You are on page 1of 16

სამი მადამ ბოვარი და სიცილის ფენომენი

თაკო წულაია

საშინაო ნაშრომი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

კურსის ხელმძღვანელი: სალომე პატარიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2023
სარჩევი

შესავალი ..................................................................................................................................................... 3
სამი მადამ ბოვარი .................................................................................................................................... 5
1. დედა-ბოვარი................................................................................................................................. 5
2. ელოიზა .......................................................................................................................................... 6
3. ემა ბოვარი ...................................................................................................................................... 7
სიცილის ფენომენი ................................................................................................................................. 10
1. ლიტერატურის მიმოხილვა და ტექსტის ანალიზი ............................................................. 10
შეჯამება .................................................................................................................................................... 15
ბიბლიოგრაფია ........................................................................................................................................ 16

2
შესავალი

გუსტავ ფლობერის რომანი „მადამ ბოვარი“ 1856 წელს დაიწერა. რეალიზმის


ეპოქის ეს უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები მე-19 საუკუნის საფრანგეთის,
სოციალური ცხოვრების, ოჯახური და საზოგადოებრივი ურთიერთობების,
ადამიანების განსხვავებული და სხვისთვის დაფარული ბუნების,
სიყვარულისა და სიყვარულის გარეშე არსებობის შესახებ მოგვითხრობს.
მიუხედავად იმისა, რომ რომანის ცენტრალური ფიგურა ემა ბოვარია და
ძირითადი ნაწილი მის სასიყვარულო (და უსიყვარულო) თავგადასავლებს,
შარლ ბოვართან თანაცხოვრებას, მისი განცდებისა და ფიქრების აღწერას
ეთმობა, ტექსტის მთავარი გმირი მადამ ბოვარია, არა მარტო ემა, არამედ კიდევ
ორი ქალი - ჩარლის დედა და პირველი ცოლი - ემასგან სრულიად
განსხვავებული ორი მადამ ბოვარი, რომლებიც ემასთან ერთად ქმნიან „მადამ
ბოვარის“ ერთიან სახეს. ამ სამი ქალის დამაკავშირებელი რგოლი, რა თქმა
უნდა, შარლია, რომელსაც სამივესთან უნიკალური და განსხვავებული
ურთიერთობა აქვს. თუმცა ამ ქალებს, რომლებიც, ერთი შეხედვით, არაფრით
ჰგვანან ერთმანეთს, აქვთ ბევრი საერთო, რითაც მე-19 საუკუნის
საზოგადოებაში ცხოვრების სიძნელეს, ბედნიერების მოხელთების
შეუძლებლობას და მაინც მის გაუთავებელ ძებნას ასახიერებენ.

რაც შეეხება მთავარ განმასხვავებელ ნიშანს - ერთადერთი მადამ ბოვარი,


რომელიც იცინის, ემაა. სიცილი კი მნიშვნელოვანი სოციალური ფენომენია,
მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ უკანასკნელი სიცილი სასიკვდილო
სარეცელზე მწოლიარე ქალს ეკუთვნის. სხვადასხვა ავტორი განსხვავებულ
ინტერპრეტაციას გვთავაზობს იმისა, თუ რატომ და როდის იცინის ემა, რას
ნიშნავს მისი ხარხარი სიკვდილის წინ. სიცილის ფენომენის ანალიზი და
ემასთან დედა-ბოვარისა და ელოიზას შედარება იძლევა საშუალებას, რომ
მათი ფსიქოლოგიური პორტრეტები უფრო მკაფიოდ დაიხატოს და ამ

3
პორტრეტების ფონზე გამოიკვეთოს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ენისა და
რეალური სამყაროს შეზღუდულობა, მსხვერპლის როლის მორგებისკენ
სწრაფვა, ვერშეცნობა ადამიანისა, რომელთანაც წლებს ატარებ, გაცრუებულ
იმედებთან და გაუფასურებულ იდეალებთან თანაცხოვრება, სიყვარულის
ობიექტების სიყვარულის იდეით ჩანაცვლება და არამარტო.

წინამდებარე ნაშრომში სწორედ ზემოხსენებულ თემებზე იქნება ყურადღება


გამახვილებული და ემას სიცილის ახსნის მცდელობასთან ერთად
გამოიკვეთება, რატომ არ იცინიან დანარჩენი მადამ ბოვარები.

4
სამი მადამ ბოვარი

1. დედა-ბოვარი
დედა-ბოვარი, რომელიც ტექსტის დასაწყისშივე ჩნდება, მრავალშრიანი
პერსონაჟია, რომელსაც ქორწინებამ იმედები ვერ გაუმართლა, რის გამოც
მხიარული და მოსიყვარულე ქალი იქცა ნერვიულ და უხასიათო არსებად,
რომელიც შეეგუა ქმრის გაუთავებელ ღალატს, უსაქმურობას, უხეირობას და
ოჯახის მართვის ძნელი საქმე მთლიანად საკუთარ თავზე აიღო, გადაწყვიტა
რა, დუმილით აეტანა ყოველგვარი უსიამოვნება. ერთადერთი შვება დედა-
ბოვარისთვის, რომლის სახელიც ტექსტში მოხსენიებული არაა (რაც
ადასტურებს იმას, რომ დედა-ბოვარის იდენტობა მთლიანად მის დედობაზე
დგას. იგი არსებობს მხოლოდ როგორც დედა და საკუთარი, უნიკალური,
სხვებისგან დამოუკიდებელი ეგზისტენცია არ შეუძლია), შვილია. პატარა
შარლი, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებს. დედას მისგან სურს იმ ადამიანის
გამოძერწვა, რომლადაც მისი ქმარი ვერ იქცა. ენერგია, სიყვარული,
ძალისხმევა - ყველაფერი ის, რაც ქმართან ვერ დახარჯა, მთლიანად
დედობრივ სიყვარულად გარდაიქმნება და დედა მთლიანად ეჯაჭვება შვილის
ხატს, რომელსაც თავადვე ქმნის. შვილს არ აქვს უფლება, რომ ამ ხატს არ
ჰგავდეს, ამიტომაც დედა-ბოვარი აწყობს სცენას, დეკორაციას, არჩევს სხვა
მსახიობებს (ესე იგი, ურჩევს სასწავლებელს, უქირავებს ოთახს, აქორწინებს
ქალზე) და შარლს ისღა დარჩენია, მიჰყვეს მისთვის გაწერილ სიუჟეტს. უნდა
ითქვას, რომ დედის ასეთი ხშირი და უხეში ჩარევა შარლის ცხოვრებაში თავად
შარლის პასიურობითა და დამყოლი ბუნებით არის წახალისებული. ამიტომაც
არის რთული მისთვის იმის ატანა, რომ შარლის მართვის სადავეები სხვა
ქალის ხელში გადადის და შარლი ემას გავლენის ქვეშ ექცევა.

დედა-ბოვარი, რომელსაც ტექსტუალურ ცხოვრებაში არასოდეს განუცდია


ბედნიერება, არასოდეს უგრძნია, რომ უყვართ, იტანჯება, ერთი მხრივ, იმით,
რომ ემა ბოვარი უყვართ და, მეორე მხრივ, იმით, თუ რამდენად თავისუფალია
იგი. ემას თავისუფლება სრულიად საპირისპიროა დედა-ბოვარის

5
გამუდმებული ძალისხმევისა და დაძაბულობის, რის ფასადაც ინარჩუნებდა
იგი ოჯახს. ამიტომაც არის ემა ის, ვინც დედა-ბოვარის უნდოდა, რომ
ყოფილიყო თავად და ამით აიხსნება რძლისადმი უკომპრომისო
დამოკიდებულება და დაუფარავი სიძულვილი. ტექსტში ისიც არის
ხსენებული, რომ დედა-ბოვარს ოჯახში ხშირად ჰქონდა უსიამოვნებები
(ფლობერი 2010, 60) და, ამავე დროს, ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მადამ
დიუბიუკის სიცოცხლეში განცდილი უპირატესობის (შარლს პირველი ცოლი
არ უყვარდა, შესაბამისად, დედას ეჭვიანობის საბაბი არ ჰქონდა) დაკარგვა
ადარდებს. ეს კი მას ტრაგიკულ ფიგურად აქცევს. ადამიანად, რომელმაც რაკი
საკუთარი ცხოვრება ვერ მოაწესრიგა და ვერც შვილის ცხოვრებაზე შეინარჩუნა
ძალაუფლება, შეიძულა ის, ვინც აკეთებდა ყველაფერს, რაც თავად უნდოდა
ეკეთებინა და ის, ვინც, სინამდვილეში, მისი იდეალი იყო - ემა.

2. ელოიზა

მეორე ქალი, რომელიც შარლის გაკონტროლებას ცდილობს, მისი პირველი


ცოლია. იგი ურჩევს თემებს, რომლებზეც ლაპარაკი დაშვებულია, ჩაცმის
სტილს, ცხოვრების წესს. ისევ არსად ჩანს შარლის სურვილები და არც თავად
ის. სხვისი კონტროლით შემოზღუდულ კაცს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს
საკუთარ სურვილებზე.

შარლის პირველ ცოლზე, გარდა იმისა, რომ ეჭვიანი, კონტროლის


დაუძლეველი სურვილით შეპყრობილი ქალია, ბევრი არაფერი ვიცით.
სამაგიეროდ, ვხედავთ, რომ გამუდმებით დაძაბულია, შარლთანაც და მაშინაც,
როცა მასთან არ არის. ამიტომ ბუნებრივია, რომ არასოდეს იცინის ტექსტში
თავისი ხანმოკლე არსებობის განმავლობაში. მისთვის მხოლოდ მწუხარება,
საკუთარი ხვედრით უკმაყოფილება არსებობს.

რაც შეეხება მის სიკვდილს, ისეთივე უღიმღამო და ტრაგიზმისგან დაცლილია,


როგორიც მისი სიცოცხლე იყო. მას არაფერი აქვს საერთო ემას მშფოთვარე
აღსასრულთან.

6
„ქალმა უეცრად წამოიძახა: „ოჰ, ღმერთო ჩემო!“, გონება დაკარგა და მაშინვე
მოკვდა...“ (ფლობერი 2010, 28).

3. ემა ბოვარი
ემა ბოვარი, რომელიც შარლს თითქმის დანახვისთანავე უყვარდება,
განათლებულ და მომხიბვლელ ქალადაა დახასიათებული. მკითხველისა და
შარლის თავდაპირველი შთაბეჭდილება ერთნაირია, თუმცა შემდეგ ემას
ნამდვილი სახე მხოლოდ მკითხველისთვის ხდება თვალსაჩინო, შარლისთვის
კი მთელი ცხოვრება დამალული რჩება.

ვინ არის ემა ბოვარი? მადმუაზელ რუო მონასტერში გაიზარდა. თავიდანვე


აშკარა იყო მისი ხასიათის ის მხარე, რომელმაც მერე მის უბედურებათა დიდი
ნაწილი გამოიწვია - ემას სწრაფად სწყინდება ყველაფერი, დიდხანს მისი
ინტერესის დაკმაყოფილებას ვერაფერი ახერხებს. მისთვის ყველაფერი
თამაშია, რომელმაც მისი ცხოვრება რომანების გმირების ცხოვრებას უნდა
დაუახლოვოს. ამ თამაშის ნაწილია შარლზე დაქორწინება. უფრო სწორად,
დაქორწინება ქორწინებისა და ბედნიერი ოჯახის იდეაზე. თუმცა რეალობა,
რომელშიც აღმოჩნდება, საერთოდ არ ჰგავს მის იდეალებს. სიყვარულის
ილუზია სწრაფად ქრება, ემა კი კვლავ მოწყენილობის პირისპირ რჩება. ემას
განცდების, სურვილებისა და იდეალების გაგება შარლს არ შეუძლია. ვერაფერს
ხედავს და არაფერი ესმის, როცა საქმე ემას ეხება. იმიტომ, რომ პირველი
შემთხვევაა, როცა აღარავინ აკონტროლებს, თავს თავისუფლად და ბედნიერად
გრძნობს და ემასგან (ისევე როგორც დასაწყისში ემა შარლისგან) ქმნის
განკერძოებულ სახე-ხატს, რომელსაც ნამდვილ ქალთან არაფერი აქვს საერთო
და მისი სიყვარულითაა გატაცებული. გარდა ამისა, შარლისთვის ემასთან
თანაცხოვრება ერთგვარი სოციალური სტატუსია. „შარლიც მეტ პატივისცემას
გრძნობდა საკუთარი თავისადმი სწორედ იმის გამო, რომ ასეთი ცოლი ჰყავდა“
(ფლობერი 2010, 59). ასე იბადება კმაყოფილება, რომელსაც არაფერი აქვს
საერთო სიყვარულთან. ესაა ლატენტური სიამაყე, რომელსაც ლამაზ და
განათლებულ ქალთან ყოფნის გამო განიცდის. სინამდვილეში, შარლიც
იდეაზეა შეყვარებული, ემას ქმრად ყოფნის იდეაზე და არა თავად ემაზე,

7
რადგან ემას იგი სრულებით არ იცნობს და ვერც სიკვდილისას ახერხებს მისი
ნამდვილი ბუნების შეცნობას.

შარლის ასეთი ინდიფერენტულობის, მოწყენილობისგან, ცხოვრებასა და


იდეალებს შორის არსებული განსხვავებებისა და მიუღწეველი ბედნიერების
გამო ემა სხვებთან იწყებს ურთიერთობას. ლეონი და რუდოლფი ემას
აჯადოვებენ, ვნებას, სექსუალურ მიზიდულობას, სიამოვნებას განაცდევინებენ,
მაგრამ არც ესაა საკმარისი. მადამ ბოვარის მთავარი მახასიათებელი და ის, რაც
მას ტიპური მოღალატე გმირებისგან განასხვავებს, სწორედ ეს არის - მისთვის
არაფერია საკმარისი, რადგან როგორი მშვენიერიც უნდა იყოს რეალობა,
ვერასოდეს გაუტოლდება ადამიანის წარმოსახვას. რეალობას, თუნდაც
ობიექტურად კარგს, ყოველთვის და აუცილებლად აქვს საზღვრები,
განსხვავებით იდეებისგან. ხოლო იდეალური სამყარო თავისი არსებობის
პოტენციალით აზრს უკარგავს ყველაფერს, რაც რეალურად განიცდება.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, „ყოველ ღიმილში მოწყენის მთქნარება იმალება,
ყოველ სიხარულს წყევლა ახშობს, ყოველ სიამეს ზიზღი მოსდევს და თვით
უმწველესი ამბორიც ბაგეზე მხოლოდ უზენაეს ტკბობის მოუკვლელ
წყურვილს ტოვებს“ (ფლობერი 2010, 411).

ეს ამაღლებს ემას, სწრაფვა, რომელიც, მართალია, ღალატისკენ უბიძგებს,


მაგრამ ამავდროულად აახლოებს დონ კიხოტის მსგავს პერსონაჟებთან,
რომლებიც ერთგულები იყვნენ თავიანთი იდეალების. დროდადრო ისინი
ცდებოდნენ, მაგრამ თუ კნუტ ჰამსუნის „მისტერიებს“ დავეყრდნობით,
მთავარი რწმენის ობიექტი კი არაა, არამედ ის, თუ როგორ გწამს. ემას კი
მთელი არსებით სწამს, რომ ცხოვრება მძაფრი შეგრძნებები, თავგადასავლები
და მრავალფეროვანი გამოცდილებებია. როგორც თავად ამბობს, ეზიზღება
„ყოველდღიურ ყოფაში ჩაძირული პერსონაჟები და ზომიერი გრძნობები,
სწორედ ისეთი, როგორიც რეალობაშია“ (ფლობერი 2010, 119). ეზიზღება
რეალობაც და რეალობისადმი ზიზღი ფარავს ყველაფერს, რაც ამ რეალობაში
არსებობს. ამიტომაც ეზიზღება ემას ადამიანები, რომელთა შორისაც
ცხოვრობს.

8
ემაც, მსგავსად ზემოხსენებული ორი მადამ ბოვარისა, გამუდმებით
დაძაბულია და ილუზორული კონსტრუქციების აშენებითაა გართული,
თანახმაა, მოტყუებული დარჩეს, ოღონდ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს
რწმენა, რომ რუდოლფს ან ლეონს შეუძლიათ მისი სიცარიელის შევსება და
მნიშვნელობას შეტანა იქ, სადაც მხოლოდ დიდი არარაობაა და მეტი არაფერი.

ემა ბოვარი რომანტიკოსია, რომელსაც არა კონკრეტული კაცი, არამედ


შეყვარებულ ქალად ყოფნის იდეა ხიბლავს. მიუხედავად იმისა, რომ
მატერიალური ნივთების შეძენის გამო აქვს ვაჭართან პრობლემები, ემა
ბუნებით მატერიალისტი არ არის. მისთვის ეს საგნებიც იდეალთან
მიახლოების საშუალებებია მხოლოდ, გზები, რომლებითაც ცდილობს
საკუთარ არარსებულ ბედნიერებასთან მისვლას. ემა ვერ ცვლის ადამიანებს,
მათ მოსაწყენ ჩვეულებრივობასთან შეგუება უწევს, ამიტომაც სახლებს
ნაირგვარი ნივთებით ავსებს, ამ ნივთებით რომ დაფაროს სიცარიელე და
მარტოობა, რომლისგან თავის დაღწევა არ შეუძლია.

ემა ტანჯულიც კი უფრო ბედნიერი იქნებოდა, ვიდრე ორდინარული


ცხოვრებით, რადგან მისთვის მთავარი ღირებულება არა საზოგადოება, არა
მორალი, არა სიამოვნება და კეთილდღეობა, არამედ სიმძაფრეა. ემასთვის
მძაფრი განცდები უდრის ცხოვრებას და ესაა ერთადერთი არითმეტიკა,
რომლის ნამდვილობაშიც ეჭვი არ ეპარება.

რაც შეეხება ემას სიკვდილს, ემა ცარიელი იყო მთელი ცხოვრება, ყოველთვის
ყველაფრის დანაკლისს გრძნობდა. ყველაფერი სხვას ეკუთვნიდა. როგორც მას
სჯეროდა, სხვები ცხოვრობდნენ, ის კი არა. ამიტომ ემას სიკვდილი ფინანსური
პრობლემებითა და გაკოტრებით არ აიხსნება (Mitchell 1987, 126. თარგმანი
ჩვენია - თ.წ), ესაა სულიერი ბანკროტი, საბოლოო გაცნობიერება იმისა, რომ
მისი იდეალები მიუღწეველია და ის, რაც მას სჭირდება, შეუძლებელია,
რომელიმე ადამიანისგან როდესმე მიიღოს.

9
სიცილის ფენომენი

1. ლიტერატურის მიმოხილვა და ტექსტის ანალიზი


სამი მადამ ბოვარიდან მხოლოდ ერთი იცინის - ემა და თუ
გავითვალისწინებით იმას, თუ როდის და რატომ, ცხადი გახდება, რომ სიცილის
ფენომენს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტექსტის გააზრებისას.

როგორც ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ, „ემას სიცილი საზოგადოებას


აუქმებს. ემა იცინის, როცა საკუთარ თავს მოულოდნელად აღმოაჩენს თავისი
პატარა სამყაროს მიღმა, რომელიც მანამ ატყვევებდა. მეტიც, მისთვის სიცილი
სიცოცხლესთან ასოცირდება“ (Caldwell 2000, 66. თარგმანი ჩვენია - თ.წ).

ამ მოსაზრების თანახმად, სიცილი ამბოხების, წინააღმდეგობის,


კონვენციურობისგან გათავისუფლების საშუალებაა. თუკი იგი
დამოუკიდებლობასა და საკუთარი სურვილების სოციალურ წესრიგზე მაღლა
დაყენებას გულისხმობს, მაშინ სრულიად გასაგებია, რატომ არ იცინის დედა-
ბოვარი, რომელიც მთელი ცხოვრება ითრგუნავდა თავს და შარლის პირველი
ცოლი, რომელსაც საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძნების გამო ეჭვიანობა
სტანჯავდა. სიცილი, როგორც საკუთარ თავად ყოფნის მცდელობა იმ
საუკუნეში, როცა წნეხი ქალების მიმართ ესოდენ დიდი იყო, მიუღწეველია
ორი მადამ ბოვარისთვის. მხოლოდ ემას აქვს ძალა, რომ სიცილით უღალატოს,
სიცილით იცრუოს და თავისი ყოველი ქმედებისას (თუნდაც მორალურად
მიუღებელი ქმედებებისას) ემორჩილებოდეს საკუთარ სურვილებს, იდეალებს
და სხვას არავის და არაფერს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ემას სიკვდილის ეპიზოდს. უსინათლო! -


წამოიძახებს ემა, სასოწარკვეთილი ხმით გადაიხარხარებს და იღუპება. ესაა
მისი უკანასკნელი სიცილი, უკანასკნელი რამ, რასაც ტექსტში აკეთებს.

კარნველის ინტერპრეტაციით, ესაა შეცნობის, გაცნობიერების სიცილი: „მისი


სიცილი გამოხატავს გაცნობიერებას, არცოდნიდან ცოდნაზე გადასვლას,

10
მოულოდნელად მიხვედრას იმის, რაც მანამ დამალული იყო“ (Caldwell 2000,
64. თარგმანი ჩვენია - თ.წ).

მაინც რა იგულისხმება დამალულში?

იქვე ვკითხულობთ, რომ „ემას აცინებს სიამოვნებით გამოწვეული სპაზმი. ეს


სიამოვნება კი გამოწვეულია მოულოდნელი ცოდნით, რომელიც სიკვდილისას
შეიძინა“ (Caldwell 2000, 64. თარგმანი ჩვენია - თ.წ).

ესაა ცოდნა, რომელიც ემას ამაღლებს საკუთარ თავზე; გაცნობიერება,


რომელიც კიდევ ერთხელ „აუქმებს“ საზოგადოებას, ამდაბლებს მას ემასა და
მკითხველის თვალში. ემა ხვდება მთელი თავისი ცხოვრების აბსურდულობას,
ხვდება, რომ უსინათლო იყო, რომლისთვისაც მხოლოდ სიცოცხლის
უკანასკნელ წუთებში გაცხადდა საშინელი ჭეშმარიტება - ერთი მხრივ, ის, რომ
მანამ ბრმა იყო და სინამდვილეს ვერ აღიქვამდა და, მეორე მხრივ, ის, თუ
რაოდენ კომიკური და სიცილის მომგვრელია ეს სინამდვილე, რომელიც
მანამდე მტკივნეულად და მოსაწყენად ეჩვენებოდა. ემა, რომელიც ყოველთვის
გაურბოდა რეალობას და ათასგვარი ფანტომით ცდილობდა მის ჩანაცვლებას,
ბოლოს აცნობიერებს, რომ რეალობაში საშიში და გაუგებარი არაფერია, რადგან
იგი, სინამდვილეში, უბრალოდ, სასაცილოა.

ასევე არის ვერსია, რომ ემა დასცინის სიკვდილს, როგორც რიტუალს,


რომელშიც თავისი როლის თამაში უწევს. ამავე დროს კი ამ ცერემონიის სხვა
მონაწილეებსაც მასხრად იგდებს (Caldwell 2000, 71. თარგმანი ჩვენია - თ.წ).

ამ მოსაზრების მხარდასაჭერად ტექსტში არგუმენტები არ მოიძებნება.


სიკვდილის წინ ემა იმდენადაა გატაცებული საკუთარ აღსასრულზე
დაკვირვებით, რომ მას არ რჩება დრო, იფიქროს იმ ადამიანების პოზიციებზე,
რომლებიც მის გვერდით იმყოფებიან. ემა ცოლის, საყვარლის, შვილის, დედის
შემდეგ სრულიად ახალ როლს - მომაკვდავი ადამიანის როლს ირგებს და ამ
როლის შესწავლითა და დაკვირვებითაა დაკავებული, ამიტომაც მისთვის
სრულიად უმნიშვნელო უნდა იყოს მისი ნაცნობი პატარა ადამიანები და მათი
უაზრო ცხოვრება.

11
როცა თვალის ახელასა და სინამდვილის გაცნობიერებაზე ვსაუბრობთ,
აღსანიშნავია მოსაზრება, რომ ემა მსხვერპლის როლს მხოლოდ სიკვდილისას
ტოვებს. უფრო ზუსტად: ცხოვრება ანგრევს ემას ოცნებებს, მაგრამ მას ისევ
სჭირდება, სიმართლის მთელი სიმწარე იგრძნოს, რადგან მთელი ამ
იმედგაცრუებების განმავლობაში, თავი მსხვერპლად მიაჩნია (Buck 1957, 559.
თარგმანი ჩვენია - თ.წ). მთელ სიმწარეს კი მხოლოდ მაშინ გრძნობს, როცა
ხვდება, რომ თავადაც ამ აბსურდულობის ნაწილია. იმავე ავტორის აზრით,
მისი ცხოვრების ისტორია მაშინ სრულდება და თვითმკვლელობაც მაშინ
ხდება გარდაუვალი, როცა ემა აღმოაჩენს, რომ ცხოვრება საბრალო, უბადრუკი,
მტანჯველია და ის პირადი უსამართლობის მსხვერპლი კი არაა, არამედ
იზიარებს მთელ ამ საშინელებას, თავადაც მისი შემადგენელი ნაწილია (Buck
1957, 560. თარგმანი ჩვენია - თ.წ).

ასეთი გაცნობიერება მიუღწეველია დედა-ბოვარისა და შარლის პირველი


ცოლისთვის. მეორე შემთხვევაში, მას, როგორც პერსონაჟს, ამგვარი
მეტამორფოზისთვის ტექსტუალური დრო არ ჰყოფნის. ხოლო პირველ
შემთხვევაში, შარლის დედას აქვს დრო, მაგრამ არა აქვს უნარი, მიხვდეს
თავისი არსებობის მთელ უაზრობას. ამიტომაც განმანათავისუფლებელი,
საკუთარი თავისა და სამყაროსადმი ირონიით გამსჭვალული სიცილი კიდევ
უფრო მიუწვდომელი ხდება მისთვის.

ემას შესახებ არსებობს მოსაზრება, რომ იგი ტიპურია ნარცისია. მიჩელის


აზრით, წმინდანობის, მსხვერპლად ყოფნის თემა ნარცისული თავდაცვაა. ემას
დიაგნოზი ნარცისიზმია და თვითმკვლელობა სიკვდილის გამოწვევაა, კიდევ
ერთი ნარცისული გამოვლინება (Mitchell 1987, 115. თარგმანი ჩვენია - თ.წ).

მასვე ეკუთვნის მოსაზრება, რომ „ემა საკუთარ თავს ყოველთვის ბრმად


ხედავდა. მისი ნარცისიზმი იდგა მასსა და ხილულ სამყაროს შორის. უფრო
ზუსტად, მას არასოდეს უნახავს სამყარო, როგორც ასეთი, ხედავდა მხოლოდ
სარკეში არეკლილ იდეალიზებულ და გაუფასურებულ საგნებს. მეტიც, ბრმა

12
კაცი ემას სიმბოლოა, მუდამ უმწეო ემასი, რომელსაც საკუთარი თავი არ
გააჩნდა“ (Mitchell 1987, 124. თარგმანი ჩვენია - თ.წ).

ამ ლოგიკის თანახმად, ის, რაზეც ემა იცინის, ის, რასაც იგი მტკივნეულად
აცნობიერებს, მისივე არარაობაა. ის, რომ თავადაც არ ჰგავდა თავის იდეალებს
და შეცდომა იყო მხოლოდ სხვების ნაკლოვანებებისა და
არასრულყოფილებების აღქმა. ემას სიკვდილის წინ ხდება ხილული სამყარო,
რომელიც მანამ ილუზიურ წყვდიადში იყო გახვეული.

ამ მოსაზრების პირველი ნაწილი დიდწილად ეთანხმება ზემოხსენებულ


ავტორთა ტექსტებს, რადგან სიცილის მნიშვნელობა საერთოა, მაგრამ თუკი
ნარცისიზმის ფროიდისეულ განმარტებას დავეყრდნობით, დიაგნოზი არც ისე
მართებული ჩანს.

ფროიდის ნაშრომში „ნარცისიზმის შესახებ“, ნარცისიზმი აღწერილია როგორც


მდგომარეობა, როცა ადამიანებს ორი რამ აღენიშნებათ: „განდიდების ბოდვა
და ინტერესის დაკარგვა გარემომცველი სამყაროსადმი (ადამიანებისა და
საგნებისადმი)“ (ფროიდი 2017, 2). ეს გულისხმობს იმას, რომ ლიბიდო
მთლიანად ეგოზეა კონცენტრირებული. ემა კი განსხვავებულ
მდგომარეობაშია. მას პირიქით, გამძაფრებული აქვს ინტერესი გარე
სამყაროსადმი და მისი მაქსიმალურად შესწავლისაკენ ისწრაფვის. ამიტომაც
მისი ნარცისიზმში მხილება ნაკლებად დამაჯერებელი ჩანს.

კიდევ ერთი ვერსიით, „ემა ენის მსხვერპლია. მას მხოლოდ მაშინ შეუძლია
ემოციების აღქმა, როცა ისინი რომანტიკის კონვენციური ენითაა გამოხატული.
ის მეტყველების მსხვერპლია“ (Black 1985, 178. თარგმანი ჩვენია - თ.წ).

შესაძლოა, ემა ფლობერმა ხელოვანის მეტაფორად ჩაიფიქრა, რომელიც


იტანჯებოდა იმის გამო, რომ მისი დიდებული მისწრაფებები ვერასოდეს
გამოიხატება საკმარისად კარგად იმ სამყაროს შეზღუდულობის გამო,
რომელშიც იგი ცხოვრობს (Black 1985, 178. თარგმანი ჩვენია - თ.წ).

13
ამ შემთხვევაში, ემას სიცილი სამყაროს გარდაუვალი ნაკლოვანების აღიარებაა
და, ამავე დროს, საბოლოო შერიგება მასთან. ეს შერიგებაც განასხვავებს ემას
დანარჩენი მადამ ბოვარებისგან, რადგან ისინი უცვლელი, სტატიკური
პერსონაჟები არიან, რომლებიც ვერ სწავლობენ შეცდომებზე და არასოდეს
იცვლიან აზრს.

14
შეჯამება

გარდა იმისა, რომ სამ მადამ ბოვარს ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო, გამოჩნდა,
რომ მათ შორის მნიშვნელოვანი მიჯნაა სიცილის უნარიანობა და უუნარობა.
რაკი უკანასკნელი სცენა, სადაც ემა ცოცხალია, სწორედ მისი მოულოდნელი
და უჩვეულო ხარხარით გამოირჩევა, შეუძლებელია სიცილის
უგულებელყოფა, ისევე როგორც იმის, რომ ასეთ სოციალურ ვითარებაში
სიცილს განსაკუთრებული გამბედაობა და შინაგანი თავისუფლება სჭირდება.

მსჯელობისას გამოიკვეთა ისიც, რომ ამბოხის გარდა, სიცილი გაცნობიერების,


მიხვედრის სიმბოლოც არის. რაღაცის მიხვედრა, შეცნობა კი არანაკლებ
რთულია, ვიდრე უბრალოდ საზოგადოებრივი ნორმების წინააღმდეგ
აჯანყება. ეს სიცილი, რომელიც ემას მეტამორფოზაზე მიანიშნებს, აჩვენებს
იმასაც, რომ ამგვარი რადიკალური გარდასახვა არ განუცდიათ დანარჩენებს.
ელოიზა ისე მოკვდა, რომ მისმა სიკვდილმა მხოლოდ შვებისმაგვარი განცდა
დატოვა, დედა-ბოვარი კი არც ქმარს და არც შვილს არ ჰყვარებიათ. არცერთ
მათგანს არ უეჭვია, რომ არასწორ იდეალებს უერთგულა. მხოლოდ ემაა ის,
ვისაც წილად ხვდა იმის აღმოჩენა, რომ სამყარო, რომელიც ამდენ ტკივილს
აყენებდა, საზოგადოება, რომელიც ასეთი მოსაწყენი იყო, ყოველდღიურობა,
რომელიც ვერასოდეს აკმაყოფილებდა, სინამდვილეში, ერთი დიდი აბსურდია
და მასაც, როგორც ამ აბსურდის ერთ-ერთ პერსონაჟს, ამ ყველაფერზე სიცილი
მართებს. მანამ კი უნდა აღიაროს, რომ თავადაც უსინათლო იყო და ეს
აბსურდულობა ლამის მთელი სიცოცხლე ემალებოდა მის თვალთახედვას.

ასე რომ, საბოლოოდ შეჯამებისას, იკვეთება ემას არა მარცხი, არამედ


გამარჯვება, რომელიც მხოლოდ მას შეიძლება ერგოს წილად, ვისაც არ ეშინია
საკუთარ თავსა და მთელ სამყაროზე სიცილის.

15
ბიბლიოგრაფია

ფლობერი, გუსტავ. 2010. მადამ ბოვარი. თბილისი: „ელფის გამომცემლობა“,


მთარგმნ: ანა წერეთელი

ფროიდი, ზიგმუნდ. 2017. ნარცისიზმის შესახებ. თბილისი: გამომცემელი ნინო


ხუნდაძე. მთარგმნ: ვახტანგ გორგიშელი.

Caldwell, Roy Chandler. “Madame Bovary’s Last Laugh.” French Forum, vol. 25, no. 1,
2000, pp. 55–74. JSTOR, http://www.jstor.org/stable/40552069. Accessed 14 Feb. 2023.

Buck, Stratton. “For Emma Bovary.” The Sewanee Review 65, no. 4 (1957): 551–64.
http://www.jstor.org/stable/27538671.

Mitchell, Giles. “Flaubert’s ‘Emma Bovary’: Narcissism and Suicide.” American Imago
44, no. 2 (1987): 107–28. http://www.jstor.org/stable/26304068.

Black, Lynette C. “‘Madame Bovary’: The Artist and the Ideal.” College Literature 12,
no. 2 (1985): 176–83. http://www.jstor.org/stable/25111660.

16

You might also like