You are on page 1of 21

პროფ. დოქტ.

ლაშა ბრეგვაძე MA, LLM


lasha.bregvadze@tsu.ge

შესავალი
სამართლისმცოდნეობაში
ლექცია 9

2022-23 წლის შემოდგომის სემესტრი


ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი
სამართლის ნორმის განმარტების ცნება
• კანონში მოცემული ზოგადი ცნებები იძლევა განსხვავებული
ინტერპრეტაციის საშუალებას.
• განმარტების ხერხები ემსახურება ნორმის ერთგვაროვანი
შეფარდების მიზანს.
• სამართლის ნორმის განმარტება გულისხმობს მისი შინაარსის
გარკვევას, იმის დადგენას, თუ რა აზრი ჩააქსოვა მასში
კანონმდებელმა.
• ნორმათა განმარტება ცნობილია მოყოლებული რომის
სამართლიდან.
• სამართლის ნორმის განმარტების შინაარსს ბევრად განსაზღვრავს
ნორმატიული ტექსტის ენობრივი თავისებურებანი.
• განმარტების პროცესში იურისტმა უნდა გაითვალისწინოს ენის
ზოგადი კანონზომიერებები, რის გამოც მას სამართლის ნორმის
შემფარდებელ ლინგვისტს უწოდებენ.
სამართლის ნორმის განმარტების ცნება
გერმანელი იურისტი, სამართლის
ისტორიული სკოლის
განმავითარებელი ფრიდრიხ კარლ
ფონ სავინი (1779-1861)
ერთმანეთისგან მიჯნავდა სამართლის
ნორმის განმარტების შემდეგ
მეთოდებს:
• გრამატიკული;
• ლოგიკური;
• ისტორიული;
• სისტემური.
სავინისეული მოძღვრება ნორმის
განმარტების ხერხების შესახებ დღესაც
გავლენიანია, თუმცა ის არ არის
თანამედროვე ხერხების იდენტური.
სავინი ეწინააღმდეგებოდა
ტელეოლოგიურ განმარტებას.
სამართლის ნორმის განმარტების ცნება
• ანგლო-ამერიკული სამართლის სისტემის ფარგლებში გამოიყენება
განმარტების განსხვავებული მეთოდები.
• „საერთო სამართლის“ სისტემა ეფუძნება პრეცედენტების
მეშვეობით განმარტების ტრადიციას, როდესაც ზემდგომი
პრეიუდიციები მბოჭავია ქვემდგომი სასამართლოების მიმართ.
• კონტინენტური ევროპისგან განსხვავებით, „საერთო სამართლის“
ქვეყნებში განმარტების პროცესზე დიდი გავლენა აქვს სხვადასხვა
სკოლას და თეორიას: კრიტიკული სამართლებრივი სწავლებანი,
სამართლის ეკონომიკური ანალიზი, პრაგმატიზმი,
კომუნიტარიზმი.
• კონტინენტური ევროპის ტრადიციით განმარტება მიმართულია
არა იმდენად შედეგზე, არამედ ნორმის შინაარსის ახსნაზე.
• ანგლო-ამერიკულ სისტემაში კი პირიქით – განმარტება
ორიენტირებულია გადაწყვეტილების მართლზომიერების
დასაბუთებაზე, რომლის დროსაც გამოიყენება არგუმენტაციის
არასამართლებრივი, მაგალითად პოლიტიკური ფორმებიც.
სამართლის ნორმის განმარტების თეორიები
განასხვავებენ განმარტების სუბიექტურ და ობიექტურ თეორიებს.
• განმარტების სუბიექტური თეორია აქცენტს აკეთებს კანონმდებლის
ისტორიულ ნებაზე. ამ თეორიის თანახმად კანონი პირველ რიგში არის
საკანონმდებლო ხელისუფლების განმახორციელებელი ადამიანების
ნების გამოხატულება. განმარტების მიზანია სწორედ კანონმდებლის
ისტორიული ნების დადგენა.
• განმარტების ობიექტური თეორიის თანახმად, კანონი უნდა
განიმარტოს არა „კანონმდებლის ნების“, არამედ „კანონის ნების“
მიხედვით. განმარტების პროცესში უნდა გაირკვეს მხოლოდ
ობიექტური, კანონის შინაგანი მნიშვნელობა. ძალაში შესვლის შემდეგ
კანონი წყვეტს კავშირს კანონმდებელთან. სავალდებულო მნიშვნელობა
უნდა მიენიჭოს კანონის (და არა კანონმდებლის) ნებას.
• განმარტების მხოლოდ სუბიექტური ან ობიექტური თეორია
არასაკმარისია, საჭიროა ორივეს კომბინირება. ნორმის შემფარდებელი
ძველ კანონს უფარდებს ახალ შემთხვევას, რის დროსაც კანონმდებლის
საწყისი ნება უნდა შეჯერდეს კანონის თანამედროვე მნიშვნელობასთან.
სამართლის ნორმის განმარტების ობიექტები
• განმარტების ხერხები ერთმანეთისგან განსხვავდება განმარტების
ობიექტების მიხედვითაც. მაგალითად, კანონი განსხვავებული
ხერხებით უნდა განიმარტოს, ვიდრე ხელშეკრულება ან
ადმინისტრაციული აქტი. განსხვავებულად ხდება კონსტიტუციის
განმარტებაც.
• განმარტების პროცესში ირკვევა, თუ კონკრეტული შემთხვევა
რამდენად შეესაბამება ნორმით განსაზღვრულ ქცევის ზოგად წესს.
• ნორმის განმარტება ნაკლებად პრობლემურია საკანონმდებლო
დეფინიციის შემთხვევაში.
• კანონმდებელი თავად განმარტავს დეფინიციურ ნორმას.
• სხვა შემთხვევებში სამართლის შეფარდება მოითხოვს ნორმის
შინაარსის გარკვევას.
• ნორმის განმარტება უნდა დასრულდეს, თუ საკითხი აშკარად
გარკვეულია და დგინდება, რომ ნორმით განსაზღვრული ქცევის
წესი და კონკრეტული შემთხვევა ერთმანეთის იდენტური ან
არაიდენტურია. ეს გამომდინარეობს განმარტების ეკონომიურობის
კრიტერიუმიდან.
სამართლის ნორმის განმარტების ფარგლები
• ნორმის განმარტებას უნდა ჰქონდეს საყოველთაო და ზოგადი
მოქმედების პრეტენზია. ის არ უნდა შემოიფარგლებოდეს
მხოლოდ კონკრეტული შემთხვევით. ნორმის განმარტებას უნდა
ჰქონდეს ზოგადი მნიშვნელობა.
• ნორმის განმარტება არ ხორციელდება თვითნებურად და
სუბიექტური შეხედულების მიხედვით.
• სამართლის შემფარდებლის თავისუფლება განსაკუთრებით
შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ განმარტების წესები
ნორმატიულად არის განმტკიცებული ან როდესაც ნორმა უკვე
განმარტებულია სასამართლოს მიერ.
• ადრეულ ეპოქებში კანონის კომენტარები და განმარტება
აკრძალული იყო, რაც აიხსნებოდა ხელისუფლების დანაწილების,
კანონის საყოველთაობისა და იურისტების თვითნებობის
აღკვეთის ლიბერალური იდეებით.
• დღეისათვის კანონის განმარტების აუცილებლობა აღიარებულია
თანამედროვე სოციალური ცხოვრების დინამიკით და
კომპლექსური ურთიერთობების ჩამოყალიბებით.
გრამატიკული განმარტება
• ნორმის შინაარსის გარკვევა იწყება გრამატიკული განმარტებით.
• გრამატიკული განმარტებისას ნორმის შინაარსის ახსნა ხდება
სიტყვათა მნიშვნელობისა და გრამატიკული წესების მიხედვით.
• გრამატიკული განმარტების მეთოდს იყენებს ტექსტის ანალიზით
დაკავებული ყველა მეცნიერება.
• კანონის ტექსტში გამოყენებულ სიტყვას შეიძლება სხვადასხვა
მნიშვნელობა ჰქონდეს. გრამატიკული განმარტება არკვევს არა
ერთმანეთისგან იზოლირებული სიტყვების, არამედ მთელი
წინადადების მნიშვნელობას.
• გრამატიკული განმარტება ითვალისწინებს სიტყვათა შორის
ლოგიკურ კავშირს და მთლიანად წინადადების ლოგიკურ
სტრუქტურას.
გრამატიკული განმარტება
• გრამატიკულ განმარტებას თავისი საზღვრები აქვს: სემანტიკურად
ერთმნიშვნელოვანი სიტყვის განმარტება არ დაიშვება.
• სემანტიკურად ერთმნიშვნელოვანი სიტყვები იშვიათია. მათი
მაგალითია რიცხვითი სახელები.
• სიტყვებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა მნიშვნელობა. ერთი და
იმავე ცნებასაც შეიძლება განსხვავებული იურიდიული შინაარსი
ჰქონდეს: საკუთრების საკონსტიტუციო გაგება განსხვავდება მისი
სამოქალაქო გაგებისაგან.
• გრამატიკული განმარტებისას ყურადღება უნდა მიექცეს ყოფითი და
იურიდიული, ანუ სპეციალური ენის თავისებურებებს. ნორმა
ყოფით სიტყვებს ანიჭებს განსაზღვრულ იურიდიულ
მნიშვნელობას. კანონის ტექსტში გამოყენებული სიტყვები უნდა
გავიგოთ დარგობრივი ენის მნიშვნელობით.
• ნორმის განმარტებისას ყურადღება უნდა მიექცეს სიტყვის
მნიშვნელობას რეგიონალურ და ტრადიციულ კონტექსტში.
მაგალითად, შეურაცხყოფის მუხლის შეფარდებისას
მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რამდენად შეურაცხმყოფელი
იყო კონკრეტული სიტყვის ხმარება ლოკალურ კონტექსტში.
გრამატიკული განმარტება
• სამართლის შემფარდებელი შებოჭილია არა სიტყვის ყოფითი
მნიშვნელობით, არამედ კანონმდებლის მიერ მინიჭებული
ნორმატიული მნიშვნელობით.
• სიტყვის მნიშვნელობა უნდა განიმარტოს სისტემურად,
კონტექსტიდან გამომდინარე: საკუთრება განსხავებულია როგორც
ყოფითი სიტყვა და იურიდიული ცნება.
• გრამატიკული განმარტებისას სიტყვა უნდა განიმარტოს იმ
მნიშვნელობით, რომელიც მას ჰქონდა კანონის ძალაში შესვლის
მომენტისათვის. თუ დროთა განმავლობაში იცვლება სიტყვის
მნიშვნელობა, განმარტება უნდა წარიმართოს სიტყვის
თანამედროვე მნიშვნელობით.
• გრამატიკული განმარტებისას ყურადღება უნდა მიექცეს
ღირებულებითი წარმოდგენების ცვლილებას: დროთა
განმავლობაში საზოგადოებრივი მორალის ცვლილება
განაპირობებს ნორმის განმარტების ფარგლების გადასინჯვასაც,
მაგალითად, როდესაც ნორმა შეიცავს მითითებას ზნეობაზე ან
კეთილსინდისიერებაზე.
გრამატიკული განმარტება
• გრამატიკული განმარტებისას სიტყვა შეიძლება განიმარტოს ფართოდ
ან შეზღუდულად.
• განვრცობითი განმარტებისას ნორმა მოიცავს ფაქტობრივი
ურთიერთობების მაქსიმალურად ფართო წრეს.
• შეზღუდვითი განმარტებისას სიტყვის მნიშვნელობა მოიცავს
ფაქტობრივი ურთიერთობების ვიწრო წრეს. შეზღუდვითი განმარტება
ხორციელდება მაშინ, როდესაც კანონი ადგენს გამონაკლისს.
• გრამატიკული განმარტებისას ყურადღება უნდა მიექცეს პუნქტუაციას:
სასვენი ნიშნების განლაგება ზეგავლენას ახდენს ნორმის შინაარსზე.
• მხოლოდ გრამატიკული განმარტებით ძნელია გაირკვეს სიტყვის
იურიდიული მნიშვნელობა. ამისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
პარლამენტში მიმდინარე დებატების მასალის გაცნობასაც.
• განმარტებისას დასადგენია, სიტყვა „კანონი“ გულისხმობს მის
მატერიალურ თუ ფორმალურ გაგებას. პრობლემატურია ისეთი
შეფასებითი ცნებების განმარტება, როგორებიცაა „ამორალური“,
„ჯეროვანი“, „მნიშვნელოვანი“, „ქვენაგრძნობა“, „დიდი უმადურობა“,
„საჯარო წესრიგი“ და სხვა. ამ შემთხვევაში გრამატიკულ განმარტებას
შედარებით ნაკლები დახმარების გაწევა შეუძლია.
ისტორიული განმარტება
• ისტორიული განმარტება არკვევს კანონმდებლის ისტორიულ
მიზანს.
• ისტორიული განმარტებისას ითვალისწინებენ კანონის მიღებისას
მიმდინარე იურიდიულ და პოლიტიკურ დებატებს, იმას, თუ
როგორი იყო იმ დროს არსებული ღირებულებათა წესრიგი და
სამართლიანობის განცდა.
• ამის გარკვევა მოითხოვს სოციალური, ისტორიული,
პოლიტიკური და საზოგადოებრივი სიტუაციის ანალიზს.
• ამ ისტორიული მასალების მოპოვება შესაძლებელია
სტენოგრაფიული ჩანაწერების, სხდომების ანგარიშებისა და
ოქმების მეშვეობით.
• ისტორიული განმარტებისას მნიშვნელოვანია კანონმდებლის
მიზნის დადგენა. ამის საფუძველზე შესაძლებელია ნორმის
სიტყვასიტყვითი (გრამატიკული) მნიშვნელობის კორექტირებაც.
ისტორიული განმარტება
• ნორმის შეფარდებისას გასათვალისწინებელია: (1) ნორმის მიღების
დრო, და (2) სამართლის შეფარდების დრო. თუ დროის ამ ორ
მონაკვეთს შორის დიდი სხვაობაა, სამართლის შემფარდებელმა
უნდა გაითვალისწინოს მომხდარი სოციალური, ეკონომიკური,
პოლიტიკური, რელიგიურ-მსოფლმხედველობითი,
ღირებულებითი და მენტალური ცვლილებები.
• განმარტების სუბიექტური თეორია მიიჩნევს, რომ კანონმდებლის
ისტორიული ნება სავალდებულოდ უნდა იქნეს
გათვალისწინებული. ობიექტური თეორია კი არ უარყოფს
კანონმდებლის ისტორიული ნების მნიშვნელობას, მაგრამ მას
სავალდებულო ხასიათს არ ანიჭებს.
• სამართლის შემფარდებელი ნორმის „წინაისტორიის“ გარკვევით
ადგენს კანონმდებლის საწყის ნებას. მომხდარი ღირებულებითი
და მსოფლმხედველობრივი ცვლილებები უნდა აისახოს
სამართლის შეფარდების აქტში.
• რაც უფრო ძველია კანონი, მით უფრო დიდია სხვაობა კანონის
სიტყვებსა და მათ თანამედროვე მნიშვნელობებს შორის. სწორედ
სიტყვათა ისტორიული კონტექსტის წვდომას შეუძლია
ადეკვატური განმარტების უზრუნველყოფა.
ტელეოლოგიური განმარტება
• ტელეოლოგიური განმარტება არკვევს კანონის ობიექტურ მიზანს
და არა კანონმდებლის საწყის ნებას.
• სამართლის ნორმას საფუძვლად უდევს კონკრეტული მიზანი.
• ნორმა მეტწილად ესწრაფვის არა ერთი, არამედ რამდენიმე მიზნის
მიღწევას. განსხვავებული მიზნების კონკურენცია განსაკუთრებით
პრობლემურია.
• ტელეოლოგიური შეზღუდვითი განმარტების (რედუქციის) დროს
ნორმა არ გამოიყენება, თუ მისი შეფარდება იწვევს კანონის მიზნის
საწინააღმდეგო შედეგს. ამ შემთხვევაში კანონი შეზღუდულად
განიმარტება მისი მიზნიდან გამომდინარე.
• ტელეოლოგიური რედუქციის დროს მოსამართლე არ ერევა
კანონმდებლის პოლიტიკური კომპეტენციის სფეროში. იგი ხელს
უწყობს საგნობრივად სწორი გადაწყვეტილების მიღებას,
რომელიც მიმართულია დამაკმაყოფილებელი შედეგისაკენ.
ტელეოლოგიური განმარტება
• ტელეოლოგიური რედუქცია ანალოგიის საპირისპირო ცნებაა: ის
მოითხოვს, რომ არამსგავსი, განსხვავებული ურთიერთობები
განსხვავებულად განიხილებოდეს. ანალოგიის დროს ნორმა ვერ
მოიცავს იმ ურთიერთობას, რომელიც საჭიროებს მოწესრიგებას.
• ტელეოლოგიური რედუქციისას სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა კი
არ არის დარღვეული, არამედ სიტყვა გაგებულია უფრო ვიწროდ.
• ტელეოლოგიური რედუქცია საჭიროა, როდესაც ნორმის ტექსტის
სიტყვასიტყვითი განმარტება იმდენად ფართოა, რომ აშკარად
სცილდება კანონის მიზანს.
• თუ ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის
კანონის მიზანთან, სამართლის შემფარდებელმა უნდა იმოქმედოს
ნორმის მიზნიდან გამომდინარე და ტელეოლოგიური განვრცობითი
განმარტების (ექსტენზიის) გზით გააფართოვოს მისი შინაარსი.
• ტელეოლოგიური ექსტენზიის დროს ნორმის მოქმედება ვრცელდება
უფრო ფართო წრის ურთიერთობაზე, ვიდრე ეს მისი
სიტყვასიტყვითი შემადგენლობიდან ჩანს.
სისტემური განმარტება

• სისტემური განმარტების თანახმად სამართლის ნორმის წაკითხვა


საჭიროა სხვა ნორმებთან კავშირში და არა იზოლირებულად.
• მართლწესრიგი აყალიბებს ერთიან სისტემას, რომლის ცალკეული
ნაწილები ურთიერთკავშირშია და განაპირობებს ერთმანეთს.
• ნორმის სისტემური განმარტება საჭიროა მართლწესრიგის
შინაგანი წინააღმდეგობების დასაძლევადაც.
• მართლწესრიგი განსხვავებული რანგის ნორმებისგან შედგება.
• ქვემდგომი ნორმა უნდა შეესაბამებოდეს ზემდგომ ნორმას.
• სამართლის ნებისმიერი ნორმა საბოლოო ჯამში უნდა
შესაბამებოდეს კონსტიტუციას.
სისტემური განმარტება
• ნორმის სისტემური განმარტება უნდა განხორციელდეს შემდეგი
მოთხოვნების დაცვით:
(1) იერარქიის დაბალ საფეხურზე მდგომი ნორმა უნდა
გამომდინარეობდეს ზემდგომი ნორმიდან, კონსტიტუციის
ჩათვლით;
(2) იერარქიის დაბალ საფეხურზე მდგომი ნორმა არ უნდა
ეწინააღმდეგებოდეს უფრო მაღალი რანგის ნორმას;
(3) იერარქიის დაბალ საფეხურზე მდგომი ნორმის განმარტებისას
უნდა გავითვალისწინოთ ზემდგომი ნორმის მოთხოვნები.
იერარქიულად ქვემდგომი ნორმა არ უნდა გამოვიყენოთ, თუ იგი
ეწინააღმდეგება ზემდგომ ნორმას და ეს წინააღმდეგობა ვერ იხსნება
ნორმის განმარტებით. თუ ნორმა კონკრეტიზებულია
იერარქიულად ქვემდგომი ნორმის მეშვეობით, მაშინ საჭიროა
ქვემდგომი ნორმის შეფარდება.
სისტემური განმარტება
• სისტემური განმარტებისას შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სახეზეა
ნორმათა კოლიზია, ნორმათა წინააღმდეგობრივი
ურთიერთმიმართება. კოლიზია უნდა გადაწყდეს შემდეგი
მოთხოვნების დაცვით:
1. თუ კოლიზიურ ნორმებს განსხვავებული იურიდიული ძალა
აქვთ, მაშინ იერარქიულად ზემდგომი ნორმა იმორჩილებს
ქვემდგომს;
2. თუ კოლიზიურ ნორმებს თანაბარი ძალა აქვთ, მაშინ სპეციალურ
ნორმას უპირატესობა ენიჭება საერთო ნორმის მიმართ;
3. თუ კოლიზიური ნორმები სპეციალურია და ამავე დროს
თანაბარი იურიდიული ძალისა, მაშინ გვიან გამოცემულ ნორმას
აქვს უპირატესობა ადრე გამოცემულის მიმართ;
4. თუ ადრე მოქმედი ნორმა უფრო სპეციალურია, ვიდრე გვიან
მიღებული, მაშინ უპირატესია უფრო სპეციალური ნორმა,
მიუხედავად იმისა, რომ იგი უფრო ადრეა გამოცემული.
განმარტების ხერხების იერარქია
• განმარტების ხერხების იერარქია არ არსებობს. სამართლის
შეფარდება ხორციელდება „მეთოდური პლურალიზმის“
საფუძველზე. განმარტების ცალკეული ხერხები ერთმანეთს
ავსებენ.
• ნორმის შინაარსის გარკვევა ჩვეულებრივ იწყება გრამატიკული
განმარტებით. შემდეგ მოდის სისტემური და ტელეოლოგიური
განმარტება. ისტორიული განმარტება საჭიროა, როდესაც
განმარტების სხვა ხერხების გამოყენების შემდეგ ეჭვქვეშ დგება
ნორმის მართლზომიერება.
• ნორმის განმარტების სავალდებულოობის მიხედვით გამოყოფენ
საკანონმდებლო და სასამართლო განმარტებას. კანონმდებლის,
ანუ პარლამენტის განმარტება უპირატესად ეხება დეფინიციურ
ნორმას. ნორმის სასამართლო განმარტება არ არის კანონი და არა
აქვს ზოგადსავალდებულო ხასიათი. სამართლის შემფარდებელი
შებოჭილია მხოლოდ სასამართლოს მიერ კონკრეტულ
შემთხვევაზე მიღებული გადაწყვეტილებით. ამავე დროს მან უნდა
გაითვალისწინოს ნორმის სასამართლო განმარტება. სამართლის
შემფარდებელი ამ დროს თვითონ არ განმარტავს ნორმას, ის
გადაწყვეტილებას ღებულობს ნორმის სასამართლო განმარტების
საფუძველზე.
განმარტება Contra Legem
• კანონის განმარტების პროცესში მოსამართლემ უნდა იმოქმედოს
მხოლოდ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე და კანონის
საფუძველზე.
• მოსამართლე ვერ შეითავსებს კანონმდებლის ფუნქციას, ეს
იქნებოდა ხელისუფლებათა დანაწილების პრინციპის დარღვევა.
• მოსამართლე ეწევა სამართლის ნორმის შეფარდებას და არა
სამართალშემოქმედებას.
• მოსამართლეს არ აკისრია ვალდებულება განმარტოს კანონი
სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის საწინააღმდეგოდ. სამართლის ამ
ფორმით განვითარება დასაშვებია მხოლოდ ცალკეული
გამონაკლისის სახით, როდესაც კანონი ერთგვარად
შეუთავსებელია მთლიანად მართლწესრიგის სულისკვეთებასთან
და სამართლებრივ ღირებულებებთან. თუ კანონის
სიტყვასიტყვითი განმარტება იძლევა უსამართლო შედეგს, მაშინ
ის უნდა განიმარტოს contra legem.
• განმარტება contra legem შეუძლია მხოლოდ სასამართლოს.
მოსამართლემ უნდა იმოქმედოს არა სუბიექტურად, არამედ
მოქმედი მართლწესრიგის და სამართლის სისტემის
განმსაზღვრელი ღირებულებების ფარგლებში.
კონსტიტუციის განმარტება
• კლასიკურ ხერხებთან ერთად, კონსტიტუციის განმარტების
პროცესში გამოიყენება ჰერმენევტიკული, პრობლემაზე
ორიენტირებული და სხვა მეთოდები.
• კონსტიტუციური ნორმა უნდა განიმარტოს სხვა კონსტიტუციურ
ნორმებთან კავშირში.
• კონსტიტუციურ ნორმებს თანაბარი რანგი აქვთ, მათ შორის
იერარქია არ არსებობს. კონსტიტუცია არ შეიცავს მაღალი ან დაბალი
რანგის ნორმებს.
• კონსტიტუცია არ ცნობს ღირებულებით იერარქიას. კონსტიტუცია
განიმარტება ჰარმონიზაციის პრინციპის საფუძველზე, როდესაც
წინააღმდეგობა ნორმებს შორის დაძლეულია.
• კონსტიტუციური ნორმების განმარტება უნდა მოხდეს
ფუნქციონალური მართლზომიერების პრინციპის საფუძველზე:
ამით არ უნდა ირღვეოდეს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციები.
• კონსტიტუცია ასრულებს განმარტების მასშტაბის ფუნქციასაც:
ნორმა უნდა განიმარტოს კონსტიტუციური მართლწესრიგის
სულისკვეთების შესაბამისად. კონსტიტუციის ზოგადი პრინციპების
განმარტებისას საჭიროა შემოქმედებითობა, მაგრამ არა თვითნებობა.

You might also like