი აზრი გაეგო და წინ ბონომის [ბონომი
ჯოზეფ (1739-1808) – ცნობილი და ძალიან მოდური არქიტექტორი
ჯეინ ოსტინის დროს.] მიერ დახაზული სამი გეგმა დამიდო. მე
საუკეთესო უნდა შემერჩია. “ჩემო ძვირფასო კორტლენდ, – ვუთხარი
მე და სამივე ცეცხლში შევყარე, – ნურც ერთზე ნუ შეაჩერებთ თქვენს
ყურადღებას. უბრალოდ, კოტეჯი აიშენეთ”. მე მგონი, ის სწორედ ასე
მოიქცევა. ზოგიერთს ჰგონია, რომ კოტეჯში კომფორტს ვერ შეიქმნი
სივიწროვის გამო, – განაგრძო მან, – მაგრამ ძალიან ცდებიან.
გასულ თვეში ჩემს მეგობარ ელიოტთან ვიყავი სტუმრად
დარტფორდთან ახლოს. ლედი ელიოტს ძალიან სურდა ცეკვის
საღამო მოეწყო. “მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია, – თქვა
მან, – აჰ, ძვირფასო ფერარს! მირჩიეთ, როგორ მოვიქცე. კოტეჯში
ერთი ოთახიც არ მოიძებნება, რომელშიც ათ წყვილზე მეტი დაეტევა
და სავახშმო ადგილი სადღა დარჩება?” მე მაშინვე მივხვდი, რომ
არაფერი სიძნელე ეს არ იყო და ვუპასუხე: “ძვირფასო ლედი ელიოტ,
ნუ წუხხართ, სასადილო ოთახი თვრამეტ წყვილს სულ ადვილად
დაიტევს. კარტის მაგიდები შეიძლება პატარა სასტუმრო ოთახში
დადგათ, ბიბლიოთეკაში ჩაითა და მსუბუქი საუზმით
გაუმასპინძლდებით სტუმრებს, ვახშამს კი დიდ სასტუმრო ოთახში
გამართავთ”. ლედი ელინორი ამ გეგმამ აღტაცებაში მოიყვანა. ჩვენ
სასადილო ოთახი გავზომეთ და აღმოჩნდა, რომ ის ზუსტად თვრამეტ
წყვილზე იყო ზედგამოჭრილი და ყველაფერი ზუსტად ჩემი რჩევის
მიხედვით გაკეთდა. ასე რომ, თუ იცი, საქმეს თავი როგორ მოაბა,
კოტეჯში შეიძლება ისევე კომფორტულად იგრძნო თავი, როგორც
ბევრად უფრო დიდ სახლში.

296
ელინორი ყველაფერზე დაეთანხმა, რადგან ჩათვალა, რომ ის არ
იმსახურებდა, მასთან სერიოზულად ესაუბრა.
ჯონ დეშვუდი მუსიკისგან უფრო მეტ სიამოვნებას ვერ იღებდა,
ვიდრე მისი უფროსი და, და ამიტომ, მის მსგავსად შეეძლო სხვა
რამეებზე ეფიქრა. ჰოდა, მას თავში მოუვიდა აზრი, რომელიც შინ
დაბრუნებისთანავე ცოლს შეატყობინა იმის იმედით, რომ მის
მოწონებას დაიმსახურებდა.
როცა ფიქრობდა მისის დენისონის შეცდომაზე, რომელსაც ეგონა,
რომ მისი დები მასთან იყვნენ სტუმრად, მან გადაწყვიტა, მართებული
იქნება, თუ მათ სახლში მართლა მივიწვევო. ეს ჯობდა მანამ
გაკეთებულიყო, სანამ მისის ჯენინგსი თავისი ქალიშვილით იყო
დაკავებული და მთელ დროს მასთან ატარებდა. ეს დამატებით
ხარჯებს თითქმის არ მოითხოვდა და არც რაიმე დისკომფორტს
შეუქმნიდა მის ოჯახს, მგრძნობიარე სინდისი კი კარნახობდა, რომ
ასეთი ყურადღების გამოჩენით ჩაითვლებოდა, რომ ის განუხრელად
ასრულებდა მამისათვის მიცემულ პირობას. ფანი ასეთმა შეთავაზებამ
ძალიან გააკვირვა.
– ვერ ვხვდები, ეს როგორ შეიძლება გაკეთდეს, – თქვა მან, – ისე,
რომ არ გავანაწყენოთ ლედი მიდლტონი, რომელთანაც ისინი მთელ
დღეებს ატარებენ. ეს რომ არა, მე მოხარული ვიქნებოდი. შენც
კარგად იცი, რომ მზად ვარ მათ მიმართ ყოველგვარი ყურადღება
გამოვიჩინო, რაც კი შემიძლია. ამ საღამოს არ მყავდნენ აქ, რომ
საზოგადოებაში გამომეჩინა? მაგრამ მათი მიწვევა, როცა ისინი ლედი
მიდლტონთან არიან სტუმრად! არა, ასე არ იქცევიან!
ჯონ დეშვუდმა დიდი მოკრძალებით მოუსმინა, მაგრამ ცოლის
არგუმენტები დამაჯერებლად არ ჩათვალა.
– ისინი უკვე ერთი კვირაა მთელ დღეებს კონდუიტ-სტრიტზე
ატარებენ, – შეეპასუხა ის, – და ლედი მიდლტონი არ გაბრაზდება, თუ
ამდენივე დროის განმავლობაში თავიანთ უახლოეს ნათესავებთან
დარჩებიან.

297
ფანის ცოტა ხნით ხმა არ ამოუღია, შემდეგ კი ახალი ენერგიით
წარმოთქვა:
– ჩემო სიყვარულო, მე მათ მთელი სულით და გულით მივიწვევდი,
რომ შემეძლოს. მაგრამ უკვე გადავწყვეტილი მაქვს, მის სტილებს,
ძალიან საყვარელ დებს ვთხოვო, რამდენიმე დღე ჩვენთან გაატარონ.
ისინი ძალიან კარგად აღზრდილი, ღირსეული გოგონები არიან და მე
მგონია, რომ მათ მიმართ ასეთი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ.
გარდა ამისა, მათ ბიძას ბევრი სიკეთე აქვს ედვარდისთვის
გაკეთებული. შენი დები ხომ მომავალ წელსაც შეგვიძლია
მივიწვიოთ, მისს სტილები კი შეიძლება ლონდონში მეტად აღარც
ჩამოვიდნენ. ეჭვიც არ მეპარება, რომ შენ ისინი მოგეწონება. უკვე
ახლაც ძალიან მოგწონს და ეს თვითონაც მშვენივრად იცი. დედაც
კარგად არის მათ მიმართ განწყობილი და ჰარიც ძალიან შეეჩვია
ორივეს.
მისტერ დეშვუდი უკვე აღარ ყოყმანობდა. მან აღიარა, რომ
აუცილებელი იყო, მისს სტილები დაუყოვნებლივ მიეწვიათ; და
სინდისი იმით დაიმშვიდა, რომ მტკიცედ გადაწყვიტა, თავისი დები
მომავალ წელს დაეპატიჟებინა, თუმცა სადღაც, გულის სიღრმეში
იმედი ჰქონდა, რომ მომავალ წელს ასეთი მიწვევის აუცილებლობა
აღარ იქნებოდა: ელინორი ლონდონში უკვე პოლკოვნიკ ბრენდონის
მეუღლის რანგში ჩამოვიდოდა, მარიანა კი მათთან იქნებოდა
სტუმრად.
ფანიმ, გახარებულმა იმით, რომ გამოსავალი იპოვა და სიამაყით
აღვსილმა თავისი საზრიანობის გამო, რამაც შეაძლებინა ამ
საფრთხისთვის თავი აერიდებინა, მეორე დღესვე ლიუსის მისწერა და
მის დასთან ერთად რამდენიმე დღით ჰარლი-სტრიტზე მიიპატიჟა
სტუმრად, ლედი მიდლტონისთვის ხელსაყრელ დროს. ეს საკმარისი
იყო, რომ ლიუსის თავი ბედნიერად ეგრძნო და ამისთვის
საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა. მისის დეშვუდის სახით მან თითქოს
შეიძინა მოკავშირე, რომელიც მის იმედებს იზიარებდა და ხელს
შეუწყობდა მას სანატრელი მიზნის მიღწევაში. თუ ედვარდის და მისი
298
ნათესავების საზოგადოებაში მუდმივად ყოფნის საშუალება
ექნებოდა, ეს გეგმების ხორცშესხმაში ძალიან დაეხმარებოდა, თვით
მიწვევა კი მის თავმოყვარეობას მალამოდ ედებოდა. ამიტომ ის
დაუყოვნებლივ და მადლიერებით იქნა მიღებული – აღმოჩნდა, რომ
ისინი ლედი მიდლტონისგან სწორედ ორი დღის შემდეგ აპირებდნენ
წასვლას, თუმცა ადრე ამაზე სიტყვა არავის დასცდენია.
როცა მისაწვევი ბარათი ელინორს აჩვენეს, ეს კი მისი მოტანიდან
ათი წუთის შემდეგ მოხდა, მან ამ ხნის განმავლობაში პირველად
გაიფიქრა, რომ ლიუსის იმედები მართლაც არ იყო უსაფუძვლო.
ასეთი თავაზიანობის გამოჩენა ასეთი ხანმოკლე ნაცნობობის შემდეგ
თითქოს ამტკიცებდა, რომ ის მხოლოდ მისი, ელინორის, რაც
შეიძლება მეტად დაგესვლის სურვილით არ იყო გამოწვეული და იმას
მოასწავებდა, რომ დროთა განმავლობაში, თუ სათანადო
მოხერხებულობას გამოიჩენდა, ლიუსის მცდელობა შეიძლებოდა
წარმატებით დასრულებულიყო. მისმა პირფერობამ უკვე ლედი
მიდლტონის ქედმაღლობა დაძლია და მისის ჯონ დეშვუდის გულის
დაპყრობისკენ გადადგა ნაბიჯი. ამას სხვა, გაცილებით
მნიშვნელოვანი გამარჯვებები შეიძლებოდა მოჰყოლოდა.
დები სტილები დეშვუდებთან წავიდნენ სტუმრად. ელინორის
ყურამდე აღწევდა ცნობები მათ მიმართ იქ განსაკუთრებულ
კეთილგანწყობის შესახებ, რამაც მას თავისი აზრი კიდევ უფრო
განუმტკიცა. სერ ჯონი, რომელიც იქ არაერთხელ იმყოფებოდა
სტუმრად, სახლში დაბრუნებისას აღწერდა, როგორი
განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ მათ და საამისოდ
ძალიან დამაჯერებელი მაგალითები მოჰყავდა. მისის ჯონ დეშვუდს
თავის ცხოვრებაში, ახალგაზრდა გოგონები ასე ძალიან არასოდეს
მოსწონებია. მან თითოეულ მათგანს რომელიღაც ფრანგი
ემიგრანტის მიერ შეკერილი, წიგნის ფორმის ნემსების ჩასადები
აჩუქა, ლიუსის სახელით მიმართავს და ვერც კი წარმოუდგენია, რომ
ოდესმე მათ დაშორდეს.

299
თავი 37

ორი კვირის შემდეგ მისის პალმერი იმდენად გამოკეთდა, რომ


დედამისი უკვე აღარ თვლიდა აუცილებლად, გამუდმებით მასთან
ყოფილიყო. უკვე დღეში ერთი ან ორი ვიზიტით შემოიფარგლებოდა,
დანარჩენ დროს კი სახლში ატარებდა და თანდათან უბრუნდებოდა
თავის ჩვეულ ცხოვრებას, რომელშიც მისს დეშვუდები მზად იყვნენ,
თავიანთი ადგილი დაებრუნებინათ. მესამე თუ მეოთხე დილას, მას
შემდეგ, რაც ისინი კვლავ დამკვიდრდნენ ბერკლი სტრიტზე, მისის
პალმერისგან დაბრუნებული მისის ჯენინგსი სასტუმრო ოთახში ისე
სწრაფად და ისეთი მრავალმნიშვნელოვანი გამომეტყველებით
შემოვიდა, რომ ელინორი, რომელიც იქ მარტო იჯდა, მაშინვე მიხვდა
– რაღაც უცნაური მოხდა. და მართლაც, პატივცემულმა ქალბატონმა
შემოსვლისთანავე წამოიძახა:
– ღმერთო ჩემო, მისს დეშვუდ, ახალი ამბავი გაიგეთ?
– არა, მადამ. და რა მოხდა?
– ოჰ, წარმოდგენაც კი გაგიჭირდებათ. მაგრამ ყველაფერს
დალაგებით მოგიყვებით. ამ დილით შარლოტასთან ვიყავი და ვნახე,
რომ სრულ პანიკაში იყო ჩავარდნილი ბავშვის გამო. შიშობდა, რომ
რაღაც საშიში ავადმყოფობა სჭირდა, რადგან ცუდად ეძინა, ტიროდა,
გაღიზიანებული იყო და მუწუკებმა დააყარა. მე ბავშვს როგორც კი
დავხედე, მაშინვე ვუთხარი: “ღმერთო ჩემო, ეს ხომ არაფერია. ეს
ნასიცხია“. და მომვლელმა ქალმაც იგივე უთხრა. მაგრამ შარლოტას
არაფრის გაგონება არ უნდოდა და მისტერ დონავანის მოსაყვანად
მსახური გაგზავნა. საბედნიეროდ, ის თავისუფალი აღმოჩნდა – ის-ის
იყო ჰარლი-სტრიტიდან დაბრუნებულიყო. მან ბავშვი გასინჯა და ჩემი
დიაგნოზი დაადასტურა. ჩვეულებრივი ნასიცხი და მეტი არაფერი.
შარლოტას გულზე მოეშვა. როცა ექიმი წასვლას აპირებდა,
თვითონაც არ ვიცი, რატომ, აზრად მომივიდა მეკითხა მისთვის, რამე

300
ახალი ხომ არ არის-მეთქი. მან ჩაიცინა, მაგრამ მაშინვე ისეთი
სერიოზული სახე მიიღო, თითქოს ამქვეყნად ყველა საიდუმლო
იცისო, შემდეგ კი ჩურჩულით თქვა: „ვშიშობ, იმ ახალგაზრდა
გოგონებამდე, თქვენთან რომ არიან სტუმრად, არასწორმა ცნობებმა
არ მიაღწიოს მათი რძლის ავადმყოფობის შესახებ. ამიტომ საჭიროდ
ვთვლი გითხრათ, რომ ჩემი აზრით დიდად შეშფოთების მიზეზი არ
არსებობს. მისის დეშვუდს, იმედი მაქვს, მალე დაუბრუნდება თავისი
ჩვეული ჯანმრთელობა”.
– რა? ფანი ავად გახდა?
– სწორედ ეს ვთქვი, ჩემო ძვირფასო. “ღმერთო ჩემო, – ვეუბნები
მე, – მისის დეშვუდი ავად არის?“ და შემდეგ ყველაფერი უცებ
გაირკვა, თავი და ბოლო მთელი ამ საქმის. და, ბევრი რომ არ
ვილაპარაკო, თურმე რა მომხდარა: მისტერ ედვარდ ფერარსი,
სწორედ ის ახალგაზრდა კაცი, რომლის შესახებ თქვენ
გეხუმრებოდით, (სიმართლე გითხრათ, ძალიან მიხარია, რომ თქვენ
შორის არაფერი ყოფილა), ჰოდა, აღმოჩნდა, რომ მისტერ ედვარდ
ფერარსი უკვე ერთი თუ ორი წელია ჩემს კუზინა ლიუსიზეა
დანიშნული. წარმოგიდგენიათ, საყვარელო? და ერთმა სულიერმაც
არ იცოდა ამის შესახებ ნენსის გარდა. დაიჯერებთ, რომ ასეთი რამ
შესაძლებელია? მათ რომ ერთმანეთი მოეწონათ, ამაში გასაკვირი
არაფერია, მაგრამ საქმე რომ ასე შორს წავიდა, ისე, რომ არავინ
არაფერი იცოდა, აი, რა არის უცნაური. მე ერთხელაც არ დამინახავს
ისინი ერთად, თორემ დარწმუნებული ვარ, მაშინვე მივხვდებოდი,
ქარი საით უბერავდა. და ძალიან მკაცრად ჰქონიათ
გასაიდუმლოებული, იმიტომ, რომ მისის ფერარსის ეშინოდათ და არც
მას, არც თქვენს ძმას და არც თქვენს რძალს ეჭვიც კი არ ჰქონიათ
არაფერზე ამ დილამდე. ამ საცოდავმა ნენსიმ კი (თქვენც ხომ კარგად
იცით, ზრახვები ყოველთვის კეთილი აქვს, მაგრამ ყველაფერი ისე არ
გამოსდის, როგორც საჭიროა) ადგა და ყველაფერი ჩამოკაკლა.
იფიქრა, ლიუსიზე ყველა ჭკუას კარგავს და დაბრკოლებას არავინ
შეუქმნისო, და თქვენს რძალთან მივიდა, რომელიც მარტო იჯდა
301
თავის ხელსაქმესთან და წარმოდგენა არ ჰქონდა, ახლა რისი
მოსმენა მოუწევდა. სულ რაღაც ხუთი წუთის წინ თურმე თქვენს ძმას
ელაპარაკა იმის შესახებ, რომ ჩაფიქრებული ჰქონდა, ედვარდისთვის
ლორდის ქალიშვილი გაერიგებინა; თუმცა, მართალი გითხრათ, არ
ვიცი, რომელი ლორდის. ეს კი, წარმოიდგინეთ, როგორი დარტყმა
იქნებოდა მის სიამაყესა და პატივმოყვარეობაზე. მაშინვე ნერვული
შეტევა მოუვიდა და თქვენმა ძმამ მისი ყვირილი ქვემოთ გაიგონა,
კაბინეტში, სადაც მისი საქმეების მმართველს სოფელში წერილს
სწერდა. ის მაშინვე ზევით გავარდა. საშინელი სცენა გაიმართა –
ლიუსი სწორედ იმ დროს შევიდა ოთახში. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა
ხდებოდა. საცოდავი! მართლა მეცოდება. და უნდა გითხრათ, რომ მას
ძალიან ცუდად მოექცნენ. თქვენმა რძალმა უკანასკნელი სიტყვებით
ლანძღა და გონების დაკარგვამდე მიიყვანა. ნენსი მუხლებზე
დავარდა და ცხარე ცრემლებს ღვრიდა, თქვენი ძმა კი ოთახში აქეთ-
იქით დადიოდა და იძახდა, აღარ ვიცი, რა ვქნაო. მისის დეშვუდი
ყვიროდა, ახლავე აქედან მოშორდნენ, ერთ წუთში ჩემს სახლში მათი
ჭაჭანება არ იყოსო. თქვენს ძმას მუხლებზე დადგომა მოუწია,
ევედრებოდა, ბარგის ჩალაგება მაინც დააცადეო. შემდეგ თქვენს
რძალს ნერვული შეტევა განუახლდა და მისტერ დეშვუდს ისე
შეეშინდა, რომ მისტერ დონავანის მოსაყვანად გაგზავნა მსახური.
როცა ექიმი მოვიდა, სახლში საშინელი არეულ-დარეულობა იყო.
ჭიშკართან უკვე კარეტა იდგა ჩემი საწყალი კუზინების წასაყვანად.
მოგვიანებით, როცა ექიმი მიდიოდა, დები უკვე სხდებოდნენ მასში.
საცოდავი ლიუსი ისე ცუდად იყო, ფეხზე ძლივს იდგაო, გვითხრა მან.
არც ნენსი გრძნობდა თავს უკეთესად. უნდა გამოგიტყდეთ, თქვენს
რძალზე ძალიან გაბრაზებული ვარ და იმედი მაქვს, ახალგაზრდები
მის ჯიბრზე დაქორწინდებიან. და საცოდავ ედვარდს რა დაემართება,
როცა გაიგებს, რომ მის საცოლეს ასე საზიზღრად მოექცნენ? ამბობენ,
რომ უგონოდ შეყვარებულია მასზე. ან რატომ არ იქნება? არ
გამიკვირდება, თუ საშინლად განრისხდება. მისტერ დონავანიც იმავე
აზრისაა. ჩვენ ყველაფერზე დაწვრილებით ვიმსჯელეთ და შემდეგ ის
302
კვლავ ჰარლი-სტრიტისკენ გაემართა, რათა ახლო-მახლოში იყოს,
როცა მისის ფერარსს ეტყვიან ამის შესახებ. მის მოსაყვანად მაშინვე
გაგზავნეს მსახური, როგორც კი ლიუსი და ნენსი გაემგზავრნენ,
რადგან თქვენი რძალი შიშობდა, რომ მისის ფერარსსაც ნერვული
შეტევა დაეწყებოდა. ასეც მოუხდება. ძალიანაც კარგი თუ დაეწყება.
სულაც არ მეცოდებიან ესენი. ვერ ვიტან ამ ფულზე და წოდებაზე
გაგიჟებულ ხალხს. რატომაც არ უდა დაქორწინდნენ ედვარდი და
ლიუსი? მისის ფერარსს დიახაც რომ შეუძლია, შვილი კარგად
უზრუნველყოს და თუ ლიუსის საერთოდ არაფერი მოეძევება,
სამაგიეროდ მასავით არავის შეუძლია, არაფრიდან ბევრი გააკეთოს.
მისის ფერარსი ედვარდს ხუთას გირვანქა სტერლინგსაც რომ
დაუნიშნავდეს წელიწადში, ლიუსი ყველაფერს ისე მოაწყობდა, რომ
სხვა რვაას გირვანქა სტერლინგადაც ვერ შეძლებდა. ღმერთო, რა
მშვენივრად იცხოვრებდნენ თქვენ რომ გაქვთ, იმის მსგავს კოტეჯში,
ან ცოტა უფრო დიდში. ორი მოახლე ქალით და ორი ლაქიით.
უფროსი მოახლეც კი მყავს მათთვის შერჩეული: ჩემი ბეტის და ახლა
უადგილოდ არის დარჩენილი და სწორედ რომ შესაფერისი იქნებოდა
მათთვის.
აქ მისის ჯენინგსი შეჩერდა და ელინორმა, რომელსაც საკმარისი
დრო ჰქონდა აზრების მოსაკრებად, შეძლო ისე ეპასუხა, როგორც
საჭირო იყო და ისეთი რამ ეთქვა, რასაც სიტუაცია მოითხოვდა.
უხაროდა, რომ მას აღარ უყურებდნენ, როგორც მომხდარით
განსაკუთრებით დაინტერესებულ პირს, რომ მისის ჯენინგსმა,
(ყოველ შემთხვევაში, ელინორს ამის იმედი ჰქონდა) შეწყვიტა მასში
ედვარდზე საიდუმლოდ შეყვარებულის ძებნა. კიდევ უფრო მთავარი
კი ის გახლდათ, რომ რადგან ახლა მარიანა მის გვერდით არ იყო,
შეეძლო ისე ელაპარაკა, უხერხულობა არ ეგრძნო და, როგორც მას
მიაჩნდა, მიუკერძოებელი დასკვნა გაეკეთებინა ინტრიგის ყველა
მონაწილის ქცევასთან დაკავშირებით.
ელინორს ვერ გადაეწყვიტა, ეს ამბავი პირადად მასზე როგორ
შეიძლებოდა ასახულიყო, თუმცა გულმოდგინედ ცდილობდა,
303
თავიდან მოეშორებინა იმედი, რომ მომხდარის შედეგად
აუცილებელი არ იყო ედვარდი და ლიუსი დაქორწინებულიყვნენ.
ვეღარ ითმენდა, ისე უნდოდა გაეგო, რას იტყოდა და როგორ
მოიქცეოდა მისის ფერარსი, თუმცა ზოგადად, ამის მიხვედრას დიდი
ფანტაზია არ სჭირდებოდა. მაგრამ ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ის
აინტერესებდა, ედვარდის რეაქცია როგორი იქნებოდა. ის მართლა
ძალიან ეცოდებოდა, ლიუსი – გაცილებით ნაკლებად, დანარჩენები
კი – საერთოდ არა.
მისის ჯენინგსს სხვა არაფერზე არ შეეძლო ლაპარაკი და
ელინორი მალე მიხვდა, რომ აუცილებელი იყო, მარიანა
შეემზადებინა საჭირბოროტო საკითხის განხილვისათვის. დროის
დაკარგვა არ შეიძლებოდა, მას სრული სიმართლე უნდა სცოდნოდა,
სხვაგვარად ვერ შეძლებდა მოთმინება გამოეჩინა და ეს საუბრები ისე
მოესმინა, რომ არც შეშფოთება გამოეხატა თავისი დის გამო და არც
წყენა ედვარდის მიმართ.
ელინორის წინაშე ძნელი ამოცანა იდგა. მას დისთვის, როგორც
თვითონ გულწრფელად ფიქრობდა, მთავარი ნუგეში უნდა წაერთმია,
ედვარდის შესახებ ისეთი დეტალები შეეტყობინებინა, რომელიც
მარიანას ალბათ სამუდამოდ დაუკარგავდა ნდობას და პატივისცემას
მის მიმართ. ის ხომ მაშინვე შეამჩნევდა ელინორის მდგომარეობის
მსგავსებას საკუთართან, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფანტაზიას
გასაქანს მისცემდა, არასწორ შეფასებებს გააკეთებდა და კიდევ
უფრო მეტად მიეცემოდა სასოწარკვეთილებას. მაგრამ, როგორი
მძიმეც არ უნდა ყოფილიყო ეს მისია, მისი აღსრულების გადადება
აღარ შეიძლებოდა და ელინორი საჩქაროდ გაემართა დის სანახავად.
ის არ აპირებდა, საკუთარ გრძნობებზე ელაპარაკა ან ის ტანჯვა
აღეწერა, რომლის გადატანაც მოუწია. მხოლოდ საკუთარი თავის
სრულ ფლობას, რომელსაც ის იმ წუთიდან ინარჩუნებდა, როცა
ედვარდის ნიშნობის შესახებ შეიტყო, შეეძლო მარიანასთვის რაღაც
ეთქვა ამ გრძნობების შესახებ. ელინორის მონათხრობი მოკლე და
სავსებით ნათელი იყო. თუმცა ვერ შეძლო, აბსოლუტური
304
მიუკერძოებლობა შეენარჩუნებინა, მაგრამ ის კი მოახერხა, რომ
ბობოქარი ემოციებისა და ტკივილების მძვინვარედ გამოხატვისთვის
თავი აერიდებინა, რაც მის მსმენელზე არ ითქმოდა. მარიანა
შეძრწუნებული უსმენდა და ცრემლები ღაპა-ღუპით სდიოდა.
ელინორს ბედად ეწერა, რომ სხვები დაემშვიდებინა არა მხოლოდ
მათი, არამედ საკუთარი მწუხარების გამო. ის წყნარად და დაჟინებით
იმეორებდა, რომ აღარ იტანჯება და ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ
ედვარდი დამნაშავე არაფერში არ იყო, გარდა იმისა, რომ
წინდაუხედავად მოიქცა.
თუმცა მარიანას საკმაოდ დიდხანს არ უნდოდა არც ერთის და არც
მეორის დაჯერება. ედვარდი მას მეორე უილობიდ წარმოუდგებოდა
და რადგან ელინორმა აღიარა, რომ ის მთელი სულით და გულით
უყვარდა, გამოდიოდა, რომ ისიც მასზე არანაკლებ იტანჯებოდა.
ლიუსი სტილი მას იმდენად უსანდომოდ ეჩვენებოდა, იმდენად
უუნაროდ, მეტ-ნაკლებად მაინც მგრძნობიარე ახალგაზრდა კაცის
გულის დასაპყრობად, რომ არაფრით სურდა დაეჯერებინა ედვარდის
თუნდაც ჩამქრალი სიყვარული მის მიმართ და ამიტომ უარს ამბობდა,
მისთვის რაიმე გამართლება მოეძებნა. არა, არა, როგორ შეიძლება
იმის თქმა, რომ ეს ბუნებრივია! და ელინორმა მისი დარწმუნება
შეწყვიტა. რამდენად ბუნებრივი იყო ეს – ამის გაგებას მარიანა
მხოლოდ მაშინ შეძლებდა, როცა ადამიანის ბუნებას უკეთესად
ჩასწვდებოდა.
როგორც კი ედვარდისა და ლიუსის ნიშნობის შესახებ უთხრა და
დასძინა, ეს დიდი ხნის წინ მომხდარი ამბავიაო, მარიანამ თავის
გრძნობებს გასაქანი მისცა. ელინორი იძულებული გახდა, თხრობა
შეეწყვიტა და დას დიდი ხნის განმავლობაში აწყნარებდა,
ევედრებოდა, ეს ამბავი გულთან ახლოს არ მიეტანა და ედვარდის
მიმართ თავდასხმებს იგერიებდა.
ბოლოს და ბოლოს, მარიანა საუბრის თემას დაუბრუნდა და
ჰკითხა:
– რამდენი ხანია იცი ამის შესახებ, ელინორ? ედვარდმა მოგწერა?
305
– უკვე ოთხი თვეა. როცა ლიუსი ნოემბერში ბარტონ-პარკში
ჩამოვიდა, ძალიან მალე საიდუმლოდ მომიყვა თავისი ნიშნობის
შესახებ.
მარიანას მზერამ გამოხატა გაოცება, რომლის გამოსახატავად
სიტყვების პოვნა ვერ შეძლო. კარგა ხნის შემდეგ მან წამოიძახა:
– ოთხი თვე! შენ ამის შესახებ ოთხი თვეა იცი?
ელინორმა თავი დაუქნია.
– როგორ? მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა მე მივლიდი
და მანუგეშებდი, გულში ასეთ საიდუმლოს ინახავდი? მე კი
გსაყვედურობდი, ბედნიერი ხარ-მეთქი.
– მაგრამ მაშინ შენთვის იმის თქმა, რომ ცდებოდი, შეუძლებელი
იყო.
– ოთხი თვე! – ისევ წამოიძახა მარიანამ. – და შენ ასე მშვიდად
იყავი! და ისეთი მხიარული! საიდან პოულობდი ძალას ამისათვის?
– იმის გაცნობიერებით, რომ ჩემს მოვალეობას ვასრულებდი.
ლიუსის შევპირდი, რომ მის საიდუმლოს შევინახავდი. ამიტომ
ვალდებული ვიყავი, თავი ამერიდებინა რაიმე მინიშნებისთვის, რასაც
შეიძლებოდა სიმართლე გაემჟღავნებინა. არ მინდოდა, ჩემი ოჯახისა
და მეგობრებისათვის მიმეყენებინა ტკივილი, რომლის განკურნება მე
არ შემეძლებოდა.
მარიანა გაოგნებული ჩანდა.
– ხშირად მინდოდა, შენ და დედა გადამერწმუნებინეთ, –
განაგრძო ელინორმა, – და ერთი-ორჯერ ვცადე კიდეც, მაგრამ
სიმართლის ისე თქმა, რომ მიცემული პირობა არ დამერღვია,
შეუძლებელი იყო.
– ოთხი თვე! და შენ ხომ ის გიყვარდა!
– ჰო, მაგრამ მე არა მხოლოდ ის მიყვარდა. ჩემთვის
მნიშვნელოვანი იყო სხვების სულიერი სიმშვიდე და მიხაროდა, რომ
შემეძლო დამემალა მათთვის, როგორ მიჭირდა. ახლა ამის შესახებ
ტკივილის გარეშე შემიძლია ვილაპარაკო. და არ მინდა, რომ შენ ამის
გამო იტანჯო, იმიტომ, რომ, დამიჯერე, მე თვითონ თითქმის აღარ
306
ვიტანჯები. მე ვიცი, რომ მაქვს საყრდენი და თანაც არაერთი.
რამდენადაც მე შემიძლია ვიმსჯელო, უბედურება, რომელიც თავს
დამატყდა, ჩემი წინდაუხედაობით არ მომხდარა და მე ვცდილობდი,
ის ისე გადამეტანა, რომ სხვებისთვის თავს არ მომეხვია. ედვარდს
ბრალს ვერაფერში დავდებ. მე მას ბედნიერებას ვუსურვებ და მჯერა,
რომ ყოველთვის შეასრულებს თავის მოვალეობას. და თუმცა ახლა
მას შეიძლება სინანული ტანჯავს, ბოლოს და ბოლოს, აუცილებლად
ბედნიერი იქნება. ლიუსი საკმაოდ გონიერი ქალია და ეს საიმედო
საფუძველი იქნება ყველაფერი კარგისთვის ოჯახურ ცხოვრებაში. რაც
არ უნდა მომხიბვლელი იყოს, მარიანა, აზრი ერთადერთი და
მარადიული სიყვარულის შესახებ, და როგორც არ უნდა
ამტკიცებდნენ, რომ მთელი ჩვენი ბედნიერება სამუდამოდ ერთ,
ერთადერთ ადამიანზეა დამოკიდებული, ეს ასე არ არის... ეს მცდარი
აზრია... ეს არ შეიძლება ასე იყოს. ედვარდი ქორწინდება ლიუსიზე, ის
ქორწინდება ქალზე, რომელიც სილამაზითა და ჭკუით ძალიან ბევრს
აღემატება; და დრო და ჩვევები დაავიწყებენ მას, რომ ოდესღაც სხვა,
როგორც მას ეჩვენებოდა, ლიუსის აღემატებოდა...
– თუ შენ შეგიძლია, ასე განსაჯო, – თქვა მარიანამ, – თუ შენ
თვლი, რომ ყველაზე ძვირფასი დანაკარგი ასე ადვილად შეიძლება
რაღაც სხვამ შეცვალოს, მაშინ შენი ასეთი სიმტკიცე და საკუთარი
თავის ფლობის უნარი არც მაინცდამაინც გასაკვირია. ის ჩემთვის
უკვე გასაგები ხდება.

– მესმის. შენ ფიქრობ, რომ მე განსაკუთრებული ტანჯვა არ


გადამიტანია, მაგრამ მარიანა, მთელი ოთხი თვე მე ამით
დამძიმებული ვიყავი და უფლება არ მქონდა, ვინმესთვის მეთქვა.
ვიცოდი, როგორ ღრმად დაგამწუხრებდათ შენ და დედას სიმართლის
გაგება და ვერაფრით შევძელი, ამისთვის შემემზადებინეთ. მე ამის
შესახებ მომიყვა... ლამის ძალით მომიყვა და თავის მესაიდუმლედ
მაქცია ქალმა, ვისმა დიდი ხნის წინანდელმა ნიშნობამ იმედები
დამინგრია. და მომიყვა, როგორც მე მომეჩვენა,
307
თვითკმაყოფილებით, ნიშნის მოგებით. მისი ეჭვების პასუხად მე
მმართებდა, გულგრილი გამომეტყველება მქონოდა, თუმცა ის
მელაპარაკებოდა იმაზე, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
კვლავ და კვლავ მიწევდა მოსმენა, როგორ აღწერდა ის თავის
იმედებს და ზეიმობდა. ვიცოდი, რომ ედვარდისგან სამუდამოდ
განშორებული ვიყავი და ერთი დეტალიც კი ვერ შევიტყვე ისეთი,
რომელიც ჩამაფიქრებდა იმაზე, უკეთესობისკენ ხომ არ იყო ეს
ყველაფერი. არაფერს დაუმცირებია მისი ღირსება, ისევე, როგორც
არ დაუმტკიცებია მისი ჩემდამი გულგრილობა. იძულებული ვიყავი,
ამეტანა მისი დის ღვარძლიანობა და დედამისის შეურაცხმყოფელი
ქცევები ჩემ მიმართ, ამეტანა სასჯელი გრძნობისათვის, რომელიც მე
არავითარ სიხარულს არ მიქადდა. და ეს ყველაფერი მაშინ ხდებოდა,
როცა, როგორც შენც იცი, სხვა საწუხარიც მქონდა. და თუ შენ თვლი,
რომ მე შემიძლია ვიგრძნო და განვიცადო, მაშინ შეგიძლია
წარმოიდგინო, როგორ ვიტანჯებოდი იმ დღეებში. ის მშვიდი ტონი,
რომლითაც ახლა ვლაპარაკობ, ნუგეში, რომლის პოვნასაც
ვცდილობ, მუდმივი და მტანჯველი ძალისხმევის შედეგია. ისინი
თავისით არ გაჩენილან და თავიდან არავითარი შვება არ მოჰქონდათ
ჩემთვის. არა, მარიანა, მე რომ მაშინ საიდუმლოს შენახვის პირობით
არ ვყოფილიყავი შებორკილი, ალბათ ვერაფერი, თვით სიყვარულიც
კი, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანების მიმართ, ვერ
შემაკავებდა ღიად გამომეხატა ის, თუ როგორი უბედური ვიყავი.
მარიანა მთლად ჩაწყნარდა.
– აჰ, ელინორ, – წამოიძახა მან ცოტა ხნის შემდეგ, – შენ გამო
საკუთარი თავი სამუდამოდ შევიძულე. როგორი უმოწყალო ვიყავი
შენ მიმართ – ჩემი ერთადერთი ნუგეშის მიმართ, რომელიც ჩემი
საყრდენი ხარ ყოველგვარი გაჭირვების ჟამს, მე მეგონა, რომ
მხოლოდ ჩემ გამო იტანჯებოდი. და სად არის ჩემი მადლიერების
გრძნობა? რით გადაგიხადე სამაგიერო? შენი კეთილშობილება
ჩემთვის მწარე საყვედურია და ამიტომაც ვკიცხავდი შენს საქციელს.

308
ამ აღიარებას უნაზესი ალერსი მოჰყვა. მარიანა ყველაფრისთვის
მზად იყო, ოღონდ კი დანაშაული გამოესყიდა თავისი დის წინაშე და
ელინორმა ადვილად მიაღწია მისგან იმის პირობას, რომ მომხდარზე
უარყოფითი ემოციების გარეშე ელაპარაკა, ლიუსისთან შეხვედრისას
კი მტრული დამოკიდებულება არ გამოევლინა და თუ შემთხვევა
ედვარდს შეახვედრებდა, ძველებურად გულთბილად მოპყრობოდა
მას. მართალია, დიდ დათმობებზე მოუწია წასვლა, მაგრამ როცა
გრძნობდა, რომ მართალი არ იყო, მარიანა მსხვერპლის გაღებაზე
უკან არ იხევდა.
თავშეკავების პირობას უზადოდ ასრულებდა. როცა მომხდარის
შესახებ მისის ჯენინგსის მსჯელობას უსმენდა, სახის გამომეტყველება
ერთხელაც არ შესცვლია, არ შეკამათებია და უფრო მეტიც, სამჯერ
დაეთანხმა, “დიახ, მადამ” სიტყვებით. როცა ლიუსის ქება დაიწყო, მან
მხოლოდ ის გააკეთა, რომ ერთი სკამიდან მეორეზე გადაჯდა,
ედვარდის მგზნებარე სიყვარულის აღწერისას კი ვაჟკაცურად შეძლო
ყელში მომდგარი სპაზმა შეეჩერებინა. დის ასეთმა გმირულმა ქცევამ
ელინორს იმედი ჩაუსახა, რომ თვითონ ისიც ყოველგვარ
განსაცდელს გაუძლებდა.
მომდევნო დილამ ახალი სატანჯველი მოიტანა – მისტერ ჯონ
დეშვუდმა აუცილებლად ჩათვალა, დებს ვიზიტით სწვეოდა და მათთან
პირქუში სახით ემსჯელა იმ საშინელ ამბავზე და ასევე, თავისი
მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეეტყობინებინა
მათთვის.
– მე მგონი, თქვენ უკვე გაიგებდით, – ცერემონიულად თქვა მან,
როგორც კი სკამზე დაეშვა, – იმ აღმაშფოთებელი აღმოჩენის
შესახებ, რომელიც ჩვენს ჭერქვეშ მოხდა.
დებმა მხოლოდ მზერით გამოხატეს თანხმობა. სიტყვებისთვის
ახლა მეტისმეტად საშიში წუთი იყო.
– თქვენი რძალი, – განაგრძო მან, – საშინლად გაიტანჯა. ისევე,
როგორც მისის ფერარსი. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს საშინლად
სასოწარმკვეთი სცენა იყო, მაგრამ იმედი მაქვს, ქარიშხალი
309
გადაივლის და არც ერთ ჩვენგანზე დიდი ნგრევის კვალს არ
დატოვებს. საცოდავი ფანი! გუშინ მთელი დღის მანძილზე ისტერიკაში
იყო ჩავარდნილი. მაგრამ ზედმეტად არ აგაფორიაქებთ. დონავანი
ამბობს, რომ განსაკუთრებით საშიში არაფერია. ბუნებით ის
ჯანმრთელია და, გარდა ამისა, ძლიერი სულის ადამიანია. ეს
ყველაფერი მართლაც რომ ანგელოზური სიმშვიდით გადაიტანა. ასე
ამბობს, ამიერიდან კარგი აზრის არავისზე ვიქნებიო. და გასაკვირიც
არ არის იმის შემდეგ, რაც ასე ვერაგულად მოატყუეს! ასეთი
უმადურობა კეთილგანწყობისა და ნდობის პასუხად! მან ხომ ეს
გოგონები თავისი კეთილი გულით მიიწვია სტუმრად. ფიქრობდა, რომ
ერთგვარ წახალისებას იმსახურებდნენ. უწყინარ, კარგად აღზრდილ
გოგონებად თვლიდა მათ და ფიქრობდა, რომ სასიამოვნო
მოსაუბრეები იქნებოდნენ. განა სწორედ ამიტომ არ იყო, რომ ჩვენი
დიდი სურვილის მიუხედავად, თქვენ და მარიანა არ მოგიწვიეთ
ჩვენთან საცხოვრებლად, სანამ თქვენი კეთილი დიასახლისი თავის
ქალიშვილს უვლიდა? და აი, ასე დაუფასეს! “აჰ, მთელი სულით და
გულით ვისურვებდი, – მეუბნება საწყალი ფანი, მისთვის ჩეული
გულითადობით, – რომ მათ მაგივრად შენი დები მოგვეწვია”.
აქ ის შეჩერდა, დაელოდა, დამსახურებულ მადლობას როდის
გადაუხდიდნენ და განაგრძო:
– რა გადაიტანა საწყალმა მისის ფერარსმა, როცა ფანი
ყველაფერს მოუყვა, სიტყვებით ვერ აღვწერ. პირდაპირ
წარმოუდგენელია! ის საოცარ დედობრივ სიყვარულს და ზრუნვას
იჩენს და საკუთარი ვაჟიშვილისთვის ყოველმხრივ საუკეთესო
საცოლეს პოულობს, ის კი თურმე ამ დროს მალულად სულ სხვა
ქალზეა დანიშნული! ასეთი რამ ხომ ეჭვადაც არ გაუელვებდა თავში.
და მით უმეტეს ამ გოგოს მიმართ. “მე მეგონა, – იმეორებდა ის
დაბნეული, – აქ თითქოს არაფერი იყო საშიში”. ლამის აგონიაში
ჩავარდა. მაგრამ ჩვენ მოვითათბირეთ, რა უნდა გაგვეკეთებინა და,
ბოლოს და ბოლოს, მან ედვარდის მოსაყვანად მსახური გააგზავნა. ის
გამოცხადდა. მაგრამ ძალიან მიჭირს იმის მოყოლა, თუ რა იყო
310
შემდეგ. მისის ფერარსის დაჟინებული თხოვნა, დაერღვია ნიშნობა,
ჩემი არგუმენტებით და ფანის ხვეწნა-მუდარით მხარდაჭერილი, ამაო
აღმოჩნდა. მოვალეობა, დედაშვილური და ძმური სიყვარული –
ყველაფერი უგულებელყოფილ იქნა. ადრე არასდროს დავიჯერებდი,
რომ ედვარდი შეიძლებოდა ასეთი ჯიუტი და უგრძნობი ყოფილიყო.
დედამ მას თავისი კეთილშობილური განზრახვა გაუმხილა: თუ მისს
მორტონზე დაქორწინდებოდა, მას სრულ მფლობელობაში
გადასცემდა ნორფოლკის მამულს, რომელსაც მიწის გადასახადის
გადახდის შემდეგ წელიწადში ათასი გირვანქა სტერლინგი
შემოჰქონდა. როცა ამანაც არ გამოიღო შედეგი, სასოწარკვეთილმა
კიდევ ორასი გირვანქა სტერლინგის დამატება აღუთქვა. შემდეგ კი
ისიც უთხრა, როგორ სიღატაკეში მოუწევდა ცხოვრება, თუ ამ
უთანასწორო ქორწინებაზე უარს არ იტყოდა. თავისი ორი ათასი
გირვანქა სტერლინგი ექნებოდა მხოლოდ წელიწადში და მას
თვალით აღარ დაენახებოდა. და არა მხოლოდ მისი დახმარების
იმედი არ უნდა ჰქონოდა, არამედ ისიც უნდა სცოდნოდა, რომ თუ
სადმე შემოსავლიანი ადგილის პოვნას შეეცდებოდა, მისის ფერარსი,
რამდენადაც კი შეეძლო, ამას წინ აღუდგებოდა.
აქ აღშფოთებულმა მარიანამ თავი ვეღარ შეიკავა და წამოიძახა:
– ღმერთო ჩემო, ნუთუ ეს შესაძლებელია?
– შენ უფლება გაქვს გაგიკვირდეს, მარიანა, – უპასუხა ძმამ, –
სიჯიუტე, რომლის წინაშე ასეთი გონივრული არგუმენტებიც კი
უძლურია. ჩემთვის გასაგებია შენი აღშფოთება.
მარიანა აპირებდა შეპასუხებოდა, მაგრამ მის მიერ მიცემული
პირობა გაახსენდა და გაჩუმდა.
– დიახ, დიახ, – განაგრძო მან, – ყველაფერი ამაო აღმოჩნდა.
ედვარდი ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ მტკიცე ტონით. ვერაფერი
აიძულებდა მას ამ ნიშნობის დარღვევას. ის სიტყვას შეასრულებდა,
რადაც არ უნდა დასჯდომოდა.
– გამოდის, რომ, – უხეში პირდაპირობით შეაწყვეტინა მას მისის
ჯენინგსმა, რომელსაც აღარ შეეძლო ჩუმად ყოფილიყო, – ის ისე
311
მოიქცა, როგორც პატიოსან ადამიანს შეეფერება. გთხოვთ
მომიტევოთ, მისტერ დეშვუდ, მაგრამ სხვანაირად რომ მოქცეულიყო,
გეტყოდით, რომ ის არამზადაა. ამ საქმეს ისეთივე კავშირი აქვს
ჩემთან, როგორც თქვენთან, იმიტომ, რომ მისს სტილი ჩემი
ნათესავია და მე დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოში მასზე
უკეთესი ქალიშვილი არ მოიძებნება და მასზე მეტად არავინ
იმსახურებს ღირსეულ ქმარს!
ჯონ დეშვუდს ძალიან გაუკვირდა, მაგრამ ის ბუნებით მშვიდი იყო,
პროვოკაციას არ წამოეგებოდა და არასდროს არავის წყენინების
სურვილი არ ჰქონდა, განსაკუთრებით კი მდიდარი ხალხის. ამიტომ
მან უშფოთველად უპასუხა:
– მადამ, მე არასდროს მივცემ თავს უფლებას, უპატივცემულოდ
მოვიხსენიო ისინი, ვისაც პატივი აქვს თქვენი ნათესავი იყოს. და მისს
ლიუსი სტილი, არ გედავებით, იქნებ მართლაც ძალიან ღირსეული
ქალია, მაგრამ ეს ქორწინება, როგორც თქვენ თვითონაც ხვდებით,
შეუძლებელია შედგეს. დათანხმდე საიდუმლო ნიშნობას ახალგაზრდა
ყმაწვილთან, რომელიც ბიძის მეურვეობის ქვეშ იმყოფება და არის
ვაჟიშვილი განსაკუთრებით დიდი ქონების პატრონი ქალბატონისა,
როგორიც არის მისის ფერარსი – ეს ალბათ მეტისმეტია. მაგრამ,
მისის ჯენინგს, მე არავითარი სურვილი არა მაქვს განვსაჯო მათი
საქციელი, ვინც თქვენი კეთილგანწყობით სარგებლობს. ჩვენ მის
ლიუსის ყოველგვარ ბედნიერებას ვუსურვებთ. რაც შეეხება მისის
ფერარსს, ის თავიდან ბოლომდე ისე იქცეოდა, როგორც მის ადგილზე
ნებისმიერი ნაზი და მზრუნველი დედა მოიქცეოდა. სულგრძელად და
გულუხვად. ედვარდმა თვითონ აირჩია თავისი ხვედრი და, ვფიქრობ,
ის საკმაოდ მძიმე იქნება.
მარიანამ ამოიოხრა. ის ძმის შიშს მთლიანად იზიარებდა.
ელინორს გული ეკუმშებოდა იმის გაფიქრებაზე, თუ რას იგრძნობდა
ედვარდი, როცა დედის მუქარა არაფრად ჩააგდო. და ეს იმ ქალის
გულისთვის, რომელიც მას ამ კეთილშობილებას არასდროს
დაუფასებდა.
312
– და როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი, სერ? – ჰკითხა მისის
ჯენინგსმა.
– ვწუხვარ, რომ გეუბნებით, მაგრამ ძალიან ცუდად –
ურთიერთობის გაწყვეტით. დედამ უარი თქვა ედვარდზე და მან
მაშინვე დატოვა მისის ფერარსის სახლი. სადმე გაემგზავრა თუ ისევ
ლონდონში იმყოფება, არ ვიცი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია,
გაკითხვ-გამოკითხვა დავიწყოთ ამის შესახებ.
– საწყალი ბიჭი! როგორ იქნება ახლა მისი საქმე?
– გასაგებია თქვენი წუხილი, მადამ. მისი ბედი ჩვენც ძალიან
გვაღელვებს. ის ხომ სულ სხვა, უზრუნველი ცხოვრებისთვის იყო
დაბადებული. ამაზე უარესი მდგომარეობა ძნელი წარმოსადგენია.
სულ რაღაც ორი ათასი გირვანქა სტერლინგის პროცენტები! როგორ
შეიძლება, კაცმა ასეთი შემოსავლით იცხოვროს? და მუდმივი ტანჯვა
იმის გაფიქრებისას, რომ ასე უგუნურად რომ არ მოქცეულიყო, სულ
რაღაც სამი თვის შემდეგ მისი წლიური შემოსავალი ორი ათას ხუთასი
გირვანქა სტერლინგი იქნებოდა (მისს მორტონს ხომ ოცდაათი ათასი
გირვანქა სტერლინგი აქვს). მართლა ძალიან მძიმე სიტუაციაში
აღმოჩნდა. ყველამ უნდა თანავუგრძნოთ მას, თუმცა ხვედრს
ვერაფრით შევუმსუბუქებთ.
– საბრალო ბიჭი! – წამოიძახა მისის ჯენინგსმა. – ჩემს სახლში
მისთვის ყოველთვის მოიძევება ადგილი მაგიდასთან და ჭერი თავს
ზემოთ. და მას ამის შესახებ მაშინვე ვეტყვი, როგორც კი ვნახავ. ვერ
შევეგუები იმას, რომ სადღაც პანსიონში ან იაფფასიან სასტუმროში
იცხოვროს.
ელინორმა მისის ჯენინგსს გულში მადლობა გადაუხადა ედვარდის
მიმართ სიკეთის გამოჩენისათვის, თუმცა არ შეეძლო არ გაეღიმა
იმაზე, თუ როგორი ფორმით იქნა ის გამოხატული.
– ედვარდი საკუთარ თავზე ისევე რომ ზრუნავდეს, როგორც მის
ახლობლები არიან მზად, მხარში დაუდგნენ, – თქვა მისტერ ჯონ
დეშვუდმა, – მას უკვე შესაფერისი მდგომარეობა ექნებოდა
საზოგადოებაში და არაფერი მოაკლდებოდა. მაგრამ ახლა მისი
313
დახმარება არავის შეუძლია. მან არ იცის, რომ კიდევ ერთი დარტყმის
გადატანა მოუწევს, რომელიც ყველაზე უარესი იქნება. დედამისმა,
რომლის რისხვა სავსებით ბუნებრივია, გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ
რობერტს გადასცეს მამული, რომელიც ედვარდისთვის ჰქონდა
განკუთვნილი, ის რომ ღირსეულად მოქცეულიყო. როცა ამ დილით
მისგან წამოვედი, მისის ფერარსი თავის იურისტს ესაუბრებოდა ამის
შესახებ.
– რას იზამ, – თქვა მისის ჯენინგსმა, – ეს არის მისი შურისძიება.
ასეთი გზა აირჩია ანგარიშის გასასწორებლად. მე ჩემს ერთ
ვაჟიშვილს მეორის ხარჯზე არ გავამდიდრებდი იმის გამო, რომ ერთ-
ერთმა გაბედა და შემეწინააღმდეგა.
მარიანა წამოდგა და ოთახში გაიარ-გამოიარა.
– რა შეიძლება იყოს ახალგაზრდა კაცისთვის იმაზე უფრო საწყენი
და დამამცირებელი, – განაგრძობდა ჯონი, – ვიდრე ის, რომ უმცროსი
ძმა იხილოს მფლობელად მამულისა, რომელიც მისთვის იყო
განკუთვნილი. საცოდავი ედვარდი! მთელი სულითა და გულით
თანავუგრძნობ მას.
კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში მსჯელობდა ედვარდის
მწარე ხვედრის შესახებ, შემდეგ კი არაერთხელ გაუმეორა დებს, რომ
მისი ღრმა რწმენით, ფანის დაავადება საშიში არ იყო, ამიტომ ამაზე
ნერვიულობა არ ღირდა, და ბოლოს და ბოლოს, წავიდა. ყველა მისი
თანამოსაუბრე თავის აზრზე დარჩა, ყოველ შემთხვევაში იმ
ყველაფერში, რაც მისის ფერარსს, ფანის და ედვარდს ეხებოდა.
როგორც კი სტუმრის უკან კარი მიიხურა, მარიანამ დიდი ხნის
შეკავებულ აღშფოთებას გასაქანი მისცა. ცოტა ხანს ელინორმაც კი
ვერ მოახერხა, თავისი ჩვეული სიმშვიდე შეენარჩუნებინა, მისის
ჯენინგსს კი არც უცდია თავის შეკავება და სამი ქალი გაცხარებით
შეუდგა ახლახან მოსმენილი ამბის განსჯას.

314
თავი 38

მისის ჯენინგსი მხურვალედ აქებდა ედვარდის საქციელს, მაგრამ


მისი ჭეშმარიტი ფასი მხოლოდ ელინორმა და მარიანამ იცოდნენ.
მხოლოდ მათ ესმოდათ, როგორი მწირი იყო წყარო, რომლითაც მისი
დაუმორჩილებლობა იკვებებოდა და რა მცირე ნუგეში ელოდა მას –
თუ არ ჩავთვლით აღსრულებული მოვალეობის შეგრძნებას –
ახლობლებისა და სიმდიდრის დაკარგვისათვის. ელინორი ამაყობდა
მისი მტკიცე ხასიათით, მარიანამ კი ყველა შეცოდება აპატია და ასეთ
მდგომარეობაში ჩავარდნის გამო თანაუგრძნობდა. და თუმცა დებს
შორის კვლავ სრული ნდობა სუფევდა და ელინორს არაფრის
დამალვა არ უწევდა, არც ერთს, მაშინაც კი, როცა მარტონი დარჩნენ,
ამ მტკივნეულ თემაზე საუბარი არ უნდოდა. ელინორი ცდილობდა,
ედვარდზე ლაპარაკისთვის თავი აერიდებინა, იმის გამო, რომ
მეტისმეტად მგზნებარე და მგრძნობიარე მარიანა გამუდმებით,
მიუხედავად იმისა, სურდა თუ არა, განუმტკიცებდა აზრს, რომ
ედვარდს ის კვლავ უყვარდა – აზრს, რომლის თავიდან მოშორება
უნდოდა. მარიანას კი აღარ ჰყოფნიდა გაბედულება გაეგრძელებინა
საუბარი, რომლის შემდეგ სულ უფრო მეტად უკმაყოფილო რჩებოდა
საკუთარი თავით, უნებურად ადარებდა რა ერთმანეთს მისსა და
ელინორის ქცევას.
ეს შედარება მას გულს უმძიმებდა, მაგრამ არ აღუძრავდა
სურვილს(რისი იმედიც ელინორს ამაოდ ჰქონდა), საკუთარი თავი
ხელში აეყვანა და უბედურებას გამკლავებოდა. ის გამუდმებით
საყვედურობდა საკუთარ თავს, მწარედ ნანობდა, რომ ადრე არ
ცდილობდა თავი შეეკავებინა, მაგრამ სინანულის იქით საქმე არ
მიდიოდა. არ ცდილობდა, წარსულის შეცდომები გამოესწორებინა.
ნებისყოფა ძალიან ჰქონდა დასუსტებული და არ სჯეროდა, რომ

315
ამისთვის ძალა ეყოფოდა. ამიტომ სევდა კიდევ უფრო მეტად
იპყრობდა.
მომდევნო ორ დღეს არავითარი ცნობა არ მოუტანია ჰარლი-
სტრიტზე ან ბარტლეტის სახლში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
თუმცა მათ უკვე საკმაოდ ბევრი იცოდნენ და მისის ჯენინგსს
საკმარისად ექნებოდა სათქმელი თავისი მეგობრებისათვის. მაგრამ
მან გადაწყვიტა, ჯერ თავის ნათესავებთან წასულიყო, ენუგეშებინა
ისინი და უფრო მეტი შეეტყო. და მხოლოდ იმის გამო, რომ ბერკლი-
სტრიტზე სტუმრების ნაკადი გაიზარდა, მას საშუალება არ მიეცა,
თავისი განზრახვა სისრულეში მაშინვე მოეყვანა.
მესამე დღე კვირა იყო და ისეთი ნათელი, ისეთი მზიანი, რომ
ბევრმა გადაწყვიტა, კენსინგტონის ბაღებში გაესეირნა, მიუხედავად
იმისა, რომ მარტის მხოლოდ ორი კვირა იყო გასული. ელინორი და
მისის ჯენინგსიც იქ წავიდნენ, მარიანამ კი, რომელმაც შეიტყო, რომ
უილობების წყვილი ლონდონში დაბრუნდა, გადაჭრით თქვა უარი
სახლიდან გასვლაზე, რათა მათ საჯარო ადგილას სადმე არ
გადაჰყროდა.
ბაღში მათ მალე მისის ჯენინგსის ახლო მეგობარი შემოუერთდა
და მთლიანად მიიპყრო მისი ყურადღება, რამაც ელინორი ძალიან
გაახარა, რადგან საშუალება მიეცა თავისთვის წყნარად ეფიქრა. არც
უილობი დაუნახავს, არც მისი ცოლი და არც ედვარდი; კარგა ხნის
მანძილზე ნაცნობი სახე საერთოდ არ შეუმჩნევია, როცა უცებ, მისდა
გასაკვირად, მისს სტილი მიესალმა, რომელმაც, ერთგვარად
დარცხვენილმა, დიდი კმაყოფილება გამოხატა მათთან შეხვედრის
გამო, შემდეგ კი, როცა მისის ჯენინგსი ძალიან ალერსიანად მოექცა,
დროებით მიატოვა თავისი თანამგზავრები და მათ შეუერთდა. მისის
ჯენინგსმა ელინორს მაშინვე წასჩურჩულა:
– ჩემო ძვირფასო, გაიგეთ, როგორ არის მათი საქმეები. ის
ყველაფერზე გიპასუხებთ, რასაც ჰკითხავთ. ხომ გესმით, მისის
კლარკს ვერ მივატოვებ.

316
აღმოჩნდა, რომ მისს სტილი მართლაც მზად იყო, მისის ჯენინგსის
და ასევე ელინორის ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა, და
თანაც ყოველგვარი შეკითხვების გარეშე.
– როგორ მიხარია, რომ შეგხვდით, – დაიწყო მისს სტილმა და
ელინორს ფამილარულად ჩაჰკიდა ხელი, – თქვენი ნახვა ყველაზე
მეტად მინდოდა ამქვეყნად. – შემდეგ ხმას დაუდაბლა და განაგრძო:
– მისის ჯენინგსმა ალბათ გაიგო ამის შესახებ. ძალიან
გაბრაზებულია?
– თქვენზე, რამდენადაც ვიცი, ოდნავაც არა.
– ეს კარგია. და ლედი მიდლტონი? ის გაბრაზებულია?
– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ არ მგონია, ასე იყოს.
– საშინლად მიხარია, ეს რომ მესმის. ღმერთო შემიწყალე! რომ
იცოდეთ, რა გადავიტანე. ლიუსი ასეთი განრისხებული ჩემს
ცხოვრებაში არ მინახავს. დაიფიცა, რომ ჩემს ახალ ქუდს არ
გადამიკეთებს და საერთოდ, თავის სიცოცხლეში არაფერს გააკეთებს
ჩემთვის. ახლა ცოტა ჩაწყნარდა და ისევ ისეთი მეგობრები ვართ,
როგორიც ყოველთვის ვიყავით. აი, ნახეთ, ეს ბაფთა მიმიკერა ქუდზე
და ფრთაც მან ჩამისვა. ახლა ვიცი, მართლა გაგეცინებათ ჩემზე,
მაგრამ მე რატომ არ შეიძლება ვარდისფერი ბაფთა მეკეთოს? მერე
რა, თუ ეს ექიმის საყვარელი ფერია? მე არც არაფერი ვიცოდი ამის
შესახებ, თვითონ რომ არ ეხსენებინა, თურმე ყველაზე მეტად ეს ფერი
უყვარსო. ჩემმა კუზინებმა პირდაპირ სიცოცხლე შემაძულეს.
ვაღიარებ, როცა იმ თავის ხუმრობებს დაიწყებენ, ზოგჯერ აღარც კი
ვიცი, თვალები სად წავიღო.
ის უცებ მიხვდა, რომ გადავიდა თემაზე, რომელზეც ელინორს
არაფერი ჰქონდა სათქმელი და მაშინვე მათი საუბრის ადრინდელ
თემას დაუბრუნდა.
– აი, რა მინდა გითხრათ, მისს დეშვუდ, – საზეიმო ტონით თქვა
მან, –ხალხს რაც სურს, ის ილაყბოს მისტერ ფერარსის შესახებ, რომ
თითქოს ის ლიუსიზე უარს ამბობს და ასეთი რამეები, მაგრამ
დამიჯერეთ, ასეთი არაფერი ხდება. ამ საზიზღარი ჭორების
317
გავრცელება მართლა სამარცხვინოა. ლიუსის რაც მოესურვება, ის
შეუძლია იფიქროს თავისთვის, მაგრამ სხვებს ვინ ეკითხება, ამაზე ისე
რომ ლაპარაკობენ, როგორც გადაწყვეტილ საქმეზე.
– გარწმუნებთ, მსგავსი არაფერი მსმენია, – უპასუხა ელინორმა.
– ოჰ, არ გსმენიათ? დანამდვილებით ვიცი, ამაზე ბევრი
ლაპარაკობს. აი, მისის გოდბიმ, მაგალითად, მისს სპარკს პირდაპირ
განუცხადა, არც ერთ ნორმალურ ადამიანს არც კი მოუვა თავში, რომ
მისტერ ფერარსი უარს იტყვის ისეთ საცოლეზე, როგორიც არის მისს
მორტონი, თავისი ოცდაათი ათასი გირვანქა სტერლინგი ქონებით,
ვიღაც ლიუსის გულისთვის, რომელსაც ერთი პენიც არ გააჩნიაო. მე
ეს თვითონ მისს სპარკსისგან ვიცი. და, გარდა ამისა, ჩემი ბიძაშვილი
რიჩარდი სულ ამტკიცებდა, მისტერ ფერარსი, როცა საქმე საქმეზე
მიდგება, თევზივით გასხლტებაო. და როცა ედვარდი სამი დღე არ
გამოჩნდა, მეც აღარ ვიცოდი, რა მეფიქრა და ლიუსიმაც, ეტყობა,
ჩათვალა, ყველაფერი დაკარგულიაო. ჩვენ ხომ თქვენი ძმისგან
ოთხშაბათს წამოვედით, ედვარდი კი არც ხუთშაბათს გვინახავს, არც
პარასკევს, არც შაბათს და აზრზე არ ვიყავით, რა დაემართა. ლიუსი
ფიქრობდა მივწერო, მაგრამ როგორღაც გულმა დაუშალა. და ის ამ
დილით გამოგვეცხადა, სწორედ იმ დროს, ეკლესიიდან რომ
დავბრუნდით სახლში და ყველაფერი გაირკვა: როგორ გამოიძახეს ის
ოთხშაბათს ჰარლი-სტრიტზე, როგორ ცდილობდნენ დედამისი და
ყველა მის დაყოლიებას და როგორ განაცხადა მან ყველას წინაშე,
რომ ლიუსის გარდა არავინ უყვარს და ლიუსის გარდა არავისზე
დაქორწინდება. ამ ოჯახურმა სცენამ მას თურმე წონასწორობა
დააკარგვინა. თავის ცხენზე შეხტა და სადღაც ქალაქგარეთ გააჭენა.
მთელი ხუთშაბათი და პარასკევი რომელიღაც სასტუმროში იჯდა,
რომ აზრები დაელაგებინა. ყველაფერი კარგად აწონ-დაწონა, თანაც
არაერთხელ, და გადაწყვიტა, რომ რადგან ახლა არავითარი ქონება
არ გააჩნდა, საერთოდ აღარაფერი, მისი მხრიდან კეთილშობილური
საქციელი არ იქნებოდა დალოდებოდა, რომ ლიუსი თავის სიტყვას
შეასრულებდა საკუთარი თავის საზიანოდ. ედვარდს ხომ ახლა ორი
318
ათასი გირვანქა სტერლინგი აქვს მხოლოდ და არავითარი იმედი
სამომავლოდ. ადრე უნდოდა მღვდელი გამხდარიყო, მაგრამ ასეც
რომ მოხდეს, მრევლი არ ეყოლება, უმცროსი მღვდლის ხელფასით კი
როგორ უნდა იცხოვრონ? მისთვის აუტანელია იმაზე ფიქრი, როგორი
ლიუსიმ თავი გაჭირვებისთვის უნდა გაწიროს. ამიტომ ევედრება მას,
თუ ეჭვები აქვს, სამუდამოდ მოუღონ ბოლო ყველაფერს და ედვარდი
ბედს მიანდოს. ჩემი ყურით გავიგონე, ამას რომ ეუბნებოდა. ნიშნობის
დარღვევაზეც ის მხოლოდ და მხოლოდ ლიუსის გამო, მისი
კეთილდღეობისთვის ალაპარაკდა და არა იმიტომ, რომ მისი თავიდან
მოშორება უნდა. თუ გინდათ, დავიფიცებ, ერთი სიტყვაც კი არ
დასცდენია, რომ მოსწყინდა ის ან მისს მორტონზე უნდა
დაქორწინება. მინიშნებითაც კი არ უთქვამს. თქვენ, რა თქმა უნდა,
ხვდებით, რომ ლიუსი ასეთი ლაპარაკის მოსმენასაც არ
მოისურვებდა. უთხრა კიდეც პირდაპირ (ნაზი და სასიყვარულო
სიტყვებიც იყო თავისთავად, ხომ იცით, როგორც მიღებულია, მაგრამ
ასეთ რამეებს ხომ ვერ გაიმეორებ). მოკლედ, პირდაპირ უთხრა, რომ
ნიშნობის დარღვევაზე ფიქრიც კი არ უნდა და შეუძლია, მასთან
ერთად ძალიან მცირე შემოსავლით იცხოვროს. რაც უნდა ცოტა
გქონდეთ, მაინც თანახმა ვარო, პირდაპირ უთხრა და კიდევ რაღაც
ამის მსგავსები. მისტერ ფერარსი საშინლად ბედნიერი იყო. მერე
ცოტა ხანს კიდევ ილაპარაკეს, როგორ მოქცეულიყვნენ და
გადაწყვიტეს, რომ ედვარდი სასწრაფოდ მღვდელი უნდა
გამხდარიყო, ქორწილს კი გადადებდნენ, სანამ მას მრევლი არ
გაუჩნდებოდა. ამის მეტი აღარაფერი გამიგონია, იმიტომ, რომ
ბიძაშვილმა დაიყვირა ქვემოდან, მისის რიჩარდსონი მოვიდა
კარეტით და ერთ-ერთ თქვენგანს კენსინგტონის ბაღებში სასეირნოდ
იწვევსო. ამიტომ იძულებული გავხდი, ოთახში შევსულიყავი და
ლაპარაკი შემეწყვეტინებინა მათთვის. ლიუსიმ გასეირნებაზე უარი
თქვა, რადგან არ უნდოდა, თავის ედვარდს დაშორებოდა, მე კი
ზემოთ ავირბინე, აბრეშუმის წინდები ჩავიცვი და რიჩარდსონებთან
ერთად წამოვედი.
319
– მთლად კარგად ვერ გავიგე, როგორ შეგეძლოთ ლაპარაკი
შეგეწყვეტინებინათ მათთვის. თქვენ ხომ ერთად იყავით?
– რა თქმა უნდა, არა. თქვენ გგონიათ, მისს დეშვუდ, რომ
ადამიანები ასე ესიყვარულებიან ერთმანეთს, როცა მარტო არ არიან?
როგორ არ გრცხვენიათ? ნამდვილად მეტი მოგეთხოვებათ! (აქ მან
თვალთმაქცურად ჩაიცინა) არა, ასე არ ყოფილა. ისინი სასტუმრო
ოთახში იყვნენ ჩაკეტილები და მე კართან ვიყავი და ვაყურადებდი.
– როგორ! – წამოიძახა ელინორმა, – თქვენ მე მიმეორებდით
იმას, რაც საკლიტურზე ყურმიდებულმა მოისმინეთ? ძალიან ვწუხვარ,
რომ ეს ამ წუთამდე არ ვიცოდი. ეს რომ არა, არაფრით არ
მოვუსმენდი დეტალებს იმ საუბრისა, რომელიც თქვენ თვითონაც არ
უნდა გცოდნოდათ. როგორ შეგიძლიათ ასე სასტიკად მოექცეთ
საკუთარ დას?
– ოჰ, კარგი ერთი. რა არის აქ ასეთი? მე მხოლოდ კართან ვიდექი
და ვუსმენდი, რაც იქიდან შემეძლო გამეგონა. ლიუსი რა, იმავეს არ
გააკეთებდა? სხვათა შორის, ერთი-ორი წლის წინ, როცა მე და მარტა
შარპი სადღაც კუთხეში მივიყუჟეთ, რომ ჩვენს საიდუმლოზე
გველაპარაკა, ის თურმე ხან საკუჭნაოში იმალებოდა, ხან შირმის
უკან, რომ გაეგო, რაზე ვჩურჩულებდით.
ელინორი შეეცადა საუბარი სხვა თემაზე გადაეტანა, მაგრამ მისს
სტილი სასწრაფოდ დაუბრუნდა იმას, რითაც მისი გონება იყო
დაკავებული.
– ედვარდი ამბობს, ოქსფორდში წავალო, ჯერჯერობით კი პელ-
მელზე ცხოვრობს ერთ სახლში. როგორი გულღვარძლიანი ქალია
დედამისი, არა? და არც თქვენი ძმა და რძალია დიდად კეთილი.
თუმცა არ მინდა თქვენთან ვთქვა რაიმე მათ შესახებ. და სიმართლე
გითხრათ, მათ საკუთარი ეკიპაჟით გამოგვიშვეს, რასაც, ვაღიარებ,
არ ველოდი. რაც შემეხება მე, შიშით ვიყავი შეპყრობილი, რომ
თქვენი რძალი მოგვთხოვდა, უკან დაგვებრუნებინა მისთვის
კოლოფები, რომელიც წინადღეს გვაჩუქა. თუმცა არ უხსენებია,
მაგრამ მე ჩემი მაინც გადამალული მქონდა, რომ თვალში არავის
320
მოხვედროდა. ედვარდი ამბობს, რომ ოქსფორდში საქმეები აქვს და
დროებით იქ უნდა წავიდეს, შემდეგ, როგორც კი ეპისკოპოსს
მოძებნის, მაშინვე მღვდლად აკურთხებენ. მაინტერესებს, რომელ
სამრევლოს მისცემენ. ღმერთო შემიწყალე! – მან ჩაიხითხითა და
განაგრძო, – თავს დავდებ, რომ ვიცი, რას მეტყვიან ჩემი
ბიძაშვილები, როცა გაიგებენ. ისინი მეტყვიან, რომ ახლავე ექიმს
მივწერო, იზრუნოს ედვარდზე სამრევლოში, სადაც ის დასახლდება.
ან სხვას რას უნდა ელოდო მათგან. მაგრამ ამას არაფრის გულისთვის
არ ვიზამ. “ფუ, – პირდაპირ ვეტყვი, – ასეთი რამე თავში როგორ
მოგივიდათ? ვერ მოესწრებით. მეტი საქმე არა მაქვს”.
– რას იზამ, – თქვა ელინორმა, – ყოველთვის ჯობია უარესისთვის
ემზადო. ყოველ შემთხვევაში, თქვენ მათთვის პასუხის მოფიქრება არ
დაგჭირდებათ.
მისს სტილი აპირებდა გაეგრძელებინა, მაგრამ როცა დაინახა,
რომ მისი თანამგზავრები უახლოვდებოდნენ, წამოიძახა:
– ჰო, აი, რიჩარდსონებიც მოდიან! მე თქვენთვის კიდევ ბევრი
რამის მოყოლა შემეძლო, მაგრამ ისინი მელოდებიან. ძალიან
კეთილი ადამიანები არიან, შეგიძლიათ მენდოთ. ის კაცი უამრავ
ფულს შოულობს და საკუთარი ეკიპაჟიც კი ჰყავთ. მე ახლა დრო არა
მაქვს, მისის ჯენინგსს თვითონ დაველაპარაკო, მაგრამ გთხოვთ
გადასცეთ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენზე გაბრაზებული არ არის.
და ლედი მიდლტონსაც იგივე უთხარით. და თუ თქვენ და თქვენს დას
სადმე მოგიწევთ გამგზავრება და მისის ჯენინგსი მარტო დარჩენას არ
მოისურვებს, გადაეცით მას, რომ ჩვენ მართლა ძალიან მოხარულები
ვიქნებით, ვესტუმროთ და დავრჩეთ მასთან იმდენ ხანს, რამდენსაც
მოისურვებს. ლედი მიდლტონი ამ სეზონში ჩვენ ალბათ აღარ
მიგვიწვევს. ასე რომ, ნახვამდის. სამწუხაროა, რომ მისს მარიანა არ
იყო თქვენთან ერთად. ჩემგან დიდი მოკითხვა გადაეცით. აჰ, ეს
თქვენი წინწკლებიანი მუსლინი!არ გეშინიათ, რომ რაღაცას
გამოედება და გაიხევა?

321
გამოხატა რა თავისი წუხილი, ის ნაჩქარევად დაემშვიდობა მისის
ჯენინგსს, რადგან მისის რიჩარდსონმა მიიხმო თავისთან და
ელინორი დატოვა თავის ახალ საფიქრალთან, კარგა ხანს რომ
ეყოფოდა თავის სამტვრევად, თუმცა ყველაფერი, რისი მოსმენაც
მოუწია, წინასწარ ჰქონდა განჭვრეტილი, დანარჩენის შესახებ კი
ხვდებოდა. როგორც ვარაუდობდა, ედვარდის დაქორწინება ლიუსიზე
იმდენადვე მტკიცედ იყო გადაწყვეტილი, რამდენადაც გაურკვეველი
რჩებოდა ამ ქორწინების თარიღი. როგორც ეტყობოდა, ყველაფერი
იმაზე იყო დამოკიდებული, როდის მიიღებდა ის სამრევლოს, ამის
იმედი კი ჯერ არ ჩანდა.
როგორც კი კარეტაში ჩასხდნენ, მისის ჯენინგსი ახალი ამბების
მოსასმენად მოემზადა, მაგრამ ელინორს არ სურდა მოეყოლა
დეტალები იმ ამბებისა, რომლებიც ასეთი უღირსი გზით – კართან
მიყურადებით შეიტყვეს. ამიტომ ის მომხდარის მოკლე გადმოცემით
შემოიფარგლა, მხოლოდ იმით, რასაც ლიუსი თვითონვე იჩქარებდა,
რომ ქვეყნისთვის მოედო თავისივე ინტერესებისათვის. მან მხოლოდ
ის თქვა, რომ ნიშნობის დარღვევას არ აპირებენ; შემდეგ კი იმაზე
ილაპარაკა, რისი იმედი ჰქონიათ მომავალში ბედნიერი
ცხოვრებისათვის, რასაც მისის ჯენინგსი, ბუნებრივია, ასე
გამოეხმაურა:
– ესე იგი, გადაწყვიტეს დაიცადონ, სანამ მრევლს ჩააბარებენ!
ჩვენ ყველამ ვიცით, ეს რითიც დასრულდება. მოიცდიან, მოიცდიან და
ერთი წლის შემდეგ, როცა უკეთესს ვერაფერს იპოვიან, უმცროსი
მღვდლის ადგილს დათანხმდებიან წელიწადში ორმოცდაათი
გირვანქა სტერლინგი შემოსავლით. ამას დაემატება პროცენტები
მისი ორი ათასიდან და ის გროშები, რომელსაც ლიუსის მისტერ
სტილი და მისტერ პრეტი გამოუყოფენ. შემდეგ კი ყოველ წელიწადს
ოჯახში მატება ექნებათ, ბავშვი შეეძინებათ. ღმერთო, ხელი შეუწყვე
მათ! როგორ გაუჭირდებათ! ერთი ვნახავ, მათთვის რაიმე ავეჯი ხომ
არ მოიძებნება ჩემთან... მე კი მინდოდა, ორი მოახლე და ორი ლაქია

322
ჰყოლოდათ... ერთი მსახური მაინც რომ ააყვანინათ შავი
სამუშაოებისათვის! ბეტის და მაგათ ახლა აღარ გამოადგებათ.
მეორე დილით ორპენსიანი ფოსტით ელინორმა თვითონ
ლიუსისგან ასეთი შინაარსის წერილი მიიღო:
„ბარტლეტის სახლი. მარტი.
იმედი მაქვს, ჩემი ძვირფასი მისს დეშვუდი მაპატიებს ამ
სითამამეს, რომ თავს უფლებას ვაძლევ, მივწერო. მაგრამ ვიცი, რომ
მეგობრული განწყობა გაქვთ ჩემ მიმართ და თქვენთვის სასიამოვნო
მოსასმენი იქნება კარგი ამბები ჩემსა და ჩემი ძვირფასი ედვარდის
შესახებ ყველა იმ უბედურების შემდეგ, რაც თავს დაგვატყდა. ამიტომ
პატიებას მეტად აღარ გთხოვთ და განვაგრძობ. გეტყვით, რომ
მადლობა ღმერთს, თუმცა საშინელი ტანჯვა გადავიტანეთ, ჩვენ ახლა
ორივე კარგად ვგრძნობთ თავს და ისეთი ბედნიერები ვართ,
როგორიც ყოველთვის უნდა ვიყოთ ერთმანეთის სიყვარულით. ჩვენ
მძიმე განსაცდელი გადავიტანეთ, გავუძელით დევნას, მაგრამ ისიც
უნდა ვთქვა, რომ დიდად მადლობელი ვარ ბევრი ჩვენი მეგობრის, და
მათ შორის თქვენიც, რაც ყოველთვის მემახსოვრება და ყოველთვის
მადლიერი ვიქნები. ასევეა განწყობილი ედვარდიც, რომელსაც ამის
შესახებ მოვუყევი. დარწმუნებული ვარ, თქვენ, ისევე, როგორც
ძვირფას მისის ჯენინგსს, გაგიხარდებათ, როცა შეიტყობთ, რომ გუშინ
მასთან ორი ბედნიერი საათი გავატარე. მას არაფრის გაგონება არ
სურდა ჩვენი განშორების შესახებ, თუმცა მე, რადგან მიმაჩნდა, რომ
ეს ჩემი მოვალეობა იყო, დაჟინებით ვარწმუნებდი თავისი სიტყვა უკან
წაეღო, ვინაიდან შექმნილ სიტუაციაში ეს მისი მხრიდან
კეთილგონივრული საქციელი იქნებოდა. და რომ დამთანხმებოდა,
მაშინვე დავემშვიდობებოდი და სამუდამოდ დავშორდებოდი. მაგრამ
მან განაცხადა, რომ არაფრის გულისთვის ამას არ გააკეთებდა და
მზად იყო, ჩემი სიყვარულის გულისთვის დედის რისხვა აეტანა. ჩვენი
მომავალი დიდად ნათელი არ ჩანს, მაგრამ მაინც ველოდებით და
იმედი გვაქვს. მას მალე მღვდლად აკურთხებენ და კარგი იქნებოდა,
რეკომენდაციას რომ გაუწევდეთ რომელიმე გავლენიან პირთან,
323
რომელსაც თავის განკარგულებაში ვაკანტური სამრევლო აქვს.
დარწმუნებული ვარ არ დაგვივიწყებთ, ისევე, როგორც ძვირფასი
მისის ჯენინგსი და იმედი მაქვს, რომ სიტყვას შეგვაწევთ სერ ჯონთან
ან მისტერ პალმერთან, ან კიდევ ვინმე ისეთთან თქვენი
მეგობრებიდან, ვისაც შეუძლია დაგვეხმაროს. საწყალი ანა, რა თქმა
უნდა, დამნაშავეა იმაში, რაც გააკეთა, მაგრამ მას კარგი უნდოდა
გამოსვლოდა, ამიტომ არაფერს ვამბობ. იმედი მაქვს, მისის ჯენინგსი
მძიმე მოვალეობად არ ჩათვლის გვეწვიოს, თუ დილით შემთხვევით
ჩვენს მხარეში აღმოჩნდება. როგორი სიკეთე იქნებოდა ეს მისი
მხრიდან და ჩემი ნათესავები დიდ პატივად ჩათვლიდნენ მის
გაცნობას. ფურცელი შემახსენებს, რომ დროა დავამთავრო, ამიტომ
გთხოვთ, ჩემი მოკრძალებული მადლობა და მდაბალი სალამი
გადასცეთ სერ ჯონს, ლედი მიდლტონს და შესანიშნავ ბავშვებს, როცა
მათი ნახვა მოგიწევთ, და კიდევ მარიანა მომიკითხეთ დიდი
სიყვარულით.
მარად თქვენი... და ასე შემდეგ და ასე შემდეგ”.
როგორც კი კითხვა დაამთავრა, ელინორმა მაშინვე გააკეთა ის,
რისი მიღწევაც სინამდვილეში წერილის ავტორს სურდა – მან
ფურცელი გადასცა მისს ჯენინგსს, რომელიც მაშინვე შეუდგა კითხვას
ხმამაღლა და ხშირი შენიშვნებით:
– მართლაც რომ კარგია! რა მშვენივრად წერს... ჰო, ჰო, სწორედ
რომ საჭირო იყო თავისუფლების შეთავაზება, ვინიცობაა, რომ
მოენდომებინა... ლიუსისგან სხვანაირი საქციელი არც იყო
მოსალოდნელი... საცოდავი გოგო! როგორ ვწუხვარ, რომ
ედვარდისთვის სამრევლო არ მაქვს... „ძვირფას მისის ჯენინგსს“
მიწოდებს, როგორც შეამჩნევდით. ასეთი კეთილი გულის გოგოს
მეორეს ვერ ნახავ. კარგია, ჩემმა მზემ, კარგია. ამ წინადადებით
ყველაფერია ნათქვამი. დიახ, დიახ, წავალ და მოვინახულებ. და
ისეთი ყურადღებიანია, რომ არავინ გამორჩენია! მადლობა, ჩემო
ძვირფასო, რომ ეს მაჩვენეთ. ასეთი შესანიშნავი წერილი იშვიათად
წამიკითხავს. ის დიდ პატივს დებს ლიუსის გულსაც და გონებასაც.
324
თავი 39

ელინორი და მარიანა უკვე ორ თვეზე მეტი იყო ლონდონში


იმყოფებოდნენ და ეს უკანასკნელი მოუთმენლად ელოდა სახლში
დაბრუნებას. მას სოფლის ჰაერი, თავისუფლება, სიწყნარე
ენატრებოდა და საკუთარ თავს ეუბნებოდა, თუ სადმე შვება შეიძლება
ვიგრძნო, მხოლოდ ბარტონშიო. ელინორს შინისკენ დაზე ნაკლებად
არ მიუწევდა გული და მეორე დღისთვის გამგზავრების დანიშვნაზე
უარს მხოლოდ იმიტომ ამბობდა, რომ ახსოვდა გრძელი, დამღლელი
გზის სიძნელეები, რომელთაც მარიანა აინუნშიც არ აგდებდა. თუმცა
ელინორმაც სერიოზულად დაიწყო გამგზავრებაზე ფიქრი და ერთხელ
სიტყვაც ჩამოუგდო ამის შესახებ გულთბილ მასპინძელს, რომელმაც
ასეთი განზრახვის წინააღმდეგ სტუმართმოყვარე მასპინძლის
მგზნებარე მჭერმეტყველებით გაილაშქრა. მაგრამ შემდეგ გაჩნდა
გეგმა, რომელიც ელინორს ყველაზე პრაქტიკულად მოეჩვენა, თუმცა
კი მის მიხედვით სახლში მაშინვე კი ვერ დაბრუნდებოდნენ, არამედ
მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ. მარტის ბოლოს პალმერებმა
გადაწყვიტეს კლივლენდში წასულიყვნენ, რათა აღდგომის კვირა იქ
გაეტარებინათ. და შარლოტამ დაჟინებით სთხოვა მისის ჯენინგსსა და
მის ახალგაზრდა მეგობრებს, თან გაჰყოლოდნენ. მისს დეშვუდი
ალბათ უხერხულად ჩათვლიდა ამ მიწვევის მიღებას, მაგრამ ცოლს
გულწრფელად დაუჭირა მხარი მისტერ პალმერმაც, რომელიც მას
შემდეგ” რაც მარიანას უბედურების შესახებ გაიგო, დებს გაცილებით
თავაზიანად ეპყრობოდა ვიდრე მანამდე, და ელინორი სიამოვნებით
დათანხმდა.
მაგრამ როცა ამის შესახებ მარიანას შეატყობინა, მან თავიდან
უარი განაცხადა.
– კლივლენდი! – წამოიძახა ძლიერ აღელვებულმა. – არა, მე
კლივლენდში არ წავალ.

325
– შენ გავიწყდება, – ალერსიანი ხმით შეეპასუხა ელინორი, – რომ
კლივლენდი არ მდებარეობს... ის არ არის მეზობლად...
– მაგრამ ის ხომ სომერსეტშირშია. არ შემიძლია სომერსეტშირში
წასვლა... არა, ელინორ, შენ არ შეგიძლია მოითხოვო ჩემგან, რომ
მე...
ელინორმა აღარ დაუჟინა, რომ უბრალოდ, თავაზიანობის გამო
საჭირო იყო ასეთი ემოციები დაეძლია, მაგრამ შეეცადა მასში აღეძრა
სხვა გრძნობები, რომლებიც პირველზე ძლიერი იქნებოდა. ამიტომ ეს
გეგმა წარუდგინა, როგორც ყველაზე მოსახერხებელი და საიმედო
საშუალება, აესრულებინა თავისი სურვილი და საყვარელ დედას
დაჰბრუნებოდა, თანაც განსაკუთრებული დაყოვნების გარეშე.
კლივლენდიდან, რომელიც ბრისტოლიდან სულ რამდენიმე მილში
მდებარეობდა, ბარტონამდე მხოლოდ ერთი დღის გზა იყო, თუნდაც
სრული დღის, და დედას შეეძლო იქ თავისი მსახური გაეგზავნა მათ
მხლებლად. და რადგან ისინი კლივლენდში მხოლოდ ერთ კვირას
აპირებდნენ დარჩენას, შესაბამისად, სახლში სამ კვირაზე ცოტა მეტი
ხნის შემდეგ იქნებოდნენ. მარიანას დედა ნამდვილი სიყვარულით
უყვარდა და ამ გრძნობამ წარმოსახვით შიშებს ადვილად სძლია.
მისის ჯენინგსს თავისი სტუმრები სულაც არ ჰყავდა მობეზრებული
და ამიტომ დაჟინებით სთხოვდა მათ, კლივლენდიდან მასთან ერთად
კვლავ ლონდონში დაბრუნებულიყვნენ. ელინორი ძალიან მადლიერი
იყო მათ მიმართ გამოჩენილი ასეთი ყურადღების გამო, მაგრამ ამას
მის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია. მალე დედისგან
თანხმობა მიიღეს ამ მოგზაურობაზე და ყველა პრობლემა, რაც მათ
სახლში დაბრუნებასთან იყო დაკავშირებული, იმდენად მოგვარდა,
რომ მარიანამ ერთგვარი შვება იგრძნო და საათების თვლა დაიწყო,
რომელიც ბარტონამდე აშორებდა.
– აჰ, პოლკოვნიკო, არც კი ვიცი, რა უნდა ვაკეთოთ თქვენ და მე
მისს დეშვუდების გარეშე, – წამოიძახა მისს ჯენინგსმა, როცა ის
პირველად ეწვია სტუმრად მას შემდეგ, რაც დების გამგზავრება
გადაწყდა, – პალმერებიდან ხომ ისინი პირდაპირ სახლში
326
გაემგზავრებიან და ჩვენ სრულიად მარტონი ვიქნებით, როცა მე შინ
დავბრუნდები. და ასე ვისხდებით და ერთმანეთს ვუყურებთ ორ
ძილმორეულ კატასავით.
შესაძლოა, მისს ჯენინგსს, ხატავდა რა ასეთ მეტყველ სურათს
მათი მომავალი მოწყენილობისა, იმედი ჰქონდა, ამ საშუალებით
ებიძგებინა პოლკოვნიკისათვის, ბედი ეცადა, რათა ამ უსიხარულო
პერსპექტივისთვის თავი აერიდებინა. თუ ეს ასე გახლდათ, მაშინ მას
შესაძლოა გაუჩნდა სრულიად დამსახურებული რწმენა იმისა, რომ
თავის მიზანს მიაღწია. როდესაც ელინორი ფანჯარასთან მივიდა,
სადაც მისთვის უფრო მოსახერხებელი იყო ზომების აღება იმ
გრავიურებისა, რომელთა ასლების გაკეთებას აპირებდა,
პოლკოვნიკი მტკიცე ნაბიჯებით გაჰყვა მას და რამდენიმე წუთის
განმავლობაში რაღაცაზე სერიოზულად ელაპარაკებოდა. მისის
ჯენინგსი ყურადღებით ადევნებდა თვალს, რა შთაბეჭდილებას
ახდენდა მისი სიტყვები ელინორზე, თუმცა პატივცემული ქალბატონი
იქამდე არაფრით დაეშვებოდა, რომ მიეყურადებინა, უფრო მეტიც, ის
წამოდგა და ახლოს დაჯდა მარიანასთან, რომელიც ფორტეპიანოზე
უკრავდა. და მაინც, მას არ შეეძლო არ შეენიშნა, რომ ელინორს სახე
შეეცვალა, პოლკოვნიკს დიდი ყურადღებით უსმენდა და გრავიურაც
კი გვერდზე გადადო. იმედი კიდევ უფრო განუმტკიცდა, როცა მუსიკა
წამიერად შეწყდა და ყური მოჰკრა პოლკოვნიკის ფრაზას,
რომლითაც ის ბოდიშს იხდიდა, რომ მისი სახლი შესაფერისი ვერ
იქნებოდა. კიდევ რაღა მტკიცებულება იყო საჭირო? მართალია, ცოტა
არ იყოს, გაუკვირდა, საერთოდ რატომ სჭირდება ასეთი
მობოდიშებაო, მაგრამ შემდეგ გაიფიქრა, ეს უბრალოდ ასეთ
შემთხვევებში მიღებული ფორმალობააო. ელინორის პასუხი მუსიკამ
ჩაახშო, მაგრამ მისი ტუჩების მოძრაობის მიხედვით ეტყობოდა, რომ
მან სახლის მდგომარეობას არავითარი მნიშვნელობა არ მიანიჭა და
მისის ჯენინგსმა ის თავის გულში ასეთი გულწრფელობისათვის
შეაქო. ისინი საუბარს განაგრძობდნენ, მაგრამ მას მეტი აღარაფერი

327
გაუგონია მანამ, სანამ მარიანამ ისევ არ გააკეთა პაუზა და
პოლკოვნიკმა წყნარი ხმით წარმოთქვა:
– ვშიშობ, რომ ეს შეიძლება არც ისე მალე მოხდეს.
ასეთი უგულო, ცივი პასუხით გაოცებულმა და აღშფოთებულმა
მისის ჯენინგსმა კინაღამ წამოიძახა: “ღმერთო, ნეტავ რა უშლის
ხელს!” მაგრამ დროულად შეიკავა თავი და გაიფიქრა: მართლაც რომ
გასაკვირია! რას უცდის, დაბერებას?
თუმცა პოლკოვნიკის მხრიდან ეს შეყოვნება მის მშვენიერ
თანამოსაუბრეს არც შეურაცხყოფად მიუღია და არც განაწყენებულა,
იმიტომ, რომ მისის ჯენინგსმა სავსებით მკაფიოდ გაიგონა მის მიერ
წარმოთქმული ფრაზა, როცა ისინი ფანჯარას მოშორდნენ. მისი ხმა
ნამდვილი გრძნობით იყო სავსე.
– მე ყოველთვის თქვენს მოვალედ ჩავთვლი თავს.
მადლობის ამ გამოხატვამ მისის ჯენინგსი აღაფრთოვანა, მაგრამ
ძალიან გააკვირვა იმან, რომ პოლკოვნიკმა მის მიმართ ნათქვამი
ასეთი სიტყვების შემდეგ საკუთარ თავში ძალა იპოვა და ელინორს
თითქმის მაშინვე სრულიად უშფოთველი სახით პასუხის გაუცემლად
დაემშვიდობა. ამას კი ნამდვილად ვერ იფიქრებდა, რომ მისი
მეგობარი ასეთი გულგრილი თაყვანისმცემელი აღმოჩნდებოდა!
სინამდვილეში კი მათ შორის აი, ასეთი საუბარი შედგა:
– მე გავიგე, – თქვა პოლკოვნიკმა ღრმა თანაგრძნობის
გამომხატველი ტონით, – როგორ უსამართლოდ და უგულოდ
მოექცნენ თქვენს ახალგაზრდა მეგობარს მისტერ ფერარსს მისი
ოჯახის წევრები. თუ არ ვცდები, ის მოიკვეთეს იმის გამო, რომ უარი
თქვა დაერღვია თავისი ნიშნობა ძალიან ღირსეულ ახალგაზრდა
ქალთან. შეცდომაში ხომ არ ვარ შეყვანილი? ხომ მართლა ასეა?
ელინორმა უპასუხა, რომ ეს სიმართლე იყო.
– რა სისასტიკეა, რა გაუაზრებელი სისასტიკე, – განაგრძო მან
ღრმა განცდით, – ერთმანეთს დააშორო ან შეეცადო დააშორო ორი
ახალგაზრდა, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ დიდი ხნის გრძნობა
აკავშირებთ. მისის ფერარსს არ ესმის, რას აკეთებს... არ ესმის,
328
საითკენ შეუძლია უბიძგოს საკუთარ შვილს. მე ორ-სამჯერ შევხვდი
მისტერ ფერარსს ჰარლი-სტრიტზე და ის ძალიან მომეწონა. ის არ
მიეკუთვნება იმ ახალგაზრდა კაცებს, რომელთა ახლო გაცნობა
მცირე დროში შეიძლება, თუმცა საკმაოდ კარგად შევძელი მისი
შეფასება საიმისოდ, რომ ბედნიერება მესურვებინა პირადად
მისთვის... და კიდევ, როგორც თქვენი ახლო მეგობრისათვის.
რამდენადაც მე გავიგე, ის აპირებს მღვდლად ეკურთხოს. თუ არ
შეწუხდებით, იქნებ გადასცეთ მას, რომ დელაფორდის სამრევლოში,
როგორც დილის ფოსტით შემატყობინეს, ახლა მღვდლის ადგილი
ვაკანტურია და თუ მას შესაფერისად მიიჩნევს, შეუძლია მისი
დაკავება. თუ მის ახლანდელ მდგომარეობას გავითვალისწინებთ,
დარწმუნებით შეიძლება თქვა, რომ უარს არ იტყვის. საუბედუროდ, ის
მდიდარ სამრევლოებს არ მიეკუთვნება, საკმაოდ პატარაა და
წელიწადში ორას გირვანქა სტერლინგზე მეტ შემოსავალს არ
შემოუტანს. ამ შემოსავლის გაზრდა ალბათ რამდენადმე შეიძლება,
მაგრამ არა იმდენად, რომ უზრუნველი ცხოვრებისთვის იქნეს
საკმარისი. ასეა თუ ისე, თუ მისი სურვილი იქნება, მზად ვარ
სამსახური გავუწიო. ძალიან გთხოვთ, ის ამაში დაარწმუნოთ.
ელინორს ამ დავალებაზე ბევრად მეტად ისიც კი არ
გაუკვირდებოდა, პოლკოვნიკს ხელი და გული მართლა რომ
შეეთავაზებინა. სულ რაღაც ორი დღის წინ მას ეჭვიც კი არ
ეპარებოდა, რომ ედვარდი განწირული იყო, ძალიან დიდხანს
დარჩენილიყო უმცროს მღვდლად და აი, მას სთავაზობდნენ
სამრევლოს, და მასთან ერთად საშუალებას, დაქორწინებულიყო. და
არა ვინმე სხვა, არამედ სწორედ ის, ის გამოარჩიეს მთელ
მსოფლიოში და ამ სასიამოვნო ახალი ამბის მისთვის გადაცემა
სთხოვეს. მისის ჯენინგსი თითქმის მიხვდა, თუ როგორმა გრძნობამ
მოიცვა ის, თუმცა სულ სხვა მიზეზს მიაწერა. და თუმცა ელინორის ამ
გრძნობაში ბევრი არცთუ სუფთა და სასიხარულო რამ იყო შერეული,
პოლკოვნიკის მიმართ პატივისცემა, მადლიერება მისი
გულკეთილობისა და ადამიანურობის გამო, რომელმაც უკარნახა მას
329
გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფს დახმარებოდა, კიდევ უფრო
გაუღრმავდა და მან ეს განცდა გულწრფელი და მგზნებარე სიტყვებით
გამოხატა. მთელი სულით და გულით მადლობა გადაუხადა, შეაქო
ედვარდის პრინციპულობა და ზნეობა, ისე, როგორც მისი აზრით ის
მართლაც იმსახურებდა. და შეჰპირდა, რომ მის თხოვნას
სიამოვნებით შეასრულებდა, თუ რა თქმა უნდა, თვით მას არ სურდა,
რომ ეს სასიამოვნო მისია საკუთარ თავზე აეღო. პოლკოვნიკზე
უკეთესად ხომ ამას ვერავინ გააკეთებდა. სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, ის უდავოდ ამჯობინებდა, ამ დავალების შესრულებისთვის
თავი აერიდებინა, რათა ედვარდისთვის ის ტკივილი აეცილებინა,
რომელიც მას არ შეიძლებოდა არ ეგრძნო, როცა ამ ახალ ამბავს მისი
ბაგეებიდან მოისმენდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ პოლკოვნიკ
ბრენდონსაც ასევე დელიკატური მიზეზების გამო არ სურდა მასთან
პირისპირ საუბარი და თხოვნა ისეთი დაჟინებით გაუმეორა, რომ მან
უარი ვეღარ უთხრა. ედვარდს, რამდენადაც ელინორმა იცოდა,
ლონდონი ჯერ დატოვებული არ ჰქონდა და ბედნიერი
შემთხვევითობის წყალობით ისე მოხდა, რომ მისს სტილმა მისი
მისამართი შეატყობინა, ამიტომ ის თვლიდა, რომ შეეძლო მასზე
დაკისრებული მოვალეობა დღის ბოლომდე შეესრულებინა. შემდეგ
პოლკოვნიკი იმის შესახებ ალაპარაკდა, თუ როგორ გაახარებდა
ასეთი პატივსაცემი და სასიამოვნო მეზობლის შეძენა და შემდეგ
სინანული გამოხატა იმის გამო, რომ მისი სახლი პატარა იყო და სხვა
მხრივაც შესაფერისი ვერ იქნებოდა, მაგრამ ელინორმა მისის
ჯენინგსს იმედი არ გაუცრუა და სახლის ზომას არავითარი
მნიშვნელობა არ მიანიჭა.
– ვფიქრობ, პატარა სახლი მათთვის უფრო შესაფერისიც
შეიძლება იყოს,რადგან ის პროპორციული იქნება მათი
მცირერიცხოვანი ოჯახის და მათი შემოსავლის.
პოლკოვნიკი გააკვირვა იმან, რომ ელინორის აზრით, მისტერ
ფერარსს როგორც კი მრევლი ეყოლებოდა, მაშინვე ცოლს
მოიყვანდა. თვითონ მას მიაჩნდა, რომ დელაფორდის სამრევლო ვერ
330
მოუტანდა ახალგაზრდა კაცს იმ შემოსავალს, რომელიც საშუალებას
მისცემდა, ცხოვრების მისთვის ჩვეული სტილით ეცხოვრა. და მან
თქვა ის, რაც გაიფიქრა.
– შემოსავალი იმდენად მცირე იქნება, რომ თითქმის მარტოხელა
ადამიანსაც კი ვერ უზრუნველყოფს. მხოლოდ მისი იმედით მისტერ
ფერარსი ვერ დაქორწინდება. ვწუხვარ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ
მე სხვა არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ჩემს განკარგულებაში სხვა
არაფერი არ არის. თუ რაღაც გაუთვალისწინებელი შემთხვევა
საშუალებას მომცემს, მას უფრო მეტად დავეხმარო, ჩემი აზრი მის
შესახებ ძალიან მკვეთრად უნდა შეიცვალოს, რომ არ გავაკეთო
მისთვის ის, რაც ახლა სულით და გულით მინდა, რომ გავუკეთო. რა
დახმარებასაც ახლა ვუწევ, ეს საერთოდ არაფერი არ არის და
ოდნავაც ვერ მიაახლოებს მას ერთადერთი და სანუკვარი მიზნის
განხორციელებასთან. არა, დაქორწინებას ის ნამდვილად ვერ
შეძლებს, ყოველ შემთხვევაში, ვშიშობ, ეს ძალიან მალე ვერ
მოხდება.
სწორედ ამ უკანასკნელმა ფრაზამ, არასწორად გაგებულმა,
შეურაცხყო მისის ჯენინგსის გრძნობები. მაგრამ პოლკოვნიკ
ბრენდონის და ელინორის ფანჯარასთან საუბრის ზუსტი გადმოცემის
შემდეგ, მადლიერება, რომელიც ამ უკანასკნელმა გამოხატა
განშორებისას, შეიძლებოდა საკმაოდ ემოციურად და ღირსეულად
მოსჩვენებოდა ადამიანს იმ შემთხვევაშიც კი, მისთვის მართლაც რომ
ხელი ეთხოვათ.

331
თავი 40

– აბა, მისს დეშვუდ, – თქვა მისის ჯენინგსმა


მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით, როგორც კი ისინი მარტონი
დარჩნენ, – მე არ გეკითხებით, რას გელაპარაკებოდათ პოლკოვნიკი.
სინდისს გეფიცებით, შევეცადე შორს დავმჯდარიყავი, მაგრამ
უნებურად რაღაც მაინც გავიგონე. დამიჯერეთ, ცხოვრებაში ასეთი
კმაყოფილი არასოდეს ვყოფილვარ. და მე მთელი სულით და გულით
გისურვებთ ყოველგვარ სიხარულს.
– გმადლობთ, მადამ, – თქვა ელინორმა, – ჩემთვის ეს მართლაც
დიდი სიხარულია და პოლკოვნიკ ბრენდონის სიკეთეს ძალიან
ვაფასებ. ცოტა ვინმე თუ მოიქცეოდა ასე! ასეთ გულისხმიერ ადამიანს
ძალიან იშვიათად თუ შეხვდები. მართლა ძალიან გამიკვირდა.
– ღმერთო დიდებულო! თქვენ ძალიან მორიდებული ხართ! მე კი
ეს ოდნავაც არ გამკვირვებია. მართალი გითხრათ, სწორედ ამას
ველოდი!
– ჰო, რა თქმა უნდა. თქვენ კარგად იცით პოლკოვნიკის კეთილი
გულის ამბავი. მაგრამ არავის შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა, რომ
შემთხვევა ასე მალე ჩაუვარდებოდა.
– შემთხვევა! – გაიმეორა მისის ჯენინგსმა. – თუ კაცი ასეთ
გადაწყვეტილებას მიიღებს, მას, ასე იქნება თუ ისე, შესაფერისი
შემთხვევა აუცილებლად ჩაუვარდება. ჰოდა, ჩემო ძვირფასო, ბევრ
და ბევრ სიხარულს გისურვებ ცხოვრებაში. და თუ ამქვეყნად
ბედნიერი წყვილები არსებობს, ეჭვიც არ მეპარება, რომ მალე ასეთს
ვიხილავ.
– და ამისთვის დელაფორდშიც კი გაემგზავრებით? – გაეღიმა
ელინორს.

332
– დიახ, ჩემო ძვირფასო, სწორედ ამას გავაკეთებ. რაც შეეხება
იმას, რომ სახლი ცუდია, არც კი ვიცი, პოლკოვნიკს ეს რამ ათქმევინა.
ასეთი კარგი სახლი იშვიათად მინახავს.
– მას უბრალოდ იმის თქმა უნდა, რომ ხელის შევლება სჭირდება.
– და მერე ეს ვისი ბრალია? რატომ აქამდე არ შეაკეთა. სხვა აბა
ვინ გაუკეთებდა?
ამ დროს ლაქია შემოვიდა და მოახსენა, რომ კარეტა ელოდა.
მისის ჯენინგსმა მაშინვე მომზადება დაიწყო, თან ლაპარაკს
განაგრძობდა:
– აჰ, ჩემო ძვირფასო, ჩემი წასვლის დროა. არადა, კიდევ რამდენი
რამ მქონდა სათქმელი. მაგრამ არა უშავს, საღამოს განვაგრძოთ,
როცა სულ მარტონი ვიქნებით. მე არ გთხოვთ ჩემთან ერთად
წამოხვიდეთ, თქვენ ახლა სულ სხვა ფიქრებით ხართ გართული და
კომპანიის გაწევის თავი არ გაქვთ. და, გარდა ამისა, ალბათ
მოუთმენლად გინდათ, ყველაფერი თქვენს დას მოუყვეთ.
(მარიანა ოთახიდან მათი საუბრის დაწყებამდე გავიდა.)
– რა თქმა უნდა, მადამ, მარიანას ამის შესახებ მოვუყვები, მაგრამ
სხვასთან არავისთან ვახსენებ.
– ჰოო, ძალიან კარგი, – თქვა იმედგაცრუებულმა მისის ჯენინგსმა,
– ესე იგი, თქვენ არ გინდათ, რომ ლიუსის ვუთხრა? ახლა
ჰოლბორნებთან ვაპირებდი შევლას.
– არა, მადამ, ლიუსისაც კი ნუ ეტყვით ამის შესახებ, ძალიან
გთხოვთ. ერთი დღით გადავადებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მე
ვაპირებ მისტერ ფერარსს მივწერო და ვფიქრობ, რომ სხვამ არავინ
არ უნდა იცოდეს ამის შესახებ. ახლავე დავჯდები წერილის
დასაწერად. მისთვის ხომ ყოველი საათი ძვირფასია. ჯერ მღვდლად
უნდა აკურთხონ.
ამ განმარტებამ მისის ჯენინგსი ძალიან გააოცა. მისთვის
სრულიად გაუგებარი იყო, რატომ უნდა მიეწერათ ამის შესახებ
მისტერ ფერარსისთვის და თანაც ასე საჩქაროდ, მაგრამ უცებ თავში
შესანიშნავი აზრი მოუვიდა და წამოიძახა:
333
– ოჰ, მესმის, მესმის თქვენი. ესე იგი, მისტერ ფერარსი იქნება ის
კაცი. მით უკეთესი მისთვის. ჰო, რა თქმა უნდა, ის სასწრაფოდ უნდა
ეკურთხოს მღვდლად და მე ძალიან მიხარია, რომ თქვენ შორის ეს
საკითხიც გადაწყვეტილია. მაგრამ, ჩემო ძვირფასო, თქვენგან
უხერხული ხომ არ არის? თვითონ პოლკოვნიკმა ხომ არ უნდა
მისწეროს? მისგან უფრო შესაფერისი იქნებოდა ამის გაკეთება.
ელინორისთვის მისის ჯენინგსის მონოლოგის დასაწყისი
გაუგებარი დარჩა, მაგრამ განმარტებები აღარ მოუთხოვია და
მხოლოდ უკანასკნელ კითხვას უპასუხა:
– პოლკოვნიკი ბრენდონი იმდენად დელიკატური ადამიანია, რომ
მისთვის უხერხულია, თვითონ შეატყობინოს მისტერ ფერარსს თავისი
განზრახვის შესახებ.
– და თქვენ მოგანდოთ ამის გაკეთება? ცოტა არ იყოს, უცნაური
დელიკატურობაა. მაგრამ მე თქვენ ხელს არ შეგიშლით (ელინორი
უკვე ემზადებოდა წერილის დასაწერად). თქვენი საქმე თქვენ უკეთ
იცით. ასე რომ, ნახვამდის ჩემო ძვირფასო მეგობარო. ამაზე კარგი
არაფერი მსმენია მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ შარლოტამ
მშვიდობიანად იმშობიარა.
მისის ჯენინგსი ოთახიდან გავიდა, მაგრამ მაშინვე უკან დაბრუნდა.
– მე ახლა ბეტის დაზე ვფიქრობდი, ჩემო ძვირფასო. ჩემთვის
ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, ის ასეთ კარგ ქალბატონთან მომეწყო
სამუშაოდ. მაგრამ, პირდაპირ გეტყვით, დარწმუნებული არ ვარ,
ივარგებს თუ არა შინამოსამსახურედ. როგორც მოახლე, ის
შესანიშნავია და კერვაშიც ძალიან დაოსტატებულია. თუმცა თქვენ
გექნებათ საშუალება, ყველა წვრილმანზე იფიქროთ.
– ჰო, რა თქმა უნდა, მადამ, – უპასუხა ელინორმა, რომელიც მას
თითქმის აღარ უსმენდა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რაც
შეიძლებოდა მალე დარჩენილიყო მარტო.
როგორ უნდა დაეწყო ედვარდისადმი გასაგზავნი წერილი, როგორ
უნდა ჩამოეყალიბებინა თავისი სათქმელი? – აი, რა აწუხებდა ახლა
მას. ერთი შეხედვით, თითქოს ამაზე იოლი რა უნდა ყოფილიყო,
334
მაგრამ საქმეს მათი თავისებური ურთიერთობა აძნელებდა. მას არც
მეტისმეტად ბევრი უნდოდა ეთქვა და არც მეტისმეტად ცოტა, და
კალმით ხელში ფურცელზე იყო გადახრილი, როცა ფიქრები თვითონ
ედვარდის გამოჩენამ შეაწყვეტინა.
ის გამოსათხოვარი ვიზიტის ნაცვლად, მხოლოდ ბარათის
დატოვებას აპირებდა, მაგრამ კართან მისის ჯენინგსს შეხვდა,
რომელიც ეკიპაჟისკენ მიიჩქაროდა. დიასახლისმა მოიბოდიშა, რომ
არ შეეძლო უკან მასთან ერთად დაბრუნებულიყო და დაჟინებით
სთხოვა მას, სასტუმრო ოთახში შესულიყო და გასაუბრებოდა მისს
დეშვუდს, რომელსაც მასთან ძალიან მნიშვნელოვანი და
გადაუდებელი საქმე ჰქონდა. სწორედ იმ წუთს, როცა ელინორი თავს
იმით ინუგეშებდა, რაც უნდა იყოს, წერილის მიწერა ბევრად უფრო
ადვილია, ვიდრე პოლკოვნიკის დავალების სიტყვიერად გადაცემაო,
კარებში ედვარდი გამოჩნდა და ის უფრო მძიმე განსაცდელისთვის
გასწირა. მისმა მოულოდნელმა გამოჩენამ ძალიან გააკვირვა და
დააბნია. მათ ერთმანეთი მას შემდეგ არ ენახათ, რაც ედვარდის
ნიშნობის ამბავი გახმაურდა და ის, რა თქმა უნდა, თვლიდა, რომ ეს
ელინორისთვის ახალი ამბავი იქნებოდა. ასეთმა უხერხულობამ, მის
იმ ფიქრებთან ერთად, რომ აუცილებელი იყო პოლკოვნიკის
დავალება შეესრულებინა, ის ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
თავს უკეთესად არც ედვარდი გრძნობდა და რამდენიმე წუთის
განმავლობაში ისინი ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ ძალიან
დაბნეულები და თავს საშინლად უხერხულად გრძნობდნენ. ედვარდს
ისიც კი ვერ გაეხსენებინა, ბოდიში მოიხადა თუ არა შემოჭრისათვის,
როცა სასტუმრო ოთახში შევიდა. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ყველა
წესების დაცვით ითხოვა მიტევება იმის შემდეგ, რაც სკამზე დაჯდა და
ლაპარაკი დაიწყო.
– მისის ჯენინგსმა მითხრა, – თქვა მან, – რომ თქვენ გსურთ
რაღაცის შესახებ მელაპარაკოთ... ანუ, თუ მე სწორად გავიგე...
სხვაგვარად, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს ნებას არ მივცემდი, ასე
უცერემონიოდ შემოვსულიყავი. თუმცა ჩემთვის ძალიან სამწუხარო
335
იქნებოდა ლონდონიდან ისე წავსულიყავი, რომ თქვენ და თქვენს დას
არ დაგმშვიდობებოდით, მით უმეტეს, რომ ალბათ არცთუ მალე... მით
უმეტეს, რომ თქვენთან შეხვედრის სიამოვნება ალბათ კარგა ხანს
აღარ მექნება. ხვალ ოქსფორდში მივემგზავრები.
– მაგრამ თქვენ ისე ვერ წახვიდოდით, – თქვა ელინორმა, როცა
საკუთარი თავის ხელში აყვანა შეძლო და გადაწყვიტა, რაც
შეიძლებოდა სწრაფად მოელია ყველაზე საშინელი, რისი თქმაც
უწევდა, – თუ ჩვენ საუკეთესო სურვილებით არ გაგაცილებდით,
მაშინაც კი, თუ ამის გაკეთებას პირადად ვერ მოვახერხებდით. მისის
ჯენინგსს თქვენ ძალიან კარგად გაუგეთ. მე მართლაც მსურს თქვენ
რაღაც მნიშვნელოვანი შეგატყობინოთ და მსურდა ეს ქაღალდისთვის
მიმენდო. მე ერთი (აქ მას სუნთქვა აუჩქარდა) ჩემთვის ძალიან
სასიამოვნო საქმის შესრულება დამავალეს. პოლკოვნიკმა
ბრენდონმა, რომელიც სულ რაღაც ათიოდე წუთის წინ აქ
იმყოფებოდა, მთხოვა გადმომეცა, რომ ძალიან მოხარული იქნებოდა,
იმ შემთხვევაში, თუ მღვდლად ეკურთხებოდით, თქვენთვის
შემოეთავაზებინა დელაფორდის სამრევლო, სადაც ახლა ადგილი
ვაკანტურია. მხოლოდ იმას წუხს, რომ იქ შემოსავალი არცთუ ისე
დიდია. მინდა გულითადად მოგილოცოთ, რომ ასეთი კეთილშობილი
და ერთგული მეგობარი გყავთ და მეც, მასთან ერთად, გისურვოთ,
რომ შემოსავალი, რომელიც წელიწადში ორას გირვანქა სტერლინგს
შეადგენს, არა მხოლოდ დროებითი საყრდენი ყოფილიყოს
თქვენთვის, არამედ რაც შეიძლება სწრაფად გაზრდილიყოს. ეს
საშუალებას მოგცემდათ მიგეღწიათ ბედნიერებისათვის,
რომლისკენაც თქვენ ილტვით.
არავის შეეძლო იმის გამოხატვა, რაც იმ წამს ედვარდმა იგრძნო,
თვით მასაც კი. სახეზე ისეთი გაოცება ეწერა, რომელიც ასეთ
მოულოდნელ და გაუთვალისწინებელ, მაგრამ სასიამოვნო
შეტყობინებას შეიძლებოდა გამოეწვია. მან მხოლოდ ორი სიტყვა
წარმოთქვა:
– პოლკოვნიკი ბრენდონი!
336
– ჰო, – უპასუხა ელინორმა, რამდენადმე გამხნევებულმა.
ყველაზე უარესი ხომ უკვე უკან დარჩა. – პოლკოვნიკი ბრენდონი
ასეთი სახით გამოხატავს თავის თანაგრძნობას იმის გამო, რაც ცოტა
ხნის წინ შეგემთხვათ... იმ მძიმე მდგომარეობის გამო,
რომლისთვისაც თქვენმა ოჯახმა გაგწირათ. ის ძალიან წუხს და ამ
გრძნობას ყველა მისი მეგობარი იზიარებს, მათ შორის, მეც და
მარიანაც. ეს არის გამოხატულება მისი ღრმა პატივისცემისა თქვენ
მიმართ და მოწონება იმ თვისებებისა, რაც თქვენ გამოავლინეთ
ძალიან რთულ სიტუაციაში.
– პოლკოვნიკი ბრენდონი მე სამრევლოს მთავაზობს. ნუთუ ეს
შესაძლებელია?
– იმის გამო, რომ ახლობლები უკეთურად მოგექცნენ, გიკვირთ,
რომ დახმარების ხელი სხვებმა გამოგიწოდეს!
– არა, – უპასუხა მან. ისევ შეცბუნებული ჩანდა, – თქვენი
მეგობრობა არ მაკვირვებს. განა არ ვიცი, რომ ყველაფერს თქვენ
უნდა გიმადლოდეთ, თქვენს სიკეთეს. ჩემი გრძნობები... მე მათ
გამოვხატავდი, რომ შემეძლოს. მაგრამ ხომ იცით, მჭერმეტყველების
უნარით დაჯილდოებული არ ვარ.
– თქვენ ძალიან ცდებით. გარწმუნებთ, რომ ამას უნდა
უმადლოდეთ მხოლოდ... ყოველ შემთხვევაში – თითქმის მთლიანად,
საკუთარ ღირსებებს და პოლკოვნიკ ბრენდონს, რომელმაც ის
დაინახა და დააფასა. მე აქ არაფერ შუაში ვარ. ის, რომ ადგილი
ვაკანტურია, მხოლოდ პოლკოვნიკ ბრენდონისგან შევიტყვე და
მხოლოდ მას შემდეგ, რაც თვითონ ამიხსნა, რა განზრახვა ჰქონდა.
საერთოდ, ისიც კი არ ვიცოდი, რომ მის განკარგულებაში სამრევლო
იყო. როგორც ჩემმა მეგობარმა, როგორც მთელი ჩემი ოჯახის
მეგობარმა... არა, მე ვიცი, რომ მან ეს თქვენთვის დიდი სიამოვნებით
გააკეთა. სრულ სიმართლეს გეუბნებით, ჩემი შუამდგომლობა აქ
არაფერ შუაშია, მე მისთვის არ მითხოვია.
სიმართლის გულისთვის ის იძულებული იყო ეღიარებინა, რომ
მცირეოდენი როლი მანაც შეასრულა, მაგრამ სულაც არ სურდა,
337
ედვარდის თვალში კეთილისმყოფლად გამოჩენილიყო. ამიტომ ამის
შესახებ უხალისოდ ახსენა მხოლოდ, რის გამოც ედვარდს ეჭვი კიდევ
უფრო გაუძლიერდა. როცა ელინორი გაჩუმდა, ის ცოტა ხანს
ჩაფიქრებული იჯდა და შემდეგ თითქოს ნაძალადევად წარმოთქვა:
– პოლკოვნიკი ბრენდონი მართლა კეთილშობილი და
ყოველმხრივ ღირსეული ადამიანი ჩანს. მის შესახებ მხოლოდ
საქებარი სიტყვები გამიგონია და ვიცი, რომ თქვენი ძმაც ძალიან
მაღალი აზრისაა მასზე. ეჭვი არ არის, რომ ის გონიერი ადამიანი და
ნამდვილი ჯენტლმენია.
– მართლაც ასეა, – უპასუხა ელინორმა, – უფრო ახლოს
გაცნობისას თქვენ უეჭველად დარწმუნდებით, რომ ის სწორედ
ასეთია, როგორიც წარმოგიდგენიათ იმის მიხედვით, რაც მასზე
გაგიგონიათ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ
უახლოესი მეზობლები იქნებით. როგორც მითხრეს, მისი სახლიდან
პასტორის სამყოფლამდე საკმაოდ მცირე მანძილია.
ედვარდმა არაფერი უპასუხა, მაგრამ, როცა ელინორმა სახე
მიაბრუნა, მას ტკივილით და სევდით სავსე მზერა მიაპყრო,
რომლითაც თითქოს ამბობდა, ნეტავ ეს მანძილი ბევრად უფრო
გრძელი იყოსო.
– პოლკოვნიკი ბრენდონი, როგორც ვიცი, სენტ-ჯეიმზ-სტრიტზე
ცხოვრობს, – თქვა მან და წამოდგა.
ელინორმა მას სახლის მისამართი უთხრა.
– უნდა ვიჩქარო, რომ მოვასწრო და გადავუხადო მადლობა,
რომელიც თქვენ არ მოისურვეთ მოგესმინათ, და ვუთხრა, რომ მან
ძალიან... ამქვეყნად ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაქცია.
ელინორს მისი შეყოვნება არ უცდია და დამშვიდობებისას
დაარწმუნა, რომ მუდამ ბედნიერებას უსურვებდა მას, როგორც არ
უნდა წარმართულიყო მისი ბედი. ედვარდი შეეცადა ასეთივე კეთილი
სურვილები გამოეხატა მის მიმართ, მაგრამ შესაფერისი სიტყვები ვერ
იპოვა.

338
“როცა მას ისევ ვნახავ, – უთხრა ელინორმა საკუთარ თავს და
გახედა კარს, რომელიც ედვარდის უკან მიიხურა, – ის უკვე ლიუსის
ქმარი იქნება”.
ასეთი სასიამოვნო ამბის მოლოდინში, კვლავ სავარძელში ჩაჯდა,
რომ წარსულზე ეფიქრა. ედვარდის მიერ ნათქვამ სიტყვებს
იხსენებდა, ცდილობდა მის გრძნობებს ჩასწვდომოდა და, რა თქმა
უნდა, თავისი განცდებიც ახსენდებოდა, ძალიან უსიხარულო.
როცა მისის ჯენინგსი აქამდე მისთვის უცნობ ადამიანებთან დილის
ვიზიტის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა მოსაყოლი ბევრი ჰქონდა,
იმდენად გართული იყო ფიქრით იმ მნიშვნელოვან საიდუმლოზე,
რომელსაც მის წინაშე ფარდა აეხადა, რომ ელინორის
დანახვისთანავე მასზე ალაპარაკდა.
– აბა, ჩემო ძვირფასო, – წამოიძახა მან, – მე ის თქვენი
ახალგაზრდა კაცი გამოგიგზავნეთ. სწორად მოვიქეცი თუ არა? მე
მგონი, რაიმე სიძნელე არ შემიქმნია თქვენთვის. უარი ხომ არ
უთქვამს თქვენი შეთავაზების მიღებაზე?
– არა, მადამ, ეს არც იყო მოსალოდნელი.
– და მალე იქნება მზად ამისთვის? როგორც ჩანს, ახლა
ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.
– ასეთ რამეებში მე იმდენად ცუდად ვერკვევი, რომ ვარაუდის
გამოთქმასაც კი ვერ გავბედავ იმის შესახებ, თუ რა დრო და როგორი
მომზადება დასჭირდება ამისათვის. მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ
მღვდლად ალბათ ორი-სამი თვის შემდეგ აკურთხებენ.
– ორი-სამი თვე! – წამოიძახა მისის ჯენინგსმა, – ღმერთო
შემიწყალე! როგორ წყნარად ლაპარაკობ ამის შესახებ. და
პოლკოვნიკი ამდენ ხანს მოიცდის? ღმერთო მიშველე! მე,
დარწმუნებული ვარ, მოთმინება არ მეყოფოდა. და რაც არ უნდა
სასიამოვნო იყოს საწყალი მისტერ ფერარსისთვის სიკეთის გაკეთება,
მის გამო ორი თვით მოცდა, ეს უკვე მეტისმეტია. ბოლოს და ბოლოს,
ხომ შეუძლია სხვა ვინმე იპოვოს, მასზე არანაკლები და ისეთი, ვინც
უკვე მღვდლად არის ნაკურთხი.
339
– რას ამბობთ, ჩემო ძვირფასო მადამ, – თქვა ელინორმა, –
პოლკოვნიკ ბრენდონის მიზანი ხომ ის არის, რომ მისტერ ფერარსს
დაეხმაროს.
– ჩემი საყვარელო, თქვენ გინდათ დამაჯეროთ, თითქოს
პოლკოვნიკი მხოლოდ იმიტომ ქორწინდება თქვენზე, რომ მისტერ
ფერარსს ათი გინეა გადაუხადოს?
გაუგებრობა მეტად აღარ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო.
დაიწყო ახსნა-განმარტებები, რომელმაც ორივე მოსაუბრე ძალიან
გაამხიარულა, საწყენი კი არც ერთ მათგანს არაფერი დარჩენია.
მისის ჯენინგსმა, უბრალოდ, სიხარულის ერთი მიზეზი მეორით
შეცვალა და ფარულად იმედიც არ დაუკარგავს; ფიქრობდა, იქნებ
მხოლოდ ის არის, რომ მოვლენებს წინ გავუსწარიო.
– დიახ, დიახ, მღვდლის სახლი იქ მართლაც პატარაა, – თქვა მან
მას შემდეგ, რაც ემოციების პირველმა ქარიშხალმა გადაიარა, – და
შეკეთებას ალბათ მართლაც საჭიროებს. მაგრამ გაიგონო, თითქოს
ადამიანი ბოდიშს იხდის, როგორც მე მომეჩვენა, იმ სახლის
სივიწროვისთვის, ხუთი სასტუმრო ოთახი რომ აქვს პირველ
სართულზე, (და ეს მე დანამდვილებით ვიცი) და სადაც შეიძლება – ეს
მნე ქალმა მითხრა – თხუთმეტი საწოლი დაიდგას!.. და თანაც თქვენ
წინაშე, თქვენ ხომ ბარტონის კოტეჯს არასოდეს უჩიოდით. როგორ არ
გამიკვირდებოდა ამის გაგონება! მაგრამ, ჩემო ძვირფასო, ჩვენ ახლა
უნდა შევეცადოთ, რომ პოლკოვნიკს მღვდლის სახლი
შევაკეთებინოთ, მოვამზადებინოთ მათთვის, სანამ ლიუსი იქ ჩავა.
– პოლკოვნიკი ბრენდონი თვლის, რომ შემოსავალი მეტისმეტად
მცირეა საიმისოდ, რომ მათ დაქორწინების საშუალება მისცეს.
– პოლკოვნიკი სისულელეს ლაპარაკობს, ჩემო ძვირფასო.
რადგან თვითონ წელიწადში ორი ათასი აქვს, ფიქრობს, რომ ამაზე
ნაკლებით ცხოვრება აღარ შეიძლება. დამიჯერეთ, თუ ცოცხალი
ვიქენი, მიქაელის დღემდე ვეწვევი დელაფორდის სამრევლოს,
თუმცა, თუ ლიუსი არ იქნება იქ, მაშინ რა მინდა, რისთვის წავიდე.
ელინორიც დაეთანხმა, რომ ქორწილს ალბათ არ გადადებდნენ.
340
თავი 41

ედვარდმა პოლკოვნიკ ბრენდონს მადლობა გადაუხადა და


ლიუსისთან წავიდა, რათა მისთვის სასიხარულო ამბავი ეცნობებინა.
როცა ბარტლეტის სახლამდე მიაღწია, იმდენად იყო ბედნიერებით
სავსე, რომ ლიუსი მეორე დღეს მასთან სტუმრად მისულ მისის
ჯენინგსს არწმუნებდა, ასეთი გახარებული მე ის არასოდეს მინახავსო.
ისიც ნათელი იყო, რომ თვითონაც ბედნიერად გრძნობდა თავს და
მომავალს იმედის თვალით უცქერდა. აღტაცებით იზიარებდა მისის
ჯენინგსის აზრს იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ მიქაელის დღემდე
ყველანი დელაფორდის საეკლესიო სახლის მყუდრო ჭერქვეშ
შეხვდებოდნენ ერთმანეთს. ამავე დროს, მას თავი არ აურიდებია
იმისთვის, რომ ელინორისთვის ჯეროვანი მიეზღო. პირიქით, ძალიან
თბილად ლაპარაკობდა ელინორის მეგობრულ განწყობაზე ორივე
მათგანის მიმართ; სიამოვნებით აღიარებდა, რომ ვალში იყვნენ მის
მიმართ და პირდაპირ განაცხადა, რომ არ გააკვირვებდა მისს
დეშვუდის არავითარი მცდელობა ახლა ან მომავალში, დახმარება
აღმოეჩინა მათთვის, რადგან მისს დეშვუდს, როგორც ის მტკიცედ იყო
დარწმუნებული, შეეძლო ამქვეყნად ყველაფერი გაეკეთებინა
მათთვის, ვისზეც გული შეტკიოდა. პოლკოვნიკ ბრენდონის წინაშე კი
ის არა მხოლოდ მზად იყო მუხლი მოეყარა, თითქოს ის წმინდანი
ყოფილიყოს, არამედ მთელი სულით და გულით სურდა
გაეთავისუფლებინა ის ამაო ცხოვრებისეული საზრუნავებისგან,
რომლებზე ფიქრიც წმინდანს არ შეჰფერის. სურდა პოლკოვნიკის
სამრევლოს არეალი გაზრდილიყო, რამდენადაც შეიძლებოდა,
თავისთვის კი გადაწყვიტა, როგორც კი დელაფორდში
დაფუძნდებოდა, ეცადა რამდენადაც შეძლებდა, პოლკოვნიკის
მსახურები, ეტლი, ძროხები და ფრინველები თავის განკარგულებაში
ჰყოლოდა.

341
უკვე ერთ კვირაზე მეტი იყო გასული მას შემდეგ, რაც ჯონ დეშვუდი
ბერკლი-სტრიტზე ეწვიათ, მისმა დებმა კი მისი ცოლის ავადმყოფობა
უყურადღებოდ დატოვეს – მხოლოდ ერთხელ იკითხეს მის შესახებ.
ელინორმა იგრძნო, რომ მათთან ვიზიტის გადადება არაფრით აღარ
შეიძლებოდა, თუმცა არავითარი სურვილი არ ჰქონდა, ეს მოვალეობა
აღესრულებინა და არც მარიანას და მისის ჯენინგსს გამოუხატავთ
ამის გაკეთების სურვილი. პირველმა არა მხოლოდ გადაჭრით თქვა
უარი რძლის მოსანახულებლად წასულიყო, არამედ ყოველნაირად
ცდილობდა, დისთვის განზრახვის შესრულება გადაეთქმევინებინა.
მისის ჯენინგსი, მართალია, მზად იყო თავისი ეკიპაჟი ელინორისთვის
ნებისმიერ დროს დაეთმო, მაგრამ მისის ჯონ დეშვუდის მიმართ ისეთი
ზიზღით იყო გამსჭვალული, რომ მის სანახავად წასვლა არ ისურვა.
თუმცა კი აინტერესებდა, როგორ გამოიყურებოდა ის სკანდალის
შემდეგ და ძალიან უნდოდა შეურაცხყოფა მიეყენებინა მისთვის
ედვარდისადმი მხარდაჭერის აშკარად გამოხატვით. ელინორი
იძულებული გახდა, ჰარლი-სტრიტზე მარტო წასულიყო, რითაც
საკუთარი თავი ერთი-ერთზე შეხვედრისთვის გაწირა ქალთან,
რომელსაც ვერ იტანდა და ამისთვის ბევრად მეტი მიზეზი ჰქონდა,
ვიდრე მარიანას და მისის ჯენინგსს.
ლაქიამ სტუმრებს მოახსენა, რომ მისის დეშვუდი არავის იღებდა,
მაგრამ ეკიპაჟმა დაძვრაც ვერ მოასწრო, როცა კარში მისტერ ჯონ
დეშვუდი გამოჩნდა. მან დიდი სიხარული გამოხატა ელინორის
დანახვის გამო, შეატყობინა მას, რომ სწორედ ახლა მიდიოდა
ბერკლი-სტრიტზე და შინ შეიპატიჟა. ფანის ძალიან გაუხარდებაო,
არწმუნებდა.
ისინი სასტუმრო ოთახში ავიდნენ.
– ფანი ალბათ თავის ოთახში იქნება, – თქვა მან, – ახლავე შევალ
მასთან, რადგან დარწმუნებული ვარ, თქვენი ნახვის საწინააღმდეგო
არაფერი ექნება. არა, რა თქმა უნდა, არა, და მით უმეტეს ახლა,
თუმცა თქვენ ყოველთვის მისი დიდი ფავორიტი იყავით. და მარიანა
რატომ არ მოვიდა?
342
ელინორმა მობოდიშების რაღაც სიტყვები წაიდუდუნა.
– თუმცა არ ვწუხვარ, რომ მარტოს გხედავ, – თქვა მისტერ ჯონ
დეშვუდმა, – იმიტომ, რომ თქვენთან ბევრი სალაპარაკო მაქვს.
პოლკოვნიკი ბრენდონი... ნუთუ ეს მართალია? მართლა შესთავაზა
ვაკანტური ადგილი სამრევლოში? გუშინ სრულიად შემთხვევით
გავიგონე ამის შესახებ, და ახლა თქვენთან მოვდიოდი იმის
გასაგებად, თუ რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს.
– ჰო, ეს სიმართლეა, პოლკოვნიკი ბრენდონი დელაფორდის
სამრევლოს ედვარდს გადასცემს.
– მართლა? ძალიან გასაკვირი ამბავია. ისინი ხომ ნათესავები არ
არიან! არც კი იცნობენ ერთმანეთს! და ეს ახლა, როცა სამრევლოს
ფასი საკმაოდ დიდია. რამდენი შემოაქვს წელიწადში?
– დაახლოებით ორასი გირვანქა სტერლინგი.
– სულაც არ არის ცოტა. თუ მღვდელი მოხუცი და ავადმყოფია, ანუ
ვაკანსია მალე უნდა გაჩნდეს, მფლობელს შეუძლია სამრევლო
წინასწარ გაყიდოს და მიიღოს მისთვის... ათას ოთხასი გირვანქა
სტერლინგი. რატომ მოხუცის სიკვდილამდე ვერ მოაგვარა ეს საქმე?
ახლა მისი გაყიდვა მართლა გვიანია. ისეთი გონიერი ადამიანი,
როგორიც პოლკოვნიკი ბრენდონია! შეეძლო, მეტი წინდახედულობა
გამოეჩინა. საქმე ხომ უბრალო და ჩვეულებრივ რაიმეს ეხებოდა. რას
იზამ, ადამიანები ხომ ერთმანეთისგან განსხვავდებიან და მათი
ქცევებიც შეიძლება წინააღმდეგობრივი იყოს. თუმცა ახლა
ყველაფერი გავიაზრე და მე მგონი, ვხვდები. სამრევლო ედვარდს
დროებით გადაეცემა, სანამ ის პირი, ვისაც პოლკოვნიკმა ის მიჰყიდა,
სათანადო ასაკს არ მიაღწევს. ჰო, ჰო, სწორედ ასეა. შეგიძლიათ
დამიჯეროთ.
თუმცა მისი ეს დასკვნა ელინორმა გადაჭრით უარყო და განმარტა,
რომ ედვარდისთვის პოლკოვნიკის წინადადების გადაცემა მას
მიანდეს და ამიტომ არ შეიძლებოდა პირობები არ სცოდნოდა და ძმას
მხოლოდ ისღა დარჩენოდა, დასთანხმებოდა, რომ ის ამ საქმეში უკეთ
იყო ჩახედული.
343
– მართლაც რომ გასაოცარია, – წამოიყვირა მან მას შემდეგ, რაც
ელინორს მოუსმინა, – და რა მოტივი შეიძლებოდა ჰქონოდა
პოლკოვნიკ ბრენდონს, ასე მოქცეულიყო?
– ძალიან უბრალო: სურვილი, დახმარება აღმოეჩინა მისტერ
ფერარსისათვის.
– ჰო... ჰო... როგორი აზრიც არ უნდა გვქონდეს პოლკოვნიკ
ბრენდონზე, ედვარდი ძალიან იღბლიანი კაცი ყოფილა.
აჯობებს,ფანისთან ამის შესახებ სიტყვა არ დაძრათ. თუმცა კი
წინასწარ შევამზადე და ამ ამბავს ვაჟკაცურად შეხვდა. მაგრამ ეჭვი არ
არის, ამაზე საუბარი მისთვის უსიამოვნო იქნება.
ელინორმა ძლივს მოახერხა თავის შეკავება და არ უთხრა, რომ
ფანის სულაც არ უნდა სწყენოდა, რომ მის ძმას სამრევლოს
გადასცემდნენ, ეს ხომ არც მას და არც მის ვაჟიშვილს მატერიალურ
ზარალს არ მიაყენებდა.
– მისის ფერარსმა, – დასძინა ჯონ დეშვუდმა ხმადაბლა, –
ჯერჯერობით არაფერი იცის და დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი
იქნება, თუ ამის შესახებ რაც შეიძლება დიდხანს არ შეიტყობს...
თუმცა, როცა ისინი შეუღლდებიან, ვშიშობ, რომ ყველაფერს გაიგებს.
– მაგრამ რა საჭიროა სიფრთხილის ასეთი ზომების მიღება? რა
თქმა უნდა, მისის ფერარსს არ გაუხარდება, თუ მის შვილს რაღაც
სარჩო-საბადებელი გაუჩნდება და მე ამაში ეჭვი ოდნავაც არ
მეპარება. თუ მისი საქციელის მიხედვით ვიმსჯელებთ, სრული
გულგრილობის გარდა, ედვარდის მიმართ მისგან არაფერს არ უნდა
მოველოდეთ. მან უარი თქვა საკუთარ ვაჟიშვილზე და აიძულა ყველა,
ვისზეც კი რაღაც გავლენა ჰქონდა, მასთან ურთიერთობა გაეწყვიტა.
როგორ შეიძლება იმის წარმოდგენაც კი, რომ ასეთი საქციელის
შემდეგ ის ან წუხდეს, ან უხაროდეს რამე ედვარდთან დაკავშირებით.
როგორც ჩანს, შვილის ბედი მისთვის სულერთია. საეჭვოა,
სულიერად ის იმდენად სუსტი იყოს, რომ უარი თქვა რა ნუგეშზე,
რასაც შვილი წარმოადგენს მშობლისათვის, დედობრივი
მზრუნველობა მაინც შეინარჩუნა მის მიმართ.
344
– აჰ, ელინორ, შენი მსჯელობა თითქოს ძალიან კარგია, მაგრამ ის
ადამიანის ბუნების არცოდნაზეა დამყარებული. დარწმუნებული იყავი,
რომ როცა ეს არასახარბიელო ქორწინება შედგება, დედის
გრძნობებისათვის არავითარი განსხვავება არ იქნება, უარი თქვა თუ
არა მან თავის შვილზე. ამიტომ საჭიროა მისგან დაფარულ იქნას
ყველაფერი, რასაც შეუძლია დააჩქაროს ეს საშინელი მოვლენა.
მისის ფერარსი ვერ დაივიწყებს, რომ ედვარდი მისი ვაჟიშვილია.
– თქვენ მე მართლა მაკვირვებთ. თითქოს ამ დროისთვის ეს
ამბავი უკვე საერთოდ წაშლილი უნდა იყოს მისი გონებიდან.
– შენ მეტისმეტად უსამართლო ხარ მის მიმართ. მისის ფერარსი
ამქვეყნად ყველაზე მოყვარული დედაა.
ელინორს ხმა არ ამოუღია.
– ახლა, – განაგრძო მისტერ დეშვუდმა ხანმოკლე პაუზის შემდეგ,
– ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რომ მისს მორტონზე რობერტი
დაქორწინდეს.
ელინორს გაეღიმა იმ სერიოზული და მედიდური ტონის გამო, ძმის
ხმაში რომ ისმოდა და წყნარად უპასუხა:
– როგორც ჩანს, ამ საქმეში თვითონ ლედის არავითარ არჩევანს
არ უტოვებენ.
– არჩევანს? რას გულისხმობ?
– მხოლოდ იმას, რომ თქვენი სიტყვების მიხედვით თუ
ვიმსჯელებთ, მისს მორტონისათვის საერთოდ არავითარი
მნიშვნელობა არა აქვს, ედვარდს გაჰყვება ცოლად თუ რობერტსს.
– რა თქმა უნდა. რა განსხვავება შეიძლება იყოს. ახლა ხომ
რობერტი ჩაითვლება უფროს ვაჟიშვილად აქედან გამომდინარე
ყველა შედეგით. რაც შეეხება ყველაფერ დანარჩენს, ორივე
სასიამოვნო ახალგაზრდა კაცია და ვერ ვხედავ, რომ ერთი მეორეს
რაიმეთი აღემატებოდეს.
ელინორმა არაფერი უპასუხა და ჯონიც ცოტა ხანს დუმდა. მის
ჩაფიქრებას შემდეგი მონოლოგი მოჰყვა:

345
– ერთ რამეში კი შემიძლია დაგარწმუნო, ჩემო ძვირფასო დაო, –
როგორღაც უსიამოვნო ჩურჩულით თქვა მან და მისი ხელი აიღო, –
და ამას აუცილებლად გავაკეთებ, რადგან ვიცი, რომ შენ ეს
მოგეწონება. მე სრული საფუძველი მაქვს მივიჩნიო, ანუ ეს მე ძალიან
საიმედო წყაროდან ვიცი, წინააღმდეგ შემთხვევაში ხმას არ
ამოვიღებდი, რადგან სრულიად მიუღებელია ასეთი რამ ჰაერზე
ილაპარაკო... მაგრამ მე ყველაზე საიმედო წყაროდან ვიცი...
უშუალოდ მისის ფერარსისაგან არ გამიგონია, მაგრამ მან თავის
ქალიშვილს უთხრა, მე კი მისგან შევიტყვე... მოკლედ რომ ვთქვა, რაც
არ უნდა უარყოფით დამოკიდებულებას იწვევდეს მასში გარკვეული...
გარკვეული კავშირი... ხომ გესმის, რასაც ვამბობ...ის მაინც ბევრად
უმჯობესი იქნებოდა მისთვის და ასე არ გაანაწყენებდა, როგორც
ახლანდელი. მე უსაზღვროდ გამიხარდა იმის გაგონება, რომ მისის
ფერარსი ამ საკითხს ასე უყურებს... სავსებით დამაკმაყოფილებლად
ყველა ჩვენგანისათვის. “აჰ, ეს შეუდარებლად უკეთესი იქნებოდა, –
თქვა მან, – ორ უბედურებას შორის გაცილებით ნაკლები”. და ის ამ
უბედურებას შეეგუებოდა, რათა უარესი აერიდებინა თავიდან. ახლა
კი ამაზე ლაპარაკიც შეუძლებელია... არც უნდა იფიქრო და არც უნდა
ახსენო... ანუ ამის მსგავს რამეზე... სრულიად განუხორციელებელია...
და უკან დარჩა, დიდი ხანია უკან დარჩა. მაგრამ მე მინდოდა
მომეყოლა შენთვის ამის შესახებ, რადგან ვიცი, ამით როგორ
სიამოვნებას მოგანიჭებ. შენ არავითარი საფუძველი არა გაქვს
სინანულისათვის, ჩემო ძვირფასო ელინორ. ეჭვი არ არის, რომ შენი
საქმეები კარგად ეწყობა...ნამდვილად კარგად. ოდნავაც
არანაკლებად. და შეიძლება უფრო უკეთესადაც კი, თუ ყველა
გარემოებას მივიღებთ მხედველობაში. ამ ბოლო ხანებში
პოლკოვნიკი ბრენდონი თუ იყო შენთან?
ელინორმა საკმაოდ ბევრი გაიგონა, თუ იმისთვის არა, რომ მისი
პატივმოყვარეობა დაკმაყოფილებულიყო, საიმისოდ მაინც, რომ
აღელვებულიყო და ჩაფიქრებულიყო, და ამიტომ შვება იგრძნო,
როცა დაინახა, რომ სასტუმრო ოთახში მისტერ ფერარსი შემოდიოდა.
346
ეს მას ათავისუფლებდა აუცილებლობისგან, ძმისთვის პასუხი გაეცა
და ასევე საფრთხისგან, ძმის ბაგეებიდან კიდევ რაღაც არანაკლებ
მანუგეშებელი მოესმინა. მათ ცოტა ხანს ისაუბრეს, შემდეგ მისტერ
ჯონ დეშვუდს გაახსენდა, რომ ფანიმ ელინორის მათთან ყოფნის
შესახებ არ იცოდა და ცოლის სანახავად წავიდა, მისს დეშვუდს კი
რობერტის უფრო ახლოს გაცნობის საშუალება მიეცა. ძალიან მალე
ნათელი გახდა, რომ ის ისეთივე უზრუნველ ქარაფშუტად და ბრმა
თვითკმაყოფილ კაცად დარჩენილიყო და ოდნავაც არ ჩანდა
შეცბუნებული იმით, რომ წესიერების და კეთილშობილების გამო
უგულებელყოფილი ძმის ხარჯზე მას დედის სიყვარულის და ქონების
ასე უსამართლოდ დიდი წილი ერგო. და რით დაიმსახურა ეს
ყველაფერი? ის ხომ ერთი გარყვნილი კაცი იყო. ელინორი კიდევ
ერთხელ დარწმუნდა, რომ მართლაც მდაბალი გულის და გონების
ადამიანთან ჰქონდა საქმე.
ორი წუთი იქნებოდა გასული მას შემდეგ, რაც მარტო დარჩნენ, და
რობერტი ედვარდზე ალაპარაკდა. მასაც გაეგონა სამრევლოს
შესახებ და ცნობისმოყვარეობისგან იწვოდა. ელინორმა გაიმეორა ის
ყველაფერი, რაც ჯონს უკვე უთხრა და ამან მასზე ძლიერი, მაგრამ
სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილება მოახდინა. მან როგორღაც
მოურიდებლად გადაიხარხარა. ედვარდი მღვდელი გახდება და
სოფლის პატარა სახლში იცხოვრებს – ამან ის რატომღაც ძალიან
გაართო. და როცა წარმოიდგინა სურათი, თეთრ სტიქარში
გამოწყობილი ედვარდი ლოცვას როგორ აღავლენდა და მწყემს ჯონ
სმიტს და ფრინველების მომვლელ მერი ბრაუნს დაქორწინებულად
როგორ აცხადებდა, ამ სასეირო ამბავმა ძალიან გაამხიარულა.
ელინორი ხმას არ იღებდა და სერიოზული, გაუცინარი სახით
ელოდა, როდის მოსწყინდებოდა მას გონებამახვილობაში ვარჯიში,
მაგრამ თავის შეკავება ვერ შეძლო და მისმა თვალებმა გამოხატეს
მთელი ზიზღი, რასაც მოსაუბრის მიმართ გრძნობდა. თუმცა
მონანიება არ მოუწია: ცოტა გულზე მოეშვა, რობერტმა კი მისი
გამოხედვის მნიშვნელობა ვერ გაიგო. ასე იყო თუ ისე, დაცინვა
347
შეწყვიტა და ბრძნული აზრების გამოთქმაზე გადავიდა, რისკენაც
საკუთარმა მგრძნობელობამ უბიძგა და არა ელინორის არმოწონებამ.
– ჰო, ჩვენ ამას შეგვიძლია შევხედოთ, როგორც ხუმრობას, –
თქვა მან მას შემდეგ, რაც შეწყვიტა თვალთმაქცური სიცილი, კარგა
ხანს რომ გაგრძელდა მისი გულწრფელი მხიარულების დასრულების
შემდეგ, – სინდისს ვფიცავ, ეს მართლა სერიოზული საქმეა. საცოდავი
ედვარდი. ის სამუდამოდ დაღუპულია. ძალიან ვწუხვარ მის გამო. ვინ-
ვინ და მე ხომ ვიცი, როგორი კეთილი გულის არსებაა. მასავით
კეთილშობილ ადამიანს ამქვეყნად იშვიათად შეხვდები. ძალიან
მკაცრად ნუ განსჯით მას, მისს დეშვუდ, ასეთი ხანმოკლე ნაცნობობის
შემდეგ. საწყალი ედვარდი! მანერებით, რა თქმა უნდა, არ ბრწყინავს,
მაგრამ მოგეხსენებათ, ყველა თანაბრად ნიჭიერი არ იბადება და
ყველას თანაბრად არ დაჰყვება საზოგადოებაში თავდაჭერის უნარი.
საწყალი! როგორი საქმეა მისი ხილვა ასეთ დაბალ წრეში! მართლაც
რომ შეგეცოდება! და მაინც, ენდეთ კეთილშობილი ადამიანის
სიტყვებს, მეორე ასეთი კეთილი გულის კაცი მთელ ქვეყანაში არ
მოიძებნება. და გარწმუნებთ, მე ჩემს ცხოვრებაში ისეთი
თავზარდაცემული არასოდეს ვყოფილვარ, როგორც იმწუთს, როცა
ყველაფერი გამჟღავნდა. უბრალოდ, დაჯერებაც არ შემეძლო.
პირველად ამის შესახებ დედამ შემატყობინა და მე ვიგრძენი, რომ
გაბედულება უნდა გამომეჩინა და მაშინვე ვუთხარი: “ჩემო ძვირფასო,
მადამ, მე არ ვიცი, თქვენ რა გაქვთ განზრახული, მაგრამ, რაც
შემეხება მე, უნდა ვთქვა, რომ თუ ედვარდი ამ ახალგაზრდა ქალზე
დაქორწინდება, ჩემს ცხოვრებაში აღარასდროს ვნახავ“. აი, ეს
ვუთხარი მაშინვე. მართლა ისე თავზარდაცემული ვიყავი, როგორც
არასდროს. საწყალი ედვარდი! სამუდამოდ დაიღუპა. სამუდამოდ
მოიკვეთა თავი წესიერი საზოგადოებისაგან. მაგრამ, როგორც
მაშინვე ვუთხარი დედას, მე ამას ოდნავაც არ გავუკვირვებივარ, თუ
იმას გავიხსენებთ, როგორი აღზრდა მიიღო. მისგან სწორედ ეს იყო
მოსალოდნელი. ჩემი საცოდავი დედა იმდენად იყო წონასწორობიდან
გამოსული, აღარ იცოდა, რა ექნა.
348
– ის ახალგაზრდა ლედი ოდესმე გინახავთ?
– ჰო, ერთხელ, როცა იქ იყო სტუმრად. ათი წუთით შევირბინე და
რაც ვნახე, საკმარისი იყო. უბადრუკი პროვინციელი გოგო, არც
სტილი, არც ელეგანტურობა, საზოგადოებაში გამოუსვლელი. არც
სილამაზით ბრწყინავს მაინცდამაინც. ძალიან კარგად მახსოვს მისი
გარეგნობა. სწორედ ისეთი გოგოა, როგორიც საწყალ ედვარდს
მოხიბლავდა. როგორც კი დედამ ყველაფერი მომიყვა, მაშინვე
შევთავაზე წავსულიყავით მასთან, რომ დამეყოლიებინა, ქორწილზე
უარი ეთქვა. ჩემდა სამწუხაროდ, უკვე ძალიან გვიან იყო.
საუბედუროდ, ყველაფერი ჩემი არყოფნისას მოხდა, განშორების
შემდეგ კი, თვითონაც მიხვდებით, მე უკვე ჩარევა აღარ შემეძლო. აი,
რამდენიმე საათით ადრე რომ შეეტყობინებინათ, ვფიქრობ, დიდი
შანსი იყო, რომ რაღაც საშუალებას გამოვნახავდი. მე ხომ ყველაზე
საფუძვლიან არგუმენტებს გამოვიყენებდი. “ჩემო საყვარელო, –
ვეტყოდი მე, – აბა დაფიქრდი, რისი გაკეთება განგიზრახავს. ეს ხომ
არათანაბარი, სამარცხვინო ქორწინება იქნება და ისეთი, რომელსაც
მთელი შენი ოჯახი ერთსულოვნად გმობს“. მოკლედ რომ ვთქვა,
დარწმუნებული ვარ, კიდევ შეიძლებოდა რაღაც ზომების მიღება.
მაგრამ ახლა უკვე მეტისმეტად გვიანია. მას შიმშილობა მოუწევს, ეს
უეჭველია, სრული შიმშილობა.
როგორც კი სრულიად უშფოთველად ამ დასკვნამდე მივიდა, მისის
დეშვუდის გამოჩენამ მათი საუბარი დაასრულა. ელინორს არ
გასჭირვებია იმის შემჩნევა, როგორ ემოქმედა მასზე მომხდარს: მის
ჩვეულ, ცივ მედიდურობას ახლა ერთგვარი დაბნეულობაც შერეოდა.
შეიძლება ამიტომაც, ელინორს ბევრად უფრო თბილად მოეპყრო,
ვიდრე ჩვეულებრივ ექცეოდა და როცა გაიგო, რომ ის მარიანასთან
ერთად დღე-დღეზე აპირებდა ლონდონიდან წასვლას, სინანულიც კი
გამოხატა ამის გამო. მას ხომ იმედი ჰქონდა, რომ უფრო ხშირად
ნახავდა მათ. ქმარი, რომელიც სასტუმრო ოთახში მასთან ერთად
შევიდა, აღტაცებით უსმენდა მის ყოველ სიტყვას, როგორც

349
გამოვლინებას მოყვარული და კეთილშობილი გულისა და საოცრად
ნატიფი ბუნებისა.

350
თავი 42

მალე ამას კიდევ ერთი ხანმოკლე ვიზიტი მოჰყვა ჰარლი-სტრიტზე,


რომლის დროსაც ელინორმა ძმის მოლოცვა მოისმინა იმასთან
დაკავშირებით, რომ ისინი თითქმის ბარტონამდე ჩააღწევდნენ
მგზავრობის საფასურის გადახდის გარეშე და ასევე ის, რომ
კლივლენდში პოლკოვნიკი ბრენდონი აპირებდა გამგზავრებას მათი
ჩასვლიდან ერთი-ორი დღის შემდეგ. ეს და-ძმის უკანასკნელი
შეხვედრა იყო ლონდონში, ფანის მეტად ბუნდოვანი მიწვევა კი,
აუცილებლად შეევლოთ ნორლენდში, თუ სადმე ახლომახლოში
აღმოჩნდებოდნენ, რისი შანსიც ძალიან დაბალი იყო, ისევე, როგორც
ჯონის უფრო გულითადი, თუმცა არა ვინმეს თანდასწრებით მიცემული
დაპირება, რომ აუცილებლად მოინახულებდა ელინორს
დელაფორდში, სოფელში მათი მომავალი შეხვედრების ერთადერთი
საწინდარი გახლდათ.
ელინორს ართობდა ის სიჯიუტე, რომლითაც ყველა მისი
მეგობარი ცდილობდა, ის დელაფორდში გაეგზავნა, მიუხედავად
იმისა, რომ სწორედ იქ წასვლა არ უნდოდა, და მით უმეტეს
დასახლება. არა მხოლოდ ჯონ დეშვუდი და მისის ჯენინგსი ხედავდნენ
მას, როგორც იქაურობის მომავალ დიასახლისს, არამედ ლიუსიც,
როცა ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ, დაჟინებით სთხოვდა,
დელაფორდს სწვეოდა.
აპრილის დასაწყისში, დილით საკმაოდ ადრე, ჰანოვერ-სტრიტზე
და ბერკლი-სტრიტზე მდებარე სახლებიდან სამგზავრო ეკიპაჟები
გავიდა, რომლებიც ერთმანეთს გზაში, დათქმულ ადგილას უნდა
შეხვედროდნენ. შარლოტა და ჩვილი ძალიან რომ არ
დაღლილიყვნენ, აპირებდნენ ნელა ევლოთ და კლივლენდში ჩასვლა
მხოლოდ მესამე დღისთვის ჰქონდათ დაგეგმილი. იქ მათ

351
შეუერთდებოდნენ პოლკოვნიკი ბრენდონი და მისტერ პალმერი,
რომელთაც განზრახული ჰქონდათ გაცილებით ჩქარა ევლოთ.
მარიანა, თუმცა ლონდონში ყოფნის პერიოდიდან სასიამოვნოდ
გასახსენებელი არაფერი ჰქონდა და წასვლას ძალიან ჩქარობდა,
მაინც ძალიან იტანჯებოდა, როცა სახლთან გამოთხოვების დრო
დადგა, იმ უკანასკნელ ადგილთან, სადაც მას ჯერ კიდევ ჰქონდა
იმედები და რწმენა, ახლა უკვე სამუდამოდ ჩამქრალი, უილობისადმი.
გარდა ამისა, მას არ შეეძლო ცრემლები არ დაეღვარა, როცა იმ
ქალაქს ტოვებდა, სადაც რჩებოდა უილობი, ვის მომავალ
საქმიანობასა და გეგმებშიც მას წილი აღარ ედო.
ელინორი კი სიამოვნებით მიემგზავრებოდა. მსგავსი გრძნობები
მას ლონდონთან არ აკავშირებდა: ვინც იქ რჩებოდა, შეეძლო თუნდაც
მთელი ცხოვრება არ ენახა. ის თავისუფლდებოდა მეგობრობისგან,
რომელსაც ლიუსი ახვევდა თავს, კმაყოფილი იყო, რომ მიჰყავდა და,
რომელსაც უილობი ქორწილის შემდეგ არ უნახავს და იმედით
ფიქრობდა იმაზე, რომ ბარტონში ცხოვრების რამდენიმე თვე სულიერ
სიმშვიდეს დაუბრუნებდა მარიანას და თვითონ მასაც.
გზაში თავს არაფერი გადახდენიათ. მეორე დღეს დალოცვილ თუ
საბედისწერო სომერსეტის საგრაფოს მიაღწიეს (მარიანას ხომ,
განწყობილების მიხედვით ის ხან ერთად წარმოუდგებოდა და ხან
მეორედ). მესამე დღეს კი, როცა კლივლენდში ჩავიდნენ, ჯერ კიდევ
დილა იყო.
კლივლენდის სახლი ძალიან ტევადი გახლდათ და ახალი სტილით
იყო ნაგები. შემაღლებულ ადგილზე იდგა და გადაჰყურებდა მდელოს,
რომელიც დაბლა ეშვებოდა. პარკი არ ჰქონდა და ამ დანაკლისს
ვრცელი ბაღები ანაზღაურებდა. ისევე, როგორც ყველა ასეთ მდიდარ
მამულში, იქ იყო ბილიკები, რომლებსაც აქეთ-იქით ბუჩქები
მიუყვებოდა; დაჩრდილული, ქვიშით მოფენილი ხეივანი, რომელიც
ტყის ნარგავებს უვლიდა გარს და საპარადო ფასადთან
მთავრდებოდა, და კიდევ თვალწარმტაცი ხეები ველებზე. თვითონ
სახლს სქელ კედლად ერტყა გარს ნაძვის, ცირცელის და აკაციის
352
ხეები, რომლებიც, იტალიურ შავ ალვის ხეებთან ერთად, მას
სამურნეო შენობებისაგან ყოფდა.
მარიანას გულს ბაგაბუგი გაუდიოდა, როცა მის ზღურბლს
გადააბიჯა. ემოციების მოზღვავება იმან გამოიწვია, რომ ახლა
ბარტონიდან სულ ოთხმოციოდე მილი აშორებდა, კომბე-მაგნადან კი
– ოცდაათ მილზე ნაკლები. შენობის კედლებში ხუთ წუთსაც ვერ
გაძლო. სანამ სხვები შარლოტას გარშემო ფუსფუსებდნენ, როცა ის
მნე ქალს ბავშვს აჩვენებდა, მან ზღურბლს კვლავ გადააბიჯა, ოღონდ
ამჯერად გარეთ გავიდა და სწრაფი ნაბიჯებით გაიარა ბილიკზე უკვე
აყვავებულ ბუჩქებს შორის და გაემართა განცალკევებით მდგარი
ბორცვისკენ, რომლის მწვერვალზე ბერძნული ტაძარი იდგა. ზემოთ
ამძვრალმა, მონატრებული მზერა ვრცელ არეალს მოავლო სამხრეთ-
აღმოსავლეთით. ჰორიზონტზე ჩამწკრივებული ბორცვები ჩანდა.
იქიდან ალბათ კომბე-მაგნას დანახვაც შეიძლებაო, გაიფიქრა.
ენით უთქმელ მწუხარებას გრძნობდა, მწარე ცრემლები სდიოდა
და თან უხაროდა, რომ კლივლენდში იმყოფებოდა. როცა სახლში
მეორე გზით ბრუნდებოდა, სოფლის თავისუფლების პრივილეგიას
გრძნობდა, ნეტარ მარტოობაში ხეტიალის სიამოვნებას. გადაწყვიტა,
ყოველი დღის თითქმის ყოველი საათი სანამ პალმერებთან
იქნებოდნენ სტუმრად, ასე განმარტოებით ხეტიალში გაეტარებინა.
მარიანა სწორედ იმ დროს დაბრუნდა, რომ მოასწრო სხვებთან
ერთად სახლის უახლოესი მიდამოები დაეთვალიერებინა. დილამ
შეუმჩნევლად ჩაიარა, სანამ ისინი ბოსტანში სეირნობდნენ, ხილის
აყვავებული ხეებით ტკბებოდნენ და მებაღის ჩივილს ისმენდნენ
პარაზიტი მწერების მავნებლობის შესახებ. ათვალიერებდნენ
ორანჟერეას, სადაც შარლოტამ ბევრი იცინა, როცა გაიგო, რომ მისი
საყვარელი მცენარეები შეცდომით მეტისმეტად ადრე დარგეს და
ისინი დილის ყინვებმა დააზრო. შემდეგ საქონლის სადგომისკენ
გაემართნენ და მან იქაც მრავალი მიზეზი ნახა სამხიარულოდ.
საქონლის მომვლელი ქალი ბუზღუნებდა, რომ ძროხები გაცილებით
ნაკლებს იწველებოდნენ, ვიდრე მოსალოდნელი იყო, დედლებს
353
წიწილების გამოჩეკა არ უნდოდათ, თან მელაც შემოეჩვიათ,
ინდაურები კი რაღაც უცნობმა ავადმყოფობამ დახოცა.
მზიანი დილა იყო და მარიანას, როცა თავის გეგმებს ადგენდა, არც
კი უფიქრია იმაზე, რომ ამინდი შეიძლებოდა შეცვლილიყო, სანამ
ისინი კლივლენდს დატოვებდნენ. ამიტომ ძალიან გაუკვირდა, როცა
სადილის შემდეგ ცა ღრუბლებით დაიფარა და წვიმა წამოვიდა –
ისეთი, გადაღებას პირი რომ არ უჩანდა. ის კი ისე ოცნებობდა, მზის
ჩასვლისას ბერძნული ტაძარი მოენახულებინა ან ბაღში ესეირნა
წყნარად. მხოლოდ ცივი და ნესტიანი საღამო რომ ყოფილიყო, თავის
განზრახვაზე უარს არავითარ შემთხვევაში არ იტყოდა. მაგრამ თვით
მასაც კი არ შეეძლო თავი დაერწმუნებინა, რომ ხანგრძლივი და
ძლიერი წვიმა ყველაზე სასიამოვნო ამინდია სახეტიალოდ.
მათი საზოგადოება დიდი არ იყო, ამიტომ ისინი წყნარად
იმოკლებდნენ საღამოს საათებს. მისის პალმერი თავისი ჩვილით იყო
დაკავებული, მისის ჯენინგსი კი – ხელსაქმით. ისინი საუბრობდნენ
ლონდონში დარჩენილი მეგობრების შესახებ, ბჭობდნენ იმ
საღამოებზე, რომლებსაც მოაწყობდა ან დაესწრებოდა ლედი
მიდლტონი, დიდხანს მსჯელობდნენ იმის თაობაზე, მისტერ პალმერმა
და პოლკოვნიკმა ბრენდონმა მხოლოდ რედინგამდე მიაღწიეს თუ
მეტის გავლა მოასწრეს. ელინორი, თუმცა ეს ყველაფერი ნაკლებად
აინტერესებდა, მათ საუბარს შეუერთდა, მარიანამ კი, რომელიც
ნებისმიერ სახლში ბიბლიოთეკისკენ გზის მოძებნის
განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოებული, მაშინაც კი, თუ
მასპინძლებს ეს ადგილი ათვალწუნებული ჰქონდათ, მალე იპოვა
მისთვის საინტერესო წიგნი.
მისის პალმერი უზადო მასპინძელი აღმოჩნდა. მისი მუდმივი
ყურადღება და კეთილგანწყობა არავითარ ეჭვს არ ტოვებდა, რომ
ისინი მისთვის ძალიან სასურველი სტუმრები იყვნენ. უშუალო და
გულითადი მანერები ადვილად გადაწონიდა მისი ტაქტის და
გემოვნების ნაკლებობას, ხშირად კარგი ტონის წესებიდან გადახვევას
რომ აიძულებდა. სიკეთე, რომელსაც მისი სასიამოვნო სახე
354
ასხივებდა, გაჯადოებდა, ჭკუის აშკარა ნაკლებობა კი ზიზღს არ
იწვევდა, იმიტომ, რომ მასში ოდნავაც არ იყო თვითკმაყოფილება. და
ელინორი მზად იყო, ყველაფერი ეპატიებინა მისთვის, გარდა მისი
სიცილისა.
ორი ჯენტლმენი მეორე დღეს ჩამოვიდა, გვიანი სადილის დროს.
საზოგადოება რიცხობრივად გაიზარდა, სასაუბრო თემები კი,
რომლებიც ხანგრძლივი წვიმიანი დღის შემდეგ თითქმის ამოწურვაზე
იყო, უფრო მრავალფეროვანი და სასიამოვნო გახდა.
ელინორს მისტერ პალმერი სულ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი და
ამ ხანმოკლე საათების განმავლობაში იმდენი ცვლილება ჰქონდა
შემჩნეული ამ კაცის ქცევაში მარიანასა და თვითონ მის მიმართ, რომ
საერთოდ ვერ წარმოედგინა, როგორი იქნებოდა ის საკუთარი ოჯახის
წიაღში. მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ მისტერ პალმერს ყველა
სტუმართან თავი ისე ეჭირა, როგორც ჭეშმარიტ ჯენტლმენს
შეეფერება და მხოლოდ იშვიათად იჩენდა უხეშობას ცოლისა და
სიდედრის მიმართ. როგორც აღმოჩნდა, მას შეეძლო სასიამოვნო
მოსაუბრე ყოფილიყო, რასაც მხოლოდ ის უშლიდა ხელს, რომ ისეთი
წარმოდგენა ჰქონდა, თითქოს ყველა ადამიანს ისევე აღემატებოდა,
როგორც (და ეს უდავოდ ასე გახლდათ) მისის ჯენინგსსა და
შარლოტას. სხვა მხრივ, ხასიათით და თვისებებით, რამდენადაც
შეეძლო ელინორს ემსჯელა, ის არაფრით განსხვავდებოდა მისივე
ასაკისა და წრის მამაკაცებისაგან. მაგიდასთან ძალიან დახვეწილი
მანერები ჰქონდა, დგებოდა და წვებოდა მაშინ, როცა
მოეპრიანებოდა. ბავშვი ძალიან უყვარდა, მაგრამ ცდილობდა, ეს
გრძნობა გულგრილობის საფარქვეშ დაემალა. ყოველ დილით
ბილიარდით ერთობოდა იმის ნაცვლად, რომ საქმეებისთვის მიეხედა.
ელინორს ის ახლა ადრინდელზე მეტად მოსწონდა, მაგრამ გულის
სიღრმეში ესმოდა, რომ არ შეეძლო უფრო თბილი დამოკიდებულება
ჰქონოდა მის მიმართ. როცა ხედავდა მის უსაქმურობას, ეგოიზმს და
თვითკმაყოფილებას, უნებურად და სიხარულით ედვარდის

355
კეთილშობილებას იხსენებდა, მის უბრალო გემოვნებას და
მორიდებულებას.
ედვარდის შესახებ, უფრო სწორად, მის ზოგიერთ საქმესთან
დაკავშირებით, მან რაღაცები შეიტყო პოლკოვნიკ ბრენდონისგან,
რომელიც ცოტა ხნის წინ დორსეტშირში იმყოფებოდა და, ხედავდა რა
ელინორში არა მხოლოდ მისტერ ფერარსის ძვირფას მეგობარს,
არამედ მისდამი კეთილგანწყობილ და სანდო მსმენელსაც,
დაწვრილებით მოუყვა მას დელაფორდში მღვდლის სახლის შესახებ,
აღუწერა, რა ნაკლი ჰქონდა მას და რა სამუშაოების ჩატარება იყო
საჭირო. მის ასეთ ქცევას და ასეთ დაუფარავ სიხარულს მათი
შეხვედრის გამო, თუმცა სულ ათი დღე იყო გასული, რაც ერთმანეთი
არ ენახათ, სიამოვნებას, რომლითაც მასთან ლაპარაკში ერთვებოდა
და გამუდმებით მისი აზრით დაინტერესებას, შეეძლო აეხსნა, რატომ
იყო მისის ჯენინგსი ასე დარწმუნებული, თითქოს პოლკოვნიკი
ელინორისადმი გულგრილი არ იყო. თვითონ ელინორსაც
გაუჩნდებოდა იგივე ეჭვი, მაგრამ მას მყარად სჯეროდა, რომ მისი
გულის რჩეული მარიანა იყო. ამიტომ მას საერთოდ მსგავსი არაფერი
მოუვიდოდა თავში, რომ არა მისის ჯენინგსის ქარაგმული
მინიშნებები. თუმცა ის თავს უფრო ფაქიზ დამკვირვებლად თვლიდა,
რადგან თვალყურს ადევნებდა მისი სახისა და თვალების
გამომეტყველებას, მაშინ, როცა მისის ჯენინგსი მხოლოდ
პოლკოვნიკის ქცევებს ხედავდა და ამიტომ ვერ შეამჩნია მისი
შეშფოთება, როცა მარიანამ საფეთქლებისა და ყელის ტკივილზე
დაიჩივლა, რამეთუ ეს შეშფოთება მისმა მზერამ გამოხატა და არა
სიტყვებმა, რაც პატივცემული ქალბატონის ყურადღების მიღმა
დარჩა, ელინორმა კი მარიანასადმი მიმართულ ამ მზერაში
შეყვარებულის მღელვარება და შიში დაინახა.
შებინდებისას ორ სასიამოვნო გასეირნებას მათი კლივლენდში
ყოფნის მესამე და მეოთხე საღამოს (არა მხოლოდ ბუჩქნარის
მოხრეშილ ბილკებზე, არამედ მთელ ბაღში, მის ყველაზე მყუდრო
ადგილებში, სადაც ველური ბუნება სხვა ადგილებზე მეტად
356
შენარჩუნებულიყო და სადაც უძველესი ხეები იდგა, ბალახი კი
ყველაზე მაღალი და ცვრიანი იყო), მარიანას გაციება მოჰყვა, რადგან
მან თავი არ შეიწუხა, სველი ფეხსაცმელები და წინდები მაშინვე
გაეხადა. თავის მდგომარეობას რამდენიმე დღის განმავლობაში
არაფრად აგდებდა, მაგრამ ავადმყოფობა თანდათან გაუძლიერდა,
რაც უკვე ყველამ შეამჩნია და ის იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ
თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. თუმცა ყველა მხრიდან რჩევები
დააყარეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ემკურნალა, მან
ჩვეულებისამებრ არავის დაუჯერა. სიცხე, კანკალი, საერთო სისუსტე,
ხველა და კიდევ ყელის ტკივილი, რომელიც სულ უფრო აუტანელი
ხდებოდა – ეს ყველაფერი ხომ უბრალო რამ იყო, ერთი კარგად
გამოიძინებდა და დილით ყველაფერი გაუვლიდა. და როცა დაწვა,
ელინორმა ძლივს შეძლო დაერწმუნებინა, რომ რაღაც საშუალებები
მაინც უნდა გამოეყენებინათ ავადმყოფობასთან საბრძოლველად.

357
თავი 43

დილით მარიანა ჩვეულ დროს ადგა, შეკითხვებზე უპასუხა, რომ


თავს კარგად გრძნობდა და ამის დასამტკიცებლად შეეცადა, დღე
თავის ჩვეულებრივ საქმიანობებში გაეტარებინა. მაგრამ ამის
გაკეთება ვერ შეძლო. საათობით იჯდა ბუხრის წინ, აჟრჟოლებდადა
ხელში ეჭირა წიგნი, რომელსაც ვერ კითხულობდა. მისუსტებული,
დროდადრო ლოგინზე წამოწვებოდა ხოლმე. როცა ავადმყოფობა
კიდევ უფრო მოერია და მოინდომა, თავის ოთახში წასულიყო,
პოლკოვნიკი ბრენდონი მისი დის სიმშვიდემ გააკვირვა. ელინორი
მთელი დღე თავს დასტრიალებდა მარიანას, მის უარს არაფრად
აგდებდა, აიძულა ის ყველა საჭირო წამალი დაელია, მაგრამ ძილის,
როგორც განმკურნავი ძალის მასაც სჯეროდა და განსაკუთრებულ
შეშფოთებას არ ამჟღავნებდა.
მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა. მარიანას მთელი ღამე
აციებდა და ლოგინში ბორგავდა. დილით, როცა მაინც მოინდომა
წამომდგარიყო, იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ჯდომაც კი
უჭირდა და ისევ დაწვა. ელინორმა მისის ჯენინგსის რჩევას დაუჯერა
და მსახური სასწრაფოდ გაგზავნა პალმერების აფთიაქარის [გაგზავნა
აფთიაქარის მოსაყვანად – აფთიაქარებს ჯეინ ოსტინის დროს
ეძახდნენ მედიკოსებს, რომლებიც სოფლებში ეწეოდნენ სამედიცინო
პრაქტიკას. სამედიცინო იერარქიაში აფთიაქარებს მეორე საფეხური
ეჭირათ ექიმების შემდეგ. ხანდახან მათ სპეციალური განათლება არც
ჰქონდათ.] მოსაყვანად.
ის მოვიდა, ავადმყოფი გასინჯა და მისს დეშვუდი დაარწმუნა, რომ
სამი-ოთხი დღის შემდეგ მისი და სავსებით გამოჯანმრთელდებოდა,
თუმცა შესაძლო ციებ-ცხელებაც ახსენა და კიდევ სიტყვა
“გადამდები”, რითიც ძალიან შეაშინა მისის პალმერი, რომელსაც
მაშინვე შიში გაუჩნდა თავისი ჩვილის გამო. მისის ჯენინგსი მარიანას

358
ავადმყოფობას თავიდანვე გაცილებით სერიოზულად უყურებდა,
ვიდრე ელინორი, მისტერ ჰარისის სიტყვებმა კი უფრო მეტად
ააფორიაქა, შარლოტას გამო შიში კიდევ უფრო გაუძლიერა და
დაჟინებით მოსთხოვა მას, სასწრაფოდ დაეტოვებინა კლივლენდი
ვაჟიშვილთან ერთად. მისტერ პალმერი თუმცა კი ამტკიცებდა, რომ
სიფრთხილის ასეთი ზომების მიღება საჭირო არ იყო, მისი ცოლის
მღელვარებამ და დაჟინებულმა თხოვნამ თავისი გაიტანა და
შარლოტას გამგზავრება გადაწყდა. ერთი საათიც არ იქნებოდა
გასული მას შემდეგ, რაც მისტერ ჰარისი მარიანას ოთახში ავიდა და
ის უკვე თავის პატარა ბიჭთან და ძიძასთან ერთად გაემართა მისტერ
პალმერის ახლო ნათესავისკენ, რომელიც რამდენიმე მილში, ბატის
იქით მხარეში ცხოვრობდა. მისტერ პალმერი ცოლის ნებას დაჰყვა და
დაჰპირდა, რომ ერთი-ორი დღის შემდეგ მათთან ჩავიდოდა.
შარლოტამ დედასაც არანაკლებ დაჟინებით სთხოვა მათ
წაჰყოლოდა, მაგრამ კეთილმა მისის ჯენინგსმა განაცხადა, რომ
კლივლენდს მანამ არ დატოვებდა, სანამ მარიანა სავსებით არ
გამოჯანმრთელდებოდა, რადგან თავს ვალდებულად თვლიდა ეზრუნა
მასზე და მისთვის შეეცვალა დედა, რომლისგანაც მარიანა
წამოიყვანა. ამით მან სამუდამოდ დაიპყრო ელინორის გული,
რომელმაც მასში დახმარებისთვის მუდამ მზადმყოფი მეგობარი
დაინახა, მასზე უფრო გამოცდილი ადამიანი, რომელიც მზად იყო
ავადმყოფის მოვლაში გვერდში დასდგომოდა. ეს ახლა მისთვის
ფასდაუდებელი დახმარება იქნებოდა.
საწყალ მარიანას, მისუსტებულს, ავადმყოფობით გატანჯულს და
ტკივილებით შეწუხებულს, უკვე იმედი აღარ ჰქონდა, რომ მომდევნო
დღეს ჯანმრთელი შეხვდებოდა. აზრი იმის შესახებ, თუ რას მოუტანდა
ხვალინდელი დღე, ამ სენს ლოგინად რომ არ ჩაეგდო, მის ტანჯვას
კიდევ უფრო აძლიერებდა. დილით ხომ ისინი სახლში უნდა
გამგზავრებულიყვნენ მისის ჯენინგსის ლაქიას თანხლებით,
მომდევნო დღეს კი, ჯერ კიდევ შუადღემდე, დედა უნდა გაეხარებინათ
თავიანთი მოულოდნელი დაბრუნებით. სიჩუმეს დროდადრო
359
მხოლოდ იმისთვის არღვევდა, რათა კიდევ ერთხელ დაეჩივლა
გამგზავრების იძულებითი გადავადების გამო და თუმცა ელინორი
რაც შეეძლო ანუგეშებდა და ცდილობდა გაემხნევებინა, თვითონაც
ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ლოდინი კიდევ კარგა ხანს მოუწევდათ.
მომდევნო დღეს ავადმყოფის მდგომარეობაში არავითარი
ცვლილებები არ შეუტანია. უკეთესად არ გამხდარა, მაგრამ, თუ არ
ჩავთვლით, რომ ეს უკვე ცუდი ნიშანი იყო, არც უარესობა დასტყობია.
ისედაც მცირერიცხოვანმა საზოგადოებამ კიდევ ერთი წევრი
დაკარგა. მისტერ პალმერი, ერთი მხრივ ადამიანის სიყვარულისა და
კეთილშობილების გამო, მეორე მხრივ კი იმის საჩვენებლად, თუ
რამდენად ცოტას ნიშნავდა მისთვის ცოლის შიშები, ამჯობინებდა
დარჩენილიყო. მაგრამ მაინც ანგარიში გაუწია პოლკოვნიკ
ბრენდონის თხოვნას, მიცემული პირობა შეესრულებინა, და
გადაწყვიტა თავის ოჯახთან წასულიყო. ამის შემდეგ პოლკოვნიკმაც
დაჟინებით დაიწყო საუბარი თავისი გამგზავრების შესახებ. თუმცა
ამას – ძალიან დროულად – მისის ჯენინგსის კეთილი გული
შეეწინააღმდეგა. პოლკოვნიკის წასვლა ახლა, როდესაც მისი
საყვარელი ქალი ასეთ დღეში იყო მარიანას მდგომარეობის გამო,
როგორც ის ფიქრობდა, იმას ნიშნავდა, რომ დებს დიდი ნუგეში
მოჰკლებოდათ. ამიტომ მას მაშინვე განუცხადა, ჩემი გულისთვის
დარჩით კლივლენდში, რათა საღამოს შემეძლოს პიკეტი გეთამაშოთ,
სანამ მისის დეშვუდი ზემოთაა და თავის დას უვლისო. ამას ისეთი
დაჟინებით სთხოვდა, რომ პოლკოვნიკს არ შეეძლო უარი ეთქვა
(კაცმა რომ თქვას, მან ამით თავისი სანუკვარი სურვილიც აისრულა).
მისის ჯენინგსის თხოვნას მხარი მხურვალედ დაუჭირა მისტერ
პალმერმაც, რადგან მან ერთგვარი შვება იგრძნო იმის გამო, რომ
კლივლენდში დარჩებოდა ადამიანი, რომელსაც, როგორც არავის,
შეეძლო მისს დეშვუდს დახმარებოდა სიტყვით და საქმით, თუკი ეს
საჭირო გახდებოდა.
მარიანამ, რა თქმა უნდა, ამ შეთანხმებების შესახებ არაფერი
იცოდა. მან ისიც არ იცოდა, რომ კლივლენდის მეპატრონეები
360
უნებურად აიძულა საკუთარი სახლიდან წასულიყვნენ სულ რაღაც
ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც იქ დაბრუნდნენ. არც კი უკვირდა, რომ
მისის პალმერი მის საწოლ ოთახში არ შედიოდა. ის საერთოდ არ
ახსოვდა და ერთხელაც არ უხსენებია მისი სახელი.
მისტერ პალმერის გამგზავრებიდან ორი დღე გავიდა, მარიანას
მდგომარეობა კი იგივე რჩებოდა. მისტერ ჰარისი მას ყოველდღე
ნახულობდა და ძველებურად მხნედ წინასწარმეტყველებდა მის
სწრაფ გამოჯანმრთელებას. მისს დეშვუდიც იმავე აზრის იყო, მაგრამ
მისის ჯენინგსი და პოლკოვნიკი ბრენდონი მათ იმედებს სრულიადაც
არ იზიარებდნენ. პატივცემული ქალბატონი თითქმის თავიდანვე
დარწმუნებული იყო, რომ მარიანა ამ ავადმყოფობას ვერ გადაიტანდა
და პოლკოვნიკ ბრენდონს, რომელიც მისის ჯენინგსს ძირითადად
იმისთვის სჭირდებოდა, რომ თავისი ცუდი წინათგრძნობის შესახებ
ესაუბრა მასთან, თავისი სულიერი მდგომარეობის გამო არ შეეძლო
მისი გავლენის ქვეშ არ დარჩენილიყო. ის ცდილობდა შიში
არგუმენტებით გაეფანტა, გამუდმებით შეახსენებდა საკუთარ თავს,
რომ აფთიაქარი სრულიად საწინააღმდეგოს ამბობდა, თუმცა გრძელ
საათებს, რომელსაც ყოველდღიურად სრულ მარტოობაში ატარებდა,
არ შეეძლო მძიმე ფიქრები არ აღეძრა მისთვის და ის ვერ ახერხებდა
თავიდან მოეშორებინა წინათგრძნობა, რომ მარიანას მალე
ვეღარასოდეს იხილავდა.
მაგრამ მესამე დღეს დილით მისის ჯენინგსის პირქუში შიშები
თითქმის მთლიანად გაიფანტა. მისტერ ჰარისი ავადმყოფის
ოთახიდან გამოვიდა და განაცხადა, რომ ის გაცილებით უკეთ იყო.
მაჯისცემა გაუუმჯობესდა და სიმპტომებიც ბევრად უკეთესი ჰქონდა,
ვიდრე წინასაღამოს. ელინორი გამხიარულდა და თავი ბედნიერად
იგრძნო იმის გამო, რომ დედისადმი მიწერილ წერილში საკუთარ
შეგრძნებებს დაენდო და არა მისის ჯენინგსის ავბედით
წინათგრძნობას, მათი დაგვიანება უბრალო შეუძლოდ ყოფნით ახსნა
და თითქმის დაასახელა თარიღი, როცა ის და მარიანა შინ
დაბრუნდებოდნენ.
361
მაგრამ დღე არც ისე სასიამოვნოდ დამთავრდა, როგორც დაიწყო.
საღამოს მარიანა ისევ ცუდად გახდა. სიცხე და ტკივილები არა
მხოლოდ დაუბრუნდა, არამედ კიდევ უფრო გაუძლიერდა. თუმცა მის
დას კვლავინდებურად არ სურდა შეემჩნია ამ სიმპტომების მთელი
სერიოზულობა და მათ ავადმყოფის დაღლას მიაწერდა. ის ხომ, სანამ
ლოგინის თეთრეულს ცვლიდნენ, ცოტა ხნის განმავლობაში
სავარძელში იჯდა. და როცა დამამშვიდებელი მიქსტურა დაალევინა,
გაახარა იმის დანახვამ, რომ მარიანას მალე ჩათვლიმა, ძილს კი ის
უებარ სამკურნალო საშუალებად თვლიდა. თუმცა ეს ძილი ისეთი
მშვიდი არ აღმოჩნდა, როგორიც ელინორს უნდოდა, მაგრამ ძალიან
დიდხანს კი გაგრძელდა. მას სურდა დასვენების შედეგი ეხილა,
ამიტომ დის გვერდით იჯდა და მის გამოღვიძებას ელოდა. მისის
ჯენინგსმა ავადმყოფის მდგომარეობის გაუარესების შესახებ
არაფერი იცოდა და, ჩვეულების საწინააღმდეგოდ, დასაძინებლად
ძალიან ადრე დაწვა. მისი მოახლე, რომელიც ერთ-ერთი მთავარი
მომვლელი და დამხმარე იყო, წავიდა, რათა ევახშმა და შემდეგ მნე
ქალის ოთახში დაესვენა, და ელინორი მარიანასთან მარტო დარჩა.
ავადმყოფი სულ უფრო და უფრო შფოთავდა, ბორგავდა და
საცოდავად კვნესოდა. დამ, რომელსაც ის მუდმივი ყურადღების ქვეშ
ჰყავდა, უკვე გადაწყვიტა მისი გაღვიძება, როცა მარიანამ, რომელიც,
ეტყობა, დერეფნიდან მოღწეულმა ხმაურმა შეაშფოთა, უცებ თავისით
გაიღვიძა, წამოიწია და აღგზნებულმა წამოიყვირა:
– დედა ჩამოვიდა?
– ჯერ არა, – უპასუხა ელინორმა, რომელიც ცდილობდა დაეფარა
შიში, მთელი მისი არსება რომ მოეცვა, და მარიანას დაწოლაში
ეხმარებოდა, – მაგრამ იმედი მაქვს, მალე აქ იქნება. შენც ხომ იცი,
რომ აქედან ბარტონამდე საკმაოდ დიდი მანძილია.
– მაგრამ ლონდონის გავლით არ უნდა წამოვიდეს, – წამოიძახა
მარიანამ ისეთივე აღგზნებული ხმით, – თუ ლონდონის გავლით
წამოვა, მე მას ვეღარასოდეს ვნახავ.

362
ელინორმა შიშით გააცნობიერა, რომ მისი და ბოდავდა. შეეცადა
დაემშვიდებინა და მაჯისცემა გაუსინჯა. ასეთი სუსტი და ჩქარი ჯერ
არასოდეს ჰქონია. მარიანა რაღაცას აბდა-უბდად ლაპარაკობდა
დედის შესახებ. შეშინებულმა ელინორმა გადაწყვიტა, რომ არა
მხოლოდ მისტერ ჰარისის მოყვანა იყო საჭირო, არამედ ბარტონშიც
უნდა გაეგზავნა ვინმე მისის დეშვუდის ჩამოსაყვანად. რა თქმა უნდა,
მაშინვე მოუვიდა აზრი, რომ ამ გეგმის შესახებ პოლკოვნიკ ბრენდონს
მოთათბირებოდა. და როგორც კი მოახლე ქალი მის ზარზე შემოვიდა,
ის ავადმყოფთან დატოვა და აჩქარებული ნაბიჯით ჩავიდა სასტუმრო
ოთახში, სადაც პოლკოვნიკი უფრო გვიანამდეც ხშირად რჩებოდა.
მერყეობისა და ცერემონიებისთვის დრო აღარ იყო და მან
პოლკოვნიკს დაუყოვნებლივ მოუყვა თავისი შიშებისა და რთული
მდგომარეობის შესახებ. ამ შიშის გასაფანტავად პოლკოვნიკს არც
მხნეობა ეყო და არც თავდაჯერებულობა, და დამწუხრებული, უხმოდ
უსმენდა მხოლოდ. თუმცა მაშინვე გადაწყვიტა, რითიც შეეძლო
დახმარებოდა. მტკიცე ტონით, რომელიც ამტკიცებდა, რომ ამაზე
დიდი ხანია ფიქრობდა, განაცხადა, რომ თვითონ წავიდოდა მისის
დეშვუდის მოსაყვანად და ელინორმა წინააღმდეგობის გაწევის სუსტი
მცდელობა მაშინვე შეწყვიტა. მოკლედ, მაგრამ მხურვალედ
გადაუხადა მადლობა და პოლკოვნიკი გავიდა, რათა თავისი მსახური
მისტერ ჰარისის მოსაყვანად გაეგზავნა, თავისთვის კი ფოსტის
ცხენები შეეკვეთა. ელინორი დაჯდა, რომ დედისთვის რამდენიმე
სიტყვა მიეწერა.
როგორი ნუგეში და საყრდენი იყო ასეთ წუთს პოლკოვნიკ
ბრენდონის მსგავსი მეგობარი! უკეთეს თანამგზავრს დედამისისთვის
(ამის გაფიქრებისას ცოტათი გულზე მოეშვა) ვერც ისურვებდა.
თანამგზავრი, რომლის რჩევები გაამხნევებდა, ვისი მზრუნველი
ყურადღებაც გრძელი გზის სიძნელეებს გადაატანინებდა, ვისი
მეგობრობაც დაეხმარებოდა დარდი შეემსუბუქებინა, იმდენად,
რამდენადაც ამ მოულოდნელი და საშინელი დარტყმის შემსუბუქება

363
შეიძლებოდა, მისი გვერდით ყოფნა, მისი ზრუნვა, მისი დახმარება
დაიფარავდა და ტკივილს დაუამებდა.
როგორი გრძნობებითაც არ უნდა ყოფილიყო პოლკოვნიკი
ბრენდონი შეპყრობილი, ის ცდილობდა, მტკიცედ და ცივი გონებით
ემოქმედა. ელინორს ისიც კი უთხრა, დაახლოებით როდის
ჩამოვიდოდნენ. ერთი წამიც არ დაკარგულა ამაოდ. ცხენები უფრო
ადრეც კი იყო მის განკარგულებაში, ვიდრე ელოდა. პოლკოვნიკმა
მას ხელი ცერემონიულად ჩამოართვა, რამდენიმე სიტყვა წაიდუდუნა,
რომლებიც ელინორმა ვერ გაარჩია და სასწრაფოდ კარეტაში ჩაჯდა.
უკვე შუაღამე ახლოვდებოდა, როცა ელინორი დასთან, საწოლ
ოთახში ავიდა, რათა იქ აფთიაქარისთვის მოეცადა და ღამის
დარჩენილი ნაწილი მარიანას გვერდით გაეტარებინა. გადიოდა
საათები, თითქმის ერთნაირად ტანჯვით სავსე ორივესთვის: მარიანა
ბოდავდა და ტკივილებისგან კვნესოდა, ელინორი საშინლად
ღელავდა, მისტერ ჰარისი კი არ ჩანდა. ელინორს ასწილად მოუწია
გადახდა თავისი ცოტა ხნის წინანდელი უდარდელობისათვის,
მოახლე ქალი, კი, რომელიც მასთან ერთად ფხიზლობდა (ელინორმა
გადაჭრით განაცხადა უარი მისის ჯენინგსის გაღვიძებაზე) მის ტანჯვას
კიდევ უფრო აღრმავებდა მინიშნებებით ავბედით პროგნოზებზე,
რომელსაც მისი ქალბატონი აკეთებდა.
გონმიხდილი მარიანა დროდადრო ისევ წამოიყვირებდა ხოლმე,
დედას ეძახდა და საცოდავ ელინორს მის სიტყვებზე გული
ეწურებოდა. საკუთარ თავს მწარედ საყვედურობდა იმის გამო, რომ
ასე ქარაფშუტულად მოიქცა და ვერ შეამჩნია, როგორი სერიოზული
იყო სენი. ამაოდ ცდილობდა, რაღაც ისეთი საშუალებები
მოეგონებინა, რომლებიც მის დას დაუყოვნებლივ შვებას მოჰგვრიდა;
ხან იმას ფიქრობდა, რომ მას უკვე აღარაფერი უშველიდა, რომ
მეტისმეტად დიდხანს დააყოვნეს. თითქოს ხედავდა, როგორ
ჩამოდიოდა გატანჯული დედა და მისი საყვარელი გოგო უკვე
გარდაცვლილი ხვდებოდა ან კიდევ სიკვდილისწინა აგონიაში მყოფი,
დედას ვეღარ ცნობდა, რომ გამომშვიდობებოდა.
364
ელინორმა ისევ დააპირა მისტერ ჰარისის მოსაყვანად მსახური
გაეგზავნა და თუ მას ვერ იპოვიდა, სხვა აფთიაქარის მოძებნა
დაევალებინა, მაგრამ ის თვითონ მოვიდა. უკვე დილის ექვსი საათი
იწყებოდა. თუმცა მისმა დასკვნამ რამდენადმე გამოისყიდა ასეთი
დაგვიანება. აღიარა რა, რომ პაციენტის მდგომარეობა
მოულოდნელად და არასასურველი მხრივ შეიცვალა, მან მკვეთრად
და გადაჭრით უარყო, რომ საფრთხე, რამდენადმე მაინც, სერიოზული
იყო. დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ ახალი წამალი ავადმყოფს
აუცილებლად მოუტანდა შვებას. მისი ასეთი თავდაჯერება
ნაწილობრივ ელინორსაც გადაედო და ის შედარებით დამშვიდდა.
წასვლისას აფთიაქარი დაჰპირდა, რომ სამ-ოთხ საათში მოვიდოდა
და პაციენტიც და მისი ერთგული მომვლელიც დამშვიდებული
დატოვა, იმასთან შედარებით, ვიდრე ისინი მისი ვიზიტის პირველ
წუთებში იყვნენ.
მისის ჯენინგსი ძალიან შეწუხდა, როცა დილით მომხდარის
შესახებ უთხრეს. ყველას საყვედურობდა, რატომ მაშინვე არ
გამაღვიძეთო. ადრინდელი ცუდი წინათგრძნობა კიდევ უფრო
გაუძლიერდა და უკვე ეჭვიც აღარ ეპარებოდა, რომ ყველაფერი
ცუდად დამთავრდებოდა. თუმცა ძალიან ცდილობდა ელინორი
ენუგეშებინა, მაგრამ იმის რწმენა, რომ მარიანას უკვე სასიცოცხლო
პირი არ უჩანდა, საშუალებას არ აძლევდა, თანაგრძნობის
გამომხატველ სიტყვებთან ერთად რამე საიმედოც ეთქვა მისთვის.
გული ძალიან დამწუხრებული ჰქონდა. მოულოდნელი და უდროო
სიკვდილი ასეთი ახალგაზრდა და მშვენიერი გოგონასი, როგორიც
მარიანა იყო, გულგრილს მთლად უცხო ადამიანსაც არ დატოვებდა,
მისის ჯენინგსის განცდებს კი გაცილებით ღრმა საფუძველი ჰქონდა.
მარიანამ ხომ სამი თვე გაატარა მის ჭერქვეშ და ახლაც ის ზრუნავდა
მასზე. გარდა ამისა ის, ცოტა ხნის წინ უმძიმესი შეურაცხყოფის
მსხვერპლი გახდა და იქიდან მოყოლებული, თავს უბედურად
გრძნობდა. მისის ჯენინგსი იმასაც ხედავდა, როგორ იტანჯებოდა
ელინორი, განსაკუთრებით რომ უყვარდა, და როცა წარმოიდგენდა,
365
რომ მარიანა თავისი დედისთვის ალბათ ისეთივე ძვირფასი იყო,
როგორც მისთვის შარლოტა, გული თანაგრძნობით ევსებოდა და
იტანჯებოდა.
მისტერ ჰარისის მომდევნო ვიზიტი დაპირებულ დროს შედგა,
მაგრამ იმედები, რომლითაც ავადმყოფი წინა მონახულების შემდეგ
დატოვა, გაუქარწყლდა. ახალმა წამლებმა არ გაამართლა, სიცხე
სულ უფრო ზევით იწევდა. მარიანა გონზე ისევ არ იყო მოსული და
მხოლოდ იმიტომ არ ბორგავდა, რომ არაქათი მთლად გამოცლილი
ჰქონდა და ბურანში იმყოფებოდა. ელინორმა მისი ეჭვები იგრძნო და
ყველაფერი კიდევ უფრო საშინლად წარმოუდგა, ვიდრე
სინამდვილეში შეიძლებოდა ყოფილიყო. მან აზრი გამოთქვა,
კონსილიუმისთვის კიდევ ვინმე ხომ არ მიეწვიათ, მაგრამ
აფთიაქარმა ეს ნაადრევად ჩათვალა და განაცხადა, რომ მას მარაგში
კიდევ ჰქონდა ერთი წამალი, რომელიც მაკურნებელი თვისებებით,
მისი ღრმა რწმენით, დილანდელს არ ჩამოუვარდებოდა. შემდეგ,
სანამ წავიდოდა, თქვა რამდენიმე მანუგეშებელი და გამამხნევებელი
სიტყვა, რომლებმაც მისს დეშვუდის ყურამდე კი მიაღწიეს, მაგრამ
გულამდე – არა. ის გარეგნულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, სანამ მისი
ფიქრები დედაზე არ გადადიოდა, თუმცა ლამის ყოველგვარი იმედი
დაკარგული ჰქონდა. ასე გრძელდებოდა თითქმის შუადღემდე: ის დის
გვერდით იჯდა. ერთი წუთითაც კი ეშინოდა მისი მიტოვება.
წარმოსახვა მისი ახლობლების მწუხარებას უხატავდა.
სასოწარკვეთილებას კიდევ უფრო უღრმავებდა და უძლიერებდა
მისის ჯენინგსის ოხვრა. ქალბატონს გულწრფელად მიაჩნდა, რომ
მარიანას მძიმე ავადმყოფობა უშუალო შედეგი იყო მრავალი კვირის
ტანჯვისა, რაც მარიანამ თავს დამტყდარი უბედურების გამო
გადაიტანა. ელინორი თვლიდა, რომ ასეთი დასკვნისთვის საფუძველი
არსებობდა და ეს გუნებას კიდევ უფრო უწამლავდა.
თუმცა, დაახლოებით შუადღისას, მას მოეჩვენა, რომ ავადმყოფის
მდგომარეობამ თანდათან გაუმჯობესება დაიწყო. იმდენად
ფრთხილობდა, რომ იმედგაცრუების შიშით თავისი დაკვირვების
366
შესახებ მისის ჯენინგსსაც კი არ შეატყობინა. და მაინც მარიანას
მაჯისცემა აშკარად გაუმჯობესებული იყო. ის იცდიდა, ავადმყოფს
თვალს არ აშორებდა, კვლავ და კვლავ უსინჯავდა მაჯას და, ბოლოს
და ბოლოს, აღელვებით, რისი დაფარვაც გარეგნული სიმშვიდის
ნიღაბქვეშ უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე ყველა ადრინდელი
შიშისა, გაბედა და თავისი იმედის შესახებ ხმამაღლა განაცხადა.
მისის ჯენინგსი, თუმცა მარიანას პულსის გაზომვის შემდეგ
იძულებული იყო დროებითი გაუმჯობესება ეღიარებინა, მაინც
შეეცადა დაერწმუნებინა თავისი ახალგაზრდა მეგობარი, რომ ასე
დიდხანს გაგრძელების იმედი არ ჰქონოდა. ელინორმა ამ პირქუში
აზრის განმამტკიცებელი არგუმენტები მოიძია გონებაში და საკუთარი
თავის დარწმუნება დაიწყო, რომ მისის ჯენინგსის ნათქვამი
სიმართლეს შეეფერებოდა. მაგრამ უკვე გვიან იყო, იმედმა უკვე
შეაღწია მის გულში და ის თავის დაზე გადაიხარა ათრთოლებული
მოლოდინით... თვითონაც არ იცოდა, რისი. ნახევარი საათი გავიდა,
მაგრამ სასიკეთო ნიშნები არ ქრებოდა. პირიქით, მატულობდა.
სუნთქვა, ლოყების ფერი, ტუჩები – ყველაფერში უკეთესობა
იგრძნობოდა, ყველაფერი თითქოს ამბობდა, რომ ავადმყოფობა უკან
იხევდა. და აი, მარიანამ დას მიაპყრო თავისი აზრიანი, თუმცა კი
დაღლილობისგან დაბინდული მზერა. შიში და იმედი ახლა თანაბრად
წეწავდა ელინორის სულს ისე, რომ ერთ წამს არ უტოვებდნენ
მოსვენებისათვის, სანამ, ბოლოს და ბოლოს, ოთხ საათზე მისტერ
ჰარისი არ მოვიდა. და მაშინ, მისმა მოლოცვამ და მტკიცებამ, რომ
ავადმყოფის მდგომარეობაში ისეთი გარდატეხა მოხდა, რომელმაც
მის ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინებსაც კი გადააჭარბა, ის
დაარწმუნა, ანუგეშა და სიხარულის ცრემლები აღვრევინა.
მარიანა იმდენად გამოკეთდა, რომ აფთიაქარმა განაცხადა, მას
არავითარი საფრთხე აღარ ემუქრებაო. მისის ჯენინგსმა, რომელიც
შესაძლოა დაკმაყოფილებული იყო იმით, რომ მისმა ცუდმა
წინათგრძნობამ ნაწილობრივ მათ ნერვიულობასა და შფოთვაზე
გადაიარა, საკუთარ თავს ნება მისცა, აფთიაქარის ნათქვამი
367
დაეჯერებინა და მალე, უკვე გამხნევებულმა, გულწრფელი
სიხარულით აღიარა შესაძლებლობა სრული და საბოლოო
გამოჯანმრთელებისა.
თვითონ ელინორი მასავით მხნედ არ გრძნობდა თავს. მისი
სიხარული სხვა ტიპის იყო და მასში მხიარულებას არ იწვევდა. აზრი,
რომ მარიანა ჯანმრთელი უბრუნდებოდა ცხოვრებას და თავის
მეგობრებს, მის გულს ნეტარი სიმშვიდით და მხურვალე
მადლიერების გრძნობით ავსებდა განგების მიმართ, მაგრამ ეს
განცდა არც სიტყვებში იჩენდა თავს და არც მხიარულ ღიმილში.
კმაყოფილება შიგნით, ელინორის სულში იყო, ჩუმი და ძლიერი.
მთელი დღე დის გვერდით გაატარა, იშვიათად თუ გავიდოდა
ოთახიდან და ისიც ცოტა ხნით. ცდილობდა შიში გაეფანტა მისთვის,
პასუხობდა ყველა შეკითხვას, მარიანა ძლივს გასაგონი ხმით რომ
უსვამდა, წინასწარ ხვდებოდა მის ყველა სურვილს, აკვირდებოდა მის
მზერას, მის ყველა ამოოხვრას. რა თქმა უნდა, დროდადრო
მდგომარეობის ხელახლა გაუარესების შიში იპყრობდა და ცოტა ხნის
წინანდელი მშფოთვარე განცდები უბრუნდებოდა, მაგრამ შემდეგ
გულდასმით გასინჯვამ დაადასტურაა, რომ დამაიმედებელი ნიშნები
სულ უფრო და უფრო აშკარა ხდებოდა. და როცა დაახლოებით ექვს
საათზე მარიანა წყნარ, ნეტარ ძილს მიეცა, ელინორს უკანასკნელი
ეჭვებიც გაუქრა.
უკვე ახლოვდებოდა დრო, როცა შეიძლებოდა პოლკოვნიკ
ბრენდონის ჩამოსვლას დალოდებოდნენ. ელინორი იმედოვნებდა,
რომ ათ საათზე ან ცოტა უფრო გვიან დედამისი თავს დააღწევდა იმ
აუტანელ ტანჯვას, რასაც მთელი გზის განმავლობაში განიცდიდა. და
პოლკოვნიკიც, ასევე! ალბათ არც ის იტანჯებოდა ბევრად ნაკლებად.
აჰ, რა აუტანლად ნელა გადიოდა ის დრო, როცა ისინი
ნერვიულობისა და ლოდინისათვის იყვნენ განწირული.
შვიდ საათზე ელინორმა თავისი და ტკბილად ჩაძინებული დატოვა
და თვითონ სასტუმრო ოთახში ჩავიდა მისის ჯენინგსთან ერთად ჩაის
დასალევად. დილით არ უსაუზმია, რადგან შიშით იყო შეპყრობილი,
368
მისმა სრულიად საწინააღმდეგო და ასევე ძლიერმა გრძნობამ კი
ხელი შეუშალა სადილად დამჯდარიყო და დანაყრებულიყო. და ახლა,
როდესაც სულიერმა ქარიშხალმა გადაიარა და სიხარულით სავსე
სიმშვიდემ დაისადგურა, ის მაგიდას დიდი სიამოვნებით მიუჯდა. ჩაის
დალევის შემდეგ მისის ჯენინგსმა ურჩია, დედის ჩამოსვლამდე
წამოწოლილიყო, მარიანასთან კი ამ ხნის განმავლობაში თვითონ
დარჩებოდა, მაგრამ ელინორი არავითარ დაღლას არ გრძნობდა,
ფიქრობდა, ახლა დაძინებას სულ ცოტა ხნითაც ვერ შევძლებო და არ
უნდოდა თავის დას თუნდაც ერთი ზედმეტი წუთით განშორებოდა.
ამიტომ, მას შემდეგ, რაც მისის ჯენინგსმა ის ავადმყოფის ოთახში
ააცილა, რათა საკუთარი თვალით დარწმუნებულიყო, რომ საქმე
უკეთესობისკენ მიდიოდა, ელინორი თავის საზრუნავთან და
ფიქრებთან დატოვა, თვითონ კი თავის საწოლ ოთახში წავიდა, სადაც
ჯერ წერილის დაწერას, შემდეგ კი დაძინებას აპირებდა.
ცივი, ქარიშხლიანი საღამო იყო. სახლის გარშემო ქარი გაბმით
წიოდა. წვიმა ფანჯრებს ეხლებოდა, მაგრამ ელინორი თავს იმდენად
ბედნიერად გრძნობდა, რომ ვერაფერს ამჩნევდა. მარიანას ქარის
ზუზუნი არ აწუხებდა. მგზავრებს, რომლებიც მათკენ
მოემართებოდნენ, რა თქმა უნდა, უჭირდათ, მაგრამ იმ
ყველაფრისთვის, რისი გადატანაც მოუწევდათ, გზის ბოლოს უდიდესი
ჯილდო ელოდათ.
საათმა რვა ჩამორეკა. ათი საათი რომ ყოფილიყო, ელინორს
ეჭვიც არ შეეპარებოდა, რომ მოახლოებული ეკიპაჟის ხმა გაიგონა.
და თუმცა ისინი ასე ადრე მოსვლას ვერაფრით ვერ მოასწრებდნენ,
მან თავის ყურებს თითქმის დაუჯერა, საწოლი ოთახიდან გავიდა და
დარაბები გამოაღო, რათა დარწმუნებულიყო, ეს ფანტაზია იყო თუ
არა. და მაშინვე დაინახა, რომ სმენას არ მოეტყუებინა: ქვემოთ
კარეტის ფარნები ანათებდა. მათ უღიმღამო სინათლეში კი მან
კარეტაში შებმული ოთხი ცხენი გაარჩია. ეს მოწმობდა, დედა
რამდენად იყო შეშფოთებული. ალბათ სწორედ ამით აიხსნებოდა
მათი ასე სწრაფად ჩამოსვლა.
369
ელინორს ასე არასდროს გასჭირვებია სიმშვიდის შენარჩუნება.
ახლა, როცა კარეტა კარებთან შეჩერდა, იცოდა, დედამისის გულში
რა ცეცხლიც ტრიალებდა – ეჭვი, შიში სასოწარკვეთილება –
ყველაფერი ერთად. მაგრამ ის ერთი სიტყვით გაფანტავს მათ,
აუტანელი სიმძიმისაგან გაათავისუფლებს ახალჩამოსულებს. ასე
ფიქრი და წყნარად დარჩენა შეუძლებელი იყო. აუცილებლად უნდა
ეჩქარა. ელინორი მხოლოდ იმისთვის შეყოვნდა, რომ მარიანასთან
მისის ჯენინგსის მოახლე ქალი მიეხმო და კიბეები ჩაირბინა.
ვესტიბიულში ხმაური ისმოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი უკვე
სახლში შემოსულიყვნენ. ის სასტუმრო ოთახში შევიდა და იქ
მხოლოდ ერთი ადამიანი – უილობი დაინახა.

370
თავი 44

შეძრწუნებულმა ელინორმა უნებურად უკან დაიხია, შემდეგ


პირველ იმპულსს დაემორჩილა და შებრუნდა, რათა გარეთ
გასულიყო. მისი თითები უკვე კარის სახელურს შეეხო, მაგრამ
უილობი უკან მიჰყვა, შეაჩერა ის და ხმით, რომელშიც მოთხოვნა
უფრო იგრძნობოდა, ვიდრე თხოვნა, უთხრა:
– მისს დეშვუდ, ნახევარი საათით... ათი წუთით, ძალიან გთხოვთ
დარჩეთ.
– არა, სერ, – მტკიცედ უპასუხა მან, – არ დავრჩები. რა საქმე
შეიძლება გქონდეთ თქვენ ჩემთან? მსახურებს, როგორც ჩანს,
დაავიწყდათ ეთქვათ, რომ მისტერ პალმერი შინ არ არის.
– კიდევაც რომ გავეფრთხილებინეთ, – წამოიძახა
გამძვინვარებულმა, – ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ მისტერ პალმერს და
მის ნათესავებს, ეს ხელს ვერ შემიშლიდა შემოვსულიყავი. მე
თქვენთან, და მხოლოდ თქვენთან მაქვს საქმე.
– ჩემთან? – გაოგნდა ელინორი, – თუ ასეა, მოკლედ მითხარით
და თუ შეიძლება, თავი შეიკავეთ.
– დაჯექით და მე ერთსაც გპირდებით და მეორესაც.
ელინორი შეყოვნდა. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. რა
მოხდება, თუ ახლა დიდი ხნის ნალოდინები კარეტა მოვა და
პოლკოვნიკი ბრენდონი აქ უილობის შეისწრებს? თუმცა ის უკვე
შეჰპირდა, რომ მოუსმენდა და გარდა იმისა, რომ სიტყვა უნდა
შეესრულებინა, ცნობისმოყვარეობაც გაუჩნდა. ხანმოკლე
გაურკვევლობის შემდეგ მან საკუთარ თავს უთხრა, რომ
კეთილგონიერება მოითხოვდა ეჩქარა, მისი თანხმობა კი ამ
მოულოდნელი ვიზიტის დასრულებას დააჩქარებდა. მაგიდისკენ
წავიდა და შორიახლოს ჩამოჯდა.

371
უილობიმ მოპირდაპირე სკამი მიიწია თავისკენ და თითქმის
ნახევარი წუთის განმავლობაში არც ერთს ხმა არ ამოუღია.
– თუ შეიძლება, იჩქარეთ, სერ, – მოუთმენლად თქვა ბოლოს
ელინორმა, – მე დასაკარგავი დრო არა მაქვს.
უილობი ღრმად ჩაფიქრებული კაცის პოზაში იჯდა. მისი სიტყვები
თითქოს არც გაუგონია.
– თქვენს დას, – უცებ წამოიძახა მან, – არავითარი საფრთხე არ
ემუქრება. ასე მითხრა მსახურმა. მადლობა ღმერთს! ეს სიმართლეა,
ხომ? ხომ სიმართლეა?
ელინორმა არ უპასუხა და მან შეკითხვა კიდევ უფრო დაჟინებით
გაუმეორა.
– ღვთის გულისათვის, მითხარით, მას საფრთხე ემუქრება თუ არა?
– იმედი გვაქვს, რომ არა.
უილობი წამოხტა და ოთახში გაიარ-გამოიარა.
– ეს რომ ნახევარი საათის წინ მცოდნოდა... მაგრამ რადგან უკვე
აქ ვარ... –ნაძალადევი ღიმილით დასძინა მან და ისევ სკამზე
ჩამოჯდა, – რაღა მნიშვნელობა აქვს? ჰოდა, ერთად ვიმხიარულოთ,
მისს დეშვუდ, ალბათ უკანასკნელად. ნამდვილი სამხიარულო
განწყობილება მაქვს. პირდაპირ მითხარით, – მას ლოყებზე ალმური
მოედო, – თქვენ არამზადად უფრო მთვლით თუ სულელად?
ელინორმა მას კიდევ უფრო დიდი გაკვირვებით შეხედა. მხოლოდ
ისღა რჩებოდა ევარაუდა, რომ უილობი მთვრალი იყო. მხოლოდ
ამით შეიძლებოდა ამ უცნაური ვიზიტის და მისი ქცევების ახსნა. ის
მაშინვე წამოდგა და თქვა:
– მისტერ უილობი, გირჩევთ, ჯერჯერობით კომბეში დაბრუნდეთ.
მე თქვენთან დასარჩენად მეტი დრო არა მაქვს. რა საქმისთვისაც არ
უნდა იყოთ ჩემთან მოსული, თქვენთვის უფრო ადვილი იქნება,
ყველაფერი კარგად მოიფიქროთ და ხვალ მითხრათ.
– ჰო, ვხვდები თქვენს მინიშნებას, – უპასუხა მან მეტყველი
ღიმილით და ძალიან წყნარი ხმით – ჰო, მე მთვრალი ვარ, ძალიან

372
მთვრალი. ერთი პინტი პორტერი მარლბოროში ძროხის ცივ ხორცზე
მიტანებული საკმარისი აღმოჩნდა. ფეხზე ძლივს ვდგავარ.
– მარლბოროში! – წამოიძახა ელინორმა. სულ უფრო და უფრო
ნაკლებად ესმოდა, რა ხდებოდა.
– დიახ. ლონდონიდან ამ დილით წამოვედი, რვა საათზე და ამის
შემდეგ კარეტიდან არ გადმოვსულვარ, თუ ათ წუთს არ ჩავთვლით
მარლბოროში, სადაც წავიხემსე, სანამ ცხენებს ცვლიდნენ.
მისმა მტკიცე ტონმა და აზრიანმა გამომეტყველებამ დაარწმუნა
ელინორი, რომ რაც არ უნდა მიუტევებელ შეცდომას მიეყვანა ის
კლივლენდში, ამის მიზეზი ღვინო არ იყო. ხანმოკლე ფიქრის შემდეგ
მან თქვა:
– მისტერ უილობი, თქვენ უნდა ხვდებოდეთ, ისევე, როგორც მე
ვხვდები, რომ თქვენს აქ გამოჩენას იმ ყველაფრის შემდეგ, რაც
მოხდა და დაჟინებულ თხოვნას მომესმინა თქვენთვის, რაღაც
სერიოზული ახსნა უნდა ჰქონდეს. მითხარით, რა არის მიზეზი? რისი
თქმა გინდათ?
– მე ის მინდა, – მგზნებარედ წამოიძახა მან, – რომ ცოტათი მაინც
გავანელო თქვენი სიძულვილი ჩემ მიმართ. მინდა რამდენიმე ახსნა
შემოგთავაზოთ, რამდენიმე გამართლება იმისა, რაც მოხდა. მინდა
გული გადაგიშალოთ და დაგარწმუნოთ, რომ თუმცა ჭკუა-გონებით
ვერასდროს დავიკვეხნიდი, ყოველთვის თაღლითი არ ვყოფილვარ,
მინდა მივაღწიო თუნდაც რაღაც მსგავსს პატიებისა მარ... თქვენი
დისაგან.
– თქვენ მართლა მხოლოდ ამისათვის მოხვედით?
– სინდისს გეფიცებით, სწორედ ამისთვის! – წამოიძახა მან ისე
მგზნებარედ, რომ ელინორს ძველი უილობი გაახსენდა და უნებურად
მისი გულწრფელობა დაიჯერა.
– თუ მიზეზი მხოლოდ ეს არის, შეგიძლიათ დამშვიდდეთ.
მარიანამ გაპ... მან უკვე დიდი ხანია გაპატიათ.
– მართლა? – წამოიძახა მან ისეთივე მგზნებარე ხმით. – მაშინ ეს
მას მანამდე გაუკეთებია, სანამ უნდა გაეკეთებინა. მაგრამ ახლა ისევ
373
მაპატიებს და უფრო საფუძვლიანი მიზეზით. თანახმა ხართ
მომისმინოთ?
ელინორმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– არ ვიცი, – დაიწყო უილობიმ ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ,
რომლის განმავლობაშიც ელინორი მოთმინებით იცდიდა, – როგორ
ახსენით ჩემი ქცევები თქვენ და თქვენმა დამ და რა სატანური
ზრახვები მომაწერეთ. გამორიცხული არ არის, ამავე აზრის დარჩეთ
და არაფერი შეიცვალოს, მაგრამ რატომ არ შეიძლება ვცადო? სულ
ყველაფერს მოგიყვებით, არაფერს დაგიმალავთ. როცა მე თქვენს
ოჯახს დავუახლოვდი, მხოლოდ ის მიზანი მქონდა, რომ სასიამოვნოდ
გამეტარებინა დრო, სანამ იძულებული ვიყავი დევონშირში
დავრჩენილიყავი – უფრო სასიამოვნოდ, ვიდრე მანამდე ოდესმე
გამიკეთებია. მე არ შემეძლო გულგრილი დავრჩენილიყავი თქვენი
დის მშვენიერებისა და მომაჯადოებელი მანერების მიმართ, მისი
დამოკიდებულება კი ჩემდამი პირველივე წუთებიდან... ახლა, როცა
ვფიქრობ, როგორი იყო ეს დამოკიდებულება და როგორია თვით ის,
მე თვითონ მაკვირვებს ჩემი გულის უგრძნობლობა. და მაინც უნდა
ვაღიარო, რომ ეს ჩემს თავმოყვარეობას საამოდ ელამუნებოდა.
ბედნიერებისკენ სულაც არ ვილტვოდი და მხოლოდ საკუთარ
სიამოვნებაზე ვფიქრობდი, არ ვეწინააღმდეგებოდი ჩემს გრძნობებს,
საშუალებას ვაძლევდი მათ, ზედმეტი ძალაუფლება ჰქონოდათ ჩემზე,
რითიც კი შემეძლო, ვცდილობდი თავი მომეწონებინა მისთვის და
სრულიადაც არ ვფიქრობდი, მისი გრძნობებისთვის მეპასუხა.
აქ მისს დეშვუდმა მას მრისხანებითა და სიძულვილით სავსე მზერა
მიაპყრო და ლაპარაკი შეაწყვეტინა.
– თქვენთვის არ ღირს, მისტერ უილობი, ამის მოყოლა, ჩემთვის კი
მოსმენა. ასეთმა შესავალმა არ შეიძლება კარგ შედეგამდე
მიგვიყვანოს. ნუ მაიძულებთ ვიტანჯო თქვენი აღიარების მოსმენით.
– არა, მე მოვითხოვ, რომ ყველაფერი ბოლომდე მოისმინოთ! –
შეეპასუხა უილობი. – ჩემი ქონება დიდი არასოდეს იყო, ჩემი
გემოვნებით ცხოვრება კი ყოველთვის დიდ ხარჯებს მოითხოვდა და
374
ადრეული ახალგაზრდობიდან მოყოლებული, ჩემზე მდიდარი
ადამიანების საზოგადოება მიზიდავდა. ყოველ წელს,
სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ და უფრო ადრეც კი, ჩემს
ქონებას რაღაცით ვზრდიდი. და თუმცა ჩემი ხნიერი ნათესავის – მისს
სმიტის გარდაცვალებას ჩემი საქმეები უნდა გამოესწორებინა, ამის
იმედად ყოფნა არ ივარგებდა. თანაც ეს შეიძლებოდ საკმაოდ დიდი
ხნის შემდეგ მომხდარიყო. აი, ამიტომ იყო, რომ უკვე კარგა ხნის წინ
გადავწყვიტე, ვალებისგან გავთავისუფლებულიყავი და ამისთვის
მდიდარი საცოლე მომეძებნა. ასეთი განზრახვა მქონდა და ამიტომ
ვერც კი ვიფიქრებდი, ჩემი ბედი თქვენს დასთან დამეკავშირებინა. და
უგულოდ, ეგოისტურად, სისასტიკით, ისეთით, თქვენს აღშფოთებულ,
ზიზღით სავსე მზერასაც კი, მისს დეშვუდ, რომ არ შეუძლია
საკმარისად მკაცრად განსაჯოს, ჩემს ქარაფშუტულ სურვილებს
აყოლილი, ვცდილობდი მისი გული დამეპყრო, ისე, რომ სამაგიეროს
არაფერს ვთავაზობდი. და მხოლოდ ერთი რამ რამდენადმე
ამსუბუქებს ჩემი ეგოისტური პატივმოყვარეობის მთელ საშინელებას
– მე, უბრალოდ, ვერ წარმომედგინა მთელი სიმძიმე იმ დარტყმისა,
რომლის მიყენებასაც ვაპირებდი. მაშინ ხომ მე არ ვიცოდი,
სიყვარული რას ნიშნავს. მაგრამ შემდეგ კი გავიგე? ეს შეიძლება
საეჭვო იყოს. ნამდვილად რომ მყვარებოდა, ჩემს გრძნობებს ეგოიზმს
და სიხარბეს შევწირავდი მსხვერპლად? და, რაც კიდევ უფრო
მნიშვნელოვანია, შემეძლო თუ არა მათთვის მისი სიყვარული
შემეწირა? მაგრამ მე ეს გავაკეთე. ვცდილობდი რა თავი დამეღწია იმ
შედარებითი სიღარიბისთვის, რომელსაც მისი სიყვარული და მასთან
ურთიერთობა არარად გადააქცევდნენ, შევიძინე სიმდიდრე და
მომაკლდა ყველაფერი, რასაც შეეძლო ის სასურველი გაეხადა.
– ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ, – თქვა ოდნავ მომბალმა
ელინორმა, – ერთ დროს მის მიმართ ნამდვილი გრძნობა გქონდათ.
– ვინ არ მოიხრიდა ქედს ასეთი ხიბლისა და სინაზის წინაშე?
ამქვეყნად ალბათ ერთი კაციც არ მოიძებნება, რომელიც ამას
შეძლებდა. ვერც კი შევამჩნიე, ისე შემიყვარდა და ჩემი ცხოვრების
375
უბედნიერესი დრო მასთან გატარებული საათები იყო. მაშინ მე
მთელი გულით მჯეროდა ჩემი ზრახვების სიწმინდე და ჩემი
თითოეული გრძნობის კეთილშობილება. მაგრამ მაშინაც კი, როცა
მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, ხელი მეთხოვა მისთვის,
მიუტევებლად ქარაფშუტულად ვიქცეოდი და ყველაზე
მნიშვნელოვანის თქმას ყოველთვის სახვალიოდ ვდებდი, რადგან არ
მინდოდა დავნიშნულიყავით, სანამ ჩემს საქმეებს წესრიგში არ
მოვიყვანდი. თავის გასამართლებელი მიზეზების ძებნას არ დავიწყებ
და თქვენს ყველა საყვედურს მივიღებ იმასთან დაკავშირებით, რომ
სისულელე იყო და სისულელეზე უფრო მეტიც იმის შიში, სიტყვით არ
ვყოფილიყავი შებოჭილი, მაშინ, როცა შებოჭილი უკვე პატიოსნებით
ვიყავი. მომავალმა აჩვენა, რომ თაღლითი სულელი ვიყავი,
რომელიც წინდახედულად იტოვებდა გასაძრომს და თავს იმისთვის
წირავდა, საძულველ და უბადრუკ ადამიანად ქცეულიყო სამუდამოდ.
თუმცა, ბოლოს და ბოლოს, მერყეობა გვერდზე გადავდე და
გადავწყვიტე, როგორც კი მარტო დავრჩებოდით, გამემართლებინა
ყურადღება, რომელსაც გამუდმებით ვიჩენდი მის მიმართ და
დამერწმუნებინა გრძნობაში, ასე მონდომებით და აშკარად რომ
გამოვხატავდი. მაგრამ სწორედ იმ რამდენიმე საათის განმავლობაში,
სანამ შემთხვევა მომეცემოდა მისთვის გული გადამეშალა და ხელი
მეთხოვა, გაჩნდა ერთი გარემოება... ბედუკუღმართი გარემოება,
რამაც ჩემს ამ განზრახვაზე ხელი ამაღებინა და მასთან ერთად ჩემი
მომავალი ბედნიერების იმედები დაასამარა. აღმოჩნდა, რომ, – აქ ის
შეყოყმანდა და თვალები დახარა, – მისის სმიტს როგორღაც
შეუტყვია, მე ვფიქრობ, რომელიღაც შორეული ნათესავისგან,
რომლის ინტერესებში იყო, მისი კეთილგანწყობა დამეკარგა, ერთი
ინტრიგის, ერთი კავშირის შესახებ... ამაზე აღარ გავაგრძელებ,
მგონი, მეტი ახსნა საჭირო არ არის, – დასძინა მან, კიდევ უფრო
გაწითლდა და ელინორს შეკითხვის გამომხატველი თვალებით
შეხედა. – თქვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება... ალბათ დიდი
ხანია მთელი ეს ამბავი იცით.
376
– ჰო, – უპასუხა ელინორმა და თვითონაც გაწითლდა. გულში
მისდამი თანაგრძნობის ნატამალიც არ სურდა ჰქონოდა, – მე
ყველაფერი ვიცი. და რა ახსნა შეგიძლიათ შემომთავაზოთ, რომ
ცოტათი მაინც შეამციროთ თქვენი დანაშაული ამ საშინელ საქმეში,
ჩემთვის ცოტა არ იყოს, გაუგებარია.
– გაიხსენეთ, – წამოიძახა უილობიმ, – ვისგან გაიგეთ თქვენ ამის
შესახებ! განა მას შეეძლო მიუკერძოებელი ყოფილიყო? ოჰ, რა თქმა
უნდა, მე ვაღიარებ, რომ პატივისცემით უნდა მოვპყრობოდი მის ასაკს
და მის მდგომარეობას. სწორად გამიგეთ, მე თავის გამართლებას არ
ვაპირებ, მაგრამ მაინც არ მინდა იფიქროთ, რომ ყველაფერში
დამნაშავე მხოლოდ მე ვარ და რადგან მას ასეთი ტკივილი მიადგა,
თვითონ უმწიკვლოა, და მე თუ გარყვნილი ვარ, შესაბამისად, ის
წმინდანია. რომ არა მისი მძვინვარე ვნებები და ვიწრო
თვალთახედვა... არა, მე ჩემი საქციელის გამართლებას არ ვაპირებ.
მისი გრძნობა ჩემდამი უკეთეს დამოკიდებულებას იმსახურებდა და მე
ხშირად მწარედ ვსაყვედურობ საკუთარ თავს, როცა ვიხსენებ იმ
სინაზეს, რომელმაც შეძლო ხანმოკლე დროის განმავლობაში
საპასუხო განცდა გამოეწვია. მე მთელი სულით და გულით მინდოდა,
რომ ეს არ მომხდარიყო. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ტანჯვა არა
მხოლოდ მას მივაყენე, არამედ იმასაც, ვისი გრძნობაც ჩემდამი
(მაქვს ამის თქმის ნება?) არანაკლებად მგზნებარე იყო, გონება და
სული კი... ოჰ, ბევრად უფრო აღმატებული.
– მაგრამ თქვენი გულგრილობა ამ უბედური გოგონას მიმართ...
როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს ჩემთვის ამ თემაზე ლაპარაკი, არ
შემიძლია არ ვთქვა, რომ თქვენი გულგრილობა მის მიმართ ოდნავაც
არ ამართლებს მისდამი გამოჩენილ სისასტიკეს. ნუ გგონიათ, რომ
მისი ვიწრო თვალთახედვა... მისი შეზღუდული გონება თუნდაც
მცირედით ამართლებდეს თქვენს ასეთ აშკარა უგულობას. თქვენ ხომ
იცოდით, რომ სანამ დევონშირში ერთობოდით, ყოველთვის
მხიარული და ბედნიერი ახალ გეგმებზე ფიქრობდით, ის უკიდურეს
სიღატაკეში ცხოვრობდა.
377
– სინდისს გეფიცებით, ეს არ ვიცოდი! – გაცხარებით წამოიძახა
მან. – მე მართლა დამავიწყდა მეთქვა, სად უნდა მოეწერა ჩემთვის,
მაგრამ ნუთუ თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ საღი აზრი არ
უკარნახებდა მას, როგორ შეიძლებოდა ჩემი პოვნა?
– თავი დავანებოთ ამას, სერ. და მისის სმიტმა რა თქვა?
– ის საშინლად განრისხდა და მაშინვე მკითხა, მართალი იყო თუ
არა ეს. ძნელი მისახვედრი არ არის, რა დღეში ჩავვარდებოდი. მისი
სუფთა ცხოვრება, მკაცრი შეხედულებები, ის, რომ საზოგადოებას არ
იცნობდა – ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ იყო. ჩემი დანაშაულის
უარყოფა არ შემეძლო, მისი შემსუბუქება კი ვერ მოვახერხე.
ვფიქრობ, მას ადრეც ეჭვი ეპარებოდა ჩემს მაღალ ზნეობაში და
გარდა ამისა, ამ ვიზიტის დროს ჩემმა უყურადღებობამ გააბრაზა.
უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ მას ცოტა დროს ვუთმობდი.
მოკლედ რომ ვთქვათ, საქმე საბოლოო განშორებით დასრულდა. მე
თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალება მქონდა. ჩემი უზნეო
საქციელით აღშფოთებული კეთილი ქალი წარსულის პატიებას
დამპირდა, თუ ელიზას შევირთავდი. მე ამის გაკეთება არ შემეძლო.
მან განაცხადა, რომ ჩემთან საერთო აღარაფერი ჰქონდა და მისი
სახლის დატოვება მომთხოვა. მთელი ღამე – ჩემი გამგზავრება
დილისთვის გადაიდო – იმაზე ფიქრში გავატარე, თუ როგორ
მოვქცეულიყავი. მძიმე ბრძოლა იყო საკუთარ თავთან, მაგრამ მალე
დამთავრდა. ჩემი გრძნობა მარიანასადმი, რწმენა, რომ ის ორმხრივი
იყო, საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ სიღარიბის შიში
გადაეწონა ჩემში, დამეძლია ყალბი წარმოდგენები იმის შესახებ, რომ
აუცილებლად მდიდარი უნდა ვყოფილიყავი. მე ადრეც მიმაჩნდა, რომ
ბევრი ფული უნდა მქონოდა და მდიდარი ადამიანების წრეში ყოფნამ
ეს აზრი კიდევ უფრო განმიმტკიცა. მქონდა საფუძველი მევარაუდა,
რომ ჩემი ახლანდელი ცოლი უარს არ მეტყოდა, თუ მას ხელს
ვთხოვდი. და საკუთარი თავი დავარწმუნე იმაში, რომ, ვერ ვხედავდი
რა სხვა გამოსავალს, ეს ყველაზე კეთილგონივრული
გადაწყვეტილება იქნებოდა. მაგრამ სანამ დევონშირს დავტოვებდი,
378
დიდი განსაცდელი მელოდა. დაპირებული ვიყავი, რომ იმ დღეს
თქვენთან ვისადილებდი და აუცილებელი იყო რაღაც საბაბი
მომენახა იმის ასახსნელად, თუ რატომ ვერ ვასრულებდი
შეთანხმებას. დიდხანს ვყოყმანობდი, მომეწერა თუ შემომევლო
თქვენთან. მარიანასთან შეხვედრის მეშინოდა და იმასაც ვფიქრობდი,
რომ მის ნახვას შეიძლებოდა ვეიძულებინე, გადაწყვეტილება
შემეცვალა. მაგრამ აქ, როგორც შემდეგ მომხდარმა ცხადყო, მე
სათანადოდ ვერ შევაფასე ჩემი სულის სიძლიერე. მე მოვედი, ვნახე
ის, ვნახე მისი მწუხარება და დავტოვე ამ მწუხარებაში. დავტოვე იმ
იმედით, რომ მას აღარასოდეს შევხვდებოდი.
– და მაინც, რატომ მოხვედით, მისტერ უილობი? – ჰკითხა
ელინორმა საყვედურით. განა საკმარისი არ იქნებოდა, წერილით
მოგებოდიშათ? რატომ ჩათვალეთ, რომ თქვენი მოსვლა
აუცილებელი იყო?
– ჩემი სიამაყის გამო. ჩემთვის აუტანელი იქნებოდა თითქმის
მალულად წასვლა. არ მინდოდა, რომ თქვენ და თქვენს მეზობლებს
გაგეგოთ, რა მოხდა ჩემსა და მისის სმიტს შორის და გადავწყვიტე,
ჰონიტონისკენ მიმავალს თქვენთან შემომევლო. მაგრამ თქვენს
ძვირფას დასთან შეხვედრა მართლაც საშინელი იყო, მით უმეტეს,
რომ ის სახლში მარტო აღმოჩნდა. დედათქვენი და თქვენ, უმცროს
დასთან ერთად, სადღაც იყავით წასული და მე არ ვიცოდი, როდის
დაბრუნდებოდით. არადა, სწორედ წინადღით წამოვედი მისგან
მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ ისე მოვქცეულიყავი, როგორც
საჭირო იყო. კიდევ რამდენიმე საათიც და ის სამუდამოდ იქნებოდა
ჩემთან დაკავშირებული! და გამახსენდა, როგორ მხიარულად,
როგორ ბედნიერად ვგრძნობდი თავს, როცა კოტეჯიდან ფეხით
ალენჰემში ვბრუნდებოდი საკუთარი თავით კმაყოფილი, ყველას
მიმართ კეთილგანწყობილი. მაგრამ ჩვენი ამ უკანასკნელი
მეგობრული შეხვედრის დროს თავს იმდენად დამნაშავედ ვგრძნობდი
მის წინაშე, რომ თითქმის ძალა აღარ მყოფნიდა მეთვალთმაქცა. მისი

379
მწუხარება, მისი იმედგაცრუება, მისი მწარე სინანული, როცა
ვუთხარი, რომ დევონშირი დაუყოვნებლივ უნდა დამეტოვებინა... აჰ,
ეს არასდროს არ დამავიწყდება. მერე, როგორი მიმნდობი იყო,
როგორ სჯეროდა ჩემი. ო, ღმერთო ჩემო, როგორი უღმერთო
თაღლითი ვიყავი!..
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ელინორმა დაარღვია:
– თქვენ მას დაჰპირდით, რომ მალე დაბრუნდებოდით?
– არ ვიცი, რას დავპირდი, – თითქმის გააწყვეტინა მან, – მაგრამ
ის კი ვიცი, რომ ბევრად უფრო ნაკლებს, ვიდრე ამას ჩვენი წარსული
ურთიერთობა მოითხოვდა და უფრო მეტს, ბევრად მეტს, ვიდრე
მომავალში შევასრულე. ძალა არ შემწევს ამაზე ვიფიქრო... არა, არა.
შემდეგ თქვენი ძვირფასი დედა მოვიდა, რათა თავისი სიკეთით და
ნდობით კიდევ უფრო მეტად გავეტანჯე. მადლობა ღმერთს, რომ
ვიტანჯებოდი მაინც. მე ძალიან უბედური ვიყავი. მისს დეშვუდ, თქვენ
ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი ნუგეშია ახლა ჩემთვის მაშინ
განცდილი ტანჯვის გახსენება. მე ისე ვბრაზობ საკუთარ თავზე ჩემი
ასეთი სულელი, თაღლითი გულის გამო, რომ ყველა ჩემი მაშინდელი
ტანჯვა ჩემთვის ახლა სიამაყის და ტრიუმფის საგანია. ჰოდა, ასე
წავედი, მივატოვე ყველაფერი, რაც მიყვარდა – წავედი მათთან, ვის
მიმართაც, უკეთეს შემთხვევაში, გულგრილი ვიყავი. ჩემი დაბრუნება
ლონდონში... საკუთარი ცხენებით მივდიოდი და ამიტომ ისე ნელა...
მოსაწყენი გზა... მოსაუბრის გარეშე, ჩემი აზრები კი ისეთი
მხიარული... მომავალი, რომელიც ისე მიმზიდველად მეხატებოდა!
როცა ბარტონი მახსენდებოდა, ისეთი დამამშვიდებელი სურათი
წარმოუდგებოდა ჩემს მზერას! ოჰ, ეს ნამდვილად დალოცვილი
მოგზაურობა იყო.
ის გაჩუმდა.
– რას იზამთ, სერ... – უთხრა ელინორმა, რომელსაც თუმცა კი
ეცოდებოდა ის, მაგრამ თან უნდოდა, რაც შეიძლებოდა მალე
წასულიყო. – ეს არის ყველაფერი?

380
– ოჰ, არა... თქვენ რა, დაგავიწყდათ, ლონდონში რა მოხდა?
გაჩვენათ მან ის საზიზღარი წერილი?
– ჰო, ყველა მათგანი მაქვს ნანახი.
– როცა მისი პირველი წერილი მივიღე (ეს მაშინვე მოხდა,
იმიტომ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ლონდონში
ვიმყოფებოდი), ვიგრძენი... სიტყვები, როგორც ასეთ შემთხვევაში
ამბობენ, უძლური იყო ამის გამოსახატავად. უფრო მარტივად რომ
ვთქვა, იმდენად მარტივად, რომ შეცოდების გრძნობა არ აღგეძრათ,
ეს ძალიან, ძალიან მტკივნეული გახლდათ. თითოეული სტრიქონი,
თითოეული სიტყვა იყო... გაცვეთილი მეტაფორა რომ გამოვიყენო,
რის უფლებასაც იმ წერილის ავტორი, აქ რომ იყოს, არ მომცემდა...
ხანჯალი გულში. მარიანა ლონდონში! ეს (ისევ მეტაფორას თუ
მოვიშველიებ) მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. მეხის
გავარდნა და ხანჯალი! როგორ მსაყვედურობდა! მისი გემოვნება,
მისი აზრები... მე მგონი, მათ უკეთ ვიცნობ, ვიდრე საკუთარ თავს. და
ყოველ შემთხვევაში, ისინი უფრო ძვირფასია ჩემთვის.
ელინორს გული, რომელმაც ამ უცნაური საუბრის განმავლობაში
მრავალი ცვლილება განიცადა, ისევ მოულბა. ამის მიუხედავად, მან
თავის მოვალეობად ჩათვალა შეეხსენებინა მისთვის, რომ ის, რაც მან
ბოლოს თქვა, უადგილო იყო.
– ეს ზედმეტია, მისტერ უილობი. გაიხსენეთ, რომ თქვენ
დაქორწინებული ხართ. ილაპარაკეთ მხოლოდ ის, რასაც თქვენი
სინდისი გთხოვთ, მითხრათ.
– მარიანას წერილმა, რომლისგანაც გავიგე, რომ მისთვის
ადრინდებულად ძვირფასი ვიყავი, რომ მიუხედავად განშორების
მრავალი, მრავალი კვირისა, ის ერთგული დარჩა საკუთარი
გრძნობებისა და კვლავაც ეჭვმიუტანლად სჯეროდა, რომ არც ჩემი
დამოკიდებულება იყო შეცვლილი მის მიმართ, სინანულის გრძნობა
გააღვიძა ჩემში. მე ვამბობ “გააღვიძა”. იმიტომ, რომ დრომ და
დედაქალაქის გართობებმა, საქმეებმა და ქეიფმა, ის,
გარკვეულწილად, მიაძინა და მე ნელ-ნელა, თანდათან, ჩვეულებრივი
381
არამზადა ვხდებოდი, წარმომედგინა, რომ გულგრილი ვიყავი მის
მიმართ და საკუთარ თავს ვუნერგავდი, რომ მანაც ასევე დამივიწყა.
თავს ვირწმუნებდი, რომ ჩვენი ორმხრივი გრძნობა გატაცება იყო
მხოლოდ, უბრალო ფლირტი. მხრებს ვიჩეჩდი, ეს ხომ ცხადია-მეთქი,
სინდისის ქენჯნას ვახშობდი, ეჭვებს თავიდან ვიცილებდი და
დროდადრო ჩემთვის ვიმეორებდი – “მოხარული ვიქნებოდი
გამეგონა, რომ ის გათხოვდა”. მაგრამ ამ წერილმა მაიძულა, უკეთ
ჩავწვდომოდი ჩემს გრძნობებს. მივხვდი, რომ ის ყველა ქალზე
ძვირფასია ჩემთვის ამქვეყნად და რომ მას საზიზღრად მოვექეცი.
მაგრამ ჩემსა და მისს გრეის შორის ის-ის იყო ყველაფერი მოგვარდა.
უკან დახევა აღარ შეიძლებოდა. მხოლოდ ის შემეძლო მეცადა, რომ
თავი ამერიდებინა თქვენთვის, ორივესთვის. მარიანას პასუხი აღარ
გავუგზავნე, მინდოდა მასაც შეეწყვიტა წერილების მოწერა. რაღაც
დროის განმავლობაში ჩემს იმ გადაწყვეტილებასაც კი ვასრულებდი,
რომ ბერკლი-სტრიტზე არ შემევლო, მაგრამ შემდეგ ვიფიქრე, რომ
უფრო გონივრული იქნებოდა ისე გულგრილად მოვქცეულიყავი,
თითქოს ჩვეულებრივი ნაცნობი ვიყავი. და ერთხელ, დილით
დაველოდე, სანამ სამივე გახვიდოდით სახლიდან და ჩემი ბარათი
დაგიტოვეთ.
– დაელოდეთ, სანამ სახლიდან გავიდოდით?
– ჰო, ასე იყო. თქვენ ალბათ გაგიკვირდებათ, როცა გეტყვით, რომ
ხშირად გადევნებდით თვალს. რამდენჯერმე ბეწვზე გადავრჩი, რომ
ვერ შემამჩნიეთ. ბევრჯერ დავმალულვარ უახლოეს მაღაზიებში,
სანამ თქვენი კარეტა ჩაივლიდა. მე ხომ ბონდ-სტრიტზე ვცხოვრობდი
და თითქმის დღე არ გავიდოდა ისე, რომ რომელიმე თქვენგანი არ
დამენახა. და ჩემმა მუდმივად ფხიზლად ყოფნამ, ძლიერმა სურვილმა,
თვალში არ მოგხვედროდით, შეგვიშალა ხელი იმაში, რომ ბევრად
ადრე შევხვედროდით ერთმანეთს. მე ყოველნაირად გავურბოდი
მიდლტონებს და ყველა მას, ვინც შეიძლებოდა ჩვენი საერთო
ნაცნობი გამომდგარიყო. მაგრამ, არაფერი ვიცოდი რა დედაქალაქში
მათი ყოფნის შესახებ, სერ ჯონს გადავეყარე და, თუ არ ვცდები, ეს
382
მათი ჩამოსვლის პირველსავე დღეს მოხდა, ანუ მისის ჯენინგსთან
ჩემი მისვლის მეორე დღეს. მან თავისთან მიმიწვია საღამოს
ცეკვებზე. რა თქმა უნდა, სიფრთხილის გამო მე მიწვევის მიღება
შემეშინდებოდა, მაშინაც კი, ჩემგან თანხმობის მიღების მიზნით რომ
არ ეხსენებინა, მისს დეშვუდებიც მოწვეული არიანო. მომდევნო
დილით კიდევ ერთ წერილს ვიღებ მარიანასგან, ადრინდებურად
ნაზს, გულახდილს, უშუალოს, მიმნდობს – ერთი სიტყვით, ისეთს,
რომლის შემდეგაც ჩემი საქციელი კიდევ უფრო საზიზღარი გახდა.
ძალა არ მეყო, მეპასუხა. მე შევეცადე... კალამი არ მემორჩილებოდა,
აზრები მერეოდა. მაგრამ მთელი დღე მასზე ვფიქრობდი, დღის
ყოველ წუთს. თუ საერთოდ შეგიძლიათ შემიცოდოთ, მისს დეშვუდ,
საკმარისია წარმოიდგინოთ, რა დღეში ვიქნებოდი მაშინ. ჩემი
აზრები, ჩემი გული თქვენი დით მქონდა სავსე, მე კი იძულებული
ვიყავი, სხვა ქალის ბედნიერი საქმროს როლი მეთამაშა. ის სამი-
ოთხი კვირა ყველაზე უარესი იყო. და აი, ბოლოს და ბოლოს, ამის
მოყოლაც არც არის საჭირო, რადგან თქვენც კარგად იცით, ჩვენი
შეხვედრა შედგა და როგორი უზადო იყო ჩემი საქციელი. ეს ხომ
ჯოჯოხეთური ტანჯვის საღამო გახლდათ. მარიანამ, ანგელოსივით
მშვენიერმა, ხელი გამომიწოდა, ახსნა-განმარტება მთხოვა, თავისი
მომაჯადოებელი, თანაგრძნობის გამომხატველი მზერა მომაპყრო და
უილობით მომმართა. ამ დროს კი გვერდით სოფია მედგა...
სატანასავით ეჭვიანი. მაგრამ ეს ყველაფერი... მაგრამ ახლა ამას
რაღა მნიშვნელობა აქვს. ყველაფერი წარსულში დარჩა. მაინც, რა
საღამო იყო! ყველა თქვენგანისგან გავიქეცი, როგორც კი შევძელი,
მაგრამ მანამდე მარიანას საყვარელი სახე დავინახე, მკვდრისფერი
სახე. აი, ასეთი ვნახე ის ბოლოს! ასეთად აღიბეჭდა ჩემს
მეხსიერებაში! ეს საშინელება იყო! და მაინც... ახლა, როცა
ვფიქრობდი, რომ ის კვდებოდა, ერთგვარი უცნაური ნუგეში ვიგრძენი.
რატომღაც გულზე მომეშვა, როცა წარმოვიდგინე, როგორს
იხილავდნენ მას ისინი, ვინც უკანასკნელ გზაზე გააცილებდა. მთელი
გზა მისი სახე, მისი გამოხედვა მედგა თვალწინ.
383
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ორივე ფიქრებში გაერთო. პირველი
უილობი გამოერკვა:
– ასეა თუ ისე, უკვე წასვლის დროა. თქვენი და მართლა კარგად
არის? მართლა აღარ არის საფრთხე?
– გვარწმუნებენ, რომ ასეა.
– და თქვენი საწყალი დედა! ის ხომ მარიანაზე გიჟდება.
– მაგრამ წერილი, მისტერ უილობი, თქვენი საკუთარი წერილი.
ამაზე არაფერი გაქვთ სათქმელი?
– არა, არა, პირიქით. თქვენ იცით, რომ თქვენმა დამ მეორე
დილასვე მომწერა. და ისიც იცით, რა ეწერა მასში. ელისონებთან
ვსაუზმობდი და მისი წერილი სხვა წერილებთან ერთად მომიტანეს.
სოფიამ ის ჩემზე ადრე შეამჩნია – კარგად დაკეცილი, ხარისხიანი
ქაღალდი, აკურატული კალიგრაფია – ამ ყველაფერმა მისი ეჭვი
გამოიწვია. ადრეც გაეგონა, რომ დევონშირში ვიღაც ქალს
ვეარშიყებოდი, წინადღის შეხვედრამ კი მიახვედრა, ვისზე იყო
ლაპარაკი და ეჭვები კიდევ უფრო გაუძლიერა. მან ონავრული
გამომეტყველება მიიღო, რაც ასე გვაჯადოებს საყვარელ ქალში, და
წერილი მაშინვე გახსნა და წაიკითხა. ასეთი უცერემონიობა ძვირი
დაუჯდა. წაკითხულმა საშინელ დღეში ჩააგდო. ამას როგორმე
ავიტანდი, მაგრამ მისი მძვინვარება... მისი ღვარძლი... აუცილებელი
იყო დამემშვიდებინა ის, რადაც არ უნდა დამჯდომოდა. მოკლედ რომ
ვთქვა, რა აზრის ხართ ჩემი ცოლის ეპისტოლარულ სტილზე? ნატიფი,
დელიკატური, ჭეშმარიტად ქალური... განა ასე არ არის?
– თქვენი ცოლის? მაგრამ ეს ხომ თქვენი კალიგრაფია იყო?
– ჰო, რა თქმა უნდა! მაგრამ ჩემი დამსახურება მხოლოდ ის არის,
რომ მონურად გადავწერე ის წინადადებები, რომელთა ქვეშ ხელის
მოწერა შემრცხვა. ეს მარგალიტები კი მთლიანად მას ეკუთვნის,
მთელი ეს დახვეწილი აზრები და გამოთქმები. ან სხვა რაღა
დამრჩენოდა. ჩვენ უკვე დანიშნულები ვიყავით, მზადება
მთავრდებოდა, დღე თითქმის დანიშნული იყო... მაგრამ რა
სულელივით ვლაპარაკობ. მზადება! დღე! პატიოსნად რომ ვთქვა,
384
მისი ფული აუცილებლად მჭირდებოდა და ასეთ მდგომარეობაში
მყოფს მიწევდა ყველაფერზე დავთანხმებულიყავი, ოღონდ კი
განშორება ამეცილებინა თავიდან. და ბოლოს და ბოლოს, რას
ცვლიდა ამ წერილის ენა? მარიანას და მის მეგობრებს ხომ უკვე
ჩამოყალიბებული ჰქონდათ აზრი ჩემ შესახებ? პირიქით, ის იმავე
მიზანს ემსახურებოდა. საჭირო იყო, საკუთარი თავი არამზადად
წარმომეჩინა, და ამას თავაზიანად გავაკეთებდი თუ უხეშად,
მნიშვნელობა არ ჰქონდა. „მათ თვალში ხომ მე სამუდამოდ
დაღუპული ვარ, – ვუთხარი საკუთარ თავს, – მათი სახლების კარები
ჩემთვის სამარადისოდ ჩაკეტილია. ისინი უკვე უღირს ადამიანად
მთვლიან, ამ წერილის შემდეგ კი იფიქრებენ, რომ არამზადაც ვარ“.
აი, დაახლოებით ასე ვმსჯელობდი, როცა სასოწარკვეთილი ჩემი
საცოლის წინადადებებს ვიწერდი და მარიანას ხსოვნასაც კი
ვემშვიდობებოდი. მისი სამი წერილი – საუბედუროდ, ისინი
საფულეში მქონდა, თორემ დავმალავდი და მთელი ჩემი ცხოვრება
თან მექნებოდა – იძულებული ვიყავი, მისთვის გადამეცა, ისე, რომ
კოცნაც ვერ მოვახერხე. და კულული! ის ყოველთვის თან მქონდა,
ჩემი საფულით დავატარებდი, რომელიც ჩემმა მომავალმა მეუღლემ
მომაჯადოებელი ღვარძლით გაჩხრიკა... ფასდაუდებელი კულული!
ყველაფერი, მისი ყველა მოსაგონარი წამართვეს.
– თქვენ, მისტერ უილობი, ძალიან ცუდი და მიუღებელი რამ
თქვით, – შეეპასუხა ელინორი, თუმცა მის ხმაში ერთგვარი
თანაგრძნობა მაინც იყო გარეული, – ასეთი სიტყვებით არ უნდა
ილაპარაკოთ არც მისის უილობის და არც ჩემი დის შესახებ. არჩევანი
თქვენ თვითონ გააკეთეთ, თქვენთვის ძალა არავის დაუტანებია.
თქვენს ცოლს უფლება აქვს მოითხოვოს, პატივი სცეთ და, სულ ცოტა,
თავშეკავებული მაინც იყოთ. მას ალბათ უყვარხართ, ეს რომ არა,
თქვენზე არ დაქორწინდებოდა. მის მიმართ უხეშად მოპყრობა,
ზიზღით ლაპარაკი მასზე – ეს ხომ ოდნავაც ვერ გამოისყიდის თქვენს
დანაშაულს მარიანას წინაშე და, მე მგონი, ვერც თქვენს სინდისს
დაამშვიდებს.
385
– აჰ, დაანებეთ ჩემს ცოლს თავი, – თქვა მან და მძიმედ ამოიოხრა,
– ის თქვენს თანაგრძნობას არ იმსახურებს. როცა ცოლად
მომყვებოდა, იცოდა, რომ მის მიმართ არავითარი ნაზი გრძნობები არ
მქონდა. მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ქორწილი
გადავიხადეთ და კომბე-მაგნაში წავედით ბედნიერი დღეების იქ
გასატარებლად, იქიდან კი დედაქალაქში დავბრუნდით
გასართობად... ახლაც გეცოდებით, მისს დეშვუდ? თუ ეს ყველაფერი
ამაოდ მოგიყევით? ცოტათი მაინც თუ ავმაღლდი თქვენს თვალში?
ჩემი ზრახვები ყოველთვის უკეთური არ ყოფილა. შევძელი, ცოტათი
მაინც გამემართლებინა თავი?
– ჰო, რა თქმა უნდა, თქვენ რამდენადმე შეძელით თავი
გაგემართლებინათ, თუნდაც ძალიან მცირედით. საერთოდ,
ნაკლებად გარყვნილი აღმოჩნდით, ვიდრე მე მეგონა. თქვენ
დაამტკიცეთ, რომ არც ისეთი ბოროტი გული გაქვთ. მაგრამ თქვენ
იმდენი... იმდენი ტკივილი მოგვაყენეთ. არც კი ვიცი, უარესი რა
შეგეძლოთ გაგეკეთებინათ.
– თქვენს დას მოუყვებით, რაც მე გითხარით, როცა
გამოჯანმრთელდება? მომეცით საშუალება, ცოტათი მაინც უკეთესი
გამოვჩნდე მის თვალში. თქვენ მითხარით, რომ მან უკვე მაპატია.
გთხოვთ დამაიმედოთ, რომ როცა ცოტა უკეთ ჩასწვდება ჩემს გულს,
ჩემს ახლანდელ გრძნობებს, უფრო ბუნებრივად, უფრო უშუალოდ,
უფრო სრულად მაპატიებს. უთხარით მას, როგორ ვიტანჯები და
როგორ ვნანობ. უთხარით, რომ გულით ყოველთვის ერთგული ვიყავი
მისი, და კიდევ... უარს ნუ მეტყვით! რომ ის ახლა კიდევ უფრო
ძვირფასია ჩემთვის, ვიდრე ადრე.
– მე ჩემს დას მოვუყვები ყველაფერს, რაც აუცილებელია თქვენს
გასამართლებლად, თუ ამ შემთხვევაში საერთოდ შეიძლება, რომ ეს
სიტყვა ვიხმაროთ. მაგრამ თქვენ იმას მაინც არ მეუბნებით, საიდან
მოხვედით აქ და საიდან შეიტყვეთ მისი ავადმყოფობის შესახებ.
– გუშინ დრური-ლეინის კორიდორში [იგულისხმება ლონდონის
მუსიკალური თეატრი „დრური-ლეინი“.] სერ ჯონ მიდლტონს შევხვდი
386
შემთხვევით და ის პირველად, ორი თვის განმავლობაში,
გამომელაპარაკა. მე არც მიკვირდა და არც მწყინდა, როცა ადრე,
ჩემი ქორწინების შემდეგ, ზურგს შემაქცევდა ხოლმე. ამჯერად კი
მისმა კეთილმა, პატიოსანმა, სულელმა გულმა, ჩემ მიმართ ბრაზით
და თქვენი დისადმი თანაგრძნობით სავსემ, ცდუნებას ვეღარ გაუძლო
შეეტყობინებინა ჩემთვის ის, რასაც, მისი აზრით, ჩემთვის დიდი
ტკივილი უნდა მოეყენებინა. თუმცა შეიძლება იმასაც ფიქრობდა, ეს
ამბავი დიდად არ შეაწუხებსო. ამიტომ პირდაპირ მომახალა, მარიანა
დეშვუდი კლივლენდში კვდება ცხელებისგანო. დილით წერილი
მიუღიათ მისის ჯენინგსისგან, რომლის აზრით, გადარჩენის იმედი
თითქმის აღარ იყო, შეშინებული პალმერები სახლიდან წასულან და
ასეთი რამეები. მე ისე შევძრწუნდი, რომ სერ ჯონის წინაშეც კი ვერ
შევძელი გულგრილობის ნიღაბი ამეფარებინა, თუმცა ის დიდი
გამჭრიახობით არ გამოირჩევა. მას გული მოულბა, როცა შეამჩნია,
როგორ ვიტანჯებოდი და ჩემ მიმართ სიბრაზემ იმდენად გაუარა, რომ
განშორებისას ხელი კინაღამ გამომიწოდა დამშვიდობების ნიშნად,
და შემახსენა ჩემი დიდ ხნის წინანდელი დაპირება, პოინტერის ლეკვი
მეჩუქებინა მისთვის. ღმერთო, რა გადავიტანე, როცა გავიგონე, რომ
თქვენი და კვდება. და კვდება ისე, რომ ყველაზე უარეს არამზადად
მივაჩნივარ ამქვეყნად, ზიზღით მიგონებს თავის უკანასკნელ წუთებში.
საიდან უნდა მცოდნოდა, რა საშინელ ზრახვებს მომაწერდნენ. ყოველ
შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ერთი ადამიანი ნამდვილად
თვლიდა, რომ მე ყველაფრის მკადრებელი ვარ. რაღაც საშინელი
შეგრძნება მქონდა. იქვე მივიღე გადაწყვეტილება და რვა საათზე უკვე
ლონდონიდან გამოვედი. ახლა თქვენ ყველაფერი იცით.
ელინორმა არაფერი უპასუხა. იმაზე ფიქრობდა, რომ
დამოუკიდებლობამ მეტისმეტად ადრეულ ასაკში და მისგან
გამოწვეულმა უსაქმურობამ და გარყვნილებამ, ფუფუნებაში
ცხოვრების ჩვევამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა მის სულს და
ხასიათს, ბედნიერება წაართვა ადამიანს, რომლის გარეგნული
ღირსებები და ნიჭი ბუნებით მომადლებულ ღია, პატიოსან,
387
მგრძნობიარე და ნაზ გულთან იყო შერწყმული. საზოგადოებამ ის
პატივმოყვარედ და მფლანგველად აქცია, რამაც, თავის მხრივ
გულცივი და ეგოისტი გახადა. პატივმოყვარეობამ, რომელიც
ცოდვიანი ტრიუმფისკენ ილტვოდა სხვა გულზე გამარჯვების ხარჯზე,
მიიყვანა იქამდე, რომ მან ნამდვილი გრძნობა შეიცნო, მაგრამ
ხელგაშლილობამ, უფრო სწორად, მისმა ქალიშვილმა – გაჭირვებამ
– მოითხოვა, რომ ეს გრძნობა მსხვერპლად ყოფილიყო მიტანილი.
ყოველი ბიწიერი მიდრეკილება, რომელსაც ბოროტებისკენ მიჰყავდა,
მას სამაგიერო სასჯელისთვისაც სწირავდა. გრძნობამ, რომელიც
უილობიმ საკუთარ ღირსებაზე, სურვილებსა და მასში ყველაფერ
საუკეთესოზე უარის თქმით გულიდან მოიგლიჯა, ახლა, როცა ის
ნებადართული აღარ იყო, მთელი მისი გონება დაიპყრო. ქორწინება
კი, რომლის გულისთვის მან მარიანა მწუხარებისთვის გასწირა, მას
უქადდა, მარადიული უბედურების წყაროდ ქცეულიყო, მისგან თავის
დაღწევის ყოველგვარი იმედის გარეშე. ამ ფიქრებისგან ის
რამდენიმე წუთის შემდეგ გამოარკვია უილობიმ, რომელსაც
არანაკლებ მტკივნეული აზრები უტრიალებდა თავში.
– ჩემს აქ დარჩენას აზრი აღარ აქვს. დროა წავიდე.
– ქალაქში აპირებთ დაბრუნებას?
– არა, ჯერ კომბე-მაგნაში უნდა გავიარო. იქ რაღაც საქმეები
მაქვს, ორი დღის შემდეგ კი ლონდონში დავბრუნდები. მშვიდობით.
მან ხელი გაუწოდა და ელინორს მისი იგნორირება არ შეეძლო.
უილობიმ მისი ხელი მხურვალედ ჩაბღუჯა.
– ახლა ცოტათი მაინც უკეთესი წარმოდგენა თუ გაქვთ ჩემზე,
ვიდრე აქამდე გქონდათ? – ჰკითხა მან და ბუხრის თაროს
ჩამოეყრდნო. თითქოს დაავიწყდა, რომ წასვლას აპირებდა.
ელინორმა დაარწმუნა, რომ მის შესახებ აზრი შეიცვალა, რომ
აპატია მას, ეცოდებოდა, ყველაფერ კარგს უსურვებდა და მოხარული
იქნებოდა, თუ გაიგებდა, რომ ის თავს ბედნიერად გრძნობს. შემდეგ
რამდენიმე რჩევა მისცა რბილი ტონით, არაგამაღიზიანებლად

388
იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აჯობებდა, მომავალში
მოქცეულიყო. უილობის პასუხი არცთუ დამაიმედებელი იყო.
– ამას რაც შეეხება, – თქვა მან, – მომავალში ისე ვიცხოვრებ,
როგორც შევძლებ. ოჯახური ბედნიერება ხომ საერთოდ
გამორიცხულია. თუმცა, თუ მე უფლება მაქვს ვიფიქრო, რომ თქვენ და
თქვენს ახლობლებს გაინტერესებთ ჩემი ბედი, გაინტერესებთ, თუ
რას გავაკეთებ მომავალში, ეს შეიძლება... ამან შეიძლება მაიძულოს,
უფრო ფრთხილად ვიყო. მაშინ ხომ მეცოდინება, რისთვის ვცხოვრობ.
მარიანა, რა თქმა უნდა, ჩემთვის სამარადისოდ დაკარგულია,
მაშინაც კი, ბედნიერი შემთხვევის წყალობით თავისუფლება რომ
დამიბრუნდეს...
ელინორის აღშფოთებულმა მზერამ ლაპარაკი შეაწყვეტინა.
– რაც არის, არის, – თქვა ცოტა ხნის შემდეგ, – კიდევ ერთხელ
დაგემშვიდობებით. მე ახლა წავალ და ერთი მოვლენის შიშით
ვიცხოვრებ.
– რა მოვლენის?
– თქვენი დის ქორწინების.
– თქვენ ძალიან ცდებით. ის უკვე იმდენად გყავთ დაკარგული,
რომ ამაზე მეტად ვეღარ დაკარგავთ.
– მაგრამ ის ხომ მომავალში სხვისი იქნება. და თუ ეს სხვა
აღმოჩნდება ისეთი ვინმე, ვისაც ყველაზე ნაკლებად... მაგრამ
მირჩევნია გავჩუმდე, რომ თქვენი თანაგრძნობა და კეთილგანწყობა
არ დავკარგო, გაჩვენოთ რა, რომ პატიება არ შემიძლია იქ, სადაც
ყველაზე მეტად დავაშავე. ასე რომ, მშვიდობით და ღმერთმა
დაგლოცოთ!
ამ სიტყვებით ის ოთახიდან თითქმის გაიქცა.

389
თავი 45

მარტოდ დარჩენილი ელინორი ღრმა ფიქრებში ჩაიძირა. კარეტის


ბორბლების ხმა კარგა ხანი იყო მიწყდა, მასში კი თუმცა
წინააღმდეგობრივი, მაგრამ ძალიან სევდიანი აზრები ებრძოდა
ერთმანეთს. ცოტა ხანს საკუთარი დაც კი დაავიწყდა.
სულ რაღაც ნახევარი საათის წინ უილობი მთელი სულითა და
გულით ეზიზღებოდა, მდაბალ და უღირს ადამიანად თვლიდა მას,
ახლა კი უნებურად თანაგრძნობით იყო გამსჭვალული მის მიმართ.
მან ხომ ამისთვის ზღო, დიდი ტანჯვა გადაიტანა და სამუდამოდ
დაკარგა მათი ოჯახი. ელინორი მასზე სინანულით ფიქრობდა,
სითბოთიც კი, რაც, როგორც მან მალე გააცნობიერა, უფრო უილობის
სურვილებს შეესაბამებოდა, ვიდრე იმას, რასაც ის იმსახურებდა. ის
გრძნობდა, რომ უილობის გავლენა მის სულზე გაღრმავებული იყო
მიზეზებით, რომელთაც ცივი გონება უყურადღებოდ დატოვებდა –
მისი გამორჩეულად მომხიბლავი გარეგნობით, ცოცხალი ბუნებით და
განმაიარაღებელი უშუალობით. ანუ იმ ყველაფრით, რაც სულაც არ
იყო მისი დამსახურება. და კიდევ იმით, რომ მარიანა ადრინდებურად
მგზნებარედ უყვარდა, ახლა უკვე აკრძალული სიყვარულით.
ელინორს ეს შეგრძნება კიდევ დიდხანს გაჰყვა, სანამ, ბოლოს და
ბოლოს იგრძნო, რომ მისი გავლენა სუსტდებოდა.
როცა თავის დასთან ავიდა, რომელმაც მომხდარის შესახებ
არაფერი იცოდა, მარიანა ხანგრძლივი, მშვიდი ძილის შემდეგ ახალი
გაღვიძებული იყო. უფრო უკეთაც კი გამოიყურებოდა, ვიდრე
ელინორი ელოდა. მან გრძნობების მოზღვავება იგრძნო. წარსული,
ახლანდელი, მომავალი, საუბარი უილობისთან, მარიანას
გამოჯანმრთელების რწმენა, მოსალოდნელი შეხვედრა დედასთან. ამ
ყველაფერმა ააღელვა და ყოველგვარი დაღლილობა გაუფანტა.
ეშინოდა, რომ სიმშვიდის შენარჩუნებას ვერ შეძლებდა და უნებურად

390
თავს გასცემდა თავის დასთან. თუმცა ეს შიში დიდხანს არ
გაგრძელებულა. ნახევარი საათიც არ იყო გასული უილობისთან
დამშვიდობების შემდეგ, როცა მან კიდევ ერთხელ გაიგონა კარეტის
ხმა და ქვემოთ ჩავიდა. იმისთვის, რომ დედის გაურკვეველი
მოლოდინი და მტანჯველი შიში რაც შეიძლებოდა ცოტა ხანს
გაგრძელებულიყო, ჰოლისკენ სწრაფად გაიქცა, რათა მას
ზღურბლზევე შეხვედროდა და გადახვეოდა.
უსაზღვრო შიშით შეპყრობილმა მისის დეშვუდმა, რომელმაც
მგზავრობის ბოლო საათებში თავი დაირწმუნა, რომ მარიანა უკვე
ამქვეყნად აღარ იყო, საკუთარ თავში იმის ძალაც ვეღარ იპოვა, რომ
მის შესახებ გამოეკითხა ან თუნდაც ელინორს მისალმებოდა. თუმცა
ის არც მისალმებას დალოდებია და არც შეკითხვებს, დედას მაშინვე
მიახარა კარგი ამბავი და მგრძნობიარე მისის დეშვუდს ახლა
ბედნიერებისგან ძალა კიდევ უფრო მეტად წაერთვა, ვიდრე ერთი
წუთის წინ მწუხარებისგან ჰქონდა წართმეული. ელინორი და
პოლკოვნიკი მას აქეთ-იქიდან მხარში შეუდგნენ და სასტუმრო
ოთახში შეაცილეს. მისის დეშვუდი სიხარულის ცრემლებს ღვრიდა,
ლაპარაკი ჯერ კიდევ არ შეეძლო, ელინორს წამდაუწუმ ეხვეოდა,
შუალედებში კი თავის ძვირფას მეგობარს ართმევდა ხელს, მასზე
აჩერებდა მზერას, რომელიც მადლობასაც გამოხატავდა და
რწმენასაც, რომ პოლკოვნიკი ბრენდონი მის ამ ბედნიერების წამს
იზიარებდა. ის მართლაც იზიარებდა ამ ბედნიერებას, მაგრამ ხმის
ამოუღებლად. მისი სიჩუმე კიდევ უფრო ღრმა იყო, ვიდრე მისს
დეშვუდის.
როგორც კი საკუთარი თავის ხელში აყვანა მოახერხა, მისის
დეშვუდმა მაშინვე მარიანასთან ასვლა მოინდომა და უკვე რამდენიმე
წუთის შემდეგ ნაზად ეფერებოდა თავის საყვარელ ქალიშვილს,
რომელიც კიდევ უფრო ძვირფასი გამხდარიყო მისთვის ხანგრძლივი
განშორების, დიდი მწუხარებისა და ის-ის იყო ჩავლილი საფრთხის
შემდეგ. სიხარულს, რომლითაც ელინორი მათ შეხვედრას ადევნებდა
თვალს, მხოლოდ იმის შიში ანელებდა, რომ მარიანა ახლა დიდხანს
391
ვეღარ შეძლებდა დაძინებას. თუმცა, როცა საქმე მის ქალიშვილებს
ეხებოდა, მისის დეშვუდს შეეძლო თავშეკავებული და წინდახედული
ყოფილიყო. და მარიანა, დამშვიდებული იმ აზრით, რომ დედა მასთან
არის, და მეტისმეტად დასუსტებული საიმისოდ, რომ ესაუბრა,
სიამოვნებით დაჰყვა თავისი ერთგული მომვლელების რჩევას, არ
ელაპარაკა და ეცადა დაეძინა. რა თქმა უნდა, მისის დეშვუდმა
მოისურვა დილამდე მის საწოლთან დარჩენილიყო და დედის
მორჩილი ელინორი თავის საწოლ ოთახში წავიდა დასაძინებლად.
თუმცა ნერვული აღგზნება დიდხანს უშლიდა ხელს დაძინებაში,
მიუხედავად თეთრად გათენებული წინაღამისა და ქანცისგამწყვეტ,
მშფოთვარე მოლოდინში გატარებული მრავალი საათისა. უილობი,
„საწყალი უილობი“, როგორც ახლა ის თავს უფლებას აძლევდა
მისთვის ეწოდებინა, თავიდან არ ამოსდიოდა. არა, სწორად მოიქცა,
რომ მას საშუალება მისცა თავი გაემართლებინა. ის საკუთარ თავს
ხან ადანაშაულებდა და ხან ბოდიშს უხდიდა იმის გამო, რომ ადრე ასე
მკაცრად განსჯიდა მას. მაგრამ მისთვის მიცემული პირობა, რომ
მარიანას ყველაფერს მოუყვებოდა, ძალიან თრგუნავდა. ეშინოდა
მისი შესრულების, ეშინოდა იმისა, თუ რა შთაბეჭდილებას მოახდენდა
ის მარიანაზე, შიშობდა, რომ ასეთი აღიარების შემდეგ მისი და
აღარასოდეს იქნებოდა ბედნიერი სხვასთან, და წამიერად ისიც კი
ისურვა, ნეტავ უილობი დაქვრივდებოდესო. მაგრამ მაშინვე
პოლკოვნიკი ბრენდონი გაახსენდა და საკუთარ თავს უსაყვედურა. რა
თქმა უნდა, ის, თავისი გრძნობებით და ერთგულებით, მის
მეტოქეზე გაცილებით მეტად იმსახურებდა ჯილდოდ მისი დის
ხელს და მისის უილობის სულით და გულით უსურვა ყველაფერი,
გარდა სიკვდილისა.
ამბავმა, რომელიც პოლკოვნიკმა ბრენდონმა ბარტონში ჩაიტანა,
მისის დეშვუდი ნაკლებად გააოგნა, ვიდრე მოსალოდნელი იყო,
რადგან ის უკვე ისედაც დიდხანს შფოთავდა მარიანას მდგომარეობის
გამო. გადაწყვეტილი ჰქონდა, ახალ წერილებს აღარ დალოდებოდა
და კლივლენდში წასასვლელად ემზადებოდა სწორედ იმ დღეს, როცა
392
პოლკოვნიკი ბრენდონი ბარტონში ჩავიდა და მას მხოლოდ იმისთვის
მოუწია მოცდა, რომ მისის კერი დაეტოვებინათ მარგარეტთან,
რომლის წაყვანა მისის დეშვუდმა იმის გამო არ მოინდომა, რომ
შეეშინდა, ავადმყოფობა არ გადაედოსო.
მარიანას ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად
უმჯობესდებოდა და მისის დეშვუდის მხიარულება და გაბრწყინებული
სახე აჩვენებდა, რომ ის მართლაც (რისი გამეორებითაც არ
იღლებოდა) ერთ-ერთი უბედნიერესი ქალი იყო ამქვეყნად. როცა
დედის ამ სიტყვებს უსმენდა და მის ნეტარ მზერას ხედავდა, ელინორი
ხანდახან საკუთარ თავს ეკითხებოდა, ედვარდი მთლად დაავიწყდა
თუ არაო. მაგრამ მისის დეშვუდს ახსოვდა მშვიდი ტონი იმ წერილისა,
რომლითაც ელინორმა მისწერა თავისი გაცრუებული იმედების
შესახებ და ახლა მხოლოდ იმაზე უნდოდა ეფიქრა, რაც კიდევ უფრო
ბედნიერს გახდიდა. მარიანა თანდათან სძლევდა ავადმყოფობას,
უკან რჩებოდა საფრთხე, რომლის წარმოშობას, როგორც ახლა მისის
დეშვუდი ეჭვობდა, თვითონ მან შეუწყო ხელი, წაახალისა რა
უილობისადმი ავბედითი ინტერესი. მაგრამ მის სიხარულს კვებავდა
კიდევ ერთი წყარო, რომლის შესახებაც ელინორმა არაფერი იცოდა,
თუმცა ეს მხოლოდ იმ წუთამდე გაგრძელდა, სანამ მას და დედას
შემთხვევა არ მიეცათ, მარტო დარჩენილიყვნენ.
– და აი, ჩვენ ხელს არავინ გვიშლის, – თქვა მისის დეშვუდმა, –
შენ ვერც კი წარმოგიდგენია, რა ბედნიერი ვარ. პოლკოვნიკ
ბრენდონს მარიანა უყვარს. ეს თვითონ მისგან შევიტყვე.
ელინორი, რომელსაც ესიამოვნა კიდეც და არც ესიამოვნა,
გაუკვირდა კიდეც და არც გაუკვირდა, წყნარად მოსმენას
განაგრძობდა.
– შენ მე არასდროს მგავდი, ძვირფასო ელინორ, ამიტომ არ
მიკვირს შენი თავშეკავებულობა ასეთ ბედნიერ წამს. აზრად რომ
მომსვლოდა, ყველაზე დიდი ბედნიერება მესურვა, ერთ წუთსაც არ
დავფიქრდებოდი, ისე ვიტყოდი: “დაე, პოლკოვნიკი ბრენდონი ჩემი

393
ერთ-ერთი ქალიშვილის ქმარი გახდეს“. მაგრამ მე დარწმუნებული
ვარ, რომ თქვენ ორიდან მასთან მარიანა უფრო ბედნიერი იქნება.
ელინორმა კინაღამ ჰკითხა, ასე დარწმუნებული რატომ
ხარო.წინასწარ ხვდებოდა, რომ მსჯელობა, რომელსაც ის მოისმენდა,
არ იქნებოდა დამყარებული მათი ასაკის, ხასიათის და გრძნობების
მიუკერძოებელ შედარებაზე. იცოდა, რომ დედამისის გონება
რაღაცით იყო დაკავებული, მისი წარმოსახვა სადღაც შორს, წინ
მიჰქროდა. ამიტომ ის მხოლოდ ღიმილით შემოიფარგლა.
– გუშინ, გზაზე გადამიშალა გული. ეს წინასწარი განზრახვის
გარეშე მოხდა, შემთხვევის წყალობით. მე, ვიცი რომ ამას ადვილად
დამიჯერებ, მხოლოდ ჩემს ქალიშვილზე შემეძლო ლაპარაკი და მანაც
თავისი მწუხარება ვეღარ დაფარა. შევნიშნე, რომ ჩემზე ნაკლებად არ
განიცდიდა და შეიძლება გაიფიქრა, რომ უბრალო მეგობრობისთვის
ახლანდელი საზოგადოების თვალში ასეთ მხურვალე თანაგრძნობა
მეტისმეტია. ან იქნებ, და მე ასე მგონია, საერთოდ არაფერი
უფიქრია.უბრალოდ, დაუძლეველ სურვილს დაემორჩილა და
მარიანასადმი თავისი დიდი და ერთგული სიყვარულის შესახებ
მიამბო. როგორც აღმოჩნდა, ელინორ, მას მარიანა პირველი
დანახვისთანავე შეჰყვარებია.
აქ ელინორმა შენიშნა, რომ პოლკოვნიკ ბრენდონის მიერ
სინამდვილეში ნათქვამი სიტყვები მისის დეშვუდის მდიდარი
ფანტაზიის ნაყოფმა შეცვალა, მისი ფანტაზია კი ყველაფერს მისთვის
ხელსაყრელ ფერებში ხატავდა.
– მარიანასადმი მისი გრძნობა, რომელიც გაცილებით აღემატება
იმას, რასაც უილობი განიცდიდა, თუ თავს აჩვენებდა ისე, რომ
განიცდიდა, ბევრად უფრო მხურვალეა, ბევრად უფრო გულწრფელი
და მყარი. და ამაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. მისი გრძნობა ხომ
მაშინაც არ ჩამქრალა, როცა დაინახა, რომ მარიანა, საუბედუროდ, ამ
უღირსი ახალგაზრდა კაცით იყო გატაცებული. და არავითარი
ეგოიზმი! ის მზად იყო უარი ეთქვა ყოველგვარ იმედზე, ოღონდ კი ის
ბედნიერი ყოფილიყო. თუნდაც სხვასთან! ასეთი კეთილშობილი
394
სული! ასეთი პირდაპირობა! ასეთი გულწრფელობა! მასში
ნამდვილად არ ვტყუვდებით.
– პოლკოვნიკ ბრენდონის რეპუტაცია, – თქვა ელინორმა, –
როგორც შესანიშნავი კაცისა, საყოველთაოდაა ცნობილი.
– მე ეს ვიცი, – უპასუხა დედამ სრული სერიოზულობით, – ასე რომ
არ იყოს, მწარე გაკვეთილის შემდეგ ასეთი გრძნობის წახალისებას
მოვერიდებოდი და ალბათ არც კი მოვიწონებდი მას. მაგრამ ის, რაც
მან ჩემი გულისთვის გააკეთა, როცა ჩემს წასაყვანად ჩამოვიდა და
ასეთ ენერგიულ ადამიანად, ასეთ მზრუნველ მეგობრად წარმოაჩინა
თავი, უკვე საკმარისი მტკიცებულებაა იმისთვის, რომ ის მართლაც
უღირსეულესი ადამიანია.
– თუმცა, – უპასუხა ელინორმა, – ამას არა მხოლოდ ის ერთი
კეთილი საქციელი ამტკიცებს, რომლისკენაც, თანაგრძნობა
სრულიად უცხოც რომ იყოს მისთვის, მარიანასადმი სიყვარული მაინც
უბიძგებდა. მისის ჯენინგსი და მიდლტონები მას დიდი ხანია კარგად
იცნობენ. მათ ის ერთნაირად უყვართ და აფასებენ. მეც კი, თუმცა
მასთან დიდი ხნის ურთიერთობა არ მაკავშირებს, მოვასწარი მისი
კარგად გაცნობა და იმდენად მაღალი აზრის ვარ მასზე, რომ თუ
მარიანა მასთან ბედნიერი იქნება, მე, ისევე როგორც თქვენ, მზად
ვარ, ეს კავშირი დიდ წყალობად ჩავთვალო. და რა უპასუხეთ მას?
უფლება დაუტოვეთ, იმედი ჰქონოდა?
– აჰ, ჩემო გოგონავ, რა იმედზე შემეძლო მელაპარაკა მასთან იმ
წუთებში, როცა ისიც კი არ ვიცოდი, მარიანა ცოცხალი იყო თუ არა.
თუმცა მას ჩემთვის არც მხარდაჭერა უთხოვია და არც იმის ნებართვა,
იმედი ჰქონოდა. მისი აღიარება, ეს იყო სურვილის უნებური
აღმოხდომა, გული გადაეშალა მეგობრისთვის ნუგეშის ძიებაში და
არა მშობლის თანხმობის თხოვნა. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ
მე მაინც ვუთხარი – პირველ წუთებში ხომ საშინლად დაბნეული
ვიყავი – რომ, თუ როგორც იმედი მქონდა, მარიანა ავადმყოფობას
დაძლევდა, ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იქნებოდა ყოველმხრივ
ხელი შემეწყო მათი ქორწილისათვის. ჩვენი ჩამოსვლის შემდეგ კი, იმ
395
სიხარულის შემდეგ, რომელიც ჩვენ აქ გველოდა, მე მას ყველაფერი
კიდევ ერთხელ და უფრო დაწვრილებით გავუმეორე და დავძინე, რომ
რაც კი შემეძლო, გვერდში დავუდგებოდი. დავაიმედე, რომ დრო,
თანაც არცთუ ისე ხანგრძლივი დრო, ყველაფერს განკურნავდა.
მარიანა, ადრე თუ გვიან, გულიდან ამოიგდებდა ისეთ კაცს, როგორიც
უილობი იყო, და მისი ღირსებებით მოიხიბლებოდა.
– თუმცა, თუ პოლკოვნიკის განწყობილების მიხედვით
ვიმსჯელებთ, თქვენ ვერ შეძელით მისი ეჭვები გაგეფანტათ.
– ვერა, ვერ შევძელი. ის ფიქრობს, რომ მარიანას გრძნობა
ძალიან ღრმაა და ძალიან ხანგრძლივი დრო სჭირდება, რათა ის
კვლავ თავისუფალი გახდეს. გარდა ამისა, ის მეტისმეტად
მორიდებულია და უჭირს დაიჯეროს, რომ მაშინაც კი, ასაკში ასეთი
სხვაობისა და განსხვავებული მიდრეკილებების გამო, მისი გულის
დაპყრობას შეძლებს. მაგრამ აქ კი ნამდვილად ცდება. ის, რა თქმა
უნდა, მარიანაზე უფროსია, მაგრამ სწორედ იმდენად, რომ მისმა
ხასიათმა და ზნეობრივმა პრინციპებმა მყარად ჩამოყალიბება
მოასწრო. რაც შეეხება მის მიდრეკილებებს, დარწმუნებული ვარ,
რომ ისინი სწორედ ისეთია, როგორიც შენი დის ბედნიერებას
სჭირდება. მისი გარეგნობაც და მანერებიც მის სასარგებლოდ
ლაპარაკობს. არა, მის მიმართ კეთილგანწყობით არ ვარ
დაბრმავებული. რა თქმა უნდა, ის უილობივით ლამაზი არ არის,
მაგრამ არის მის გარეგნობაში რაღაც, რაც მას უფრო სასიამოვნო
კაცად აქცევს. თუ გახსოვს, უილობის თვალებში ხშირად გაკრთებოდა
ხოლმე რაღაც ისეთი, რაც მე არ მომწონდა.
ელინორს ეს არ ახსოვდა, მაგრამ მისის დეშვუდმა ისე განაგრძო,
რომ მის პასუხს არ დალოდებია.
– მისი მანერები კი, პოლკოვნიკის მანერებს ვგულისხმობ, არა
მხოლოდ ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე უილობისა, არამედ
ძალიან კარგად ვიცი, რომ თვითონ მარიანასთვისაც ისინი
გაცილებით უფრო მიმზიდველია. ხასიათის ეს სირბილე,
გულწრფელი ყურადღება ადამიანების მიმართ, ეს ვაჟკაცური,
396
ბუნებრივი უბრალოება ბევრად უფრო ახლოსაა მარიანას ხასიათთან,
ვიდრე უილობის მგზნებარება, ხშირად ხელოვნური და, ასევე ხშირად,
უადგილო. დარწმუნებული ვარ, უილობი მართლაც ისეთი რომ იყოს,
როგორადაც უნდოდა თავი მოეჩვენებინა, მასში მარიანა მაინც ვერ
იპოვიდა იმ ბედნიერებას, რომელსაც პოლკოვნიკ ბრენდონში
იპოვის.
მისის დეშვუდი გაჩუმდა. ელინორი მას მთლად არ ეთანხმებოდა,
მაგრამ განსხვავებული აზრი არ გამოუთქვამს და დედამისის
მგრძნობიარე ბუნებას ტკივილი არ მისდგომია.
– ის დელაფორდში იცხოვრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემგან
შორს არ იქნება, – დასძინა ოცნებებში წასულმა მისის დეშვუდმა, –
მაშინაც კი, თუ მე ბარტონში დავრჩები. თუმცა იმედი მაქვს, რომ იქ
მოიძებნება პატარა სახლი ან კოტეჯი, რომელშიც შევძლებთ ისევე
კომფორტულად მოვეწყოთ, როგორც ახლა ბარტონში ვართ.
საწყალი ელინორი! აი, კიდევ ერთი გეგმა მისი დელაფორდში
დასახლებისა. მაგრამ მან სულის სიმტკიცე აქაც შეინარჩუნა.
– თანაც ქონება აქვს. ჩემს ასაკში არ შეიძლება ამაზეც არ
ვიფიქრო. და თუმცა მე არც ვიცი და არც სურვილი მაქვს გავიგო,
რამდენია ის სინამდვილეში. და მაინც, ეჭვიც არ მეპარება, რომ
არცთუ ცოტა იქნება.
აქ მათ მყუდროება დაურღვიეს და ელინორი თავის ოთახში
წავიდა, რომ მოსმენილზე ეფიქრა და თავისი მეგობრისთვის
წარმატება ესურვებინა, თუმცა უილობი ძალიან ეცოდებოდა.

397
თავი 46

მარიანა ავადმყოფობამ თუმცა კი ძალიან დაასუსტა, მაგრამ ის


იმდენ ხანს არ გაგრძელებულა, რომ გამოჯანმრთელებას დიდი დრო
დასჭირვებოდა, ახალგაზრდულმა ასაკმა და ძლიერმა აგებულებამ
კი, რასაც დედამისის იქ ყოფნაც ემატებოდა, იმდენად კარგად
იმოქმედა,რომ ამ უკანასკნელის ჩამოსვლიდან უკვე მეოთხე დღეს
გოგონამ შეძლო ჩასულიყო მისის პალმერის სასტუმრო ოთახში,
სადაც მისი დაჟინებით პოლკოვნიკი ბრენდონი მიიწვიეს. ვეღარ
ითმენდა, ისე ჩქარობდა მისთვის მადლობის გადახდას იმის გამო,
რომ მან დედამისი კლივლენდში ჩამოიყვანა.
პოლკოვნიკმა, როცა ოთახში შევიდა და დაინახა, როგორ
შეცვლილიყო მარიანა, თავიდან მხოლოდ ის შეძლო, რომ მისი
ფერმკრთალი ხელი აიღო, რომელიც მან მაშინვე გაუწოდა. თუმცა,
როგორც ელინორმა ივარაუდა, მისი გრძნობა არა მხოლოდ მარიანას
სიყვარულით და იმის გაცნობიერებით იყო გამოწვეული, რომ ამის
შესახებ სხვებმა იცოდნენ. მელანქოლიურმა მზერამ, რომელიც მან
ავადმყოფს მიაპყრო, ყოველწამიერად ეცვლებოდა რა სახე,
ელინორს შთააგონა აზრი, რომ მარიანასა და ელიზას შორის
მსგავსებამ, რის თაობაზეც პოლკოვნიკმა ახსენა, მის წარმოსახვაში
ბევრი სევდიანი სცენა გააცოცხლა. მით უმეტეს, რომ ეს მსგავსება
ახლა კიდევ უფრო მეტად იყო გაღრმავებული ლოყების
სიფერმკრთალით, თვალების ქვეშ შავი წრეებით, სისუსტის
მაჩვენებელი პოზით და გულწრფელი მადლობის გამომხატველი
სიტყვებით ასეთი დიდი სამსახურის გაწევისათვის.
მისის დეშვუდმა, რომელიც ელინორზე არანაკლებ ყურადღებით
ადევნებდა თვალს, რაც ხდებოდა, მაგრამ სრულიად განსხვავებული
აზრებით და მოლოდინებით, პოლკოვნიკის ქცევაში ისეთი ვერაფერი
შენიშნა, რაც ასეთ წუთს სრულიად ბუნებრივი გრძნობებით არ

398
შეიძლებოდა ახსნილიყო, მარიანას სიტყვებსა და ქცევებში კი იჩქარა,
რაღაც დიდის პირველი ნიშნებიც შეემჩნია და არა მხოლოდ
მადლიერების გამოხატვა.
მარიანა თვალსა და ხელს შუა მოღონიერდა და ორი დღის შემდეგ
მისის დეშვუდი გამგზავრებაზე ალაპარაკდა. ამ სურვილს ელინორი
და მარიანაც იზიარებდნენ. მის გეგმაზე იყო დამოკიდებული ორი
მათი მეგობრის გეგმა: მისის ჯენინგსს არ შეეძლო კლივლენდის
დატოვება, სანამ ისინი იქ იყვნენ და პოლკოვნიკი ბრენდონიც, იმის
გამო, რომ დეშვუდების ოჯახმა ერთხმად სთხოვა, თვლიდა, რომ არ
შეიძლებოდა მათზე ადრე წასულიყო, თუმცა, რა თქმა უნდა,
კლივლენდში მისი ყოფნა ახლა აუცილებელი არ იყო. თავის მხრივ,
მისის დეშვუდი დათანხმდა პოლკოვნიკის თხოვნას, ბარტონში მისი
კარეტით გამგზავრებულიყვნენ, რომელიც ავადმყოფისთვის უფრო
მოსახერხებელი იქნებოდა. პასუხად პოლკოვნიკმა მიიღო მიწვევა
მისის დეშვუდის და მისის ჯენინგსისა, რომელიც იმდენად გულთბილი
ადამიანი გახლდათ, რომ მზად იყო, არა მხოლოდ თავისი, არამედ
სხვისი სტუმარმასპინძლობაც შეეთავაზებინა, და სიამოვნებით
დაჰპირდა მათ, რომ ორი-სამი კვირის შემდეგ კოტეჯში ესტუმრებოდა
და თავის კარეტასაც თვითონვე წამოიყვანდა.
განშორების და გამგზავრების დღე დადგა. მარიანა მისის ჯენინგსს
დიდხანს და თბილად ემშვიდობებოდა, დიდი მადლიერებით,
პატივისცემითა და კეთილი სურვილებით. ამის მიზეზი ალბათ
ერთგვარი სინდისის ქენჯნა იყო, რადგან სადღაც, გულის სიღრმეში
თვლიდა, რომ სათანადო ყურადღებას არ იჩენდა მის მიმართ. შემდეგ
მეგობრულად, გულითადად დაემშვიდობა პოლკოვნიკ ბრენდონს,
რომელიც დაეხმარა კარეტაში ჩამჯდარიყო ისე, რომ რაც შეიძლება
კომფორტულად ეგრძნო თავი. მისის დეშვუდიც და ელინორიც
კარეტაში ჩასხდნენ და მისის ჯენინგსი და პოლკოვნიკი – ორნი
დარჩნენ, რათა ახალწასულებზე ესაუბრათ და ერთმანეთისთვის თავი
შეეწყინათ, სანამ მისის ჯენინგსს ეტლი არ მიუყვანეს, რომელშიც
შეეძლო თავის მოახლე ქალთან აქეთურ-იქითურზე ელაპარაკა და
399
თავის ორ ახალგაზრდა მეგობართან განშორების დარდი
განექარვებინა. პოლკოვნიკი ბრენდონი კი დაუყოვნებლივ მარტო
დაადგა გზას დელაფორდისაკენ.
დეშვუდებმა გზაში ორი დღე გაატარეს. მარიანა მგზავრობას
დიდად არ დაუღლია. მისი ორი ფხიზელი თანამგზავრი აკეთებდა
ყველაფერს, რასაც კი გულისხმობს მზრუნველი სიყვარული და
გულმოდგინე მოვლა, და რასაც შეეძლო გზის სიძნელეები
შეემსუბუქებინა ნაავადმყოფარისათვის. და თითოეული მათგანის
ჯილდო მარიანას ჯანზე მოსული სხეული და სულიერი სიმშვიდე იყო.
ეს უკანასკნელი ელინორს განსაკუთრებით ანუგეშებდა. ის ხომ
გადაბმულად, მთელი კვირების განმავლობაში ხედავდა თავისი დის
დაუსრულებელ ტანჯვას, დათრგუნვილ და გაწამებულ გულს, რის
სიტყვებით გამოსათქმელად მარიანას არც გამბედაობა ჰყოფნიდა და
არც საკმარისი სულიერი სიმტკიცე გააჩნდა უცხო თვალისგან მის
დასაფარავად. და აი, ახლა ელინორი უსაზღვრო სიხარულით
ადევნებდა თვალს თავის დას, უშფოთველს, დაწყნარებულს და
სურდა დაეჯერებინა, რომ ეს სერიოზული განსჯის შედეგი იყო და
ამდენად, საწინდარიც იმისა, რომ მარიანას მალე ძველებურ ხალისი
და უზრუნველობა დაუბრუნდებოდა.
თუმცა, როცა ისინი ბარტონს მიუახლოვდნენ, სადაც თითოეული
მდელო და თითოეული ხე ამა თუ იმ მწარე მოგონებას აღვიძებდა
მასში, მარიანა გაჩუმდა, ფიქრებში ჩაიძირა, თავის თანამგზავრებს
სახეს არიდებდა. კარეტის ფანჯრიდან დაჟინებით იყურებოდა.
ელინორს ეს არ გაჰკვირვებია და ადვილად შეძლო გაეგო მისთვის.
როცა მარიანას კარეტიდან გადმოსვლაში ეხმარებოდა, მის
თვალებში ცრემლების კვალი შეამჩნია და მათ მიღმა ისეთი
ბუნებრივი გრძნობა დაინახა, რომ ის მხოლოდ თანაგრძნობას და
შეცოდებას იწვევდა, და კიდევ ქებას, მისი დამალვის
მცდელობისათვის. და იმაშიც, თუ როგორ ეჭირა მას თავი
შემდგომში, ელინორმა შენიშნა, გაღვიძებული გონება სადავეებს
თავის ხელში როგორ იღებდა: როგორც კი სასტუმრო ოთახში
400
შევიდნენ, მარიანამ მტკიცე, დაკვირვებული მზერა შეავლო გარემოს,
თითქოს გადაწყვეტილი ჰქონდა გულგრილად შეეხედა ნებისმიერი
საგნისათვის, რომელიც უილობის მოაგონებდა. ცოტას
ლაპარაკობდა, მაგრამ მისი ყველა სიტყვა სიმშვიდით იყო სავსე და
თუ ხანდახან უნებურად ოხვრა აღმოხდებოდა, მაშინვე ღიმილით
ინანიებდა. სადილის შემდეგ მოისურვა ფორტეპიანოზე დაკვრა
მოესინჯა, მაგრამ როცა მიუახლოვდა, დაინახა უილობის ნაჩუქარი
ოპერის ნოტები მათი საყვარელი დუეტებით და სატიტულო
ფურცელზე უილობის ხელით წარწერილი მისი სახელით. ეს უკვე
მეტისმეტი იყო. მან თავი გადააქნია, ნოტები გვერდზე გადადო,
თითებით კლავიშებს გადაურბინა, დაიჩივლა, ხელები ჯერ კიდევ
სუსტად მაქვსო და ინსტრუმენტი დახურა, თუმცა მტკიცედ განაცხადა,
განზრახული მაქვს, ძალიან ბევრი ვივარჯიშოო.
მომდევნო დილით ეს დამაიმედებელი ნიშნები არ გამქრალა.
პირიქით, დასვენების შემდეგ სულით და სხეულით გაძლიერებული
მარიანა გაცილებით მხნედ გამოიყურებოდა, გატაცებით
ლაპარაკობდა და სიხარულით იყო ატანილი იმის გამო, რომ მალე
მარგარეტს ნახავდა, რომ მისი საყვარელი ოჯახური წრე ხელახლა
შეიკვრებოდა, მათ მხიარულ საზოგადოებასა და საერთო
საქმიანობებზე ისე ლაპარაკობდა, როგორც ერთადერთ
ბედნიერებაზე, რომელიც შეიძლებოდა ესურვა.
– როცა ამინდი გამოვა და მე ძალები ბოლომდე აღმიდგება, –
თქვა მან, – ჩვენ ყოველდღე ხანგრძლივად ვისეირნებთ. ფერმებში
შევივლით ბორცვების ძირას და ბავშვებს მოვინახულებთ, სერ ჯონის
ახალ ნარგავებს დავათვალიერებთ ბარტონ-კროსთან და
ებილლენდში და სააბატოს ძველ ნანგრევებს ვეწვევით, რათა
ფუნდამენტის მიხედვით მივხვდეთ, მართლა ისე ფართო იყო თუ არა
ის, როგორც ჰყვებიან. მე ვიცი, რომ ჩვენ ძალიან ბედნიერები
ვიქნებით, ვიცი, რომ ზაფხული წყნარ სიამოვნებებში ჩაივლის.
განზრახული მაქვს, ყოველდღე ექვს საათზე ადრე ავდგე და
სადილამდე მთელი დრო მუსიკასა და კითხვას დავუთმო. გეგმა მაქვს
401
შედგენილი ჩემთვის და ვაპირებ სერიოზულად ვიმეცადინო. ჩვენი
წიგნები უკვე იმდენად კარგად ვიცი, რომ ისინი შეიძლება მხოლოდ
გასართობად გადავიკითხო. მაგრამ ბარტონ-პარკის ბიბლიოთეკაში
ბევრი ისეთი ტომიც დევს, რომლებიც ყურადღებას იმსახურებს,
ახალგამოსული წიგნები კი შეიძლება პოლკოვნიკ ბრენდონისგან
ვითხოვო. ყოველდღე ექვსი საათი რომ ვიკითხო, ერთი წლის
განმავლობაში ბევრ ისეთ რამეს ვისწავლი, რაც ვიცი, რომ ძალიან
მჭირდება.
ელინორმა ის ასეთი ღირსეული მიზნისკენ სწრაფვისთვის შეაქო,
მაგრამ თავი ვერ შეიკავა და გაიღიმა იმის გაფიქრებაზე, რომ
ცოცხალი წარმოსახვა მარიანას ყოველთვის უკიდურესობებისაკენ
უბიძგებდა, მაგრამ ადრე – მოდუნების, უსაქმურობისა და ეგოისტური
ბუზღუნისაკენ, ახლა კი – გონივრული საქმიანობისა და
თვითკონტროლისაკენ. თუმცა ღიმილი ამოოხვრით შეიცვალა, როცა
გაახსენდა, რომ უილობისთვის მიცემული პირობა ჯერ კიდევ არ
ჰქონდა შესრულებული. შეეშინდა, რომ თუ სიტყვას შეასრულებდა,
მარიანას სიმშვიდეს დაურღვევდა და, თუნდაც დროებით, დროის
უშფოთველად და სასარგებლოდ გატარებაზე ოცნებებს დაუნგრევდა.
მან მოინდომა, საბედისწერო საათი რაც შეიძლებოდა შორს
გადაეტანა და გადაწყვიტა დაეცადა, სანამ მისი დის ჯანმრთელობის
მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდებოდა, და ამ საკითხზე
საუბრის დრო შემდეგ დაეზუსტებინა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს
გადაწყვეტილება მხოლოდ იმისთვის იქნა მიღებული, რომ
დარღვეულიყო.
ორი-სამი დღე მარიანამ სახლის კედლებში გაატარა, რადგან
ამინდი საკმარისად კარგი არ იყო იმისთვის, რომ გადატანილი
ავადმყოფობის შემდეგ გარეთ გასვლა გაერისკა. მაგრამ შემდეგ,
ბოლოს და ბოლოს, საოცრად ნათელი და თბილი დღე გათენდა,
სწორედ ისეთი, რომელსაც შეეძლო ის ეცდუნებინა და მისის
დეშვუდმა თავის ქალიშვილს აუღელვებლად დართო ნება,

402
ელინორის ხელზე დაყრდნობილს სახლის წინ ესეირნა, ისე, რომ არ
დაღლილიყო.
მარიანა ჯერ კიდევ სუსტად იყო, გამოჯანმრთელების შემდეგ
პირველად სეირნობდა და ამიტომ დები ნელი ნაბიჯით მიდიოდნენ.
როცა სახლს უკან იმ ადგილამდე მიაღწიეს, საიდანაც ბორცვის ხედი
სრულად იშლებოდა, შეჩერდნენ და მარიანამ წყნარად თქვა:
– აი იქ, – და ხელით მიანიშნა, – ბორცვის იმ შვერილზე
წავფორხილდი და დავეცი. და პირველად დავინახე უილობი.
ხმა თითქოს ჩაუწყდა, როცა ეს სახელი წარმოთქვა, მაგრამ
შემდეგ ჩვეულებრივი ტონით დასძინა:
– ახლა დავრწმუნდი და მიხარია, რომ შემიძლია ამ ადგილს
თითქმის ყოველგვარი ტკივილის გარეშე ვუყურო. ჩვენ ამ თემაზე
ოდესმე ვილაპარაკებთ, ელინორ? – ის გაჩუმდა, ეტყობოდა
ყოყმანობდა... – თუ არ ღირს ამის გაკეთება? იმედი მაქვს, ახლა უკვე
შემიძლია წარსულზე განსაკუთრებული ემოციების გარეშე
ლაპარაკი...
ელინორმა დას ნაზად შეხედა და სთხოვა გულახდილი ყოფილიყო.
– მე უკვე აღარ ვწუხვარ, – თქვა მარიანამ, – ანუ, რაც მას შეეხება,
არაფერი აღარ მაწუხებს. ახლა იმაზე კი არ მინდა გელაპარაკო, თუ
რას ვგრძნობდი მის მიმართ ადრე, არამედ მხოლოდ ის მინდა
გითხრა, ახლა რას ვგრძნობ. და მე რომ ერთი რამ ვიცოდე... რომ
მჯეროდეს, მთელი ამ დროის განმავლობაში ის არ თამაშობდა,
მთელი ამ დროის განმავლობაში არ მატყუებდა, თუ
დავრწმუნდებოდი, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ის არ იყო
ისეთი ავკაცი, როგორსაც ჩემი შიში ხანდახან მიხატავდა მას შემდეგ,
რაც იმ უბედური გოგოს ამბავი გახდა ჩემთვის ცნობილი...
ის გაჩუმდა. ყოველი მისი სიტყვა ელინორს გულს სიხარულით
უვსებდა. და მან პასუხად თქვა:
– თუ შენ ამაში დარწმუნდებოდი, ფიქრობ, რომ მეტი აღარაფერი
შეგაწუხებდა?

403
– ჰო, ჩემი სულიერი სიმშვიდე ამაზე ორი რამის გამოა
დამოკიდებული. საშინელება არა მხოლოდ ის არის, ეჭვი შეიტანო
ადამიანში, რომელიც ჩემთვის ასე ბევრს ნიშნავდა და რომელსაც
მომავალ იმედებს ვუკავშირებდი... არამედ ისიც, მე თვითონ როგორ
ვჩანვარ საკუთარ თვალში. ჩემს მდგომარეობაში მხოლოდ
გრძნობას, საქვეყნოდ მოურიდებლად და ურცხვად გამოტანილს,
შეეძლო ჩავეყენებინე მე...
– და მაინც, – შეაწყვეტინა მას დამ, – როგორ გინდა, რომ მისი
საქციელი ახსნა?
– მე ვისურვებდი მეფიქრა... ოჰ, როგორი სასიხარულო იქნებოდა
ჩემთვის, თუ დავრწმუნდებოდი, რომ ის მერყევი ხასიათის ადამიანია.
და ყველაფრის მიზეზი მხოლოდ ეს არის, რომ მერყევი ხასიათის
ადამიანია.
ელინორმა არაფერი უპასუხა. ის ყოყმანობდა, უილობის ამბავი
დაუყოვნებლივ მოეყოლა თუ მაინც ჯობდა იმ დროისთვის გადაედო,
როცა მარიანა ბოლომდე გამოჯანმრთელდებოდა. რამდენიმე წუთის
განმავლობაში ისინი ხმის ამოუღებლად, აუჩქარებლად მიდიოდნენ.
– როცა ვუსურვებ, რომ მისი იდუმალი აზრები ჩემსაზე უფრო მძიმე
არ იყოს, – თქვა მარიანამ ბოლოს და ამოიოხრა, – მე მას ამით კარგს
ბევრს არაფერს ვუსურვებ. ესეც საკმარისი იქნება, რომ მწარედ
იტანჯოს.
– შენ შენს საქციელსა და მის საქციელს ერთმანეთს ადარებ?
– არა, მე მას ვადარებ იმასთან, როგორიც ის უნდა ყოფილიყო.
შენს საქციელთან ვადარებ.
– მაგრამ ჩემი მდგომარეობა ხომ შენსას სრულებით არ ჰგავდა...
– და მაინც, მსგავსება მათ შორის მეტი მოიძებნება, ვიდრე ჩვენს
ქცევაში. ჩემო ძვირფასო ელინორ, შენი კეთილი გულის გამო ნუ
შეეცდები იმის გამართლებას, რასაც, მე კარგად ვიცი, გონებით გმობ.
ჩემმა ავადმყოფობამ მაიძულა, ჩავფიქრებულიყავი. მან თავისუფლი
დრო და განმარტოების საშუალება მომცა სერიოზული განსჯისათვის.
ფიქრის უნარი ხომ დიდი ხნით ადრე დამიბრუნდა, სანამ ლაპარაკს
404
შევძლებდი. დავინახე, რომ ჩემი საქციელი, იმ წუთიდან
მოყოლებული, რაც გასულ შემოდგომაზე ის გავიცანი, მიუტევებლად
წინდაუხედავი იყო ყველაფერში, რაც მე მეხებოდა, სხვების მიმართ
კი – ეგოისტური და აუტანელი. მე დავინახე, რომ საწინდარი ყველა იმ
ტანჯვისა, რომლებმაც კინაღამ სამარის კარამდე მიმიყვანა, მხოლოდ
იმიტომ, რომ ვერ შევძელი ისინი წარბშეუხრელად გადამეტანა, ჩემი
საკუთარი გრძნობები იყო. მე ხომ მშვენივრად ვიცოდი, რომ ავად
საკუთარი ჯანმრთელობის
უგულებელყოფის გამო გავხდი, იმ სიჯიუტის გამო, რომელიც
მაშინაც კი უპატიებლად მეჩვენებოდა. მე რომ მოვმკვდარიყავი, ეს
თვითმკვლელობა იქნებოდა. როგორ საფრთხეში ვიმყოფებოდი,
მხოლოდ მაშინ გავიგე, როცა ყველაფერმა ჩაიარა. მაგრამ
გაოცებული ვარ, როგორ შევძელი გამოჯანმრთელება ასეთი
გრძნობებით და ასეთი აზრებით; მიკვირს, თვით ჩემმა სურვილმა
სიცოცხლისა, იმ მიზნით, რომ ჩემი დანაშაული გამომესყიდა
ღმერთისა და ყველა თქვენგანის მიმართ, მაშინვე არ მომკლა. რომ
მოვმკვდარიყავი, როგორ დაგამწუხრებდი შენ, ჩემს ერთგულ
მომვლელს, ჩემს მეგობარს, ჩემს დას. შენ, რომელმაც ნახა ჩემი
გამაღიზიანებელი ეგოიზმი ამ ბოლო ხანებში, რომელმაც იცოდა ჩემი
გულის დრტვინვა! როგორი დავრჩებოდი შენს მეხსიერებაში? და
დედა? რით ანუგეშებდი მას? სიტყვები არ მყოფნის საკუთარი თავის
მიმართ სიძულვილის გამოსახატავად. როგორც კი უკან,
წარსულისკენ მოვიხედავ, მაშინვე ჩემს რომელიმე შეუსრულებელ
მოვალეობას ვხედავ, ჩემი გულის ახირებებსა და სისულელეებზე
აყოლას. მე მგონი, მოვასწარი, ყველასთვის მიმეყენებინა
შეურაცხყოფა. მისის ჯენინგსის მუდმივ კეთილგანწყობას ჩემ მიმართ
აგდებული უმადურობით ვუხდიდი სამაგიეროს. მიდლტონებთან,
პალმერებთან, მისს სტილთან, ლიუსისთან და შორეულ
ნაცნობებთანაც კი თავხედი და მოუთმენელი ვიყავი. გული
გაქვავებული მქონდა მათი ღირსებების მიმართ, მათი ყურადღება კი
მხოლოდ წყენას და გაღიზიანებას იწვევდა ჩემში. ჯონის და ფანისაც,
405
ჰო, მათაც კი, კიდევ უფრო უარესად ვექცეოდი, ვიდრე
იმსახურებდნენ. თუმცა ყველაზე მეტის მოთმენა მაინც შენ გიწევდა
ჩემგან, უფრო მეტისაც კი, ვიდრე დედას. რადგან მე, მხოლოდ მე
ვიცნობდი შენს გულს, შენს ჯავრიან გულს. მაგრამ როგორი გავლენა
მოახდინა ამან ჩემზე? გამოიწვია თუ არა თანაგრძნობა, რომელიც
შენთვისაც და ჩემთვისაც სასარგებლო იქნებოდა? ოჰ, არა! ჩემ წინაშე
შენი მაგალითი იდო. და მერე, რა დასკვნა გამოვიტანე აქედან?
ვფიქრობდი კი შენზე? იმაზე, თუ როგორ დაგხმარებოდი? ვისწავლე
თუ არა შენგან მოთმინება, შეგიმსუბუქე თუ არა ტვირთი იმით, რომ
შენი მოვალეობა გავიზიარე, რასაც კარგი აღზრდა და მადლიერების
გრძნობა მაკისრებდა? ოჰ, არა! როცა გავიგე, რომ უბედური
ყოფილხარ, მე, ზუსტად ისევე, როგორც ადრე, როცა მეგონა, რომ
მშვიდი და კმაყოფილი იყავი, განვაგრძობდი მოვალეობის და
მეგობრობის მოთხოვნების უგულებელყოფას, ვერც კი
წარმომედგინა, რომ ვიღაც ჩემ გარდა, შეიძლებოდა დატანჯულიყო.
მხოლოდ იმ გულზე ვდარდობდი, რომელმაც მიმატოვა და მიღალატა.
შენ კი, ვინც უსაზღვრო სიყვარულით მიყვარდი, გაიძულებდი, ჩემთან
ერთად გეტანჯა.
აქ მისი საყვედურების ნაკადი საკუთარი თავისადმი ამოიწურა და
ელინორმა, ცდილობდა რა ის ენუგეშებინა, თუმცა სინდისი ნებას არ
აძლევდა გადაეჭარბებინა, არ დაიშურა ქება, რომელსაც მისი
პირდაპირობა და გულწრფელი მონანიება სავსებით იმსახურებდა.
მარიანამ მას ხელი ნაზად ჩამოართვა და უპასუხა:
– შენ ძალიან კარგი ხარ. მომავალმა უნდა დაამტკიცოს ჩემი
სიმართლე. მე ჩემი გეგმა მოვიფიქრე და თუ შევძლებ მას მივყვე, ჩემი
გრძნობები გონებას დაემორჩილება და ხასიათი უკეთესი გამიხდება.
აღარც სხვებს ავაფორიაქებ და აღარც საკუთარ თავს გავტანჯავ.
ამიერიდან მხოლოდ ჩემი ახლობლებისთვის ვიცხოვრებ. შენ, დედა
და მარგარეტი მთელი ჩემი სამყარო იქნებით, მთელი ჩემი
სიყვარული და სინაზე თქვენზე გადანაწილდება. მე აღარასოდეს
გამიჩნდება მცირეოდენი ცდუნებაც კი თქვენთან და ჩვენს სახლთან
406
განშორებისა. და თუ მაინცდამაინც საზოგადოებაში გამოვჩნდები,
მხოლოდ იმისთვის, რათა გაჩვენოთ, რომ ქედმაღალი აღარ ვარ,
ჩემი გული უკეთესი გახდა და შემიძლია ჩემი საზოგადოებრივი ვალი
აღვასრულო და ქცევის საყოველთაოდ მიღებული ნორმები მშვიდად
და მოთმინებით დავიცვა. რაც შეეხება უილობის, იმის მტკიცება,
თითქოს მალე... თითქოს მე ოდესმე შევძლებ მის დავიწყებას,
ცარიელი სიტყვები იქნებოდა. როგორც არ უნდა შეიცვალოს
გარემოებები და ჩემი შეხედულებები, ჩემი გონებიდან მას ვერაფერი
განდევნის. მაგრამ ეს გავლენა დიდი არ იქნება, რადგან მას
გადაძლევს რელიგია, გონების არგუმენტები და მუდამ რაღაცის
კეთება.
ის გაჩუმდა და შემდეგ წყნარად დასძინა:
– რომ ვიცოდე, მის გულში რა იმალება, ყველაფერი დანარჩენი
ადვილი იქნებოდა.
ელინორი უკვე კარგა ხანი იყო, თავის გონებაში წონიდა,
მართებული იქნებოდა თუ არა უილობის ვიზიტის შესახებ ახლავე
მოეყოლა მისთვის, მაგრამ რაიმე გადაწყვეტილებამდე ჯერ კიდევ არ
მისულიყო. მარიანას ბოლო სიტყვებმა ის დაარწმუნა, რომ
მსჯელობას არავითარი აზრი არ ჰქონდა და საჭირო იყო აზრებიდან
საქმეზე სწრაფი გადასვლა.
მოსაყოლი ამბავი მან, ყოველ შემთხვევაში თვითონ ძალიან
სურდა ეს დაეჯერებინა, ოსტატურად დაალაგა. თავიდან აღელვებული
მსმენელი ფრთხილად შეამზადა, შემდეგ უბრალოდ და ზუსტად
ჩამოაყალიბა მთავარი პუნქტები, რომლითაც უილობი თავს
იმართლებდა, სათანადო პატივი მიაგო მას მონანიებისთვის და
ნაკლებად გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ის ახლაც
მარიანასადმი მგზნებარე სიყვარულზე ლაპარაკობდა. მარიანას
სიტყვაც არ უთქვამს. ის კანკალებდა, მზერა მიწაზე ჰქონდა
გაშტერებული, ტუჩები კი კიდევ უფრო გასთეთრებოდა, ვიდრე
ავადმყოფობის პირველი დღეების შემდეგ. გულში უამრავი შეკითხვა
უტრიალებდა, მაგრამ მათ ხმამაღლა წარმოთქმას ვერ ბედავდა.
407
ყოველ სიტყვას ხარბად იჭერდა, ხელით, ისე რომ ვერც ამჩნევდა, დის
ხელი ჰქონდა ჩაბღუჯული, ლოყებზე კი ცრემლები ღვარად
ჩამოსდიოდა.
ელინორს ეშინოდა, რომ მისი და დაიღლებოდა და ის უკან,
სახლისკენ წაიყვანა. იცოდა, როგორი ცნობისმოყვარეობა სწვავდა
მარიანას, თუმცა ერთი შეკითხვაც არ დაუსვამს და მთელი გზა
უილობიზე და მათი საუბრის შესახებ ელაპარაკებოდა, დეტალურად
აღუწერდა, თუ როგორ წარმოთქვამდა ის ამა თუ იმ ფრაზას და
როგორ გამოიყურებოდა იმ დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, რა თქმა
უნდა, როცა დეტალები შეიძლებოდა სახიფათო გამომდგარიყო.
როგორც კი სახლში შევიდნენ, მარიანამ მადლიერება იმით
გამოხატა, რომ დას აკოცა და აცრემლებულმა ორი სიტყვა
წაიბუტბუტა: „დედას მოუყევი“, და ნელა ავიდა კიბეზე. ელინორს
წინააღმდეგობა არ გაუწევია მისი სრულიად გასაგები
სურვილისათვის, მარტო დარჩენილიყო, თუმცა ძალიან
ნერვიულობდა მათი საუბრის შესაძლო შედეგების გამო და მტკიცედ
გადაწყვიტა ამ თემას კვლავ მიჰბრუნებოდა, მაშინაც კი, თუ მარიანა
ინიციატივას არ გამოიჩენდა. შემდეგ ნელა გაემართა სასტუმრო
ოთახისაკენ, რათა დის სურვილი შეესრულებინა.

408
თავი 47

მისის დეშვუდი უგრძნობი არ დარჩენილა თავისი ყოფილი


ფავორიტის აღიარების მიმართ. გაუხარდა, რომ მას ბრალის ნაწილი
მაინც მოეხსნა, შეეცოდა და მთელი სულით და გულით ბედნიერება
უსურვა. მაგრამ მის მიმართ ადრინდელი კეთილგანწყობა აღარ
შეიძლებოდა დაჰბრუნებოდა. როგორც არ უნდა შეგეხედა, მარიანას
ის, რა თქმა უნდა, წესიერად არ მოექცა და თვითონ მისი პიროვნებაც
ვერაფრით წარმოჩნდებოდა შეუბღალავი რეპუტაციით. ვერაფერი
წაშლიდა მეხსიერებიდან იმას, თუ რამდენი იტანჯა მარიანამ მისი
გულისათვის და არც ელიზასთან მის ქცევას მოეძებნებოდა რამე
გამართლება. ამიტომ მისს დეშვუდის გულში მისი ძველი ადგილის
აღდგენა არაფერს შეეძლო, ისევე, როგორც პოლკოვნიკ ბრენდონის
ინტერესებს არ ემუქრებოდა საფრთხე.
მისის დეშვუდს, თავისი ქალიშვილის მსგავსად, მთელი ისტორია
თვითონ უილობისგან რომ მოესმინა, თავისი საკუთარი თვალებით
რომ ენახა მისი ტანჯვა და მისი გარეგნობისა და მგზნებარების
ხიბლში მომხვდარიყო, შეიძლებოდა, მისი თანაგრძნობა ბევრად
უფრო ღრმა ყოფილიყო. მაგრამ მას მთელი ეს ამბავი მოუყვა
ელინორმა, რომელსაც არც შეეძლო და არც სურდა, დედას იგივე
გრძნობები აღძვროდა, როგორიც თვითონ მან განიცადა. ჩაფიქრებამ
მას დაუბრუნა უნარი, საღად ემსჯელა და აიძულა, უფრო ფხიზლად
შეეხედა იმისთვის, თუ რა დაიმსახურა უილობიმ თავისი ქცევებით. აი,
რატომ ცდილობდა ის, მხოლოდ სიმართლით შემოფარგლულიყო და
არ დაემახინჯებინა ისინი, თუმცა კი არც შეელამაზებინა ნაზი
თანაგრძნობით, რასაც შეიძლებოდა ფანტაზიისთვის გასაქანი მიეცა.
საღამოს, როცა სასტუმრო ოთახში კვლავ სამნი ისხდნენ ერთად,
მარიანა თვითონ ალაპარაკდა უილობის შესახებ. ეს გარკვეულ

409
ძალისხმევად დაუჯდა, ნერვიულად ლაპარაკობდა, ფიქრიანად.
სახეზე სიწითლე მოეძალა და ხმა დროდადრო უწყდებოდა.
– მინდა ორივენი დაგარწმუნოთ, – თქვა მან, – რომ ყველაფერს
ისე ვხედავ, როგორც თქვენ ისურვებდით, დამენახა.
მისის დეშვუდი უკვე მზად იყო შეეწყვეტინებინა მისთვის,
მოჰფერებოდა და დაემშვიდებინა ის, მაგრამ ელინორს, რომელსაც
სურდა დის აზრები გაეგო, დედას მავედრებელი მზერით ანიშნა
გაჩუმებულიყო. მარიანამ ნელა განაგრძო:
– ჩემთვის დიდი შვებაა... ყველაფერი, რაც ელინორმა მომიყვა ამ
დილით... მე მოვისმინე ის, რისი მოსმენაც ყველაზე მეტად მსურდა...
– რამდენიმე წამის შემდეგ ხმა აღარ დაემორჩილა, მაგრამ მაშინვე
გამოერკვა და უკვე გაცილებით წყნარი ხმით დასძინა: – ახლა
ყველაფრით კმაყოფილი ვარ და არავითარი ცვლილებები არ მსურს.
მე მაინც ვეღარ შევძლებდი, მასთან ერთად ბედნიერი ვყოფილიყავი,
როცა ამას გავიგებდი, ეს კი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად
მოხდებოდა. მე ხომ აღარც ნდობა დამრჩებოდა და აღარც
პატივისცემა. ადრინდელი გრძნობები აღარ დამიბრუნდებოდა...
– მე ეს ვიცი, ვიცი, – წამოიძახა დედამისმა, – როგორ უნდა იყო
ბედნიერი გარყვნილ თავქარიანთან! მასთან, ვინც სულიერი
სიმშვიდე დაუნგრია ჩვენს ერთ-ერთ ძვირფას მეგობარს და
საუკეთესო ადამიანს ამქვეყნად. ოჰ, არა! მარიანას გული
ბედნიერებას ვერ იპოვიდა ასეთ ქმართან! მას მოუწევდა მთელი იმ
სინდისის ქენჯნის გადატანა, რის შემძლეც უილობის გული არ
იქნებოდა.
მარიანამ ამოიოხრა და გაიმეორა:
– მე არავითარი ცვლილებები არ მინდა.
– შენ მომხდარს სწორედ ისე უყურებ, – თქვა ელინორმა, –
როგორც ამას ნათელი გონება და საღი აზრი მოითხოვს. ვფიქრობ,
ჩემზე ნაკლებად არ ხედავ, არა მხოლოდ ამაში, არამედ კიდევ ბევრ
რამეში, საფუძველს იმის სავარაუდოდ, რომ მასთან ქორწინებით
თავს გაწირავდი უამრავი იმედგაცრუებისა და გასაჭირისთვის,
410
რომელშიც მისი სიყვარული, მით უმეტეს – ასეთი მერყევი, ცუდი
მეკავშირე იქნებოდა შენთვის. მასზე რომ დაქორწინებულიყავი,
სიღარიბე თქვენი მუდმივი ხვედრი იქნებოდა. ის მფლანგველს
თვითონვე ეძახდა საკუთარ თავს და მისი ქცევებიც მოწმობს, რომ
ისეთი რამ, როგორიცაა საკუთარი თავის შეზღუდვა, მისთვის
უცნობია. მისი ცხოვრების სტილი და შენი გამოუცდელობა, ცოტა,
ძალიან ცოტა შემოსავლის პირობებში, მალე გარდაუვალად
დაგატეხდა თავს ყველა უბედურებას, რომელიც შენთვის უფრო
ადვილი ასატანი არ იქნებოდა იმის გამო, რომ ადრე მათზე
წარმოდგენა არ გქონდა. როცა მიხვდებოდი, რა დღეში აღმოჩნდი, მე
ვიცი, რომ შენი ღირსებები და პატიოსნება გაიძულებდა, ეკონომია
გაგეკეთებინა ყველაფერზე, რაზეც კი შესაძლებელია. და ალბათ,
მანამ, სანამ მხოლოდ შენ დაიკლებდი ყოველგვარ კომფორტს და
სიამოვნებას, ამის უფლება გექნებოდა. მაგრამ ამის იქით? მხოლოდ
შენი მცდელობა ვერ უშველიდა საქმეს, ვერ შეაჩერებდა ნგრევას,
რომელიც ჯერ კიდევ თქვენს ქორწინებამდე იყო დაწყებული. და თუ
შენ შეეცდებოდი, აუცილებლობის კარნახით მისი გართობები
შეგეზღუდა, არა მხოლოდ იმას ვერ შეძლებდი, მის ეგოისტურ
გრძნობებზე გავლენა მოგეხდინა, არამედ მის გულზეც დაკარგავდი
ნაწილობრივ უფლებას, აიძულებდი რა მას, ენანა დაქორწინება,
რომელმაც ამდენი პრობლემა შეუქმნა.
მარიანას ტუჩები აუთრთოლდა და მან წყნარად გაიმეორა: –
ეგოისტური? – ტონით, რომლითაც გულისხმობდა “შენ მას მართლა
ეგოისტად თვლი?”
– მთელი მისი ქცევა, – მტკიცედ უპასუხა ელინორმა, – სულ
თავიდან მოყოლებული და ბოლომდე, ეგოიზმით იყო აღბეჭდილი.
პატივმოყვარეობამ უბიძგა მას, შენი გრძნობებით ეთამაშა და მანვე,
როცა მასში საპასუხო გრძნობა აღიძრა, შთააგონა აზრი, ხელის
თხოვნა გადაედო, შემდეგ კი საერთოდ აიძულა ბარტონიდან
წასულიყო. საკუთარი სიამოვნება, საკუთარი კეთილდღეობა – აი, რა
განსაზღვრავდა მის საქციელს ყველა შემთხვევაში.
411
– ეს მართალია. ჩემს ბედნიერებაზე ის არასდროს ზრუნავდა.
– ახლა, – განაგრძო ელინორმა, – ის ნანობს იმის გამო, რაც
გააკეთა. მაგრამ რატომ? იმიტომ, რომ აღმოაჩინა, რა ცოტა
სიხარული მოუტანა მისმა გადაწყვეტილებამ. ბედნიერი ის არ
გამხდარა. ახლა საქმეები წესრიგში აქვს მოყვანილი და უფულობის
გამო არ იტანჯება; მხოლოდ იმას ნანობს, რომ დაქორწინდა ქალზე,
რომელსაც შენსავით სასიამოვნო ხასიათი არა აქვს. მაგრამ განა ეს
იმას ნიშნავს, რომ ის ბედნიერი იქნებოდა, თუ შენზე
დაქორწინდებოდა? განსხვავება მხოლოდ ის იქნებოდა, რომ იმ
შემთხვევაში მისი ტანჯვის მიზეზი უფულობა გახდებოდა. უფულობა,
რასაც ახლა წვრილმანად თვლის, რადგან უკვე მას აღარ ემუქრება.
მას ეყოლებოდა ცოლი, რომლის ხასიათის გამო წუწუნი აღარ
მოუწევდა, მაგრამ ყოველთვის გაჭირვებაში იქნებოდა – ყოველთვის
ღარიბი, და ალბათ მალე მივიდოდა იმ აზრამდე, რომ კარგ
შემოსავალს უამრავი უპირატესობა აქვს და ვალების არქონა ბევრად
უკეთესია ოჯახურ ბედნიერებაზეც კი, არამცთუ ცოლის ხასიათზე.
– მე ამაში ეჭვიც არ მეპარება, – უპასუხა მარიანამ, – და არაფერი
მაქვს სანანებელი საკუთარი წინდაუხედაობის გარდა.
– უფრო სწორად რომ ითქვას, დედაშენის გაუფრთხილებლობის
ბრალია ყველაფერი, ჩემო შვილო, – შეაწყვეტინა მისის დეშვუდმა, –
ყველაფერში ის არის დამნაშავე.
მარიანამ მას გაგრძელების საშუალება არ მისცა. ელინორს,
რომელსაც უხაროდა, რომ ორივე მიხვდა თავის შეცდომას, შეეშინდა,
წარსულზე ფიქრს მისი დის სიმტკიცე არ შეერყია და იჩქარა საუბრის
თემას დაჰბრუნებოდა.
– ვფიქრობ, მომხდარიდან ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება:
უილობის ყველა უბედურება ზნეობის კანონის დარღვევიდან
წამოვიდა, იმისგან, თუ როგორ მოექცა ის ელიზა უილიამსს. ეს იქცა
წყაროდ ყველა დანარჩენი, თუნდაც ნაკლებად სერიოზული
დანაშაულებისა, და ასევე, ცხოვრებით მისი ახლანდელი
უკმაყოფილებისა.
412
მარიანამ თანხმობა ძალიან ემოციურად გამოხატა, მისის
დეშვუდმა კი, ისარგებლა შემთხვევით და პოლკოვნიკ ბრენდონის
ყველა ღირსება და ასევე ყველა ის უბედურება ჩამოთვალა, რომლის
გადატანა მას მოუწია. ისეთი მხურვალე ტონით ლაპარაკობდა,
რომელსაც მეგობრული გრძნობა და სანუკვარი მიზანი იწვევს. თუმცა
მარიანას ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს სადღაც სხვაგან
იყო და თითქმის არაფერი გაუგონია.
როგორც ელინორი შიშობდა, მომდევნო ორი-სამი დღის
განმავლობაში მარიანას მდგომარეობა უკეთესობისკენ არ
შეცვლილა, მაგრამ მისი ნება კვლავაც მტკიცე რჩებოდა: ისევ
ცდილობდა მხიარული და მშვიდი ყოფილიყო, და მისი და
განსაკუთრებული შფოთვის გარეშე იყო მინდობილი დროის
მაკურნებელ ძალას.
მისის კერიმ მარგარეტი სახლში მოიყვანა და, ბოლოს და ბოლოს,
გაერთიანებული ოჯახი კვლავ შეუდგა წყნარ ცხოვრებას კოტეჯში. და
მართალია, თავიანთი ჩვეული საქმიანობები განსაკუთრებული
გულმოდგინებით არ განუახლებიათ ბარტონში ჩასვლის პირველი
დღეებისაგან განსხვავებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში,
განზრახული ჰქონდათ, მთლიანად მიეძღვნათ თავი მათთვის.
ელინორი სულ უფრო და უფრო მოუთმენლად ელოდა რაღაც
ცნობებს ედვარდის შესახებ. ლონდონიდან წამოსვლის შემდეგ მასზე
არაფერი გაეგონა. არ იცოდა, რა გეგმები ჰქონდა მას და არც ის,
საერთოდ სად იმყოფებოდა. მარიანას ავადმყოფობასთან
დაკავშირებით ელინორმა და მისმა ძმამ ერთმანეთს რამდენიმე
წერილი მისწერეს. ჯონის პირველი გზავნილი შეიცავდა წინადადებას:
“ჩვენ არაფერი ვიცით ჩვენი ბედკრული ედვარდის შესახებ და ვერც
იმის უფლებას ვაძლევთ თავს, გავიკითხ-გამოვიკითხოთ, რადგან ეს
აკრძალული თემაა. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ის ჯერ კიდევ
ოქსფორდში უნდა იყოს”. ამის გარდა, ამ მიმოწერის შედეგად
ედვარდის შესახებ არაფერი შეუტყვია, მისი სახელი არცერთ

413
მომდევნო წერილში ერთხელაც არ ხსენებულა. თუმცა მისი ბედის
გამო ტანჯვა დიდხანს არ მოუწია.
ერთხელ, დილით მათი მსახური რაღაც დავალებებით ექსეტერში
გაემგზავრა. უკან დაბრუნებულმა, როცა მაგიდას ემსახურებოდა,
თავისი ქალბატონის დავალებასთან დაკავშირებულ ყველა
შეკითხვას უპასუხა, შემდეგ კი თავის მხრივ დასძინა:
– თქვენ ალბათ იცით, მადამ, რომ მისტერ ფერარსი დაქორწინდა.
მარიანას მთელი ტანით ააძაგძაგა და მზერა ელინორს მიაპყრო.
დაინახა, რომ ის ფერს კარგავდა და ისტერიკაში ჩავარდნილი სკამის
საზურგეზე გადაწვა. მისის დეშვუდმა, როცა მსახურს პასუხობდა,
იმავე მხარეს გაიხედა და გაოგნდა – ელინორის სახეზე წაიკითხა,
როგორ ღრმად და დიდხანს იტანჯებოდა ის, და ორიოდ წამის შემდეგ
მარიანას ცრემლებით კიდევ უფრო შეშფოთებულმა აღარ იცოდა,
რომელ ქალიშვილთან მივარდნილიყო პირველად საშველად.
მსახურმა მხოლოდ ის დაინახა, რომ მარიანა ცუდად გახდა, და
მიხვდა, საჭირო იყო დაეძახა მოახლე ქალისთვის, რომლის
დახმარებით მისის დეშვუდმა შეძლო მარიანა სასტუმრო ოთახში
შეეყვანა; იქ ის თითქმის დამშვიდდა და დედამ მარგარეტს და
მოახლე ქალს დაუტოვა მოსავლელად, თვითონ კი იჩქარა, უკან
დაბრუნებულიყო. ელინორი თუმცა ჯერ კიდევ ძალიან აღელვებული
იყო, მაგრამ იმდენად გამორკვეულიყო და საკუთარი თავი ხელში
აეყვანა, რომ თომასს ეკითხებოდა იმის შესახებ, თუ საიდან იცოდა ეს.
მისის დეშვუდი მაშინვე თვითონ დაინტერესდა და ელინორს შეეძლო
მხოლოდ ესმინა და იძულებული აღარ ყოფილიყო, ელაპარაკა.
– ვინ გითხრათ, თომას, რომ მისტერ ფერარსი დაქორწინდა?
– მე თვითონ დავინახე მისტერ ფერარსი, მადამ, ამ დილით
ექსეტერში და მისი მეუღლე მისის სტილი, ანუ ყოფილი მისს სტილი.
მათი ეტლი სასტუმრო “ახალი ლონდონის” წინ გაჩერდა, და მეც იქ
მივდიოდი ზუსტად. ბარტონ-პარკელმა სალიმ მთხოვა, მისი ძმისთვის
ამბავი გადამეცა. ის იქ ფოსტაში მუშაობს. ჰოდა, მივდივარ და როცა
ეტლს ჩავუარე, შემთხვევით თავი ავწიე და მისს სტილი მაშინვე
414
ვიცანი. ქუდი მოვიხადე და იმანაც მიცნო, მაშინვე დამიძახა და
თქვენი ამბები მკითხა, მადამ, და თქვენი ქალიშვილების,
განსაკუთრებით მარიანასი. და დიდი მოკითხვაც დამაბარა თქვენთან
მისი და მისტერ ფერარსის სახელით. თქვა, ძალიან ვწუხვარ, რომ
დრო არა გვაქვს, თორემ მათ სანახავად შევივლიდითო. იმიტომ, რომ
ჩქარობდნენ, მადამ, წინ დიდი გზა ედოთ. მაგრამ, თქვა, რომ როცა
დავბრუნდებით, აუცილებლად ვეწვევითო.
– მაგრამ ის თუ გითხრათ, დაქორწინებული ვარო, თომას.
– დიახ, მადამ. გაიღიმა და ამბობს, მას შემდეგ, რაც ამ ადგილებში
ბოლოს ვიყავი, გვარის შეცვლა მოვასწარიო. ყოველთვის თავაზიანი
და ადვილად საურთიერთობო ახალგაზრდა ლედი იყო და ძალიან
კარგი ქცევების. ჰოდა, მე გავბედე და ბედნიერება ვუსურვე.
– და ეტლში მასთან ერთად მისტერ ფერარსიც იყო?
– დიახ, მადამ. მე ის დავინახე. უკან გადაწეული იჯდა. მაგრამ მას
ჩემთვის არც შემოუხედავს. ის ყოველთვის ისეთი ჯენტლმენი იყო,
ცოტას რომ ლაპარაკობს.
– მათ გარდა ეტლში არავინ იჯდა?
– არა, მადამ, მხოლოდ ეს ორი.
– საიდან მოდიოდნენ, თუ იცი?
– პირდაპირ ლონდონიდან მოდიოდნენ. ასე მითხრა მისს
ლიუსიმ... მისის ფერარსმა.
– და დასავლეთისკენ მიდიოდნენ?
– დიახ, მადამ, მაგრამ ცოტა ხნით. მალე უკან ბრუნდებიან და
მაშინ აუცილებლად შემოივლიან აქ.
მისის დეშვუდმა თავის ქალიშვილს შეხედა, მაგრამ ელინორს
ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ მათი ვიზიტის მოლოდინი არ უნდა
ჰქონოდა.. მთელი ლიუსი ჩანდა ამ დანაბარებში. ედვარდი ხომ
არასდროს მათთან არ მივიდოდა. მან დედას ხმადაბლა უთხრა,
ალბათ მისტერ პრეტისთან მიდიოდნენ პლიმუტთან ახლოსო.
– თქვენ დაინახეთ, რომ ისინი წავიდნენ?

415
– არა, მადამ. ცხენები მოიყვანეს ზუსტად იმ დროს, მაგრამ მე
აღარ შევჩერებულვარ. შემეშინდა, რომ დამაგვიანდებოდა.
– მისის ფერარსი კარგად გამოიყურებოდა?
– დიახ, მადამ, თქვა, ძალიან კარგად ვარო. ჩემი აზრით, ის
ყოველთვის კარგი შესახედავი ახალგაზრდა ლედი იყო. და ძალიან
კმაყოფილიც ჩანდა.
მისის დეშვუდმა ვერ მოიფიქრა, კიდევ რა შეიძლებოდა ეკითხა და
მალე თომასი, რომელიც საჭირო აღარ იყო, მაგიდის
გადასაფარებელთან ერთად სამზარეულოში გაგზავნეს. მარიანამ
შეატყობინა მათ, რომ ერთი ლუკმის შეჭმაც აღარ შეეძლო. მისის
დეშვუდმა და ელინორმაც ჭამის ყოველგვარი სურვილი დაკარგეს.
მარგარეტს შეეძლო ჩაეთვალა, რომ ძალიან გაუმართლა.
მიუხედავად ბევრი ნერვიულობისა, რაც მისმა უფროსმა დებმა
გადაიტანეს ბოლო დროის განმავლობაში და მიუხედავად მრავალი
მიზეზისა, მათ რომ ყოველგვარი მადა დაუკარგა, პირველად მოხდა,
რომ ის სადილის გარეშე დარჩა.
მისის დეშვუდი და ელინორი დიდხანს ისხდნენ მაგიდასთან ხმის
ამოუღებლად. მალე დესერტი და ღვინო შემოიტანეს. მისის დეშვუდი
შიშობდა, რამე შეუფერებელი არ ეთქვა და ვერ ბედავდა, ნუგეში ეცა
მისთვის. ახლა მან აღმოაჩინა, რა ღრმად ცდებოდა, როცა ეგონა,
რომ ელინორი მშვიდად იყო და სწორად დაასკვნა, რომ ის თავი
წერილებში თავს ხალისიანად აჩვენებდა, რათა მისთვის ზედმეტი
ტანჯვა აერიდებინა მაშინ, როცა მისის დეშვუდი მარიანაზე
ნერვიულობდა. ის მიხვდა, რომ ელინორი, ზრუნავდა რა მასზე,
შეეცადა ჩაენერგა მისთვის, თითქოს ედვარდისადმი მისი გრძნობა
სულაც არ იყო ისეთი ძლიერი, როგორც მას ეგონა. ახლა ის წუხდა,
რომ უსამართლო და უყურადღებო, არა, კიდევ უფრო მეტიც, უგულოც
კი იყო ელინორის მიმართ; რადგან მარიანას უბედურება უფრო
აშკარა და თვალშისაცემი ჩანდა, მთელი თავისი დედობრივი სინაზე
მასზე ჰქონდა გადატანილი, რამაც დაავიწყა, რომ მისი უფროსი
ქალიშვილიც იტანჯებოდა და შეიძლება არანაკლებადაც, მაგრამ
416
მტკიცედ იტანდა თავის ტკივილებს და ცდილობდა, თავისი უახლოესი
ადამიანები არ შეეწუხებინა.

417
თავი 48

ელინორმა ახლა აღმოაჩინა განსხვავება მძიმე მოვლენის


მოლოდინს, როგორ გარდაუვალადაც არ უნდა თვლიდეს მას გონება,
და მის ახდენას შორის. ახლა ის მიხვდა, რომ გონების არგუმენტების
საწინააღმდეგოდ, სანამ ედვარდი თავისუფალი რჩებოდა, ის გულის
სიღრმეში იმედს არ კარგავდა, რომ მას რაღაც დაბრკოლება
ლიუსისთან დაქორწინებაში ხელს შეუშლიდა. ეს დაბრკოლება
შეიძლებოდა გამხდარიყო თვითონ ედვარდის სიმტკიცე, მეგობრების
ჩარევა, უფრო ხელსაყრელი ვარიანტის გამოჩენა მისი საცოლისთვის
– ნებისმიერი რამ, რასაც კი შეიძლებოდა ხელი შეეწყო ყველა
მათგანის ბედნიერებისათვის. მაგრამ ახლა ის დაქორწინებული იყო
და ელინორი საკუთარ თავს საყვედურობდა მალული იმედებისათვის,
რომლებმაც კიდევ უფრო გააღრმავა ტკივილი, როცა ეს საბედისწერო
ამბავი ბოლოს და ბოლოს მაინც მოხდა.
იმან, რომ ედვარდი ასე ნაჩქარევად დაქორწინდა (როგორც ის
თვლიდა), უფრო ადრე, სანამ მღვდლად აკურთხებდნენ და, ამდენად,
უფრო ადრე, სანამ სამრევლოს ჩააბარებდნენ, თავიდან ის, ცოტა არ
იყოს, გააკვირვა. მაგრამ მალე გაიაზრა, რომ ლიუსიმ, რომელიც
განუწყვეტლივ თავის კეთილდღეობაზე ზრუნავდა, იჩქარა, მისთვის
ქორწინების ხუნდები დაედო და არაფერს არ გაუწია ანგარიში
გადავადების შიშის გარდა. და ისინი დაქორწინდნენ, დაქორწინდნენ
ლონდონში, ახლა კი ლიუსის ბიძისკენ მიიჩქაროდნენ. ნეტავ, რას
გრძნობდა ედვარდი, როცა ბარტონიდან ოთხ მილში ელინორის
დედის მსახური დაინახა და გაიგონა, როგორ უგზავნიდა ლიუსი
მოკითხვას დეშვუდების ოჯახს!
მალე ისინი დელაფორდში დასახლდებოდნენ. დელაფორდი...
ადგილი, რომელიც თითქოს განგებ, მრავალი მიზეზის გამო
იპყრობდა მის ყურადღებას. ადგილი, რომლის ნახვა უნდოდა, და

418
თანაც უნდოდა, არასდროს ენახა. წამიერად წარმოიდგინა ისინი
მათთვის განახლებულ პასტორის სახლში, წარმოიდგინა ლიუსი,
აქტიური, მარჯვე დიასახლისი, რომელიც ცდილობდა სხვაზე ნაკლები
არ გამოჩენილიყო და, ამავე დროს, ეკონომიას აკეთებდა
ყველაფერზე, რაზეც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. თითქოს
იგრძნო, როგორ რცხვენოდა მას სიღარიბის და ნემსის ყუნწში
ძვრებოდა, ოღონდ კი სხვებს არ გაეგოთ, რომ ყველაფერში თავს
იზღუდავდა. ანგარებიანი გოგო თავისი ყოველი ფიქრით, რომელიც,
რა თქმა უნდა, შეეცდებოდა პოლკოვნიკ ბრენდონის და მისის
ჯენინგსის ნდობა მოეპოვებინა, ყველასი, ვისაც კი მეტ-ნაკლებად
იცნობდა. ედვარდი კი... არ იცოდა, როგორს ხედავდა მას თავის
წარმოდგენაში და არც ის იცოდა, როგორი სურდა დაენახა –
ბედნიერი თუ უბედური. მის ტკივილს ოდნავაც არ ამცირებდა არც
ერთი და არც მეორე, და ცდილობდა, მისი ყოველგვარი ხილვა
თავიდან მოეშორებინა.
ელინორს გულში იმედი ჰქონდა, რომ მათი რომელიმე ნაცნობი
ლონდონიდან მოწერდა, მომხდარის შესახებ დეტალებს
შეატყობინებდა, მაგრამ დღეები გადიოდა და არც წერილები
მოჰქონდათ და არც სხვა ახალი ამბები. თუმცა დარწმუნებული არ
იყო რომელიმე მათგანის ბრალეულობაში, მაგრამ ყველა მეგობარზე
ბრაზობდა და თვლიდა, რომ ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე
ფიქრობდნენ და მას მხოლოდ სიზარმაცის გამო არ სწერდნენ.
– დედა, როდის მისწერთ პოლკოვნიკ ბრენდონს? – ეს შეკითხვა
მისი გულის მოუთენლობამ წარმოშვა. ძალიან ჩქარობდა, რაიმე
ახალი გაეგო.
– მე მას გასულ კვირაში მივწერე, ჩემო საყვარელო, და არა
იმდენად პასუხს ველი, არამედ თვით მას. დაჟინებით მოვიწვიე ის
სტუმრად და არ გამიკვირდება, თუ უკვე დღეს ჩვენს სასტუმრო
ოთახში შემოაბიჯებს. ან ხვალ, ან ზეგ.
ეს უკვე რაღაც იყო. ელინორის მოლოდინს მიზანი გაუჩნდა.
პოლკოვნიკს უეჭველად ბევრი რამ ეცოდინებოდა.
419
ძლივს მოასწრო ამის გაფიქრება და ფანჯრიდან ცხენით მომავალი
კაცი დაინახა. ის მათ ჭიშკართან შეჩერდა. ვიღაც ჯენტლმენი... რა
თქმა უნდა, პოლკოვნიკი იქნება. ახლა ყველა ახალ ამბავს გაიგებს.
მაგრამ... არა, ეს პოლკოვნიკი ბრენდონი არ არის! არც მისი
ტანადობა, არც მისი სიმაღლე... ეს რომ შესაძლებელი იყოს, იტყოდა,
რომ ედვარდს ხედავს... დაჟინებით შეხედა. მხედარი ის-ის იყო
ჩამოქვეითდა... არა, არ შეიძლება ასე ცდებოდეს... ის ნამდვილად
ედვარდია. ფანჯარას მოშორდა და სკამზე ჩამოჯდა. “მისტერ
პრეტისგან წამოვიდა საგანგებოდ ჩვენს სანახავად. მე შევძლებ
სიმშვიდე შევინარჩუნო და საკუთარი თავი ხელში ავიყვანო“.
რამდენიმე წამის შემდეგ მან შეამჩნია, რომ დანარჩენებიც
მიხვდნენ თავიანთ შეცდომას. დედამისს და მარიანას სახე
შეეცვალათ. ორივემ მას შეხედა და ერთმანეთს რაღაც
გადაუჩურჩულეს. რას არ მისცემდა ამქვეყნად ახლა, რომ ხმის
ამოღება მოეხერხებინა და აეხსნა მათთვის, თავაზიანად მოქცეოდნენ
მას და არა ცივად, აგდებულად. მაგრამ ლაპარაკი არ შეეძლო და
ისღა დარჩენოდა, მათ გულისხმიერებას დანდობოდა.
ხმამაღლა არავინ არაფერს ამბობდა. ყველანი უხმოდ ელოდნენ,
სტუმარი როდის შემოვიდოდა. ბილიკზე ქვიშა ახრაშუნდა ედვარდის
ფეხქვეშ და ერთი წამის შემდეგ მისი ნაბიჯების ხმა შემოსასვლელში
გაისმა, კიდევ ერთი წამის შემდეგ კი ის მათ წინაშე წარდგა.
მისი სახე, როცა ოთახში შემოვიდა, განსაკუთრებით ბედნიერი
არავის მოსჩვენებია, ელინორსაც კი. მღელვარებისგან ფერი ჰქონდა
დაკარგული და ისე გამოიყურებოდა, თითქოს ეშინოდა, ცუდად არ
შემხვდნენო. გაცნობიერებული ჰქონდა, რომ კარგ მიღებას არ
იმსახურებდა. თუმცა მისის დეშვუდმა (მას იმედი ჰქონდა, რომ
გამოიცნო თავისი ქალიშვილის სურვილი, რომლის მიხედვითაც
ახლა მხურვალე სურვილი ჰქონდა ემოქმედა) საკუთარი თავი
აიძულა, კმაყოფილი სახე მიეღო, შემოსულს ხელი გაუწოდა და
ყოველგვარი ბედნიერება უსურვა.

420
ედვარდი გაწითლდა და რაღაც გაუგებრად წაიბუტბუტა.
ელინორის ტუჩები დედამისის ტუჩების ტაქტში მოძრაობდა და
მხოლოდ იმას ნანობდა, სტუმარს დედის შემდეგ ხელი მეც რატომ არ
ჩამოვართვიო. მაგრამ უკვე გვიან იყო და, შეეცადა რა უშფოთველი
გამომეტყველება მიეღო, ისევ დაჯდა და ამინდზე დაიწყო ლაპარაკი.
მარიანამ კუხეში მდგარი სკამი აირჩია, რათა რაც შეიძლებოდა
ნაკლებად თვალში მოსახვედრი ყოფილიყო და თავისი წყენა
დაემალა, მარგარეტმა კი, რომელიც რაღაცას ხვდებოდა, მაგრამ არა
ყველაფერს, საჭიროდ ჩათვალა ამაყი ადამიანის სახე მიეღო და
ედვარდისგან შორს დაჯდა. დუმილს მკაცრად იცავდა.
ელინორი საკმაოდ დიდხანს გამოხატავდა სიხარულს იმის გამო,
რომ გაზაფხული ასეთი მზიანი აღმოჩნდა და როცა მისი აღტაცება
მიინავლა, საშინლად უხერხულმა სიჩუმემ დაისადგურა. მას ბოლო
მოუღო მისის დეშვუდმა, რომელმაც საკუთარი თავი აიძულა იმედი
გამოეთქვა, რომ მისის ფერარსი თავს კარგად გრძნობდა. ედვარდმა
აჩქარებით დაუდასტურა, რომ ეს მართლაც ასე იყო.
ამას კიდევ ერთი პაუზა მოჰყვა.
– მისის ფერარსი ახლა ლონგსტეიპლში იმყოფება?
– ლონგსტეიპლში? – გაიმეორა სტუმარმა დაბნეული სახით, –
არა, დედაჩემი ლონდონშია.
– მე ვგულისხმობდი, – თქვა ელინორმა და სუფრიდან ვიღაცის
ხელსაქმე აიღო, – მისის ედვარდ ფერარსს.
მან ვერ გაბედა თავი ზევით აეწია, მაგრამ ორივემ, დედამისმა და
მარიანამ მას შეხედეს. ედვარდი ისევ გაწითლდა, თავგზა აებნა,
შეყოყმანდა და ბოლოს გაუბედავად თქვა:
– თქვენ ალბათ გულისხმობთ... ჩემი ძმის... თქვენ მხედველობაში
გყავთ მისის რობერტ ფერარსი?
– მისის რობერტ ფერარსი? – გაიმეორეს გაოგნებულმა მარიანამ
და დედამისმა. თუმცა ხმას ვერ იღებდა, ახლა ელინორის თვალებიც
სტუმარზე იყო გაშტერებული მოუთმენელი გაკვირვებით. ედვარდი
წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და აშკარად იმის გამო, რომ არ
421
იცოდა, რა ექნა, მასზე დადებული მაკრატელი აიღო და დაუნდობლად
შეუდგა მის გაფუჭებას იმით, რომ მისი ფუტლიარის გაჭრა დაიწყო.
ბოლოს დაბნეულად თქვა:
– იქნებ თქვენ არ იცით... არ ვიცი, გაგიგონიათ თუ არა, რომ ჩემი
ძმა ცოტა ხნის წინ დაქორწინდა... უმცროს... უმცროს მისს ლიუსი
სტილზე.
მისი უკანასკნელი სიტყვები ენით აუწერელი გაოცებით გაიმეორა
ყველამ, გარდა ელინორისა, რომელიც კიდევ უფრო გადაიხარა
თავის ხელსაქმეზე. ის იმდენად ღელავდა, რომ თითქმის აღარ
იცოდა, სად იყო და რას აკეთებდა.
– ჰო, – განაგრძო მან, – ისინი გასულ კვირაში დაქორწინდნენ და
ახლა დოლიშში იმყოფებიან.
ელინორმა ვეღარ გაუძლო. ის თითქმის გავარდა ოთახიდან და
როგორც კი კარი მიიხურა, სიხარულის ცრემლები გადმოსკდა.
ღვარად მოსდიოდა, შეკავებას ვერაფრით ახერხებდა. ედვარდმა,
რომელიც ამ წუთამდე ყველას და ყველაფერს უყურებდა მის გარდა,
თვალი გააყოლა, როცა ის სწრაფად გავიდა ოთახიდან და შეიძლება
შეამჩნია – ან იქნებ გაიგონა – რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე
ახალმა ამბავმა. ყოველ შემთხვევაში, ის მაშინვე ღრმა ფიქრს მიეცა,
რომლიდანაც ვერც წამოძახილებმა გამოიყვანა, ვერც შეკითხვებმა
და ვერც მისის დეშვუდის ალერსიანმა მიმართვამ შეძლო მასში
შეეღწია. ბოლოს და ბოლოს, ის ხმის ამოუღებლად ადგა და სწრაფი
ნაბიჯებით გაემართა სოფლისაკენ, მიატოვა რა გაოგნებული და
დაბნეული ქალები, რომელთაც ისღა დარჩენოდათ ევარაუდათ,
როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ასეთი მშვენიერი და
მოულოდნელი ცვლილება ედვარდის ცხოვრებაში.

422
თავი 49

როგორ აუხსნელადაც არ უნდა მოსჩვენებოდა ედვარდის


გათავისუფლების გარემოება მთელ ოჯახს, ერთი რამ ცხადი იყო: ის
ახლა თავისუფალი გახლდათ და არავის შეჰპარვია ეჭვი იმაში, თუ
როგორ აპირებდა მის გამოყენებას. ის მთელი გრძელი ოთხი წლის
განმავლობაში იმკიდა შედეგებს თავისი წინდაუხედავი ნიშნობისა,
რომელიც დედამისის თანხმობის გარეშე შედგა და ახლა, როცა ის
დარღვეული აღმოჩნდა, ედვარდი, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ
ხელახლა დაინიშნებოდა.
ბარტონში ის სულ უბრალო რამის გამო ჩავიდა – სურდა
ელინორისთვის ხელი ეთხოვა. თუ გავიხსენებთ, რომ მას მსგავს
საქმეში გამოცდილება ჰქონდა, ცოტა არ იყოს, უცნაურიც კი ჩანდა,
რატომ დაირცხვინა ასე ამ შემთხვევაში და რატომ დასჭირდა ამდენი
წახალისება და სუფთა ჰაერზე სიარული.
არ არის საჭირო იმის დაზუსტება, რამდენ ხანს ისეირნა მისტერ
ფერარსმა, სანამ თავს გაიმხნევებდა და როდის მიეცა საშუალება,
გაბედულად ეთქვა სათქმელი, როგორ სთხოვა ხელი და როგორი
პასუხი მიიღო. საკმარისია იმის თქმა, რომ მისი ჩამოსვლიდან სამი
საათის შემდეგ, როცა ოთხ საათზე ყველანი მაგიდას მიუსხდნენ, მას
უკვე თავისი რჩეულის თანხმობა და მისის დეშვუდის ლოცვა-
კურთხევა მიღებული ჰქონდა. ასე რომ, ახლა ის არა მხოლოდ
ბედნიერი სასიძოს რანგში იყო, არამედ თავს მართლაც მეშვიდე ცაზე
გრძნობდა. და, კაცმა რომ თქვას, სიხარულის მიზეზი უდავოდ მეტი
ჰქონდა, ვიდრე ბევრ მის მსგავს მდგომარეობაში მყოფს. ის
შეყვარებული გახლდათ, საპასუხო სიყვარულშიც დარწმუნებული იყო
და ამიტომ გული აღტაცებით ჰქონდა სავსე. საკუთარ თავზე
სასაყვედურო აღარაფერი ჰქონდა. როგორც იქნა, თავი დააღწია მის
შემბოჭავ კავშირს იმასთან, ვის მიმართაც უკვე დიდი ხანი იყო

423
არავითარი ნაზი გრძნობა არ აკავშირებდა და მაშინვე გაუჩნდა მყარი
იმედი, დაუკავშირა რა თავისი ბედი სხვას, ვისზე ოცნებაც კი,
როგორც მიუღწევლის, საკუთარ თავს აუკრძალა
სასოწარკვეთილებაში ყოფნისას. ის არა მხოლოდ ეჭვებისა და უარის
შიშისგან გათავისუფლდა, არამედ მწუხარების უფსკრულიდან
ნეტარების მწვერვალამდე იქნა ატყორცნილი. და ამის გამო ბედს ისე
უმადლოდა, ისეთი მხიარული და აღგზნებული იყო, რომ ასეთი
ედვარდი მის მეგობრებს ადრე არასოდეს ენახათ.
მისი გული ახლა სრულიად ღია იყო ელინორისათვის. მთელი
თავისი შეცდომების, სისუსტეების, ბავშვური სიყვარულის შესახებ ის
ახლა ოცდაოთხი წლის დაბრძენებული კაცის იერით ლაპარაკობდა.
– ჩემი მხრიდან ეს სულელური გატაცება იყო, – უხსნიდა ის
მსმენელებს, – იმის შედეგი, რომ საზოგადოებას ცუდად ვიცნობდი და
არავითარი სასარგებლო საქმით არ ვიყავი დაკავებული. როცა
თვრამეტი წლის ასაკში ლონგსტეიპლიდან წავედი, დედაჩემს
ჩემთვის თუნდაც რაიმე საქმე რომ გამოეძებნა, მაშინ, მე ვფიქრობ...
არა, სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდებოდა. საქმე ის
არის, რომ მაშინ, როცა მისტერ პრეტის სახლს ვტოვებდი, მეგონა,
გულით თან მიმქონდა დაუძლეველი ვნება მისი დისშვილის მიმართ.
მაგრამ რაღაც ღირებული მიზანი რომ მქონოდა, ღირებული საქმე,
რითიც დაკავებული ვიქნებოდი და რომელიც რამდენიმე თვის
განმავლობაში მისი ნახვისგან თავს შემაკავებინებდა, მე ეს ვითომდა
ვნება მალე მიმავიწყდებოდა, განსაკუთრებით მაშინ, თუ
საზოგადოებაში ვიტრიალებდი, ეს კი ასეთ შემთხვევაში გარდაუვალი
იქნებოდა. მაგრამ საქმე არაფერი მქონდა, ჩემთვის პროფესია არ
აურჩევიათ და არც იმის საშუალება მომცეს, მე თვითონ ამერჩია.
სახლშიც სრული უსაქმურობისათვის ვიყავი განწირული, რაც
თითქმის მთელი ერთი წელი გრძელდებოდა. ის ვალდებულებებიც კი
არ მქონდა, რომელიც უნივერსიტეტში სწავლის შემთხვევაში
გამიჩნდებოდა – ოქსფორდში შესვლის უფლება ხომ მხოლოდ
ცხრამეტი წლის ასაკში მივიღე. ამიტომ სხვა აღარაფერი მრჩებოდა,
424
თუ არა ის, რომ თავი შეყვარებულად წარმომედგინა. და რამდენადაც
ის სიტუაცია, რასაც დედაჩემი ქმნიდა სახლში ჩემთვის, დიდად
სასიამოვნო არ იყო და რადგან ჩემს ძმაში ვერც მეგობარი და ვერც
ამხანაგი ვერ ვიპოვე, რა უნდა ყოფილიყო ჩემთვის უფრო ბუნებრივი,
ვიდრე ხშირი წასვლა ლონგსტეიპლში, სადაც თავს ყოველთვის
შინაურულად ვგრძნობდი, სადაც შემეძლო ყოველთვის
დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ ალერსიანად მიმიღებდნენ. ასე
რომ, ჩემი დროის დიდ ნაწილს თვრამეტიდან ცხრამეტ წლამდე იქ
ვატარებდი. ლიუსი მაშინ ყველაზე საყვარელ და სასიამოვნო
ქმნილებად მეჩვენებოდა ამქვეყნად. და ლამაზიც იყო, ყოველ
შემთხვევაში მაშინ, როცა შესადარებელი არავინ მყავდა, ასე
ვფიქრობდი. მისი ნაკლი და ხარვეზები ჩემთვის დაფარული რჩებოდა.
აი, ამიტომ იყო, რომ ჩვენი ნიშნობა, რომელიც თუმცა შემდეგ
ყოველმხრივ სულელური აღმოჩნდა, იმ დროს სულაც არ
გამოიყურებოდა არაბუნებრივად ან რაღაც მიუტევებელ უგუნურებად.
ცვლილებამ, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე საათის
განმავლობაში მოხდა მისის დეშვუდის და მისი ქალიშვილების
განწყობილებაში, ისეთი სიხარული და ბედნიერება მოუტანა მათ,
რომ წინ ალბათ ნეტარი უძილო ღამე ელოდათ. მისის დეშვუდი
აღგზნებისგან ადგილს ვეღარ პოულობდა და აღარ იცოდა, ედვარდის
მიმართ სითბო როგორ გამოეხატა, როგორ შეექო ელინორი ისე,
როგორც იმსახურებდა, როგორ გამოეხატა მადლიერება ბედის ასეთი
შემოტრიალების გამო, ისე, რომ ედვარდის თავმოყვარეობა არ
შეელახა, ან როგორ დაეტოვებინა ისინი მარტო სასაუბროდ, თან არც
ის უნდოდა, მათ საზოგადოებას მოჰკლებოდა და ბედნიერი წყვილის
ცქერით ტკბობის საშუალება აღარ ჰქონოდა.
მარიანას თავისი ბედნიერების შესახებ მხოლოდ ცრემლებით
შეეძლო ელაპარაკა. ნებით თუ უნებლიეთ, შედარებას აკეთებდა და
თუმცა მისი აღტაცება არანაკლებ გულწრფელი იყო, ვიდრე თავისი
დისადმი სიყვარული, ის მას სამხიარულოდ და გამოცოცხლებული
საუბრისთვის არ განაწყობდა.
425
და ელინორი? როგორ შეიძლება მისი გრძნობების აღწერა? იმ
წუთიდან მოყოლებული, როცა გაიგო, რომ ლიუსი სხვას გაჰყვა
ცოლად და ედვარდი თავისუფალი იყო და იმ წუთამდე, როცა იმედი
გაუმართლდა და დიდი ხნის ნანატრი აღიარება მოისმინა, მასში ერთი
განწყობილება მეორით იცვლებოდა. და არც ერთ მათგანს სიმშვიდე
არ მოჰქონდა. მაგრამ როგორც კი იმ მეორე წუთმა ჩაიარა, როგორც
კი მისი შიში და ეჭვები გაიფანტა, მან თავისი ახლანდელი
მდგომარეობა შეადარა იმას, რადაც ის დილას წარმოუდგებოდა.
ელინორმა იცოდა რა, რომ ნიშნობა ედვარდის ღირსების
ყოველგვარი შელახვის გარეშე დაირღვა და მას საშუალება ჰქონდა
დარწმუნებულიყო, რომ როგორც კი თავისუფალი გახდა, მან
დაუყოვნებლივ ხელი სთხოვა; მოისმინა რა ნაზი და მარადიული
სიყვარულის სიტყვები, როგორზეც ელინორი ყოველთვის
ოცნებობდა, მან მტანჯველი შფოთვა იგრძნო. საკუთარი ბედნიერება
თითქოს თრგუნავდა და თუმცა ადამიანის ბუნებას აქვს თვისება,
მალე მიეჩვიოს ცვლილებებს, რამდენიმე საათი დასჭირდა, სანამ
მისი სული ერთგვარ სიმშვიდეს პოვებდა და გულიც
ჩაუწყნარდებოდა.
ედვარდი კოტეჯში ერთ კვირას მაინც აპირებდა დარჩენას. რაც
უნდა საქმეებით და მოვალეობებით ყოფილიყო დამძიმებული,
ელინორს ერთ კვირაზე ადრე ვერ დაშორდებოდა, მით უმეტეს, რომ
ეს დროც არ იქნებოდა საკმარისი ყველაფერზე ესაუბრათ, წარსულის,
აწმყოსა და მომავლის შესახებ. ორ გონიერ არსებას შეუძლია ორი-
სამი საათის განმავლობაში მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე
მოასწროს ლაპარაკი, მაგრამ შეყვარებულების შემთხვევაში საქმე
სულ სხვაგვარად არის. მათ არ ძალუძთ ამოწურონ თუნდაც ერთი
თემა, არ შეუძლიათ ერთმანეთს რაიმე აუხსნან ისე, რომ ნათქვამი
ოცჯერ მაინც არ გაიმეორონ.
ლიუსის დაქორწინება, რომელიც, რა თქმა უნდა, კვლავაც ყველას
ცნობისმოყვარეობას იწვევდა, შეყვარებულების განსჯის ერთ-ერთ
მთავარ თემად იქცა. ელინორი, რომელიც გარკვეული იყო ყველა
426
გარემოებაში და ორივე მათგანს იცნობდა, ამტკიცებდა, ამაზე
აუხსნელი და იდუმალებით მოცული ჩემს ცხოვრებაში არაფერი
გამიგონიაო. როგორ შეიძლებოდა ისინი ერთმანეთს შეხვედროდნენ
და რამ აიძულა რობერტი, დაქორწინებულიყო გოგონაზე, ვისი
გარეგნობის შესახებაც, და ეს ელინორს მისი ბაგეებიდან საკუთარი
ყურით ჰქონდა მოსმენილი, ასე აგდებით ლაპარაკობდა. გოგონაზე,
რომელიც ადრე მის ძმაზე იყო დანიშნული და ვის გამოც ოჯახმა
ედვარდი მოიკვეთა. არა, მას ნამდვილად ვერაფერი გაეგო. მისი
გული აღტაცებული იყო ამ ქორწინებით, წარმოსახვა დასცინოდა მას,
მისი საღი აზრი კი გონივრულ ახსნას ვერ პოულობდა.
ედვარდს მხოლოდ ერთი შესაძლო ახსნა ჰქონდა: მათი პირველი
და ალბათ შემთხვევითი შეხვედრის დროს ლიუსის შემპარავმა
პირფერობამ იმდენად მოასწრო მისი პატივმოყვარეობისთვის
ეამებინა, რომ დანარჩენი თავისთავად მოხდა. ამ დროს ელინორს
გაახსენდა, რობერტი ჰარლი-სტრიტზე როგორ უმტკიცებდა, რის
მიღწევას შეძლებდა, დროზე რომ მოესწრო ძმის საქმეებში ჩარევა,
და მისი სიტყვები ედვარდს გაუმეორა.
– ამაში ჩანს რობერტის მთელი არსი, – მაშინვე უპასუხა მან,
ხანმოკლე ფიქრის შემდეგ კი დასძინა: – ალბათ სწორედ ეს იყო მისი
მიზანი, და ამიტომ ის წავიდა ლიუსისთან, რომელიც შესაძლოა
თავიდან მხოლოდ იმას ფიქრობდა, რომ ჩემთან ურთიერთობისთვის
მისი მხარდაჭერა გამოადგებოდა, შემდეგ კი სხვა გეგმები გაუჩნდა.
თუმცა ედვარდსაც, ისევე როგორც ელინორს, წარმოდგენა არ
ჰქონდა, ეს რამდენ ხანს გრძელდებოდა. ოქსფორდში, სადაც მან
ამჯობინა ცხოვრება ლონდონის დატოვების შემდეგ, ლიუსის შესახებ
ამბები თვით მისგან აღწევდა. მისი წერილები სულ ბოლომდე,
ისეთივე ხშირი და ნაზი იყო, როგორც ყოველთვის. ამიტომ ედვარდს
არ გასჩენია რაიმე ისეთი ეჭვი, რომელსაც შეეძლო შეემზადებინა ის
იმისთვის, რაც მოხდა. და როცა ლიუსის ბოლო წერილით ყველაფერი
გაირკვა, მან, როგორც თვითონ ეჩვენებოდა, დიდხანს ვერ შეძლო
აზრზე მოსვლა გაოგნების, შეძრწუნებისა და სიხარულისგან, იმის
427
გამო, რომ ის თავისუფალი გახდა.. მან ის წერილი ელინორს ჩაუდო
ხელში.
„ძვირფასო სერ!
დარწმუნებული ვარ, რომ უკვე დიდი ხანია დავკარგე თქვენი
სიყვარული და ამიტომ თავი თავისუფლად ჩავთვალე იმისთვის, რომ
სხვა ადამიანისთვის მიმეძღვნა. და ეჭვიც არ მეპარება, რომ მასთან
ისეთი ბედნიერი ვიქნები, როგორც ადრე ვფიქრობდი, რომ თქვენთან
ვიქნებოდი. მაგრამ მე მხოლოდ ის შემიძლია, მძაგდეს
შემოთავაზებული ხელი, როცა გული სხვას ეკუთვნის. მთელი სულით
და გულით გისურვებთ ბედნიერებას და თუ ჩვენ კარგი მეგობრები არ
ვიქნებით, ეს ჩემი მიზეზით არ მოხდება. ჩვენ ხომ ახლო ნათესავები
ვართ და მართლა გულწრფელად გეუბნებით, რომ თქვენ მიმართ
არაფერი ცუდი არ ჭაჭანებს ჩემს გულში. კეთილშობილ ადამიანად
გთვლით და არც თქვენგან ველი რაიმე ცუდს. ჩემი გული მთლიანად
თქვენს ძმას ეკუთვნის, ჩვენ ერთმანეთის გარეშე ვერ ვიცხოვრებთ და
ამიტომ ეს-ეს არის საკურთხევლიდან დავბრუნდით. რამდენიმე
კვირით დოლიშში მივდივართ, რადგან თქვენს ძვირფას ძმას ძალიან
აინტერესებს, იქ მამულს დახედოს. თუმცა მე მაინც ვიფიქრე, რომ ჯერ
თქვენ შემეწუხებინეთ ამ რამდენიმე სტრიქონით. დავრჩები მარად
თქვენი კეთილისმსურველი, მეგობარი და და.
ლიუსი ფერარსი
თქვენი წერილები ყველა დავწვი, პორტრეტს კი როგორც
მომიხერხდება, მაშინვე დაგიბრუნებთ. ნუ დაიზარებთ და თქვენც
დაწვით ჩემი წერილები, ბეჭედი და თმის კულული კი, თუ სურვილი
გექნებათ, დაიტოვეთ”.
ელინორმა წერილი წაიკითხა და ისე დაუბრუნა, არაფერი
უთქვამს.
– მე არ გკითხავთ თქვენს აზრს იმის შესახებ, თუ როგორ არის ის
დაწერილი, – თქვა ედვარდმა, – ადრე ჩემთვის გაფიქრებაც კი
საშინელი იყო, რომ თქვენ მის რომელიმე გზავნილს წაიკითხავდით.
ასეთი რამის მიღება დისგანაც უსიამოვნო იქნებოდა, არამც თუ
428
ცოლისაგან. როგორ გავწითლდი, ამ სტრიქონებს რომ
ვკითხულობდი! დამიჯერეთ, თუ ჩვენი სულელური ნიშნობის პირველ
თვეებს არ ჩავთვლით, ეს მისგან მიღებული პირველი წერილი იყო,
რომლის შინაარსი მისი სტილის ხარვეზებს ფარავს.
– ასე იყო თუ ისე, – თქვა ელინორმა ხანმოკლე პაუზის შემდეგ, –
ფაქტია, რომ ისინი დაქორწინდნენ. დედათქვენი ისე დაისაჯა,
როგორც დაიმსახურა. მამულმა, რომელიც თქვენზე გაბრაზებულმა
რობერტს აჩუქა, საშუალება მისცა მას, საკუთარი არჩევანი
გაეკეთებინა. მან ერთი ვაჟიშვილი ათასი გირვანქა სტერლინგი
წლიური შემოსავლით მოისყიდა, გაეკეთებინა ის, რისთვისაც, –
უფრო სწორად, მხოლოდ განზრახვისათვის, – მეორეს მემკვიდრეობა
დაუკარგა! მე ვფიქრობ, რობერტის ლიუსიზე დაქორწინება მას
არანაკლებ ტკივილს მიაყენებს, ვიდრე მასზე თქვენი დაქორწინება
მიაყენებდა.
– გაცილებით მეტს, რადგან რობერტი ყოველთვის
განსაკუთრებით უყვარდა და რაც უფრო მეტად მტკივნეული იქნება
მისთვის, შესაბამისად, უფრო მალე აპატიებს.
ედვარდმა არ იცოდა, მის ოჯახში ახლა რა ხდებოდა. ჯერ არც
ერთი ნათესავისთვის არ ჰქონდა მიწერილი. ოქსფორდიდან მეორე
დღესვე წამოვიდა, როგორც კი ლიუსის წერილი მიიღო. მხოლოდ
იმაზე ფიქრობდა, ბარტონამდე რაც შეიძლებოდა სწრაფად მიეღწია
და ცდილობდა, დრო არაფერზე დაეკარგა. არაფრის გაკეთებას არ
აპირებდა, სანამ მისს დეშვუდი მის ბედს არ გადაწყვეტდა. იმის
მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორ სწრაფად დაადგა ის გზას,
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მიუხედავად პოლკოვნიკ ბრენდონზე
ადრინდელი ეჭვიანობისა, მიუხედავად საკუთარი ღირსებების
მოკრძალებული შეფასებისა და გასაგები, არცთუ უსაფუძვლო შიშისა
იმის გამო, თუ რა პასუხს მიიღებდა, ის განსაკუთრებით მკაცრ
დახვედრას არ ელოდა. მაგრამ აუცილებელი იყო, ეთქვა, რომ
სწორედ ამას ელოდა და მან ეს ძალიან თავაზიანად გააკეთა. აი,

429
ერთი წლის შემდეგ რა შეიძლებოდა ეთქვა ამ საკითხზე, ეს ცოლების
და ქმრების ფანტაზიას მივანდოთ.
ელინორს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ლიუსიმ თომასი განგებ
დააბნია, რათა მას თავის მხრივ, უნებურად დეშვუდების ოჯახი
შეეყვანა შეცდომაში და რაც შეიძლებოდა მეტად დაეგესლა თავისი
ყოფილი საქმრო და ბედნიერი მეტოქე. ედვარდმა კი, რომელიც მის
ნამდვილ ბუნებას ახლა ჩასწვდა, ჩათვალა, რომ მისგან
მოსალოდნელი იყო ნებისმიერი სიმდაბლე, რისკენაც კი მისი
ბოღმიანი ხასიათი უბიძგებდა. თუმცა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ,
ელინორის გაცნობამდეც კი, მას თვალები აეხილა და მიხვდა, რომ
მისი შეყვარებული უვიცი იყო, ვიწრო თვალსაწიერის, მაგრამ ამას
განათლების ნაკლებობას მიაწერდა. მისი ბოლო წერილის მიღებამდე
ლიუსის კეთილ, სათნო გოგოდ თვლიდა და მასზე მთელი გულით იყო
მიჯაჭვული. სწორედ ეს უშლიდა ხელს, რომ დაერღვია ნიშნობა,
რომელმაც, ჯერ კიდევ მანამ, სანამ დედამისი რისხვას დაატეხდა
თავს, მოასწრო მისთვის შფოთვის და სინანულის წყარო გამხდარიყო.
– როცა დედაჩემმა უარი თქვა ჩემზე, შემდეგ კი მეგობრებმაც
ზურგი მაქციეს, – თქვა მან, – ჩემს მოვალეობად ვთვლიდი, ჩემი
გრძნობებისთვის ანგარიში არ გამეწია და მისთვის მიმენდო
გადაეწყვიტა, დაერღვია თუ არა ნიშნობა. ასეთ სიტუაციაში თითქოს
ანგარებისა და პატივმოყვარეობისთვის ადგილი არ რჩებოდა და
როგორ უნდა დავეჭვებულიყავი, როცა მან ასე მხურვალედ, ასე
დაჟინებით მოისურვა, ჩემი ბედი გაეზიარებინა. როგორ უნდა
მეფიქრა, რომ მას შეიძლებოდა, გარდა ერთგულებისა და
სიყვარულისა, რამე სხვა ამოძრავებდა. აი, ახლაც კი, არ მესმის, რა
ზრახვები ჰქონდა მას და რა აიძულებდა, თავისი ბედი
დაეკავშირებინა კაცთან, რომელსაც ოდნავაც არ სცემდა პატივს და
რომლის მთელი ქონება ორი ათას გირვანქა სტერლინგს შეადგენდა.
წინასწარ ხომ არ ეცოდინებოდა, რომ პოლკოვნიკი ბრენდონი
მრევლს ჩამაბარებდა?

430
– არა, მაგრამ მას შეიძლებოდა ევარაუდა, რომ თქვენთვის ჯერ
კიდევ არ იყო ყველაფერი დაკარგული, რომ დრო გავიდოდა და
დედათქვენი შეგიცოდებდათ. ყოველ შემთხვევაში, ნიშნობის
არდარღვევით ის არაფერს კარგავდა. მან ხომ შემდეგ დაამტკიცა,
რომ ოდნავაც არ თვლიდა თავს შეზღუდულად არც თავის გრძნობებში
და არც თავის ქცევებში. ჯერჯერობით კი, ასეთ ოჯახის შვილთან
ნიშნობა წონას სძენდა და მისი წრის ნაცნობების თვალში
ამაღლებდა. და, ბოლოს და ბოლოს, თუ უკეთესი ვარიანტი არ
გამოუჩნდებოდა, მას ერჩია თქვენ გამოგყოლოდათ, ვიდრე შინაბერა
დარჩენილიყო.
ამ სიტყვებმა ედვარდი დაარწმუნა, რომ ლიუსის ქცევა სავსებით
ბუნებრივი იყო და რომ ის სწორედ ამ მოსაზრებებით
ხელმძღვანელობდა.
ელინორმა, რა თქმა უნდა, ისარგებლა შემთხვევით, ან როდის იყო
ქალები ასეთ შესაძლებლობას ხელიდან უშვებდნენ, რომ მკაცრად
ესაყვედურა შეყვარებულისთვის გაუფრთხილებლობის გამო. ის ხომ
იმდენ ხანს იყო მათთან ერთად ნორლენდში, რომ თავისი
გრძნობების ცვალებადობაში უნდა დარწმუნებულიყო.
– თქვენი საქციელი, უდავოდ ძალიან ცუდი იყო, – განუცხადა მან,
– რადგან თვით ჩემს შეხედულებაზე რომ არაფერი ვთქვა, ყველა
ჩვენი ნათესავი ელოდა (თუ მთლად გადაწყვეტილად არ მიაჩნდა)
იმას, რაც ჩვენი მაშინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით
არაფრით არ შეიძლებოდა მომხდარიყო.
მას მხოლოდ ისღა დარჩენოდა, თავი იმით გაემართლებინა, რომ
საკუთარ გულს ცუდად იცნობდა და არასწორი წარმოდგენა ჰქონდა
მასზე ნიშნობის გავლენის შესახებ.
– მე ისე გულუბრყვილო ვიყავი, რომ ვფიქრობდი: რადგან სიტყვა
სხვისთვის მქონდა მიცემული, თქვენთან ურთიერთობა არავითარ
საფრთხეს არ მიქადდა და შევძლებდი, გულიც ისე სუფთად შემენახა,
როგორც სინდისი. ვგრძნობდი, რომ აღტაცებული ვიყავი თქვენით,
მაგრამ საკუთარ თავს ვეუბნებოდი, ეს მხოლოდ მეგობრობაა-მეთქი.
431
და სანამ თქვენი და ლიუსის ერთმანეთთან შედარება არ დავიწყე,
თვითონაც არ ვიცოდი, რამდენად შორს ვიყავი წასული. ამის შემდეგ,
ვფიქრობ, სწორად არ მოვიქეცი, როცა სასექსში ასე დიდხანს დავრჩი.
საკუთარი ქცევის გამართლებისთვის სხვა არგუმენტს ვერ
ვპოულობდი გარდა იმისა, რომ საფრთხე მხოლოდ მე მემუქრებოდა
და საკუთარი თავის გარდა ზიანს არავის მივაყენებდი.
ელინორს გაეღიმა და თავი გადააქნია.
ედვარდს გაუხარდა, როცა შეიტყო, რომ პოლკოვნიკი ბრენდონი
ის-ის იყო ბარტონში უნდა ჩამოსულიყო, რადგან არა მხოლოდ მისი
გაცნობა უნდოდა, არამედ სურდა დაერწმუნებინა ის, რომ აღარ
ბრაზობდა მასზე დელაფორდის შეპირებული სამრევლოს გამო.
– ასეთი არათავაზიანი, უმადური მადლობის შემდეგ ხომ,
რომელიც მას მაშინ გადავუხადე, – თქვა მან, – ის ალბათ
დარწმუნებულია, რომ არასოდეს ვაპატიებ იმ შემოთავაზებას.
ახლა ედვარდს თვითონაც უკვირდა, რომ დელაფორდში არ
წავიდა, მაგრამ ეს მას სრულებითაც არ აინტერესებდა, ამიტომ ყველა
ცნობა სახლის, ბაღის, ეკლესიის მიწის, მრევლის რიცხოვნების,
იქაური მინდვრების მდგომარეობისა დასაეკლესიო გადასახადის
შესახებ ახლა მან თვითონ ელინორისგან მიიღო, რომელმაც ეს
ყველაფერი პოლკოვნიკისგან შეიტყო, მოუსმინა რა მას უდიდესი
ყურადღებით, ისე, რომ შეეცადა ერთი დეტალიც არ გამორჩენოდა.
ახალგაზრდებს აერთიანებდა ორმხრივი გრძნობა, რომელსაც
ყველა მათი ნამდვილი მეგობარი მხურვალედ უჭერდა მხარს.
ერთმანეთს ისინი ისე კარგად იცნობდნენ, რომ ეს არ შეიძლებოდა
მათი ბედნიერების საწინდრად არ ქცეულიყო. მათ შორის
გადაუწყვეტელი მხოლოდ ერთი საკითხი რჩებოდა, მხოლოდ ერთი
დაბრკოლება – რა შემოსავლით უნდა ეცხოვრათ? ედვარდს სულ ორი
ათასი გირვანქა სტერლინგი ჰქონდა, ელინორს – ათასი და,
დელაფორდის სამრევლოდან შემოსავალთან ერთად, მთელი მათი
ცხოვრების სარჩო-საბადებელი ამით ამოიწურებოდა. ფიქრიც კი
ზედმეტი იყო იმაზე, რომ მისის დეშვუდი შეძლებდა რაიმე გამოეყო
432
მათთვის და ბოლოს და ბოლოს, მათ არც იმდენად ჰქონდათ გონება
სიყვარულისგან არეული, რომ წარმოედგინათ, თითქოს წელიწადში
სამას ორმოცდაათი გირვანქა სტერლინგი შემოსავლით შეძლებდნენ
უზრუნველად ეცხოვრათ.
ედვარდს ბოლომდე არ ჰქონდა დაკარგული იმედი, რომ დედას
შეიძლებოდა ეპატიებინა მისთვის და მათ მომავალ შემოსავალს
გარკვეული თანხა შემატებოდა. მაგრამ ელინორი ასე არ ფიქრობდა.
ედვარდი ხომ მისს მორტონზე მაინც არ დაქორწინდა და რადგან
თვითონ ის, მისის ფერარსის ალერსიანი სიტყვებით რომ ვთქვათ,
ორი უბედურებიდან შედარებით ნაკლები იყო მხოლოდ, მისი აზრით,
რობერტის თვითნებობის შედეგი ის იქნებოდა, რომ ფანი
გამდიდრდებოდა.
ედვარდის ჩამოსვლიდან ოთხი დღის შემდეგ პოლკოვნიკი
ბრენდონიც ჩამოვიდა. მისის დეშვუდის სიხარულს საზღვარი არ
ჰქონდა. ამას ემატებოდა სიამაყის შეგრძნება იმის გამო, რომ
პირველად, ბარტონში დასახლების შემდეგ, მათ იმდენი სტუმარი
მიიღეს, რომ უკვე სახლში აღარ ეტეოდნენ. ედვარდი უფრო ადრე
ჩამოსული სტუმრის პრივილეგიით სარგებლობდა, პოლკოვნიკი
ბრენდონი კი ყოველ საღამოს ბარტონ-პარკში მიდიოდა ღამის
გასათევად, სადაც მის განკარგულებაში ყოველთვის იყო ერთი
ოთახი. იქიდან კოტეჯში დილით ბრუნდებოდა, ჩვეულებრივ იმდენად
ადრე, რომ შეყვარებულებს საუზმის წინ პირველი განმარტოებული
შეხვედრისას სიმყუდროვე ერღვეოდათ.
მანამდე სამი კვირა გაატარა დელაფორდში, სადაც, ყოველ
შემთხვევაში საღამოობით, საქმე სხვა არაფერი ჰქონდა, თუ არა ის,
რომ გამოეთვალა განსხვავება ოცდათექვსმეტსა და ჩვიდმეტს შორის,
რაც, რა თქმა უნდა, კარგ განწყობილებას ვერ უქმნიდა. მაგრამ
ბარტონში ჩასული სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა მარიანას
გარეგნობასა და ხასიათში მომხდარი სასიკეთო ცვლილებებით,
გულითადი მიღებით და მეგობრული კეთილგანწყობით. მისის
დეშვუდიც ისე შეხვდა, როგორც ყველაზე ძვირფას სტუმარს. რა თქმა
433
უდა ასეთ ყურადღებიან, თბილ გარმოცვაში პოლკოვნიკს არ შეეძლო
არ გახალისებულიყო. მან ჯერაც არაფერი იცოდა ლიუსის
ქორწინების შესახებ და არც მას შემდეგ მომხდარ ამბავზე, ამიტომ
ჩამოსვლის პირველი საათები მოსმენასა და გაკვირვების
გამოხატვაში გაატარა. მისის დეშვუდმა მას ყველა დეტალი
დაწვრილებით აუხსნა და პოლკოვნიკისთვის სიხარულის ახალი
წყარო იყო იმის გააზრება, რომ სამსახური, რომელიც მას მისტერ
ფერარსისთვის უნდა გაეწია, ახლა ელინორის ბედნიერებას
შეუწყობდა ხელს.
თქმაც არ უნდა იმას, რომ ჯენტლმენებს თანდათან უფრო
უმტკიცდებოდათ კარგი აზრი ერთმანეთის შესახებ. სხვანაირად ხომ
არც შეიძლებოდა ყოფილიყო. მსგავსი კეთილშობილური გრძნობები,
საღი აზრი, მიდრეკილებები და შეხედულებები, შესაძლოა სხვა
მიზეზების გარეშეც საკმარისი აღმოჩენილიყო მეგობრული გრძნობის
აღსაძრავად, მაგრამ ამასთან ერთად, ისინი შეყვარებული იყვნენ ორ
დაზე, ისეთ დებზე, რომლებსაც ერთმანეთი ნაზად უყვარდათ და
ამიტომ მათ არ შეიძლებოდა, უეჭველად და მაშინვე არ გასჩენოდათ
ერთმანეთისადმი სიმპათია, რისთვისაც სხვა გარემოებებში დრო და
თანდათან დაახლოება იქნებოდა საჭირო.
ბოლოს ლონდონიდან ჩამოვიდა წერილები, რომლებიც, ჯერ
კიდევ ცოტა ხნის წინ ელინორს აღტაცებისგან ყველა ნერვს
აუტოკებდა, ახლა კი მხოლოდ მხიარულ სიცილს იწვევდა. მისის
ჯენინგსმა გასაოცარი ამბავი მოიწერა, თავისი კეთილშობილი
აღშფოთება გამოხატა უსინდისო, ქარაფშუტა ქალის საქციელის
გამო, თანაუგრძნო საწყალ მისტერ ფერარსს, რომელიც – და ის
ამაში დარწმუნებული იყო – აღმერთებდა ამ უღირს, თავხედ გოგოს
და ახლა, როგორც მას გაეგონა, ოქსფორდში იყო ჩაკეტილი და
გულდამწვარი, ჯერაც ვერ მოსულიყო აზრზე ამ მოულოდნელი,
საშინელი დარტყმის შემდეგ. “პირდაპირ დაუჯერებელია, –
განაგრძობდა ის, – როგორი ეშმაკი და ქვეშქვეშა გოგო აღმოჩნდა. ამ
ამბამდე სულ რაღაც ორი დღით ადრე მომინახულა. მთელი ორი
434
საათი იჯდა ჩემთან და სიტყვაც არ დასცდენია. არავის ეჭვიც კი არ
გასჩენია, ნენსისაც კი! იმ საცოდავმა ჩემთან მოირბინა მეორე დღეს,
ცრემლები ღვარად სდიოდა. მისის ფერარსის მძვინვარებისაც
ეშინოდა და არც ის იცოდა, პლიმუტში როგორ დაბრუნებულიყო.
ფული, რაც კი საერთოდ გააჩნდა, ლიუსიმ გამოართვა სესხად
გაქცევის წინ, ეტყობა, საქორწილო ხარჯებისთვის. საცოდავ ნენსის
შვიდი შილინგიც კი აღარ ჰქონდა დარჩენილი. ამიტომ სიხარულით
მივეცი ხუთი გინეა, რათა ექსეტერამდე მიეღწია, სადაც აპირებს,
მისის ბერგესთან სამი-ოთხი თვე დაჰყოს სტუმრად. ალბათ უნდა,
ექიმს თავბრუ დაახვიოს. ასეც ვუთხარი პირდაპირ. და მაინც, ლიუსის
ყველაზე დიდი სიდამპლე ის არის, რომ მისი წაყვანა არ მოინდომა და
ბედის ანაბარად მიატოვა. საწყალი მისტერ ედვარდი! თავიდან ვერ
ვიცილებ მასზე ფიქრს. აუცილებლად მიიწვიეთ თქვენთან, ბარტონში.
იქნებ მისს მარიანამ ანუგეშოს“.
მისტერ დეშვუდის წერილის ტონი კიდევ უფრო მწუხარე იყო. მისის
ფერარსი, ყველაზე უბედური ქალი ამქვეყნად! ფანი კი, თავისი
განსაკუთრებული მგრძნობიარობის გამო, ენით აუწერელ ტანჯვას
განიცდის. თვითონ ღმერთს მადლობას სწირავს, რომ ორივე ქალმა
გაუძლო ბედის ასეთ საშინელ დარტყმას და ცოცხალი გადარჩა,
რობერტის საქციელი მიუტევებელია, ლიუსის კი – გაცილებით
უარესი. მისის ფერარსმა მისი თანდასწრებით მათი სახელების
ხსენება აკრძალა. და თუ დროთა განმავლობაში ის მაინც
იძულებული იქნება, თავის ვაჟიშვილს აპატიოს, მის ცოლს
ქალიშვილად არასოდეს ჩათვლის და თავისთან ყოფნის უფლებას
არასოდეს მისცემს. მათ დანაშაულს კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ
ასე, ყველასგან ფარულად ხლართავდნენ ამ ინტრიგას. რამე ეჭვი
რომ გაჩენილიყო, მაშინვე სათანადო ზომები იქნებოდა მიღებული
მათი ქორწინებისთვის ხელის შესაშლელად. მისტერ დეშვუდი
ელინორს სთხოვდა, მისი სინანული გაეზიარებინა იმის გამო, რომ
ედვარდი ლიუსიზე არ დაქორწინდა. ეს ხომ მათ ოჯახზე თავდატეხილ
ახალ უბედურებას აღკვეთდა. შემდეგ ის განაგრძობდა:
435
„მისის ფერარსს ჯერჯერობით ერთხელაც არ წარმოუთქვამს
ედვარდის სახელი, რაც ჩვენ არ გვაკვირვებს. მაგრამ ძალიან
გაოცებული ვართ იმით, რომ მას ერთი სტრიქონიც არ მოუწერია,
მიუხედავად იმისა, რაც მოხდა. შეიძლება იმიტომ დუმს, ეშინია,
უკმაყოფილება არ გამოიწვიოს, ამიტომ გადავწყვიტე ოქსფორდში
მივწერო. უნდა შევატყობინო, რომ ჩვენ, მის დას და მე, მიგვაჩნია,
რომ წერილი, რომელშიც შვილობრივი მორჩილება და ბრალის
აღიარება იქნება გაცხადებული, სწორედ რომ დროული იქნებოდა.
აჯობებს, თუ ფანის მისწერს, რომელიც შემდეგ დედამისს აჩვენებს.
ყველამ იცის, მისის ფერარსი როგორი მოყვარული დედაა და მისი
ერთადერთი სურვილია, კარგ დამოკიდებულებაში იყოს თავის
შვილებთან“.
წერილის ამ ნაწილმა ედვარდის ქცევაზე გავლენა მოახდინა. მან
გადაწყვიტა შერიგება ეცადა, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც მისი
ნათესავები ელოდნენ.
– წერილი, რომელშიც მორჩილება იქნება გაცხადებული... –
გაიმეორა მან. – თუ მათ ის სურთ, რომ დედაჩემს პატიება ვთხოვო
რობერტის უმადურობისათვის მის მიმართ და უღირსი
საქციელისთვის ჩემ მიმართ? არავითარ მორჩილებას არ ვაცხადებ.
იმას, რაც მოხდა, ჩემში არც სირცხვილის გრძნობა აღუძრავს და არც
სინანულის. პირიქით, უფრო ბედნიერი გავხდი. მორჩილების
გამოხატვისთვის ვერავითარ მიზეზს ვერ ვხედავ.
– ყოველ შემთხვევაში, თქვენ შეგეძლოთ პატიება გეთხოვათ, –
თქვა ელინორმა, – იმიტომ, რომ თქვენზე გაბრაზების მიზეზი მაინც
არსებობდა. და მე მგონია, ახლა არაფერი გიშლით ხელს, გამოთქვათ
ერთგვარი სინანული იმ დაუფიქრებელი ნიშნობის გამო, რომელმაც
ასე გაანაწყენა დედათქვენი.
ედვარდი დაეთანხმა, რომ ეს მართლაც სწორი საქციელი
იქნებოდა.

436
– და როცა ის გაპატიებთ, ცოტა თავის მოდრეკაც არ იქნება
ზედმეტი, სანამ თქვენი მეორე ნიშნობის შესახებ შეატყობინებდეთ. ის
ხომ, მისი აზრით, თითქმის არაფრით განსხვავდება პირველისგან.
ამაზე შესადავებელი ედვარდს არაფერი ჰქონდა, მაგრამ ის მაინც
ჯიუტად ამბობდა უარს, დაეწერა წერილი, რომელშიც მორჩილება
სათანადოდ იქნებოდა გამოხატული. და როცა მან განაცხადა, რომ
პირადი შეხვედრისას უკეთ შეძლებდა დამთმობი ყოფილიყო, ვიდრე
ამას წერილით მოახერხებდა, გადაწყდა, რომ ფანისთვის კი არ
მიეწერა, არამედ ლონდონში წასულიყო და პირადად ეთხოვა
დედისთვის მფარველობა.
– და თუ მათ მართლა სურთ, რომ თქვენ ერთმანეთს შეგარიგონ, –
თქვა მარიანამ, ატარებდა რა ცხოვრებაში თავის ახალ გეგმას,
კეთილი და სულგრძელი ყოფილიყო ყველას მიმართ, – დავიჯერებ,
რომ ჯონი და ფანიც კი არ არიან მთლად მოკლებული ადამიანურ
ღირსებებს.
პოლკოვნიკი ბრენდონი თუმცა სულ ოთხი დღის ჩამოსული იყო,
ბარტონიდან ედვარდთან ერთად გაემგზავრა, რათა გზად
დელაფორდში შეევლოთ და ედვარდს საკუთარი თვალით ენახა მათი
მომავალი სახლი და თავის მეგობართან და მფარველთან ერთად
ემსჯელა, რისი გადაკეთება იქნებოდა იქ საჭირო. ორი დღის შემდეგ
კი ლონდონისკენ გააგრძელებდა გზას.

437
თავი 50

სათანადო წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, რომელიც საკმაოდ


ხანგრძლივი და შეუპოვარი იყო საიმისოდ, რომ გულჩვილობა
ვერავის დაეწამებინა მისთვის (რისიც მისის ფერარსს ყველაზე მეტად
ეშინოდა), ქალბატონი დათანხმდა, ედვარდისთვის ნება მიეცა მის
წინაშე წარმდგარიყო და ის შვილის უფლებებში აღედგინა.
ამ ბოლო ხანებში მისი ოჯახი მეტისმეტად არამყარი გახდა.
მრავალი წლის განმავლობაში ის ორი მორჩილი ვაჟიშვილის დედა
იყო. ედვარდის მიერ ჩადენილმა საქციელმა მას ერთ-ერთი შვილი
დაუკარგა. მალე რობერტმაც იგივე გაიმეორა და ის სულ მარტო
დარჩა, ახლა კი ედვარდის აღდგენით ძველ უფლებებში მან ერთი
შვილი დაიბრუნა.
ედვარდმა დედის მიერ გაღებული წყალობა მიიღო, მაგრამ მაინც
არ შეეძლო, თავი მყარად ეგრძნო, სანამ მას თავისი ახალი ნიშნობის
შესახებ არ ეტყოდა. მას ეშინოდა, რომ ამ გარემოების გაცხადებით
საბედისწერო დარტყმას მიაყენებდა თავის გაუმჯობესებულ
მდგომარეობას. ამიტომ ეს ამბავი დიდი სიფრთხილითა და შიშით
გაამჟღავნა და ძალიან გაუკვირდა, როცა დედამისმა ის სავსებით
მშვიდად მოისმინა. თავიდან მისის ფერარსი შეეცადა
გადაეთქმევინებინა მისთვის მისს დეშვუდზე დაქორწინება. საამისოდ
ყველა მის ხელთ არსებული არგუმენტი გამოიყენა: განუმარტა მას,
რომ მისის მორტონის ცოლად მოყვანით ის თავის ცხოვრებას
დაუკავშირებდა ქალს, რომელიც საზოგადოებრივი მდგომარეობით
მასზე მაღლა იდგა და ბევრად უფრო მდიდარიც იყო. თავისი
მოსაზრების განსამტკიცებლად დასძინა, რომ მისის მორტონი გრაფის
ქალიშვილია ოცდაათი ათასი გირვანქა სტერლინგი მზითვით, მაშინ,
როცა მისს დეშვუდი პროვინციელი მემამულის ქალიშვილია და სულ
რაღაც სამი ათასი თუ მოეძევება. მაგრამ, შემდეგ მისის ფერარსი

438
დარწმუნდა, რომ თუმცა კი ედვარდი სავსებით ეთანხმებოდა, მაინც
არ აპირებდა მისი ბრძნული რჩევით ემოქმედა; გაითვალისწინა რა
წარსულის მაგალითები,მისის ფერარსმა ამჯობინა დათმობაზე
წასულიყო, და მრავალი ღვარძლიანი შენიშვნის შემდეგ, რასაც
მოითხოვდა მისი ღირსება და რის გარეშეც მისი საქციელი
შეიძლებოდა გულკეთილობით აეხსნათ, მან წყალობა გაიღო და
ედვარდის ელინორზე დაქორწინებას დათანხმდა.
ამის შემდეგ უნდა გარკვეულიყო, მისის ფერარსი ახალგაზრდების
შემოსავლის რამდენად გაზრდას ჩათვლიდა საჭიროდ. თუმცა
ედვარდი ახლა მისი ერთადერთი ვაჟიშვილი იყო, მაგრამ არა
უფროსი ვაჟიშვილი. რობერტმა წელიწადში შესაშური ათასი
გირვანქა სტერლინგი შემოსავალი მიიღო, მაგრამ მისის ფერარსი
სრულებითაც არ იყო წინააღმდეგი, ედვარდი მღვდლად
ეკურთხებინათ წელიწადში ორას ორმოცდაათი გირვანქა
სტერლინგისათვის (ისიც უკეთეს შემთხვევაში). ის ათი ათასი
გირვანქა სტერლინგით შემოიფარგლა, იმდენით, რამდენიც ფანის
მისცა და მომავლისთვის ედვარდს არაფერს დაჰპირებია.
თუმცა ეს ფული სწორედ იმდენი გახლდათ, რამდენიც საჭირო იყო
და ბევრად აღემატებოდა ედვარდის და ელინორის ყოველგვარ
მოლოდინს. და მისი მოუქნელი მობოდიშებებით თუ ვიმსჯელებდით,
მხოლოდ თვით მისის ფერარსი იყო გაკვირვებული, რომ
ვაჟიშვილისთვის მეტი თანხა ვერ გაიმეტა.
ახლა, როცა ახალგაზრდებს უზრუნველყოფილი ჰქონდათ
შემოსავალი, სრულიად საკმარისი მათი მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებისათვის, ედვარდი კი მღვდლად ეკურთხა, მათ
მხოლოდ ისღა დარჩენოდათ, დალოდებოდნენ, თუ როდის იქნებოდა
მზად სახლი, რომლის საფუძვლიან გადაკეთებას ელინორის
დახმარების გულმხურვალე სურვილით ანთებული პოლკოვნიკი
ბრენდონი ახდენდა.ელინორი კარგა ხნის განმავლობაში
მოთმინებით ელოდა სამუშაოების დასრულებას, უამრავი
იმედგაცრუება გადაიტანა, დრო მრავალჯერ გადავადდა მუშების
439
წარმოუდგენელი სიზანტის გამო და შემდეგ ელინორს, როგორც
ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, უცებ დაავიწყდა თავისი პირველი მტკიცე
გადაწყვეტილება, საკურთხევლის წინ უფრო ადრე არ დამდგარიყო,
სანამ ახალი საცხოვრებელი მთლიანად მზად არ იქნებოდა და
შემოდგომის დასაწყისში ბარტონის ეკლესიაში საქორწილო
ცერემონიალი შედგა.
ოჯახური ცხოვრების პირველი თვე მათი მეგობრის ჭერქვეშ
გაატარეს, საიდანაც შეეძლოთ მოხერხებულად ედევნებინათ თვალი
მათ სახლში მიმდინარე სამუშაოებისათვის და ყველაფერი თავიანთი
გემოვნებით გაეკეთებინათ – შეერჩიათ შპალერი, მოეწყოთ
ყვავილნარი, დაეგეგმათ, როგორი უნდა ყოფილიყო უშუალოდ
სახლთან მისასვლელი გზა. მისის ჯენინგსის წინასწარმეტყველება,
თუმცა კი მნიშვნელოვანი ცვლილებებით, მაგრამ მაინც ახდა.
სექტემბრის ბოლოს ის ედვარდს და მის ცოლს ესტუმრა
დელაფორდში და მათი ნახვის შემდეგ გულწრფელად დაიჯერა, რომ
ეს წყვილი ერთ-ერთი უბედნიერესი იყო მსოფლიოში. მათ ახლა
მხოლოდ ის ჰქონდათ სანატრელი, პოლკოვნიკი ბრენდონი
მარიანაზე დაქორწინებულიყო. და უფრო მოსახერხებელი საძოვარი
ჰქონოდათ თავიანთი ძროხებისათვის.
ახალმოსახლეობაზე მათ თითქმის ყველა ნათესავი და მეგობარი
ეწვია. მისის ფერარსიც მივიდა, რათა ეხილა ბედნიერება, რომელზეც
მან სისუსტე გამოიჩინა და თანხმობა მისცა, რის გამოც თითქოს
დარცხვენილი ჩანდა. მისტერ და მისის დეშვუდებიც კი არ შეუშინდნენ
მგზავრობის ხარჯებს და სასექსიდან ჩამოვიდნენ, რათა
ნათესავებისთვის სათანადო პატივი მიეგოთ.
– ვერ ვიტყვი, ჩემო ძვირფასო დაო, რომ იმედგაცრუებული ვარ, –
უთხრა სერ ჯონმა ელინორს, როცა ერთხელ დილით დელაფორდის
პატრონის სახლს ჩაუარეს, – რადგან ეს სისასტიკე იქნებოდა შენ
მიმართ. შენ ახლაც შეგიძლია, შენი თავი მსოფლიოს ყველაზე
ბედნიერი ქალების რიგს მიაკუთვნო. მაგრამ ვაღიარებ, რომ ბევრად
მეტ სიხარულს მომანიჭებდა პოლკოვნიკ ბრენდონისთვის ძმა
440
მეწოდებინა. მისი მიწები, მისი მამული, მისი სახლი – ყველაფერი
შესანიშნავ, არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია. და მისი ტყეები!
მთელ დორსეტშირში არსად მინახავს ისეთი მორები, როგორიც ახლა
დელაფორდის ფარდულში ინახება. და თუმცა მარიანა ალბათ არ
არის ის პიროვნება, მას რომ მოხიბლავდა, მე მაინც გირჩევდით, რომ
ისინი აქ უფრო ხშირად მოგეწვიათ. პოლკოვნიკი ბრენდონი დიდხანს
რჩება ხოლმე თავის მამულში და ვინ იცის, რა მოხდება. როცა
ადამიანები დიდ დროს ატარებენ ერთმანეთის საზოგადოებაში და
სხვას თითქმის ვერავის ხედავენ... მოკლედ, შენი მოვალეობაა, მას
ასეთი შანსი მისცე... ხომ გესმის, რისი თქმაც მინდა!
მისის ფერარსი ერთხანს დარჩა სტუმრად დელაფორდში და თავის
ვაჟიშვილს და მის მეუღლეს მუდამ თვალთმაქცურად ეფერებოდა,
ნამდვილი სიყვარულით კი მათთვის შეურაცხყოფა არასოდეს
მიუყენებია. ის ჯილდოდ ხვდა რობერტის თავქარიანობას და ლიუსის
ეშმაკობას, თანაც, ეს ძალიან მალე მოხდა. ამ უკანასკნელის
ვერაგულმა მოხერხებულობამ, რომლის გამოც რობერტი თავიდან
შერისხული აღმოჩნდა, არ დააყოვნა და მალე იხსნა ის. მოწიწებულმა
მორჩილებამ, პირფერულმა ყურადღებამ და მლიქვნელობამ,
რომელიც მაშინვე იჩენდა თავს, როგორც კი საამისოდ ოდნავი შანსი
ჩნდებოდა, მისის ფერარსი რობერტის არჩევანთან შეარიგა და მის
მიმართ ძველებური კეთილგანწყობა დაუბრუნა.
ასე რომ, ლიუსის საქციელი მთელს ამ საქმეში და წარმატება,
რომლითაც ის დაგვირგვინდა, შეიძლება ერთგვარი წამახალისებელი
მაგალითი იყოს იმისა, რომ შეუპოვარი და გამუდმებული ზრუნვა
საკუთარ სარგებელზე, როგორი, ერთი შეხედვით, გადაულახავი,
დაბრკოლებებიც არ უნდა გეღობებოდეს წინ, ბოლოს და ბოლოს,
ნანატრ მიზანთან – სიმდიდრესთან და კეთილდღეობასთან
მიგიყვანს, გადახდა კი ამისთვის მხოლოდ დროის დახარჯვით და
სინდისით მოგიწევს. როცა რობერტი ლიუსის საიდუმლოდ ეწვია
ბარტლეტის სახლში, მას, როგორც ედვარდი სწორად მიხვდა,
მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა: დაერწმუნებინა ის, ნიშნობა
441
დაერღვია. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭირო იყო მათი გულის
ლტოლვების დაძლევა. ის, რა თქმა უნდა, ვარაუდობდა, რომ ერთი-
ორი შეხვედრა საკმარისი იქნებოდა საქმის ბოლომდე
მოსაგვარებლად. მაგრამ ამაში – და მხოლოდ ამაში – ის შეცდა,
რადგან ლიუსიმ თუმცა კი დაუყოვნებლივ აგრძნობინა, რომ მისი
მჭერმეტყველება მას, რა თქმა უნდა, დაარწმუნებდა. მაგრამ დრო
გადიოდა, ლიუსის დარწმუნებას კი საშველი არ ადგებოდა. ყოველ
ჯერზე გამარჯვებამდე, როგორც მას ეგონა, ერთი ვიზიტი აკლდებოდა,
კიდევ ერთი საუბარი. როცა ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ, ლიუსის
ყოველთვის რჩებოდა რაღაც ეჭვები, რომელთა გაფანტვა მხოლოდ
კიდევ ნახევარი საათის საუბარს შეეძლო. ამიტომ მათი შეხვედრები
გრძელდებოდა, ყველაფერი დანარჩენი კი ამას ბუნებრივად მოჰყვა.
თანდათან მათ ედვარდის ხსენება შეწყვიტეს და უკვე მხოლოდ
რობერტის შესახებ ლაპარაკობდნენ, საკუთარ თავზე კი მას
ყოველთვის უფრო მეტი ჰქონდა სათქმელი, ვიდრე სხვა რამეზე,
ლიუსის ინტერესი კი მისას ბევრად არ ჩამოუვარდებოდა. და მოკლედ
რომ ვთქვათ, მალე ორივე დარწმუნდა, რომ რობერტმა თავისი ძმა
ლიუსის გულიდან მთლიანად გამოაძევა. რობერტი ამაყობდა თავისი
გამარჯვებით, ამაყობდა, რომ ედვარდი მოატყუა და ძალიან ამაყობდა
იმით, რომ საიდუმლოდ, დედის ნებართვის გარეშე დაქორწინდა.
შემდეგ რაც მოხდა, ცნობილია. მათ დოლიშში რამდენიმე ძალიან
ბედნიერი თვე გაატარეს. ლიუსის ბევრი ნათესავი და მეგობარი
ჰყავდა, რომელთათვის ახლა შეეძლო ზურგი ექცია. მან შესანიშნავი
კოტეჯების რამდენიმე გეგმა შეადგინა, რის შემდეგაც ლონდონში
დაბრუნდა და მისის ფერარსისგან პატიებას მიაღწია. ეს ძალიან
ადვილად მოხერხდა: უბრალოდ, ლიუსის დაჟინებით მას
ერთობლივად სთხოვეს. ჯერ პატიება, როგორც მოსალოდნელი იყო,
მხოლოდ რობერტზე გავრცელდა, ლიუსი კი მისის ფერარსის წინაშე
არაფრით იყო ვალდებული და, შესაბამისად, კაცმა რომ თქვას, ვერ
დააბრალებდი, რომ მოვალეობა არ შეასრულა. ის კიდევ ორი თვის
განმავლობაში იყო შერისხული. მაგრამ ისეთ მორჩილებას ავლენდა,
442
ისე მწარედ საყვედურობდა საკუთარ თავს რობერტის
დანაშაულისთვის (როცა იცოდა, რომ მისი სიტყვები მისის ფერარსის
ყურამდე მიაღწევდა) და ისეთ თავმდაბალ მადლობას იხდიდა
სიმკაცრისათვის, რომლითაც მას უგულებელყოფდნენ, რომ დროთა
განმავლობაში დედამთილისგან მისი არსებობის აღიარების
ქედმაღალ თანხმობას მიაღწია. ასეთმა გულმოწყალებამ ის ენით
აუწერელი მადლიერებით აავსო და აღტაცებამ მოიცვა,
მომავლისთვის კი ისღა დარჩენოდა, რომ სწრაფად აევლო ყველა
საფეხური წყალობის და გავლენის მწვერვალისაკენ. ლიუსი მისის
ფერარსისთვის ისეთივე ძვირფასი გახდა, როგორც რობერტი და
ფანი. მერე რა, რომ ედვარდს ბოლომდე არასოდეს ეპატია მისი დიდი
ხნის წინანდელი დანაშაულებრივი განზრახვა, დაქორწინებულიყო
ლიუსიზე, ელინორი კი, რომელიც წარმოშობითაც და ყველაფერი
დანარჩენითაც მასზე მაღლა იდგა, მოიხსენიებოდა მხოლოდ,
როგორც „აკიდებული“. ლიუსი სარგებლობდა ყველა უფლებით
საყვარელი ქალიშვილისა და ის სრულიად ღიად ასეც იყო
აღიარებული. ისინი
დედაქალაქში დასახლდნენ, მისის ფერარსისგან უხვი დახმარების
წყალობით არაფერი აკლდათ და შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ
მისტერ ჯონ დეშვუდთან და მის ცოლთან. თუ არ ჩავთვლით ორმხრივ
შურს და ღვარძლს, ფანის და ლიუსის შორის რომ დუღდა და,
რასაკვირველია, არც მათი ქმრებისთვის იყო უცხო, და ასევე ხშირ
უთანხმოებებს მისტერ ფერარსის ოჯახში, უშფოთველ ჰარმონიას,
რომელიც მათ შორის სუფევდა, არაფერი არღვევდა.
და მაინც, რა ჩაიდინა ედვარდმა ისეთი საშინელი, რამაც მას
უფროსი შვილის უფლება დააკარგვინა, ბევრ ადამიანს აკვირვებდა;
ის კი, თუ რით დაიმსახურა ეს უფლება რობერტმა, მათ შეიძლებოდა
კიდევ უფრო იდუმალებით მოცული მოსჩვენებოდათ. თუმცა ეს
ცვლილება თუ მიზეზებით არა, შედეგებით სავსებით გამართლებული
იყო, რადგან რობერტს, როგორც მისი ცხოვრების სტილიდან ჩანდა,
ოდნავაც არ აწუხებდა, რომ ძალიან დიდი შემოსავალი ჰქონდა; რომ
443
მის ძმას ასე ცოტა ხვდა წილად, მას კი – მეტისმეტად ბევრი.
ედვარდი, თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებდით, როგორი ხალისით
ასრულებდა თავის მოვალეობებს, რამდენად უყვარდა თავისი ცოლი
და სახლი, და როგორ მუდამ მხნედ და მხიარულად გამოიყურებოდა,
ეტყობოდა, კმაყოფილი იყო თავისი ხვედრით და არავითარ
ცვლილებებს არ ნატრობდა.
ქორწინებამ ელინორი დედასთან და დასთან მხოლოდ იმდენი
დროით დააშორა, რა ხნითაც ბარტონის კოტეჯის მთლად უპატრონოდ
მიტოვება არ შეიძლებოდა. მისის დეშვუდი, თავის ორ ქალიშვილთან
ერთად, წლის უმეტეს ნაწილს მასთან ატარებდა. ის არა მხოლოდ
გულის კარნახით ხელმძღვანელობდა, როცა დელაფორდს ასე
ხშირად სტუმრობდა, არამედ დიპლომატიური მოსაზრებებითაც,
რადგან მარიანას და პოლკოვნიკ ბრენდონის ერთად შეყრის
სურვილი მას არანაკლებ ჰქონდა, ვიდრე ჯონის, თუმცა კი – არა
ანგარებიანი მიზნებით. ეს ახლა მის სანუკვარ ოცნებად იქცა.
მართალია, მარიანას კომპანია მისთვის ყველაზე დიდი ფუფუნება იყო
ამქვეყნად, ახლა ის მთელი სულით და გულით ნატრობდა, თავისი
სიხარული მსხვერპლად გაეღო მისი ფასდაუდებელი მეგობრისათვის.
ედვარდს და ელინორსაც არანაკლებ უნდოდათ, მარიანა პოლკოვნიკ
ბრენდონის მეუღლედ ეხილათ. თითოეულმა მათგანმა იცოდა, რა
ტანჯვა ჰქონდა პოლკოვნიკს გამოვლილი და ისიც, რომ მასთან
ვალში იყვნენ. მარიანა, საერთო აზრით და შეთანხმებით, ამ
ყველაფრისთვის მის ჯილდოდ უნდა ქცეულიყო.
როცა მარიანას წინააღმდეგ ასეთი შეთქმულება იყო, როცა
თვითონაც კარგად იცნობდა მის კეთილშობილ ბუნებას, ეჭვიც არ
ეპარებოდა პოლკოვნიკის მისდამი ღრმა გრძნობაში, რომელიც უკვე
დიდი ხანია არავისთვის საიდუმლო არ იყო, მაგრამ ახლა
მოულოდნელად მისთვისაც აშკარა გახდა... სხვა რა შეეძლო მას
გაეკეთებინა?
მარიანა დეშვუდს იშვიათი ბედი ხვდა წილად. მას მოუწია
დარწმუნებულიყო თავისი აზრების სიმცდარეში და თავისი ქცევებით
444
უარეყო თავისი ყველაზე სანუკვარი მაქსიმები. მას მოუწია
დაეთრგუნა საკუთარი გრძნობა, ჩვიდმეტი წლისას რომ აღეძრა და
საკუთარი ნებით, მხოლოდ ღრმა პატივისცემის და მეგობრობის გამო
სხვისგან შემოთავაზებული წინადადება მიეღო. და ვინ იყო ეს სხვა?
ის, ვინც თვითონაც ბევრი იტანჯა პირველი, უბედური სიყვარულის
გამო; ის, ვინც სულ რაღაც ორი წლის წინ მეტისმეტად ხნიერი
ეჩვენებოდა ქორწინებისათვის; ის, ვინც სიცივისგან თავს ფლანელის
ჟილეტებით იცავდა.
მაგრამ სწორედ ასე მოხდა. იმის ნაცვლად, რომ მოურევნელი
გრძნობის მსხვერპლი გამხდარიყო, როგორც ის ერთ დროს თავს
იიმედებდა, იმის ნაცვლად, რომ სამუდამოდ დარჩენილიყო
დედასთან და ერთადერთი სიხარული განმარტოებასა და სერიოზულ
საქმიანობებში ეპოვა, რაც მან მოგვიანებით განიზრახა, როცა
სიმშვიდე და საღად განსჯის უნარი დაუბრუნდა, ცხრამეტი წლის
ასაკში ის თავის ახალ გრძნობას დამორჩილდა და ახალ სახლში
ცოლად, დიასახლისად და დიდი სოფლის მფარველად შევიდა.
პოლკოვნიკი ბრენდონი ახლა ბედნიერი იყო და, მისი ყველა
მეგობრის აზრით, ამას სავსებით იმსახურებდა. მარიანაში მან ნუგეში
პოვა ყველა იმ უბედურებისათვის, რაც წარსულში გადაიტანა.
მეუღლის სინაზემ და მისმა საზოგადოებამ ადრინდელი მხიარულება
და სულის სიმხნევე დაუბრუნა. და როგორც მათი გამჭრიახი
მეგობრების თვალს არ გამოჰპარვია, გააბედნიერა რა ქმარი,
მარიანამ ამით საკუთარი ბედნიერებაც იპოვა. მას არ შეეძლო
ნახევრად ჰყვარებოდა და მალე მთელი მისი გული პოლკოვნიკს
ეკუთვნოდა, ისევე, როგორც ერთ დროს – უილობის.
ამ უკანასკნელისთვის მარიანას დაქორწინების ამბის გაგება
ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. მაგრამ მისი სასჯელი ამით არ
დამთავრებულა. მისის სმიტმა მოისურვა მისთვის ეპატიებინა,
განაცხადა რა, რომ ასეთი შემწყნარებლობის მიზეზი მისი ღირსეულ
გოგოზე დაქორწინება გახდა. ამან უილობის საბაბი მისცა ეფიქრა,
რომ მარიანას ისე რომ მოქცეოდა, როგორც ამას ღირსება და
445
კეთილშობილება მოითხოვდა, ბედნიერიც იქნებოდა და მდიდარიც.
ეჭვის შეტანას იმაში, რომ მან მართლა მოინანია თავისი ცუდი
საქციელი, მისი დასჯა რომ მოჰყვა, აზრი არა აქვს – ის ხომ მერეც
დიდხანს იხსენებდა პოლკოვნიკ ბრენდონს შურით, მარიანას კი –
სინანულით. თუმცა არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ის სამუდამოდ
უნუგეშოდ დარჩა, რომ საზოგადოებას გაერიდა ან მელანქოლიაში
ჩავარდა, ან გული გაუსკდა. არა, არაფერი ამის მსგავსი არ
მომხდარა. ის სიამოვნებისთვის ცხოვრობდა და ხშირად ახერხებდა
კიდეც მის მიღებას. მისი ცოლი ყოველთვის უხასიათოდ არ იყო და
ისეც ხდებოდა, რომ სახლშიც კარგად ატარებდა დროს, ცხენები,
ძაღლები ნადირობა და სხვა მსგავსი გართობები კი ოჯახური
სიამტკბილობის დეფიციტს საკმაოდ მნიშვნელოვანწილად
უნაზღაურებდა.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მარიანას დაკარგვა ასე
გადაიტანა, მან სამუდამოდ შეინარჩუნა ნაზი მოგონებები და
ცოცხალი ინტერესი ყველაფრის მიმართ, რაც მარიანას თავს
ხდებოდა და ის ქალური სრულყოფილების თავისებურ ეტალონად
აქცია. არაერთხელ აუჩეჩავს მხრები, როცა საზოგადოების
განმაცვიფრებელი რომელიღაც ნორჩი მზეთუნახავის ქება გაუგონია
და უთქვამს, მისის ბრენდონს მაინც ვერ შეედრებაო.
მისის დეშვუდს ეყო კეთილგონიერება, ბარტონი არ მიეტოვებინა
და დელაფორდში არ ეძებნა მყუდრო კოტეჯი. სერ ჯონის და მისის
ჯენინგსის დიდად გასახარად, როგორც კი მათ მარიანა დაკარგეს,
მარგარეტმა უკვე მიაღწია იმ ასაკს, როცა მისი ცეკვების საღამოებზე
მიწვევა შეიძლებოდა და გარეგნობაც ხელს უწყობდა საიმისოდ, რომ
მალე კავალერი გასჩენოდა.
ბარტონსა და დელაფორდს შორის არსებობდა მუდმივი კავშირი,
ისეთი, რომელშიც გამოხატულება პოვა ნამდვილმა ნათესაურმა
სიყვარულმა. და როცა მარიანას და ელინორის ბედნიერებაზე
ვლაპარაკობთ, მათ ღირსებებს შორის უნდა ვახსენოთ ერთ-ერთი და
ძალზე მნიშვნელოვანი: ისინი დები იყვნენ, ერთმანეთთან ძალიან
446
ახლოს ცხოვრობდნენ, მაგრამ ახერხებდნენ, არ ეჩხუბათ და მათ
ქმრებს შორის ურთიერთობა არ გაეფუჭებინათ.

447

You might also like