You are on page 1of 4

მარიამ ციხელაშვილი

უილიამ გოლდინგი- ბუზთა ბატონი

,,ბუზთა ბატონი“ უილიამ გოლდინგის, პოსტმოდერნისტული ლიტერატაურის ერთ-


ერთი ღირსეული წარმომადგენლის, ნაწარმოებია. შინაარსის მხრივ, იგი შეგვიძლია
მივიჩნიოთ სათავგადასავლო წიგნად, სადაც აღწერილია ამბავი თვითმფრინავის
კატასტროფის შედეგად კუნძულზე ჩამოცვენილი პატარა ბიჭების შესახებ. მათი
ჯგუფი ორ ნაწილად არის გაყოფილი. პირველი- რალფის მეთაურობით, რომელიც
წესრიგისა და კანონის დაცვისკენ მოუწოდებს და მეორე- ჯეკ მერიდიუს ,,რაზმი“,
რომელიც ღორებზე ნადირობს და თავდაპირველად ბიჭებისთვის მთავარი კვების
წყაროა. მათთან ერთად არ არის არცერთი გოგონა, რაც როგორც სხვა ბევრი რამ,
სიმბოლურია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ბავშვები კუნძულზე დარჩებიან, ამ
საზოგადოებას განვითარება არ უწერია.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, რომანი დატვირთულია უამრავი სიმბოლოთი.


თავდაპირველად, როდესაც ღუტა და რალფი ერთმანეთს შეხვდებიან და ასე თუ ისე
ერთმანეთთან კომუნიკაციას დაამყარებენ, რალფი გვიმრებში კრემისფერ ნივთს
აღმოაჩენს. იგი ნიჟარაა, რომლის გამოყენებაც მან არ იცის, თუმცა შემდეგ ღუტა
ასწავლის. ნიჟარის საშუალებით, მათ შესაძლებლობა ექნებათ დანარჩენ ბავშვებამდე
მიაწვდინონ ხმა, იგი ერთგვარად საყვირის ფუნქციას ასრულებს. მთლიანი ტექსტის
განმავლობაში ნიჟარას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით
იკრიბებიან, მსჯელობენ და იღებენ გადაწყვეტილებებს. ჩემი აზრით, იგი
დემოკრატიისა და ძალაუფლების სიმბოლოა იმდენად, რამდენადაც ვისაც ის
უჭირავს, საუბრის უფლებაც მას აქვს, მითუმეტეს, როცა სხვა ბავშვებიც
გამოჩნდებიან და წესრიგის დამყარებაა საჭირო. თითოეული მათგანი იღვწის მის
მოსაპოვებლად, რადგან ვისიცაა ნიჟარა, მისია სიტყვაც. ნიჟარის დაპატრონება
ნიშნავს ძალაუფლების მოპოვებას და როგორც ნებისმიერ საზოგადოებაში, ამ
კუნძულზეც ძალაუფლება მთავარი ვნებაა. განსაკუთრებით კონკურენეტებად
გვევლინებიან რალფი და ჯეკი. როდესაც ბელადის ასარჩევად კენჭისყრას
გადაწყვეტენ, უმეტესობა სწორედ მას მისცემს ხმას, ვისაც ნიჟარა ექნება. ,,ჯეკი
აშკარად ლიდერი ჩანდა, მაგრამ რალფმა სიმშვიდით მოიგო ბიჭების გული...
ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლდათ, რომ ნიჟარა რალფს ჰქონდა“.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო, ეს არის-მთაზე ანთებული ცეცხლი.


კუნძულზე მარტოდ დარჩენილი ბავშვები გადაწყვეტენ მთის წვერზე ცეცხლის
დანთებას, რადგან მარტივად შესამჩნევი იყოს სხვისთვის. მათთვის ცეცხლი ის
პატარა იმედის ნაპერკალია, რისი საშუალებითაც თავი უნდა დააღწიონ კუნძულს.
,,გემი რომ კუნძულს მოუახლოვდება, შეიძლება ვერ შეგვნიშნონ, ამიტომ მთის
წვერიდან კვამლი უნდა ადიოდეს. ცეცხლი უნდა დავანთოთ“.- ამბობს რალფი ერთ-
ერთი თავყრილობისას. ცეცხლი მომავლის სიმბოლოა. ზოგიერთი კრიტიკოსის
თანახმად, ცეცხლს რელიგიური სიმბოლოც აქვს, რომელიც ასევე სულიერი
გადარჩენისა და სატანაზე გამარჯვების საშუალება უნდა იყოს.

ამის შემდეგ, როდესაც ცეცხლიც დაანთეს და მიხვდნენ, რომ მათი მთავარი


საფიქრალი ახლა თავიანთ სახლებში დაბრუნება უნდა იყოს, ბიჭებმა კუნძული
აითვისეს, დაიწყეს საკვების მოძიება, დაკავდნენ სხვადასხვა აქტივობებით. ერთ
დღესაც, როდესაც სანაპიროზე იყვნენ გასულნი, ჯეკმა სახის შეღებვა გადაწყვიტა.
ერთი ლოყა და ქუთუთო გაითეთრა და მეორე მხარეს წითელი წაისვა, ნახშირით
გარდიგარდმო გაივლო შავი ხაზი მარჯვენა ყურიდან მარცხენა ყვრიმალისკენ. მალე
ბიჭები მონადირის ნიღბის ქვეშ ამოეფარებიან. „ნიღაბი უკვე თავისთავად
არსებობდა და ამ არსებას ამოფარებული ჯეკი სირცხვილისგან
განთავისუფლებულიყო.“    ბავშვები ქვეცნობიერად აღიარებენ ნიღბიანი სხეულის
უპირატესობას, ნიღაბს შეპასუხებას ვეღარ უბედავენ... აქ ირღვევა როლების
თავდაპირველი წყობა, კუნძულზე ახალი, ბევრად ძლიერი ,,ნიღბიანი“ პერსონაჟები
ჩნდებიან. თუ აქამდე ლიდერის ფუნქციას რალფი ასრულებდა, ახლა მას
სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა ჯეკის სახით და სწორედ ამ დაპირისპირების
მაჩვენებელია შენიღბული ბავშვები. ასევე, როდესაც ჯეკი იწყებს სახის შენიღბვას, ეს
უფრო მეტად უსვამს ხაზს მის სიველურეს და ცივილიზაციისგან მოწყვეტას. სახის
შეღებვის შემდეგ იგი იმ კუნძულის ნაწილი ხდება, სადაც ცხოვრება უწევს. იგი
ნადირობს და თანდათან შორდება იმ ინგლისელ ბიჭს, რომელიც კუნძულზე
მოხვედრამდე იყო.
რაც შეეხება გრძელ თმას, აღსანიშნავია რომ კუნძულზე, ბავშვების უმეტესობას
გრძელი თმა აქვს და დროთა განმავლობაში უფრო მეტად ეზრდებათ, გარდა ერთი
ბიჭისა. ესაა- ღუტა. ღუტა, ტექსტის დასაწყისშივე ჩანს, რომ ყველასგან
გამორჩეულია. იგი სვამს კითხვებს, იცნობს როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებსაც.
იგი სხვებთან შედარებით უკეთესად აზროვნებს და გარეგნობითაც განსხვავებულია.
მას ყველა დასცინის, აბუჩად იგდებს და სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ავტორმა ამ
პატარა ნიუანსით ხაზი გაუსვა მის განსხავავებულობას. ,,იმას, რომ იგი არ ჰგავდა
მათ და ჰქონდა ის რაღაც განსაკუთრებული, რაც საჭირო იყო მათი გადარჩენისთვის.
ასევე, ვფირობ, რომ გრძელი თმა- ეს არის სიმბოლო ბიჭების მზარდი ველურობისა.
მოკლე და მოწესრიგებული თმა ცივილიზაციის ერთ-ერთი უპირატესობაა, მათი
გრძელი თმა კი მაუწყებელია იმისა, რომ ბიჭები საკმაოდ დიდი ხანია რაც
კუნძულზე იმყოფებიან და მოწყვეტილნი არიან ყოველგვარ ცივილურობას. ასევე,
შეგვიძლია ისიც ვიფიქროთ, რომ თმის გამუდმებით ზრდა მაჩვენებელია იმისა, რომ
ეს ყველაფერი, მათი ყოველდღიურობა შესაძლოა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს,
კიდევ უფრო გახანგრძლივდეს მათი დაპირისპირება, სისასტიკე და სწორედ ამიტომ,
გაზრდილ თმას ტექსტში პესიმისტური განწყობა შემოაქვს.

რაც შეეხება რომანის მთავარ სიმბოლოს- ბუზთა ბატონს- ეს არის ჯოხზე ჩამოცმული
ღორის თავი, რომელსაც ჩიტები თვალებს ამოკორტნიან და შემდეგ ბუზი დაესევა. ეს
ძღვენი კუნძულზე მობინადრე ურჩხულისთვისაა, რომელიც თითოეულ ბავშს
უშფოთებს სულს. იგი არის ადამიანში დამალული ბოროტი საწყისი. სწორედ იგი
უშლის ხელს ბავშვების კეთილგონიერებას, ცივილურობასა და წესრიგს.

ეს არის წიგნი მეგობრობის, ტკივილის, ღალატისა და იმედგაცრუების შესახებ.


გოლდინგი აჩვენებს, როგორ შეიძლება დაეცეს ადამიანი, როდესაც ის
ცივილიზაციის ნორმებისგან თავისუფლდება და შემაკავებელი ფაქტორები
მოხსნილი აქვს. აქ, ერთი შეხედვით, თავისუფლებამ ბავშვები შეიწირა და ისინიც,
ვინც გადარჩნენ, განწირულნი არიან, რადგან ვეღარასოდეს დაიბრუნებენ იმ
უმანკოებას, რასაც ბავშვობა გულისხმობს. ყველას გვსმენია ფრაზა ,, ბავშვები
სასტიკები არიანო“. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა მათმა სისასტიკემ პიკს მიაღწია
და მათ თავიანთივე თანატოლი შეიწირეს.
სად არის ,,ბუზთა ბატონი“?

ალბათ ის ყოველ ჩვენგანშია. თანამედროვე სამყარო ხომ ომია- ცივილური ომი...

You might also like