You are on page 1of 22

პოლ ფრესი „ემოციები“

ტომეულიდან პოლ ფრესი, ჟან პიაჟე „ექსპერიმენტული ფსიქოლოგია“, ტომი 5

ნაწილი 2

1.6. მოტივაცი და ემოცია

....

დავუნრუნდეთ ემოციონალურ ქცევას. იგი თავს იჩენს მხოლოდ მაშინ, როდესაც


მოტივაცია ჭარბია. ეტიმოლოგიამ მეცნიერებაზე ადრე დაადგინა ნათესაობა ცნებებს
შორის „მოტივაცია“ და „ემოცია“- ორივე მომდინარეობს ძირიდან- „movere“
(მოძრაობა). მოტივაციას და ემოციას მოძრაობაში მოყავთ ორგანიზმი, მაგრამ
წინსართი „e“,რომელიც არის სიტყვაში ე-მოცია, მიუთითებს მოქმედების
მიმართულებაზე; ემოცია არის ის, რაც ასტიმულირებს მოძრაობას “გარეთ“ .

მოტივაციასა და ემოციას შორის არის მსგავსება და განსხვავებაც. იმისათვის, რათა


ადგილი ქონდეს ჩვენს წინაშე არსებული ამოცანებისადმი ადაპტაციას,
აუცილებელია საკმარისი მოტივაცია. მაგრამ თუკი მოტივაცია ჭარბია (ძალიან
ძლიერია), ჩვენ ვკარგავთ ჩვენი შესაძლებლობების ნაწილს და ადაპტაცია ნეკლებად
ადექვატური ხდება სინამდვილისადმი. მაშინ ქცევაში ჩნდება ემოციის ნიშნები და
ზოგჯერ ადაპტური ქცევა ირღვევა, მთლიანად ჩანაცვლებული ხდება
ემოციონალური რეაქციებით.

არსებობს მოტივაციის ოპტიმუმი, რომლის მიღმაც ჩნდება ემოციონალური ქცევა.


მოტივაციის ოპტიმუმის ცნება უკავშირდება სიტუაციისადმი ქცევის ადექვატურობა-
არაადექვატურობას. ეს კავშირი შეესაბამება მიმართებას მოტივაციის ინტენსივობასა
და მოცემულ სიტუაციაში სუბიექტის რეალურ შესაძლებლობებს შორის. ჰოუჯის
სიტყვებით (1935), „ემოციონალური რეაქციები უკუპროპორციულია უმაღლესი
ნერვული სისტემის უნარისადმი გაუმკლავდეს მოცემულ სიტუაციას. „ (ანუ
ემოციონალური რეაქციები ჩნდება, როდესაც ნევული სისტემა ვერ უმკლავდება
მოცემულ სიტუაციას- რ.მ.) ფსიქოანალიტიკოსები, თავისი ტერმინოლოგიით, იგივეს
ამტკიცებენ:“ ძალიან ძლიერი ემოციონალური რეაქცია შეიძლება განვიხილოთ,
როგორც „შედეგი“ იმისა, რაც ადრე დათრგუნული იყო. . . ემოციონალური
აფეთქებები მაშინ ხდება, როდესაც „მეს“ ჩვეული კონტროლი არასაკმარისია. ჩვეული
კონტროლი არასაკმარისი ხდება. როდესაც ა) ძალიან ძლიერია აგზნება ან
ბ)წარსულში განმუხტვა ბლოკირებული იყო. (Fenichel, 1953, gv. 24).
ასეთი გაგება სავსებით შეესაბამება კონტინუუმის იდეას, როგორც შინაგან განცდათა
თვალსაზრისით (სუსტი ინტენსივობიდან -ძლიერისაკენ), ასევე ფიზიოლოგიური
თვალსაზრისითაც (სუსტი აქტივაციიდან- ძლიერისაკენ).

1.7. მოტივაციის ოპტიმუმი

მოტივაციის ოპტიმუმის იდეა ისევე ძველია, როგორც ადამიანის აზრი და


მორალისტები ყოველთვის კიცხავდნენ ვნებებს (ძლიერ ემოციებს), რომელთა გამოც
ადამიანი კარგავს თვითკონტროლის უნარს.

ფსიქოლოგებმა განსხვავებული ქვეყნებიდან აღიარეს, რომ ინტენსიური


სტიმულაცია უარყოფითად აისახება ჩვენი ქცევების ეფექტურობაზე; უფრო სწორედ
რომ ვთქვათ, იმ ამოცანებისადმი ადაპტაციაზე, რომლებსაც მუდმივად გვიყენებს
გარემო. როგორც ამბობდა პიერონი 1920 წელს- „ემოცია ხასიათდება ძლიერი
დიფუზური რეაქტიულობით, რომელიც გადის იმ რეაქციების ფარგლებიდან,
რომლებიც უშუალოდ შეესაბამებიან აგზნებას“.

ის ფსიქოლოგებიც კი, რომლებიც აღიარებენ აქტივაციის კონტინუუმს, აღნიშნავენ


ადაპტაციის დარღვევაზე, რომელიც მაშინ აღიძვრის, როდესაც სიტუაციის
ინტენსივობა ჭარბი ხდება. ასე, ლინდსლეი (1957) აჩვენებდა, რომ როდესაც
აქტივაცია ზედმეტად ძლიერია, ადამიანის ქცევის ეფექტურობა უარესდება, ჩნდება
დეზორგანიზაციისა და კონტროლის შესუსტების ნიშნები. მაგრამ მოტივაციის
ოპტიმუმის არსებობის ექსპერიმენტული დასაბუთება მიღებული იქნა გაცილებით
გვიან, ემოციების ექსპერიმენტული შესწავლის სირთულის გამო. პირველი შრომები,
რომელშიც გამოვლინდა ეს ოპტიმუმი, არ ეხებოდა საკუთრივ ემოციებს, მაგრამ ამ
კვლევებმა დაადასტურეს აქტივაციის მაჩვენებლებსა და შესრულების ხარისხს
შორის დამოკიდებულება. ამ თვალსაზრისით, იერქსი და დოდსონი (1908)
მკვლევართა შორის პირველები არიან; მათ აღმოაჩინეს ცხოველებში მოტივაციის
ოპტიმუმი. მაგრამ მათმა კვლევებმა თავიდანვე არ მიიღეს აღიარება.

დაფიმ (1932) დაადგინა, რომ იმ ბავშვების ცდის ამოცანის შესრულების ხარისხი


(ცდაში ბავშვები სხვადასხვა დავალებებს ასრულებდნენ და იზომებოდა მათი
შესრულების ხარისხი), რომლებიც ზედმეტად დაძაბულები იყვნენ (დაძაბულობა
იზომებოდა დინამოგრაფით), იყო უარესი, სხვებთან შედარებით. დაფიმ წამოაყენა
იდეა დაძაბულობის ოპტიმუმის თაობაზე, რომელიც დამოკიდებულია ამოცანასა და
ინდივიდზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი ჩაატარა ფრიმენმა (1940); მან
ცდისპირს გაუზომა რეაქციის დრო და კანის გალვანური რეფლექსი. ამ მონაცემებმა,
რომლებიც მიიღებოდა დღეების მანძლზე, დღე-ღამის განსხვავებულ საათებში,
აჩვენა აქტივაციის ოპტიმუმი. შლოსბერგმა (1954) გაიმეორა ექსპერიმენტი და
რეაქციის დროსთან ერთად ხელის ტრემორი (კანკალის ამპლიტუდა) გაზომა; მან
შეადარა ეს ორი მონაცემი კანის გალვანურ რეფლექსთან და მიიღო იგივე შედეგი;
მოტივაციის ზრდასთან ერთად იზრდება შესრულების ხარისხი, მაგრამ ეს ხდება
მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე; თუ მოტივაცია ჭარბია,- შესრულება უარესდება.

ეს კანონზომიერება შეიძლება შევნიშნოთ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.


მოსწავლეები იბნევიან გამოცდაზე, ჯარისკაცები უკეთ მანევრირებენ სწავლების
დროს რეალურ საბრძოლო სიტუაციისგან განსხვავებით.

სტენეტის (1957) კვლევამ აჩვენა მიმართება აქტივაციას, მოტივაციასა და შესრულებას


შორის. დავალება ეხებოდა სმენით დაკვირვებას (tracking); ცდისპირს უნდა
გადაეტრიალებინა სახელური ისე, რომ ბგერა გამქრალიყო და მასთან წერტილი,
რომელიც შეესაბამებოდა ნულს, პერიოდულად, მკვლევარის ასისტენტის მიერ
გადანაცვლდებოდა. ცდისპირის სწავლების შემდეგ გამოიყენებოდა სამი დონის
მოტივაცია: 1) სუსტი მოტივაცია: დავალება წარმოდგენილი იყო, როგორც
ხელსაწყოს შემოწმება, 2)საშუალო მოტივაცია: წარმატების შემთხვევაში ცდისპირი
მცირედით ჯილდოვდებოდა, 3) ძლიერი მოტივაცია: წარმატებისას ჯილდო
სერიოზული იყო, ხოლო მარცხის შემთხვევაში- გამოიყენებოდა ელექტრო დარტყმა.
აქტივაცია, რომელიც იზომებოდა კანის გალვანური რეფლექსით და ხელის
ტონიკური აქტივობით, იზრდებოდა სიტუაცია 1-დან 3-მდე. შედეგი: საუკეთესო
შედეგები ცდისპირებმა აჩვენეს სიტუაცია 2-ის შემთხვევაში.

ფრიმენმა (1948) განაზოგადა ეს შედეგები და ისინი წარმოადგინა მრუდის სახით


(რომელსაც გადმოტრიალებული U-ს ფორმა აქვს). ფრიმენმა შესრულების
ეფექტურის გაუარესება დაუკავშირა ემოციონალურ რეაქციას.

ჰეი (1955) აღნიშნავს, რომ სიტუაცია ორმაგ ზემოქმედებას ახდენს ნერვულ


სისტემაზე.; ის აწვდის სუბიექტს ინფორმაციას (cue function) და ასევე
რეტიკულარული ფორმაციის საშუალებით განსაზღვრავს აქტივაციის დონეს
(arousal). თუკი ეს დონე მატულობს და უფრო რთული სიტუაცია მოითხოვს უფრო
დახვეწილ ადაპტაციას, მაშინ ხდება ამ ორი სისტემის (cue function,arousal)
ურთიერთქმედება და შფოთვით და ემოციონლურ რეაქციებთან ერთად აღინიშნება
შესრულების გაუარესება. ასე ჰებმა მიიღი მრუდი (შედეგის გრაფიკული
გამოსახულება) რომელიც დაემთხვა ფრიმენის მრუდს.

მალმომ( 1959) ასევე წარმოადგინა ანალოგიური მრუდი (მისი ემპირიული შედეგის


გრაფიკული გამოსახულება), რომელიც ასახავს უშუალო კავშირს შესრულების
ხარისხსა და აქტივაციის დონეს შორის. ადაპტაციის დარღვევა შეიძლება
გამოიხატოს არა მხოლოდ რაოდენობრივ, არამედ თვისობრივ ასპექტშიც და კერძოდ,
აღინიშნოს გაუარესება ქცევის ყველა ფორმაში.

1.8. ოპტიმუმის ვარიაციები. იერქს-დოდსონის კანონი

მოტივაციის ოპტიმუმი იცვლება , ცხადია, ყოველი ამოცანის შემთხვევაში.

1908 წელს იერქსმა და დოდსონმა ჩაატარეს მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი,


რომელმაც აჩვენა იდენტური შედეგები ვირთხებში, წიწილებში, კატებსა და
ადამიანში. ამოცანა მდგომარეობდა სინათლის ორი წყაროს ინტენსივობის
შედარებაში (აქედან ერთ პასუხი იყო არასწორი). ეს დავალება იყო მეტ-ნაკლებად
რთული და გააჩნდა სირთულის 3 დონე. ამას გარდა, იყო გამოყენებული მოტივაციის
3 დონე: სუსტი, საშუალო და ძლიერი ელექტრო დარტყმა, როგორც დასჯა შეცდომის
შემთხვევაში.

შედეგებმა აჩვენა, რომ არსებობს მოტივაციის ოპტიმუმი, რომლის დროსაც დასწავლა


ყველაზე სწრაფია (შესრულება ყველაზე ეფექტურია). მოტივაციის ოპტიმუმი
დამოკიდებული აღმოჩნდა ამოცანის სირთულეზე, ამიტომაც იერქს-დოდსონის
კანონი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: „ამოცანის სურთულის ზრდასთან ერთად
გამოყენებული დასჯის ინტენსივობა, რომელიც განსაზღვრავს დასწავლის
ოპტიმალურ სისწრაფეს, უნდა უახლოვდებოდეს ზღვრულ სიდიდეს.“ - ეს ნიშნავს,
რომ რთული ამოცანის შემთხვევაში შესრულების ოპტიმუმი მიიღწევა ძლიერი
მოტივაციისას; ადვილი ამოცანის დროს ჭარბი მოტივაცია არ არღვევს ქცევას, მაგრამ
ამის საშიშღოება ჩნდება რთული ამოცანების შემთხვევაში.

მსგავსი შედეგები მიიღეს ჰამესმა (1956) და ბროდჰერსტმა (1957) ვირთაგვებზე. სხვა


კვლევები აჩვენებს, რომ აგზნების მატებას თან სდევს შესრულების გაუარესება.

კარდო (1961) სწავლობდა ვირთაგვებში ამფეტამინის ზეგავლენას განრიდების


პირობით რეაქციაზე. მან დაადგინა, რომ სუსტი დოზები აუმჯობესებენ ამ რეაქციას,
ხოლო ძლიერი დოზები- იწვევენ ქაოტურ რეაქციებს.
იერქს-დოდსონის კანონს ასევე ადასტურებს პატრიკის (1934) მიერ ადამიანზე
ჩატარებული ექსპერიმენტებიც. - ცდისპირს ათავსებდნენ კაბინაში, რომელსაც 4 კარი
ჰქონდა; ცდისპირს რაც შეიძლება სწრაფად უნდა ეპოვა გამოსასვლელი კარი.
ამისათვის უნდა მოენახა ის კარი, რომელიც არ იკეტებოდა და თანაც, ეს „ღია“ კარი
მუდმივად იცვლებოდა. შესაბამისად, დავალების ლოგიკური ამოხსნა არ არსებობდა,
თუმცა ცდისპირს შეეძლო ეპოვა მეტ-ნაკლებად რაციონალური სტრატეგია. როდესაც
ზრდიდნენ ცდისპირის მოტივაციას (კაბინაში ზემოდან ცვიოდა ლურსმნები და
იატაკზე ატარებდნენ სუსტ ელექტრო დენს), ცდიპირის მოქმედება ნაკლებად
რაციონალური, უფრო სტერეპოტიპული და არაეფექტური ხდებოდა.

1.9. ადაპტაციის დარღვევა და ემოციონალური ორგანიზაცია

50 წლის მანძილზე დაობენ- ემოცია ქცევას არღვევს თუ პირიქით, მისი


მაორგანიზებელი რეაქციაა?

დარვინი, კენონი, ლიპერი თვლიდნენ (1948), რომ ემოცია სასარგებლოა - ის


ადაპტური პროცესია , რადგანაც ახდენს ენერგიის მობილიზებას გარემო პირობების
შესაბამისად. ხოლო ფსიქოლოგების უმრავლესობა კი მიიჩნევდა, რომ ემოცია
მადეზორგანიზებელი ძალაა და არღვევს ქცევას.

ამ დავის მიზეზია ისეთი ტერმინების არასწორი გაგება, როგორიცაა „ემოცია“ და


„ორგანიზაცია“.

თუკი ემოციაში ვიგულისხმებთ ინსტინქტის ან მოტივაციის აქტივაციის დონეს,


მაშინ ემოცია მართლაც, განსაზღვრავს ადაპტაციას. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ
შევძლებთ იმ ფაქტის აღწერასა და ახსნას, თუ რატომაა, რომ ძლიერი მოტივაცია
არღვევს ქცევას.

ჩვენი შეხედულებით, ემოცია შეესაბამება ადაპტაციის დონის ისეთ დაქვეითებას,


რომელიც მაშინ იჩენს თავს, როდესაც მოტივაცია ჭარბია სუბიექტის რეალურ
შესაძლებლობებთან მიმართებაში. ემოცია- ესაა შიში, რისხვა, დარდი, ზოგჯერ
სიხარული, განსაკუთრებით ძლიერი სიხარული. მაგრამ ჩვენი სამეტყველო ენის
სიღარიბის გამო ზოგჯერ ტერმინს „ემოცია“ ვიყენებთ, როგორც ტერმინ „გრძნობის“
სინონიმს (ეს უკანასკნელია, მაგალითად, ესთეტიკური გრძნობა ან სუბიექტის
ყოველი „სულიერი მოძრაობა“. )

ტერმინი „ორგანიზაცია“ კიდევ უფრო ორაზროვანია. ის ესმით ძირითადში, როგორც


მოწესრიგებულობა, განსხვავებით დეზორგანიზაციისაგან. ჩვენ აქამდე
ვსაუბრობდით შესრულების ხარისხის დაქვეითების თაობაზე, თუმცა უნდა
ვიგულისხმოთ, რომ ეს დაქვეითებაა სწორედ დეზორგანიზაცია. ემოციონალური
რეაქცია არაორგანიზებულია იმ რეაქციასთან შედარებით, რომელიც უფრო
ადექვატურია (შესაბამისისა) სიტუაციისადმი. ადექვატური ან უფრო მაღალი დონის
რეაქციის ქვეშ, ჟანეს თეორიის მიხედვით, ჩვენ გვესმის რეაქცია, რომლის დროსაც
გათვალისწინებულია გარემო პირობების ან სიტუაციის მაქსიმუმი; ეს ის რეაქციაა,
რომელშიც მაქსიმალურად გათვალიწინებულია რეალობა.

ადამიანებს მაშინ იპყრობთ რისხვა, როდესაც სიტყვებითა და ჟესტებით იმ


ძალიხმევას ჩაანაცვლებენ, რომელიც არსებული სირთულეების დასაძლევად
იქნებოდა ეფექტური (მაგალითად, როგორიცაა კონფლიქტის გადაწყვეტა, წინაღობის
გვერდიდან მოვლა და ა.შ.). ამავე დროს, რისხვა შეიძლება წარმოადგენდეს ასევე,
სიტუაციისადმი ადექვატურ რეაქციასაც; მაგალითად, სუბიექტი არტყამს იმ ობიექტს
ან ადამიანს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს. თუმცა, ამ რეაქციის ორგანიზების
ხარისხი მოცემულ შემთხვევაში უფრო დაბალია იმასთან შედარებით, როგორიც ის
შეიძლებოდა ყოფილიყო, თუკი გათვალისწინებული იქნებოდა მოცემული
კულტურის ნორმები.

ტერმინოლოგიური აღრევის თავიდან ასაცილებლად უნდა დავაზუსტოთ იმ


მოვლენის ზოგიერთი ასპექტიც, რომელსაც ჰებმა (1949) „ემოციონალური დარღვევა“
უწოდა. ქცევის ორგანიზებულობის განსხვავებული დონეების შესაბამისად არსებობს
ასევე, ქცევის დეზორგანიზებულობის დონეებიც. განვიხილოთ მოსწავლის
მაგალითი, რომელიც აბარებს ზეპირ გამოცდას და რომელსაც გააჩნია ჭარბი
მოტივაცია მის შესაძლებლობებთან შედარებით. სუსტი დეზორგანიზაციის
შემთხვევაში ემოცია შეიძლება გამოიხატოს ჭარბი ვეგეტატიური რეაქციების სახით,
როგორიცაა ოფლიანი ხელის გულები, ზოგადი დაძაბულობა, საჭმლის მონელების
გართულება, აზნებულობა. ეს ორგანული დარღვევები, თუკი არაა ძალიან ძლიერი,
შეიძლება თან ერთვოდეს დიდ წარმატებას გამოცდაზე. მაგრამ დეზორგანიზაციის
უფრო მაღალი დონის შემთხვევაში მოსწავლე იბნევა, დარღვევა მთლიანად მოიცავს
მის ფსიქიკურ აქტივობას: როგორიცაა მეხსიერებაში „ჩავარდნები“, აზრის
ჩამოყალიბების გართულება, მეტყველების პრობლემები და სხვა. შეიძლება
ვეგეტატიური გამოვლინებები უფრო ძლიერიც გახდეს: ცრემლები, გაწითლება,
გაფითრება და გულის წასვლაც კი.

ვალონი (1949) წერდა, რომ ასეთ დროს ირღვევა სასიცოცხლო კავშირების სისტემა და
ის თითქოს იჩრდილება ვეგეტატიური ნერვული სისტემის ჰიპერტონიული ან
ჰიპოტონიური გამოვლინებებით.
საკითხი- არის თუ არა ემოცია მაორგანიზებელი თუ მადეზორანიზებელი ძალა- არ
უნდა ავურიოთ საკითხთან- სასარგებლოა თუ არა ემოცია. ცხოველებთან ემოციური
რეაქციები უფრო სტერეოტიპულია და ყოველი სახეობისთვის- სპეციფიკური.
ძაღლის რისხვა, კატის შიში ძაღლისადმი- რა თქმა უნდა, სასარგებლოა ამ
სახეობებისათვის. ადამიანთან კი არსებობს შესაძლებლობა ემოციონალური
რეაქციები კიდევ განსხვავებულადაც იქნეს გამოყენებული.

1.10. ემოციის სოციალური მნიშვნელობა

როგორც გვიჩვენეს ჟანემ და ვალონმა, ემოციონალური რეაქცია შეიძლება


განვიხილოთ სიტუაციასთან ადაპტაციის ფორმის სახით. მაგალითად, გამოცდაზე
გასული მოსწავლე, რომელიც ვერ პასუხობს სათანადოდ, საკუთარი გრძნობების
გამოხატვით (ტირილით) პედაგოგზე ზემოქმედებას ცდილობს.

ჟანეს (1928) მოყავს მისი ერთი პაციენტი ქალის მაგალითი, რომელიც უყვებოდა რა
საკუთარი დაავადების შესახებ, უეცრად აქვითინდა და გულიც წაუვიდა. ჟანეს
განმარტებით, ამით პაციენტმა მოახდინა ზემოქმედება ექიმზე, რომლისგანაც
დახმარებას ელოდა- მისი ცრემლები სიტყვებზე ეფექტური აღმოჩნდა.

ბავშვის ჭირვეულობას იგივე მიზანი აქვს. ბავშვი მალევე ხვდება, რომ მისი
ემოციონალური რეაქციები, დაკავშირებული ფიზიკურ ავადობასთან, უფროსებზე
დიდი ზემოქმედების მქონეა. და ეს თითქმის რეფლექტორული რეაქცია
გარშემომყოფ პირებზე ზემოქმედების იარაღად იქცევა. ამას კარგად ასახავს 5 წლის
ბავშვის სიტყვები: „მე მანამდე ვიტირებ, სანამ რაც მინდა, არ მომცემ!“

ვალონის მიხედვით (1949)- ემოცია სოციალიზირდება ქცევის დრამატიზირების


წყალობით და კერძოდ, მიმიკის დრამატიზირებით; მიმიკა „ჭეშმარიტ“ ენად იქცევა-
უფრო გამომსახველად ( ან უფრო დიდი ზმოქმედების მქონდედ- რ.მ.), ვიდრე
სიტყვებია. ამიტომაც, არც თუ იშვიათად, ემოციასთან ერთად ჩნდება სურვილი-
დავაკვირდეთ თუ რა ეფექტს ახდენს ჩვენი ემოცია გარშემომყოფებზე.

ემოციათა სოციალიზაცია ორი მიმართულებით ყალიბდება:

ა)ემოციის ორგანული გამოვლინებების გამოყენება სხვა ადამიანზე ზემოქმედების


მიზნით: ცრემლები-რომლებმაც გული უნდა აუჩუყონ სხვას, შიშის გამოხატვა-
რომელმაც ინდა დახმარება გამოიწვიოს და ა.შ.
ბ)ქცევის გარდაქმნა, რომლის დროსაც ემოციონალური რეაქციები სიტუაციისადმი
შედარებით ადექვატური (ადაპტური) ხდება.

გაბრაზებული ბავშვის ტირილი, ფეხების ბაკუნი, იატაკზე კოტრიალი- ეს პირველი


მიმართულების მაგალითია. მაგრამ წინააღმდეგობაზე დარტყმა (საგანზე ან
ადამიანზე) ანუ აგრესიულობა სირთულის მიმართ- სიტუაციისადმი ადაპტაციის
(თუმცა, უფრო დაბალი დონის ადაპტაციის) მაგალითია.

ფსიქიკური განვითარების პროცესში ხდება ემოციონალურ რეაქციათა გარდაქმნა.


გუდინაფმა (2931) ეს აჩვენა კვლევით, რომლეშიც მონაწილეობდა 45 დედა, რომელთა
შვილების ასაკი იყო 7 თვიდან- 7 წლის ჩათვლით. ქალებს სთხოვდნენ აღეწერათ
მათი შვილების რისხვა- სულ მიღებულ იქნა 2124 აღწერა-მონათხრობი. მიღებული
მონაცემები 2 ჯგუფად დაიყო: 1) რისხვა აღიწერებოდა, როგორც მიუმართავი
(დიფუზური- რ.მ.) „აფეთქება“ და 2) რისხვა აღიწერებოდა, როგორც მიმართული იმ
ადამიანზე, რომელმაც ის გამოიწვია.

როგორც ჩანს, ადამიანს მაშინაც კი, როდესაც არ შეუძლია საკუთარი რეაქციების


მართვა, შესაძლებლობა აქვს ქცევის დეზორანიზების ფაქტიდან მიიღოს გარკვეული
სოციალური სარგებელი.

განვითარების პროცესში, ნებისმიერ ასაკში ინდივიდი შეიძლება აღმოჩნდეს ერთსა


და იმავე ემოციოგენურ სიტუაციაში (მოსწავლე, რომელსაც აბუჩად იგდებენ
თანატოლები, ახალგაზრდა ვაჟი ქალების საზოგადოებაში, ჯარისკაცი ომში და სხვა).
თავიდან ქაოტური დარღვევები სრულიად „იპყრობენ“ ინდივიდის ქცევას, შემდეგ
თანდათან ემოციონალური რეაქციები ქმნიან ინდივიდის თავდაცვით სისტემას და
ზოგჯერ ისინი ქრებიან კიდეც და ადგილს უთმობენ სიტუაციისადმი უფრო
ადექვატურ რეაქციებს.

ასე რომ, ემოციის როლის შესახებ მსჯელობისას არ უნდა დავჯერდეთ სარტრის


შეხედულებს, რომელიც ემოციას ცოცხალ არსებათა თუ საგნების თვისებების
გარდაქმნის მაგიურ თვისებას მიაწერს. ორგანული გამოვლინებები ემოცათა
„სერიოზულობაზე“ მიუთითებს. სიმონა დე ბოვუარის განმარტებით (1960), ემოციის
შესახებ ესსეს წერისას, სარტრი სულაც არ ფიქრობდა ვეგეტატიური სისტემის
აქტივობაზე. არაა გასაკვირი, რომ სარტრი ინტელექტუალისტურ პოზიციაზე
აღმოჩნდა. ასეა თუ ისე, სარტრის ბრწყინვალე ნარკვევი გაცილებით შორსაა
ფაქტებისგან, ვიდრე ჟანესა და ვალონის კვლევები და მას სრულიად ყურადღების
მიღმა რჩება ემოციის სოციალური ასპექტი.
1.11 ემოციის ნერვული ცენტრები

ა) რისხვა-შიშის რეაქცია

პირველი მონაცემები ემოციონალურ რეაქციათა ცენტრების შესახებ მიღებული იქნა


იმ ცხოველებზე, რომლებსაც ამოკვეთილი ჰქონდათ თავის ტვინის ჰემისფეროები
(Goltz, 1892, de Barenne, 1919, Cannon, 1928).ასეთი ცხოველები სხვადასხვა სახის
სტიმულების ზემოქმედებისას გამოხატავდნენ რისხვას და შიშს. ამ მონაცემების
საფუძველზე კენონმა ჩამოაყალიბა ემოციის თალამური თეორია. 1928 წელს ბარდმა
აჩვენა ჰიპოთალამუსის უკანა წილის მნიშვნელობა; სწორედ ამ ცენტრში, რომელიც
ვეგეტატიური ნერვული მოქმედების „ცენტრია“, ყალიბდება რისხვა-შიშის
რეაქციები.

ადრე მიიჩნევდნენ, რომ სწორედ ჰიპოთალამუსია რისხვისა და შიშის ნერვული


ცენტრი, ხოლო თავის ტვინის ქერქი მის მიმართ შემაკავებელ და
მაკოორდინირებელ როლს ასრულებს. მაგრამ ნეიროქირურგიის და განსაკუთრებით,
ელექტროფიზიოლოგიის განვითარებამ (რომელიც იყენებდა ელექტროდების
ჩანერგვის მეთოდს ცოცხალი ორგანიზმის თავის ტვინში), შეცვალა ეს თვალსაზრისი.

1937 წელს პეპეცი, კლინიკური დაკვირვების საფუძველზე, თვლიდა, რომ თავის ტვ


ინის კორტიკალურ ზონაში (კერძოდ, პეპეცის ჰიპოთეზის მიხედვით, ჰიპოკამპში)
უნდა არსებობდეს ცენტრი, რომელიც ახდენს განცდებისა და ემოციონალური
რეაქციების ინტეგრირებას. მაკ-ლინმა (19949) გააფართოვა ეს თეორია და წამოაყენა
იდეა ვისცერალური ტვინის (რომელიც ე.წ. „ყნოსვის ტვინის“) შესახებ და რომელიც
მჭიდრო კავშირში თანაარსებობს ჰიპოთალამუსთან და თავის ტვინის ქერქის სხვა
ზონებთან. თანამედროვე ეტაპზე უკვე ცნობილია, რომ „ყნოსვით ტვინს“ კავშირი
აქვს არა მხოლოდ ყნოსვის ფუნქციასთან, არამედ შეიცავს ასევე, რამდენიმე
წარმონაქმნს, რომელთა შორისაც უმნიშვნელოვანესია ჰიპოკამპი. ეს ღრმა
სტრუქტურები მჭიდროდაა დაკავშირებული შუამდებარე ტვინთან.

შემდგომი 10 წლის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურეს


ყნოსვითი ტვინის როლი. კერძოდ, აგზნების მდგომარეობა, რომელიც რისხვა-შიშს
შეესაბამება, ვრცელდება ტვინის ღეროში, რეტიკულარული ფორმაციისა და
ჰიპოთალამუსის ჩართვით. როდესაც ამგვარი აგზნება უჩნდება ოპერირებულ
(დეცერებრირებულ) ცხოველს, ის გამოიხატება ე.წ. ცრუ-რისხვა-შიშის (sham-rage) ან
ფსევდო -რისხვა-შიშის რეაქციებში, რადგანაც ისინი განსხვავდება იმ რეაქციებისგან,
რომლებიც აღეძვრის ნორმალურ ცხოველს იმავე სიტუაციებში. ეს რეაქციები უფრო
ინტენსიურია, მაგრამ შეზღუდულია სტიმულის ზემოქმედების დროით (გრძელდება
მხოლოდ სტიმულის ზემოქმედების პროცესში), ისინი ატარებენ
არაკოორდინირებულ ხასიათს, ხოლო დაცვითი რეაქციები სიტუაციისადმი არაა
ადექვატური. ცრუ-რისხვა-შიშის გარეგანი გამოხატულება ასევე მოწმობს, რომ
რეალურად ცხოველი არ განიცდის შესაბამის ემოციას.

შუამდებარე ტვინის რეაქციები დამოკიდებულია ყნოსვის ტვინის სტრუქტურებზე,


რომლებიც ასრულებენ როგორც შემაკავებელ, ასევე მააქტივირებელ როლს. ..

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი, ემოციის ცენტრი კონტროლდება ნეოკორტექსის (თავის


ტვინის ქერქის- რ.მ.) მიერ, რომელიც, ზოგადი შემაკავებელი ფუნქციის გარდა,
ახდენს ორმაგ ზემოქმედებას:

ა)ქერქის მოქმედება ზრდის სტიმულების რაოდენობას, რომლებიც რისხვა-შიშს


იწვევენ. როგორც ჩანს, ქერქში მრავალი რეცეპტორული და ასოციაციური ზონების
თანაარსებობა ზრდის სტიმულთა რაოდენობას და უზრუნველყოფს პირობითი
გამღიზიანებლების ეფექტურობას, ხოლო ტვინის დაბალი ზონების მოქმედება
რეფლექსის პრინციპით მიმდინარეობს.

ბ) ქერქის ზეგავლენით ქცევის აგრესიული ფორმები სიტუაციისადმი მეტ


ადექვატურობას იძენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია; თუკი დეკორტიცირებულ
ძაღლს კუდზე მოვქაჩავთ, იგი გამოხატავს რისხვას (ღრენა, ნერწყვის ინტენსიური
გამოყოფა, თავდასხმის რეაქციები და სხვ.), თუმცა ამ რეაქციებს არ ექნება
მიმართული ხასიათი, მაშინ როდესაც ნორმალური ცხოველის შემთხვევაში ყველა ეს
რეაქცია მიმართულია შესაბამისი ობიექტისკენ. ეს თავისებურება ვლინდება
ყნოსვითი ტვინის გაღიზიანების დროსაც.

პიერონმა აღნიშნა, რომ ემოციონალური რეაქციები დამახასიათებელია


ცხოველებისთვის, რომლებსაც აქვთ კარგად განვითარებული ასოციაციური ზონები.
სხვა ცხოველებში აღინიშნება მეტ-ნაკლებად გამოხატული ადაპტური რეაქციები,
რომლებსაც არ გააჩნიათ უწესრიგო (ქაოტური-სიტუაციის მიმართ) განმუხტვის
ხასიათი, რაც ემოციებისთვისაა დამახასიათებელი. და ბოლოს, ადამიანთან ემოციები
ასრულებენ განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლს, რაზეც პასუხიმგებელია არა
ქერქქვეშა ცენტრების, არამედ ქერქის განვითარება.

იქმნება შთაბეჭდილება, როგორც ამბობდა პიერონი, რომ ასოციაციური ცენტრები


ქმნიან ნერვული ენერგიის მარაგს, რომელიც თავისუფლდება აფექტური სტიმულის
ზემოქმედებით და ვრცელდება ვეგეტატიურსა და მოძრაობით სისტემებში.
თანამედროვე მეცნიერების მიხედვით, ეს ცენტრები, მრავალი პირობითი რეაქციის
საშუალებით, ზრდიან იმ სტიმულთა ზემოქმედების ძალას, რომლებსაც
ემოციოგენური მნიშვნელობა აქვთ და რომ ეს ზრდა -გაძლიერება უფრო რთულს
ხდის სიტუაციებისადმი ადაპტაციას. დავუბრუნდეთ გამოცდის მაგალითს;
მოსწავლე ნაკლებად ინერვიულებდა, თუკი იქნებოდა ნაკლებად მგრძნობიარე
საგამოცდო სიტუაციის მიმართ და არ იფიქრებდა მოსალოდნელი მარცხის (დაბალი
შეფასების) სავალალო შედეგებზე.

მე-20 საუკუნის პირველი ნახევარის კვლევებმა აჩვენეს ემოციონალურ ქცევაში


ტვინის განსხვავებული სტრუქტურების როლი. თუმცა მიკროელექტროდებით თავის
ტვინის მკაცრად ლოკალიზებული ზონების გაღიზიანებამ მოგვცა საშუალება
გაგვეზომა სხვადასხვა ცენტრების გაღიზიანების ზემოქმედება. უპირობო რეაქცია ,
გამოწვეული ამა თუ იმ ცენტრის უშუალო გაღიზიანებით, შეიძლება იქცეს პირობით
რეაქციად და გამოწვეული იქნეს ნეიტრალური სტიმულის ზემოქმედების
პირობებშიც. აქედან შეიძლება დავუშვათ, რომ დამყარდა კავშირი აგზნების ორ
ცენტრს შორის ანუ ადგილი აქვს კორტიკალურ პროცესს, რომელსაც ავტორთა რიგი
აღწერს, როგორც სუბიეტურ განცდას.

......

ჩვენ აქამდე განვიხილავდით მხოლოდ რისხვა-შიშის რეაქციებს. ჩვენ ვნახეთ, რომ


ისინი დამოკიდებულნი არიან იერარქიულად ორგანიზებულ, ტვინის
სტრუქტურებზე. უნდა აღნიშნოს, რომ ეს რეაქციები თავისი პრიმიტიული
ფორმებით, გაგრძელებაა და დიფერენცირება იმ ფეთქებადი რეაქციებისა, რომლებიც
განპირობებულნი არიან რეტიკულარული ფორმაციის უეცარი აგზნებით.

ბ)სიამოვნებისა და სიხარულის რეაქციები

თანამედროვე წარმოდგენების მიხედვით, სიამოვნება არაა ემოცია ისევე, როგორც


სექსუაური სიამოვნება. სიხარული შეიძლება იქცეს ემოციად, თუკი მისი
ინტენსივობის გამო ვკარგავთ ჩვენს რეაქციებზე კონტროლის უნარს.

დიდი ხნის მანძლზე შეუძლებელი იყო ამ რეაქციების ცენტრების დადგენა. ჩვენ


შეგვეძლო რისხვა-შიშის ან სექსუალური აგზნების ხელოვნური გამოწვევა
ჰიპოთალამუსის ლოკალური გაღიზიანებით, მაგრამ არ შეგვეძლო სიხარულის და
თვით სიამოვნების გამოწვევაც კი. მაგრამ უკვე 1933 წლიდან ტვინის ფუძეზე
მიმდინარე ოპერაციებმა ცხადყო, რომ ჰიპოთალამუსის მესამე პარკუჭის
გაღიზიანება იწვევს ეიფორიას, რომელიც დამახასიათებელია მანიაკალური
მდგომარეობისათვის (ვლინდება ემოციონალური აგზნება, დარღვევები
მეტყველებასა და აზროვნებაში).

ოლდსის ექსპერიმენტებმა დაადასტურეს იმ უბნების არსებობა, რომელთა


გაღიზიანებაც იწვევს ქცევის დადებით განმტკიცებას.- კერძოდ, ოლდსი ვირთაგვას
თავის ტვინის ე.წ. ყნოსვით ტვინში (ჰიპოთალამუსი, ჰიპოკამპი, ამიგდალური
კომპლექსი, თალამუსის ბირთვები...) უმაგრებდა ელექტროდებს და აღმოაჩინა, რომ
ცხოველი კი არ გაურბოდა ელექტრო სტიმულაციას ამ უბნებში, არამედ პირიქით-
თავადვე აჭერდა თათს ბერკეტს, რაც ტვინის თვითგაღიზიანებას იწვევდა. ზოგჯერ
ცხოველი საათში 8000 -ჯერაც კი მიმართავდა გაღიზიანებას ამ გზით. ცხოველი
აღიზიანებდა საკუთარ ტვინს „სიამოვნების ძიებაში“. . .

II ემოციოგენური სიტუაციები (ემოციის გამომწვევი სიტუაციები)

ემოციოგენური სიტუაცია აღიძვრის ინდივიდის რეალურ საადაპტაციო


შესაძლებლობებთან მიმართ ჭარბი მოტივაციის შემთხვევაში.

უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ემოციოგენური სიტუაცია, როგორც ასეთი. ის


დამოკიდებულია მიმართებაზე სუბიექტის შესაძლებლობებსა და მოტივაციას
შორის. რა თქმა უნდა, არსებობს სიტუაციის ზოგადი ეფექტი, მაგრამ ყოველი
ინდივიდი რეაგირებს საკუთარი მოთხოვნილებების, გამოცდილების,
ემოციონალობის შესაბამისად. აქ ჩვენ ვისაუბრებთ განსაკუთრებით ტიპიურ და
ზოგად სიტუაციებზე.

2.1.შეგუებით შესაძლებლობათა არასაკმარისობა

ემოცია ხშირად იმიტომ აღიძვრის, რომ სუბიექტს არ შეუძლია სტიმულაციაზე


სწორი და ადექვატური რეაგირება.უეცარი ზემოქმედების შემთხვევაში ადამიანის
გაუბედაობა ხშირად გარდაიქმნება ემოციონალურ რეაქციად მოქმედებისადმი იმ
ლტოლვის ზემოქმედებით, რომელიც ვერ ხორციელდება რეალურ სიტუაციაში
(ვალონი, 1949).

განსხვავებული სიტუაციების (იგულისხმება ემოციოგენური სიტუაციები- რ.მ.)


კლასიფიკაციის მიზნით ჩვენ ისინი დავაჯგუფეთ სამი მიმართულებით: სიახლე,
უჩვეულობა და უეცრობა.

ა) სიტუაციის სიახლე
სიტუაცია ახალია, თუკი ჩვენ არასაკმარისად მზად ვართ მასთან შესახვედრად.
აღმოცენებული აგზნება ამ დროს შეიძლება განიმუხტოს მხოლოდ ემოციური
რეაქციის სახით.კარგი მოცურავე, დაინახავს როგორ იღრჩობა ადამიანი, ემოციების
განცდის გარეშე, დახმარების მიზნით მისკენ გაცურდება, მაგრამ მაყურებელი,
რომელმაც არ იცის ცურვა და პასიურად დგას ნაპირზე, ამ დროს ღელავს.

ეს გარემოება კარგად ხსნის, თუ რატომაა, რომ რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო
ხშირად განიცდის იგი ემოციებს. დაბადებიდან სიყმაწვილის ასაკამდე იგი
მუდმივად აწყდება იმ სიტუაციებს, რომლეთა მიმართაც ჯერ არა აქვს შემუშავებული
რეაგირების სისტემა. ჩვილი, რომლესაც ძალიან ცხელ წყალში აბანავებენ- ტირის,
ხოლო მოზრდილი უბრალოდ, გაანელებდა წყალს. ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ
ახალი სიტუაციის გამეორება ემოციის შესუსტებას ან სულაც, გაქრობას იწევევს,
რადგანაც ინდივიდი თანდათან იმუშავებს ადექვატური რეაგირების სტრატეგიას.
ასევე, ეს პრინციპი ხსნის იმასაც, თუ ცხოველები, ადამიანთან შედარებით, რატომ
განიცდიან ნაკლებ ემოციებს; ცხოველებს გააჩნიათ თანდაყოლილ, ინსტინქტურ
რეაქციათა სქემები ყველა იმ გამღიზიანებელზე, რომელთა მიმართაც მგრძნობიარენი
არიან. რაც უფრო დიდია ადექვატური რეაქციების შემუშავებაში დასწავლის როლი,
მით უფრო მეტია შანსი ორგანიზმი იმ ახალ სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომელიც
ემოციონალურ რეაქციებს გამოიწვევს.

ადექვატურ რეაქციათა შემუშავებასთან ერთად ემოციონალურ რეაქციათა


რაოდენობა მცირდება. მაგალითის სახით შეიძლება განვიხილოთ მავნე
სტიმულისგან განრიდების რეაქცია. - ცხოველს ათავსებენ დანადგარში, სადაც ის
ერთი თათით ეყრდნობა ფირფიტას, რომლეზეც ატარებენ ელექტრო დენს. ელექტრო
დარტყმას, რომელიც იწვევს ტკივილს, წინ უსწრებს ზარის ხმა ან შუქის ანთება.
თავიდან , როდესაც ცხოველი ამჩნევს სიგნალს (ზარი ან შუქი), ის შფოთვას
(ემოციონალურ რეაქციას) ავლენს, მაგრამ თანდათან ის ახდენს ადაპტირებას და
სიგნალის შემჩნევასთან ერთად წყნარად წევს თათს მაღლა და ახდენს მავნე
სტიმულისაგან განრიდებას.

სიახლის ზემოქმედებამ თავისი ემპირიული დასაბათუება ჰპოვა ჰების


ექსპერიმენტშიც (1946); ცდა ჩატარდა შიმპანზეებზე- 30 შიმპანზეს აჩვენებდნენ
სხვადასხვა სურათებს ცხოველების, შიმპანზეს სხეულის ნაწილების და ადამიანის
თავის გამოსახულებით. შედეგი: შიმპანზეებს ეშინოდათ (ავლენდნენ შიშის
ემოციას-რ.მ.) დანაწევრებული გამოსახულებების დანახვისას. ჰებმა შიშის
აღმოცენება ახსნა ახალი სტიმულაციით, რომლის მიმართაც ცხოველების ნერვული
ცენტრები არ იყო ადაპტირებული.
ბ) სიტუაციის უჩვეულობა

არსებობს სიტუაციები, რომელთა გამეორების შემთხვევაშიც კი ვერ მუშავდება


„სწორი“ ან ადექვატური რეაქციები. მაგალითად, ძლიერი და მოულოდნელი ძლიერი
ხმაური ნებისმიერ ასაკში იწვევს ემოციონალურ რეაქციას. ეს რეაქცია უფრო
გამოკვეთლია ჩვილის შემთხვევაში იმიტომ, რომ პატარა ბავშვს ჯერ არა აქვს
განვითარებული, შესაბამისი აღზრდით, შემაკავებელი ძალები. . .

ასეთივეა რეაქცია შეინიშნება ნიადაგის, საყრდენის, რომელზედაც დგას ადამიანი,


უეცარი გამოცლის შემთხვევაში. ამ რაქციას უოთსონი მიაკუთვნებდა პირველად
ემოციებსა და რეფლექსებსაც კი. ასაკთან ერთად ეს რეაქცია იცვლება , თუმცა მისი
ემოციონალური ხასიათი უცვლელი რჩება. ვალონი აღნიშნავს, რომ „პოზის
არამდგრადობა“ შიშის რეაქციის გამომწვევია.

ასეთ უჩვეულო სიტუაციებს მიეკუთვნება აგრეთვე, სიბნელე, მარტოობა(რომლისაც


შიმპანზეებსაც კი ეშინიათ) და წარმოსახვითი ხატები.

ვალონი ასევე აღნიშნავს, რომ ბავშვთან უჩვეულობის განცდა შეიძლება გამოიწვოს


ნაცნობისა და უცნობის შეთავსებამაც; ბავშვი შეიძლება შეშინდეს, თუკი დედას
ქუდით დაინახავს (იმ შემთხვევაში, თუ ის ამგვარად არასოდეს უნახავს-რ.მ.). ბავშვს
ეშინია ხმის, რომელსაც გამოსცემს უწყინარი თოჯინა (თუკი ასეთ თოჯინა აქამდე
არა ჰქონია). ამ დროს ბავშვის ჩვეული წარმოდგენები ინგრევა და ბავშვი
მოუმზადებელი ხდება უჩვეულო სიტუაციისადმი. . . .

ასაკთან და გამოცდილების შეძენასთან ერთად ბავშვი სულ უფრო იშვიათად აწყდება


უჩვეულო სიტუაციებს. განვითარებას მივყავართ შიშის მიზეზების შემცირებამდე,
თუმცა, ამავე დროს, ჩნდება ახალი ტენდენცია- ადამიანი თავადვე ქმნის ამ
მიზეზებს- მაგალითად, წინასწარ განჭვრეტს მოსალოდნელ ხიფათს. ბავშვი ასეთ
დროს, წარმოსახული განუსაზღვრელობის მიმართ გამოხატულ შიშს განიცდის,
რადგანაც არა აქვს შემუშავებული შიშის მართვის უნარი.

გ)სიტუაციის უეცრობა ან მოულოდნელობა

ლაბორატორიულ პირობებში განსაკუთრებულად შესწავლილია სწორედ უეცარი,


მოულოდნელი სიტუაციით აღძრული ემოცია. ამ სიტუაციის სპეციფიკის გასაგებად,
იგი უნდა განვასხვავოთ ახალი და უჩვეულო სიტუაციებისგან. ასეთი სიტუაციის
მაგალითი (მოყვანილი ფსიქოპათოლოგიიდან): ახალგაზრდა ქალი ელოდა როდის
მოუტანდნენ მაღაზიიდან შეძენილ ავეჯს. მოულოდნელად ავეჯი მოიტანეს უფრო
ადრე, ვიდრე ქალი ელოდა. ამ სიტუაციაზე საპასუხოდ, ქალმა სიამოვნების
ნაცვლად ძლიერი აღელვება განიცადა. ეს მან ასე ახსნა: „თუკი წინასწარ
გამაფრთილებდნენ ან თუკი ფანჯრიდან დავინახავდი მანქანას, ავად არ
გავხდებოდი“. ამგვარ სიტუაციაში ადაპტაციის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ
სტუმულაციის მოულოდნელობა მის რეალიზაციას ართულებს. ცნობილია, რომ
მეგობრები უნდა წინასწარ შეამზადო ცუდი ამბების შეტყობინებამდე და ზოგჯერ,
ძლიერი სიხარულის შემთხვევაშიც კი. ეს შემზადება ადამიანს ძლიერი
ემოციონალური განცდებისაგან იცავს.

რეაქციები სიახლეზე, უჩვეულობასა და მოულოდნელობაზე ერთმანეთის მსგავსია.


მათი ყველაზე მარტივი ფორმა გენერალიზებულ (ზოგად) აგზნებას შეესაბამება.
ჰასტოს (1957) მიხედვით, გაოცება (ძლიერი, მოულოდნელი სტიმულაციის დროს
გაოცება-რ.მ.) პირველადი ემოციონალური რეაქციაა, რომელიც უბრალოდ,
რეტიკულარული ფორმაციის აგზნებას შეესაბამება.

აგზნება ნებისმიერი ემოციის აღმოცენების ფორმაა. „აგზნება სიტუაციაზე მარტივი


და პირველადი რეაქციაა“- სტრეტონი (1928). ამავე ავტორის მიხედვით, შემდგომში
ხდება ამ ზოგადი აგზნების დიფერენცირება (ან გადანაწილება- რ.მ.) ორ პოლუსზე-
დეპრესიისა და სულიერი შემართების პოლუსებზე. . .

2.2. ჭარბი მოტივაცია

თანაბარი სიტუაციური პირობების შემთხვევაში, ყველაფერი, რაც იწვევს ძლიერ


მოტივაციას, ანუფრო ზუსტად ჭარბ მოტივაციას, ემოციონალური რეაქციების
მიზეზად იქცევა.

ა) ჭარბი მოტივაცია მოქმედების წინ: ღელვა. იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანი


ძლიერად დაინტერესებულია რაღაც რთულ საქმეში, მოტივაცია მას ხელს უშლის
სხვა რამით დაკავებაში (ან სხვა რამეზე გადატანაში..). ის განიცდის შფოთვას ან
ღელვას, რომლებიც გამოიხატება აგზნებასა და არასასიამოვნო ვეგეტატიურ
რეაქციებში. იქმნებდა შთაბეჭდილება, რომ გამოუყენებელი ენერგია სწორედ
ემოციონალურ რეაქციებში განიმუხტება. ხშირად ღელვა სრულიად ქრება, როდესაც
ადამიანი მოქმედებას იწყებს. (მაგალითად, ასეთია გამოცდის წინარე მდგომარეობა.
ღელვა მაქსიმალურია გამოცდის დაწყებამდე და ჩვეულებრივ, თანდათან იკლებს,
როდესაც ადამიანი გამოცდაზე გადის- რ.მ.)

ბ) ჭარბი მოტივაცია მოქმედების შემდეგ


ჟანეს მოყავს ალპინისტის მაგალითი, რომელსაც ფეხი დაუცურდა და ჩავარდა
უფსკრულში. რიდესაც მან შეძლო ამოფოფხვა ზემოთ და აღარ ემუქრებოდა საფრხე,
ის უეცრად ძლიერმა კანკალმა შეიპყრო. „გული გამალებით მიცემდა,ტანი ცივი
ოფლით დამეფარა და მე განვიცადე შიში კი არა, არამედ საშინელების გრძნობა.“-
იხსენებდა ალპინისტი (ჟანეს მაგალითი, 1928). მსგავსი შემთხვევა იყო მოთხრობილი
პრესაშიც- კინომსახიობი ქალის მანქანა აყირავდა, ქალმა როგორღაც შეძლო
მანქანიდან გადმოსვლა და მხოლოდ ამის შემდეგ წაუვიდა გული.

ასეთივე მაგალითებს მიეკუთვნება მოსწავლეთა ქცევა ნიშნების საჯარო


გამოცხადების მომენტში- ზოგიერთები ტაშს უკრავენ, ყვირიან სიხარულისგან,
ხოლო ზოგიერთნი- ფითრდებიან და ტირიან. ემოციის ხასიათი შედეგის
როგორობაზეა აქ დამოკიდებული, მაგრამ მიზეზი ორივე შემთხვევაში- ერთი და
იგივეა. ...

გ) ჭარბი მოტივაცია სოციალურ ქცევაში

ის, მოქმედება, რომელსაც ადამიანი მარტივად ასრულებს მარტო მყოფი, შეიძლება


გართულდეს მისი საჯაროდ შესრულების დროს. ჟანეს მიხედვით, სოციალური ქცევა
უფრო რთული სიტუაციის გათვალისწინებას საჭიროებს და შესაბამისად, ის უფრო
რთულია. ინდივიდუალური ქცევიდან გადასვლა სოციალურ ქცევაზე გულისხმობს
ქცევის სოციალური შეფასების ობიექტად და შეჯიბრად გარდაქმნას.

ღელვა, რომელიც ამ დროს აღიძვრის, ძალიან სახასიათოა. ჩვენ არ გვიყვარს წერა,


როდესაც ვიღაც ჩვენს ნაწერს დაყურებს და შემოქმედებითი შრომის დროსაც არ
გვიყვარს შეთხზვა სხვების თანდასწრებით. ბავშვი, რომელიც წარმატებით მუშაობს
მერხთან, ღელავს და იბნევა- დაფასთან.

დ) ჭარბი მოტივაცია ფრუსტრაციისას

ფრუსტრაციას ადილი აქვს, როდესაც ფიზიკური, სოციალური ან წარმოსახული


წინააღმდეგობა ხელს უშლის ან აფერხებს ქცევას, მიმართულს მიზნის მიღწევაზე.
ფსიქოლოგია შესაბამისად, ქმნის საწყისი მოტივაციის გვერდით დაცვით
მოტივაციასაც, რომელიც მიმართლია ამ წინააღმდეგობის გადალახვაზე. წინარე და
ახალი მოტივაცია რეალიზდება ემოციონალურ რეაქციებში.

ფრუსტრაციაზე ტიპიური რეაქციებია: 1) აგრესიულობა- ყველაზე გავრცელებული


რეაქცია ფრუსტრაციაზე არის გენერალიზებული აგრესიულობა, მიმართული
ძირითადში წინაღმდეგობაზე. ადექვატური რეაქცია წინააღმდეგობაზე გულისხმობს
მის გადალახვას ან შემოვლას. აგრესია სწრაფად გადადის რისხვაში, რომელიც
ვლინდება არაადექვატური და ძლიერი რეაქციებით.... 2) უკუსვლა და განრიდება-
ზოგჯერ სუბიექტი ფრუსტრაციაზე უკუსვლა-განრიდებით რეაგირებს; მაგალითად,
გადის ოთახიდან. ამ განრიდებას თან ახლავს აგრესიულობა, რომელიც ღიად არ
გამოიხატება. . . 3) რეგრესია-ამ დროს რთული ამოცანა ჩანაცვლებულია უფრო
მარტივით....

ე)ჭარბი მოტივაცია კონფლიქტის დროს

ძნელია ზღვარის გავლება ფრუსტრაციასა და კონფლიქტს შორის, თუმცა მიიჩნევენ,


რომ კონფლიქტი მაშინ ჩნდება, როდესაც ინდივიდს ერთდროულად ორი
შეუთავსებელი ქცევისადმი ტენდენციები უჩნდება ერთდროულად. კონფლიქტი-
ემოციის ძირითადი მიზეზია. როგორც ფრუსტრაცია, ასევე კონფლიქტიც აძლიერებს
მოტივაციას. ამის ნათელი მაგალითია რეის ექსპერიმენტი (1936); ზღვის გოჭს
ასწავლიდნენ ელეტრო დარტყმის დროს ხტომას გალიის ერთი განაკვეთიდან
მეორეში. ნახტომისატის პირობითი ნიშანი (სიგნალი) იყო ბგერა, რომელიც ისმოდა
ელეტროდარტყმამდე 5 წამით ადრე. თუკი სიგნალის აჟღერების დროს გალიის
პირველ განაკვეთში დებდნენ სტაფილოს, ცხოველს უჩნდებოდა კონფლიქტი,
რომელიც იმაში გამოიხატებოდა, რომ ახტომამდე ის სწრაფად და ხარბად ჭამდა
სტაფილოს. მოტივაცია „ჭამა“ უფრო ძლიერი იყო.

მაგრამ ყველა კონფლიქტი როდი იწვევს ემოციურ რეაქციებს. კონფლიქტი მაშინ


იქცევა ემოციის წყაროდ, როდესაც სუბიექტი იოლად ვერ პოულობს გამოსავალს. ...

......

2.3. პირობითი ემოციები

ემოცია შიძლება განვიხილოთ, როგორც პირობითი კავშირების შედეგი.


ნეიტრალური სტიმული იძენს ემოციონალურ მნიშვნელობას მისი კავშირის გამო
ემოციოგენურ სიტუაციასთან. მაგალითი: ვალონს მოყავს ფერეს მიერ მოთხრობილი
ისტორია- სადილობის დროს ქალს შეატყობინეს შვილის სიკვდილის თაობაზე. მას
გული აერია და ამის შემდეგ, როდესაც კონკრეტულად ამ საჭმელს ხედავდა, ასევე
აღებინებდა.

უოთსონისა და რაინერის ექსპერიმენტები (1920)- ცდები ტარდებოდა 11 თვის


ბავშვზე. ექსპერიმენტამდე ბავშვს სულაც არ ეშინოდა თეთრი თაგვის. მაგრამ
ექსპერიმენტის მანძილზე თეთრი თაგვის ყოველ შეხებაზე ისმოდა ძლიერი ბგერა
(პირობითი რეფლექსის შემუშავება) და ბავშვს შეუმუშავდა შიშის პირობითი
რეაქცია. თავიდან ბავშვს მხოლოდ ძლიერი ბგერა აშინებდა და შემდეგ იგივე
ემოციას ავლენდა თეთრი თაგვის მიმართაც. უფრო მეტიც, პირობითი რეაქციების
კანონზომიერების შესაბამისად, ეს შიში გავრცელდა ნაზი ბეწვის მქონე სხვა
ცხოველებზე და რბილს საგნებზეც კი (ანუ თავიდან ნეიტრალურ სტიმულებზე). . . . .

2.4. ემოციების გადამდებლობა

შიში ისევე გადამდებია, როგორც სიხარული. არსებობს მაღალი კორელაცია (0.67)


დედების მიერ და მათი შვილების მიერ განცდილი შიშის რაოდენობას შორის.
ემოციებით დამუხტვა შეიძლება გავრცელდეს ადამიანების მთელ ჯგუფზეც. ასე
მაგალითად, პანიკურ რეაქციებს ადგილი აქვთ როგორც ცხოველთა სამყაროში, ასევე
ადამიანთა საზოგადოებაშიც.

ემოციათა გადამდებლობას ხსნიდნენ სიმპათია-ემპათიის ფენომენებით, თუმცა


ხშირად მსჯელობას არგუმენტაცია აკლდა. როგორც ჩანს, უნდა განვასხვავოთ
ემოციათა გადამდებლობის 2 სახე: 1)როდესაც ერთი და იგივე სიტუაცია იწვევს ჯერ
ერთ ადამიანში და შემდეგ სხვებშიც ერთნაირ ემოციონალურ რეაქციას (შიში,
რისხვა, სიხარული), 2) როდესაც ემოციას იწვევს ჩვენი გაიგივება ემოციის განმცდელ
ადამიანთან: მაგალითად ორი ადამიანის ჩხუბის ყურებისას განვიცდით რისხვას,
როდესაც ერთერთთან თავს ვაიგივეთ ანდა შეიძლება გავიცინოთ იმის გამო, რომ
ჩვენს გარშემო სხვები იცინიან.

ყველაფერი, რაც აიოლებს იდენტიფიკაციას, ზრდის ემოციების გადამდებლობას. ეს


უკანასკნელი მით უფრო ხშირია, რაც უფრო გამოკვეთილია ემოციის გამოვლინება.
მეორეს მხრივ, ყველაფერი, რაც ამცირებს სოციალურ დისტანციას ინდივიდებს
შორის, ზრდის ემოციათა გადამდებლობას. ასე ხდება სიყვარულის , როგორც
ფიზიკური სიახლოვის შემთხვევაში.

2.5. ქრონიკული ემოციები. „სტრესი“...... ეს გამოტოვებულია

III. ემოციონალური რეაქციები

3.1. ემოციონალურ რეაქციათა გენეზისი

უოთსონის მიხედვით, ადამიანი იბადება გარკვეული, თანდაყოლილი


ემოციონალური რეაქციებით და მათი შემდგომი განვითარება ხორციელდება
პირობითი კავშირების დამყარების კლასიკური კანონების შესაბამისად. უოთსონი
მიიჩნევდა, რომ არსებობს პირველადი რეაქციების 3 ტიპი: შიში, რისხვა და
სიყვარული- რომლებიც მან აღნიშნა ასოებით X, Y, Z.

შიში, რომელსაც ჩვილში აღძრავს ძლიერი ხმა (ბგერა)ან ნიადაგის (საყრდენის)


გამოცლა, ხასიათდება შეკრთომის, სუნთქვის შეკავების, ხელებისა და პირის
კანკალის რეაქციებით და მხოლოდ მოგვიანებით, ცრემლებით.

რისხვის გამომწვევი მიზეზი ჩვილ ბავშვებში მოძრაობების ხელოვნური შეზღუდვაა,


რომელიც გამოიხატება მთელი სხეულის დაძაბვით, ხელ-ფეხის ქაოტური
მოძრაობებით, პირის დაღებით და სახის კანის გალურჯებით.

სიყვარულის ემოციას ბავშვში იწვევს მისი დანანავება, შეხება ეროგენულ ზონებთან,


რასაც ბავშვი გამოხატავს ღუღუნით და მოგვიანებით, სიცილით.

შემდგომმა კვლევებმა არ დაადასტურეს უოთსონის ჰიპოთეზა; ჩვილის


ემოციონალური რეაქციები არაა ასე დიფერენცირებული.

შერმანმა (1927, 1928) კინოფირზე გადაიღო რამდენიმე დღის ჩვილების რეაქციები 4


სიტუაციაში: პატარა სიმაღლიდან ვარდნისას, ჩხვლეტისას, თავის მოძრაობის
შეზღუდვისას და შიმშილის დროს. შემდეგ ეს ფილმი აჩვენეს ცდისპირებს- ძიძებს,
ექიმებს და სტუდენტებს- ასევე, 4 განსხვავებულ პირობებში: 1) ფილმი სრულად იყო
დემონსტრირებული- ნაჩვენები იყო სიტუაციაც (ის, თუ რამ გამოიწვია
კონკრეტულად ემოცია) და რეაქციაც, 2)ფილმით ხდებოდა მხოლოდ ემოციონალური
რეაქციების დემონსტრირება (მისი გამომწვევი სიტუაციის გარეშე), 3) ფილმში
ემოციური რეაქციები ნაჩვენები იყო არაადექვატური, არაშესაბამისი სიტუაციების
ფონზე, 4)არ გამოიყენებოდა კინოფირი და ცდისპირების თვალწინ ხდებოდა
ბავშვების სტიმულირება. ცდისპირებს ევალებოდათ ბავშვის ემოციის დასახელება.
პირველი პირობის დროს (როდესაც ცნობილი იყო სიტუაცია) ყველა ცდისპირმა
ერთხმად სწორად დაასახელა ემოცია. ასევე, მე2 და მე-4 პირობების დროსაც
ცდისპირთა პასუხები ერთმანეთს ჰგავდა; კერძოდ, ბავშვის ემოციად ცდისპირები
ასახელებდნენ რისხვას. საკვანძო აღმოჩნდა მე-3 პირობა:- ცდისპირები ემოციას იმ
სიტუაციის (არაადექვატური, შეუსაბამო სიტუაციის!) შესაბამისად ასახელებდნენ,
რომლის ჩვენებაც თან ახლდა იგი. მაგალითად, თუკი ბავშვის თავის მოძრაობის
შეზღუდვაზე ემოციურ რეაქციას წინ უსწრებდა ვარდნის სიტუაციის ჩვენება,
მაყურებლები- ემოციონალურ რეაქციას შიშს უწოდებდნენ.

ყველა ფსიქოლოგი თანხმდება იმაში, რომ ჩვილის პირველადი ემოციონალური


რეაქციები არადიფერენცირებულია (არადანაწევრებულია და ზოგადი). ეს დასკვნა
ჯერ კიდევ შერმანმა ჩამოაყალიბა. . . . მშიერია ბავშვი, დასველდა თუ შეზღუდული
აქვს მოძრაობა- ყველა ეს მდგომარეობა ზოგად დიფუზურ აგზნებას იწვევს, რაც
გამოიხატება მოძრაობების ზოგად გააქტიურებაში.

ბრიჯესმა (1930) განიხილა ემოციების გენეტიკური განვითარების პროცესი, როგორც


მათი თანდათანობითი დიფერენციაცია. ემოციის პირველადი ფორმაა დიფუზური
აგზნება, რომელიც 3 თვის ბავშვთან უკვე დიფერენცირდება სიამოვნებისა და
უსიამოვნების განცდების სახით.

....

3-დან 6 თვემდე ბავშვში ჩნდება რისხვის, შიშის და ზიზღის ემოციები. ამ დროს


სიამოვნების გაცდას თან ერთვის სიცილი. 12-18 თვის პერიოდში ჩნდება ეჭვიანობის
განცდა. 2-დან 5 წლამდე- შური, სირცხვილი და შფოთვა. (ბრიჯესი, 1930; მალრო,
1952, 1960).

.................................................................................

IV. ემოციონალობა

4.1. ემოციონალობა, როგორც პიროვნული ნიშანი

ემოციონალობა ეწოდება მგრძნობელობას ემოციოგენური სიტუაციების მიმართ.


ემოციონალობაზე ლაპარაკისას გულისხმობენ ადამიანებს, რომლებსაც ახასიათებთ
შედარებით ძლერი და ინტენსიური ემოციონალური რეაქციები.

ადამიანის პიროვნულ ნიშანთა გვერდით ყოველთვის მიუთითებდნენ


ემოციონალობაზე, როგორც პიროვნულ ნიშანზე. ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ გამოყო 4
ძირითადი ტემპერამენტიდან ქოლერიკული (ან ემოციონალური) ტემპერამენტი.
რიბო (1895) განასხვავებდა სენსიტიურ (ან ემოციონალურ- რ.მ.) აქტიურ და აპათიურ
ტიპებს.

......

4.2. ემოციონალობის კომპონენტები

ფრიმენმა და კაცოვმა (1942) მიიღეს ემოციონალობის 30 მახასიათებელი ან ნიშანი


ცდისპირებზე დაკვირვების შედეგად სხვადასხვა ტრავმირებად სიტუაციაში. აქედან
10 ნიშანი - ფიზიოლოგიური აქტივობის შესაბამისია (მაგ.კანის გალვანური
რეფლექსის გაინტენსიურება), 11- კუნთური აქტივობის გაზომვასთანაა
დაკავშირებული (ცდისპირს ათავსებდნენ პნევმატურ ლეიბზე, რაც ზუსტად
ახდენდა მისი მოძრაობების რეგისტრაციას), და 9 ნიშანი- ვერბალურ შეფასებებს
უკავშირდება, რომლებიც მიიღებოდა შესაბამისი კითხვარების გამოყენებით
(ნევროტიზმი, შფოთვა, თვითკონტროლი, ვისცერალური დარღვევები).

ფაქტორული ანალიზის საფუძველზე ფრიმენმა და კაცოვმა გამოყვეს 3 ფაქტორი-


ემოციონალური კონტროლი (სიმშვიდის მდგომარეობაში დაბრუნების უნარი და
ცდის მანძილზე მოძრაობების უმნიშვნელო გაზრდა), აგზნებადობა (arousal)
(ფიზიოლოგიური ცვლილებების ინტენსოვობა ცდის მანძილზე) და ემოციონალობის
თვითშეფასება (რეგისტრირებული კითხვარზე პასუხების საშუალებით).

კეტელმა (1956) გამოყო ე.წ. ფაქტორი C და ერთმანეთს დაუპირისპირა ადამიანების


C+ და C- ტიპები: ადამიანი C+ ფაქტორით არის აფექტურად მდგრადი, არ ავლენს
ნევროტულ სიმპტომებს, არ ახასიათებს იპოქონდრიული ნიშნები, მდგრადია,
ფლობს თავს, მშვიდია და მომთმენი. ხოლო ადამიანი C- დაუკმაყოფილებელი და
ემოციონალურია, ავლენს მრავარიცხოვან ნევროტულ სიმპტომებს, იპოქონდრიული
და ჯანმრთელობას ხშირად უჩვის, არამდგრადია, ადვილად აგზნებადია და
მოუთმენელი.

...............................................

3.5. ემოციონალური სიმწიფე

სხვა თანაბარი პირობების შემთხვევაში, ბავშვი მოზრდილზე უფრო


ემოციონალურია. ბავშვის ემოციები ასაკთან ერთად დიფერენცირდება და ხდება
მრავალფეროვანი. ბავშვი ხდება უფრო მგრძნობიარე ახალი სიტუაციებიუსადმი,
უჩნდება ახალი მოტივები, მცირდებაემოციათა აბსოლუტური სიხშირე. ეს არცაა
გასაკვირი, რადგანაც სიმწიფე პირველ რიგში, თვითკონტროლის განვითარებას და
სიტუაციებისადმი შესაბამისი რეაქციების ათვისებას უკავშირდება. ბავშვი უმწეოა
ასე მრავალფეროვანი სამყაროსა და რთული სოციალური სიტუაციების წინაშე.
მოზრდილი კი წინასწარ განჭვრეტს შესაძლო სიტუაციებს, შეუძლია საკუთარი
რეაქციების ადაპტირება ამ სიტუაციებისადმი. მაშინაც კი, როდესაც მოზრდილს
ემოცია ეუფლება, შეუძლია მისი მართვა და გამომხატველი მოძრაობების შეკავება.

You might also like