You are on page 1of 2

ზოგადად, ყველა მეცნიერებას აქვს მიზანი, რისთვისაც არსებობს და ამაში ფსიქოლოგიაც არ

არის გამონაკლისი. ფსიქოლოგების მიზანია კვლევის შედეგად ინდივიდის ქცევის აღწერა,


ახსნა, წინასწარმეტყველება და გაკონტროლება. გამოყენებითი ფსიქოლოგიის
წარმომადგენლებისთვის არსებობს კიდევ ერთი, მეხუთე მიზანი - ადამიანის ცხოვრების
გაუმჯობესება. ამაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება არა მატერიალური კეთილდღეობის
გაუმჯობესება, არამედ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ადამიანის ცხოვრების
გამრავალფეროვნება. უმჯობესი იქნება განვმარტოთ თითოეული მიზანი, რათა უფრო
გასაგები და მარტივად აღსაქმელი გახდეს მსმენელისთვის ამ ურთულესი მეცნიერების
შესაბამისად ურთულესი მიზნები.
ფსიქოლოგების პირველი ამოცანაა დაკვირვება ქცევაზე. ქცევითი მონაცემები არის
ორგანიზმის ქცევისა და იმ პირობების აღწერა, რომელშიც ეს ქცევა ხორციელდება.
აუცილებელი პირობაა, მკვლევარმა კვლევის დასაწყისშივე განსაზღვროს ანალიზის
სათანადო დონე და შეიმუშავოს ქცევის ის საზომები, რომლებიც მისი ობიექტურად
შესწავლის გარანტიას გვაძლევს. ინდივიდის ქცევის კვლევისას ანალიზის სხვადასხვა დონის
გამოყენებაა შესაძლებელი - ფართო, გლობალური დონიდან დეტალურ, სპეციფიკურ
დონემდე. ანალიზის ფართო დონეზე მკვლევრები სწავლობენ მთლიანი პიროვნების ქცევას
რთულ სოციალურ და კულტურულ კონტექსტში. ამ დონეზე შესაძლებელია შესწავლილ
იქნეს ცრურწმენების მიზეზები, ფსიქიკური დაავადების შედეგები. შემდეგ დონეზე ქცევის
უფრო ნატიფი ერთეულები შეისწავლება. მაგალითად, შუქნიშნის სინათლეზე რეაქციის
სიჩქარე, თვალების მოძრაობა კითხვის დროს და ა.შ. რაც არ უნდა ფართო ან ვიწრო იყოს
დაკვირვების ფოკუსი, მკვლევრების ამოცანაა მაქსიმალურად ობიექტურად აღწერონ ქცევა
და აუცილებელი პირობაა, რომ ისეთი სუბიექტურმა თვალსაზრისებმა, როგორიცაა
მიკერძოება, ცრურწმენა, მოლოდინი, არ დაამახინჯონ სრული სურათი.
შემდეგი მიზანია მოვლენის ახსნა. ეს არის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
შემადგენელი კომპონენტი, რადგან აღნიშნული მიზანი თვალსაჩინოს ხდის პიროვნების
ქცევის მამოტივირებელ ძალას. მკვლევრებს მუდმივად სურთ აღმოაჩინონ, როგორ მუშაობს
ქცევა. რატომ იცინიან ადამიანები მოულოდნელ სიტუაციებში? რა გარემოებები უბიძგებს
ინდივიდს ჩაიდინოს სუიციდი, ან დანაშაული? მაგალითისთვის ავიღოთ სუიციდური
ქმედება. შემოგთავაზებთ ემილ დიურკჰეიმის კვლევის შედეგად მიღებულ სუიციდური
ქმედების ტიპოლოგიას. ესენია: ეგოისტური, ანომიური, ალტრუისტული, ფატალისტური.
ეგოისტური თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა იყოს დეპრესია, ადამიანურობის
დეფიციტი, სოციალური ურთიერთობების რღვევა, ანუ მარტივ ენაზე რომ ვთქვათ,
სიტყვარულის ნაკლებობის გამო ჩადენილი თვითკვლელობა. ადამიანს არ გააჩნია ისეთი
„მე“ როგორიც უნდა, ანუ გარემო არ აღიქვამს მას ისე და არ აქვს ისეთი დამოკიდებულება,
როგორსაც ინდივიდი ისურვებდა.
ანომიური თვითმკვლელობა ახასიათებს რაიმე დიდ ეკონომიკურ-სოციალურ ძვრებს.
ალტრუისტული თვითმკვლელობა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ისე აიგივებს თავს
ვინმესთან, რომ მის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენლად მიაჩნია.
ხოლო ფატალისტური თვითმკვლელობა თავს იჩენს მაშინ, როდესაც რეგულაციის გავლენა
ძალზე ძლიერია.
ქცევის ფსიქოლოგიური ახსნა, ძირითადად, აღიარებს, რომ ქცევაზე გავლენას ფაქტორთა
კომბინაცია ახდენს. ზოგიერთი ფაქტორი ინდივიდის შიგნით მოქმედებს, როგორიცაა
გენეტიკური მოცემულობა, მოტივაცია, ინტელექტის დონე, ან თვითშეფასება. ქცევების ამ
შინაგან დეტერმინანტებს ორგანიზმული ცვლადები ეწოდება, ხოლო ადამიანის შემთხვევაში
ამ დეტერმინანტებს დისპოზიციური ცვლადები ეწოდება. არსებობს, აგრეთვე, გარეგანი
ფაქტორები, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ პიროვნების ქცევაზე და მას სიტუაციური
ცვლადები ეწოდება.
მესამე მიზანი ფსიქოლოგიისა, ეს არის წინასწარმეტყველება. შეიძლება ითქვას, რომ ამ
მიზნის გარეშე ეს მეცნიერება ფუნქციას დაკარგავდა, რომელიც გულისხმობს
ადამიანებისთვის დახმარების ხელის გაწევას. ქცევის აღწერა და ახსნა შემდეგი ქცევის
პროგნოზირების წინაპირობაა. ზუსტად ისევე, როგორც დაკვირვება, მეცნიერული
წინასწარმეტყველებაც ობიექტური და ნათლად ჩამოყალიბებული უნდა იყოს, ის იმის
გაგებას ემყარება, თუ რა კავშირშია ერთმანეთთან მოვლენები და ვარაუდობს, რომელი
მექანიზმები აკავშირებს ამ მოვლენებს გარკვეულ წინაპირობებთან.
და ბოლოს, მეოთხე მიზანი არის კონტროლი, რომელიც ფსიქოლოგების გარკვეული
ჯგუფისთვის ცენტრალური მიზანია. ქცევის გაკონტროლების უნარი მნიშვნელოვანია იმით,
რომ ის ფსიქოლოგებს საშუალებას აძლევს ადამიანებს ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში
დაეხმაროს. ამ მიზნის საშუალებით სპეციალისტები ადამიანებს ეხმარებიან აღმოფხვრან
არაჯანსაღი ქცევები, როგორიცაა მაგალითად, სიგარეტის მოწევა და წამოიწყონ ჯანსაღი
ქცევები, როგორიცაა რეგულარული ვარჯიში.
ჩვენ ვისაუბრეთ ფსიქოლოგიის უნიკალობაზე, მის განსაზღვრებებსა და მიზნებზე. ეს
ყველაფერი ამ ურთულესი მეცნიერების მხოლოდ და მხოლოდ შესავალია. ეს მეცნიერება
ყველაზე მეტადაა დაკავშირებული ადამიანის შინაგან სამყაროსთან და სწორედ იმიტომაა ის
ურთულესი, რომ ინდივიდის ქცევას, ფიქრებს, წარმოსახვებს და ზოგადად, ფსიქიკას
სწავლობს.

You might also like