You are on page 1of 3

სუბსტანცია

სიტყვა „სუბსტანცია“ წარმოდგება ლათინური სიტყვიდან „cubsto“ -


„ვდგევარ რაიმეს ქვეშ“, „ვიყრდნობ“. აქედან რაიმე ნივთის ან არსების
სუბსტანცია ეწოდება თავად მის არსს, რომელიც აერთიანებს და
წარმოშობს მის ყველა თვისებასა და ძალას. მაგალითისათვის
განვიხილოთ ქვა. მასში ნაპოვნი თვისებები - განფენილობა, სიდიდე,
ფიგურა, სიმკვრივე, სიმძიმე და ა.შ. - მიგვაჩნია ქვის რაღაც შინაგანი
არსის კუთვნილებად, ეს არსია სწორედ ქვის სუბსტანცია. ცხადია,
მაძიებელი გონებისთვის ძალზე სასურველია იცოდეს არსებობს თუ არა
სუბსტანცია ამ აზრით, ანდა იქნებ ის გარეგანი თვისებები, რომლებსაც
აღმოვაჩენთ ქვაში და საერთოდ, ყველა სხეულში, თავად წარმოადგენენ
ამ სხეულთა არსს? მაგრამ ჩვენს გონებას უჭირს მისვლა ამ დიდი
ამოცანის გადაწყვეტამდე. ზუსტად იგივე უნდა ვთქვათ სულის
შესახებაც: შეგრძნებები, ნება და სულის სხვა ძალები სულის გამოვლენაა.
თუ მისი თავად სუბსტანციაა? ისე ჩანს, თითქოს სულის არსი
შეუმეცნებადია და ჩვენს ცნობიერებას ეძლევა მხოლოდ სულის ძალები
და გამოვლენა

ადამიანს შეუძლია შეადგინოს და მან კიდეც შეადგინა ცნება ორ


საპირისპირო სუბსტანციაზე - მატერიალურსა და სულიერზე. ცნება
პირველზე მან შეადგინა იმ შთაბეჭდილებებისა და შეგრძნებების
საფუძველზე, რომლებსაც ისინი აღძრავენ მასში. სულზე კი იმით, რომ
ყურადღებას აქცევს საკუთარ მოქმედებებს. თუ მიუკერძოებლად
შევადარებთ ერთმანეთს ცნებებს, რომლებიც გაგვაჩნია მატერიალურსა
და სულიერ სამყაროზე, დავინახავთ, რომ მეორე სახის ცნება არ
ჩამოუვარდება სინათლით და სიცხდით პირველი სახის ცნებას.
მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ ყველა გარემოება აადვილებს და
ხელს უწყობს მატერიაზე ზუსტი ცოდნის შედგენას, ჩვენ მაინც
სხეულებრივ სუბსტანციაზე ვიცით მხოლოდ გარეგანი, ზედაპირული
რამ; ვიცით მისი ძალები, მოვლენები და ურთიერთმოქმედება, მაგრამ ამ
ძალათა არსს, მათ შინაგან ყოფიერებას ვერასოდეს ვერ ამოვიცნობთ.
იგივე ითქმის სულზეც: შინაგანი ცდის საშუალებით ჩვენ გვეძლევა
ცოდნა სულიერ ძალებზე, წარმოდგენებზე, მსჯელობებზე და
დასკვნებზე, ნებაზე, თავისუფლებაზე და ა.შ. ამ ცოდნის საფუძველზე
ვასკვნით, რომ არსებობს რაღაც არამატერიალური სუბსტანცია,
რომელიც ითავსებს ყველა ამ თვისებას. მაგრამ ვის ძალუძს ახსნას და
გაიგოს ამ სუბსტანციის შინაგანი ყოფიერება! ბუნების შემოქმედმა
მოგვცა საშუალებები იმისა, რომ ვიცოდეთ სამყარო და საკუთარი თავი
მხოლოდ იმ ზომით, რა ზომითაც საჭიროა ეს ჩვენი სიცოცხლის და
კეთილდღეობისათვის. მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ
მატერიაშიც და სულშაც არის ათასი ჩვენთვის უცნობი თვისება.

მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას ნათლად სუბსტანციების ჩვენს


ცნებებზე, სახელდობრ ის, რომ ადამიანს არა მარტო არ შეუძლია
შეადგინოს თავისთვის ისეთი ცნება, რომელიც იქნებდა არა მატერია, არა
სული, არამედ რაღაც საშუალო, - მას არ შეუძლია წარმოიდგინოს
ამგვარი სუბსტანცია. მართლაც, მატერია ჩვენ გვესმის, როგორც რაღაც
განფენილი, შემოზღუდული და ერთმანეთის მიმართ გარეთ მდებარე
ნაწილებისაგან შედგენილი და უმოქმედო, სული - როგორც მატერიისგან
სავსებით განსხვავებული, ნაწილების არა მქონე, როგორც რაღაც
შემგრძნობი, მოქმედი, შემმეცნებელი და ა.შ. რა თვისებები, რა
წარმოდგენები შეუძლია შეაერთოს ჩვენმა გონებამ, რათა შეადგინოს
ცნება საშუალო სუბსტანციაზე? ამგვარი მოსაზრება შუალედური
სუბსტანციის შესახებ ცნების შედგენის შეუძლებლიაბაზე ყველაზე
მეტად ანადგურებს იმ ფსიქოლოგთა ვარაუდებს, რომლებსაც სურდათ
სულის ან სასიცოცხლო ძალის სახელით დაეშვათ რაღაც საშუალო
არსება სულსა და ორგანიზმს შორის. საკმარისია მათ ვკითხოთ,
მატერიალურია ეს საშუალო არსება? როგორი პასუხიც არ უნდა მოგვცენ
მათ, მათი საშუალო სუბსტანცია თავისთავად გაქრება, რადგან თუ ისინი
იტყვან, ეს სუბსტანცია არამატერიალურიაო, გამოვა, რომ ადამიანში სამი
სუბსტანციაა - ორი სულიერი და ერთი მატერიალური, და მაშინ
გაუგებარი იქნება, როგორია მიმართება ამ ორ სულიერ სუბსტანციას
შორის და რატომ არსებობს ორი სულიერი სუბსტანცია, როცა ერთიც
საკმარისია. თუ ისინი იტყვიან, ეს სუბსტანცია მატერიალურიაო, მაშინ
ეს იქნება ორგანიზმი თავისი ძალებით.

დასკვნა
სუბსტანცია, ჩემი გაგებით, არის ის, რაც არსებობს თავისთავად და არ
საჭიროებს სხვა ნივთს, რომელსაც შეეძლოს მისი არსებობის
განსაზღვრა“. ჩვენ გარეშე, ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს ბუნება,
ნივთებისა და მოვლენების უსასრულო სიმრავლე. „ეთიკა“ ამ აზრს
გამოხატავს ფორმულით: „გონების გარეშე არაფერი არსებობს, გარდა
სუბსტანციისა და მისი მოდუსებისა. როგორიც არ უნდა იყოს,
მაგალითად, წყალი სხვადასხვა მდგომარეობაში, მისი არსი ერთია.
წყალი, ყინული, ორთქლი – ერთი არსობის სამი გამოვლენაა. ამის
მსგავსად, ყოველივე ერთეული ერთი არსების განსახიერებაა.
სხვანაირად რომ ვთქვათ, სამყაროს ყველა საგანს და მოვლენას აქვს ერთი
საფუძველი. ყოველივე არსებულის ამ საფუძველს ეწოდება სუბსტანცია“.
ცალკეული ნივთები სუბსტანციის სახეობანი არიან, მისი მოდუსები.
მოდუსები გარდამავალნი და დროებითნი არიან. ისინი ჩნდებიან და
ქრებიან, სუბსტანციას გააჩნია მარადიულობა, ის შეუქმნელი და
მოუსპობელია. მოდუსები კი უსასრულო სიმრავლეს წარმოადგენენ,
ისინი ჩნდებიან და ქრებიან იმ კანონების აუცილებლობით, რომელიც
სუბსტანციას გააჩნია. სუბსტანცია მხოლოდ ერთადერთია.

You might also like