You are on page 1of 15

მტკიცების ტვირთი და სტანდარტები სამოქალაქო

პროცესში

სტატიის ავტორი: ტაბატაძე დავითი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული


ფაკულტეტის მე-6 სემესტრის სტუდენტი
1.შესავალი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი შეჯიბრებითობის პრინციპს ეფუძვნება,


რაც პროცესის მიმდინარეობას დამოკიდებულს ხდის მხარეთა ინიციატივასა და
აქტივობაზე. მხარეებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ, აღძრან თუ არა დავა
სასამართლოში, როგორ წარმართონ ან როგორ დაასრულონ იგი. მათ ასევე შეუძლიათ
თავად გადაწყვიტონ, საქმის რომელი ფაქტობრივი გარემოებები მოახსენონ და რომელი
მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს. სასამართლო მტკიცებულებების მოპოვების
პროცესში საკუთარი ინიციატივით არ მონაწილეობს. იგი, მხოლოდ, მიჯნავს მხარეთა
უფლება-მოვალეობებს მტკიცებით საქმიანობაში და შინაგანი რწმენის საფუძველზე აფასებს
მხარეთა წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ბუნებრივია საკითხის ამგვარი გადაწყვეტა
ბადებს კითხვას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელი ფაქტობრივი გარემოების
დამტკიცება ევალება მოსარჩელე მხარეს და რომელი მოპასუხეს? მტკიცების
ვალდებულებისა და მისი განაწილების წესის სამართლებრივი ბუნების ზუსტი ამოხსნა
შეუძლებელია მხარეთა თანასწორუფლებიანობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების
გათვალისწინების გარეშე. 1
მტკიცების ვალდებულების განაწილების პრობლემა ახალი არ არის იურიდიული
მეცნიერებისა თუ სასამათლო პრაქტიკისათვის. საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია
მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი - თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს
გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. მართალია,
აღნიშნული ნორმა თანაბრად ანაწილებს მტკიცების ტვირთს მხარეებს შორის 2, მაგრამ
ზოგიერთი სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე შეუძლებელია
მტკიცების ტვირთის მსგავსი გადანაწილებით ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა.
ამიტომ, ზოგადი წესიდან გამონაკლისებს ადგენს, როგორც საპროცესო, ისე მატერიალური
კანონმდებლობა. კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების დამტკიცების ვალდებულების
მქონე სუბიექტის სწორი განსაზღვრა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მტკიცების
ტვირთის განაწილების პრინციპის დარღვევას, როგორც წესი, მოჰყვება არასწორი
გადაწყვეტილების გამოტანა. 3
მხარეთა შეჯიბრებითობა ქართული საპროცესო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური
პრინციპია, რომლის განხორციელება შეუძლებელია თუ მხარეები არ არიან თანასწორნი.
მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილება სწორედ მხარეთა თანასწორუფლებიანობისა
და შეჯიბრებითობის პრინციპების პრაქტიკულ განხორციელებას ემსახურება.

1
თ. თოდრია ,,ფაქტობრივი გარემოებების მნიშვნელობა საკასაციო სასამართლოში’’ თბილისი 2010
გვ.273
2
თენგიზ ლილუაშვილი, ვალერი ხრუსტალი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
კომენტარი, თბ. 2004 გვ. 195
3 თ. თოდრია ,,ფაქტობრივი გარემოებების მნიშვნელობა საკასაციო სასამართლოში’’ თბილისი 2010

გვ.273
რთული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა გაურკვეველს ხდის მხარეებისთვის ვის
ეკისრება მტკიცების ტვირთი. როცა წინასწარ ნათელია ის, თუ რომელი ფაქტობრივი
გარემოებების დამტკიცება მოუწევს თითოეულ მხარეს, შესაძლებელია დავის მორიგებით
დამთავრება ან სასამართლო მედიაციის გზით გადაწყვეტა. ამდენად, ამ საკითხის განხილვა
საინტერესოა, როგორც სასამართლო განხილვის, ისე დავის ალტერნატიული გადაწყვეტის
საშუალებათა(მედიაცია, არბიტრაჟი) გამოყენების შემთხვევაში.
მტკიცების ტვირთის განაწილების პრობლემა უშუალო კავშირშია მტკიცების
სტანდარტთან–ვარაუდის რა ხარისხს უნდა ემყარებოდეს სასამართლო, რომ მხარეების მიერ
წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ფაქტობრივი გარემოება დადგენილად
მიიჩნიოს?
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს გარკვეულ სტანდარტებს
(მაგ: დასაბუთებული ვარაუდი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას), როგორც
გადაწყვეტილების მიღებისთვის მოსამართლისთვის სახელმძღვანელო ვარაუდის ხარისხს.
ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს იმ ნორმების ანალიზი, რომელთა ერთობლიობაც
განსაზღვრავს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებ მტკიცების სტანდარტს. სამოქალაქო
პროცესში მტკიცების სტანდარტებს განსაზღვრავს საერთო სამართლის ქვეყნების
კანონმდებლობა. აღნიშნული სტანდარტები, სტატიაში განხილულ იქნება საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსთან ერთობლიობაში. მართალია მტკიცების სტანდარტის
ინსტიტუტს სამოქალაქო პროცესში ნორმატიული საფუძველი არ აქვს, მაგრამ ვერ
უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ მოსამართლის შინაგანი რწმენა, ფაქტობრივი გარემოებების
ერთობლიობით შექმნილ, გარკვეულ ვარუდის ხარისხს ეფუძვნება.
წინამდებარე სტატია წარმოადგენს იმის მცდელობას, რომ თეორიულ დონეზე მოხდეს
გარკვეული(მატერიალური და პროცესუალური) სამართლებრივი კრიტერიუმების დადგენა,
რომლის საფუძველზეც ხდება მტკიცების ვალდებულების დაკისრება მხარისთვის, აგრეთვე,
სამოქალაქო პროცესში დამკვიდრებული მტკიცების სტანდარტების შესწავლა.

2.მტკიცების სუბიექტები და საგანი

მტკიცების ტვირთის სწორად განაწილებაზე დამოკიდებულია მტკიცების სუბიექტთა


მატერიალურ-სამართლებრივი უფლების სწორად რეალიზაცია 4. სასამართლომ
მტკიცებულების წარდგენა არ უნდა მოითხოვოს იმ სუბიექტისგან, რომელსაც ეს არ ევალება.
ამიტომ, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს ის სუბიექტები, რომელთაც საპროცესო
სამართლის მიხედვით შეიძლება დაეკისროს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების
მტკიცების ვალდებულება. ბუნებრივია მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს პროცესის
იმ მონაწილეებს შორის, რომელთაც გააჩნიათ იურიდიული ინტერესი შედეგის,
გადაწყვეტილების მიმართ.
მტკიცების სუბიექტი - აღნიშნულ ტერმინს საპროცესო კოდექსი არ განსაზღვრავს თუმცა
სხვადასხვა ნორმების ანალიზის საფუძველზე შეიძლება განვსაზღვროთ იმ პირთა წრე,
რომლებსაც ევალებათ ამტკიცონ ფაქტობრივი გარემოებების სინამდვილე პროცესის
მიმდინარეობისას.

4
თ. თოდრია ,,ფაქტობრივი გარემოებების მნიშვნელობა საკასაციო სასამართლოში’’ თბილისი 2010
გვ.275
სსსკ 102-ე მუხლი მტკიცების სუბიექტად უთითებს - ,,თითოეულ მხარეს’’, რომლებიც
თავისი მოთხოვნის ან შესაგებლის იურიდიულად გამამართლებელ ფაქტობრივ გარემოებებს
ამტკიცებენ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად მხარეები პროცესში არიან
მოსარჩელე (მოსარჩელეები) და მოპასუხე (მოპასუხეები). თუმცა კოდექსი ასევე
ითვალისწინებს მესამე პირის ცნებას, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ან
მოთხოვნის გარეშე. მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სარგებლობენ
მოსარჩელის ყველა უფლებით და მათ ეკისრებათ მისი ყველა მოვალეობა 5. რაც შეეხება
მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე- 91 მუხლის თანახმად
ისინიც სარგებლობენ მხარეთა(მოსარჩელის ან მოპასუხის) საპროცესო უფლება-
მოვალეობებით.
ასე რომ, მტკიცების სუბიექტები შეიძლება იყვნენ მხარეები და მესამე პირები, როგორც
დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, ისე მოთხოვნის გარეშე.
მტკიცების საგანს წარმოადგენს მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები,
რომლებზედაც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნას თუ
შესაგებელს. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ
მოთხოვნას საფუძვლად(სსსკ მე-4 მუხლი). თუმცა სასამართლოს კანონი აძლევს იმის
შესაძლებლობას, რომ ფაქტობრივი გარემოება, რომელიც იურიდიულად არ ამართლებს
მოთხოვნას არ განიხილოს, როგორც მტკიცების საგანი და არ მიიღოს მტკიცებულებები მის
დასადასტურებლად. 6
106-ე მუხლი განსაზღვრავს ორ შემთხვევას როცა ფაქტი არ საჭიროებს მტკიცებას 1)
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები. 2) პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტები. როდესაც
სახეზეა ერთ-ერთი პირობა მხარეები თავისუფლდებიან მტკიცების ვალდებულებისგან.
ასეთი ფაქტები არ წარმოადგენს მტკიცების საგანს.
იურიდიულ მეცნიერებაში, განიხილება შემთხვევები, როდესაც ფაქტი არ საჭიროებს
მტკიცებას 7. კერძოდ, დოქტრინაში ცალსახად მიუთითებენ, რომ მტკიცებას არ
ექვემდებარება უდავო, აღიარებული ფაქტები, პრეზუმფციები 8, .
106-ე მუხლში მოცემული ფაქტების უდავო, აღიარებულ ფაქტებთან და პრეზუმფციებთან
ერთად განხილვა არ არის მიზანშეწონილი ვინაიდან, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს
ფაქტებს, რომელთა დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულება
მხარეებს არ ეკისრება. მხარეს შეუძლია სარჩელში/შესაგებელში მიუთითოს ფაქტზე და 106-ე
მუხლი(თუ სახეზეა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი ან ფაქტი დადგენილია სამოქალაქო
საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით) ათავისუფლებს მას მტკიცებულების
წარმოდგენის ვალდებულებისგან. მტკიცებულების წარმოუდგენლობა სარჩელის მიღებაზე
უარის თქმის საფუძველია (სსსკ 186-ე, პირველი ნაწილი ,,თ’’ პუნქტი) ამდენად იმ
ფაქტობრივი გარემოებათა წრის გარკვევას, რომლებიც საჭიროებენ მტკიცებულების

5
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 2012 წლის 01 აპრილის მდგომარეობით, 88 მუხლის
მე-2 ნაწილი
6
თენგიზ ლილუაშვილი, ვალერი ხრუსტალი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
კომენტარი, თბ. 2004 გვ. 195
7
თენგიზ ლილუაშვილი ,,სამოქალაქო საქმეთა წარმოება სასამართლოში’’ გამომცემლობა ჯისიაი
მეორე გამოცემა.
8
ნინო ხოფერია ,, მტკიცებულებათა თეორია გერმანიის სამოქალაქო საპროცესო სამართალში’’
თენგიზ ლილუაშვილი საიუბილეო კრებული - ჯისიაი 2003 345-346 გვ.
წარმოდგენას, დამტკიცებას არა მხოლოდ თეორიული, არამედ დიდი პრაქტიკული
მნიშვნელობაც გააჩნია.
უდავო, აღიარებული ფაქტები და პრეზუმფციები არ ნიშნავს მტკიცების ვალდებულებისგან
გათავისუფლებას. იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, მხარის მიერ
მითითების მომენტიდან, წარმოადგენს მტკიცების საგანს. მეტი სიცხადისთვის თითოეული
განვიხილოთ ცალ-ცალკე.
უდავო ფაქტები - გერმანიის საპროცესო კოდექსი &138(2) 9 მხარეებს ავალდებულებს
რეაგირება მოახდინონ მეორე მხარის მიერ მითითებულ საეჭვო, არანამდვილ
ფაქტებზე(მიზანშეწონილი იქნებოდა აღნიშნული ნორმის სსსკ ზოგად დებულებებში
ჩაწერა). ანალოგიურია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიდგომაც ამ
საკითხისადმი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ მხარის მიერ
ფაქტობრივი გარემოების სადავოდ გახდა და ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულების
გამოკვლევა.
მხარის მიერ მეორე მხარის მითითებული ფაქტობრივი გარემოების იგნორირება
გულისხმობს ამ ფაქტის დამტკიცებულად ცნობას, შესაბამისად შესაგებლის წარმოდგენისას
უკვე ნათელია უდავო ფაქტები.(თუმცა თუ სახეზეა 219-ე მუხლით გათვალისწინებული
საპატიო მიზეზი შესაძლოა ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება). რაც შეეხება,
მტკიცებულების გამოკვლევას სსსკ 225-ე მე-2 ნაწილის თანახმად მტკიცებულებები,
რომელთა განხილვა და შემოწმება მხარეებმა არ მოითხოვეს და მოსამართლემ თავისი
ინიციატივით არ განახორციელა, გამოკვლეულად ითვლება. მხარის მიერ მეორე მხარის
წარმოდგენილი მტკიცებულების იგნორირება, არის გამომწვევი იმ ფაქტის დამტკიცებულად
ცნობისა, რისთვისაც აღნიშნული მტკიცებულება იყო წარმოდგენილი. შესაბამისად ფაქტი
დამტკიცებულად ითვლება არსებითი განხილვის ერთი სტადიის (მტკიცებულებათა
გამოკვლევის ეტაპის) დამთავრების შემდეგ.
უდავო ფაქტები ,,არ ექვემდებარება მტკიცებას’’ 10 - უფრო მართებული იქნებოდა იმის
აღნიშვნა, რომ უდავო ფაქტები დამტკიცებული ფაქტობრივი გარემოებებია. ფაქტის უდავო
ფაქტად მიჩნევა სასამართლოს მიერ სამართლებრივი შეფასების საგანია.
აღიარება წარმოადგენს მტკიცებულების სახეს(სსსკ 131-ე) შესაბამისად გაუგებარია, რატომ
განიხილება აღიარებული ფაქტი იურიდიულ ლიტერატურაში 106–ე მუხლით
განსაზღვრულ ფაქტებთან ერთად, რომლებიც არ საჭიროებენ მტკიცებას. აღიარებული
ფაქტი უნდა განვიხილოთ, როგორც დამტკიცებული, უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი
გარემოება. სახეზეა მტკიცებულება(მეორე მხარის აღიარება) და სასამართლო მხოლოდ ამის
საფუძველზე განიხილავს აღნიშნულ ფაქტს, როგორც დამტკიცებულს.
რაც შეეხება პრეზუმფციებს - პრეზუმფციები სავარაუდო დასკვნებია, რომლებიც ფაქტების
ან მოვლენების ნამდვილობას ადგენენ მათი არსებობის სრული დასაბუთების გარეშე 11.
გაუმართლებელია იმის ცალსახად თქმა, რომ ,,პრეზუმფციები არ ექვემდებარება
მტკიცებას’’. 12 სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული პრეზუმფციები (მაგ: მესაკუთრედ
ყოფნის პრეზუმფცია 158-ე, საჯარო რესტრის მონაცემთა უტყუარობის და სისრულის
პრეზუმფცია 312-ე) გულისხმობს ფაქტის ვარაუდს მანამ, სანამ საწინააღმდეგო არ
9
http://www.gesetze-im-internet.de/englisch_zpo/englisch_zpo.html
10
ნინო ხოფერია ,, მტკიცებულებათა თეორია გერმანიის სამოქალაქო საპროცესო სამართალში’’
თენგიზ ლილუაშვილი საიუბილეო კრებული - ჯისიაი 2003 345-ე გვერდი.
11
რევაზ ფუტკარაძე, ,,პრეზუმფციების კლასიფიკაცია’’ – ბიზნესი და კანონმდებლობა 2009 №11
12
იქვე –346ე გვ.
დამტკიცდება. მფლობელი ითვლება მოძრავი ნივთის მესაკუთრედ სანამ არ აღიძვრება
ვინდიკაციური სარჩელი მესაკუთრის მიერ, რომელიც ვალდებულია დაამტკიცოს, რომ
ნივთი მას ეკუთვნის. მფლობელი გათავისუფლებულია მტკიცების ვალდებულებისგან.
აღნიშნული მაგალითის განხილვის საფუძველზეც ნათელია, რომ პრეზუმფციები
წარმოადგენენ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების კანონით განსაზღვრულ
წესებს.
პრეზუმფციის შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ მტკიცების ტვირთის ერთ–ერთი მხარისთვის
დაკისრება. ერთი მხარის გათავისუფლება მტკიცების ვალდებულებისგან არ ნიშნავს იმას,
რომ ფაქტი არ წარმოადგენს მტკიცების საგანს.
ასე რომ, აღნიშნულ საკითხებს არა მარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობა
გააჩნია. სარჩელში მოსარჩელე უთითებს ფაქტს და ურთავს მის დამადასტურებელ
მტკიცებულებას და მხოლოდ აღნიშნულის გაცნობის შემდეგ ხდება ფაქტის აღიარება ან
იგნორირება მოპასუხის მიერ, რაც განაპირობებს ფაქტის დამტკიცებულად ცნობას.
პრეზუმფციები კი მტკიცების ტვირთის მხარისთვის დაკისრების
მატერიალურსამართლებრივი საშუალებებია.
მტკიცების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის, მოპასუხის ან მესამე პირის მითითებული
ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას (საქმისთვის
მნიშვნელობა აქვს- სსსკ104–ე).

3.მტკიცების ტვირთის დაკისრება როგორც ,,სანქცია’’

სასამართლოს უპირველესი მიზანი საქმესთან დაკავშირებული ობიექტური ჭეშმარიტების


დადგენაა. შეჯიბრებითობის პრინციპი არ გულისხმობს სასამართლოს აბსოლუტურ
უმოქმედობას. სასამართლოს კანონმდებელი ანიჭებს გარკვეულ იძულებითი ღონისძიებების
განხორციელების შესაძლებლობას, რომლებიც გამორიცხავს არაკეთილსინდისიერი მხარის
მიერ მხარეთა შეჯიბრებითობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას. როგორც უკვე
აღინიშნა, მხარეები თავად წყვეტენ თუ რომელი ფაქტობრივი გარემოება დაამტკიცონ
საკუთარი მოთხოვნის გასამართლებლად. აღნიშნული შესაძლოა, მხარის მიერ,
ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულების დამალვის მასტიმულირებელ
გარემოებად იქცეს. იმ შემთხვევაში თუ მხარე ხელს უშლის სასამართლოს, მისთვის
არახელსაყრელი ფაქტობრივი გარემოების დამტკიცებაში, სასამართლოს შეუძლია
მტკიცების ტვირთი გამოიყენოს როგორც სანქცია, რაც გულისხმობს ფაქტის
დაუმტკიცებლობით გამოწვეული, არასასურველი შედეგის არაკეთილსინდისიერი
მხარისთვის დაკისრებას. (მაგ. სსსკ 169–ე მე–4, თუ მხარე ხელს უშლის ექსპერტიზის
ჩატარებას მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად).
სსსკ 136-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 157-ე მუხლი, განსაზღვრავენ მხარის
პასუხისმგებლობას მტკიცებულების სასამართლოსთვის წარუდგენლობის გამო.
პასუხისმგებლობა გამოიხატება მტკიცების ტვირთის გადაკისრებას იმ მხარისთვის,
რომელიც უარს ამბობს მტკიცებულების წარდგენაზე. შესაბამისად სასამართლო
უფლებამოსილია დამტკიცებულად ივარაუდოს ფაქტი, რომლის დასადასტურებლადაც
მხარე შუამდგომლობდა მტკიცებულების გამოთხოვას. 13

13
თენგიზ ლილუაშვილი, ვალერი ხრუსტალი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
კომენტარი, თბ. 2004 - 247, 275 გვერდები
იმისათვის რომ, ზემოაღნიშნული პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს,უნდა არსებობდეს
შემდეგი პირობები: 1) მხარე უარს უნდა ამბობდეს მტკიცებულების წარდგენაზე 2) მხარე არ
უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა. 3) არ უნდა იყოს სახეზე მტკიცებულების
წარუდგენლობის საპატიო მიზეზი. - ეს სამი პირობა კუმულატიურია და ბუნებრივია
სასამართლო ვერ დააკისრებს მტკიცების ტვირთს მხარეს თუ ერთ-ერთი მათგანი არაა
სახეზე.
მოცემული პირობებიდან პრობლემატურია მე-2 პირობა-,,მხარე არ უარყოფს, რომ
მტკიცებულება მის ხელთაა’’. კანონმდებელი სასამართლოს მტკიცების ტვირთის
გადაკისრების უფლებას ანიჭებს მხოლოდ მაშინ, როდესაც უტყუარად დასტურდება
მტკიცებულების მხარის ხელთ ყოფნის ფაქტი.(ეს ფაქტი დასტურდება მხარისავე
აღიარებით). რასაკვირველია მხარე, რომლსაც არ სურს მტკიცებულების წარმოდგენა
თავიდანვე უარყოფს მტკიცებულების ფლობის ფაქტს და ამით გამორიცხავს მეორე
მხარისთვის სასარგებლო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცებას. ეს კი გამოიწვევს
სასამართლოს მიერ არასწორი გადაწყვეტილების მიღებას.
აღნიშნული ნორმები არ უზრუნველყოფს, სრულყოფილად, კეთილსინდისიერი მხარის
ინტერესების დაცვას და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იმ შემთხვევაში, თუ მეორე
მხარე უარყოფს ნივთიერი ან/და წერილობითი მტკიცებულების მის ხელთ ყოფნას.
მიზანშეწონილი იქნება, თუ კანონმდებელი სასამართლოს მისცემს შემდეგ
შესაძლებლობას: თუ მხარე შეძლებს დაამტკიცოს, რომ მტკიცებულება მეორე მხარის
ხელთაა (თუ სხვადასხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება ეს ფაქტი) და
სასამართლოს გაუჩნდება შინაგანი რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე მხარე მალავს
მტკიცებულებას – გამოიყენოს მტკიცების ტვირთის გადაკისრება, როგორც სანქცია.
ასეთ შემთხვევაში ივარაუდება, რომ ფაქტი, რომლის დამტკიცებასაც მხარე ცდილობდა
შუამდგომლობით, დამტკიცებულია და ამ ვარაუდის გაქარწყლება იმ მხარის
ვალდებულებაა, რომელმაც უარი თქვა მტკიცებულების წარმოდგენაზე.
აღნიშნული ცვლილება განსახილველ მუხლებს( 136-5; 157) ობიექტური ჭეშმარიტების
დადგენის ერთ-ერთ ქმედით საშუალებად აქცევდა.

4.მატერიალური სამართლის ზოგიერთი ცნება მტკიცებით საქმიანობაში

4.1. განასხვავებენ მტკიცების პოზიტიურ და ნეგატიურ გაგებას. პირველ შემთხვევაში


უარყოფილია ყველაფერი რაც დამტკიცებული არაა. ხოლო მეორე შემთხვევაში
დამტკიცებულია ყველაფერი რაც უარყოფილი არაა 14. ბუნებრივია სამართლისთვის
საინტერესოა მტკიცების პოზიტიური გაგება - ყოველგვარი ფაქტობრივი გარემოება უნდა
დამტკიცდეს. რაც შეეხება ნეგატიურ მტკიცებას: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ასეთ
მტკიცების სტანდარტს უშვებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას-მხარის
გამოუცხადებლობის ან შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გამოცხადებული
მხარის მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება(სსსკ 230-ე
მუხლი) იმის გამო, რომ სხვა რამ არ არის დამტკიცებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მტკიცების ტვირთს მხარეთა შორის თანაბრად
ანაწილებს, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც ამყარებს მოთხოვნას
ხოლო მოპასუხემ-გარემოებები, რომელზეც ამყარებს შესაგებელს. სხვა სიტყვებით რომ

14
http://rationalwiki.org/wiki/Negative_proof
http://en.wikipedia.org/wiki/Proof_positive
ვთქვათ მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს რომელმაც შეიძლება წააგოს პროცესი თუ არ
იქნება წარმოდგენილი მტკიცებულებები 15. მიუხედავად ამისა, არსებობს გამონაკლისები,
რომლებიც კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკიდან გამოდინარე
მატერიალური სამართლით განსხვავებულადაა რეგულირებული. როგორც უკვე აღინიშნა
მტკიცების პოზიტიური გაგება - ის, რომ მტკიცებულების უქონლობა მტკიცებულება არაა
სამოქალაქო სამართალში აქტუალურია იმდენად, რამდენადაც მოსამართლე შეიძლება
დაეყრდნოს მხოლოდ უტყუარ, დამტკიცებულ ფაქტობრივ გარემოებებს. იმაზე მითითება,
რომ ფაქტი დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს მხოლოდ იმიტომ, რომ საწინააღმდეგო არ
არის დამტკიცებული სამოქალაქო პროცესში შეუძლებელია. თითოეული მხარე
ვალდებულია დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც ამყარებს მოთხოვნებს და შესაგაბელს
ამასთან, ,,102-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად განსაზღვრავს მტკიცების საშუალებათა
(მტკიცებულებათა) წრეს’’. 16
ზემოაღნიშნულ მოსაზრებასთანაა დაკავშირებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის
429-ე მუხლით განსაზღვრული, შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის
გაცემის ვალდებულება, რომელიც კრედიტორს ეკისრება მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში.
ამ უფლების მინიჭებით კანონმდებელი, გარკვეულწილად, მოვალეს აკისრებს,
ვალდებულების შესრულების ფაქტის, დამტკიცების ტვირთს (სსკ 429-ე მუხლი სსსკ 102–
ესთან ერთობლიობაში მოვალეს აკისრებს მტკიცების ტვირთს) . მოსარჩელე (კრედიტორი)
დაადასტურებს ხელშეკრულების დადების და ვალდებულების შესრულების ვადის
დადგომის ფაქტს, მაგრამ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს ის ვერ დაადასტურებს
მტკიცებულებით იმიტომ, რომ ნეგატიური მოვლენის(გარემოება რომელიც არ
განხორციელებულა) მტკიცება შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება
მხოლოდ ფაქტზე მითითების ტვირთი, რომლის არსებობა ან არარსებობა მოპასუხის
დასამტკიცებელია. ფაქტების მითითების ტვირთი სამოქალაქო პროცესში გულისხმობს იმას,
რომ პროცესუალური თვალსაზრისით მხარე უფლებამოსილია, გამოხატოს მოსაზრება
განსაზღვრულ ფაქტებთან დაკავშირებით თუ მას სურს უფლების დაცვა. 17
ფაქტზე მითითების და ფაქტის მტკიცების ტვირთი, ზოგჯერ, მატერიალური
კანონმდებლობიდან გამომდინარე, არ ემთხვევა ერთმანეთს 18. მხარეს ეკისრება ფაქტებზე
მითითების (და არა მტკიცების) ტვირთი იმ შემთხვევაში თუ კანონი, საპროცესო კოდექსით
დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესიდან, გამონაკლისს ადგენს.
მაგ:1007-ე მუხლი - დაზარალებული ამტკიცებს ზიანის ფაქტს, უთითებს ზიანის
მიმყენებლის ბრალზე ხოლო ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ მას ბრალი არ
მიუძღვის.
რიგ შემთხვევებში, მტკიცების ტვირთი ცალსახად ეკისრება კანონით განსაზღვრულ ერთ-
ერთ მხარეს (მაგ: სკ 1007-ე, 1012-ე, 1485-ე, 687-ე მუხლები). თუმცა სადავო სამართლებრივი
უთიერთობა, ზოგჯერ, მოიცავს ორ ან მეტ ფაქტობრივ გარემოებას, რომლებიდანაც ნაწილი

15
ილონა გაგუა ,,მტკიცების ტვირთის თავისებურება საერთო სამართალში დიდი ბრიტანეთისა და აშშ
სამართლის მიხედვით’’ ჟურნალი– მართმსაჯულება და კანონი №4 (27)-10 გვ.25
16
თენგიზ ლილუაშვილი, ვალერი ხრუსტალი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
კომენტარი, თბ. 2004 გვ. 197
17
ჰაინ ბოელინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების
მეთოდიკა თბ.2004 გვ.30
18
თენგიზ ლილუაშვილი, ვალერი ხრუსტალი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
კომენტარი, თბ. 2004 გვ. 197
მოსარჩელის დასამტკიცებელია, ნაწილი მოპასუხის, მაგალითისთვის განვიხილოთ
უსაფუძვლო გამდიდრება.
4.2. კონდუქციური ვალდებულება - როდესაც სახეზეა უსაფუძვლო გამდიდრებით
წარმოშობილი ვალდებულება დავის შემთხვევაში უნდა დამტკიცედეს შემდეგი ფაქტები- 1)
ქონების გადაცემის ფაქტი, 2) სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა. ბუნებრივია, ორივე
ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელის დასამტკიცებელია. ხოლო როდესაც ვითომ
კრედიტორი მიუთითებს შესაგებელში სამართლებრივი საფუძვლის არსებობას ან უარყოფს
გადაცემის ფაქტს(მოცემულ ფაქტებზე ამყარებს შესაგებელს) მან უნდა დაამტკიცოს ეს
გარემოებები(სსსკ 102-ე).
ამ შემთხვევაში, საყურადღებოა ის გარემოება, რომ სსკ 429-ე მუხლში მოიაზრება
კონდუქციური ვალდებულების შესრულებაც (უსაფუძვლოდ გადაცემულის უკან
დაბრუნება) შესაბამისად ვითომ კრედიტორს აქვს უფლება მოითხოვოს შესრულების
დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის
შემთხვევაში ვალდებულია ამტკიცოს შესრულების ფაქტი.
პრაკტიკაში წარმოშობილი პრობლემები ძირითადად უკავშირდება მტკიცების ტვირთის
განაწილებას უსაფუძვლოდ გადაცემული ქონების სარგებელთან ან მიუღებელ სარგებელთან
დაკავშირებულ მტკიცებით საქმიანობაში.
სსკ 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება
შეძენილზე და მიღებულ სარგებელზე. 981-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი
მიუღებელი შემოსავალის ანაზღაურების მოვალეობა ეკისრება მიმღებს თუ ბრალი
მიუძღვის. ფულად ვალზე გადახდილ უნდა იქნეს პროცენტი. საგნიდან მიღებული
შემოსავალი უნდა დაბრუნდეს.
მოსარჩელე, რომელიც აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლით ითხოვს ქონებას
მოპასუხისგან, ვალდებულია თუ არა ამტკიცოს მოპასუხის (ვითომ კრედიტორის) მიერ
სარგებლის მიღების ფაქტი ან/და მოცულობა? აგრეთვე ინტერესს იწვევს თუ ვის ეკისრება,
მიმღების ბრალის დამტკიცების ვალდებულება მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით.
მაგალითის სახით მოვიყვანთ სასამართლო პრაქტიკაში არსებულ შემთხვევას - სამოქალაქო
კოდექსის 981-ე მუხლის მე-2 ნაწილთან მიმართებაში საკასაციო სასამართლომ ყურადღება
გაამახვილა კანონის აღნიშნული ნორმის, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ე.წ.
«საჯარიმო» და უფლებააღდგენით ფუნქციაზე.
საკასაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გადაცემულ ფულად საშუალებებთან
დაკავშირებით ივარაუდა, რომ ფულად საშუალებებს ყოველთვის შეეძლო მისი
მესაკუთრისათვის სარგებლის მოტანა. ამდენად, ისეთი ქონების მიღების დროს,
როგორიც იყო ფული, უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის მიხედვით, მის მიმღებს
უნდა დაედასტურებინა, რომ ამ ქონებამ (ფულმა) მას არანაირი სარგებელი არ მოუტანა,
რაშიც მას ბრალი არ მიუძღოდა, ანუ მისთვის შეუძლებელი იყო ამ ქონებიდან სარგებლის
მიღება. 19 განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი სასამართლომ ვითომ კრედიტორს
დააკისრა.
981–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ მიმღები არ იღებს სარგებელს, რომელიც მას
შეეძლო მიეღო მეურნეობის სათანადო გაძღოლის შედეგად, მაშინ ანაზღაურების მოვალეობა
ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი მიუძღვის. დანარჩენ შემთხვევაში იგი

19
http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/samoq2008-5-uni.pdf 24-ე გვ. საქართველოს უზენაესი
სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა -2008 წლის 22 დეკემბრის განჩინება
საქმე #ას-670-891-08
თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან 20 – მოცემული ნორმის განმარტებისას სასამართლომ
,,ბრალის’’ არარსებობის დამტკიცების ვალდებულება ფულის მიმღებს დააკისრა. თუმცა
იგივე განჩინებაში სასამართლო უძრავი ქონებისგან ვითომ კრედიტორის მიერ სარგებლის
მიღების ფაქტს და ოდენობას მოსარჩელის(უძრავი ქონების მესაკუთრის) მიერ მითითებული
ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების შესაბამისად ადგენს.
მოცემული პრაქტიკული მაგალითიდან ნათელია, რომ ფულადი საშუალებები თავისი
ბუნებიდან გამომდინარე განაპირობებს პრეზუმფციას – ფულად საშუალებებს ყოველთვის
შეუძლია მისი მესაკუთრისათვის სარგებლის მოტანა. პრეზუმფცია კი, როგორც უკვე
აღინიშნა მტკიცების ტვირთს ერთ მხარეს აკისრებს.
981–ე მუხლი იმპერატიულად მოითხოვს პროცენტის გადახდას ფულად ვალზე, თუმცა
საინტერესოა, როგორ უნდა განისაზღვროს პროცენტის ოდენობა. სამოქალაქო კოდექსი აღარ
ითვალისწინებს ფულად ვალდებულებაზე კანონით დადგენილ პროცენტის ზღვრულ
ოდენობას.(სსკ 384–ე მუხლი(ამოღებულია)–თუ კანონით ან ხელშეკრულებით ვალდებულება
პროცენტიანია, წლიური პროცენტის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება სპეციალური
ნორმატიული აქტით 21).
მიღებული ან/და მიუღებელი სარგებლის ოდნობა, როგორც სასამართლო პრაქტიკაში
არსებულ მრავალ შემთხვევაში განისაზღვრება, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს.
განხილული მაგალითიდან ირკვევა, ფულადი საშუალებები, რომელიც იმყოფება პირის
არამართლზომიერ მფლობელობაში, ავალდებულებს მფლობელს მიიღოს მისგან
სარგებელი(გაუძღვეს მეურნეობას სათანადოდ) და დააბრუნოს მიღებულ სარგებელთან
ერთად. ხოლო თუ ვერ შეძლებს სარგებლის მიღებას ვალდებულია ამტკიცოს მისი
არაბლალეულობა სარგებლის ვერ მიღებაში. ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა
წარმოშობს მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას,(სსკ 411) კრედიტორს აღნიშნული
პრეზუმფცია ათავისუფლებს იმის მტკიცების ტვირთისგან, რომ ის შემოსავალს მიიღებდა
ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ამერიკულ სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება გარკვეული
გამონაკლისების გათვალისწინებით 22. აღნიშნული მიდგომა ლათინური პრინციპიდან
გამომდინარეობს-,,semper necessitas probandi incumbit ei qui agit” რაც ნიშნავს: ,,მტკიცების
ტვირთი არის იმ მხარეზე, რომელიც ბრალს დებს’’. განსახილველი ნორმის (981-ე მე-2)
საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტება(ფულად საშუალებებთან დაკავშირებით)
მოცემული პრინციპისგან განსხვავებულ მტკიცების წესს ადგენს.
4.3. როგორც უკვე აღინიშნა, პრეზუმფციები მტკიცებით საქმიანობაში მტკიცების
ვალდებულების მხარისთვის დაკისრების საშუალებაა. საჯარო რეესტრის მონაცემთა
უტყუარობის პრეზუმფცია. სამოქალაქო კოდექსის 312–ე მუხლი საჯარო რეესტრის
მონაცემებს უტყუარად მიიჩნევს, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 185–ე მუხლის
თანახმად კი გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული
საჯარო რეესტრში. სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ნორმები იცავს, როგორც შემძენის ისე
მესაკუთრის ინტერესებს და მესამე პირისგან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგების
სადავოდ გახდის დროს შემძენი და მესაკუთრე თავისუფლდებიან მტკიცების

20
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი მეორე, გვ.366. თბილისი
2001
21
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 19/02/1999 მდგომარეობით.
22
http://civilprocedure.uslegal.com/trial/burden-of-proof/
ვალდებულებისგან. ფაქტის დაუმტკიცებლობით გამოწვეული არასასურველი შედეგი მესამე
პირს ეკისრება, რომელმაც კანონით დადგენილი ,,უტყუარი’’ ფაქტები უნდა უარყოს.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა არა შეჯიბრებითობის საფუძველზე გამიჯნული
მტკიცების ვალდებულება, არამედ კანონით წინასწარ განსაზღვრული სავარაუდო დასკვნა,
რომლის უზუსტობის დამტკიცება მხარის მოვალეობაა. იმის განსაზღვრა თუ რა სახის
მტკიცებულება გაუჩენს სასამართლოს შინაგან რწმენას, რათა რეესტრის მონაცემები
არაზუსტად მიიჩნიოს, შეუძლებელია. აღნიშნული ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა
გადაწყდეს, რასაც განაპირობებს ის ფაქტი, რომ მტკიცებულებებს არ აქვთ წინასწარ
დადგენილი ძალა.

5. მტკიცების სტანდარტი

მტკიცების ტვირთის თანაბრად განაწილება, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის


პრინციპები სამოქალაქო პროცესში განაპირობებს მტკიცების სტანდარტის თავისებურებას.
ბუნებრივია სამოქალაქო პროცესი მტკიცების მკაფიო სტანდარტებს არ იცნობს და
განსაზღვრული სტანდარტების დაწესება(მაგ: დასაბუთებული ვარაუდი, ალბათობის
მაღალი ხარისხი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი) სამოქალაქო პროცესის მიმდინარეობას
არაეფექტურს გახდიდა. მიუხედავად ამისა, სამოქალაქო პროცესში არსებობს
მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოების შეფასების გარკვეული სტანდარტები და
მნიშვნელოვანია აღნიშნულის შესწავლა.
საერთო სამართლის ქვეყნების კანონმდებლობა 23 და დოქტრინა განიხილავს მტკიცების
სტანდარტის ცნებას სამოქალაქო სამართალში. 1995 წლის აქტი მტკიცებულებების შესახებ
განსაზღვრავს მტკიცების შემდეგ სტანდარტს–proof on the balance of probabilities, რაც
გულისხმობს შემდეგს – მხარის მტკიცება მიმართული უნდა იყოს იმაზე, რომ მის მიერ
მითითებული ფაქტობრივი გარემოების ჭეშმარიტება უფრო სავარაუდოა, ვიდრე
უმართლობა 24.
ამერიკული სამოქალაქო პროცესი იცნობს სამოქალაქო პროცესის შემდეგ სტანდარტს –
more likely true than not true 25. მტკიცებულაბათა ერთობლიობით სასამართლომ უნდა
შეაფასოს თითოეული სადავო გარემოება. თუ ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი
მტკიცებულებების საფუძველზე შეუძლებელია იმის აღნიშვნა, რომ სადავო ფაქტობრივი
გარემოება–,,მეტად ახლოსაა ჭეშმარიტებასთან, ვიდრე უმართლობასთან’’, ვერ
დაკმაყოფილდება მოთხოვნა, რომელიც ეფუძვნება ამ ფაქტობრივ გარემოებას. სხვაგვარად
რომ ვთქვათ, მხარემ უნდა დაამტკიცოს 50%–ზე მეტი ალბათობა იმ ფაქტობრივი გარემოების
არსებობის ან არარსებობის, რომელზედაც იგი ამყარებს მოთხოვნას. 26

23
EVIDENCE ACT 1995 - SECT 140 (1)
24
Mike Redmayne - ,,Standards of Proof in Civil Litigation’’ გვ.1
25
California Civil Jury Instructions (CACI) Volume 1, Series 200
http://www.justia.com/trials-litigation/docs/caci/200/200.html
26
Ronald b. Standler -,,Differences between civil and criminal law in the USA’’
http://www.rbs2.com/cc.htm revised 19 Oct 2002
საქართველოს სამოქალაქო პროცესი აგებულია მტკიცებულების თავისუფალი შეფასების
საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპზე 27. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი
შინაგანი რწმენით. მტკიცებულებათა შეფასება ხდება ორი თვალსაზრისით: - მათი
სარწმუნოობისა და იმის მიხედვით, თუ საქმისთვის მნიშვნელოვან რომელ ფაქტს
ადასტურებს მტკიცებულება. 28 შესაბამისად ზოგადი მტკიცების სტანდარტს მხარეებისთვის
წარმოადგენს სასამართლოს შინაგანი რწმენის შექმნა იმასთან დაკავშირებით, რომ
წარმოდგენილი მტკიცებულება ადასტურებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას
(მტკიცებულების განკუთვნადობა და სარწმუნოობა).
შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ განხილული პრინციპის – more likely true than not true,
მსგავსია საკითხისადმი მიდგომა, რაც საქართველოს სამოქალაქო პროცესში მოქმედებს.
სახეზე არ გვაქვს მტკიცების მკაფიოდ განსაზღვრული სტანდარტები შესაბამისად, მხარემ
უნდა დაამტკიცოს სადავო ფაქტობრივი გარემოების ჭეშმარიტება 50%–ზე მეტი ალბათობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის მე-2 ნაწილი სასამართლოს
ავალდებულებს წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ
განხილვას. შესაბამისად მხარის მიერ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარეზე უფრო სარწმუნო
მტკიცებულებების წარდგენა( preponderance of the evidence) არაა საკმარისი. ამ შემთხვევაში
მტკიცების სტანდარტის შეფასების კრიტერიუმი არამარტო შეჯიბრებითობაა, არამედ
გარკვეული ობიექტური ჭეშმარიტების, სამართლიანობის დადგენის ვალდებულება,
რომელსაც სასამართლოს კანონმდებელი 105-ე მუხლის მე–2 ნაწილით განუსაზღვრავს.
აღნიშნული ვალდებულების პრაქტიკულ განხორციელებას ემსახურება 203–ე მუხლის
პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტი, რომელიც მოსამართლეს ანიჭებს უფლებას დაავალოს
მხარეებს განმარტების გაკეთება ან ნივთების თუ დოკუმენტების წარმოდგენა, რომელიც
მნიშვნელოვანია საქმისთვის. აგრეთვე სასამართლოსთვის ექსპერტიზის დანიშვნის
უფლების მინიჭება უზრუნველყოფს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.
მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევა არ გულისხმობს
უფრო მაღალ მტკიცების სტანდარტს, ვიდრე ფაქტის არსებობის ან არარსებობის 50%–ზე
მეტი ალბათობაა. აღნიშნული მხოლოდ ავალდებულებს სასამართლოს გამოიკვლიოს ყველა
ის მტკიცებულება, რომლის გამოკვლევაც პროცესის მიმდინარეობისას შესაძლებელია. რაც
შეეხება მტკიცებულებებს, რომლებიც აბსოლიტურად უტყუარად არ ადასტურებს ფაქტს,
ისინი უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. თუ სასამართლოს
გაუჩნდება შინაგანი რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ ფაქობრივი გარემობის
არსებობა/არარსებობა ,,მეტად ახლოსაა ჭეშმარიტებასთან, ვიდრე უმართლობასთან’’–სადავო
ფაქტს დადგენილად მიიჩნევს.
მტკიცებულებათა შეფასებისას უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო
სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და
ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგადაც აყალიბებს
თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. 29 ვინაიდან სადავო გარემობას
სასამართლო მტკიცებულებათა ერთობლიობაში აფასებს, შინაგანი რწმენა სწორედ იმას
უნდა ეფუძვნებოდეს, რომ, ერთის მხრივ, მტკიცებულებები ყოველმხრივ და სრულადაა

27
თენგიზ ლილუაშვილი, ვალერი ხრუსტალი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
კომენტარი, თბ. 2004 გვ. 202
28
იქვე გვ. 203
29
საქმე №ას-589-896-09 22 იანვარი, 2010 წ განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატა.
გამოკვლეული, (აღარ არსებობს საკითხი, რომლის განხილვა გავლენას იქონიებდა საქმის
გადაწყვეტაზე) და მეორეს მხრივ მტკიცებულებათა ერთობლიობა უთითებს სადავო
ფაქტობრივი გარემოების არსებობა/არარსებობის 50%–ზე მეტ ალბათობაზე.
კალიფორნიის მტკიცებულებათა კოდექსის(CALIFORNIA EVIDENCE CODE) 115–ე მუხლის
თანახმად მხარეს, რომელსაც აკისრია მტკიცების ვალდებულება სამოქალაქო პროცესში უნდა
დაამტკიცოს ფაქტის არსებობა ან არარსებობა შემდეგი ორი სტანდარტის მოთხოვნების
შესაბამისად – 1) preponderance of the evidence – რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ მხარეს აქვს უფრო
მეტი მტკიცებულება თავის სასარგებლოდ, ვიდრე მეორე მხარეს, თუნდაც სახეზე იყოს
მტკიცების დაბალი ხარისხი. 2) clear and convincing proof – აშკარა და დამაჯერებელი
მტკიცება – წარმოადგენს მტკიცების მაღალ სტანდარტს 30, რომელიც გამოიყენება იმ
შემთხვევაში, როდესაც სახეზეა პირის მნიშვნელოვანი იურიდიული ინტერესი, რომლის
უარყოფასაც ვარაუდის ბევრად მაღალი ხარისხი ჭირდება. (მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ
,,აშკარა და დამაჯერებელი მტკიცება’’ იყოს საჭირო(განისაზღვროს სტანდარტი), რეესტრის
ჩანაწერის უზუსტობის დასამტკიცებლად, ვინაიდან კანონი განსაზღვრავს მის
,,უტყუარობას’’ და სახეზეა მნიშვნელოვანი იურიდიული ინტერესი)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების სტანდარტს,
დასაბუთებულ ვარაუდს, უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენებისას. 191-ე მუხლის
შესაბამისად სასამართლოს უნდა გაუჩნდეს ყოველ კონკრეტულ საქმეზე დასაბუთებული
ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა
განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ
მხარის სასარჩელო მოთხოვნა შესაძლოა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსარჩელის/სავარაუდო მოსარჩელის
მტკიცება, უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შეტანისას, მიმართული უნდა იყოს
შემდეგ გარემობებზე: 1) შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის
მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული
გადაწყვეტილების აღსრულებას. 2) სარჩელი შესაძლოა დაკმაყოფილდეს.
უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება არგამოყენების საკითხს განაპირობებს
სასამართლოს ვარაუდი ზემოაღნიშნულ ორ გარემოებასთან მიმართებაში.
დასაბუთებული ვარაუდი წარმოადგენს შედარებით დაბალ მტკიცების სტანდარტს
იმდენად, რამდენადაც 191–ე მუხლით განსაზღვრული ვარაუდი წარმოადგენს
სამართლებრივ დასკვნას, რომ შესაძლოა სარჩელი დაკმაყოფილდეს, რაც გავლენას არ
ახდენს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანაზე.

6.დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მტკიცების


ტვირთის სწორი განაწილება სამართლიანი გადაწყვეტილების საფუძველია.
კანონმდებლობა გარდა იმისა, რომ მტკიცების ტვირთს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის

30
http://www.justia.com/trials-litigation/docs/caci/200/201.html
საფუძველზე თანაბრად ანაწილებს, განიხილავს პროცესუალურ თუ მატერიალურ
გამონაკლისებს, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების წესს ადგენს.
კანონმდებელი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესიდან (სსსკ102–ე)
გამონაკლისს იმ შემთხვევაში ადგენს თუ სხვაგვარად შეუძლებელია ფაქტობრივი
გარემოების დამტკიცება. პროცესუალურ ლაბირინთებში მტკიცების ტვირთისთვის თავის
გართმევის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, მხარეთათვის ნათელი იყოს მტკიცების
საგანი და მტკიცების ვალდებულების განაწილების წესი.
რაც შეეხება მტკიცების სტანდარტს, პრაქტიკული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია იმის
განსაზღვრა თუ რამდენად სარწმუნო მტკიცებულებათა წარდგენაა სასამართლოში
მხარეთათვის საჭირო, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნიოს მათთვის სასურველი
ფაქტობრივი გარემოება. საყურადღებოა საერთო სამართლის ქვეყნების მიდგომა აღნიშნულ
საკითხთან და მიზანშეწონილი იქნებოდა მტკიცების ზოგადი სტანდარტის (proof on the
balance of probabilities) ცნების ასახვა სამოქალაქო პროცესში.
აღნიშნული სტანდარტი მხარეთათვის იქნება ორიენტირი მტკიცებით საქმიანობაში და
განსაზღვრავს იმას, თუ ვარაუდის რა ხარისხია საჭირო სასამართლოსთვის ფაქტის
არსებობა/არარსებობის დამტკიცებისთვის. მეორე მხრივ, სასამართლოს გაუადვილებს ორივე
მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე განსაზღვროს
ფაქტობრივი გარემობის ჭეშმარიტება 50%–ზე მეტი ალბათობით.

გამოყენებული ლიტერატურა:

ქართულ ენაზე:

თეიმურაზ თოდრია– ,,ფაქტობრივი გარემოებების მნიშვნელობა საკასაციო სასამართლოში’’


თბილისი 2010
თენგიზ ლილუაშვილი, ვალერი ხრუსტალი – საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის კომენტარი თბ. 2004
თენგიზ ლილუაშვილი ,,სამოქალაქო საქმეთა წარმოება სასამართლოში’’ გამომცემლობა
ჯისიაი მეორე გამოცემა.
ნინო ხოფერია ,, მტკიცებულებათა თეორია გერმანიის სამოქალაქო საპროცესო
სამართალში’’ ჯისიაი 2003
რევაზ ფუტკარაძე – ,,პრეზუმფციების კლასიფიკაცია’’ ბიზნესი და კანონმდებლობა 2009
№11
ილონა გაგუა –,,მტკიცების ტვირთის თავისებურება საერთო სამართალში დიდი
ბრიტანეთისა და აშშ სამართლის მიხედვით’’ ჟურნალი– მართმსაჯულება და კანონი №4
ჰაინ ბოელინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა
მიღების მეთოდიკა თბ.2004
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი მეორე, თბილისი 2001

გადაწყვეტილებები:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა
პალატა -2008 წლის 22 დეკემბრის განჩინება საქმე #ას-670-891-08
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, საქმე №ას-589-896-09
22 იანვარი, 2010 წ განჩინება,

საქართველოს და სხვა ქვეყნების ნორმატიული აქტები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 1997 წლის 14 ნოემბერი. 2012 წლის 20


მარტის მდგომარეობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 19/02/1999 .
გერმანიის სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
EVIDENCE ACT 1995
CALIFORNIA EVIDENCE CODE

ლიტერატურა უცხო ენაზე, ვებ–გვერდები:

Mike Redmayne - ,,Standards of Proof in Civil Litigation’’

California Civil Jury Instructions (CACI)

Ronald b. Standler -,,Differences between civil and criminal law in the USA’’

http://www.gesetze-im-internet.de/englisch_zpo/englisch_zpo.html

http://rationalwiki.org/wiki/Negative_proof

http://en.wikipedia.org/wiki/Proof_positive

http://civilprocedure.uslegal.com/trial/burden-of-proof/

http://www.justia.com/trials-litigation/docs/caci/200/201.html

You might also like