You are on page 1of 5

სამართალი და ენა

,,დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ის


იყო დასაბამიდან ღმერთთან. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი
შექმნილა, რაც კი შეიქმნა’’ - ასე იწყება იოანეს სახარება, რომელიც წარმოადგენს
პატარა ნაწილს დიდი და ძველი სამართლის წყაროსი, ბიბლიის. ყველაფერი ენით
დაიწყო. რაც მანამდე იყო არ ყოფილა, მხოლოდ ის არის რაც მის შემდეგ შეიქმნა.
ენას უკავშირდება პირველი კომუნიკაცია, ადამიანური ბუნების ერთ-ერთი
მთავარი გამოხატულება. ვინმე შეიძება შეგვეწინააღმდეგოს და უძველესი
კომუნიკაციის ფორმად ჟესტმიმიკადართული მარტივი ბგერები ჩათალოს,
რომლითაც ადამიანები ახერხებდნენ ერთმანეთისთვის მიზერული ინფორმაციის
გაზიარებას. თუმცა ეს ენის საწყისი ეტაპი იყო და ცალკეულ მეთოდად ვერ
ჩავთვლით. ენა ნიშნავს აზროვნების, შექმნისა და აღქმის უნარს. ფილოლოგი გია
მურღულია შენიშნავს, რომ როგორც არ უნდა ვეცადოთ რაიმე საგნის
წარმოდგენას, ამას ვერ მოვახერხებთ მისი სახელის გაფიქრების გარეშე. ჩვენი
აზროვნება ენით არის განსაზღვრული. შემეცნება გულისხმობს მანამდე აუხსნელი
თუ გაურკვეველი მოვლენებისა და ურთიერთობებისთვის სახელის დარქმევას.
შემეცნებაც არის ენა. ენა არის სისტემა, ცხრილი, ყველაზე არაშაბლონური ჩარჩო,
რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენს აზრებს, ჩვენს არსებობას, გარე სამყაროს
თავი მოვუყაროთ, გასაგები გავხადოთ ჩვენთვის და სხვებისთვის,
სურვილისამებრ. ის არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება და არც
ერთადერთი გზა კომუნიკაციისა, თუმცა ის არის ერთ-ერთი უმთავრესი ადამიანის
საარსებოდ აუცილებელ რესურსთაგან. მიუხედავად იმისა, რომ მას გარკვეული
და განსაზღვრული სახე გააჩნია, ჩვენ ვერ ვიპოვით ერთი და იმავე ენაზე მოსაუბრე
ორ ადამიანსაც კი, რომლებსაც იდენტური ენა/მეტყველება/აზროვნება ექნებათ .
თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ენა აქვს(არაპირდაპრი გაგებით) და აქედან
გამომდინარე, სუბიექტური იდეალიზმის თანახმად, საკუთარი სამყაროც. თუმცა
ამის მიღმა ჩვენ, ყველანი, ობიექტურ რეალობაში ვცხოვრობთ, ამიტომ საჭირო
გახდა ენის დარგობრივობის შემუშავება, რათა სისტემური სახის ფენომენები
ყველასთვის თანაბრად ახსნილი და გასაგები იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა შორის არსებული თითოეული ურთიერთობა
უნიკალურია, მაინც შესაძლებელია მათი სხვადასხვა ჯგუფებად დაყოფა და
თითოეული მათგანისთვის გარკვეული შაბლონის მორგება. ამ ტენდენციის
შედეგია მედიცინის, არქიტექტურის, კომპიუტერული მეცნიერებისა და სამართლის
,,ენის“ არსებობა. რამდენადაც სამართალი არის საზოგადოებრივი
ურთიერთობების მომწესრიგებელი სისტემა, ბუნებრივია, ის საწყისიდანვე
მიჯაჭვულია ენასთან, როგორც კომუნიკაციის მთავარ და სახელის დარქმევის
ერთადერთ საშუალებასთან. რადგან, როგორც ბატონი გიორგი ხუბუა წერს:,,ის,
რაც არ შეიძლება გამოითქვას, ვერ მოწესრიგდება”. თუ იმავე პირს დავესესხებით,
სამართლის ნორმა ენობრივ სტრუქტურაში გამოხატული აზრია და შესაბამისად ,
სამართალი მუდმივად იკვლევს თავის ენობრივ ფორმებს.
სამართლის დარგობრივ ენაში გამოყოფენ შემდეგ დონეებს:
1. კანონის ენას
2. მეცნიერულ ენას
3. განაჩენისა და გადაწყვეტილების ენას
4. მოხელეთა ენას
ხალხის ნაწილი, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მიიჩნევს, რომ
სამართლის ენა საერთოდაც არ არსებობს. ისინი გამოყოფენ მხოლოდ
კანონმდებლის იმპერატიულ და მოსამართლის მეტად გასაგებ და მსჯელობით
სავსე ენას. თუმცა აქვე ამატებენ, რომ დამცველის, ბრალმდებლის, სწავლული
იურისტისა თუ ნოტარიუსის ენებს ინდივიდუალური თავისებურებები ახასიათებთ
იმდენად, რომ მათი გარჩევა და კლასიფიცირება სირთულეს არ წარმოადგენს.
ჩვენი გადმოსახედიდან მოწინააღმდეგეთა ეს ჯგუფი საკუთარ თავს
უპირისპირდება ამ მსჯელობით. სამართლის ენა არ არის ერთგვაროვანი,
განსხვავებით სხვა დარგობრივი ენებისგან, თუნდაც მედიცინისგან, მაგრამ
საბოლოოდ მაინც ერთიან სისტემად იკვრება. ამ აზრს აძლიერებს ისიც, რომ
ჩამოთვლილთაგან თითოეულ სახეს ახასიათებს კანონის დარგობრივი ენის
ნიშნები:
1. ფორმალურობა
2. ფუნქციური ხასიათი
3. განსაზღვრული ტერმინოლოგია და მორფოლოგიური თავისებურებები
ერთადერთი ნიშანი, რომლითაც კანონის ენა დანარჩენებისგან აშკარად
გამოიყოფა, არის მისი აბსტრაქტული, არაპერსონიფიცირებული სტილი.
მიუხედავად მჭიდრო გადაჯაჭვულობისა, ერთმანეთისგან ფუნდამენტურად
განსხვავდება ენის ცოდნა და სამართლის ნორმის/სამართლის ენის ცოდნა. მათი
ასეთი დიფერენციაცია არსებობს:
ენის ცოდნა - იმპლიციტურია, რაც გულისხმობს იმას, რომ წინასწარ
განსაზღვრული, დადგენილი ნორმების ცოდნისა და გათავისების გარეშე
შესაძლებელია, ადამიანი ამა თუ იმ ენას მაინც თავისუფლად ფლობდეს, ესმოდეს,
საუბრობდეს. შეიძლება იცეკვო მოხდენილად, მაგრამ არ იცოდე რას ნიშნავს ,,პა“,
შეგეძლოს შეხვიდე როლში და ითამაშო შესანიშნავად ისე, რომ არაფერი
გსმენოდეს ,,მეთოდური შესრულების“ შესახებ.
სამართლის(ნორმის) ცოდნა - ექსპლიციტურია, აქ სწორედ ტერმინებს, წესებსა
და წინასწარ განსაზღვრულ სახელებს აქვს მნიშვნელობა. ეს ცოდნა ბევრად უფრო
ღრმაა, რადგანაც მოიცავს არა მხოლოდ უშუალოდ ნორმის, არამედ მისით
მოწესრიგებული ურთიერთობის, მომწესრიგებელი ინსტიტუტის(თუმცა ამ სფეროს
არცოდნა ყველაზე მცირედ ანაკლოვანებს საერთო ცოდნას) და ამასთანავე
სამართლის დარგობრივი ენის სპეციფიკის ცოდნასაც. კანონმდებელი ვერ
შექმნის და დაამტკიცებს კანონს მხოლოდ ,,გუმანით“, სათანადო კომპეტენციის
გარეშე. ვერც კანონშემფარდებელი გამოიტანს კონკრეტულ განაჩენს
სამართლებრივი ჩარჩოებისა და საზღვრების გაუთვალისწინებლად. ასე რომ ,
სამართლის ენის იმპლიციტური ცოდნა საკმარისი არ არის, რომ აღარაფერი
ვთქვათ დანარჩენ კრიტერიუმებზე. საჭიროა იურისტმა და ნებისმიერმა სხვამ,
ვისაც იურისპრუდენციის ცოდნაზე პრეტენზია ექნება, სამართლის პირნციპები ,
ტერმინოლოგია და სხვანი იცოდეს.
გარდა ენების სტანდარტული კლასიფიკაციისა(ქართული, ბერძნული,
თურქული...), კონკრეტული ენის შიგნით, როგორც უკვე ვნახეთ, მრავალი ტიპი
შეიძლება გამოიყოს. გვინდა კიდევ ერთი მათგანი გამოვყოთ. ესაა ენა-ობიექტი,
იგივე დედუქციური თეორიის ენა. მისი მეშვეობით გამოისახება მსჯელობა
ობიექტებზე, მაგ: კუბდარი არის საუკეთესო რამ მათ შორის, რაც სვანებს ოდესმე
შეუქმნიათ. როგორც ვნახეთ მას არ ახასიათებს რაიმე განსაკუთრებული
თავისებურება და შეიძლება გაჩნდეს კითხვა, საერთოდ რა საჭიროა მისი ცალკე
გამოყოფა და აღნიშვნა? სანამ ამ კითხვაზე პასუხს გავცემთ, უნდა ვისაუბროთ
მასთან უშუალოდ მიბმულ ნაირსახეობაზე, მეტაენაზე. ეს უკანასკნელი აღწერს
სემოხსენებულს, მსჯელობს, საუბრობს მასზე და მის თავისებურებებზე,
მაგალითად: ,,მსჯელობა - კუბდარი არის საუკეთესო რამ მათ შორის, რაც სვანებს
ოდესმე შეუქმნიათ - სადავოა, თუმცა ლოგიკური საფუძვლები აქვს“. ენა-
ობიექტიცა და მეტაენაც თავის შეუცვლელ საჭიროებას ადასტურებს, როცა საქმე
ეხება სემანტიკურ ანტინომიებს, სამართლის განუყოფელ მოვლენას. სემანტიკური
ანტინომიის მთელი არსი ის არის, რომ ნებისმიერი მოვლენა შეიძლენა იყოს
გამოყვანილი ,,კარგადაც“ და ,,ცუდადაც“. მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ ფენომენში
ჩანს საადვოკატო ხელოვნების ბუნება ყველაზე ნათლად. ეს მომენტი
ცდომილებაშია თითქმის ყველა რელიგიური სწავლების იდეასთან, რომ არსებობს
მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება და გულისხმობს, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ
პერსპექტივაზეა დამოკიდებული. სურეალისტი რენე მაგრიტი მიიჩნევდა, რომ
ერთადერთი სინამდვილე ჩვენს თავშია, ნამდვილია მხოლოდ იდეა, ყველა
დანარჩენი კი უბრალო რეპროდუქციაა და მას იდეას ვერ გავუტოლებთ. ანუ
დედუქციური თეორიის ენა არსებულის აღწერაა, არსებული უკვე რეპროდუქციაა.
ხოლო მეტაენა - მასზე მსჯელობა, მისი იდეა, ამიტომაც განსაზღვრავს ის
სინამდვილეს თეორიულადაც და პრაქტიკულადაც.
ამ თავისებურებას ვერ შევხვდებით კანონის ენაში. უნდა აღინიშნოს, რომ ის
სხვებისგან განსხვავებით ავთენტიკურია. მიუხედავად იმისა, რომ
კანონშემფარდებელი არ არის თავისუფალი, იყოს სუბიექტური ან აჩვენოს
დამოკიდებულება, მაინც გამოიხატება მისი პირადი ნება. გარდა ამისა, კანონის
ტექსტის მხოლოდ ციტირებაა შესაძლებელი. ეს დეტალი შეიძლება ერთი
შეხედვით აღნიშვნადაც არ ღირდეს სიცხადის გამო, იმის გათვალისწინებით, რომ
სიტყვასიტყვით უნდა იყოს დაცული სასამართლოს გადაწყვეტილება, სარჩელი თუ
სხვანი, მაგრამ ეს ყველაზე კრიტიკული შემთხვევაა. სიტყვის შეცვლა, თუნდაც ის
მნიშვნელობას არანაირად არ ცვლიდეს, მხოლოდ კანონმდებლის კომპეტენციაა
და ისიც სპეციალური პროცედურისა და მთლიანად კანონის შეცვლის
საშუალებით.
მონტესკიე წერდა, რომ კანონი არის ხალხამდე მიტანილი სამართალებრივი
წესრიგი. კანონი სამართლის მთავარი გამოხატულებაა, პროდუქტია. ის იქმნება
ხალხისთვის და მნიშვნელოვანია მაქსიმალური ორიენტირება იმაზე, თუ
რამდენად ,,მიაქვს“ მას სამართალი, რამდენად ესმის ადრესატს მისი. კანონის
გაგების მრავალი ასპექტი არსებობს:
1. ჰერმენევტიკული- ეს მეთოდი უძველესი დროიდან გამოიყენება
მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოების ინტერპრეტირებისთვის. მას
აქტიურად იყენებდნენ ნეოპლატონიკოსები. თანამედროვე სახით მის
გამოყენებაში დიდი წვლილი მიუძღვის გადამერის თეორიას, რომელიც
ამტკიცებს რომ შეულძებელია ნებისმიერი სახის ნაწარმოები(მათ შორის
კანონი) ერთჯერადი სახით მივიღოთ. ჰერმენევტიკა კანონთან მიმართებით
ითვალისწინებს მის გაანალიზებას, შეცვლილ სიტუაციასთან
შესაბამისობასა და მისი მრავალჯერადობის ახსნას.
2. კოგნიტური - კოგნიტური დანახარჯის გამოანგარიშება. გარკვევა, ხომ არ
მოითხოვს კანონის ტექსტი სხვადასხვა სირთულეების(გრძელი
წინადადებები, რთული ენა) გამო ზედმეტ ენერგიასა და ყურადღებას
ადრესატისგან მის გასაგებად.
3. პრაგმატული - კანონის დანიშნულებაა პიროვნებამ მისი გაცნობის შემდეგ
ლოგიკური დასკვნა გამოიტანოს იმის შესახებ თუ რის გაკეთებას თუ
გაკეთებისგან თავის შეკავებას ითხოვს ადრესანტი.
ვფიქრობთ, ეს უკასკნელი ძირეული მოთხოვნაა კანონის არსებობაში. მის შემდეგ
მოდის ჰერმენევტიკული ასპექტი. თითოეული ასპექტის სწორად შესრულება
დამოკიდებულია ენაზე. კანონმდებელი უნდა ფლობდეს საკმარის უნარს
იმისთვის, რომ აზროვნებდეს როგორც ფილოსოფოსი და მეტყველებდეს
როგორც გლეხი(გიორგი ხუბუა). გენიალური სიმარტივის მიღწევაში მას
დაეხმარება არადოგმატური, არაპროფესიული ლიტერატურული განათლება .
მართალია, კანონი გაურკვევლობას აუცილებლად წარმოშობს იმ ადამიანისთვის,
რომელსაც არ აქვს ცოდნა იმ სფეროს შესახებ, რომელსაც ხსენებული
მიემართება, მაგრამ კანონშემოქმედის მოვალეობაა ეს ამ გაურკვევლობის
შემცირება ლინგვისტური მექანიზმებით.
ხსენებული ლინგვისტური მექანიზმები მოიცავს:
1. ენის სიმარტივეს
2. სტრუქტურიზებას
3. წინადადებათა შესაფერის მოცულობას
4. დამატებით სტიმულატორებს
რა თქმა უნდა, ყოველივე ეს არ ესწრაფვის სრულყოფილი ტექსტის
ჩამოყალიბებას ან მაღალმხატვრულ იდეალებს. ერთადერთი დანიშნულება
კომუნიკაციის გამარტივებაა კანონმდებელსა და კანონის ,,მომხმარებლებს “
შორის. საამისოდ, ბუნებრივია, კანონის ხალხამდე მიტანა, გამოქვეყნებაა საჭირო,
თუმცა ეს სხვა თემაა, ტექნიკური საკითხია, ხოლო ენის მნიშვნელობა ,,აზრობრივ
მიტანაშია“ გამოხატული.
საბოლოო ჯამში, ნათელია, რომ სამართალი ენის გარეშე არც არსებობს, და ვერც
იარსებებს. ენა კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა, სამართალი - კომუნიკაციის
ფორმა. იმან, რომ ეს ორი ერთმანეთთან ამდენად მიჯავჭვულია, გამოიწვია
სამართლის ენის, როგორც ცალკე დარგის ჩამოყალიბება. სამართალი
ხალხისგან ხალხისთვის იქმნება და იწარმოება და შეიძლება გაჩნდეს კითხვა,
რატომ განსხვავდება სამართლის ენა ჩვეულებრივი სამეტყველო ენისგან ?
რადგან სამართალი თავად მეცნიერებაა, სისტემაა და, ბუნებრივია, ენას მასთან
მიმართებით სპეფიურობა ახასიათებს. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,
სავალდებულოა ბალანსის დაცვა და გასაგებობის მაქსიმალური უზრუნველყოფა.

გამოყენებული ლიტერატურა: გ.ხუბუა ,,სამართლის თეორია"

You might also like