You are on page 1of 2

ენა როგორც პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა (10 ქულა)

ენა, როგორც ენათმეცნიერების ობიექტი, განისაზღვრება როგორც პირობით ბგერით ნიშანთა


სისტემა. ენის ამ განსაზღვრებაში შემავალი უკანასკნელი ოთხი სიტყვა ასახავს ენის
უმნიშვნელოვანეს ნიშან-თვისებებს. განვიხილოთ ისინი ცალცალკე:

1. ენა არის სისტემა. ეს იმას იშნავს, რომ ენა არის რაღაც ელემენტების არა უბრალო
სიმრავლე, არამედ წაარმოადგენს ისეთ ელემენტთა ერთობლიობას, რომელთა შორის
განსაზღვრული მიმართებები არსებობს, მიმართებები, რომლებიც ქმნიან, ერთის მხრივ,
ენობრივი სისტემის ცალკეული ელემენტების ღირებულებას, ხოლო, მეორეს მხრივ,
მთლიანი სისტემის შინაგან სტრუქტურას. მიმართებები, რომლებიც ენობრივი სისტემის
ელემენტებს შორის არსებობს, ვლინდება მათ ისეთ ურთიერთკავშირში როდესაც ერთი
ელემენტის რაღაც ცვლილება იწვევს მასთან დაკავშირებული სხვა ელემენტების მკაცრად
განსაზღვრულ ცვლილებებს. მაგალითა, ავიღოთ ასეთი მიმდევრობა: „კაცი აშენებს
სახლს“ , რომელშიც მთავარ ელემენტად მივიჩნიოთ „აშენებს“. ადვილი დასანახია, რომ ეს
მიმდევრობა წარმოადგენს სტრუქტურას მის ელემენტებს შორის განსაზღვრული
მიმართებებით, სადაც მისი მთავარი ელემენტის ცვლილებას თან ახლავს მასთან
დაკავშირებული ელემენტების აუცილებელი ცვლილებები. „კაცმა ააშენა სახლი“.
2. ენა არის ნიშანთა სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ ენობრივი სისტემა ისევე, როგორც ყოველი
სისტემა შედგება ელემენტებისაგან და ამ ელემენტებად გვევლინებიან ენობრივი ნიშნები.
ენობრივი ნიშანი შეიძლება განისაზღვრროს როგორც განუყოფელი ერთიანობა, ურღვევი
მთლიანობა აღსანიშნისა და აღმნიშვნელისა, რომელთაც ენობრივი ნიშნის შემადგენლები
ეწოდებათ. აღსანიშნი არის გარეენობრივი ობიექტური სამყაროს კუთვნილება- საგანი,
მოვლენა, პროცესი, თვისება, მიმართება და სხვა, ხოლო აღმნიშვნელი არის აღსანიშნის
ენობრივი გამოხატულება. მაგ., „მზე“ განსაზღვრებს თანახმად, ენობრივ ნიშანს
წარმოადგენს, რადგან იგი შეიცავს ორივე შემადგენელს -აღსანიშნს (ეს არის კოსმიური
სხეული, რომელიც ანათებს, ათბობს, სასიცოცხლო ენერგიას ანიჭებს ყოველ სულდგმულს)
და აღმნიშვნელს, რომელიც წარმოდგენილია მ-ზ-ე ბგერათმიმდევრობის სახით. ეს
მიმდევრობა ხსენებული აღსანიშნის ენობრივი გამოხატულებაა. აღმნიშვნელის
მიმართებას აღსანიშნთან ეწოდება ენობრივი ნიშნის მნიშვნელობა.
3. ენა არის ბგერით ნიშანთა სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ ენობრივმა ნიშანმა თავისი
ფუნქცია რომ შეასრულოს, ნიშნობა რომ გასწიოს, მას უნდა ჰქონდეს მატერიალურ-
სუბსტანციური არსებობა. იგი წარმოდგენილი უნდა იყოს ამა თუ იმ სუბსტანციით,
რომელიც ზემოქმდებს ადამიანის შეგრძნებებზე, მის გრძნობის ორგანოებზე და მხოლოდ
ამ გზით შეიძლება აღიქვას ადამიანმა ენობრივი ნიშანი. ენობრივი ნიშანი შედგება
ბგერითი სუბსტანციისაგან, იგი წარმოდგენილია ბგერითი სუბსტანციით. ბგერა არის
ენობრივი ნიშნის მატერიალური არსებობის ფორმა. მაგრამ, ბგერითი სუბსტანცია არ არის
ერთადერთი სუბსტანცია, რომლისგანაც შედგება ენობრივი ნიშანი. ბგერების გარდა
ენობრივი ნიშანი მრავალი სხვა სუბსტანციით შეიძლება იყოს წარმოდგენილი, მაგ.,
გრაფიკული, ფერითი, მოტორული, ელექტრო იმპულსური და ა.შ. მიუხედავად ამისა ჩვენ
ვამბობთ, რომ ენა არის ბგერით ნიშანთა სისტემა იმიტომ, რომ ენობრივი ნიშნის ბგერითი
სუბსტანცია არის ამოსავალი, პირველადი, ხოლო ყველა დანარჩენი მეორეულია და
ბგერით სუბსტანციაზეა დამოკიდებული.
4. ენა არის პირობით ბგრით ნიშანთა სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ კავშირი ენობრივი ნიშნის
შემადგენლებს, აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორს ნებისმიერი, თავისუფალი,
არამოტივირებულია ანუ პირობითია. ამგვარი კავშირი ნიშნავს, რომ აღმნიშვნელი არ
განისაზღვრება აღსანიშნის ფიზიკური ბუნებით, არც გეომეტრიული ფორმით, არც
ფილოსოფიური რაობითა თუ არსით და არც რომელიმე სხვა თვისებით. ამ
თვალსაზრისით, ენობრივი ნიშნის შემადგენლებს შორის კავშირი თავისუფალია -
აღსანიშნში არაფერია ისეთი, აღმნიშვნელის კონკრეტულ სახეს, მის ბგერით
შედგენილობას რომ განსაზღვრავდეს. მაგალითად, თუ განვიხილავთ ერთ ასეთ აღსანიშნს,
რომელიც ქიმიის სიმბოლურ ენაზე გამოისახება როგორც H2O, აღმოვაჩენთ, რომ მას
სრულიად განსხვავებული ბგერითი შედგენილობის აღმნიშვნელები შეესაბამება
სხვადასხვა ენაში. მაგ,. ქართულში ამ აღსანიშნის შესაბამისი აღმნიშვნელი
წარმოდგენილია წ-ყ-ა-ლ-ი ბგერათმიმდევრობის სახით. ამისგან სრულიად განსხვავებული
ამავე აღსანიშნის შესაბამისი აღმნიშვნელი ინგლისურში-water, ფრანგულში-eau,
ლათიურში-aqua, თურქულში-su. გერმანულში-wasser, ესპანურში-agua, იაპონურში-მიძუ,
სვანურში-ლიც, სომხურში -ჯურ, რუსულში-вода, ჩაჩნურში-ხი, ხუნძურში -ლ`ინ.
როგორც ვხედავთ, ერთსა და იმავე აღსანიშნს სხვადასხვა ენაში შეესაბამება ბგერითი
შედგნილობის თვაალსაზრისით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული
აღმნიშვნელები. ასეთი ვითარება სწორედ იმის დამადასტურებელია, რომ აღსანიშნის
ბუნება, მისი ფიზიკური თვისებები თუ ქიმიური შედგენილობა არაფრით არ აისახება
აღმნიშვნელებში. აღმნიშვნელი არ წარმოადგენს აღსანიშნის ხატს, რომელიც ზუსტად,
უცვლელად იმეორებს მის ნიშანთვისებებს. სწორედ იმის გამო, რომ აღსანიშნი თავისი
ბუნებით, მისი არცერთი ნიშანთვისებით არ აისახება აღმნიშვნელში, ამბობენ, რომ
ენობრივი ნიშანი არის პირობითი.
მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც ეჭვსქვეშ უნდა აყენებდეს ამ დებულებას ენობრივი
ნიშნის პირობითობის შესახებ. საქმე ისაა, რომ ყველა ენაში არსებობს გარკვეული
სიმრავლე ონომატოპოეტური ანუ ხმაბაძვითი სიტყვებისა. ეს ისეთი ენობრივი ნიშნებია,
რომლებშიც ერთ-ერთი შემადგენელი - აღსანიშნი როგორღაც განსაზღვრავს მეორეს -
აღმნიშვნელს: აღსანიშნის რაღაც თვისება როგორღაც აისახება აღმნიშვნელში. აღმნიშვნელი
თავისი ბგერითი შედგენილობით უახლოვდება აღსანიშნის ამა თუ იმ მხარეს,
ნიშანთვისებას. მაგ., კაკუნი, ბრახუნი, ყიყლიყო, baa-baa. ასეთი სიტყვების არსებობის
მიუხედავად განხილული დებულება ენობრივი ნიშნის პირობითობის შესახებ მაინც
ძალაში რჩება, რამდენადაც, ჯერ ერთი, ამგვარი სიტყვების რაოდენობა ენაში არ არის
დიდი; მეორე, რაც უფრო არსებითია, ასეთი სიტყვებიც კი ერთანეთისგან განსხვავებული
ბგერითი შედგენილობისანი არიან სხვადასხვა ენაში. მაგ., გუგული, cu-coo (ინგლ.),
кукушка (რუს.), kuckuck (გერმ.).

You might also like