You are on page 1of 2

უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიების ეპოქა წიგნის განვითარების

პერსპექტივას გამორიცხავს.
საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ წიგნები ხელს უწყობს მსოფლმხედველობის
ჩამოყალიბებას, გვეხმარება ცხოვრების აზრის პოვნასა და სწორი გზის არჩევაში. სამწუხაროდ,
ხალხი აღარ კითხულობს ისე ხშირად, როგორც საუკუნის წინ, რადგან დღესდღეობით წიგნები
კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლეს.

არსებობს მოსაზრება რომ უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიების ეპოქა წიგნის


განვითარების პერსპექტივას გამორიცხავს. მე საზოგადოების იმ ნაწილს ვეკუთვნი, რომელიც
მოცემულ დებულებას ეთანხმება. რადგან მსოფლიოში ტექნოლოგია დღითიდღე ვითარდება და
ადამიანები მითუფრო დამოკიდებულნი ხდებიან მასზე.ის ჩვენი ცხოვრების შეუცვლელი
ნაწილი გახდა და რადიკალურად შეცვალა. აქამდე ადამიანები თუ თავისუფალ დროს წიგნის
კითხვას უთმობდნენ, ახლა ამ დროს ისინი სხვადასხვა ონლაინ აქტივობებში ხარჯავენ. 21-ე
საუკუნეში, ცხოვრება ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია. აღსანიშნავია, რომ კაცობრიობა
მილიონობით წელი არსებობდა და ვითარდებოდა კომპიუტერის გარეშე, მაგრამ თანამედროვე
ტექნოლოგიები ჩვენი საზოგადოების უდიდესი მიღწევაა. უახლოეს ტექნოლოგიებს ძალიან
ბევრი დადებითი თვისება გააჩნიათ, ისინი გვეხმარებიან ნებისმიერი საქმის უფრო სწრაფად
განხორციელებაში. სოციალური ქსელების მეშვეობით ვეკონტაქტებით მეგობრებს, ახლობლებს,
სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ნათესავებს, ვნახულობთ მათ ფოტოებს, ვგებულობთ მათი ცხოვრების
შესახებ, ვეცნობით ახალ ამბებს. მაგრამ, რაც არ უნდა ვისაუბროთ მათ დადებით მხარეებზე,
გვერდს ვერ ავუვლით იმ პრობლემებს, რომლებსაც მათი არსებობა და სიმრავლე იწვევს. დროის
ხარჯვა, ალბათ ერთერთია, რომლის აღდგენაც შეუძლებელია, ბევრი ადამიანი მხოლოდ
ვირტუალური სამყაროთი, ინტერნეტითა და სოციალური ქსელებით ცხოვრობს, ასეთი
ადამიანები მოწყვეტილნი არიან რეალურ სამყაროს და გაუცხოებულნი არიან
გარშემომყოფებისაგან.უნდა ვაღიაროთ, რომ ინტერნეტ სივრცეს თითოეული ჩვენგანის
ცხოვრებაში საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს, იგი ინფორმაციის გავრცელების უსწრაფესი
საშუალებაა. სოციალური ქსელებით კონტაქტის დამყარება ძალიან მარტივია, შესაძლებელია
რამოდენიმე ადამიანს ერთდროულად ვესაუბროთ. მაგრამ რა ემართება „ცოცხალ“
ურთიერთობებს?! რატომ ურჩევნია მასას ინტერნეტის მეშვეობით ისაუბროს უფრო მეტი და
უფრო გახსნილი იყოს, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში?! პასუხი ნათელია, სწორედ ვირტუალუბა
ანიჭებს ადამიანებს მეტი თავისუფლების შეგრძნებას და ისინი სოც. მედიაში ახალ თვისებებს
ავლენენ, ან უბრალოდ ისეთ რამეზე საუბრობენ, რაზეც რეალურ ცხოვრებაში საუბარი
გაუჭირდებოდათ. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი რომ უახლესმა კომპიუტერულმა
ტექნოლოგიებმა დაჩრდილა წიგნი, რომელიც ცოდნის გავრცელების, განათლებისა და
აღზრდის იარაღია. რეალურად დღევანდელ სამყაროში ხალხი უპირატესობას კომპიუტერს
ანიჭებს, ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ვინც თავისუფალ დროს წიგნის კითხვას უთმობს.
ბევრჯერ გამიგონია ასეთი სიტყვები: წიგნში მოსაძიებელ მასალას კომპიუტერში უფრო
ადვილად ვიძიებ, უფრო ვხალისდები კომპიუტერით სარგებლობის დროს და ა.შ.
კომპიუტერით გართობა შეგვიძლია, მაგრამ წიგნი რა ცოდნასაც გვაძლევს ამას კომპიუტერი ვერ
მოგვცემს. ვთვლი რომ სამყარო წიგნების გარეშე შეწყვეტს არსებობას და ამას მოწმობს რეი
ბრედბერის ნაშრომი „451 გრადუსი ფარენჰეიტი“. წიგნიდან მიღებული ცოდნა არასოდეს
გვავიწყდება. წიგნი აუცილებელია, რადგან ავითარებს ლოგიკურ აზროვნებას, აფართოებს და
ზრდის ადამიანის შეხედულებებს, ლექსიკურ მარაგს ამდიდრებს. წიგნით მიღებული ცოდნა
მთელი ცხოვრება გაჰყვეა ადამიანს. პრობლემა ისაა, რომ 21-ე საუკუნეში კომპიუტერს
ყოველდღიურობაში ვიყენებთ წიგნს კი არა.

ვთვლი, რომ აღნიშნული პრობლემა ვერ აღმოიფხვრება, რადგან დღესდღეობით


ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია; მაგრამ იმისათვის რომ უახლესმა
ტექნოლოგიებმა წიგნი ბოლომდე არ დაჩრდილოს, უპრიანი იქნება მშობლებმა მოზარდებს
სიყრმიდანვე ასწავლონ წიგნის სიყვარული. ბავშვებმა თავისუფალი დრო წიგნის კითხვასაც
დაუთმონ და მარტო კომპიუტერზე არ იყვნენ მიჯაჭვულნი, ყოველივე ეს მათი განათლების
დონეზეც იმოქმედებს.

ჩემი აზრით, კომპიუტერი მოსახერხებელია, რადგან უფრო ვრცლად შეგიძლია ყველაფრის


ნახვა, მაგრამ ჩემთვის კომპიუტერი წიგნს ვერასდროს შეცვლის. სამწუხაროდ უახლესი
კომპიუტერული ტექნოლოგიების ეპოქა, წიგნის განვითარების პერსპეტივას გამორიცხავს.

You might also like