You are on page 1of 3

სახოკია მარიამი

ადამიანის ფსიქიკაში მუდმივად მიმდინარეობს ცნობიერი და არაცნობიერი


პროცესები, თუმცა იმისათვის რომ ცნობიერი პროცესი წარიმართოს საჭიროა რაიმე
სტიმული, რომლის დროსაც შეგრძნება იმ აბსოლუტურ ზღურბლს მიაღწევს,
რომელიც საკმარისია სენსორული რეცეპტორის გაღიზიანებისთვის და შემდეგ უკვე
ნერვული იმპულსის წარმოქმნისთვის. სრულყოფილი ცნობიერების მეორე
საფეხური არის იმ შეგრძნებების აღქმა, რომლებიც რეცეპტორებს ნედლი მასალის
სახით მიეწოდა. ამ კოგნიტური პროცესის პირველ დონეზე ხდება შეგრძნება,
მეორეზე - საგნის შინაგანი გამოსახულება ფორმირდება და გარეგანი სტიმულის
აღქმა ყალიბდება, ხოლო მესამე, უმაღლეს დონეზე პერცეპტულ ხატს მნიშვნელობა
ეძლევა და ხდება გამოსახულების იდენტიფიკაცია. საინტერესოა, როგორ შეიცვლება
ადამიანის ყოფიერება იმ შემთხვევაში თუ ის დაკარგავს აღქმულის კოდირების,
შენახვისა და აღდგენის უნარს. ეს უნარები მეხსიერების კომპონენტებია, რომლებიც
უზრუნველყოფენ აღქმული ინფორმაციის გადამუშავებას, მოთავსებას გრძელვადიან
თუ მოკლევადიან მეხსიერებაში და საჭიროების შემთხვევაში მის გამოყენებას
იმპლიციტურად ან ექსპლიციტურად. სენსორულ მეხსიერებაში მოხვედრილი
სტიმულის ვარგისიანობას ადამიანი პერსონალურად განსაზღვრავს - რამდენად
საინტერესოა მისთვის აღნიშნული სტიმულის დამახსოვრება, რამდენად საჭიროა ან
საერთოდ, რამდენი ხნით სჭირდება მისი შემონახვა. ამ პერსონალური
განსაზღვრებებიდან გამომდინარე ის აღნიშნულ ინფორმაციას (სტიმულს)
გადაამუშავებს ზედაპირულ ან ღრმა დონეზე, რის შედეგადაც ინფორმაცია მოხვდება
მეხსიერების მოკლევადიან ან გრძელვადიან კატეგორიაში. თუმცა აღსანიშნავია, რომ
ეს მრავალსაფეხურიანი პროცესია. ხატისებურ ან ექო მეხსიერებაში მოხვედრილ
უამრავ სტიმულთაგან ინდივიდი სელექციური ყურადღების საშუალებით
ფოკუსირდება მისთვის პრიორიტეტულ ინფორმაციაზე, რის შედეგადაც ის ხვდება
ხანმოკლე მეხსიერებაში. იმისათვის, რომ ხანმოკლე მეხსიერებაში არსებულმა
ინფორმაციამ ხანგრძლივ მეხსიერებაში გადაინაცვლოს ადამიანი რთავს მუშა
მეხსიერებას, რომელიც წარმოადგენს ყურადღების კონტროლის ქვეშ მყოფ დროებით
საცავს, რომლის მოცულობა მნიშვნელოვანია კომპლექსური აზროვნებისათვის.
უნდა აღვნიშნო, რომ ეს პროცესი უზრუნველყოფს, როგორც ინფორმაციის ხანმოკლე
მეხსიერებიდან ხანგრძლივ მეხსიერებაში გადანაცვლებას, ასევე ახალი ინფორმაციის
დაკავშირებას ხანგრძლივ მეხსიერებაში უკვე არსებულ და შენახულ
ინფორმაციასთან. მასში სამი კომპონენტი გამოიყოფა. ფონოლოგიურ საცავში ხდება
მეტყველებაზე დაფუძნებული ინფორმაციის შემოსვლა და მისი გამოყენება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინფორმაცია ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში
ინახება საცავში. მეორე კომპონენტია მხედველობით-სივრცითი სქემა, რომელშიც
ფიქრის, დახსომებისა და დავალების დამუშავების პროცესში (რაც მოკლე პერიოდს
მოიცავს) ინახება ვიზუალური და სივრცითი ინფორმაცია. რაც შეეხება მესამეს -
ცენტრალური აღმასრულებელი წარმოადგენს მუშა მეხსიერების მთავარ კომპონენტს,
რომელიც უზრუნველყოფს ყურადღებაზე კონტროლს და ფონოლოგიური საცავიდან
და სივრცით-მხედველობითი სქემიდან მიღებული ინფორმაციის კოორდინაციას. ასე
რომ, მისი ფუნქციაა მუშა მეხსიერების სისტემაში ყურადღების გადანაწილება
(ფოკუსირება, გაყოფა და გადართვა).
მნიშვნელოვანია მუშა მეხსიერებისა და ხანმოკლე მეხსიერების ერთმანეთისგან
გამიჯვნა და გაცნობიერება იმისა, რომ ეს ორი ცნება ერთმანეთის ექვივალენტური არ
არის. ხანმოკლე მეხსიერება არის დროის თვალსაზრისით ინფორმაციის მცირე
მოცულობის პასიური საცავი, ხოლო მუშა მეხსიერება წარმოადგენს, როგორც
ვერბალური და ვიზუალური ინფორმაციის პასიურ საცავს, ასევე ამ ინფორმაციის
აქტიურ მენტალურ მანიპულირებას. აქედან გამომდინარე, მუშა მეხსიერება
ფუნქციური თვალსაზრისით გაცილებით მეტ ჩართულობას მოითხოვს, ვიდრე
ხანმოკლე მეხსიერება, რომელიც რეალურად მუშა მეხსიერების ერთ-ერთ ფუნქციას
წარმოადგენს. ზემოაღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე ვასკვნი, რომ სწორედ
მუშა მეხსიერების ჩართულობაზეა დამოკიდებული აღქმული სტიმულის შენახვა,
აღდგენა და დავიწყებაც კი. იმ შემთხვევაში თუ მუშა მეხსიერება მასში არსებულ
ინფორმაციას ხანგრძლივ მეხსიერებაში გადასვლამდე მუდმივად არ გაააქტიურებს,
გარემოში არსებული მილიონობით სტიმული, რომელიც ყოველწამიერად მიეწოდება
ადამიანს, ჩაანაცვლებს სხვა გაუაქტიურებელ ინფორმაციას და თავად დაიმკვიდრებს
ადგილს. თუმცა ინფორმაციის შენახვაზე არანაკლებ სასარგებლოა მისი დავიწყება,
რადგან ამ ფუნქციის გარეშე მუშა მეხსიერება შეივსებოდა და შედეგად სწავლა
შეწყდებოდა. ვფიქრობ, მუშა მეხსიერების უნიკალურობაზე მიგვანიშნებს ის
თვისებები რაზეც ვისაუბრე. რომ არა ყველა ის ფუნქცია, რომელიც მუშა
მეხსიერებაში ერთიანდება ადამიანის ფსიქიკა გადაიტვირთებოდა უამრავი
მასალით.

You might also like