You are on page 1of 3

ყოლბაია სესილი

იმანუელ კანტი

იმანუელ კანტი თანამედროვე ფილოსოფიაში მეტად მნიშვნელოვანი ფიგურაა.


მიუხედავად იმისა, რომ ის მკაცრ ცხოვრების წესს მისდევდა და მის საცხოვრებელ
ადგილს არ მოსცილებია, მისი პასუხი 1784 წელს გამოცემულ ჟურნალში გერმანელი
პროტესტანტი პასტორის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რა არის განმანათლებლობა,
ნამდვილად გასცდა საზღვრებს. კანტი მას ასე განმარტავს: „ადამიანის გამოსვლა
უმწიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალია“ (გამოყენებული ლიტერატურა: კანტი
იმანუელ „პასუხი შეკითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?“ წიგნში შთა1, 311გვ,
თბილისი:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2019).
განმანათლებლობის ეპოქის მოაზროვნეები, რომლებიც იყვნენ: დენი
დიდრო,მონტესკიე, ვოლტერი, ჟან ჟაკ რუსო და ა.შ. ებრძოდნენ XVI-XVII
საუკუნეებში გამეფებულ სიბნელეს, რომელიც უცოდინრობითა და უმეცრებით იყო
გამოწვეული, ასევე დაუპირისპირდნენ შუა საუკუნეების რელიგიურ-დოგმატურ
წარმოდგენებს. ისინი ადამიანის უმთავრეს უნარად გონებას და მის შესაძლებლობებს
აღიქვამდნენ. მათმა ეკონომიკურმა იდეებმა თეორიულად გაამაგრა
ინდუსტრიალიზაციის პროცესი, ხოლო რუსოს სიტყვები მისი რომანიდან „ემილი“-
„ჩვენ კრიზისის მდგომარეობასა და რევოლუციების საუკუნეს ვუახლოვდებით“
წინასწარმეტყველება აღმოჩნდა.

ზემოთ ნახსენებ ცნობილ ფრაზას(კანტის) ავტორი შემდეგნაირად განმარტავს:


მისთვის უმწიფარი ადამიანი ისაა, ვინც არ/ვერ იყენებს მისივე გონებას შიშის ან
გაუბედავობის გამო, ამიტომ ყველა ადამიანი თავის უმწიფრობაზე
პასუხისმგებელია. სიზარმაცე და სილაჩრეა მიზეზები უმწიფრობისა. ადამიანებს ეს
მდგომარეობა უფრო ეკომფორტულებათ, რადგან მათ ყავთ დიეტოლოგები, რომ მათ
მაგივრად განსაზღვრონ მათი რაციონი, მოძღვარი, რომელიც გაუწევთ სინდისის
მაგივრობას და ა.შ. ყოველი ცალკეული ადამიანისათვის რთულია უმეცრების
მდგომარეობიდან გამოვიდეს, რადგან ისინი ამას ბავშვობიდანვე მიჩვეულნი არიან
მეურვეების დახმარებით: ისინი თავიდანვე უნერგავენ, რომ საბავშვო ეტლის გარეშე,
რომელშიც ჩაკეტილნი არიან, ვერ გაივლიან, რადგან ვითომ არსებობს საფრთხე, რომ
წაიქცნენ, რაიმე დაიზიანონ.. რეალურად კი ეს „საფრთხე“ მათი განვითარების
საწინდარია, ერთხელ და ორჯერ წაქცევით ისინი გამართულად სიარულს ისწავლიან
- განვითარდებიან. თუმცა ამ სახის მაგალითი იწვევს გაუბედავობას და აიძულებს
ხალხს, რომ შეეგუონ მათ არსებულ მდგომარეობას, სადაც არიან უმწიფრები.
კანტი ამ პრობლემის აღმოფხვრის გზასაც გვთავაზობს: მისი აზრით, ამისათვის
საჭიროა კოლექტიური გათავისუფლება და ემანსიპაცია, რათა ადამიანები
ზრდასრულნი გახდნენ და არ იყვნენ დამოკიდებულნი მეურვეზე, რომელსაც
შესაძლოა სულაც არ სურდეს მისი გათავისუფლება თავისივე სარგებელის გამო.
საჯარო გონების გამოყენება არის ზემოთთქმული თავისუფლების გარანტი, რადგან,
თუ კვლავ კანტს დავუჯერებთ: როდესაც ოფიცერს მთავარსარდლის
გადაწყვეტილება არ მოსწონს და არ ეთანხმება, მას არ აქვს უფლება, რომ უფროსს
შეეწინააღმდეგოს, მაგრამ თუ ის ამ საკითხზე მეცნიერულ ნაშრომს გამოაქვეყნებს,
გააანალიზებს მის დაშვებულ შეცდომებს და ისაუბრებს ამ თემაზე ხმამაღლა,
საჯაროდ, ანუ გამოიყენებს საჯაროდ გონებას, ოფიცერს არავინ გააკრიტიკებს.
განმანათლებლობა მიღწევადი, თუმცა რთული პროცესია და ამიტომ, საზოგადოებამ
მხოლოდ ნელ-ნელა და ეტაპობრივად უნდა განავითაროს გონება, თუ
განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აზროვნებასა და განათლებას, უფრო
ეფექტური შედეგი იქნება.

ადამიანისთვის ბუნებრივ მდგომარეობად იქცა უმოქმედობა, შემგუებლობა,


სიზარმაცე, თუმცა, თუ გავბედავთ საკუთარი განსჯის გამოყენებას („Sapere Aude!”),
შევეცდებით, რომ უმწიფრობის ბორკილები მოვიხსნათ და გავთავისუფლდეთ
უმეცრებისგან, ყოველთვის გამოჩნდება ამ რამოდენიმე ადამიანისგან ის ერთი
დამოუკიდებლად მოაზროვნე, რომელიც არამხოლოდ თვითონ გადააგდებს ამ
ბორკილებს, არამედ საზოგადოდაც გაავრცელებს ამ თავისუფლებას. ეს
თავისუფლება კი ძალიან მოკლე ჭრილში განისაზღვრება: ამისათვის
მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ საზოგადოდ შეძლო საკუთარი ფიქრის, განსჯის
მოხმარება.

კანტი მსჯელობს გონების ორგვარ გამოყენებაზე: საჯაროსა და კერძოზე. როგორც


ტექსტიდან ჩანს, კანტი თავის მსჯელობაში „გონების საჯარო გამოყენებაში“ იგივე
მნიშვნელობას დებს, რაც ჩვენ დღეს გამოხატვის და მედიის თავისუფლების ცნებებს
ვანიჭებთ. გონების საჯაროდ მოხმარება კანტისთვის არის მსჯელობა, რომელსაც
კონკრეტული ადრესატი, მიმღები არა ჰყავს და რომლის მიღებაც ყველას შეუძლია.
გონების კერძო გამოყენება კი არის ყოველდღიური საქმიანობა, სამსახური, ის, რაც
ეხება კონკრეტულ ვითარებას, რომელშიც ჩვენ გვიკავია პოზიცია და გვევალება
განსაზღვრული სამუშაოს შესრულება. გონების საჯარო მოხმარებისას ადამიანი
ხდება მეცნიერი, გონების კერძო მოხმარებისას კი ის, ვინც სამუშაოს ასრულებს: მუშა,
ექიმი, მასწავლებელი. საზოგადოების გამოყვანა უმწიფრობიდან პიროვნების
განუვითარებულობასთან შედარებით უფრო ადვილი იმიტომაა, რომ ამ
შემთხვევაში გონების საჯარო გამოყენება უნდა შეეხოს. გონების საჯარო და კერძო
გამოყენებათა განსხვავებით, კანტი უარს ამბობს სახელმწიფოსადმი
დაუმორჩილებლობაზე, რომელიც გადასახადთა არ გადახდით და სხვ. გამოიხატება,
მისი აზრით, ასეთი დაუმორჩილებლობა ვერ მოიტანს ჭეშმარიტ
განმანათლებლობას.

როდესაც კანტი სვამს კითხვას, ცხოვრობენ თუ არა ის და მისი თანამედროვენი


განათლებულ ეპოქაში, თვითონვე ცალსახად პასუხობს, რომ პასუხი უარყოფითია,
თუმცა დასძენს, რომ ეს განმანათლებლობის ეპოქაა. უნდა გამოვყოთ ის ასპექტიც,
რომ კანტი განმანათლებლობის მთავარ საკითხად რელიგიას მიიჩნევს, რადგან
ხელოვნებათა და მეცნიერებებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მმართველებს, ანუ
მეურვეებს არ აქვთ დიდი ინტერესი მათი კონტროლისა. ამას გარდა, კანტი
უმწიფრობას რელიგიურ საკითხებში უფრო საზიანოდ და ღირსების შემლახავად
მიიჩნევს.

დასკვნის სახით, ჩამოვაყალიბოთ ის ძირითადი საკითხები, რომელიც კანტმა


გამოიყენა განმანათლებლობის განსამარტავად. თავდაპირველად შეგვიძლია
გავიხსენოთ მისივე ფრაზა „განმანათლებლობა – ესაა ადამიანის გამოსვლა
უმწიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალია.“, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს
მთელ ტექსტს. აქ მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ ავტორი უმწიფრობას თვითონვე
ადამიანს აბრალებს და არ ცდილობს, რომ ეს ერთი ადამიანთა დიდი პრობლემა სხვა
რაიმე გარემოპირობებს დააკავშიროს. ასევე გამოყოფს იმ საკითხს, რომ
საზოგადოების თვითგანათლება უფრო ადვილია, ვიდრე ცალკეული ადამიანებისა,
თუმცა ამის მაგალითები იშვიათია. იგი ერთმანეთისგან გონების კერძო და საჯარო
გამოყენებასაც მიჯნავს, რომლითაც ხსნის ბუნტებისა და რევოლუციების
არააუცილებლობას, არასაჭიროებას და ასევე წარმოგვიდგენს გონების გამოყენების
ორ სხვადასხვა ასპექტს. ბოლოს, ის მნიშვნელოვნად თვლის, რომ აღნიშნოს
რელიგიის სფეროს თავისუფლების მნიშვნელობა.

გამოყენებული ლიტერატურა: კანტი იმანუელ, „პასუხი კითხვაზე: რა არის


განმანათლებლობა?“ წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, 309-318,
თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლო9ბა, 2019.

You might also like