You are on page 1of 8

XXI-ე საუკუნე თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია.

ეს არის
დრო, როცა ჩვენი ცხოვრება უშუალო კავშირშია ციფრულ ტექნოლოგიასთან,
სოციალურ ქსელებთან.

თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნახტომი, უდიდესი


მიღწევაა. ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერი საქმე გააკეთოს უფრო
სწრაფად და მარტივად, უფრო დახვეწილი გახადოს მისი შემოქმედებითობა და
მუდმივად სიახლეების ძიებაში იყოს ჩართული.

დღევანდელ სამყაროში, ნებისმიერი საქმიანობის სფერო, განათლება, ბიზნესი,


თუნდაც ადამიანური ურთიერთობები, ყველაფერი ტექნოლოგიებზე გადის.
ტექნოლოგიებმა შეცვალეს ადამიანის მსოფლხედველობა. ისინი მოქმედებენ ჩვენს
მეხსიერებაზე, ყურადღებაზე, დიდ ზეგავლენას ახდენენ როგორც ბავშვებზე, ასევე
ნებისმიერი ასაკის ადამიანზე.

რაც უფრო მეტად დაიწყო ტექნიკამ განვითარება და უფრო მეტი რამ გამოიგონა
ადამიანმა, მით უფრო მეტად გართულდა მისი ცხოვრება და მით უფრო ნაკლები
დრო აქვს მას. ერთი  შეხედვით თანამედროვე ტექნოლოგიები ამარტივებენ
ადამიანის საქმიანობას და ზოგავენ მის დროს. მაგრამ, დღეს როგორც კი ადამიანს
თავისუფალი დრო გამოუჩნდება ის სხვა საქმეს წამოიწყებს. ადამიანი იმდენად არის
მიჩვეული ეკრანთან მონოტონურ მუშაობას, რომ ავტომატურად ახალ საქმეს
წამოიწყებს, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა.  გარდა ამისა, მისი ცხოვრება
სულ უფრო მეტ დანახარჯებს მოითხოვს და ამიტომ ისიც დამატებითი შემოსავლის
წყაროს ეძებს.

ტექნოლოგიებმა შეცვალეს ადამიანის ფიზიოლოგია – ვფიქრობთ, ვგრძნობთ და


სიზმრებსაც სხვანაირად ვნახულობთ. ტექნოლოგიები ზემოქმედებენ ჩვენს
მეხსიერებაზე, ყურადრებაზე, ძილის ციკლზეც კი. ეს ყველაფერი უკავშირდება
მეცნიერულ მოვლენას – ნეიროპლასტიკურობას ანუ ტვინის უნარს, შეცვალოს
ჩვეულებრივი ქცევა ახალი გამოცდილების მიხედვით. ამ შემთხვევაში მოქმედებს
ინტერაქტიული ტექნოლოგიები და ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაციის დიდი
ნაკადი.

ინტერნეტმა კიდევ უფრო პოპულარული გახადა კომპიუტერი, რამდენადაც ის


დღევანდელი პრობლემების მოგვარებაშიც უფრო იოლად გვეხმარება. ზღვა
ინფორმაცია, რომელსაც მისი საშუალებით ვიღებთ, გვაწვდის განათლების მიღების,
სხვადასხვა კითხვაზე პასუხის მიღების შესაძლებლობებს. შესაბამისად,
თვითგანათლება სულ უფრო აქტუალური თემა ხდება. თუმცა ინტერნეტსა და
კომპიუტერს დიდი ზიანის მოტანაც შეუძლია და ბევრ პრობლემას იწვევს. ეს ბოლო
წლებში უფრო თვალსაჩინო გახდა და უფრო მეტი ადამიანი განიცდის გავლენას.
ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საკმაოდ აქტუალურია, ეს არის სოციალური
ქსელების გავლენა საზოგადოებაზე.

ყოველდღიურად უამრავი ადამიანი კარგავს უძვირფასეს დროს სხვადასხვა


ინტერნეტ-საიტებზე, ბლოგებზე, სოციალურ ქსელებში. დღეს არავის უკვირს
Facebook-ი, რომელზეც თითქმის ნახევარი მსოფლიოა დარეგისტრირებული, მეტი
თუ არა. თუმცა ფაქტია, ადამიანური ურთიერთობები ვირტუალური სამყაროს მიღმა
რჩება. ვერ ვაცნობიერებთ ბოლომდე ყოველდღიურად რამდენ დროს ვკარგავთ,
როგორ გვითრევს და თავისკენ გვიზიდავს ეს ყველაფერი. რამდენად დავშორდით
გარე სამყაროს და როგორ ნელ-ნელა გვაკარგვინებს იმ დროს, რომელიც არასოდეს
დაბრუნდება.

რა ემართება „ცოცხალ“ ურთიერთობებს?! რატომ ურჩევნია მასას ინტერნეტის


მეშვეობით ისაუბროს უფრო მეტი და უფრო გახსნილი იყოს, ვიდრე რეალურ
ცხოვრებაში?!

პასუხი ნათელია, სწორედ ვირტუალუბა ანიჭებს ადამიანებს მეტი თავისუფლების


შეგრძნებას და ისინი სოც. მედიაში ახალ თვისებებს ავლენენ, ან უბრალოდ ისეთ
რამეზე საუბრობენ, რაზეც ცხოვრებაში საუბარი გაუჭირდებოდათ. სოციალური
ქსელი ადამიანს საშუალებას აძლევს თითქმის იდეალური სახით წარმოაჩინოს
საკუთარი თავი. შეიქმნას ის იმიჯი, რაც მას სურს. ჰქონდეს უფრო მეტი
თავისუფლება, მეტი შემოქმედებითობა, თუნდაც თამაშის ელემენტები, რომელიც
ეხმარება დაიმკვიდროს თავი ვირტუალურ საზოგადოებაში, მაშინ როცა რეალურ
ცხოვრებაში სრულიად სხვა ადამიანი იყოს. ალბათ ეს არის პიროვნულ თვისებებთან
მიმართებაში სოციალური მედიის და ვირტუალური სამყაროს მთავარი გზავნილი.

გარდა იმისა, რომ სოც. ქსელებზე დამოკიდებულება იზრდება და მცირდება


ადამიანური ურთიერთობები, ჩნდება ისეთი პრობლემები, როგორიცაა
მხედველობის გაუარესება, მეხსიერების დაქვეითება, უძილობა, მუდმივი
გადაღლილობა. სოციალური მედია და ინტერნეტი აქვეითებენ ადამიანის
ყურადღების კონცენტრაციის უნარს. ციფრულ მედიაში ჩაფლულ ადამიანებს უჭირთ
წიგნების თუ ლიტერატურის წაკითხვა. ეს საკითხი  ყველაზე მკაფიოდ ჩანს
ახალგაზრდა, თინეიჯერ თაობაში რომელთა ტვინი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების
პროცესშია და შეიძლება ვერ განავითაროს კონცენტრაციის უნარი.

ეს იმ საკითხების არაზუსტი ჩამონათვალია, რაც ტექნოლოგიური განვითარებას


მოჰყვება. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად XXI-ე საუკუნე სწორედ იმით
გამოირჩევა, რომ ყველაფერი ახალი ინერგება, ახალი ეტაპები იწყება სამყაროში,
ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ერთად. რაც არ უნდა ცუდი ვთქვათ, კომპიუტერისა
და ინტერნეტის შესახებ, ეს არის ის საშუალება, რომლითაც უფრო მეტად
განვითარების შესაძლებლობა ეძლევა თითოეულ ადამიანს. მისი უარყოფითი და
ყურადსაღები მხარეების მიუხედავად, მისი მოხმარება საკმაოდ აქტუალურია,
რადგან თუ გავითვალისწინებთ დღევანდელობას და ტექნოლოგიური მიღწევების
სწრაფად შემოჭრას ჩვენს საქმიანობაში, დავასკვნით, რომ დღეს ის იმარჯვებს, ვინც
მეტ ინფორმაციას ფლობს, ამაში კი კომპიუტერსაც დიდი წვლილი მიუძღვის.

ტექნოლოგიური განვითარება და სამუშაო


ადგილები
"მანქანები შეცვლიან ადამიანებს"

 "ხელოვნური ინტელექტი აღზევდება ხალხზე"

"ღარიბებისთვის სამუშაო ადგილები აღარ იარსებებს"

"ქაოსი, შიმშილი!"

"ტექნოლოგიური განვითარება ჩრდილს აყენებს მომავალს" და.ა.შ

ეს ამჟამინდელი ერთგვარი პარანოიაა, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიოში


ტექნოლოგიური რევოლუციის შესახებ. სტატიების სათაურები შემაშფოთებლად
გამოიყურება, ეჭვი გაგიჩნდება, რომ აპოკალიპტური მომავლის დახატვა, ადამიანების
შესაშინებელი ინსტრუმენტია.
არსებობს რამე სამოქმედო გეგმა?

როგორი იქნება ჩვენი მომავალი?

იქნება თუ არა მასობრივი უმუშევრობა? - ნამდვილად არა.


კარგად ვიქნებით. 
ისტორია და ყველა თანამედროვე ხელმისაწვდომი ბაზა - აჩვენებს, რომ სინამდვილეში
ტექნოლოგია, დიდი ხანია, სამუშაოს შექმნის მანქანად იქცა. 

სადაც სანთელი ქრება - იქ ნათურა ინთება

მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე ტელეფონის და ტელეგრაფის


ოპერატორები ყველაზე მოთხოვნადი ტიპები იყვნენ, დიდ ბრიტანეთში მათი რიცხვი სულ
მზარდი იყო, თუმცა მოგვიანებით, როდესაც ინტერნეტი და მობილური ტელეფონი
შეიქმნა, ამ სექტორში დასაქმება მკვეთრად შემცირდა, რაღაც მიმართულებით კი საერთოდ
გაქრა.
იგივე ვითარება შეექმნა რამდენიმე სხვა პროფესიასაც, ეს არის ე.წ. შემოქმედებითი
განადგურების პროცესი, როდესაც ტექნოლოგიურ ცვლილებებს თან ახლავს ეტაპი,
რომლის დროსაც ძველი იცვლება ახლით. ახალი ტექნოლოგიები არსებულ დავალებებს,
უნარებსა და პროფესიებს მოძველებულად აქცევს.  

უნდა მივტიროდეთ ტელეფონისა და ტელეგრაფის ოპერატორების პროფესიას?

სახელმწიფო ჩარევით უნდა ვცადოთ მათი გადარჩენა? რა თქმა უნდა - არა


მანქანის მიერ ადამიანის ჩანაცვლების შედეგი, რეალურად, ხანგრძლივ პერსპექტივაში
არის ეკონომიკისა და დასაქმების ზრდა.  
ინოვაცია ხელს უწყობს სამუშაო ადგილების მატებას, განსაკუთრებით ცოდნაზე
ორიენტირებულ სფეროებში.

ტექნოლოგიური მიღწევების შედეგად საერთოდ გაქრა ზოგიერთი პროფესია, მაგრამ მეორე


მხრივ, ტექნოლოგიურმა პროგრესმა ისეთი პოზიციებიც შექმნა, რომლებიც მანამდე
საერთოდ არ არსებობდა - 
სოციალური მედიის მენეჯერები, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტები, ციფრული
ინჟინრები, პროგრამისტები, თვითმფრინავების ოპერატორები და ა.შ.  რამდენი ადამიანი
მუშაობს  დღეს ისეთ სფეროებში, რომლებიც 50 წლის წინ საერთოდ არ არსებობდა?

ცხადია, რომ ეს  შეუჩერებელი ტენდენციაა. მომავლის ინსტიტუტის (IFTF) დასკვნაში


ნათქვამია, რომ სამუშაო ადგილების 85 %, რომლებიც 2030 წელს იარსებებს, ჯერ კიდევ არ
არის გამოგონილი. 
სამუშაო პროცესის სწრაფი ტრანსფორმაციის მიუხედავად ადამიანის სრულ ჩანაცვლებაზე
ლაპარაკი ჯერ ძალიან ნაადრევია. მანქანები რუტინულ სამუშაოს ასრულებენ, თუმცა
კვლავ მაღალია მოთხოვნა ისეთ პროფესიებზე, რომლებიც მეტ გონებრივ დატვირთვას და
საპასუხისმგებლო ამოცანების შესრულებას გულისხმობს, აქ ადამიანებს კონკურენტი ჯერ
კიდევ არ ჰყავთ და დასაქმების ზრდაც აშკარაა. 
ცხადია, რომ ინოვაციები მხოლოდ კი არ აქრობს სამუშაო ადგილებს, არამედ ახალი
სამუშაოების შექმნის მანქანად იქცევა. 
ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ეს არ არის ფენომენი, რომელიც უნიკალურია
მხოლოდ განვითარებული ქვეყნებისთვის. პირიქით, განვითარებადი ქვეყნების ყველაზე
სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი. 
კარგი მაგალითია ბრაზილია, რომელმაც 1980-იანი წლების შუა ხანებიდან მთელი რიგი
ზომები გაატარა ტექნოლოგიური პროგრესის დასაჩქარებლად. რა მიიღო შედეგად?- ორ
ათწლეულში (1995-2014 წწ.), ოფიციაალურად დარეგისტრირებული დასაქმებული
ბრაზილიელების რაოდენობა  23.8-დან 49.6 მილიონამდე გაიზარდა.
რა გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ მისგან? -  მდგრადი ეკონომიკური ზრდა ემყარება
ინოვაციას.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ”მომავლის სამუშაოს ანგარიშის”
ბოლო შეფასებაში ვხედავთ, რომ შესაძლოა 75 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგოს,
რადგან კომპანიები მეტ ავტომატიზაციაზე გადადიან. თუმცა იმავე ანგარიშში
აღნიშნულია, რომ 2022 წლისთვის 1322 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიძლება
შეიქმნას. რაც 58 მილიონით მეტია მანამდე არსებულზე. ტექნოლოგიური
პროგრესი თანდათანობით იწვევს განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის საშუალო ფენის
ზრდას, შესაბამისად, ამ პროცესებით გაცილებით მეტს მოვიგებთ, ვიდრე წავაგებთ.

ახალი ტექნოლოგიები ახალ ბაზრებსა და შესაძლებლობებს აჩენს. როდესაც ძველი


ინდუსტრიები ახალ ტექნოლოგიებს ებრძვიან, ისინი კვდებიან. აშშ კვლევასა და განვითარებაზე
წელიწადში 300 მილიარდზე მეტს ხარჯავს. დღეს მეცნიერები ახალი პროდუქტებისა და
მომსახურების ფართო წრეს იკვლევენ, დაწყებული მზის ენერგიით, ელექტრომანქანებით,
სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებით, დამთავრებული ხმით მართვადი კომპიუტერებით და
გენური ინჟინერიით.

„ღრუბლოვანი ტექნოლოგიები“  არის IT ევოლუცია,  ინფორმაციული  ბაზრის განვითარება. იგი


საშუალებას იძლევა უფრო ნაკლები დანახარჯებით შეიქმნას სრულყოფილი ბიზნესმოდელი.
“ღრუბლოვანი ტექნოლოგიის“ სისტემაში მოსახვედრად საკმარისია ინტერნეტთან მიერთება,
რათა შესაძლებელი გახდეს ინფრასტრუქტურის  და პროგრამული უზრუნველყოფის 
სერვისების გამოყენება. „ღრუბლოვანი ტექნოლოგიების სერვისებთან დაშვება შესაძლებელია
ნებისმიერი ადგილიდან სხვადასხვა მოწყობილობების (ნოუთბუქების თუ პლანშეტების)
გამოყენებით. თუმცა ჯერ არ არის ყველა ორგანიზაცია მზად ასეთი ტექნოლოგიების და
გადაწყვეტილებების მისაღებად.

მაიკროსოფთის ლიცენზირებული „ღრუბლოვანი ტექნოლოგია“  წარმატებით დაინერგა


ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსიში (GASA). ეს არის  office 365, მათ შორის ღრუბლოვანი საცავი
“One Drive ბიზნესი”, სადაც ტექნიკური სამუშაოები განახორციელა კომპანია „სინტაქსმა“.
აღნიშნულმა კომპანიამ ასევე განახორციელა „ღრუბლოვანი ტექნოლოგიის“ ტექნიკური
სამუშაოები კომპანია „აქსისში“, რომელიც მიმდინარეობდა „მაიკროსოფთან“ თანამშრომლობის
მემორანდუმის ფარგლებში.  “One Drive ბიზნესის”  დახმარებით შესაძლებელი ხდება
ელექტრონულ ღრუბლოვან საცავში შენახული ფაილები ხელმისაწვდომი გახდეს მსოფლიოს
ნებისმიერი კუთხიდან  ინტერნეტის მეშევეობით.

მაიკროსოფთის ლიცენზირებული ღრუბლოვანი ტექნოლოგიები საშუალებას აძლევს კომპანიებს


ოპერატიული ინფორმაცია განათავსონ 2 კონტინენტზე გადაზღვეულ  დაცულ ღრუბლოვან
საცავში, რაც მკვეთრად ამცირებს მართვასთან დაკავშირებულ ხარჯებს და კომპანიებს მეტი
დრო რჩებათ ბიზნესის განვითარებისათვის. საჭირო ინფორმაცია ხელმისაწვდომია
უფლებამინიჭებული თანამშრომლებისთვის. არსებობს კონტროლის არაერთი მექანიზმი, რაც
უზრუნველყოფს ქსელურ უსაფრთხოებას და დაცულობას. აღნიშნული ტექნოლოგიების
გამოყენება ინერგება სასწავლო პროცესებშიც, ელექტრონული სწავლების განვითარების
მიმართულებით, ასევე სხვადასხვა არქიტექტურის და ოპერაციული სისტემის მქონე
მოწყობილობებისთვის .[1]

მიუხედავად დიდი გარანტიებისა, რასაც გვთავაზობს „მაიკროსოფთის“ და გუგლის


ლიცენზირებული „ღრუბლოვანი ტექნოლოგია“, რისკები მაინც არსებობს. მსოფლიო
გამოცდილება ადასტურებს, რომ არის კიბერშემოტევის ცალკეული შემთხვევები, რომლის
დროსაც ტრადიციული დაცვის მექანიზმები სრულიად უშედეგო ხდება. დღეს მსოფლიოს
გამოცდილი პროვაიდერები მუდმივად ცდილობენ რისკების აღმოჩენას და მათ
გაუვნებელყოფას.

მუდმივად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი. ილონ მასკი აცხადებს, რომ ხელოვნური


ინტელექტი ბევრად უფრო ჭკვიანი იქნება, ვიდრე ყველაზე გონიერი ადამიანი. როგორც
შიმპანზე ვერ გაუგებს ადამიანს, ისე ვერ გაუგებს ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს. მასკი ამ
ყველაფერში დადებით გავლენასთან ერთად ადამიანისთვის დიდ საფრთხესაც ხედავს. იგი
აცხადებს, რომ ამჟამად მუშაობს თავის ტვინის მიკროჩიპებზე, რომლებიც ადამიანის ტვინს
კომპიუტერთან დააკავშირებს. მან მსოფლიოს ნეირომეცნიერებს მოუყარა თავი
ლაბორატორიაში, კალიფორნიის უნივერსიტეტში და ამ კვლევისთვის 100 მლნ დოლარის
ინვესტიცია განახორციელა. ტვინის და კომპიუტერის დაკავშირების ახალი ტექნოლოგიების
შექმნის მცდელობისთვის მრავალი ადამიანია აღფრთოვანებული. ჯერ კიდევ პლატონი
ოცნებობდა, ნეტავ შეიძლებოდეს „ორი სულის სიახლოვით ერთი სულიდან მეორეში სიბრძნის
გადასხმა, ისევე, როგორც წყალი გადაისხმება სავსე თასიდან ცარიელშიო“. ამ ოცნების
ასრულებაზე მუშაობს სწორედ ილონ მასკი. თუმცა არიან სკეპტიკურად განწყობილებიც.
ფრაიბურგის უნივერსიტეტის მიკროტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენლის თომას
შტიგლიცის აზრით, ფანტასტიკას უფრო ჰგავს მოსაზრება იმის შესახებ, რომ  არსებული
ინფორმაცია შეიძლება მიკროჩიპით ჩაიტვირთოს ადამიანის ტვინში. იგი აღნიშნავს, რომ ამ
მიმართულებით ფსიქოლოგიური, სამედიცინო და ეთიკურ-სამართლებრივი მხარე საკმაოდ
ბუნდოვანია. ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ შესაძლოა ადამიანთა არსებობას საფრთხე
შეუქმნას.  თუმცა ვინ იცის?!  მრავალი ფანტასტიკა ხომ აცხადდა...

მაგრამ საზოგადოებას პირველ რიგში ახალი ტექნოლოგიების უსაფრთხოება  სჭირდება.  იქმნება


გარკვეული რეგულირება მომხმარებელთა დასაცავად, რათა შეიქმნას ცხოვრების ჯანმრთელი,
უკეთესი ხარისხი. როგორც ბრაიან თრეისი, მრავალი ბესტსელერის ავტორი აღნიშნავდა,
ადამიანთა ბედნიერების 85% მომდინარეობს ადამიანური ურთიერთობებიდან, ხოლო მხოლოდ
15% მოაქვს პროფესიულ წარმატებებს.

ძნელი წარმოსადგენია რა იქნება მომავალში. ერთი რამ კი ცხადია, თანამედროვე ადამიანისთვის


გონების განვითარებაა მნიშვნელოვანი. თუმცა ამის მიღწევა მხოლოდ
ინტერნეტტექნოლოგიებით, გაჯეტებით არ შეიძლება. პირიქით, ზოგ შემთხვევაში  საზიანოც
კია. მაგალითად, საფრანგეთში სკოლის მოსწავლეებისთვის აიკრძალა მობილური
ტელეფონებით სარგებლობა. მედიცინა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თანამედროვე გაჯეტები
ერთი მხრივ ანვითარებს გონებას, მეორე მხრივ კი თრგუნავს მას. მოზარდები გადაეჩვივნენ
საუბარს, ურთიერთობას და ვირტუალურ სამყაროს ამჯობინებენ.  მათი გონება ზარმაცდება.
პატარა ბავშვები ვერ იწყებენ ლაპარაკს იმის გამო, რომ ნაადრევად ეჩვევიან და
ინტერნეტდამოკიდებულნი ხდებიან. უნივერსიტეტის სტუდენტებსაც უჭირთ მეტყველება და
საკუთარი აზრის თანმიმდევრულად გადმოცემა. დაუქვეითდათ მახსოვრობის უნარი. ჩვენი
დედები და მამები სკოლაში საზეპიროებს რომ სწავლობდნენ, ეს შეიძლება არაფერში
გამოადგათ, მაგრამ მათი გონება ბევრად უფრო გამოწრთობილი იყო. როგორც ფოლადი
იწრთობა მაღალ ტემპერატურაზე, ისე იწრთობოდა ადამიანის ტვინი სხვადასხვა ტექსტების
დამახსოვრებით. სამწუხაროდ, ამას ბევრი უგულებელყოფს. ოპონენტები იტყვიან..... თუმცა
რეალობა ასეთია.

მართალია, მომავლის საგანმანათლებლო სისტემა პროფესორის მოვალეობას მნიშვნელოვნად


ცვლის, შემფასებლის ფუნქცია მას უკვე ჩამოშორდა, მაგრამ იგი ყოველთვის დარჩება
მიმართულების „შუქურად“, მნიშვნელოვან კონსულტანტად. სტუდენტისთვისაც პროფესორთან
უშუალო დიალოგი, ლექციის მოსმენა ან მასალის მოყოლა კიდევ უფრო საჭირო და
სიღრმისეული გახდება. ზოგჯერ სტუდენტი ფიქრობს, რომ მასალა სწორად გაიგო, მაგრამ
დიალოგში აღმოჩნდება, რომ რაღაცას სრულყოფილად ვერ ჩასწვდა. შესაბამისად, მასალის
სიღრმისეული ანალიზისთვის სტუდენტს მუდმივად სჭირდება ცოცხალი დიალოგი
პროფესორთან. მრავალი მსგავსი მაგალითის მოყვანა არის შესაძლებელი.

ისევე, როგორც ძველი ბერძენი მოაზროვნეების, სოკრატეს, პლატონის, არისტოტელეს


შეგონებები არ კარგავს აქტუალურობას და დღესაც ღირებულია, ასევე იქნება ღირებული
მოაზროვნე პროფესორთა რჩევები ცოდნის შესახებ მომავალშიც. პლატონი სამართლიანად
მიიჩნევდა, რომ „ბუნებრივად ადამიანის იარაღს წარმოადგენს გონიერება“, შესაბამისად
ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ბუნებრივი მონაცემების, ნიჭის, აზროვნების,
ენერგიის მიხედვით. ცხადია, ამ განსხვავებას ილონ მასკის „ტვინის მიკროჩიპები“ ვერ შეცვლის.
ისევე, როგორც წიგნის გამოგონებამ გარკვეული „ყავარჯნები“ შეუქმნა ადამიანის მახსოვრობას,
მსგავსი „ყავარჯნების“ როლს შეასრულებს მომავლის მიკროჩიპები სავარაუდოდ. ისიც
გარკვეული საფრთხის სანაცვლოდ. მედიკოსები აღიარებენ, რომ ადამიანის ტვინში ამგვარი
მიკროჩიპების ჩანერგვამ შეიძლება ტვინის შეშუპებაც კი გამოიწვიოს. თუმცა ეს მომავლის
მოვლენაა... ზედმეტმა ტექნოლოგიამ შეიძლება ადამიანი თავის პირვანდელ მდგომარეობაში,
ადამის და ევას ეპოქაშიც კი დააბრუნოს...

ახლა კი უნდა ვიფიქროთ უშუალოდ დღევანდელობაზე. საქართველოს შესაძლებლობები –


შეასრულოს სატრანზიტო ქვეყნის როლი, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას
მუდმივად იზიდავს. მისი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური პოზიცია საერთაშორისო
ინტერესის საგანს წარმოადგენს. საქართველოს გლობალიზაციის პროცესში მონაწილეობისთვის
ქვეყნის სატრანზიტო როლი, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია. ტვირთების, ინვესტიციების და
საინფორმაციო ნაკადების ზრდასთან ერთად, შესაბამისად, გაიზრდება საქართველოს მსოფლიო
ეკონომიკასთან ინტეგრაციის ხარისხი.

ისეთი მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, საერთაშორისო ფუნქციის


მოპოვება სახელმწიფოს მშენებლობის რთულ პროცესში აუცილებელია, არა მხოლოდ
ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც.  სატრანსპორტო კორიდორის
სრულფასოვანი ფუნქციონირება საჭიროებს სხვა დარგების განვითარებასაც –
ტელეკომუნიკაციები, ენერგეტიკა, სასტუმროები, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო
წარმოება და მომსახურების დარგები .
[2]

საქართველოს ბაზრის მოცულობა ძალიან მცირეა და მოთხოვნა ძირითადად კმაყოფილდება


იმპორტის ხარჯზე. ამდენად, ბაზრის ზომაზე ორიენტირებული ინვესტორებისათვის
საქართველოს მიმზიდველობის ხარისხი არც ისე მაღალია. მიუხედავად ამისა, იზრდება
უცხოური კომპანიების დაინტერესება საქართველოთი, რადგან თავისი ადგილმდებარეობით
ქვეყანა არის ერთგვარი ხიდი, რომელიც აკავშირებს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს რეგიონებს.
ესენია ევროპა (მოსახლეობა 495 მილიონი), შავი ზღვის აუზის ქვეყნები (მოსახლეობა 243
მილიონი), თურქეთი (მოსახლეობა 73 მილიონი), კავკასიის რეგიონი (16 მილიონი). უცხოურ
კომპანიებს საქართველოში ინვესტირებით შეუძლიათ მოემსახურონ რეგიონის ბაზრებს და
განიმტკიცონ პოზიციები.

გლობალიზაციის და ინტეგრაციის შესაძლებლობების გამოყენებით ქვეყნები უფრო მეტად


ეკონომიკურ სარგებლიანობას ნახულობენ, ვიდრე აწყდებიან სირთულეებს. საქმე ისაა, რომ
ინტეგრაციის პროცესი თანაბარზომიერად არ მიმდინარეობს და ამ პროცესში ის ქვეყნები
აწყდებიან გართულებებს, რომლებიც ისევე სწრაფად ვერ ერთიანდებიან გლობალურ
ეკონომიკაში როგორც სხვები. ბოლო გამოკვლევების მიხედვით, ქვეყნებმა, რომლებმაც
მოახერხეს გლობალიზაციის პროცესში წარმატებულად ჩართვა, მიაღწიეს ეკონომიკურ ზრდას.
ამ ქვეყნებში სიღარიბის მაჩვენებელი მცირდება. ხოლო მაღალი ინფლაცია, უმუშევრობა,
სიღარიბე, ეკონომიკური სტაგნაცია დამახასიათებელია ისეთი ქვეყნებისათვის, რომლებიც
მსოფლიო ეკონომიკური ინტეგრაციისგან  მოწყვეტით  ვითარდებიან.

საქართველოს ინტეგრაციის მაღალ ხარისხზე მიუთითებს ახალი საუნივერსიტეტო პროექტი,


რომელიც იგეგმება ქალაქ ქუთაისში მიუნხენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ერთობლივი
სასწავლო პროგრამებით, რაც ამ ქალაქს გადააქცევს ევროპული სტანდარტის საუნივერსიტეტო
ჰაბად. ამ პროექტში ერთი მილიარდი ინვესტიცია განახორციელა ქართველმა ბიზნესმენმა და
მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა. ახალ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში უცხოელი პროფესორ-
მასწავლებლები ქართველებთან ერთად წაუკითხავენ ლექციებს სტუდენტებს. სტუდენტების
პირველი ნაკადის მიღება 2020 წლის შემოდგომიდან იგეგმება. 

You might also like