Professional Documents
Culture Documents
12. ქაქუცა ჩოლოყაშვილი პანკისში
12. ქაქუცა ჩოლოყაშვილი პანკისში
ხვთისო მამისიმედიშვილი
სამწუხაროდ, სულ მალე დათიკო ავად გახდა. საშინელი სიცხე ჰქონდა. როგორც იყო,
მოახერხეს და პანკისიდან ფერშალი ამოიყვანეს, რომლისგანაც გაიგეს, რომ მას მუცლის
ტიფი სჭირდა. ამ ამბავმა „შეფიცულები“ ძლიერ შეაშფოთა. რანაირად უნდა მოევლოთ
ტყეში ავადმყოფისათვის, როდესაც მუხლებამდე თოვლი იდო და სიცივე ძვალ-რბილში
ატანდა?
კლდის ძირში ერთი მაგარი, ვაკე ადგილი გამოძებნეს და ავადმყოფს იქ გაუშალეს ლოგინი,
მაღლიდან კარვის პატარა ჩარდახი წამოახურეს და წინაც კარგი ცეცხლი დაუნთეს. საკვებს
დათიკოს ძმა, ღანიშა, უზიდავდათ. ალექსანდრე სულხანიშვილი ავადმყოფს წითელ
ლობიოს უხარშავდა, მერე მას მარილში წურავდა და ამ წვენს ასმევდა. საბედნიეროდ,
სიცხემ ნელ-ნელა დაუკლო და ავადმყოფი გამოკეთდა. 21 დეკემბერს ქაქუცასგან
გაგზავნილი კაცი მიუვიდათ. მას ალექსანდრე სულხანიშვილი, დათიკო ფარეულიძე და
შალიკო კანდელაკი შეფიცულების ბინაზე უნდა მიეყვანა. დათიკო ცხენზე შესვეს,
დანარჩენები წინ და უკან მიჰყვებოდნენ. ძალიან სახიფათო იყო ამ გზაზე სიარული,
რადგან შეიძლება მილიციას წასწყომოდნენ, მაგრამ შეფიცულები ამისთვისაც მზად იყვნენ.
ისინი მშვიდობით მივიდნენ ქაქუცას რაზმთან. მათ მატნის თავზე, მთაწმინდის ტყეებში
დაედოთ ბინა (4.59).
ჰაასეის გადმოცემით, ერთ ღამეს შეფიცულები სოფელ ომალოს თავზე, ნაქერალის ტყეში,
დაბანაკებულან. მგელი მისტანებიათ. შეფიცულებს იარაღი მოუმარჯვიათ სასროლად,
მაგრამ ქაქუცას დაუშლია: - ცოდოა, ეგეც ჩვენსავით არის, მარტო კომუნისტები გაძარცვეთ
და დახოცეთო (3. 3).
ქაქუცას საფრანგეთში წასვლის შემდეგ ჰაასეის მასზე აღარაფერი სმენია, თუმცა ჰაასეი
იგონებს: „ერთხელ ლოგინში ვიწექი და ჩოლოყაშვილის ხმა შემომესმა, ის ამბობდა:
გამოვიღვიძე და თურმე სიზმარი ყოფილა... ეეჰ, ვაიმე, ტიალო დროო, მიდის და მიდის“ (3.
3).