You are on page 1of 7

ძველინდური ცივილიზაცია

ჩრდილო ინდოეთის ბუნებრივი პირობები ეგვიპტისას ან ბაბილონისას წააგავდა. მიწა


ნაყოფიერი იყო, ადამიანთა ცხოვრებას განაპირობებდა ინდისა (,,მდინარეთა მამა“) და
განგის (,,მდინარე“) მიქცევა-მოქცევანი. სამხრეთ ინდოეთი მდიდარი გახლდათ
ტყეებით, ძვირფასი ლითონებითა და ქვებით. ინდოეთი დანარჩენი სამყაროსაგან
ჰიმალაის მთებით, ზღვებითა და ოკეანით გამოიყოფოდა.

სამწუხაროდ, დრავიდული (არიელების წინარე მოსახლენი) ანბანი დღემდე


წაუკითხავად მიიჩნევა, რის გამოც ინდოეთის ძირძველი მოსახლეობის ცხოვრებაზე
მატერიალური კულტურის ნაშთებიდანღა ვიცით.

ინდოეთის თავდაპირველი ცივილიზაცია ჩამოყალიბდა ინდის დაბლობებში არსებულ


მცირე ერთობათა საფუძველზე დაახ. 3000 წლის წინ ქრისტემდე. დრავიდები
მისდევდნენ საირიგაციო მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას. მათ მოჰყავდათ
ხორბალი, ქერი, სხვა კულტურები. მოიშინაურეს ცხვარი, ღორი, ზებრა, კამეჩი, აქლემი
და სპილო. ასობით უძველეს ქალაქთაგან ყველაზე ცნობილია მოჰენჯო-დარო
(,,მიცვალებულთა ბორცვი“, თან. პაკისტანი), ჰარაპა (ინდოეთის ჩრდ.დას. მოიცავს
პაკისტანის ნაწილსაც) და სხვ. ქალაქები დაგეგმარებულად შენდებოდა, სახლები კი -
გამომწვარი აგურისაგან. არსებობდა წყლის მილები და კანალიზაცია. ქალაქები,
რომლებიც ხელოსნობისა და ვაჭრობის ცენტრობას ითავსებდნენ, უზარმაზარ
ტერიტორიებს აკონტროლებდნენ. სახელმწიფოებრიობას განასახიერებდა მრავალი
წვრილი სამეფო და სამთავრო, რომლებშიც მმართველები, შესაძლოა, იმავე დროს,
ქურუმებიც იყვნენ. ჰარაპელებმა შეიმუშავეს მორფემულ-მარცვლოვანი დამწერლობა,
მათ მოჰყავდათ ბამბა, ისინი მისდევდნენ ვაჭრობასა და ზღვაოსნობას. ქალაქებში
გადასახლების შემდეგ დაარსეს კოლონიები ინდის ზეგნებსა და აღმოსავლეთ-
დასავლეთში. ერთ-ორ ანძიანი იალქნიან-ნიჩბიანი ხომალდები დაცურავდა არაბეთის
ზღვაში, ომანის ყურეში. საბოლოოდ, მათ მიაღწიეს ნახევარკუნძულ ინდოსტანს და
აღმოაჩინეს კუნძული ცეილონი (შრი-ლანკა).

მე-2 ათასწლეულის შუახანებში ქრისტემდე ინდის დაბლობთა ცივილიზაცია დაეცა


ხშირი წყალდიდოების, ნიადაგის გამოფიტვის, ხე-ტყის გაჩეხვის, ომებისა და თვით
ტროპიკული დაავადებებისადმი იმუნიტეტის დაკარგვის შედეგად. ყოველ
შემთხვევაში, დაახლოებით 1500 წ. ქრისტემდე ჩრდილო ინდოეთში, სავარაუდოდ,
შუააზიური სტეპებიდან შემოიჭრნენ ე.წ. არიული ტომები. მათ ბელადებს რაჯები
ერქვათ, ცხრა მესაქონლე ტომის კავშირს მაჰარაჯა (,,დიდებული მეფე“) მეთაურობდა.
არიელებმა მალევე აითვისეს დრავიდთა მაღალი კულტურა და მკვიდრ
სამიწათმოქმედო ცხოვრებას მიჰყვეს ხელი. დრავიდები დახოცეს, ან მონებადა და
მსახურებად აქციეს. პირველი ათასწლეულის განმავლობაში ქრისტემდე არიელებმა
ინდოეთის მთელი ტერიტორია დაიმორჩილეს. დამპყრობელთა და მკვიდრი
მოსახლეობის ურთიერთობის საფუძველზე წარმოიქმნა და ჩამოყალიბდა ერთგვარი
კასტური სისტემა, რომელიც, უმეტესწილად, დღემდე ნარჩუნდება.

ინდოეთის მთელი მოსახლეობა იყოფოდა ოთხ ძირითად კასტად ან ვარნად (,,თვისება,


ფერი, კატეგორია“). უმაღლეს კასტას მიეკუთვნებოდნენ ქურუმები ანუ ბრაჰმანები.
შემდეგი ადგილი ეჭირათ კშატრიებს - მეომრებს. მესამე კასტაში ერთიანდებოდნენ
ვაიშიები - ხელოსნები, მეთემე გლეხები, ვაჭრები. უმდაბლეს კასტას - შუდრას -
განეკუთვნებოდნენ მსახურები, მონები, მოქირავნენი, ბინძური სამუშაოს
შემსრულებელნი (ტყავის თრიმლვა, მიცვალებულთა დამარხვა და ა.შ.). ცალკეულ
ვარნათა წარმომადგენლების ერთმანეთზე ქორწინება, თანამესუფრეობა, თანაცხოვრება
იკრძალებოდა. ბრაჰმანები გადასახადთაგან და ვალდებულებათაგან თავისუფალნი
იყვნენ, არ შეიძლებოდა მათი ფიზიკური დასჯაც. ძველინდური კანონების თანახმად, 9
წლის ბრაჰმანი იერარქიული სტატუსით 90 წლის კშატრიას მამად, ხოლო ეს
უკანასკნელი - მის შვილად მიიჩნეოდა. კშატრიები მოსახლეობის იმ ერთადერთ
კატეგორიას განეკუთვნებოდნენ, რომელიც მონაწილეობდა ლაშქრობებსა და
ბრძოლებში. ვაიშიები სხვადასხვა გადასახადს იხდიდნენ. შუდრებმა ევროპულ ენებს
მისცეს ცნება ,,პარია“, როგორც სიმბოლო საზოგადოებისაგან გარიყულებისა: პარიებთან
შეხებაც კი წაბილწვას გიქადდათ.

ქრისტემდე პირველი ათასწლული აღსავსე იყო სხვადასხვა ინდური სახელმწიფოების


ურთიერთბრძოლით ინდოეთის ტერიტორიაზე უპირატესობის მოსაპოვებლად. ჩვ. წ-
მდე მე-4 ს. ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთი ალექსანდრე მაკედონელის იმპერიას
შეუერთდა. ჩვ. წ-მდე დაახ. 100 წ. ინდოეთის მიწა-წყალს შეესივნენ სკვითთა ტომები და
ჩამაოაყალიბეს ინდურ-სკვითური სახელმწიფო. მომდევნო ორი საუკუნის
განმავლობაში მდიდარი ინდოეთი ბევრი სახელმწიფოს დამპყრობლურ გეგმაში
შედიოდა.

ინდოეთში, ისევე, როგორც სხვა ცივილიზაციებში, ადამიანთა ცხოვრებას რელიგია


განსაზღვრავდა. მხოლოდ ბრაჰმანებს შეეძლოთ წმინდა წიგნების - ვედების (,,ცოდნა“)
გაგება-განმარტება. ბრაჰმანიზმს საფუძვლად ედო შეხედულება ღმერთთა სამებაზე
(ტრიმურტი). სამყაროსა და ყველა არსის შემქნელად მიიჩნეოდა ბრაჰმა; სიკეთის
ღმერთად, მცველად, უზენაესად - ვიშნუ, ხოლო არიელებამდელ ღვთაებად, ცხოველთა
პატრონად, ხანდახან - სიავის ღმერთადაც კი - შივა. მას მრისხანე იერისად
გამოსახავდნენ წმ. ცეკვის შესრულებისას, რაც კოსმიურ ენერგიას განასახიერებდა, ან
ასკეტად, რომელიც მედიტირებს. რადგან ის სტატიკური მამაკაცობის სიმბოლოდ,
ხოლო შაქტი - დინამიკური ქალურობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა, არსებობდა შივას
ლინგური (ფალიკური) გამოსახულებაც. ძველ ინდოელებს სწამდათ, რომ სიკვდილის
შემდეგ ადამიანის სული გადასახლდება სხვა სხეულში და მორიგი გარდასახვის ბედს
ადამიანის კარმა განაპირობებს: ანუ ის, თუ რამდენად სწორად ცხოვრობს იგი.
ბრაჰმანიზმის სარიტუალო ცხოვრება სირთულით გამოირჩეოდა და მორწმუნეთ
ავალებდა გამორჩეულ ვარცხნილობასა და სიარულის მანერასაც კი.

სასულიერო- რელიგიური ცხოვრების მდიდრული გამოცდილება აისახა მსოფლიო


რელიგიადქცეულ ბუდიზმში.

სახელები. სიდჰართჰა გაუტამა

სიდჰართჰა გაუტამა (- 623-544) ჩრდილო ინდოეთში მოსახლე შაკიას სამეფო


მოდგმიდან გახლდათ და გაუტამათა გვარეულობას მიეკუთვნებოდა. მამამ ძისათვის
სამი სასახლე ააგო, რათა გარესამყაროს უსახურებათაგან დაეცვა და დაეფარა. მაგრამ
ერთხელ, ერთი სასახლიდან მეორეში გადასვლისას, ჭაბუკმა იხილა სენი, ტანჯვა,
სიკვდილი... ამან თავზარი დასცა გაუტამას. 29 წლისა შინიდან წავიდა და განდეგილი
გახდა. ექვსი წელი იხეტიალა განგის დაბლობში, ესაუბრებოდა ბრძენებს, ასკეტურად
ცხოვრობდა, მაგრამ მიხვდა, რომ ხორცის სიკვდილს გონების სიკვდილამდე მივყავართ,
და უარი თქვა ასკეტიზმზე. 35 წლისას ემცნო, რომ ახლოს იყო ჭეშმარიტების
მიკვლევასთან და მედიტაცია დაიწყო: რამდენიმე კვირის განმავლობაში უსმელ-
უჭმელი ჭვრეტდა ღმერთს. მედიტაციის პროცესში გაუტამამ გასხივოსნებას მიაღწია,
ანუ ბუდად იქცა, რომლისთვისაც სამყაროს ყველა კანონი გაცხადდა: დაბადება, სიბერე,
სენი, სიკვდილი, საყვარელ ადამიანებთან განშორება, საძულველებთან თანაცხოვრება,
სურვილთა დაუკმაყოფილებლობა, მოკლედ, ინდივიდის მთელი არსებობა ტანჯვაა.
ტანჯვის მიზეზია ყოფნის სურვილი, რომელსაც გარდასახვიდან გარდასახვამდე
მივყავართ; ეს არის ლტოლვა გრძნობათა დაკმაყოფილების, ინდივიდუალური
ბედნიერებისაკენ. როგორ შეიძლება მისგან გათავისუფლება? ყოფნის სურვილის
გაქრობით. ეს შესაძლებელია ჭეშმარიტი რწმენით, სიმტკიცით, სიტყვით, საქმით,
ცხოვრებით, სწრაფვით, ზრახვით, თვითშემეცნებით.

ამის მერე,45 წლის განმავლობაში, ბუდამ შემოიარა მთელი ქვეყანა და იქადაგა თავისი
მოძღვრება. 80 წლისა გარდაიცვალა. არსებობს ბუდას რამდენიმე ბიოგრაფია.

ბუდიზმში, ბრაჰმანიზმისაგან განსხვავებით, სათნო ცხოვრებას გარდასახვა კი არ


მოჰყვებოდა, არამედ განახლებულ ადამიანს საკუთარი ხვედრის შეცვლაც შეეძლო:
მაგალითად, უმდაბლესიდან უმაღლეს კასტაში გადასვლა. ბუდამ გაილაშქრა
რელიგიური კულტის მონოპოლიზაციის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა კასტათა
გათანაბრებას, საზოგადოების დემოკრატიზებას, რამაც მისი მოძღვრების პოპულარობაც
განაპირობა: ,,ვერც ერთ ადამიანს ვერ ვუწოდებ ბრაჰმას მხოლოდ იმიტომ, რომ იგი
დედის წიაღში გახდა ბრაჰმანთა კასტის წევრი. ამიტომ ბრაჰმანს მხოლოდ მას ვუწოდებ,
ვინც, სამყაროს დაცილებული, ყოველგვარ ვნებას განეშორა“, - ქადაგებდა ბუდა. იმავე
დროს, იგი მოუწოდებდა, არ შეწინააღმდეგებოდნენ ბოროტებას და ყოველგვარი
გარდასახვის იდეალად ,,ნირვანა“ (სურვილთა უარყოფა, სრული დაშრეტა, უმყოფობა)
მიეჩნიათ. ჩვ. წ-მდე მე-3 ს. მეფე აშოკის ზეობაში , როცა მთელი ინდოეთი გაერთიანდა
და მდიდარმა ვაიშებმა ბრაჰმანებს ბრძოლა გამოუცხადეს, ბუდიზმი სახელმწიფო
რელიგიად გამოცხადდა.

შემდეგ, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ბუდიზმი გავრცელდა აღმოსავლეთ და


ცენტრალურ აზიაში, ნაწილობრივ - ციმბირშიც. საკუთრივ ინდოეთში მე-12 საუკუნეში
ბუდიზმი ინდუიზმს შეერწყა: აღდგა კასტური დაყოფა, გაგრძელდა ბრაჰმანიზმის
ტრადიციები; ამა თუ უმ კასტისადმი მიკუთვნებულობას დჰარმა - დაწესებული
ცხოვრების წესი - განაპირობებდა.

მამაკაცი და ქალი ცივილიზაციის ისტორიაში

ინდუიზმში სექსთან დამოკიდებულება სრული თავდავიწყებიდან ასკეტურ


უარყოფამდე მონაცვლეობდა. ამასთან, ასკეტიზმი და ვნება ურთიერთსაწინააღმდეგოდ
კი არ აღიქმებოდა, არამედ - ენერგიის ფორმებად. ინდოელთა ღმერთების სექსუალური
ცხოვრება სადღეისოდ საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. ფალოსისა და იონისადმი
თაყვანისცემა რთული სიმბოლიკით გამოირჩევა.

დაქორწინება ერთ-ერთი უმთავრესი ცერემონია, თითქმის მსხვერპლშეწირვა


გახლდათ. უცოლო კაცი იმად მიიჩნეოდა, ვინც მსხვერპლი არ გაიღო. უძველეს დროში
ქმარი ცოლზე სამჯერ უფროსი უნდა ყოფილიყო. განმეორებითი ქორწინება ქვრივებს
ეკრძალებოდათ, ვინაიდან ქალს მარადიულად თაყვანი უნდა ეცა გარდაცვლილი
ქმრისადმი. ქალთა სექსუალურ დაკმაყოფილებას მინიმალური ყურადღება ექცეოდა.
გამოიყენებოდა მაგია: სასიყვარულო ჯადო წარმატებული ოჯახის შესაქმნელად და
სიყვარულის მოსაპოვებლად. კაცმა თვით შექმნა თანამგზავრი - ცოლი, რის შემდეგაც
სამყაროში გაჩნდნენ ადამიანები, სამგალითოდ ყველა დანარჩენი სულდგმულისა.
თანაყოფა ცერემონიალი იყო, რომელსაც წინ უძღოდა განბანვა და სიმბოლური ლოცვა.
უკანონო კავშირი, ინცესტი, ქალთა და ვაჟთა ჰომოსექსუალიზმი იკრძალებოდა და
ისჯებოდა.

დედა მიიჩნეოდა ,,ყველაზე დიდ გურუდ (,,ღირსეული“ ,,,მოძღვარი“)“, ,,ოჯახის


გულად“. იმავე დროს, ქალებს მიაწერდნენ ცბიერებას, სიცრუეს, ავხორცობას.
შესაძლებელი იყო გოგონათა გაჩუქება, მამების გადასარჩენად მსხვერპლად შეწირვა,
მათ ნივთებივით ეპყრობოდნენ. ინდოეთში ბევრი ქალი იყო, რომლებიც ,,საკუთარი
სილამაზის ხარჯზე“ ცხოვრობდნენ, მათ ,,სიამოვნების ასულებს“ ეძახდნენ, იყვნენ
სატაძრო მეძავებიც.

სახელგანთქმული კამასუტრა (ტრაქტატი სიყვარულზე) მე-3 ან მე-4 სს-ში გაჩნდა,


რომლის ავტორობასაც მიაწერდნენ მოძღვარს - ბრამინს, სახელად - ვატსიანას.
კამასუტრამ დიდი გავლენა იქონია სკულპტურის, ფერწერის, ლიტერატურის, მთელი
საზოგადოების განვითარებაზე.

რელიგიურ-მაგიურმა შეხედულებებმა საფუძველი ჩაუყარა მეცნიერების საწყის


ფორმებს. ჯერ კიდევ ,,ვედების“ დროინდელი ინდოელი ექიმები ერკვეოდნენ
ანატომიაში, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ტვინს, ხერხემალს და
გულმკერდს, როგორც სენთა სამკვიდრებელს: სწორედ იქიდან უნდა განედევნა ისინი
ექიმბაშს. გვხვდება ავადმყოფობათა ნაირგვარი დასახელება. დიდი ავტორიტეტით
სარგებლობდა ის, ,,ვისაც ბალახი ისე შეეგროვებინა, თითქოს მეფეები
გამოცხადებულიყვნენ თათბირზე; ის მიიჩნევა ბრძენ ექიმად, რაკშასთა (ავ სულთა)
განმდევნელად, სენთაგან განმათავისუფლებლად“. ციურ სხეულებზე დაკვირვებამ
ინდუსებს ჯერ კიდევ უძველეს დროში დაადგენინა მთვარის ფაზები (მზის მიერ
მთვარის განათების მონაცვლე მდგომარეობანი), მთვარის ზოდიაქო, კალენდარი, წყლის
საათი. ინდური კალენდარი წელს 12 თვედ და 30 დღედ ყოფდა. ყოველ მეხუთე წელს
კალენდარს ერთი თვე ემატებოდა. ინდოეთში შეიქმნა რამდენიმე ანბანურ-
მარცვლოვანი დამწერლობა, რომლებიც, თითქოს, საფუძვლად გამოიყენეს სხვა
ცივილიზაციებმა. ძველინდური დამწერლობის წყალობით, ჩვენამდე
მოაღწია ,,მაჰაბჰარატამ“ (თქმულება დიდ ბჰარატებზე“; ძველი ინდური ეპიკური პოემა,
რომელსაც საფუძვლად უდევს ჩრდილოეთისა და ჩრდილო-დასავლეთის ინდოელი
ხალხების თქმულებები და ლეგენდები. მისი აღმოცენების ხანად ითვლება ძვ. წ. II
ათასწლეულის II ნახევარი. თანამედროვე სახე მიიღო ახ. წ. I ათასწლეულის შუა
წლებში) და ,,რამაიანამ“ („რამას მოგზაურობა“; ძველინდური ეპოსი სანსკრიტულ ენაზე,
რომლის ავტორად, ინდუსთა ტრადიციის თანახმად, ლეგენდარული ბრძენი ვალმიკი
მიიჩნევა). მიჩნეულია, რომ ე.წ. არაბული ციფრული სისტემის წინარე სამშობლოც
ინდოეთია. აღსანიშნავია კლდეში გამოკვეთილი და ნატიფი სკულპტურებით
მორთული ბუდისტური ტაძრები. საყოველთაოდ გავრცელდა ინდოეთში შექმნილი
ჭადრაკი. თანამედროვე ინდოეთი მოსახლეობის სიმრავლით მეორე ქვეყანაა.

ტექსტები. მანუს კანონები

ეს არის ძველინდური კრებული წესებისა, რომლებიც განსაზღვრავს ინდოელის ქცევას


პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონათმფლობელურ ინდოეთში გაბატონებულ
შეხედულებათა და ბრაჰმანიზმის რელიგიურ დოგმატთა შესაბამისად. ინდური
ტრადიცია მათ ავტორობას მიაწერს ადამიანთა მითურ შემოქმედ მანუს. დაწერილია
სანსკრიტზე, შეიცავს 2650 ორტაეპედს; დაყოფილია 12 თავად. პირველი თავი შეიცავს
ძველი ინდოელების შეხედულებებს სამყაროს, საზოგადოების, ფენების - ვარნების
შექმნის შესახებ; მე-2 თავი ეხება ადამიანის ქცევის წესებს შეგირდობისას; მე-3-4
თავებში მეოჯახის ქცევის (საქორწინო ჩვეულებანი, საკულტო წესები და სხვ.) წესებია
ჩამოყალიბებული; მე-6 თავში განდეგილის იდეალური ცხოვრება აღიწერება. მე-7 თავში
მოცემულია მეფობისა და სახელმწიფო მმართველობის ინსტრუქციები; მე-8 თავი
შეიცავს დარიგებას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს სამართალი და იურიდიული
პრაქტიკა; 9-10-ე თავები ეძღვნება საოჯახო ურთიერთობებს, სხვადასხვა
დანაშაულისათვის სასჯელს, ვარნათა წევრების უფლება-მოვალეობებს; მე-11 თავში
ჩადენილ ცოდვათა გამოსყიდვისა და აღთქმების შესახებაა საუბარი; მე-12 თავში
აღიწერება აწმყოში ჩადენილი უკეთურობებისათვის საიქიოში დაწესებულ სასჯელთა
ნაირგვარობა.

კრებული შექმნილი უნდა იყოს ძვ. წ. მე-2-1 სს.

ფრაგმენტი

სამყაროთა აყვავებისათვის მანუმ თავის ბაგეთაგან, ხელთაგან, თეძოთაგან და


ქუსლთაგან შექმნა ამასთან შეთანადებული ბრაჰმანი, კშატრია, ვაიშია და შუდრა.

ბრაჰმანებს დაუწესა სწავლება, ვედის შესწავლა, თავისა და სხვათა მიერ


მსხვერპლშეწირვა, მოწყალების გაღება და მიღება.

კშატრიებს დაუწესა ქვეშევრდომთა დაცვა, მოწყალების გაღება, მსხვერპლშეწირვა,


ვედის შესწავლა, საამსოფლო სიამეთაგან თავშეკავება.

ვაიშიებისთვისაა პირუტყვის მწყემსვა და ასევე, მოწყალების გაცემა, მსხვერპლშეწირვა,


ვედის შესწავლა, ვაჭრობა, მევახშეობა და მიწათმოქმედება.

შუდრებს მხოლოდ ერთი რამ დაუწესა უფალმა - მორჩილად ემსახურონ ამ ვარნებს.

ცოცხალ არსებათაგან საუკეთესონი არიან სულიერნი, ხოლო სულიერთაგან - გონიერნი,


გონიერთაგან - ადამიანები, ადამიანთაგან - ბრაჰმანები.

ბრაჰმანი მიირთმევს მხოლოდ საკუთარ საჭმელს, აცვია საკუთარი სამოსი, გასცემს


მხოლოდ საკუთარ მოწყალებას; სხვა ხალხი ხომ ბრაჰმანთა წყალობით არსებობს!

მეფე ბავშვიც რომ იყოს, არ უნდა იფიქრო, მხოლოდ ადამიანიაო, რადგან იგი
კაცისტანიანი დიადი ღვთაებაა. ჯარი დამოკიდებულია მთავარსარდალზე,
ქვეშევრდომთა კონტროლი - ჯარზე, საგანძური და ქვეყანა - მეფეზე, მშვიდობა და ომი -
ელჩზე. ვინც პირადად დაიპყრობს ეტლს, ცხენს, სპილოს, ქოლგას, ფულს, ხორბალს,
პირუტყვს, ქალს, სხვა დანარჩენ ავლა-დიდებას და მდარე ლითონს - ყველაფერი ეს
მისია. დაე, მეომრებმა საუკეთესო ნადავლი მეფეს მისცენ: ასე წერია ვედაში. ერთიანად
დაპყრობილი მეფემ მეომრებს გაუნაწილოს. ქვეყნის მორჩილება უზრუნველყოს
მეომართა შენაერთმა ორ, სამ, ხუთ, ასევე - ას სოფელში.

ყველა სოფელში დაინიშნოს მამასახლისი, ათი, ოცი, ასი და ათასი სოფლის გამგებელი.
დაე, მეფემ ყოველწლიურად აიძულოს უბრალო ხალხი, რომელიც ქვეყანაში საკუთარი
შემოსავლით ცხოვრობს, გადაიხადოს ხარკი. სასამართლო საქმის განხილვის მოსურნე
მეფე სასამართლოში ბრაჰმანთა და გამოცდილ მრჩეველთა თანხლებით მივიდეს.

სასამართლოში დაშვებულ იქნან ნდობის ღირსი, გულმართალი მოწმენი ყველა


ვარნიდან, რომელთაც იციან დჰარმა (,,კანონი“, ,,სამართალი“).

აზრთა სხვადასხვაობისას მეფე მოწმეთა ნაცვლად უმრავლესობას ერწმუნოს; თუ აზრი


თანაბრად გაიყო - რჩეული თვისებებით დაჯილდოებულთ მიჰკერძოს, რამდენიმე
განსხვავებული აზრის შემთხვევაში - ბრაჰმანებს დაუჭიროს მხარი.

You might also like