You are on page 1of 2

მუჰამადის ბიოგრაფია

მუჰამადი დაიბადა დაახლ. 570 წელს, ე.წ. “სპილოს წელს”, თავისი დედის სახლში, მექის
გარეუბანში, ქააბას ტაძრიდან 4 მეტრის მოშორებით.
მუჰამადის მამა - ‘აბდ ალ-ლაჰი (არაბ. ალაჰის მონა) გარდაიცვალა იასრიბში მუჰამადის
დაბადებიდან ორი თვის შემდეგ, როცა ის სირიიდან ბრუნდებოდა. ‘აბდ ალ-ლაჰის მიერ
დატოვებული ქონება შეადგენდა 1 აქლემს, რამდენიმე თხას და 1 აბისინიელ მონას (ქალი –
ბარაქა). დედა - ამინა (კურაიშის ტომი). ისლამამდელ მექაში არსებობდა ჩვეულება _
მომთაბარეთა ოჯახებისათვის მიეცათ აღსაზრდელად ახალშობილები. წელიწადში ორჯერ _
გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ბანუ სა‘დის ქალები ჩამოდიოდნენ მექაში, რათა აღსაზრდელად
წაეყვანათ მცირეწლოვანი ბავშვები. მუჰამადი მიაბარეს - ხალიმას. ამ დროს მუჰამადი 6 თვის
იყო. მუჰამადს კარგად ექცეოდნენ ოჯახში და იქ გაატარა 4 წელი. მუჰამადის ბიოგრაფები
სწორედ ამ პერიოდს უკავშირებენ ლეგენდარულ გადმოცემას, რომლის მიხედვითაც
ანგელოზებმა გული გაუპეს მუჰამადს და გაუწმინდეს უწმინდურობისაგან.
6 წლის იყო მუჰამადი, როდესაც გარდაეცვალა დედა. ობოლი მუჰამადი იშვილა ბაბუამ - ‘აბდ
ალ-მუტალიბმა (ის იყო ზამზამის წყლის ზედამხედველი, მისი გარდაცვალების შემდეგ ალ-აბბას
ბ. ‘აბდ ალ-მუტალიბი). ორი წლის შემდეგ ბაბუაც გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან იხმო
თავისი უფროსი ვაჟი - ‘აბდ ალ-მანაფი (აბუ ტალიბი), როგორ ჰაშიმის გვარის მომავალი
წინამძღოლი და მას უანდერძა მუჰამადზე მზრუნველობა, რაც მან კეთილსინდისიერად
შეასრულა. მუჰამადისათვის წერა-კითხვა არ უსწავლებიათ. ის სიღარიბეში იზრდებოდა.
გადმოცემით, მუჰამადი მწყემსავდა აბუ ტალიბის ცხვრებსა და თხებს. 12 წლის ასაკში კი
ბიძასთან ერთად შეასრულა პირველი ხანგრძლივი საქარავნო მოგზაურობა სირიაში. სწორედ ამ
მოგზაურობის დროს, მუსლიმური გადმოცემით, ბაჰირამ - ქრისტიანმა ბერმა ქ. ბოსრადან
(ბუსრა - სამხრეთ სირია) ამოიცნო პატარა მუჰამადში მომავალი მოციქული. ამ გადმოცემის
1
მიხედვით, დამასკოში მიმავალი და უკან დაბრუნებული მექელთა ქარავნები ხშირად
ჩერდებოდნენ ხოლმე დასასვენებლად ბაჰირას სახლთან. ბაჰირამ ღრუბლების, მზისა და ხის
შტოების განლაგების მიხედვით განსაზღვრა, რომ მოსულთა შორის იყო მომავალი მოციქული,
რომელსაც ჰქონდა ღვთის რჩეულის ნიშნები — წინასწარმეტყველის ბეჭედი ზურგზე. მან
ისარგებლა ქრისტიანულ საღვთო წიგნებში დაცული წინასწარმეტყველებითაც. ბაჰირამ ურჩია
აბუ ტალიბს, გაფრთხილებოდა მუჰამადს და არ წაეყვანა ის დამასკოში, სადაც შეიძლებოდა
მოეკლათ სირიელებს (იბნ სა‘დის ვერსია) ან ბიზანტიელებს (ატ-ტაბარის ვერსია). არაბულ
წყაროებში ბაჰირას ეწოდება აგრეთვე ნასტური (ნესტორი) და სარჯი (სერგიუსი). მუჰამადი
გამოირჩეოდა თავისი სიწმინდით, მან თანატომელებისაგან მიიღო საპატიო მეტსახელი ალ-ამინ
(„ნდობის ღირსი”).
25 წლის ასაკში მუჰამადი დაუკავშირდა მდიდარ მექელ ქვრივს - ხადიჯას (ხადიჯა ბინთ
ხუვაილიდ, ეკუთვნოდა კურაიშის ტომს, ასადის გვარს), რომელთანაც სავაჭრო მოურავად

1
ქრისტიან ბერთან მუჰამადის შეხვედრის ისტორია გადმოცემულია ადრეული პერიოდის მუსლიმ
ისტორიკოსებთან - იბნ ჰიშამი (გარდ. 833წ.), იბნ სა‘დი (გარდ. 845წ.), ატ-ტაბარი (გარდ. 923წ.), რომელთა
ვერსიები მხოლოდ მცირედით განსხვავდება ერთმანეთისაგან [S. H. Griffith, Muhammad and the Monk
Bahīrā: Reflections on a Syriac and Arabic text from early Abbasid times. - Oriens Christianus, vol. 79, 1995].
1
მუშაობდა. მას ჰქონდა დადგენილი ანაზღაურება (4 ახალგაზრდა აქლემი) და მოგების
განსაზღვრული წილი. გადმოცემით, თვითონ ხადიჯამ შესთავაზა მუჰამადს ქორწინება.
მუჰამადიც დათანხმდა. ქორწინების შემდეგ მუჰამადი ტყავებით ვაჭრობდა, თავის
კომპანიონთან ერთად. როგორც ჩანს, შორეულ მოგზაურობებში ის აღარ მიდიოდა.
ხადიჯასთან ქორწინებამ მატერიალურად უზრუნველყო მუჰამადი და შესაძლებლობა მისცა
უფრო მეტი დრო დაეთმო რელიგიური საქმეებისათვის. მუჰამადისაგან ხადიჯას შეეძინა 2
ვაჟიშვილი და ოთხი ქალიშვილი (ზაინაბი, რუქაია, უმმ კულსუმი და ფატიმა).
მუჰამადი გარდაიცვალა მედინაში 632 წლის 8 ივნისს, 63 წლის ასაკში, აიშას სახლში და იქვე
დაიკრძალა. უმაიანი ხალიფა ალ-ვალიდ I-ის დროს (705-715) მოციქულის მეჩეთი გაფართოვდა
და მის შიგნით მოექცა მოციქულის საფლავიც. მწვანე გუმბათი საფლავზე აიგო მამლუქი
სულტნის - ალ-მანსურ კალავუნის მიერ მე-13 ს-ში, თუმცა მწვანე ფერი დამატებულ იქნა მე-16ს-
ში, ოსმალო სულტნის სულეიმან ბრწყინვალის მმართველობის დროს.

You might also like