You are on page 1of 5

კაზუსი

ანი ახალბედა დიზაინერია. ანიმ გადაწყვიტა თავისი ექსტრავაგანტული საღამოს კაბები ფართო
საზოგადოებას წარუდგინოს, რისთვისაც სარეკლამო ბუკლეტს ავრცელებს.

მარი, რომელმაც წარმატებით დაამთავრა სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე,


კურსდამთავრებულებთან ერთად საღამოს წვეულებისთვის ემზადება. მარი სწორედ
ორიგინალური საღამოს კაბის ძიებაშია, რის გამოც, ანის ბუკლეტში მითითებულ მისამართზე
მიდის, ათვალიერებს ვიტრინებში გამოფენილ კოლექციას და თავის სასურველ შავ კაბას პოულობს.
მარი, მაღაზიის მენეჯერ ლიას ეუბენება, რომ სურს შეიძინოს შავი საღამოს კაბა, რომელიც
ბუკლეტში ნახა ნომერით: 012 და რომის ფასიც სარეკლამო ბუკლეტშივე მითითებული იყო - 700
ლარი. ლია უხსნის მარის, რომ ამ კაბაზე ფასდაკლება მხოლოდ შეზღუდული დროით მოქმედებდა
და ახლა კაბა 1000 ლარი ღირს. უსიამოვნო სიახლით შეფიქრიანებული მარი ხმასაც აღარ იღებს,
მდუმარედ ტოვებს სახელოსნოს.

რამდენიმე დღის უშედეგო ძიების შემდეგ მარი გადაწყვეტს, ისევ ანის საღამოს კაბების კოლექციას
მიმართოს, რადგან სხვა მოსაწონ კაბას ვერსად პოულობს. მარი ტელეფონით უკავშირდება ანის და
ავტომოპასუხეზე უტოვებს შეტყობინებას, რომ თუ კაბა ჯერ არ გაყიდულა, მზადაა შეიძინოს
თავდაპირველად შერჩეული შავი საღამოს კაბა შეთავაზებულ ფასად - 1000 ლარად. მარი
შეტყობინებაში აცხადებს, რომ პასუხს დაელოდება 10 მაისამდე და იქვე თავის კოორდინატებს
უთითებს.

ანი იმავე დღეს ისმენს შეტყობინებას, მაგრამ რადგანაც უკვე სხვა მყიდველს შეუთანხმდა კაბაზე,
უპასუხოდ ტოვებს მარის შეტყობინებას. თუმცა მალევე, კერძოდ, 11 მაისს, აღმოაჩენს რა, რომ კაბის
შეპირებული მყიდველი საიმედო არ აღმოჩნდა, ტელეფონით უკავშირდება მარის და ეუბნება, რომ
თუკი კიდევ სურს მარის ამ კაბის შეძენა, თანახმაა კაბის 1000 ლარად მიყიდვაზე. მარი
შეურაწყოფილია, რომ პასუხი დაუგვიანეს, ისევ სიბრაზე სძლევს და ახლა თავად არ სცემს ანის
პასუხს - ცივად დებს ყურმილს.

მეორე საღამოს მარი სამზარეულოში ჩაის სვამს, როდესაც ბანკეტის მოახლოება ახსენდება და
წარმოიდგენს საკუთარ თავს თავის სასურველ შავ კაბაში, წერილს უგზავნის ანის და ატყობინებს,
რომ მზად არის დაივიწყოს წყენა და შეიძინოს კაბა 1000 ლარად. იქვე უთითებს, რომ ბანკეტის დღე
ახლოვდება და იმედი აქვს, ამჯერად მაინც დროულად უპასუხებენ, პასუხს კი - 20 მაისამდე
დაელოდება.

ანი 15 მაისს მიღებულ კორესპოდენციას თვალს გადაავლებს და აღმოაჩენს რა, რომ პირველივე
წერილი ბანკის კრედიტის დაფარვას ახსენებს, გუნება წამხდარი გვერდით მოისვრის წერილების
დასტას ისე, რომ მხოლოდ 21 მაისს წერილების ხელახლა დათვალიერებისას ნახულობს მარის
წერილს. სასწრაფოდ ურეკავს მას და ეუბნება, რომ ვერ შეძლო დროულად გასცნობოდა მის წერილს
და რომ თანახმაა მიჰყიდოს შერჩული კაბა დათქმულ 1000 ლარად.

ანის უპასუხისმგებლობით განაწყენებული მარი პასუხობს მას, რომ ბანკეტი გადაიდო, აღარც
სამზადისს ჩქარობს, ამასთან კაბას მხოლოდ იმ შემთხვევაში იყიდის, თუ ანი ფასს დააკლებს და 800
ლარად მიჰყიდის კაბას. ამ შეთავაზებით აღშფოთებული ანი ყურმილს უკიდებს მარის.

მეორე დილით დამშვიდებული ანი გადაწყვეტს „დათმობაზე წავიდეს“, უკავშირდება მარის და მის
ავტომოპასუხეზე ტოვებს შეტყობინებას, რომ მიჰყიდის კაბას ფასდაკლებით, როგორც მარის
სურდა, 800 ლარის ოდენობით. თანაც ფიქრობს რა, რომ მარი ამ დათმობით ბედნიერი იქნება,
თავისი კურიერის მეშვეობით შეფუთულ საღამოს კაბას უგზავნის. მარი ისმენს შეტყობინებას და
გადაწყვეტს, რომ არანაირი ურთიერთობა აღარ სურს ანისთან. საღამოს კი მარი, რომელიც უკვე
ახალ წითელ კაბას იზომავს, ცივი უარით ისტუმრებს კურიერს.

ანის ვერ გაუგია, ახლა რაღა უნდა მარის და პრინციპულად გადაწყვეტს სასამართლოს გზით
დაამტკიცოს, რომ მათ შორის კაბის ნასყიდობის ხელშეკრულება უკვე დადებული იყო,
შესაბამისად, მარიმ უნდა გადაიხადოს კაბის საფასური.

აქვს თუ არა ანის კაბის საფასურის გადახდის მოთხოვნის უფლება?

ამოხსენით კაზუსი დამოუდებლად. დაინიშენთ დრო 1 საათი.

შემდეგ თქვენი კაზუსის ამოხსნა შეამოწმეთ ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით.

სექმა აღებულია პირობითად 30 ქულის ფარგლებში ამოხსნის შესაფასებლად.


შესაბამისად, ამოხსნის სქემა დაგეხმარებათ არამხოლოდ შინაარსობრივად
მიხვდეთ, თუ სად დაუშვით შეცდომა, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ გაანალიზოთ კაზუსის
შეფასების ფორმულაც.

წარმატებებს გისურვებთ! პ.ს. ჯერ ამოხსენით და სქემა შემდეგ ნახეთ.


ძირითადი ხარვეზები:

- იურიდიული მსჯელობის ნაკლებობა - ნუ მოყვებით ამბავს, შეაფასეთ გარემოებები!


კაზუსის პერეფრაზს თუ გააკეთებთ და ამბავს ხელახლა თქვენი სიტყვებით მოყვებით, ამაში
ქულას ვერ მიიღებთ. ეს არ არის ამოხსნა, რადგან კაზუსში რაც წერია, ის ამოხსნის გარეშეც
ვიცით (მაგალითად, ვინ სად მივიდა, ვინ ვის რა უთხრა, როგორ მოიქცა და ა.შ.)
- თქვენი ამოცანა არის იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა ყველა მნიშვნელოვანი
გარემოებისათვის - ამისათვის თქვენი ყველა შეფასება უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ
მუხლს სამოქალაქო კოდექსიდან. გახსოვდეთ - სწორ მსჯელობასა და დასკვნასაც სჭირდება
განმტკიცება კონკრეტული მუხლის/პუნქტის მითითებით, სხვა შემთხვევაში, ეს იქნება არა
სუბსუმცია, არამედ - თქვენი აზრი დასაბუთების გარეშე (თუნდაც, ეს აზრი სწორი იყოს).
მუხლების მითითება მსჯელობაში აუცილებელია!

- სისტემატიზაციის ნაკლებობა - კაზუსის ტექსტი ასახავს გარემოებათა ჯაჭვს; ეტაპობრივი


განვითარებით - რა ხდება და რის შემდეგ ხდება. შესაბამისად, ამოხსნისას კაზუსის შუა ან
ბოლო ნაწილიდან ნუ დაიწყებთ მსჯელობას. ისტორია გაანალიზეთ სისტემურად,
ლოგიკურად და გასაგებად ახსენით მოვლენები. დაიმახსოვრეთ, ნუ გეჩქარებათ პასუხის
გაცემა - ნუ იწყებთ ბოლოდან. დაიწყეთ კაზუსის პირველი აბზაციდან და გაყევით ნაბიჯ-
ნაბიჯ ბოლო დასკვნამდე.

კაზუსის შეფასების სქემა (ქულობრივი ჩაშლა):

 სწორი ჰიპოთეზა, სადაც მოთხოვნის საფუძველი სსკ-ის 477 II მუხლი 2 ქ.

 მსჯელობა, რომ საფასურის მოთხოვნის წინაპირობა არის ნამდვილი ნასყიდობის


ხელშეკრულება, ამისათვის საჭიროა ორი შინაარსობლივად ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა
სსკ-ის 477-ე მუხლის შინაარსით ოფერტისა და აქცეპტის სახით, ანუ სსკ-ის 327-ე მუხლის
შესაბამისად მხარეთა შეთანხმება ყველა არსებით პირობაზე. 2 ქ.

 ბუკლეტი – არ არის ოფერტი სსკ-ის 329 I მუხლის თანახმად, არამედ მოწვევა ოფერტზე სსკ-ის
329 II მუხლის შესაბამისად, ვინაიდან სახეზე არ გვაქვს ბოჭვის ნება და იგი პირთა
განუსაზღვრელი წრისადმი არის მიძღვნილი (+თეორიული ცოდნა) 2 ქ.

 ოფერტი თანამყოფ პირებს შორის, 329 II (სახეზეა ბოჭვის ნება და იგი პირთა განსაზღვრული
წრისადმი არის მიძღვნილი) და 330-ე I ფასი (მოწვევა ოფერტზის შინაარსი შეთავაზების
შინაარსი ხდება) 2 ქ.

 გამყიდველის თანხმობა – მოდიფიცირებული აქცეპტი, ანუ ახალი ოფერტი 333 II

(ცვლის, ან აზუსტებს ფასს) 2 ქ.

 დუმილი ვერ შეფასდება კონკლუდენტური აქცეპტად, 334 და 335-ე მუხლის წინაპირობები არ


არის მოცემული 2 ქ.

ვინაიდან თანამყოფ პირებს შორის გაკეთებულ ოფერტზე პასუხი მაშინვე უნდა იქნეს გაკეთებული
330 I მუხლის თანახმად
შუალედური შედეგი ოფერტი გაქარწყლდა 2 ქ.

 წერილის გაგზავნა ოფერტი (329-ე I მუხლი) არათანამყოფ პირებს შორის (330-ე II მუხლი),
2 ქ.

აქცეპტი მხოლოდ იმ ვადაში შეიძლება გაკეთდეს, რა ვადაშიც ოფერენტს შეუძლია დაელოდოს


პასუხს 330-ე II მუხლი + დაგვიანებული აქცეფტი = ახალ ოფერტს, რომელზეც კვლავ
მეორდება დუმილი = ე.ი. ხელშეკრულება არ დადებულა 2 ქ.

 მარის მე-2 წერილის გაგზავნა ოფერტი (329-ე I მუხლი) არათანამყოფ პირებს შორის (330-ე II
მუხლი), 2 ქ.

საჭიროა ნების გამოვლენის (ოფერტის) „მისვლა“ 51-ე I მუხლის თანახმად, იმისათვის რომ იგი
გახდეს ნამდვილი, ვინაიდან ოფერტი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა. 1 ქ.

გაგზავნილი წერილი ექცევა ანის ძალაუფლების (გავლენის) სფეროში და მას რეალური


შესაძლებლობა აქვს გაეცნოს 1 ქ.

 ანის საპასუხო წერილი - დაგვიანებული აქცეპტი 333-ე I მუხლის შესაბამისად და განიხილება


ახალ ოფერტად. 2 ქ.

თანამყოფ პირებს შორის გაკეთებულ ოფერტზე პასუხი მაშინვე უნდა იქნეს გაკეთებული 330 I
მუხლის თანახმად,

 მარი - მოდიფიცირებული აქცეპტი, ანუ ახალი ოფერტი 333 II

(ცვლის, ან აზუსტებს ფასს) 2 ქ.

 ანი - უარი - ე.ი. წინაპირობები არ არის სახეზე და ნასყიდობის ხელშეკრულება ანისა და მარის
შორის არ დადებულა. 1 ქ.

 ანის მიერ კურიერის გაგზავნა - ოფერტი (329-ე I მუხლი) არათანამყოფ პირებს შორის (330-ე II
მუხლი), 1 ქ.

 მარი - უარი - ე.ი. წინაპირობები არ არის სახეზე და ნასყიდობის ხელშეკრულება ანისა და მარის
შორის არ დადებულა. 1 ქ.

დასკვნა - ანის არ აქვს მარისგან კაბის საფასურის გადახდის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477 II
მუხლის თანახმად. 1 ქ.

----

*შენიშვნა:

- შეგიძლიათ ამოხსნის სქემის მიხედვით, თავად შეასწოროთ თქვენი კაზუსის ამოხსნის უკვე
შესრულებული ვერსია. ეს დაგეხმარებათ მეტ დეტალზე კონცენტრირებისა და
მნიშვნელოვანი გარემოებების უკეთ აღქმაში. ასევე სისტემურად უკეთ გაიაზრებთ, რომ არ
უნდა დაიწყოთ ამოხნა კაზუსის შუა ან ბოლო ნაწილიდან, არამედ ტექსტს ნაბიჯ-ნაბიჯ
უნდა მიყვეთ, რომ არ გამოგრჩეთ ტექსტში ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი.
- შეგიძლიათ რამდენჯერმე ამოხსენით იგივე კაზუსი და ივარჯიშოთ უკეთესი შედეგისათვის.

You might also like