You are on page 1of 4

აკრძალვები ისლამში.

ისლამური სამართალი, ყურანსა და სუნაზე დაყრდნობით, ადგენს ქცევის ზოგად წესებსა და


ნორმებს. კერძო საკითხები რეგულირდება ფიკჰით, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ შარიათის
განმარტება. ფიკჰმა დაადგინა მრავალრიცხოვანი აკრძალვების სისტემა რელიგიურ წეს-
ჩვეულებებში, ყოფაში, საოჯახო ურთიერთობებში, სავაჭრო და საფინანსო ოპერაციებში, საჭმელ-
სასმელთან დაკავშირებით და სხვა. ამის პარალელურად კი შეიმუშავა ზედმეტად მკაცრი
აკრძალვების კორექციების მოქნილი სისტემა, ე. წ. შესწორებების სისტემა (ჰილა — ფანდი).

ადამიანის ყველა ქმედება იყოფა დაშვებულად (ჰალალ) და აკრძალულად (ჰარამ).


თანდათანობით ადამიანის ქმედებათა შეფასების სკალა გართულდა და სამართლისმცოდნეები
მუსლიმის ქმედებებს ყოფენ 5 კატეგორიად: 1. უდავოდ სავალდებულო ქმედებები, რომელიც
გულისხმობს კულტის წესების დაცვას და იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც
დააკისრა ადამიანს საზოგადოებამ (მუსლიმურმა თემმა). 2. სასურველი, რეკომენდებული
ქმედებები მოიცავს ყველა ღირსეულ საქმეს, რომლისთვისაც ადამიანი დაჯილდოვდება
იმქვეყნიურ ცხოვრებაში, თუმცა მათი შეუსრულებლობა არ ისჯება (მაგ., არაკანონიკური
ლოცვები, დამატებითი მარხვა, მოწყალების გაცემა, ვალების მიტევება); 3. დაშვებული,
ნებადართული ქმედებები — ყოველდღიური, უმნიშველო ქმედებები, რომლებიც დაშვებულია,
მაგრამ არ იმსახურებს არც შექებას და არც გაკიცხვას ალაჰის მხრიდან (მაგ. ჭამა, ძილი,
ქორწინება და სხვ.); 4. არარეკომენდებული ქმედებები — უღირსი საქციელი, რომლებიც არ
ითვლება შარიათის ნორმების დარღვევად, მაგრამ განიხილება მორალური პოზიციებიდან
(ფლანგველობა, სიძუნწე, ურწმუნოსთან ქორწინება); 5. აკრძალული ქმედებები (ჰარამ) —
ქმედებები და აზრები, რომლისთვისაც ადამიანს ელოდება სასჯელი ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ
ცხოვრებაში (ღვინის სმა, მევახშეობა და სხვ.). ასეთი დარღვევები განიხილება როგორც
დანაშაული შარიათის საწინააღმდეგოდ. ამდენად, სასა¬მართ-ლოს მიერ განსაზღვრული
სასჯელი (ჰადდ) აუცილებლად უნდა აღსრულდეს.

• საჭმელ-სასმელი. იკრძალება ღვინო და ალკოჰოლური სასმელები. აკრძალულია ღორის


ხორცი და გარეული ცხოველის ხორცი; ცხოველის ლეში — მტაცებლების მიერ დახოცილი და
ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილი ცხოველების ხორცი (აკრძალვა არ ეხება ზღვის ცხო-
ველებს); არარიტუალის შესაბამისად დაკლული ცხოველის ხორცი. სამეცნიერო ლიტერატურაში
იყო მცდელობები აეხსნათ ის ეკოლოგიური (ღორების მოშენება საფრთხეს უქმნიდა ახლო
აღმოსავლეთის ეკოლოგიურ სისტემას — ღორი არის ტყის ცხოველი და აზიანებს მდინარეების
ნაპირებს) და ეკონომიკური (ღორის გამოკვება მოითხოვს დიდი ოდენობით სასურსათო
ხორბლის დახარჯვას) ფაქტორებით და მუჰამადის მისწრაფებით გამოეყენებინა ხორბლის
ნამეტი მუსლიმური თემის საჭიროებისამებრ. ამის ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია
აგრეთვე არაბეთის ნახევარკუნძულის ცხელი კლიმატური პირობები, რომლის დროსაც
ზედმეტად ცხიმიანი საკვების მიღება ჯანმრთელობისათვის საზიანოა.
გადმოცემის თანახმად, მუჰამადმა მიუთითა 7-ჯერ გარეცხვა ჭურჭლის (მათ შორის ერთხელ
ქვიშით), საიდანაც წყალს სვამდა ძაღლი. არსებობს წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ძაღლი ხედავს
სიკვდილის ანგელოზს — ‘აზრა’ილს, რომელიც შემოდის სახლში. ამის გამო მისი ყეფა

1
სიკვდილის წინასწამეტყველია. თუმცა, სამართლებრივ ლიტერატურაში არის მთელი რიგი
გამოძახილი გაწვრთნილი მონადირე ძაღლების გაყიდვის თაობაზე. აკრძალვა ეხება მხოლოდ
ისეთი ძაღლების შენახვას, რომელთაც არ მოაქვთ სარგებელი.

ისლამი კრძალავს ღვინის (ხამრ) დამზადებას, მოხმარებას და შენახვას. ყურანის აიებიდან [2:216;
4:46; 5:92] ჩანს, რომ ღვინის სმის აკრძალვა თანდათან ფორმულირდება მუჰამადის ქადაგებებში
ჰიჯრას შემდეგ და რამდენჯერმე მეორდება. თავდაპირველად ხდება ალაჰის მიერ ხალხი-
სათვის განმარტება, რომ მასში ცოდვა უფრო მეტია, ვიდრე სარგებელი. შემდეგ იკრძალება
ლოცვაზე წარდგომა არაფხიზელ მდგომარეობაში და ბოლოს ალაჰი კატეგორიულად კრძალავს
ხამრს. ყველა მაზჰაბი, მათ შორის შიიტური, ღვინოს უწოდებს ჰარამ-ს და კრძალავს ღვინით
ვაჭრობას. ყურანში ღვინო ცოდვად და სატანის ხელობად ითვლება. უდიდეს ცოდვათა (ქაბა’ირ)
შორის ასახელებენ მას მუსლიმი თეოლოგებიც.
დღეს მუსლიმური სახელმწიფოების უმრავლესობაში (ირანი, სუდანი, სპარსეთის ყურის
ქვეყნები, იემენი, პაკისტანი) დაწესებულია აკრძალვა სპირტიანი სასმელების მოხმარებაზე,
ხოლო დანარჩენ ქვეყნებში ხდება შეზღუდვა სხვადასხვა საშუალებებით.

• ხელოვნება. იკრძალება ცოცხალი არსებების (ადამიანები, ცხოველები, ჩიტები, მწერები


და ა.შ.) გამოსახვა, კერპთაყვანისმცემლობის თავიდან ასაცილებლად და ერთღმერთიანობის
დაცვის გამო. ამასთან არ შეიძლება ადამიანმა თავისი შემოქმედებით კონკურენცია გაუწიოს
ღმერთს. თუმცა, ეს აკრძალვა მთლიანად ვერ განხორციელდა და ისლამი უშვებს მცენარეების,
საგნების და გეომეტრიული ფიგურების გამოსახვას. ამ აკრძალვის შესახებ მოხსენიება არის
მხოლოდ ჰადისებში. აკრძალვა ცოცხალი არსებების გამოსახვაზე უფრო აქტუალური იყო
ადრეულ ისლამში, რადგანაც ბრძოლა მიმდინარეობდა კერპთაყვანისმცემლობასთან.
თანამედროვე ისლამმა მოხსნა ყველა აკრძალვა ამ სფეროში, მაგრამ იკრძალება მოციქულის,
მისი ოჯახის და მიმდევრების გამოსახვა.

• აზარტული თამაშები. იკრძალება ნებისმიერი თამაში „ინტერესის” გამო. ისლამური


სამართლით მუსლიმმა საარსებო სახსრები უნდა მოიპოვოს ალაჰის მითითებების შესაბამისად.
ყურანში აზარტული თამაშები, ღვინო, კერპები და ისრებზე მარჩიელობა ერთმანეთის გვერდით
არის მოხსენიებული [5:92]. ჰადისებით მუჰამადმა მორწმუნეებს სამი სახის გართობის ნება
დართო: ცხენზე ჯირითი, ისრების ტყორცნა და ცოლები. საინტერესოა, რომ აზარტულ
თამაშებში ტერმინი ჭადრაკი (შატრანჯ) არ გვხვდება. ამდენად, ჭადრაკს ზოგი დასაშვებად
თვლის (როგორც გონების ვარჯიშს), ზოგი აკრძალულად (ეს თამაში დიდ დროს მოითხოვს და
ის შეიძლება გახდეს ლოცვაზე დაგვიანების მიზეზი). აკრძალვის მომხრეები თავის აზრს
ასაბუთებენ მოციქულის გამონათქვამით. ჰადისთმცოდნეები კი ამტკიცებენ, რომ ჭადრაკი
გაჩნდა მხოლოდ მუჰამადის სიკვდილის შემდეგ (ირანის დაპყრობის შემდეგ) და ამგვარად,
ყველა ჰადისი ამ თემაზე გამოგონილია. აკრძალვის მიუხედავად, X საუ-კუნიდან ჭადრაკით
გატაცებული იყო მუსლიმური ელიტა, რაზედაც მოწმობს იმ დროის მინიატიურები. ჭადრაკს
ეძღვნება დიდი რაოდენობით სპეციალური წიგნები არაბულ ენაზე, სადაც გადმოცემულია
თამაშის არსი ალეგორიულ და სიმბოლურ ფორმებში. ევროპაში ეს თამაში გავრცელდა XI-XIII სს-

2
ში სწორედ მუსლიმური სამყაროს საშუალებით (სიცილიიდან და ანდალუსიიდან) . აზარტულ
თამაშებში მოხსენიებულია ნარდი, რომელიც იკრძალება იმ შემთხვევაში, თუ ფულზეა თამაში.

• ნადირობა. ითვლება სპორტის სახედ და არსებობის საშუალებად. ისლამი კრძალავს


ნადირობას ორ შემთხვევაში: 1. როდესაც ადამიანი არის იჰრამის მდგომარეობაში ჰაჯის და
‘უმრას დროს, რადგანაც ამ დროს იკრძალება სისხლის დაღვრა; 2. თუ ადამიანი იმყოფება მექის
წმინდა საზღვრებში. ეს ტერიტორია გამოცხადებულია „უსაფრთხო ტერი¬ტო-რიად” ყველა
ცოცხალი არსებისათვის — იქნება ის ფრინველი თუ მცენარე.

• ნარკოტიკები. იკრძალება ჰაშიშის (ჰაშიშ), კოკაინის, ოპიუმის და სხვ. ნარკოტიკული


საშუალებების გამოყენება. ადამიანი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ კარგავს კონტროლს
საკუთარ თავზე და იმყოფება წარმოსახვით სამყაროში. კანონთმცოდნეების აზრით, მას მოაქვს
ფიზიკური, ფსიქოლოგიური, მორალური, სოციალური და ეკონომიკური ზიანი.

• სიმღერა და მუსიკა. ის იყო მმართველთა და არისტოკრატთა გართობის ნაწილი, მაგრამ


განიკიცხებოდა ღვთისმეტყველების მიერ, განსაკუთრებით რიგორისტების, ნაწილობრივ
ჰანბალიტების მიერ. ისინი ეყრდნობოდნენ სუნას. ჰადისების დიდი ნაწილი მუსიკას და
სიმღერას დაშვებულად მიიჩნევს სადღესასწაულო დღეებში, თუ სიმღერების შინაარსი და
შესრულების მანერა ეთანხმება ისლამურ ეთიკას. დასაშვებია აგრეთვე რელიგიური
მისამღერები, სადაც არის ალაჰის და მუჰამადის ქება.

• ოქრო და ვერცხლი. ქალებისაგან განსხვავებით, მამაკაცებს ეკრძალებათ ოქროს


სამკაულების ტარება (ბეჭედი, კალამი, საათი, პორტსიგარა და სხვ.) და წმინდა აბრეშუმის
სამოსი. მოციქულმა ნება დართო მამაკაცებს ეტარებინათ ვერცხლის ბეჭედი. გადმოცემით,
ალაჰის მოციქული და მის შემდეგ პირველი ხალიფებიც ატარებდნენ ვერცხლის ბეჭედს.
იკრძალება ოქროსა და ვერცხლისაგან საოჯახო ნივთების დამზადება. ამ აკრძალვას აქვს
სოციალური, რელიგიური და ეკონომიკური ასპექტი: ისლამური სამართლით არ შეიძლება
მიწიერი სიკეთეებითა და სიმდიდრით უზომოდ გატაცება, რადგანაც ეს მისწრაფება ასუსტებს
ადამიანის სწრაფვას რელიგიური ვალდებულებების შესრულებისაკენ. ამასთან ფუფუნება არის
სოციალური უსამართლობის გამოხატულება. განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, რომ
ოქრო არის უნივერსალური საშუალება ფულადი მიმოქცევისათვის და არ შეიძლება მისი
გამოყენება საოჯახო ნივთებისა და მამაკაცის სამკაულების დასამზადებლად.

• წმინდა ადგილები. ურწმუნოები არ დაიშვებიან „წმინდა ადგი-ლებში”. თუმცა მრავალ


მეჩეთში, რომლებიც ისტორიულ ძეგლებს და არქიტექტურულ ნაგებობებს წარმოადგენენ, დღეს
დაიშვებიან არამუსლიმი ტურისტები, პარასკევის ლოცვისა და დღესასწაულების გარდა. კა-
ტეგორიულად იკრძალება არამუსლიმთა დაშვება შემდეგ წმინდა ადგი-ლებში: მექა, მედინა,
ქარბალა, ნაჯაფი.

• მევახშეობა. არაბ. რიბა („გადიდება”, „დამატება”, „ზედმეტი”) ნიშნავს უკანონო მოგებას,


მევახშეობას. ჯერ კიდევ ისლამამდელ არაბეთში ფართოდ იყო გავრცელებული მევახშეობა.
მევახშეობა მხოლოდ ფულად ურთიერთობებს არ გულისხმობს. მევახშეობას შეიძლება ადგილი

3
ჰქონდეს სხვადასხვა პროდუქტების გაცვლა-გამოცვლის, გაყიდვის დროსაც. მევახშეობა შეეხება
იმ ნივთებს, რომლებიც იწონება და ჭურჭლით იზომება. არ შეიძლება საგანი გადაიცვალოს სხვა
ისეთ საგანზე, რომელიც პირველისაგანაა დამზადებული. მაგ., ხორბალი ფქვილზე, ცხვრის
ხორცი ცხვარზე და ა.შ. დამნაშავეს სასჯელი მოეკითხება განკითხვის დღეს. თვითონ ისლამური
სამართალი უშვებს გარკვეულ შეღავათებს, კანონიერ გზებს, რომელთა საშუალებითაც
ხორციელდება სამევახშეო ოპერაციები და ასეთი ხრიკებით შეიძლება ცოდვისაგან
განთავისუფლება. არაბულ აღმოსავლეთში ის დღესაც არსებობს. ამის მიზეზი კი ალბათ ის არის,
რომ ნებისმიერი საზოგადოების ევოლუციურ განვითარებას თან სდევს დროის შესაბამისი
სავაჭრო-ფულადი ურთიერთობების ახალი ფორმით ჩამოყალიბება თუ პროგრესული გზით გან-
ვითარება. უნდა აღინიშნოს, რომ ისლამი არ კრძალავს მოგებას, თუ მისი მიღების პროცესში
მონაწილეობს ადამიანის შრომა. კლასიკური ისლამური სამართლის მიხედვით, არ იკრძალება
ისლამური სავაჭრო და ფინანსური დაწესებულებების (მათ შორის ბანკების) საქმიანობა. დაშ-
ვებულია ამხანაგური ხელშეკრულებები, როცა მისი მონაწილენი კაპიტალს აერთიანებენ და
შემოსავალს იყოფენ.

• იკრძალება აგრეთვე სპეკულაცია, ქრთამის აღება, პლასტიკური ოპერაციები, ცრურწმენა,


მკითხაობა, ჯადოქრობა, ჭორაობა, საიდუმლო მოსმენა (ეხება მმართველებსაც და
ქვეშევრდომებსაც) ფუფუნების საგნების გადაჭარბებული გამოყენება, თვითმკვლელობა,
პროსტიტუცია და სხვ.

You might also like