You are on page 1of 3

ალბატროსი

აბორგებული სტიქიონის მკერდზე მატროსებს,


როცა შეიპყრობს ნაღველი და გართობა უნდათ,
იჭერენ ხოლმე ზღვის ფრინველებს _ დიდ ალბატროსებს,
რომელნიც ხომალდს მოწყენილნი მისდევენ გუნდად.

მსხვერპლი უხეშად დაგდებული აწყდება გემბანს,


ლაჟვარდის მეფე, მოწყვეტილი ცას და სინათლეს,
მოუქნელი და შერცხვენილი უმწეოდ კვდება
და ფრთებს ვეება ნიჩბებივით ძლივსღა მიათრევს.

ახლახან ცაში ადიოდა ჩვეულ სისხარტით,


ახლა უმზერენ უსიცოცხლოს, ტლანქს და საძაგელს,
ხარხარით სჩრიან აბოლებულ ჩიბუხს ნისკარტში
და ხტუნვა-ხტუნვით დაკოჭლებულ ფრთოსანს ბაძავენ.

ასე პოეტი მშვილდოსანთა უძლებს დაცინვას,


ღრუბლებს ბრძანებლობს და გრიგალთან ღამეს ათენებს,
მაგრამ მიწაზე, სადაც კაცთა დგას ღრიანცელი,
რომ გაიაროს, ფრთები უშლის გოლიათური..

კლასემები: პოეზია სინამდვილე

სემემები:

ალბატროსი +

ლაჟვარდის მეფე +

მსხვერპლი +

ღრუბელთა მბრძანებელი +

გრიგალთან ღამის გამთენებელი +

გოლიათური ფრთების პატრონი +

პოეტი +

დაკოჭლებული ფრთოსანი +

მატროსები +
მიწა +
მშვილდოსნები +
კაცთა ღრიანცელი +
1.გააანალიზეთ ლექსის სიმბოლური და რითმული სტრუქტურა.

2. რა წარმოქმნის ლექსის სემანტიკურ და ფორმალურ იზოტოპიას?

1. გავაანალიზოთ ლექსის სიმბოლური სტრუქტურა. ამისთვის საჭიროა, გამოვყოთ


ურთიერთდაპირისპირებული კლასემები (სქემაში ისინი უკვე გამოყოფილია: პოეზია და სინამდვილე).
ამგვარი კლასემები არის ზოგადი ცნებები, რომლებსაც ავტორი ერთმანეთს უპირისპირებს. თითქმის ყველა
ლექსსა ან პროზაულ ტექსტში გვხვდება ამგვარი ორი ძირითადი ურთიერთდაპირისპირებული ცნება
(მაგალითად, სიკეთე - ბოროტება, სულიერი - მატერიალური, ამაღლებული - მდაბალი და სხვ). ამგვარად, ამ
ლექსში გვაქვს კლასემები - ერთი მხრივ, პოეზია, მეორე მხრივ - სინამდვილე. აშკარაა, რომ პოეზიას აქ
შეესაბამება, პირველ რიგში, ალბატროსი, ხოლო სინამდვილეს - მატროსები.ამას ააშკარავებს ბოლო სტროფის
პირველი სტრიქონი „ასე პოეტი მშვილდოსანთა უძლებს დაცინვას“ (გაითვალისწინეთ, რომ
„მშვილდოსნებს“ ფრანგი მწერლები კრიტიკოსებს უწოდებენ ხოლმე.). დაპირისპირებული სემემები -
ალბატროსი - მატროსები აღნიშნავს დაპირისპირებას: პოეტი - კრიტიკოსები. კრიტიკოსთა თავდასხმების
შედეგად პოეტი ხდება უსიცოცხლო, ტლანქი, საძაგელი, თუმცა, ეს სამი ზედსართავი არ ახასიათებს
ალბატროსს (პოეტს), ზოგადად. უსიცოცხლო, ტლანქი, საძაგელი ხდება პოეტი კრიტიკოსთა სიძულვილის და
შურის შედეგად.
სქემის მარცხენა გრაფაში დავწერთ „ალბატროსი“ და, ასევე, ჩამოვწერთ სხვა სიტყვებს,
რომლებითაც ავტორი ალბატროსს ახასიათებს. ესენია: ლაჟვარდის მეფე, მსხვერპლი, ღრუბელთა მბრძანებელი,
გრიგალთან ღამის გამთენებელი, გოლიათური ფრთების პატრონი, პოეტი. ამ სიტყვების გასწვრივ სვეტში
„პოეზია“ (ანუ მეორე სვეტში) ვწერთ პლუსებს, ხოლო მესამე სვეტში („სინამდვილე“) ვწერთ მინუსებს.
შემდეგ პირველ სვეტში ვწერთ „მატროსები“ (ანუ მეზღვაურები) და იმ სიტყვებს, რომლებითაც
ავტორი მატროსებს ახასიათებს. ესენია მიწა (ალბატროსებისგან განსხვავებით, მატროსები მიწის მკვიდრნი
არიან), მშვილდოსნები, კაცთა ღრიანცელი. ამ სიტყვებს ვწერთ იმის გამო, რომ თუ ალბატროსი ციური არსებაა,
ღრუბელთა მბრძანებელი და ა.შ. , მატროსები, პირიქით, მიწიერი არსებები არიან. მათ გასწვრივ გრაფაში
„პოეზია“ ვწერთ მინუსებს, ხოლო გრაფაში „სინამდვილე“ ვწერთ პლუსებს.
ამგვარად, ავტორი ალბატროსებს ადარებს პოეტებს, ხოლო მატროსებს - კრიტიკოსებს.
მატროსები (მიწიერი, მდაბალი არსებები) ისე დასცინიან და აბეჩავებენ ალბატროსებს (მშვენიერ არსებებს),
როგორც კრიტიკოსები-პოეტებს,მწერლებს. ესაა ლექსის სიმბოლური სტრუქტურა და მისი ძირითადი იდეა.
გავაანალიზოთ ლექსის რითმული სტრუქტურა ანუ მისი რითმები. პირველ რიგში,
განვსაზღვროთ, როგორია რითმები ადგილმდებარეობის მიხედვით, ცხადია, რომ ლექსში გამოყენებულია
ჯვარედინი გარითმვა. რაც შეეხება რითმების ბგერით შედგენილობას, განსხვავდება იდენტური (ზუსტი,
ომონიმური, ტავტოლოგიური და ა.შ.) რითმები. მათ, ზოგადად, იდენტურ რითმებს ვუწოდებთ. ცხადია, რომ
ამ ლექსში გვხვდება არაიდენტური რითმები.
2. ახლა განვსაზღვროთ, რა წარმოქმნის ლექსის სემანტიკურ და ფორმალურ იზოტოპიას (სიმწყობრეს,
კოჰერენტულობას). ცხადია, რომ სიტყვებს (ანუ სემემებს) ალბატროსი, ლაჟვარდის მეფე, ღრუბელთა
მბრძანებელი, მსხვერპლი, პოეტი, დაკოჭლებული ფრთოსანი - აქვთ საერთო სემები. ალბატროსი ზეცის
მკვიდრია („ლაჟვარდის მეფე“, „ღრუბელთა მბრძანებელი“), ისევე, როგორც პოეტი (რომელსაც ზეციურ
შთაგონებას მიაწერენ ხოლმე). ანუ, ყველა ამ სიტყვის საერთო სემები იქნება „ზეცის მკვიდრი“, რომელსაც
უჭირს მიწაზე სიარული („ფრთებს ვეება ნიჩბებივით ძლივსღა მიათრევს“), ამაღლებული,მშვენიერი.
რაც შეეხება მატროსებს, ისინი მიწიერი არსებები არიან. მიწაზე „კაცთა ღრიანცელია“. ავტორი
ერთმანეთს უპირისპირებს ამაღლებულ არსებებს, პოეტებს, ზეცას და, მეორე მხრივ, მიწას, სადაც პოეტური,
ტკბილი ხმები კი არ გაისმის, არამედ - „ღრიანცელი“. ისიც ცხადია, რომ სიტყვებს (სემემებს) მატროსები, მიწა,
მშვილდოსნები, კაცთა ღრიანცელი საერთო სემები აქვს და ესაა „მდაბალი“, „ქვედა“, „უსიამოვნო“.
ყოველივე ზემონათქვამის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ლექსის სემანტიკურ იზოტოპიას წარმოქმნის
მასში ერთნაირი სემების მქონე სემემების გამოყენება.
ლექსის ფორმალურ იზოტოპიას (სიმწყობრეს, კოჰერენტულობას) წარმოქმნის რითმები (ანუ მსგავსი
ბგერების განმეორება),ასევე - ერთნაირი სიგრძის მქონე სტრიქონებისა და სტროფების განმეორება.

You might also like