You are on page 1of 5

ემოციები

ემოცია წარმოიქმნება რათა შევძლოთ სწრაფად ვუპასუხოთ მოვლენებს, რომლებიც


ჩვენთვის მნიშვნელოვანია (Экман П., Психология Эмоций, 2-е изд., Питер, 2013, стр.31).
ემოციის გარეგნული გამოხატულება (სხეულის ენა, მიმიკა) საჭიროა, რათა სხვებმა გაიგონ
თუ როგორია ჩვენი ემოციური მდგომარეობა. სხვა სიტყვებით, ემოციის გამოხატვა
გვეხმარება კომუნიკაციის დამყარებაში. როგორი იქნება კომუნიკაცია, დამოკიდებულია
ემოციის თავისებურებაზე.

ჩარლზ დარვინი ფიქრობდა, რომ ემოციების გამოხატვა ევოლუციურია, თანდაყოლილია და


ამდენად, უნივერსალური ადამიანთა ყველა რასაში და პოპულაციაში (Darwin Ch.,1998, The
expressions of the emotions in man and animals, 3-rd ed.,N.Y. p.43). ამ მოსაზრებას არ იზიარებს
მეცნიერთა ერთი ნაწილი, მაგრამ ეკმანმა დაამტკიცა დარვინის მოსაზრება მეტად
საინტერესო და ორიგინალური კვლევებით ადამიანების სხვადასხვა პოპულაციებში და
არანაირი საფუძველი ეჭვი შევიტანოთ ეკმანის და დარვინის მოსაზრებაში დღეისათვის არ
არსებობს. კროს–კულტურული (კულტურათშორისი) კვლევის მონაცემები გვიჩვენებს, რომ
ადამიანებს აქვთ ემოციების გამოხატვის და შესაბამისად, სხვისი ემოციის ამოცნობის
თანდაყოლილი, ერთნაირი უნარი, მაგრამ ამავდროულად, ისინი გასნხვავდებიან ემოციების
მართვის ხერხებით. მაგალითად, ამერიკელი და იაპონელი ერთნაირად გამოხატავენ ემოციას
თუ მარტონი არიან, მაგრამ საზოგადოებაში პირველნი ნაკლებად თავშეკავებული არიან
ემოციის გამოხატვაში, მეორენი კი ცდილობენ, ნაკლებად დაეტყოთ სახეზე თუ რას
გრძნობენ (დეტალებისათვის იხ. Экман П., Психология Эмоций, პირველი თავი).

ამავდროულად ადამიანები (ინდივიდუალურად და კულტურულად) განსხვავდებიან იმით,


თუ რა იწვევს მათში ამა თუ იმ ემოციას, ანუ რა არის მათთვის ემოციის ტრიგერი. არსებობს
ყველასათვის უნივერსალური ტრიგერები, არსებობს ინდივიდუალურიც. მაგალითად,
ყველას გვიჩნდება შიშის გრძნობა აფეთქების ხმაზე, მაგრამ ვიღაცას უჩნდება შიშის გრძნობა
თაგვის დანახვაზე, სხვას კი არა, ვიღაც სიამოვნებით მიირთმევს ლოკოკინებს, სხვისთვის კი
ლოკოკინას შეჭმაზე ფიქრიც ზიზღის ტრიგერია.

ამა თუ იმ გამღიზიანებელზე, ობიექტზე, სიტუაციაზე ემოციური პასუხი სოციალურ


დასწავლაზეც არის დამოკიდებული. მაგალითად, ლაბორატორიაში გაზრდილ მაკაკებს არ
აქვთ შიშის რეაქცია გველის დანახვაზე, მაგრამ თუ ისინი დაინახავენ, როგორ პასუხობენ
გველის გამოჩენას სხვა მაკაკები (გველთან ურთიერთობის გამოცდილების მქონე), გველის
მეორედ გამოჩენაზე ისინიც პანიკური შიშის ემოციას ავითარებენ (Cook, M., Mineka, S.,
Selective associations in the observational conditioning of fear in rhesus monkeys, Journal of
Experimental Psychology: Animal Behavior Processes, no. 16, pp. 372-389, 1990). როდესაც ადამიანი
ამბობს, რომ არასოდეს შეჭამს რაღაც საკვებს, რადგან ეზიზღება, საფიქრალია, რომ ზიზღი
გაჩნდა სხვებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ეს ინფორმაცია შესაძლებელია
იყოს ვერბალური (მას მოუყვნენ თუ არა უგემური, საზიზღარია ეს საკვები, ან როგორ
ცუდად მზადდება ის), ან საქმე გვქონდეს სხვის ქცევაზე დაკვირვებასთან, როდესაც ვიღაც
ავლენს უარყოფით ემოციას ამ საკვების მიღების, ხსენების ან დანახვისას.
სოციალური ზეგავლენა მნიშვნელოვან განწყობას უქმნის ადამიანს. ადამიანები, ვისაც
გაუსინჯავს ებრაული ტრადიციიული საკვები „მაცა“ (რომელიც ცხვება ებრაელი ხალხის
ეგვიპტიდან გამოსვლის აღსანიშნავად), ამბობენ, რომ ის ძალიან გემრიელია. მაგრამ
ზოგიერთს, სამწუხაროდ დღესაც, მაცას ვერ გაასინჯებ, რადგან ისინი დაწმუნებული არიან,
რომ მაცა ქრისტიანების სიხლიდან მზადდება და იმთავითვე ზიზღით და შიშით არიან
განწყობილი. ეს შემთხვევა მოგვყავს იმის საილუსტრაციოდ, როგორ შეიძლება წარმოიშვეს
ემოცია არაპირდაპირი გზით, არა საკუთარი გამოცდილების ნიადაგზე, არამედ სხვისი
მონაყოლით.

მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება ადამიანს ასწავლის რა და ვინ უნდა უყვარდეს, რისი და


ვისი ეშინოდეს. ხშირად ეს გამოცდილება ანდაზებად იქცევა და ასე მიეწოდება
საზოგადოებას, მაგ. ქართული ანდაზა – „გეშინოდეს იმისა, ვისაც შენი ეშინია“. ხშირად
ასეთი სახის შეგონებები მეტაფორული (მაგალითად Timeo Danaos et dona ferentes –
„მეშინია დანაელების თუნდაც საჩუქარი მოქონდეთ“), ან იმპერატიული ხასიათისაც არის.

ემოციების უნივერსალური ტრიგერები ევოლუციის პროცესშია ჩამოყალიბებული და ისინი


უკავშირდება ადამიანისათვის საფრთხის ან სიკეთის შემცველ საბაზისო ობიექტებს და
მოვლენებს. ემოციების წარმოშობა ეკისრება თავის ტვინის ლიმბურ სტრუქრურებს, მაგრამ
ემოციები მუდმივ კონტროლს განიცდის თავის ტვინის პრეფრონტალური წილის მხრიდან.
ცხადია, ემოციების წარმოშობა უკავშირდება გარემო ინფორმაციის აღქმასა და ანალიზს და
შესაბამისად, ამ პროცესებზე პასუხისმგებელ ტვინის უბნებს.

მარტივად ეს ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ:

ადამანი ხედავს რაღაც ობიექტს, მაგალითად მისკენ დიდი სისწრაფით მომავალ ძაღლს.
მხედველობითი სისტემა აფიქსირებს და ამოიცნობს ამ ობიექტს და ამის შემდეგ ტვინი
სწრაფად განსაზღვრავს მის რაობას. რაობის განსაზღვრაში იგულისხმება: რა არის, რა ვიცი
მის შესახებ, სახიფათოა თუ არა ჩემთვის. მაგალითად: ეს ძაღლია, ეს ჩემი ძაღლია, ის მე არ
მერჩის. შუბლის წილი, რომელიც ინფორმაციის დამუშავების საბოლოო ეტაპზე ერთვება,
განსაზღვრავს სათანადო რეაქციას, ემოციური ცენტრები შესაბამის ემოციას განავითარებენ:
მოყვანილ მაგალითში სავარაუდოა, რომ ადამიანს ძაღლის დანახვაზე წარმოექმნება
დადებითი ემოცია.

თუ ძაღლი უცხოა, შესაძლებელია გაჩნდეს შიშის ემოცია. ის თავდაცვით მნიშვნელობას


ატარებს. თუ როგორ უპასუხებს ადამიანი ამ ემოციას, უფრო ზუსტად, რა რეაქციას
გამოიწვევს შიში, ბევრ რამეზეა დამოკიდებული. შიში ჩვეულებრივ იწვევს ბუნებრი
თავდაცვითი „იბრძოლე ან გაიქეცი“ რეაქციის განვითარებას. მაგრამ რა გამოსავალი ექნება
ამ რეაქციას, გაქცევა თუ თავდასხმა (მაგალითად, ძაღლის მოსაგერიებლად ქვის თუ ჯოხის
მოღერება, დაყვირება, ან გაქცევა, ხეზე ასვლა), დამოკიდებულია ადამიანის პიროვნულ
თვისებებზე და გამოცდილებაზე. მოყვანილ მაგალითში გამოცდილება ალბათ უკავშირდება
გადმოცემით ცოდნას ძაღლის ქცევის შესაებ ან უცხო ძაღლთან შეჯახების პირად
გამოცდილებას.

პიროვნულ თავისებურებებში იგულისხმება ადამიანის მიდრეკილება ამა თუ იმ სახის


ემოციის წარმოშობისადმი. ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა პიროვნებაში
განსხვავებული სიძლიერის ან საერთოდ განსხვავებულ ემოციასაც კი შეიძლება იწვევდეს
იმის მიუხედავად, თუ როგორია ამ პიროვნების ცოდნა. ამ შემთხვევაში სოციალური
დასწავლა, გამოცდილება ვერ ერევა პიროვნულ დამოკიდებულებას, განწყობას.

მაგალითად, გველის შიში, რომელიც, ფსიქოლოგების აზრით (იხ. მაგ: Ohman, A., Of snakes
and faces: An evolutionary perspective on the psychology of fear.Scandinavian Journal of Psychology,
no. 50, pp. 543-552, 2009), ევოლუციურად ჩამოყალიბებული თავდაცვითი რეაქციაა
ადამიანისათვის რეალური საფრთხის შემცველი ცხოველის მიმართ, შესაძლებელია
გადაიზარდოს ირაციონალურ (გაუმართლებელ, გადაჭარბებულ) შიშში და პანიკაში ერთ
ადამიანში და ძალიან სუსტად იყოს გამოხატული სხვა პიროვნებაში.

ზემოთ მოყვანილი მაგალითი მაცას შესახებ ბევრს გვეუბნება ადამიანის ემოციებზე და


შეფასებებზე უცოდინრობის ზეგავლენის შესახებ. ქსენოფობია (უცხოს შიში)
უცოდინრობიდან მომდინარეობს. ცხოველს ეშინია უცხო ცხოველების, რომლებიც მის ჯოგს,
მის პრაიდს არ ეკუთვნიან და ამდენად მისთვის ნაცნობი არ არიან. ადამიანის
დამოკიდებულება უცხოს მიმართ საფუძველში ასეთივეა: რასაც არ ვიცნობ, ჩემში შიშს,
უნდობლობას იწვევს. შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ როგორ ვიქცევით, როდესაც
რაღაც უცხო საკვებს გვთავაზობენ. გვიჩნდება სურვილი კარგად შევიგრძნოთ მისი სუნი (თუ
ამას არ ვაკეთებთ, მხოლოდ ეტიკეტიდან გამომდინარე), ხელითაც შევეხოთ და ბოლოს, გემო
ძალიან ფრთხილად გავუსინჯოთ. შესაძლებელია საერთოდ უარი ვთქვათ ჭამაზე.
ეტიკეტიდან გამომდინარე ათას მიზეზსაც მოვიფიქრებთ, მაგრამ საფუძველში უცნობის
შიშია ჩადებული. ცხადია უფრო ძლიერია უნდობლობა ცოცხალი არსების მიმართ. საკვები,
თუ არ შეჭამ, არაფერს დაგიშავებს (აქ ყველაფერი შენს ნებაზეა დამოკიდებული), მაგრამ
ცოცხალი არსება დამშავებელია გინდა თუ არა ეს შენ. ქსენოფობია ძლიერდება, თუ
ადამიანს წინასწარ განწყობა აქვს შექმნილი: განწყობა რომელიმე ერის მიმართ, ადამიანთა
ჯგუფის მიმართ, გარკვეული მოვლენის მიმართ და სხვ. ქსენოფობია უცოდინრობის
შედეგია, უცოდინარი კი ადვილად ექცევა სხვების ზეგავლენის ქვეშ. ამ თვალსაზრისით
ქსენოფობია დიდწილად სოციალური დასწავლის შედეგიცაა.
მოდელირებით დასწავლის დროს ცოცხალი არსება აკვირდება სხვების ქცევას და გადაიღებს

მას. მაგალითად, აგრესიული ქცევის ე.წ სოციალური დასწავლის კონცეფციის


თანახმად ადამიანი აგრესიულ ქცევას ეუფლება იმიტომ, რომ სხვათა დაკვირვების
შედეგად საკუთარი ქცევის მოდელირებას ახდენს (Bandura, A. (1997). Self-efficacy: The
exercise of control. New York: W.H. Freeman). ზემოთ მოყვანილი გველის დანახვაზე
მაკაკების რეაქციის მაგალითიც გვიჩვენებს სოციალური დასწავლის როლს ემოციის
გენერაციაში. ამავდროულად, ნ. კაიშაურის (N. Kaishauri, M. Makashvili, Correlation
between the Knowledge of Snakes and the Snake Fear, Asian Journal of Humanities and Social
Studies, 1, 3, 201 ) მონაცემით, გველის მიმართ ადამიანის შიშის დონე კორელაციაშია
გველის შესახებ ცოდნის დონესთან, კერძოდ რაც უფრო დიდია ამ მხრივ
უცოდინრობა, უფრო ძლიერია შიში, თუმცა კაიშაურის ექსპერიმენტში
სტატისტიკური კორელაცია ამ ორ ფენომენს შორის არც ისე მნიშვნელოვანია.
ძალადობრივი ფილმების და სხვა სატელევიზიო გადაცემების ყურება, ან ძალადობრივი
კომპიუტერული თამაში ზრდის აგრესიულობის დონეს მაყურებელში (იხ. მაგ.: Huesmann,
L.R., J.Moise-Titus, C.Podolski,and L.D. Eron. 2003. Longitudinal relations between children
exposure to TV violence and their aggressive and violent behavior in young adulthood.
Developmental Psychology 39:201-221) და ამცირებს ადამიანებში ალტრუისტული ქცევის
გამოვლინებას ისეთ სიტუაციებში, სადაც ვინმეს სასწრაფო დახმარება ესაჭიროება (BJ.

Bushman, CA. Anderson., 2008, Comfortably Numb.Desensitizing Effects of Violent Media on


Helping Others Psych. Science, 20,3, 273-277). მსგავსი შედეგი მიღებული აქვს ე. ქაფიანიძეს (ე.
ქაფიანიძე, მოქმედებს თუ არა კომპიუტერული თამაშები მოზარდის ემოციურ

მდგომარეობაზე, სამგისტრო ნაშრომი, ილიას უნივერსიტეტი, 2014), რომელმაც

უჩვენა, რომ ძალადობრივი კომპიუტერული თამაშების შემდეგ გოგონებში


აღინიშნება აგრესიულობის მატება.
აგრესიული ქცევა შესაძლებელია ჩამოყალიბდეს აგრეთვე პირადი გამოცდილების
საფუძველზე. როგორც ეკმანი ამბობს (Экман П., Психология Эмоций, 2-е изд., Питер,
2013), როდესაც ცოცხალი ორგანიზმი ხვდება წინააღმდეგობას და აღმოაჩენს, რომ
აგრესიული ქცევით ეს წინააღმდეგობა გადაილახება, აგრესიული რეაქცია მტკიცდება და
შემდეგში, ახალ წინააღმდეგობრივ სიტუაციაში მისი წარმოშობა მეტად მოსალოდნელია.

You might also like