You are on page 1of 10

თემა – სამართლის ნორმის ცნება, სტრუქტურა და ნორმატიულ-სამართლებრივ

აქტში მისი გადმოცემის ხერხები

1. სამართლის ნორმის ცნება და ნიშნები;


2. სამართლის ნორმის სტრუქტურა:
ა) სამართლის ნორმის სტრუქტურის ცნება;
ბ) ჰიპოთეზა და მისი სახეები;
გ) დისპოზიცია და მისი სახეები;
დ) სანქცია და მისი სახეები.
3. სამართლის ნორმის სახეები;
4. სამართლის ნორმის დაფიქსირების ხერხები ნორმატიულ-სამართლებრივ აქტში.

1. სამართლის ნორმის ცნება და ნიშნები. სამართალი შედგება სამართლის ნორმებისაგან.


სამართალსა და სამართლის ნორმას შორის ისეთივე მიმართებაა, როგორიც მთელსა და ნაწილს
შორის, უფრო ზუსტად, სისტემასა და ელემენტს შორის. განვიხილოთ, რა არის ნორმა ზოგადად.
ნორმა არის ენობრივი ფორმით გამოხატული ქცევის ისეთი წესი, რომელიც მომავალში უნდა
მოხდეს. ნორმა-წინადადებას პრესკრიფციულს, ჯერარსულს, ანუ ისეთ წინადადებას უწოდებენ,
რომლითაც გადმოცემული აზრი ჯერ არ განხორციელებულა, მაგრამ მნიშვნელობს – მოითხოვს
განხორციელებას. იგი გარკვეული ღირებულების რეალიზაციას ახდეს. მაგალითად, „დახურე
კარი“, პრესკრიფციული, ჯერ-არსული წინადადებაა, ნორმაა, რადგან მომავლისკენაა
მიმართული და მოითხოვს შესრულებას. ნორმა არ არის ფაქტების აღმწერი წინადადება; მაგალი-
თად, წინადადება „კარი დახურულია“, არ არის არც პრესკრიფციული, არც ჯერარსული და
შესაბამისად არც ნორმაა, რადგან ეს წინადადება არაფერს გვავალდებულებს, არც მომავლისკენაა
მიმართული; იგი, როგორც აღვნიშნეთ, უბრალოდ, ფაქტს აღწერს, ნორმა კი აღწერს იმას, რაც
უნდა იყოს. ფაქტის აღმწერი წინადადება, იმის მიხედვით, შეესაბამება თუ არა რეალობას,
შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ან მცდარი. ნორმის შემცველი წინადადება, რადგან მომავალზეა
მიმართული და ფაქტს არ აღწერს, არ შეიძლება შეფასდეს ჭეშმარიტება-მცდარობის კატეგო-
რიით. „დახურე კარი,“ ეს წინადადება არც ჭეშმარიტია და არც მცდარი, იგი შეფასებითი
განაწესია და შეიძლება იყოს სამართლიანი ან უსამართლო, მიზანშეწონილი ან
მიზანშეუწონელი. მათთვის, ვისთვისაც დახურულ კარს სარგებლობა მოაქვს, ნორმა იქნება
სამართლიანი და მიზანშეწონილი, ვისთვისაც არა, უსამართლო და მიზანშეუწონელი. ვინმესგან
ნორმის უსამართლოდ და მიზანშეუწონლად მიჩნევა არ აქარწყლებს მის მოთხოვნას
აუცილებელ შესრულებაზე. ნორმა გულისხმობს იმას, რომ იგი შესასრულებლად აუცილებელია
და მისი სავალდებულოობა არ არის დამოკიდებული ნორმატიული მოთხოვნის მართებუ-
ლობაზე. ნორმა თუ არ შესრულდა, ეს არ ნიშნავს, რომ იგი მცდარია. მისი არშესრულება მისი
დარღვევაა და არა – მცდარობა.
ნორმატიულსამართლებრივი აქტებით გადმოცემულ ნორმებს სამართლის ნორმებს
უწოდებენ. სამართლის ნორმა, როგორც ზოგადად ნორმის ერთ-ერთი სახე – ხასიათდება
ნორმისთვის დამახასიათებელი ყველა იმ ნიშნით, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ.
როგორც აღვნიშნეთ, სამართლის ნორმათა ერთობლიობა არის სამართალი და ბუნებრივია,
რომ სამართლის ნორმებს ახასიათებს ყველა ის ნიშანი, რა ნიშნებითაც ხასიათდება თვით
სამართალი. სამართლის ნიშნების შესახებ ჩვენ ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ, აქ მხოლოდ
რამდენიმე ძირითად ნიშანს გავიმეორებთ. სამართლის ნორმის ნიშნებია:
 ზოგადსავალდებულო ხასიათის ქცევის წესია;
 ადამიანის ქცევისა და ნების გამოვლენის თავისუფლების ზომაა;
 ფორმალურად განსაზღვრულია;
 შესრულება გარანტირებულია სახელმწიფოს მიერ;
 საზოგადოებრივი ურთიერთობების ეფექტური რეგულატორია.
ამ ნიშნებზე დაყრდნობით, სამართლის ნორმა შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც
სახელმწიფოს მიერ ჩამოყალიბებული ან სანქცირებული და გარანტირებული ქცევის წესები,
რომლებსაც ზოგადსავალდებულო ხასიათი აქვთ, განსაზღვრული არიან ფორმალურად და
აწესრიგებენ საზოგადოებრივ ურთიერთობებს.
სამართლის ნორმები შესაძლებელ (აღმჭურველ) და სავალდებულო (მავალებელ) ქცევის
საზღვრებს უდგენენ ადამიანებს და ასე აწესრიგებენ საზოგადოებრივ ურთიერთობებს.

2. სამართლის ნორმის სტრუქტურა.


ა) სამართლის ნორმის სტრუქტურის ცნება. სიტყვა „სტრუქტურა“ აღნიშნავს იმ
ელემენტების ერთობლიობას, რომლებიც აუცილებელი და საკმარისია მოცემული საგნის არსე-
ბობისათვის. შესაბამისად, სამართლის ნორმის სტრუქტურა გულისხმობს სამართლის ნორმის
არსებობისათვის აუცილებელი და საკმარისი ელემენტების ერთობლიობას.
სამართლის ნორმა ექვემდებარება ლოგიკას, რომელიც გამოიხატება ფორმულით „თუ“
(ჰიპოთეზა), „მაშინ“ (დისპოზიცია), „სხვანაირად“ (სანქცია). მაგალითად, „თუ პირმა ჩაიდინა
განზრახ მკვლელობა ანგარებით, მაშინ იგი უნდა დაისაჯოს თავისუფლების აღკვეთით ...
წლით“. ამ მაგალითში „თუ პირმა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა ანგარებით“ – არის ჰიპოთეზა,
„უნდა დაისაჯოს“ – არის დისპოზიცია, ხოლო „თავისუფლების აღკვეთით ... წლით“ – არის
სანქცია.
შესაბამისად, სამართლის ნორმის სტრუქტურა შემდეგ სამ ელემენტს – ჰიპოთეზას,
დისპოზიციას და სანქციას მოიცავს. თუმცა, სპეციალისტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ
სამართლის ნორმა შედგება არა სამი, არამედ ორი ნაწილისგან – ჰიპოთეზისა და
დისპოზიციისაგან ან ფაქტობრივი შემადგენლობისა და იურიდიული შედეგისაგან. პირველ
შემთხვევაში მიაჩნიათ, რომ სანქცია დისპოზიციის ნაირსახეობაა, ხოლო მეორე შემთხვევაში,
ფაქტობრივ შემადგენლობაში მოიაზრებენ ჰიპოთეზასა და დისპოზიციას, ხოლო იურიდიულ
შედეგში სანქციას.
დავახასიათოთ სამართლის ნორმის სტრუქტურის თითოეული ელემენტი.
ბ) ჰიპოთეზა და მისი სახეები. ჰიპოთეზას უწოდებენ სამართლის ნორმის იმ ნაწილს, სადაც
მითითებულია იმ გარემოებებზე, რომელთა დადგომის შემთხვევაში მოქმედებას იწყებს
მოცემული ნორმა. ჰიპოთეზა მასში მოცემულ გარემოებებს იურიდიული ფაქტის მნიშვნელობას
ანიჭებს. ჰიპოთეზაში შეიძლება მითითებული იყოს, აგრეთვე, ნორმის ძალაში შესვლის დრო,
განსაზღვრული ასაკის მიღწევის აუცილებლობა, ამა თუ იმ მოვლენის დადგომის დრო და ად-
გილი და სხვა. ჰიპოთეზა, როგორც წესი, გადმოიცემა სიტყვით – „თუ“.
შესაძლებელია, რომ სამართლის ნორმის ჰიპოთეზის გადმოსაცემად არ იყოს გამოყენებული
სიტყვა „თუ“, მაგრამ იგულისხმებოდეს, მაგალითად, „მამათმავლობა, ლესბოსელობა ან
სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით,
ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით,- ისჯება თავისუფლების
აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე“. ამ ნორმის ჰიპოთეზაა „ჩადენილი ძალადობით,
ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით“. როგორც ვხედავთ, აქ
სიტყვა „თუ“ არ არის გამოყენებული, თუმცა, იგულისხმება და ასე უნდა იქნას წაკითხული: „თუ
იგი ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის
გამოყენებით“.
შესაძლებელია ჰიპოთეზის გადმოსაცემად გამოყენებული იყოს სიტყვა – „როცა“.
მაგალითად, „პაპასა და ბებიას უფლება აქვთ ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან
შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების
აღზრდაში“ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1203).
განასხვავებენ განსაზღვრულ და განუსაზღვრელ ჰიპოთეზას:
განსაზღვრულ ჰიპოთეზას უწოდებენ ისეთ ჰიპოთეზას, რომელიც გადმოცემულია ზუსტად
და მისი შინაარსი განმარტებას არ მოითხოვს. მაგალითად, „თუ მშობლები ან
მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე,
სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ
პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან“ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,
მუხლი 1203). ამ ნორმის ჰიპოთეზა („თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან
პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე“) განსაზღვრულია და მისი გაგება
დამატებით განმარტებებს არ საჭიროებს.
განუსაზღვრელი ჰიპოთეზა გადმოცემულია ზოგადი ფორმულირებით და საჭიროებს
დამატებით განმარტებას. მაგალითად, „თუ დამქირავებელი გაქირავებულ ნივთს
მნიშვნელოვნად აზიანებს, გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს“. ამ ნორმაში
დასაზუსტებელია და დამატებით განმარტებას საჭიროებს ის, თუ რა იგულისხმება
გაქირავებული ნივთის მნიშვნელოვან ზიანში.
ჰიპოთეზა შეიძლება იყოს ალტერნატიული. ეს ისეთი ჰიპოთეზაა, როცა ამ ჰიპოთეზაში
ჩამოთვლილი გარემოებებიდან ერთ-ერთის დადგომა საკმარისია მოცემული ნორმის
ასამოქმედებლად. ალტერნატიული ჰიპოთეზა გადმოიცემა „ან“ კავშირით. მაგალითად, „პირს,
რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ
იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია, მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ
შემთხვევებისა, როცა მიმღებს უფლება ჰქონდა გადაცემულზე“ (საქართველოს სამოქალაქო
კოდექსი, მუხლი 978).
რთული ანუ კუმულაციურია ჰიპოთეზა, რომელიც ნორმის ასამოქმედებლად ჰიპოთეზაში
მითითებული ყველა გარემოებების ერთდროულად არსებობას მოითხოვს. კუმულაციური
ჰიპოთეზა ხშირად გადმოცემულია „და“ კავშირით, შესაძლებელია გაკეთდეს ჩამონათვალიც,
მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1107-ე მუხლით „დაქორწინებისთვის
აუცილებელია: ა) საქორწინო ასაკი; ბ) დასაქორწინებელ პირთა თანხმობა“. ეს ნორმა ორივე პი-
რობის – ასაკისა და თანხმობის ერთდროულ არსებობას ითხოვს ამოქმედებისთვის.
როგორც განხილული მაგალითებიდან ჩანს, არაა სავალდებულო ნორმა იწყებოდეს
ჰიპოთეზით. იგი შეიძლება შეგვხვდეს როგორც ნორმის დასაწყისში, ისე შუაშიც და ბოლოშიც.
გ) დისპოზიცია და მისი სახეები. დისპოზიცია არის ნორმის ის ნაწილი, რომელშიც
ჩამოყალიბებულია ქცევის წესი, ანუ მითითებულია იმ უფლება-მოვალეობებზე, რომლებიც
წარმოიშობა იმ ფაქტობრივი გარემოების დადგომის შემთხვევაში, რომელიც
გათვალისწინებულია ჰიპოთეზით.
დისპოზიცია სამართლის ნორმის ძირითადი ნაწილია. სამართლის ნორმას შეიძლება არ
ჰქონდეს სანქცია ან ჰიპოთეზა, მაგრამ დისპოზიციის გარეშე სამართლის ნორმა ვერ იარსებებს,
რადგან იგი მიუთითებს ნორმით განსაზღვრული ურთიერთობის მონაწილეების ქცევაზე. მასში
დაფიქსირებულია უფლებები, მოვალეობები, აკრძალვები, რეკომენდაციები, წახალისებები,
რომელთა საფუძველზეც ყალიბდება მართლწესრიგი.
დისპოზიციის სახეებია: მარტივი, რთული, აღწერითი, მითითებითი, ბლანკეტური.
მარტივი დისპოზიცია ასახელებს ქცევის ვარიანტს, მაგრამ არ აღწერს, არ ხსნის მას.
მაგალითად, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი
ამბობს, რომ „სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის
ერთ მესამედს.“
რთულია დისპოზიცია, რომელიც მოითხოვს რამდენიმე ქცევის შესრულებას, მაგალითად, „საქორწინო
ხელშეკრულება იდება წერილობით და დასტურდება სანოტარო წესით“ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი
1174). ამ დისპოზიციის მიხედვით საქორწინო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით და ამავე დროს უნდა
დადასტურდეს სანოტარო წესით. ერთ-ერთის ვერ განხორციელების შემთხვევაში, საქორწინო ხელშეკრულება
დადებულად არ ჩაითვლება.
მითითებითია ისეთი დისპოზიცია, რომელიც შინაარსის სრულყოფისა და დაზუსტების
მიზნით მიგვითითებს მოცემული სამართლებრივი აქტის იმავე მუხლის სხვა პუნქტზე ან სხვა
მუხლზე. მაგალითად, „სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები ოფიციალურ საქმის
წარმოებას ახორციელებს სახელმწიფო ენაზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა“ („სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-11 მუხ-ლის 1-ლი პუნქტი). ამ მითითებითი დისპოზიციით ხდება მოცემული
ნორმის დაზუსტება იმ მუნიციპალიტეტებისთვის, სადაც ეროვნული უმცირესობების
წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ.
ბლანკეტურ ანუ ცარიელ დისპოზიციაში დადგენილია მხოლოდ პასუხისმგებლობა
განსაზღვრული წესის დარღვევისათვის, მაგრამ თვით წესი არაა მოცემული და იგი მოძიებული
უნდა იქნას სხვა სამართლებრივ აქტში. მაგალითად, „ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების
პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლებისა და სატყუარების წარმოებისა და რეალიზაციის წესების
დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე“ (საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 44 1). როგორც ვხედავთ, ამ ნორმაში
ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლებისა და სატყუარების
წარმოებისა და რეალიზაციის წესები კი არაა მოცემული, არამედ, ლაპარაკია სხვა
სამართლებრივი აქტით, კერძოდ, საქართველოს კანონით – „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და
ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“, განსაზღვრული წესების დარღვევისთვის
პასუხისმგებლობაზე.
დ) სანქცია და მისი სახეები. ზოგადად, სანქცია ემსახურება საზოგადოებაში სოციალური
ნორმების დაცვასა და მხარდაჭერას. იგი არის ზომების ერთობლიობა, რომელიც გამოხატულია
პოზიტიური (წახალისების) ან ნეგატიური (დასჯის) ფორმებით. სანქცია შეიძლება იყოს
პოზიტიური (ახალისებს მართლზომიერ ქცევას), რეკონსტრუქციული (რესტიტუციული) ანუ
აღდგენითი, პრევენციული ანუ გამაფრთხილებელი და ნეგატიური ანუ არასასურველი შედე-
გების დამდგენი.
პოზიტიური სანქცია გულისხმობს დაკისრებული უფლებამოსილებების ან
განსაკუთრებული სირთულის (მნიშვნელობის) მქონე დავალების ზედმიწევნით და სანიმუშოდ
შესრულებისათვის ან ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი შრომისთვის პირის წახალისებას
მადლობით, პრემიით, თანამდებობრივი სარგოს მომატებით, ფასიანი საჩუქრით,
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადამდე მოხსნით და სხვა. ამ წამახალისებელი
ფორმების გაცემის პირობებს განსაზღვრავს დაწესებულება თავისი შინაგანაწესით. წახალისების
შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით და, როგორც
წესი, შეიტანება პირად საქმეში.
რეკონსტრუქციული სანქციები, ძირითადად, მოცემულია სასამართლოს იმ
გადაწყვეტილებებში, რომლებიც ეხება სამუშაოზე აღდგენასა და იძულებით განაცდურის
ანაზღაურების საკითხებს.
ნეგატიური სანქცია მიუთითებს იმაზე, თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ნორმით
გათვალისწინებული ქმედების შეუსრულებლობას ან არასრულფასოვან შესრულებას. მასში
მითითებულია სახელმწიფოს ზემოქმედების იმ იძულებით ღონისძიებებზე, რაც შედეგად
მოყვება ნორმის დარღვევას ან შეუსრულებლობას.
ნეგატიურ სანქციას აქვს რეპრესიული ბუნება. იგი ანგარიშს უწევს დაზარალებულის
სამართლიანობის გრძნობას და ცდილობს, გარკვეულად აღადგინოს სამართლიანობის გრძნობა
დამნაშავისადმი გატარებული რეპრესიებით.
სანქცია შემადგენლობის მიხედვით შეიძლება იყოს: მარტივი, რთული და ალტერნატიული.
მარტივია სანქცია, რომელიც შეიცავს ზემოქმედების მხოლოდ ერთ სახეს, მაგალითად,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით
„ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების
მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი
ძალადობის გამოყენების მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ
წლამდე,“ ამ ნორმის სანქცია მარტივია, რადგანაც იგი შეიცავს სასჯელის მხოლოდ და მხოლოდ
ერთ სახეს – თავისუფლების აღკვეთას.
რთულია (კუმულაციურია) სანქცია, რომელიც მოითხოვს სანქციაში მითითებული
ღონისძიებების ერთდროულად გამოყენებას. მაგალითად, „წიაღით სარგებლობა სათანადო
ლიცენზიის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000-დან 1 500 ლარამდე, სამართალდარღვევის
იარაღისა და სამართალდარღვევის ობიექტის (მყარი სასარგებლო წიაღისეულის)
კონფისკაციით“ (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 57 1).
ამ ნორმის სანქცია რთულია, იგი მოითხოვს როგორც ჯარიმის გადახდას, ისე, სამართალდარღ-
ვევის იარაღისა და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციას.
ალტერნატიულია სანქცია, რომელიც მოითხოვს სანქციაში მითითებული ღონისძიებებიდან
ერთ-ერთის გამოყენებას. ალტერნატიული სანქციაა გამოყენებული საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 129-ე მუხლში, - „სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის
აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი
დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე –
დახმარების საჭიროების შესახებ სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისთვის
შეუტყობინებლობა, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ
წლამდე“. როგორც ვხედავთ, ეს ნორმა ალტერ-ნატიულ სასჯელებად იყენებს ჯარიმას,
გამასწორებელ სამუშაოს, შინაპატიმრობასა და თავისუფლების აღკვეთას.
სანქცია შეიძლება იყოს აბსოლუტურად განსაზღვრული და შედარებით განსაზღვრული.
აბსოლუტურად განსაზღვრულ სანქციაში ზუსტადაა მითითებული, როგორც სანქციით
გათვალისწინებული ღონისძიების სახე, ისე ზომა. მაგალითად, „გარეული ცხოველის უკანონოდ
დატყვევება, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტით, მისი დერივატით (მისი გადამუშავებით
მიღებული – მ. გ., ლ. ჯ.) ან მისგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის
ოდენობით, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის, მისი დერივატის ან მისგან გამომუშავებული
4
პროდუქციის კონფისკაციით“ (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 85 ). ამ
ნორმის სანქცია აბსოლუტურად განსაზღვრულია, რადგან მასში ზუსტადაა მითითებული, როგორც ღონისძიების, ამ
შემთხვევაში, სახდელის (ჯარიმა, კონფისკაცია), ისე მისი ოდენობის (1000 ლარი) თაობაზე.
შედარებით განსაზღვრულ სანქციაში ზუსტადაა განსაზღვრული ღონისძიების სახე, ხოლო
ზომა (ვადები, ოდენობა) ზუსტად დადგენილი არაა. მითითებულია ან მაქსიმალური
ოდენობით, მაგალითად, „არასრულწლოვნის გამაბრუებელ ან სამკურნალწამლო საშუალებათა
არასამედიცინო მოხმარებაში ჩაბმა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“
(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, 171-ე მუხლის მე-2 ნაწილი), ან ერთდროულად
მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა, მაგალითად, „ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების 21 წლამდე ასაკის პირის მიერ ექიმის
დანიშნულების გარეშე მოხმარება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე
ოდენობით“ (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 451, მე-4 ნაწილი).
როგორც ვხედავთ, პირველ შემთხვევაში ზუსტადაა განსაზღვრული სასჯელის სახე – თავისუფ-
ლების აღკვეთა, ხოლო ვადა ზუსტად არაა განსაზღვრული. ასევე, მეორე შემთხვევაშიც ზუსტა-
დაა განსაზღვრული სახდელის სახე – ჯარიმა, ხოლო ჯარიმის ოდენობა ზუსტად არაა
განსაზღვრული, ამიტომ ამ ორივე ნორმის სანქცია შედარებით განსაზღვრულ სანქციას
წარმოადგენს.
ჩვეულებრივ, სამართლის ნორმათა დიდი ნაწილი, სანქციას უშუალოდ არ შეიცავს. მათი
დარღვევისთვის სანქციები, როგორც წესი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და
სისხლის სამართლის კოდექსთა ნორმებშია მოცემული. ძირითადად, ეს უკანასკნელნი
არეგულირებენ სამართლის ნორმების დარღვევისთვის განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
შესაძლებელია, სანქცია მოცემუ-ლი იყოს იმავე სამართლებრივი აქტის სხვა მუხლშიც.
სამართლებრივი აქტი აკეთებს ზოგად მითითებას, რომ მოცემული აქტით გათვალისწინებული
ნორმების დარღვევა გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხის-მგებლობას.
მაგალითისთვის გამოდგება ასეთი ნორმები – „საქონლის გაყიდვისას ან მომსახურების
გაწევისას გამყიდველი /დამამზადებელი/ ვალდებულია მომხმარებელს მოთხოვნისამებრ
მიაწოდოს ინფორმაცია რეალიზებად საქონელზე და მომსახურებაზე. ყალბი ინფორმაციის
მიწოდებისათვის გამყიდველი /დამამზადებელი/ პასუხს აგებს კანონმდებლობით
გათვალისწინებული წესით“; ასევე, „საარჩევნო კანონმდებლობის დამრღვევ პირს ეკისრება ამ
კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა“; ან კიდევ,
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 10-ე მუხლი ამბობს:
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან
დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 10 000 ლარით“. როგორც ვხედავთ, „საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების დარღვევისთვის სანქცია საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშია გათვალისწინებული და არა თვითონ
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში.

3. სამართლის ნორმის სახეები. სამართლის ნორმები არსებობენ ნორმა-წესების, ნორმა-


პრინციპებისა და ნორმა დეფინიციების სახით.
სამართლის ნორმა-წესები უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ჯგუფია სამართლის
ნორმათა სისტემაში. დადგება თუ არა სამართლებრივი შედეგი, დამოკიდებულია იმაზე,
შესრულდება თუ არა სამართლის ნორმით გათვალისწინებული წესი. მაგალითად, „სტუდენტის
მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას,
მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა , თუ ეს საფრთხეს
უქმნის სხვისი უფლებების , ჯანმრთელობის , საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებისა და
უსაფრთხოების დაცვას . სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხს წყვეტს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება , რომლის წესდებით განისაზღვრება გადაწყვეტილების მიღებაზე უფლება -
მოსილი ორგანო . სტუდენტს უფლება აქვს , დაესწროს თავისი საქმის განხილვას “ („ უმაღლესი განათლების
შესახებ “ საქართველოს კანონი , მუხლი 43, პუნქტი 8). ამ მუხლით გადმოცემულია შემდეგი ნორმა - წესები :
პირველი , „სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს
სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა უმაღლესი საგან-
მანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა , თუ
ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების , ჯანმრთელო - ბის , საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებისა და
უსაფრთხოების დაცვას“; მეორე , „ სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხს წყვეტს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება , რომლის წესდებით განისაზღვრება გადაწყვეტილების მიღებაზე
უფლებამოსილი ორგანო “; მესამე , „ სტუდენტს უფლება აქვს , დაესწროს თავისი საქმის განხილვას .“
სამართლის ნორმა-პრინციპები სამართლის გამოყენების დირექტივებია და მიუთითებს
სამართლის ღირებულებებსა და მიზნებზე, მათი მაქსიმალური ხარისხით დაცვისა და მიღწევის
აუცილებლობაზე. მაგალითად, ნორმა-პრინციპს წარმოადგენს „პაციენტის უფლებების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლი, რომლის მიხედვით „ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქალაქის
უფლებებსა და კეთილდღეობას მედიცინისა და სამედიცინო მეცნიერების ინტერესებთან შედარებით უპირატესი
მნიშვნელობა აქვს“. ეს ნორმა-პრინციპი ადამიანს, როგორც ღირებულებას, უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე
მედიცინის განვითარების ინტერესებს და მოითხოვს მის განხორციელებას.
სამართლის ნორმა-დეფინიციები განსასაზღვრ სიტყვას აკავშირებენ შესაბამის ცნებასთან და
ასე განმარტავენ და აზუსტებენ სიტყვათა (ცნებათა) მნიშვნელობებს სამართალში. მაგალითად,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლი ნორმა-დეფინიციას წარმოადგენს,
რომლითაც განმარტებულია არაერთგზისი დანაშაულის ცნება. აღნიშნული მუხლის მიხედვით,
„არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ
ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში“.
სამართლის ნორმათა კლასიფიკაცია სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვითაა შესაძლებელი.
კერძოდ, შინაარსის, ფუნქციის, ქცევის წესების ხასიათის, სივრცეში მოქმედების არეალის,
ადრესატის, მოქმედების ხანგრძლივობის, სამართლებრივი რეგულირების საგნისა და
იურიდიული ძალის მიხედვით. დავახასიათოთ თითოეული ცალ-ცალკე.
ა) შინაარსის მიხედვით შეიძლება განვასხვაოთ შემდეგი ნორმები – აღმჭურველი,
მავალებელი და ამკრძალავი. ნებისმიერი სამართლის ნორმა გადმოცემულია ან მოთხოვნის ან
აკრძალვის ან ნებართვის სახით.
აღმჭურველი ნორმა გადმოცემულია ნებადართულის ფორმულირებით. მაგალითად,
„მომხმარებელს, 14 დღის განმავლობაში, ყიდვის დღის ჩაუთვლელად, უფლება აქვს შეცვალოს,
შეძენილი საქონელი სათანადო ხარისხის საქონლით, იმ სავაჭრო დაწესებულებაში, სადაც იგი
შეიძინა“ („მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი, 1-
ლი პუნქტი). აღმჭურველი ნორმები დემოკრატიულ ქვეყნებში ცოტაა, იმიტომ, რომ ასეთ
ქვეყნებში მოქმედებს პრინციპი – „ნებადართულია ყველაფერი, რაც კანონით აკრძალული არ
არის“. ამ პრინციპიდან გამომდინარე, პიროვნება აღჭურვილია ყველა იმ უფლებით, რასაც
კანონი არ კრძალავს. აღნიშნული პრინციპი ეხება მხოლოდ პიროვნებების, ინდივიდების
ქმედებას და არა სახელმწიფო ორგანოებს. სახელმწიფო ორგანოებისათვის არ არის
ნებადართული ის, რაც კანონით არაა აკრძალული, სახელმწიფო ორგანოებისათვის
დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედებს პრინციპი: „ყველაფერი აკრძალულია, რაც კანონით
უშუალოდ დაშვებული არ არის“.
მავალებელი სამართლის ნორმები გამოხატავს მოთხოვნას, გადმოიცემა სიტყვებით
„მოვალეა“, „ვალდებულია“, „უნდა“. მაგალითად, „ყველა სამართლებრივი აქტი უნდა
შეესაბამებოდეს კონსტიტუციას,“ „გამყიდველი მოვალეა გააფრთხილოს მყიდველი.“
შესაძლებელია არ იყოს გამოყენებული აღნიშნული სიტყვები, მაგრამ იგულისხმებოდეს.
მაგალითად, „ოფიციალური სახელწოდების სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას
სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით ), ხოლო არასახელმწიფო ენაზე
შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით )“ („ სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონი , მუხლი 25, პუნქტი 3). შესაძლებელია, მავალებელი ნორმა აღწერითი წინადადებითაც იყოს გადმოცემუ -
ლი , მაგალითად , „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი“ (საქართველოს კონსტიტუცია,
მუხლი 3, პუნქტი 2), „სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების
პრინციპზე დაყრდნობით“ (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 4, პუნქტი 3) და სხვა.
აღნიშნული ნორმები, მართალია, აღწერილობითი წინადადებებითაა გადმოცემული, თუმცა,
უნდა წავიკითხოთ, როგორც ჯერარსული, მავალებელი წინადადება.
ამკრძალავი ნორმა გადმოცემულია სიტყვით „აკრძალულია“ ან უარყოფითი ნაწილაკებით.
მაგალითად, „აკრძალულია სქესის შერჩევის მიზნით ხელოვნური ჩასახვის მეთოდების გამოყენება , გარდა იმ
შემთხვევებისა , როცა აუცილებელია სქესთან შეჭიდული მემკვიდრეობითი დაავადების თავიდან აცილება “
(„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 34).
ბ) ფუნქციის მიხედვით შეიძლება განვასხვაოთ:
დამწესებელი სამართლის ნორმები ისეთი ნორმებია, რომლებიც აწესებენ სამართლებრივ
სტატუსს, ადგენენ ამა თუ იმ მდგომარეობას. მაგალითად, „მომხ-მარებლის განცხადება და
საჩივარი განიხილება საჯარო მოსმენის წესით, გარდა საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც
სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოით-ხოვს ორგანიზებული პროცედურების
განხორციელებას. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია მოიწვიოს
დაინტერესებული მხარეები საჯარო მოსმენის გამართვამდე, არანაკლებ 7 დღით ადრე. მოწვევის
შესახებ ცნობის გამოქვეყნება შეიძლება ნებისმიერი საშუალებით. ცნობაში უნდა მიეთითოს
საჯარო მოსმენაზე განსახილველი საკითხი, მოსმენის გამართვის თარიღი, ადგილი და დრო“
(„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2
პუნქტი);
დეკლარაციული ნორმები ისეთი ნორმებია, რომლებიც, ძირითადად, პროგრამული
ხასიათის დებულებებს შეიცავენ. მაგალითად, „სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელ
ტერიტორიაზე თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებაზე“
(საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი).
გ) ქცევის წესების ხასიათის მიხედვით შეიძლება განვასხვაოთ იმპერატიული და
დისპოზიციური სამართლის ნორმები. იმპერატიულია ისეთი ნორმები, რომლებიც ზუსტად
აღწერენ ამა თუ იმ ქცევის წესს და იძლევიან ერთადერთი ქცევის შესაძლებელ ვარიანტს.
მაგალითად, „ხანდაზმულობის ვადებისა და მათი გამოთვლის წესის შეცვლა მხარეთა
შეთანხმებით დაუშვებელია“ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 146-ე მუხლი);
დისპოზიციურია ნორმები, რომლებიც სამართლის სუბიექტს აძლევენ შესაძლებლობას, თვითონ
შეარჩიონ ქცევის ხელსაყრელი ვარიანტი. მაგალითად, „ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვი-
ლად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს“ (საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
დ) სივრცეში მოქმედების არეალის მიხედვით შეიძლება განვასხვაოთ: ზოგადი ანუ
საყოველთაო, შეზღუდული და ლოკალური ნორმები.
ზოგადი ანუ საყოველთაოა ისეთი ნორმები, რომლებიც მოქმედებენ მთელი ქვეყნის
ტერიტორიაზე. მაგალითად, „ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეების
დასაქმებას, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, თავისუფალი მეწარმეობისა
და კონკურენციის განვითარებას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს
მოქალაქეებისთ-ვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების თანაბარ ხელმისაწვ-
დომობას“ („დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი
პუნქტი).
შეზღუდულია სამართლის ნორმა, რომელიც მოქმედებს ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ
რომელიმე ნაწილში. მაგალითად, „ეს კანონი განსაზღვრავს ყოფილი სამხრეთ ოსეთის
ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების
ფორმასა და წესს ამ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე“ („ყოფილ
სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო
პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი).
ლოკალურია ისეთი ნორმები, რომლებიც მოქმედებენ მხოლოდ ცალკეულ სტრუქტურებში
(სამინისტრო, დეპარტამენტი, უწყება). მაგალითად, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის
ცენტრი „112“-ის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია განისაზღვრება
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს
მინისტრი“ („საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი).
დ) ადრესატის მიხედვით სამართლის ნორმები შეიძლება იყოს: ზოგადი და სპეციალური:
ზოგადია ნორმა, რომელიც მოქმედებს ყველა პირზე. მაგალითად, „ყველას აქვს საკუთარი
პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“ (საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი);
სპეციალურია ნორმა, რომელიც მოქმედებს პირთა გარკვეულ კატეგორიაზე. მაგალითად,
„საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის
თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა
სახელმწიფოს მოქალაქეა“ (საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი).
ე) მოქმედების ხანგრძლივობის მიხედვით სამართლის ნორმა შეიძლება იყოს უვადოდ
(მუდმივად) და დროებით მოქმედი ნორმები. ნორმა მოქმედებს უვადოდ, თუ თვით ამ ნორმით
ან კანონმდებლობით სხვა რამ (კონკრეტული ვადა) არაა დადგენილი, ხოლო დროებით
მოქმედია, როცა ნორმის მოქმედების კონკრეტული ვადა დადგენილია.
უვადოა ნორმა, რომელიც მუდმივად მოქმედებს. მაგალითად, „მუდმივი და უცვლელი
ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბ-ლიკა“ (საქართველოს 1921
წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის პირველი მუხლი);
დროებითია ნორმა, რომელიც მასში მითითებული დროის ფარგლებში მოქმედებს.
მაგალითად, „ამ კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტი მოქმედებს 2023 წლის 1 იანვრამდე“
(„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-5 პუნქტი).
ვ) სამართლებრივი რეგულირების საგნის მიხედვით განასხვავებენ კონსტიტუციურ,
სამოქალაქო, სისხლის, ადმინისტრაციულ, საფინანსო და სხვა ნორმებს.
ზ) იურიდიული ძალის მიხედვით განასხვავებენ კანონებს და კანონქვემდებარე აქტებს.

4. სამართლის ნორმის დაფიქსირების ხერხები ნორმატიულ-სამართლებრივ აქტში. როცა


სამართლის ნორმაზე ვსაუბრობდით, ვთქვით, რომ სამართლის ნორმა არის ენობრივად
გამოხატული ქცევის წესი, ეს ენობრივი გამოხატულობა როგორმე უნდა იქნას დაფიქსირებული
წერილობით, ვინაიდან სამართალი მკაცრად განსაზღვრული წერილობითი ფორმით არსებობს.
წერილობითი ფორმა ხელს უწყობს ნორმის სიზუსტეს, მისი ერთგვაროვანი გამოყენების
შესაძლებლობას, შენახვას და ა. შ.
მაშასადამე, სამართლის ნორმის წერილობითი გაფორმება და გადმოცემა მას სამართლის
წყაროდ აქცევს. სამართლის ნორმის წერილობითი გაფორმება, მისი სამართლის წყაროდ
გადაქცევა, ნორმატიულ-სამართლებრივი აქტით ხდება. ანუ სამართლის ნორმა კონკრეტულ
გამოხატულებას ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის მუხლებში პოულობს. ნორმატიულ-
სამართლებრივი აქტის მუხლი წარმოადგენს სამართლის ნორმის დაფიქსირებისა და
გამოხატვის (გადმოცემის) საშუალებას (ფორმას). მუხლი შეიძლება შედგებოდეს პუნქტის,
ქვეპუნქტისა და ქვექვეპუნქტისგან.
შესაძლებელია, ყველა სამართლის ნორმაში უშუალოდ არ იყოს წარმოდგენილი სამართლის
ნორმის სტრუქტურის ყველა ელემენტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოცემულ სამართლის ნორმას
საერთოდ არ გააჩნია იგი. მაგალითად, კონსტიტუციური ნორმები, ძირითადად, მხოლოდ
დისპოზიციის შემცველი ნორმებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციური ნორმის
დარღვევას არ მოყვება შესაბამისი სანქცია.
ან კიდევ, - სისხლის სამართლის ნორმების დისპოზიცია სისხლის სამართლის კოდექსში
გადმოცემულია ზოგადი სახით და ყველა კონკრეტულ მუხლში იგი არ მეორდება, რის გამოც
სისხლის სამართლის ნორმები, ძირითადად, წარმოდგენილია ჰიპოთეზისა და სანქციის სახით.
რეგულაციურ ნორმებში წარმოდგენილია ჰიპოთეზა და დისპოზიცია, სანქცია კი
ნაგულისხმევია საქართველოს კანონმდებლობით.
სამართალდაცვით ნორმებში ჰიპოთეზა და დისპოზიცია შერწყმულია, სანქცია კი
წარმოდგენილია სრულად და გამოკვეთილად.
სამართლის ნორმა, თავისი სამივე ელემენტით (ჰიპოთეზა, დისპოზიცია, სანქცია)
იშვიათად, მაგრამ მაინც შეიძლება ემთხვეოდეს ნორმატიულსამართლებრივი აქტის მუხლს.
მაგალითად, „მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი
მომაკვდავის ძლიე-რი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლების მიზნით, ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი
თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე“ (საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსი, მუხლი 110). ამ მუხლის ჰიპოთეზაა „ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკი-
ვილისაგან გათავისუფლების მიზნით“, დისპოზიციაა „მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი
ნამდვილი ნების შესაბამისად,“ ხოლო სანქციაა „ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე“.
შესაძლებელია – მუხლში გადმოცემული იყოს ნორმის მხოლოდ ნაწილი ანუ შესაძლებელია,
ერთი ნორმა მისი სამივე ელემენტით განთავსდეს რამდენიმე მუხლში. მაგალითად,
18
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 126 -ე მუხლში გადმოცემულია ჰიპოთეზა და სანქცია,
დისპოზიციად კი მითითებულია ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტი , – „ამ კანონის 73-ე
მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით“.
ერთი მუხლი შეიძლება შეიცავდეს რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ნორმის ზოგად
ჰიპოთეზას და დისპოზიციას.
შეიძლება ჰიპოთეზა და დისპოზიცია ერთ მუხლში იყოს მოცემული, სანქცია - სხვაში.
შესაძლებელია, ჰიპოთეზა, დისპოზიცია და სანქცია განთავსდეს ნორმატიული აქტის
სხვადასხვა მუხლში.
შესაძლებელია, ჰიპოთეზა, დისპოზიცია და სანქცია განთავსდეს სხვადასხვა ნორმატიული
აქტის მუხლებშიც. ეს შესაძლებელია იმდენად, რამდენადაც ნორმა ერთიანი
ზოგადსავალდებულო ქცევის წესია, რომელიც გამომდინარეობს მოცემული სამართლის
სისტემიდან.

You might also like