You are on page 1of 3

1.

კონკურსი საჯარო სამსახურში

საჯარო დაწესებულებებში თანამშრომელთა სამსახურში მიღების სამართლიანი და


გამჭვირვალე პროცედურების არსებობა არის თანამედროვე სამართლებრივი
სახელმწიფოების მნიშვნელოვანი გამოწვევა, რამდენადაც ამაზეა დამოკიდებული
საბოლოო შედეგი - სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებისათვის მაღალი ხარისხის
სერვისის მიწოდება. კონკურსი არის საჯარო სამსახურის კვალიფიციური კადრებით
შევსების სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს
სახელმწიფო აპარატის გამართულ ფუნქციონირებას. იმის გათვალისწინებით, რომ
კანონს შემოაქვს კონკურსის ორი სახე, ღია და დახურული კონკურსი, მასში
მონაწილეობის უფლების მქონე პირთა კატეგორიაც არის განსხვავებული. ღია კონკურსში
მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს
მოხელის სერტიფიკატი. სისტემაში გარედან, ანუ ღია კონკურსის საფუძველზე,
შემოსვლა ხდება მხოლოდ მეოთხე რანგის მოხელის თანამდებობაზე. მოხელის
ზემდგომი მესამე, მეორე და პირველი რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნებიან
დახურული კონკურსის საფუძველზე. დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო
სამსახურის სისტემის ფარგლებში. კანონი ითვალისწინებს გამონაკლისს, როდესაც
საჯარო სამსახურის შეუფერხებელი ფუნქციონირების ინტერესებიდან გამომდინარე,
მესამე, მეორე ან პირველი რანგის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნი პირის შერჩევა
ხდება ღია კონკურსით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დახურული კონკურსის საფუძველზე
საჯარო სამსახურის სისტემის ფარგლებში ვერ შეირჩა შესაფერისი კანდიდატი. საჯარო
სამსახურის ფუნქციონირების ინტერესების გათვალისწინებით. კანონი, ასევე, უშვებს
დახურული კონკურსის გარეშე, პირდაპირ, ღია კონკურსის ჩატარების შესაძლებლობას
იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საჯარო სამსახურის მიმართვის შემდეგ დაწერილი
ბიუროს დასაბუთებული რეკომენდაცია, რომ მოხელის ვაკანტური თანამდებობისათვის
დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით,
დახურული კონკურსის საფუძველზე, შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩევა. ღია და
დახურული კონკურსის გარდა, ასევე არსებობს შიდა კონკურსიც, ანუ კონკურში
ჩატარებული ერთი საჯარო დაწესებულების შიგნით და არა მთელი საჯარო სამსახურისა
და მისი რეზერვის ფარგლებში, როგორც ეს დახურული კონკურსისას ხდება.
კონკურსის ოფიციალურად გამოცხადება ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის
საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge)
მეშვეობით. დამატებით, საჯარო დაწესებულებას შეუძლია გამოიყენოს დაწესებულების
ვებგვერდი, ხოლო ღია კონკურსის შემთხვევაში – შრომით ურთიერთობებთან
დაკავშირებული შესაბამისი ვებგვერდები, სოციალური ქსელები, ბეჭდვითი ორგანოები
და ა.შ.,
კანონი ადგენს კონკურსის შესახებ შეტყობინების მინიმალურ რეკვიზიტებს. შეტყობინება
უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: შესაბამისი დაწესებულების და კონკურსის წესით
შესავსები პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასახელებას;
კანდიდატის მიმართ წაყენებულ ძირითად, სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო
მოთხოვნებს; განსახორციელებელ ფუნქციებს; თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას და კომისიის მიერ
საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას; შესაბამისი კომისიის მისამართს; ღია და
დახურული კონკურსის ეტაპებს და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმას;
კანდიდატს ღია და დახურულ კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის
წარსადგენად უნდა მიეცეს კონკურსის გამოცხადების დღიდან არანაკლებ 5 დღის ვადა.
კანდიდატი უფლებამოსილია, აღნიშნულ ვადაში, განაცხადში შეიტანოს ნებისმიერი
ცვლილება და დამატება. ეს არის დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც
სავარაუდოდ ინფორმაცია საჯარო სამსახურში ვაკანსიის დასაკავებლად კონკურსის
გამოცხადების შესახებ საზოგადოების ფართო ფენებისთვის გახდება ხელმისაწვდომი და
მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ მასში. საზოგადოებაში არ
უნდა გაჩნდეს განცდა, რომ კონკურსის გამოცხადება იყო გამიზნული და ატარებდა
ფორმალურ ხასიათს.
ღია და დახურული კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად საჯარო დაწესებულებაში
იქმნება შესაბამისი საკონკურსო კომისია. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს შესაბამისი
საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი. თავმჯდომარე უნდა იყოს ამ საჯარო
დაწესებულების პირველი ან მეორე რანგის პროფესიული საჯარო მოხელე. თუკი
აღნიშნული რანგის ყველა თანამდებობა ვაკანტურია, კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება
სხვა საჯარო დაწესებულების შესაბამისი გამოცდილების და რანგის პროფესიული
საჯარო მოხელე. იმისათვის რომ კომისია იყოს მოქნილი, კომისიის თავმჯდომარეს
ენიჭება უფლებამოსილება, პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით
შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა და დანიშნოს ასეთი
სპეციალიზებული კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საჯარო
დაწესებულების ხელმძღვანელი. კომისიის შექმნის და კომისიის თავმჯდომარის
დანიშვნის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ახდენს კომისიის
საქმიანობის ლეგიტიმაციას. კომისიის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი საჯარო
დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენელი,
საჯარო დაწესებულების იმ სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი, რომელშიც
არის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა. კომისიის მოწვეულ წევრთა შრომა
შესაძლებელია ანაზღაურდეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კომისიის მოწვეული სპეციალისტები – პროფესიული კავშირების, არასამთავრობო
სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები უნდა სარგებლობდნენ კომისიის სხვა
წევრებთან ერთად თანაბარი უფლებით (ხმის მიცემის, გადაწყვეტილების მიღების
უფლება). გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სახელით, ხმათა უმრავლესობით. საჯარო
სამსახურის ბიუროს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, მოითხოვოს ინფორმაცია
კომისიის შემადგენლობის შესახებ. პროცესის კანონიერების უზრუნველყოფის მიზნით
ბიუროს უფროსი უფლებამოსილია, საჯარო დაწესებულებაში მიავლინოს
წარმომადგენელი კონკურსის ჩატარებისას.
კონკურსის ჩატარება მოიცავს სხვადასხვა ეტაპებს. პირველი ეტაპია განაცხადების
გადარჩევა, რაც ორიენტირებულია ფორმალური მოთხოვნების შემოწმებაზე. მოწმდება
კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტების სრულყოფილება და გამოცხადებული
ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით
მოთხოვნებთან მათი შესაბამისობა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ,
კომისიის დავალების საფუძველზე. კანდიდატს, რომელმაც ვერ გაიარა კონკურსის
პირველი ეტაპი, კონკურსის მეორე ეტაპამდე 7 დღით ადრე უნდა ეცნობოს ამის შესახებ.
მეორე ეტაპზე ხდება კანდიდატის შესაბამისობის შეფასება. კონკურსის მეორე ეტაპზე,
კონკურსის მიზნების მისაღწევად, კანდიდატი ფასდება კანონით დადგენილი შეფასების
ფორმების გამოყენებით. კომისია კანდიდატის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად
დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას ადგენს წერითი ან/და ზეპირი დავალების,
გასაუბრების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეფასების სხვა
ფორმების გამოყენებით.
წერითი ან/და ზეპირი დავალება. საკონკურსო კომისიას შესაძლებლობა ეძლევა,
გამოიყენოს ცოდნის შემოწმების წერილობითი და ზეპირი ფორმა ან ერთ-ერთი,იმის
გათვალისწინებით, თუ რომელი მეთოდის გამოყენებით არის შესაძლებელი დარგის
სპეციფიკიდან გამომდინარე, ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენა.
გასაუბრება. საკონკურსო კომისია კანდიდატებთან გასაუბრებისას იყენებს წინასწარ
შემუშავებულ კითხვარს, რომელსაც თან ახლავს შეფასების მეთოდი. გასაუბრება
კომისიას შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე და
პროფესიულ გამოცდილებაზე, რომლებიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის
დასაკავებლად.
კანონი კომისიას უდგენს ვალდებულებას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან
არაუგვიანეს 5 დღისა, წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, აცნობოს
ყოველ კანდიდატს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. კონკურსის შედეგები
საჯარო დაწესებულების მიერ აისახება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ
ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში. კანონი უშვებს კონკურსის
ჩაშლილად გამოცხადების ორ შემთხვევას: პირველ რიგში, კონკურსი ითვლება
ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი
განაცხადი. კონკურსის ჩაშლის მეორე შემთხვევაა კომისიის მიერ უარის თქმა
თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე, რამდენადაც ვერც ერთმა
კანდიდატმა ვერ დააკმაყოფილა ვაკანსიისთვის დადგენილი მოთხოვნები. ამ
შემთხვევაშიც, თუკი ეს მოხდა, დახურული კონკურსის საფუძველზე საჯარო
დაწესებულება უფლებამოსილია გამოაცხადოს ღია კონკურსი.

You might also like