You are on page 1of 2

არბიტრაჟის განხილვების დადებითი და უარყოფითი

მხარეები.
საყოველთაოდ დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ საარბიტრაჟო სასამართლო შედარებით
სწრაფი და ხელმისაწვდომი პროცესია. არბიტრაჟი ნაკლებად შეზღუდულია ფორმალური
ნორმებისაგან ვიდრე სასამართლო. იგი არ არის სხვა პროცესებისგან დატვირთული, ამიტომ
შეუძლია კონკრეტულ საქმეზე კონცენტრირება. არბიტრაჟის უდავოდ ყველაზე დიდ
უპირატესობას და მიმზიდველ ფაქტორს წარმოადგენს მხარეთა შესაძლებლობა დავის
გადაწყვეტის პროცედურა მაქსიმალურად შეუსაბამონ თავიანთ მოთხოვნებსა და ინტერესებს ამ
თვისებას განამტკიცებს ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველივე მუხლი,
რომლის თანახმადაც ,,არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს პირთა თანასწორობაზე
დამყარებული კერძო ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ
ერთმანეთს შორის’’ . კანონმდებელი მხარეებს ანიჭებს შესაძლებლობას თავად მოაგვარონ დავა
თავის მიერ არჩეული არბიტრებისა და მათთვის ხელსაყრელი გარემოებების გათვალისწინებით.
მიღებული მოსაზრების თანახმად, ეროვნული არბიტრაჟების უპირატესობად, როგორც წესი,
გამოყოფენ მის კონფიდენციალურობას, მოსამართლეების სპეციალური კვალიფიკაციის
შესაძლებლობას, პროცესის სისწრაფესა და სიიაფეს, მოქნილობასა და მხარეთა ნების
უპირატესობას. იგი ალტერნატიული საშუალებაა, როდესაც საერთო სასამართლოს
მიუკერძოებლობისადმი არსებობს უნდობლობა. საარბიტრაჟო პროცესის მნიშვნელოვანი
უპირატესობა არის ის, რომ მხარეებს შეუძლიათ დაასახელონ არბიტრის თავიანთი
კანდიდატურა, ანუ მათ შეუძლიათ მოსამართლეები შეარჩიონ კონკრეტული სამართლებრივი
დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი სპეციალობისა და გამოცდილების
გათვალისწინებით. ეს დადებითად მოქმედებს შერჩეულ პირებზე და თავს ვალდებულად
გრძნობენ სამართლებრივი დავა მოაგვარონ. საარბიტრაჟო სამართალწარმოება მოხერხებული
და მარტივია, რადგან მხარეებს შეუძლიათ აირჩიონ საარბიტრაჟო წარმოების ადგილი და ენა ან
ენები, ასევე მხარეებს შეუძლიათ აირჩიონ გამოსაყენებელი მატერიალური სამართალი, რაც
განსაკუთრებით მოსახერხებელია მოდავე მხარეებისთვის, ხელს უწყობს მტკიცებულებების
მოპოვებასა და აჩქარებს პროცესს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ლიტერატურაში
არაერთგვაროვანი შეხედულება ყალიბდება არბიტრაჟებთან დაკავშირებით. ზოგი მეცნიერი
მიზანშეწონილად მიიჩნევს დავის განსახილველად არბიტრაჟების გამოყენებას, ზოგი კი ამ
ინსტიტუტის უარყოფით მხარეებზე აპელირებს. ამერიკელი არბიტრის, მედიატორისა და
ექსპერტის- არტურ მაზიროვის აზრით, არბიტრაჟს შემდეგი დადებითი მხარეები გააჩნია:

1. პროცესის სისწრაფე - არბიტრაჟებში დავის გადაწყვეტა უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე


საერთო სასამართლოებში.
2. ნაკლები ხარჯები - თუმცა ეს დამოკიდებულია კონკრეტულ საქმეზე.
3. კონფიდენციალობა - არბიტრაჟში საქმის წარმოება არ არის საჯარო, პროცესი დახურულია
და კონფიდენციალობა დაცულია.
4. შესაძლებელია არბიტრების შერჩევა გამოცდილებისა და სპეციალიზაციის მიხედვით.
5. საარბიტრაჟო სამართალწარმოება უფრო მეგობრული პროცესია, ვიდრე სახელმწიფო
სასამართლო პროცესი.
6. საარბიტრაჟო პროცესი სასამართლოსთან შედარებით ნაკლებ ფორმალობებს შეიცავს

ზემოთ აღნიშნული თავისებურებანი, რომლებიც არბიტრაჟებს ახასიათებს, განაპირობებს მათ


პოპულარობასა და აქტუალობას როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ცალკეულ და მათ
შორის ჩვენს ქვეყანაში. მართალია არბიტრაჟი აღარ რჩება დავის გადაწყვეტის იაფ მექანიზმად
და დროშიც არანაკლებ ჭიანურდება, ვიდრე სასამართლო პროცესი, თუმცა, სასამართლოსთან
შედარებით ის უფრო მოქნილი და ეფექტურია. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ
მოსამართლისაგან განსხვავებით, არბიტრის სტატუსი დროებითია და კონკრეტული საქმის
დასრულებასთან ერთად არბიტრის უფლებამოსილებაც წყდება. ამავე დროს, საარბიტრაჟო
განხილვის დასრულების შემდეგ ყოველთვის არსებობს სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო
გადაწყვეტილების გაუქმების, ან მის ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის რისკი, ასევე
არბიტრაჟის მოსამართლის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა შეიძლება შესუსტდეს, თუ
არბიტრები თავს იგრძნობენ იმ მხარის წარმომადგენლად, რომელმაც იგი დაასახელა. გარდა
ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მართალია არბიტრს ასახელებს მხარე და ამ მხარეს აქვს ნდობა მის
მიერ დასახელებული არბიტრის მიმართ, მაგრამ მაინც არსებობს დასახელებული პირის მეორე
მხარის მიერ მისი მიკერძოების საშიშროება. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ არბიტრის
შერჩევის დროც ზოგიერთ შემთხვევაში თვეობით გრძელდება. არბიტრაჟის გადაწყვეტილებებს
არ გააჩნიათ პრეცედენტის ძალა, მაშინ, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასეთი ძალა აქვს.
არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულება უფრო ხარჯიანია, ვიდრე სასამართლო
გადაწყვეტილებისა, რადგან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებას წინ უსწრებს
სასამართლოს მიერ მისი ცნობა. ზოგიერთ იურისდიქციაში ხალხის ნდობა არბიტრაჟების
მიმართ არის დაბალი წარსულში თაღლითობის, ინტერესთა კონფლიქტის ან ბიზნესისადმი
მიკერძოებულობის ფაქტების არსებობის გამო. აღნიშნული დადებითი თუ უარყოფითი
ნიშნების გააქტიურებაზე პირდაპირი ზეგავლენა აქვს ეროვნულ საარბიტრაჟო
კანონმდებლობას. კანონმდებელს შესაძლებლობა აქვს სწორი საკანონმდებლო პოლიტიკით
სტიმულირება გაუკეთოს მის იმ ნიშან - თვისებებს, რომლებიც ასე პოპულარულს ხდის ამ
ინსტიტუტს და პირიქით.

You might also like