You are on page 1of 8

გურანდა იობაშვილი

რა როლი აქვს ემოციას ელექტორალურ არჩევანში?


შესავალი

ადამიანის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე საუბრისას ხშირად


უპირისპირებენ ერთმანეთს „გონებას და გრძნობას“. თითქოს ერთი მეორეს
გამორიცხვას და ადამიანი გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს
უსმენს. ეს ერთგვარი შეპირისპირება საუკუნეებია არსებობს ლიტერატურასა თუ
ფილოსოფიაში. თუმცა, ამგვარი გამიჯვნა შეუძლებელია, ვინაიდან ადამიანის
აზროვნება ძალიან კომპლექსურია და თითოეული მისი აზრის თუ
გადაწყვეტილების ჩამოყალიბებაში უამრავი ასპექტი მონაწილეობს, მათ შორის,
არსებული გამოცდილებები, შეხედულებები და, რა თქმა უნდა, ემოცია. ადამიანის
მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება უშუალოდ კავშირშია მის ემოციურ
მდგომარეობასთან.

პოლიტიკაშიც, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ამომრჩეველი არჩევანს აკეთებს


მხოლოდ ფაქტებზე, ლოგიკასა და რაციონალურ აზროვნებაზე დაყრდნობით, თუმცა
ასე არაა. აუცილებლად გასათვალისწინებელია ემოციის როლი, ვინაიდან ემოცია
ადამიანის ქცევის შემადგენელი უმნიშვნელოვასენი ნაწილია და განაპირობებს მის
ქმედებებს. ადამიანის ემოციები და ფაქტორები, რომლებიც ამ ემოციებს იწვევენ,
ფაქტობრივად, ყველა საზოგადოებრივი მეცნიერების ინტერესია და ამ მხრივ, არც
პოლიტიკა უნდა იყოს გამონაკლისი. ესეში განვიხილავთ სხვადასხვა კვლევებს,
ავტორთა მოსაზრებებსა და თეორიებს ემოციის როლზე ამომრჩევლის მიერ
გადაწყვეტილების მიღების პროცესში და შევეხებით ემოციის გავლენის სხვადასხვა
ასპექტებს. ვეცდებით წარმოვაჩინოთ და შესაბამისი მაგალითებით ავხსნათ, თუ
როგორ გავლენას ახდენს ემოცია ადამიანის პოლიტიკურ ქმედებებზე და რა როლს
თამაშობს ის ელექტორალურ არჩევანში.

ლიტერატურული მიმოხილვა

ჯონათან ევანსი, ფსიქოლოგი და პლიმუთის უნივერსიტეტის პროფესორი


სტატიაში „Dual-Processing Accounts of Reasoning, Judgment, and Social Cognition“
განიხილავს ე.წ “Dual process”-ის თეორიას და მის კავშირს ადამიანის აზროვნებასა და
გადაწყვეტილების მიღების პროცესთან. როგორც ავტორი აღნიშნავს, ყველა „ორმაგი
პროცესის“ თეორიას ერთი საერთო რამ აქვს: თითოეული მათგანი გამოყოფს ორ
განსხავავებულს კოგნიტურ პროცესს, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის
აზროვნებაზე და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე (Evans, 2008).
ჯონათან ევანსი მათ უწოდებს სისტემა 1-ს და სისტემა 2-ს და ისინი ამგვარად
შეგვიძლია დავახასიათოდ: სისტემა 1 სწრაფი, ავტომატიზირებული, ინტუიციური
აზროვნების სისტემაა, რომელსაც ადამიანი ძირითადად ყოელდღიური სწრაფი,
მარტივი გადაწყვეტილებების მისაღებად იყენებს, თუმცა შესაძლოა გარკვეულ
შეცდომამდე ან სტერეოტიპულ აღქმამდე მიგვიყვანოს; რაც შეეხება სისტემა 2-ს, ის
გულისხმობს გადაწყვეტილების უფრო ნელა მიღებას, დაკვირვებულ ფიქრს,
ლოგიკურ ანალიზს და აზროვნებას, რომელიც კომპლექსური სიტუაციების უფრო
ზუსტად გასააზრებლად და კრიტიკული აზროვნებისთვის გვჭირდება (Evans, 2008).
თუმცა, ეს ორი პროცესის ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ არსებობს, პირიქით,
ისინი ერთად მონაწილეობენ ფიქრის პროცესში და მათი ურთიერთქმედების
გააზრება გვეხმარება ადამიანების ქცევისა და მისი გადაწყვეტილებების
გაანალიზებაში (Evans, 2008).

როგორ შეგვიძლია ეს თეორია პოლიტიკას და კერძოდ ელექტორალურ არჩევანს


დავუკავშიროთ? ხმის მიცემის პროცესი, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღებას
და არჩევანის გაკეთებას გულისხმობს. ამ პროცესში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ,
ორივე კოგნიტური სისტემაა ჩართული: გადაწყვეტილების მიღებისას, სისტემა 1-მა
შესაძლოა ინტუიციურად, ბევრი ფიქრის გარეშე მიგვაღებინოს იმპულსური
გადაწყვეტილება, რომელიც ემოციური ფაქტორით იქნება განპირობებული (Evans,
2008). ეს ემოცია კი შესაძლოა გამოწვეული იყოს, მაგალითად, კანდიდატზე (პარტია
იქნება ეს თუ ადამიანი) შექმნილი უეცარი კარგი შთაბეჭდილებით, კარგი სიტყვით
გამოსვლით, საინტერესო ვიდეო-რგოლით, ემოციური სლოგანით, მოწოდებით და
ა.შ. რაც შეეხება კოგნიტური პროცესის სისტემა 2-ს, ის უფრო ინფორმირებულ
არჩევანს განაპირობებს (Evans, 2008). ამ დროს, გადაწყვეტილება მიიღება
კრიტიკული აზროვნების, ანალიზის შედეგად. ამომრჩეველი იმპულსურად არ
ენდობა კანდიდატის დაპირებებს თუ საჯაროდ წარმოჩენილ იმიჯს და ამოწებს,
იკვლევს, იაზრებს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას (Evans, 2008). მიუხედავად
ამისა, ვფიქრობ, დუალისტური პროცესის თეორია არ უნდა გავიაზროთ ისე, თითქოს
ეს ორი კოგნიტური პროცესი ურთიერთგამომრიცხავია და ან ერთი მოქმედებს
გაადაწყვტილების მიღებისას ან მეორე. ჩვენს აზროვნებას შეუძლია გადართვა
ერთიდან მეორეზე. მაგალითად, მე შესაძლოა თავდაპირველად სულ განსხვავებული
შტაბეჭდილება დამრჩეს ამა თუ იმ კანდიდატზე, თუმცა შემდგომ გადავიდე ამ
შტაბეჭდილების კრიტიკულად გაანალიზებაზე. ამიტომ პოლიტიკური კამპანია,
რომელიც სრულად ემოციურ მესიჯებზეა დაშენებული ამომრჩეველზე, გავლენას
ვერ მოახდენს, თუ რაციონალურ აზროვნებას მოწყვეტილია. ევანსის მიერ ნახსენები
თეორია გვეხმარება შევხედოთ არჩევანის გაკეთების და გადაწყვეტილების მიღების
პროცესს არა მხოლოდ რაციონალური კუთხით, არამედ დავინახოთ მისი ემოციური
ასპექტებიც.
გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ემოციის გავლენას განიხილავენ
ჯ.ლერნერი და დ.კელტნერი სტატიაში „Beyond valence: Toward a model of emotion
specific influences on judgement and choice“. როგორც ავტორები აღნიშნავენ, აქამდე
არსებული თეორიები ადარებდნენ საპირისპირო ემოციების გავლენას (პოზიტიური-
ნეგატიური), მათ კი გადაწყვიტეს ეკვლიათ, როგორ მოქმედებდა ერთი ვალენტობის
სხვადასხვა ემოცია ადამიანის მიერ გადაწყვტილების მიღების პროცესზე (Lerner &
Keltner, 2000). ავტორების მიხედვით, გავლენა, რომელსაც ემოციები ახდენენ
გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, მარტივად მხოლოდ პოზიტიურად ან
ნეგატიურად არ უნდა მოვიაზროთ; სხვადახვა ემოცია,შიშია ეს, ბრაზი თუ
სიხარული, სრულებით განსხვავებულად მოქმედებენ და განსხვავებულ
გადაწყვეტილებამდე მივყავართ: მაგალითად, ბრაზი და შიში, ორივე ნეგატიური
ემოციაა, თუმცა ბრაზი ხშირად ადამიანს რისკის გაწევისკენ უბიძგებს, შიში კი
პირიქით, არიდებისკენ (Lerner & Keltner, 2000). მათი აზრით, ადამიანის ემოციებს
და ამ ემოციების გავლენას გადაწყვეტილებებზე განაპირობებს ის, თუ როგორ
აფასებს პიროვნება ამა თუ იმ სიტუაციას, ხოლო ცოდნა თუ რა გავლენას ახდენს ესა
თუ ის ემოცია ადამიანის აზროვნების პროცესზე, ეხმარება თავად მას, მიიღოს
ინფორირებული გადაწყვეტილებები (Lerner & Keltner, 2000).

ემოციის როლს და მის გავლენას განიხილავს ჯორჯ მარკუსი წიგნში „Sentimental


Citizen: Emotion in Democratic Politics”. ავტორი აღნიშნავს, რომ დროა გონება და
ემოცია საპირისპირო ძალებად აღარ წარმოვაჩინოთ და უარვყოთ იდეა, რომ
აზროვნება, რომელიც პროგრესისას და სამართლიანობის გარანტიაა, ემოციისგან,
როგორც გამანადგურებელი იმპულსისგან, დაცვას საჭიროებს (Marcus, 2010).
მარკუსი წერს: “ People are able to be rational because they are emotional; Emotions enable
rationality” (Marcus, 2010, p.7). შესაბამისად, რაციონალიზმი ემოციისგან არ უნდა
გავმიჯნოთ. რაციონალიზმი- ესაა გარკვეული უნარების ერთობლიობა, რომელსაც
ჩვენი გრძნობის სისტემები იყენებენ, რომ გონება ყოველდღიურ გამოწვევებს
გაუმკლავდეს (Marcus, 2010). წიგნში ხამზაგსმულია პოლიტიკის ემოციური
ასპექტები და ემოციის როლი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ემოცია ხშირად განაპირობებს პოლიტიკურ ჩართულობას. როგორც აქამდეც
აღვნიშნეთ, ეს ემოცია არ შეიძლება იყოს მხოლოდ პოზიტიური ან ნეგატიური.
მარკუსიც სხვადასხვა ტიპის ემოციებს ასახელებს, როგორიცაა ბრაზი, იმედი თუ
შიში და აღნიშნავს, რომ ნებისმიერ მათგანს შეუძლია გამოიწვიოს პოლიტიკური
აქტივობა: უბიძგოს ადამიანს ხმის მიცემისკენ თუ სხვა ტიპის პოლიტიკური
ჩართულობისკენ. (Marcus, 2010).

ემოციის ამგვარ მნიშვნელობას და გავლენას გადაწყვეტილების მიღების


პროცესზე, რა თქმა უნდა, ხედავენ პოლიტიკოსებიც. ემოციური ინტელექტის ქონა
საჭიროა მათთვის, რომ შეძლონ მოქალაქეების ემოციების უკეთ გააზრება, რაც თავის
მხრივ, პოლიტიკოსებს ეხმარება უკეთ მართვაში. ვფიქრობ, თანამედროვე ეპოქაში,
როცა პოლიტიკა გამჭვირვალეა და მოქალაქემ ფაქტობრივად პოლიტიკოსებისა და
თუ მთავრობის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი იცის, შეუძლებელია
გონივრული გადაწყვეტილებების მიღება მოქალაქეების დამოკიდებულების,
ემოციური ფონისა და მოსალოდნელი რეაქციების გათვალისწინების გარეშე.
პოლიტიკა, სწორედ რომ ადამიანის ემოციებს ემყარება. პოლიტიკური კამპანიების
მიზანი გარკვეული ემოციის გამოწვევაა, რომელმაც მოქალაქე სასურველ არჩევნამდე
უნდა მიიყვანოს. ადამიანების დარწმუნებას სწორედ მათი ემოციების საშუალებით
ახერხებენ. ერთი მხრივ, როცა პოლიტიკოსი იაზრებს საზოგადოების ემოციურ ფონს,
დემონსტრაციულად აჩვენებს მას, რომ ესმის მისი და თანაგრძნობას უცხადებს, მეტ
ნდობას იმსახურებს. ადამიანებზე კარგად მოქმედებს, როცა ხედავენ რომ სხვა იმავეს
განიცდის, რასაც ისინი და საკუთარი თავის მათ ადგილას წარმოდგენა შეუძლია.
როცა ვგრძნობთ, რომ ადამიანი ჩვენს ემოციებს წვდება და ისეთივე მნიშვნელობას
ანიჭებს, როგორც ჩვენ, მისდამი სიმპათიის გრძნობა გვიძლიერდება. ამას გარდა,
შეიძლება ითქვს, რომ პოლიტიკური კამპანიებიც ერთგვარი მარკეტინგია. ისევე
როგორც რეკლამა, პოლიტიკური კამპანიებიც სამიზნედ ადამიანის ემოციებს იღებს
და მასზე გავლენის მოხდენით ან კონკრეტული ემოციის გამოწვევით ცდილობს
სასურველი ქმედების მიღებას. პოლიტიკურმა პარტიამ თუ კანდიდატმა შესაძლოა
ისეთი ემოციებით შეფუთოს ამბავი და წარმოაჩინოს, რომ გავლენა მოახდინოს
ამომრჩევლის აღქმასა თუ გადაწყვეტილებაზე. ამასთანავე, ამომრჩეველმა არჩევანი
შესაძლოა გააკეთოს კრიტიკული აზროვნების ნაცვლად იმ ემოციებზე დაყრდნობით,
რომელთაც კანდიდატი აღუძრავს. შესაბამისად, ემოცია პოლიტიკური
გადაწყვეტილების მიღების პროცესში მრავალმხრივაა ჩართული.

ემოციის როლზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მის გავლენაზე


არჩევნებსა და საარჩევნო კამპანიებზე საუბრობს ემორის უნივერსიტეტის
ფსიქოლოგიის პროფესორი დრიუ ვესტენი წიგნში: „ The political Brain: The role of
Emotion in deciding the fate of the nations”. ვესტენი აღნიშნავს, რომ ემოციები
პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და გავლენას ახდენს ამომრჩეველთა
გადაწყვეტილებებზე, შესაბამისად, პოლიტიკოსებიც უნდა ცდილობდნენ
დააკმაყოფილონ ამომრჩეველთა ღირებულებები და შესაბამოსიბოაში იყვნენ მათ
ემოციურ საჭიროებებთან, ვინაიდან ადამიანებზე არგუმენტირებულ მსჯელობაზე
ძლიერად ხშირად ემოცია მოქმედებს (Westen, 2008).

ვესტენი აღნიშნავს, რომ წარმატებული პოლიტიკური კამპანიები


ითვალისწინებენ ადამიანების ემოციებს. კანდიდატებსა თუ პარტიებს, რომლებიც
ამომრჩევლებთან ემოციურ კავშირს ამყარებენ, მეტი შანსი აქთ მოიოპოვონ
ამომრჩეველთა მხარდაჭერა; პოლიტიკური პირებისა თუ პარტიების ნარატივებიც,
რომლებიც ემოციებს აღძრავენ მოქალაქეებში, მეტად დასამახსოვრებელია და უფრო
ეფექტურად ახერხებენ ადამიანების დარწმუნებას, ვიდრე კონკრეტული ფაქტები და
მონაცემები (Westen, 2008).როცა პოლიტიკური ფიგურა არჩევნებზე ამა თუ იმ
საკითხზე მსჯელობისას კონკრეტულს რიცხვებს, სტატისტიკას, მაგალითებს
გვისახელებს, რა თქმა უნდა, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ საკითხში
კომპეტენტურია. თუმცა, ჩვენს გონებას ის გამოცდილებები უფრო უკეთ
ამახსოვრდება, რომლებიც გარკვეულ ემოციებთანაა დაკავშირებული (Westen, 2008).

ვესტენის აზრით, ხშირად სწორედ ემოციები მართავს გადაწყვეტილების


მიღების პროცესს და ამომრჩევლებიც არჩევანს აკეთებენ იმ ემოციებზე
დაყრდნობით, რომელთაც ესა თუ ის კანდიდატი, მათი ისტორია თუ პოლიტიკური
კამპანია აღუძრავთ (Westen, 2008). ამ დროს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია
თანხმობა ამომრჩევლისა და პოლიტიკოსის ღირებულებებს შორის. ადამიანის
ემოციები მჭიდროდაა გადაჯაჭვული მის ღირებულებებთან. პოლიტიკური მხარეც
ამ ღირებულებებთან თანხვედრაში უნდა მოდიოეს, რომ საზოგადოებაში წარმატებას
მიაღწიოს.

“Election night’s alight for fighting: The role of emotions in political Participation”
წარმოადგენს კვლევას, რომელიც 2011 წელს გამოქვეყნდა, The journal of politics- ის
იანვრის ნომერში. მისი მთავარი მიზანი იყო აღმოეჩინა, როგორ მოქმედებს ემოცია
პოლიტიკურ ჩართულობაზე. აქცენტი ორ მთავარ ემოციაზე კეთდება: ენთუზიაზმსა
და ბრაზზე და მათ გავლენაზე უბიძგოს ადამიანს ხმის მიცემისკენ, პროტესტის
გამოხატვისა თუ სხვა პოლიტკური აქტივობისკენ (Valentino, et. al., 20 11). კვლევის
ავტორების მიხედვით, ემოციები, განსაკუთრებით კი ეს ორი მათგანი,
მამოტივირებელ როლს ასრულებენ და ზრდიან ალბათობას, რომ ადამიანი რაიმე
ტიპის პოლიტიკურ ქმედებაში ჩაერთვება. საინტერესოა, რომ ამ მხრივ, ბრაზი უფრო
ძლიერი გავლენის მქონე ემოციაა: ბრაზს, რმელიც რომელიმე კონკრეტული
პოლიტიკური საკითხის თუ პირისკენაა მიმართული, შეუძლია ადაიანების
მობილიზება ქმედებისთვის; „გაბრაზებული“ ამომრჩევლები უფრო აქტიურად
მონაწილეობენ არჩევნებში, აფიქსირებენ საკუთარ აზრს და ერთვებიან პროტესტში
(Valentino, et. al., 20 11). მსგავსად ამისა, ენთუზიაზმიც მამოტივირებელი ფაქტორია:
ადამიანები, რომლებიც ენთუზიაზმითა და იმედით არიან განწობილი ახალი
კანდიდატის მიმართ, დიდია ალბათობა, რომ აქტიურად ჩართვებიან როგორც ხმის
მიცემის პროცესში, ასევე მხარდაჭერის გამოსახატად (Valentino, et. al., 20 11).
ავტორები აღნიშნავენ : „Anger in politics can play a particularly vital role, motivating some
people to participate in ways they might ordinarily not—even if they have the ability and
opportunity to do so (Valentino, et. al., 2011, p. 168). შესაბამისად, ეს გვაძლევს
საშუალებას ვიფიქროთ, რომ ბრაზი ძლიერი გრძნობაა, რომელიც ხშირად
წარმართავს პოლიტიკურ აქტიურობას. კანდიდატის მხარდასაჭერ აქტივობებში
ჩართვის ალბათობას ზრდის ემოციური მიჯაჭვულობის არსებობა პარტიისა თუ
კანდიდატის მიმართაც.

ნაშრომში „Fear, Anger, Hope, and Pride: Negative and Positive Emotions in Electoral
Behaviour“ სტოკჰოლმის სოდერტონის უნივერსიტეტის სოციოლოგიის
დეპარტამენტის მკვლევარები ემოციების როლს ელექტორალურ ქცევაში
სლოვაკეთში. ავტორები აღნიშნავენ, რომ უფრო და უფრო აშკარა ხდება ემოციების
უმნიშვნელოვანესი როლი ხმის მიცემის დროს გადაწყვეტილების მიღებისას და მათი
კვლევა ცდილობს გააანალიზოს კავშირი ემოციებსა და სლოვაკეთში, როგორც
პოსტკომუნისტურ ქვეყანაში, პოპულისტური პარტიების მხარდაჭერას შორის
(Saxonberg, et al., 2023). მათმა კვლევამ აჩვენა, რომ მიუხევადავად იმისა, რომ მანამდე
აქცენტი ძირითადად კეთდებოდა არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური
სიტუაციის მიმართ არსებულ ემოციებზე, პოლიტიკური ლიდერების მიმართ
ემოციებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ შემთხვევაში, პოსტკომუნიტური
სლოვაკეთის კონტექსტში (Saxonberg, et al., 2023). ავტორები კვლევის შემდეგ მთავარ
მიგნებებს აყალიბებენ: პირველ რიგში, შიში უფრო მნიშვნელოვანია ცენტრისტული
და მემარჯვენე პოპულისტური პარტიებისთვის ხმის მიცემის დროს, ვინაიდან
პოპულისტური პარტიების შემთხვევაში, შიში მობილიზების ფუნქციას ასრულებს,
რადგან შფოთვა და მღელვარება ამომრჩევლებს პოპულისტური პარტიების
მხარდაჭრაზე გადასვლისკენ უბიძგებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა შიშს თან
ერთვის იმედი და ქვეყანაში არსებობს პრობლემური საკითხი, რომელსაც
პოლიტიკური დისკურსი არ ასაჯაროვებს ( სლოვაკეთის შემთხვევაში-იმიგრაცია);
ამასთანავე, ნეგატიური ემოციები უფრო მნიშვნელოვანია ოპოზიციაში მყოფი
პოპულისტური პარტიებისთვის, ხოლო პოზიტიური -ხელისუფლებაში მყოფი
პარტიებისთვის; მესამე- ყველაზე მნიშვნელოვანი ემოცია არის ის, რაც
ამომრჩევლებს პოლიტიკური ლიდერების მიმართ გააჩნიათ, ხოლო ლიდერისადმი
იმედის ქონა ყველა პარტიისთვის მნიშვნელოვანია ხმის მიცემის დროს (Saxonberg, et
al., 2023).

მათი კვლევის შედეგები ამგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა ზოგადად


ემოციებსა და პოპულიზმზე: სლოვაკეთის მაგალითის მიხედვით, ამომრჩეველთა
ემოციები უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოპულისტური პარტიების
წარმატებაში, განსაკუთრებით შიში ქვეყანაში არსებული ვითარების მიმართ;
დასაშვებია, რომ ემოციები ლიდერების მიმართ ევროპულ ქვეყნებში უფრო
მნიშნელოვანია, ვიდრე სხვა საკითხების მიმართ, ვინაიდან პოლიტიკა უფრო და
უფრო პიროვნებაზე კონცენტრირებული ხდება და ამის მაგალითად, შეგვიძლია
დავასახელოთ ემანუელ მაკრონი, რომელმაც დაარსა თავის პიროვენბასთან
უშუალოდ გადაჯაჭვული ახალი პარტია და ორჯერ მოიგო არჩევნები ისეთ
ქვეყანაში, რომელსაც ათობით წლებია პარლამენტში ერთი და იგივე პარტიები
ჰყავდა (Saxonberg, et al., 2023) შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ემოციები
ნამდვილად დიდ როლს თამაშობს ამომრჩეველთა ქცევის წარმართვასა და მათ მიერ
გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუმცა რომელი ემოციაა დომინანტური და
რომელი იწვევს ამომრჩეველთა მეტად გააქტიურებას მნიშვნელოვნადაა
დამოკიდებული კოტექსტზე: ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, მის პოლიტიკურ
გამოცდილებაზე, სოციალურ ნორმებზე და ა.შ. პარტიებისა თუ პოლიტიკური
ლიდერების მიმართ არსებული ემოციების როლი ამომრჩეველთა ქცევაში იცვლება
და ერთი ქვეყნის კვლევის მაგალითის შედგების განზოგადება არ შეგვიძლია. თუმცა,
აშკარა ხდება თემის აქტუალობა და მისი გამოკვლევა.

მაიკლ ბრუტერი და სარა ჰარისონი სტატიაში „Understanding the emotional act of


voting“ აღნიშნავენ, რომ ამომრჩეველთა ქცევის გასაგებად, მნიშვნელოვანია მათი
ემოციების გათვალისწინება (Bruter & Harrison, 2017). ისინი მაგალითისთვის
განიხილავენ 2016 წლის ორ „საარჩევნო მიწისძვრას“, რომელთაც ფაქტობრივად
შეარყიეს დასავლური სამყარო: „ბრექსიტის“ რეფერენდუმის გამარჯვება 23 ივნისს
გაერთიანებულ სამეფოში და დონალდ ტრამპის გამარჯვება საპრეზიდენტო
არჩევნებში აშშ-ში 23 ნოემბერს და ამბობენ, რომ ორიივე შედეგი წინასწარ
მოლოდინებს სრულებით ეწინააღმდეგებოდა (Bruter & Harrison, 2017). ემოციურმა
დაძაბულობამ, რომელიც ამ არჩევნებს მოჰყვა, გამოიწვია კითხვები, თუ რა შეიცვალა
ამომრჩეველთა ფსიქოლოგიაში, რომ შედეგად მივიღეთ ის, რასაც ბევრი არ ელოდა
(Bruter & Harrison, 2017). მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მასმედია გვთავაზობს, რომ
ხალხს არ აინტერესებს არჩევნები და ბევრი ამის გამო არ იღებს მონაწილეობას,
გამუდმებით დასტურდება, რომ რეალურად არჩევნები გამძაფრებული ემოციების
პერიოდია უამრავი ადამიანისთვის. ამომრჩეველთა 20-30% არჩევნების ბოლო
კვირაში იღებს ან იცვლის გადაწყვეტილებას (23 ივნისის რეფერენდუმის დროს
კვლევებმა ისევ დაადასტურა ეს) და ეს მიგნება გვიბიძგებს უფრო დაკვირვებით
ვეძებოთ მიზეზები, რომლებიც არჩევნების დროს გადაწყვეტილების მიღების ჩვეულ
პროცესებზე ახდენენ გავლენას და ცვლიან მას. (Bruter & Harrison, 2017). შესაბამისად,
ეს გულისხმობს, ამომრჩეველთა ემოციებისა და ხმის მიცემის, როგორც ემოციური
პროცესის უკეთ გაანალიზებას. თუ ემოციის როლს ყურადღების მიღმა დავტოვებთ,
მხოლოდ იმის წინასწარმეტყველებას შევძლებთ,“ წესით“ როგორ არჩევანს
გააკეთებენ ამომრჩევლები და არა რეალურ შედეგების.

დასკვნა

ესეს შეჯამების სახით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ემოცია ელექტორალურ


არჩევანში და ზოგადად პოლიტიკურ ჩართულობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
ის გავლენას ახდენს ამომრჩევლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და
პოლიტიკურ მოვლენებში აქტიურობაზე. ამასთნავე, სხვადასხვა ტიპის
ემოცია,განსხვავებულ რეაგირებას და შესაბამისად, ქცევას იწვევს ამომრჩეველში.
ემოციებისა და მათი გავლენის შესწავლა არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებსა და
მათ ლიდერებს სჭირდებათ იმისათვის, რომ მოერგონ ამომრჩეველს და თავისი
წარმატებისთვის მათი ემოციების შესაბამისი ქმედებები განახორციელონ, არამედ
თავად ამომრჩევლებსაც, რომ შეძლონ გააზრებული, ინფორმირებული
გადაწყვეტილების მიღება და თავი აარიდონ მათი ემოციებით მანიპულირების
მცდელობებს. ბოლოს კი, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ამომრჩეველთა
ემოციები საკმაოდ კომპლექსური საკითხია, რომლის შესწავლაც უნივერსალური
მეთოდებით ვერ მოხერხდება. საჭიროა კონტექტის შესწავლა: ქვეყანა, ვითარება,
პოლიტიკური სიტუაცია და ა.შ. ამომრჩეველთა ემოციური ასპექტების
გათვალისწინება დაგვეხმარება გავაანალიზოთ, რა განაპირობებს ამომრჩეველთა
გადაწყევტილებებს და არჩევანს.

გამოყენებული ლიტერატურა:
Evans, J. S. B. (2008). Dual-processing accounts of reasoning, judgment, and social cognition. Annu.
Rev. Psychol., 59, 255-278.

Lerner, J. S., & Keltner, D. (2000). Beyond valence: Toward a model of emotion-specific influences on
judgement and choice. Cognition & emotion, 14(4), 473-493.

Marcus, G. E. (2010). Sentimental citizen: Emotion in democratic politics. Penn State Press.

Westen, D. (2008). The political brain: The role of emotion in deciding the fate of the nation. PublicAffairs.

Valentino, N. A., Brader, T., Groenendyk, E. W., Gregorowicz, K., & Hutchings, V. L. (2011). Election
night’s alright for fighting: The role of emotions in political participation. The Journal of Politics, 73(1), 156-
170.

Saxonberg, S., Frič, P., & Gyárfášová, O. (2023). Fear, Anger, Hope, and Pride: Negative and Positive
Emotions in Electoral Behaviour. Sociologia, Vol.55 (2), pp. 153-176.

Bruter, M., & Harrison, S. (2017). Understanding the emotional act of


voting. Nature Human Behaviour, 1(1), 0024.

You might also like