You are on page 1of 1

“კარგი განათლება გზაა წარმატებული მომავლისკენ”

უდიდესი ძალა, ყველაზე ძვირფასი საგანძური და დაუთრგუნველი მადლი-


განათლებაა, რომელიც გვანიჭებს თავისუფლებას და სხვა უმაღლეს იდეალებს
განგვაცდევინებს. იგი პირველი პირობაა ბედნიერებისა და ერთადერთია, რასაც შეიძლება
მთელი ცხოვრება დავუთმოთ. ესაა უნარი, რომ განვასხვავოთ ჭეშმარიტი ყალბისგან,
არსებითი არარსებითისგან. სწორედ ამიტომ ვახერხებთ, მისი მეშვეობით, ვიყოთ
ყოველგვარ საქმეში მეტად გამბედავი და სრულყოფილი.
ღირსეულ საზოგადოებაში ცხოვრება ყველა განვითარებული ადამიანის უპირველესი
მოთხოვნილებაა. ასეთ საზოგადოებაში ცხოვრებისთვის კი, ადამიანთა გონება
მიზანმიმართული უნდა იყოს განათლების მიღებისაკენ. მის გარეშე არ არსებობს
პიროვნების ჯანსაღი და აქტიური სოციალიზაციის პროცესი, არც კულტურული
ღირებულებების შენარჩუნება და ზნეობრივი იდეალების ათვისება. ფაქტობრივად,
გურამიშვილის უკვდავ სიტყვებს ვეხმიანებით- “თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს
წუთისოფელი”.
ადამიანი, რომელიც უარს იტყვის ამ დიდი ძალის მიღებაზე, უძლური იქნება იპოვოს
ორიენტირება და თავი დაიმკვიდროს იმ საუკუნეში, რომელიც სავსეა
წინააღმდეგობებით. დღევანდელი განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობას მძიმე
ეკონომიკური კრიზისი უდგას, რისი მთავარი გამომწვევი მიზეზიც, სწორედ განათლების
ნაკლებობაა. გაუნათლებელი ადამიანისთვის რთულია მაღალანაზღაურებადი,
ადეკვატური და პერსპექტიული სამსახურის პოვნა, რაც ქვეყნის ბედზე უცილობლად
აისახება. ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო მოიხსენიებდა ილია ჭავჭავაძე განათლებას
შემდეგნაირად- “ხმალზედაც უფრო მეტად ჭრის და ზარბაზანზედაც უფრო ძლიერია”.
ამგვარად, თუ უარს ვიტყვით შემეცნებაზე, ცოდნის მიღებაზე, უნდა გავიაზროთ ისიც,
რომ ჩვენი ყოფა განწირული იქნება მუდმივი სასოწარკვეთის, სულიერი და
მატერიალური სიღარიბის, უბედობისა და უნაყოფო მდგომარეობისთვის. არ არსებობს
სხვა გამოსავალი ყოველგვარი გამოუვალი სიტუაციიდან, გარდა განათლებისა. იგია
ყველაზე დიდი გონებრივი იარაღი და სწორედ ამიტომ, რაც არ უნდა უგულებელჰყონ,
ზურგი აქციონ და შეურაცხჰყონ, საბოლოოდ, მაინც გაიმარჯვებს, ვინაიდან მისი
სიდიადე აღემატება ყოველგვარ მანკიერს, ბიწიერსა და პრიმიტიულს.

You might also like