You are on page 1of 7

მოცემულ დავალებაში წარმოდგენილია ორი სხვადასხვა ისტორია.

ერთი ამბის
მთავარი პირია 18 წლის ბიჭი, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს, ხოლო მეორე იქნება
ამბავი ადამიანისა, რომელიც დახვრეტას გადაურჩა ანტისაბჭოთა ქმედების მიუხედავად.

ისტორია 1.
2021, 11 ივნისი

ვანი, საქართველო

პირველი ისტორიის რესპოდენტი არის ბებიაჩემი (ქ. ვანი; დაბ. 1945), რომელიც ამ
ისტორიის მთავარი გმირის დიშვილია. ის დედის მონათხრობის მიხედვით იხსენებს
ბიძის ისტორიას. იმის გამო, რომ თვითონ მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა,
განსაკუთრებული ემოციური კავშირი არ აქვს მის მიმართ და, ვფიქრობ, მისი
გადმოცემული ისტორიაც ამის გამო შედარებით უფრო დამაჯერებელი იქნება. ინტერვიუ
ავიღე ქალაქ ვანში, რესპოდენტის სახლში. თან დართულია ფოტოსურათი, რომელიც
რესპოდენტმა მომაწოდა.

ინტერვიუ (სტილი დაცულია):

- სანამ უშუალოდ გადავალთ ისტორიაზე, მანამდე გვითხარი, ვინ იყო ეს ადამიანი


შენთვის, რა ერქვა, რომელ წელს დაიბადა, სად ცხოვრობდა?
- თენგო მსხილაძე, დედას ძმა იყო. გაღმავანში (უბანი ვანში) ცხოვრობდა, დედა
გაღმავანელია. 19 წლის იყო, რო დახვრიტეს 37-ში, წელი შენით გამოთვალე(1918).
- მოკლედ მოგვიყევი მისი ისტორია, რაც მისი დახვრეტის მიზეზი გახდა.
- მენშევიკობდა. გაქცეული იყო სახლიდან. ახალგაზრდა ბიჭი იყო, რას ერჩოდა
თავის თავს არ ვიცი. გაღმავანელი იყო და ხან ქუთაიში იყო გაქცეული, ხან ტყეში
იმალებოდა. იქ რას აკეთებდა, არ ვიცი. ხოდა, დასდევდნენ ბოლშევიკები. ბევრჯერ
შემოუთვალეს ოჯახს, გაჩერდეს, თუარა იმასვიზამთო. არ გაჩერდა და კი
დახვრიტეს აგერ საყანჩიასთან.
- ანუ მენშევიკი იყო? გასაგებია.
- ხო, კი. აყოლილი იყო ვიღაცეებს.
- რამე უფრო დეტალურად ხომ არ იცი მისი საქმიანობის შესახებ? გასაგებია, რომ
მენშევიკი იყო, მაგრამ კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ეს, რას აკეთებდა?
- მენშევიკი იყო, რა უნდა ექნა. იმათ უჭერდა მხარს, ეხმარებოდა მენშევიკებს და
ბოლშევიკებს ეწინააღმდეგებოდა.
- ვანში საქმიანობდა?
- ვანში და ქუთაიში, მარა მერე ტყეში იმალებოდა, მშვიდობის გორა როა, იქ ახლა კი
ცხოვრობს ხალხი, მარა ადრე ტყე იყო და იქ იყო გაქცეული. მარტო კი არ იყო,
სხვებიც იყვნენ მაგასთან ერთად და ერთად აკეთებდნენ [საქმეს].
- შეიარაღებული იყო?
- კი, კი, ქონდა იარაღი. მარა ხალხს კი არ დასდევდნენ და ხოცავდნენ,
რეციდივისტები კი არ იყვნენ, ბოლშევიკებს ეწინაარმდეგებოდა მარტო. ისე,
ქუთაისში ქონდათ მაგათ შტაბისნაირი რაღაცა, იქ იყო სამმართველო და იქედან
გეგმავდნენ პროკლამაციების დაბეჭდვას, სტამბაზე მიუწვდებოდათ ხელი და მერე
არიგებდნენ სოფლებში. ამას წერილები გადაქონდა აქით-იქით. ახლა, იარაღით
შეხლა-შემოხლა თუ მოსვლია ვინმესთან, არ ვიცი, ალბათ იქნებოდა რამე
ბოლშევიკებთან. ისე, ხო გითხარი, პროკლამაციებს ავრცელებდა ძირითადად.
- კარგი, კონკრეტულად დახვრეტის ეპიზოდზე გადავიდეთ. როგორ მოხდა მისი
დაჭერა, დახვრეტა?
- კაი ხანი დასდევდნენ და ვერ დაიჭირეს. მერე ბაბუაჩემთან მივიდნენ და უნდა
წამოგვყვეო. გაყვა ბაბუაჩემი და პოლიციის სამმართველოში ჩაკეტეს და ბიძაჩემს
შეუთვალეს, გამოჩნდი, თორე მამაშენს მოვკლავთო. ბაბუა მასწავლებელი კაცი იყო,
პატიოსანი, და არ ეგონა, ამას თუ იზამდნენ. ხოდა მივიდა ბიძაჩემი, აგერ ვარო.
მოკიდეს ხელი და წაიყვანეს ახლა რო ,,ბენზინკალონკაა’’ შემოსასვლელში,
საყანჩიაზე, იქ დახვრიტეს. ადრე მაქ ქონდათ დასახვრეტი ადგილი. იმდენი ხალხია
დახვრეტილი, ძვლები დღესაც ყრია. ხოდა იმ ადგილას ესროლეს და მიუგდიათ იქ.
არ უშვებდნენ არავის და გვამსაც არ ატანდნენ. ხოდა ბებიას შეუგროვიებია თუ
რამე ქონდა ოქრო, ყველა, ჩაუტანია იქ, ყარაულთან. მისცა იმას და უთხრა, გამატანე
ბავშვიო. წაიღეო, უთქვია იმას, მარა მე არ ვიცი, რომელიაო და შედი შენ და თუ
იცნობ, ჩამოდი ღამე და წაიყვანეო. შევიდა ბებია და გვამი გაფუჭებული ყოფილა
უკვე, მარა თითზე ბეჭედი ქონია და იმითი იცნო. მერე ღამე ჩასულა რო არ დაენახა
არავის და ურმით გაუყვანია ჩუმად და გაღმავანში აუყვანია და დამარხა.
- დღეს არსებობს მისი საფლავი?
- არ ვიცით ჩვენ, დედამისმა, ბებიაჩემმა, სადღაც დამარხა ისე, რო არ ენახა არავის.
მერე მიწა მოუსწორებია იმ საფლავზე იმ შუაღამეზე და ბალახები მოუყრია, თორე
ნახავდნენ.
- იმ პერიოდში ბევრი დახვრიტეს ხო?
- კი, კი. სხვებიც იყვნენ. ბიძაჩემის ამხანაგებიც დაუხვრეტიათ, მარა ცოტა მერე,
მგონი.
- ამ ამბების გამო, შენს ოჯახს რამე პრობლებები შეექმნა?
- არა, არა, ბაბუაჩემი მოხუცი იყო და მალევე მოკვდა, ავადმყოფი კაცი იყოო. ბებიაც
მოხუცი იყო. თავიდან ცხოვრობდნენ მშვიდად, წყნარად, რავიცი, რა პრობლემა
უნდა ქონოდათ, თანამდებობა მაგათ არ ქონდათ და რამე, გლეხურად იყვნენ, რომ
იტყვიან. მერე ჩაწყნარდა, დამთავრდა ეს კინკლაობა ბოლშევიკების და
მენშევიკების, აღარ იყო ისე, მანამდე რო იყო, და მერე კი დაიწყო დედამ მუშაობა,
აგერ ბოლოს კაი თანამდებობებზეც კი იყო, კაცო. არ მახსოვს, რამე პრობლემა რო
ქონოდეს, იმნაირი, იმის დობის გამო.
- დედაშენის გარდა, სხვა ადამიანებისგან თუ გაგიგია ბიძაშენზე ისტორიები და რას
ამბობდნენ?
- დედას ეტყობოდა, რო ძალიან უყვარდა, 2 წლით უმცროსი იყო მის ძმაზე. სულ
ამბობდა... მეზობლებისგანაც გამიგონია, კაი ბიჭი იყოო. მარა ხოიცი, მაინც
დახვრეტილად ითვლებოდა და ხო იცი...
- რა ხო ვიცი?
- მაინც იყო ხალხში რაღაცა [მოსაზრება], ცოდვა კი იყო, მარა მაინც მთავრობის ის
იყო...
- და ამის გამო ვინმეს რამეს ცუდი უთქვამს?
- არა, ბიჭო, არა, ცუდი არავის არ უთქვამს, მარა ბევრს არც არავინ ლაპარაკობდა. ისე,
ძველი ხალხი რო იხსენებს, ამბობენ, კაი ბიჭი იყო ძალიანო, ზრდილობიანიო,
პატრიოტიო, ერთი ეს ქონდა რო ბოლშევიკებს ებრძოდა.
- კარგი, მადლობა ინტერვიუსთვის.
- უი, ხო, სურათი მაქ შენახული, თუ გინდა, და მოვძებნი აგერ და გაჩვენებ იმასაც.
ვინ გადაუღო, არ ვიცი.
- კი, მადლობა.

ისტორია 2.
2021, 12 ივნისი

ვანი, საქართველო

ზემოთღნიშნულ ინტერვიუს შეესწრო სხვა ადამიანიც, ბაბუაჩემიც, რომელმაც


შემომთავაზა, რომ, თუ სურვილი მქონდა, მომიყვებოდა თავისი ბიძის ისტორიას,
რომელიც ასევე მენშევიკი იყო. ისიც დაიჭირეს, მაგრამ დახვრეტას გადაურჩა. ეს
ინტერვიუ წინა ინტერვიუს ერთგვარი გაგრძელება გამოდის, შესაბამისად, აღებულია
ქალაქ ვანში, რესპოდენტის სახლში. როგორც აღვნიშნე, რესპოდენტი არის ბაბუაჩემი
(ქ. ვანი; დაბ.1942). აღნიშნულ ისტორიაში განსაკუთრებით საინტერესოა დეტალი, თუ
როგორ დააღწია სიკვდილმისჯილმა თავი დახვრეტას. სამწუხაროდ, ვერ მოვიპოვე ამ
ფაქტის ზუსტი ახსნა - თვითონ ის ადამიანი და მისი შვილები გარდაცვლილები არიან
და შთამომავლობა არ დარჩენია, რომელსაც შეიძლება, პასუხები გაეცათ ამ ამბის
ირგვლივ გაჩენილ კითხვებზე. ასევე ამ ამბავში კარგად ჩანს, როგორ ექცეოდა და
ავიწროებდა საბჭოთა სისტემა მისთვის საეჭვო ან არასასურველ პირებს.

ინტერვიუ (სტილი დაცულია):

- რა ერქვა მაგ ადამიანს, რომელ წელს დაიბადა, სად ცხოვრობდა, და შენთვის ვინ
იყო?
- ბიძაჩემი, დედაჩემის, ლოლას ძმა, ამბროსი კეპულაძე. დედაზე უფროსი იყო,
1905-6 წლიანი იქნებოდა.
- სად ცხოვრობდა?
- ოფშკვითში, წყალტუბოში, მარა ისე ქუთაიში იყო ძირითადად.
- რის გამო ერჩოდნენ ბოლშევიკები?
- მენშევიკი იყო მაგიც. იარაღი გადაქონდა. გავლენიანი იყო, თურმე, თავის
ხალხში სიტყვა ეთქმოდა. რას ერჩოდა ბოლშევიკებს არ ვიცი, მარა მაშინ ასე
იყო, ყველა ან ბოლშევიკი იყო ან მენშევიკი, ხოცავდნენ ერთმანეთს და იყვნენ.
- კონკრეტულად ბიძაშენი რას აკეთებდა?
- იარაღი ჩამოქონდა თბილისიდან და ბათუმიდან ქუთაისში. პროკლამაციებსაც
ბეჭდავდა, ხალხში დადიოდა და აბუნტებდა ბოლშევიკების წინააღმდეგ.
ყველანაირად იმასშვებოდა, უძალიანდებოდა ბოლშევიკებს. რისი იმედი
ქონდა, იმგენს ვინ მოუგებდა, ბიჭო, მთელი რუსეთის ჯარი აქ იყო. მილიცია,
ყველა, იმგენის იყო.
- თენგოსთან (პირველი ისტორიის გმირი) ჰქონდა შეხება?
- არ ვიცი, ახლა, ზუსტად, მარა კი ექნებოდა, ისე. მენშევიკები იყვნენთქო ორივე.
- როდის და როგორ დაიჭირეს?
- 37-ში მაგიც. ხო იცი, მაგ დროს იყო დაჭერები. ოფშკვითში ჩადიოდა თურმე და
მეზობელმა ჩაუშვა, უბედური კაცი ყოფილა ვიღაცა. ხოდა დახვდენენ გზაზე,
ცხენით მიდიოდა თურმე, სათაფლიიდან გადადიოდა და ჩამოაგდეს და
დაიჭირეს. გააქანეს ქუთაისში, დაბეგვეს კარგად და დახვრეტას უპირებდნენ.
მარა გადარჩა, რანაირად, რა ქნა, არ ვიცი. სახლში რო მიუყვანიათ, ისე იყო
ნაცემი, ერთი კვირა ლოგინიდან ვერ დგებოდა, თურმე.
- საინტერესოა, როგორ მოახერხა გამოსვლა.
- მაგდენი არ ვიცი, ფული გადაიხადა, ალბათ, ან რამეს დაპირდა. მაგენს ფული
კი ქონდათ, დედაჩემის მამას ოფშკვითში მიწები ქონდა, აზნაური იყო ადრე.
- მოიცა, აზნაურობას რა მნიშვნელობა აქვს? 1937 წელია, პირველ რიგში ეგეთ
ხალხს დევნიდნენ. მიწები თუ ჰქონდა, რანაირად არ ჩამოართვეს?
- ჩამოართვეს კიარა, წაართვეს ყველაფერი, მარა მაინც ქონდათ რაღაცა. ერთი კაი
ეზო ქონდათ, ნაძვნარი და კიდე ფულს მალავდნენ. მაშინ ასე შვებოდა ყველა,
თუ ვინმეს რამე ქონდა მალავდნენ, თუარა წაართმევდნენ.
- ანუ, დამალული ჰქონდათ ფული?
- ხო, და ალბათ მაგი გადაიხადეს. მარა ამას ჩემი იმით გეუბნები, ზუსტად რა ქნა,
რა იჩალიჩა, არ ვიცი.
- საინტერესოა, როგორ აგრძელებდა ცხოვრებას. მაგ ამბებმა პრობლემები არ
შეუქმნა? თუ შეეშვა მენშევიკობას?
- შეშვებით კი შეეშვა, მარა გააწამეს კაცი მთელი ცხოვრება. მთელი ცხოვრება
აწვალებდნენ. თბილიში, ზემელზე მოსკოვის ქუჩაა, ახლა კიდეა თუ არა, არ
ვიცი. ხოდა მაქ მიცეს 5 კვადრატი და იმაში აცხოვრებდნენ მრავალსულიან
ოჯახს. არც წყალი, არც აბანო, საშინლად ცხოვროდბდნენ. არადა, ბიძაჩემი
მაგარი გეოლოგი იყო, სვანეთში მუშაობდა მერე, ოქროებს და იმას ეძებდა.
- ერთი წამით, კინაღამ დახვრეტილი ბიძა იყო მერე გეოლოგი?
- ხო, მაგი იყო. თან მაგარი გეოლოგი, ურალზეც ყავდათ წაყვანილი, სერიოზულ
ლაბორატორიებში მუშაობდა.
- იმ ამბების მიუხედავად?
- ხო, რა ვიცი ახლა, მაინც ჭკვიანი კაცი იყო. მარა, ხო გეუბნები, აწვალებდნენ
მთელი ცხოვრება. ათას პრობლემას უქმნიდნენ. მერე 60-იანებში, ცოტა რო
დაწყნარდა სიტვაცია, კი მიცეს ვერაზე ბინა, მარა არ ვარგოდა არაფრად, ერთი
ოთახი ერთ სართულზე იყო, მეორე მეორეზე, ცუდ იმაში, არც იქ არც წყალი
ქონდათ, არაფერი. მერე სადღაც 70-ში კიც მოკვდა.
- მოიცა, ბინა რანაირად მისცეს?
- ჩვეულებრივად, რო აძლევდნენ ხალხს. აბა მაშინ თუ არ გაგამწესებდნენ ბინაში
და უფლებას არ მოგცემდნენ, ბინაში ვინ შეგიშვებდა.
- თვითონ რანაირი დამოკიდებულება ჰქონდა საბჭოთა კავშირთან, ლანძღავდა
ბოლშევიკებს?
- ახლა, გარეთ რას იტყოდა ხალხში, ისედაც წკიპზე იყო, ყოველდღე
ელოდებოდა, როდის წაიყვანდნენ. თავიდან მაინც ნამეტან შიშში იყო
ყოველდღე. სახლში რას ამბობდა, არ ვიცი მე, ეგენი თბილისში ცხოვრობდნენ
და მე ვანში.
- კარგი, მადლობა ინტერვიუსთვის

You might also like