You are on page 1of 2

იაკობ ცურტაველის დიდოსტატობა, მხატვრული თხრობისა და ხატვის

განსაცვიფრებელი უნარი ჩანს „შუშანიკის წამების“ მთავარი ანტაგონისტური


წყვილის - ქრისტიანობისათვის წამებული შუშანიკ დედოფლისა და რწმენისა და
სამშობლოს გამყიდველი ერისმთავრის, ვარსქენის მხატვრული სახეების
გამოკვეთაში. ამიტომაც აღაფრთოვანებს თანამედროვე მკითხველსაც იაკობ
ხუცესის მხატვრული ოსტატობა, მისი თხრობის განსაცვიფრებელი ხელოვნება,
სიტყვის ფლობის უნარი.
„შუშანიკის წამების“ მთავარი გმირი ქალია, შუშანიკი. მართალია, ის სომეხთა
მხედართმთავრის, ვარდან მამიკონიანის ასულია, მაგრამ ის, იმავდროულად,
ქართლის დედოფალია, ოთხი ქართველი შვილის დედა, ქართული ქრისტიანული
რწმენისთვის თავდადებული. ის არის ქალი, რომლის ცხოვრებაც ნათლად
გვიჩვენებს, რომ ძალაუფლება, სიმდიდრე, ფიზიკური ძალა არაფერია სულიერ
სიძლიერესთან, ნამდვილ რწმენასთან შედარებით.
ვტორი - იაკობ ხუცესი - თვითმხილველი და მონაწილეა ნაწარმოებში ასახული
ამბებისა, ალბათ, სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ჩვენს თვალწინ წარმოსდგება
არა ქრისტიანობისათვის წამებული დედოფლის სახე, არამედ ცოცხლდება
სისხლითა და ხორცით სავსე, ენერგიული, საკუთარი პიროვნული ღირსებისა და
რწმენის დაცვისათვის მებრძოლი ქალი.
იაკობ ცურტაველი დიდებულად გვიხატავს ქრისტიანობისათვის წამებული
დედოფლის სახეს; გვიჩვენებს იმ შინაგან ბრძოლას, რაც შუშანიკის პიროვნებაში
მიმდინარეობს. ის არ არის ტიპური ასკეტი, ვინც იოლად თმობს სიცოცხლეს, ვისაც
სძულს ეს ქვეყანა, პირიქით, შუშანიკს უყვარს ეს წუთისოფელი, უძნელდება მასთან
განშორება, უფრო მეტიც, თავის ტანჯვას, თავისდაუნებურად, მკრეხელურად
„ჭირსაც“ უწოდებს, როცა ამბობს: „ჩემდა მარტოისა არიან ჭირნი ესე“.
ასევე, გავიხსენოთ დედოფლის გოდება ფიზიკური მშვენიერების დაკარგვის გამო,
„მიაგოს მას უფალმან, ვითარ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოისთულნა და
სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭკნო, მშვენიერება სიკეთისა ჩემისა
დააბნელა და დიდება ჩემი დაამდაბლა.“ მართლაც, შთამბეჭდავად,
გულწრფელად გადმოსცემს თავის განცდებს შუშანიკი. ჩვენ ვხედავთ, რომ
შუშანიკი არ ქცეულა ფერმკრთალ, უსიცოცხლო, დაძაბუნებული ასკეტის ლანდად,
ის უაღრესად მიმზიდველი, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ქალია, რომელიც
ღრმა სევდითა და ტკივილით დასტირის თავისი მშვენიერების უდროოდ
დაკარგვას. ვფიქრობთ, სწორედ ამიტომაა განსაკუთრებულად დასაფასებელი
ქართლის დედოფლის მსხვერპლი. ის ხომ დიდი სულიერი და ფიზიკური ტანჯვის
შედეგადაა გაღებული.
რა სჭარბობს შუშანიკის ცხოვრებაში: ტრაგედია თუ ბედნიერება? ალბათ, ერთიც
და მეორეც. უნდა აღვნიშნოთ, რომ დედოფალი თავსდატეხილ უბედურებას
შინაგანად მომზადებული შეხვდა. ამაზე მიგვანიშნებს მისი სიტყვები: „დასაბამ
სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამეი ესე“და „სისხლი ესე განმწმენდელ არს ცოდვათა
ჩემთა.“ ის მზადაა, მოიხადოს ერთგულების ვალი ღვთისა და ქვეყნის წინაშე.
უფრო მეტი, შუშანიკი კარგად იცნობდა მეუღლის გაიძვერულ ხასიათს, ხვდებოდა,
რომ ძალაუფლებისმოყვარე ერისთავი უკან არაფერზე დაიხევდა, ოღონდ
მიზნისთვის მიეღწია. ის წინასწარ გრძნობდა, რომ ვარსქენს რჯულისა და ქვეყნის
ღალატი ჰქონდა განზრახული, ამიტომაც სთხოვდა ყველას: ელოცათ, რათა
პიტიახში სწორ გზაზე დამდგარიყო.
ქართველი ხალხი კი შუშანიკს შესცქეროდა, მისგან იღებდა რწმენისათვის
თავდადების მაგალითს, სწავლობდა საკუთარი ღირსების დაცვისათვის
ბრძოლას. ეს იყო დედოფლის ბედნიერების წყაროც. თუმცა, სავსებით ბუნებრივია,
რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა მომხიბლავი ქალი განიცდიდა სილამაზის უდროოდ
დაჭკნობას. ვფიქრობ, შუშანიკის ტრაგედია ყველაზე მეტად გამოვლინდა არა
ვარსქენის მიერ მისი წამების ეპიზოდებში ,არამედ მისი შვილების დედასთან
ურთიერთობის პროცესში. ფაქტობრივად, მისი ოთხივე შვილი დაემორჩილა მამის
კატეგორიულ მოთხოვნას, უღალატა ქრისტიანობას და, შესაბამისად, დედას.
შემთხვევითი არაა, რომ ისინი - „სირცხვილეულნი“- ვეღარ ენახვებოდნენ
შუშანიკს. ამ უკანასკნელსაც „სძაგდა მათი ხსენება.“ ეს, მართლაც, ტრაგედიაა
დედისთვის.
ქართლის პიტიახშის მეუღლე ცხოვრებამ არჩევანის წინაშე დააყენა: რწმენისადმი
ერთგულება და წამება ან დედოფლის გვირგვინი და ამქვეყნიური უზრუნველი
ცხოვრება.
რა თქმა უნდა, სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებულად კითხულობენ იაკობ ხუცესის
გენიალურ თხზულებას და, შესაბამისად, სხვადასხვაგვარად აფასებენ ამა თუ იმ
პერსონაჟს, მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება: აღფრთოვანება იაკობ ხუცესის
მხატვრული ოსტატობით, მისი თხრობის განსაცვიფრებელი ხელოვნებით და
შუშანიკის სულიერი სიმტკიცით, რწმენისადმი ერთგულებით.

You might also like