You are on page 1of 5

-შესავალი თანამედროვე აზროვნებაში-

ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკი

დეა ბურჯანაძე

საშინაო ნაშრომი

ჰუმანიტარული მეცნიერებები

კურსის ხელმძღვანელი: ბაქარ ბაიდაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 2023
ადამიანებს საკუთარი მიზნის მისაღწევად არნახული ძალაუფლება ესაჭიროებათ, რაც
გარკვეულწილად სხვაზე ბატონობასაც გულისხმობს. წარმატება პირდაპირ
პროპორციულად არის დამოკიდებული ძალაუფლების მოცულობაზე. სამწუხაროდ აქ
დემოკრატია და დაგეგმვა ერთმანეთს უპირისპირდება, რადგან ეკონომიკური
საქმიანობის მართვის დროს ხდება თავისუფლების დათრგუნვა. ძალაუფლების
უსაზღვრო გადაცემა გარდაუვალი ხდება ერთი მიზნისა თუ გეგმის
განხორციელებისთვის. ჰაიეკი მაგალითისთვის ქვეყნებს ადარებს ერთმანეთს: ამერიკის
შეერთებულ შტატებსა და ინგლისში არაპროფესიონალ და ნაკლები ანაზღაურების
მქონე მუშებსაც კი გაცილებით მეტი თავისუფალი დრო და იმის საშუალება რჩებათ,
რომ საკუთარ კეთილდღეობასა და კეთილმოწყობაზე იფიქრონ, ვიდრე მაღალი
ანაზღაურების მქონე გერმანელ მეწარმეებს, რუს ინჟინრებსა და მენეჯერებს. ადრეულ
პერიოდშიც და ახლაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ინგლისში ადამიანებს
თავისუფლად შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი შეხედულებები, შეიცვალონ სამსახური
ან სრულიად პროფესია და განსაზღვრონ, თუ სად და ვისთან ერთად გაატარებენ
თავისუფალ დროს. ამ ადამიანების თავისუფლებას საერთოდაც არ ემუქრება იმის
საშიშროება, რომ მისთვის ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ საქმეს და გარემოს
მიეჯაჭვოს. ავტორი ასევე ხაზს უსვამს კერძო საკუთრების წეს-წყობილებასაც, რადგან ეს
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია იმათგან, რასაც თავისუფლების გარანტიას ვუწოდებთ.
ეს იმიტომ, რომ ბევრ ადამიანს შორის არის განაწილებული წარმოების საშუალების
გამგებლობა, რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედებენ, ანუ მათ შეუძლიათ თვითონ
მიიღონ გადაწყვეტილებები. თუ ძალაუფლება მხოლოდ ერთის ხელში იქნებოდა
მოქცეული, მაშინ მის განკარგულებაში სრული ძალაუფლება იქნებოდა, რომელსაც
ყველაზე ექნებოდა ზეგავლენა. „იმ ქვეყანაში, სადაც ერთადერთი დამქირავებელი
სახელმწიფოა, ოპოზიციაში ყოფნა შიმშილით სიკვდილს ნიშნავს.“ (ჰაიეკი, 2018. 219)

ტოტალიტარიზმი და სოციალიზმი ის გამოვლინებებია, რომლებიც ადამიანების


ინდივიდუალიზმს საკმაოდ აფერხებს. ჰაიეკის თქმით, ინდივიდუალიზმი
ქრისტიანულ რწმენასა და პატივისცემაზეა დაფუძნებული, ამიტომ აუცილებელია
ადამიანმა ღვთისგან ბოძებული ნიჭი ცხოვრებაში გამოიყენოს თავის საკეთილდღეოდ,
რადგან მის ცხოვრებას აზრი მიეცეს და იყოს წარმატებული. იქ, სადაც ის წინაღობები
გადაილახა, რომლებიც ადამიანის თავისუფლებას ეღობებოდა, ადამიანებს მალევე
გაუჩნდათ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილი და საშუალებები. ავტორის
თქმით, მეოცე საუკუნე იყო პერიოდი, როცა პირველად მშრომელმა ადამიანმა
დამოუკიდებლობის ისეთ დონეს მიაღწია, რომლის წარმოდგენაც ასეული წლის წინ
ნამდვილად შეუძლებელი გახლდათ.

დაგეგმვის მომხრეები და ლიბერალები კამათობენ მიზანშეწონილი საქმიანობის


დაგეგმვის განხორციელების საუკეთესო გზებზე. საკითხი ორნაირად აღიქმება:
პირველი არის ისეთი გარემო პირობების შექმნა, რომელიც თითოეული ადამიანის
ინიციატივებსა და ცოდნას გასაქანს მისცემს იმ მხრივ, რომ ისინი წარმატებულად
დაგეგმავენ საკუთარ ცხოვრებას და მომავალ, ხოლო მეორე არის ცხოვრების უკვე
შედგენილი გეგმის მიხედვით მართვა, რაც ინდივიდუალიზმისა და
დამოუკიდებლობის საწინააღმდეგოა. დაგეგმვის ლიბერალური გზა გულისხმობს
„კონკურენციის საუკეთესო შესაძლებლობების გამოყენებას.“ (ჰაიეკი, 2018. 222)
ჯანსაღი კონკურენციის ნაყოფიერებისთვის აუცილებელია ისეთი კანონების ქონა,
რომელიც მოხერხებული იქნება, თუმცა შეცდომებისგან არც ერთი კანონი არ არის
დაცული. ლიბერალიზმი დირექტორული მართვის ფორმას ეწინააღმდეგება და
კონკურენციას მიიჩნევს ყველაზე მთავარ გასაღებად მისი შედეგიანობის გამო, ასევე
იმიტომ, რომ მასში ხელისუფლება არც ნებელობით და არც ძალადობით ერევა.
კონკურენციისა და ცენტრალური მართვის არასრულყოფილად გამოყენების
შემთხვევაში, ისინი უშედეგო იარაღად გარდაიქმნება, აქედან გამომდინარე კი, ამ ორის
შერწყმა გამორიცხულია, რადგან ასეთ შემთხვევაში ვერც ერთი ვერ იმუშავებს.

ჰაიეკი უდიდეს უტოპიად დემოკრატიულ სოციალიზმს მიიჩნევს. ეს ლოგიკურად


შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან, როგორც ცნობილია არც ერთი გეგმის უზენაესობის
შეგუება არ არის შესაძლებელი პიროვნული თავისუფლებით. ავტორს აქ ომის
მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ სრულიად აბსურდი და შეცდომაა ყველაფრის ისე
კეთება როგორც ხალხი ომის დროს იქცეოდა. აქ უფრო მისაღები. თავისუფლების
დროებითი შეზღუდვა შეიძლება იყოს მიჩნეული, რადგან მომავლისთვის ის უფრო
მეტად დაცული იყოს, ხოლო „გეგმური ეკონომიკის ინტერესებს კი თავისუფლების
მუდმივი შეზღუდვა მოაქვს.“ (ჰაიეკი, 2018. 226)

ავტორი გამოყოფს სამ ძირითად მიზეზს იმის აღსაწერად, თუ რატომ ექცევა სათავეში
ყველაზე უარესი: პირველი - განათლებული და მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანის
გემოვნება და შეხედულებები უფრო მრავალფეროვანია. ერთგვაროვნების უფრო
მაღალი ხარისხის აღმოსაჩენად კი საჭიროა უფრო დაბალი ინტელექტური და
ზნეობრივი სტანდარტების, პრიმიტიული ინსტიქტების ძიება. მეორე - რადგან
ადამიანების ეს ჯგუფი წინამძღოლის მიზანსწრაფვის მხარის ასაბმელად საკმარისად
დიდი არ არის, იძულებულები ხდება უფრო მეტი პრიმიტიულად მოაზროვნე, დამჯერი
და მორჩილი ადამიანი მიიღოს, რომელთაც საკუთარი აზრი და რწმენა არ გააჩნიათ და
მზად არიან იმისთვის, რომ სხვისი ფსომხედველობა და შეხედულებები
გაითვალისწინო და მიიღონ. მესამე - იმისათვის, რომ მომხრეები ერთიანნი იყვნენ,
ლიდერმა მათ „საერთო ადამიანურ სისუსტეებს უნდა მოუხმოს.“ (ჰაიეკი, 2018. 228) ეს
იმიტომ, რომ ადამიანებს ნეგატიური საკითხის გარშემო გაერთიანება უფრო
უადვილდებათ, ვიდრე პოზიტიურისა.

ხოლო რაც შეეხება უშუალოდ დაგეგმვის გარდაუვალობას, ჰაიეკი ფიქრობს, რომ


პოლიტიკური ქმედებების შედეგი გახლავთ დაგეგმვისკენ მიზანმიმართული მოძრაობა,
ამიტომ დაგეგმვის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს.
ბიბლიოგრაფია

ჰაიეკი, ფრიდრიხ. გზა ბატონყმობისკენ. შესავალი თანამედროვე აზროვნებაში II. 2018.


თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

You might also like