You are on page 1of 2

დემეტრაშვილი დავითი

ყველა კოგნიტური პროცესი, რომელიც ადამიანის ცნობიერებაში მიმდინარეობს


ფასდაუდებელია ფუნქციური თვალსაზრისით. შეგრძნება, შეგრძნების აღქმა და
აღქმულის დამახსოვრება ის ჯაჭვისებური პროცესებია, რომელთაგან ნებისმიერი
კომპონენტის შეფერხება მნიშვნელოვნად დააზარალებს ინდივიდს. აღნიშნული
პროცესებიდან შეგრძნება და აღქმაც კი, უფრო ობიექტურობით ხასიათდება, ვიდრე
მეხსიერება, რომელიც სენსორულ მეხსიერებაში მოხვედრილ უამრავ სტიმულთაგან,
სელექციურად ირჩევს იმ დროისთვისა და გარემოებისთვის საჭირო და საინტერესო
ინფორმაციას, კონცენტრირდება მასზე, რის შედეგადაც ყურადღების ქვეშ მოქცეული
სტიმული ხვდება ხანმოკლე მეხსიერებაში. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის მეხსიერება
შეზღუდულია დროის თვალსაზრისით და მასში მოხვედრილი ინფორმაცია მალევე
იკარგება. იმ შემთხვევაში თუ ინდივიდი პერსონალური განსაზღვრებებიდან
გამომდინარე გადაწყვეტს, რომ აღნიშნული სტიმულის გამოყენება მომავალშიც
დასჭირდება, მან უნდა გაააქტიუროს მუშა მეხსიერება, რათა ხანმოკლე მეხსიერებაში
არსებულმა ინფორმაციამ ხანგრძლივ მეხსიერებაში გადაინაცვლოს. მასში ახალი
სტიმული დროებით ინახება და მერე ხანგრძლივ მეხსიერებაში დაგროვილ ცოდნას
უერთდება, თუმცა აღნიშნული ტიპის მეხსიერება გარდა ამისა უზრუნველყოფს
ახალი ინფორმაციის დაკავშირებას ხანგრძლივ მეხსიერებაში არსებულ
ინფორმაციასთან. იგი სამი ელემენტისგან შედგება: ფონოლოგიური საცავი ხანმოკლე
მეხსიერებისთვის სიტყვებისა და ხმების გამეორების სისტემაა, რომელიც
ინარჩუნებს სტიმულს მოკლე დროის განმავლობაში, ისე, რომ მოხერხდეს მისი
ანალიზი. მეორე ელემენტია მხედველობით - სივრცითი სქემა, რომელიც
უზრუნველყოფს ვიზუალური გამოსახულებების დროებით შენახვას და მისით
მანიპულირებას. ამ ელემენტით სარგებლობა ეფექტურია მაშინ, როცა მეხსიერებაში
არ იძებნება ფაქტობრივი ინფორმაცია და ინდივიდი იძულებულია წარმოსახვის
საშუალებით აღიდგინოს ესა თუ ის ფაქტი. რაც შეეხება მუშა მეხსიერების მესამე,
უმთავრეს ელემენტს - ცენტრალური აღმასრულებელი უზრუნველყოფს
დაქვემდებარებული სისტემების ურთიერთქმედებას და ახდენს ინფორმაციის
მანიპულირებას, მონიტორინგს და აკონტროლებს ქცევას. ზემოაღნიშნული
ინფორმაციიდან გამომდინარე მეხსიერებაში სამი სახის მნემური პროცესი
გამოიყოფა, ესენია: კოდირება, შენახვა და აღდგენა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ
ადამიანის მუშა მეხსიერება მოდუნდება და ინერტულ სახეს მიიღებს, ანუ მუდმივად
არ გაააქტიურებს ხანმოკლე მეხსიერებაში მოხვედრილ სტიმულებს, მათ მარტივად
ჩაანაცვლებენ გარემოში არსებული უამრავი სტიმულები. აქედან გამომდინარე,
ვასკვნი, რომ პიროვნული განვითარებისთვის აუცილებელია ამ ტიპის მეხსიერების
მუდმივი ჩართულობა, რათა არ შეწყდეს სწავლა. თუმცა მიუხედავად ამისა,
გარკვეულ შემთხვევებში სტიმულის შენახვაზე არანაკლებ სასარგებლოა მისი
დავიწყება, რადგან უკვე გამოუსადეგარი ინფორმაცია მეხსიერებაში ადგილს იკავებს,
ამიტომ ახალ რეალობაზე მორგებული ინფორმაციის დამკვიდრებისთვის საჭიროა
მისი განდევნა. რომ არა მეხსიერების ეს უნიკალური თვისება, რომელიც ჩანაცვლებას
გულისხმობს, ადამიანის ფსიქიკა გადაიტვირთებოდა უამრავი არასაჭირო
სტიმულით და ბევრი საჭირო ინფორმაციისთვის ადგილი აღარ დარჩებოდა, რის
შედეგადაც შეწყდებოდა მისი განვითარება.

You might also like