You are on page 1of 8

1

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა

საგანი: მსოფლიო პოლიტიკა

ლექტორი: კორნელი კაკაჩია

არგუმენტირებული ესე

გლობალიზაციის პირობებში სახელმწიფოების ეკონომიკური


ურთიერთდამოკიდებულება არ გამორიცხავს მათ შორის დაპირისპირებას

თამარ ძიძიგური

თბილისი, 2022

1
2

,,ჩვენ ურთიერთდამოკიდებულების ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს ბუნდოვანი წინადადება


გამოხატავს არასაკმარისად გაცნობიერებულ, მაგრამ ფართოდ გავრცელებულ
შეგრძნებას, რომ მსოფლიო პოლიტიკის არსი იცვლება.“ - ვკითხულობთ რობერტ
კიოჰეინისა და ჯოზეფ ნაის წიგნში ,,ძალაუფლება და ურთიერთდამოკიდებულება“.
(კიოჰეინი & ნაი, 1989, გვ. 3) მართლაც, თუ თანამედროვე დროებას დავაკვირდებით,
განსაკუთრებით კი პერიოდს II მსოფლიო ომის შემდეგ, დავინახავთ, რომ
სახელმწიფოები აღარ არიან ისეთები, როგორებიც ადრე, საუკუნეების წინ იყვნენ - ისინი
ახლა გლობალიზაციის გავლენით იმდენად კომპლექსურად არიან ერთმანეთზე
დამოკიდებულნი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ ეკოლოგიური
თვალსაზრისით, რომ რთულია ეს ყოველივე ვინმეს შეუმჩნეველი დარჩეს. ასეთ
ვითარებაში საუბარი იმის შესახებ, რომ ეკონომოკური ურთიერთდამოკიდებულება არ
გამორიცხავს სახელმწიფოთა შორის დაპირისპირებებსა და კონფლიქტებს საკმაოდ
საკამათოსთან ერთად მნიშვნელოვან საკითხსაც წარმოადგენს. თუმცა სანამ უშუალოდ ამ
საკითხთან დაკავშირებული არგუმენტების, კონტრარგუმენტებისა თუ მაგალითების
დასახელებაზე გადავიდოდე, მოკლედ განვიხილავ თავად კომპლექსური
ურთიერთდამოკიდებულების თეორიას და აღვნიშნავ თუ რას გულისხმობს ეს
უკანასკნელი.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს თეორია წარმოადგენს საერთაშორისო
ურთიერთობებში დამკვიდრებული პლურალისტური ხედვის ერთ-ერთ მთავარ
გამოხატულებას და მოიაზრებს სახელმწიფოებს შორის არა მხოლოდ ეკონომიკურ,
არამედ ეკოლოგიურ, პოლიტიკურ, სოციალურ, ტექნოლოგიურ თუ სხვა სახის
ურთიერთდამოკიდებულებების არსებობას. (რონდელი, 2006) უნდა ითქვას ისიც, რომ
დამოკიდებულებასა და დამოუკიდებლობას შორის მყოფი ურთიერთდამოკიდებულება
წარმოადგენს ისეთ შუალედურ პოზიციას, რომლისკენაც სახელმწიფოები სხვადასხვა
გარემოებებისა თუ შეხედულებების მიხედვით იხრებიან და იშვიათია ისეთი სისტემის
პოვნა, რომელსაც უკიდურესად ერთი კონკრეტული პოზიცია აქვს არჩეული. ამასთან
ერთად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ თეორიის წარმომადგენლები ცდილობენ
დაამტკიცონ, რომ გლობალიზაციის მსგავსი მასშტაბურობის ფონზე არ შეიძლება
სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის წარმართვის მთავარი იარაღი სამხედრო ძალა და
ომი იყოს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ პროცესის გავლენით ქვეყნის სუვერენულობა
და ავტონომია თანდათან იზღუდება. სწორედ ეკონომიკური
ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც თავის მხრივ ,,ეროვნული ეკონომიკების
მსოფლიო ეკონომიკაში გაერთიანებას გულისხმობს და ამტკიცებს, რომ დღესდღეობით
სახელმწიფოები ნაკლებად არიან დამოუკიდებელი ეკონომიკური
თვალსაზრისით“(კაკაჩია, 2013, გვ. 72), წარმოადგენს ამ ესე-ს მთავარ განსახილველ
საკითხს.

2
3

დაზუსტებული პასუხი კითხვაზე - ნამდვილად მცირდება თუ არა დაპირისპირების


ხარისხი თუ სიხშირე ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების
ფონზე - არათუ არ არსებობს, არამედ ხშირად წარმოადგენს დებატების საგანს
საერთაშორისო ურთიერთობებში არსებულ ისეთ ორ მნიშვნელოვან თეორიულ სკოლას
შორის, როგორებიც რეალიზმი და ლიბერალიზმი გახლავთ. ალბათ რთული მისახვედრი
არ უნდა იყოს, რომ რეალიზმის წარმომადგენელთა შეხედულებები ამ საკითხთან
მიმართებით ისევე, როგორც ბევრ სხვასთან დაკავშირებით, საკმაოდ რადიკალურია და
ისინი პირდაპირ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, აცხადებენ, რომ შეუძლებელია
ეკონომიკურმა ურთიერთდამოკიდებულებამ შეამციროს კონფლიქტების რისკი.
პირიქით, მათი შეხედულებით ეს პროცესი კიდევ უფრო ზრდის და აღრმავებს
პოტენციური დაპირისპირების შანსებს, რამეთუ მსოფლიოში არსებული ანარქიული
სისტემის ფარგლებში თითოეული სახელმწიფო ვალდებულია და, შესაბამისად
ცდილობს კიდეც, დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები და იზრუნოს თავის
უსაფრთხოებაზე. ამასთან ერთად, რეალისტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან არგუმენტს
წარმოადგენს შემდეგი: სახელმწიფოები, რომლებიც უფრო მეტად არიან
დამოკიდებულნი სხვა სახელმწიფოებზე, დიდი ალბათობით თავადვე იქნებიან
სამომავლო დაპირისპირებისა და ომის ინიციატორები, რადგან მათ ექნებათ შიში
ეკონომიკური სიმდიდრისა თუ რესურსების დაკარგვისა. სწორედ ამ მიზეზით,
რეალისტები ამტკიცებენ, რომ ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება ვერ შეძლებს
მშვიდობის უზრუნველყოფას და საბოლოოდ ყველაფერი ისევ და ისევ ეროვნული
ინტერესების ძალისმიერი მეთოდებით დაცვამდე მივა. ამ კუთხით შეიძლება მათი
არგუმენტი არც თუ ისე არალეგიტიმურად ჩაითვალოს, რადგან თუნდაც მიმდინარე
პროცესები მსოფლიოში, კერძოდ კი რუსეთ-უკრაინის ომი ცხადჰყოფს, რომ ამ ორ
ქვეყანას შორის არსებულმა ეკონომიკურმა დამოკიდებულებებმა თუ სხვადასხვა სახის
სავაჭრო ურთიერთობებმა ვერ შეძლო უზრუნველეყო ომის არათუ არ წამოწყება, არამედ
მისი დროული შეწყვეტაც კი და მიუხედავად კრიზისული ეკონომიკური
მდგომარეობისა მსოფლიოში, ეს კონფლიქტი დღემდე გრძელდება.
სრულიად საპირისპირო და განსხვავებული ხედვები აქვთ ამ საკითხთან
დაკავშირებით ზემოთ ნახსენები ლიბერალური სკოლის წარმომადგენლებს, რომლებიც
აცხადებენ, რომ გლობალიზაციის პირობებში ,,სახელმწიფოებისთვის ეკონომიკური თუ
სხვა სახის თანამშრომლობა იმდენად ჩვეულებრივი და აუცილებელი გახდება, რომ ომის
წარმომშობი პირობებიც კი ძალზე შეიზღუდება.“(რონდელი, 2006, გვ. 180) მართლაც, თუ
კარგად დავფიქრდებით და მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს დავაკვირდებით
ნათელი გახდება, რომ კომპლექსურმა ურთიერთდამოკიდებულებამ, რომელიც ყველაზე
ხშირად ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებით არის გამოხატული, სრულიად
შეცვალა თანამედროვეობა და ქვეყნებს შორის არსებული საზღვრები მით უფრო

3
4

გამჭვირვალე გახადა. ამასთან, აღნიშნულს, რომ კოლექტიური ძალისხმევაც საკმაოდ


ფართოდ სჭირდება დასტურდება თუნდაც XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაწყებული
,,დიდი შვიდეულის“ რეგულარული შეხვედრებითაც მაღალ დონეზე. (რონდელი, 2006)
როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, ლიბერალები რეალისტებისგან განსხვავებით თვლიან,
რომ ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება სახელმწიფოებს შორის წარმოადგენს იმ
მთავარ პოლიტიკურ ბერკეტს, რომელიც ამცირებს დაპირისპირების რისკს და
მსოფლიოს ბევრად უფრო მშვიდობიან ადგილად აქცევს. მათ მიერ დასახელებული
არგუმენტებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ სახელმწიფოები,
რომლებიც პარტნიორულ სავაჭრო შეთანხმებებს დებენ და, შესაბამისად,
დამოკიდებულნი ხდებიან ერთიმეორეზე, არცერთ შემთხვევაში არ ეცდებიან ამ
შეთანხმებების დარღვევასა და ურთიერთობის კონფლიქტურ განზომილებაში
გადაყვანას, რადგან ომი თანამედროვეობაში ისტორიულ წარსულთან შედარებით ჯდება
ბევრად უფრო ძვირი და მისი ინიციატორი, ფაქტობრივად, ეკონომიკური
კრიზისისთვისაა განწირული - რომ არაფერი ვთქვათ დიდი რაოდენობით ადამიანური
თუ სხვა სახის რესურსების დაკარგვაზე. ამასთან ერთად, ლიბერალების თქმით ის, ვინც
უპირისპირდება თავის ეკონომიკურ პარტნიორს ავტომატურად უპირისპირდება
საკუთარ თავს, რადგან რეალურად ამ დაპირისპირებას არაფერი მოაქვს იმის გარდა, რომ
ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ ამ
თეორიული სკოლის შეხედულებებმა თავისი ჭეშმარიტება დაამტკიცა 1920-1940-იან
წლებში და შეძლო რეალიზმთან გამუდმებით არსებულ დავაში გამარჯვება, რადგან ამ
პერიოდის მსოფლიო ეკონომიკურად მნიშვნელოვნად ურთიერთდამოკიდებულთან
ერთად, არსებითად მშვიდობიანი ადგილიც გახლდათ, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან
მალე, მას შემდეგ, რაც პროტექციონიზმის პოლიტიკამ გაიდგა ფესვები, ცხადი გახდა,
რომ აზრი მშვიდობიან სამყაროზე მალე წარულში დარჩებოდა. (Copeland, 1996)
აღნიშნული დადასტურდა კიდეც, როდესაც სახელმწიფოთა უმრავლესობა II მსოფლიო
ომში აღმოჩნდა ჩართული და ეკონომიკურმა ურთიერთდამოკიდებულებამ ვერ შეძლო
უსაფრთხო, კონფლიქტების არმქონე მსოფლიოს შენარჩუნება.
მნიშვნელოვანია გავიხსენოთ აგრეთვე დეილ კოუპლენდის წიგნი ,,ეკონომიკური
ურთიერდამოკიდებულება და ომი: სავაჭრო გამონაკლისების თეორია“, რომელშიც
ავტორი გარდა იმისა, რომ განიხილავს ლიბერალებისა და რეალისტების
თვალსაზრისებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე საუბრობს თავისი შეხედულებების
შესახებ და ამტკიცებს, რომ ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების პირობებში ის
თუ როგორი განწყობა აქვს სახელმწიფოებს სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით
განაპირობებს იმას ჩამოყალიბდება თუ არა პოტენციური კონფლიქტი მათ შორის.
ავტორის თქმით, თუ პარტნიორ ქვეყნებს აქვთ იმედისმომცემი და პოზიტიური
დამოკიდებულება მათი სამომავლო ურთიერთობების, ინვესტიციებისა და ახალი

4
5

ეკონომიკური შეთანხმებებისა თუ სტრატეგიების შესახებ, ისინი დაპირისპირებას


მოერიდებიან და მშვიდობიან თანაცხოვრებას გააგრძელებენ. მიუხედევად ამისა
არსებობს მეორე შესაძლებელი ვარიანტიც, კერძოდ, როდესაც ქვეყნები თვლიან, რომ
ურთიერთობას პარტნიორ ქვეყანასთან აღარ აქვს აზრი და ის არათუ სარგებელს მოუტანს
მას, არამედ, პირიქით შესაძლოა დააკარგვინოს კიდეც მთელი რიგი ვიტალური
რესურსები და სწორედ ამიტომ, ამ რესურსების, პირველ რიგში კი ბაზარზე პოზიციების
შესანარჩუნებლად, დიდია ალბათობა, რომ ურთიერთობა კონფლიქტურ დონეზე
გადავიდეს. (Copeland, 1996)
სახელმწიფოები უძველესი დროიდან ებრძოდნენ ერთმანეთს და ყველასათვის
კარგადაა ნაცნობი ფაქტი, რომ ამ ბრძოლის მთავარ მიზეზს არა მარტო ტერიტორიული
და ადამიანური, არამედ ბუნებრივი რესურსებიც წარმოადგენდა, ეს უკანასკნელი კი
პირდაპირ კავშირში გახლდათ ეკონომიკასთან. თუ ისტორიას გადავხედავათ
შევამჩნევთ, რომ ზღვაზე გასასვლელისთვის გამართული უამრავი ომის მთავარი
განმაპირობებელი ფაქტორი, სწორედ მასზე მონოპოლიის ფლობა და შესაბამისად
თავისუფლად ვაჭრობის შესაძლებლობა იყო. საქართველოც ამიტომ გახლდათ
მიმზიდველი ადგილი ჩვენი ახლო თუ შორეული ,,მეზობლებისთვის“ და უცხო
ტომელებისთვის საუკუნეების განმავლობაში. ფაქტია, ეკონომიკური
ურთიერთდამოკიდებულების პირობებში დიდად არაფერი შეცვლილა, მართალია,
კონფლიქტების რიცხვმა შედარებით იკლო და დიდი სახელმწიფოები ეკონომიკური
სანქციების შიშით ასე თუ ისე ერიდებიან დაპირისპირებების გაღვივებას, მაგრამ მაინც ეს
ტენდენცია არ ამართლებს ისეთ აგრესორებთან მიმართებით, როგორიც მაგალითად
რუსეთი გახლავთ. ამასთან, ძალიან საინტერესოა ჩინეთისა და ტაივანის ურთიერთობაც,
რომელიც თანდათანობით იძაბება და რუსეთ-უკრაინის ფონზე კიდევ უფრო საშიშად
გამოიყურება. შესაბამისად, შეიძლება ვთქვათ, რომ ,,ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ
უამრავი ისტორიული მოვლენა - ეს იქნება ომები, ზავები, შეთქმულებები, კოალიციების
წარმოშობა თუ სხვა და მათი კარგად შესწავლის შემდეგ დავინახავთ, რომ ნებისმიერი
მათგანის უკან იყო ეკონომიკური დაინტერესება ან, პირიქით, გარკვეული ეკონომიკური
მოვლენები პოლიტიკური ქმედებების გამოხმაურება იყო ან კონკრეტული პოლიტიკური
მიზნის მიღწევას ემსახურებოდა.“ (ჟვანია, 2006, გვ. 4)
აღსანიშნავია ისიც, რომ კოვიდ პანდემიისა და მიმდინარე ომის გამო უკრაინაში,
ზოგიერთი ექსპერტი გლობალიზაციის ერის დასრულებაზეც მიანიშნებს და აცხადებს,
რომ ისედაც დიფერენცირებული ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება რუსეთის
ქმედებებმა კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩააგდო, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ
ჩინეთი აქტიურობს და ამან შესაძლოა მასსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის
კონფლიქტები გააღვივოს. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად
ამერიკა და ჩინეთი მაინც მძლავრ ეკონომიკურ პარტნიორებად ითვლებიან და იმის

5
6

რისკი, რომ მათ შორის რაიმე სახის დაპირისპირება დაიწყოს ძალიან მცირეა. (Bremmer,
2022) ამ შეხედულების დასამტკიცებლად დასახელებული მიზეზები ამ შემთხვევაში,
ფაქტობრივად, ემთხვევა ლიბერალების მიერ ზემოთ დასახელებულ არგუმენტებს,
კერძოდ, ექსპერტები თვლიან, რომ დაპირისპირება ამ ორ სახელმწიფოს განსაკუთრებით
ძვირი დაუჯდება მათი განვითარების დონისა და ხარისხის გათვალისწინებით
სამხედრო თუ ტექნოლოგიურ სფეროებში და, შესაბამისად, მათგან ეს არცერთს არ
აწყობს. პლუს ამას მეორე არგუმენტი გახლავთ ის, რომ ორივე სახელმწიფოს ურჩევნია
ეკონომიკურად მომგებიანი ურთიერთობის გაგრძელება, რადგან, ერთი მხარე, რომელიც
ყიდვითაა დაინტერესებული და მეორე, რომლის ინტერესსაც გაყიდვა წარმოადგენს,
თანაბრად წარმოადგენს ერთიმეორეზე დამოკიდებულ ორ სუბიექტს, რომლებსაც
,,საერთო“ საჭიროებები აქვთ.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ როგორც ზემოთ ჩანს ეკონომიკური
ურთიერთდამოკიდებულების და მისი შედეგების შესახებ საკმაოდ ბევრი შეხედულება
არსებობს, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანსა და მოწინავეს მაინც ლიბერალური
და რეალისტური თეორიული სკოლების შეხედულებები წარმოადგენს. თანამედროვე
მსოფლიო, რომელიც თავისი მრავალგანზომილებიანობით ხასიათდება შეიძლება
ითქვას, რომ არის ურთიერთდამოკიდებულებების ადგილი და, მართალია, ეს
უკანასკნელი, განსაკუთრებით კი ეკონომიკური, რიგ მოვლენათა მიხედვით ვერ
ახერხებენ დაპირისპირებების შემცირებასა თუ შეკავებას, მაინც მნიშვნელოვან როლს
ასრულებენ შედარებით მშვიდობიანი გლობალური სამყაროს ჩამოყალიბებასა და
არსებობაში. ამასთან, როგორც ცნობილი თეორიტიკოსი და ამერიკის შეერთებული
შტატების ყოფილი მდივანი ჰენრი კისინჯერი 1975 წელს აცხადებდა ,,მსოფლიო
ურთიერთდამოკიდებული გახდა ეკონომიკურად, კავშირურთიერთობებითა და
ადამიანების მისწრაფებებით.“ (რონდელი, 2006, გვ. 177) ამ განცხადებით კიდევ ერთხელ
დასტურდება, რომ საერთაშორისო ურთიერთობები და მსოფლიო პოლიტიკა
ვეღარასდროს ვერ იქნება ისეთივე, როგორიც იყო გასულ საუკუნეებში, განსაკუთრებით
კი ორ მსოფლიო ომამდე პერიოდში, რადგან დღეს, როდესაც წამის მეასედებში
ვრცელდება ინფორმაცია დედამიწის ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ნაწილებშიც კი,
როდესაც ბევრად მარტივად ხერხდება ადამიანების გადაადგილება სხვადასხვა
ქვეყნებში და, ფაქტობრივად, იშლება სუვერენული საზღვრები, ეკონომიკური
ურთიერთდამოკიდებულება არის ის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომლის გარეშეც
არსებობა შეუძლებელია. როგორც ზემოთ დასახელებულ არგუმენტებსა თუ
კონტრარგუმენტებში გამოჩნდა, ურთიერთდამოკიდებულების ამ ტიპს სხვადასხვა
თეორიები სხვადასხვა ასპექტით განიხილავენ, თუმცაღა ფაქტი, რომ მის არსებობას
ორივე თეორიული სკოლის წარმომადგენლები აღიარებენ, თავისთავად ძალიან
მნიშვნელოვანია. საბოლოოდ კი უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ლიბერალების

6
7

მტკიცებისა, რომ გლობალიზაციის პირობებში ჩამოყალიბებული და მასშტაბურად


გავრცელებული ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება უზრუნველყოფს
დაპირისპირებების მინიმუმადე დაყვანას, ეს არ შეესაბამება სრულიად სიმართლეს. ეს
რომ ნამდვილად გადაჭარბებული შეფასებაა დასტურდება თუნდაც ზემოთ
დასახელებული მაგალითებით, განსაკუთრებით კი მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომით.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რეალისტების
დამოკიდებულება და მტკიცება, რომ ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება სულაც
არ წარმოადგენს მშვიდობის გარანტიას, ბევრად უფრო რელევანტური და პრაგმატულია.

7
8

გამოყენებული ლიტერატურა

კაკაჩია, კ. (2013) (საერთაშორისო პოლიტიკა ვესტფალიიდან ბიპოლარული სისტემის


დასასრულამდე: სალექციო კურსი) თბილისი: უნივერსალი

ჟვანია, ნ. (2006). (საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია) თბილისი: სოციალურ


მეცნიერებათა ცენტრი, (CSS)

რონდელი, ა. (2006) (საერთაშორისო ურთიერთობები) თბილისი: ნეკერი

Barbieri, K. (1996) (Economic Interdependence: A Path to Peace or a Source of Interstate


Conflict?) Sage Publications, Ltd (from
https://www.jstor.org/stable/425132#metadata_info_tab_contents)

Bremmer, I. (2022) (Globalization Is Not Dead: The World Is More Fragmented, But
Interdependence Still Rules) (from https://archive.ph/RCK68)

Copeland, C.D. (1996) (Economic Interdependence and War: A Theory of Trade Expectations)
The MIT Press (from https://www.jstor.org/stable/2539041#metadata_info_tab_contents)

Keohane, R.O., Nye, J.S. (1989) (Power and Interdependence) Scott, Foresman and Company,
Glenview

You might also like