You are on page 1of 6

ბაკალავრიატი.

შუალედური გამოცდა. საგანი - ადმინისტრაციული სამართალი

ლექტორი: ალექსანდრე ჩხიტაური

ჯგუფი N-107050h

სტუდენტის გვარი, სახელი თორნიკე ჯაფარიძე

ვარიანტი მესამე.

ღია კითხვები:

1. რას ეწოდება თანაზომიერების პრინციპი? (დახასიათება)

თანაზომიერების პრინციპი იცავს მოქალაქეს სახელმწიფოს მხრიდან უკანონო ჩარევისაგან;

აგრეთვე, სხვა მოქალაქეების მხრიდან მისი უფლებების ხელყოფისგან და იგი სამართლებრივი

სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპიდან, გამომდინარეობს. თანაზომიერების პრინციპი

არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოყენებულ

საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის არსებული დამოკიდებულების შემოწმების

ინსტრუმენტი. მიღებულ გადაწვეტილებას უნდა გააჩნდეს ლეგიტიმური მიზანი, და

შესაბამისი განხორციელებული ღონისძიება უნდა იყოს ამ მიზნის მისაღწევად გამოსადეგი,

აუცილებელი და პროპორციული. ადმინისტრაციული ორგანოების საქმინობა, ზოგადად

ფუნქცია საჯარო მმართველობის განხორციელება, ესაა ჭიდილი კერძო და საჯარო ინტერესს

შორის; თითქმის შეუძლებელია ბუნებაში დავასახელოთ შემთხვევა, რომელიც ფუნქცია

საჯარო მმართველობის ფარგლებში ხორციელდება და მასში არ აღმოვაჩინოთ კერძო და

საჯარო ინტერესს შორის ჭიდილი, ან თუნდაც ორ ან მეტ კანონით დაცულ საჯარო ინტერესს

შორის ჭიდილი. ვინაიდან ეს ინტერესთა შეპირისპირება სახეზეა უმეტეს შემთხვევებში,

კანონმდებელი კანონშივე განსაზღვარვს თანაზომიერების პრინციპს, როგორც დასაცავ

ერთგვარ „ოქროს შუალედს“ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თანაზომიერების

პრინციპის ჭრილში მიზანშეწონილია განვიხილოთ საჯარო

მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის ინსტიტუტი. დისციპლინა და

სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულება არის საჯარო სამსახურში წესრიგის

არსებობის მნიშვნელოვანი გარანტი. შესაბამისად, როდესაც მოსამსახურის მიერ სავარაუდოდ

ხდება, მაგალითად, სამსახურებრივი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, საჯარო


წესრიგი ირღვევა საჯარო სამსახურში. ამიტომაც, კანონმდებელი განსაზღვრავს ამ წესრიგის

დარღვევის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებს. თითოეული

მოსამსახურისთვის პასუხისმგებლობის დაწესება მისი პირადი ინტერესის დაპირისპირებაა

საჯარო ინტერესთან. თანაზომიერების პრინციპის თანახმად კი ისე უნდა მოხდეს

დისციპლინური სახდელის შერჩევა, რომ შერჩეული სახდელი იყოს ერთადერთი,

აუცილებელი და პროპორციული გადაწყვეტილება მიზნის მისაღწევად. კერძოდ, უნდა

შეფასდეს ქმედება, რომელიც ჩაიდინა საჯარო მოსამსახურემ იმ შედეგთან მიმართებით, რაც

დადგა ქმედებიდან გამომდინარე და რამაც დაარღვია საჯარო წესრიგი. სწორედ ამ

ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე, უნდა შეირჩეს ყველაზე მსუბუქი, აუცილებელი

და პროპორციული სახდელი, რათა საჯარო ინტერესის დაცვის ლეგიტიმურმა მიზანმა არ

გადაწონოს საჯარო მოხელის კანონით დაცული პირადი ინტერესი მნიშვნელოვანწილად.

თანაზომიერების პრინციპის არსი ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმაში მდგომარეობს, რომ

დაცულ იქნას ბალანსი საჯარო და კერძო ინტერესის ჭიდილს შორის, ისე რომ ერთი მხრივ

დამყარდეს საჯარო წესრიგი და მეორე მხრივ, აღნიშნულმა არ შელახოს საჯარო მოსამსახურის

პირადი ინტერესი.

2. რას ეწოდება საიდუმლოების, კეთილსინდისიერების და კანონიერი ნდობის

პრინციპები..? (დახასიათება)

ფუნქცია საჯარო მმართველობა და მისი განხორციელება რთული და მაღალი

პასუხისმგებლობით განსახორციელებელი საქმიანობის პროცესია, რომელიც საზოგადოების

ინტერესის სფეროში ექცევა და ნდობის თუ უნდობლობის წარმოშობის საწინდარია. სწორედ,

მაშინაა მმართველობა სანდო, როდესაც იგი კანონიერების და გამჭვირვალობის

უზრუნველყოფას ემსახურება; შესაბამისად, სზაკ-ით დადგენილი გადაწყვეტილების

ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების საფუძველზე მიღების სავალდებულოობა

და ადმინისტრაციული წარმოების პრინციპები ქმნის საფუძველს მმართველობის მიმართ

საზოგადოების ნდობის ამაღლების. თანაზომიერების პრინციპი, კანონის წინაშე

თანასწორობის პრინციპი, კანონიერების პრინციპი, საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის

პრინციპი, გამჭვირვალობის/საქვეყნოობის პრინციპი, კანონიერი ნდობის პრინციპი, ეს ის

სახელმძღვანელო იდეებია, რომელთა გარეშეც საჯარო მმართველობის, როგორც

სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელება შეუძლებელია. აღნიშნულიდან

გამომდინარე, რა ფორმითაც არ უნდა ხორციელდებოდეს ფუნქცია საჯარო მმართველობა,

წინამდებარე პრინციპების დაცვა, ნებისმიერი იმ პირისთვის, ვინც ამ ფუნქციის


განმახორციელებელია, აუცილებელი და უპირობოა.

საჯარო ადმინისტრაციის მიერ კანონის შესაბამისი ქმედება უქმნის მოქალაქეს კანონიერ

ნდობას და უზრუნველყოფს მის სამართლებრივ უსაფრთხოებას. ამიტომ ადამიანი მოქმედებს

განსაზღვრული მოლოდინის ფარგლებში. კანონის უზენაესობა ორმხრივი ნდობის

წინაპირობაა. თუკი ხელისუფლება ძალაუფლებას კანონის შესაბამისად იყენებს, მოქალაქეებს

შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ, როდის და რა ფორმით გამოიყენებს ხელისუფლება

ძალაუფლებას და მოახდენს თუ არა, და რა სახით მოახდენს იგი რეაგირებას მათ ქმედებებზე.

სწორედ ეს ქმნის კანონიერი ნდობის პრინციპს. შესაბამისად, ადამიანის სამართლებრივი

უსაფრთხოება სახელმწიფოში წარმოადგენს კიდევ ერთ ღირებულებას, რომელიც

გამომდინარეობს კანონის უზენაესობის პრინციპიდან.

კანონიერი ნდობის პრინციპი გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან,

რომელიც კრძალავს მოქალაქის მხრიდან სახელმწიფო ორგანოებისადმი გამოხატული ნდობის

გაცრუებას. საჯარო მმართველობაში კანონიერი ნდობის პრინციპი უკავშირდება

ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის

გაუქმების ინსტიტუტს. საყურადღებოა, რომ კანონიერი ნდობის დაცვის გარანტია უფრო

მაღალია უკვე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემთხვევაში, ვიდრე

დაპირების მიმართ. დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს

დაპირებისადმი, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, ისევე არის გარანტირებული,

როგორც უკვე განხორციელებული ქმედებისადმი. თუმცა, არსებობს სხვაობა კანონიერი

ნდობის დაცვის ხარისხში უკვე განხორციელებული ქმედებისა და დაპირების შემთხვევაში.

კანონიერი ნდობის პრინციპი აქტუალურობას არ კარგავს საჯარო მმართველობის

მრვალაწახნაგოვანი ბუნებიდან გამომდინარე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახეზეა

საჯარო მმართველობის ფარგლებში აღმჭურველი ხასიათის გადაწყვეტილებების მიღების

შემთხვევები, კანონიერი ნდობის, როგორც პრინციპის დაცვის ვალდებულება უფრო

მნიშვნელოვანი ხდება. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია, საჯარო მმართველობის

განმახორციელებელმა პირმა იცოდეს ის შედეგები და სამართლებრივი მოცემულობები, რასაც

ამ პრინციპის დარღვევა მოჰყვება. არსებითად უკანონო გადაწყვეტილებაც კი, თუ მას

საფუძვლად უდევს კანონიერი ნდობა, შესაძლებელია არ გახდეს ბათილად ცნობის ობიექტი,

ან მისმა ბათილობამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ხარჯები გამოიწვიოს ზიანის

ანაზღაურების სახით.

3. რას ეწოდება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და რას ეწოდება


ნორმატიულ სამართლებრივი აქტი? (განმარტეტ ცნებები) .. ასევე მოკლედ მიმოიხილეთ

რა განსხვავებაა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტსა და

ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს შორის?

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი ინსტიტუტი

წარმოიშვა ხელისუფლების დანაწილების და სამართლებრივი სახელმწიფოს დოქტრინის

გათვალისწინებით. ხელისუფლების დანაწილების პრინციპმა გახადა შესაძლებელი

აღმასრულებელი ხელისუფლების და მისი საქმიანობის, როგორც დამოუკიდებელი სფეროს

გამოყოფა. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპმა მოითხოვა მმართველობითი

საქმიანობის არა მარტო კანონის ფარგლებში მოქცევა, არამედ, მის მიღმა, დამატებითი

სამართლებრივი ინსტრუმენტების შექმნა, რომელიც ცალკეულ ინდივიდებს მისცემს

უფლების დაცვის შესაძლებლობას. ასეთი სამართლებრივი ინსტრუმენტია ინდივიდუალური

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ახდენს საკანონმდებლო მოწესრიგების

ინდივიდუალიზაციას და კონკრეტიზაციას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-

სამართლებრივი აქტის ცენტრალური მიზნის – საჯარო მმართველობის სამართლებრივი

სახელმწიფოს წესრიგის ქვეშ მოქცევის გათვალისწინებით, შესაძლებელია მისი ოთხი

ფუნქციის გამოყოფა: ა) მატერიალურ-სამართლებრივი ფუნქცია. ინდივიდუალური

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ხდება კანონით მოწესრიგებული

ურთიერთობის კონკრეტიზაცია და ინდივიდუალიზაცია. მხოლოდ აქტის გამოცემის

შემთხვევაში ხდება ის ცალკეული სუბიექტების უფლებების ან შეზღუდვების (აკრძალვების)

დამდგენი. აღნიშნული ფორმა აძლევს შესაძლებლობას მის ადრესატს გაიგოს რისი უფლება

აქვს მას ან რას ითხოვენ მისგან. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის

მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა ვლინდება იმაში, რომ ის არის კანონის

მოთხოვნების ცალკეულ შემთხვევებსა და კონკრეტულ პირებზე გავრცელების საშუალება70.

ბ) აღსრულება-სამართლებრივი ფუნქცია. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-

სამართლებრივი აქტის გამოცემა აძლევს შესაძლებლობას მის გამომცემ ადმინისტრაციულ

ორგანოს აღასრულოს ეს აქტი, კანონით დადგენილი აღსრულების საშუალებების

გამოყენებით.

4. ჩამოთვალეთ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები:

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კლასიფიკაცია სხვადასხვა

ნიშნის მიხედვით. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ შემდეგი კრიტერიუმები: ა) გამოცემის

ფორმის მიხედვით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უშვებს


ადმინისტრაციული აქტის გამოცემას წერილობითი და ზეპირი ფორმით . გარდა

წერილობითი და ზეპირი ადმინისტრაციული აქტისა, მმართველობის პრაქტიკაში ის

გვხვდება უმოქმედობის, დუმილის, სხეულის მოძრაობის, შუქნიშნების ან სხვა სახით. ბ)

ურთიერთობის შინაარსის მიხედვით. კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის

დამდგენი ხასიათის ადმინისტრაციული აქტი აწესებს, ცვლის ან წყვეტს კონკრეტულ

სამართლებრივ ურთიერთობას. მაგ., მშენებლობის ნებართვა, უკანონო მშენებლობის

აკრძალვა, ფულადი დახმარებების გამოყოფა და ა.შ. უფლების ან სამართლებრივი

ურთიერთობის არსებობა – არარსებობის დამდგენი ადმინისტრაციული აქტი ადგენს პირის

უფლებებს ან პირის ან საგნის სამართლებრივად მნიშვნელოვან თვისებებს. მაგ., არჩევნებში

მონაწილეობის უფლების დადგენა; I კატეგორიის ინვალიდობის დადგენა; შენობის

კულტურის ძეგლის სტატუსის დადგენა და ა.შ. მაგ., თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის

გამგეობის გადაწყვეტილებით ბახტრიონის ქუჩაზე გამწვანებულ ტერიტორიას მიენიჭა

სკვერის სტატუსი და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაეგზავნა

გარემოს დაცვის სამინისტროს სკვერის აღრიცხვაზე აყვანის მიზნით. მითითებული

ინდივიდუალური აქტით დადგინდა გამწვანებული ტერიტორიის სამართლებრივად

მნიშვნელოვანი თვისება - ტერიტორია სკვერის სტატუსით ექცევა ნორმატიული აქტით

განსაზღვრული პარკების, ბაღებისა და სკვერების ნუსხაში, შესაბამისად, იგი იძენს

განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს და ხდება მოსახლეობისა და სახელმწიფო

ორგანოების მხრიდან მოვლა-პატრონობისა და ზრუნვის ობიექტი. გ) ადრესატზე

ზემოქმედების ხასიათის მიხედვით. აღმჭურველია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-

სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან

სარგებელს. შემზღუდველია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი,

რომელიც ამძიმებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, რაც შეიძლება კონკრეტული

ქმედების აკრძალვით (ამკრძალავი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი

აქტი) ან კონკრეტული ქმედების განხორციელების ვალდებულებაში გამოიხატოს

(მავალებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი).

5. რა შემთხვავაში ხდება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის არარად აღიარება..?

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ:

ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა;

ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ;

გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო;


დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ

სამართალდარღვევას.

არარა აქტების მიმართ არ ვრცელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების

გასაჩივრებისათვის ამ კოდექსით დადგენილი ვადები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი

აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის

მოთხოვნით არარად აღიაროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი..

6. რელაქტის ცნება, რელაქტის გამოვლინების ფორმები.. (მოკლე დახასიათება)

რეალაქტი ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ისეთი საჯაროსამართლებრივი

ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის,

შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგების დადგომისაკენ.

რეალაქტსა და ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სხვა სამართლებრივ ფორმებს შორის

განსხვავება ის არის, რომ რეალაქტი წარმოადგენს ფაქტობრივ, რეალურ მოქმედებას, ხოლო

დანარჩენი კი წერილობით აქტებს, დოკუმენტებს. რეალაქტის ცნების ქვეშ იგულისხმება

ყველა ის მმართველობითი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი

(წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ), არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.

სწორედ ეს ნიშანია მთავარი განმასხვავებელი ამ ინსტიტუტისა და ადმინისტრაციული

ორგანოს საქმიანობის სხვა სამართლებრივი ფორმების შორის. მაგალითად, საპატრულო

პოლიციის (ადმინისტრაციული ორგანოს) მიერ პატრულირება წარმოადგენს რეალაქტს.

მართალია, ეს არის პოლიციის მიერ საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების

განხორციელება, თუმცა იგი ფაქტობრივი მოქმედებაა, რომელიც არ არის მიმართული

სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ (უფლება-მოვალეობების წარმოშობის, შეცვლის ან

შეწყვეტისაკენ). მაგრამ თუკი საპატრულო პოლიცია მოაწესრიგებს საგზაო მოძრაობას, ეს უკვე

აღარ იქნება რეალაქტი, რადგან საგზაო მოძრაობის მონაწილეს წარმოეშობა ვალდებულება,

შეასრულოს პოლიციის მიერ მისთვის მითითებული კანონიერი მოთხოვნა.

You might also like